საბოლოო სამყოფელზე

როდესაც საბოლოო სამყოფელს ახსენებენ, თქვენ ამას განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებით; უფრო მეტიც, ეს ისეთი რამაა, რაზეც ყველა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ. ზოგიერთი ადამიანი მზადაა, თავი მიწას ახალოს და ღმერთს თაყვანი სცეს, რათა კარგ საბოლოო სამყოფელს ეღირსოს. ჩემთვის გასაგებია თქვენი სწრაფვა, რომლის სიტყვებით გამოხატვაც საჭირო არ არის. საქმე მხოლოდ ისაა, რომ არ გსურთ, თქვენი ხორცი უბედურებაში გაეხვეს და მით უმეტეს, მომავალში მარადიულ სასჯელში ჩავარდეთ. თქვენ მხოლოდ იმედოვნებთ, რომ საკუთარ თავს უფრო თავისუფლად, უფრო მარტივად ცხოვრების საშუალებას მისცემთ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით აღელვებული ხართ, როდესაც საბოლოო სამყოფელს ახსენებენ, ძალიან გეშინიათ, რომ თუ საკმარისად ყურადღებიანი არ იქნებით, შეიძლება ღმერთი შეურაცხყოთ და ამით დამსახურებული სასჯელი მიიღოთ. თქვენ არ გიყოყმანიათ კომპრომისზე წასვლაზე, რათა თქვენი სამყოფლისთვის მიგეღწიათ და ბევრი თქვენგანი, ვინც ოდესღაც ცბიერი და თავქარიანი იყო, მოულოდნელად განსაკუთრებით კეთილი და გულწრფელი გახდა; თქვენი მოჩვენებითი გულწრფელობა ადამიანებს სულის სიღრმემდე აშინებს. ამის მიუხედავად, თქვენ ყველას გაქვთ „მართალი“ გული და მუდმივად მიმხელდით თქვენს გულებში არსებულ საიდუმლოებებს, ყოველგვარი დამალვის გარეშე, იქნებოდა ეს წყენა, მოტყუება, თუ ერთგულება. საბოლოო ჯამში, ჩემ წინაშე ძალიან გულწრფელად „აღიარეთ“ ის არსებითი რაღაცები, რაც თქვენი არსების ღრმა კუთხე-კუნჭულებში იმალება. რა თქმა უნდა, მე ასეთი რამეებისთვის გვერდი არასდროს ამივლია, რადგან ჩემთვის ისინი ძალიან ჩვეულებრივი გახდა. თქვენ გირჩევნიათ, თქვენი საბოლოო სამყოფლისთვის ცეცხლის ზღვაში შეხვიდეთ, ვიდრე ღვთის მოწონების მოსაპოვებლად თმის თუნდაც ერთი ღერი დაკარგოთ. საქმე ის კი არ არის, რომ მე თქვენთან დამოკიდებულებით მეტისმეტად დოგმატური ვარ; საქმე ისაა, რომ თქვენ ერთგულება საკმაოდ გაკლიათ იმისათვის, რომ პირისპირ შეეგებოთ ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებ. შესაძლოა, თქვენ ვერ გაიგეთ ის, რაც ახლა ვთქვი, ამიტომ ნება მომეცით, მარტივად აგიხსნათ: რაც თქვენ გჭირდებათ, არც ჭეშმარიტებაა და არც სიცოცხლე, არც ქცევის პრინციპები და მით უმეტეს, ჩემი დაუცხრომელი შრომა. პირიქით, თქვენ გჭირდებათ ყველაფერი, რაც ხორციელად გაქვთ — სიმდიდრე, სტატუსი, ოჯახი, ქორწინება და ა.შ. ჩემს სიტყვებს და საქმეებს თქვენ სრულად უგულებელყოფთ, ამიტომ თქვენი რწმენა ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო: ზედაპირული. თქვენ ყველაფრისთვის მზად ხართ იმის მისაღწევად, რის მიმართაც აბსოლუტურად ერთგული ხართ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ღვთისადმი თქვენი რწმენის გამო, იგივეს არ გააკეთებდით. სინამდვილეში, თქვენ შედარებით ერთგულები და შედარებით გულწრფელები ხართ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი, ვისაც უკიდურესად წრფელი გული არ გააჩნიათ, ღვთის რწმენაში წარუმატებლები არიან. კარგად დაფიქრდით — თქვენ შორის ბევრი წარუმატებელი ხომ არ არის?

უნდა იცოდეთ, რომ ღვთის რწმენაში წარმატება ადამიანების ქმედებების შედეგად მიიღწევა; როდესაც ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ და ხელმოცარულნი არიან, ესეც მათივე ქმედებების ბრალია და ამაში სხვა ფაქტორებს არანაირი როლი არ აქვს. მე მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ იმას, რაც უფრო რთულია და მეტ ტანჯვას მოგიტანთ, ვიდრე ღვთის რწმენაა და რომ თქვენ ამას ძალიან სერიოზულად მოეკიდებით, იმდენად, რომ არანაირ შეცდომას არ მოითმენთ; თითოეული თქვენგანი საკუთარ ცხოვრებაში დაუღალავ ძალისხმევას სწორედ ამისკენ მიმართავს. თქვენ შეგიძლიათ, ისეთ ვითარებაში, რომელშიც თქვენივე ოჯახის არცერთ წევრს არ მოატყუებდით, ჩემი ხორციც კი მოატყუოთ. ეს თქვენი უცვლელი ქცევა და პრინციპია, რომლითაც ცხოვრობთ. განა ისევ ყალბ ფასადს არ ქმნით, რათა თქვენი საბოლოო სამყოფლის გამო მომატყუოთ, რათა თქვენი საბოლოო სამყოფელი იდეალურად ლამაზი იყოს და თქვენს ყველა სურვილს შეესაბამებოდეს? მე ვიცი, რომ თქვენი ერთგულება მხოლოდ დროებითია, ისევე, როგორც თქვენი გულწრფელობა. განა თქვენი გადაწყვეტილება და ფასი, რომელსაც იხდით, მხოლოდ აწმყოსთვის არ არის და არა მომავლისთვის? თქვენ მხოლოდ ერთი უკანასკნელი ძალისხმევის გაღება გსურთ, ლამაზი საბოლოო სამყოფლის უზრუნველსაყოფად, ერთადერთი მიზნით - გარიგების დასადებად. ამ ძალისხმევას იმისთვის არ იჩენთ, რომ ჭეშმარიტების წინაშე ვალს თავი აარიდოთ და მით უმეტეს, რომ ის ფასი გადამიხადოთ, რაც მე გადავიხადე. მოკლედ, სასურველის მისაღწევად, მხოლოდ ხრიკების გამოსაყენებლად ხართ მზად და არა მისთვის ღია ბრძოლისთვის. ნუთუ ეს არ არის თქვენი გულის სიღრმეში დამალული აზრები? ნუ შეინიღბებით და თავს ნუ იმტვრევთ თქვენს საბოლოო სამყოფელზე იმდენად, რომ დღისით საჭმლისა და სასმელის მადაც დაგეკარგოთ და ღამით მშვიდად დაძინებაც ვერ შეძლოთ. განა სიმართლე არ არის, რომ თქვენი შედეგი საბოლოოდ უკვე განსაზღვრული იქნება? ყოველმა თქვენგანმა თავისი მოვალეობა გახსნილი და მართალი გულით უნდა შეასრულოს და ნებისმიერი ფასის გადასახდელად მზად უნდა იყოთ. როგორც თქვენ თქვით, როდესაც ეს დღე დადგება, ღმერთი უსამართლოდ არავის მოექცევა, ვინც მისთვის იტანჯა ან საფასური გადაიხადა. ასეთი რწმენის შენარჩუნება ღირს და სწორია, რომ თქვენ ეს არასდროს უნდა დაივიწყოთ. თქვენთან დაკავშირებით სიმშვიდის მოპოვებას მხოლოდ ასე შევძლებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ სამუდამოდ დარჩებით იმ ადამიანებად, რომელთა მიმართაც სულიერ სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებ და სამუდამოდ ჩემი ზიზღის ობიექტებად დარჩებით. თუ თქვენ ყველანი შეძლებთ, რომ თქვენს სინდისს მიჰყვეთ და ჩემთვის ყველაფერი გაიღოთ, ჩემი საქმისთვის ძალისხმევას არ დაიშურებთ და მთელ თქვენს ცხოვრებას ჩემს სახარებისეულ საქმეს მიუძღვნით, მაშინ განა ჩემი გული თქვენ გამო ხშირად არ იხარებს? ამგვარად, თქვენთან დაკავშირებით, სრულად დამშვიდებას შევძლებ, ასე არაა? სამწუხაროა, რომ ის, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც მე ველი. ამ შემთხვევაში, როგორ შეგიძლიათ გქონდეთ თავხედობა, რომ ჩემგან ის მოითხოვოთ, რასაც იმედოვნებთ?

თქვენი საბოლოო სამყოფელი და ბედი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია — მათ დიდი გავლენა აქვს თქვენზე. თქვენ გჯერათ, რომ თუ ყველაფერს დიდი სიფრთხილით არ გააკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ საბოლოო სამყოფელს დაკარგავთ, რომ საკუთარ ბედს თავადვე გაანადგურებთ. მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ადამიანები, რომლებიც ძალისხმევას მხოლოდ საკუთარი სამყოფლისთვის ხარჯავენ, ამაოდ შრომობენ? ასეთი ძალისხმევა გულწრფელი არ არის — ეს სიყალბე და მოტყუებაა. თუ ასეა, მაშინ ისინი, ვინც ძალისხმევას მხოლოდ საკუთარი სამყოფლისთვის გაიღებენ, საბოლოო მარცხის ზღვარზე არიან, რადგან ღვთისადმი რწმენაში წარუმატებლობა მოტყუებით არის გამოწვეული. ადრეც მითქვამს, რომ არ მიყვარს, როცა მეპირფერებიან, თავს იმცირებენ ან ჩემდამი ენთუზიაზმს იჩენენ. მომწონს პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ჩემს სიმართლეს და ჩემს მოლოდინებს თვალს უსწორებენ. მით უფრო მომწონს, როცა ადამიანებს ჩემი გულისთვის უდიდესი პატივისცემის გამოჩენა შეუძლიათ და როცა ჩემთვის ყველაფრის გაღებაც კი შეუძლიათ. მხოლოდ ასე შეიძლება ჩემი გულის ნუგეშისცემა. რამდენი რამ არის თქვენში, რაც არ მომწონს? რამდენი რამ არის თქვენში, რაც მომწონს? ნუთუ არცერთ თქვენგანს არ გაუცნობიერებია უმსგავსობის ყველა ის გამოვლინება, რაც საკუთარი სამყოფლისთვის გამოიჩინეთ?

გულის სიღრმეში, არცერთი იმ გულისთვის ტკივილის მიყენება არ მსურს, რომელიც დადებითით არის სავსე და უკეთესობისკენ მიისწრაფვის და მით უმეტეს, არ მინდა, რომ ვინმეს საკუთარი მოვალეობის ერთგულად შესრულების სურვილი გავუფანტო. მიუხედავად ამისა, თითოეულ თქვენგანს თქვენი ნაკლოვანებები და ის ბინძური სული უნდა შეგახსენოთ, რომელიც თქვენი გულების სიღრმეში იმალება. ამას მხოლოდ იმ იმედით ვაკეთებ, რომ ჩემი სიტყვებისათვის თქვენი ჭეშმარიტი გულის გახსნას შეძლებთ, რადგან ყველაზე მეტად ჩემ მიმართ ხალხის სიცრუე მძულს. მხოლოდ იმას ვიმედოვნებ, რომ ჩემი საქმის უკანასკნელ ეტაპზე, თქვენი ყველაზე გამორჩეული მხარის წარმოჩენას შეძლებთ და რომ ამ საქმეს საკუთარ თავს მთელი გულით და არა სანახევროდ მიუძღვნით. რა თქმა უნდა, ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველას კარგი სამყოფელი გექნებათ. მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს ჩემი მოთხოვნა, რაც თქვენგან საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თქვენი ერთადერთი და საბოლოო ერთგულების შემოთავაზებას ნიშნავს. თუ ვინმეს ეს უსაზღვრო ერთგულება არ აქვს, მაშინ ის ნამდვილად სატანის ფასეული მონაპოვარია და მას ჩემთვის აღარ დავიტოვებ, არამედ სახლში გავუშვებ, რათა მასზე მშობლებმა იზრუნონ. ჩემი საქმე თქვენთვის დიდი დახმარებაა; იმედი მაქვს, რომ თქვენგან წრფელ გულს მივიღებ, რომელიც აღმავლობისკენ ისწრაფვის, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი ხელები ცარიელია. დაფიქრდით: თუ ერთ დღესაც ისეთი განაწყენებული ვიქნები, რისი სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია, მაშინ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება როგორი იქნება? განა თქვენ მიმართ ასეთივე კეთილგანწყობილი ვიქნები, როგორიც ახლა ვარ? განა ჩემი გული ისეთივე მშვიდი იქნება, როგორიც ახლაა? გესმით თუ არა იმ ადამიანის გრძნობები, რომელმაც გულმოდგინედ დაამუშავა მინდორი, მაგრამ ერთი მარცვალიც ვერ მოკრიფა? გესმით, ადამიანს გული რამდენად სტკივა, როდესაც მას დიდ დარტყმას მიაყენებენ? შეგიძლიათ, იგრძნოთ იმ ადამიანის სიმწარე, რომელიც ოდესღაც იმედით იყო სავსე და ცუდი პირობებით განშორება მოუწია? გინახავთ რისხვა, რომელიც პროვოცირებული ადამიანისგან მოდის? შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ იმ ადამიანის შურისძიების წყურვილი, რომელსაც მტრობით და მზაკვრობით მოეპყრნენ? თუ ამ ხალხის მენტალიტეტი თქვენთვის გასაგებია, მაშინ ვფიქრობ, არ უნდა გაგიჭირდეთ იმის წარმოდგენა, თუ შურისგებისას ღმერთს როგორი დამოკიდებულება ექნება! დაბოლოს, იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველა სერიოზულ ძალისხმევას გაიღებთ თქვენი საბოლოო სამყოფლისთვის, თუმცა უმჯობესი იქნება, სიცრუეს არ მიმართოთ, თორემ გულში კვლავ იმედგაცრუებას დამიტოვებთ. და, ასეთი იმედგაცრუება რას იწვევს? განა თავს არ იტყუებთ? ისინი, ვინც საკუთარ სამყოფელზე ზრუნავენ, მაგრამ მას ანგრევენ, გადარჩენას ყველაზე ნაკლებად ახერხებენ. მაშინაც კი, თუ ისინი გაბრაზდებიან და განრისხდებიან, ასეთ ადამიანებს ვინ შეიწყალებს? საბოლოო ჯამში, მე მაინც მსურს, რომ შესაფერისი და კარგი სამყოფელი გქონდეთ და უფრო მეტიც, იმედი მაქვს, რომ თქვენგან განსაცდელში არავინ ჩავარდება.

წინა: ვის მიმართ ხარ ჭეშმარიტად ერთგული?

შემდეგი: სამი შეგონება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება