თავი 92
ყოველ ადამიანს შეუძლია, დაინახოს ჩემი ყოვლისშემძლეობა და სიბრძნე ჩემს სიტყვებსა და საქმეებში. სადაც უნდა მივიდე, იქ მიმდინარეობს ჩემი საქმე. ჩემი ნაბიჯები არა მხოლოდ ჩინეთშია; რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი ნაბიჯები არის მსოფლიოს ყველა ხალხში. თუმცა პირველები, ვინც ამ სახელს იღებენ, მხოლოდ ის შვიდი ერია, რომელთა შესახებაც ადრე გესაუბრეთ, რადგან ასეთი არის ჩემი შრომის თანმიმდევრობა; უახლოეს მომავალში თქვენ ნათლად გაერკვევით ამაში და ყველაფერს საფუძვლიანად გაიგებთ. თუ ახლა გეტყვით ამას, ვშიშობ, რომ თქვენი უმეტესობა დაეცემა, რადგან როგორც უკვე ადრე გითხარით, თქვენთან ვსაუბრობ და ჩემს ხმას გაგონებთ თქვენი სულიერი სიმწიფის შესაბამისად და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ხდება ჩემი უსასრულო სიბრძნის ფარგლებში, რომლის ბოლომდე შეცნობაც არავის ძალუძს; ერთადერთი გზა არის თქვენთვის ამის თანდათან გახსნა. იცოდეთ ეს! თქვენ ჩემს თვალში მუდამ ბავშვები ხართ; ყოველი თქვენი ნაბიჯი უნდა იყოს ჩემს მიერ მითითებული და ჩემ მიერ დარიგებული. ადამიანებო — მხოლოდ ჩემი ხელმძღვანელობით შეგიძლიათ იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით; ამის გარეშე ვერავინ შეძლებს სიცოცხლის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამყარო ჩემს ხელთაა, შენ ვერ დაინახავ, რომ მე სადმე მეჩქარებოდეს ან ვფაციფუცობდე. პირიქით, მე ვარ მშვიდი და ბედნიერი. ადამიანები ვერ აცნობიერებენ ჩემს ყოვლისშემძლეობას და ჩემზე ღელავენ — როგორ ცოტა იცით საკუთარ თავზე! თქვენ კვლავ და კვლავ ცდილობთ წარმოაჩინოთ თქვენი უაზრო წვრილმანები ჩემს წინაშე და აღფრთოვანებულნი ხართ საკუთარი თავით! მე დიდი ხანია ვარ ამის მოწმე. და თქვენ მზაკვრობთ ჩემს წინაშე, საზიზღარო არარაობებო! ახლავე გაეთრიეთ ჩემი სახლიდან! არ მსურს, რომ თქვენნაირი საზიზღარი არსებები მყავდეს. მირჩევნია, რომ ჩემს სასუფეველში არავინ იყოს, ვიდრე თქვენნაირი — საძულველი არსებები იყვნენ იქ! იცი თუ არა, რომ უკვე შევწყვიტე შენზე შრომა, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ჩვეულებრივად ჭამ და იცვამ? მაგრამ იცი, რომ შენ სატანისთვის ცხოვრობ და სატანას ემსახურები? და მაინც გყოფნის თავხედობა, რომ ჩემს წინაშე იდგე! შენ ნამდვილად უსირცხვილო ხარ!
წარსულში ხშირად მითქვამს: «დიდი კატასტროფები მალე მოვა; დიდი კატასტროფები ჩემი ხელიდან უკვე ჩამოვარდა». რას ნიშნავს «დიდი კატასტროფები» და როგორ უნდა აიხსნას ეს «ჩამოვარდა»? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დიდი კატასტროფები არის გარდაუვალი კატასტროფები, რომლებიც აზიანებს ადამიანის სულს, სამშვინველსა და სხეულს, და მიიჩნევთ, რომ «მიწისძვრები, შიმშილი და სენი», რომელთა შესახებაც ვსაუბრობ, სწორედ ის დიდი კატასტროფებია. მაგრამ თქვენ არ იცით, რომ ჩემი სიტყვები არასწორად გაქვთ გაგებული. და ფიქრობთ, რომ ეს «ჩამოვარდა» ნიშნავს, თითქოს დიდი კატასტროფები უკვე დაწყებულია — ეს სასაცილოა! სწორედ ასე გესმით ეს და როცა თქვენი განმარტებები მოვისმინე, ნამდვილად განვრისხდი. საიდუმლო, რომელიც ადამიანებმა ვერ ახსნეს (და ეს არის ყველაზე დაფარული საიდუმლო), ასევე არის ის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყველაზე მეტად არის არასწორად გაგებული და ეს არის საიდუმლო, რომლის პირადი გამოცდილებაც არავის გააჩნია (ვინაიდან ის მხოლოდ უკანასკნელ დღეებში გამოვლინდება, და მხოლოდ ბოლო ეპოქაში შეუძლია ადამიანს მისი დანახვა, თუმცა ვერ შენიშნავს მას), რადგან მე ის ყველაზე მტკიცედ დავლუქე, ისე რომ ადამიანმა ვერ შეაღწიოს მასში (თუნდაც დაინახოს მისი უმცირესი ნაწილიც კი). ახლა, როცა ჩემი საქმე ამ ეტაპამდე აღსრულდა, მე ნათელს მოვფენ ამ საკითხს თქვენთვის ჩემი შრომის საჭიროების შესაბამისად; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ მიხვდებიან. ახლა მე ვიწყებ დარიგებებს; ყველამ ყურადღებით უნდა მოისმინოს, რადგან ყოველი, ვინც ფრთხილად არ იქნება, მათ შორის ჩემი პირმშოებიც, დაიტანჯებიან ჩემი განაჩენით, ხოლო ყველაზე უკიდურეს შემთხვევებში ჩემი ხელით დაეცემიან (რაც ნიშნავს, რომ მათ სული, სამშვინელი და სხეული წაერთმევათ). დიდი კატასტროფები მოიხსენიება ცათა სასუფევლის ყოველ ადმინისტრაციულ განკარგულებაში და ჩემი ყოველი ადმინისტრაციული განკარგულება წარმოადგენს დიდი კატასტროფების ნაწილს. (ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები თქვენთვის ჯერ კიდევ სრულად არ გამიმჟღავნებია, მაგრამ ნუ იღელვებთ და ნუ იდარდებთ ამაზე; არსებობს ისეთი რამეები, რომელთა ცოდნაც ნაადრევია თქვენთვის და მცირე სარგებელს მოგიტანთ. დაიმახსოვრეთ ეს! მე — ბრძენი ღმერთი ვარ.) მაშ, რას წარმოადგენს მეორე ნაწილი? დიდი კატასტროფები შედგება ორი ნაწილისგან: ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებებისა და ჩემი რისხვისგან. დრო, როცა დიდი კატასტროფები მოევლინება სამყაროს, იქნება დრო, როცა მე რისხვით გამოვჩნდები და ჩემს ადმინისტრაციულ ბრძანებებს აღვასრულებ. აქ მე ვეუბნები ჩემს პირმშოებს: ამის გამო, არ უნდა გაირყვნეთ. ნუთუ დაგავიწყდა, რომ ყველაფერი და ყველა მოვლენა ჩემ მიერ არის წინასწარ განსაზღვრული? ძეო ჩემო, ნუ გეშინია! მე აუცილებლად დაგიცავ; შენ მარად მიიღებ ჩემს კურთხევებს და ჩემთან ერთად იქნები უკუნისამდე. ვინაიდან მე შენ მიყვარხარ, მე არ მიგატოვებ. მე არ ჩავდივარ უგუნურ ქმედებებს, მაგრამ თუ გავანადგურებ იმას, რაც ასეთი შრომით შევქმენი, ნუთუ ეს არ ნიშნავს, რომ მე თავად ჩემს თავს ვაყენებ ზიანს? მე ვიცი, რას ფიქრობ გულში. გახსოვს ეს? კიდევ რის თქმას მოელი ჩემგან? მეტს გეტყვი დიდი კატასტროფების შესახებ. როცა დიდი კატასტროფები მოვა, ეს იქნება ყველაზე საშინელი დრო, და სწორედ მაშინ ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდება ადამიანის სიმახინჯე. ყველა დემონური სახე გამოაშკარავდება ჩემი სახის ნათელ შუქში და ისინი ვერსად დაიმალებიან და ვერსად იპოვიან თავშესაფარს; ისინი სრულიად გამჟღავნდებიან. დიდი კატასტროფების მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ აიძულოს ყველა, ვინც არ არის ჩემი რჩეული ან წინასწარ განსაზღვრული, მუხლებზე დაეცეს ჩემს წინაშე და ტირილითა და კბილების ღრჭენით ითხოვოს მიტევება. ეს არის ჩემი განაჩენი სატანის მიმართ, ჩემი რისხვით გამოტანილი განაჩენი. ახლა მე ამ საქმით ვარ დაკავებული, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, გავლენა მოახდინონ კვალიფიკაციაზე და სიცრუით გაძვრნენ; რაც უფრო მეტად იქცევიან ასე, მით უფრო აქტიურად მოქმედებს მათში სატანა, სანამ ერთ დღეს მათი ნამდვილი არსი სრულად გამომჟღავნდება.
მე არ ვჩქარობ ჩემი საქმის აღსრულებას და თითოეულ ადამიანს თავად ვმართავ (ეს მათი ერთგვარი დაცინვაა, რაც ამტკიცებს, რომ ისინი დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან და მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ, ამიტომ სიტყვა „ვმართავ“ აქ შესაფერისია) და ყოველი საქმე თავად მიმყავს ბოლომდე. ჩემთან ერთად ყველაფერი წარმატებით სრულდება და ეს წარმატება მტკიცე და უსაფრთხოა; ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, უკვე მოგვარებულია ნაბიჯ-ნაბიჯ. ნელ-ნელა გიხსნით ჩემს განზრახვებსა და ტვირთებს. ამ მომენტიდან, ჩემი სიტყვები იწყებს გამოჩენას ყველა ერსა და ყველა ხალხში. ვინაიდან, ჩემი პირმშოები უკვე სრულქმნილნი არიან (ჩემი სიტყვები მიმართულია ჩემს ძეებზე და ჩემს ხალხზე), მე კვლავ ვცვლი ჩემი მუშაობის სტილს. ამას ნათლად ხედავთ? გრძნობდით თუ არა ბოლო დღეებში ჩემი სიტყვების ტონს? მე ყოველ ნაბიჯზე ვამშვიდებ ჩემს პირმშოებს, მაგრამ ამიერიდან (რადგან ჩემი პირმშოები უკვე სრულქმნილნი არიან) ხელში დანა მეჭირება („დანა“ ნიშნავს „სიტყვებს უკიდურესი სიმკაცრით“). ვისაც მე თუნდაც წამით არაკეთილგანწყობით შევხედავ (ეს ეხება მათ, ვინც ჩემგან წინასწარ არ არის განსაზღვრული ან რჩეული, ამიტომ აქ წინააღმდეგობა არ არის), ჩემთვის სულერთია, მემსახურებიან ისინი თუ სხვა რამეს წარმოადგენენ; მე მათ დაუყოვნებლივ მოვაშორებ. მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი და შემიძლია ყველა ადამიანი ვაიძულო, რომ მემსახუროს. მე სრულებით არ დამწყდება გული ასეთ ადამიანებთან განშორებით; თუ ვამბობ, რომ არ მსურს ისინი, ესე იგი ნამდვილად არ მსურს. ახლა, როცა ეს დრო დადგა, საკმარისია მხოლოდ შევნიშნო ვინმე, ვინც არ მომწონს და მაშინვე ვაშორებ მას, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, რადგან მე ვარ ღმერთი, რომელიც ერთგულია თავისი სიტყვის. ის, ვინც მე წინასწარ განვსაზღვრე ჩემს მსახურად, — არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, რამე თუ ჩაგიდენია ჩემს წინააღმდეგ - თუ არ მომეწონე, გაგაძევებ. მე არ მაღელვებს მომავალი სიძნელეები. მე მაქვს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, ერთგული ვარ ჩემი სიტყვის და ჩემი სიტყვები შესრულდება. ნუთუ მე დავუშვებ, რომ სატანა დარჩეს? მომისმინეთ, ხალხო! არ უნდა გეშინოდეთ; უნდა წახვიდე, როცა მე გიბრძანებ წასვლას. ნუ იმართლებ თავს ჩემს წინაშე; მე არაფერი მაქვს სათქმელი შენთვის! ვინაიდან მე გამოვიჩინე უდიდესი მოთმინება, მაგრამ დადგა დრო ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების აღსრულებისა, და თქვენი ბოლო დღეც დადგა. ათასობით წლის მანძილზე თქვენ იყავით გარყვნილები, და ყოველთვის იქცეოდით ახირებულად და ჯიუტად, მაგრამ მე მუდამ ვიჩენდი მოთმინებას (ვინაიდან მე ვარ გულუხვი და შენს გარყვნილებას გარკვეულ ზღვრამდე ავიტან). მაგრამ ჩემს შემწყნარებლობას აქვს ზღვარი და დადგა დრო, რომ თქვენ იყოთ შეპყრობილნი და ჩაგდებულნი ცეცხლისა და გოგირდის ტბაში. იჩქარეთ და დაუთმეთ გზა. მე ვიწყებ ჩემი განკითხვის ოფიციალურ აღსრულებას და ჩემი რისხვის გადმოფრქვევას.
მსოფლიოს ყველა ერში და ყველა ადგილას ხშირად ხდება მიწისძვრები, შიმშილი, სნეულებები და სხვადასხვა კატაკლიზმები. როდესაც მე ვასრულებ ჩემს დიდ საქმეს ყველა ერსა და ყველა ადგილზე, ეს კატაკლიზმები უფრო დიდი ძალით გამოვლინდება, ვიდრე ოდესმე სამყაროს შექმნის დროიდან. ეს არის ჩემი სამსჯავროს დასაწყისი ყველა ხალხზე, მაგრამ ჩემი ძეები შეიძლება მშვიდად იყვნენ: თქვენ არცერთი კატაკლიზმი არ შეგეხებათ და მე დაგიცავთ თქვენ. (ეს ნიშნავს, რომ შემდგომში თქვენ იცხოვრებთ სხეულში, მაგრამ არა ხორცში და ამიტომ, არ იგრძნობთ ტკივილს არცერთი კატაკლიზმისგან.) ჩემთან ერთად, უბრალოდ იმეფებთ როგორც მეფეები და განიკითხავთ ყველა ერსა და ყველა ხალხს, მარადიულად ისარგებლებთ კურთხევებით ჩემთან ერთად სამყაროში და დედამიწის კიდეებამდე. ყველა ეს სიტყვა შესრულდება და მალე ყოველივე ამის მომსწრენი გახდებით. მე არ ვაყოვნებ არც ერთ საათს და არც ერთ დღეს; მე საქმეს საოცარი სისწრაფით ვასრულებ. ნუ იდარდებ და ნუ იღელვებ; კურთხევას, რომელსაც მე გიბოძებ, ვერავინ წაგართმევს — ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება. ჩემი საქმეების გამო ყველა ადამიანი დამემორჩილება; ისინი კიდევ უფრო მეტად, განუწყვეტლივ და უსასრულოდ იხარებენ და იზეიმებენ.