თავი 99
რადგან ჩემი მუშაობის ტემპი ჩქარდება, ვერავინ ეწევა ჩემს ნაბიჯებს და ვერავინ სწვდება ჩემს გონებას, მაგრამ ეს ის გზაა, რომელიც უნდა გაიარონ. სწორედ ეს „მკვდრეთია“ (იგულისხმება ჩემი განზრახვების აღქმის უნნარობა, იმის მიხვედრის შეუძლებლობა, თუ რას ვგულისხმობ ჩემს სიტყვებში — ეს არის სიტყვა „მკვდრეთის“ სხვა ახსნა და არ ნიშნავს „ჩემი სულის მიერ მიტოვებულს“) ფრაზაში „მკვდრეთით აღდგომა“, რომელიც უკვე ითქვა. როდესაც თქვენ და მე ამ ფაზიდან სხეულში გადავინაცვლებთ, მაშინ სრულად აღსრულდება „მკვდრეთით აღდგომის“ რეალური მნიშვნელობა (ანუ, ეს არის მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტი გაგება). აი, ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ყველანი იმყოფებით: ვერ აღიქვამთ ჩემს განზრახვებს და ვერ პოულობთ ჩემს ნაბიჯებს. ამასთანავე, ვერ ინარჩუნებთ სიმშვიდეს თქვენს სულებში. შედეგად, შფოთვას განიცდით. ზუსტად ეს მდგომარეობაა ის „ტანჯვა“, რომელიც ვახსენე. ადამიანები ამ ტანჯვას ვერ იტანენ. ერთი მხრივ, საკუთარ მომავალზე ფიქრობთ, ხოლო მეორე მხრივ, იღებთ ჩემს წვასა და განკითხვას, რომლებიც ყველა მხრიდან გიტევენ. გარდა ამისა, ვერანაირ კანონზომიერებას ვერ პოულობთ ჩემი საუბრის ტონსა და მანერაში, და თუნდაც ერთ დღეში, ჩემი გამონათქვამის რამდენიმე სახის ტონალობა იცვლება. ეს ყოველივე დიდ ტანჯვას გაყენებთ. ეს არის ჩემი მუშაობის ეტაპები. ეს არის ჩემი სიბრძნე. მომავალში ამ მხრივ კიდევ უფრო დიდ ტანჯვას განიცდით და ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ გამოაშკარავდეს ყველა თვალთმაქცი — ეს ახლაც ნათელი უნდა იყოს! ეს არის ჩემი მუშაობის მეთოდი. ამგვარი ტანჯვის მოტივაციითა და სიკვდილის ტოლფასი ტკივილის განცდის შემდეგ, თქვენ სხვა სამყაროში შეხვალთ. შეხვალთ სხეულში და ჩემთან ერთად იმეფებთ, რათა განაგოთ ურიცხვი ერი და ხალხი.
რატომ ვსაუბრობდი ბოლო დროს უფრო მკაცრი ტონით? რატომ იყო ჩემი ტონი და ასევე, ჩემი მუშაობის მეთოდი ასეთი მრავალფეროვანი? ჩემი სიბრძნე სწორედ ამ ყველაფერშია. ჩემი სიტყვები ნათქვამია ყველასთვის, ვინც ეს სახელი მიიღო (მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა, რომ ჩემი სიტყვები შეიძლება აღსრულდეს), ამიტომ ჩემი სიტყვები ყველამ უნდა მოისმინოს და იხილოს, და ხალხი არ უნდა დაიჩაგროს, რადგან მე მაქვს მუშაობის ჩემებური გზა და სიბრძნე. ადამიანების განსასჯელად, გამოსააშკარავებლად და ადამიანური ბუნების მხილებისთვის ჩემს სიტყვებს ვიყენებ. ამით მე ვირჩევ მათ, ვინც ჩემი რჩეულია, და ვრიცხავ მათ, ვინც არ არის ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრული ან არჩეული. ეს ყველაფერი ჩემი სიბრძნეა და ჩემი საქმის საკვირველება. ეს არის ჩემი მეთოდი ჩემი საქმის ამ ფაზაში. არის ვინმე ადამიანებს შორის, ვინც შეძლებს ჩემი განზრახვების აღქმას? არის ვინმე, ვინც ჩემს ტვირთს გაითვალისწინებს? ის, ვინც ამ საქმეს აკეთებს, ვარ მე, თავად ღმერთი. დადგება დღე, როცა სრულად ჩაწვდებით ამ ჩემი სიტყვების მნიშვნელობას და ბოლომდე გექნებათ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რატომ მინდა ამ სიტყვების წარმოთქმა. ჩემი სიბრძნე დაუსრულებელი, უსაზღვრო და აღუწერელია და ის ადამიანებისთვის სრულიად მიუწვდომელია. ადამიანებს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ მისი დანახვა იმის მიხედვით, რასაც ვაკეთებ, თუმცა ის, რასაც ხედავენ, მაინც ნაკლოვან და არასრულ სურათს იძლევა. როდესაც მთლიანად გადახვალთ ამ ფაზიდან შემდეგ ფაზაში, მაშინ შეძლებთ მის მკაფიოდ დანახვას. დაიმახსოვრეთ! ახლა ყველაზე ძვირფასი ეპოქაა — ეს არის ბოლო ფაზა, რომელშიც ხორციელად იმყოფებით. თქვენი ცხოვრება, ზუსტად ახლა, არის თქვენი ფიზიკური ცხოვრების დასასრული. როდესაც ხორციელი სამყაროდან სულიერ სამყაროში შეხვალთ, იმ დროს მთელი ტკივილი დაგტოვებთ. დიდად გაიხარებთ და იზეიმებთ, და დაუსრულებლად იხტუნებთ სიხარულისაგან. მაგრამ აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამ, მხოლოდ პირმშო ძეებს ეხება, რადგან მხოლოდ პირმშო ძენი არიან ამ კურთხევის ღირსნი. სულიერ სამყაროში შესვლა ყველაზე დიდი კურთხევა, უმაღლესი ნეტარება და ყველაზე ძვირფასი რამეა, რისი განცდაც შეიძლება. ის, რასაც ახლა საჭმელად და სატარებლად იღებთ, ხორცის სიამოვნების მეტი არაფერია; ეს მადლია და მე ამ ყველაფერს საერთოდ არ ვანიჭებ მნიშვნელობას. ჩემი საქმის მთავარი მიზანი შემდეგ ფაზაშია (სულიერ სამყაროში შესვლა და მთელ სამყაროსთან პირისპირ დგომა).
მე ვთქვი, რომ დიდი წითელი დრაკონი უკვე დავამხე და დავამსხვრიე. როგორ არ გჯერათ ჩემი სიტყვების? კვლავ რატომ გსურთ ჩემთვის დევნისა და გასაჭირის ატანა? არ არის ეს თქვენთვის ზედმეტად გადახდილი ფასი? მრავალჯერ შეგახსენეთ, რომ თქვენ მხოლოდ ტკბობა გჭირდებათ, მაშინ როცა საქმეს მე თვითონ, პირადად ვაკეთებ. რატომ ისწრაფვით ასე ძალიან მოქმედებისკენ? თქვენ მართლაც არ იცით ტკბობა! ყველაფერი სრულად მოვამზადე თქვენთვის — რატომ არავინ მოსულა ჩემთან მის მისაღებად? თქვენ კვლავ გაურკვევლობაში ხართ იმის გამო, რაც ვთქვი! არ მიცნობთ! გგონიათ, რომ ცარიელი თავაზიანობით ვსაუბრობ; მართლაც, გონებაარეულები ხართ! (სრული მზადება, რაზეც ვსაუბრობ, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად უნდა შემომხედოთ და უფრო ხშირად ილოცოთ ჩემ წინაშე, ხოლო მე პირადად ვიმოქმედებ, დავწყევლი ყველას, ვინც წინააღმდეგობას მიწევს, და დავსჯი ყველას, ვინც გდევნით.) თქვენ არაფერი იცით ჩემი სიტყვების შესახებ! მე გიმჟღავნებთ ყველა ჩემს საიდუმლოს, მაგრამ რამდენ თქვენგანს აქვს მათზე ჭეშმარიტად ნათელი წარმოდგენა? რამდენ თქვენგანს ესმის ისინი სიღრმისეულად? რა არის ჩემი ტახტი? რა არის ჩემი რკინის კვერთხი? რომელმა თქვენგანმა იცის? ჩემი ტახტის ხსენებაზე ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ეს არის ადგილი, სადაც ვზივარ, ან რომ ის ჩემს სავანეს აღნიშნავს, ან იმ პირს გულისხმობს, რომელიც მე ვარ. ეს ყველაფერი მცდარი გაგებაა — უბრალოდ სრული გაუგებრობაა! არცერთი ეს ახსნა არ არის სწორი, არა? სწორედ ასე გესმით და ასე აღიქვამთ ამას ყველანი — ეს უბრალოდ გაგების უკიდურესი გადახრაა! რა არის ხელმწიფება? რა კავშირია ხელმწიფებასა და ტახტს შორის? ტახტი არის ჩემი ხელმწიფება. როდესაც ჩემი პირმშო ძეები მაღლა ასწევენ ჩემს ტახტს, ეს სწორედ ის დროა, როდესაც ჩემი პირმშო ძენი მიიღებენ ჩემგან ხელმწიფებას. მხოლოდ მე მაქვს ხელმწიფება, ამიტომ მხოლოდ მე მაქვს ტახტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც ჩემი პირმშო ძენი ისევე დაიტანჯებიან, როგორც მე ვიტანჯებოდი, ისინი მიიღებენ ჩემს არსებას, ყოველივეს, რაც მაქვს, და ჩემგან მიიღებენ ყველაფერს; ეს არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ისინი პირმშო ძის სტატუსს მიაღწევენ. ეს იქნება დრო, როდესაც ჩემი პირმშო ძენი მაღლა ასწევენ ჩემს ტახტს, და ეს ასევე იქნება დრო, როდესაც ისინი მიიღებენ ჩემგან ხელმწიფებას. ახლა ეს უნდა გესმოდეთ! ყველაფერი, რასაც ვამბობ, მკაფიო და სრულიად ორაზროვნებას მოკლებულია, რათა ყველასთვის გასაგები იყოს. დაივიწყეთ თქვენი საკუთარი წარმოდგენები და დაელოდეთ იმ საიდუმლოებათა მიღებას, რომლებსაც გიცხადებთ! მაშ, რა არის რკინის კვერთხი? წინა ფაზაში ის ჩემს მკაცრ სიტყვებს აღნიშნავდა, მაგრამ ახლა ის წარსულისგან განსხვავდება: ახლა რკინის კვერთხი აღნიშნავს ჩემს საქმეებს, რომლებიც ხელმწიფებით შემოსილი დიდი უბედურებებია. ამიტომ, რკინის კვერთხის ხსენებისას, ის ყოველთვის ხელმწიფებასთან ერთად განიხილება. რკინის კვერთხის თავდაპირველი მნიშვნელობა დიდ კატასტროფებთან მიმართებით არის ნათქვამი — ის ხელმწიფების ნაწილია. ყველამ მკაფიოდ უნდა დაინახოს ეს და მხოლოდ ამგვარად შეძლებენ ჩემი განზრახვების აღქმას და ჩემი სიტყვებიდან გაცხადების მიღებას. ვისაც აქვს სულიწმიდის საქმე, ხელში რკინის კვერთხი უჭირავს და სწორედ ისინი ფლობენ ხელმწიფებას და აქვთ ნებისმიერი დიდი უბედურების აღსრულების უფლება. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ადმინისტრაციული განკარგულება.
ყველაფერი გახსნილია თქვენთვის (ეს ეხება იმ ნაწილს, რომელიც მკაფიოდ არის მითითებული), და ყველაფერი დამალულია თქვენგან (ეს ეხება ჩემი სიტყვების ფარულ ნაწილს). მე სიბრძნით ვსაუბრობ: უფლებას გაძლევთ, რომ ზოგიერთი ჩემი სიტყვის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობა გაიგოთ, ზოგიერთის მნიშვნელობა კი ისე აღიქვათ (თუმცა ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახერხებს მის წვდომას), რადგან ეს არის ჩემი საქმის თანმიმდევრობა. მე შემიძლია მხოლოდ მაშინ გითხრათ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, როდესაც გარკვეულ სულიერ სიმწიფეს მიაღწევთ. ეს არის ჩემი სიბრძნე და ჩემი საკვირველი საქმეები (რათა სრულგქმნათ და სრულად დაამარცხოთ სატანა და შეარცხვინოთ ეშმაკები). სანამ სხვა სამყაროში არ შეხვალთ, სრულად გაგებას ვერ შეძლებთ. ამგვარად იმიტომ უნდა მოვიქცე, რომ ადამიანურ წარმოდგენებში ბევრი რამაა, რასაც ხალხი უბრალოდ ვერ წვდება, და მაშინაც კი, თუ მკაფიოდ ვისაუბრებ, მაინც ვერ გაიგებთ. ადამიანთა გონება, ბოლოს და ბოლოს, შეზღუდულია და ბევრი რამაა, რისი გადაცემაც მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია, რაც სულიერ სამყაროში შეხვალთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის ხორციელი სხეული ამას ვერ გაუძლებს, და ამან შეიძლება მხოლოდ ხელი შეუშალოს ჩემს მართვას. ეს არის იმ „საქმის თანმიმდევრობის“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რაზეც ვსაუბრობ. რამდენად გესმით ჩემი თქვენს წარმოდგენებში? უნაკლოა თქვენი გაგება? არის ეს სულიერი ცოდნა? ამიტომ, მე სხვა სამყაროში გადასვლის უფლება უნდა მოგცეთ, რათა აღასრულოთ ჩემი საქმე და მიჰყვეთ ჩემს ნებას. მაშ, ზუსტად რა არის ეს სხვა სამყარო? მართლაც ასეთია, როგორც ადამიანები წარმოიდგენენ — რაღაც ზებუნებრივი ხილვა? რეალურად არის ისეთი რამ, როგორიც ჰაერია, რომლის დანახვა ან შეგრძნება შეუძლებელია, მაგრამ მაინც არსებობს? როგორც ვთქვი, სხეულში ყოფნის მდგომარეობა ნიშნავს ხორცისა და ძვლის ტარებას, კონკრეტული გარეგნობისა და სახის ქონას. ეს აბსოლუტურად ჭეშმარიტი და უეჭველია და ყველამ უნდა ირწმუნოს იგი. ეს არის სხეულის რეალური მდგომარეობა. გარდა ამისა, სხეულში არ არის ისეთი საკითხები, რომლებიც ადამიანებს ეზიზღებათ. მაგრამ ზუსტად რა არის ეს მდგომარეობა? როდესაც ადამიანები ხორციდან სხეულში გადადიან, დიდი ჯგუფი უნდა გამოჩნდეს. ანუ, ისინი გათავისუფლდებიან თავიანთი ხორციელი სახლისგან და ამის აღწერა შეიძლება ისე, რომ თითოეული თავისი გვარის მიხედვით ლაგდება: ხორცი ხორცს უერთდება და სხეული სხეულს. ახლა კი ისინი, ვინც სცილდებიან თავიანთ სახლებს, მშობლებს, ცოლებს, ქმრებს, ვაჟებსა და ქალიშვილებს, იწყებენ სულიერ სამყაროში შესვლას. საბოლოოდ, საქმე ასეა: სულიერ სამყაროში ვითარება ისეთია, რომ პირმშო ძენი იკრიბებიან, მღერიან და ცეკვავენ, ადიდებენ და ზეიმობენ ჩემს წმინდა სახელს. ეს არის სცენა, რომელიც მშვენიერი და მუდამ ახალია. ყველანი ჩემი საყვარელი ძენი არიან, რომლებიც სამუდამოდ, განუწყვეტლივ მადიდებენ და მუდამ განადიდებენ ჩემს წმინდა სახელს. ეს არის სულიერ სამყაროში შესვლის შემდგომი ვითარება, ეს ასევე არის სულიერ სამყაროში შესვლის შემდგომი საქმე, და ეს არის ზუსტად ისეთივე ვითარება, რომელზეც ვსაუბრობდი — ეკლესიის მწყემსვა სულიერ სამყაროში. გარდა ამისა, საქმე იმაშია, რომ მე ვჩნდები ჩემი პიროვნებით სამყაროს ყოველ ერში და ურიცხვ ერსა და ხალხს შორის, თან დავატარებ ჩემს ხელმწიფებას, რისხვასა და სამსჯავროს, და კიდევ უფრო მეტს — ჩემი რკინის კვერთხს, რათა ვმართო ურიცხვი ერი და ხალხი. ეს, ურიცხვ ხალხსა და მთელ სამყაროში, ჩემთვის ისეთ მოწმობას წარმოადგენს, რომელიც აზანზარებს ცასა და მიწას და აიძულებს ურიცხვ ხალხსა და ყოველივეს მთებზე, მდინარეებში, ტბებსა და დედამიწის კიდეებზე, რომ მადიდონ და პატივი მომაგონ, და მიცნონ მე, ერთადერთი ღმერთი თავად, რომელიც არის ყოველივეს შემოქმედი და რომელიც წინამძღოლობს ყველაფერს, განაგებს ყველაფერს, ასამართლებს ყველაფერს, აღასრულებს ყველაფერს, სჯის ყველაფერს და ანადგურებს ყველაფერს. აი, ეს არის ჩემი პიროვნების გამოჩინება.