თავი 96
ყველას, ვინც ჩემგან იშვა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიცნობს, გავკიცხავ, რათა სრულად გამოვამჟღავნო ჩემი რისხვა, ჩემი დიდი ძალა და ჩემი სრული სიბრძნე. ჩემში ყოველივე სამართლიანია, და აბსოლუტურად არ არსებობს უსამართლობა, მზაკვრობა და სიმრუდე. ვინც მრუდე და მზაკვარია, უსათუოდ ჯოჯოხეთის ძეა, ჰადესში შობილი. ჩემში ყოველივე ღიაა. რასაც ვამბობ, სრულდება; რასაც ვბრძანებ, მკვიდრდება. არავის ძალუძს ამის შეცვლა ან მიბაძვა, რადგან მე თავად ვარ ერთადერთი ღმერთი. მომავალში კი ასეთი რამ მოხდება: ყველა, ვინც ჩემი წინასწარ განსაზღვრული და რჩეული პირმშო ძეების ჯგუფშია, სათითაოდ გამოაშკარავდება, ხოლო ყველა, ვინც არ არის პირმშო ძეთა ჯგუფში, ამის საფუძველზე ჩემ მიერ გამოირიცხება. სწორედ ასე ვმოქმედებ და აღვასრულებ ჩემს საქმეს. ამჟამად ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ იმიტომ ვააშკარავებ, რომ ჩემმა პირმშო ძეებმა იხილონ ჩემი საკვირველი საქმეები, მაგრამ მოგვიანებით ამგვარად აღარ ვიმოქმედებ. ნაცვლად ამისა, ვიმოქმედებ საერთო ვითარების შესაბამისად და აღარ მივცემ მათ საშუალებას, სათითაოდ გამოავლინონ თავიანთი ნამდვილი სახე (რადგან დემონები, ძირითადად, ერთნაირები არიან და საკმარისია, მხოლოდ რამდენიმე ავირჩიო ნიმუშად). ყველა, ვინც ჩემი პირმშო ძეა, ამას გულში კარგად ხვდება და საჭირო არ არის, რომ ეს დაწვრილებით განვუმარტო (რადგან დათქმულ დროს ისინი აუცილებლად სათითაოდ გამოაშკარავდებიან).
სიტყვის შესრულება ჩემი ხასიათის ნაწილია, და ჩემში არაფერია დამალული ან დაფარული. ყველაფერს გეტყვით, რაც უნდა გესმოდეთ, ხოლო იმას, რაც არ უნდა იცოდეთ, საერთოდ არ გეტყვით, რათა ამის გამო მტკიცედ დგომის უნარი არ დაკარგოთ. არ შემიძლია წვრილმანებს ჩავეჭიდო და ამით მნიშვნელოვანი რაღაცები დავკარგო — ამის გაკეთება ნამდვილად არ ღირს. ირწმუნეთ, რომ მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი, და მაშინ ყოველივე აღსრულდება და ყველაფერი მარტივი და სასიამოვნო გახდება. სწორედ ასე ვმოქმედებ მე. ვინც ირწმუნებს, მას ვაძლევ საშუალებას დაინახოს, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მას არც შეცნობის ნებას ვაძლევ და არც არასოდეს მივცემ საშუალებას, რომ გაიგოს. ჩემში არ არის ხორციელი გრძნობები ან შემწყნარებლობა და ვინც არ უნდა შეურაცხყოს ჩემი გაკიცხვა, მას აუცილებლად განვგმირავ ისე, რომ ხელიც არ ამიკანკალდება და მათ ყველას, ერთნაირად მოვექცევი. ყველას მიმართ ერთნაირი ვარ — არ გამაჩნია პირადი გრძნობები და ხორციელი გრძნობებით ნამდვილად არ ვმოქმედებ. როგორ შეიძლება ადამიანებმა ამის მეშვეობით ვერ დაინახონ ჩემი სამართლიანობა და დიდებულება? ეს არის ჩემი სიბრძნე და ჩემი ხასიათი, რომლის შეცვლაც არავის ძალუძს და რომელსაც ბოლომდე ვერავინ შეიცნობს. ჩემი ხელები ყოველთვის და ნებისმიერ დროს ყოველივეს განაგებენ და მუდამ ისე წარვმართავ ყოველივეს, რომ ჩემს პირველივე დაძახებაზე მემსახურონ. უამრავი ადამიანი ეწევა მსახურებას ჩემთვის, რათა აღსრულდეს ჩემი მართვის გეგმა, მაგრამ საბოლოოდ ისინი მხოლოდ კურთხეაბს ხედავენ, თუმცა მისით ტკბობა არ შეუძლიათ — რა საცოდაობაა! მაგრამ ვერავინ შეცვლის ჩემს გულს. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება (როდესაც ნახსენებია ადმინისტრაციული განკარგულება, ეს ნიშნავს იმას, რისი შეცვლაც არავის შეუძლია. ამიტომ, როცა მომავალში ვისაუბრებ, თუ რამეს გადავწყვეტ, ეს უდავოდ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება იქნება. დაიმახსოვრეთ ეს! ნუ დაარღვევთ მას, რათა ზიანი არ მიიღოთ) და ასევე ჩემი მართვის გეგმის ნაწილი. ეს უშუალოდ ჩემი საქმეა და არა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მე თვითონ უნდა აღვასრულო ეს — მე თვითონ უნდა მოვაწყო ყველაფერი, რაც საკმარისია ჩემი ყოვლისშემძლეობის საჩვენებლად და ჩემი რისხვის გამოსავლენად.
ადამიანთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ მიცნობს და არ აქვს ნათელი წარმოდგენა ჩემს ადამიანობაზე. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს, მაგრამ თქვენ კვლავაც ბუნდოვანებაში ხართ და ბევრი რამ არ გესმით. თუმცა ესაა ჩემი საქმე და ახლა, ამჟამად, ვინც იცის – იცის, ხოლო ვინც არ იცის – მე მას არ ვაიძულებ. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია. ამის შესახებ უკვე გარკვევით ვისაუბრე და მოგვიანებით ამ საკითხზე აღარ ვილაპარაკებ (რადგან უკვე საკმარისზე მეტი ვთქვი და ყველაფერი ძალიან ნათლად ავხსენი. ვინც მიცნობს, მასში უეჭველად მოქმედებს სულიწმიდა და, უდავოდ, ჩემი ერთ-ერთი პირმშო ძეა. ვინც არ მიცნობს, ის ნამდვილად ასეთი არ არის, რაც ამტკიცებს იმას, რომ ჩემი სული უკვე გამოვიხმე მისგან). მაგრამ საბოლოოდ, ყველას შევაცნობინებ ჩემს თავს — სრულად შევაცნობინებ, როგორც ჩემს ადამიანურ ბუნებას, ისე ჩემს ღვთაებრიობას. ეს არის ჩემი საქმის ეტაპები და სწორედ ასე უნდა ვიმოქმედო. ეს ასევე არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება. ყველამ უნდა მიწოდოს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, განუწყვეტლივ მადიდოს და სიხარულით ხოტბა შემასხას.
ჩემი მართვის გეგმა უკვე მთლიანად დასრულებულია და ყოველივე დიდი ხნის წინ აღსრულდა. ადამიანის თვალში შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ჩემი საქმის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მე ყველაფერი უკვე სათანადოდ განვაგე და რჩება მხოლოდ ის, რომ ყოველივე ჩემი ნაბიჯების მიხედვით, სათითაოდ აღსრულდეს (ეს იმიტომ, რომ სამყაროს შექმნამდე წინასწარ განვსაზღვრე, ვის შეუძლია განსაცდელში მტკიცედ დგომა, ვინ ვერ იქნება ჩემ მიერ რჩეული და წინასწარ განსაზღვრული და ვინ ვერ გაიზიარებს ჩემს ტანჯვას. მათ, ვინც ჩემი ტანჯვის გაზიარებას შეძლებს — ანუ ვინც ჩემ მიერ წინასწარ არის განსაზღვრული და შერჩეული, მე აუცილებლად დავიცავ და ამგვარად მივცემ საშუალებას, ყოველივეზე მაღლა დადგნენ). ჩემს გულში ნათლად ვიცი, ვინ რა როლშია. კარგად ვიცი, ვინ მიწევს მსახურებას, ვინ არის პირმშო ძე და ვინ არის ჩემს ძეებსა და ჩემს ხალხს შორის. ეს ჩემი ხუთი თითივით ვიცი. ვისზეც წარსულში მითქვამს, რომ ჩემი პირმშო ძეა, ის ახლაც პირმშო ძეა, ხოლო ვისზეც წარსულში ვთქვი, რომ არ არის პირმშო ძე, ახლაც არ არის პირმშო ძე. რასაც ვაკეთებ, არ ვნანობ და იოლად არ ვცვლი. რასაც ვამბობ, იმასვე ვგულისხმობ (ჩემში არაფერია ქარაფშუტული) და ეს არასოდეს იცვლება! ისინი, ვინც მსახურებას მიწევენ, ყოველთვის გამიწევენ მსახურებას. ისინი ჩემი ხარები არიან; ისინი ჩემი ცხენები არიან (მაგრამ ამ ადამიანებს არასოდეს აქვთ სულიერი გაგება; როდესაც მათ ვიყენებ, ისინი სასარგებლონი არიან, მაგრამ როდესაც არ ვიყენებ, მე მათ ვსპობ. როდესაც ხარებსა და ცხენებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ მათ, ვისაც სულიერი გაგება არ გააჩნია, ვინც არ მიცნობს და არ მემორჩილება და თუნდაც იყვნენ მორჩილნი, დამყოლნი, უბრალონი და პატიოსანნი, ისინი მაინც ტიპური ხარები და ცხენები არიან). ახლა, ადამიანთა უმეტესობა ჩემ წინაშე თავაშვებული და აღვირახსნილია – ხმაურიანად საუბრობენ და იცინიან, უპატივცემულოდ იქცევიან. ისინი მხოლოდ ჩემს ადამიანობას ხედავენ და არა ჩემს ღვთაებრიობას. ჩემს ადამიანობაში ეს ქცევები შეიძლება დასაშვები იყოს და შემიძლია ვაიძულო თავი, რომ ვაპატიო მათ, მაგრამ ჩემს ღვთაებრიობაში ეს ასე ადვილი არ არის. მომავალში, ასეთ საქციელს ღვთის გმობის ცოდვად ჩაგითვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინმემ შეიძლება შეურაცხყოს ჩემი ადამიანობა, მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეურაცხყონ ჩემი ღვთაებრიობა, ხოლო ვინც ოდნავ მაინც შემეწინააღმდეგება, დაუყოვნებლივ განვსჯი ისე, რომ ერთ წამსაც არ დავაყოვნებ. ნუ გგონია, რომ რადგან მრავალი წელი ურთიერთობდი პიროვნებასთან, რომელიც მე ვარ და დამიახლოვდი, შეგიძლია თავნებურად ისაუბრო და იმოქმედო. მე ეს ნამდვილად არ მაინტერესებს! ვინც არ უნდა იყოს, ყველას სამართლიანად მოვეპყრობი. ეს არის ჩემი სამართლიანობა.
ჩემი საიდუმლოებები ადამიანებს დღითიდღე ეცხადებათ და დღითიდღე უფრო ნათელი ხდება გამოცხადების ეტაპების შესაბამისად, რაც საკმარისია ჩემი საქმის ტემპის საჩვენებლად. ეს არის ჩემი სიბრძნე (ამას პირდაპირ არ ვამბობ. მე ნათელს ვფენ ჩემს პირმშო ძეებს, ხოლო დიდი წითელი დრაკონის შთამომავლებს ვაბრმავებ). დღეს ჩემი ძის მეშვეობით კიდევ უფრო მეტად გაგიცხადებთ ჩემს საიდუმლოებას. იმას, რაც ადამიანებისთვის წარმოუდგენელია, დღეს განგიცხადებთ, რათა საფუძვლიანად იცოდეთ და ნათელი გაგება გქონდეთ. უფრო მეტიც, ეს საიდუმლოება, ჩემს პირმშო ძეთა გარდა, ყველა ადამიანში არსებობს, მაგრამ არავის შეუძლია მისი შეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველ ადამიანშია, არავის შეუძლია მისი ამოცნობა. რას ვგულისხმობ? ჩემი საქმისა და ამ პერიოდის ჩემს გამონათქვამებში ხშირად ვახსენებ დიდ წითელ დრაკონს, სატანას, ეშმაკებსა და მთავარანგელოზს. ვინ არიან ისინი? რა ურთიერთობა აქვთ მათ ერთმანეთთან? რა ვლინდება მათში? დიდი წითელი დრაკონის გამოვლინებებია: ჩემდამი წინააღმდეგობა; ჩემი სიტყვების მნიშვნელობის გაგებისა და წვდომის არქონა; ჩემი ხშირი დევნა; და მზაკვრობების გამოყენების მცდელობა ჩემი მართვის ჩასაშლელად. სატანა ვლინდება შემდეგნაირად: მებრძვის ძალაუფლებისთვის; სურს დაეუფლოს ჩემს რჩეულ ხალხს; და ავრცელებს ნეგატიურ სიტყვებს ჩემი ხალხის შეცდომაში შესაყვანად. ეშმაკების გამოვლინებები (ისინი, ვინც ჩემს სახელს არ იღებენ, ვინც არ არიან მორწმუნენი, ყველა ეშმაკია) შემდეგნაირია: ხარბად ესწრაფვიან ხორციელ სიამოვნებებს; ეძლევიან ბოროტ ვნებებს; ცხოვრობენ სატანის მონობაში. ზოგი წინააღმდეგობას მიწევს, ზოგიც მხარს მიჭერს (მაგრამ ამით არ მტკიცდება, რომ ისინი ჩემი საყვარელი ძენი არიან). მთავარანგელოზის გამოვლინებები კი ასეთია: საუბრობს თავხედურად; არის უღმერთო; ხშირად იყენებს ჩემს ტონს ადამიანების დასამოძღვრად; ფოკუსირდება მხოლოდ ჩემს გარეგნულ მიბაძვაზე; ჭამს იმას, რასაც მე ვჭამ, და იყენებს იმას, რასაც მე ვიყენებ; მოკლედ, სურს ჩემთან გათანაბრება; არის ამბიციური, მაგრამ აკლია ჩემი სულიერი მონაცემები და არ გააჩნია ჩემი სიცოცხლე, ამიტომ უსარგებლო ნარჩენია. სატანა, ეშმაკები და მთავარანგელოზი დიდი წითელი დრაკონის ტიპური გამოვლინებები არიან, ამიტომ ისინი, ვინც ჩემ მიერ წინასწარ არ არის განსაზღვრული და არჩეული, დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან: ეს უცილობლად ასეა! ისინი ყველა ჩემი მტრები არიან. (თუმცა, აქ არ იგულისხმება სატანის არევ-დარევები. თუ შენი ბუნება ჩემი სულიერი მონაცემებია, ამას ვერავინ შეცვლის. ვინაიდან ახლა ჯერ კიდევ ხორცში ცხოვრობ, დროდადრო სატანის ცდუნებას წააწყდები — ეს გარდაუვალია — მაგრამ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო.) ამიტომ, ჩემი პირმშო ძეების გარდა, დიდი წითელი დრაკონის ყველა შთამომავალს მოვიშორებ. მათი ბუნება არასოდეს შეიცვლება — ეს სატანის სულიერი მონაცემებია. ის, რასაც ისინი ავლენენ – ეშმაკია, ხოლო რასაც ცხოვრებაში ავლენენ – მთავარანგელოზია. ეს სრული სიმართლეა. დიდი წითელი დრაკონი, რომელზეც ვსაუბრობ, დიდი წითელი დრაკონი არ არის, არამედ ეს არის ჩემდამი დაპირისპირებული ბოროტი სული, ხოლო „დიდი წითელი დრაკონი“ მისი სინონიმია. ამრიგად, სულიწმიდის გარდა, ყველა სული ბოროტი სულია და ასევე შეიძლება ითქვას, რომ დიდი წითელი დრაკონის შთამომავალია. ეს ყველასთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს.