თავი 12
თუ არასტაბილური ხასიათი გაქვს, რომელიც ყოველ წამს იცვლება, და თუ არ შეგიძლია მუდმივად წინსვლა, მაშინ ჩემი კვერთხი ნამდვილად არ მიგატოვებს. როდესაც გაისხვლები, როდესაც გარემო უფრო მკაცრი გახდება, ან როდესაც დევნა გაძლიერდება, ღვთისადმი შენი სიყვარული გაიზრდება და შეწყვეტ წუთისოფელზე ჩაჭიდებას. წინსვლის სხვა ალტერნატიული გზის გარეშე, შენ ჩემთან მოხვალ და გექნება უდიდესი ძალა და უდიდესი რწმენა. თუმცა, უფრო მარტივ გარემოში, უბრალოდ დინებას მიჰყვები. უნდა შეხვიდე დადებითი მხრიდან; იყო აქტიური და არა პასიური. შეურყეველი უნდა დარჩე ნებისმიერი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის მიმართ და არ უნდა მოექცე ვინმეს სიტყვების გავლენის ქვეშ. უნდა გქონდეს სტაბილური ხასიათი; რასაც არ უნდა ამბობდეს ხალხი, დაუყოვნებლივ უნდა განახორციელო პრაქტიკაში ის, რაც იცი, რომ ჭეშმარიტებაა. არ შეჰყურო არცერთ ადამიანს; ჩემი სიტყვები მუდამ უნდა მოქმედებდეს შენში, უნდა შეძლო ჩემთვის მოწმობაში მტკიცედ დგომა და იმოქმედო ჩემი ტვირთის გათვალისწინებით. ბრმად არ უნდა დაეთანხმო სხვებს საკუთარი აზრის გარეშე; პირიქით, უნდა გქონდეს გამბედაობა, რომ წინ აღუდგე და შეეწინააღმდეგო იმას, რაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. თუ ნათლად იცი, რომ რაღაც არასწორია, მაგრამ არ გყოფნის გამბედაობა ეს ამხილო, მაშინ შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებს. გსურს რაღაცის თქმა, მაგრამ ვერ ბედავ მის პირდაპირ თქმას, ამიტომ შორიდან უვლი და შემდეგ თემას ცვლი. ეს სატანაა, რომელიც შიგნიდან გაბრკოლებს, რაც გაიძულებს უშედეგოდ ისაუბრო და ხელს გიშლის ბოლომდე მტკიცედ დგომაში. შენ კვლავ ატარებ შიშს გულში, და განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ შენს გულში სატანის აზრებია?
ვინ არის მძლეველი? ქრისტეს კეთილმა ჯარისკაცებმა უნდა გამოიჩინონ სიმამაცე და მომენდონ მე, რათა იყვნენ სულიერად ძლიერნი; ისინი უნდა ესწრაფოდნენ, რომ იყვნენ მეომრები ბრძოლაში და სიკვდილამდე ებრძოლონ სატანას. მუდამ უნდა იფხიზლო, და სწორედ ამიტომ გთხოვ, რომ ყოველ წამს აქტიურად ითანამშრომლო ჩემთან და შეძლო ჩემთან დაახლოება. თუ ნებისმიერ დროსა და ვითარებაში შეძლებ დადუმდე ჩემ წინაშე, ყურად იღო ჩემი სიტყვები და ფოკუსირდე ჩემს სიტყვებსა და ქმედებებზე, მაშინ არ აცდები გზას და არ დაკარგავ შენს დასაყრდენს. ყველაფერი, რასაც ჩემგან მიიღებ, შეიძლება პრაქტიკაში განხორციელდეს. ჩემი ყოველი სიტყვა შენი მდგომარეობისკენ არის მიმართული და გულში გწვდება. თუნდაც შენი ბაგე არ იყოს დარწმუნებული, შენი გული აუცილებლად უნდა დარწმუნდეს. თუ ჩემს სიტყვებს გულდასმით შეისწავლი, განიკითხები. ანუ, ჩემი სიტყვები არის ჭეშმარიტება, სიცოცხლე და გზა; ისინი ბასრი, ორლესული მახვილია და მათ შეუძლია სატანის დამარცხება. ისინი, ვისაც ესმით ჩემი სიტყვები და აქვთ მათი პრაქტიკაში გამოყენების გზა, კურთხეულნი არიან, ხოლო ისინი, ვინც მათ პრაქტიკაში არ იყენებს, უდავოდ განიკითხებიან; ეს ძალზე რეალურია. ახლა იმ ადამიანთა წრე, ვისაც მე განვიკითხავ, გაფართოვდა: ჩემ წინაშე განიკითხებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც მიცნობს, არამედ სამსჯავრო დაატყდებათ მათაც, ვისაც არ ვწამვარ და ვინც ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს და ხელი შეუშალოს სულიწმიდის საქმეს. ყველა, ვინც ჩემ წინაშეა და ჩემს კვალს მიჰყვება, დაინახავს, რომ ღმერთი შთანმთქმელი ცეცხლია! ღმერთი დიდებულებაა! ის აღასრულებს სამსჯავროს, მათ სასიკვდილოდ განსჯის. ეკლესიაში მყოფნი, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ სულიწმიდის საქმის მიყოლას, რომლებიც ჩაშლიან ამ საქმეს, რომლებიც თავს იწონებენ, რომელთაც შეუფერებელი განზრახვები და მიზნები აქვთ, რომლებიც ჯეროვნად არ ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, დაბნეულნი და ეჭვისკენ მიდრეკილნი არიან, რომლებიც იკვლევენ სულიწმიდის საქმეს — ამ ადამიანებს განკითხვის სიტყვები ნებისმიერ დროს დაატყდება თავს. ადამიანთა ყველა ქმედება სათითაოდ გამოაშკარავდება. სულიწმიდა გულდასმით იკვლევს ადამიანთა გულის სიღრმეებს. ნუ იქნები დაუდევარი; გამოიჩინე განსაკუთრებული ყურადღება და იყავი ფრთხილად. ბრმად ნუ იმოქმედებ დამოუკიდებლად. თუ ის, რასაც აკეთებ და როგორც მოქმედებ, არ შეესაბამება ჩემს სიტყვებს, მაშინ განიკითხები. მიბაძვა, მოჩვენებითობა და ნაწილობრივი გაგება არ გამოდგება; ჩემ წინაშე, ხშირად უნდა გქონდეს ჩემთან თანაზიარება.
რასაც არ უნდა იღებდე ჩემგან, პრაქტიკისკენ მიმავალ გზას გაჩვენებს. ასევე თან გაგყვება ჩემი ძალა, გექნება ჩემი თანხლება და ჩემი სიტყვები შენს პრაქტიკაში ყოველ წამს მოქმედი იქნება; შენ ამაღლდები ყოველივე ამქვეყნიურზე და გექნება მკვდრეთით აღდგომის უდიდესი ძალა. თუ შენს სიტყვებში, ქცევასა და ქმედებებში არ არის ჩემი სიტყვები და ჩემი თანდასწრება, და შორს ხარ ჩემგან, მთლიანად საკუთარ თავში, გონების წარმოდგენებში, მოძღვრებებსა და წესებში ცხოვრობ, ეს ამტკიცებს, რომ გონება ცოდვისკენ გაქვს მიმართული. შენ უბრალოდ ჩაჭიდებული ხარ შენს ძველ „მე“-ს, არ რთავ მას ნებას ოდნავაც კი დაშავდეს, ან სული დაიჭრას. ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, უკიდურესად მწირი სულიერი მონაცემებისანი და საკმაოდ აბსურდულნი არიან, და მათ არ შეუძლიათ ღვთის მადლის დანახვა ან მისი კურთხევების აღიარება. თუ კვლავაც ასე ორჭოფულად იქცევი, მაშინ როდისღა შეძლებ მომცე საშუალება, შენში ვიმოქმედო? მას შემდეგ, რაც საუბარს ვასრულებ, შენ მოსმენილი გქონდა, მაგრამ არაფერი დაგმახსოვრებია, და განსაკუთრებით სუსტდები, როდესაც შენს პრობლემებზე პირდაპირ მიგითითებენ. როგორი სულიერი სიმწიფეა ეს? როდის შევძლებ შენს სრულქმნას, თუ მუდამ დაყვავება გჭირდება? თუ გეშინია დარტყმებისა და ნაკაწრების, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გამოთქვა გაფრთხილება: „არავის მივცემ უფლებას გამსხლას; მე თავად შემიძლია მოვიშორო ჩემი ბუნებრივი, ძველი ხასიათი“. ამგვარად, არავინ გაგაკრიტიკებს ან შეგეხება, და თავისუფალი იქნები ირწმუნო ისე, როგორც გსურს, ისე, რომ არავინ იდარდოს შენზე. ამ შემთხვევაში, შეძლებ კი ჩემს ნაბიჯებს მიჰყვე? შენ ამბობ, რომ დარწმუნებული ხარ – მე ვარ შენი ღმერთი და შენი უფალი, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია. ჭეშმარიტად რომ არ გეპარებოდეს ეჭვი, ეს ყველაფერი პრობლემა არ იქნებოდა და ირწმუნებდი, რომ ეს ღვთის სიყვარული და კურთხევებია, რომლებიც შენზე გადმოვიდა. როდესაც ვსაუბრობ, ვესაუბრები ჩემს ძეებს, და მადლიერება და ქება უნდა აღევლინოს.