თავი 98
ყოველივე თითოეულ თქვენგანს მოგევლინებათ და ეს მოგცემთ საშუალებას, მეტი გაიგოთ ჩემ შესახებ და უფრო მეტად დარწმუნდეთ ჩემში. ეს მოგცემთ საშუალებას, შემიცნოთ მე, ერთადერთი თავად ღმერთი, შემიცნოთ მე, ყოვლისშემძლე, შემიცნოთ მე, თავად განკაცებული ღმერთი. ამის შემდეგ მე გამოვალ ხორციდან, დავბრუნდები სიონში, ქანაანის დალოცვილ მიწაზე, რომელიც ჩემი სამკვიდრებელი სავანე და დანიშნულების ადგილია, ის საფუძველი, სადაც მე შევქმენი ყოველივე. ახლა არცერთ თქვენგანს არ ესმის იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებსაც მე ვამბობ; თქვენ შორის არ არის არცერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ამ სიტყვების მნიშვნელობის გაგება. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველივე გამოგივლინდებათ, გაიგებთ, რატომ ვამბობ ამ სიტყვებს. მე არ ვარ ამ წუთისოფლისა, მითუმეტეს, არ ვარ სამყაროსი, რადგან მე ვარ ერთადერთი თავად ღმერთი. მე მიპყრია ხელთ მთელი სამყარო, თავად განვაგებ მას და ადამიანებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ დაემორჩილონ ჩემს ხელმწიფებას, წარმოთქვან ჩემი წმინდა სახელი, სიხარულით შემომძახონ და ხოტბა შემასხან. ყოველივე თანდათანობით გამოგივლინდებათ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერია დაფარული, თქვენ მაინც არ შეგიძლიათ ჩასწვდეთ ჩემი საუბრის მანერას ან ჩემი სიტყვების ტონს. თქვენ კვლავ არ გესმით, რას ემსახურება ჩემი მართვის გეგმა. ამიტომ, მოგვიანებით აგიხსნით ყველაფერს, რაც არ გესმით ჩემს ნათქვამში, რადგან ჩემთვის ყველაფერი მარტივი და ნათელია, მაშინ როცა თქვენთვის ეს უკიდურესად რთულია და უბრალოდ, საერთოდ არ გესმით. ამ მიზნით, მე შევცვლი ჩემი საუბრის მეთოდს და საუბრისას აღარ დავაკავშირებ საკითხებს ერთმანეთთან, არამედ სათითაოდ განვმარტავ თითოეულ მათგანს.
რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? ნიშნავს თუ არა ეს ხორციელად სიკვდილს და შემდეგ სიკვდილის მერე სხეულში დაბრუნებას? ამას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? ასე მარტივია ეს? მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი; რა იცი შენ ამის შესახებ? როგორ გესმის ეს? ნუთუ ჩემი პირველი განკაცების დროს ჩემი მკვდრეთით აღდგომა მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ? მართლაც ისე მიმდინარეობდა ეს პროცესი, როგორც იმ ტექსტებშია აღწერილი? მე ვთქვი, რომ თუ მარტივად არ ვისაუბრებ და თუ ადამიანებს ნათლად არ ვეტყვი, მაშინ ვერავინ შეძლებს ჩემი სიტყვების მნიშვნელობის გაგებას. საუკუნეთა და თაობათა მანძილზე არ ყოფილა არცერთი ადამიანი, ვინც არ ფიქრობდა, რომ ჩემი მკვდრეთით აღდგომა სწორედ ასეთი იყო. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული არავის გაუგია ამის ნამდვილი მნიშვნელობა. მართლა ჯვარს მაცვეს? და სიკვდილის შემდეგ გამოვედი სამარხიდან? მართლა ასე მოხდა? შეიძლება ეს მართლაც სიმართლე იყოს? საუკუნეთა და თაობათა მანძილზე არავის ჩაუდია რაიმე ძალისხმევა ამაში, არავის შევუცნივარ ამით და არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც ამის არ სჯერა; ყველას ჰგონია, რომ ეს სიმართლეა. მათ არ იციან, რომ ჩემს თითოეულ სიტყვას შინაგანი მნიშვნელობა აქვს. მაშ, ზუსტად რა არის მკვდრეთით აღდგომა? (უახლოეს მომავალში თქვენ ამას გამოცდით, ამიტომ წინასწარ გეუბნებით ამის შესახებ.) არცერთ ქმნილებას არ სურს სიკვდილი; ყველას სურს სიცოცხლე. ჩემი გადმოსახედიდან ხორცის სიკვდილი არ არის ნამდვილი სიკვდილი. როდესაც ჩემს სულს უკან დავიბრუნებ ადამიანისგან, ის ადამიანი კვდება. ამიტომ, მე იმ სატანის მიერ გახრწნილ ყველა დემონს (იმ ურწმუნოებს, ყველა არამორწმუნეს) მკვდრებს ვუწოდებ. სამყაროს შექმნის დროიდან მოყოლებული მე ჩემი სული დავავანე ყველაზე, ვინც ავირჩიე. თუმცა, შექმნის დროის შემდგომი ეტაპის მერე, ადამიანები გარკვეული დროით სატანამ დაიპყრო. ამიტომ მე წავედი და ადამიანებმა დაიწყეს ტანჯვა (ის ტანჯვა, რომელიც მე გადავიტანე, როდესაც განვკაცდი და ჯვარს მაცვეს, როგორც უკვე ითქვა). თუმცა, ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს (იმ დროს, როდესაც დასრულდა ჩემ მიერ ადამიანების მიტოვება), მე უკან დავიბრუნე ის ადამიანები, რომლებიც წინასწარ განვსაზღვრე და კვლავ დავავანე ჩემი სული თქვენში, რათა თქვენ კვლავ გაცოცხლებულიყავით. ამას ჰქვია „მკვდრეთით აღდგომა“. ახლა ისინი, ვინც ნამდვილად ცხოვრობენ ჩემს სულში, უკვე ამაღლებულნი არიან და ყველა მათგანი სხეულში ცხოვრობს. თუმცა, სულ მალე თქვენ ყველა უარყოფთ თქვენს აზროვნებას, თქვენს წარმოდგენებს და ყოველგვარ მიწიერ კავშირს. მაგრამ, ეს არ არის, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ, ტანჯვის შემდეგ მკვდრეთით აღდგომა. ის, რომ თქვენ ახლა ცოცხლობთ, არის სხეულში ცხოვრების წინაპირობა; ეს არის აუცილებელი გზა სულიერ სამყაროში შესასვლელად. ნორმალურ ადამიანობაზე ამაღლება, რომელზეც მე ვსაუბრობ, ნიშნავს, არ გყავდეს ოჯახი, არ გყავდეს ცოლი, არ გყავდეს შვილები და არ გქონდეს ადამიანური მოთხოვნილებები. ეს ნიშნავს, კონცენტრირდე მხოლოდ ცხოვრებაში ჩემი ხატის გამოვლენაზე, მხოლოდ ჩემში შესვლაზე და ჩემს იქით არ იფიქრო სხვა რამეებზე; სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენი სახლია. ეს არის ნორმალურ ადამიანობაზე ამაღლება. თქვენ სრულიად არასწორად გაიგეთ ჩემი ეს სიტყვები; თქვენი გაგება ზედმეტად ზედაპირულია. ზუსტად როგორ გამოვეცხადები ურიცხვ ერსა და ხალხს? დღეს ხორციელად? არა! როდესაც დრო მოვა, მე გამოვჩნდები ჩემი სხეულით სამყაროს ყველა ერში. დრო, როდესაც უცხოელებს დასჭირდებათ, რომ თქვენ უმწყემსოთ მათ, ჯერ არ დამდგარა. იმ დროს თქვენ დაგჭირდებათ ხორციდან გამოსვლა და სხეულში შესვლა, რათა უმწყემსოთ მათ. ეს არის ჭეშმარიტება, მაგრამ ეს არ არის ის „მკვდრეთით აღდგომა“, რომელიც ადამიანებს წარმოუდგენიათ. დათქმულ დროს თქვენ გაუცნობიერებლად გამოხვალთ ხორციდან, შეხვალთ სულიერ სამყაროში და ჩემთან ერთად იმეფებთ ურიცხვ ერზე. ჯერ არ მოსულა დრო. როდესაც დამჭირდება, რომ ხორციელად იყოთ, თქვენ ხორციელად იქნებით. (ჩემი საქმის მოთხოვნების შესაბამისად, თქვენ ახლა უნდა გქონდეთ აზროვნება და კვლავ უნდა იცხოვროთ ხორციელად, ამიტომ კვლავ უნდა აკეთოთ ის, რაც ხორციელად უნდა აკეთოთ ჩემი ნაბიჯების მიხედვით; ნუ დაელოდებით პასიურად, რადგან ეს გამოიწვევს შეფერხებებს.) როდესაც დამჭირდება, რომ სხეულში უმწყემსოთ ეკლესიას, თქვენ გამოხვალთ ხორციდან, უარყოფთ თქვენს აზროვნებას და სრულად დამეყრდნობით მე, რათა იცოცხლოთ. გქონდეთ რწმენა ჩემი დიდი ძალმოსილებისა და ჩემი სიბრძნის მიმართ. ყველაფერს პირადად მე გავაკეთებ. თქვენ მხოლოდ უნდა დაელოდოთ და დატკბეთ. ყველა კურთხევა თქვენთან მოვა და თქვენ გექნებათ ამოუწურავი და დაუსრულებელი წყარო. როდესაც ის დღე დადგება, გაიგებთ იმ პრინციპს, თუ როგორ ვაკეთებ ამას, შეიცნობთ ჩემს საოცარ საქმეებს და გაიგებთ, როგორ ვაბრუნებ ჩემს პირმშო ძეებს სიონში. ეს ნამდვილად არ არის ისეთი რთული, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არც ისეთი მარტივია, როგორც თქვენ ფიქრობთ.
ვიცი, რომ როდესაც ამას ვამბობ, კიდევ უფრო ნაკლებად შეგიძლიათ ჩემი სიტყვების მიღმა არსებული მიზნის წვდომა და კიდევ უფრო მეტად იბნევით. მათ აურევთ იმაში, რაც ადრე ვთქვი, ისე, რომ ვერაფერს გაიგებთ და მოგეჩვენებათ, თითქოს გამოსავალი არ არსებობს. თუმცა ნუ ღელავთ. ყველაფერს გეტყვით. ყველაფერს, რასაც ვამბობ, თავისი მნიშვნელობა აქვს. მე ვთქვი, რომ შემიძლია არსებული საგნები არარად ვაქციო და არაფრისგან უამრავი რამ შევქმნა. ადამიანის წარმოსახვით ხორციდან სხეულში შესასვლელად, ადამიანი მკვდრეთით უნდა აღდგეს. წარსულში მე გამოვიყენე ეს მეთოდი და გამოვავლინე ჩემი უდიდესი სასწაული, მაგრამ დღევანდელი დღე არ ჰგავს წარსულს. მე პირდაპირ ხორციდან სხეულში გადაგიყვანთ. განა ეს კიდევ უფრო დიდი სასწაული და საოცრება არ არის? განა ეს ჩემი ყოვლისშემძლეობის კიდევ უფრო დიდი გამოვლინება არ არის? მე მაქვს ჩემი გეგმა და მაქვს ჩემი ჩანაფიქრი. ვინ არ არის ჩემს ხელში? მე ვიცი ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ჩემი მუშაობის მეთოდები დღეს, საბოლოო ჯამში, განსხვავდება წარსულისგან. მე ვცვლი ჩემი მუშაობის მეთოდებს ეპოქების ცვლილების შესაბამისად. როდესაც ჯვარს მაცვეს, ეს იყო მადლის ეპოქა, ახლა კი უკანასკნელი ეპოქაა. ჩემი საქმის ტემპი ჩქარდება; ის არ მიმდინარეობს იმავე სისწრაფით, როგორც წარსულში, და მით უმეტეს, არ არის წარსულზე ნელი. პირიქით, ის ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წარსულში. უბრალოდ შეუძლებელია ამის აღწერა და არ არის საჭირო ამდენი რთული პროცესი. ჩემთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. განა სიმართლე არ არის, რომ ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი ხელმწიფების სიტყვაა საჭირო იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ აღსრულდება ჩემი ნება და როგორ გაქცევთ სრულქმნილებად? ყველაფერი, რასაც ვამბობ, აუცილებლად აღსრულდება. წარსულში ხშირად ვამბობდი, რომ დავიტანჯებოდი და არ ვაძლევდი ადამიანებს უფლებას, ეხსენებინათ ის ტანჯვა, რომელიც მანამდე გადავიტანე; ამის ხსენება ჩემ მიმართ გმობა იყო. ეს იმიტომ, რომ მე ვარ თავად ღმერთი და ჩემთვის არ არსებობს გასაჭირი; როდესაც შენ ახსენებ ამ გასაჭირს, ადამიანებს ატირებ. მე ვთქვი, რომ მომავალში აღარ იქნება ოხვრა და ცრემლი. ეს სწორედ ამ კუთხით უნდა აიხსნას და მაშინ ჩემი სიტყვების მნიშვნელობაც გასაგები გახდება. სიტყვების „ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ამ ტანჯვის ატანა“ მნიშვნელობა ის არის, რომ მე შემიძლია გავთავისუფლდე ყოველგვარი ადამიანური წარმოდგენისა და აზროვნებისგან, გავთავისუფლდე ხორციელი გრძნობებისგან, ამქვეყნიურობის ყოველგვარი კვალისგან, გამოვიდე ხორციდან და შევინარჩუნო სიმტკიცე მაშინ, როცა ყველა უარმყოფს. ეს სრულიად საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მე ვარ ერთადერთი თავად ღმერთი. მე ვთქვი: „ხორციდან სულიერ სამყაროში შესვლა — ეს არის გზა, რომელიც თითოეულმა პირმშო ძემ უნდა გაიაროს, რათა ჩემთან ერთად მეფედ ფლობდეს ძალაუფლებას“. ამ წინადადების მნიშვნელობა ის არის, რომ როდესაც წააწყდებით იმას, რაც წარსულში წარმოგედგინათ, თქვენ ოფიციალურად გამოყვანილი იქნებით ხორციდან და შეხვალთ სხეულში, რათა ოფიციალურად დაიწყოთ იმ მთავრებისა და მეფეების განსჯა. ისინი განისჯებიან იმ მოვლენების საფუძველზე, რომლებიც ამ დროს მოხდება. თუმცა ეს არ არის ისეთი რთული, როგორც წარმოგიდგენიათ — ეს თვალის დახამხამებაში მოხდება. არ დაგჭირდებათ მკვდრეთით აღდგომა და არც ტანჯვა დაგჭირდებათ (რადგან თქვენი ტანჯვა და გასაჭირი დედამიწაზე უკვე დასრულდა და მე უკვე ვთქვი, რომ ამის შემდეგ აღარ გავუსხლავ ჩემს პირმშო ძეებს). პირმშო ძენი დატკბებიან თავიანთი კურთხევებით, როგორც უკვე ითქვა, იმით, რომ გაუცნობიერებლად შეხვალთ სულიერ სამყაროში. რატომ ვამბობ, რომ ეს ჩემი წყალობა და მადლია? თუ სულიერ სამყაროში შესვლა მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, ეს არ იქნებოდა წყალობისა და მადლის საკითხი. ამიტომ ეს არის ჩემი წყალობისა და მადლის ყველაზე აშკარა გამოხატულება და, უფრო მეტიც, ეს ავლენს ჩემს წინასწარ განსაზღვრასა და ჩემ მიერ ადამიანების არჩევას. ეს სრულად აჩვენებს, თუ როგორი მკაცრია ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები. შევიწყალებ მას, ვისაც ვინებებ და შევიბრალებ მას, ვისაც ვინებებ. არავინ უნდა შემედავოს ან შემებრძოლოს. ეს მთლიანად ჩემი საქმეა.
ადამიანებს არ ძალუძთ ამის გაგება; ისინი საკუთარ თავს ისეთ წნეხში აქცევენ, რომ სუნთქვაც კი უჭირთ, და მაინც, თავადვე იბოჭავენ საკუთარ თავს. ადამიანთა აზროვნება მართლაც შეზღუდულია, ამიტომ მათ უნდა მოიშორონ ადამიანური აზროვნება და წარმოდგენები. შესაბამისად მე უნდა გამოვიდე ხორციელი სხეულიდან და შევიდე სულიერ სამყაროში, რათა კონტროლი ავიღო ყველაფერზე, რათა ვმართო ყველაფერი. ეს არის ერთადერთი გზა ურიცხვ ერსა და ხალხზე სამეფოდ და ჩემი ნების აღსასრულებლად. ეს შორს აღარ არის. თქვენ არ გჯერათ ჩემი ყოვლისშემძლეობის და არ იცნობთ ჩემს პიროვნებას. გგონიათ, რომ მე მხოლოდ ადამიანი ვარ და საერთოდ ვერ ხედავთ ჩემს ღვთაებრიობას. ყველაფერი დასრულდება მაშინ, როდესაც მე მოვისურვებ ამას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რასაც მე ვამბობ. თქვენ მხოლოდ ჩემი ადამიანობის ასპექტს მიაქციეთ ყურადღება იმაში, რაც ბოლო დროს ვთქვი და ჩემს თითოეულ ქმედებაში, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ ჩემი ღვთაებრიობის ასპექტისთვის. ანუ გგონიათ, რომ მეც მაქვს ფიქრები და წარმოდგენები. მაგრამ მე ვთქვი, რომ ჩემი გონება, იდეები და ფიქრები, ჩემი თითოეული ქმედება, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და ყველაფერი, რასაც ვამბობ, თავად ღმერთის სრული გამოვლინებაა. დაგავიწყდათ ეს ყველაფერი? ყველანი დაბნეული ადამიანები ხართ! არ გესმით ჩემი სიტყვების მნიშვნელობა. მე მოგეცით საშუალება, დაგენახათ ჩემი ნორმალური ადამიანობის ასპექტი ჩემი ნათქვამიდან (მე მოგეცით საშუალება, დაგენახათ ჩემი ნორმალური ადამიანობა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რეალობაში, რადგან თქვენ კვლავ არ გესმით ჩემი ნორმალური ადამიანობის ასპექტი იმ სიტყვებიდან გამომდინარე, რაც ამ პერიოდში ვთქვი), მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაგეგოთ ჩემი ნორმალური ადამიანობა, ცდილობთ ჩაებღაუჭოთ მას და ჩემ წინააღმდეგ გამოიყენოთ, და თავშეუკავებელნი ხართ ჩემ წინაშე. ბრმები ხართ! უმეცრები ხართ! არ მიცნობთ! ამდენ ხანს ამაოდ ვსაუბრობდი! საერთოდ არ მიცნობთ და უბრალოდ არ მიიჩნევთ ჩემს ნორმალურ ადამიანობას სრული თავად ღმერთის ნაწილად! როგორ არ უნდა განვრისხდე? როგორ უნდა ვიყო კვლავ გულმოწყალე? ამ ურჩობის ძეებს მხოლოდ ჩემი რისხვით შემიძლია ვუპასუხო. ისეთი კადნიერები ხართ, საერთოდ არ მიცნობთ! გგონიათ, რომ ჩემმა პიროვნებამ დააშავა! განა შემეძლო დაშავება? განა დაუდევრად ავირჩევდი ნებისმიერ ხორციელ სხეულს, რომლითაც შევიმოსებოდი? ჩემი ადამიანობა და ჩემი ღვთაებრიობა ორი განუყოფელი ნაწილია, რომლებიც ქმნიან სრულ თავად ღმერთს. ახლა ეს სრულიად ნათელი უნდა იყოს თქვენთვის! ჩემმა სიტყვებმა უკვე მიაღწია თავის ზენიტს; მეტს აღარ გავაგრძელებ!