თავი 100

მძულს ყველა, ვინც ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრული და არჩეული არ არის. ამიტომ, ეს ხალხი სათითაოდ უნდა გავყარო ჩემი სახლიდან, რათა ჩემი ტაძარი იყოს წმინდა და უბიწო, ჩემი სახლი — მუდამ ახალი და არასდროს ძველი, ჩემი წმინდა სახელი — მარადჟამს ნაქები, ხოლო ჩემი წმინდა ხალხი — ჩემთვის საყვარელი. ასეთი სურათი, ასეთი სახლი და სამეფო არის ჩემი მიზანი და ჩემი სავანე; ეს არის ჩემ მიერ ყოველივეს შექმნის საფუძველი. ამას ვერავინ შეარყევს ან შეცვლის. მასში მხოლოდ მე და ჩემი საყვარელი ძენი ვიცხოვრებთ ერთად და არავის მიეცემა უფლება, ფეხქვეშ გათელოს იგი, ვერაფერი შეძლებს მის დაკავებას და მით უმეტეს, არ დაიშვება რაიმე არასასიამოვნო. ყოველივე სავსე იქნება ქებითა და ზეიმით, და იქნება ადამიანისთვის წარმოუდგენელი სანახაობა. მე მხოლოდ ის მსურს, რომ მთელი თქვენი გულით, გონებითა და ძალით შემომწიროთ თქვენი სრული ძალისხმევა. დღეს იქნება თუ ხვალ, განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნებით, სამსახურს გაწევთ ჩემთვის თუ კურთხევებს მიიღებთ, ყველამ უნდა გაიღოთ თქვენი წილი ძალისხმევა ჩემი სამეფოსთვის. ეს არის ვალდებულება, რომელიც ყველა ადამიანმა, ქმნილებამ უნდა იკისროს და ზუსტად ამგვარად უნდა შესრულდეს და განხორციელდეს. იმისათვის, რომ ჩემი სამეფოს სილამაზე მუდამ ახალი იყოს, ხოლო ჩემი სახლი — ჰარმონიული და ერთიანი, მე წარვმართავ ყოველივეს, რათა მსახურება გასწიონ. არავის ეძლევა ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ვინც ამას იზამს, განსჯას და წყევლას უნდა დაექვემდებაროს. ახლა ჩემი წყევლა მოუწევს თითოეულ ქვეყანას და ხალხს, და ეს წყევლა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემი განსჯა. ახლა ყველა ადამიანის მსჯავრდების დროა, ამიტომაც ეწოდება ამას წყევლა. ეს იმიტომ, რომ ახლა უკანასკნელი ეპოქაა და არა შექმნის დრო. ეპოქების ცვლასთან ერთად, ჩემი საქმის ტემპიც სრულიად შეიცვალა. ჩემი საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩემთვის საჭირო ადამიანებიც განსხვავებულნი არიან: ვინც მისატოვებელია — მიტოვებული იქნება, ვინც მოსაკვეთია — მოკვეთილი იქნება, ვინც მოსასპობია — მოსპობილი იქნება, ხოლო ვინც შესანარჩუნებელია — დარჩენის უფლება უნდა მიეცეთ. ეს ადამიანის ნებისგან დამოუკიდებელი, აუცილებელი ტენდენციაა და არავის შეუძლია მისი შეცვლა. ეს ჩემი განზრახვებისამებრ უნდა შესრულდეს! მე ვტოვებ მათ, ვისი დატოვებაც მინდა, და განვდევნი მათ, ვისი განდევნაც მწადია; არავინ იმოქმედებს თვითნებურად. მე დარჩენის უფლებას ვაძლევ მათ, ვისი დატოვებაც მსურს, და ვწყალობ მათ, ვისი შეწყალებაც მსურს; ეს ჩემი განზრახვებისამებრ უნდა შესრულდეს! მე ხორციელ გრძნობებზე დაყრდნობით არ ვმოქმედებ; ჩემთან მხოლოდ სამართლიანობა, განკითხვა და რისხვაა — ხორციელი გრძნობების მცირედი კვალიც არ არსებობს. ჩემში რაიმე ადამიანურის ნატამალიც არ არის, რადგან მე თავად ვარ ღმერთი, ღვთის პიროვნება. იმის გამო, რომ ადამიანები ყველანი ჩემს ადამიანურ ბუნებას ხედავენ და არ უნახავთ ჩემი ღვთაებრიობა, ისინი ჭეშმარიტად ბრმები არიან! ისინი ჭეშმარიტად გონებაარეულები არიან!

თქვენ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ ის, რასაც გეუბნებით; ჩემი სიტყვებით უნდა ჩაწვდეთ ჩემს გულს და გაითვალისწინოთ ჩემი ტვირთი. ამის შემდეგ შეიცნობთ ჩემს ყოვლისშემძლეობას და იხილავთ ჩემს პიროვნებას. რადგან ჩემი სიტყვები სიბრძნის სიტყვებია, ვერავინ აღიქვამს ჩემი სიტყვების მიღმა არსებულ პრინციპებსა თუ კანონზომიერებებს. ხალხი ფიქრობს, რომ მზაკვრობასა და სიმრუდეს ვეწევი და ჩემი სიტყვებით არ მიცნობს, პირიქით — მგმობს კიდეც. რამდენად ბრმები და უმეცრები არიან! მათ გარჩევის მცირედი უნარიც კი არ აქვთ. ჩემი ყოველი ნათქვამი წინადადება ხელმწიფებასა და სამსჯავროს ატარებს და ვერავინ შეცვლის ჩემს სიტყვებს. როგორც კი ჩემი სიტყვები წარმოითქმება, საქმეები აუცილებლად ჩემი სიტყვებისამებრ აღსრულდება; ასეთია ჩემი ხასიათი. ჩემი სიტყვები ხელმწიფებაა და ვინც მათ შეასწორებს, შეურაცხყოფს ჩემს გაკიცხვას და აუცილებლად განვგმირავ. მძიმე შემთხვევებში ისინი თავიანთ სიცოცხლეს მოსპობენ და ჰადესში ან უძირო უფსკრულში წავლენ. ეს არის კაცობრიობასთან ჩემი მოპყრობის ერთადერთი გზა და ადამიანს მისი შეცვლის არანაირი საშუალება არ აქვს — ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებაა. დაიმახსოვრეთ ეს! არავის ეძლევა ჩემი განკარგულების დარღვევის უფლება; საქმეები ჩემი განზრახვებისამებრ უნდა აღსრულდეს! წარსულში ზედმეტად დამთმობი ვიყავი თქვენ მიმართ და თქვენ მხოლოდ ჩემი სიტყვებით შემოიფარგლეთ. ხალხის განგმირვასთან დაკავშირებით ჩემი ნათქვამი ჯერ არ ასრულებულა. მაგრამ ამიერიდან, ყველა უბედურება (რაც ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს უკავშირდება) ერთმანეთის მიყოლებით დაატყდება თავს ყველას, ვინც არ ემორჩილება ჩემს განზრახვებს. ფაქტები უნდა გამოვლინდეს — წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ვერ დაინახავს ჩემს რისხვას და ისევ და ისევ გარყვნილებაში ჩაიძირება. ეს ჩემი მართვის გეგმის ერთი ეტაპი და ჩემი საქმის შემდეგი ნაბიჯის შესრულების გზაა. ამას წინასწარ გეუბნებით, რათა აირიდოთ ცოდვის ჩადენა და სამუდამო დაღუპვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეიდან მოყოლებული, ჩემი პირმშო ძეების გარდა, ყველა ადამიანს ჩემი განზრახვების შესაბამისად მივუჩენ შესაბამის ადგილს და სათითაოდ გავკიცხავ. არცერთ მათგანს არ შევარჩენ. აბა, გაბედეთ და ისევ ჩაიძირეთ გარყვნილებაში! აბა, გაბედეთ და ისევ აჯანყდით! ადრეც მითქვამს, რომ ყველას მიმართ სამართლიანი ვარ, რომ არ გამაჩნია სენტიმენტების ნატამალიც კი და ეს ადასტურებს, რომ ჩემი ხასიათის შეურაცხყოფა არ უნდა მოხდეს. ეს არის ჩემი პიროვნება. ამას ვერავინ შეცვლის. ყველა ადამიანი ისმენს ჩემს სიტყვებს და ყველა ადამიანი ხედავს ჩემს დიდებულ სახეს. ყველა ადამიანი მთლიანად და აბსოლუტურად უნდა დამემორჩილოს — ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება. სამყაროსა და დედამიწის კიდეებზე მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა მაქოს და მადიდოს, რადგან მე თვითონ ვარ უნიკალური ღმერთი და ღვთის პიროვნება. ვერავინ შეცვლის ჩემს სიტყვებსა და ფრაზებს, ჩემს მეტყველებასა და მანერებს, რადგან ეს მხოლოდ მე მეხება და სწორედ ის არის, რაც უძველესი დროიდან გამაჩნია და სამუდამოდ იარსებებს.

ხალხს განზრახული აქვს ჩემი გამოცდა და ჩემს სიტყვებში რაიმე ისეთის მოძებნას ცდილობს, რასაც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ცილი დამწამოს. ნუთუ შენ უნდა დამწამო ცილი? ნუთუ ასე იოლად უნდა განვისაჯო? ნუთუ ჩემი საქმეები ასე იოლად უნდა განიხილონ? თქვენ მართლაც ისეთები ხართ, ვინც სიკეთეს ვერ აფასებს! საერთოდ არ მიცნობთ! რა არის სიონის მთა? რა არის ჩემი სამკვიდრებელი? რა არის ქანაანის საკეთილდღეო მიწა? რა არის ყოველივეს შექმნის საფუძველი? რატომ ვახსენებდი ამ სიტყვებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში? სიონის მთა, ჩემი სავანე, ქანაანის საკეთილდღეო მიწა, ყოველივეს შექმნის საფუძველი — ეს ყველაფერი ჩემს პიროვნებასთან (სხეულთან) დაკავშირებით ითქმის. ხალხს ჰგონია, რომ ეს ფიზიკურად არსებული ადგილებია. ჩემი პიროვნება სიონის მთაა; ის ჩემი სავანეა. ვინც სულიერ სამყაროში შევა, ის სიონის მთაზე ავა და ჩემს სამკვიდრებელში შევა. ყოველივე ჩემი პიროვნებით შევქმენი; ანუ, ყოველივე სხეულში შეიქმნა, ამიტომ ის არის საფუძველი. რატომ ვამბობ, რომ თქვენ ჩემთან ერთად კვლავ სხეულში დაბრუნდებით? ამას თავისი პირველადი მნიშვნელობა აქვს. ყველა ამ არსებით სახელს, ისევე როგორც წოდებას „ღმერთი“, თავისთავად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არამედ ისინი სხვადასხვა სახელია, რომლებსაც სხვადასხვა ადგილს ვანიჭებ. ამიტომ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ მათ პირდაპირ მნიშვნელობებს, მხოლოდ ჩემი სიტყვების მოსმენაზე გააკეთეთ აქცენტი. ყველაფერი ასე უნდა აღიქვათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ჩემი განზრახვების აღქმას. ისევ და ისევ რატომ შეგახსენებთ, რომ ჩემს სიტყვებში სიბრძნეა? რამდენი თქვენგანი ჩაუფიქრდა ამის მიღმა არსებულ აზრს? თქვენ ყველაფერს ბრმად აანალიზებთ და გონიერება გაკლიათ!

თქვენ ახლაც ვერ იგებთ იმის დიდ ნაწილს, რაც წარსულში მითქვამს. ეჭვებში რჩებით და ჩემს გულს ვერ აკმაყოფილებთ. როცა ჩემს ყოველ ნათქვამ სიტყვაში სრულად დარწმუნდებით, სწორედ მაშინ მიაღწევს თქვენი ცხოვრება სისრულეს. ჩემთვის ერთი დღე ათას წელს უდრის და ათასი წელი — ერთ დღეს; რას ფიქრობთ იმ დროზე, რომელზეც ვსაუბრობ? როგორ ახსნიდით ამას? თქვენ მას მცდარად განმარტავთ! გარდა ამისა, ადამიანთა უმრავლესობა ამაზე მედავება და ცდილობს, რაიმე იპოვოს, რასაც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებს — თქვენ არ იცით, რა არის თქვენთვის კარგი! ფრთხილად იყავი, თორემ სხვაგვარად, განგგმირავ! როცა დადგება დღე, როდესაც ყველაფერი ნათელი გახდება, სრულად მიხვდებით. ახლა მაინც არ გეუბნებით. (ახლა ადამიანების გამოაშკარავების დროა; ყველანი ფრთხილად და გონივრულად უნდა იყვნენ, რათა დააკმაყოფილონ ჩემი განზრახვები.) მე ჩემი სიტყვებით გამოვააშკარავებ ყველა ადამიანს და მათი თავდაპირველი სახეები გამოვლინდება იმის საჩვენებლად, ჭეშმარიტნი არიან თუ არა. მეძავია ვინმე თუ იზებელი, მე უნდა გამოვააშკარავო. წინათაც ვთქვი, რომ საქმეს თითის განძრევის გარეშე ვაკეთებ და ადამიანების გამოსააშკარავებლად მხოლოდ ჩემს სიტყვებს ვიყენებ. არანაირი ნიღბის არ მეშინია; როგორც კი ჩემი სიტყვები წარმოითქმება, პირვანდელ სახეს გაამჟღავნებ და როგორც არ უნდა იმალებოდე ნიღბის მიღმა, მაინც ბოლომდე გიხილავ. ჩემი საქმეების პრინციპია — მხოლოდ სიტყვების გამოყენება და არა რაიმე ფიზიკური ძალის გაღება. ადამიანები ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, შესრულდება თუ არა ჩემი სიტყვები, ჩემ გამო შფოთავენ და წუხან, მაგრამ ეს ძალისხმევები სინამდვილეში სრულიად ზედმეტია — ეს ფუჭად გადახდილი ფასია. ჩემზე ნერვიულობ, მაგრამ შენი საკუთარი ცხოვრება თუ მომწიფდა? რა მოსდის შენს საკუთარ ბედს? ხშირად ჰკითხე ამის შესახებ შენს თავს და ზედაპირული ნუ იქნები. ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს ჩემი საქმე და ჩემი საქმეებითა და სიტყვებით დაინახოს ჩემი პიროვნება, რათა უფრო დიდი ცოდნა ჰქონდეს ჩემზე — შეიცნოს ჩემი ყოვლისშემძლეობა, ჩემი სიბრძნე და ის ხერხები თუ მეთოდები, რომლითაც ყოველივე შევქმენი — და ამით, განუწყვეტლივ მადიდონ. მე დავანახვებ ყველა ადამიანს, ვისზეც ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს ვავრცელებ, ვისზეც ვმოქმედებ, რისი გაკეთება და რისი სრულქმნა მინდა. ეს არის ის, რასაც თითოეულმა ადამიანმა უნდა მიაღწიოს, რადგან ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებაა. მე აღვასრულებ, რასაც ვამბობ. არავინ უნდა გააანალიზოს ჩემი სიტყვები ზედაპირულად; ჩემი სიტყვების მეშვეობით, ყველამ უნდა დაინახოს ჩემი საქმეების უკან მდგომი პრინციპები და ჩემი სიტყვებიდან შეიცნოს, რა არის ჩემი რისხვა, რა არის ჩემი წყევლა და რა — ჩემი სამსჯავრო. ეს ყოველივე ეფუძნება ჩემს სიტყვებს და არის ის, რაც თითოეულმა ადამიანმა უნდა იხილოს და თანაც, ჩემი ყოველი სიტყვიდან უნდა გამოჩნდეს.

წინა: თავი 99

შემდეგი: თავი 101

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება