სულიწმინდის მოქმედება და სატანის მოქმედება
როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა სულიწმინდის მოქმედების დეტალები? როგორ მოქმედებს სულიწმინდა ადამიანში? როგორ მოქმედებს სატანა ადამიანში? როგორ მოქმედებენ ბოროტი სულები ადამიანში? როგორ ვლინდება ეს ყოველივე? როდესაც თქვენს თავს რაღაც ხდება, მოდის თუ არა ეს სულიწმინდისგან? უნდა დაემორჩილოთ მას თუ უარყოთ? რეალურ ცხოვრებაში ბევრი რამ ადამიანების ნება-სურვილით ხდება თუმცა ადამიანებს დღემდე უცვლელად სჯერათ, რომ ეს ყველაფერი სულიწმინდისგან მოდის. ზოგიერთი რაღაც ბოროტი სულების ნამოქმედარია, თუმცა ადამიანებს მაინც ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი სულიწმინდისგან მოდის. ზოგჯერ, როდესაც სულიწმინდა ადამიანებს შიგნიდან უჩვენებს გზას, ადამიანებს შიში იპყრობთ, ხომ არაა ეს მითითება სატანისგან, ამიტომ ვერ ბედავენ დამორჩილებას, არადა, სინამდვილეში, ეს დახმარება სულიწმინდისგან მომდინარე გასხივოსნებაა. ამრიგად, გამიჯვნის გარეშე, ადამიანი ვერ შეძლებს რეალურად იცხოვროს. გამიჯვნის გარეშე, ადამიანი სიცოცხლეს ვერ მოიპოვებს. როგორ მოქმედებს სულიწმინდა? როგორ მოქმედებენ ბოროტი სულები? რა მომდინარეობს ადამიანის ნებისგან და რა იშვება სულიწმინდის წინამძღოლობითა და ნათლის მონიჭებით? თუკი გაიაზრებთ ადამიანში სულიწმიდის მოქმედების მოდელს, მაშინ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურ გამოცდილებაში თქვენ შეძლებთ ცოდნის გაღრმავებას და განსხვავებების დანახვას; თქვენ შეიცნობთ ღმერთს, ასევე შეძლებთ, ჩაწვდეთ და ამოიცნოთ სატანა. აღარ იქნებით გზააბნეული მორჩილებისა თუ სწრაფვისას, არამედ გახდებით ნათელი გონების მქონე ადამიანი, რომელიც უპირობოდ მიჰყვება სულიწმინდის მოქმედებას.
სულიწმინდის მოქმედება მდგომარეობს გაძღოლასა და ნათლის მონიჭებაში. სულიწმინდა ადამიანებზე ნეგატიურად არ მოქმედებს, არამედ მოაქვს მათთვის ნუგეში, რწმენა და სიმტკიცე, რომ ისწრაფოდნენ ღვთიური სრულყოფილებისაკენ. როდესაც სულიწმინდა მოქმედებს, ადამიანებს საშუალება ეძლევათ პოზიტიურად ჩაერთონ პროცესში.ისინი არ არიან პასიურები ან იძულებულები, არამედ მოქმედებენ საკუთარი ინიციატივით. როდესაც სულიწმინდა მოქმედებს, ადამიანებს უხარიათ, ავლენენ მზადყოფნას, აბედნიერებთ საკუთარი მორჩილება და თავმდაბლობა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ტკივილიანი და სუსტები არიან, მათ თანამშრომლობის მტკიცე სურვილი აქვთ. ისინი მზად არიან ტანჯვისთვის, გამოხატავენ მორჩილებას, შეუბღალავნი არიან ადამიანური ნების, აზროვნებისა და, რა თქმა უნდა, სურვილებისა და მისწრაფებების მიმართ. როდესაც ადამიანები საკუთარ თავზე გამოცდიან სულიწმინდის მოქმედებას, მათში განსაკუთრებული სიწმინდე იბუდებს. ისინი, ვინც სულიწმინდის მოქმედებით არიან აღსავსენი, ღვთის სიყვარულითა და თავიანთი ძმებისა და დების სიყვარულით ცხოვრობენ. მათ აღაფრთოვანებთ ისეთი რაღაცები, რაც უფალს აღაფრთოვანებს და სძულთ ის, რაც უფალს სძულს. ადამიანებს, რომლებსაც სულიწმინდის მოქმედება განუცდიათ, ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება აქვთ, მუდმივად ეძიებენ ჭეშმარიტებას და გამოირჩევიან ჰუმანურობით. როდესაც სულიწმინდა მოქმედებს ადამიანებში, მათი მდგომარეობა სულ უფრო მეტად უმჯობესდება და მათი ადამიანური ბუნება სულ უფრო მეტად ხდება ჩვეულებრივი. და მიუხედავად იმისა, რომ მათი თანამშრომლობა შესაძლოა, ზოგჯერ უგუნურიც კი იყოს, მათი მისწრაფებები მართებულია, ხოლო მათი წვლილი დადებითი, ისინი არ ცდილობენ ქაოსის გამოწვევას და მათში არ დევს ბოროტება. სულიწმინდის მოქმედება სტანდარტული და პრაქტიკულია. სულიწმინდა ადამიანში მათთვის ჩვეული ცხოვრების წესების თანახმად მოქმედებს, ანიჭებს მათ ნათელს და მიუძღვის, ადამიანებისთვის ჩვეული მისწრაფებების შესაბამისად. ადამიანებში მოქმედებისას, სულიწმინდა უჩვენებს მათ გზას და ასწავლის ჩვეულებრივი ადამიანების საჭიროებების შესაბამისად. პოზიტიურად წარმართავს მათ და ასწავლის იმას, რის ნაკლებობასაც და უქონლობასაც განიცდიან. სულიწმინდის საქმე რეალურ ცხოვრებაში ადამიანთათვის ნათლის მინიჭება და გაძღოლაა. და მხოლოდ მაშინ, თუკი თავად გამოცდიან უფლის სიტყვას რეალურ ცხოვრებაში, შეძლებენ დაინახონ სულიწმინდის მოქმედება. თუ ადამიანები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოზიტიურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ნორმალურ სულიერ ცხოვრებას ეწევიან, მაშინ ისინი სულიწმინდის მოქმედებით არიან აღსავსენი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები სრულად შეიგრძნობენ უფლის სიტყვას, მათ უჩნდებათ რწმენა. როდესაც ლოცულობენ, ივსებიან შთაგონებით, როდესაც რაღაც შეემთხვევათ, ნეგატიურად არ განეწყობიან, ხოლო როდესაც რაღაც ხდება, მათ შესწევთ უნარი ისწავლონ ის, რის სწავლასაც ღმერთი მათგან მოითხოვს. ისინი არ არიან ნეგატიური ან სუსტები და მიუხედავად იმისა, რომ აწყდებიან რეალურ სირთულეებს, მზად არიან უფლის ყველა წესრიგს დაემორჩილონ.
რა შედეგები მიიღწევა სულიწმინდის მოქმედებით? შესაძლოა, იყო უმეცარი და არ გამოირჩეოდე გამჭრიახი აზროვნებით, მაგრამ საკმარისია სულიწმინდა ამოქმედდეს, რომ მაშინვე გაგიჩნდება რწმენა და მუდამ გექნება შეგრძნება, რომ არ ძალგიძს უფლის სათანადოდ სიყვარული. მზად იქნები დახმარებისთვის, რაც არ უნდა დიდი იყოს მომავალი სირთულეები. აღმოჩნდები გარკვეულ სიტუაციებში და ვერ გაერკვევი ღვთისგან იქნება ეს ყველაფერი თუ სატანისგან, თუმცა მოთმინებით დაელოდები და არ მიეცემი კაეშანსა და გულგრილობას. ესაა სულიწმინდის მოქმედების ჩვეული მოდელი. როდესაც სულიწმინდა შენში მოქმედებს, შენ კვლავ აწყდები რეალურ სირთულეებს: ზოგჯერ ატირდები, ზოგჯერ კი ისეთი რამ მოხდება, რისი გადალახვაც არ შეგიძლია, მაგრამ ეს ყოველივე სულიწმინდის ჩვეული მოქმედების მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გადალახე სირთულეები და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში იყავი სუსტი და ბევრიც იწუწუნე, ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც შეძელი და შეიყვარე ღმერთი აბსოლუტური რწმენით. შენი ნეგატივი ვერ შეგიშლის ხელს ნორმალური გამოცდილების მიღებაში და მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ სხვები და როგორ გესხმიან თავს, შენ მაინც შეგწევს უნარი გიყვარდეს ღმერთი. ლოცვის დროს ყოველთვის გრძნობ, რომ წარსულში იმდენად დავალებული იყავი უფლისგან, რომ იღებ გადაწყვეტილებას, ასიამოვნო ღმერთს და აუჯანყდე ხორცს, როცა კვლავ გადააწყდები მსგავს რაღაცებს. ეს სიძლიერე დასტურია იმისა, რომ სულიწმინდის მოქმედება შენშია. ეს არის სულიწმინდის მოქმედების ჩვეული მდგომარეობა.
რაში გამოიხატება სატანის მოქმედება? სატანის მოქმედებისას, ადამიანებს აზროვნება დაბინდული აქვთ, არ გააჩნიათ ჩვეული ადამიანურობა და არასწორი მიზნები ამოძრავებთ. და, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიყვარული სურთ, გული ყოველთვის ბრალდებებით აქვთ სავსე. ეს ბრალდებები და ფიქრები მათში მუდმივ ქაოსს იწვევს, ზღუდავს მათი ცხოვრების განვითარებას და ხელს უშლით ნორმალურ პირობებში წარსდგნენ ღვთის წინაშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი სატანა ადამიანში მოქმედებას დაიწყებს, ადამიანის გული ვეღარ ჰპოვებს სიმშვიდეს უფლის წინაშე. ასეთმა ადამიანებმა არ იციან რა გააკეთონ—როდესაც ხედავენ ხალხი იკრიბება, მათ გაქცევა სურთ, ვერ ხუჭავენ თვალებს, როდესაც სხვები ლოცულობენ. ბოროტი სულების მოქმედება აზიანებს ნორმალურ ურთიერთობას ადამიანსა და ღმერთს შორის, რადიკალურად ცვლის ადამიანში უკვე არსებულ წარმოდგენებსა თუ მის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას. გულის სიღრმეში ადამიანი ვეღარასდროს მიდის ღმერთთან ახლოს და ყოველთვის ხდება ისეთი რაღაცები, რაც მის შფოთვასა და შეზღუდვას იწვევს. მისი გული ვეღარ პოულობს სიმშვიდეს, აღარ აქვს ღმერთის სიყვარულის ძალა და უიმედობა ეუფლება. ასე ვლინდება სატანის მოქმედება. სატანის მოქმედების გამოვლინებებია: უუნარობა, მყარად დაიცვა შენი პოზიცია და სიტყვა, რაც გაქცევს უფლისადმი უკეთურ და არაერთგულ ადამიანად. როდესაც სატანა გზაზე გეღობება, შენ კარგავ ღვთისადმი სიყვარულსა და ერთგულებას, შენი ჩვეული ურთიერთობა ღმერთთან ინგრევა, აღარ ეძიებ ჭეშმარიტებას ან საკუთარი თავის გაუმჯობესების გზებს. სულ უფრო უკან იხევ და ნეგატივით ივსები, ანებივრებ საკუთარ თავს, თავშეუკავებლად იწყებ ცოდვის გავრცელებას და არ გძულს ცოდვა. გარდა ამისა, სატანის ჩარევა ზნედაცემულად გაქცევს. სატანა შენში აქრობს უფლის მადლს და გაიძულებს უკმაყოფილებით ისაუბრო ღმერთზე და დაუპირისპირდე მას, გაიძულებს ეჭვის ქვეშ დააყენო უფალი. არსებობს იმის რისკიც, რომ საერთოდ მიატოვო ღმერთი. ყოველივე ეს სატანისგან მომდინარეობს.
როდესაც შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც ხდება, როგორ უნდა განასხვაო, ეს სულიწმიდას საქმის შედეგია თუ — სატანის? როდესაც ადამიანების მდგომარეობა ნორმალურია, მაშინ მათი სულიერი და ხორციელი ცხოვრებაც ნორმალურია, ხოლო მათი გონიერება — ნორმალური და მოწესრიგებული. როდესაც ისინი ამ მდგომარეობაში იმყოფებიან, შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც ისინი განიცდიან და შეიცნობენ საკუთარ თავში, ზოგადად სულიწმიდის შეხებით არის გამოწვეული (ღვთის სიტყვების ჭამა-სმისგან მიღებული წვდომა ან გარკვეული მარტივი ცოდნა, ან ერთგულება კონკრეტულ საკითხებში, ან ძალა, რათა ზოგიერთ რამეში ღმერთი შეიყვარო — ეს ყველაფერი სულიწმიდისგან მოდის). სულიწმიდის საქმე ადამიანში განსაკუთრებულად ბუნებრივია; ადამიანს არ შეუძლია მისი შეგრძნება და ისე ჩანს, თითქოს ეს თავად ადამიანისგან მოდის, თუმცა სინამდვილეში ეს სულიწმიდის საქმეა. ყოველდღიურ ცხოვრებაში სულიწმიდა ყველაში ასრულებს როგორც დიდ, ისე მცირე საქმეს და მხოლოდ ამ საქმის მასშტაბები განსხვავდება. ზოგიერთი ადამიანი კარგი მონაცემებისაა, ისინი ყველაფერს სწრაფად იგებენ და მათში სულიწმიდის ნათლის მოფენა განსაკუთრებით დიდია. ამავდროულად, ზოგიერთი სუსტი მონაცემებისაა და მათ მეტი დრო სჭირდებათ სიტყვების გასაგებად, მაგრამ სულიწმიდა მათ შინაგანადაც ეხება და ისინიც ახერხებენ ღვთისადმი ერთგულებას — სულიწმიდა მოქმედებს ყველაში, ვინც ღმერთს მიჰყვება. როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები არ ეწინააღმდეგებიან და არ ეურჩებიან ღმერთს, არ აკეთებენ იმას, რაც არღვევს ღვთის მართვას და არ აფერხებენ მის საქმეს, მაშინ თითოეულ მათგანში ღვთის სული მეტ-ნაკლებად მოქმედებს; ის ეხება მათ, ნათელს ჰფენს, აძლევს რწმენას, აძლევს ძალას და აღძრავს მათ პოზიტიური სვლისკენ, რათა არ იყვნენ ზარმაცნი და არ ელტვოდნენ ხორციელ სიამოვნებებს, არამედ ჰქონდეთ ჭეშმარიტების აღსრულების სურვილი და ღვთის სიტყვის წყურვილი. ეს ყველაფერი არის საქმე, რომელიც სულიწმიდისგან მოდის.
როდესაც ადამიანების მდგომარეობა არ არის ნორმალური, ისინი მიტოვებულნი არიან სულიწმიდის მიერ; მათ გონებაში წუწუნისკენ მიდრეკილება იჩენს თავს, მათი მოტივები მცდარია, ისინი ზარმაცობენ, ხორციელ ვნებებს ეძლევიან და მათი გული ღალატობს ჭეშმარიტებას. ეს ყველაფერი სატანისგან მოდის. როდესაც ადამიანების მდგომარეობა არ არის ნორმალური, როცა ისინი შინაგანად ბნელში არიან და დაკარგული აქვთ ნორმალური აზროვნება, მიტოვებულნი არიან სულიწმიდას მიერ და არ შეუძლიათ საკუთარ თავში ღმერთის შეგრძნება — სწორედ ამ დროს მოქმედებს მათში სატანა. თუ ადამიანებს ყოველთვის აქვთ შინაგანი ძალა და ყოველთვის უყვართ ღმერთი, მაშინ, ზოგადად, როდესაც რაიმე შეემთხვევათ, ეს სულიწმიდისგან მოდის და ვისაც არ უნდა შეხვდნენ, ეს შეხვედრა ღვთის განგების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც შენ ნორმალურ მდგომარეობაში ხარ, როდესაც სულიწმიდის დიდ საქმეში იმყოფები, მაშინ სატანისთვის შეუძლებელია შენი შერყევა. ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი სულიწმიდისგან მოდის და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მცდარი აზრები გაგიჩნდეს, შენ ძალგიძს,აღუდგე და არ აჰყვე მათ. ეს ყველაფერი სულიწმიდას საქმის შედეგია. რა ვითარებაში შეიძლება ჩაერიოს სატანა? სატანისთვის ადვილია შენში მოქმედება, როდესაც შენი მდგომარეობა არ არის ნორმალური, როდესაც ღმერთი არ შეგხებია და ღვთის საქმის მიღმა ხარ, როცა შინაგანად მშრალი და გამოფიტული ხარ, როცა ღმერთს ევედრები, მაგრამ ვერაფერს გრძნობ და როცა ღვთის სიტყვას ჭამ და სვამ, მაგრამ არც ნათელი გეფინება და არც ანათებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც სულიწმიდის მიერ მიტოვებული ხარ და ღმერთს ვერ გრძნობ, მაშინ ბევრი რამ, რაც შეგემთხვევა, სატანის ცდუნებისგან მოდის. როგორც სულიწმიდა მოქმედებს, იმავდროულად სატანაც მიჰყოფს ხელს თავის საქმეს. სულიწმიდა ეხება ადამიანის შინაგან სამყაროს, ხოლო სატანა აშფოთებს მას. თუმცა, სულიწმიდას საქმეს წამყვანი პოზიცია უკავია და ადამიანებს, რომელთა მდგომარეობაც ნორმალურია, გამარჯვება შეუძლიათ; ეს არის სატანის საქმეზე სულიწმიდის საქმის გამარჯვება. სანამ სულიწმიდა საქმეს ასრულებს, ადამიანებში კვლავ არსებობს გახრწნილი ბუნება; თუმცა, სულიწმიდის საქმის განხორციელებისას ადამიანებისთვის ადვილია აღმოაჩინონ და შეიცნონ თავიანთი ურჩობა, მოტივები და სიყალბე. მხოლოდ მაშინ გრძნობენ ადამიანები სინანულს და უჩნდებათ გამოსწორების სურვილი. ამგვარად, მათი ურჩი და გახრწნილი ბუნება თანდათან მოშორდება ღვთის საქმის შედეგად. წმინდა სულის მუშაობა განსაკუთრებულად ბუნებრივია; როდესაც ის ადამიანებში ახორციელებს საქმეს, მათ მაინც აქვთ პრობლემები, მაინც ტირიან, მაინც იტანჯებიან, კვლავ სუსტები არიან და ბევრი რამ მათთვის კვლავ გაურკვეველია, თუმცა ამ მდგომარეობაშიც კი მათ შეუძლიათ შეაჩერონ საკუთარი თავი უკან დახევისგან და შეუძლიათ უყვარდეთ ღმერთი, მიუხედავად იმისა, რომ ტირიან და დამწუხრებულნი არიან, მაინც ძალუძთ ღვთის დიდება; სულიწმიდის საქმე განსაკუთრებულად ნორმალურია და მასში არ არის არაფერი ზებუნებრივი. ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ როგორც კი სულიწმიდა დაიწყებს საქმის შესრულებას, ადამიანის მდგომარეობაში მყისიერი ცვლილებები ხდება და მათ არსებითი ნაკლოვანებები მოშორდებათ. ეს გამრუდებული რწმენაა. როდესაც სულიწმიდა მოქმედებს ადამიანში, მისი უარყოფითი მხარეები კვლავ არსებობს და მისი შინაგანი სიმაღლე იგივე რჩება, მაგრამ მას სულიწმიდა ანათებს და ნათელს ჰფენს, რის გამოც მისი მდგომარეობა უფრო პოზიტიური ხდება, მისი შინაგანი განწყობა — ნორმალური და ის სწრაფად იცვლება. რეალურ გამოცდილებაში ადამიანები უმეტესად განიცდიან ან სულიწმიდას, ან სატანის საქმის აღსრულებას და თუ მათ არ შეუძლიათ ამ მდგომარეობების გაგება და გარჩევა, მაშინ რეალურ გამოცდილებაში შესვლაზე საუბარიც ზედმეტია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბუნების შეცვლაზე. ამრიგად, ღვთის საქმის გამოცდილების მიღების გასაღები ამ ყველაფრის დანახვის უნარია; ამგვარად, მათთვის გამოცდილების მიღება ბევრად უფრო გაადვილდება.
სულიწმიდის საქმე ადამიანებს პოზიტიურსა და შემართულს ხდის, მაშინ როდესაც სატანის საქმე მათ ნეგატიურს ხდის და აიძულებს უკან დაიხიონ, აუჯანყდნენ ღმერთს და წინააღმდეგობა გაუწიონ მას, დაკარგონ მისი რწმენა და გახდნენ სუსტნი საკუთარი მოვალეობის შესრულებისას. ყველაფერი, რაც სულიწმიდის ნათლის მოფენიდან მომდინარეობს, სრულიად ბუნებრივია; ის შენ ძალდატანებით არ გეხვევა თავს. თუ შენ მას დაემორჩილები, მაშინ სიმშვიდეს შეიგრძნობ; ხოლო თუ არ დაემორჩილები, შემდგომში მხილებული იქნები. სულიწმიდის ნათლის მოფენით შენ არაფერში შეგეშლება ხელი და არ შეიზღუდები; შენ გათავისუფლდები, შენს ქმედებებში გაგიჩნდება აღსრულების გზა, იქნები დაუბრკოლებელი და შეძლებ იმოქმედო ღვთის განზრახვების შესაბამისად. სატანის საქმე ბევრ რამეში გაბრკოლებს; ის გიკარგავს ლოცვის სურვილს, გაზარმაცებს და აღარ გსურს ღვთის სიტყვების ჭამა-სმა გიქრობს ეკლესიური ცხოვრების სურვილს და გაშორებს სულიერ ცხოვრებას. სულიწმიდის საქმე არ უშლის ხელს შენს ყოველდღიურ და ნორმალურ სულიერ ცხოვრებას. ბევრ რამეს მათი აღმოცენების მომენტში ვერ არჩევ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ შენი გული უფრო ნათელი ხდება, გონება კი — უფრო სუფთა. შენ გიჩნდება გარკვეული სულიერი ალღო და ნელ-ნელა შეგიძლია გაარჩიო, ფიქრი ღვთისგან მოვიდა თუ სატანისგან. ზოგიერთი რამ აშკარად გაიძულებს ღმერთს დაუპირისპირდე და აუჯანყდე მას, ან გაბრკოლებს ღვთის სიტყვის საქმედ ქცევაში; ეს ყველაფერი სატანისგან მოდის. ზოგიერთი რამ თავიდან აშკარა არ არის და იმ მომენტში ვერ ხვდები, რა არის ეს, მოგვიანებით კი დაინახავ მათ გამოვლინებებს და შეძლებ გარჩევას. თუ ნათლად გაარჩევ, რა მოდის სატანისგან და რა არის სულიწმიდის მიერ წარმართული, მაშინ შენს გამოცდილებაში იოლად აღარ შეცდები. ზოგჯერ, როცა კარგ მდგომარეობაში არ ხარ, გიჩნდება გარკვეული ფიქრები, რომლებსაც ნეგატიური მდგომარეობიდან გამოჰყავხარ. ეს აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა შენი მდგომარეობა არასახარბიელოა, ზოგიერთი შენი ფიქრი კვლავ შეიძლება სულიწმიდისგან მოდიოდეს. არ არის სწორი იმის ფიქრი, რომ როცა ნეგატიურად ხარ განწყობილი, ყველა შენი ფიქრი სატანის გამოგზავნილია; ასე რომ ყოფილიყო, მაშინ როდისღა შეძლებდი პოზიტიურ მდგომარეობაში გადასვლას? გარკვეული ხნით ნეგატიურ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ სულიწმიდა გაძლევს შესაძლებლობას სრულყოფისთვის; ის გეხება შენ, გამოჰყავხარ ნეგატიური მდგომარეობიდან და შენ გადადიხარ ნორმალურ მდგომარეობაში.
იმის ცოდნით, თუ რა არის სულიწმიდის საქმე და რა არის სატანის საქმე, შენ შეგიძლია ესენი შეადარო საკუთარ მდგომარეობასა და გამოცდილებას; ამგვარად, შენს გამოცდილებაში გაცილებით მეტი პრინციპული ჭეშმარიტება გაჩნდება. როდესაც ამ პრინციპულ ჭეშმარიტებებს ჩასწვდები, შეძლებ დაეუფლო შენს რეალურ მდგომარეობას, შეძლებ გაარჩიო ადამიანები და მოვლენები და აღარ დაგჭირდება ამდენი ძალისხმევის დახარჯვა სულიწმიდის საქმის შესაცნობად. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა შენი მოტივები სწორი და გაქვს თუ არა ძიებისა და აღსრულების სურვილი. ასეთი ენა — პრინციპებთან დაკავშირებული ენა — უნდა ფიგურირებდეს შენს გამოცდილებაში. მის გარეშე შენი გამოცდილება სავსე იქნება სატანის ხელის შეშლითა და უგუნური ცოდნით. თუ შენ არ გესმის, როგორ მუშაობს სულიწმიდა, მაშინ არ გესმის, როგორ უნდა ილოცო ღვთის მიმართ ან როგორ უნდა შედგა ფეხი სულიერებაში. ხოლო თუ არ გესმის, როგორ მოქმედებს სატანა ადამიანების შეცდენასა და შეფერხებაში, მაშინ არ იცი, როგორ უარყო სატანა და მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში. თუ როგორ აღასრულებს საქმეს სულიწმიდა და როგორ მოქმედებს სატანა, არის ის, რაც ადამიანებს უნდა ესმოდეთ და რაც აუცილებლად უნდა გამოსცადონ ღვთისადმი რწმენის გზაზე.