ყოვლისშემძლეს ოხვრა

შენს გულში უზარმაზარი საიდუმლოა, რომლის შესახებაც არასდროს უწყოდი, რადგან სინათლის გარეშე სამყაროში ცხოვრობდი. შენი გული და სული ბოროტმა წარიტაცა. შენი თვალები სიბნელეს დაუბინდავს, და ვეღარ ხედავ ვერც ცაზე მზეს და ვერც ღამის მოციმციმე ვარსკვლავს. შენი ყურები დახშულია ცრუ სიტყვებით და აღარ გესმის არც იეჰოვას მჭექარება და არც ტახტიდან გადმომდინარე მრავალი წყლის ხმა. დაკარგე ყველაფერი, რაც სამართლიანად გეკუთვნოდა, ყველაფერი, რაც ყოვლისშემძლემ გიბოძა. შეხვედი ტანჯვის უსასრულო ზღვაში, რომელშიც არც ის ძალა არსებობს, რომელიც გიხსნის, და არც გადარჩენის იმედი, და ერთადერთი, რასაც აკეთებ, იბრძვი და აქეთ-იქით აწყდები... იმ დროიდან მოყოლებული განწირული ხარ, იტანჯო ბოროტისგან, შორს ყოვლისშემძლეს კურთხევისგან, შორს ყოვლისშემძლეს საზრდოსგან, მიმავალი იმ გზაზე, რომლიდანაც უკან არ ბრუნდებიან. მილიონობით ძახილსაც არ ძალუძს შენი გულისა და სულის გამოფხიზლება. ღრმად ჩაგძინებია ბოროტის ხელებში, რომელმაც უკიდეგანო სამყაროში შეგიტყუა, სადაც არც მიმართულებებია და არც მინიშნებები. იმ დროს დაკარგე შენი თავდაპირველი უმანკოება და სიწმინდე და დაიწყე ყოვლისშემძლეს მზრუნველობის უარყოფა. შენი გულის სიღრმეში ბოროტი ყოველმხრივ გმართავს და უკვე შენს სიცოცხლედაც კი ქცეულა. აღარ გეშინია მისი, აღარ ერიდები და აღარც ეჭვობ მასში რაიმეს; პირიქით, შენს გულში მას ღმერთად მიიჩნევ. შენ დაიწყე მისი განდიდება და თაყვანისცემა, და თქვენ ორნი ერთმანეთისგან ისე განუყოფელნი გახდით, როგორც სხეული და ჩრდილი, ერთად ცხოვრებისა და ერთად სიკვდილისთვის განწირულნი. წარმოდგენა არ გაქვს, საიდან მოხვედი, რატომ დაიბადე ან რატომ მოკვდები. შეჰყურებ ყოვლისშემძლეს, როგორც უცხოს; არ იცი მისი საწყისი, და კიდევ უფრო ნაკლები იცი იმ ყველაფერზე, რაც მან შენთვის გააკეთა. რაც კი მისგან მოდის, ყველაფერს მტრულად აღიქვამ; არც უფრთხილდები და არც მისი ფასი იცი. შენ ბოროტის მხარდამხარ მოდიხარ, დაწყებული იმ დღიდან, როცა ყოვლისშემძლეს საზრდო მიიღე. ათასობით წლის ქარიშხალსა და ქარტეხილს გაუძელი ბოროტთან ერთად, და ახლა ერთად დამდგახართ ღმერთის წინააღმდეგ, რომელიც შენი სიცოცხლის წყარო იყო. არ იცი მონანიება და მით უმეტეს არ იცი, რომ დაღუპვის ზღვარზე ხარ. დაგავიწყდა, რომ ბოროტმა გაცთუნა და გტანჯა; შენ შენი საწყისი დაივიწყე. ასე გვნებდა და გტანჯავდა ბოროტი ყოველ ნაბიჯზე დღემდე. შენი გული და სული გაბუჟებულია და ხრწნას მისცემია. აღარ უჩივი ადამიანთა სამყაროს გასაჭირს; აღარ გჯერა, რომ სამყარო უსამართლოა. უფრო ნაკლებად გაღელვებს, არსებობს თუ არა ყოვლისშემძლე. ეს იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია, ბოროტი შენს ჭეშმარიტ მამად მიიჩნიე და მისგან გამოცალკევებულად ყოფნა ვერ წარმოგიდგენია. ეს არის საიდუმლო შენს გულში.

როგორც კი ინათებს, აღმოსავლეთში ახალი ვარსკვლავი ინთება. ეს არის ვარსკვლავი, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა; იგი ანათებს მშვიდ, მოციმციმე ცას და კვლავ აღვივებს ადამიანთა გულებში ჩამქრალ ნათელს. კაცობრიობა აღარ არის მარტოსული ამ ნათების წყალობით, რომელიც ერთნაირად დაგნათის შენც და სხვებსაც. თუმცა შენ კვლავ ღრმა ძილს მისცემიხარ ბნელ ღამეში. არც ხმა გესმის და არც ნათებას ხედავ; არ ძალგიძს, შეამჩნიო ახალი ცისა და ახალი მიწის, ახალი ეპოქის მოსვლა, რადგან მამაშენი გეუბნება: „შვილო, ნუ დგები, ჯერ ადრეა. ამინდი ცივია, გარეთ ნუ გახვალ, რათა თვალები მახვილითა და შუბით არ განგიგმირონ“. შენ ენდობი მამის დარიგებებს, რადგან გწამს, რომ იგი მართალია, რადგან მამა შენზე უფროსია და მას ძლიერ უყვარხარ. ასეთ დარიგებებსა და ასეთ სიყვარულს მიჰყვახარ იქამდე, რომ აღარ გჯერა ლეგენდისა, რომ სამყაროში სინათლე არსებობს; ისინი გაშორებენ ფიქრს იმაზე, ისევ არსებობს თუ არა ამ სამყაროში ჭეშმარიტება. შენ აღარ იტოვებ ყოვლისშემძლისგან შველის იმედს. კმაყოფილი ხარ არსებული მდგომარეობით, აღარ ელოდები ნათლის მოსვლას, აღარ ელოდები ყოვლისშემძლეს მოსვლას, როგორც ამას ლეგენდა გვაუწყებს. რაც შეგეხება შენ, შენთვის ყოველივე, რაც მშვენიერია, ვეღარ აღდგება და ვეღარ იარსებებს. შენ გგონია, რომ კაცობრიობის ხვალინდელი დღე, კაცობრიობის მომავალი უბრალოდ ქრება და იშლება. მთელი ძალ-ღონით ეჭიდები მამის სამოსს, მზად ხარ, გაიზიარო მისი სირთულეები და ძალიან გეშინია მეგზურისა და შენი შორეული მოგზაურობის მიმართულების დაკარგვისა. ადამიანების უფართოესმა და ბუნდოვანმა სამყარომ შექმნა ბევრი თქვენგანი, შეუდრეკელენი და უშიშარნი, ამქვეყნიური მრავალი როლის შესასრულებლად. მან შექმნა მრავალი „მებრძოლი“, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია. უფრო მეტიც, მან ერთმანეთის მიყოლებით შექმნა თაობები გზააბნეული და პარალიზებული ადამიანებისა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თავიანთი შექმნის მიზანს. ყოვლისშემძლეს თვალი აკვირდება ადამიანების ღრმად ტანჯული მოდგმის თითოეულ და ყოველ წევრს. ის, რაც მას ესმის, ტანჯულთა ვაებაა, ის, რასაც იგი ხედავს, ტანჯულთა ურცხვობაა, და რასაც ის გრძნობს, არის ადამიანთა მოდგმის უმწეობა და საშინელება, რომელმაც ხსნის მადლი დაჰკარგა. ადამიანები უარყოფენ მის ზრუნვას, ირჩევენ საკუთარ სავალ გზას და ცდილობენ მისი მახვილი თვალისგან დაფარვას, რადგან ურჩევნიათ, მტერთან ერთად უკანასკნელ წვეთამდე იწვნიონ ზღვისებრი სიღრმის სიმწარე. კაცობრიობას აღარ ესმის ყოვლისშემძლეს ოხვრა; აღარ არის ყოვლისშემძლეს ხელები მზად ამ ტრაგიკული კაცობრიობის მოსაფერებლად. იგი კვლავ და კვლავ იბრუნებს, კვლავ და კვლავ კარგავს და ეს არის მისი საქმე, რომელიც ამრიგად მეორდება. ამ მომენტიდან მას დაღლა ეპარება, თავს გამოფიტულად გრძნობს და წყვეტს თავის საქმეს და ადამიანთა შორის სიარულს… კაცობრიობა კი სრულიად უგრძნობია ამ ყოველი ცვლილების მიმართ, ყოვლისშემძლეს მოსვლისა და წასვლის, მისი სევდისა და მელანქოლიის მიმართ.

ამ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება ყოვლისშემძლეს აზრების კვალად და მისი მზერის ქვეშ. მოულოდნელად ჩნდებიან ისეთი რამეები, რომელთა შესახებაც ადამიანს არასოდეს სმენია, მაშინ როდესაც ის, რასაც კაცობრიობა დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა, შეუცნობლად ქრება. არავის შეუძლია გაიგოს ყოვლისშემძლეს ადგილსამყოფელი, მით უმეტეს, ვერავინ შეიგრძნობს ყოვლისშემძლეს ტრანსცენდენტულობას და სიცოცხლის ძალის სიდიადეს. იგი ტრანსცენდენტულია, რადგან მას შეუძლია აღიქვას ის, რისი აღქმაც ადამიანებს არ ძალუძთ. იგი დიადია იმით, რომ იგი არის ის, ვინც კაცობრიობამ უარჰყო და ის მაინც კაცობრიობის მხსნელია. მან იცის სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობა და საზრისი და, უფრო მეტიც, მან იცის არსებობის ის კანონები, რომლებსაც კაცობრიობამ, როგორც ქმნილებამ, უნდა მისდიოს და დიცვას. იგი არის ადამიანის არსებობის საფუძველი, და ის არის გამომსყიდველი, რომელიც კვლავ აღადგენს კაცობრიობას. იგი ბედნიერ გულებს მწუხარებით ამძიმებს, ხოლო მწუხარე გულებს სიხარულს აღავსებს, თავისი საქმისთვის, თავისი გეგმისთვის.

კაცობრიობა, რომელმაც ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს გადაუხვია, არად აგდებს არსებობის მიზანს, თუმცა მაინც ეშინია სიკვდილისა. ისინი ყოველგვარი დახმარებისა და საყრდენის გარეშე არიან, და მაინც არ სურთ თვალების დახუჭვა, და თავს ძალას ატანენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი ხორციელი არსებობა, გრძნობას მოკლებული სულით, და ამ სამყაროში უღირს არსებობას მიათრევენ. შენ ამგვარად ცხოვრობ, უიმედოდ, ისევე, როგორც სხვები, უმიზნოდ. მხოლოდ ლეგენდაში მოხსენიებული წმინდანი იხსნის იმ ადამიანებს, რომლებიც ტანჯვა-ვაებაში ჩავარდნილნი გმინავენ, ღრმად სასოწარკვეთილნი ელიან მის მოსვლას. ეს რწმენა დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი რჩებოდა მათთვის, ვისაც ცნობიერების ნაკლებობა აქვს. თუმცა მაინც ესოდენ ესწრაფვიან. ყოვლისშემძლე ღმერთი შეიწყალებს ამ ადამიანებს, რომლებმაც ღრმად დაიტანჯნენ; ამავე დროს, იგი ზიზღს გრძნობს მათ მიმართ, ვისაც არ აქვს ცნობიერების ნატამალიც კი, რადგან მას მეტისმეტად დიდხანს უწევს ლოდინი, რომ ადამიანებისგან პასუხი მიიღოს. მას სურს ეძიოს, ეძიოს შენი გული და შენი სული, და მოგიტანოს წყალი და საზრდო, რათა გაიღვიძო და აღარ გწყუროდეს და აღარ გშიოდეს. როცა დაიღლები და როცა ამ ქვეყნის სიცარიელეს იგრძნობ, ნუ დაიბნევი, ნუ იტირებ. ყოვლისშემძლე ღმერთი, გუშაგი, ნებისმიერ დროს სიხარულით მიგიღებს, როცა მასთან მიხვალ. ის შენს სადარაჯოზე დგას, ის ელოდება, რომ შემობრუნდე, ელოდება იმ დღეს, როცა უეცრად გონება გაგინათდება: როცა გააცნობიერებ, რომ ღმერთისგან მოხვედი და რომ ერთ რომელიღაც უცნობ დროს გზა აგებნა; რომ ერთ რომელიღაც უცნობ დროს გზაზე გონება დაგებინდა; რომ ერთ რომელიღაც უცნობ დროს „მამა“ გყავდა; და უფრო მეტიც, როცა გააცნობიერებ, რომ ყოვლისშემძლე ყოველთვის გდარაჯობდა და ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შენს დაბრუნებას ელოდა. მას სასოწარკვეთილს ენატრებოდი და პასუხს ელოდა, თუმცა პასუხს ვერ იღებდა. მისი გუშაგობა ფასდაუდებელია, და იგი ადამიანის გულისა და სულისთვისაა. შესაძლოა, მისი სიფხიზლე უსასრულოა, თუმცა, შესაძლოა, დასასრულს უახლოვდებოდეს. მაგრამ შენ ზუსტად უნდა იცოდე, სად არის სწორედ ახლა შენი გული და შენი სული.

2003 წლის 28 მაისი

წინა: ღმერთი არის ადამიანის სიცოცხლის სათავე

შემდეგი: დანართი 2: ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება