რას ნიშნავს, იყო ნამდვილი ადამიანი
ჩემი მოვალეობა ყოველთვის ადამიანის მართვა იყო. უფრო მეტიც, ადამიანის დამორჩილება ის არის, რაც მე სამყაროს შექმნისას დავადგინე. შეიძლება ხალხმა არ იცოდეს, რომ უკანასკნელ დღეებში ადამიანს სრულად დავიმორჩილებ, ან რომ ადამიანთა შორის მეამბოხეების დამარცხება დასტურია იმისა, რომ სატანა დავამარცხე. მაგრამ, როდესაც ჩემი მტერი ჩემთან ბრძოლაში ჩაერთო, მე მას მაშინვე ვუთხარი, რომ დავამარცხებდი მათ, ვინც სატანამ ტყვედ აიყვანა და თავის შვილებად, ერთგულ მსახურებად აქცია, რომლებიც მის სამყოფელს დარაჯობდნენ. სიტყვა დამორჩილების თავდაპირველი მნიშვნელობა დამცირებაა; ისრაელიანთა ენაზე ეს ნიშნავს სრულ დამარცხებას, განადგურებას და ჩემთვის შემდგომი წინააღმდეგობის გაწევის უნარის წართმევას. მაგრამ დღეს, როდესაც თქვენ შორის გამოიყენება, მისი მნიშვნელობა დამორჩილებაა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემი განზრახვა ყოველთვის იყო კაცობრიობის ბოროტების სრულად ამოძირკვა და განდევნა, რათა მათ ჩემი ღალატი ვეღარ შეძლონ, მით უმეტეს, ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ჩემს საქმეში ხელი შემიშალონ ან შემეწინააღმდეგონ. ამგვარად, ადამიანისთვის ამ სიტყვამ დამორჩილების მნიშვნელობა შეიძინა. ამ ტერმინს რა კონოტაციაც უნდა ჰქონდეს, ჩემი საქმე ადამიანების დამარცხებაა. მართალია, კაცობრიობა ჩემი მმართველობის დანამატია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ადამიანები ჩემი მტრები არიან. ადამიანები ბოროტი არსებები არიან, რომლებიც მეწინააღმდეგებიან და მიჯანყდებიან. ადამიანები ჩემ მიერ დაწყევლილი ბოროტების შთამომავლები არიან. ადამიანები მთავარანგელოზის შთამომავლები არიან, რომელმაც მიღალატა. ადამიანები არიან ბოროტი ეშმაკის მემკვიდრეები, რომელიც დიდი ხნის წინ ჩემ მიერ განდევნილი და მას შემდეგ, ჩემი შეურიგებელი მტერია. კაცობრიობის თავზე ცა ამღვრეული და ბნელია, სიცხადის მცირეოდენი გამონათების გარეშე და ადამიანის სამყარო კუპრისებრ ბნელშია ჩაფლული იმგვარად, რომ მასში მცხოვრებს, როცა თავს ასწევს, საკუთარი გაწვდილი ხელის ან მზის დანახვაც არ შეუძლია. მათ ფეხქვეშ გზა ტალახიანი და ორმოიანი, დაკლაკნილია; მთელი მიწა გვამებით არის მოფენილი. ბნელი კუთხეები მკვდართა ნეშტებითაა სავსე, ცივ და ბნელ კუთხეებში კი დემონების ბრბო სახლობს. და ადამიანთა სამყაროში ყველგან დემონები ურდოებად მოდიან და მიდიან. ყველანაირი მხეცის შთამომავლობა, უწმინდურობით დაფარული, გაცხარებულ ბრძოლაშია ჩაბმული, რომლის ხმაც გულში შიშს თესავს. ასეთ დროს, ასეთ სამყაროში, ასეთ „მიწიერ სამოთხეში“, ადამიანი ცხოვრებისეული ბედნიერების საძიებლად სად უნდა წავიდეს? თავისი ცხოვრებისეული დანიშნულების საძიებლად, ადამიანი სად შეიძლება წავიდეს? კაცობრიობა, რომელიც დიდი ხანია, სატანის ფეხქვეშ არის გათელილი, თავიდანვე იყო მოქმედი პირი, რომელმაც სატანის სახე მოირგო - უფრო მეტიც, კაცობრიობა სატანის განსახიერებაა და წარმოადგენს ხმამაღალ და მკაფიო მტკიცებულებას იმისა, რომ სატანა არსებობს. ასეთ ადამიანურ მოდგმას, ასეთ გადაგვარებულ ნაძირალას, გახრწნილი ადამიანური ოჯახის ასეთ შთამომავალს, ღმერთის შესახებ დამოწმება რანაირად შეუძლია? საიდან მოდის ჩემი დიდება? საიდან შეიძლება დავიწყოთ ჩემს დამოწმებაზე საუბარი? რადგან მტერმა, რომელმაც კაცობრიობა გახრწნა, რომელიც მე მეწინააღმდეგება, უკვე გახრწნა კაცობრიობა - ის კაცობრიობა, რომელიც დიდი ხნის წინათ შევქმენი და რომელიც ჩემი დიდებითა და ჩემი არსებით იყო აღსავსე - და შებილწა ისინი. მან ჩემი დიდება წამართვა და ყველაფერი, რითაც ადამიანი გაჟღინთა, არის შხამი, რომელიც ძლიერ განზავებულია სატანის სიმახინჯით და კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფის წვენით. თავიდან მე შევქმენი კაცობრიობა; ანუ მე შევქმენი კაცობრიობის წინაპარი, ადამი. ის დაჯილდოებული იყო ფორმითა და ხატებით, სავსე იყო ენერგიით, სავსე იყო სიცოცხლისუნარიანობით და უფრო მეტიც, ჩემი დიდების თანმხლები იყო. ეს დიდებული დღე იყო, როდესაც მე ადამიანი შევქმენი. ამის შემდეგ, ადამის სხეულიდან ევა იშვა და ისიც ადამიანის წინაპარი იყო და ამიტომ ხალხი, რომელიც მე შევქმენი, ჩემი სუნთქვით იყო სავსე და ჩემი დიდებით იყო აღვსილი. ადამი თავდაპირველად ჩემი ხელიდან დაიბადა და ჩემი ხატის განსახიერება იყო. ამგვარად, „ადამის“ თავდაპირველი მნიშვნელობა იყო ის, რომ ეს იყო ჩემ მიერ შექმნილი არსება, აღსავსე ჩემი სასიცოცხლო ენერგიით, სავსე ჩემი დიდებით, რომელსაც ჰქონდა ფორმა და ხატება, ჰქონდა სული და შეეძლო სუნთქვა. ის იყო ერთადერთი შექმნილი არსება, სულის მქონე, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო ჩემი წარმომადგენელი, შეეძლო ჩემი ხატების ტარება და ჩემი სუნთქვის მიღება. თავიდან ევა იყო მეორე ადამიანი, რომელსაც სუნთქვის უნარი ჰქონდა მინიჭებული, რომლის შექმნაც მე ვინებე, ამიტომ სახელ „ევას“ თავდაპირველი მნიშვნელობა იყო შექმნილი არსება, რომელიც გააგრძელებდა ჩემს დიდებას, სავსე იქნებოდა ჩემი სასიცოცხლო ენერგიით და უფრო მეტიც, შემკული იქნებოდა ჩემი დიდებით. ევა ადამისგან წარმოიქმნა, ამიტომ მანაც ჩემი ხატება მიიღო, რადგან ის მეორე ადამიანი იყო, რომელიც ჩემს განსახიერებად შეიქმნა. „ევას“ თავდაპირველი მნიშვნელობა იყო ცოცხალი ადამიანი, სულითა და ხორცით, ძვლებით, ჩემი მეორე მოწმობა, ასევე ჩემი მეორე ხატება კაცობრიობას შორის. ისინი კაცობრიობის წინაპრები იყვნენ, ადამიანის წმინდა და ძვირფასი საგანძური და თავიდანვე ცოცხალი არსებები, შთაბერილი სულით. თუმცა, ბოროტმა გათელა და ტყვედ წაიყვანა კაცობრიობის წინაპრების შთამომავლობა, ადამიანთა სამყარო სრულ სიბნელეში ჩააგდო და ისე გააკეთა, რომ შთამომავლობას ჩემი არსებობის აღარ სჯეროდა. კიდევ უფრო საზიზღარი ის არის, რომ მაშინაც, როცა ბოროტი ადამიანებს ხრწნის და თელავს, ის სასტიკად ართმევს ჩემს დიდებას, ჩემს მოწმეობას, სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც მე მათ ვაჩუქე, სუნთქვასა და სიცოცხლეს, რომელიც მე მათ შთავბერე, მთელ ჩემს დიდებას ადამიანთა სამყაროში და გულის მთელ სისხლს, რაც მე კაცობრიობისთვის დავღვარე. კაცობრიობა აღარ არის ნათელში, ადამიანებმა დაკარგეს ყველაფერი, რაც მე მათ ვაჩუქე და მათ უარყვეს დიდება, რომელიც მე მივეცი. როგორ შეუძლიათ მათ აღიარონ, რომ მე ვარ ყოველი ქმნილების ღმერთი? როგორ შეუძლიათ მათ, ზეცაში ჩემი არსებობა კვლავაც ირწმუნონ? როგორ შეუძლიათ მათ, დედამიწაზე ჩემი დიდების გამოვლინებები შეამჩნიონ? როგორ შეუძლიათ ამ შვილიშვილებს, ღმერთი, რომლის შიშიც მათ წინაპრებს ჰქონდათ, უფლად მიიჩნიონ, რომელმაც ისინი შექმნა? ამ უბადრუკმა შვილიშვილებმა გულუხვად „მიუძღვნეს“ ბოროტს დიდება, ხატება და მოწმობა, რომელიც მე ადამსა და ევას ვაჩუქე, ასევე სიცოცხლე, რომელიც მე კაცობრიობას ვაჩუქე და რომელზეც მათი არსებობაა დამოკიდებული; და ისინი საერთოდ ვერ ამჩნევენ ბოროტის არსებობას და მთელ ჩემს დიდებას მას ანიჭებენ. განა ეს არ არის ტერმინ „ნაძირალას“ საწყისი? როგორ შეუძლია ასეთ კაცობრიობას, ასეთ ბოროტ დემონებს, ასეთ მოსიარულე გვამებს, სატანის ასეთ ფიგურებს, ჩემს ასეთ მტრებს, ჩემი დიდებით იყვნენ მოსილნი? მე ჩემს დიდებას დავიბრუნებ, ჩემს მოწმობას დავიბრუნებ, რომელიც არსებობს ადამიანებს შორის და ყველაფერს, რაც ოდესღაც მე მეკუთვნოდა და რაც დიდი ხნის წინ მივეცი კაცობრიობას - მე სრულად დავიპყრობ კაცობრიობას. თუმცა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც მე შევქმენი, წმინდა ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჩემს ხატებასა და დიდებას ატარებდნენ. ისინი სატანას არ ეკუთვნოდნენ და არც მისგან ითელებოდნენ, არამედ ჩემი გამოვლინებანი, სატანის შხამის უმცირესი კვალისგანაც კი თავისუფალნი იყვნენ. ამგვარად, კაცობრიობას ვაცნობებ, რომ მხოლოდ ის მსურს, რაც ჩემი ხელით არის შექმნილი, სუფთა არსებები, რომლებიც მიყვარს და რომლებიც სხვას არავის ეკუთვნიან. მეტიც, მე მათით სიამოვნებას მივიღებ და მათ ჩემს დიდებად ჩავთვლი. თუმცა, მე არ მინდა ისეთი კაცობრიობა, რომელიც სატანამ გახრწნა, რომელიც დღეს სატანას ეკუთვნის და რომელიც ჩემი თავდაპირველი ქმნილება აღარ არის. რადგან ჩემი დიდების დაბრუნებას ვაპირებ, რომელიც ადამიანთა სამყაროში არსებობს, მე მთლიანად დავეუფლები კაცობრიობის გადარჩენილ ნაწილს, როგორც სატანაზე ჩემი გამარჯვების დიდების დასტურს. მე მხოლოდ ჩემს მოწმობას მივიღებ, როგორც ჩემი „მეს“ კრისტალიზაციას, როგორც ჩემი სიამოვნების ობიექტს. ეს ჩემი განზრახვაა.
კაცობრიობას დღევანდელ მდგომარეობამდე მისასვლელად, ათიათასობით წლის ისტორია დასჭირდა, თუმცა დასაწყისში ჩემ მიერ შექმნილი კაცობრიობა დიდი ხანია, გადაგვარების ჭაობშია ჩაძირული. კაცობრიობა აღარ არის ის კაცობრიობა, რომელიც მე მსურს, და ამიტომ, ჩემს თვალში ადამიანები დიდი ხანია, აღარ არიან კაცობრიობა. ისინი უფრო, კაცობრიობის ნარჩენები არიან, რომლებიც სატანამ ტყვედ ჩაიგდო, დამპალი მოსიარულე გვამები, რომლებშიც სატანა ბუდობს და რომლითაც სატანაა შემოსილი. ხალხს ჩემი არსებობის არ სჯერა და არც ჩემს მოსვლას მიესალმებიან. კაცობრიობა მხოლოდ უხალისოდ პასუხობს ჩემს თხოვნებს, დროებით ეთანხმება მათ და ცხოვრებისეულ სიხარულსა და მწუხარებას გულწრფელად არ მიზიარებს. რადგან ადამიანები შეუცნობელად აღმიქვამენ, უხალისოდ მიღიმიან, თითქოს ძალაუფლების მქონეს ელაკუცებიან, რადგან არაფერი იციან ჩემი საქმის შესახებ, მით უმეტეს, ჩემი ამჟამინდელი განზრახვების შესახებ. თქვენთან გულწრფელი ვიქნები: როდესაც ეს დღე დადგება, ყველას ტანჯვა, ვინც მეთაყვანება, უფრო ადვილი ასატანი იქნება, ვიდრე თქვენი. სინამდვილეში, თქვენი ჩემდამი რწმენის ხარისხი, იობისაზე მეტი არ არის - იუდეველი ფარისევლების რწმენაც კი აღემატება თქვენსას - და ამიტომ, თუ ცეცხლის დღე დადგება, თქვენი ტანჯვა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ფარისევლებისა, როდესაც მათ იესო კიცხავდა, ვიდრე 250 ბელადის, რომლებიც მოსეს ეწინააღმდეგებოდნენ, და ვიდრე სოდომის ტანჯვა, მისი გამანადგურებელი მცხუნვარე ცეცხლის ქვეშ. როდესაც მოსემ კლდეს შემოჰკრა და იქიან იეჰოვას მიერ ბოძებულმა წყალმა ამოხეთქა, ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. როდესაც დავითი ჩემი, იეჰოვას სადიდებლად ქნარზე და ჩანგზე უკრავდა - სიხარულით სავსე გულით - ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. როდესაც იობმა დაკარგა თავისი პირუტყვი, რომელიც მთებს ეფინებოდა, და უთვალავი სიმდიდრე, მისი სხეული კი მტკივნეული ჩირქოვანი წყლულებით დაიფარა, ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. როდესაც მან შეძლო ჩემი, იეჰოვას ხმის მოსმენა და ჩემი, იეჰოვას დიდების დანახვა, ეს მისი რწმენის წყალობით მოხდა. ის, რომ პეტრეს იესო ქრისტეს მიყოლა შეეძლო, მისი რწმენის წყალობა იყო. ის, რომ მან შეძლო ჩემი გულისთვის ჯვარზე გაკვრა და დიდებული მოწმობის მიცემა, ასევე მისი რწმენის წყალობა იყო. როდესაც იოანემ კაცის ძის დიდებული ხატება იხილა, ეს მისი რწმენის წყალობა იყო. როდესაც მან უკანასკნელი დღეების ხილვა ნახა, ეს კიდევ უფრო მეტად, მისი რწმენის წყალობა იყო. მიზეზი, რის გამოც ეგრეთ წოდებული წარმართი ერების სიმრავლემ ჩემი გამოცხადება მიიღო და შეიცნო, რომ მე ხორციელად დავბრუნდი, რათა ადამიანებს შორის ჩემი საქმე შევასრულო, ასევე მათი რწმენის წყალობითაა. ყველა, ვისაც ჩემი მკაცრი სიტყვები შეეხო, მაგრამ მაინც ამით ნუგეშს პოულობს და გადარჩება - განა ეს მათი რწმენის წყალობით არაა? ისინი, ვისაც ჩემი სწამს, მაგრამ მაინც გაჭირვებით იტანჯებიან, განა ისინი წუთისოფლის მიერ უარყოფილნი არ არიან? ისინი, ვინც ჩემი სიტყვის მიღმა ცხოვრობენ, განსაცდელების ტანჯვას გაურბიან, განა ყველანი სამყაროში არ დახეტიალობენ? ისინი შემოდგომის ფოთლებს ჰგვანან, რომლებიც აქეთ-იქით ფრიალებენ, მოსასვენებლის ადგილის გარეშე, მით უმეტეს, ჩემი სანუგეშო სიტყვების გარეშე არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სასჯელი და განწმენდა მათ არ მიჰყვება, განა ისინი მათხოვრები არ არიან, რომლებიც ადგილიდან ადგილზე, ქუჩებში და ცათა სასუფევლის მიღმა დახეტიალობენ? ნუთუ სამყარო ნამდვილად თქვენი განსასვენებელი ადგილია? შეგიძლიათ, რომ ჩემი სასჯელის თავიდან აცილებით, სამყაროსგან კმაყოფილების თუნდაც მცირე ღიმილი მიიღოთ? შეგიძლიათ, რომ თქვენი წარმავალი სიამოვნება, თქვენს გულში არსებული სიცარიელის დასაფარად გამოიყენოთ, სიცარიელის, რომლის დაფარვა შეუძლებელია? შეიძლება თქვენი ოჯახის ყველა წევრის მოტყუება შეძლოთ, მაგრამ მე ვერასდროს მომატყუებთ. რადგან თქვენი რწმენა ძალიან მწირია, თქვენ დღემდე უძლური ხართ, იპოვოთ სიამოვნებები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ. მოგიწოდებთ: უმჯობესია, თქვენი ცხოვრების ნახევარი მე მომიძღვნათ, ვიდრე მთელი ცხოვრება უღიმღამობაში და ხორციელ საქმეებში გახარჯოთ, იმ ტანჯვაში, რომლის ატანაც ადამიანს გაჭირვებით შეუძლია. საკუთარი თავის ასე განდიდებას და ჩემი სასჯელისგან გაქცევას რა აზრი აქვს? რა აზრი აქვს ჩემი წამიერი სასჯელისგან დამალვას, თუ ამის შემდეგ მარადიულ უხერხულობას, მარადიულ სასჯელს მოიმკით? სინამდვილეში, ჩემი მოთხოვნების შესრულებას თავს არავის ვახვევ. თუ ვინმე ნამდვილად მზადაა, ჩემს ყველა გეგმას დაემორჩილოს, მე მას ცუდად არ მოვექცევი. მაგრამ მე მოვითხოვ, რომ ყველა ადამიანმა ირწმუნოს ჩემი, ისევე როგორც იობმა მე, იეჰოვა მირწმუნა. თუ თქვენი რწმენა თომას რწმენას აღემატება, მაშინ თქვენი რწმენა ჩემს მოწონებას მოიპოვებს, თქვენი ერთგულებით ჩემგან ნეტარებას მოიპოვებთ და აუცილებლად იპოვით ჩემს დიდებას თქვენს დღეებში. თუმცა ადამიანებმა, რომლებსაც სამყაროსი და ბოროტი ეშმაკის სწამთ, გაიქვავეს გული, ისევე როგორც ქალაქ სოდომის მცხოვრებლებმა, თვალებში ქარისგან მოტანილი ქვიშის მარცვლებით და პირში ბოროტი ეშმაკის შესაწირავით, რომელთა დაბინდულ გონებას დიდი ხნის წინათ, ბოროტი სული დაეუფლა, რომელმაც სამყარო მიითვისა. მათი აზრები თითქმის მთლიანად ძველი დროის ბოროტი ეშმაკის ტყვეობაშია. ამგვარად, კაცობრიობის რწმენა ქარმა წაიღო და მათ ჩემი საქმის შემჩნევაც კი არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ჩემი საქმისადმი ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონდეთ, ან ის დაუდევრად გააანალიზონ, რადგან დიდი ხანია, ისინი სატანის შხამით არიან შეპყრობილნი.
მე დავიმორჩილებ კაცობრიობას, რადგან ადამიანები ჩემ მიერ არიან შექმნილნი და უფრო მეტიც, ჩემი ყველა ქმნილების სიკეთეებით ტკბებიან. მაგრამ ადამიანებმაც უარმყვეს მე; მე არ ვარ მათ გულებში და ისინი მე საკუთარი არსებობის ტვირთად მიმიჩნევენ, იმ დონემდეც კი, რომ ჭეშმარიტად დანახვის შემდეგაც კი, მაინც უარმყოფენ და ტვინს იჭყლეტენ, ჩემს დასამარცხებლად ყველა შესაძლო გზას იგონებენ. ხალხი უფლებას არ მაძლევს, მათ სერიოზულად მოვეკიდო, ან მკაცრი მოთხოვნები წავუყენო, არც იმის უფლებას მაძლევენ, მათი უსამართლობა განვიკითხო, ან დავსაჯო. იმის მაგივრად, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ, პირიქით, ეს მათთვის შემაწუხებელია. სწორედ ამიტომ, ჩემი საქმე ისაა, რომ ხელი მოვკიდო კაცობრიობას, რომელიც ჭამს, სვამს და ტკბება ჩემით, მაგრამ არ მიცნობს, და ის დავიმორჩილო. მე განვაიარაღებ კაცობრიობას და შემდეგ, ჩემს ანგელოზებს წავიყვან, ჩემს დიდებას წავიღებ და ჩემს სამყოფელში დავბრუნდები. რადგან ადამიანების ქმედებებმა დიდი ხანია, გული გამიტეხა და ჩემი საქმე დაამსხვრია. სანამ ბედნიერი წავალ, ვაპირებ, რომ ის დიდება დავიბრუნო, რომელიც ბოროტმა სულმა წამართვა, კაცობრიობას მივცე საშუალება, გააგრძელოს თავისი ცხოვრებით ცხოვრება, გააგრძელოს „მშვიდობითა და კმაყოფილებით ცხოვრება და მუშაობა“, გააგრძელოს „საკუთარი მინდვრების დამუშავება“ და მე აღარ ჩავერევი მათ ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ვაპირებ, რომ ბოროტის ხელიდან ჩემი დიდება სრულად დავიბრუნო, მთელი ის დიდება დავიბრუნო, რომელიც ადამიანში სამყაროს შექმნისას ჩავდე. დედამიწაზე მყოფ ადამიანთა მოდგმას მას აღარასდროს მივცემ. რადგან ხალხმა არა მხოლოდ ვერ შეინარჩუნა ჩემი დიდება, არამედ ის სატანის ხატზე გაცვალა. ხალხი არც ჩემს მოსვლას აფასებს და არც ჩემი დიდების დღეს. მათ არ უხარიათ ჩემი სასჯელის მიღება, მით უმეტეს, რომ არც ჩემი დიდების დაბრუნება სურთ და არც უწმინდურის შხამის მოშორება. კაცობრიობა ძველებურად აგრძელებს ჩემს მოტყუებას, ადამიანებს ისევ აქვთ ნათელი ღიმილი და ბედნიერი სახეები. ისინი ვერ აცნობიერებენ იმ სიბნელის სიღრმეს, რომელიც კაცობრიობას თავს მას შემდეგ დაატყდება, რაც მათ ჩემი დიდება დატოვებს. კერძოდ, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ როდესაც მთელი კაცობრიობისთვის ჩემი დღე დადგება, ეს მათთვის კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ნოეს დროს მცხოვრები ხალხისთვის, რადგან მათ არ იციან, რამდენად დაბნელდა ისრაელი, როდესაც მისგან ჩემი დიდება წავიდა, რადგან ადამიანი გამთენიისას ივიწყებს, თუ რამდენად რთული იყო უკუნი ღამის გამოვლა. როდესაც მზე კვლავ დაიმალება და ადამიანის თავზე ბნელი დაეშვება, სიბნელეში ის კვლავ იგლოვებს და კბილებს აღრჭიალებს. ნუთუ დაგავიწყდათ, როდესაც ისრაელიდან ჩემი დიდება წავიდა, ისრაელიანთათვის იმ განსაცდელის დღეების ატანა რა რთული იყო? ახლა დადგა დრო, როდესაც თქვენ ჩემს დიდებას ხედავთ და ეს ასევე არის დრო, როდესაც თქვენ ჩემი დიდების დღეს იზიარებთ. ადამიანი სიბნელეში იგლოვებს, როდესაც ჩემი დიდება ამ უწმინდურ მიწას დატოვებს. ახლა დიდების დღეა, როდესაც მე ჩემს საქმეს ვასრულებ, და ეს არის დღე, როდესაც მე კაცობრიობას ტანჯვისგან გავათავისუფლებ, რადგან მე მათთან ტანჯვის და განცდის დროს არ გავიზიარებ. მე მხოლოდ კაცობრიობის სრულად დამორჩილება და კაცობრიობის ბოროტების სრულად დამარცხება მსურს.