თავი 107

როდესაც ჩემი სიტყვები სიმკაცრის გარკვეულ დონეს აღწევს, ადამიანთა უმეტესობა მათ გამო უკან იხევს — და სწორედ ამ მომენტში აშკარავდებიან ჩემი პირმშო ძენი. ვთქვი, რომ თითსაც არ გავანძრევდი და მხოლოდ ჩემს სიტყვებს გამოვიყენებდი ყოველივეს აღსასრულებლად. ჩემი სიტყვებით ვანადგურებ ყველაფერს, რაც მძულს და ასევე მათ ვიყენებ ჩემი პირმშო ძეების სრულსაყოფად. (როდესაც ჩემი სიტყვები წარმოითქმება, სწორედ მაშინ გაისმის შვიდი ქუხილის ხმა და ეს ასევე ის დროა, როდესაც მე და ჩემი პირმშო ძენი გარდავისახებით და სულიერ სამყაროში შევდივართ.) როდესაც ვთქვი, რომ ჩემი სული პირადად აღასრულებს საქმეს, ვიგულისხმე, რომ ჩემი სიტყვები აღასრულებს ყოველივე. ეს სრულად აჩვენებს, თუ რაში მდგომარეობს ჩემი ყოვლისშემძლეობა და, შესაბამისად, კიდევ უფრო ნათელს ხდის იმ მიზანს, რისთვისაც წარმოვთქვამ თითოეულ წინადადებას და თითოეული წინადადების დანიშნულებას. ვთქვი, რომ ყოველი სიტყვა, რომელსაც ხორცშესხმული წარმოვთქვამ, ჩემი გამოვლენის ერთ-ერთი ასპექტია. ამრიგად, ყველა ის ადამიანი, ვინც დარწმუნებული არ არის და ვისაც ჭეშმარიტად არ სწამს იმისი, რასაც განსხეულებული ვამბობ, უნდა მოიკვეთოს! არაერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ ნორმალური ადამიანობა ჩემი სრული ღვთაებრიობის განუყოფელი ასპექტია, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი კვლავაც ჩემს სრულ ღვთაებრიობაზე ამახვილებს ყურადღებას და უგულებელყოფს ჩემს ადამიანობას. ბრმა ხარ! ამბობ, რომ მე არ ვესადაგები შენს წარმოდგენებს და რომ ჩემი პიროვნება არ შეესაბამება შენს ღმერთს. შეუძლიათ კი ასეთ ადამიანებს ჩემს სასუფეველში დარჩენა? ერთი წიხლით მოგიღებ ბოლოს! აბა, გაბედე და კვლავ გამიწიე წინააღმდეგობა! აბა, გაბედე და განაგრძე ასეთი თვითნებობა! ჩემი ღიმილი არ შეესაბამება შენს წარმოდგენებს, ჩემი საუბარი არ არის სასიამოვნო შენი ყურისთვის და ჩემს ქმედებებს არ მოაქვს შენთვის სარგებელი — ასე არ არის? ყოველივე ეს შენი სურვილებისამებრ უნდა ხდებოდეს. განა ასეთია ღმერთი? და ასეთ ადამიანებს კვლავ სურთ ჩემს სახლში დარჩენა და ჩემს სასუფეველში კურთხევების მიღება? განა ფუჭად არ ოცნებობ? როდიდან გახდა ყველაფერი ასე მშვენიერი! არ გსურს ჩემდამი დამორჩილება, თუმცა მაინც გინდა ჩემგან კურთხევის მიღება. გეუბნები: ეს სრულიად გამორიცხულია! როგორც არაერთხელ მითქვამს, ისინი, ვინც ჩემს სასუფეველში შევლენ და კურთხევას მიიღებენ, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარს. რატომ ვუსვამ ხაზს ამ სიტყვებს? ვიცი და მესმის, რას ფიქრობს თითოეული; არ არის საჭირო, სათითაოდ მივუთითო მათ ფიქრებზე. მათი ჭეშმარიტი ფორმა ჩემი განკითხვის სიტყვებით გამოაშკარავდება და ყველა თავში ხელს წაიშენს და მწარედ ატირდება ჩემი სამსჯავრო საყდრის წინაშე. ეს აშკარა ფაქტია და არავის ძალუძს მისი შეცვლა! საბოლოოდ, მე მათ სათითაოდ ჩავყრი უძირო უფსკრულში. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევაც მსურს ჩემი სამსჯავროთი ეშმაკებისა და სატანის მიმართ. სამსჯავროთი და ადმინისტრაციული განკარგულებებით უნდა მივუდგე თითოეულ ადამიანს; სწორედ ამგვარად ვკიცხავ მათ. გაქვთ კი ამის ჭეშმარიტი წვდომის უნარი? სატანას საბაბს არ ვუტოვებ; უბრალოდ, ჩემს რკინის კვერთხს აღვმართავ მის დასამხობად სანამ სულს არ განუტევებს და კვლავ და კვლავ შენდობას არ მთხოვს. ამიტომ, როდესაც ადამიანები კითხულობენ ჩემი განკითხვის სიტყვებს, ისინი მათ არსს მცირედითაც ვერ სწვდებიან, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ყოველი სტრიქონი და წინადადება ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების აღსრულებაა. ეს აშკარა ფაქტია.

რადგან დღეს სამსჯავრო ვახსენე, ეს თემა სამსჯავრო ტახტს ეხება. წარსულში ხშირად ამბობდით, რომ ქრისტეს საყდრის წინაშე წარდგებოდით განსასჯელად. თქვენ გაქვთ გარკვეული წარმოდგენა სამსჯავროზე, მაგრამ არ ძალგიძთ წარმოიდგინოთ სამსჯავრო საყდარი. შესაძლოა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სამსჯავრო ტახტი ფიზიკური საგანია: მათ შეიძლება წარმოიდგინონ, რომ ეს არის დიდი მაგიდა ან მოსამართლის სავარძელი, როგორიც ამქვეყნიურ მსაჯულებს აქვთ. რა თქმა უნდა, ჩემს ამჟამინდელ განმარტებაში მე არ უარვყოფ თქვენს ნათქვამს, თუმცა ჩემთვის ადამიანთა წარმოდგენები მაინც სიმბოლურ შინაარსს ატარებს. ამრიგად, სხვაობა ადამიანთა წარმოდგენებსა და ჩემს ნაგულისხმევს შორის, მაინც ისეთივე დიდია, როგორც ცა და დედამიწა. ადამიანთა წარმოდგენებში სამსჯავრო საყდრის წინაშე მრავალი ადამიანია პირქვე დამხობილი, რომლებიც თავში ხელს იშენენ, მწარედ მოთქვამენ და წყალობას ითხოვენ. ამ მხრივ ადამიანურმა ფანტაზიამ თავის მწვერვალს მიაღწია და ამაზე მეტის წარმოდგენა არავის ძალუძს. მაშ, რა არის სამსჯავრო ტახტი? სანამ ამ საიდუმლოს გავამჟღავნებ, თქვენ უნდა უარყოთ ყოველივე, რასაც მანამდე ფიქრობდით; მხოლოდ მაშინ მიიღწევა ჩემი მიზანი. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ამ თემაზე თქვენი წარმოდგენები და ფიქრები გაიფანტება. როდესაც ვსაუბრობ, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ. ნურასოდეს იქნებით უყურადღებონი. ჩემი სამსჯავრო ტახტი სამყაროს შექმნისთანავე დამკვიდრდა. წარსულ საუკუნეებსა და თაობებში მის წინაშე მრავალი მომკვდარა და მრავალიც აღმდგარა და დაბრუნებია სიცოცხლეს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ დასაბამიდან აღსასრულამდე ჩემი სამსჯავრო არასდროს წყდება და ამიტომ, ჩემი სამსჯავრო ტახტი მარად არსებობს. სამსჯავრო ტახტის ყოველი ხსენება ადამიანებში შიშის განცდას ბადებს. რა თქმა უნდა, ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა არის ეს სამსჯავრო ტახტი. ის თანაარსებობს სამსჯავროსთან, მაგრამ ისინი ორი სხვადასხვა სახის სუბსტანციაა. (აქ „სუბსტანცია“ ფიზიკურ საგანს კი არ გულისხმობს, არამედ სიტყვებს. ადამიანებს საერთოდ არ ძალუძთ ამ სუბსტანციის დანახვა.) სამსჯავროში ჩემი სიტყვები იგულისხმება. (მიუხედავად იმისა, მკაცრია ისინი თუ რბილი, ყველა მათგანი ჩემს სამსჯავროში შედის. ამგვარად, ყოველივე, რაც ჩემს ბაგეთაგან გადმოდის, სამსჯავროა.) წარსულში ადამიანები ჩემს სიტყვებს მრავალ სხვადასხვა კატეგორიად ყოფდნენ, მათ შორის იყო განკითხვის სიტყვები, რბილი სიტყვები და სიცოცხლის მომცემი სიტყვები. დღეს მე განგიმარტავთ, რომ სამსჯავრო და ჩემი სიტყვები ურთიერთდაკავშირებულია. ანუ სამსჯავრო ჩემი სიტყვებია, ხოლო ჩემი სიტყვები — სამსჯავრო; ისინი ერთმანეთისგან განცალკევებით არასოდეს უნდა ახსენოთ. ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ მრისხანე სიტყვებია სამსჯავრო, მაგრამ მათ მხოლოდ მისი ნაწილი ესმით. ყველაფერი, რასაც ვამბობ, სამსჯავროა. წარსულში ნახსენები სამსჯავროს დასაწყისი გულისხმობდა იმ დროს, როდესაც ჩემმა სულმა ოფიციალურად დაიწყო მოქმედება ყველგან და ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების აღსრულება. ამ წინადადებაში „სამსჯავრო“ რეალობას გულისხმობს. ახლა მე განვმარტავ სამსჯავრო ტახტს: რატომ ვამბობ, რომ სამსჯავრო ტახტი არსებობს უკუნითი უკუნისამდე? და რატომ ვამბობ, რომ ის სამსჯავროსთან ერთად თანაარსებობს? ჩაწვდით თუ არა სამსჯავროს ჩემეულ განმარტებას? სამსჯავრო ტახტი ჩემს პიროვნებას გულისხმობს. უკუნითი უკუნისამდე მე ყოველთვის წარმოვთქვამდი გამონათქვამებს და ვსაუბრობდი. მე მარადიულად ვცოცხლობ, ამიტომ ჩემი სამსჯავრო ტახტი და ჩემი სამსჯავრო მარადიულად თანაარსებობენ. ეს უკვე ნათელი უნდა იყოს! თავიანთ წარმოდგენებში ადამიანები საგნად მთვლიან, მაგრამ ამ მხრივ არც გადანაშაულებთ და არც გგმობთ. მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ გექნებათ მორჩილი გული, მიიღებთ ჩემს გაცხადებას და აქედან შეიცნობთ, რომ მე ვარ ყოვლისმომცველი თავად ღმერთი.

ჩემი სიტყვები სრულიად გაუგებარია ადამიანებისთვის, ჩემი ნაკვალევის პოვნა მათთვის შეუძლებელია და ჩემი განზრახვების წვდომა მათ არ ძალუძთ. ამრიგად, ის წერტილი, რომელსაც დღეს მიაღწიეთ (ჩემი გაცხადების მიღება და მისი მეშვეობით ჩემი განზრახვების წვდომისა და ჩემი ნაბიჯებისთვის ფეხის აწყობის უნარი), მთლიანად ჩემი საკვირველი საქმეების, ჩემი მადლისა და ჩემი წყალობის შედეგია. ერთ დღეს მე იმის ნებასაც დაგრთავთ, რომ იხილოთ ჩემი სიბრძნე, ის, რაც ჩემი ხელებით მოვიმოქმედე და იხილოთ ჩემი საქმის საკვირველება. როდესაც ეს დრო დადგება, მთელი ჩემი მართვის გეგმის მონახაზი სრულად გაცხადდება თქვენ თვალწინ. მთელ სამყაროში და ყოველდღიურად ჩემი საკვირველი საქმეების ნაწილები ვლინდება და ყოველივე ემსახურება ჩემი მართვის გეგმის აღსრულებას. როდესაც ეს სრულად გამოვლინდება, იხილავთ, თუ როგორი ხალხი განვაწესე მსახურების გასაწევად, ჩემი ნების აღსასრულებლად, რას მივაღწიე სატანის გამოყენებით, რა აღვასრულე თავად, როგორი ხალხი ტირის, როგორი ხალხი აღრჭიალებს კბილებს, როგორი ხალხი წარწყმდება და როგორი — დაიღუპება. „წარწყმედა“ ეხება მათ, ვინც ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაიყრება და სრულად დაიწვება; „დაღუპვა“ კი — მათ, ვინც უძირო უფსკრულში ჩაიყრება, რათა იქ მარადიულად დაიტანჯოს. ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ წარწყმედა და დაღუპვა ერთი და იგივეა; პირიქით, ეს ორი რამ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მსახურების შემსრულებელნი, რომლებიც დღეს განუდგებიან ჩემს სახელს, დაიღუპებიან, ხოლო ისინი, ვინც არ არიან ჩემი სახელისა, წარწყმდებიან. ამიტომ ისინი, ვინც დაიღუპებიან, ჩემი სამსჯავროს შემდეგ იძულებულნი იქნებიან, მარადიულად მადიდონ; და მაინც, ეს ადამიანები ვერასოდეს დააღწევენ თავს ჩემს გაკიცხვას და ყოველთვის მიიღებენ ჩემს მმართველობას. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ უძირო უფსკრული არის ხელი, რომელსაც ადამიანთა გასაკიცხად ვიყენებ. მე ასევე ვამბობ, რომ ყოველივე ჩემს ხელთაა. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი, „უძირო უფსკრული“ სატანის გავლენას გულისხმობს-მეთქი, ისიც ჩემს ხელთაა, რომელსაც ადამიანთა გასაკიცხად ვიყენებ. ამრიგად, ყველაფერი ჩემი ხელით იმართება და აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. ჩემი სიტყვები დაუფიქრებლად არ არის ნათქვამი; ისინი აწონილ-დაწონილი და თანმიმდევრულია. ისინი ნამდვილად არ არის გამოგონილი ან დაუფიქრებლად ნათქვამი და ყველას უნდა სწამდეს ჩემი სიტყვების. მომავალში თქვენ დაიტანჯებით ამის გამო. ჩემი სიტყვების გამო მრავალი ადამიანი ხდება ცივი ან სასოწარკვეთილებაში ვარდება, ან იმედგაცრუებული რჩება, ან მწარედ ტირის, ან მოთქვამს. ყოველგვარი რეაქცია იქნება. ერთ დღეს, როდესაც ყველა ის ადამიანი, ვინც მძულს, უკან დაიხევს, ჩემი დიადი საქმე აღსრულდება. მომავალში მრავალი ადამიანი დაეცემა პირმშო ძეების გამო და საბოლოოდ, ისინი ყველა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხევენ უკან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემი სახლი თანდათანობით წმინდა გახდება და ყოველგვარი დემონი თანდათანობით დაიხევს უკან ჩემგან, წავლენ ჩუმად, მორჩილად და უსაყვედუროდ. ამის შემდეგ ჩემი ყველა პირმშო ძე გამოვლინდება და მე დავიწყებ ჩემი საქმის მომდევნო ეტაპის აღსრულებას. მხოლოდ მაშინ იმეფებენ პირმშო ძენი ჩემთან ერთად და განაგებენ მთელ სამყაროს. ეს არის ჩემი საქმის ეტაპები და ისინი ჩემი მართვის გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ნუ უგულებელყოფთ ამას, რათა შეცდომები არ დაუშვათ.

ის დრო, როდესაც ჩემი სიტყვები გეცხადებათ, არის ჩემი საქმის დაწყების ჟამი. ჩემი არცერთი სიტყვა არ დარჩება შეუსრულებელი. ჩემთვის ერთი დღე ათასი წელივითაა, ხოლო ათასი წელი — ერთი დღესავით. თქვენ როგორ უყურებთ ამას? თქვენი და ჩემი წარმოდგენა დროის შესახებ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან მე ვაკონტროლებ სამყაროს და მე აღვასრულებ ყოველივეს. ჩემი საქმე აღსრულდება დღითიდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად; უფრო მეტიც, ჩემი საქმის წინსვლა ერთი წამითაც არ ჩერდება: ყოველ წამს ის განუწყვეტლივ სრულდება. ჩემი სიტყვები არასოდეს შეწყვეტილა სამყაროს შექმნიდან მოყოლებული. მე ყოველთვის ვსაუბრობდი და ყოველთვის წარმოვთქვამდი ჩემს გამონათქვამებს. ასეა დღესაც და უცვლელი დარჩება მომავალშიც. თუმცა ჩემი დრო საგულდაგულოდ არის განაწილებული და ორგანიზებული; ის ძალიან მოწესრიგებულია. მე აღვასრულებ იმას, რაც უნდა აღვასრულო, მაშინ, როცა ეს დამჭირდება (ჩემთან ყოველივე გათავისუფლდება; ყოველივე თავისუფალი იქნება) და ეს ოდნავადაც არ შეაფერხებს ჩემი საქმის ეტაპებს. მე შემიძლია განვაწესო ყველა ჩემს სახლში; მე შემიძლია განვაწესო ყველა მსოფლიოში. თუმცა მე სულაც არ ვარ დაკავებული, რადგან ჩემი სული მოქმედებს და ავსებს ყოველ ადგილს, და რადგან მე ვარ თავად უნიკალური ღმერთი და მთელი სამყარო ჩემს ხელთაა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მე ვარ ყოვლისშემძლე, მე ვარ ბრძენი და ჩემი დიდება ავსებს სამყაროს ყოველ კუთხეს.

წინა: თავი 106

შემდეგი: თავი 108

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება