თავი 106
ვინც ჩემს სიტყვებს არ იცნობს, ვინც ჩემს ნორმალურ ადამიანობას არ იცნობს და ვინც ჩემს ღვთაებრიობას ეწინააღმდეგება, ყველა არარად იქცევა. ამას ვერავინ აარიდებს თავს და ყველამ უნდა გაიაროს შემოწმება ამ ასპექტში, რადგან ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებაა და ის ყველაზე მკაცრად სრულდება. ისინი, ვინც ჩემს სიტყვებს არ იცნობენ, არიან ადამიანები, რომლებმაც მოისმინეს ის, რაც მე გარკვევით აღვნიშნე, მაგრამ მაინც ვერ შეიცნეს მისი მნიშვნელობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სულიერი გაგება არ გააჩნიათ (რადგან ადამიანში ასეთი უნარი არ ჩამიდია, მისგან ბევრს არ ვითხოვ; მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ შეძლოს მათი პრაქტიკაში განხორციელება). ისინი ჩემი სახლის ხალხი არ არიან და არც ჩემი მოდგმისანი არიან. ისინი სატანის სამეფოს განეკუთვნებიან. ამიტომ, არ მსურს არცერთი ამ ადამიანთაგანი, რომელსაც სულიერი გაგება არ გააჩნია. ადრე ფიქრობდით, რომ მეტისმეტი მომდიოდა, მაგრამ ახლა უკვე უნდა გესმოდეთ. როგორ შეიძლება მხეცები ღმერთს ესაუბრებოდნენ? განა ეს აბსურდული არ იქნებოდა? ადამიანები, რომლებიც ჩემს ნორმალურ ადამიანობას არ იცნობენ, არიან ისინი, ვინც საკუთარ წარმოდგენებს იყენებენ იმის გასაზომად, რასაც მე ჩემს ადამიანობაში ვაკეთებ. ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილდნენ, ისინი, თავიანთი ხორციელი თვალებით, ცდილობენ ჩემს ყოველ მოქმედებაში ნაკლი იპოვონ. ნუთუ ამაო იყო ის სიტყვები, რომლებიც წარმოვთქვი? მე ვთქვი, რომ ჩემი ნორმალური ადამიანობა ჩემი, თავად სრულქმნილი ღმერთის, განუყოფელი ნაწილია და რომ ეს არის სათანადო გზა, რომლითაც ჩემი ნორმალური ადამიანობა და სრული ღვთაებრიობა ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებს: როდესაც ის, რასაც ჩემი ნორმალური ადამიანობის მეშვეობით ვაკეთებ, ადამიანურ წარმოდგენებს არ შეესაბამება, ისინი, ვინც მეწინააღმდეგებიან და ჩემთან შეუსაბამონი არიან, აშკარავდებიან. ამის შემდეგ, ჩემი სრული ღვთაებრიობა ადამიანობის მეშვეობით საუბრობს და სწორედ ამგვარად, ვუმკლავდები ზოგიერთ ადამიანს. თუ არ გესმის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მაინც შეგიძლია დამორჩილდე, მაშინ შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც არ ვგმობ; ასეთ ადამიანებს უბრალოდ ნათელს ვფენ. ეს ადამიანები სწორედ ის ხალხია, ვინც მე მიყვარს და შენი მორჩილების გამო, მე ნათელს გფენ შენ. მათში, ვინც ჩემს ღვთაებრიობას ეწინააღმდეგებიან, შედიან ისინიც, ვინც არ იცნობს ჩემს სიტყვებს, ვინც ჩემს ნორმალურ ადამიანობასთან შეუსაბამოა და ვინც უკმაყოფილოა იმით, რასაც მე ღვთაებრიობაში ვაკეთებ (მაგალითად, ჩემი განრისხება ან ეკლესიის აღშენება და ა.შ.). ყოველივე ეს ჩემი ღვთაებრიობისადმი წინააღმდეგობის გამოხატულებაა. თუმცა, არის ერთი რამ, რასაც ხაზი უნდა გავუსვა და რასაც თითოეულმა თქვენგანმა ყურადღება უნდა მიაქციოს: ისინი, ვინც ჩემს ამჟამინდელ პიროვნებასთან შეუსაბამონი არიან, ჩემს ღვთაებრიობას ეწინააღმდეგებიან. რატომ ვიმეორებ კვლავ და კვლავ, რომ ჩემი პიროვნება თავად სრულქმნილი ღმერთია? ჩემი პიროვნების ხასიათი მოიცავს მთელ ღვთაებრივ ხასიათს. ნუ გამოიყენებთ ადამიანურ წარმოდგენებს ჩემს გასაზომად. ახლაც კი, ბევრი ადამიანი კვლავ ამბობს, რომ მე ნორმალური ადამიანობა მაქვს და რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, აუცილებლად სწორი არ არის. ასეთი ადამიანები — განა უბრალოდ სიკვდილს არ ითხოვთ? მათ ჩემი ნათქვამიდან არცერთი სიტყვა არ ესმით; ისინი აბსოლუტურად ბრმათა შთამომავლები და დიდი წითელი დრაკონის ნაშიერები არიან! კიდევ ერთხელ ვეტყვი ყველას (და ამის შემდეგ აღარ გავიმეორებ და ყველა, ვინც კვლავ ჩაიდენს ამ შეურაცხყოფას, უთუოდ დაწყევლილი იქნება): ჩემი სიტყვები, ჩემი სიცილი, ჩემი ჭამა, ჩემი ცხოვრება, ჩემი საუბარი და ჩემი ქცევა — ეს ყოველივე სრულდება ჩემ მიერ, თავად ღმერთის მიერ — და მათში უმცირესი ადამიანური ელემენტიც კი არ არის შერეული. არცერთი! საერთოდ არავითარი! ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი წვრილმანი გათვლები და აღარასოდეს დაუბრუნდნენ მათ. რაც უფრო მეტად გააგრძელებენ ადამიანები ამის კეთებას, მით უფრო მიუახლოვდებიან დაღუპვას. ყურად იღეთ ჩემი რჩევა!
მე ყოველთვის გულდასმით ვიკვლევ ყველა ადამიანის გულის სიღრმეს, გულდასმით ვაკვირდები თითოეული ადამიანის ყოველ სიტყვასა და ქმედებას. ნათლად ვხედავ სათითაოდ მათ, ვინც მომწონს და ვინც მძულს. ეს არის ის, რისი წარმოდგენაც ადამიანებს არ შეუძლიათ, მით უმეტეს — მისი განხორციელება. მე იმდენი რამ ვთქვი და იმდენი რამ გავაკეთე — ვინ შეძლებს საფუძვლიანად ახსნას, რა არის ჩემი სიტყვებისა და ჩემი ქმედებების მიზანი? ვერავინ შეძლებს. ამიერიდან, კიდევ უფრო მეტ სიტყვას ვიტყვი. ერთი მხრივ, ეს განკვეთს ყველა იმ ადამიანს, ვინც მძულს, ხოლო მეორე მხრივ, გაიძულებთ ამ კუთხით ცოტა მეტად დაიტანჯოთ, რათა კიდევ ერთხელ იგემოთ მკვდრეთით აღდგომა, ოღონდ უფრო მეტი სიმკაცრით. ამის განსაზღვრა ადამიანებს არ შეუძლიათ და ვერც ვერავინ შეუშლის ხელს მის მოხდენას. თუნდაც ახლა რომ იცოდეთ ამის შესახებ, როცა დრო მოვა, მაინც ვერ შეძლებთ ამგვარი ტანჯვის თავიდან აცილებას, რადგან ასეთია ჩემი მუშაობის მეთოდი. ასე უნდა ვიმოქმედო, რათა ჩემს მიზნებს მივაღწიო და ჩემი ნება თქვენზე აღსრულდეს. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ „თქვენ მოგიწევთ უკანასკნელი ტანჯვის ატანა“. ამის შემდეგ, თქვენი ხორცი აღარასოდეს დაიტანჯება, რადგან დიდი წითელი დრაკონი ჩემ მიერ განადგურებული იქნება და ვეღარ გაბედავს კვლავ თარეშს. ეს არის უკანასკნელი ნაბიჯი სხეულში შესვლამდე; ეს არის გარდამავალი ეტაპი. მაგრამ ნუ გეშინიათ — აუცილებლად გადაგალახვინებთ ყოველგვარ სირთულეს. ირწმუნეთ, რომ მე თავად ვარ სამართლიანი ღმერთი და რასაც ვამბობ, უთუოდ აღსრულდება. მე თავად ვარ ერთგული ღმერთი. ყველა ქვეყანა, ყველა მიწა და ყველა აღმსარებლობა ჩემთან ბრუნდება და ჩემი ტახტისკენ მოედინება. ეს არის ჩემი დიდი ძალმოსილება და განვსჯი ურჩობის თითოეულ ძეს და ჩავყრი მათ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში — არცერთი არ გადარჩება. ყველამ უკან უნდა დაიხიოს. ეს არის ჩემი მართვის გეგმის უკანასკნელი ნაბიჯი და როგორც კი ის დასრულდება, ჩემი მოსვენების ჟამიც დადგება, რადგან ყველაფერი აღსრულებული იქნება და ჩემი მართვის გეგმა დასასრულს მიაღწევს.
რადგან ჩემი საქმის ტემპი აჩქარდა (თუმცა მე სულაც არ ვგრძნობ შფოთვას), ყოველდღიურად გიმჟღავნებთ ჩემს სიტყვებს და ყოველდღე გიცხადებთ ჩემს საიდუმლოებებს, რათა შეძლოთ ჩემს ნაბიჯებს კვალდაკვალ მიჰყვეთ. (ესაა ჩემი სიბრძნე. ჩემს სიტყვებს ვიყენებ ადამიანების სრულყოფისათვის, თუმცა ასევე მათ განსაგმირად. ყველა კითხულობს ჩემს სიტყვებს და შეუძლია ჩემს სიტყვებში არსებული ჩემი ნების შესაბამისად იმოქმედოს. ისინი, ვინც ნეგატიურნი არიან, ნეგატიურნი იქნებიან, ხოლო ისინი, ვინც უნდა გამოაშკარავდნენ, გამოაშკარავდებიან. ისინი, ვინც მეწინააღმდეგებიან, შემეწინააღმდეგებიან, ხოლო ისინი, ვისაც ერთგულად ვუყვარვარ, კიდევ უფრო ერთგულნი გახდებიან. ამგვარად, ყველა შეძლებს ჩემს ნაბიჯებს მიჰყვეს. ყველა ეს სიტუაცია, რომელიც აღვწერე, ჩემი მუშაობის მეთოდებია და ასევე ის მიზნები, რომელთა მიღწევაც მსურს.) წარსულში ასეთი რამ გითხარით: როგორც არ უნდა გაგიძღვეთ, თქვენც იმავე გზით უნდა იაროთ. რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ, უნდა შეისმინოთ. რას ვგულისხმობ ამაში? იცით? რა არის ამ ჩემი სიტყვების მიზანი და მნიშვნელობა? გესმით? რამდენ ადამიანს შეუძლია ამის სრულად გადმოცემა? როდესაც ვამბობ: „როგორც არ უნდა გაგიძღვეთ, თქვენც იმავე გზით უნდა იაროთ“, ამით მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ მე, როგორც პიროვნება, წარგიძღვებით; უფრო მეტად ვგულისხმობ იმ სიტყვებს, რომლებსაც ვამბობ და იმ გზას, რომელსაც თავად მივყვები. დღეს ეს სიტყვები ჭეშმარიტად აღსრულდა. როგორც კი ჩემი სიტყვები წარმოითქმება, ყოველგვარი დემონური სახე ჩემი პირისახის ნათლის წინაშე აშკარავდება, რაც მათი ნათლად დანახვის საშუალებას გაძლევთ. ჩემი ეს სიტყვები არ არის მხოლოდ სატანისადმი მიმართული განცხადება, არამედ, უფრო მეტიც, თქვენთვის მოცემული დავალებაა. უმეტესობა თქვენგანი უგულებელყოფს ამ სიტყვებს და ფიქრობს, რომ ეს თქვენთვის მოცემული დავალებაა, მაგრამ არ იცით, რომ ეს სამსჯავროს სიტყვებია და ის სიტყვებია, რომლებიც ხელმწიფებას ატარებს. ჩემი სიტყვების მიზანია ვუბრძანო სატანას, ჯეროვნად გამიწიოს მსახურება და სრულად დამემორჩილოს. იმ საიდუმლოებთაგან, რომლებიც წარსულში გავამჟღავნე, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, რომელთა გაგებაც არ შეგიძლიათ. ამიტომ, მომავალში კიდევ მეტს გაგიმჟღავნებთ, რათა უფრო ნათელ და საფუძვლიან გაგებას მიაღწიოთ.
როდესაც დიდი კატასტროფები ხდება, ყველას შიში იპყრობს. ადამიანები თავში იშენენ ხელებს, მწარედ ქვითინებენ და სძულთ ის ბოროტი საქმეები, რომლებიც ჩაიდინეს, მაგრამ იმ დროისთვის უკვე მეტისმეტად გვიანი იქნება, რადგან ეს არის რისხვის ჟამი. ეს არ არის ადამიანების გადარჩენისა და მათთვის მადლის მინიჭების დრო, არამედ ეს არის დრო, მოვიცილო ყველა მსახურების შემსრულებელი და ჩემს ძეებს მივცე უფლება, ძალაუფლება ჩემთვის გამოიყენონ. ეს ნამდვილად განსხვავდება წარსული დროებისგან. ასეთი რამ სამყაროს შექმნის დღიდან არასოდეს მომხდარა. რადგან ერთხელ შევქმენი სამყარო, ერთხელვე გავანადგურებ მას და ის, რაც წინასწარ განვსაზღვრე, მას ვერავინ შეცვლის. ორი ტერმინი, „კრებითი ქრისტე-ადამიანები“ და „კრებითი საყოველთაო ახალი ადამიანები“, ადრეც საკმაოდ ხშირად იყო ნახსენები. როგორ უნდა აიხსნას ისინი? ნიშნავს თუ არა „კრებითი ქრისტე-ადამიანები“ პირმშო ძეებს? ნიშნავს თუ არა „კრებითი საყოველთაო ახალი ადამიანები“ ასევე პირმშო ძეებს? არა. ეს ფრაზები ადამიანებს არ აქვთ სწორად განმარტებული. რადგან ადამიანური წარმოდგენები მხოლოდ ამ დონემდე აძლევს მათ რაღაცების გაგების საშუალებას, მე მათ აქ და ახლა განვმარტავ თქვენთვის. კრებითი ქრისტე-ადამიანები და კრებითი საყოველთაო ახალი ადამიანები ერთი და იგივე არ არის. მათ ცალ-ცალკე მნიშვნელობები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ტერმინი ფორმულირებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს და შეიძლება ერთი და იგივე რამ ჩანდეს, რეალური სიტუაცია სრულიად საპირისპიროა. ვის გულისხმობს ზუსტად „კრებითი ქრისტე-ადამიანები“? ან, რას გულისხმობს ის? ქრისტე-ადამიანებზე საუბრისას, ყველა ერთხმად ჩემზე გაიფიქრებს და ამაში ისინი სულაც არ ცდებიან. გარდა ამისა, ადამიანური წარმოდგენებით, ტერმინი „ადამიანები“ აუცილებლად ადამიანებს გულისხმობს; არცერთი ადამიანი არ დაუკავშირებს მას სხვა რამეს. ტერმინ „კრებითზე“ საუბრისას, ადამიანები იფიქრებენ, რომ ეს ნიშნავს ბევრი ადამიანის შეკრებას, რომლებიც თითქმის ერთ მთლიანობას წარმოადგენენ და ამიტომაც ეწოდებათ „კრებითი“. აქედან ჩანს, რომ ადამიანთა გონება მეტისმეტად მარტივია. მათ საერთოდ არ შეუძლიათ ჩემი მნიშვნელობის გაგება. ახლა ოფიციალურად დავიწყებ თანაზიარებას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ კრებითი ქრისტე-ადამიანები (მაგრამ ადამიანებმა უნდა უარყონ საკუთარი წარმოდგენები; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს მის წვდომას და მე რომც განვმარტო ეს ტერმინი, ისინი არც დაიჯერებენ და ვერც გაიგებენ): როგორც კი ჩემი სიტყვები წარმოითქმება, ჩემი პირმშო ძეები შეძლებენ იმოქმედონ ჩემი განზრახვების შესაბამისად და გამოხატონ ჩემი განზრახვები, რათა ერთი გულისა და ერთი ბაგისა იყვნენ. ურიცხვი ერისა და ხალხის განკითხვისას, ისინი შეძლებენ აღასრულონ ჩემი სამართლიანობა და განახორციელონ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები; ისინი ჩემი გამოხატულება და ჩემი გამოვლინება არიან. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ კრებითი ქრისტე-ადამიანები არის ფაქტი იმისა, რომ პირმშო ძეების მიერ ხორციელდება ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები და რომ ხელმწიფება პირმშო ძეების ხელშია. ეს ყველაფერი ქრისტეს უკავშირდება — აქედან მოდის ტერმინი „ქრისტე-ადამიანები“. გარდა ამისა, ყველა პირმშო ძეს შეუძლია იმოქმედოს ჩემი განზრახვების შესაბამისად და ამიტომ, ვიყენებ ტერმინს „კრებითი“. „კრებითი საყოველთაო ახალი ადამიანები“ ნიშნავს ყველა ადამიანს, რომელიც ჩემს სახელშია; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემს პირმშო ძეებს, ჩემს ძეებსა და ჩემს ხალხს. სიტყვა „ახალი“ ჩემს სახელს უკავშირდება. რადგან ისინი ჩემს სახელში არიან (ჩემი სახელი ყველაფერს მოიცავს და მარადიულად ახალია და არასოდეს ძველდება; ადამიანს მისი შეცვლა არ შეუძლია) და რადგან ისინი მომავალში სამუდამოდ ცოცხლები დარჩებიან, ამიტომ ისინი საყოველთაო ახალი ადამიანები არიან. აქ სიტყვა „კრებითი“ ადამიანთა რაოდენობას ეხება და არ ნიშნავს იგივეს, რასაც წინა შემთხვევაში აღნიშნავდა. როდესაც ჩემი სიტყვა წარმოითქმება, ყველამ უნდა ირწმუნოს იგი. ნუ შეგეპარებათ ეჭვი. განიშორეთ თქვენი ადამიანური წარმოდგენები და ადამიანური ფიქრები. ამჟამინდელი პროცესი, რომლითაც ჩემს საიდუმლოებებს გიმჟღავნებთ, სწორედ ადამიანური წარმოდგენებისა და ფიქრების მოცილების პროცესია. (რადგან ადამიანები საკუთარ წარმოდგენებს ჩემს გასაზომად იყენებენ და იმის გასაზომად, რასაც ვამბობ, მე ვიყენებ ჩემს მიერ გამჟღავნებულ საიდუმლოებებს ადამიანური წარმოდგენებისა და ფიქრების მოსაცილებლად.) ეს საქმე მალე დასრულდება. როდესაც ჩემი საიდუმლოებები გარკვეულ დონემდე გამჟღავნდება, ადამიანებს უბრალოდ საკუთარი ფიქრები ჩემი სიტყვების შესახებ აღარ ექნებათ და შეწყვეტენ ჩემს გაზომვას თავიანთი ადამიანური წარმოდგენებით. ყველაფერი, რასაც ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ, გამოვააშკარავებ და საპასუხო დარტყმას მივაყენებ. გარკვეულ მომენტში, ადამიანები აღარ იფიქრებენ. მათი გონება ყოველგვარი ფიქრისგან დაცარიელდება და სრულად დაემორჩილება ჩემს სიტყვებს. ეს იქნება დრო, როდესაც თქვენ შეხვალთ სულიერ სამყაროში. ეს არის ჩემი საქმის ის ეტაპი, რომელიც წინ უძღვის იმ მომენტს, როცა მე მოგცემთ სულიერ სამყაროში შესვლის უფლებას. თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ადამიანური წარმოდგენებისგან, რათა წმინდად და უბიწოდ შეძლოთ სულიერ სამყაროში შესვლა. სწორედ ამას ნიშნავს ფრაზა: „მე ვარ წმინდა სულიერი სხეული“. თუმცა, თქვენ აუცილებლად უნდა იმოქმედოთ ჩემი ნაბიჯების შესაბამისად და ვიდრე ამას გააცნობიერებთ, ჩემი დროც დადგება.