თავი 88
ადამიანებს უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, რამდენად დაჩქარდა ჩემი ტემპი: ეს არის სასწაული, რომელიც ადამიანის წარმოსახვის უნარს აღემატება. სამყაროს შექმნიდან დღემდე ჩემი სვლა არ შეჩერებულა და ჩემი საქმე უწყვეტად მიმდინარეობს. მთელი სამყარო დღითიდღე იცვლება და ადამიანებიც განუწყვეტლივ იცვლებიან. ყოველივე ეს ჩემი საქმის, ჩემი გეგმის, და უფრო მეტიც, ჩემი მართვის გეგმის ნაწილია, არცერთმა ადამიანმა არ იცის ან არ ესმის ეს. მხოლოდ მაშინ, როდესაც მე თავად გეუბნებით და პირისპირ მაქვს თქვენთან თანაზიარება, შეგიძლიათ ამის შესახებ მცირედი შეიტყოთ; სხვაგვარად, აბსოლუტურად ვერავის ექნება რაიმე წარმოდგენა ჩემი მართვის გეგმის მონახაზზე. ასეთია ჩემი დიდი ძალა, და მით უმეტეს, ასეთია ჩემი საკვირველი საქმენი. ეს ისეთი რამეებია, რომელთა შეცვლაც არავის ძალუძს. ამიტომ, რასაც დღეს ვამბობ, სრულდება და უბრალოდ არ შეიძლება შეიცვალოს. ადამიანურ წარმოდგენებში ჩემ შესახებ უმცირესი ცოდნაც კი არ მოიპოვება — ისინი მხოლოდ უაზრო ლაყბობაა! ნუ იფიქრებთ, რომ უკვე საკმარისი მიიღეთ და ამით კმაყოფილები უნდა იყოთ. გეუბნები: ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი! ჩემი მთელი მართვის გეგმის შესახებ მხოლოდ მცირედი იცით, ამიტომ უნდა მოუსმინოთ რასაც ვამბობ, და ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გეუბნებით. ყველაფერში ჩემი ნების შესაბამისად იმოქმედეთ და უეჭველად მიიღებთ ჩემს კურთხევებს; ვინც ირწმუნებს, მიიღებს, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მასში სწორედ ის „არაფერი“ აღსრულდება, რაც თავად წარმოედგინა. ეს არის ჩემი სამართლიანობა, და კიდევ უფრო მეტად, ჩემი დიდებულება, ჩემი რისხვა და ჩემი გაკიცხვა. არცერთი ადამიანის რაიმე ფიქრი ან ქმედება არ დარჩება ჩემთვის შეუმჩნეველი.
ჩემი სიტყვების მოსმენისას ადამიანთა უმეტესობას ეშინია და ძრწის, ხოლო წარბები კი ეკვრით. ნუთუ მართლა უსამართლოდ მოგექეცი? ნუთუ დიდი წითელი დრაკონის შვილი არ ხარ? კარგ ადამიანადაც კი მოგაქვს თავი! ჩემს პირმშო ძედაც კი მოგაქვს თავი! გგონია, ბრმა ვარ? გგონია, არ შემიძლია ადამიანების ამოცნობა? მე ვარ ღმერთი, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეებს იკვლევს: ამას ვეუბნები ჩემს ძეებს, და ამასვე გეუბნებით თქვენც, დიდი წითელი დრაკონის შვილებო. ყველაფერს ნათლად ვხედავ, უმცირესი შეცდომის გარეშე. როგორ შეიძლება არ ვიცოდე, რას ვაკეთებ? ეს ჩემთვის დღესავით ნათელია! რატომ ვამბობ, რომ ვარ თავად ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე არსებულის შემოქმედი? რატომ ვამბობ, რომ ვარ ღმერთი, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეებს იკვლევს? მე ზედმიწევნით ვიცი თითოეული ადამიანის მდგომარეობა. გგონიათ, არ ვიცი, რა გავაკეთო ან რა ვთქვა? ეს თქვენი საზრუნავი არ არის. ფრთხილად იყავით, ჩემი ხელით რომ არ განიგმიროთ; ამით თავად იზარალებთ. ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები შეუბრალებელია. გესმით? ყოველივე ზემოთქმული ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების ნაწილია. იმ დღიდან, რაც მათ გიცხადებთ, თუ კვლავ ჩაიდენთ რაიმე დარღვევას, საზღაური მოგეზღვებათ, რადგან მანამდე ეს არ გესმოდათ.
ახლა მე გიცხადებთ ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს (რომლებიც ძალაში შედის მათი გამოცხადების დღიდან და სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა გაკიცხვას უწესებს):
მე ვასრულებ ჩემს აღთქმებს და ყოველივე ჩემს ხელთაა: ვინც ეჭვს შეიტანს, აუცილებლად განიგმირება. არავითარი დათმობა არ იქნება; ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან, რითაც ჩემი გული სიძულვილისგან გათავისუფლდება. (აქედან ცხადია, რომ ვინც განიგმირება, არ უნდა იყოს ჩემი სასუფევლის წევრი და უნდა იყოს სატანის შთამომავალი.)
როგორც პირმშო ძეებმა, უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ადგილი და შეასრულოთ თქვენი მოვალეობები, სხვის საქმეში ნუ ჩაერევით. თავი უნდა მიუძღვნათ ჩემს მართვის გეგმას და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ჩემი სახელის ღირსეული მოწმეები უნდა იყოთ, განადიდოთ ჩემი სახელი, და არასოდეს ჩაიდინოთ სამარცხვინო საქციელი. მაგალითი უნდა იყოთ ჩემი ყველა ძისა და ჩემი ხალხისთვის; არც ერთი წუთით არ უნდა იყოთ თავაშვებულნი და მუდამ უნდა წარდგეთ ყველას წინაშე პირმშო ძეების ღირსებით; მონური ქცევა არ უნდა გქონდეთ, არამედ თავაწეულებმა უნდა იაროთ წინ. მე გთხოვთ, განადიდოთ ჩემი სახელი და არ შეურაცხყოთ იგი. თითოეულ პირმშო ძეს თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია და ყველას ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ დაგაკისრეთ, და მას თავი არ უნდა აარიდოთ. მთელი გულით, გონებით და მთელი ძალით უნდა მიუძღვნათ თავი იმის შესრულებას, რაც თქვენთვის მომინდვია.
ამ დღიდან მოყოლებული, მთელ სამყაროში, ჩემი ყველა ძისა და ჩემი ხალხის მწყემსვის ამოცანა ჩემს პირმშო ძეებს დაეკისრებათ. მე კი გავკიცხავ ყველას, ვინც მთელი გულითა და გონებით არ მიუძღვნის თავს ამ მოვალეობის შესრულებას. ეს არის ჩემი სამართლიანობა. არც ჩემს პირმშო ძეებს დავინდობ და მათ მიმართ არ ვიქნები შემწყნარებელი.
თუ ჩემს ძეებს ან ჩემს ხალხს შორის იქნება ვინმე, ვინც დასცინებს და შეურაცხყოფს ჩემს რომელიმე პირმშო ძეს, მე მკაცრად დავსჯი მას, რადგან ჩემი პირმშო ძენი თავად მე წარმომადგენენ; ვინც რამეს უკეთებს მათ, იმასვე მიკეთებს მეც. ეს არის ჩემი ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული განკარგულება. მე ჩემს პირმშო ძეებს მივცემ უფლებას, თავიანთი სურვილისამებრ აღასრულონ ჩემი სამართლიანობა, ჩემი ნებისმიერი ძისა და ჩემი ხალხის მიმართ, ვინც ამ განკარგულებას დაარღვევს.
მე თანდათან მივატოვებ ყველას, ვინც ზერელედ მეპყრობა და ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ჩემს საკვებზე, ტანსაცმელსა და ძილზე, ზრუნავს მხოლოდ ჩემს გარეგან საქმეებზე და ყურადღებას არ აქცევს ჩემს ტვირთს, ან საკუთარი ფუნქციების სათანადოდ შესრულებას. ეს მიმართულია ყველასკენ, ვისაც ყურები აქვს.
ვინც დაასრულებს ჩემთვის მსახურებას, მორჩილად და უხმაუროდ უნდა გაბრუნდეს უკან. ფრთხილად იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მე თავად გაგისწორდები. (ეს არის დამატებითი განკარგულება.)
ჩემი პირმშო ძენი ამიერიდან აიღებენ რკინის კვერთხს და დაიწყებენ ჩემი ხელმწიფების აღსრულებას უთვალავი ერისა და ხალხის სამართავად, ივლიან მათ შორის და აღასრულებენ ჩემს სამსჯავროს, სამართლიანობასა და დიდებულებას უთვალავ ერსა და ხალხს შორის. ჩემს ძეებსა და ხალხს ჩემი შეეშინდებათ, განმადიდებენ, სიხარულით შემასხამენ ხოტბას და განუწყვეტლივ მომაგებენ დიდებას, რადგან ჩემი მართვის გეგმა აღსრულებულია და ჩემს პირმშო ძეებს შეუძლიათ ჩემთან ერთად მეფობა.
ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების მხოლოდ ნაწილია; ამის შემდეგ, საქმის წინსვლასთან ერთად, მეტს გეტყვით მათ შესახებ. ზემოთქმული ადმინისტრაციული განკარგულებებიდან უნდა დაინახოთ რა სვლით ვასრულებ ჩემს საქმეს, ისევე როგორც ის, თუ რომელ ეტაპს მიაღწია ჩემმა საქმემ. ეს ამის დასტურია.
მე დიდი ხნის წინ განვსაჯე სატანა. რადგან ჩემი ნება დაუბრკოლებლად სრულდება და რადგან ჩემმა პირმშო ძეებმა ჩემთან ერთად მოიპოვეს დიდება, მე უკვე აღვასრულე ჩემი სამართლიანობა და დიდებულება წუთისოფელსა და ყოველგვარ სატანურ ძალაზე. მე თითსაც კი არ ვანძრევ და არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ სატანას (რადგან ის იმასაც არ იმსახურებს, რომ მესაუბროს). მე უბრალოდ განვაგრძობ იმის კეთებას, რისი კეთებაც მსურს. ჩემი საქმე ეტაპობრივად, შეუფერხებლად მიმდინარეობს, და ჩემი ნება მთელ დედამიწაზე დაუბრკოლებლად სრულდება. ამან გარკვეულწილად შეარცხვინა და საბოლოოდ გაანადგურა სატანა, თუმცა ამით ჯერ კიდევ არ აღსრულდა ჩემი განზრახვა. მე ასევე ვაძლევ უფლებას ჩემს პირმშო ძეებს, მათზე აღასრულონ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები. ერთი მხრივ, სატანას ვანახებ, რომ ჩემი რისხვა მას თავს ატყდება; მეორე მხრივ კი, ვანახებ ჩემს დიდებას (რომ ჩემი პირმშო ძენი სატანის დამცირების ყველაზე მძლავრი მოწმენი არიან). მე პირადად არ ვსჯი მას; ნაცვლად ამისა, ჩემს პირმშო ძეებს ვაძლევ უფლებას, აღასრულონ ჩემი სამართლიანობა და დიდებულება. რადგან სატანა წარსულში შეურაცხყოფდა ჩემს ძეებს, დევნიდა და ჩაგრავდა მათ, დღეს, მას შემდეგ, რაც მისი მსახურება დასრულდა, მე ჩემს მოწიფულ პირმშო ძეებს უფლებას მივცემ, ბოლო მოუღონ მას. სატანა უკვე უძლურია და დაეცა. მსოფლიოს ყველა ერის პარალიზება ამის საუკეთესო მოწმობაა; ადამიანთა ბრძოლა და ქვეყნებს შორის ომები სატანის სასუფევლის კრახის აშკარა გამოვლინებებია. მიზეზი, რის გამოც წარსულში არანაირი ნიშანი და სასწაული არ გამომივლენია, იყო ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შემერცხვინა სატანა და განმედიდებინა ჩემი სახელი. როდესაც სატანას სრულად მოეღება ბოლო, მე დავიწყებ ჩემი დიდი ძალის გამოვლენას: რასაც ვიტყვი, იქმნება, და ზებუნებრივი მოვლენები, რომლებიც არ შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებს, ასევე აღსრულდება (ეს ეხება კურთხევებს, რომლებიც მალე დადგება). რადგან მე თავად პრაქტიკული ღმერთი ვარ და არანაირი წესებით არ ვარ შეზღუდული, და რადგან ჩემი მართვის გეგმაში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად ვსაუბრობ, ის, რაც წარსულში მითქვამს, აუცილებლად არ ვრცელდება აწმყოზე. ნუ ჩაეჭიდებით საკუთარ წარმოდგენებს! მე არ ვარ ღმერთი, რომელიც წესებს ემორჩილება; ჩემში ყოველივე თავისუფალი, ამაღლებული და სრულად განთავისუფლებულია. შესაძლოა ის, რაც გუშინ ითქვა, დღეს უკვე მოძველებული და უკუგდებულია (თუმცა ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, რადგან გაცხადებულია, არასოდეს შეიცვლება). ეს არის ჩემი მართვის გეგმის ნაბიჯები. ნუ ჩაეჭიდებით წესებს. ყოველ დღეს ახალი ნათელი და ახალი გამოცხადება მოაქვს, ასეთია ჩემი გეგმა. ყოველდღე ჩემი ნათელი შენში გამოაშკარავდება და ჩემი ხმა მთელ სამყაროში გაისმება. გესმის? ეს არის შენი მოვალეობა, პასუხისმგებლობა, რომელიც შენ მოგანდე. არ უნდა უგულებელყო ეს არცერთი წუთით. მე ბოლომდე გამოვიყენებ იმ ადამიანებს, რომლებსაც ღირსეულად მივიჩნევ, და არასოდეს ჩავანაცვლებ მათ. ეს იმიტომ, რომ მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი და ვიცი, ვის რა მოვალეობა დავაკისრო და ვის რისი გაკეთება ძალუძს. ამაშია ჩემი ყოვლისშემძლეობა.