ხსნას აღწევს ადამიანი, რომელიც მზადაა ჭეშმარიტების განსახორციელებლად
სათანადო ეკლესიური ცხოვრების საჭიროება ხშირად მოიხსენიება ქადაგებებში. მაშინ რატომ არ გაუმჯობესებულა ეკლესიური ცხოვრება და რატომაა ისევ ისეთი? რატომ არ არსებობს ცხოვრების სრულიად ახალი და განსხვავებული წესი? რამდენად ნორმალურია ოთხმოცდაათიანების ადამიანისთვის განვლილი ეპოქის იმპერატორივით ცხოვრება? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხალხი ისეთ დელიკატესებს მიირთმევს, რაც წინათ იშვიათად რომ ვინმეს გაესინჯოს, ეკლესიურ ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვლილა. ეს ახალ ტიკებში ჩასხმული ძველი ღვინოსავითაა. მაშ, რაში ვიყენებთ ღვთის სიტყვას? უმეტეს ადგილას ეკლესიები სულაც არ შეცვლილა. ეს საკუთარი თვალით ვნახე, და საკუთარი გულით შევიგრძენი; იმის მიუხედავად, რომ ეკლესიური ცხოვრებით თავად არ მიცხოვრია, საეკლესიო კრებების მდგომარეობა ხუთი თითივით ვიცი. დიდი წინსვლა არ აქვთ. იმავე გამონათქვამთან ვბრუნდებით - ძველი ღვინო ახალ ტიკებში არ ისხმება. არაფერი შეცვლილა! როცა მათ ვინმე მწყემსავს, ცეცხლივით გიზგიზებენ, ხოლო როცა არავინ უმაგრებს მხარს, ყინულის ლოდს ემსგავსებიან. პრაქტიკულ საკითხებზე საუბარი ბევრს არ შეუძლია, და კიდევ უფრო ცოტას - სადავეების მართვა. მაღალფარდოვანი ქადაგებების მიუხედავად, ჭეშმარიტებას ბევრი ვერ სწვდება. მეტად ცოტაა ისეთი, ვინც ღვთის სიტყვას აფასებს. თვალზე ცრემლი ადგებათ, როცა ღვთის სიტყვას ღებულობენ, ხალისდებიან, როცა მას გვერდზე გადადებენ და ჭკნებიან და უფერულდებიან, როცა განუდგებიან. გულახდილად რომ ვთქვათ, თქვენ არ აფასებთ ღვთის სიტყვას და მის ბაგეთაგან მომავალთ განძად აღარ აღიქვამთ. მის სიტყვას შფოთვით ეცნობით, დიდი ძალისხმევით იმახსოვრებთ, ხოლო როცა ამ სიტყვის განხორციელებაზე მიდგება საქმე, თითქოს ჭის ტუმბოს ამოქოქვას ძუის მოქაჩვით ცდილობდეთ - რაც არ უნდა ეცადო, ძალა არ გეყოფა. ყოველთვის, როცა ღვთის სიტყვას ეცნობით, ენერგიით აღივსებით, მაგრამ განხორციელებისას გულმავიწყობა გიპყრობთ. სინამდვილეში, ამ სიტყვების ასე ზედმიწევნით თქმა და ბეჯითად გამეორება სულაც არაა საჭირო; მაგრამ ღვთის სიტყვის მოსმენა, განხორციელების გარეშე, მის საქმეს აკნინებს. არ შემიძლია არ წამოვწიო ეს საკითხი, არ შემიძლია არ ვისაუბრო ამაზე. იძულებული ვარ ასე მოვიქცე, და არა იმისთვის, რომ სხვების სისუსტეების გამოაშკარავება მსიამოვნებს. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმიანობა მეტ-ნაკლებად შესაბამისობაშია - რომ როდესაც გამოცხადებები მწვერვალს აღწევს, თქვენი წვდომაც მწვერვალზეა? ასე მარტივადაა საქმე? თქვენ არასდროს იკვლევთ ფუძეს, რაზეც თქვენი გამოცდილებაა ნაშენი! ამრიგად, თქვენს შეკრებებს ვერც სათანადო ეკლესიურ ცხოვრებას ვუწოდებთ და ვერც სრულყოფილ სულიერ ცხოვრებად განვიხილავთ. ეს მხოლოდ საუბრისა და გალობის მოყვარული ხალხის თავშეყრაა. მკაცრად რომ ვთქვათ, რეალობას მოკლებულია. უფრო გასაგებად — თუ ჭეშმარიტებას არ მიჰყვები, რეალობა სადღაა? განა ტრაბახი არ არის იმის თქმა, რომ რეალობა გაგაჩნია? საქმის შემსრულებელი ამპარტავანი და ქედმაღალია, ხოლო მუდამ მორჩილი თავჩაღუნული სდუმს, დასწავლის შესაძლებლობის გარეშე დარჩენილი. საქმის შემსრულებელნი არაფერს აკეთებენ, გარდა ლაყბობისა, გაუთავებლად აბრახუნებენ მაღალფარდოვან სიტყვებს, ხოლო მიმდევრები მხოლოდ ისმენენ. ცვლილებებზე საუბარიც არ არის — მხოლოდ წარსულის გადმონაშთებია! დღევანდელი მორჩილება და თვითნებობისგან თავშეკავება განპირობებულია ღვთიური განკარგულებით, და არა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაქმნით. დღეს შენ ადმინისტრაციული განკარგულებების დარღვევას იმიტომ ვეღარ ბედავ, რომ ღვთის სიტყვა ცალსახად მუშაობს და ხალხს ნუსხავს. უფლებას ავიღებ, ვიკითხო: შენს მიღწევებში რამდენია საკუთარი სისხლით და ოფლით მოპოვებულის წილი? და რამდენია უშუალოდ ღვთისგან ნაკარნახები? რას მიპასუხებდი? გაოგნებისგან დამუნჯდებოდი? რატომ ხდება ისე, რომ სხვებს შეუძლიათ თავის პრაქტიკულ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი შენს სასაზრდოოდ, შენ კი მხოლოდ სხვის მომზადებულ კერძებს მიირთმევ? ნუთუ არ გრცხვენია? კვლევისთვის თქვენ შეგიძლიათ შედარებით კარგ ადამიანებს ჰკითხოთ: რამდენად გესმის ჭეშმარიტება? რამდენად ახერხებ ცხოვრებაში მის განხორციელებას? ვინ უფრო გიყვარს, ღმერთი თუ საკუთარი თავი? უფრო ხშირად გასცემ თუ იღებ? უკეთური ზრახვებისას რამდენჯერ განუდექი შენს ძველ „მეს“ და მიჰყევი ღვთის ჩანაფიქრს? ეს რამდენიმე კითხვაც კი ბევრს საგონებელში აგდებს. მაშინაც, როცა თავისი ზრახვების უკეთურობას ათვითცნობიერებს, უმრავლესობა ცუდის ჩადენას შეგნებულად აგრძელებს და ხორცისგან განდგომას აზრადაც არ ივლებს. ხალხის უმეტესობა ცოდვას საკუთარ თავში ბობოქრობის ნებას რთავს, და ცოდვა განსაზღვრავს მათ ყველა ქცევას. საკუთარი ცოდვების დაძლევის უნარი არ შესწევთ და ცოდვაში ცხოვრებას აგრძელებენ. ნუთუ ვინმე ვერ აცნობიერებს, ამ ყოფაში თავის ჩაგდებამდე რამდენი ცუდი აქვს ჩადენილი? თუ ამბობ, რომ არ იცი, უტიფრად ცრუობ. გულახდილად ვთქვათ, სურვილი არ გაქვს შენს ძველ „მეს“ განუდგე. რა აზრი აქვს ამდენი გულწრფელი სინანულის ფუჭად გამოთქმას? სულიერ ზრდაში გეხმარება? შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის შეცნობა შენი ძირითადი სამუშაოა. მე ვსრულყოფ ადამიანს მისი მორჩილებისა და ღვთის სიტყვის შესრულების მეშვეობით. თუ ღვთის სიტყვას ტანისამოსივით ირგებ მხოლოდ იმისთვის, რომ კოხტა და მომხიბვლელი ჩანდე, ნუთუ სხვასაც და საკუთარ თავსაც არ ატყუებ? თუ მხოლოდ სიტყვების ამარა ხარ და საქმეში არასდროს განახორციელებ, რას მიაღწევ?
ერთი-ორი სიტყვით თავის გამოცდილებაზე მოყოლასა და პირადი შთაბეჭდილებების გაზიარებას ბევრი შეძლებს, თუმცა, მეტწილად, ეს სხვისი აზრების ანარეკლია, რომელიც არც პირად გამოცდილებას და არც საკუთარ თავზე განცდილს მოიცავს. ეს საკითხი ადრეც ჩავშალე; არ გეგონოთ, რომ არაფერი ვიცი. შენ მხოლოდ ქაღალდის ვეფხვი ხარ და სატანის დამორჩილებაზე, ძლევამოსილ დამოწმებებზე და ღვთის ხატად ცხოვრებაზე საუბარს ბედავ? სრული უაზრობაა! ნუთუ გგონია, რომ დღეს ღვთის ყველა სიტყვა შენს აღსაფრთოვანებლად წარმოითქვა? ბაგენი ძველი „მეს“ წინააღმდეგ ამბოხებასა და ჭეშმარიტების განხორციელებაზე საუბრობენ, ხოლო ხელნი სხვა საქმეებს სჩადიან და გულში სხვა ფიქრები იხარშება — როგორი ადამიანი ხარ? რატომ არაა შენი გული და ხელი ერთი? ამდენი ქადაგება ფუჭ სიტყვებად იქცა; ნუთუ გულდასაწყვეტი არაა? თუ ღვთის სიტყვის განხორციელების უნარი არ შეგწევს, ნიშნავს, რომ სულიწმიდის მოქმედების წესს ჯერ არ შეხებიხარ, სულიწმიდის ზემოქმედება ჯერ არ გამოგიცდია და მისი მითითებები ჯერ არ მიგიღია. თუ ამბობ, რომ ღვთის სიტყვის მხოლოდ გაგების უნარი გაქვს, მაგრამ ამ სიტყვის განსახორციელებლად უუნარო ხარ, მაშინ შენ ჭეშმარიტება არ გყვარებია. ღმერთი ასეთი ადამიანის გადასარჩენად არ მოდის. იესომ ენით აუღწერელი ტანჯვა განიცადა, როცა ცოდვილების, ღატაკებისა და ყველა თავმდაბალი ადამიანის დასახსნელად ჯვარს ეცვა. მისი ჯვარცმა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს წარმოადგენდა. თუ ღვთის სიტყვის განხორციელება არ შეგიძლია, მაშინ რაც მალე წახვალ, მით უკეთესი; ნუ დაყოვნდები ღვთის სახლში მუქთახორულად. ბევრს ღვთის აშკარა წინააღმდეგობისგან თავის შეკავებაც კი უჭირს. განა ასე სიკვდილს არ ითხოვენ? როგორ შეუძლიათ მათ ღვთის სასუფეველში შესვლაზე საუბარი? ეყოფათ ღვთის ხილვის სითამამე? ღვთის მიერ მოწვდილ საკვებს ჭამ და, ამავდროულად, ღვთის საწინააღმდეგო მრუდე საქმეებს სჩადიხარ, ბოროტ, ვერაგულსა და მზაკვრულს — მაშინაც, როცა ღმერთი თავისი კურთხევით ტკბობის უფლებას გაძლევს, ნუთუ ეს მადლი მის მისაღებად გამოწვდილ ხელს არ გიწვავს? ნუთუ სახეზე არ წითლდები? ღვთის წინააღმდეგ გამხედრებისას, გათავხედებულს შიში არ გიპყრობს? თუ არაფერს გრძნობ, რომელ მომავალზე საუბრობ? მომავალი დიდი ხნის წინ დაკარგე, რის იმედი დაგრჩა? თუ უსირცხვილო განაცხადზე გულში სინანული არ გიკრთის, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ღმერთმა უკვე მიგატოვა? გარყვნილი სიტყვა და ქცევა ბუნებად გექცა; ღმერთმა ასე როგორ უნდა გსრულყოს? ნუთუ შეძლებ ქვეყნად ასე სიარულს? ვის დაარწმუნებ? ვინც შენი ნამდვილი სახე იცის, თავს შორს დაიჭერს. ნუთუ ეს ღვთის სასჯელი არაა? ბოლოს და ბოლოს, თუ მხოლოდ ლაპარაკია საქმის გარეშე, ზრდა არ არის. შეიძლება სულიწმიდა ზემოქმედებდეს შენზე საუბრისას, თუმცა თუ არ ახორციელებ, ის ზემოქმედებას შეწყვეტს. თუ ასე გააგრძელე, რა მომავალზეა საუბარი? ან მთელს შენს არსს ღვთიურ საქმეს როგორ უძღვნი? შენ მთელი შენი არსის მხოლოდ სიტყვიერი შეთავაზება შეგიძლია, თუმცა ჯერ ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე გული არ მიგიძღვნია. ერთადერთი, რასაც შენგან იღებს, ცარიელი სიტყვებია, და არა — ჭეშმარიტების განხორციელების განზრახვა. ნუთუ ეს შენი რეალური დონეა? ასეთი სვლით, როდის სრულგყოფს ღმერთი? ნუთუ ასეთი შავბნელი მომავალი არ გაშფოთებს? ნუთუ ვერ გრძნობ, რომ ღმერთმა შენი იმედი დაკარგა? ნუთუ არ იცი, რომ ღმერთს სურს მეტი და მეტი ახალი ადამიანის სრულყოფა? ძველები შეძლებენ თავის გატანას? დღეს ღვთის სიტყვას ყურს არ უგდებ: ხვალინდელ დღეს ელოდები?