თავი 87
თქვენ უნდა ააჩქაროთ ნაბიჯი და გააკეთოთ ის, რაც მსურს, რომ გაკეთდეს — ის, რაც თქვენთვის დიდი გულმოდგინებით განვიზრახე. ნუთუ ახლაც ვერ ჩასწვდით ჩემი სიტყვების მნიშვნელობას? ნუთუ ჯერ კიდევ ვერ შეიცანით ჩემი განზრახვები? სულ უფრო და უფრო გარკვევით ვსაუბრობდი და სულ უფრო მეტი მაქვს ნათქვამი; ნუთუ ჯერ კიდევ არ დაფიქრებულხართ ჩემი სიტყვების მნიშვნელობაზე? სატანავ, ნუ გგონია, რომ ჩემი გეგმის ჩაშლას შეძლებ! ისინი, ვინც სატანას ემსახურებიან — ანუ სატანის შთამომავლობა (ეს ეხება მათ, ვინც სატანითაა შეპყრობილი; ვინც სატანით არის შეპყრობილი, უდავოდ სატანის სიცოცხლით ცხოვრობს და ამიტომაც იწოდება მის შთამომავლობად) — ჩემს ფერხთით შეწყალებას მემუდარებიან, ტირიან და კბილებს აღრჭენენ. თუმცა მე ასეთ უგუნურებას არ ჩავიდენ! შემიძლია ვაპატიო სატანას? შემიძლია სატანას ხსნა მივანიჭო? ეს შეუძლებელია! რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ და ჩემს ნათქვამს არასოდეს ვინანებ!
ყველაფერი, რასაც წარმოვთქვამ, იქმნება. განა ასე არ არის? მიუხედავად ამისა, თქვენ ყოველთვის უნდობლობას მიცხადებთ, ეჭვი გეპარებათ ჩემს სიტყვებში და გგონიათ, რომ უბრალოდ გეხუმრებით. ეს უბრალოდ სასაცილოა. მე ვარ თავად ღმერთი! გესმით ეს? მე თავად ღმერთი ვარ! სიბრძნე ან ძალა რომ არ გამაჩნდეს, განა შევძლებდი კი ისე მოქცევასა და საუბარს, როგორც მსურს? მაგრამ თქვენ მაინც არ მენდობით. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი თქვენთვის ამ საკითხებს და კვლავ და კვლავ გეუბნებით ამას. რატომ ხდება, რომ თქვენს უმეტესობას ჯერ კიდევ არ სჯერა? რატომ გეპარებათ ჯერ კიდევ ეჭვი? რატომ ებღაუჭებით ასე ძლიერად საკუთარ წარმოდგენებს? შეუძლიათ კი მათ შენი გადარჩენა? რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. არაერთხელ გითხარით: დარწმუნებულნი იყავით ჩემს სიტყვებში და ნუ შეგეპარებათ მათში ეჭვი. ოდესმე სერიოზულად მიგიღიათ ჩემი სიტყვები? დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, თუმცა მაინც ვერც იმას იჯერებ, რის გაკეთებასაც მე ვაპირებ. როგორი ადამიანი ხარ? პირდაპირ რომ ვთქვათ, თითქოს არც არასდროს შემიქმნიხართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველმხრივ შეუფერებელი ხარ იმისთვის, რომ ჩემი მსახურების შემსრულებელი იყო. ყველამ უნდა ირწმუნოს ჩემი სიტყვები! ყველამ უნდა გაიაროს გამოცდა; არავის მივცემ გაძრომის უფლებას. რა თქმა უნდა, გამონაკლისს წარმოადგენენ ისინი, ვისაც სწამს. ადამიანები, რომლებიც ენდობიან ჩემს სიტყვებს, აუცილებლად მიიღებენ ჩემს კურთხევებს, რომლებიც მოგენიჭება და აღსრულდება შენში იმის მიხედვით, თუ რისი გწამს. ჩემო პირმშო ძენო! ახლა ვიწყებ თქვენთვის ჩემი ყველა კურთხევის მინიჭებას. ნელ-ნელა დაიწყებთ ხორცის ყველა საძულველი ბორკილის მოშორებას: ქორწინების, ოჯახის, ჭამის, ჩაცმის, ძილისა და ყველა ბუნებრივი კატასტროფის (ქარი, მზე, წვიმა, სუსხიანი ქარიშხალი, თოვლისგან მოტანილი უბედურება და ყოველივე სხვა, რაც თქვენთვის საძულველია). თქვენ მოივლით ოკეანეებს, ხმელეთსა და ჰაერს ისე, რომ ვერც სივრცე, ვეღარც დრო ან გეოგრაფია ვერ შეგზღუდავთ. გულით დატკბებით ჩემს მოსიყვარულე მკლავებში და ჩემი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის ქვეშ განაგებთ ყველაფერს.
ვინ არ ამაყობს იმ პირმშო ძეებით, რომლებიც მე სრულქმნილნი გავხადე? ვინ არ განადიდებს ჩემს სახელს მათი გულისთვის? რატომ მსურს ახლა ამდენი საიდუმლოს გაცხადება თქვენთვის? რატომ ახლა და არა წარსულში? ამაშიც არის საიდუმლო; იცი ეს? რატომ არ ვახსენე წარსულში, რომ ჩინეთი ის ქვეყანაა, რომელიც მე დავწყევლე? და რატომ არ ვამხილე ისინი, ვინც მე მემსახურებიან? დღეს ამასაც გეტყვით: ჩემი აზრით, დღეს ყოველივე უკვე აღსრულებულია და ამას ჩემს პირმშო ძეებთან დაკავშირებით ვამბობ. (რადგან დღეს ჩემი პირმშო ძენი მოვიდნენ, რათა ჩემთან ერთად იმეფონ — და ისინი არა მხოლოდ საბოლოოდ დამტკიცდნენ, არამედ სინამდვილეში ჩემთან ერთად მეფობენ. ამჟამად, ისინი, ვისშიც სულიწმიდა მოქმედებს, უდავოდ ჩემთან ერთად მეფობენ — და ეს სწორედ ახლა ცხადდება, არა გუშინ და არა ხვალ.) დღეს ჩემი ნორმალური ადამიანობის ყველა საიდუმლოს ნათელს ვფენ, რადგან ის ადამიანები, რომელთა გამოაშკარავებაც მსურდა, გამოაშკარავდნენ — და ესაა ჩემი სიბრძნე. ჩემი საქმე ამ ეტაპამდე მივიდა; ანუ, ახლა არის დრო, აღვასრულო იმ ადმინისტრაციული განკარგულებების გეგმა, რომელიც ამ პერიოდისთვის მქონდა განსაზღვრული. ამგვარად, პირმშო ძეებს, ძეებს, ხალხსა და მსახურების შემსრულებლებს შესაბამის დასტურს ვაძლევ, რადგან მე მაქვს ხელმწიფება და განკითხვას აღვასრულებ და რკინის კვერთხით ვიმეფებ. ვინ გაბედავს, რომ მორჩილად არ მემსახუროს? ვინ ბედავს ჩემთან დაწუწუნებას? ვინ გაბედავს თქვას, რომ არ ვარ სამართლიანობის ღმერთი? დიდი ხანია ვიცი თქვენი დემონური ბუნება; ის უკვე სრულად გამოაშკარავდა ჩემ წინაშე: თქვენ შურსა და ზიზღს გრძნობთ ყველას მიმართ, ვის მიმართაც კეთილგანწყობილი ვარ. ეს აბსოლუტურად სატანის ბუნებაა! მე კეთილგანწყობილი ვარ ჩემი ძეების მიმართ. ნუთუ გაბედავ იმის მტკიცებას, რომ უსამართლო ვარ? შემეძლო სრულიად გამეგდე, მაგრამ შენდა საბედნიეროდ, შენ მე მემსახურები და ახლა ამის დრო არ არის; სხვა შემთხვევაში, დიდი ხნის წინ გაგაგდებდი!
სატანის მოდგმავ! შეწყვიტე თავგასულობა! მეტს ნუღარ ილაპარაკებ! მეტს ნუღარ იმოქმედებ! ჩემი საქმე უკვე დაიწყო იმ ძეებსა და ხალხში, რომლებიც ავირჩიე, და უკვე ვრცელდება ჩინეთის ფარგლებს გარეთ – ყველა ერში, ყველა აღმსარებლობაში, ყველა რელიგიასა და საზოგადოების ყველა ფენაში. რატომ ხდება ასე, რომ ისინი, ვინც მე მემსახურებიან, სულიერად ყოველთვის დაბლოკილნი არიან? რატომ არ გააჩნიათ მათ არასოდეს სულიერი წვდომის უნარი? რატომ არის, რომ ჩემი სული არასოდეს მოქმედებს ამ ადამიანებში? ზოგადად რომ ვთქვათ, მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მათზე, ვინც არც წინასწარ განმისაზღვრავს და არც ამირჩევია, ზედმეტ ძალისხმევას არ დავხარჯავ. მთელი ჩემი წარსული ტანჯვა და მთელი ჩემი გულის სისხლი ჩემი პირმშო ძეებისთვის, ძეებისა და ხალხის მცირე ნაწილისთვის იქნა გაღებული. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ ჩემი მომავალი საქმე შეუფერხებლად აღსრულდეს და ჩემს ნებას წინ არაფერი აღუდგეს. რადგან მე თავად ვარ ბრძენი ღმერთი, ყოველი ნაბიჯი სათანადოდ განვსაზღვრე. არავის ვაიძულებ დარჩენას (ეს ეხება მათ, ვინც არ ყოფილა არჩეული ან წინასწარგანსაზღვრული) და არც შემთხვევით განვგმირავ არავის (ეს ეხება რჩეულებსა და წინასწარგანსაზღვრულებს). ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება, რომლის შეცვლაც არავის ძალუძს! მათ მიმართ, ვინც მძულს, დაუნდობელი ვარ, ხოლო მათ მიმართ, ვინც მიყვარს, მზრუნველი და მფარველი. ამგვარად, რასაც ვამბობ, იმასვე ვაკეთებ (ისინი, ვისაც ვირჩევ, არჩეულნი არიან, ხოლო ისინი, ვისაც წინასწარ განვსაზღვრავ, წინასწარგანსაზღვრულნი არიან. ესენია ჩემი საქმეები, რომლებიც ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განვსაზღვრე).
ვის შეუძლია ჩემი გულის შეცვლა? ჩემ გარდა, რომელიც იმ გეგმების მიხედვით ვმოქმედებ, რომლებსაც ჩემი სურვილისამებრ ვადგენ, ვინ გაბედავს დაუფიქრებლად მოქმედებას და ჩემი ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობას? ეს ყველაფერი ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებებია. ვინ გაბედავს ჩემგან თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოცილებას? ყველა უნდა დაემორჩილოს ჩემს ბრძანებას. ზოგი ამბობს, რომ გარკვეულმა ადამიანმა იმდენი ტანჯვა დაითმინა, პატიოსანია და გულწრფელად ითვალისწინებს ჩემს გულს. მაშ, რატომ არ ავირჩიე იგი? ესეც ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებაა. თუ ვამბობ, რომ ვინმე ჩემი განზრახვების შესაბამისია, მაშინ ეს ადამიანი ჩემი განზრახვების შესაბამისია და არის ის, ვინც მე მიყვარს; ხოლო თუ ვიტყვი, რომ ვინმე სატანის შთამომავალია, მაშინ ის არის ადამიანი, ვინც მე მძულს. ნუ ეცდები ვინმეს გულის მოგებას! ნუთუ მართლა გაქვს იმის გამჭრიახობა, რომ ადამიანის ნამდვილი ბუნება ბოლომდე დაინახო? ამ ყველაფერს მე ვწყვეტ. ძე ყოველთვის ძე იქნება, სატანა კი ყოველთვის სატანა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ბუნება არ იცვლება. თუ მე არ შევცვლი მათ, ყველა თავისი გვარის მიხედვით დახარისხდება და არასდროს შეიცვლება!
მე გიმხელთ ჩემს საიდუმლოებებს ჩემი საქმის წინსვლის პარალელურად. ნუთუ მართლა იცით, რა ეტაპამდეა მისული ჩემი საქმე? მართლა მიჰყვებით ჩემი სულის წინამძღოლობას, რათა გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ, და თქვათ ის, რასაც მე ვამბობ? რატომ ვახსენებ, რომ ჩინეთი ის ქვეყანაა, რომელიც მე დავწყევლე? პირველ რიგში, დღევანდელი ჩინელი ხალხი ჩემს ხატად მე შევქმენი. მათ სული არ ჰქონდათ და ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში სატანის მიერ გახრწნილნი იყვნენ და მათი ხსნა შეუძლებელი იყო. ამის გამო, განვრისხდი ამ ხალხზე და დავწყევლე ისინი. ეს ხალხი ყველაზე მეტად მძულს და ვბრაზდები, როდესაც მათ ახსენებენ, რადგან ისინი დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან. ეს გვახსენებს იმ ეპოქას, როდესაც მსოფლიოს ქვეყნებმა ჩინეთის ანექსია მოახდინეს. დღემდე ასეა და ეს ყველაფერი ჩემი წყევლის შედეგია — ჩემი ყველაზე ძლიერი სამსჯავრო დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ. საბოლოოდ, მე შევქმენი სხვა სახის ხალხი, რომელთა შორისაც წინასწარ განვსაზღვრე ჩემი პირმშო ძენი, ჩემი ძენი, ჩემი ხალხი და ისინი, ვინც მე მემსახურებიან. ამგვარად, ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ, დიდი ხნის წინ ჩემ მიერ იყო განწესებული. რატომ გდევნიან და გჩაგრავენ გამუდმებით ჩინეთის ხელისუფლებაში მყოფნი? იმიტომ, რომ დიდი წითელი დრაკონი უკმაყოფილოა ჩემი წყევლით და წინააღმდეგობას მიწევს. თუმცა, სწორედ ამგვარი დევნისა და მუქარის ქვეშ ვხდი სრულქმნილს ჩემს პირმშო ძეებს, რითაც ძლიერ საპასუხო დარტყმას ვაყენებ დიდ წითელ დრაკონსა და მის შთამომავლობას. ამის შემდეგ დადგება დრო, რომ მათაც მივხედო. ახლა, ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ჭეშმარიტად გესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემთან ერთად მეფობის უფლებას გაძლევთ? ის დრო, როდესაც ვამბობ, რომ დიდი წითელი დრაკონი სრულიად დაემხობა და განადგურდება, ასევე არის დრო, როდესაც ჩემი პირმშო ძენი ჩემთან ერთად იმეფებენ. დიდი წითელი დრაკონის მიერ პირმშო ძეების დევნა დიდ სამსახურს მიწევს, ხოლო როგორც კი ჩემი ძენი გაიზრდებიან და შეძლებენ ჩემი სახლის საქმეების მართვას, ის ბოროტი მსახურები (მსახურების შემსრულებლები) განიდევნებიან. ვინაიდან ჩემი პირმშო ძენი ჩემთან ერთად იმეფებენ და ჩემს ნებას აღასრულებენ, მე სათითაოდ ჩავყრი მსახურების შემსრულებლებს ცეცხლისა და გოგირდის ტბაში: ისინი იქ აღმოჩნდებიან, მოსწონთ ეს მათ თუ არა! სრულად ვაცნობიერებ, რომ სატანის მოდგმასაც სურს ჩემი კურთხევებით ტკბობა და არ სურს სატანის ბატონობის ქვეშ დაბრუნება. თუმცა, მე ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები მაქვს, რომლებსაც ყველა უნდა დაემორჩილოს და რომლებიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს და გამონაკლისი არავინ იქნება. მოგვიანებით, სათითაოდ გაგაცნობთ ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს, რათა მათი დარღვევისგან დაგიცვათ.