რატომ არ გსურს, იყო საპირისპირო ფონი?
ისინი, ვინც დაპყრობილნი არიან, საპირისპირო ფონს წარმოადგენენ, და მხოლოდ სრულყოფის შემდეგ ხდებიან ადამიანები უკანასკნელი დღეების საქმის ეტალონები და ნიმუშები. სრულყოფამდე ისინი არიან საპირისპირო ფონები, ინსტრუმენტები და ასევე მსახურების ობიექტები. ისინი, ვინც ღმერთმა სრულად დაიპყრო, არიან მისი მართვის საქმის კრისტალიზაცია, ასევე, ეტალონები და ნიმუშები. ეს სიტყვები, რომლებიც მე გამოვიყენე ასეთი ადამიანების აღსაწერად, შესაძლოა, არაფრით გამორჩეული იყოს, მაგრამ ისინი ბევრ საინტერესო ამბავს ამჟღავნებენ. თქვენ, მცირე რწმენის მქონენო, ყოველთვის იკამათებთ არაფრით გამორჩეული წოდების გამო მანამ, სანამ სახე არ გაგიწითლდებათ და ზოგჯერ ამას შედეგად განხეთქილებაც კი მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მცირე წოდებაა, თქვენს გონებაში გჯერათ, რომ ეს არ არის უმნიშვნელო წოდების საკითხი, არამედ რაღაც მნიშვნელოვანი, რაც თქვენს ბედს ეხება. ასე რომ, ისინი, ვინც გონიერნი არ არიან, ხშირად დიდ დანაკლისს განიცდიან ამ წარმოუდგენლად ტრივიალური საკითხის გამო — ეს არის მცირედის დაზოგვა, ოღონდ ბევრის დაკარგვის ფასად. მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო წოდების გამო, თქვენ გაიქცევით და აღარასოდეს დაბრუნდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენთვის სიცოცხლე ძალიან უმნიშვნელოა და ზედმეტად აფასებთ იმ სახელებს, რომლითაც თქვენ მოგიხსენიებენ. ასე რომ, თქვენს სულიერ სიცოცხლეში და თქვენს პრაქტიკულ ცხოვრებაშიც, თქვენი წარმოდგენების გამო ხშირად მოიფიქრებთ ბევრ ჩახლართულ და უცნაურ ისტორიას სტატუსის შესახებ. შესაძლოა, არ აღიაროთ ეს, მაგრამ მე გეტყვით, რომ ასეთი ადამიანები ნამდვილად არსებობენ რეალურ ცხოვრებაში, თუმცა თქვენ ჯერ ინდივიდუალურად არ მხილებულხართ. ამგვარი რამეები თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში მომხდარა. თუ არ გჯერა, უბრალოდ გაეცანი ქვემოთ მოცემულ მცირე ეპიზოდს ერთ-ერთი დის (ან ძმის) ცხოვრებიდან. შესაძლოა ეს ადამიანი სინამდვილეში შენ ხარ, ან იქნებ ვინმეა, ვისაც შენს ცხოვრებაში იცნობ. თუ არ ვცდები, ეს ეპიზოდი აღწერს გამოცდილებას, რომელიც შენც გადაგხდენია თავს. აღწერაში არაფერია გამორჩენილი, არცერთი აზრი თუ იდეა არ არის გამოტოვებული; ყველაფერი სრულად არის ჩაწერილი ამ ისტორიაში. თუ არ გჯერა, ჯერ უბრალოდ წაიკითხე.
ეს არის „სულიერი ადამიანის“ ერთი მცირე გამოცდილება.
ის შეშფოთდა, როდესაც დაინახა, რომ ბევრი რამ, რასაც ეკლესიაში ძმები და დები აკეთებდნენ, არ შეესაბამებოდა ღვთის განზრახვებს. ამიტომ საყვედურით მიმართა მათ და თქვა: „თქვენ, უსინდისო არამზადებო! რატომ სჩადიხართ რეალურად არაკეთილსინდისიერ საქმეებს? რატომ არ ეძიებთ ჭეშმარიტებას, ნაცვლად თქვენი სურვილების დაკმაყოფილებისა? ... და ამას გეუბნებით თქვენ, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი თავი მძულს. ვხედავ, რომ ღმერთი მოუთმენლობით იწვის და მეც შინაგანად ალმური მედება. მე ჭეშმარიტად მზად ვარ, სრულად შევასრულო ის საქმე, რომელიც ღმერთმა მომანდო და ჭეშმარიტად მსურს, კარგად გემსახუროთ თქვენ. უბრალოდ, ახლა ძალიან უძლური ვარ. ღმერთმა ამდენი დრო დახარჯა ჩვენზე და ამდენი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ჩვენ კვლავ იგივენი ვართ. გულში ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღვთის წინაშე დიდი ვალი მაქვს...“ (მას ცრემლები წამოუვიდა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.) შემდეგ ლოცვა დაიწყო: „ღმერთო! გევედრები, მომცე ძალა და შემძრა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, და დაე, შენმა სულმა იმოქმედოს ჩემში. მე მზად ვარ, შენთან ვითანამშრომლო. ოღონდ კი საბოლოოდ დიდება შენ მოიპოვო, მზად ვარ, ახლავე მთელი ჩემი თავი შენ მოგიძღვნა. მზად ვარ სიცოცხლეც კი გავწირო, ოღონდ კი შევძლოთ დიდი ქება-დიდების აღვლენა და ოღონდ კი ჩვენმა ძმებმა და დებმა შეძლონ სიხარულით იმღერონ და იცეკვონ შენი წმინდა სახელის სადიდებლად, შენს განსადიდებლად, შენს გამოსავლენად, რათა დარწმუნდნენ, რომ შენი საქმე ჭეშმარიტია და მზად იყვნენ, გულისხმიერებით მოეკიდონ ტვირთს, რომელსაც ატარებ...“ ის ამგვარი გულმოდგინებით ლოცულობდა და სულიწმინდამ მართლაც დააკისრა მას ტვირთი. იმ პერიოდში ის განსაკუთრებით დატვირთული იყო და მთელ დღეებს კითხვაში, წერასა და მოსმენაში ატარებდა. მაქსიმალურად დაკავებული იყო. ის შესანიშნავ სულიერ მდგომარეობაში იყო, გულში კი – ყოველთვის ენერგიული და პასუხისმგებლობით დატვირთული. დროდადრო სუსტდებოდა და სირთულეებსაც ეჯახებოდა, მაგრამ მალევე უბრუნდებოდა თავის ნორმალურ მდგომარეობას. ამგვარი პერიოდის შემდეგ, მან სწრაფად მიაღწია პროგრესს: შეძლო ღვთის მრავალი სიტყვის გაგებამდე მისვლა და ასევე სწრაფად ისწავლა საგალობლები. მთლიანობაში, მისი სულიერი მდგომარეობა შესანიშნავი იყო. როდესაც დაინახა, რომ ეკლესიაში ბევრი რამ არ შეესაბამებოდა ღვთის განზრახვებს, ის შეწუხდა, გაღიზიანდა და უსაყვედურა თავის ძმებსა და დებს: „განა ეს არის თქვენი მოვალეობის ერთგულად შესრულება? რატომ არ შეგიძლიათ თუნდაც მცირე ფასის გადახდაც კი? თუ თქვენ ამის გაკეთება არ გსურთ, მე გავაკეთებ ამას...“
როდესაც პასუხისმგებლობის ტვირთს ატარებდა, რაც უფრო მეტად მოქმედებდა მასში სულიწმინდა, მით უფრო მეტად გრძნობდა, რომ მისი რწმენა ძლიერდებოდა. დროდადრო აწყდებოდა გარკვეულ სირთულეებს და ნეგატიურობაც მოეძალებოდა, მაგრამ ახერხებდა მათ გადალახვას. ანუ როდესაც ის სულიწმინდის მოქმედებას გრძნობდა, მაშინაც კი, როცა მისი მდგომარეობა შესანიშნავი იყო, მაინც არ შეეძლო გარკვეული სირთულეების ან გარკვეულწილად დასუსტების თავიდან აცილება. ასეთი რამ გარდაუვლად ხდება, მაგრამ ის მალევე ახერხებდა ამ მდგომარეობებიდან გამოსვლას. როდესაც სისუსტე დაეუფლებოდა, ლოცულობდა და გრძნობდა, რომ მისი საკუთარი სულიერი სიმწიფე მართლაც მცირე იყო, მაგრამ მზად იყო, ღმერთთან ეთანამშრომლა. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებდა ღმერთი, ის მზად იყო შეესრულებინა მისი განზრახვები და დამორჩილებოდა მის ყველა განკარგულებას. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მის მიმართ გარკვეული შეხედულებები და წინასწარგანწყობები ჰქონდათ, მაგრამ მას შეეძლო საკუთარი თავი გვერდზე გადაედო და აქტიურად ჩართულიყო მათთან თანაზიარებაში. ასეთია ადამიანების მდგომარეობა, როდესაც სულიწმინდა თავის ჩვეულებრივ საქმეს ახორციელებს. გარკვეული დროის შემდეგ ღვთის საქმემ ცვლილება დაიწყო და ყველა ადამიანი საქმის სხვა ეტაპზე გადავიდა, სადაც ღმერთს მათ მიმართ განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდა. ასე რომ, წარმოითქვა ახალი სიტყვები, რომლებმაც ადამიანებს ახალი მოთხოვნები წაუყენეს: „... მე თქვენ მიმართ მხოლოდ სიძულვილი მაქვს, კურთხევა კი საერთოდ არა. არასოდეს მიფიქრია თქვენი დალოცვა და არც თქვენი სრულყოფა მიფიქრია, რადგან თქვენ მეტისმეტად ურჩები ხართ. რადგან მრუდენი და მზაკვრები ხართ, რადგან თქვენი სულიერი მონაცემები მწირია და დაბალი სტატუსისანი ხართ, თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩემი ყურადღების ცენტრში ან ჩემს გულში. ჩემი საქმე ერთადერთი განზრახვით სრულდება: რომ თქვენ დაგგმოთ; ჩემი ხელი კი არასოდეს მოგშორებიათ თქვენ, ასევე არც ჩემი გაკიცხვა. მე დღემდე ვაგრძელებ თქვენს განსჯასა და წყევლას. რადგან თქვენ არ გაქვთ ჩემი შეცნობის უნარი, ჩემი რისხვა მუდამ თქვენკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თქვენ შორის ვმუშაობდი, უნდა იცოდეთ, როგორია ჩემი დამოკიდებულება თქვენ მიმართ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ზიზღი — სხვა არავითარი დამოკიდებულება ან შეხედულება არ არსებობს. მე მხოლოდ ის მსურს, რომ თქვენ ჩემი სიბრძნისა და ჩემი დიდი ძალის საპირისპირო ფონები იყოთ. თქვენ სხვა არაფერი ხართ, თუ არა ჩემი საპირისპირო ფონი, რადგან ჩემი სამართლიანობა თქვენი ურჩობის მეშვეობით ვლინდება. მე თქვენ ჩემი საქმის საპირისპირო ფონად გიყენებთ, რათა ჩემი საქმის დანამატი იყოთ...“ როგორც კი მან დაინახა სიტყვები „დანამატი“ და „საპირისპირო ფონი“, ფიქრი დაიწყო: „როგორ უნდა მივყვე ღმერთს ამ სიტყვების შემდეგ? ასეთი ფასის გადახდის შემდეგაც კი, მე მაინც საპირისპირო ფონი ვარ. განა საპირისპირო ფონი უბრალოდ მსახურების შემსრულებელი არ არის? წარსულში ითქვა, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით მსახურების შემსრულებლები, რომ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ხალხი, თუმცა განა დღესაც აქ მსახურების შემსრულებელთა როლში არ ვართ? განა მსახურების შემსრულებლები სიცოცხლისგან დაცლილები არ არიან? რაოდენ დიდი ტანჯვაც არ უნდა გადავიტანო, ღმერთი ამის გამო არ მომიწონებს! მას შემდეგ, რაც საპირისპირო ფონის როლს შევასრულებ, განა ყველაფერი არ დამთავრდება? ...“ რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო მეტად კარგავდა მოტივაციას. თავი კიდევ უარესად იგრძნო, როდესაც ეკლესიაში მივიდა და თავისი ძმებისა და დების მდგომარეობა დაინახა: „თქვენ კარგად არ ხართ! არც მე ვარ კარგად! ნეგატიური გავხდი. ეჰ! რა შეიძლება გაკეთდეს? ღმერთს ჩვენ მაინც არ ვუნდივართ. ამგვარი საქმის კეთებისას შეუძლებელია, რომ მან ნეგატიურები არ გაგვხადოს. არ ვიცი, რა მჭირს. ლოცვაც კი არ მინდა. ყოველ შემთხვევაში, ახლა კარგად არ ვარ და ნამდვილად არ შემიძლია შინაგანი ძალების მოკრება. ბევრჯერ ვილოცე, მაგრამ მაინც არ შემიძლია და არ მსურს გაგრძელება. მე ასე ვხედავ ამას: ღმერთი ამბობს, რომ ჩვენ საპირისპირო ფონები ვართ, მაშ, განა საპირისპირო ფონები უბრალოდ მსახურების შემსრულებლები არ არიან? ღმერთი ამბობს, რომ ჩვენ საპირისპირო ფონები ვართ და არა მისი ძენი ან მისი ხალხი, მით უმეტეს, არა მისი პირველშობილი ძენი. ჩვენ არაფერი ვართ, – მხოლოდ საპირისპირო ფონი. თუ ეს ისაა, რაც ვართ, განა შეიძლება, სახარბიელო შედეგი მივიღოთ? საპირისპირო ფონებს იმედი არ აქვთ, რადგან მათ სიცოცხლე არ გააჩნიათ. ჩვენ რომ მისი ძენი ან მისი ხალხი ვიყოთ, მაშინ იქნებოდა იმედი - შევძლებდით სრულყოფილნი გავმხდარიყავით. განა შეუძლიათ საპირისპირო ფონებს ღვთის სიცოცხლის ტარება? განა შეუძლია ღმერთს სიცოცხლე მიანიჭოს მათ, ვინც მხოლოდ მსახურობს მისთვის? მას ისინი უყვარს, ვისაც მისი სიცოცხლე აქვს და მხოლოდ მათ აქვთ მისი სიცოცხლე, ვინც მისი ძენი და მისი ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური და სუსტი ვარ, იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველანი არ იქნებით ნეგატიურები. ვიცი, რომ ასეთი რეგრესი და ნეგატიურობა ვერ დააკმაყოფილებს ღვთის განზრახვებს, მაგრამ არ მსურს, ვიყო საპირისპირო ფონი. მეშინია, ვიყო საპირისპირო ფონი. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ამდენი ძალაღა დამრჩა და ასე ვეღარ გავაგრძელებ. იმედი მაქვს, რომ არცერთი თქვენგანი მოიქცევა ისე, როგორც მე, არამედ შეძლებთ ჩემგან გარკვეული გაკვეთილის მიღებას. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სჯობს მოვკვდე! სიკვდილის წინ კი ბოლო სიტყვას გიტოვებთ: „მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო ფონები ხართ, იმედი მაქვს, ბოლომდე ასეთებად დარჩებით; შესაძლოა, ბოლოს ღმერთმა საპირისპირო ფონებიც მოიწონოს...“ როდესაც ძმებმა და დებმა ეს დაინახეს, გაუკვირდათ: „როგორ შეიძლება, ასეთი ნეგატიური იყოს? განა ბოლო რამდენიმე დღე სრულიად კარგად არ გრძნობდა თავს? რატომ დაკარგა უცებ ყოველგვარი შემართება? რატომ აღარ იქცევა ნორმალურად?“ მან უპასუხა: „ნუ ამბობთ, რომ ნორმალურად არ ვიქცევი. სინამდვილეში, გულში ყველაფერი ნათლად მაქვს გააზრებული. ვიცი, რომ ღვთის განზრახვები ვერ დავაკმაყოფილე, მაგრამ განა ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ არ მსურს, მისი საპირისპირო ფონი ვიყო? ცუდი არაფერი გამიკეთებია. შესაძლოა, ერთ დღეს ღმერთმა „საპირისპირო ფონის“ წოდება „შექმნილი არსებით“ შეცვალოს, და მეტიც - ისეთი შექმნილი არსებით, რომელსაც ის მნიშვნელოვანი მიზნებისთვის იყენებს. განა ამაში არ არის გარკვეული იმედი? იმედი მაქვს, რომ არ იქნებით ნეგატიურები ან იმედგაცრუებულები და შეძლებთ, განაგრძოთ ღვთის მიყოლა და შეასრულოთ თქვენი, როგორც საპირისპირო ფონის, ფუნქცია. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვეღარ გავაგრძელებ. ჩემ გამო ნუ შეიზღუდებით“. სხვებმა ეს რომ მოისმინეს, თქვეს: „შენ რომც შეწყვიტო მისი მიყოლა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ, რადგან ღმერთი არასოდეს მოგვპყრობია უსამართლოდ. ჩვენ არ დავბრკოლდებით შენი ნეგატიურობის გამო“.
მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს გამოცდილება მიიღო, ის კვლავ ნეგატიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა საპირისპირო ფონად ყოფნის გამო, ამიტომ ვუთხარი მას: „შენ არ გესმის ჩემი საქმე. შენ არ გესმის ჩემი სიტყვების მიღმა არსებული რეალური ისტორია, ან ჩემი სიტყვების არსი და მათი განზრახული შედეგები. შენ არ იცი ჩემი საქმის მიზნები, არც მისი სიბრძნე. შენ არ იაზრებ ჩემს განზრახვებს. შენ მხოლოდ უკან დახევა იცი, რადგან საპირისპირო ფონი ხარ -––შენ ზედმეტად ბევრს ფიქრობ სტატუსზე! როგორი ლაჩარი არამზადა ხარ! წარსულში ამდენი რამ გითხარი. გითხარი, რომ სრულგყოფდი; დაგავიწყდა? განა იმაზე ადრე არ გესაუბრე სრულყოფაზე, ვიდრე საპირისპირო ფონზე ვიტყოდი რამეს?“ „მოიცადე, დავფიქრდე. დიახ, მართალია! შენ მართლაც თქვი ეს ყველაფერი იქამდე, ვიდრე საპირისპირო ფონებზე დაიწყებდი საუბარს!“ „როდესაც სრულყოფაზე ვსაუბრობდი, განა არ ვთქვი, რომ მხოლოდ დაპყრობის შემდეგ იქნებოდნენ ადამიანები სრულყოფილნი?“ „დიახ!“ „განა ჩემი სიტყვები გულწრფელი არ იყო? განა ისინი სარწმუნო არ იყო?“ „დიახ, იყო! შენ ხარ ღმერთი, რომელიც არასდროს ამბობს რაიმე არაკეთილსინდისიერს – ამის უარყოფას ვერავინ გაბედავს. მაგრამ შენ მრავალგვარად საუბრობ.“ „განა ჩემი საუბრის მანერა არ იცვლება საქმის სხვადასხვა ეტაპის მიხედვით? განა ის, რასაც ვამბობ, თქვენი საჭიროებების მიხედვით არ კეთდება და არ ითქმება?“ „შენ ადამიანთა საჭიროებების მიხედვით მუშაობ და აძლევ მათ იმას, რაც სჭირდებათ. ეს არ არის ტყუილი!“ „მაშინ, განა ის, რაც შენთვის მითქვამს, სასარგებლო არ იყო? განა შენი გულისთვის არ გკიცხავდი?“ „როგორ შეგიძლია კვლავ თქვა, რომ ეს ჩემი გულისთვისაა! შენმა გაკიცხვამ თითქმის სიკვდილამდე მიმიყვანა – აღარ მინდა სიცოცხლე. დღეს ამას ამბობ, ხვალ იმას ამბობ. ვიცი, რომ ჩემი სრულყოფა ჩემივე სასიკეთოდაა, მაგრამ შენ არ სრულმყავი – შენ საპირისპირო ფონად მაქციე და მაინც მკიცხავ. შენ გძულვარ, არა? ვერავინ ბედავს შენი სიტყვების დაჯერებას, და მხოლოდ ახლა დავინახე ნათლად, რომ შენი გაკიცხვა მხოლოდ შენს გულში არსებული სიძულვილის დასაცხრომადაა და არა ჩემს გადასარჩენად. შენ ადრე დამიმალე სიმართლე; შენ თქვი, რომ გამხდიდი სრულყოფილს და რომ გაკიცხვა ჩემი სრულყოფისთვის იყო. ამიტომ მე ყოველთვის ვემორჩილებოდი შენს გაკიცხვას; ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დღეს საპირისპირო ფონის წოდებას ვატარებდი. ღმერთო, განა უკეთესი არ იქნებოდა, ნებისმიერ სხვა რამედ რომ გექციე? ნუთუ აუცილებელია, რომ საპირისპირო ფონის ქუდი მომარგო? სასუფევლის კარიბჭის მცველობასაც კი დავთანხმდებოდი. დავრბოდი და ვიხარჯებოდი, მაგრამ ბოლოს ხელცარიელი დავრჩი — სრულიად უპოვარი ვარ. ახლა კი მეუბნები, რომ გსურს შენს საპირისპირო ფონად ვიმოქმედო. როგორღა გამოვაჩინო ჩემი სახე?“ „რაზე ლაპარაკობ? წარსულში ამდენი სამსჯავრო საქმე შევასრულე და შენ ეს არ გესმის? გაქვს საკუთარი თავის ჭეშმარიტი გაგება? განა „საპირისპირო ფონის“ წოდება ასევე სიტყვების განკითხვა არ არის? გგონია, რომ მთელი ჩემი საუბარი საპირისპირო ფონებზე ასევე მეთოდია, შენი განსჯის გზაა? მაშინ როგორ უნდა გამომყვე?“ „ჯერ კიდევ არ დამიგეგმავს, როგორ გამოგყვე. ჯერ უნდა ვიცოდე: ვარ თუ არა საპირისპირო ფონი? შეიძლება თუ არა საპირისპირო ფონებიც გახდნენ სრულყოფილნი? შეიძლება თუ არა „საპირისპირო ფონის“ წოდების შეცვლა? შემიძლია თუ არა, საპირისპირო ფონის როლის შესრულებით მტკიცე მოწმობა გავწიო და შემდეგ გავხდე სრულყოფილი, ღვთის სიყვარულის მაგალითი და ღვთის მახლობელი? შემიძლია გავხდე სრულქმნილი? მითხარი სიმართლე!“ „განა არ იცი, რომ ყველაფერი მუდამ ვითარდება და მუდამ იცვლება? თუ ამჟამად მზად ხარ, რომ დამორჩილდე და იყო საპირისპირო ფონის როლში, შეძლებ შეცვლას. ხარ თუ არა საპირისპირო ფონი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს შენს დანიშნულებასთან . მთავარი ის არის, შეგიძლია თუ არა, იყო ისეთი ადამიანი, ვისაც სიცოცხლე-განწყობა შეეცვლება.“ „შეგიძლია, მითხრა, შეგიძლია თუ არა ჩემი სრულყოფა?“ „სანამ ბოლომდე მომყვები და დამემორჩილები, პირობას გაძლევ, რომ შევძლებ შენს სრულყოფას.“ „და როგორი ტანჯვის გამოვლა მომიწევს?“ „შენ გამოცდი გასაჭირს, ასევე, სიტყვებით განკითხვასა და გაკიცხვას, განსაკუთრებით კი სიტყვებით გაკიცხვას, რომელიც იგივეა, რაც საპირისპირო ფონის როლის შესრულების სასჯელი!“ „იგივე სასჯელი, როგორც საპირისპირო ფონისთვის? კარგი, თუ შენ მიერ სრულყოფილი ვიქნები გასაჭირის გავლით, თუ არსებობს იმედი, მაშინ ეს კარგია. იმედის ნატამალიც კი სჯობს საპირისპირო ფონად ყოფნას. ეს წოდება, „საპირისპირო ფონი“, ისე საშინლად ჟღერს. მე არ მსურს, ვიყო საპირისპირო ფონი!“ „რა არის ასეთი საშინელი საპირისპირო ფონში? განა საპირისპირო ფონები თავისთავად სრულიად კარგები არ არიან? განა საპირისპირო ფონები არ არიან ღირსნი, რომ კურთხევით დატკბნენ? თუ მე ვიტყვი, რომ საპირისპირო ფონებს შეუძლიათ კურთხევით ტკბობა, მაშინ შენც შეძლებ კურთხევით ტკბობას. განა მართალი არ არის, რომ ადამიანთა წოდებები ჩემი სამუშაოს გამო იცვლება? და მაინც, უბრალო წოდება ასე ძალიან გაწუხებს? ღირს, რომ იყო ასეთი საპირისპირო ფონი. გსურს თუ არა გამოყოლა?“ „კარგი, შეგიძლია თუ არა ჩემი სრულყოფა? შეგიძლია, ნება დამრთო, შენი კურთხევით დავტკბე?“ „გსურს ბოლომდე გამოყოლა? გსურს საკუთარი თავის მიძღვნა?“ „ნება მომეცი, დავფიქრდე. საპირისპირო ფონსაც შეუძლია შენი კურთხევით ტკბობა და მისი სრულყოფაც შესაძლებელია. სრულყოფის შემდეგ მე შენი ახლობელი ვიქნები და სრულად ჩავწვდები შენს განზრახვებს, მექნება ის, რაც შენ გაქვს. შევძლებ დავტკბე იმით, რითაც შენ ტკბები, და მეცოდინება ის, რაც შენ იცი... გასაჭირის გავლისა და სრულყოფის შემდეგ, მე შევძლებ კურთხევით ტკბობას. მაშ, კონკრეტულად რა კურთხევით დავტკბები?“ „ნუ ღელავ იმაზე, თუ რა კურთხევით დატკბები. რომც გითხრა, ეს ყველაფერი შენს წარმოდგენას აღემატება. მას შემდეგ, რაც კარგი საპირისპირო ფონი იქნები, შენ იქნები დაპყრობილი და იქნები წარმატებული საპირისპირო ფონი. ეს არის დამორჩილებულის ეტალონი და ნიმუში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეტალონი და ნიმუში მხოლოდ დაპყრობის შემდეგ შეგიძლია გახდე.“ „რა არის ეტალონი და ნიმუში?“ „ეს არის ეტალონი და ნიმუში ყველა წარმართისთვის, ანუ მათთვის, ვინც არ არის დაპყრობილი.“ „რამდენ ადამიანს მოიცავს ეს?“ „ძალიან ბევრ ადამიანს. ეს არ არის მხოლოდ ოთხი თუ ხუთი ათასი თქვენგანი – ყველა, ვინც მთელი მსოფლიოში ამ სახელს მიიღებს, უნდა იქნას დაპყრობილი.“ „ესე იგი, ეს მხოლოდ ხუთი ან ათი ქალაქი არ არის!“ „ახლა ნუ ღელავ ამაზე და ზედმეტად ნუ შეიწუხებ თავს. უბრალოდ ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ როგორ უნდა მოიპოვო შესვლა ახლავე! პირობას გაძლევ, რომ შენ შეგიძლია გახდე სრულყოფილი.“ „რა დონით? და რა კურთხევით შევძლებ ტკბობას?“ „რატომ ღელავ ასე? პირობას გაძლევ, რომ შენ შეგიძლია, გახდე სრულყოფილი. დაგავიწყდა, რომ მე სანდო ვარ?“ „მართალია, რომ შენ სანდო ხარ, მაგრამ შენი საუბრის ზოგიერთი მეთოდი მუდამ იცვლება. დღეს ამბობ, რომ პირობას მაძლევ, რომ შემიძლია გავხდე სრულყოფილი, ხვალ კი შეიძლება თქვა, რომ ეს საეჭვოა. ზოგიერთს კი ეუბნები: „პირობას გაძლევ, რომ შენნაირი ვერ გახდება სრულყოფილი“. არ ვიცი, რა ხდება შენს სიტყვებთან დაკავშირებით. უბრალოდ ვერ ვბედავ დაჯერებას.“ „მაშ, შეგიძლია თუ არა, გაიღო საკუთარი თავი?“ „რა გავიღო?“ „გაიღო შენი პერსპექტივები და იმედები.“ „ამ ყველაფრის დათმობა ადვილია! მთავარი „საპირისპირო ფონის“ წოდებაა – ეს ნამდვილად არ მინდა. თუ ამ წოდებას მომაშორებ, მაშინ ყველაფრისთვის მზად ვიქნები, ყველაფრის გაკეთებას შევძლებ. განა ეს მხოლოდ წვრილმანები არ არის? შეგიძლია ეს დანიშნულება ჩამომართვა?“ „ეს ხომ ძალიან ადვილი იქნებოდა, არა?“ „რადგან შემიძლია, მოგცე ეს წოდება, რა თქმა უნდა, შემიძლია წაგართვა კიდეც. მაგრამ ახლა არ არის ამის დრო. შენ ჯერ უნდა დაასრულო საქმის ამ ეტაპის გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ ახალი წოდების მიღებას. რაც უფრო მეტად გგავს ვინმე შენ, მით უფრო მეტად სჭირდებათ მათ, იყვნენ საპირისპირო ფონი. რაც უფრო მეტად ნერვიულობ იმაზე, რომ საპირისპირო ფონი ხარ, მით უფრო მეტად მოგანიჭებ ამ იარლიყს. შენნაირი ადამიანი მკაცრად უნდა გაიწვრთნას და გაისხლას. რაც უფრო მეტად ურჩია ვინმე, მით უფრო მეტად იქნება მსახურების შემსრულებელი და ბოლოს ვერაფერს მიიღებს.“ „იმის გათვალისწინებით, რომ ასე გულმოდგინედ ვესწრაფვი, რატომ ვერ ვიშორებ „საპირისპირო ფონის“ სახელს? ჩვენ ამდენი წელია მოგყვებით და არცთუ ცოტა ტანჯვა გამოვიარეთ. ბევრი რამ გავაკეთეთ შენთვის; გამოვიარეთ ქარი და წვიმა. ჩვენი ახალგაზრდობა დასასრულს უახლოვდება. არც დავქორწინებულვართ და არც ოჯახები შეგვიქმნია, ხოლო მათ, ვინც ეს გააკეთა, მაინც მიატოვეს ყველაფერი. საშუალო სკოლა დავამთავრე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ შენ მოხვედი, უარი ვთქვი უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე. შენ კი ამბობ, რომ ჩვენ საპირისპირო ფონები ვართ! ჩვენ ამდენი რამ დავკარგეთ! ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შენი საპირისპირო ფონები ვართ. რას იფიქრებენ ჩემზე ჩემი ყოფილი კლასელები და თანატოლები? როდესაც მნახავენ და ჩემს თანამდებობასა და სტატუსზე მკითხავენ, როგორ არ შემრცხვება მათთვის თქმა? თავიდან ყველანაირი ფასი გადავიხადე შენდამი რწმენის გამო და სხვები დამცინოდნენ როგორც იდიოტს. მაგრამ მე მაინც გამოგყევი და ველოდი იმ დროს, როცა ჩემი დღე დადგებოდა, როდესაც ვუჩვენებდი ყველას, ვისაც არ სჯეროდა. ამის ნაცვლად კი დღეს მეუბნები, რომ საპირისპირო ფონი ვარ. ყველაზე დაბალი წოდებაც რომ მოგეცა ჩემთვის, თუნდაც ნება დაგერთო, რომ სასუფევლის ხალხთაგან ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ესეც საკმარისი იქნებოდა! შენი მოწაფე ან შენი ნდობით აღჭურვილი პირიც რომ ვერ გავმხდარიყავი, უბრალოდ შენი მიმდევარიც რომ ვყოფილიყავი, ესეც მეყოფოდა! ამდენი წლის განმავლობაში მოგყვებოდით, მივატოვეთ ჩვენი ოჯახები და აქამდე მოსასვლელად გზის გაგრძელება და სწრაფვა ასეთი ძნელი იყო, და ყველაფერი, რაც ამის სანაცვლოდ მივიღეთ, მხოლოდ „საპირისპირო ფონის“ წოდებაა! მე ყველაფერი მივატოვე შენთვის; უარი ვთქვი ყოველგვარ მიწიერ სიმდიდრესა და დიდებაზე. ადრე ვიღაცამ პოტენციური პარტნიორი გამაცნო. ის მართლაც სიმპათიური და კარგად ჩაცმული იყო; მაღალი რანგის სამთავრობო მოხელის ვაჟი იყო. იმ დროს ის მაინტერესებდა. მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ღმერთი გამოჩნდა და თავის საქმეს ასრულებდა, რომ შენ აპირებდი ჩვენს სასუფეველში შეყვანას და ჩვენს სრულყოფას, და რომ გვთხოვე, გვქონოდა სიმტკიცე, რათა დრო არ დაგვეკარგა და ყველაფერი უკან დაგვეტოვებინა, როგორც კი ეს მოვისმინე, დავინახე, რომ სრულიად მაკლდა სიმტკიცე. შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და უარი ვთქვი იმ შესაძლებლობაზე. ამის შემდეგ მან რამდენჯერმე გამოუგზავნა საჩუქრები ჩემს ოჯახს, მაგრამ ზედაც არ შემიხედავს. გგონია, მაშინ არ ვიყავი განაწყენებული? ეს რაღაც ისეთი კარგი იყო და არაფერი გამოვიდა. როგორ შეიძლებოდა არ გავნაწყენებულიყავი?“ რამდენიმე დღის განმავლობაში ისე ვიყავი ამის გამო შეწუხებული, რომ ღამით ვერ ვიძინებდი, მაგრამ ბოლოს მაინც დავთმე. ყოველ ჯერზე, როცა ვლოცულობდი, წმინდა სული მამოძრავებდა, რომელიც მეუბნებოდა: „მზად ხარ, ყველაფერი გაიღო ჩემთვის? მზად ხარ, დაიხარჯო ჩემთვის?“ როდესაც შენს ამ სიტყვებზე ვფიქრობდი, ვტიროდი. შეძრული ვიყავი და იმდენჯერ ვიტირე სევდისგან, რომ სათვალავი ამერია. ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ ის კაცი დაქორწინდა. ზედმეტია იმის თქმა, რომ გაუბედურებული ვიყავი, მაგრამ შენი გულისთვის ესეც დავთმე. და ეს ყველაფერი ისე, რომ არც კი ვახსენებ ჩემს უხარისხო საკვებსა და ტანსაცმელს – მე უარი ვთქვი იმ ქორწინებაზე, უარი ვთქვი ყოველივე ამაზე, ამიტომ არ უნდა მაიძულო, რომ საპირისპირო ფონი ვიყო! მე უარი ვთქვი ჩემს ქორწინებაზე, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, მხოლოდ იმისთვის, რომ თავი შენთვის შემეწირა. ადამიანის მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა კარგი პარტნიორის პოვნა და ბედნიერი ოჯახის შექმნა. მე დავთმე ეს, ეს ყველაფერზე საუკეთესო, და ახლა არაფერი მაქვს და სრულიად მარტო ვარ. სად გსურს, რომ წავიდე? მას შემდეგ ვიტანჯები, რაც შენ გამოგყევი. კარგი ცხოვრება არ მქონია. უარი ვთქვი ჩემს ოჯახსა და კარიერაზე, ასევე, ყველა ხორციელ სიამოვნებაზე, და ეს ფასი, რომელიც ყველამ გადავიხადეთ, მაინც არ არის საკმარისი შენი კურთხევით დასატკბობად? ახლა კი ეს „საპირისპირო ფონის“ ამბავი. ღმერთო, შენ მეტისმეტი მოგივიდა! შემოგვხედე – ამ ქვეყნად არაფერი გვაქვს დასაყრდენი. ზოგმა ჩვენგანმა შვილები დათმო, ზოგმა დათმო სამუშაო, მეუღლეები[ა] და ასე შემდეგ; ჩვენ უარი ვთქვით ყველა ხორციელ სიამოვნებაზე. კიდევ რისი იმედი დაგვრჩა? როგორ შეგვიძლია, ამ სამყაროში გადარჩენა გავაგრძელოთ? ნუთუ მთელი ეს ფასი, რომელიც გადავიხადეთ, ერთ თეთრადაც არ ღირს? ნუთუ ამას საერთოდ ვერ ხედავ? ჩვენი სტატუსი დაბალია, და ჩვენი სულიერი მონაცემები მწირია – ამას ვეგუებით, მაგრამ ოდესმე არ გავითვალისწინეთ, რაც შენ გსურდა? ახლა კი შეუბრალებლად გვტოვებ და „გვიხდი“ „საპირისპირო ფონის“ წოდებით? ნუთუ ეს მოგვიტანა იმ ფასმა, რომელიც გადავიხადეთ? საბოლოოდ, თუ ხალხი მკითხავს, რა მივიღე ღვთისადმი რწმენით, ნუთუ მართლა შემიძლია, გავუზიარო მათ ეს სიტყვა, „საპირისპირო ფონი“? როგორ შემიძლია, პირი გავაღო და ვთქვა, რომ საპირისპირო ფონი ვარ? ამას ვერც ჩემს მშობლებს ავუხსნი და ვერც ჩემს ყოფილ პოტენციურ პარტნიორს ავუხსნი. ამხელა ფასი გადავიხადე და სანაცვლოდ რასაც ვიღებ, ეს საპირისპირო ფონად ყოფნაა! აჰ! ისე მწყინს!“ (მან დაიწყო ბარძაყებზე ხელების რტყმა და ქვითინი.) „რომ მეთქვა, არ ვაპირებდი შენთვის საპირისპირო ფონის წოდების მოცემას, არამედ ამის ნაცვლად, გაქცევდი ერთ-ერთად ჩემს ხალხთაგან და გეტყოდი, წადი და იქადაგე სახარება, რომ მომეცა შენთვის სტატუსი საქმის შესასრულებლად, შეძლებდი ამის გაკეთებას? სინამდვილეში ამ საქმის თითოეული ნაბიჯიდან რა მიიღე? და მაინც, აქ ხარ და შენი ამბით მიმასპინძლდები – სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გაქვს! შენ ამბობ, რომ ფასი გადაიხადე, მაგრამ არაფერი მიგიღია. ნუთუ დამავიწყდა შენთქვის მეთქვა, რა არის ჩემი პირობები ადამიანის შესაძენად? ვისთვისაა ჩემი საქმე? იცი? აქ ხარ და ძველ წყენებს აცოცხლებ! საერთოდ კიდევ ითვლები ადამიანად? განა ნებისმიერი ტანჯვა, რომელიც გამოსცადე, შენივე ნებით არ იტვირთე? და განა შენი ტანჯვა კურთხევის მისაღებად არ გადაიტანე? შეასრულე ჩემი მოთხოვნები? მხოლოდ კურთხევების მიღება გსურს. სირცხვილი არ გაქვს! როდის იყო ჩემი მოთხოვნები შენს მიმართ სავალდებულო? თუ გსურს გამომყვე, ყველაფერში უნდა დამემორჩილო. ნუ ეცდები პირობებზე მოლაპარაკებას. ბოლოს და ბოლოს, მე წინასწარ გითხარი, რომ ეს გზა ტანჯვის გზაა. ის სავსეა პირქუში შესაძლებლობებით, მცირე ხელსაყრელი პირობებით. დაგავიწყდა? ეს ბევრჯერ მითქვამს. თუ მზად ხარ ტანჯვისთვის, მაშინ გამომყევი. თუ არ გსურს ტანჯვა, მაშინ გაჩერდი. მე არ გაიძულებ - თავისუფალი ხარ, გინდა მოდი, გინდა წადი! თუმცა, აი, ასე ხორციელდება ჩემი საქმე და მე არ შემიძლია მთელი ჩემი საქმე შევაფერხო შენი ინდივიდუალური ამბოხების გამო. შენ შეიძლება. არ გსურდეს დამორჩილება, მაგრამ არიან სხვები, ვისაც სურს. თქვენ ყველანი სასოწარკვეთილი ხალხი ხართ! თქვენ არაფრის გეშინიათ! თქვენ ჩემთან პირობებზე მოლაპარაკებას აწარმოებთ – გსურს თუ არა სიცოცხლის გაგრძელება? შენ საკუთარი თავისთვის გეგმავ და შენი საკუთარი დიდებისა და სარგებლისთვის იბრძვი. განა ჩემი მთელი საქმე თქვენთვის არ არის? ბრმა ხარ? სანამ ხორცს შევისხამდი, შენ ვერ მხედავდი, და ეს სიტყვები, რაც თქვი, მიტევებადი იქნებოდა, მაგრამ ახლა მე განკაცებული ვარ და თქვენს შორის ვმუშაობ, შენ კი მაინც ვერ მხედავ? რა ვერ გაგიგია? შენ ამბობ, რომ ზარალი ნახე; მე კი ხორცი შევისხი, რათა თქვენ, სასოწარკვეთილი ხალხი, გადამერჩინეთ და ამდენი საქმე გავაკეთე; შენ კი ახლაც ჩივი – განა არ უნდა ითქვას, რომ მე ვიზარალე? განა ყველაფერი, რაც გავაკეთე, თქვენთვის არ იყო? ამ წოდებას ადამიანებს მათი ამჟამინდელი სულიერი სიმწიფის მიხედვით ვანიჭებ. დღეს, თუ მე შენ საპირისპირო ფონს გიწოდებ, მაშინ შენ საპირისპირო ფონი ხდები მაშინვე. ასევე, თუ მე შენ „ღვთის ხალხიდან ერთ-ერთს“ გიწოდებ, მაშინ შენ ეს ხდები მაშინვე. რასაც გიწოდებ, ესე იგი ის ხარ. განა ეს ყველაფერი ჩემი ბაგეებიდან ამოსული რამდენიმე სიტყვით არ მიიღწევა? და ამ ჩემმა რამდენიმე სიტყვამ ასე განგარისხა? კარგი მაშინ, ბოდიშს გიხდი! თუ შენ ახლა არ დამორჩილდები, ბოლოს დაიწყევლები – მაშინ იქნები ბედნიერი? შენ ყურადღებას არ აქცევ ცხოვრების გზას, არამედ მხოლოდ შენს სტატუსსა და წოდებაზე ხარ ფოკუსირებული. როგორია შენი ცხოვრება? მე არ უარვყოფ, რომ დიდი ფასი გადაიხადე, მაგრამ შეხედე შენს სულიერ სიმწიფესა და პრაქტიკას – ახლაც კი ცდილობ პირობებზე მოლაპარაკებას. ეს არის ის სულიერი სიმაღლე, რომელსაც შენი სიმტკიცით მიაღწიე? დაგრჩა პატიოსნების ნასახი? გაქვს სინდისი? მე მოვიქეცი არასწორად? ჩემი შენს მიმართ მოთხოვნები მცდარი იყო? აბა, რაშია საქმე? მე მსურდა, რომ რამდენიმე დღე საპირისპირო ფონი ყოფილავი, და შენ ამის გაკეთებაც კი არ გსურს. რა სახის სიმტკიცეა ეს? ყველანი სუსტი ნებისყოფისყოფის ხართ, ლაჩრები ხართ! თქვენნაირი ადამიანების დასჯა დღეს ჩვეულებრივი ამბავია!” როგორც კი ეს ვთქვი, მას ხმა არ ამოუღია.
ახლა ამგვარი საქმის გამოცდისას თქვენ გარკვეული წარმოდგენა უნდა გქონდეთ ღვთის საქმის ნაბიჯებისა და ადამიანთა გარდაქმნის მისეული მეთოდების შესახებ. ამის ქონა ერთადერთი გზაა, რომ შედეგებს მიაღწიოთ გარდაქმნაში. თქვენს სწრაფვაში ზედმეტად ბევრი პირადი წარმოდგენა, იმედი და პერსპექტივა გაქვთ. ეს საქმე ახლა ისე ხორციელდება, რათა აღმოფხვრას სტატუსის მიმართ თქვენი სურვილი და თქვენი უზომო მისწრაფებები.ეს იმედები, სტატუსისკენ ეს სწრაფვა და ეს წარმოდგენები – ყველა მათგანი სატანური ხასიათის განსახიერებაა. მიზეზი იმისა, რომ ეს ყველაფერი ადამიანთა გულებში არსებობს, მთლიანად იმის ბრალია, რომ სატანის შხამები მუდმივად ჭამს ადამიანთა ფიქრებს. ადამიანები ვერასოდეს ახერხებენ, გათავისუფლდნენ სატანის ამ ცდუნებებისგან, და ცოდვის შუაგულში ცხოვრობენ, თუმცა არ სჯერათ, რომ ეს ცოდვაა. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ: „ჩვენ გვწამს ღმერთის, ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოგვმადლოს კურთხევა და ყველაფერი სათანადოდ მოგვიწყოს. ჩვენ გვწამს ღმერთის, ამიტომ სხვებზე აღმატებულნი უნდა ვიყოთ და სხვებზე უფრო მაღალი სტატუსი და უკეთესი პერსპექტივები უნდა გვქონდეს. რადგან ღმერთის გვწამს, მან უსაზღვრო კურთხევა უნდა მოგვცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ღვთის რწმენა არ დაერქმეოდა.“ მრავალი წლის განმავლობაში ის აზრები, რომლებსაც ადამიანები თავიანთი არსებობის შესანარჩუნებლად ეყრდნობოდნენ, მათ გულებს ისე ჭამდა, რომ ისინი მზაკვრები, მხდალები და საძაგლები გახდნენ. მათ არა მხოლოდ არ გააჩნიათ ნებისყოფა ან სიმტკიცე, არამედ გახდნენ ხარბები, ამპარტავნები და თავნებებიც. მათ სრულებით აკლიათ სიმტკიცე, რომ საკუთარი თავი გადალახონ, და, მით უმეტეს, მცირედი გამბედაობაც კი, რომ ამ ბნელი გავლენების ბორკილები მოიშორონ. ადამიანთა ფიქრები და ცხოვრება იმდენად გახრწნილია, რომ მათი შეხედულებები, რომლებიც ღვთის რწმენის მიღმა დგას, კვლავ აუტანლად საზიზღარია და ყურისთვისაც კი პირდაპირ შეურაცხმყოფელი. ყველა ადამიანი მხდალია, უძლური, საძაგელი და მყიფე. მათ არ სძულთ ბნელეთის ძალები და არც სინათლისა და ჭეშმარიტების სიყვარული აქვთ; პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რათა ისინი განდევნონ. განა თქვენი ამჟამინდელი ფიქრები და შეხედულებები სწორედ ასეთი არ არის? ანუ, რადგან ღმერთის გწამთ, ამიტომ კურთხევა უნდა მიიღოთ და გარანტირებული უნდა იყოს, რომ თქვენი სტატუსი არასოდეს დაეცემა და ყოველთვის ურწმუნოთა სტატუსზე მაღალი დარჩება; ამგვარ შეხედულებას თქვენ ერთი-ორი წელი კი არა, მრავალი წლის განმავლობაში ატარებდით. თქვენში ზედმეტად არის განვითარებული ანგარებიანი აზროვნება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ საფეხურს მიაღწიეთ, თქვენ მაინც ვერ დუნდებით, როცა საქმე სტატუსს შეეხება; გამუდმებით გადამეტებული ძალისხმევით ცდილობთ მასში ჩაძიებას და ყოველდღიურად აკვირდებით იმის ღრმა შიშით, რომ ერთ დღეს თქვენი სტატუსი დაიკარგება და თქვენი სახელი შეილახება. ადამიანებს არასოდეს მიუტოვებიათ კომფორტისკენ სწრაფვა. დღეს რომ ასე განგსჯით, საბოლოოდ რა დონის გაგება გექნებათ? იტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სტატუსი მაღალი არ არის, მაინც დატკბით ღვთის განდიდებით, და რომ სტატუსი არ გაქვთ მდაბალი წარმოშობის გამო, მაგრამ სტატუსი მოიპოვეთ, რადგან ღმერთი განგადიდებთ – ეს არის ის, რასაც ის თქვენ გიბოძებთ. დღეს შეგიძლიათ პირადად მიიღოთ ღვთის წვრთნა, მისი გაკიცხვა და მისი სამსჯავრო. ეს, მით უმეტეს, არის მისი განდიდება. თქვენ შეგიძლიათ პირადად მიიღოთ მისი განწმენდა და გამოწვა. ეს არის ღვთის დიდი სიყვარული. საუკუნეებსა და თაობებში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო მისი განწმენდისა და გამოწვის მიღება, და არც ერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო მისი სიტყვებით სრულყოფის მიღება. ღმერთი ახლა პირისპირ გესაუბრებათ თქვენ, განგწმენდთ თქვენ, ამხელს თქვენს შინაგან ამბოხებას – ეს ჭეშმარიტად მისი განდიდებაა. რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს? იქნებიან ისინი დავითის ძენი თუ მოაბის შთამომავლები, საბოლოო ჯამში, ადამიანები შექმნილი არსებები არიან, რომლებსაც დასაკვეხნი არაფერი აქვთ. რადგან თქვენ შექმნილი არსებები ხართ, უნდა შეასრულოთ შექმნილი არსების მოვალეობა. თქვენ მიმართ სხვა მოთხოვნები არ არსებობს. აი, როგორ უნდა ილოცოთ: „ღმერთო! მაქვს თუ არა სტატუსი, ახლა მესმის საკუთარი თავის. თუ ჩემი სტატუსი მაღალია, ეს შენი განდიდების გამოა, ხოლო თუ დაბალია, ეს შენი წინასწარგანსაზრახულობის გამოა. ყველაფერი შენს ხელშია. მე არც რამე არჩევანი მაქვს და არც დასაჩივლი. შენ წინასწარ განსაზღვრე, რომ ამ ქვეყანაში და ამ ხალხში დავბადებულიყავი, და ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ სრულად დავემორჩილო შენს ხელმწიფებას, რადგან ყველაფერი ისაა, რაც შენ წინასწარ განსაზღვრე. მე არ ვფიქრობ სტატუსზე; მე სხვა არაფერი ვარ, თუ არა შექმნილი არსება. თუ უძირო ორმოში, ცეცხლის ტბასა და გოგირდში ჩამაგდებ, მე სხვა არაფერი ვარ, თუ არა შექმნილი არსება. თუ გამომიყენებ, მე შექმნილი არსება ვარ. თუ სრულმყოფ, მე მაინც შექმნილი არსება ვარ. თუ არ მსრულყოფ, მაინც მეყვარები, რადგან მე მხოლოდ შექმნილი არსება ვარ. მე სხვა არაფერი ვარ, თუ არა შემოქმედის პატარა შექმნილი არსება, მხოლოდ ერთი ყველა შექმნილ ადამიანს შორის. შენ იყავი ის, ვინც შემქმენი და ახლა შენს ხელში მომათავსე, რათა ისე მომექცე, როგორც ინებებ. მზად ვარ, ვიყო შენი იარაღი და შენი საპირისპირო ფონი, რადგან ყველაფერი ისაა, რაც შენ წინასწარ განსაზღვრე და ვერავინ შეცვლის ამას. ყველა საგანი და ყველა მოვლენა შენს ხელშია.“ იმ დროს შენ აღარ იფიქრებ სტატუსზე – სწორედ მაშინ გათავისუფლდები მისგან. მხოლოდ მაშინ შეძლებ თავდაჯერებულად და გაბედულად სწრაფვას, და მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება შენი გული ყოველგვარი შეზღუდვისგან. როგორც კი ადამიანები ამ ყველაფრისგან დაიხსნიან თავს, მათ აღარ ექნებათ საწუხარი. რა არის ახლა თქვენი უმრავლესობის საწუხარი? თქვენ ყოველთვის შეზღუდულები ხართ სტატუსით და მუდმივად ზრუნავთ საკუთარ პერსპექტივებზე. თქვენ ყოველთვის ფურცლავთ ღვთის სიტყვებს, გსურთ, წაიკითხოთ გამონათქვამები კაცობრიობის დანიშნულების შესახებ და გინდათ იცოდეთ, როგორია თქვენი პერსპექტივები და როგორი იქნება თქვენი დანიშნულება. თქვენ ყოველთვის გაინტერესებთ: „ნამდვილად მაქვს რაიმე პერსპექტივა? წამართვა ღმერთმა ისინი? ღმერთი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მე საპირისპირო ფონი ვარ; მაშ, როგორია ჩემი პერსპექტივები?“ თქვენთვის ძნელია, უარი თქვათ თქვენს პერსპექტივებსა და ხვედრზე. თქვენ ახლა მიმდევრები ხართ და საქმის ამ ეტაპის შესახებ გარკვეული გაგება შეიძინეთ. თუმცა, თქვენ ჯერ კიდევ არ მოგიშორებიათ სტატუსის სურვილი. როდესაც თქვენი სტატუსი მაღალია, კარგად მიისწრაფვით, მაგრამ როდესაც თქვენი სტატუსი დაბალია, აღარ მიისწრაფვით. სტატუსის სარგებელი ყოველთვის თქვენს გონებაშია. რატომ არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ვერ თავისუფლდება ნეგატიურობისგან? განა მიზეზი ყოველთვის პირქუშ პერსპექტივებში არ მდგომარეობს? როგორც კი ღვთის სიტყვები წარმოითქმება, თქვენ ჩქარობთ, ნახოთ, როგორია თქვენი სტატუსი და ვინაობა სინამდვილეში. თქვენ პრიორიტეტს ანიჭებთ სტატუსსა და ვინაობას, ხოლო ხედვას მეორე ადგილზე აყენებთ. მესამე ადგილზეა ის, რაშიც უნდა შეხვიდეთ, ხოლო მეოთხეზე – ღვთის ამჟამინდელი განზრახვები. თქვენ ჯერ იმას უყურებთ, შეიცვალა თუ არა ღვთის მიერ თქვენთვის მინიჭებული წოდება „საპირისპირო ფონი“. კითხულობთ და კითხულობთ, და როდესაც ხედავთ, რომ წოდება „საპირისპირო ფონი“ ამოღებულია, ბედნიერდებით, დაუსრულებლად მადლობას უხდით ღმერთს და ადიდებთ მის დიდ ძალას. მაგრამ თუ ხედავთ, რომ კვლავ საპირისპირო ფონი ხართ, ნაწყენდებით და თქვენს გულში არსებული შემართება მაშინვე ქრება. რაც უფრო მეტად მიისწრაფვი ამგვარად, მით ნაკლებს მოიმკი. რაც უფრო დიდია ადამიანის სურვილი სტატუსისადმი, მით უფრო სერიოზულად მოუწევთ გასხვლა და მით უფრო მეტად მოუწევთ დიდი გამოწრთობის გავლა. ასეთი ადამიანები ძალიან უღირსნი არიან! მათ ბევრი გასხვლა და სამსჯავრო უნდა გაიარონ, რათა სტატუსის სურვილზე საფუძვლიანად თქვან უარი. თუ თქვენ ამ გზით მიისწრაფვით, საბოლოოდ ვერაფერს მოიმკით. ისინი, ვინც სიცოცხლეს არ ესწრაფვიან, ვერ გარდაიქმნებიან, ხოლო მათ, ვისაც ჭეშმარიტება არ სწყურია, ვერ მოიპოვებენ ჭეშმარიტებას. შენ ყურადღებას არ ამახვილებ პიროვნულ გარდაქმნასა და შესვლაზე, არამედ ყოველთვის ფოკუსირებული ხარ გადამეტებულ სურვილებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც ხელს გიშლის ღვთისადმი სიყვარულსა და მასთან დაახლოებაში. შეუძლია ამ ყველაფერს შენი გარდაქმნა? შეუძლიათ მათ შენი სასუფეველში შეყვანა? თუ შენი სწრაფვის მიზანი ჭეშმარიტების ძიება არ არის, მაშინ სჯობს, ისარგებლო ამ შესაძლებლობით და დაბრუნდე სამყაროში, რათა იქ სცადო. შენი დროის ასე ფლანგვა ნამდვილად არ ღირს – რატომ იტანჯავ თავს? განა მართალი არ არის, რომ მშვენიერ სამყაროში სხვადასხვა რამით შეგიძლია დატკბე? ფული, ლამაზი ქალები, სტატუსი, ამაოება, ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ – განა სამყაროს ეს ნაყოფი საუკეთესო რამ არ არის, რითაც შეგიძლია დატკბე? რა აზრი აქვს აქ ხეტიალს მოსასვენებელი ადგილის საძებნელად? ძეს კაცისას თავის დასადები ადგილიც კი არ აქვს, მაშ, შენ როგორ გექნება მოსასვენებელი ადგილი? როგორ შეგიქმნიდა ის მშვენიერ მოსასვენებელ ადგილს? განა ეს შესაძლებელია? ჩემი სამსჯავროს გარდა, დღეს მხოლოდ ჭეშმარიტების სწავლებების მიღება შეგიძლია. ჩემგან კომფორტს ვერ მიიღებ და ვერც იმ ვარდებით მოფენილ სარეცელს მიიღებ ჩემგან, რომელსაც დღედაღამ ნატრობ. მე არ გიბოძებ სამყაროს სიმდიდრესა და დიდებას. თუ გულწრფელად ისწრაფვი, მზად ვარ, სრულად გიბოძო სიცოცხლის გზა, რათა იყო როგორც წყალში დაბრუნებული თევზი. თუ გულწრფელად არ ისწრაფვი, ყველაფერს უკან წავიღებ. მე არ მსურს ჩემი ბაგეებიდან გამოსული სიტყვები ვუბოძო მათ, ვინც კომფორტს ესწრაფვის და ღორებსა და ძაღლებს ჰგავს.
სქოლიო:
ა. დედანშია: „ცოლები“