ღმერთი არის ადამიანის სიცოცხლის სათავე

იმ წუთიდან, როდესაც ტირილით მოევლინები ამ ქვეყანას, იწყებ შენი ვალდებულების აღსრულებას. ღვთის განგებულებისა და მისი დადგინების აღსასრულებლად, შენ აღასრულებ შენს მოვალეობას და იწყებ შენი ცხოვრებისეულ სვლას. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს შენი წარმომავლობა და როგორი გზაც არ უნდა გელოდეს წინ, ვერავინ გაექცევა ზეცის წარმართვასა და განგებას, ვერავინ განაგებს საკუთარ ბედს, რადგან მხოლოდ მას, ვინც ყოველივეზე მეუფებს, ძალუძს ასეთი საქმის შესრულება. დასაბამიდანვე, როცა ადამიანი შეიქმნა, ღმერთი ამგვარად აღასრულებს თავის საქმეს — მართავს სამყაროს, ადგენს ცვლილებათა კანონზომიერებას ყოველ არსებაში და მათი სვლის მიმართულებას. როგორც ყოველი ქმნილება, ადამიანიც ჩუმად და გაუცნობიერებლად ეზიარება ღვთის სიტკბოს, წვიმას და ნამს; ვითარცა ყოველი ქმნილება, იგი გაუცნობიერებლად მკვიდრობს ღვთის განგებულების ქვეშ. ადამიანის გული და სული ღვთის ხელთ არის და მისი სიცოცხლის ყოველი მხარე ღვთის თვალთახედვის არეშია. მიუხედავად იმისა, გწამს თუ არა ყოველივე ეს, ყოველივე — სულიერი თუ უსულო — ღვთის ჩანაფიქრის მიხედვით იცვლის სახეს, გარდაიქმნება, განახლდება და გაუჩინარდება. სწორედ ამგვარად მეუფებს ღმერთი ყოველივეზე.

ადამიანი ვერ აცნობიერებს ღამის მდუმარედ მოახლოებას, რადგან მისი გული ვერ ხვდება, როგორ და საიდან მოდის იგი. როდესაც ღამე უხმოდ იხევს უკან, ადამიანი ესალმება დღის სინათლეს, თუმცა უფრო ნაკლები იცის და აცნობიერებს, საიდან მოვიდა ნათელი და როგორ განიდევნა ბნელი. დღისა და ღამის ეს განუწყვეტელი მონაცვლეობა ადამიანს ერთი პერიოდიდან მეორეში, ერთი ისტორიული კონტექსტიდან მომდევნოში გადაიყვანს, ამასთანავე, იგი უზრუნველყოფს, რომ ყოველ ჟამს აღსრულდეს ღვთის საქმე და ყოველ ეპოქაში — მისი გეგმა. ადამიანმა განვლო სხვადასხვა პერიოდი ღვთის კვალდაკვალ, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ ღმერთი ფლობს ხელმწიფებას ყოველი ქმნილების და არსების ბედზე და იგი განაგებს და წარმართავს ყოველივეს. ეს გაურკვეველი დარჩა თანამედროვე ადამიანისთვის და უცნობი იყო კაცთათვის საუკუნეების მანძილზე. მიზეზი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ღვთის საქმენი დაფარულია ან ღვთის გეგმა ჯერ კიდევ არ აღსრულებულა, არამედ იმაში, რომ ადამიანის გული და სული ღვთისგან შორსაა, იმდენად, რომ ღვთის კვალდაკვალ სვლისასაც კი კაცი, კვლავ სატანის მსახურებაში რჩება — ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებს. არავინ ეძიებს აქტიურად ღვთის ნაბიჯებს და გამოჩინებას და არ ავლენს ღვთის მზრუნველობის და დაცვის ქვეშ არსებობის სურვილს, არამედ სურთ, შეიწყნარონ სატანის, ბოროტი ეშმაკის გახრწნა, მოერგონ სამყაროს და არსებობის წესებს, რომელსაც ბოროტი კაცობრიობა მიჰყვება. ამ დროს ადამიანის გული და სული სატანისათვის მისართმევი ხარკი და მისი საზრდო ხდება. მეტიც, ადამიანის გული და სული სატანის სავანე და ნამდვილი საასპარეზო ხდება. ამ გზით, ადამიანი შეუცნობლად კარგავს საკუთარი თავის მართვის და ადამიანური ყოფის მნიშვნელობის და ღირებულების აღქმას. ღვთის რჯული და აღთქმა ღმერთსა და ადამიანს შორის ნელ-ნელა ფერმკრთალდება ადამიანის გულში და იგი აღარ ეძებს ღმერთს და აღარც აქცევს მას ყურადღებას. დროის სვლასთან ერთად, ადამიანი ვეღარ აღიქვამს ღვთის მიერ მისი შექმნის მნიშვნელობას და აღარ ესმის სიტყვა, რომელიც ღვთის პირიდან ამოდის ან ყოველივე ის, რაც ღვთისგან მომდინარეობს. ამის შემდეგ, ადამიანი იწყებს ბრძოლას ღვთის კანონებისა და დადგენილებების წინააღმდეგ, მისი გული და სული კი უგრძნობი ხდება... ღმერთი კარგავს ადამიანს, რომელიც თავდაპირველად შექმნა, ხოლო ადამიანი — საწყის ფესვს: ეს კი კაცობრიობის ტრაგედიაა. სინამდვილეში, დასაწყისიდან დღემდე, ღმერთმა შექმნა ტრაგედია კაცობრიობისთვის, სადაც ადამიანი ერთდროულად მთავარი გმირიცაა და მსხვერპლიც. და არავინ უწყის ვინ არის ამ ტრაგედიის რეჟისორი.

მსოფლიოს უსასრულო სივრცეში ოკეანეები მიწად, მიწა კი ოკეანედ იქცევა და ასე გრძელდება დაუსრულებლად. გარდა იმისა, ვისაც ხელმწიფება უპყრია ყოველსა არსსა ზედა, არავის ძალუძს ამ კაცობრიობის წინამძღოლობა და მისი წარმართვა. ადამიანთა შორის არ არსებობს „ძლიერი“, რომელსაც ძალუძს კაცობრიობისთვის გარჯა და მისი მომზადება; და მითუმეტეს, არავინაა ისეთი, რომელსაც ძალუძს გაუძღვეს კაცობრიობას სინათლის მიმართულებით საბოლოო სამყოფელისკენ და იხსნას იგი ამა სოფლის უსამართლობის მარწუხებისგან. ღმერთი დარდობს კაცობრიობის მომავალზე, მწუხარებს მის დაცემაზე, მის ნაბიჯ-ნაბიჯ მსვლელობას გახრწნისკენ, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. არავის უფიქრია: საით მიემართება კაცობრიობა, რომელმაც ასე სასტიკად ატკინა გული ღმერთს, ზურგი შეაქცია მას და იწყო ბოროტის ძიება? სწორედ ამიტომ, არავინ ცდილობს, შეიგრძნოს ღვთის რისხვა და არ ეძიებს მის მოსაწონ და მასთან დაახლოების გზას, და უფრო მეტიც, არავინ ცდილობს გაიზიაროს ღვთის მწუხარება და ტკივილი. ღვთის ხმის გაგონების მიუხედავად, ადამიანი კვლავ აგრძელებს არჩეულ გზას, ზურგს აქცევს ღმერთს, თავიდან იცილებს მის მადლსა და მზრუნველობას, განეშორება ჭეშმარიტებას ურჩევნიათ, საკუთარი თავი ღვთის მტერს-სატანას მიჰყიდონ. ვინმეს უფიქრია, თუ ადამიანი კვლავ განაგრძობს ურჩობას, როგორ მოეპყრობა ღმერთი კაცობრიობას, რომელიც სრულიად უგულებელყოფს მას? არავინ უწყის, რომ ღვთის მრავალგზისი შეგონების და მოწოდების მიზეზი ისაა, რომ მან საკუთარი ხელით მოამზადა კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული კატასტროფები, რომლის გაძლებაც ადამიანის სულსა და ხორცს არ ძალუძს, მისი მიზანი არ იქნება მხოლოდ ხორცის, არამედ სულის დასჯა. უნდა იცოდეთ: როგორ რისხვას მოუვლებს ღმერთი, როდესაც მისი გეგმა ვერ შესრულდება და მისი შეხსენებები და შეგონებები ნაყოფს ვერ გამოიღებს? ეს იქნება ისეთი რამ, რაც არასდროს განუცდია ან შეუტყვია არცერთ ქმნილებას. ამიტომაც ვამბობ: ეს კატასტროფები უპრეცედენტოა და ისინი აღარასოდეს განმეორდება. რადგან ღმერთის გეგმაა მხოლოდ ერთხელ შექმნას და ერთხელ იხსნას კაცობრიობა. ეს არის პირველი შემთხვევა და უკანასკნელიც. ამიტომ, არავის ძალუძს დააფასოს საგულდაგულო განზრახვები და მხურვალე მოლოდინი, რომლითაც ღმერთი ამჯერად იხსნის კაცობრიობას.

ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და შემოიყვანა ადამიანი — ცოცხალი არსება, რომელსაც თავადვე უბოძა სიცოცხლე. თავის მხრივ, ადამიანს გაუჩნდა მშობლები და ნათესავები და აღარ ყოფილა მარტო. მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად იხილა მატერიალური სამყარო, მას განეწესა არსებობა ღვთის განგებულების ფარგლებში. სწორედ ღვთისგან მომდინარე სიცოცხლის სუნთქვაა ის ძალა, რომელიც განამტკიცებს ყოველ ცოცხალ არსებას მისი ზრდისა და ზრდასრულობის მთელ გზაზე. ამ პროცესში ვერავინ გრძნობს, რომ ადამიანი ღვთის მზრუნველობის ქვეშ არსებობს და იზრდება; პირიქით, ისინი თვლიან, რომ ადამიანი, მხოლოდ მშობლების აღზრდის მადლით იზრდება და რომ სწორედ მისივე სიცოცხლის ინსტინქტი წარმართავს მის ზრდას. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა არ უწყის, ვინ უბოძა სიცოცხლე, საიდან იღებს იგი სათავეს და უფრო ნაკლები ესმის, როგორ ქმნის სიცოცხლის ინსტინქტი სასწაულებს. მან მხოლოდ ის იცის, რომ საკვებია მისი სიცოცხლის შემანარჩუნებელი, რომ სწორედ ეს სიმტკიცეა მისი სიცოცხლის არსებობის სათავე და რომ მის გონებაში არსებული რწმენა — კაპიტალი, რომელზედაც დამოკიდებულია მისი გადარჩენა. ადამიანი სრულიად უგრძნობია ღვთის მადლისა და უზრუნველყოფის მიმართ და ასე ფლანგავს ღმერთის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს... არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღედაღამ ღვთის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდეს და მისი თაყვანისცემის სურვილს იჩენდეს. ღმერთი უბრალოდ ასრულებს საქმეს ადამიანზე, რომლის მიმართაც არავითარი მოლოდინი არ არსებობს, ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. იგი იქმს იმედით, რომ ერთ დღესაც ადამიანი გამოიღვიძებს და უცებ გაიაზრებს სიცოცხლის მნიშვნელობას და ღირებულებას, ყოველივეს ფასს, რაც ღმერთმა უბოძა და ძლიერ სურვილს, რომ ღმერთი მთელი გულით ელის მისკენ ადამიანის შემობრუნებას. არავინ ჩაღრმავებია ადამიანის სიცოცხლის წარმოშობისა და მიმდინარეობის საიდუმლოებებს. მხოლოდ ღმერთი, რომელმაც უწყის ეს ყველაფერი, უხმოდ უძლებს ადამიანის მიერ მიყენებულ ტკივილსა და დარტყმებს, რომელმაც მადლიერების გარეშე მიიღო ყველაფერი, რაც ღმერთმა უბოძა. ადამიანი ყოველივე იმით ტკბება, რაც ცხოვრებას მოაქვს, თითქოს ეს თავისთავად ცხადი იყოს; და ასევე, „თავისთავად იგულისხმება“ ისიც, რომ ადამიანი ღმერთს ღალატობს, ივიწყებს მას და მისგან სასურველის გამოძალვას ცდილობს. შეიძლება კი, მართლაც დიდი მნიშვნელობის იყოს ღვთის გეგმა? შესაძლებელია კი, რომ ადამიანი, ეს ცოცხალი არსება, რომელიც ღვთის ხელით მოევლინა ქვეყანას, მართლაც ასეთი მნიშვნელობის იყოს? ღვთის გეგმა კი უდავოდ დიდი მნიშვნელობისაა. თუმცა ეს ცოცხალი არსება, რომელიც მისი ხელიდან იშვა, ღვთის გეგმის აღსასრულებლად არსებობს. ამიტომ ღმერთს არ შეუძლია საკუთარი გეგმის განადგურება კაცობრიობის მიმართ სიძულვილის გამო. საკუთარი გეგმისა და იმ სუნთქვისთვის, რომელიც მან გაიღო, ღმერთი ითმენს ყოველგვარ სატანჯველს, არა ადამიანის ხორცისთვის, არამედ ადამიანის სიცოცხლისთვის. იგი ამას აკეთებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს არა ადამიანის ხორცი, არამედ ის სიცოცხლე, რომელიც თავადვე შთაბერა მას. ეს არის მისი გეგმა.

ყველას, ვინც ამ სამყაროს მოევლინა, მოუწევს გაიაროს სიცოცხლისა და სიკვდილის გზა, ხოლო უმრავლესობამ უკვე განვლო სიკვდილისა და ხელახლა შობის წრე. ვინც ცოცხალია — მალე აღესრულება, ხოლო მიცვალებულნი მალე დაბრუნდებიან. ეს არის სიცოცხლის ის გზა, რომელიც ღმერთმა დაუწესა ყოველ ცოცხალ არსებას. თუმცაღა, ეს მსვლელობა და წრე სწორედ ის ფაქტია, რომელიც ღმერთს სურს, ადამიანს დაანახოს: რომ უსასრულოა ღვთის მიერ ადამიანისთვის ბოძებული სიცოცხლე და არ არის ხორცით, დროითა და სივრცით შეზღუდული. ეს არის საიდუმლოება სიცოცხლისა, რომელიც ღმერთმა უწყალობა ადამიანს და მტკიცებულება, რომ სიცოცხლე მისგან იღებს სათავეს. თუმცა მრავალს არ სწამს, რომ ადამიანის სიცოცხლე ღვთისგან მომდინარეობს, იგი გარდაუვალად სარგებლობს ყოველივე იმით, რაც ღვთისგანაა, მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ უარყოფს იგი მის არსებობას. თუ ერთ დღესაც ღმერთი ინებებს თავისი განზრახვის შეცვლას, მოისურვებს სამყაროში არსებულის უკან დაბრუნებასა და მის მიერ გაცემული სიცოცხლის უკანვე მიღებას, მაშინ ყოველივე არსებული არყოფნად იქცევა. ღმერთი თავისი სიცოცხლით უზრუნველყოფს ყოველ არსებას — სულიერს თუ უსულოს, ყოველივეს მოყვანა სრულ წესრიგში საკუთარი ძლიერებისა და ხელმწიფების ძალით — ეს არის ფაქტი, რომლის წვდომა ან შემეცნება ადამიანის გონების შესაძლებლობას აღემატება. ეს მიუწვდომელი ფაქტები სწორედ ღვთის სასიცოცხლო ძალის გამოვლინება და მისი დასტურია. ახლა კი გაგიმჟღავნებ საიდუმლოს: ღვთიური სიცოცხლის სიდიადე და მისი სიცოცხლის ძლიერება ყოველი ქმნილებისათვის მიუწვდომელია. ასე არის, იყო და იქნება. მეორე საიდუმლო კი, რომელსაც გაგიმხელ, ასე ჟღერს: ყოველი ქმნილების სიცოცხლის წყარო არის ღმერთი, მიუხედავად მათი ცხოვრების წესისა თუ აგებულების განსხვავებულობისა, როგორი არსებანიც არ უნდა იყვნენ ისინი, არავის ძალუძს გადაუხვიოს ღვთის მიერ ცხოვრებისეულ ტრაექტორიას. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მსურს, ადამიანმა გაიგოს, ისაა, რომ: ღვთის ზრუნვის, დაცვისა და უზრუნველყოფის გარეშე ადამიანი ვერ მიიღებს ყოველივეს, რაც მისთვის იყო განკუთვნილი, რაც არ უნდა გულმოდგინედ ცდილობდეს ან თავდაუზოგავად იღვწოდეს. ღვთისგან მომდინარე სასიცოცხლო საზრდოს გარეშე, ადამიანი კარგავს არსებობის ფასსა და ცხოვრების აზრს. როგორ შეეძლო ღმერთს დაეშვა, რომ ადამიანი, რომელიც ასე ქარაფშუტულად ფლანგავს ღვთის სიცოცხლის ღირებულებას, კვლავაც ამგვარ უდარდელობაში იმყოფებოდეს? როგორც უკვე აღვნიშნე: ნუ დაგავიწყდება, რომ შენი სიცოცხლის სათავე ღმერთია. თუ კაცი ვერ აფასებს ღვთის მიერ ბოძებულს, ღმერთი არა მხოლოდ დაიბრუნებს იმას, რაც დასაწყისში უწყალობა, არამედ ორმაგად დააბრუნებინებს ყოველს, რაც კი ოდესმე უბოძებია.

26 მაისი, 2003

წინა: თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენს საქმეებზე

შემდეგი: ყოვლისშემძლეს ოხვრა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება