თავი 91
ჩემი სული საუბრობს და განუწყვეტლივ გამოსცემს ჩემს ხმას — რამდენ თქვენგანს შეუძლია ჩემი შეცნობა? რატომ უნდა განვკაცდე და მოვიდე თქვენ შორის? ეს დიდი საიდუმლოებაა. მთელი დღე ჩემზე ფიქრობთ და გნებავთ ჩემთან ყოფნა, და მადიდებთ, ტკბებით ჩემით და ყოველდღე ჭამთ და სვამთ ჩემს სიტყვებს, და მაინც, დღესაც არ მიცნობთ. რაოდენ უმეცარნი და ბრმანი ხართ! რაოდენ ნაკლებად მიცნობთ! რამდენ თქვენგანს შეუძლია ჩემი განზრახვების გათვალისწინება? ანუ, რამდენ თქვენგანს შეუძლია ჩემი შეცნობა? ყველა თქვენგანი ეშმაკური ბუნებისაა, და მაინც გსურთ ჩემი განზრახვების დაკმაყოფილება? დაივიწყეთ! ნება მიბოძეთ გითხრა: რაც არ უნდა კარგი იყოს სატანის ქმედებები, ისინი მიმართულია ჩემი აღშენების დასანგრევად და ჩემი განგებულების ჩასაშლელად. რაც არ უნდა კარგი იყოს მისი ქმედებები, მისი სუბსტანცია არ იცვლება — ის წინააღმდეგობას მიწევს. ამიტომ, მრავალ ადამიანს, მათდა შეუმჩნევლად, ჩემი ხელი განგმირავს და ჩემი სახლიდან განდევნის. დღეს არცერთი რამ (დიდი თუ მცირე) არ არის ადამიანის მიერ წარმართული; ყოველივე ჩემს ხელთაა. თუ ვინმე იტყვის, რომ ყოველივე ადამიანის კონტროლქვეშაა, მაშინ ვეტყვი: შენ წინააღმდეგობას მიწევ და აუცილებლად მკაცრად გაგკიცხავ და სამუდამოდ დაგტოვებ საყრდენის გარეშე. ყველა მოვლენასა და საგანს შორის, რა არ მიპყრია ხელთ? რა არ არის ჩემ მიერ დადგენილი ან ჩემ მიერ გადაწყვეტილი? და მაინც საუბრობ ჩემს შეცნობაზე! ეს ეშმას სიტყვებია. შეიძლება სხვების მოტყუება შეძლო, მაგრამ გგონია, რომ ჩემს მოტყუებასაც შეძლებ? გგონია, რომ თუ არავინ იცის, რა ჩაიდინე, მაშინ არაფერი მოხდება? ნუ გგონია, რომ იოლად გადარჩები! უნდა გაიძულო, მუხლი მოიდრიკო ჩემ წინაშე და აღიარო ეს. მიუღებელია, არ ისაუბრო. ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებაა!
ჭეშმარიტად გესმით თუ არა, ვინ არის ჩემი სული და ვინ არის ჩემი ხორციელი მე? რა არის ჩემი განკაცების მნიშვნელობა? რომელმა თქვენგანმა იფიქრა გულდასმით ამ დიად საკითხზე და მიიღო რაიმე გაცხადება ჩემგან? ყველა თქვენგანი მხოლოდ ზედაპირულად ეპყრობა საკუთარ თავს! რატომ ვამბობ, რომ დიდი წითელი დრაკონის შთამომავალი ხარ? დღეს გიმჟღავნებთ ჩემი განკაცების საიდუმლოებას, საიდუმლოებას, რომლის ამოხსნაც ადამიანმა სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ვერასოდეს შეძლო, და რომელმაც ჩემი სიძულვილის ამდენი ობიექტი დაღუპა. და ასეა დღესაც. ჩემი ხორცის გამო, მრავალი, ვინც მიყვარს, სრულქმნილია. კონკრეტულად რატომ უნდა განვკაცდე? და რატომ გამოვიყურები ისე, როგორც გამოვიყურები (ყველაფერში, ჩემი სიმაღლის, გარეგნობის, აღნაგობის და ა.შ. ჩათვლით)? ვის აქვს რაიმე სათქმელი ამის შესახებ? ჩემს განკაცებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მისი სრულად გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ახლა მხოლოდ მის ნაწილს გეტყვით (რადგან ჩემი საქმის ეტაპებმა აქამდე მოაღწია, მე უნდა გავაკეთო ეს და ვთქვა ეს): ჩემი განკაცება უპირველესად ჩემი პირმშო ძეებისთვის განხორციელდა, რათა დავმწყემსო ისინი და მათ შეძლონ ჩემთან პირისპირ საუბარი და ურთიერთობა; ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რომ მე და ჩემი პირმშო ძენი ახლოს ვართ ერთმანეთთან (რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვჭამთ, ერთად ვრჩებით, ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვმოქმედებთ), რათა ისინი რეალობაში გამოიკვებონ ჩემ მიერ — ეს არ არის ცარიელი სიტყვები, არამედ რეალობაა. მანამდე ადამიანებს სწამდათ ჩემი, მაგრამ არ შეეძლოთ რეალობის წვდომა, და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჯერ არ ვიყავი განკაცებული. დღეს ჩემი განკაცება საშუალებას გაძლევთ ყველას, ჩასწვდეთ რეალობას და საშუალებას აძლევს მათ, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ, შემიცნონ მე — თავად ბრძენი ღმერთი — ჩემი საუბრისა და ქცევის, და იმ პრინციპების მეშვეობით, რომლებითაც ვმართავ საქმეებს. ის ასევე საშუალებას აძლევს მათ, ვინც გულწრფელად არ მეძიებს, დაინახონ ჩემს ფარულ ქმედებებში ჩემი ის ასპექტი, რომელიც ჩემი ადამიანობაა, და ამით წინააღმდეგობა გამიწიონ, და შემდეგ მოკვდნენ „სრულიად უმიზეზოდ“, ჩემ მიერ განგმირულნი. სატანის დასამცირებლად, განკაცება ყველაზე მძლავრ მოწმობას იძლევა ჩემ შესახებ; მე არა მხოლოდ შემიძლია გამოვიდე ხორციდან, არამედ შემიძლია ვიცხოვრო ხორცში. მე არ ვემორჩილები არავითარ სივრცობრივ ან გეოგრაფიულ შეზღუდვას; ჩემთვის არ არსებობს არავითარი დაბრკოლება და ყოველივე შეუფერხებლად მიედინება. სწორედ ამაშია სატანა ყველაზე მეტად შერცხვენილი, და როდესაც გამოვდივარ ხორციდან, კვლავ ვასრულებ ჩემს საქმეს ჩემს ხორცში და ეს სულაც არ მოქმედებს ჩემზე. მე კვლავ მივაბიჯებ მთებზე, მდინარეებზე, ტბებზე და სამყაროსა და ყოველივეს თითოეულ კუთხეში. მე განვკაცდი იმისთვის, რომ გამომეაშკარავებინა ყველა, ვინც ჩემგან იშვა, მაგრამ აღდგა ჩემდამი წინააღმდეგობის გასაწევად. ხორცი რომ არ შემესხა, მათი გამოაშკარავების არავითარი გზა არ იარსებებდა (იგულისხმებიან ისინი, ვინც ჩემს თვალწინ ერთნაირად იქცევიან, ხოლო ზურგს უკან — სხვანაირად). სულად რომ დავრჩენილიყავი, ადამიანები თაყვანს მცემდნენ თავიანთი წარმოდგენებით და იფიქრებდნენ, რომ ვარ უხილავი და მიუწვდომელი ღმერთი. ჩემი განკაცებული ხორცი დღეს სრულიად საპირისპიროა ადამიანთა წარმოდგენებისა (ვსაუბრობ ჩემს სიმაღლესა და გარეგნობაზე), რადგან ჩვეულებრივად გამოვიყურები და არ ვარ ძალიან მაღალი. სწორედ ეს პუნქტი ამცირებს სატანას ყველაზე მეტად და არის ყველაზე ძლიერი საპირწონე ადამიანთა წარმოდგენებისა (სატანის გმობისა). ჩემი გარეგნობა სხვებისგან რომ განსხვავებული ყოფილიყო, ეს პრობლემური იქნებოდა — ყველა მოვიდოდა ჩემს თაყვანსაცემად და შემიცნობდა საკუთარი წარმოდგენებით, და ისინი ვერ შეძლებდნენ ემ შესახებ სათანადო მოწმობის დატოვებას. ამრიგად, მე მივიღე ის ხატი, რომელიც დღეს მაქვს, რისი გაგებაც სულაც არ არის რთული. ყველა უნდა გამოვიდეს ადამიანური წარმოდგენებიდან და არ უნდა მოტყუვდეს სატანის მზაკვრობებით. მომავალში მეტს გეტყვით, ნაწილ-ნაწილ, ჩემი საქმის საჭიროებების შესაბამისად.
დღეს ჩემმა დიადმა საქმემ წარმატებას მიაღწია და ჩემი გეგმა აღსრულდა. მე მოვიპოვე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თანამშრომლობენ ჩემთან ერთი გულითა და გონებით. ეს ჩემთვის ყველაზე დიდებული დროა. ჩემს საყვარელ ძეებს (ყველას, ვისაც ვუყვარვარ) შეუძლიათ იყვნენ ჩემი გულისა და გონების თანაზიარნი და ჩემთან ერთად დაასრულონ ყოველივე, რისი გაკეთებაც განვიზრახე. ეს საოცარი რამ არის. დღევანდელი დღის შემდეგ, მათ, ვისაც კეთილგანწყობით არ ვუყურებ, მოკლებულნი იქნებიან სულიწმიდის მოქმედებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მოვიშორებ მათ, ვინც არ შეესაბამება იმას, რაც წარსულში მითქვამს. ადამიანები სრულყოფილად უნდა შეესაბამებოდნენ იმას, რასაც ვამბობ. დაიმახსოვრეთ ეს! სრულყოფილად უნდა შეესაბამებოდეთ. ნუ გამიგებთ არასწორად; ყოველივე ჩემზეა დამოკიდებული. ადამიანებო — ნუ მიყენებთ პირობებს. თუ ვამბობ, რომ სტანდარტის შესაბამისი ხარ, მაშინ ეს ურყევია; თუ ვამბობ, რომ არ ხარ, ნუ მიიღებ ტანჯულ იერს და ნუ დაადანაშაულებ ცასა და მიწას. ყოველივე ჩემი განგებულებაა. ვინ თქვა, რომ უპატივცემულოდ უნდა მოეპყრო საკუთარ თავს? ვინ თქვა, რომ ასეთი სამარცხვინო სისულელე უნდა ჩაიდინო? თუნდაც არაფერი თქვა, სიმართლეს ვერ დამიმალავ. ვისკენ არის მიმართული ჩემი სიტყვები, როდესაც ვამბობ, რომ ვარ თავად ღმერთი, რომელიც გულდასმით იკვლევს ადამიანის უღრმეს გულს? ამას ვეუბნები მათ, ვინც უპატიოსნოა. რაოდენ უსირცხვილოა — ასეთი რამის კეთება ჩემს ზურგს უკან! გინდა თვალებში ნაცარი შემაყარო? ეს ასე ადვილი არ არის! გაეთრიე აქედან, დაუყოვნებლივ! მეამბოხე ძევ! არ გიყვარს საკუთარი თავი და არ სცემ პატივს საკუთარ თავს! არ ზრუნავ საკუთარ თავზე და მაინც გინდა, რომ მიყვარდე? დაივიწყე! არ მჭირდება არცერთი ასეთი საძაგელი. გამეცალეთ, ყველანი! ამას ყველაზე სერიოზული სირცხვილი მოაქვს ჩემი სახელისთვის; თუ ამას ნათლად ვერ ხედავთ, ასე არ გამოვა. უნდა დაიცვათ თავი, რათა არ შეიბილწოთ არავითარი სიბინძურით ამ ბოროტ და გარყვნილ ძველ ეპოქაში; უნდა იყოთ სრულიად წმინდანი და უმანკონი. დღეს ისინი, ვინც ღირსნი არიან, ჩემთან ერთად იმეფონ, არიან ისინი, ვინც არ არის შებილწული არავითარი სიბინძურით, რადგან მე ვარ თავად წმინდა ღმერთი და არ მჭირდება არავინ, ვისაც სირცხვილი მოაქვს ჩემი სახელისთვის. ასეთი ადამიანები სატანის მიერ არიან გამოგზავნილნი ჩემს გამოსაცდელად, და ჭეშმარიტად, ისინი ყველა სატანის მსახურნი არიან, რომლებიც უნდა უკუვაგდოთ(მათი უძირო უფსკრულში ჩაგდებით).
ჩემი სახლი წმინდა და უმანკოა, და ჩემი ტაძარი ბრწყინვალე და დიდებულებით სავსეა (იგულისხმებიან ისინი, ვინც ფლობს ჩემს არსებასა და იმას, რაც გამაჩნია). ვინ ბედავს შემოსვლას და არეულობის გამოწვევას ისე, როგორც მოესურვება? მე ნამდვილად არ ვაპატიებ მათ. ისე ვიზამ, რომ არასოდეს დაბრუნდნენ, და უკიდურესად უნდა დავამცირო ისინი. მე ბრძნულად ვმოქმედებ. მახვილის გარეშე, იარაღის გარეშე და თითის გაუნძრევლად, სრულად დავამარცხებ მათ, ვინც წინააღმდეგობას მიწევს და შეურაცხყოფს ჩემს სახელს. მე სულგრძელი ვარ და განვაგრძობ ჩემს საქმეს მტკიცე ნაბიჯით, მაშინაც კი, როდესაც სატანა ასეთი მასშტაბის არევ-დარევას ქმნის; ყურადღებას არ ვაქცევ მას და დავამარცხებ მას ჩემი განგებულების გეგმის დასრულებით. ეს არის ჩემი ძალა და ჩემი სიბრძნე, და უფრო მეტიც, ეს ჩემი უსასრულო დიდების მცირე ნაწილია. ჩემს თვალში, ისინი, ვინც წინააღმდეგობას მიწევენ, ჰგვანან მტვერში მცოცავ მწერებს, რომელთა ეხქვეშ გასრესაც შემიძლია ჩემი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს. თუმცა, მე ბრძნულად ვმოქმედებ. მე ჩემს პირმშო ძეებს მივანდობ მათთან გამკლავებას; არსად ვჩქარობ. მე ვმოქმედებ მეთოდურად, მოწესრიგებულად და უმცირესი შეცდომის გარეშე. იმ პირმშო ძეებს, რომლებიც ჩემგან იშვნენ, უნდა გააჩნდეთ ჩემი არსება და უნდა შეეძლოთ ჩემი უსასრულო სიბრძნის დანახვა ჩემს საქმეებში!