რა იცით რწმენის შესახებ?
ადამიანში რწმენის შესახებ მხოლოდ არაზუსტი სიტყვა არსებობს, თუმცა თვითონ ადამიანმა არ იცის, რას წარმოადგენს რწმენა და მით უმეტეს — რატომ აქვს იგი. ადამიანს ძალზე ცოტა ესმის და თავადაც მეტად ნაკლოვანია; მისი რწმენა ჩემდამი უაზრო და უმეცრულია. მიუხედავად იმისა, რომ არ იცის, რა არის რწმენა და რატომ სწამს ჩემი, იგი მაინც აკვიატებულად აგრძელებს ჩემდამი რწმენას. რასაც ადამიანისგან მოვითხოვ, მხოლოდ ის არ არის, რომ მან აკვიატებულად მომიხმოს ან უმიზნოდ სწამდეს ჩემი; რადგან საქმის მიზანი, რომელსაც ვაკეთებ, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა მიხილოს და შემიცნოს მე და არა მხოლოდ იმაში, რომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინო და ახალი თვალით შემომხედოს. ოდესღაც მრავალი ნიშანი და საოცრება გამოვავლინე და უამრავი სასწაული აღვასრულე და იმდროინდელი ისრაელიანების დიდი მოწიწება და აღტაცება დავიმსახურე ჩემი განსაკუთრებულ ძალის — სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის გამო. იმ დროს ებრაელები ჩემს მკურნალ ძალას აღმატებულად და უჩვეულოდ მიიჩნევდნენ, ჩემს მიერ აღსრულებული, უამრავი საქმის გამო პატივს მცემდნენ და ჩემი ყოვლისშემძლეობის გამო აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ამგვარად, ყველამ, ვინც იხილა ჩემს მიერ აღსრულებული სასწაულები, გულისყურით მომდევდნენ, ისე რომ ჩემს გარშემო, ათასობით ადამიანი შეგროვდა, რათა ეხილათ, როგორ ვკურნავდი სნეულებს. მე მრავალი ნიშანი და საოცრება გამოვავლინე, თუმცა ხალხს მხოლოდ ჩინებულ მკურნალად მივაჩნდი; ასევე უამრავ რამეს ვასწავლიდი მათ, მაგრამ ისინი მხოლოდ მოძღვრად მთვლიდნენ, რომელსაც მოწაფეებზე მეტი ცოდნა ჰქონდა. დღესაც კი, მას შემდეგ რაც ჩემი საქმის ისტორიული ჩანაწერები იხილეს, ადამიანების განმარტებით დიდებული მკურნალი ვარ, რომელიც სნეულებს კურნავს და მოძღვარი, რომელიც უმეცართ ასწავლის, ასე მიწოდებენ მე, მოწყალე უფალ იესო ქრისტეს. ისინი, ვინც საღმრთო წერილებს განმარტავენ, შესაძლოა აღემატებოდნენ კიდეც ჩემს მკურნალ ძალას, ან იქნებ არიან ისეთი მოწაფეები, რომლებმაც თავიანთ მოძღვარს გადააჭარბეს ცოდნით; მაგრამ ეს სახელგანთქმული ადამიანები, რომელთა სახელებიც მთელ ქვეყნიერებაზეა ცნობილი, მაინც მხოლოდ უბრალო მკურნალად მიმიჩნევენ. ჩემს მიერ აღსრულებული საქმეები, ზღვის ნაპირებზე არსებული ქვიშის მარცვლების რაოდენობას აღემატება, ჩემი სიბრძნე კი სოლომონის ყველა ძის სიბრძნეს აჭარბებს, თუმცა ადამიანები მაინც უმნიშვნელო დამსახურების მქონე მკურნალად და კაცთა უცნობ მოძღვრად მთვლიან. მრავალთა რწმენა ჩემს მიმართ მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ განვკურნავდი მათ; მრავალთა კი მხოლოდ იმით, რომ მათი სხეულებიდან უწმინდურ სულებს განვდევნიდი. ბევრს იმისთვის სწამდა ჩემი, რომ ჩემგან მშვიდობა და სიხარული მიეღო. ბევრს - მატერიალური კეთილდღეობის სურვილი ამოძრავებდა, ხოლო ბევრს, უბრალოდ ამ ცხოვრების მშვიდად გატარება და მომავალ სოფელში უსაფრთხოდ ყოფნა სურდა. მრავალთა რწმენის მიზანი ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის თავის არიდება და ზეციური კურთხევის მიღებაა. მრავალი მხოლოდ დროებითი ნუგეშის გამო მირწმუნებს და არ ესწრაფვის რაიმე მოიპოვოს მომავალი სოფლისათვის. როდესაც ადამიანთა მიმართ მძვინვარებას ვავლენ და ვუწყვეტ იმ სიხარულსა და მშვიდობას, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ, ისინი ეჭვით ივსებიან. როდესაც ადამიანებს ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვუგზავნი და ზეციურ კურთხევებს უკან ვიბრუნებ, ისინი განრისხდებიან. როდესაც განკურნებას მთხოვენ და მე მათ არ ვპასუხობ, მათდამი ზიზღს ვავლენ და ვუგულებელვყოფ, ისინი განმეშორებიან და ბოროტი მკურნალობისა და ჯადოქრობის გზას ეძებენ. როდესაც ყველაფერს ვართმევ, რასაც ჩემგან ითხოვდნენ, ისინი უკვალოდ ქრებიან. ამიტომაც ვამბობ, რომ ადამიანებს იმიტომ კი არ სწამთ ჩემი რომ მე შემიცნეს, არამედ იმიტომ, რომ ჩემი მადლი მეტისმეტად უხვია და იმიტომ, რომ ჩემგან უამრავი სარგებლის მიღება სურთ. ებრაელებს ჩემი მადლის გამო სწამდათ ჩემი და ყველგან მომყვებოდნენ, სადაც კი მივდიოდი. შეზღუდული ცოდნის და გამოცდილების მქონე, ეს უმეცარი ადამიანები, მხოლოდ იმას ესწრაფვოდნენ, რომ ჩემს მიერ გამოვლენილი ნიშანები და საოცრებები ეხილათ. მათ მე ებრაელთა სახლის წინამძღოლად მიმიჩნიეს, რომელსაც უდიდესი სასწაულების აღსრულება შეეძლო. ამგვარად, როდესაც ადამიანებისგან ეშმაკებს ვდევნიდი, ამან მათ შორის დიდი ბჭობა გამოიწვია: ზოგი ამბობდა, რომ მე ელია ვიყავი, ზოგი — რომ მოსე ვიყავი, ზოგს—ყველა წინასწარმეტყველთაგან უხუცესად, ზოგს კი საუკეთესო მკურნალად მივაჩნდი. ჩემს გარდა არავის უთქვამს, რომ მე ვარ სიცოცხლე, გზა და ჭეშმარიტება; ამიტომაც ვერავინ შეიცნო ჩემი არსება და ჩემი ვინაობა. ჩემს გარდა არავის განუცხადებია, რომ ზეცა არის ადგილი, სადაც ჩემი მამა ცხოვრობს, ამიტომაც არავინ იცოდა, რომ მე ვარ ღვთის ძე და ამავე დროს თავად ღმერთი. ჩემს გარდა არავის უთქვამს, რომ მე ვიხსნი კაცობრიობას და გამოვისყიდი კაცთა მოდგმას; ამიტომაც ვერავინ შეიცნო, რომ მე ვარ კაცობრიობის მხსნელი და ადამიანებს მხოლოდ მოწყალე და კეთილშობილ პიროვნებად მივაჩნდი. და რადგან ჩემს გარდა ვერავინ შეძლო ჩემში არსებულის განმარტება, ვერავინ შემიცნო და ვერავინ ირწმუნა, რომ მე ვარ ცოცხალი ღვთის ძე. ასეთია ადამიანთა რწმენა ჩემდამი და ასეთი გზით ცდილობენ ჩემს მოტყუებას. როგორ შეძლებენ ჩემს აღიარებას, როდესაც ასეთი წარმოდგენა აქვთ ჩემზე?
ხალხს სწამს ჩემი, თუმცა მათ არ ძალუძთ ჩემი დამოწმება; ვერც დამიმოწმებენ, ვიდრე საკუთარ თავს თავადვე არ გავაცნობ. ადამიანები მხოლოდ იმას ხედავენ, რომ მე ყველა ქმნილებასა და წმინდანზე აღმატებული ვარ და ხვდებიან, რომ იმ საქმის აღსრულება, რასაც მე ვაკეთებ, კაცთაგან არავის ხელეწიფება. ამიტომაც, დაწყებული ებრაელთაგან, დღევანდელ ადამიანებამდე, ყველა, ვინც იხილა ჩემი დიდებული საქმეები მხოლოდ ცნობისმოყვარეობით განიმსჭვალა ჩემდამი და არცერთი ქმნილების ბაგეს არ შესწევდა ჩემი დამოწმების ძალა. მხოლოდ მამა ღმერთმა დამიმოწმა და გამიკვალა გზა ყველა ქმნილებას შორის. მისი დამოწმება რომ არა, რაც არ უნდა მეკეთებინა, ადამიანი მაინც ვერ მიხვდებოდა, რომ მე ვარ შემოქმედი; რადგან ადამიანი ჩემგან მხოლოდ გამორჩენას ეძებს და ჩემი საქმეების გამო ჩემდამი რწმენა არ უჩნდება. იგი მცნობს მხოლოდ იმიტომ, რომ უმანკო ვარ და უცოდველი, იმიტომ, რომ ძალმიძს მრავალ საიდუმლოთა განმარტება, რადგან ბევრს აღვემატები ან რადგან ადამიანმა უამრავი სარგებელი ჰპოვა ჩემგან. თუმცა ძალზე ცოტანი არიან ისინი, ვინც მირწმუნებენ, როგორც შემოქმედს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანმა არ იცის, რატომ სწამს ჩემი; მან არ იცის ჩემი რწმენის მიზანი ან მნიშვნელობა. ადამიანის რეალობა იმდენად მწირია, რომ იგი თითქმის არ არის გამოსადეგი ჩემს დასამოწმებლად. თქვენში ჯერ კიდევ ცოტაა ჭეშმარიტი რწმენა და რაც მოიპოვეთ — მცირეა, ამიტომაც უმნიშვნელოა თქვენი დამოწმება. გარდა ამისა, იმდენად ცოტა გესმით და ბევრი გაქვთ სასწავლი, რომ თითქმის უღირსნი ხართ ჩემი საქმენი დაამოწმოთ. თქვენი გადაწყვეტილება მართლაც მტკიცეა, მაგრამ დარწმუნებულნი ხართ, რომ შეძლებთ ღვთის არსის დამოწმებას? ის, რაც თქვენ განგიცდიათ და გიხილავთ, აღემატება ყველა დროის წმინდანთა და წინასწარმეტყველთა გამოცდილებას; მაგრამ შეძლებთ კი ისე დამოწმებას, რომ გადააჭარბოთ ძველი დროის წმინდანთა და წინასწარმეტყველთა სიტყვებს? ის, რასაც ახლა გიბოძებთ, აღემატება მოსეს და დაჩრდილავს დავითს, ამიტომაც მოვითხოვ, რომ თქვენი დამოწმება — მოსესას, ხოლო თქვენი სიტყვები — დავითისას აღემატებოდეს. მე ასმაგს გაძლევთ — და თქვენგანაც ასმაგად მოვითხოვ. უნდა იცოდეთ, რომ მე ვარ ის, ვინც სიცოცხლეს ანიჭებს კაცობრიობას და თქვენ ისინი ხართ, ვინც ჩემგან იღებენ სიცოცხლეს და ჩემი დამოწმების ვალდებულებას. ეს არის მოვალეობა, რომელიც დაგაკისრეთ და რომელიც ჩემთვის უნდა აღასრულოთ. მე თქვენ მთელი ჩემი დიდება მოგანიჭეთ. მოგეცით სიცოცხლე, რომელიც ისრაელის რჩეულ ხალხსაც კი არ მიუღია. თქვენ ვალდებულნი ხართ დამიმოწმოთ, მომიძღვნათ ახალგაზრდობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლეც გაიღოთ მსხვერპლად. ვისაც ჩემი დიდება ვუბოძე, ვალდებულია დამიმოწმოს და ჩემთვის გასწიროს სიცოცხლე — ეს დიდი ხნის წინ დავადგინე. თქვენთვის დიდი მადლია, რომ დიდება მოგანიჭეთ, თქვენი მოვალეობა კი, ამ მადლის დამოწმებაა. თუ თქვენ მხოლოდ კურთხევების გამო მირწმუნებთ, მაშინ ჩემს საქმეს მცირე მნიშვნელობა ექნება და თქვენც ვერ შეძლებთ თქვენი მოვალეობის შესრულებას. ისრაელიანებმა მხოლოდ ჩემი წყალობა, სიყვარული და სიდიადე იხილეს, ებრაელებმა კი — მხოლოდ ჩემი მოთმინება და გამოსყიდვა. მათ ჩემს სულიერ საქმეთაგან ძალზე მცირედი შეიცნეს — იმდენად მცირე, რომ ერთი მეათიათასედიც კი არ ესმოდათ იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ და იხილეთ. ის, რაც თქვენ იხილეთ, უმაღლეს მღვდელთაც კი აღემატება. ჭეშმარიტებანი, რომელთაც დღეს სწვდებით, მათსას აღემატება; ის, რაც დღეს იხილეთ, აღემატება როგორც სჯულის ჟამში ნანახს, ისე მადლის ჟამში განცდილს, ხოლო ის, რაც თქვენ განიცადეთ, თვით მოსესა და ელიას გამოცდილებას აღემატება. რადგან ისრაელიანებს მხოლოდ იეჰოვას სჯული ესმოდათ და მხოლოდ იმას ხედავდნენ, რაც იეჰოვასგან იყო გაცხადებული. იუდეველებმა კი, მხოლოდ იესოს გამოსყიდვა შეიცნეს, მხოლოდ მის მიერ ბოძებული მადლი მიიღეს და მხოლოდ იესოს ხატი იხილეს იუდეველთა სახლში. ის რასაც თქვენ დღეს ხედავთ, არის იეჰოვას დიდება, იესოს გამოსყიდვა და ჩემი დღევანდელი საქმენი. თქვენ მოისმინეთ ჩემი სულის სიტყვანი, შეიმეცნეთ ჩემი სიბრძნე, შეიცანით ჩემი საკვირველება და განგებულება. გარდა ამისა, ჩემი მთელი განგებულების გეგმაც გაგიმხილეთ. ის, რაც იხილეთ, არ არის მხოლოდ მოსიყვარულე და მოწყალე ღმერთი, არამედ სამართლიანობით აღსავსე ღმერთი. თქვენ იხილეთ ჩემი საკვირველი საქმენი და შემიცანით, მე, მთელი ჩემი დიდებულებითა და მრისხანებით. მეტიც, თქვენ იცით, რომ ოდესღაც ჩემი რისხვა ისრაელის სახლს დავატეხე, დღეს კი თქვენამდე მოვიდა. თქვენ ზეციურ საიდუმლოს უკეთ სწვდებით, ვიდრე ესაია და იოანე. თქვენ უკეთ იცნობთ ჩემს სილამაზესა და ღირსებას, ვიდრე ყველა წარსული საუკუნის წმინდანი. რასაც თქვენ ეზიარეთ, მხოლოდ ჩემი ჭეშმარიტება, ჩემი გზა და ჩემი სიცოცხლე როდია; ეს არის იოანეზე აღმატებული ხილვა და გამოცხადება. თქვენ უფრო მეტი საიდუმლო შეიცანით, იხილეთ ჩემი ჭეშმარიტი სახე, მიიღეთ ჩემი განკითხვა და მეტად შეიცანით ჩემი სამართლიანი ბუნება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ დღეებში დაიბადეთ, თქვენი შემეცნება მოიცავს როგორც ძველს და წარსულს, ასევე დღევანდელ საქმეებს, რომელიც თავად განიცადეთ — და ყოველივე ეს კი პირადად მე აღვასრულე. რასაც მე თქვენგან ვითხოვ, ზედმეტი როდია, რადგან იმდენი რამ მოგეცით და იმდენი რამ იხილეთ ჩემში. ამიტომაც გთხოვთ, დამიმოწმოთ ყველა საუკუნის წმინდანთა წინაშე — ეს არის ჩემი ერთადერთი გულწრფელი სურვილი.
თავდაპირველად მამა ღმერთმა დამიმოწმა, თუმცა მსურს, უფრო მეტი დიდება მივიღო და დამოწმების სიტყვები ქმნილებათა ბაგეებიდან მოვისმინო — ამიტომ, მე ყველაფერს თქვენ გაძლევთ, რათა შეასრულოთ თქვენი ვალი და ბოლომდე მიიყვანოთ ჩემი საქმე ადამიანთა შორის. თქვენ უნდა ჩასწვდეთ იმას, თუ რა არის ჩემი რწმენის ნამდვილი მიზეზი. თუ თქვენი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ იყოთ ჩემი მოწაფეები ან ჩემი პაციენტები, ან დაიმკვიდროთ ადგილი ზეციერ წმინდანთა შორის, მაშინ ჩემი გამოყოლა ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება. ამგვარი მიდგომით ჩემი გამოყოლა მხოლოდ ენერგიის ამაო ფლანგვა იქნებოდა. ჩემდამი ასეთი რწმენა იქნებოდა უბრალოდ დღეების უქმად გალევა და თქვენი საუკეთესო წლების წყალში გადაყრა. და საბოლოო ჯამში, თქვენ ვერაფერს მიიღებდით. განა ეს არ იქნებოდა ამაო შრომა? დიდი ხანია, რაც იუდეველთაგან წამოვედი და აღარც ადამიანთა მკურნალი ვარ და აღარც წამალი ადამიანისთვის. აღარ ვარ საპალნის მზიდი პირუტყვი, რომელსაც ადამიანი თავისი ნება-სურვილისამებრ მართავს ან კლავს, არამედ, მე მოვედი ადამიანთა შორის, რათა განვსაჯო და ვამხილო ადამიანი, რათა მან შემიცნოს მე. უნდა იცოდე, რომ ერთ დროს მე შევასრულე გამოსყიდვის საქმე. ერთ დროს ვიყავი იესო, მაგრამ მუდამ იესოდ ვერ დავრჩებოდი, ისევე როგორც ერთ დროს ვიყავი იეჰოვა, მოგვიანებით კი გავხდი იესო. მე ვარ კაცობრიობის ღმერთი, შემოქმედი, მაგრამ მუდამ იესოდ ან იეჰოვად ვერ დავრჩები. მე ვიყავი ის, ვისაც ადამიანი მკურნალად მიიჩნევს, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი მხოლოდ კაცობრიობის მკურნალია. ამიტომ, თუ შენს რწმენაში ჩემ მიმართ კვლავ ძველ შეხედულებებს ეჭიდები, მაშინ ვერაფერს მიაღწევ. როგორც არ უნდა მადიდო დღეს: „რაოდენ მოწყალეა ღმერთი ადამიანთა მიმართ. ის მკურნავს და მანიჭებს კურთხევას, მშვიდობასა და სიხარულს. რაოდენ კეთილია ღმერთი ადამიანის მიმართ; თუკი მხოლოდ ვიწამებთ მისას, აღარ დაგვჭირდება ზრუნვა ფულსა და ქონებაზე...“ — მე მაინც ვერ დავარღვევ ჩემს თავდაპირველ ჩანაფიქრს. თუკი დღეს ჩემი გწამს, შენ მხოლოდ ჩემს დიდებას მიიღებ და გახდები ღირსი, რომ ჩემი მოწმე იყო, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი გახდება. ეს შენ ნათლად უნდა უწყოდე.
ახლა კი, ჭეშმარიტად იცი, რატომ გწამს ჩემი? ნამდვილად იცი ჩემი საქმის მიზანი და მნიშვნელობა? ნამდვილად იცი შენი ვალი? ნამდვილად იცი ჩემი დამოწმება? თუკი შენ მხოლოდ გწამს ჩემი, თუმცა შენში არც ჩემი დიდების და არც ჩემი დამოწმების ნიშანწყალი არ არის, მაშინ მე დიდი ხნის წინ აღგგავე პირისაგან მიწისა, ხოლო ისინი, რომელთაც ყოვლისმცოდნეობა დაიჩემეს, ეკალზე უარესნი არიან ჩემს თვალში. ჩემს ტაძარში ისინი სხვა არაფერია, თუ არა ლოდი დაბრკოლებისა ჩემს გზაზე. ასეთი ადამიანები არიან ღვარძლი, ჩემს საქმეში ძირფესვიანად აღმოსაფხვრელი, ყოვლად უსარგებლონი და უვარგისნი არიან ისინი, და დიდი ხანია, რაც ჩემმა სულმა შეიძულა. ხშირად მოაწევს ჩემი რისხვა ყოველ მათგანზე, ვინც მოკლებულია დამოწმებას, და ჩემი კვერთხი არასოდეს განეშორება მათ. დიდი ხანია, რაც ბოროტის ხელთ გადავეცი. ისინი მოკლებულნი არიან ჩემს კურთხევას. როდესაც ის დღე დადგება, მათი სასჯელი იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე უგუნური დედაკაცებისა. დღეს მხოლოდ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ჩემი ვალია. მე შევკრავ მთელ ხორბალს ძნებად, იმ ღვარძლთან ერთად. ესაა ჩემი დღევანდელი საქმე. ეს ღვარძლი სრულად განიავდება ჩემი განიავების ჟამს, შემდეგ კი ხორბლის მარცვლები ბეღელში შეიკრიბება, ხოლო ის ღვარძლი, რომელიც განიავდა, ცეცხლში ჩაიყრება, რათა მტვრად იქცეს. ჩემი ამჟამინდელი საქმე მხოლოდ ის არის, რომ ყველა ადამიანი ძნებად შევკრა, ანუ სრულად დავიმორჩილო ისინი. მაშინ დავიწყებ განიავებას, რათა გამოვაჩინო თითოეული ადამიანის ხვედრი. ამიერიდან, შენი ვალია შეიგნო, თუ რა გზით ჰპოვო ჩემი სათნოყოფა და როგორ წარმართო მართებულად შენი რწმენა ჩემდამი. რაც მე მსურს, არის შენი ერთგულება და მორჩილება ახლა, შენი სიყვარული და დამოწმება ახლა. თუნდაც ამ მომენტში არ იცოდე, რა არის დამოწმება თუ სიყვარული, მაინც უნდა მომიტანო ყველაფერი, რაც გაგაჩნია, და გადმომცე ერთადერთი საგანძური, რომელიც გაქვს: შენი ერთგულება და მორჩილება. უნდა იცოდე, რომ სატანაზე ჩემი გამარჯვების დამოწმება ადამიანის ერთგულებასა და მორჩილებაშია, ისევე როგორც ადამიანზე ჩემი სრული დაპყრობის დამოწმება. შენი რწმენის უზენაესი გამოხატულებაა, აღასრულო ჩემი დამოწმება, შეინარჩუნო ჩემი უპირობო ერთგულება და დარჩე მორჩილი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. სანამ ჩემი საქმის შემდეგ ეტაპს დავიწყებდე, როგორ აპირებ, რომ დამემოწმო? როგორ აპირებ, იყო ჩემი ერთგული და მორჩილი? გამოავლენ შენი მოვალეობისადმი თავდადებას, თუ უბრალოდ დანებდები? აირჩევდი ჩემს ყოველგვარ განგებას დამორჩილებოდი (თუნდაც ეს სიკვდილი ან დაღუპვა იყოს), თუ შუა გზიდან მობრუნდებოდი ჩემი სასჯელისთვის თავის ასარიდებლად? მე გსჯი იმისთვის, რომ დამემოწმო და იყო ჩემი ერთგული და მორჩილი. უფრო მეტიც, ამჟამინდელი სასჯელი ჩემი საქმის შემდეგი ეტაპის გამოსაჩენად და ამ საქმის შეუფერხებელი მსვლელობისთვისაა საჭირო. ამგვარად, მოგიწოდებ, იყო გონიერი და უსარგებლო საგანივით ნუ მოეპყრობი ნურც შენს სიცოცხლესა და ნურც შენი არსებობის მნიშვნელობას. შეგიძლია ზუსტად იცოდე, როგორი იქნება ჩემი მომავალი საქმე? იცი, როგორ ვიმოქმედებ მომავალ დღეებში და როგორ გამოჩნდება ჩემი საქმე? უნდა იცოდე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემი საქმის შენეულ გამოცდილებას და, უფრო მეტიც, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემდამი შენს რწმენას. ამდენი რამ აღვასრულე, და ნუთუ შესაძლებელია, რომ ყოველივე შუა გზაზე მივატოვო, როგორც ეს შენ წარმოგიდგენია? ამხელა სამუშაო შევასრულე, განა შესაძლებელია, რომ ყოველივე დავანგრიო? ჭეშმარიტად, მე მოვედი, რათა ამ ეპოქას აღსასრული მოვუტანო. ეს ჭეშმარიტებაა, უფრო მეტიც: მე აქ ვარ, რათა საფუძველი ჩავუყარო ახალ ეპოქას, დავიწყო ახალი საქმე და, უპირველეს ყოვლისა, განვაცხადო სასუფევლის სახარება. ამგვარად, უნდა იცოდეთ, რომ ამჟამინდელი საქმე მხოლოდ ეპოქის დასაწყებად, მომავალში სახარების გავრცელებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად და სამომავლოდ ამ ეპოქის დასასრულებლადაა. ჩემი საქმე არც ისე მარტივია, როგორც შენ გგონია, და არც ისე უსარგებლო ან უშინაარსოა, როგორც შეიძლება ფიქრობდე. ამიტომ, კვლავაც გეუბნები: ვალდებული ხარ, საკუთარი სიცოცხლე ჩემს საქმეს შესწირო და, უფრო მეტიც, მთელი არსებით ჩემს დიდებას მიენდო. დიდი ხანია ვნატრობ, რომ დამემოწმო და კიდევ უფრო მეტხანს ვნატრობდი შენ მიერ ჩემი სახარების გავრცელებას. უნდა გესმოდეს ჩემი გულისწადილი.