სამი შეგონება

როგორც მორწმუნე ადამიანი, ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის ერთგული უნდა იყოთ და უნდა შეგეძლოთ ყველა ასპექტში უფლის განზრახვების შესაბამისად მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აცნობიერებს ამ გზავნილს, ადამიანის წინაშე არსებული სხვადასხვაგვარი სირთულეების გამო - როგორიცაა უმეცრება, უგუნურება და უკეთურება - ზემოთ ხსენებული ჭეშმარიტება, რომელიც ძალზედ აშკარა და საბაზისოა, ადამიანებისთვის სრულად გასაგები მაინც არ არის. ამიტომ, სანამ თქვენი დასასრული განისაზღვრება, უმჯობესია გესაუბროთ ისეთ რაღაცებზე, რაც თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, ერთი რამ მსურს გაიაზროთ: სიტყვები, რომლებსაც მე წარმოვთქვამ, არის ჭეშმარიტება, რომელიც სრულიად კაცობრიობას მიემართება; ეს სიტყვები არ შეეხება მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა კატეგორიას. ამიტომ, კონცენტრირდით და გაიაზრეთ ჩემს სიტყვებში არსებული ჭეშმარიტება, ასევე გამოიჩინეთ განსაკუთრებით ყურადღებიანი და გულწრფელი დამოკიდებულება; არ გამოტოვოთ არც ერთი სიტყვა ან ჭეშმარიტება, რასაც მე ვამბობ და არ მოეკიდოთ ჩემს სიტყვებს ზედაპირულად. რასაც ვაკვირდები, ადამიანები, ცხოვრებაში, ბევრ ისეთ რამეს სჩადიხართ, რაც ჭეშმარიტებასთან შეუსაბამოა, ამიტომ, პირდაპირ მოგიწოდებთ, რომ გახდეთ ჭეშმარიტების მსახურნი, არ დაემონოთ ბოროტებასა და სიმახინჯეს, არ გათელოთ ფეხქვეშ ჭეშმარიტება ან არ წაბილწოთ უფლის სახლის არცერთი კუთხე-კუნჭული. ეს არის ჩემი შეგონება თქვენთვის. ახლა კი, მთავარ თემაზე გადავალ.

პირველ რიგში, თქვენი ბედის გულისთვის, უნდა მიაღწიოთ ღვთის მიერ აღიარებას. ეს ნიშნავს, რომ რადგან აღიარებთ, რომ ღვთის სახლის წევრები ხართ, მაშინ ყოველმხრივ უნდა დაამშვიდოთ ღვთის გული და ყოველმხრივ დააკმაყოფილოთ იგი — ანუ, უნდა იმოქმედოთ პრინციპულად და ჭეშმარიტების შესაბამისად. თუ შენ ამას ვერ მიაღწევ, მაშინ ღმერთი უარგყოფს და ყველასგან ზიზღით უარყოფილი იქნები. როგორც კი ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდები, შენ ვეღარ ჩაითვლები ღვთის სახლის წევრად, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ გაღიარებს.

მეორე, დაიმახსოვრეთ, რომ უფალს პატიოსანი ადამიანები უყვარს. ღმერთის არსი ერთგულებაა, ამიტომ მისი სიტყვები ყოველთვის სანდოა; მეტიც, ღმერთის მოქმედებები უნაკლო და უდავოა. სწორედ ამიტომ, მე მომწონს ის, ვინც ჩემ მიმართ აბსოლუტურად პატიოსანია. პატიოსნება ნიშნავს, მიუძღვნათ თქვენი გული ღმერთს, არაფერში არ იყოთ ყალბი ღვთის წინაშე, იყოთ მასთან ყველაფერში გულახდილები, არასდროს დაუმალოთ ფაქტები, არ ეცადოთ მოატყუოთ თქვენზე მაღლა მდგომნი და არ დაუმალოთ რაღაცები თქვენზე დაბლა მდგომთ, არ ჩაიდინოთ ისეთი რამ, რაც მხოლოდ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურება. მოკლედ, პატიოსნება ნიშნავს იყო სუფთა შენს ქმედებებსა და გამონათქვამებში, არ მოატყუო არც ღმერთი და არც ადამიანი. რასაც მე ვამბობ ძალზე მარტივია, თუმცა თქვენთვის, ეს ყველაფერი ორმაგად რთულია. ბევრს ურჩევნია ჯოჯოხეთში იქნას ჩაგდებული, ვიდრე გულწრფელად ისაუბროს და იმოქმედოს. გასაკვირი არ არის, რომ უპატიოსნო ადამიანებისთვის მე შემონახული მაქვს განსხვავებული მოპყრობა. რასაკვირველია, მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად ძნელია თქვენთვის იყოთ პატიოსანი ადამიანები. ვინაიდან თქვენ ყველანი ასეთი „ჭკვიანები“ ხართ, კარგად გამოგდით კეთილშობილი ადამიანების გულების შეფასება თქვენივე უკეთური აზროვნებიდან გამომდინარე, ეს ჩემს საქმეს ბევრად უფრო ამარტივებს. და რადგან თითოეული თქვენგანი თქვენს საიდუმლოებებს გულში ინახავს, მაშ კარგი, მე თქვენ, ერთიმეორის მიყოლებით, უბედურებაში ჩაგაგდებთ, რათა ცეცხლით „გაიწვრთნათ“, ამგვარად, ამის შემდეგ საბოლოოდ განმტკიცდებით ჩემი სიტყვების რწმენაში. და ბოლოს, პირიდან ამოგგლეჯთ სიტყვებს „ღმერთი ერთგული ღმერთია“, რის შემდეგაც მკერდზე მჯიღისცემით, დანანებით ამოთქვამთ: „როგორი მზაკვარია ადამიანის გული!“ როგორი იქნება თქვენი გუნება-განწყობა ამ დროს? რა თქმა უნდა, ვეღარ იამაყებთ თქვენი თავით ისე, როგორც ახლა ამაყობთ! და მით უმეტეს აღარ იქნებით ისეთი „ღრმა და ძნელად გამოსაცნობი“, როგორიც ახლა ხართ. ღმერთის წინაშე ზოგიერთი ადამიანი უკიდურესად თავდაჭერილი და წესიერია და განსაკუთრებით „კარგად იქცევა“, თუმცა სულის წინაშე, ისინი იღრინებიან და კლანჭებს აჩენენ. შეიყვანდით ასეთ ადამიანებს პატიოსან ადამიანთა რიგებში? თუ თქვენ ფარისეველი ხართ, ანუ ადამიანი, ვინც „პიროვნულ ურთიერთობებში“ კარგადაა დაოსტატებული, მაშინ მე ვამბობ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ ის, ვინც ღმერთს არასერიოზულად უყურებს. თუკი შენი საუბარი სავსეა თავის მართლებითა და უაზრო არგუმენტებით, მაშინ ვიტყვი, რომ ხარ ადამიანი, რომელსაც არ სურს ცხოვრებაში ჭეშმარიტების დამკვიდრება. თუ გაქვს ბევრი პირადი საქმე, რომელზე საუბარიც გიძნელდება, ან თუ ძალიან ერიდები შენს საიდუმლოებებზე - სიძნელეებზე - სხვებთან საუბარს სინათლის გზის საძიებლად, მაშინ ვიტყვი, რომ ხარ ადამიანი, რომელსაც ძალიან გაუჭირდება ხსნის მოპოვება და გაუჭირდება სიბნელიდან თავის დაღწევა. თუ ნამდვილად გსიამოვნებს ჭეშმარიტების გზის ძიება, მაშინ ხარ ადამინი, რომელიც მუდამ ნათელში მყოფობს. თუ გახარებს უფლის სახლში მსახურება, გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად იღვწი შეუმჩნევლად, ყოველთვის გასცემ და არასდროს იღებ სანაცვლოდ, მაშინ ვიტყვი, რომ შენ ხარ ერთგული წმინდანი, რადგან არ ელოდები ჯილდოს და უბრალოდ პატიოსანი ადამიანი ხარ. თუ მზად ხარ იყო გულწრფელი, თუ მზად ხარ გაიღო ყველაფერი, რაც გაგაჩნია, თუ შეგიძლია სიცოცხლე შესწირო ღმერთს და მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში, თუ იმდენად პატიოსანი ხარ, რომ მხოლოდ ღმერთის მსახურებისკენ ისწრაფვი და არ ზრუნავ საკუთარ თავზე ან საკუთარ სარგებელზე, მაშინ ვიტყვი, რომ შენნაირი ადამიანები არიან ისინი, ვინც ნათლით იკვებებიან და რომლებიც მარად იცოცხლებენ სასუფეველში. უნდა გააცნობიეროთ, არის თუ არა თქვენში ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი ერთგულება, გადაგიტანიათ თუ არა წარსულში ტანჯვა უფლისთვის და გაგაჩნიათ თუ არა უფლისადმი აბსოლუტური მორჩილება. თუ ეს ასე არაა, მაშინ თქვენში არის ურჩობა, სიცრუე, სიხარბე და პრეტენზიულობა. ვინაიდან თქვენი გული არაა პატიოსნებით სავსე, ამიტომაც არასდროს მიგიღიათ უფლისგან აღიარება და არასდროს გიცხოვრიათ სინათლეში. ის თუ როგორ განვითარდება ადამიანის ბედი, დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ადამიანს პატიოსანი და კეთილი გული და სუფთა სული. თუ ხართ უკიდურესად არაკეთილსინდისიერი, გული სავსე გაქვთ უდიდესი ბოროტებით, სული კი უწმინდურებით, მაშინ აუცილებლად აღმოჩნდებით იქ, სადაც ადამიანები ისჯებიან, როგორც ეს თქვენი ბედისწერის წიგნში წერია. თუკი აცხადებთ, რომ ძალიან პატიოსანი ხართ, თუმცა ვერასდროს ახერხებთ სიმართლით ცხოვრებას ან მართალი სიტყვის თქმას, მაშინ, ისევ გაქვთ მოლოდინი, რომ უფალი დაგაჯილდოებთ? ისევ გაქვთ იმედი, რომ უფალს ეყვარებით? განა ასეთი ფიქრები აბსურდული არაა? თქვენ ყველაფერში ატყუებთ ღმერთს; და როგორ შეიძლება ღვთის სახლი ემსახუროს თქვენნაირ ადამიანს, ვისი ხელებიც უწმინდურია?

მესამე რამ, რაც მსურს რომ გითხრათ, არის შემდეგი: ღმერთის რწმენით ცხოვრების განმავლობაში, ყველა ადამიანს ჩაუდენია ისეთი რამ, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება და ატყუებს. ზოგიერთი რამ არ უნდა აღვნუსხოთ როგორც ნაკლოვანებები, მაგრამ ზოგი უპატიებელია, რადგან არსებობს ბევრი ქმედება, რომლებიც არღვევს ადმინისტრაციულ განკარგულებებს - ქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს. ბევრმა ადამიანმა, რომელსაც საკუთარი ბედი ადარდებს, შესაძლოა იკითხოს, რომელია ეს ქმედებები. უნდა იცოდეთ, რომ თქვენ, ბუნებით ამპარტავანნი და ქედმაღალნი ხართ და არ გსურთ ფაქტებს დაემორჩილოთ. ამიტომ თანდათანობით გიამბობთ ყველაფერს მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით. მოგიწოდებთ, მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ ადმინისტრაციული განკარგულებების არსის უკეთ გასაგებად და შეეცადოთ ჩასწვდეთ უფლის ხასიათს. თუ ასე არ მოიქცევით, გაგიჭირდებათ ენაზე კბილის დაჭერა, ენა არ დაგემორჩილებათ, მეტისმეტად თავისუფლად ამოძრავდება, მაღალფარდოვანი სიტყვების თქმას მოჰყვებით, ამით უნებლიედ შეურაცხყოფთ ღვთის ხასიათს და შედეგად გადაეშვებით ბნელეთში, რის გამოც დაკარგავთ სულიწმიდის გვერდით მყოფობასა და სინათლეს. ვინაიდან თქვენი ქმედებებით უპრინციპობას იჩენთ იმით, რომ ამბობთ და აკეთებთ ისეთ რამეს, რაც არ ეგების, შენ მიიღებ იმ სასჯელს, რომელსაც იმსახურებ. უნდა იცოდე, რომ თუმცა სიტყვითა და საქმით უპრინციპო ხარ, ღმერთი ორთავე შემთხვევაში უაღრესად პრინციპულია. მიზეზი იმისა, თუ რატომ იღებ სასჯელს, არის ის, რომ შენ შეურაცხყავი ღმერთი და არა ადამიანი. თუკი ცხოვრებაში უფლის ხასიათის საწინააღმდეგო ბევრ გადაცდომას ჩაიდენ, მაშინ განწირული ხარ იმისთვის, რომ ჯოჯოხეთის შვილი გახდე. ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ შენ ჩაიდინე მხოლოდ რამდენიმე ქმედება, რომლებიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება და მეტი არაფერი. მაგრამ გესმის თუ არა, რომ უფლის თვალში, შენ უკვე იქეცი ადამიანად, რომელმაც მისატევებელი ცოდვების რაოდენობა ამოწურა? იმის გამო, რომ არაერთხელ დაარღვიე ადმინისტრაციული განკარგულებები და, მეტიც, არ გამოხატე სინანული ან გამოსწორების სურვილი, სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ მოხვდე ჯოჯოხეთში, სადაც ღმერთი ადამიანს სჯის. ადამიანების მცირე რაოდენობამ ღვთის მიმდევრობისას ჩაიდინა ზოგი ქმედება, რომლებიც ეწინააღმდეგება პრონციპებს, მაგრამ გასხვლისა და სწავლების მიღების შემდეგ, მათ თანდათანობით გაიაზრეს საკუთარი გახრწნილება, რის შემდეგაც დაადგნენ რეალობის სწორ გზას და დღემდე მყარად დგანან ფეხზე. სწორედ ასეთი ადამიანები მივლენ ბოლომდე. და მაინც, მე პატიოსნება მჭირდება; თუ პატიოსანი ადამიანი ხარ და პრინციპების შესაბამისად ცხოვრობ, მაშინ შეგიძლია უფლის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. თუ შენი ქმედებებით არ შეურაცხყოფ ღმერთის ხასიათს, ეძიებ ღვთის განზრახვებს და ღვთისმოშიში გული გაქვს, მაშინ შენი რწმენა სტანდარტს შეესაბამება. ვინც ღმერთის მოშიში არ არის და შიშისგან გული არ უკრთის, ის, დიდი ალბათობით, არღვევს ღვთის ადმინისტრაციულ განკარგულებებს. ბევრი ადამიანი ღმერთს ემოციებიდან გამომდინარე ემსახურება, თუმცა, არ ესმით ღვთის კანონები და არ აქვთ წარმოდგენა უფლის სიტყვების შინაარსზე. ამგვარად, კეთილი ზრახვებიდან გამომდინარე, ადამიანები ხშირად ისეთ რამეებს სჩადიან, რაც უფლის მმართველობას ეწინააღმდეგება. მძიმე შემთხვევებში, ასეთ ადამიანებს აძევებენ უფლის სახლიდან, ართმევენ უფლის მიმდევრობის შესაძლებლობას და აგდებენ ჯოჯოხეთში, სადაც ყოველგვარი კავშირი ღვთის სახლთან წყდება. ასეთი ადამიანები უფლის სახლის საქმეებს საკუთარი უმეცრებისგან ნაკარნახევი კეთილი ზრახვების ძალით ასრულებენ და საბოლოოდ განარისხებენ ღმერთის ბუნებას. ადამიანებს უფლის სახლში შემოაქვთ ჩინოვნიკებისა და ბატონებისადმი მსახურების თავიანთი მეთოდები და ცდილობენ მათ ცხოვრებაში გამოყენებას, ამაოდ ფიქრობენ რა, რომ უფლის სახლში მათი გამოყენება მარტივად შეიძლება. ისინი ვერასდროს წარმოიდგენენ, რომ უფალს არა ბატკნის, არამედ ლომის ბუნება აქვს. ამიტომაც, ისინი, ვინც პირველად ამყარებენ ურთიერთობას ღმერთთან, ვერ ახერხებენ მასთან კომუნიკაციას, რადგან ღმერთის გული ადამიანისას არ ჰგავს. მხოლოდ მრავალი ჭეშმარიტების გააზრების შემდეგ, თქვენ შეძლებთ უწყვეტად შეიმეცნოთ ღმერთი. ეს ცოდნა არ ყალიბდება სიტყვებისა და დოქტრინებისგან, თუმცა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც განძი, რომლითაც თქვენ ღმერთთან ნდობას განიმტკიცებთ, ასევე როგორც დასტური იმისა, რომ უფალი თქვენით ხარობს. თუ თქვენ არ გაქვთ რეალობის აღქმა და არ ხართ აღჭურვილი ჭეშმარიტებით, მაშინ თქვენი გულმოდგინე მსახურება მხოლოდ უფლის ზიზღსა და სიძულვილს მოგიტანთ. ამ ეტაპისთვის, თქვენ უკვე იცით, რომ ღმერთის რწმენა უბრალოდ თეოლოგიის შესწავლას არ ნიშნავს!

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თქვენდამი შეგონება მოკლე და ლაკონურია, ყველაფერი, რაც აღვწერე არის ის, რის ნაკლებობასაც ყველაზე მეტად განიცდით. უნდა იცოდეთ, რომ ახლა რასაც ვსაუბრობ, ესაა ჩემი ბოლო საქმე ადამიანების გვერდით - ანუ კაცობრიობის ბედის განსაზღვრა. აღარ მსურს უფრო მეტი უშედეგო საქმის გაკეთება, ასევე აღარც იმ ადამიანების დარიგება, რომლებიც ისეთივე უიმედონი არიან, როგორც ძირგამომპალი ხე, მით უმეტეს, იმათი დამოძღვრა, რომლებიც გულში ფარულად, ბოროტ ზრახვებს ინახავენ. შესაძლოა, ერთ დღეს მიხვდებით ჩემს სიტყვებში ჩადებულ გულმოდგინე განზრახვებს და იმ ღვაწლს, რომელიც კაცობრიობისთვის გავიღე. შესაძლოა, ერთ დღესაც ჩასწვდეთ მთავარი გზავნილის არსს, რომელიც დაგეხმარებათ დასკვნების გაკეთებაში თქვენივე მომავლის შესახებ.

წინა: საბოლოო სამყოფელზე

შემდეგი: გადაცდომები ადამიანს ჯოჯოხეთისკენ წაუძღვება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება