საქმე და შესვლა (6)
საქმე და შესვლა თავისი არსით პრაქტიკული ცნებებია; ისინი გულისხმობს ღმერთის საქმესა და ადამიანის შესვლას. ადამიანის სრული უუნარობის გამო, ჩასწვდომოდა ღმერთის ჭეშმარიტ სახესა და ღმერთის საქმეს, მის შესვლას უკიდურესი სირთულე შეუქმნა. დღემდე ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რა საქმეს აღასრულებს ღმერთი უკანასკნელ დღეებში, ან რატომ დაითმინა ღმერთმა უდიდესი დამცირება, რათა განკაცებულიყო და ადამიანის გვერდით ყოფილიყო ლხინსა თუ ჭირში. ღმერთის საქმის მიზნიდან დაწყებული, უკანასკნელი დღეების ღმერთის გეგმის დანიშნულებით დამთავრებული, ადამიანს წარმოდგენა არ აქვს ამ ყოველივეს შესახებ. სხვადასხვა მიზეზის გამო, ადამიანები მუდამ გულგრილად და ორაზროვნად[1] ეკიდებოდნენ იმ შესვლას, რომელსაც ღმერთი მათგან მოითხოვს, რამაც უდიდესი სირთულეები შეუქმნა ხორცშესხმული ღმერთის საქმეს. ჩანს, რომ ადამიანები დაბრკოლებად იქცნენ და დღემდე გაურკვევლობაში რჩებიან. ამ მიზეზის გამო, ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ იმ საქმეზე, რომელსაც ღმერთი ადამიანზე აღასრულებს, და ღმერთის გადაუდებელ განზრახვაზე, რათა ყველა თქვენგანი იქცეთ ღმერთის ერთგულ მსახურად, რომელიც, იობის მსგავსად, უმალ მოკვდებით, ვიდრე ღმერთს უარყოფთ, და დაითმენთ ყოველგვარ დამცირებას; და რომლებიც, პეტრეს მსგავსად, მთელს თქვენს არსებას შესწირავთ ღმერთს და გახდებით ღმერთის ახლობელი, რომელსაც ის უკანასკნელ დღეებში შეიძენს. ნეტავ ყველა და-ძმამ შეძლოს ყოვლის გაღება და საკუთარი არსების შეწირვა ღმერთის ზეციური ნებისადმი, რათა გახდნენ წმინდა მსახურნი ღმერთის სახლში და დატკბნენ ღმერთის მიერ ბოძებული უსასრულო აღთქმით, ისე, რომ მამა ღმერთის გულმა მალე ჰპოვოს მშვიდი განსვენება. „აღასრულე მამა ღმერთის ნება“ უნდა იყოს ყოველი ღვთისმოყვარე ადამიანის დევიზი. ეს სიტყვები ადამიანისთვის უნდა იყოს გზამკვლევი შესვლისას და კომპასი, რომელიც მის მოქმედებებს წარმართავს. სწორედ ასეთი სიმტკიცე მართებს ადამიანს. დედამიწაზე ღმერთის საქმის სრულყოფილად დასრულება და ხორციელად მყოფი ღმერთის საქმესთან თანამშრომლობა — ეს არის ადამიანის ვალი იქამდე, ვიდრე ერთ დღეს, როცა ღმერთის საქმე დასრულდება, ადამიანი სიხარულით გამოეთხოვება მას, როცა ის დაუბრუნდება ზეციერ მამას. განა ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს?
როდესაც მადლის ეპოქაში ღმერთი მესამე ცაზე დაბრუნდა, კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე ფაქტობრივად უკვე გადასული იყო მის დასკვნით ეტაპზე. რაც დედამიწაზე დარჩა, იყო მხოლოდ ის ჯვარი, რომელიც იესომ ზურგით ზიდა, ტილოს კვართი, რომელშიც იესო იყო გახვეული, და ეკლის გვირგვინი და ალისფერი სამოსი, რომელსაც იესო ატარებდა (ის იყო საგნები, რომლებითაც ებრაელები მას დასცინოდნენ). საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც იესოს ჯვარცმამ დიდი სენსაცია გამოიწვია, სიტუაცია კვლავ დამშვიდდა. იქიდან მოყოლებული, იესოს მოწაფეებმა დაიწყეს მისი საქმის გაგრძელება, ეკლესიების დამწყემსვა და სულიერად დარწყულება ყველგან. მათი საქმის შინაარსი ასეთი იყო: ისინი ყველას სთხოვდნენ მონანიებას, ცოდვების აღსარებასა და ნათლობას; მოციქულები ყველგან ავრცელებდნენ იესოს ჯვარცმის რეალურ და შეულამაზებელ ამბავს, რის გამოც ყველას უჩნდებოდა სურვილი, მუხლმოდრეკილიყო იესოს წინაშე ცოდვების მოსანანიებლად; გარდა ამისა, მოციქულები ყველგან ქადაგებდნენ იესოს მიერ ნათქვამ სიტყვებს. სწორედ აქედან დაიწყო ეკლესიების მშენებლობა მადლის ეპოქაში. ის, რასაც იესო იმ ეპოქაში აკეთებდა, ასევე იყო საუბარი ადამიანის ცხოვრებაზე და ზეციერი მამის განზრახვებზე, თუმცა, რადგან სხვა ეპოქა იყო, ბევრი ნათქვამი და პრაქტიკა დიდად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. თუმცა არსებითად ისინი ერთი და იგივეა: ორივე ხორცშესხმული ღმერთის სულის საქმეა, ზუსტად და სავსებით. ამგვარი საქმე და გამონათქვამები დღემდე გრძელდება და მსგავსი რამ დღესაც ვრცელდება რელიგიურ ინსტიტუტებში, სრულიად უცვლელად. როდესაც იესოს საქმე დასრულდა და ეკლესიები უკვე იესო ქრისტეს სწორ გზაზე დადგნენ, ღმერთმა მაინც წამოიწყო თავისი გეგმის კიდევ ერთი ეტაპი, რაც იყო მისი განკაცების საქმე უკანასკნელ დღეებში. ადამიანის წარმოდგენით, ღმერთის ჯვარცმამ უკვე დაასრულა ღმერთის განკაცების საქმე, გამოისყიდა მთელი კაცობრიობა და მას ჰადესის გასაღების ხელში ჩაგდების საშუალება მისცა. ყველას ჰგონია, რომ ღმერთის საქმე სრულად აღსრულდა. სინამდვილეში, ღმერთის თვალსაზრისით, მისი საქმის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დასრულებული. მან მხოლოდ გამოისყიდა კაცობრიობა; მას არ დაუპყრია კაცობრიობა და, მით უმეტეს, არ შეუცვლია ადამიანის სატანური იერსახე. აი, რატომ ამბობს ღმერთი: „თუმცა ჩემმა განკაცებულმა ხორცმა სიკვდილის ტკივილი გაიარა, ეს არ იყო ჩემი განკაცების მთელი მიზანი. იესო ჩემი საყვარელი ძეა და ის ჩემთვის ჯვარს აცვეს, მაგრამ მას ბოლომდე არ დაუსრულებია ჩემი საქმე. მან მხოლოდ მისი ნაწილი შეასრულა“. ამგვარად, ღმერთმა წამოიწყო გეგმების მეორე რაუნდი განკაცების საქმის გასაგრძელებლად. ღმერთის საბოლოო განზრახვა იყო სატანის კლანჭებიდან დახსნილი ყველა ადამიანის სრულყოფა და დაპყრობა, რის გამოც ღმერთი კვლავ მოემზადა ხორციელად მოსვლის საფრთხისთვის. „განკაცებაში“ იგულისხმება ის, ვისაც არ მოაქვს დიდება (რადგან ღმერთის საქმე ჯერ არ დასრულებულა), არამედ ვლინდება საყვარელი ძის ვინაობით და არის ქრისტე, რომლის მიმართ ღმერთი კეთილგანწყობილია. სწორედ ამიტომ ეწოდება ამას „რისკზე წასვლა“. განკაცებული ხორცი მცირე ძალისაა და უდიდესი სიფრთხილე[2] მართებს; მისი ძალა რადიკალურად განსხვავდება ზეციერი მამის ძალაუფლებისგან. ის მხოლოდ ხორცის მსახურებას ასრულებს, აღასრულებს მამა ღმერთის საქმესა და მის დავალებას სხვა საქმეებში ჩაურევლად და მხოლოდ საქმის ერთ ნაწილს აღასრულებს. სწორედ ამიტომ ეწოდა ღმერთს „ქრისტე“ დედამიწაზე მოსვლისთანავე — ეს არის ამ სახელში ჩაქსოვილი მნიშვნელობა. მიზეზი, რის გამოც ნათქვამია, რომ მის მოსვლას თან ახლავს გამოცდები, არის ის, რომ მხოლოდ საქმის ერთი ნაწილი სრულდება. გარდა ამისა, მიზეზი, რის გამოც მამა ღმერთი მას მხოლოდ „ქრისტეს“ და „საყვარელ ძეს“ უწოდებს, მაგრამ არ აძლევს მას მთელ დიდებას, სწორედ ის არის, რომ განკაცებული ხორცი მოდის ერთი კონკრეტული საქმის შესასრულებლად და არა ზეციერი მამის წარმოსაჩენად, არამედ საყვარელი ძის მსახურების აღსასრულებლად. როდესაც საყვარელი ძე სრულად აღასრულებს იმ დავალებას, რომელიც მან იტვირთა, მაშინ მამა მისცემს მას სრულ დიდებას მამის იდენტობასთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის „ზეციური კოდექსი“. რადგან ის, ვინც ხორციელად მოვიდა, და ზეციერი მამა ორ სხვადასხვა სამყაროში არიან, ისინი ერთმანეთს მხოლოდ სულით ჭვრეტენ; მამა თვალს ადევნებს საყვარელ ძეს, მაგრამ ძეს არ შეუძლია მამის ხილვა შორიდან. სწორედ იმიტომ, რომ ფუნქციები, რომელთა შესრულება ხორცს შეუძლია, ერთობ მცირეა, და პოტენციურად მისი მოკვლა ნებისმიერ მომენტში შეიძლება, შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსვლა უდიდესი საფრთხით არის აღსავსე. ეს უტოლდება იმას, რომ ღმერთმა კიდევ ერთხელ დათმო თავისი საყვარელი ძე ვეფხვის ხახაში ჩასაგდებად, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მოათავსა ის იქ, სადაც სატანა ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული. ასეთ სავალალო გარემოებებშიც კი, ღმერთმა მაინც გადასცა თავისი საყვარელი ძე უწმინდურებითა და თავაშვებულობით აღსავსე ადგილის ხალხს, რათა მათ „იგი სრულწლოვანებამდე აღეზარდათ“. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ასე შეიძლებოდა ღმერთის საქმე ყოფილიყო შესაფერისი და ბუნებრივი, და მხოლოდ ასე შეიძლებოდა მამა ღმერთის ყველა სურვილის აღსრულება და კაცობრიობაში მისი საქმის ბოლო ნაწილის დასრულება. იესომ მხოლოდ მამა ღმერთის საქმის ერთი ეტაპი აღასრულა. განკაცებით გამოწვეული ბარიერისა და შესასრულებელი საქმის განსხვავების გამო, თავად იესომაც არ იცოდა, რომ იქნებოდა ხორციელად მეორედ დაბრუნება. ამიტომაც ბიბლიის ვერცერთმა განმმარტებელმა თუ წინასწარმეტყველმა ვერ გაბედა აშკარად ეწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი კვლავ განკაცდებოდა უკანასკნელ დღეებში, ანუ კვლავ მოვიდოდა ხორციელად, რათა აღესრულებინა ხორციელად მოქმედების მეორე ნაწილი. ამგვარად, ვერავინ მიხვდა, რომ ღმერთი უკვე დიდი ხანია იმალება ხორცში. გასაკვირიც არაა, რადგან იესომ მხოლოდ მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ მიიღო ეს დავალება, ამიტომაც არ არსებობს მკაფიო წინასწარმეტყველება ღმერთის მეორე განკაცების შესახებ, და ეს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. ბიბლიის მრავალ წინასწარმეტყველურ წიგნში არ მოიპოვება სიტყვები, რომლებიც ამას მკაფიოდ ახსენებს. მაგრამ როდესაც იესო მოვიდა სამოქმედოდ, უკვე არსებობდა მკაფიო წინასწარმეტყველება, რომ ქალწული მუცლად იღებდა და შობდა ძეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის სულიწმიდისგან ჩაისახებოდა. მიუხედავად ამისა, ღმერთმა მაინც თქვა, რომ ეს სიკვდილის რისკის ფასად მოხდა, რამდენად უფრო სარისკო იქნებოდა ეს დღეს? გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ამბობს: ეს განკაცება ათასჯერ მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე ეს მადლის ეპოქაში იყო. ბევრ ადგილას ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ის შეკრებს გამარჯვებულთა ჯგუფს სინიმის მიწაზე - სწორედ სამყაროს აღმოსავლეთში უნდა მოხდეს გამარჯვებულთა შეკრება. ამდენად, ადგილი, სადაც ღმერთი მეორე განკაცებით დადგამს ფეხს, უეჭველად სინიმის მიწაა, ზუსტად ის ადგილი, სადაც დიდი წითელი დრაკონია დახვეული. იქ ღმერთი შეკრებს დიდი წითელი დრაკონის შთამომავლებს, რათა ის სამუდამოდ დამარცხდეს და შერცხვენილი იქნას. ღმერთი აპირებს, გააღვიძოს ეს ტანჯვის უღელქვეშ მყოფი ხალხი, გააღვიძოს ისინი სრულ გამოფხიზლებამდე, გამოიყვანოს ბურუსიდან და აიძულოს, უარყონ დიდი წითელი დრაკონი. ისინი გამოიღვიძებენ სიზმრიდან, შეიცნობენ დიდი წითელი დრაკონის არსს, შეძლებენ, მთელი გული ღმერთს მიანდონ, აღუდგებიან ბნელი ძალების ჩაგვრას, ფეხზე დადგებიან სამყაროს აღმოსავლეთში და იქცევიან ღვთის გამარჯვების დასტურად. მხოლოდ ამგვარად მოიპოვებს ღმერთი დიდებას. მხოლოდ ამ მიზეზით, ღმერთმა ისრაელში დასრულებული საქმე გადმოიტანა მიწაზე, სადაც დიდი წითელი დრაკონია დახვეული, წასვლიდან თითქმის ორი ათასი წლის შემდეგ, ის კვლავ განკაცდა, რათა განაგრძოს მადლის ეპოქის საქმე. ადამიანის შიშველი თვალისთვის ღმერთი ახალ საქმეს იწყებს ხორცშესხმული. თუმცა ღვთის თვალსაზრისით, ის მადლის ეპოქის საქმეს აგრძელებს, ოღონდ რამდენიმე ათასწლიანი შუალედის შემდეგ და მხოლოდ თავისი საქმის ადგილისა და გეგმის შეცვლით. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ საქმეში ხორციელი სხეულის ხატი იესოსგან სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, ისინი ერთი და იმავე არსიდან და ფესვიდან მოდიან და ერთი და იგივე წყარო აქვთ. შესაძლოა, გარეგნულად მათ შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ მათი საქმის ნამდვილი ისტორია სრულიად იდენტურია. ბოლოს და ბოლოს, ეპოქები ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე. ამგვარად, როგორ შეიძლება ღვთის საქმე უცვლელ ნიმუშს მისდევდეს? ან როგორ შეიძლება, მისი საქმის სხვადასხვა ეტაპი ერთმანეთს უშლიდეს ხელს?
იესომ მიიღო ებრაელის გარეგნობა, მოირგო ებრაული სამოსი და გაიზარდა ებრაული საზრდოთი. ეს არის მისი ნორმალური ადამიანური ასპექტი. მაგრამ დღეს განკაცებული ხორციელი იღებს აზიის მოქალაქის სახეს და იზრდება დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ღმერთის განკაცების მიზანს. პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს და ღმერთის განკაცების ჭეშმარიტ მნიშვნელობას უფრო სრულყოფილად წარმოაჩენენ. რადგან განკაცებულ ხორციელს „ძე კაცისა“ ან „ქრისტე“ ეწოდება, დღევანდელი ქრისტეს გარეგნობაზე ვერ ვისაუბრებთ იმავე ტერმინებით, რომლებითაც იესო ქრისტეზე ვსაუბრობდით. საბოლოო ჯამში, ამ ხორციელსაც „ძე კაცისა“ ეწოდება და მას ხორციელი სხეულის იერ-სახე აქვს. ღმერთის საქმის ყოველ ეტაპს მეტად ღრმა მნიშვნელობა აქვს. მიზეზი, რის გამოც იესო სულიწმიდისგან ჩაისახა, იყო ის, რომ მას ცოდვილები უნდა გამოესყიდა. ის უნდა ყოფილიყო უცოდველი. მაგრამ მხოლოდ ბოლოს, როცა იძულებული გახდა, დამსგავსებოდა ცოდვილ ხორცს და საკუთარ თავზე აეღო ცოდვილთა ცოდვები, მან დაიხსნა ისინი დაწყევლილი ჯვრისგან, ჯვრისგან, რომლითაც ღმერთი კიცხავდა კაცობრიობას. (ჯვარი ღმერთის იარაღია კაცობრიობის დასაწყევლად და გასაკიცხად; როდესაც წყევლა და გაკიცხვაა ნახსენები, ეს კონკრეტულად ცოდვილებს ეხება.) მიზანი იყო ის, რომ ყველა ცოდვილს მოენანიებინა და ჯვარცმის მეშვეობით აღსარებით ეღიარებინა საკუთარი ცოდვები. ანუ მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის გამო, ღმერთი განკაცდა ხორციელ სხეულში, რომელიც სულიწმიდისგან ჩაისახა და საკუთარ თავზე იკისრა მთელი კაცობრიობის ცოდვები. ყოველდღიური ენით რომ ვთქვათ, მან წმინდა ხორციელი სხეული გაიღო ყველა ცოდვილის სანაცვლოდ; ეს იგივეა, რაც იესოს სატანის წინაშე „ცოდვის მსხვერპლად“ დაყენება, რათა „შეევედროს“ სატანას, დაუბრუნოს ღმერთს მთელი ის უმანკო კაცობრიობა, რომელსაც ის თელავდა. აი, რატომ იყო სულიწმიდის მიერ ჩასახვა აუცილებელი გამოსყიდვის საქმის ამ ეტაპის შესასრულებლად. ეს იყო აუცილებელი პირობა, „სამშვიდობო ზავი“ მამა ღმერთსა და სატანას შორის ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც იესო სატანას გადაეცა, დასრულდა საქმის ეს ეტაპი. თუმცა ღმერთის გამოსყიდვის საქმემ დღეს უპრეცედენტო დიდებულებას მიაღწია, და სატანას აღარ აქვს საბაბი მოთხოვნების წასაყენებლად, ამიტომ ღმერთს აღარ სჭირდება სულიწმიდისგან ჩასახვა განკაცებისთვის. რადგან ღმერთი თავისი არსით წმინდა და უმანკოა, ღმერთი ამ განკაცებისას აღარ არის მადლის ეპოქის იესო. თუმცა ის კვლავ განკაცებულია მამა ღმერთის ნების გამო და მამა ღმერთის სურვილების აღსასრულებლად. განა ეს არაგონივრული ახსნაა?
განა ღმერთის განკაცება წესებს უნდა ემორჩილებოდეს? ბევრი ეძებს ბიბლიაში მტკიცებულებებს იმ იმედით, რომ იპოვის წინასწარმეტყველებას ღმერთის განკაცების შესახებ. როგორ შეუძლია ადამიანს, თავისი არეული და დაქსაქსული ფიქრებით იცოდეს, რომ ღმერთმა დიდი ხანია შეწყვიტა „საქმიანობა“ ბიბლიაში და „გადააბიჯა“ მის საზღვრებს, რათა ენთუზიაზმით შეუდგეს იმ საქმეს, რომელიც დიდი ხნის წინ დაგეგმა, მაგრამ ადამიანისთვის არასოდეს უთქვამს? ადამიანებს მეტისმეტად აკლიათ გონიერება. ღმერთის ხასიათის მცირედი შეცნების შემდეგაც კი, ისინი ადიან ტრიბუნაზე, სხდებიან მაღალი კლასის „ინვალიდის ეტლში“ და სრული გულგრილობით აკვირდებიან ღმერთის საქმეს, იქამდეც კი მიდიან, რომ იწყებენ ღმერთის დამოძღვრას პომპეზური და ბუნდოვანი საუბრებით ყველაფერზე, რაც კი ამქვეყნად არსებობს. მრავალი „ხანდაზმული მამაკაცი“, საკითხავი სათვალეებითა და წვერზე ხელის ჩამოსმით, შლის „ძველი ალმანახის“ (ბიბლიის) გაყვითლებულ ფურცლებს, რომელსაც მთელი ცხოვრება კითხულობს. ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვებითა და თითქოს სულით მოელვარე თვალებით ის ხან იოანეს გამოცხადებას მოიხმობს, ხან დანიელის წიგნს და ხან ესაიას წიგნს, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. გვერდიდან გვერდზე წვრილი სიტყვებით გაჭედილ ტექსტს მდუმარედ კითხულობს, მისი ტვინი შეუჩერებლად მუშაობს. მოულოდნელად, ხელი, რომელიც წვერს ეფერებოდა, ჩერდება და მის გლეჯას იწყებს. დროდადრო ისმის წვერის წიწკვნის ხმა. ასეთი უცნაური საქციელი გაოცებას იწვევს. „რატომ იყენებს ასეთ ძალას? რაზეა ასე განრისხებული?“ კვლავ ვუყურებთ მოხუცს და ვხედავთ, რომ მისი წარბები ახლა შეკრულია. ჭაღარა წარბები, ბატის ბუმბულის მსგავსი, თითქოს შემთხვევით, თუმცა საოცარი სიზუსტით ორი სანტიმეტრით ჩამოშვებულა ამ მოხუცის ქუთუთოებიდან, სანამ ის თვალს არ აშორებს ფურცლებს, რომლებიც დაობებულივით გამოიყურება. მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე გადახედავს იმავე გვერდებს, ის თავს ვეღარ იკავებს, ფეხზე წამოხტება და ლაპარაკს იწყებს, თითქოს ვინმეს ეჭორავებოდეს[3], თუმცა მისი თვალებიდან გამომავალი ელვარება ალმანახზეა მიპყრობილი. უცებ ის ხურავს მიმდინარე გვერდს და „სხვა სამყაროს“ მიაშურებს. მისი მოძრაობები ისეთი აჩქარებული[4] და შემაშინებელია, რომ თითქმის ყველას აკვირვებს. ამასობაში თაგვი, რომელიც თავისი სოროდან გამოძვრა და კაცის დუმილის დროს თავს უკვე მშვიდად გრძნობდა, ისე ფრთხება მისი მოულოდნელი მოძრაობებით, რომ ელვის სისწრაფით გარბის უკან სოროში და კვამლივით უჩინარდება, რომ აღარასოდეს გამოჩნდეს. და ახლა მოხუცის მარცხენა ხელი დროებით შეჩერებულ მოძრაობას აგრძელებს — წვერს ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით ეფერება. ის დგება თავისი ადგილიდან და წიგნს მაგიდაზე ტოვებს. კარის ნაპრალიდან და ღია ფანჯრიდან შემოსული ქარი უბოდიშოდ ხურავს წიგნს და მერე კვლავ შლის. ამ სცენას გამოუთქმელი სევდა დაჰკრავს, და გარდა იმ ხმებისა, რომლებითაც ქარი წიგნის ფურცლებს აშრიალებს, თითქოს ყველა ქმნილება დადუმებულა. ის კი, ზურგს უკან ხელდაკრეფილი, ოთახში წინ და უკან დადის, ხან ჩერდება, ხან გზას განაგრძობს, დროდადრო თავს აქნევს და თითქოს იმეორებს სიტყვებს: „ოჰ! ღმერთო! ნუთუ მართლა იზამ ამას?“ დროდადრო ის თავის დაკვრით ამბობს: „ღმერთო ჩემო! ვის შეუძლია შენი საქმის წვდომა? ძალიან რთულია შენი ნაკვალევის ძიება? მჯერა, რომ საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არ შექმნი პრობლემებს“. ამ დროს მოხუცს წარბები შეკრული აქვს და თვალებს მაგრად ხუჭავს, სახეზე უხერხულობა და უდიდესი ტკივილი ეხატება, თითქოს აპირებს ნელა და გააზრებულად რაღაცის გამოთვლას. საწყალი მოხუცი! მთელი ცხოვრება იცხოვრა და მერე „საუბედუროდ“ ასე გვიან გადაეყარა ამ ამბავს. რისი გაკეთება შეიძლება? მეც საგონებელში ვარ და არაფერი შემიძლია. ვისი ბრალია, რომ მისი ძველი ალმანახი დროთა განმავლობაში ყვითლდება? ვისი ბრალია, რომ მისი წვერი და წარბები, თეთრი თოვლივით, დაუნდობლად ფარავს მისი სახის ნაწილებს? თითქოს მისი წვერი მის ხანდაზმულობას გამოხატავს. მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ადამიანი იმ დონემდე გასულელდებოდა, რომ ღმერთის მყოფობას ძველ ალმანახში დაუწყებდა ძებნას? რამდენი ფურცელი შეიძლება ჰქონდეს ძველ ალმანახს? ნუთუ შესაძლებელია მასში სრული სიზუსტით იყოს აღბეჭდილი ღმერთის ყველა საქმე? ვინ გაბედავს ამის გარანტირებას? თუმცა ადამიანი მართლაც ფიქრობს ღმერთის გამოცხადების ძიებას და ღმერთის განზრახვების დაკმაყოფილებას სიტყვების ანალიზითა და წვრილმანებში ჩაძიებით,[5] იმ იმედით, რომ ამგვარად შევა სიცოცხლეში. განა ამრიგად სიცოცხლეში შესვლა ისეთივე ადვილია, როგორც ჟღერს? განა ეს უაღრესად აბსურდული და უაზრო მსჯელობა არ არის? ეს სასაცილოდ არ გეჩვენებათ?
სქოლიო:
1. „ორაზროვანი“ მიუთითებს, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ ღმერთის საქმის ნათელი ხედვა.
2. „მცირე ძალისაა და უდიდესი სიფრთხილე მართებს“ მიუთითებს, რომ ხორციელი სირთულეები ძალიან ბევრია, ხოლო შესასრულებელი საქმე ძალიან შეზღუდული.
3. „ჭორაობა“ — მეტაფორა იმ ადამიანთა უსიამოვნო სახეზე, როდესაც ისინი ღმერთის საქმეს იკვლევენ.
4. „აჩქარებული“ მიუთითებს „მოხუცის“ მოუთმენელ მოძრაობებზე, როდესაც იგი ბიბლიას მიმართავს .
5. „სიტყვების ანალიზითა და წვრილმანებში ჩაძიებით“ – გამოიყენება ცრუ ლოგიკის ექსპერტების დასაცინად, რომლებიც ჭეშმარიტებას არ ეძიებენ ან არ იციან სულიწმიდის საქმე.