თავი 97

მე თითოეულ ადამიანს ვაიძულებ იხილოს ჩემი საკვირველი საქმეები და მოისმინოს ჩემი ბრძნული სიტყვები. ეს უნდა ეხებოდეს თითოეულ ადამიანს და უნდა ვლინდებოდეს თითოეულ საქმეში. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება და ეს არის ჩემი რისხვა. მე შევეხები თითოეულ ადამიანს და თითოეულ საკითხს, რათა სამყაროსა და დედამიწის დასალიერში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი თვალით იხილონ. მანამდე კი არ შევჩერდები. ჩემი რისხვა მთლიანად გადმოიღვარა, ისე, რომ მცირედიც კი არ შეკავებულა. იგი მიმართულია თითოეული ადამიანისკენ, ვინც ამ სახელს იღებს (და მალე მსოფლიოს ყველა ერს შეეხება). და რა არის ჩემი რისხვა? რამდენად მკაცრია იგი? როგორი ტიპის ადამიანზე ხორციელდება ჩემი რისხვა? ადამიანთა უმეტესობას ჰგონია, რომ რისხვა უკიდურესი ხარისხის სიბრაზეს ნიშნავს, მაგრამ ეს მის მნიშვნელობას სრულად ვერ გამოხატავს. ჩემი რისხვა და ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები განუყოფელი ნაწილებია. როდესაც ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს აღვასრულებ, მათ თან ჩემი რისხვაც ახლავს. მაშ, კონკრეტულად რა არის რისხვა? რისხვა არის განკითხვის საზომი, რომლითაც ადამიანებს განვსჯი, ანუ, ეს არის ჩემი ნებისმიერი ადმინისტრაციული განკარგულების აღსრულების პრინციპი. თუ ვინმე ჩემს რომელიმე განკარგულებას დაარღვევს, ჩემი რისხვაც შესაბამისი სიდიდის იქნება. სადაც არის რისხვა, იქ უნდა იყოს ადმინისტრაციული განკარგულებებიც; და სადაც არის ადმინისტრაციული განკარგულებები, იქ აუცილებლად უნდა იყოს რისხვაც. ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები და რისხვა განუყოფელ მთლიანობას ქმნის. ეს არის უმკაცრესი სამსჯავრო, რომლის დარღვევის უფლებაც არავის აქვს. ყველა ადამიანი ვალდებულია მას დაემორჩილოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელად თუ დააღწევენ თავს ჩემი ხელით განგმირვას. საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა ამის შესახებ არ იცოდნენ (მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც დიდი უბედურებებით გამოწვეული ტკივილი გადაიტანეს, მათ მაინც არ იცოდნენ ამის შესახებ; თუმცა, ამ ადმინისტრაციული განკარგულების აღსრულება ძირითადად ახლა იწყება), მაგრამ დღეს მე ამ ყველაფერს გიმჟღავნებთ თქვენ, რათა არ დაარღვიოთ იგი.

ყოველმა ადამიანმა უნდა ისმინოს ჩემი ხმა და ირწმუნოს ჩემი სიტყვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ ვიმოქმედებ და არც არავითარ საქმეს აღვასრულებ. ჩემი ყოველი სიტყვა და ქმედება არის ის მაგალითი, რომელსაც თქვენ უნდა მიჰყვეთ; ისინი თქვენთვის ნიმუში და ეტალონია, რათა თქვენ მათ მისდიოთ. მიზეზი იმისა, თუ რატომ განვკაცდი, არის ის, რომ თქვენ გეხილათ ის, რაც ვარ და რაც მაქვს ჩემს ადამიანობაში. მომავალში, მე მოგცემთ საშუალებას, იხილოთ ის, რაც ვარ და რაც მაქვს ჩემს ღვთაებრიობაში. ყველაფერი სწორედ ასე, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა წარიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები საერთოდ ვერ ირწმუნებდნენ და ვერ შემიცნობდნენ, მათი წარმოდგენები მხოლოდ ბუნდოვანი და გაურკვეველი იქნებოდა და ჩემს ნათლად დანახვას ვერ შეძლებდნენ. ჩემმა სიტყვებმა აჩვენა, რომ ჩემი პიროვნება სრულად გამოგეცხადათ თქვენ. და მაინც, მხოლოდ საკუთარი უგუნურებისა და უმეცრების გამო, ადამიანებმა, ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგაც კი, კვლავაც ვერ შემიცნეს. ახლაც კი, როდესაც განვკაცდი, ადამიანები კვლავაც მეწინააღმდეგებიან. ამიტომ ვიყენებ ჩემს რისხვასა და ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს, რათა დავსაჯო ეს ბოროტი და გარყვნილი ძველი ეპოქა, სატანა და ეშმაკები კი სრულიად შევარცხვინო. ეს არის ერთადერთი გზა; ეს არის ასევე კაცობრიობის საბოლოო დანიშნულების ადგილი და კაცობრიობის საბოლოო შედეგი. წილი ნაყარია და არავის შეუძლია მისი შეცვლა ან ჩემი გადარწმუნება. მხოლოდ მე მეკუთვნის საბოლოო სიტყვის უფლება. ეს არის ჩემი მართვა და ეს არის ჩემი გეგმა და ყოველმა ადამიანმა გულითა და სიტყვით უნდა დაიჯეროს და ირწმუნოს ეს. ისინი, ვინც ამ ცხოვრებაში კეთილდღეობას მოიპოვებენ, მარადისობაში აუცილებლად დაიტანჯებიან, ხოლო ისინი, ვინც ამ ცხოვრებაში იტანჯებიან, მარადისობაში აუცილებლად იკურთხებიან — ეს მე წინასწარ განვსაზღვრე და არავის შეუძლია ამის შეცვლა. ვერავინ შეცვლის ჩემს გულს და ვერავინ დაამატებს თუნდაც ერთ სიტყვას იმას, რაც მე ვთქვი, და მით უმეტეს, არავის აქვს უფლება, თვითნებურად თუნდაც ერთი სიტყვა გამოაკლოს. თუ ვინმე ამას დაარღვევს, აუცილებლად გავკიცხავ მას.

ჩემი საიდუმლოებები თქვენ ყოველდღიურად გეცხადებათ — ნამდვილად გესმით მათი? მართლა დარწმუნებულნი ხართ მათში? როდესაც სატანას შეცდომაში შეჰყავხარ, შეგიძლია თუ არა მისი ზრახვების ამოცნობა? ეს განისაზღვრება თქვენი სიცოცხლისა და თქვენი სულიერი სიმწიფის მიხედვით. რადგან ვამბობ, რომ ყოველივე ჩემ მიერ წინასწარ არის განსაზღვრული, მაშინ რატომ განვკაცდი პირადად, რათა ჩემი პირმშო ძენი სრულვყო? და ადამიანის თვალში, რატომ გავწიე ამდენი უსარგებლო საქმე? ნუთუ დაბნეული ვარ? დაიმახსოვრეთ ეს! ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, კეთდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოვიპოვო ჩემი პირმშო ძენი, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რათა სატანა შევარცხვინო. მიუხედავად იმისა, რომ სატანა წინააღმდეგობას მიწევს, მე მაქვს ძალა, ვაიძულო მისი ნაშიერები აჯანყდნენ მის წინააღმდეგ და ჩემს სადიდებლად შემობრუნდნენ. მეტიც, ამას იმისთვისაც ვაკეთებ, რომ ჩემი საქმის შემდეგი ეტაპი შეუფერხებლად წარიმართოს, რათა მთელმა დედამიწამ სიხარულით იყიჟინოს და განმადიდოს მე, და ყოველმა სულდგმულმა მუხლი მოიდრიკოს ჩემ წინაშე და დიდება მომაგოს მე. ის დღე ჭეშმარიტად დიდების დღე იქნება. ყოველივე მე მიპყრია ხელთ და როდესაც შვიდჯერ დაიქუხებს ყოველივე სრულად აღსრულდება და აღარასოდეს შეიცვლება – ეს უკვე დადგენილი იქნება. იმ მომენტიდან მოყოლებული, დაიწყება ახალი ცისა და ახალი მიწის ახალ ცხოვრებაში შესვლა, სრულიად ახალ ვითარებებში შესვლა და დაიწყება სასუფევლის ცხოვრება. მაგრამ როგორია სასუფეველი? ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ამის ნათლად აღქმა (რადგან არავის აქამდე არ განუცდია სასუფევლის ცხოვრების გემო, ადამიანები მას მხოლოდ გონებაში წარმოიდგენდნენ და გულში ფიქრობდნენ მასზე). ეკლესიის ცხოვრებიდან სასუფევლის ცხოვრებაზე გადასვლისას — ანუ ამჟამინდელი მდგომარეობიდან სამომავლო მდგომარეობაში — მრავალი ისეთი რამ მოხდება, რაც ადამიანებს მანამდე არასოდეს წარმოედგინათ. ეკლესიის ცხოვრება სასუფევლის ცხოვრებაში შესვლის წინაპირობაა. ამიტომ, სანამ სასუფევლის ცხოვრება დადგება, ძალ-ღონეს არ დავიშურებ ეკლესიის ცხოვრების განსამტკიცებლად. რა არის ეკლესიის ცხოვრება? ის შემდეგნაირია: ყველა, ჩემი პირმშო ძეების ჩათვლით, ჭამს, სვამს და ტკბება ჩემი სიტყვებით და შემიცნობს მე, რითაც იღებს ჩემს წვასა და განწმენდას, რათა გაიაზრონ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, ჩემი განკითხვა და ჩემი რისხვა, და სასუფევლის ცხოვრებაში თავიდან აიცილონ შეურაცხყოფის ჩადენა. და რა არის სასუფევლის ცხოვრება? სასუფევლის ცხოვრება არის ის, სადაც ჩემი პირმშო ძენი ჩემთან ერთად მეფობენ და მართავენ უთვალავ ერსა და ხალხს (მხოლოდ მე და ჩემს პირმშო ძეებს შეგვიძლია სასუფევლის ცხოვრებით დავტკბეთ). მიუხედავად იმისა, რომ უთვალავ ერსა და ხალხში ჩემი ძენი და ჩემი ხალხიც შედიან, სასუფეველში მათ არ შეუძლიათ დატკბნენ სასუფევლის ცხოვრებით. სასუფევლის ცხოვრებით ტკბობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც სულიერ სამყაროში შედის. ამიტომ, მხოლოდ მე და ჩემს პირმშო ძეებს შეგვიძლია სხეულში ცხოვრება, მაშინ როცა ჩემი ძენი და ჩემი ხალხი კვლავ ხორცში აგრძელებენ ცხოვრებას. (თუმცა ეს არ არის ის ხორცი, რომელიც სატანის მიერ არის გახრწნილი. სწორედ ეს არის ჩემთან ერთად ჩემი პირმშო ძეების მეფობის მნიშვნელობა.) ყველა სხვა ადამიანის სული, სამშვინველი და სხეული აღებულ და ჩაგდებულ იქნება ჰადესში. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები სრულიად დაიღუპებიან და შეწყვეტენ არსებობას (თუმცა მათ უნდა გაიარონ სატანის ყოველგვარი ბორკილი და სისასტიკე, როგორიცაა გასაჭირი და კატასტროფები). როგორც კი ეს დასრულდება, სასუფევლის ცხოვრება ოფიციალურად ჩადგება კალაპოტში და მეც ოფიციალურად დავიწყებ ჩემი საქმეების გამოაშკარავებას (ისინი ყველასთვის ღიად გამოაშკარავდება და არა ფარულად). იმ მომენტიდან მოყოლებული, ნამდვილად აღარ იქნება ოხვრა და აღარც ცრემლი (რადგან აღარაფერი იარსებებს, რაც ადამიანებს მწუხარებას, ტირილსა ან ტანჯვას მოუტანს და ეს ჩემს ძეებსაც შეეხება და ჩემს ხალხსაც. თუმცა არის ერთი რამ, რასაც ხაზი უნდა გაესვას: ჩემს ძეებსა და ჩემს ხალხს სამუდამოდ ექნებათ ხორციელი სხეულები), იქნება მხოლოდ მხიარულება და მხოლოდ სასიხარულო სცენები. ეს არ იქნება რაიმე მატერიალური, არამედ ისეთი რამ, რისი ფიზიკური თვალით დანახვაც შეუძლებელია. ისინი, ვინც ჩემი პირმშო ძენი არიან, ასევე შეძლებენ ამით ტკბობას; ეს არის ჩემი საკვირველი საქმე და ეს არის ჩემი დიდი ძალა.

დაე, ყოველთვის შეგეძლოთ ჩემი განზრახვების ძიება და ჩემი გულის გათვალისწინება. წამიერმა სიამოვნებამ შეიძლება გაანადგუროს შენი მთელი ცხოვრება, ხოლო წამიერმა ტანჯვამ კურთხევების მარადიულობა შეიძლება მოგიტანოს. ნუ მიეცემი უნუგეშობას; ეს ის გზაა, რომელიც უნდა გაიარო. მე ადრეც ხშირად მითქვამს: „თქვენ, ვინც ჩემთვის გულწრფელად გაიღებთ თავს, აუცილებლად საუკეთესოდ გაკურთხებ.“ და რა არის ეს „კურთხევები“? ეს არა მხოლოდ ის არის, რასაც დღეს იღებთ, არამედ უფრო მეტად ის, რითაც მომავალში უნდა დატკბეთ — მხოლოდ ესენია ჭეშმარიტი კურთხევები. როდესაც სიონის მთაზე დაბრუნდებით, თქვენი ამჟამინდელი ტანჯვის გამო უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავთ, რადგან ეს არის ჩემი კურთხევა. ახლა, ხორცში ცხოვრება, სიონის მთაზე ყოფნას ნიშნავს (ანუ იმას, რომ ჩემში ცხოვრობ), მაშინ როცა ხვალ სხეულში ცხოვრება დიდების დღე იქნება, და ეს, კიდევ უფრო მეტად, არის სიონის მთაზე ყოფნა. ჩემი ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, გესმით, თუ რას ნიშნავს „სიონის მთა“. სიონის მთა სასუფევლის სინონიმია და ის ასევე სულიერი სამყაროა. დღევანდელი სიონის მთა ნიშნავს, ხორციელ სხეულში ყოფნისას, მიიღო ნუგეში და მიიღო ჩემი მადლი, ხოლო მომავლის სიონის მთა კი სხეულში ყოფნისას, მეფობის კურთხევებით ტკბობას ნიშნავს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის უგულებელყოფა. და არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ხელიდან ის დრო, როდესაც კურთხევების მოპოვებაა შესაძლებელი. დღევანდელი დღე ხომ მაინც დღევანდელი დღეა და ის ძალიან განსხვავდება ხვალინდელი დღისგან. როდესაც ამ კურთხევებით დატკბები, იგრძნობ, რომ დღევანდელი მადლი ხსენებადაც კი არ ღირს. ეს არის ის, რასაც მე გავალებთ, და ეს არის ჩემი უკანასკნელი რჩევა.

წინა: თავი 96

შემდეგი: თავი 98

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება