თავი 110

როდესაც ყოველივე გამოაშკარავდება, მაშინ დადგება ჟამი ჩემი მოსვენებია და, უფრო მეტიც, ჟამი, როდესაც ყოველივე წესრიგს ჰპოვებს. მე პირადად აღვასრულებ ჩემს საქმეს; მე თავად წარვმართავ და განვაგებ ყოველივეს. როდესაც გამოვალ სიონიდან და როდესაც დავბრუნდები და როდესაც ჩემს პირმშო ძეებს სრულვქმნი, მე აღსრულებული მექნება ჩემი დიადი საქმე. ადამიანის წარმოდგენით ის, რაც კეთდება, ხილული და ხელშესახები უნდა იყოს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყველაფერი სრულდება იმ წამს, როდესაც მე მას ვგეგმავ. სიონი ჩემი სამკვიდრებელია და ის ასევე ჩემი დანიშნულების ადგილია; სწორედ იქ ვავლენ მე ჩემს ყოვლისშემძლეობას და სწორედ იქ გავიზიარებთ მე და ჩემი პირმშო ძენი ჩვენს ბედნიერებას, როგორც ერთი ოჯახი. სწორედ იქ ვიცხოვრებ მათთან ერთად უკუნითი უკუნისამდე. სიონი, ის მშვენიერი ადგილია, რომელსაც ადამიანები ესწრაფვიან. უთვალავი ადამიანი მიისწრაფოდა სიონისკენ საუკუნეთა და თაობათა მანძილზე, მაგრამ დასაბამიდან მოყოლებული, არცერთი მათგანი არ შესულა იქ. (წარსული საუკუნეების არცერთი წმინდანი და წინასწარმეტყველი არ შესულა სიონში; ეს იმიტომ, რომ მე ვირჩევ ჩემს პირმშო ძეებს უკანასკნელ დღეებში და ისინი ყველანი ამ დროს იბადებიან; ამასთან მიმართებაში ჩემი წყალობა და ჩემი მადლი, რომელზეც ვისაუბრე, უფრო აშკარა ხდება.) თითოეული ადამიანი, რომელიც ახლა პირმშო ძეა, შევა სიონში ჩემთან ერთად და დატკბება ამ კურთხევით. მე გარკვეულწილად ავამაღლებ ჩემს პირმშო ძეებს, რადგან ისინი ფლობენ ჩემს სულიერ მონაცემებსა და ჩემს დიდებულ ხატს, რადგან მათ ძალუძთ ჩემი დამოწმება, ჩემი განდიდება და ჩემი გამოვლენა თავიანთ ცხოვრებაში და, უფრო მეტიც, რადგან მათ ძალუძთ სატანის დამარცხება და დიდი წითელი დრაკონის დამცირება. ეს იმიტომ, რომ ჩემი პირმშო ძენი უბიწო ქალწულები არიან; სწორედ ისინი არიან, ვინც მე მიყვარს, ვინც მე ავირჩიე და ვისაც კეთილგანწყობით შევხედე. მიზეზი, რის გამოც მე მათ ავამაღლებ, არის ის, რომ მათ ძალუძთ მტკიცედ იდგნენ თავიანთ ადგილზე, მემსახურონ თავმდაბლობითა თუ მალულად და იყვნენ ჩემი ძლიერი მოწმობა. მე მთელი ჩემი ენერგია დავახარჯე ჩემს პირმშო ძეებს და გულდასმით წარვმართე და განვაგე ყველა სახის ადამიანი, მოვლენა და საგანი, რათა მათთვის მსახურება გაეწიათ. საბოლოოდ მე ყველას დავანახებ ჩემს სრულ დიდებას ჩემი პირმშო ძეების მეშვეობით და დავარწმუნებ ჩემში მათ გამო. არ ვაიძულებ არცერთ დემონს და არ მეშინია მათი აღვირახსნილობის ან მათი უგუნურების, რადგან მე მაქვს მოწმობა და ხელმწიფება ჩემს ხელშია. მომისმინეთ ახლა, სატანის მოდგმავ! ჩემს მიერ წარმოთქმული ყოველივე სიტყვისა და ჩემს მიერ აღსრულებული ყოველი საქმის მიზანი ჩემი პირმშო ძეების სრულყოფაა. ამიტომ უნდა დაემორჩილო ჩემს ბრძანებებს და ჩემს პირმშო ძეებს; წინააღმდეგ შემთხვევაში საკადრისს მოგიზღავ და დაუყოვნებლივ დაგღუპავ! ჩემმა პირმშო ძეებმა უკვე დაიწყეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების აღსრულება, რადგან მხოლოდ ისინი არიან ჩემი ტახტის განდიდების ღირსნი; მე უკვე მირონი ვცხე მათ. ისინი, ვინც არ ემორჩილებიან ჩემს პირმშო ძეებს, ნამდვილად არ ვარგანან და, უეჭველი დიდი წითელი დრაკონის მიერ არიან გამოგზავნილნი ჩემი მართვის გეგმის ჩასაშლელად. ასეთი ნაძირლები დაუყოვნებლივ უნდა განიდევნონ ჩემი სახლიდან. არ მინდა, რომ ასეთები მემსახურონ; ისინი სამუდამოდ წარწყმდებიან — და ეს მოხდება ძალიან მალე, დაუყოვნებლად! მათ, ვინც ჩემს სამსახურში არიან, უკვე უნდა ჰქონდეთ მიღებული ჩემი თანხმობა; ისინი უნდა იყვნენ მორჩილნი და დამყოლნი და არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა მსხვერპლის გაღება მოუწევთ. თუ ისინი ამბოხებულნი არიან, მაშინ არ არიან ჩემთვის მსახურების გაწევის ღირსნი; მე არ მჭირდება ასეთი ქმნილებები. ისინი სწრაფად უნდა მოშორდნენ აქაურობას; მე ისინი არავითარ შემთხვევაში არ მინდა! ეს ახლა ნათლად უნდა გესმოდეთ! მათ, ვინც მსახურებას მიწევენ, ეს კარგად უნდა შეასრულონ და პრობლემა არ უნდა შექმნან. თუ გრძნობ, რომ იმედი არ გაქვს და იწყებ პრობლემების შექმნას, მაშინ დაუყოვნებლივ მოგიღებ ბოლოს! გასაგებია ეს თქვენთვის, ვინც ჩემს სამსახურში ხართ? ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება.

ჩემი დამოწმება ჩემი პირმშო ძეების მოვალეობაა, ამიტომ არ გთხოვთ, რაიმე გააკეთოთ ჩემთვის; კმაყოფილი ვიქნები, თუკი თქვენ ჯეროვნად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს და დატკბებით იმ კურთხევით, რომლებსაც მე განიჭებთ. ოდეს მოვიარე ყოველი სამყარო და კიდენი ქვეყანისა, გამოვარჩიე ჩემი პირმშონი ძენი და სრულვყავ ისინი. ეს არის ის, რაც მე აღვასრულე სამყაროს შექმნამდე; არცერთმა ადამიანმა იცის ეს, მაგრამ ჩემი საქმე სწორედ ასე, სიჩუმეში აღსრულდა. ეს ფაქტი არ შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებს! თუმცა, ფაქტი ფაქტია და ვერავინ შეცვლის მას. დიდმა თუ პატარა დემონებმა გამოაშკარავეს თავიანთი ჭეშმარიტი ფორმა შენიღბავად და დაექვემდებარნენ ჩემს გაკიცხვას სხვადასხვა ხარისხით. ჩემს საქმეს აქვს ეტაპები და ჩემს სიტყვებში არის სიბრძნე. დაინახეთ რაიმე ჩემი ქმედებებიდან და სიტყვებიდან? უბრალოდ ვაკეთებ და ვამბობ რაღაცას? არის ჩემი სიტყვები მხოლოდ მკაცრი, განმკითხველი ან მანუგეშებელი? ეს მეტისმეტად მარტივია, მაგრამ კაცობრიობისთვის ამის დანახვაც კი უკვე არ არის ადვილი საქმე. ჩემს სიტყვებში არის არა მხოლოდ სიბრძნე, სამსჯავრო, სამართლიანობა, დიდებულება და ნუგეში, არამედ უფრო მეტიც, ისინი მოიცავს იმას, რაც მე მაქვს და რაც მე ვარ. თითოეული ჩემი სიტყვა არის საიდუმლო, რომლის გაცხადებაც კაცობრიობას არ ძალუძს; ჩემი სიტყვები სრულიად მიუწვდომელია ადამიანთათვის და მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოებები გაცხადდა, კაცობრიობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისინი მაინც სცდება კაცობრიობის ფანტაზიისა და გაგების ფარგლებს. სიტყვა, რომლის გაგებაც ჩემთვის ყველაზე მარტივია, ადამიანთათვის ყველაზე რთული გასაგებია; ამიტომ განსხვავება ჩემსა და მათ შორის ისეთივეა, როგორც ცა და მიწა. სწორედ ამიტომ მინდა სრულად გარდავსახო ჩემი პირმშო ძენი და შევიყვანო ისინი სხეულში. მომავალში ისინი არა მხოლოდ ხორციდან შევლენ სხეულში, არამედ სხეულში ყოფნისას სხვადასხვაგვარად იცვლიან ფერს. ეს არის ჩემი გეგმა. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ადამიანებს არ ძალუძთ; უფრო მეტიც, მათ არ აქვთ ამის გაკეთების გზა. ამრიგად, მე რომ ეს დეტალურად აგიხსნათ, თქვენ მაინც ვერ გაიგებდით; თქვენ მხოლოდ ზებუნებრივის შეგრძნების უნარი გექნებოდათ. ეს იმიტომ, რომ მე თავად ვარ ბრძენი ღმერთი.

როდესაც საიდუმლოებებს ხედავთ, ყველანი გარკვეულად რეაგირებთ. მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში არ იღებთ ან არ აღიარებთ ამ საიდუმლოებებს, სიტყვიერად მაინც აღიარებთ მათ. ასეთი ადამიანები ყველაზე მზაკვარნი არიან და როდესაც მე გავამჟღავნებ საიდუმლოებებს, სათითაოდ მოვკვეთ და მივატოვებ მათ. თუმცა, ყველაფერს, რასაც აღვასრულებ, ეტაპობრივად ხდება. მე არ ვაკეთებ საქმეებს ნაჩქარევად და არც ბრმად გამომაქვს დასკვნები; ეს იმიტომ, რომ ღვთაებრივ ხასიათს ვფლობ. ადამიანებს საერთოდ არ ძალუძთ ნათლად დაინახონ ის, რასაც ამჟამად ვაკეთებ, ან რას გავაკეთებ მომდევნო ეტაპზე. მხოლოდ მაშინ, როდესაც მე წარმოვთქვამ ერთი ეტაპის სიტყვებს, ჩემი საქმიანობის გზა ჩემთან ერთად ერთი ნაბიჯით წინ მიიწევს. ყველაფერი ხდება ჩემს სიტყვებში და ყველაფერი მჟღავნდება ჩემს სიტყვებში, ამიტომ არავინ უნდა იყოს ისეთი მოუთმენელი, რომ ლოდინი არ შეეძლოს; ჩემთვის მსახურების ჯეროვნად გაწევა საკმარისია. საუკუნეთა უწინარეს წარმოვთქვი წინასწარმეტყველება ლეღვის ხის შესახებ, მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში არავის უნახავს ლეღვის ხე და არავის შეეძლო მისი ახსნა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ნახსენები იყო ადრინდელ ქება-დიდებებში, არავინ იცოდა მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ეს ტერმინი, ისევე როგორც „დიდი კატასტროფები“, გაურკვეველი და გაუგებარია ადამიანთათვის; ეს ასევე არის საიდუმლო, რომელიც არასოდეს გამიცხადებია კაცობრიობისთვის. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ლეღვის ხე ალბათ კარგი სახეობის ხილის ხე იყო; ისინი შესაძლოა, კიდევ შორს წასულიყვნენ წასულიყვნენ და ეფიქრათ, რომ ის წმინდანებს გულისხმობდა — თუმცა, ეს ინტერპრეტაციები მაინც ძალიან შორს იყო ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობისგან. მე გეტყვით ამას, როდესაც გავხსნი ჩემს გრაგნილს უკანასკნელ დღეებში. („გრაგნილი“ გულისხმობს ჩემს ბაგეთაგან გამომავალ ყველა სიტყვას— სიტყვებს, რომლებსაც მე წარმოვთქვამ უკანასკნელ დღეებში; ყველა მათგანი ჩემი გრაგნილის შინაარსია.) „ლეღვის ხე“ გულისხმობს ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს — თითოეულ მათგანს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმისა, რასაც ის ნიშნავს. ლეღვის ხის აყვავება მიანიშნებს ჩემს მიერ განკაცებულ მდგომარეობაში საქმის დაწყებასა და სიტყვების წაროთქმაზე, მაგრამ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები ჯერ კიდევ არ იყო გაცხადებული (და ეს იმიტომ, რომ იმ დროს ჩემი სახელი ჯერ კიდევ არ იყო დამოწმებული და არავინ იცოდა ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების შესახებ). როდესაც ჩემი სახელი დამოწმდება და გამოცხადდება, როდესაც მას განადიდებს ყველა ადამიანი და როდესაც ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები მიაღწევს შედეგებს, სწორედ მაშინ გამოიღებს ნაყოფს ლეღვის ხე. ეს არის სრული ახსნა, სადაც არაფერია გამოტოვებული; აქ ყველაფერი გამჟღავნებულია. (ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩემს წინა სიტყვებში იყო ისეთი რამ, რომელიც ჯერ კიდევ არ მქონდა სრულად გამჟღავნებული; ამიტომ თქვენ უნდა მოგეცადათ და მოთმინებით გეძიათ.)

როდესაც ჩემს პირმშო ძეებს სრულვყოფ, გავაცხადებ ჩემს სრულ დიდებას და ჩემს მთლიან გამოჩინებას სამყაროს წინაშე. ამას აღვასრულებ ხორცშესხმული, აღმატებულიუამრავ ხალხზე ჩემსავე პიროვნებაში; ეს იქნება ჩემს სიონის მთაზე და ჩემს დიდებაში, და უფრო მეტიც, საყოველთაო შეძახილების ფონზე. ხოლო მტერნი ჩემნი უკუიქცევიან ჩემგან და შთავლენ უძირო უფსკრულსა და ცეცხლისა და გოგირდის ტბაში. ადამიანთა დღევანდელი წარმოდგენები შეზღუდულია და არ შეესაბამება ჩემს თავდაპირველ განზრახვას; ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყოველდღე მიზანში ვიღებ ადამიანთა წარმოდგენებსა და ფიქრებს საუბრისას. დადგება დღე (სხეულში შესვლის დღე), როდესაც ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები სრულიად შესაფერისი იქნება თქვენთვის და არავითარ წინააღმდეგობას არ გაწევთ. იმ დროს აღარ გექნებათ ფიქრები და მაშინ მე შევწყვეტ ლაპარაკს. რადგან თქვენ აღარ გექნებათ თქვენი საკუთარი აზრები, მე უბრალოდ პირდაპირ მოგფენთ ნათელს — ეს არის ის კურთხევა, რომლითაც დატკბებიან პირმშო ძენი და ზუსტად ის ჟამი, როდესაც ისინი ჩემთან ერთად იმეფებენ და ძალაუფლება ექნებათ. ადამიანებს არ სჯერათ იმის, რისი წარმოდგენაც არ ძალუძთ და თუ არსებობენ ისეთებიც, ვისაც სჯერა, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ჩემ მიერ განსაკუთრებულად მოეფინათ ნათელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ ირწმუნებდა და ეს არის ის, რაც უნდა გამოიცადონ. (ადამიანებს რომ არ გაევლოთ ეს ეტაპი, ჩემი დიდი ძალაუფლება ვერ გაცხადდებოდა მასში; ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სიტყვათა წარმოთქმით მე ვათავისუფლებ ადამიანებს მათი წარმოდგენებისგან. სხვას არავის ძალუძს ამ საქმის აღსრულება და ჩემი ჩანაცვლება. მე ვარ ერთადერთი, ვისაც ხელეწიფება მისი დასრულება; თუმცა, ეს როდია უცვლელი. ეს საქმე ადამიანთა მეშვეობით უნდა აღვასრულო.) ადამიანები ენერგიით ივსებიან ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ ყველა მათგანი უკან იხევს — მათ არ ძალუძთ სხვაგვარად მოქცევა. ამაში არის საიდუმლოებები, რომელთა წვდომაც ადამიანებს არ ძალუძთ. ვერავინ წარმოიდგენს, რა მოხდება. მე მოგცემთ საშუალებას, დაინახოთ ეს იმაში, რასაც მე გამოვავლენ. ამის მეშვეობით ჩემი ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა აშკარა გახდება: „მე ამოვძირკვავ ყველას, ვინც არ არის ჩემი გამოყენებისთვის შესაფერისი.“ ჩემს პირმშო ძეებს აქვთ მრავალფეროვანი გამოვლინებები ისევე, როგორც ჩემს მტრებს. ისინი ყველანი სათითაოდ გამოგეცხადებათ. გახსოვდეთ! ნებისმიერს, გარდა პირმშო ძეებისა, აქვს ბოროტი სულების საქმე; ისინი ყველანი სატანის მსახურნი არიან. (ყოველივე ეს მალე თანმიმდევრულად გაცხადდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მსახურება ბოლომდე მართებთ და სხვანი, რომლებსაც მსახურება მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოეთხოვებათ.) ჩემთა სიტყვათა ზემოქმედებით ყოველი გამოავლენს თვისსა ჭეშმარიტ ბუნებას.

ყოველი ქვეყანა, ყოველი ადგილი და ყოველი აღმსარებლობა ტკბება ჩემი სახელის სიმდიდრით. რადგან კატასტროფები ამჟამად მწიფდება და ჩემს ხელთაა და ვემზადები, რომ კაცობრიობას თანდათანობით დავატეხო ისინი, ყოველი ადამიანი სასწრაფოდ ეძიებს ჭეშმარიტ გზას და ისინი ნებისმიერ ფასად დაუწყებენ მას ძებნას. ყოველივესთვის მე მაქვს ჩემი დრო. როდესაც ვიტყვი, რომ ის დასრულდება, ის ზუსტად მაშინ დასრულდება წუთისა და წამის სიზუსტითაც კი. არავის ძალუძს მისი შეფერხება ან შეჩერება. ბოლოს და ბოლოს დიდი წითელი დრაკონი ჩემი დამარცხებული მტერია; ის ჩემთვის მსახურების შემსრულებელია და აკეთებს ყველაფერს, რასაც ვეუბნები, უმცირესი წინააღმდეგობის გარეშე. ის ნამდვილად ჩემი ხარია, ჩემი ცხენი. როდესაც ჩემი საქმე აღსრულდება, მე მას უძირო უფსკრულში და ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩავაგდებ (იგულისხმებიან ისინი, ვინც წარწყმდებიან). ადამიანები, რომლებიც წარწყმდებიან, მხოლოდ სიკვდილს კი არ იგემებენ, არამედ მკაცრადაც დაისჯებიან ჩემი დევნის გამო. ეს არის საქმე, რომლის აღსრულებასაც გავაგრძელებ მსახურების შემსრულებელთა მეშვეობით. ვაიძულებ სატანებს, დახოცონ და გაანადგურონ ერთმანეთი, სრულად აღგავონ პირისაგან მიწისა დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობა. ეს არის ჩემი საქმის ერთი ნაწილი; ამის შემდეგ მე წარმართი ერებისკენ მივბრუნდები. ეს არის ჩემი საქმის ეტაპები.

წინა: თავი 109

შემდეგი: თავი 111

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება