რა არის ღმერთი შენი გაგებით?
ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ ღმერთის, თუმცა უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს თუ რას ნიშნავს სიტყვა „ღმერთი“ და უბრალოდ დაბნეულად მიჰყვებიან მას. მათ წარმოდგენაც არა აქვთ თუ, რატომ უნდა სწამდეს ადამიანს ღმერთის, ან რა არის ღმერთი. თუ ადამიანებმა იციან მხოლოდ ის, რომ უნდა სწამდეთ ღმერთის და მიჰყვნენ მას, მაგრამ არ იციან, რა არის ღმერთი, და არც თვითონ ღმერთს იცნობენ, განა ეს არ არის დიდი ირონია? მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე ადამიანებმა იხილეს მრავალი ზეციური საიდუმლო და მიიღეს ღრმა ცოდნა სხვადასხვა საკითხებში, რომელიც ადრე არ გააჩნდათ, მათ ისევ არ იციან ელემენტარული ჭეშმარიტებები, რომლებზეც აქამდე არ დაფიქრებულან. ზოგმა შეიძლება თქვას: „ჩვენ მრავალი წელია გვწამს ღმერთის. როგორ შეიძლება არ ვიცოდეთ, რა არის ღმერთი? განა ეს კითხვა დამამცირებელი არ არის?“ მაგრამ სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დღეს მე მომყვებიან, ისინი ვერ იგებენ დღევანდელი საქმის არსს და ვერ ხვდებიან ყველაზე აშკარა და მარტივ რამეებსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა ღმერთის შესახებ ცოდნა. იცოდე, რომ ის კითხვები, რომლებსაც შენ ყურადღებას არ აქცევ, რომელთაც ვერ იაზრებ, სწორედ მათი გაგებაა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინაიდან შენ უბრალოდ მიჰყვები ბრბოს, არ აქცევ ყურადღებას და არ ზრუნავ იმაზე, რით უნდა აღიჭურვო. მართლა იცი, რატომ უნდა გწამდეს ღმერთის? მართლა იცი, რა არის ღმერთი? მართლა იცი, რა არის ადამიანი? თუ შენ, როგორც მორწმუნე, ვერ იგებ ამ საკითხებს, განა არ კარგავ ღმერთის მორწმუნის ღირსებას? ჩემი ამჟამინდელი საქმე მდგომარეობს შემდეგში: ადამიანმა შეიცნოს თავისი თავი, გაიგოს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, და შეიცნოს ღმერთის ნამდვილი სახე. ეს არის ჩემი ღვთიური განგების საბოლოო აქტი, ჩემი საქმის უკანასკნელი ეტაპი. ამიტომ გეუბნებით თქვენ, ყველა ცხოვრების საიდუმლოს წინასწარ, რათა მიიღოთ ისინი ჩემგან. რადგან ეს არის ბოლო დროის საქმე, უნდა გითხრათ ყველა ის ცხოვრების ჭეშმარიტება, რომელიც აქამდე არ მიგიღიათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ძალგიძთ მისი გაგება და ამ ტვირთის აღება, ჯერ არ გაქვთ საჭირო მზაობა და სიმწიფე. მე უნდა დავასრულო ჩემი აღსასრულებელი საქმე და უნდა გითხრათ ყველაფერი, რაც დაგავალეთ, რათა კვლავ არ გადაუხვიოთ გზას და არ დაემონოთ ბოროტის ხრიკებს, როცა სიბნელე ჩამოწვება. არსებობს მრავალი გზა, რომელიც თქვენ არ გესმით, არსებობს მრავალი რამ, რომელთა შესახებაც არ იცით. თქვენ ძალიან უმეცარნი ხართ; მე კარგად ვიცი თქვენი სულიერების დონე და თქვენი ნაკლოვანებები. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სიტყვას ვერ იგებთ, მაინც გაგიმხელთ ყველა იმ ჭეშმარიტებას, რომელიც აქამდე არასდროს მიგიღიათ, რადგან მუდამ ვშიშობ, შეძლებთ თუ არა თქვენ, თქვენი ამჟამინდელი სულიერების დონით, მტკიცედ დადგეთ ჩემს დამმოწმებლად. საქმე იმაში კი არ არის, რომ მე თქვენზე ცუდი აზრის ვარ; თქვენ ყველანი ცხოველები ხართ, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ ჩემთან ფორმალური სწავლება, და ამიტომაც მე სრულიად ვერ აღვიქვამ იმ დიდებას, რომელიც თქვენშია ჩადებული. მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე მუშაობაში დიდი ძალისხმევა გავწიე, თქვენში არსებული დადებითი ელემენტები პრაქტიკულად უმნიშვნელოა, ხოლო უარყოფითი ელემენტები თითზე ჩამოსათვლელია და ისინი მხოლოდ სატანის შემარცხვენელ დამოწმებად თუ გამოდგება. თქვენში თითქმის ყველაფერი სატანის შხამია. თქვენზე დაკვირვებით მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენი გადარჩენა ძალზე საეჭვო საქმეა. ამჟამინდელ მდგომარეობაში, როცა ვუცქერ თქვენს სხვადასხვა გამომეტყველებებსა და მანერებს, საბოლოოდ ვაცნობიერებ თქვენს ნამდვილ სულიერების დონეს. ამიტომაც ყოველთვის ვღელავ თქვენზე: ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება რომ მისცემოდათ, ნუთუ ისინი მართლა უკეთესები გახდებოდნენ, ან თუნდაც ისეთები, როგორებიც ახლა არიან? ნუთუ არ გაშფოთებთ თქვენი სულიერი ჩამორჩენილობა და უმწიფობა? შეგიძლიათ კი მართლა იყოთ ისრაელის რჩეული ხალხივით — ყოველთვის ერთგულნი ჩემი და მხოლოდ ჩემი? ის, რაც თქვენში ვლინდება, არ არის სიცელქე ბავშვებისა, რომლებიც მშობლებს მოშორდნენ, არამედ არის ნადირის არსი, რომელიც ამოხეთქავს ცხოველებიდან, რომლებსაც პატრონის მათრახი აღარ ხვდება. უნდა იცოდეთ თქვენი ბუნება, რომელიც ასევე არის თქვენი საერთო სისუსტე; ეს არის სენი, რომელიც აერთიანებს ყველა თქვენგანს. ამიტომაც დღეს ჩემი ერთადერთი დარიგება თქვენთვის არის — მტკიცედ დადგეთ ჩემს დამმოწმებლებად. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ ძველი სენი კვლავ გამწვავდეს. ჩემს დამმოწმებლად დარჩენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი — ეს არის ჩემი საქმის ქვაკუთხედი. თქვენ უნდა მიიღოთ ჩემი სიტყვები ისე, როგორც მარიამმა მიიღო იეჰოვას სიზმარში გამოცხადება: რწმენით, შემდეგ კი დამორჩილებით. მხოლოდ ეს შეიძლება ჩაითვალოს სიწმინდედ. სწორედ თქვენ ისმენთ ჩემს სიტყვებს ყველაზე ხშირად, სწორედ თქვენ ხართ ჩემ მიერ ყველაზე მეტად კურთხეულნი. მე მოგეცით ყველა ჩემი ძვირფასი საუნჯე, ყველაფერი თქვენ გიბოძეთ, და მაინც, თქვენი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ისრაელის ხალხის მდგომარეობისგან; თქვენ უბრალოდ სხვა სამყაროს ეკუთვნით. მაგრამ მათთან შედარებით ბევრად მეტი მიიღეთ: მაშინ, როდესაც ისინი სასოწარკვეთით ელიან ჩემს გამოცხადებას, თქვენ ჩემთან ერთად ატარებთ სასიამოვნო დღეებს და იზიარებთ ჩემს ნაბოძებ საჩუქრებს. ამ განსხვავების მიუხედავად, რა უფლება გაქვთ, რომ ყვირით და მეკამათებით, რა უფლებით ითხოვთ ჩემი ქონების წილს? განა ბევრი არ მიიღეთ? მე ბევრს გაძლევთ, ხოლო ის, რასაც სანაცვლოდ თქვენგან ვიღებ, არის გულგამგმირავი მწუხარება და შფოთვა, დაუოკებელი უკმაყოფილება და წყენა. თქვენ იმდენად ამაზრზენნი ხართ — და ამავდროულად საცოდავნიც, რომ სხვა არჩევანი არ დამრჩენია, გარდა იმისა, რომ გადავყლაპო მთელი ჩემი წყენა და აღშფოთება და ისევ და ისევ გამოვთქვა ჩემი საყვედურები. ათასობით წლების მანძილზე საქმიანობისას, მე არასოდეს მისაყვედურია კაცობრიობისთვის, რადგან აღმოვაჩინე, რომ მთელი მისი განვითარების მანძილზე მხოლოდ თქვენ შორის არსებული „მატყუარები“ გახდნენ ყველაზე ცნობილი ადამიანები — თითქოს ისინი ყოფილიყვნენ ძვირფასი მემკვიდრეობა, რომლებიც თქვენ მიიღეთ უძველესი სახელგანთქმული წინაპრებისგან. როგორ მეზიზღება ეს პირუტყვული და არაადამიანური ბუნება. თქვენში სინდისის ნატამალიც აღარ არის! თქვენი ზნეობა დაცემულია, გული კი — გაქვავებული. მე რომ ასეთი სიტყვები და ასეთი საქმე ისრაელის ხალხისთვის მიმეცა, უკვე დიდი ხნის წინ მოვიპოვებდი დიდებას. მაგრამ თქვენთან ეს შეუძლებელია; თქვენში არის მხოლოდ სასტიკი გულგრილობა, ცივი უპატივცემულობა და თავის მართლება. თქვენ მეტისმეტად უგრძნობნი და სრულიად უსარგებლონი ხართ!
თქვენ უნდა მიუძღვნათ მთელი თქვენი არსება ჩემს საქმეს, უნდა აკეთოთ ის, რაც ჩემს საქმეს ემსახურება. მზად ვარ, აგიხსნათ ყველაფერი, რაც არ გესმით, რათა ჩემგან დანაკლისი მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენში უთვალავი ნაკლია, მზად ვარ განვაგრძო ის საქმე, რის გაკეთებასაც ვაპირებდი თქვენთვის, მოგანიჭოთ ჩემი უკანასკნელი წყალობა, რათა მიიღოთ ჩემგან სარგებელი და მოიპოვოთ ის დიდება, რომელიც თქვენში არ არის და რომელიც მსოფლიოს არასოდეს უნახავს. მრავალი წლის განმავლობაში ვშრომობდი, მაგრამ არცერთ ადამიანს არასოდეს შევუცნივარ. მსურს გაგანდოთ ის საიდუმლოებები, რომლებიც არასოდეს გამიმჟღავნებია არავისთვის.
ადამიანთა შორის მე ვიყავი სული, რომელსაც ისინი ვერ ხედავდნენ, სული, რომელსაც ვერასოდეს შეეხებოდნენ. დედამიწაზე ჩემი სამეტაპიანი მუშაობის გამო (სამყაროს შექმნა, გამოსყიდვა და განადგურება) სხვადასხვა დროს გამოვჩენილვარ მათ შორის (არასოდეს საჯაროდ), იმისათვის, რომ შემესრულებინა ჩემი საქმე ადამიანთა შორის. პირველად ადამიანებთან მოვედი გამოსყიდვის ხანაში. ბუნებრივია, მოვედი ებრაულ ოჯახში. ამგვარად, პირველები, ვინც იხილეს ღმერთის მოსვლა დედამიწაზე, იყვნენ ებრაელები. მიზეზი, რის გამოც პირადად შევასრულე ეს საქმე, იყო ის, რომ მსურდა ჩემი ხორცშესხმული სხეული ცოდვების გამოსასყიდად, მსხვერპლად გამომეყენებინა და ამ გზით აღმესრულებინა ჩემი გამოსყიდვის საქმე. ამგვარად, პირველები, ვინც მიხილეს, იყვნენ ებრაელები, მადლის ხანაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვმოქმედებდი ხორციელად. სასუფევლის ხანაში ჩემი საქმე მდგომარეობდა დამორჩილებაში და სრულყოფაში, ამიტომ კვლავ შევასრულე ჩემი, როგორც მწყემსის საქმე, ხორციელად. ეს არის ჩემი მეორე ხორციელი მოქმედება. ბოლო ორ ეტაპზე ადამიანები უკვე აღარ ურთიერთობდნენ უხილავ, არამატერიალურ სულთან, არამედ ურთიერთობდნენ ადამიანთან, რომლის სულიც ხორცად იქცა. ამგვარად, ადამიანის თვალში კვლავ ვხდები ადამიანი, ყოველგვარი ღვთაებრივი ნიშნის გარეშე. მეტიც, ღმერთი, რომელსაც ადამიანები ხედავენ, არის არა მხოლოდ მამაკაცი, არამედ ქალიც, რაც მათ უდიდეს გაოცებასა და დაბნეულობას იწვევს. კვლავ და კვლავ ჩემი უჩვეულო საქმე ანგრევს ძველ რწმენებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. ადამიანები გაოგნებულნი არიან! ღმერთი არ არის მხოლოდ სულიწმიდა, არ არის მხოლოდ სული, არ არის მხოლოდ შვიდგზის განმტკიცებული ან ყოვლისმომცველი სული, არამედ ასევე არის ადამიანიც — ჩვეულებრივი ადამიანი, სრულებით უბრალო ადამიანი. ის არა მხოლოდ მამაკაცია, არამედ არის ქალიც. ისინი ჰგვანან ერთმანეთს იმით, რომ ორივენი ადამიანთა შთამომავლები არიან, და განსხვავდებიან იმით, რომ ერთი ჩასახულია სულიწმიდით, ხოლო მეორე დაიბადა ადამიანისგან, თუმცა წარმოიშვა უშუალოდ სულიდან. ისინი ერთმანეთს ჰგვანან იმით, რომ ორივენი არიან ღმერთის განსახიერებული სხეული, ასრულებენ ზეციური მამის საქმეს, ხოლო განსხვავდებიან იმით, რომ ერთმა შეასრულა გამოსყიდვის საქმე, მეორე კი დამორჩილების საქმეს ასრულებს. ორივენი წარმოადგენენ ზეციურ მამას, მაგრამ ერთი არის გამომსყიდველი, სავსე სიყვარულითა და წყალობით, ხოლო მეორე — სამართლიანი ღმერთი, სავსე რისხვითა და განკითხვით. ერთი არის უზენაესი წინამძღოლი, რომელმაც დაიწყო გამოსყიდვის საქმე, ხოლო მეორე — სამართლიანი ღმერთი, რომელიც ასრულებს დამორჩილების საქმეს. ერთი არის დასაწყისი, მეორე — დასასრული. ერთი არის უბიწო სხეული, ხოლო მეორე — სხეული, რომელიც ასრულებს გამოსყიდვას, აგრძელებს საქმეს და არასოდეს სცოდავს. ორივე — ერთი და იგივე სულია, მაგრამ ისინი სხვადასხვა სხეულში იმყოფებიან, სხვადასხვა ადგილას არიან დაბადებულნი და ათასწლეულებით არიან გამიჯნულნი. თუმცა მათი საქმეები ერთმანეთს ავსებს, არასოდეს ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და შეიძლება ერთ საქმედ მოვიხსენიოთ. ორივენი ადამიანები არიან, მაგრამ ერთი იყო ჩვილი ბიჭი, მეორე — ჩვილი გოგო. ამ მრავალი წლის განმავლობაში ადამიანებმა იხილეს არა მხოლოდ სული და არა მხოლოდ ადამიანი, მამაკაცი, არამედ ბევრი ისეთი რამ, რაც არ ჯდება ადამიანურ წარმოდგენებში. ამგვარად, ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ ჩემს სრულად შეცნობას და ჩემ მიმართ არასრულყოფილი, ეჭვით გამსჭვალული რწმენა ექნებათ — თითქოს მე კიდეც ვარსებობ, მაგრამ, ამავე დროს, მათისიზმრის ნაყოფი ვარ. აი, ამიტომაც არის, რომ ადამიანებმა დღემდე არ იციან, ვინ არის ღმერთი. ნუთუ მართლა შეგიძლიათ დამახასიათო მე ერთ მარტივ წინადადებაში? გეყოფა კი გამბედაობა, რომ ნამდვილად თქვა: „იესო სხვა არაფერია, თუ არა ღმერთი, და ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა იესო“? მართლა გაქვს კი ასეთი სიმამაცე, რომ თქვა: „ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა სული, და სული სხვა არაფერია, თუ არა ღმერთი“? გეყოფა კი გამბედაობა, თქვა: „ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ხორცშესხმული ადამიანი“? გაქვს კი ნამდვილი სიმამაცე, რომ დაადასტურო: „იესოს სახე — ეს არის ღმერთის დიადი ხატი“? შეგიძლია კი შენი მჭევრმეტყველებით სრულად აღწერო ღვთის ხასიათი და სახე? გეყოფა კი გამბედაობა, თქვა: „ღმერთმა თავის ხატად შექმნა მხოლოდ მამაკაცები და არა ქალები“? თუ ასე ამბობ, მაშინ არცერთი ქალი არ იქნებოდა ჩემს რჩეულთა შორის, და მით უმეტეს, ქალები არ იქნებოდნენ კაცობრიობის ნაწილნი. ახლა ნამდვილად იცი, ვინ არის ღმერთი? არის ღმერთი ადამიანი? არის ღმერთი სული? ნამდვილად არის ღმერთი მამაკაცი? მხოლოდ იესოს შეუძლია დაასრულოს ის საქმე, რომელიც მე უნდა აღვასრულო? თუ ზემოთქმულთაგან მხოლოდ ერთს ირჩევ ჩემი არსის გამოსახატავად, უკიდურესად უმეცარი ყოფილხარ, თუნდაც ერთგული მორწმუნე იყო. მე რომ მხოლოდ ერთხელ განვკაცებულიყავი, შემზღუდავდი? შეგიძლია კი ერთი შეხედვით სრულად შემიცნო? შეგიძლია კი ამომწურავად დამახასიათო მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რასაც ცხოვრების განმავლობაში შეხვედრიხარ? მე რომ ორივე ჩემს ხორცშესხმაში ერთი და იგივე საქმე შემესრულებინა, როგორ აღმიქვამდი? სამუდამოდ დამტოვებდით ჯვარზე გაკრულს? ნუთუ ღმერთი შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორიც შენ გგონია?
მიუხედავად თქვენი ძალზე გულწრფელი რწმენისა, თქვენ შორის არავინ არის, ვინც შეძლებს ჩემს დამმოწმებლად ყოფნას და ყველა ნანახი ფაქტის სრულად დადასტურებას.აბა, დაფიქრდით: დღეს თქვენი უმეტესობა უგულებელყოფს საკუთარ მოვალეობებს და ამის ნაცვლად ისწრაფვის ხორციელისკენ, იკმაყოფილებს ხორციელ მოთხოვნილებებს და ეძლევა ხორციელ სიამოვნებებს. თქვენში ცოტაა ჭეშმარიტება. მაშ, როგორ შეძლებთ, რომ დაამოწმოთ ყველაფერი, რასაც ხედავთ? ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ იყოთ ჩემი მოწმეები? თუკი დადგება დღე, როცა ვერ შეძლებ დაამოწმო ყველაფერი, რასაც დაინახავ, მაშინ დაკარგავ უფლის მიერ შექმნილი არსების ფუნქციას და შენს არსებობას ყოველგვარი აზრი დაეკარგება. აღარ იქნები ღირსი იწოდებოდე ადამიანად. შეიძლება ითქვას, ადამიანად აღარც კი ჩაითვლები! მე განუზომლად დიდი შრომა მაქვს გაწეული თქვენზე, მაგრამ რადგან ახლა არაფერს სწავლობ, ვერაფერს აცნობიერებ და შენი შრომა არ იძლევა არანაირ ნაყოფს, როდესაც დადგება ჩემი საქმის გავრცელების დრო, შენ ცარიელი მზერით დარჩები, სათქმელ სიტყვებს ვერ იპოვი და სრულიად უსარგებლო იქნები. განა მაშინ შენ ცოდვილის სახელით არ შეხვალ ისტორიაში? როცა დადგება ეს დრო, განა არ იგრძნობ უდიდეს სინანულს? განა არ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში? მთელი ჩემი ამჟამინდელი საქმე სრულდება არა იმიტომ, რომ არ ვიცი სხვა რით დავკავდე, ან რით გავერთო მოწყენილობისგან, არამედ იმისთვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს ჩემს მომავალ საქმეს. არა იმიტომ, რომ ჩიხში ვარ მომწყვდეული და მსურს რაღაც ახალი საქმით დავკავდე. უნდა გესმოდეს, რომ შრომა, რომელსაც მე ვწევ, არ არის ბავშვური თამაში, არამედ მე მამა ღმერთს წარმოვადგენ. უნდა იცოდეთ, რომ ყოველივე ამას ჩემი სურვილით კი არ ვაკეთებ, არამედ ვატარებ მამა ღმერთის ნებას.თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, რომ ზედმიწევნით მიჰყვეთ ჩემს გზას, დამემორჩილოთ, შეიცვალოთ და იყოთ ჩემი დამმოწმებლები. უნდა გააცნობიეროთ, თუ რატომ უნდა გწამდეთ ჩემი; ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თითოეული თქვენგანისთვის. მამა ღმერთმა, თავისი დიდებისათვის, სამყაროს შექმნის დღიდან თქვენი თავი ჩემთვის განაწესა. ჩემი საქმისა და თავისი დიდებისათვის მან განგაწესათ თქვენ. სწორედ მისი წყალობით გწამთ ჩემი; სწორედ მისი წინასწარ განზრახვის წყალობით მომყვებით მე. აღნიშნული არ არის თქვენი საკუთარი არჩევანი. მეტად მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც მამა ღმერთმა მიბოძა მე, რათა იყოთ ჩემი დამმოწმებელნი. რადგან მამა ღმერთმა მაჩუქა თქვენი თავი, უნდა იაროთ იმ გზებით, რომლებსაც მე მიგითითებთ, აგრეთვე უნდა დაემორჩილოთ იმ გზებსა და სიტყვებს, რომლებსაც გასწავლით, რადგან თქვენი ვალია მიჰყვეთ ჩემს გზას. ეს არის ჩემდამი თქვენი რწმენის თავდაპირველი მიზანი. ამიტომ გეუბნებით: თქვენ უბრალოდ ხართ ის ადამიანები, ვინც მამა ღმერთმა მიბოძა, რათა მიჰყვეთ ჩემს გზებს. თუმცა თქვენ მხოლოდ ჩემი გწამთ; თქვენ ჩემგან არ ხართ, რადგან არ ეკუთვნით ისრაელიანთა ოჯახს, არამედ, პირიქით, უძველესი გველის მოდგმიდან ხართ. ყველაფერი, რასაც გთხოვთ, არის ის, რომ დადგეთ ჩემს დამმოწმებლად, მაგრამ დღეს უნდა მიჰყვეთ ჩემს გზას. ეს ყველაფერი სრულდება მომავალი მოწმობისთვის. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მიჰყვეთ მხოლოდ ჩემს გზების, თქვენ დაკარგავთ ყოველგვარ ფასეულობას, ვინაიდან დაიკარგება დედააზრი იმისა, რაც მამა ღმერთმა ჩადო მასში, როცა თქვენი თავი მომიძღვნა. რასაც გეუბნებით და რასაც თქვენგან მოვითხოვ, მხოლოდ ის არის, რომ მიჰყვეთ ჩემს გზას.