თავი 13
თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში სერიოზულად ებღაუჭებით „საკუთარი მეს“ წარმოდგენებს, და თქვენი რელიგიური შეფერხებები საკმაოდ მძიმეა; არ შეგიძლიათ სულში მოქმედება, ვერ იგებთ სულიწმიდის საქმეს და უარყოფთ ახალ სინათლეს. შენი სიბრმავის გამო ვერ ხედავ დღის მზეს, არ იცნობ ადამიანებს, არასოდეს შეგიძლია მიატოვო შენი „მშობლები“, სულში გარჩევის უნარი გაკლია, ვერ ცნობ სულიწმიდის საქმეს და წარმოდგენა არ გაქვს, როგორ ჭამო და სვა ჩემი სიტყვა. პრობლემა ის არის, რომ არ იცი, როგორ ჭამო და სვა იგი დამოუკიდებლად. სულიწმიდის საქმე ყოველდღიურად გასაოცარი სისწრაფით მიდის წინ — ყოველდღე ახალი სინათლე ჩნდება; ყოველდღე არის ახალი და ცინცხალი რამ. თუმცა, მაინც ვერ იგებ. ამის სანაცვლოდ, გიყვარს მკვლევრის როლში ყოფნა, კითხულობ შენი პირადი ინტერესების მიხედვით, ან კითხულობ წარსულში მომხდარ მოვლენებს ისე, რომ არაფერს იმახსოვრებ, და უსმენ გაოგნებული. არ ლოცულობ ბეჯითად სულში, არც მე შემომყურებ და არც ჩემს სიტყვებზე ფიქრობ მეტს. ამრიგად, ყველაფერი, რაც გაქვს, მხოლოდ სიტყვები, წესები და მოძღვრებებია. მკაფიოდ უნდა გესმოდეს, როგორ ჭამო და სვა ჩემი სიტყვა, და უფრო ხშირად უნდა მოიტანო ჩემი სიტყვა ჩემ წინაშე.
დღესდღეისობით, ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარ თავზე უარის თქმა; ყოველთვის ჰგონიათ, რომ მართლები არიან. ისინი წრეზე ტრიალებენ თავიანთ პატარა სამყაროებში და არ არიან მართალი ადამიანები. მათ მცდარი განზრახვები და მიზნები აქვთ, და თუ ასე გააგრძელებენ, აუცილებლად განისჯებიან, ხოლო მძიმე შემთხვევებში — განიდევნებიან. დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭო ჩემთან მუდმივი თანაზიარების შენარჩუნებას და არა ვისთანაც მოგესურვება, იმასთან თანაზიარებას. უნდა გესმოდეს იმ ადამიანების, რომლებთანაც თანაზიარება გაქვს, და უნდა გქონდეს თანაზიარება ცხოვრებაში სულიერ საკითხებზე; მხოლოდ მაშინ შეძლებ სხვებისთვის სიცოცხლის ბოძებას და მათი ნაკლოვანებების შევსებას. მათ ჭკუის დარიგების ტონით არ უნდა ესაუბრო; ეს პრინციპულად არასწორი პოზიციაა. თანაზიარებისას უნდა გესმოდეს სულიერი საკითხები, უნდა ფლობდე სიბრძნეს და უნდა შეგეძლოს იმის გაგება, თუ რა არის მეორე ადამიანის გულში. თუ სხვებს უნდა ემსახურო, მაშინ მართალი ადამიანი უნდა იყო და თანაზიარება უნდა გქონდეს იმაზე, რაც გაგაჩნია.
ახლა გადამწყვეტია, შეძლო ჩემთან თანაზიარება, ჩემთან ახლო ურთიერთობა, დამოუკიდებლად ჭამა და სმა, ღმერთთან დაახლოება, სულიერი საკითხების მთელი სისწრაფით გაგება და გარემოსა და შენ გარშემო მოწყობილი ყველაფრის განჭვრეტა. შეგიძლია ჩემი არსის გაგება? გადამწყვეტია, რომ ჭამო და სვა იმის მიხედვით, რაც გაკლია, და იცხოვრო ჩემი სიტყვით! იცანი ჩემი ხელი და გულში ჩივილი არ გაივლო. თუ დაიჩივლებ და ჩამოშორებას შეეცდები, შეიძლება ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ ღმერთმა მადლი გიბოძოს. დაიწყე ჩემთან დაახლოებით. რა გაკლია, როგორ უნდა დამიახლოვდე და გაუგო ჩემს გულს? ადამიანები ჩემთან დაახლოებას იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ არ შეუძლიათ „საკუთარი მეს“ გაშვება. მათი ხასიათები ყოველთვის არასტაბილურია, ხან ცხელდებიან და ხან ცივდებიან, და ეს ადამიანები თვითკმაყოფილნი და თვითმართალნი ხდებიან, როგორც კი ოდნავ მაინც იგრძნობენ ტკბობას. ზოგიერთი ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულა. შენი ნათქვამიდან რამდენი ასახავს იმას, რაც სინამდვილეში ხარ? რამდენი მათგანია თავდაცვა, რამდენი — სხვების მიბაძვა და რამდენი — წესების მიყოლა? სულიწმიდის საქმეს იმის გამო ვერ გრძნობ ან ვერ იგებ, რომ არ იცი, როგორ დამიახლოვდე. ყოველთვის გარე საქმეებზე ფიქრობ, „საკუთარი მეს“ წარმოდგენებსა და გონებას ენდობი; კულისებს მიღმა გულდასმით იკვლევ, შენს პატარა ნაბიჯებს დგამ და მათი სააშკარაოზე გამოტანაც კი არ შეგიძლია. ეს აჩვენებს, რომ ჭეშმარიტად ვერ იგებ სულიწმიდის საქმეს. თუ ნამდვილად იცი, რომ რაღაც ღვთისგან არ მომდინარეობს, მაშინ რატომ გეშინია ფეხზე დადგომისა და მისი უარყოფისა? რამდენს შეეძლო ფეხზე დადგომა და ჩემ ნაცვლად ლაპარაკი? მამრობითი სქესის ბავშვის სიმტკიცის ნატამალიც კი არ გაქვს.
ახლა ყველაფრის მოწყობა თქვენი სიცოცხლის გაზრდისთვის, თქვენი სულების გამახვილებისთვის და თქვენი სულიერი თვალების ახელისთვისაა, რათა ამოიცნოთ, რა მომდინარეობს ღვთისგან. იმით, რაც ღვთისგან მომდინარეობს, იმსახურებ უნარითა და ტვირთის გრძნობით და იქნები მტკიცე სულში. ყველაფერი, რაც ჩემგან არ მომდინარეობს, ცარიელია; არაფერს მოგცემს, სიცარიელეს დაგიტოვებს სულში, რწმენას დაგაკარგვინებს, ჩემგან დაგაშორებს და შენსავე გონებაში გამოგკეტავს. ახლა სულში ცხოვრებით შეგიძლია აღმატებული გახდე იმ ყველაფერზე, რაც წუთისოფლისგანაა, ხოლო გონებით ცხოვრება სატანის მახეში გაბმაა; ეს ჩიხია. ახლა ყველაფერი ძალიან მარტივია: შემომხედე გულით და შენი სული მყისვე განმტკიცდება. გექნება პრაქტიკული გზა და მე წინ გაგიძღვები ყოველ ნაბიჯზე. ჩემი სიტყვა გეუწყება ყოველთვის და ყველგან. განურჩევლად იმისა, თუ სად ან როდის, ან რამდენად არასასურველია გარემო, სანამ გულით შემომყურებ, ყველაფერს მკაფიოდ დაგანახვებ, ჩემი გული განგიცხადდება და წინ ისე გაიქცევი, რომ გზას არ აცდები. ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ გარეგნულად ცდილობს ხელის ცეცებას და არ იცის, როგორ ეძებოს საკუთარი სულის სიღრმიდან. ისინი ხშირად ვერ პოულობენ სულიწმიდის საქმეს. შემდეგ, როდესაც სხვებთან თანაზიარებენ, კიდევ უფრო იბნევიან, არ აქვთ გზა, რომელსაც გაჰყვებიან, და არ იციან, რა გააკეთონ. ამ ადამიანებმა არ იციან, რა ავადმყოფობა სჭირთ; თუმცა შეიძლება ბევრი რამ ჰქონდეთ და შინაგანად სავსენი იყვნენ, მაგრამ აქვს კი ამას რაიმე ფასი? მართლა გაქვს თუ არა გზა, რომელსაც უნდა მიჰყვე? ფლობ თუ არა რაიმე განათებასა თუ გაცისკროვნებას? გაქვს თუ არა რაიმე ახალი ხედვა? წინ წახვედი თუ უკან დაიხიე? შეგიძლია თუ არა ფეხი აუწყო ახალ სინათლეს? უბრალოდ ვერ ემორჩილები; მორჩილება, რომელზეც ხშირად ლაპარაკობ, მხოლოდ სიტყვებია. იცხოვრე თუ არა მორჩილი ცხოვრებით?
რამხელა დაბრკოლებას ქმნის ადამიანების თვითმართლობა, უზრუნველობა, საკუთარი თავით კმაყოფილება და სიამაყე? ვის უნდა დააბრალო, როდესაც რეალობაში შესვლას ვერ ახერხებ? ყურადღებით უნდა შეამოწმო საკუთარი თავი, რათა დაინახო, ხარ თუ არა მართალი ადამიანი. ჩემ გამოა დასახული შენი მიზნები და განზრახვები? ჩემ წინაშეა ნათქვამი და გაკეთებული ყველა შენი სიტყვა და საქმე? მე გულდასმით ვიკვლევ ყველა შენს ფიქრსა და იდეას. არაფერია შენში დასაძრახი? სხვების დასანახად ყალბ იერს იღებ და მშვიდად ირგებ თვითმართლობის იერს; ამას საკუთარი თავის დასაცავად აკეთებ. გსურს გადაფარო შენი ბოროტება და გზებსაც კი იგონებ ამ ბოროტების სხვებზე გადასატანად. რა მზაკვრობა ბუდობს შენს გულში! დაფიქრდი ყველაფერზე, რაც გითქვამს. განა შენივე სარგებლისთვის და იმის შიშით არ აფარებდი ხელს სატანას, რომ შენი სული არ დაზიანებულიყო, და ასე ძალადობრივად არ წაართვი შენს ძმებსა და დებს ჭამა და სმა? რას იტყვი თავის დასაცავად? ფიქრობ, რომ შემდეგ ჯერზე შეძლებ აანაზღაურო ის ჭამა და სმა, რაც ამჯერად სატანამ წაიღო? ახლა ეს მკაფიოდ დაინახე; არის კი ეს ისეთი რამ, რისი კომპენსირებაც შეგიძლია? შეგიძლია კი დაკარგული დროის ანაზღაურება? არაერთგზის უნდა შეამოწმოთ საკუთარი თავი, რათა დაინახოთ, რატომ არ მოხდა ჭამა და სმა ბოლო რამდენიმე შეკრებაზე და ვინ გამოიწვია ეს უსიამოვნება. ეს საკითხები თითო-თითოდ უნდა განიხილოთ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. ასეთ ადამიანებს თუ მკაცრად არ შეაჩერებთ და თუ ძმები და დები არ დაინახავენ მათ ნამდვილ სახეს, ეს ყველაფერი კვლავ განმეორდება. მართლაც, სულიერი თვალები დახუჭული გაქვთ; უამრავი ბრმაა თქვენ შორის! ხოლო ვინც ხედავს, ისიც გულგრილია. ფეხზე არ დგებიან, ხმას არ იღებენ და ისინიც ბრმებივით არიან. ვინც ხედავს და ხმას არ იღებს, მუნჯია. აქ უამრავი უუნარო ადამიანია.
ზოგს არ ესმის რა არის ჭეშმარიტება, რა არის სიცოცხლე და რა არის გზა, და არ ესმის სული. ჩემს სიტყვებსაც კი უბრალო ფორმულებივით იყენებენ. ეს მათი უსულო, მექანიკური გამოყენებაა. მათ ისიც კი არ ესმით, რა არის ნამდვილი მადლიერება და ქება. ზოგი ვერ იჭერს იმას, რაც არსებითი და პირველხარისხოვანია; სანაცვლოდ, მეორეხარისხოვან რამეს ებღაუჭება. რას ნიშნავს სინამდვილეში ღვთის მართვის ჩაშლა? რას ნიშნავს ეკლესიის მშენებლობის დანგრევა? რას ნიშნავს სულიწმიდის საქმის ჩაშლა? ვინ არის სატანის მსახური? ეს ჭეშმარიტებები მკაფიოდ უნდა იყოს გააზრებული და არა უბრალოდ ზედაპირულად მიფუჩეჩებული. ზუსტად რამ გამოიწვია ის, რომ ამჯერად ჭამა და სმა ვერ მოხერხდა? ზოგი თვლის, რომ დღეს ღმერთი ხმამაღლა უნდა აქონ, მაგრამ როგორ უნდა აქონ ის? განა მისი ქება მხოლოდ საგალობლების სიმღერასა და ცეკვას ნიშნავს? სხვა ხერხები არ ითვლება ქებად? ზოგიერთები შეკრებებზე იმ წარმოდგენით მოდიან, რომ უბრალოდ აღტაცებული ქება-დიდება ღვთის ქებად ითვლება. ადამიანებს აქვთ ეს წარმოდგენები და ყურადღებას არ აქცევენ იმას, რის გაკეთებასაც სულიწმიდა აპირებს; საბოლოოდ, ისინი მაინც ჩაშლამდე მივლენ. ამ შეკრებაზე ჭამა და სმა არ ყოფილა; ყველანი ამბობთ, რომ ითვალისწინებთ ღვთის ტვირთს და დაიცავთ ეკლესიის მოწმობას, მაგრამ თქვენ შორის ვინ გაითვალისწინა რეალურად ღვთის ტვირთი? ჰკითხე საკუთარ თავს: ხარ კი ისეთი, ვინც გაითვალისწინებს ღვთის ტვირთს? შეგიძლია იმოქმედო სამართლიანად ღვთისთვის? შეგიძლია ადგე და ილაპარაკო ჩემთვის? შეგიძლია ცხოვრებაში მტკიცედ გაატარო პრაქტიკაში ჭეშმარიტება? გაქვს კი საკმარისი სიმამაცე, რომ ებრძოლო სატანის ყველა ნამოქმედარს? შეძლებდი თუ არა გრძნობები გვერდზე გადაგედო და გემხილებინა სატანა ჩემი ჭეშმარიტების გულისთვის? მისცემ კი ჩემს განზრახვებს შენში ასრულების უფლებას? მოგიძღვნია კი შენი გული გადამწყვეტ მომენტებში? ხარ თუ არა ის, ვინც ჩემს ნებას მიჰყვება? ხშირად დაუსვი ეს კითხვები საკუთარ თავს და ბევრი იფიქრე მათზე. შენში სატანის ნაჩუქარი რაღაცებია და შენივე ბრალია, ხალხის ცნობა რომ არ შეგიძლია და სატანის შხამს რომ ვერ ამჩნევ; უბრალოდ საკუთარ თავს დაღუპვისკენ მიათრევ. სატანამ სერიოზულად შეგიყვანა შეცდომაში; უბრალოდ გონება დაგიბინდდა. სიძვის ღვინით დამთვრალი, აქეთ-იქით ქანაობ, მტკიცე პოზიციის დაჭერა არ შეგიძლია და არც პრაქტიკის გზა გაქვს. ჯეროვნად არ ჭამ და არ სვამ, უგონოდ ჩხუბობ და დავობ, სწორსა და არასწორს ვერ არჩევ და მიჰყვები ყველას, ვინც წინ გაგიძღვება. არის კი საერთოდ შენში რაიმე ჭეშმარიტება? ზოგიერთი თავს იმართლებს; ასევე აყალბებს რაღაცებს, ატყუებს, ისე ატარებს თანაზიარებას სხვებთან, რომ შედეგად ხალხს მიმართულების გარეშე ტოვებს. განა ჩემგან მოდის ამ ადამიანების განზრახვები, მიზნები, მოტივები და საწყისი? ფიქრობ, რომ შესაძლებელია იმის ანაზღაურება, რაც შენს ძმებსა და დებს ჭამისა და სმის დაკარგვით დააკლდათ? იპოვე რამდენიმე ადამიანი თანაზიარებისთვის და ჰკითხე მათ; თვითონ თქვან: მიიღეს რამე? თუ მუცლები ბინძური წყლით და ნაგვით აევსოთ და მიმართულება დაკარგეს? განა ეს ეკლესიის დანგრევის ტოლფასი არ არის? სად გაქრა სიყვარული ძმებსა და დებს შორის? ფარულად სწავლობ, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. რატომ არ შეგიძლიათ გულთან მიიტანოთ ეკლესიის ტვირთი? ლოზუნგების ყვირილით კი გამოდიხართ ხოლმე კარგად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გულგრილები ხდებით. ზოგიერთ თქვენგანს ესმის, მაგრამ მხოლოდ ჩუმად ბუზღუნებს, ზოგს ესმის და ხმასაც იღებს, მაგრამ სხვა არავინ უჭერს მხარს. არ იცით, რა მოდის ღვთისგან და რა არის სატანის ნამოქმედარი. სად გაქრა სიცოცხლის შეგრძნება თქვენში? სულიწმიდის საქმეს უბრალოდ ვერ იაზრებთ და ვერც ხვდებით, ახალი რაღაცების მიღება კი გიჭირთ. მხოლოდ რელიგიურ, ამქვეყნიურ და ადამიანურ წარმოდგენებთან შესაბამის რაღაცებს იღებთ. შედეგად, წინდაუხედავად იბრძვით. რამდენ ადამიანს შეუძლია სულიწმიდის მოქმედების გააზრება? რამდენს აქვს რეალურად ეკლესიის ტვირთი გულთან მიტანილი? შენ თუ ხვდები ამას? საგალობლების სიმღერა ღვთის ქების ერთ-ერთი გზაა, მაგრამ როცა საქმე ღვთის ქების ჭეშმარიტებამდე მიდის, სიცხადე გაკლია; შენი მიდგომა ულმობელი და ფორმალურია. განა ეს უბრალოდ შენივე წარმოდგენები არ არის? ყოველთვის ჯიუტად ებღაუჭები შენს წარმოდგენებს; არ შეგიძლია ყურადღება გაამახვილო იმაზე, რის გაკეთებასაც სულიწმიდა აპირებს დღეს, ვერ გრძნობ იმას, რასაც შენი ძმები და დები გრძნობენ და არ შეგიძლია ჩუმად ეძებო ღვთის განზრახვები. ბრმად ესწრაფვი მოქმედებას. საგალობლებს კი მღერი ძალიან კარგად, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი სრული ქაოსია. არის კი საერთოდ სადმე გულითადი ჭამა და სმა? ხედავ, სინამდვილეში ვინ იწვევს ჩაშლას? სრულებით არ ცხოვრობ სულში; სანაცვლოდ, ყოველგვარ წარმოდგენებს ებღაუჭები. სად არის ეკლესიისთვის ტვირთის ტარების შეგრძნება? უნდა დაინახოთ, რომ სულიწმიდის საქმე ახლა კიდევ უფრო სწრაფად მიიწევს წინ. სერიოზულად ხართ ჩაბღაუჭებული საკუთარ წარმოდგენებს და ეწინააღმდეგებით სულიწმიდის მოქმედებას — განა ბრმები არ ხართ? განა არ ჰგავხართ იმ ბუზს, კედლებს რომ ეხლება და ბზუის? თუ ასე გააგრძელებთ, მიტოვებული დარჩებით.
ისინი, ვინც კატასტროფებამდე სრულიქმნებიან, ღვთისმორჩილნი არიან. ქრისტეზე მინდობილნი ცხოვრობენ, ამოწმებენ მასზე და განადიდებენ მას. ისინი გამარჯვებული ვაჟები და ქრისტეს კარგი მეომრები არიან. ახლა გადამწყვეტია, დაწყნარდე, შეძლო ღმერთთან დაახლოება და მასთან თანაზიარება. თუ ვერ შეძლებ დაახლოებას, სატანის ხელში ჩავარდნის რისკის ქვეშ იქნები. თუ შეძლებ ჩემთან დაახლოებას და ჩემთან თანაზიარებას, მაშინ ყველა ჭეშმარიტება უთუოდ უნდა გამოგიცხადდეს და გექნება სტანდარტი, რომლითაც იცხოვრებ და იმოქმედებ. რადგან ისეთი ხარ, ვინც ჩემთან ახლოსაა, ჩემი სიტყვა არასდროს დაგტოვებს და არც შენ იქნები ოდესმე ჩემი სიტყვის გარეშე ცხოვრებაში; სატანას არ ექნება გამოსაყენებელი ხვრელი, არამედ შერცხვენილი და დამცირებული, დამარცხებული გაიქცევა. გარედან ეძებ იმას, რაც შიგნიდან გაკლია, და ხანდახან ახერხებ კიდეც რაღაცის პოვნას, მაგრამ რაც გიპოვია, მაინც უმეტესად წესებია და არ არის ის, რაც საკუთარი თავისთვის უნდა მიგეღო. აბსოლუტურად უნდა უარყო საკუთარი თავი, მეტი ჭამო და სვა ჩემი სიტყვები და იცოდე მათზე დაფიქრება. თუ რამე არ გესმის, ხშირად მოდი ჩემთან და იქონიე თანაზიარება; ასე უფრო მიხვდები, რა არის ნამდვილი და ჭეშმარიტი. პირველ რიგში, ჩემთან ახლოს უნდა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! თორემ ვერ გაიგებ, როგორ ჭამო და სვა. მარტო ვერ შეძლებ ჭამასა და სმას; შენი სულიერი სიმწიფე ჯერ ძალიან მცირეა.