თავი 118
ვინც აღდგება ჩემი ძის დასამოწმებლად, მას მადლს მივანიჭებ; ხოლო ვინც არ აღდგება ჩემი ძის დასამოწმებლად, არამედ მეწინააღმდეგება და ადამიანური წარმოდგენებით განიკითხავს, მას გავანადგურებ. ყველამ ნათლად უნდა დაინახოს! ჩემი ძის დამოწმება ჩემდამი მოშიშების გამოხატულებაა და იგი აკმაყოფილებს ჩემს ნებას. ნუ სცემთ პატივს მხოლოდ მამას, მაშინ როცა ჩაგრავთ და ავიწროებთ ძეს. ისინი, ვინც ასე იქცევიან, დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები არიან. მე არ მჭირდება ასეთი არამზადები ჩემი ძის დასამოწმებლად; მათ უძირო უფსკრულში გავანადგურებ. მსურს, რომ ერთგულმა და პატიოსანმა მსახურების შემსრულებლებმა გაუწიონ მსახურება ჩემს ძეს; რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არ მჭირდება. ეს ჩემი სამართლიანი ხასიათია და იგი აჩვენებს, რომ მე ვარ წმინდა და უბიწო, თავად ღმერთი. არავის ვაპატიებ, ვინც არღვევს ჩემს განჩინებას. ვინც წინააღმდეგობა გაგიწია ან გდევნიდა, ოჯახში თუ წუთისოფელში, სათითაოდ გავკიცხავ მათ და არავის დავინდობ, რადგან ჩემში არაფერია ხორცისა და სისხლისა. დღეს შენი დამოწმება აჩვენებს, რომ იმ მსახურებმა დაასრულეს ჩემი მსახურება, ამიტომ ნუ იყოყმანებ და ნუ წუხხარ. ბოლოს და ბოლოს, ისინი შენი მსახურები არიან, შენ კი ზეციდან ხარ და საბოლოოდ ჩემს სხეულს დაუბრუნდები, რადგან ჩემს სხეულს არ შეუძლია უშენოდ არსებობა. მათ, ვინც წარსულში წინააღმდეგობა გაგიწია და ვინც არ იყო შენი შესატყვისი (ამას სხვები ვერ ხედავენ; მხოლოდ შენ იცი გულში), ახლა გამოავლინეს თავიანთი ნამდვილი სახე და დაეცნენ, რადგან შენ ხარ თავად ღმერთი და არავის შეარჩენ შენს წინააღმდეგობას ან შენს შეურაცხყოფას. თუმცა გარედან ეს სრულიად შეუმჩნეველია, ჩემი სული შენშია; ეს უდავოა. ყველა ადამიანმა უნდა ირწმუნოს ეს, რათა ჩემმა რკინის კვერთხმა არ განგმიროს ყველა, ვინც წინააღმდეგობას მიწევს! რადგან შენზე ვმოწმობ, ნამდვილად გაქვს ხელმწიფება, და ყველაფერი, რასაც ამბობ, ჩემი გამოხატვაა, და ყველაფერი, რასაც აკეთებ, ჩემი გამოვლენაა, რადგან შენ ჩემი საყვარელი ხარ; ის ნაწილი, რომლის გარეშეც ჩემს არსებას არსებობა არ ძალუძს. ამიტომ, შენი ყოველი ქმედება, რასაც იცვამ, რასაც იყენებ და სადაც ცხოვრობ — ნამდვილად ჩემი საქმეებიცაა. არავინ უნდა სცადოს შენში ბრალის პოვნა და შეცდომებზე გამოკიდება. თუ ვინმე ამას იზამს, არ ვაპატიებ!
მე მოვიშორებ ყველა ბოროტ მსახურს ჩემი სახლიდან და ჩემს სახლში ყველა ერთგულ მსახურს დავამოწმებინებ ჩემს პირმშო ძეებს; ეს არის ჩემი გეგმა და ეს არის ჩემი მოქმედების გზა. როდესაც ბოროტი მსახურები ჩემს ძეს ამოწმებენ, მკვდრების სუნი დგას და ეს ჩემთვის საზიზღარია. როდესაც ერთგული მსახურები ჩემს ძეს ამოწმებენ, ეს გულწრფელი და ნამდვილია, და ეს ჩემთვის მისაღებია. ამიტომ, ვისაც არ სურს ჩემი ძის დამოწმება, ახლავე დატოვოს აქაურობა! არ გაიძულებ — თუ წასვლას მოგთხოვ, უნდა წახვიდე! შეხედე, რა შედეგები მოჰყვება ამას და რა გელოდება; სახურებს ეს ყველაზე უკეთ ესმით. ჩემი სამსჯავრო, ჩემი რისხვა, ჩემი წყევლა, ჩემი დაწვა და ჩემი მრისხანება ნებისმიერ დროს დაატყდება თავს ნებისმიერს, ვინც წინააღმდეგობას მიწევს. ჩემი ხელი არავის პატიობს; რაც არ უნდა ერთგული ყოფილიყო მსახურების შემსრულებელი წარსულში, თუ დღეს ის ჩემს ძეს შეეწინააღმდეგება, დაუყოვნებლივ გავანადგურებ და არ მივცემ უფლებას, დარჩეს ჩემ წინაშე. აქედან ჩანს ჩემი შეუბრალებელი ხელი. რადგან ადამიანები არ მიცნობენ მე და რადგან მათი ბუნება წინააღმდეგობას მიწევს, ისინიც კი, ვინც ჩემდამი ერთგულნი არიან, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არიან ერთგულნი. თუ რამე მოხდება, რაც მათ ზარალს მოუტანს, მათი გული მაშინვე იცვლება და სურთ ჩემგან უკან დახევა. ეს არის სატანის ბუნება. თქვენ არ უნდა იყოთ თვითმართალნი და არ უნდა გჯეროდეთ, რომ ერთგულნი ხართ! თუ ამაში მათთვის არავითარი სარგებელი არ არის, მხეცთა ამ ჯოგს უბრალოდ არ ძალუძს ჩემდამი ერთგულება. ჩემი უზენაესი განჩინება რომ არ გამომეცხადებინა, დიდი ხნის წინ დაიხევდით უკან. ახლა ყველა ორ ცეცხლს შუა ხართ, არ გსურთ მემსახუროთ, მაგრამ არც ის გინდათ, რომ ჩემმა ხელმა განგგმიროთ. მე რომ არ გამომეცხადებინა, რომ დიდი კატასტროფები ნებისმიერ დროს დაატყდება თავს ნებისმიერს, ვინც წინააღმდეგობას მიწევს, დიდი ხნის წინ დაიხევდით უკან. განა არ ვიცი ის წვრილმანი გათვლები, რომლებსაც ადამიანები მიმართავენ? ადამიანთა უმეტესობა ახლა მცირე იმედს ინარჩუნებს, მაგრამ როდესაც ეს იმედი იმედგაცრუებად იქცევა, მათ აღარ სურთ წინსვლა და უკან გაბრუნებას ითხოვენ. მე ადრეც მითქვამს, რომ აქ არავის ვაკავებ მათი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ კარგად დაფიქრდი, რა შედეგები მოჰყვება ამას შენთვის. ეს არ ნიშნავს, რომ გემუქრები; ეს ფაქტია. არავის შეუძლია ადამიანის ბუნების ჩაწვდომა ჩემ გარდა; ყველას ჰგონია, რომ ჩემდამი ერთგულია, და არ იციან, რომ მათი ერთგულება უწმინდურია. ეს უწმინდურება დაღუპავს ადამიანებს, რადგან ეს დიდი წითელი დრაკონის სქემაა. ის დიდი ხნის წინ გავაშიშვლე; მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი, მაშ, როგორ შეიძლება არ მესმოდეს ასეთი მარტივი რამ? მე შემიძლია შევაღწიო შენს სისხლსა და ხორცში, რათა დავინახო შენი განზრახვები. ჩემთვის არ არის რთული ადამიანის ბუნების ჩაწვდომა, მაგრამ ადამიანებს თავი ჭკვიანები ჰგონიათ და სჯერათ, რომ მათ გარდა არავინ იცის მათი განზრახვები. განა არ იციან, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი არსებობს ცაში, მიწაზე და ყოველივეში?
ბოლომდე მეყვარება ჩემი ძე და უკუნითი უკუნისამდე მეძულება დიდი წითელი დრაკონი და სატანა. ჩემი გაკიცხვა თავს დაატყდება ყველას, ვინც მეწინააღმდეგება და არცერთ მტერს არ დავინდობ. ადრეც მითქვამს: „სიონში ვდებ დიდ ლოდს. მორწმუნეთათვის ეს ლოდი მათი მშენებლობის საძირკველია. ურწმუნოთათვის ეს არის კლდე, რომელზეც ბრკოლდებიან. ეშმაკის ძეთათვის კი ეს არის ლოდი, რომელიც მათ სასიკვდილოდ სრესს.“ ეს სიტყვები არა მხოლოდ წარსულში წარმოვთქვი, არამედ ბევრმა იწინასწარმეტყველა მათ შესახებ, და ამ ეპოქაში ბევრს წაუკითხავს სიტყვების ეს მონაკვეთი. გარდა ამისა, ზოგიერთი ეცადა ამ სიტყვების ახსნას, მაგრამ აქამდე არავის ამოუხსნია ეს საიდუმლო, რადგან ეს საქმე მხოლოდ უკანასკნელ დღეებში სრულდება. ამიტომ, თუმცა ზოგიერთი ეცადა ამ სიტყვების ახსნას, მათი განმარტებები სრულიად მცდარია. დღეს მთელ მნიშვნელობას გიცხადებთ, რათა იცოდეთ ჩემი პირმშო ძეების დამოწმების სერიოზულობა და ჩემი მიზანი ამ საქმეში. სიონში ვდებ დიდ ლოდს, და ეს ლოდი ჩემი პირმშო ძეების დამოწმებაზე მიანიშნებს. სიტყვა „დიდი“ არ ნიშნავს რაიმე გიგანტური მასშტაბით დამოწმებას, არამედ იმას, რომ ჩემი პირმშო ძეების დამოწმებისას მსახურთა დიდი ნაწილი უკან დაიხევს. აქ „ურწმუნონი“ მიანიშნებს მათზე, ვინც უკან იხევს ჩემი ძის დამოწმების გამო. შესაბამისად, ამგვარი ადამიანისთვის ეს ლოდი დამაბრკოლებელი კლდეა. ვამბობ, რომ ეს კლდეა, რადგან ამგვარ ადამიანს ჩემი ხელი განგმირავს, და შესაბამისად, „კლდე, რომელიც აბრკოლებს ადამიანებს“ დაცემას ან დასუსტებას კი არ გულისხმობს, არამედ ჩემი ხელით განგმირვას. „მორწმუნენი“ ფრაზაში „მორწმუნეთათვის ეს ლოდი მათი მშენებლობის საძირკველია“ მიანიშნებს იმ ერთგულ მსახურებზე, რომლებიც ერთგულნი არიან, ხოლო „მათი მშენებლობის საძირკველი“ მიანიშნებს იმ მადლსა და კურთხევებზე, რომლებსაც მიიღებენ მას შემდეგ, რაც ერთგულად მემსახურებიან. პირმშო ძეების დამოწმება მიუთითებს იმაზე, რომ მთელი ეს ძველი ეპოქა მალე წარსულს ჩაბარდება; ანუ, ეს სატანის სამეფოს განადგურების სიმბოლოა; შესაბამისად, არამორწმუნეთათვის ეს არის ლოდი, რომელიც მათ სასიკვდილოდ სრესს. ამრიგად, ყველა ერის ნამსხვრევებად ქცევა მთელი სამყაროს სრულ განახლებაზე მიანიშნებს; ძველი წარსულს ჩაბარდება და ახალი დაფუძნდება — ეს არის „შემუსვრის“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა. გესმით? საქმე, რომელსაც ამ უკანასკნელ ეტაპზე ვასრულებ, შეიძლება მხოლოდ ამ რამდენიმე სიტყვით შეჯამდეს. ეს ჩემი საოცარი საქმეა და ჩემს სიტყვებში ჩემს განზრახვებს უნდა ჩასწვდეთ.