თავი 119
თქვენ ყველამ უნდა შეიმეცნოთ ჩემი განზრახვები და ჩასწვდეთ ჩემს განწყობას. ახლა სიონში დასაბრუნებლად მზადების დროა. ამის გარდა სხვა არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს. მხოლოდ იმედი მაქვს, რომ მალე კვლავ შეგხვდებით და სიონში თქვენთან ერთად გავატარებ ყოველ წუთსა და წამს. მეზიზღება წუთისოფელი, მეზიზღება ხორცი და კიდევ უფრო მეტად მეზიზღება დედამიწაზე მყოფი ყოველი ადამიანი. არ მსურს მათი დანახვა, რადგან ყველანი ეშმაკისეულ ბუნებას ატარებენ და მათში ადამიანობის ნატამალიც კი არ არის. არ მსურს დედამიწაზე ცხოვრება; მეზიზღება ყოველი ქმნილება, მეზიზღება ყოველი ხორციელი და სისხლიანი. მთელ დედამიწას გვამების სუნი ასდის; მინდა დაუყოვნებლივ დავბრუნდე სიონში, რათა დედამიწიდან აღმოვფხვრა გვამების სიმყრალე და მთელი დედამიწა ჩემი სადიდებელი ხმით ავავსო. მე დავბრუნდები სიონში, თავს დავაღწევ ხორცსა და წუთისოფელს და წინ ვერავინ გადამიდგება. ადამიანის განმგმირავ ჩემს ხელს არ გააჩნია ხორციელი გრძნობები! ამიერიდან, არავინ ისაუბროს ეკლესიის შენებაზე. თუ ვინმე ამას იზამს, არ ვაპატიებ. (ეს იმიტომ, რომ ახლა ჩემი პირმშო ძეების დამოწმების დროა და სასუფევლის შენების დროა; ვინც ეკლესიის შენებაზე საუბრობს, ის ანგრევს სასუფევლის შენებას და ხელს უშლის ჩემს განგებულებას.) ყველაფერი მზადაა, ყველაფერი გამზადებულია; დარჩა მხოლოდ პირმშო ძეთა ამაღლება და დამოწმება. როდესაც ეს მოხდება, წუთიერი დაყოვნებისა და ყოველგვარი ფორმალობისგარეშე, დაუყოვნებლივ დავბრუნდები სიონში — იმ ადგილას, რომელზეც თქვენ დღე და ღამე ფიქრობთ. ნუ უყურებთ მხოლოდ იმას, თუ როგორ განაგრძობს წუთისოფელი თავის მშვიდ და სტაბილურ სვლას. მთელი ეს საქმე სიონში დაბრუნების საქმეა, ამიტომ ახლა ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ ყველაფერს; როდესაც სიონში დაბრუნების დღე დადგება, ყოველივე აღსრულდება. ვის არ სურს სიონში მალე დაბრუნება? ვის არ სურს მამისა და ძეების მალე გაერთიანება? რაოდენ სასიამოვნოც არ უნდა იყოს მიწიერი სიამოვნებანი, ისინი ვერ შეაკავებენ ჩვენს ხორცს; ჩვენ დავძლევთ ჩვენს ხორცს და ერთად დავბრუნდებით სიონში. ვინ ბედავს ამის ხელის შეშლას? ვინ ბედავს დაბრკოლებების შექმნას? მე მათ ნამდვილად არ ვაპატიებ! მე აღვგვი ყველა დამაბრკოლებელ ქვას. (სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არ შემიძლია პირდაპირ სიონში დაბრუნება. მე ვასრულებ განწმენდის ამ საქმეს და ამავდროულად მოწმობას გავცემ ჩემს პირმშო ძეებზე; ეს ორი საქმე ერთდროულად მიმდინარეობს. როდესაც განწმენდის საქმე დასრულდება, დადგება პირმშო ძეთა გაცხადების დრო. „დამაბრკოლებელი ქვები“ მსახურთა ის დიდი სიმრავლეა, რის გამოც ვამბობ, რომ ეს ორი საქმე ერთდროულად მიმდინარეობს.) მე ჩემს პირმშო ძეებთან ერთად მოვივლი მთელ სამყაროს და დედამიწის კიდეებს, გადავლახავ მთებსა და მდინარეებს და ყოველივეს; ვინ ბედავს ამის შეფერხებას? ვინ ბედავს ამის ხელის შეშლას? ჩემი ხელი ადვილად არავის უშვებს; ჩემი პირმშო ძეების გარდა, ყველას მიმართ რისხვით ვარ აღსავსე და ყველას ვწყევლი. მთელ დედამიწაზე არავინაა ხორციელი და სისხლიანი, ვინც ჩემს კურთხევას მიიღებს; ყველა ჩემს წყევლას აწყდება. წუთისოფლის შექმნიდან მოყოლებული, მე არავინ მიკურთხებია; მაშინაც კი, როდესაც კურთხევა გამიცია, ეს მხოლოდ სიტყვები იყო და არასდროს რეალობა, რადგან მე უკიდურესად მძულს სატანა; მე მას არასოდეს ვაკურთხებ, მხოლოდ დავსჯი. მხოლოდ ბოლოს, მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად დავიპყრობ სატანას და სრული გამარჯვება ჩემი იქნება, მატერიალურ კურთხევას ვუბოძებ ყველა ერთგულ მსახურს და მივცემ მათ უფლებას, დატკბნენ ჩემი განდიდებით, რადგან ჩემი მთელი საქმე აღსრულებული იქნება.
ნამდვილად, ჩემი დრო შორს არ არის. ექვსი ათასი წლის განგებულების გეგმა თქვენ თვალწინ სრულდება. (ის ნამდვილად თქვენ თვალწინაა. ეს არ არის რაიმე წინასახე; ამის დანახვა ჩემი განწყობიდან შეგიძლიათ.) დაუყოვნებლივ წავიყვან ჩემს პირმშო ძეებს სახლში, სიონში. ზოგიერთი იტყვის: „რადგან ეს მხოლოდ პირმშო ძეებისთვისაა, რატომ დასჭირდა მას ექვსი ათასი წელი? და რატომ შეიქმნა ამდენი ადამიანი?“ ადრეც მითქვამს, რომ ყოველივე ჩემი ძვირფასია. მაშ, როგორ შეიძლება, ჩემი პირმშო ძენი კიდევ უფრო ძვირფასნი არ იყვნენ? მე ყველაფერს ავამოქმედებ, რათა მემსახურონ, და კიდევ უფრო მეტიც, გამოვაჩენ ჩემს დიდ ძალას, რათა ყოველმა ადამიანმა დაინახოს, რომ მთელ სამყაროში არ არსებობს არცერთი საგანი, რომელიც ჩვენს ხელში არ არის, არცერთი ადამიანი, რომელიც ჩვენ არ გვემსახურება და არცერთი რამ, რაც ჩვენს საქმეს არ ემსახურება. მე ყოველივეს აღვასრულებ. ჩემთვის არ არსებობს დროის ცნება; მიუხედავად იმისა, რომ განზრახული მაქვს გეგმისა და ჩემი საქმის ექვს ათას წელიწადში დასრულება, ჩემთვის ყოველივე თავისუფალი და დაუბრკოლებელია. ექვსი ათასი წელიც რომ არ იყოს გასული, თუკი, ჩემი გადმოსახედიდან, დრო უკვე დადგა, ვინ გაბედავს წინააღმდეგობის სიტყვის თქმას? ვინ გაბედავს აღდგომას და თვითნებურად განსჯას? ჩემს საქმეს თავად ვასრულებ; ჩემს დროს თავად განვკარგავ. ვერავინ და ვერაფერი ბედავს თვითნებურად მოქმედებას; ყველას ვაიძულებ ვაიძულებ ყველას, გამომყვეს. ჩემთვის არ არსებობს სწორი და არასწორი; თუ ვამბობ, რომ რაღაც სწორია, ის ნამდვილად სწორია; თუ ვამბობ, რომ რაღაც არასწორია, ესეც ასეა. მუდამ ადამიანური წარმოდგენებით ნუ მზომავთ! ვამბობ, რომ პირმშო ძენი და მე ერთად ვართ კურთხეულნი — ვინ ბედავს დამორჩილებაზე უარის თქმას? ადგილზევე გაგანადგურებ! შენ უარს ამბობ დამორჩილებაზე! ურჩი ხარ! მე უბრალოდ არავითარი წყალობა არ გამაჩნია კაცობრიობის მიმართ და ჩემმა სიძულვილმა უკვე მიაღწია ზღვარს; მე უბრალოდ აღარ შემიძლია ვიყო შემწყნარებელი. ჩემი ნება რომ იყოს, მთელი სამყარო დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს— მხოლოდ მაშინ აღსრულდება ჩემი დიადი საქმე; მხოლოდ მაშინ დასრულდება ჩემი განგებულების გეგმა; და მხოლოდ მაშინ გაქრება სიძულვილი ჩემი გულიდან. ახლა, ჩემთვის მთავარი მხოლოდ ჩემს პირმშო ძეებზე მოწმობის გაცემაა. ყველა სხვა საქმეს გვერდზე გადავდებ; ჯერ მნიშვნელოვან საქმეებს შევასრულებ, შემდეგ კი — მეორეხარისხოვანს. ეს არის ჩემი საქმის ეტაპები, რომლებიც არავინ უნდა დაარღვიოს; ყველამ ისე უნდა გააკეთოს, როგორც მე ვამბობ, რათა ჩემი წყევლის სამიზნედ არ იქცნენ.
ახლა, როცა ჩემი დიადი საქმე აღსრულებულია, შემიძლია განვისვენო. ამიერიდან აღარ ვიმუშავებ, არამედ ჩემს პირმშო ძეებს დავავალებ გააკეთონ ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს, რადგან ჩემი პირმშო ძენი თავად მე არიან; ჩემი პირმშო ძენი ჩემი არსებაა. ეს ოდნავადაც არ არის მცდარი; ნუ გამოიყენებთ წარმოდგენებს განსასჯელად. პირმშო ძეების დანახვა ჩემი დანახვაა, რადგან ჩვენ ერთი და იგივე ვართ. ყველა, ვინც ჩვენ გვაცალკევებს, ამით მეწინააღმდეგება და მე მათ ნამდვილად არ ვაპატიებ. ჩემს სიტყვებში არის საიდუმლოებები, რომლებიც ადამიანისთვის მიუწვდომელია. მხოლოდ მათ, ვინც მიყვარს, შეუძლიათ ჩემი გამოხატვა და სხვას არავის; ეს მე დავადგინე და ამის შეცვლა არავის ძალუძს. ჩემი სიტყვები მდიდარი, ყოვლისმომცველი და შეუცნობელია. ყველამ დიდი გულისყურით უნდა მოეკიდოს ჩემს სიტყვებს, ეცადოს ხშირად იფიქროს მათზე და არ გამოტოვოს არცერთი სიტყვა ან წინადადება — წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს ექნებათ დამახინჯებული აღქმა და ჩემი სიტყვები არასწორად იქნება გაგებული. მითქვამს, რომ ჩემი ბუნება შეურაცხყოფას არ იწყნარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს პირმშო ძეებს, რომლებიც დავამოწმე, ვერავინ შეეწინააღმდეგება. ჩემი პირმშო ძენი წარმოადგენენ ჩემი ბუნების ყოველ მხარეს, ამიტომ, როდესაც წმინდა საყვირი გაისმება, სწორედ მაშინ ვიწყებ პირმშო ძეებზე მოწმობის გაცემას, და ამგვარად, წმინდა საყვირი — ანუ ჩემი ხასიათი — ამიერიდან თანდათანობით გამოეცხადება ხალხს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც პირმშო ძენი გაცხადდებიან, სწორედ მაშინ გაცხადდება ჩემი ხასიათიც. ვის შეუძლია ამის ჩაწვდომა? მე ვამბობ, რომ იმ საიდუმლოებებში, რომლებიც მე გავაცხადე, რჩება საიდუმლოებები, რომელთა ამოხსნაც ადამიანებს არ შეუძლიათ. თქვენ შორის ვინ სცადა ნამდვილად ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის ამოცნობა? განა ჩემი ბუნება ადამიანის პიროვნებაა, როგორც წარმოგედგინათ? ასე ფიქრი უდიდესი შეცდომაა! დღეს ის, ვინც ჩემს პირმშო ძეებს იხილავს, კურთხეულია და ისინი ხედავენ ჩემს ხასიათს — ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ჩემი პირმშო ძენი განასახიერებენ ყოველივე ჩემსას; ისინი ჩემი პიროვნებაა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. არავის შეეპაროს ამაში ეჭვი! მორჩილნი მადლით იკურთხებიან, ხოლო ურჩნი — დაიწყევლებიან. სწორედ ამას ვბრძანებ და არცერთ ადამიანს არ შეუძლია მისი შეცვლა!