თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენს საქმეებზე
თქვენი ყოველი საქმე და ქმედება ცხოვრებაში აჩვენებს, რომ ყოველდღიურად უნდა შეივსოთ ჩემი სიტყვების პასაჟით, რათა აღიდგინოთ თავი, რადგან ბევრი რამ გაკლიათ და თქვენი ცოდნა და შემეცნების უნარი მეტად მწირია. თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმგვარ ატმოსფეროსა და გარემოში არსებობთ, სადაც არ არის ჭეშმარიტება ან საღი აზრი. თქვენ გაკლიათ გადარჩენის კაპიტალი და არ გაქვთ საფუძველი იმისა, რომ შემიცნოთ მე ან ჭეშმარიტება. თქვენი რწმენა სხვა არაფერზეა დაფუძნებული, თუ არა ბუნდოვან და აბსტრაქტულ რწმენაზე ან მეტისმეტად დოგმატურ ცოდნასა და რელიგიურ რიტუალებზე. ყოველდღე ვაკვირდები თქვენს ნაბიჯებს, ვიკვლევ თქვენს განზრახვებსა და თქვენი ბოროტების ნაყოფს; ჯერ არასოდეს მიპოვია ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად მიიტანდა თავის გულსა და სულს ჩემს მუდმივად ურყევ საკურთხეველთან. ამიტომაც, არ მსურს, დრო ვხარჯო ყველა იმ სიტყვის გადმოღვრაზე, რომლის თქმაც მინდა ასეთი კაცობრიობისთვის; ჩემს გულში მხოლოდ ის გეგმებია, რომლებიც ეხება ჩემს დაუსრულებელ საქმეს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა ვიხსნა. მიუხედავად ამისა, მსურს, რომ ყველამ, ვინც ჩემი მიმდევარია, მიიღოს ჩემი ხსნა და ის ჭეშმარიტება, რომლებსაც ჩემი სიტყვები გადასცემს ადამიანს. იმედი მაქვს, ერთ დღეს, როცა თვალებს დახუჭავ, დაინახავ რეალობას, სადაც ჰაერი ივსება სურნელით და მიედინება სიცოცხლით სავსე წყლის ნაკადები — და არა პირქუშ, ცივ სამყაროს, სადაც ბნელი ღრუბლები ფარავს ცას და ყმუილის ხმა არასოდეს წყდება.
ყოველდღიურად, თითოეული ადამიანის საქმეებსა და ფიქრებს ხედავს ერთადერთის თვალები და, ამდროულად, ეს ყოველივე წარმოადგენს მზადებას ხვალინდელი დღისთვის. ეს არის გზა, რომელიც ყველა ცოცხალმა უნდა გაიაროს; ეს არის გზა, რომელიც მე წინასწარ განვსაზღვრე ყველასთვის და ვერავინ გაექცევა ან გათავისუფლდება მისგან. შეუძლებელია ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვების დათვლა და, მით უმეტეს, ჩემ მიერ განხორციელებული საქმის გაზომვა. ყოველდღე ვაკვირდები, როგორ აკეთებს თითოეული ადამიანი ბუნებრივად ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოს თავისი შინაგანი არსისა და ამ არსის განვითარების შესაბამისად. თავისდა გაუცნობიერებლად, ბევრმა უკვე დადგა ფეხი იმ „სწორ გზაზე“, რომელიც მე დავაგე ადამიანთა სხვადასხვა ტიპის გამოსავლენად. სხვადასხვა ტიპის ეს ადამიანები მე დიდი ხნის წინ განვათავსე სხვადასხვა გარემოში და თითოეულმა თავის ადგილზე გამოავლინა საკუთარი თანდაყოლილი თვისებები. არავინაა, ვინც მათ შეზღუდავს, არავინაა, ვინც მათ აცდუნებს. ისინი სრულიად თავისუფალნი არიან და რასაც ავლენენ, ბუნებრივად ხდება. მხოლოდ ერთი რამე აკავებს მათ: ჩემი სიტყვები. ამგვარად, ზოგიერთი ადამიანი ჩემს სიტყვებს უხალისოდ კითხულობს და არასოდეს ასრულებს მათ; ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ როგორმე თავი გაიტანონ და შედეგად სიკვდილი აიცილონ. სხვებს კი, პირიქით, უჭირთ დღეების გატანა ჩემი სიტყვების გარეშე, რომლებიც წარმართავენ და ასაზრდოებენ მათ; ამიტომ მათ ბუნებრივად მუდამ თან დაყვებათ ჩემი სიტყვები. დროთა განმავლობაში ისინი აღმოაჩენენ ადამიანის სიცოცხლის საიდუმლოს, კაცობრიობის დანიშნულებას და ადამიანად ყოფნის ღირებულებას. სწორედ ასეთია კაცობრიობა ჩემი სიტყვების წინაშე და მე უბრალოდ ვიძლევი საშუალებას, მოვლენები თავისი გზით განვითარდეს. მე არ ვახორციელებ ისეთ საქმეს, რომელიც აიძულებს ადამიანებს, ჩემი სიტყვები თავიანთი არსებობის საფუძვლად აქციონ. ამიტომ ისინი, ვისაც არასოდეს ჰქონიათ სინდისი და ვის არსებობასაც არასოდეს ჰქონია ფასი, თამამად უკუაგდებენ ჩემს სიტყვებს და აკეთებენ იმას, რაც სურთ, მას შემდეგ, რაც ჩუმად დააკვირდებიან მოვლენების მიმდინარეობას. ისინი იწყებენ სიძულვილს ჭეშმარიტებისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც ჩემგან მოდის. მეტიც, მათ სძაგთ ჩემს სახლში ყოფნა. საკუთარი დანიშნულების ადგილის გულისთვის და სასჯელისგან თავის ასარიდებლად, ეს ადამიანები გარკვეული დროით რჩებიან ჩემს სახლში, მაშინაც კი, თუ შრომობენ. თუმცა, მათი განზრახვები და ქმედებები არასოდეს იცვლება. ეს ზრდის მათ სურვილს, მიიღონ კურთხევა და ზრდის მათ სურვილს, შევიდნენ სასუფეველში ერთხელ და სამუდამოდ დარჩნენ იქ — შევიდნენ მარადიულ სამოთხეშიც კი. რაც უფრო მეტად ნატრობენ ჩემი დღის მალე მოსვლას, მით მეტად გრძნობენ, რომ ჭეშმარიტება გახდა დაბრკოლება, შემაფერხებელი ლოდი მათ გზაზე. ისინი მოუთმენლად ელიან სასუფეველში ფეხის შედგმას, რათა მარადიულად დატკბნენ სასუფევლის კურთხევებით; და თან ყოველივე ეს მიიღონ ჭეშმარიტების ძიების, განკითხვისა და სასჯელის მიღების გარეშე; და, რაც მთავარია, ჩემს სახლში ქედის მოხრის საჭიროებისა და ჩემი ბრძანებების შესრულების გარეშე. ეს ადამიანები ჩემს სახლში არ შემოდიან, რომ ჭეშმარიტების ძიების სურვილი დაიკმაყოფილონ ან ჩემს მმართველობასთან ითანამშრომლონ; მათი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მათ შორის იყვნენ, ვინც არ განადგურდება მომავალ ეპოქაში. ამიტომ მათმა გულებმა არასოდეს იცოდა, რა არის ჭეშმარიტება ან როგორ მიიღონ იგი. ეს არის მიზეზი, რის გამოც ასეთ ადამიანებს პრაქტიკაში არასოდეს განუხორციელებიათ ჭეშმარიტება და არ შეუცნიათ საკუთარი გახრწნილობის სიღრმე, თუმცა მაინც ბინადრობდნენ ჩემს სახლში „მსახურებად“. ისინი „მოთმინებით“ ელიან ჩემი დღის დადგომას და არიან დაუღალავნი, მაშინ როდესაც ჩემი საქმის სტილი მათ აქეთ-იქით მიმოაგდებს. .. მაგრამ რაც არ უნდა დიდი იყოს მათი ძალისხმევა ან ფასი, რომელსაც იხდიან, არავის უნახავს, რომ ისინი ჭეშმარიტებისთვის იტანჯებოდნენ ან ჩემთვის რამეს სწირავდნენ. მათ გულში ერთი სული აქვთ, როდის დადგება დღე, როცა ბოლოს მოვუღებ ძველ ეპოქას და, მეტიც, მოუთმენლად ელიან, რომ გაიგონ, რამდენად დიდია ჩემი ძალა და ხელმწიფება. ის, რაც არასოდეს დაუჩქარებიათ, საკუთარი თავის შეცვლა და ჭეშმარიტების ძიებაა. მათ უყვართ ის, რაც მე მეზიზღება და ეზიზღებათ ის, რაც მე მიყვარს. ნატრობენ იმას, რაც მე მძულს, მაგრამ ეშინიათ იმის დაკარგვის, რაც მე მძაგს. ისინი ცხოვრობენ ამ ბოროტ სამყაროში და არასოდეს სძულთ ის, თუმცა მაინც ძალიან ეშინიათ, რომ მე მას გავანადგურებ. თავიანთი ურთიერთსაწინააღმდეგო განზრახვების ფონზე, მათ უყვართ ეს სამყარო, რომელიც მე მძულს, მაგრამ ასევე სურთ, რომ მე ის სწრაფად გავანადგურო, რათა თავი დააღწიონ განადგურებით გამოწვეულ ტანჯვას და იქცნენ მომავალი ეპოქის ბატონებად მანამ, სანამ ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ უყვართ ჭეშმარიტება და ეზიზღებათ ყოველივე, რაც ჩემგან მოდის. შესაძლოა, მოკლე დროით გახდნენ „მორჩილი ადამიანები“ მხოლოდ იმისათვის, რომ კურთხევა არ დაკარგონ, მაგრამ კურთხევის მიღების მათი დაუოკებელი სურვილი და დაღუპვის და მწველი ცეცხლის ტბაში ჩავარდნის შიში ვერასოდეს დაიმალება. რაც უფრო ახლოვდება ჩემი დღე, მით მეტად ძლიერდება მათი სურვილი, და რაც უფრო დიდია უბედურება, მით უფრო უმწეონი ხდებიან, არ იციან რა, საიდან დაიწყონ ჩემი გახარება და არ დაკარგონ კურთხევა, რომელიც ასე დიდი ხანია სწადიათ. ასეთ ადამიანებს ერთი სული აქვთ, გადავიდნენ მოქმედებაზე და იყვნენ ავანგარდში, როგორც კი ჩემი ხელი თავის საქმეს შეუდგება. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ აღმოჩნდნენ ჯარის წინა ხაზზე, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ ვერ დავინახავ. ისინი აკეთებენ და ამბობენ იმას, რაც სწორი ჰგონიათ და არასოდეს იციან, რომ მათი საქმეები და ქმედებები არასოდეს ყოფილა კავშირში ჭეშმარიტებასთან; და რომ მათი საქმეები მხოლოდ ძირს უთხრის და აფერხებს ჩემს გეგმას. შესაძლოა, მათ დიდი ძალისხმევა გაიღეს და გულწრფელია მათი გადაწყვეტილება და განზრახვა, რომ გაუძლონ გაჭირვებას, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, არაფერს აქვს კავშირი ჩემთან; რადგან არასოდეს მინახავს, რომ მათი საქმეები კეთილი განზრახვებიდან მომდინარეობდეს, მით უმეტეს, არასოდეს მინახავს ჩემს საკურთხეველზე დაედოთ რამე. ასეთია ის ქმედებები, რომლებსაც ისინი ჩემ წინაშე აკეთებდნენ ამ მრავალი წლის განმავლობაში.
თავდაპირველად მსურდა, თქვენთვის მეტი ჭეშმარიტება მომეწოდებინა, მაგრამ მომიწია ამისგან თავის შეკავება, რადგან თქვენი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ მეტად ცივი და გულგრილია; მე არ მსურს, რომ ჩემი გულის სისხლი ამაოდ დაიხარჯოს და არც იმის ხილვა მსურს, თუ როგორ ინახავენ ადამიანები ჩემს სიტყვებს, ამავდროულად, ყოველ მხრივ იმას აკეთებენ, რაც მე მეწინააღმდეგება, მგმობს და შეურაცხმყოფს. თქვენი დამოკიდებულებისა და ადამიანებისთვის დამახასიათებელი ადამიანობის გამო, მე მხოლოდ ჩემი სიტყვების მცირე, თუმცა თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან ნაწილს გაწვდით, რაც კაცობრიობაში ჩემი საცდელი საქმის როლს ასრულებს. მხოლოდ ახლა დავრწმუნდი ნამდვილად, რომ ჩემი გადაწყვეტილებები და გეგმა შეესაბამება თქვენს საჭიროებებს და, მეტიც, სწორია ჩემი დამოკიდებულება კაცობრიობის მიმართ. ჩემ წინაშე თქვენმა მრავალწლიანმა ქცევამ მომცა პასუხი, რომელიც აქამდე არასოდეს მიმიღია, ხოლო ამ პასუხისთვის დასმული კითხვა არის: „როგორია ადამიანის დამოკიდებულება ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ?“ გულის სისხლი, რომელიც ადამიანისთვის დავღვარე, ადასტურებს ადამიანისადმი სიყვარულის ჩემს არსს და ადამიანის ყოველი ქმედება ჩემ წინაშე ამტკიცებს მის არსს — ჭეშმარიტების სიძულვილსა და ჩემდამი წინააღმდეგობას. მე მუდამ ვზრუნავ მათზე, ვინც მე გამომყვა, თუმცა ჩემს მიმდევრებს არასოდეს ძალუძთ ჩემი სიტყვების მიღება; მათ ჩემი რჩევების მიღებაც კი არ შეუძლიათ. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მასევდიანებს. ვერავინ შეძლო ჩემი გაგება და, მეტიც, ვერავინ შეძლო ჩემი მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამოკიდებულება გულწრფელია, ჩემი სიტყვები კი სათნო. ყველა ცდილობს, ჩემ მიერ მათზე დაკისრებული საქმე საკუთარი შეხედულებებისამებრ შეასრულოს; ისინი არ უღრმავდებიან ჩემს განზრახვებს, მით უმეტეს, არ კითხულობენ, რას ვითხოვ მათგან. ისინი კვლავაც აცხადებენ, რომ ერთგულად მემსახურებიან, თუმცა, ამავდროულად, ჩემ წინააღმდეგ ამბოხდებიან. ბევრს სჯერა, რომ ის ჭეშმარიტებები, რომლებიც მათთვის მიუღებელია ან რომელთა შესრულებაც არ შეუძლიათ, სინამდვილეში არ არის ჭეშმარიტება. ასეთ ადამიანებში ხდება ჩემი ჭეშმარიტების უარყოფა და უკუგდება. ამავე დროს, ხალხი სიტყვით მაღიარებს ღმერთად, თუმცა მიმიჩნევენ უცხოდ, რომელიც არ არის ჭეშმარიტება, გზა თუ სიცოცხლე. არავინ იცის ეს ჭეშმარიტება: ჩემი სიტყვები სამუდამოდ უცვლელი ჭეშმარიტებაა; მე ვარ ადამიანისთვის სიცოცხლის მიმცემი და კაცობრიობის ერთადერთი წინამძღოლი; ჩემი სიტყვების ფასი და მნიშვნელობა იმით კი არ განისაზღვრება, აღიარებს და იღებს თუ არა მათ კაცობრიობა, არამედ თავად ამ სიტყვების არსით; და თუნდაც, ამ დედამიწაზე არცერთი ადამიანი არ იღებდეს ჩემს სიტყვებს, ჩემი სიტყვების ფასისა და კაცობრიობისთვის გაწეული დახმარების შეფასება შეუძლებელია ადამიანის მიერ. ამიტომ, როდესაც ვხედავ უამრავ ადამიანს, რომლებიც ჯანყდებიან, უარყოფენ ან აგდებით ექცევიან ჩემს სიტყვებს, ჩემი დამოკიდებულება მხოლოდ ასეთია: დაე, დრო და ფაქტები იყვნენ ჩემი მოწმენი და დაამტკიცონ, რომ ჩემი სიტყვები არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე. დაე, მათ დაამტკიცონ, რომ ყველაფერი, რაც ვთქვი, მართალია; რომ ეს არის ის, რასაც ადამიანი უნდა ფლობდეს და, მით უმეტეს, ის, რაც ადამიანმა უნდა აღიაროს. მე ყველა ჩემს მიმდევარს გავაგებინებ ამ ფაქტს: ისინი, ვისაც არ შეუძლიათ, სრულად მიიღონ ჩემი სიტყვები, ვინც პრაქტიკაში ვერ ახორციელებენ მათ, ვინც ვერ პოულობენ მიზანს ჩემს სიტყვებში და ვინც ჩემი სიტყვების გზით ვერ იღებენ ხსნის მადლს, ჩემივე სიტყვებით მსჯავრდებულნი არიან; მეტიც, ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ჩემი ხსნის მადლი და ჩემი კვერთხი მათ არასოდეს განეშორება.
16 აპრილი, 2003 წ.