თავი 101

არავის ვაპატიებ, ვინც ჩემს მართვას ჩაშლის ან ჩემი გეგმების დარღვევას შეეცდება. ყველა უნდა ჩაწვდეთ ჩემს აზრს ჩემი გამონათქვამებიდან და მკაფიოდ გესმოდეთ, რაზე ვლაპარაკობ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, თითოეულმა უნდა შეამოწმოთ საკუთარი თავი და ის, თუ რა როლს ასრულებთ: ჩემთვის ცოცხლობთ თუ სატანას ემსახურებით? თითოეული თქვენი მოქმედება ჩემგან მომდინარეობს თუ ეშმაკებისგან? ყველაფერში მკაფიოდ უნდა ერკვეოდეთ, რათა თავიდან აიცილოთ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების დარღვევა და ამით ჩემი რისხვის თავს დატეხა. წარსულის გახსენებისას, ყველა ორგული, უმადური და უპატივცემულო იყო ჩემ მიმართ. გარდა ამისა, მათ მიღალატეს. ამ მიზეზების გამო, ეს ხალხი დღეს ჩემი სამსჯავროს წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ უბრალო ადამიანად გამოვიყურები, ყველას, ვინც ჩემს თვალში წყალობას ვერ ჰპოვებს (აქედან ჩემი ნათქვამი ასე უნდა გაიგოთ: საქმე იმაში კი არ არის, რამდენად ლამაზად გამოიყურები ან რამდენად მიმზიდველი ხარ, არამედ იმაში, წინასწარ განგსაზღვრე და აგირჩიე თუ არა), განვდევნი. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ეს იმიტომ, რომ გარედან შეიძლება ადამიანად გამოვიყურებდე, მაგრამ ადამიანური მხარის მიღმა ჩემი ღვთაებრიობა უნდა დაინახოთ. მრავალჯერ მითქვამს: „ნორმალური ადამიანურობა და სრული ღვთაებრიობა თავად სრული ღმერთის ორი განუყოფელი ნაწილია“. მიუხედავად ამისა, მაინც არ მიცნობ; მნიშვნელობას მხოლოდ შენს ბუნდოვან ღმერთს ანიჭებ. სულიერი გაგების არმქონე ხალხი ხართ. მიუხედავად ამისა, ასეთ ხალხს მაინც სურს ჩემს პირმშო ძედ ყოფნა. რა უსირცხვილობაა! ვერ ხედავენ, სინამდვილეში რა არის მათ სტატუსი! ჩემს ხალხშიც კი არ ერგებათ წილი და როგორღა იქნებიან ჩემი პირმშო ძეები და იმეფებენ ჩემთან ერთად? ასეთი ხალხი საკუთარ თავს არ იცნობს; სატანის ჯიშისანი არიან და ჩემს სახლში ბოძებად ყოფნის ღირსნიც კი არ არიან, მით უმეტეს — ჩემ წინაშე მსახურების. ამიტომ სათითაოდ განვდევნი მათ და სათითაოდ გამოვააშკარავებ მათ ჭეშმარიტ სახეს.

ჩემი საქმე ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუბრკოლებლად და უმცირესი შეფერხების გარეშე მიდის, რადგან გავიმარჯვე და მთელ სამყაროში მეფის ძალაუფლებას ვფლობ. (ვგულისხმობ იმას, რომ ეშმაკებისა და სატანის დამარცხების შემდეგ ძალაუფლება ხელახლა დავიბრუნე.) როდესაც ყველა პირმშო ძეს მოვიპოვებ, გამარჯვების დროშა სიონის მთაზე აღიმართება. ესე იგი, ჩემი პირმშო ძენი ჩემი გამარჯვების დროშა, ჩემი დიდება და ჩემი სიამაყე არიან. ისინი არიან ნიშანი იმისა, რომ სატანა დავამცირე, და ისინი არიან ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ვმოქმედებ. (იმ ადამიანთა ჯგუფის მეშვეობით, რომლებიც, მას შემდეგ, რაც ისინი წინასწარ განვსაზღვრე, სატანამ გახრწნა, მაგრამ კვლავ ჩემს მხარეს დაბრუნდნენ, მე ვამცირებ დიდ წითელ დრაკონს და ვბატონობ ურჩობის ყველა შვილზე.) ჩემი პირმშო ძენი არიან ისინი, რომლებშიც ჩემი ყოვლისშემძლეობა ვლინდება; ისინი ჩემი დიადი საქმის წარმატებით დასრულებაა. ეს ყველაფერი უცვლელი და უდავოა. სწორედ მათი მეშვეობით დავასრულებ ჩემი მართვის გეგმას. სწორედ ეს იყო ჩემი ჭეშმარიტი ჩანაფიქრი, როცა ვთქვი: „სწორედ თქვენი მეშვეობით დავაბრუნებ ჩემს ტახტთან ურიცხვ ერსა და ჩემს ურიცხვ რჩეულ ხალხს“, და, უფრო მეტად კი, ეს იყო ჩემი თავდაპირველი განზრახვა, როცა ეს სიტყვები ვთქვი: „თქვენს მხრებზე დაკისრებული მძიმე ტვირთი“. ნათელია? გესმით? პირმშო ძენი ჩემი მთელი მართვის გეგმის ნაყოფები არიან; სწორედ ამ მიზეზით, ამ ჯგუფს ლმობიერად არასდროს მოვქცეულვარ და ყოველთვის მკაცრად გწვრთნიდით (მსოფლიოში განცდილი ტანჯვა, ოჯახური უბედურებები და მშობლების, ქმრების, ცოლებისა ან შვილების მიერ მიტოვება — მოკლედ, წუთისოფლისგან მიტოვება და ეპოქისგან უარყოფა) და სწორედ ამიტომ გაქვთ დღეს ჩემ წინაშე მოსვლის ბედნიერება. ეს არის პასუხი შეკითხვაზე, რომელზეც ასე ხშირად დაფიქრებულხართ: „რატომ არ მიიღეს სხვებმა ეს სახელი, მე კი მივიღე?“ ახლა უკვე იცით!

დღეს არაფერია ისე, როგორც წარსულში იყო. ჩემი მართვის გეგმა ახალ მეთოდებზე გადავიდა; ჩემი საქმე წინანდელთან შედარებით კიდევ უფრო განსხვავებულია, ხოლო ჩემი გამონათქვამები ახლა კიდევ უფრო უპრეცედენტოა. ამიტომ არაერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ კარგი სამსახური უნდა გამიწიოთ (ეს მსახურების შემსრულებლებს ეხებათ). ნუ განეწყობით ნეგატიურად საკუთარი თავის მიმართ, არამედ შეინარჩუნეთ გულმოდგინე სწრაფვა. განა სასიამოვნო არ არის გარკვეული მადლის მიღება? ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე წუთისოფელში ტანჯვა. გეუბნები! თუ მთელი გულით არ გამიწევ სამსახურს და, ამის ნაცვლად, იწუწუნებ, რომ უსამართლოდ მოგექეცი, მაშინ ხვალ ჯოჯოხეთსა და ჰადესში ჩახვალ. არავის სურს ნაადრევი სიკვდილი, განა ასე არ არის? სიცოცხლის თითოეული დამატებითი დღეც კი ძვირფასია. ასე რომ, სრულად უნდა მიუძღვნა თავი ჩემი მართვის გეგმას და შემდეგ დაელოდო ჩემგან შენს სამსჯავროს და დაელოდო ჩემი სამართლიანი გაკიცხვის თავზე დატყდომას. ნუ ჩათვლი, რომ რასაც ვამბობ, აბსურდია. მე ჩემი სამართლიანობიდან ვლაპარაკობ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვლაპარაკობ და, მით უმეტეს, ჩემი სამართლიანობითა და დიდებულებით ვმოქმედებ. ხალხი ამბობს, რომ სამართლიანი არ ვარ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ მიცნობენ. ეს მათი ურჩი ხასიათის ნათელი გამოვლინებაა. ჩემში არ არის ხორციელი გრძნობები; არამედ მხოლოდ სამართლიანობა, დიდებულება, განკითხვა და რისხვაა. რაც უფრო მეტი დრო გაივლის, მით მეტად დაინახავ ჩემს ხასიათს. აწმყო გარდამავალი ეტაპია და თქვენ მხოლოდ მისი მცირე ნაწილის დანახვა შეგიძლიათ; მხოლოდ გარეგნულად გამოვლენილ ზოგიერთ რამეს ხედავთ. როდესაც ჩემი პირმშო ძენი გამოაშკარავდებიან, ყველაფრის დანახვისა და გაგების საშუალებას მოგცემთ. ყველა გულითა და სიტყვებით დარწმუნდება. თქვენი პირით გათქმევინებთ სიტყვებს, რომლებიც ჩემს შესახებ დაამოწმებენ და, გარდა ამისა, სამუდამოდ მაქებთ და სამუდამოდ განმადიდებთ. ეს გარდაუვალია და ამას ვერავინ შეცვლის. ადამიანებს ამის წარმოდგენაც კი უჭირთ, რომ აღარაფერი ვთქვათ დაჯერებაზე.

მათ, ვინც პირმშო ძენი არიან, ხილვებთან დაკავშირებით სულ უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ და მათი სიყვარულიც ჩემ მიმართ სულ უფრო ღრმავდება. (ეს არ არის რომანტიკული სიყვარული, რომელიც სატანის მხრიდან ჩემი ცდუნებაა და რომელიც ბოლომდე უნდა იქნეს ამოცნობილი. სწორედ ამიტომ ადრეც აღმინიშნავს, რომ არიან ისეთები, რომლებიც ჩემ წინაშე თავიანთი მომხიბვლელობით იწონებენ თავს. ასეთი ადამიანები სატანის მსახურები არიან დაჰგონიათ, რომ მათი გარეგნობით მოვიხიბლები. უსირცხვილოები! ისინი ყველაზე ყველაზე მდაბალი არამზადები არიან!) თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც თავად არ არიან პირმშო ძენი, ამ პერიოდში ჩემ მიერ ნათქვამი ამ სიტყვების გამო, სულ უფრო ბუნდოვნად აღიქვამენ ხილვებს და დაკარგეს რწმენა ჩემი პიროვნების მიმართ. ამის შემდეგ ისინი თანდათან გულგრილები ხდებიან, სანამ საბოლოოდ არ დაეცემიან. ასეთ ადამიანებს საკუთარი თავის შველა არ შეუძლიათ. ეს არის სწორედ ამ პერიოდში ჩემი ნათქვამის მიზანი. ყველამ უნდა მიიღოს გარკვეული წვდომა ამაზე (პირმშო ძეებს ვესაუბრები) და ჩემი გამონათქვამებისა და მოქმედებების მეშვეობით იხილოს ჩემი საკვირველება. რატომ არის ნათქვამი, რომ მე ვარ მშვიდობის მთავარი, საუკუნო მამა, საკვირველი და მრჩეველი? ამის ახსნა ჩემი ვინაობის, ჩემი გამონათქვამების ან ჩემი საქმეების გადმოსახედიდან ძალიან ზედაპირული იქნებოდა; ხსენებადაც კი არ ეღირებოდა. „მშვიდობის მთავრის“ წოდება აღნიშნავს ჩემს ძალას, სრულვყო პირმშო ძენი, ჩემს სამსჯავროს სატანის მიმართ და იმ უსაზღვრო კურთხევას, რომელიც პირმშო ძეებს მივანიჭე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ პირმშო ძენი არიან უფლებამოსილნი, მიწოდონ მშვიდობის მთავარი, რადგან მიყვარს ჩემი პირმშო ძენი და წოდება „მშვიდობის მთავარი“ სწორედ მათი პირიდან უნდა ისმოდეს. მათთვის მე მშვიდობის მთავარი ვარ. ჩემი ძეებისთვის და ჩემი ხალხისთვის საუკუნო მამად ვარ ცნობილი. ვინაიდან არსებობენ ჩემი პირმშო ძეები და რადგან მათ შეუძლიათ ჩემთან ერთად ფლობდნენ სამეფო ძალაუფლებას და მართონ ურიცხვი ერი და ჩემი ურიცხვი რჩეული ხალხი (ანუ ძეები და ხალხი), ამიტომ ძეებმა და ხალხმა უნდა მიწოდონ საუკუნო მამა — ანუ თავად ღმერთი, რომელიც პირმშო ძეებზე მაღლა დგას. საკვირველი ვარ ყველასთვის, გარდა ძეებისა, ხალხისა თუ პირმშო ძეებისა. ჩემი საქმის საკვირველების გამო არამორწმუნეები საერთოდ ვერ მხედავენ (რადგან თვალები დავუბინდე) და არც ჩემი საქმის მკაფიოდ დანახვა შეუძლიათ. ამიტომ მათთვის საკვირველი ვარ. ყველა ეშმაკისა და სატანისთვის მე ვარ მრჩეველი, რადგან ყოველივე, რასაც აღვასრულებ, მათ შერცხვენას ემსახურება. ჩემი ყველა მოქმედება ჩემი პირმშო ძეების გულისთვისაა. ჩემი თითოეული ნაბიჯი შეუფერხებლად მიიწევს წინ და ყოველ ნაბიჯზე გამარჯვებას ვაღწევ. მეტიც, ვხედავ სატანის ყველა ზრახვას და ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ, რათა ისინი ჩემი მიზნების შესრულებას მოემსახურონ უარყოფითი მხრიდან. სწორედ ამას გულისხმობს ჩემი მრჩევლობა, რასაც ვერავინ შეცვლის და ბოლომდე ვერავინ ჩასწვდება. თუმცა, რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, მე ვარ მშვიდობის მთავარი, საუკუნო მამა, მრჩეველიც და საკვირველიც. ამაში საერთოდ სიცრუე არ არის; ეს უცილობელი და უცვლელი ჭეშმარიტებაა!

იმდენი სიტყვა მაქვს სათქმელი — უბრალოდ შეუდარებლად ბევრი. ამიტომ თქვენგან მოთმინებასა და ლოდინს მოვითხოვ. რაც არ უნდა გააკეთოთ, ნაჩქარევად ნუ წახვალთ. ის, რაც წარსულში გესმოდათ, ახლა მოძველებული და სრულიად შეუსაბამოა, ხოლო აწმყო გარდამავალი პერიოდია. ამიტომ მჭირდება, რომ შეიცვალოთ აზროვნება და ძველი წარმოდგენები. სწორედ ეს არის „სამართლიანობის წმინდა სამოსელის ჩაცმის“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მხოლოდ მე შემიძლია ჩემი საკუთარი სიტყვების ახსნა და მხოლოდ მე ვიცი, რისი გაკეთება მაქვს განზრახული. ამიტომ, მხოლოდ ჩემი სიტყვებია მინარევების გარეშე და სრულად გამოხატავს იმას, რაც განვიზრახე, და ამიტომაც ნიშნავს სამართლიანობის წმინდა სამოსელის ჩაცმას. ის, რაც ადამიანურ წარმოდგენებში ესმით, მხოლოდ ადამიანის ფანტაზიაა, ყოველგვარი მინარევებით შერყვნილი, რის გამოც ჩემს განზრახვებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ მე თვითონ ვლაპარაკობ და თავადვე განვმარტავ, და სწორედ ეს ვიგულისხმე, როცა ვთქვი: „საქმეს მე თვითონ ვაკეთებ“. ეს ჩემი მართვის გეგმის განუყოფელი ნაწილია და ყველამ დიდება და ქება უნდა მომიძღვნას. რაც შეეხება ჩემი სიტყვების გაგებას, ეს ძალა ადამიანებისთვის არასდროს მიმიცია და მათ ამის უნარი საერთოდ არ გააჩნიათ. ეს ეშმაკის დამცირების ერთ-ერთი ჩემეული მეთოდია. (ადამიანებს ჩემი სიტყვები რომ ესმოდეთ და ყოველ ნაბიჯზე ჩემს აზრებს სწვდებოდნენ, მაშინ სატანა შეძლებდა მათ დაუფლებას, როცა კი მოისურვებდა, რის შედეგადაც ისინი მიღალატებდნენ და შეუძლებელი გახდებოდა ჩემი მიზნის – პირმშო ძეების არჩევის – მიღწევა. ყველა საიდუმლო რომ მესმოდეს და ჩემს პიროვნებას ისეთი სიტყვების წარმოთქმა შეეძლოს, რომელთა აზრსაც ვერავინ ჩასწვდებოდა, მაშინ სატანა ჩემს დაუფლებასაც შეძლებდა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომსანამ ხორცში ვარ, სრულიადაც არ ვარ ზებუნებრივი.) ყველას ნათლად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს ამ სიტყვების მნიშვნელობას; ყველა ჩემი წინამძღოლობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ნუ ეცდებით ღრმა სიტყვებისა და მოძღვრებების დამოუკიდებლად გაგებას.

წინა: თავი 100

შემდეგი: თავი 102

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება