ღვთისმოყვარენი საუკუნოდ იცხოვრებენ მის ნათელში
ადამიანთა უმეტესობის ღმერთისადმი რწმენის არსი მხოლოდ რელიგიური მრწამსია: მათ არ შესწევთ ღმერთის სიყვარულის უნარი და შეუძლიათ მხოლოდ რობოტივით მიჰყვნენ მას; მათ არ ძალუძთ ღვთისადმი ჭეშმარიტი ლტოლვა ან მისი თაყვანისცემა. ისინი მხოლოდ მდუმარედ მიჰყვებიან ღმერთს. მრავალი ირწმუნებს ღმერთს, მაგრამ ძალზე ცოტანი არიან, რომელთაც უყვართ იგი; მათ მხოლოდ ღვთის „შიში გააჩნიათ“, რადგან უბედურების ეშინიათ ანდა „ეტრფიან“ მას, ვითარცა მაღალსა და ყოვლისშემძლეს — მაგრამ მათ შიშსა და აღტაცებაში არ არის სიყვარული და ჭეშმარიტი მონატრება. თავიანთ გამოცდილებაში ისინი ეძიებენ ჭეშმარიტების წვრილმანებს ან კიდევ რაიმე უმნიშვნელო საიდუმლოებებს. უმეტესნი მხოლოდ მიჰყვებიან, არეულობის ჟამს კურთხევის მოპოვების მიზნით; ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არც ჭეშმარიტად ემორჩილებიან ღმერთს, რათა მისი კურთხევა მიიღონ. ყველა ადამიანის ღმერთისადმი რწმენა უმნიშვნელოა, იგი მოკლებულია ყოველგვარ ღირებულებას და მასში მხოლოდ მათი პირადი მიზნები და მისწრაფებებია; მათ სწამთ ღმერთის არა იმისთვის, რომ უყვარდეთ იგი, არამედ კურთხევის მისაღებად. ბევრნი საკუთარი ნებით მოქმედებენ; აკეთებენ რაც სურთ და არც კი ითვალისწინებენ ღვთის ინტერესებს ან შეესაბამება თუ არა მათი საქმე ღვთის განზრახვებს. ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტი რწმენის მიღწევაც კი არ შეუძლიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის სიყვარულზე. ღვთის არსი მხოლოდ რწმენისთვის არ ეძლევა ადამიანს; უფრო მეტად იმისთვის, რომ ადამიანმა შეიყვაროს იგი. მაგრამ მრავალთ, რომელნიც ღმერთს ირწმუნებენ, არ ძალუძთ ამ „საიდუმლოს “აღმოჩენა. ადამიანები ვერ ბედავენ ღმერთის შეყვარებას და არც ცდილობენ მის სიყვარულს. მათ არასდროს აღმოუჩენიათ, რამდენი რამეა ღმერთში, რაც სიყვარულს იმსახურებს; ვერასდროს შეუცვნიათ, რომ იგი არის ღმერთი, რომელსაც უყვარს ადამიანი და რომელიც იმსახურებს ადამიანის მხრიდან სიყვარულს. ღვთის მშვენიერება მისი საქმით გამოიხატება: ამის შეცნობა ადამიანს მხოლოდ მისი მოქმედებით ძალუძს; მხოლოდ რეალობაში ძალუძს შეიგრძნოს ღვთის მშვენიერება; რეალურ გამოცდილებასა და დაკვირვებას მოკლებული ადამიანი ვერ აღმოაჩენს, რამდენად მშვენიერია ღმერთი. იმდენი რამ არის ღმერთში სიყვარულის ღირსი, მაგრამ უშუალო ურთიერთობის გარდა, ადამიანი ამას ვერ შეიგრძნობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის განკაცების გარეშე, ადამიანს არ ექნებოდა მასთან რეალური ურთიერთობის შესაძლებლობა; და ასეთი ურთიერთობის გარეშე კი ვერც მის საქმეს გამოსცდიდა — ხოლო მისი სიყვარული შეიბღალებოდა წარმოსახვითა და ცრუ წარმოდგენებით. ზეციური ღმერთისადმი სიყვარული ისეთი რეალური არ არის, როგორც მიწაზე მყოფისადმი, რადგან ზეციური ღმერთის ცოდნა ადამიანთა წარმოდგენებს ეყრდნობა და არა საკუთარ ხილვასა და პირად გამოცდილებას. როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, ადამიანებს შეუძლიათ იხილონ მისი პრაქტიკული საქმეები და მისი მშვენიერება და შეიცნობენ მის პრაქტიკულ და ნორმალურ ხასიათს, რაც ჭეშმარიტებით ათასჯერ აღემატება მხოლოდ ზეციერი ღმერთის შესახებ ცნებებს. რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანთა სიყვარული ზეციური ღმერთისადმი, ამ სიყვარულში არაფერია რეალური და ის სავსეა ადამიანური წარმოდგენებით. რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს მათი სიყვარული დედამიწაზე მყოფი ღმერთისადმი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მცირეა, — მაინც რეალურია. ღმერთი თავისი პრაქტიკული საქმით აცნობს ადამიანებს თავს და ამ ცოდნით მოიპოვებს მათ სიყვარულს. ვითარცა პეტრე — რომ არა მისი თანაცხოვრება იესოსთან, შეუძლებელი იქნებოდა მისთვის მისი თაყვანისცემა. ასევე მისი ერთგულებაც იესოსადმი, ეფუძნებოდა მის ურთიერთობას იესოსთან. კაცობრიობისთვის თავი რომ შეეყვარებინა, ღმერთი მოვიდა და დამკვიდრდა ადამიანთა შორის და ყოველივე, რასაც ისინი ხედავენ და განიცდიან, არის ღვთის პრაქტიკულობა.
ადამიანთა სრულყოფისთვის ღმერთი იყენებს პრაქტიკულობასა და ფაქტების მოვლინებას; ღვთის სიტყვები მის მიერ ადამიანთა სრულყოფის ნაწილს შეადგენს და ეს არის ხელმძღვანელობისა და გზის გახსნის საქმე. რაც იმას გულისხმობს, რომ ღვთის სიტყვებში უნდა იპოვოთ პრაქტიკის განხორციელების გზა და ცოდნა ხილვის შესახებ. ამ ყოველივეს აღქმით რეალურ ცხოვრებაში ადამიანს მიეცემა გზა და სულიერი ხილვა, ღვთის სიტყვებით იგი შეძლებს განათლების მიღებას, მიხვდება, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან მომდინარეობს და ბევრის გარჩევას შეძლებს. აღქმის შემდეგ ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ამ რეალობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის სიტყვებითვე დააკმაყოფილოს ღმერთი. ღმერთი ყველაფერში გაგიძღვება წინ, დაგანახებს პრაქტიკის გზას და გაგრძნობინებს, რომ იგი განსაკუთრებულად მშვენიერია და საშუალებას მოგცემს, დაინახო, რომ მის მიერ განხორციელებული ყოველი ნაბიჯი შენს სრულყოფას ემსახურება. თუ გსურს ღვთის სიყვარული იხილო და ჭეშმარიტად გამოცადო იგი, მაშინ უნდა ჩასწვდე რეალობას, ჩაუღრმავდე რეალურ ცხოვრებას და ნახო, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი ასრულებს, სიყვარული და ხსნაა — მისი ყოველი მოქმედების მიზანია — მოაშოროს ადამიანი უწმინდურებას და გამოაწრთოს მასში ის, რაც მის განზრახვას არ აკმაყოფილებს. ღმერთი სიტყვებით უზრუნველყოფს ადამიანს; იგი აწყობს რეალურ ცხოვრებისეულ გარემოებებს, რათა ადამიანებმა ისინი გამოსცადონ. თუ ადამიანი ბევრს ჭამს და სვამს ღვთის სიტყვებიდან, მაშინ მათი პრაქტიკაში განხორციელებისას, ის ცხოვრების ყველა სირთულის გადაჭრას ღვთის მრავალი სიტყვის მეშვეობით შეძლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის სიტყვები აუცილებელია, რომ ადამიანი რეალობას ჩაუღრმავდეს; თუ ღვთის სიტყვებს არ ჭამ და სვამ და ღვთის საქმის გარეშე არსებობ, რეალურ ცხოვრებაში გზას ვერ გაიგნებ. თუ არასოდეს ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს, მაშინ როდესაც რაიმე სირთულის წინაშე აღმოჩნდები, დაბნეულობა შეგიპყრობს. მხოლოდ ის იცი, რომ ღმერთი უნდა გიყვარდეს, მაგრამ გარჩევას ვერ ახერხებ და არ იცი, ეს რეალურ ცხოვრებაში როგორ გამოიყენო; დაბნეული და არეული ხარ და ზოგჯერ იმისიც კი გწამს, რომ ხორცის დაკმაყოფილებით ღმერთს აკმაყოფილებ — ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ არ ჭამ და არ სვამ ღვთის სიტყვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ღვთის სიტყვების შეწევნის გარეშე ხარ და მხოლოდ რეალობაში ხელის ცეცებით ცდილობ გზის გაგნებას, არსებითად შეუძლებელია შენთვის პრაქტიკის გზის პოვნა. ასეთ ადამიანებს არც კი ესმით, რას ნიშნავს ღმერთის რწმენა და მით უმეტეს — რას ნიშნავს ღვთის სიყვარული. თუკი, ღვთის სიტყვის სინათლეს და წინამძღოლობას გამოიყენებ, ხშირად ილოცებ, იკვლევ და ეძიებ და ამ გზით აღმოაჩენ იმას, რაც პრაქტიკაში უნდა განახორციელო, ჰპოვებ შესაძლებლობას სულიწმიდის საქმისთვის, ჭეშმარიტად ითანამშრომლებ ღმერთთან და აღარ იქნები დაბნეული და არეული, მაშინ კი მოგეცემა გზა რეალურ ცხოვრებაში და ჭეშმარიტად დააკმაყოფილებ ღმერთს. როცა დააკმაყოფილებ ღმერთს, შენში დამკვიდრდება მისი წინამძღოლობა და ღმერთისგან განსაკუთრებულ კურთხევას მიიღებ, რაც სულიერი სიხარულის განცდას მოგანიჭებს: განსაკუთრებულ პატივსა და სიხარულს იგრძნობ, რომ დააკმაყოფილე ღმერთი, შინაგანად იგრძნობ სინათლეს, გული კი სიმშვიდით და სიცხადით აგევსება. სინდისი დაგიმშვიდდება და გათავისუფლდები ბრალდებისგან, ხოლო როცა შენს ძმებსა და დებს იხილავ, გული სიხარულით აგევსება. სწორედ ეს არის ღვთის სიყვარულით ტკბობა და მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტად თვით ღმერთით ტკბობა. ადამიანი ღვთის სიყვარულის ამგვარ ტკბობას გამოცდილებით აღწევს: ღვთისგან კურთხევას გასაჭირის გადატანით და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებით იღებს. თუ მხოლოდ იტყვი, რომ ღმერთს ჭეშმარიტად უყვარხარ, რომ კაცობრიობისთვის მან ჭეშმარიტად გაიღო საზღაური, რომ მოთმინებით და გულისხმიერებით წარმოსთქვა უამრავი სიტყვა და მუდამ ადამიანთა ხსნით არის დაკავებული — შენს მიერ ამ სიტყვების წარმოთქმა ღმერთით ტკბობის მხოლოდ ერთი მხარეა. თუმცა კიდევ უფრო დიდი ტკბობა — ჭეშმარიტი ტკბობა — იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავის რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკაში ახორციელებს ჭეშმარიტებას, ამის შემდგომ მისი გული მშვიდობითა და ნათლით ივსება. შინაგანად შეიძვრება და გულის სიღრმეში შეიცნობს, რომ ღმერთი ყოვლად სიყვარულის ღირსია. შენ იგრძნობ, რომ შენ მიერ გაღებული საფასური სრულიად სამართლიანი და ღირსეული იყო. გულის სისხლის გაღებით კი შინაგანად განსაკუთრებულ ნათელს იგრძნობ: შეიცნობ, რომ ჭეშმარიტად ტკბები ღვთის სიყვარულით და მიხვდები, რომ ღმერთმა ადამიანებში ხსნის საქმე აღასრულა, რომ მისი მხრიდან ადამიანთა გამოწრთობა მათ განწმენდას ისახავს მიზნად და რომ ღმერთი ამოწმებს ადამიანს, რათა გამოცადოს, ჭეშმარიტად უყვარს თუ არა იგი. თუ ყოველთვის ამგვარად აღასრულებ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, ნელ-ნელა მოგეცემა მკაფიო ცოდნა ღვთის მრავალ საქმესთან დაკავშირებით და ამ დროს შეიცნობ, რომ ღვთის სიტყვები შენ წინაშე ბროლივით გამჭვირვალე და ნათელია. თუ მრავალ ჭეშმარიტებას მკაფიოდ შეიცნობ, იგრძნობ, რომ ყოველი საქმე პრაქტიკაში ადვილი განსახორციელებელია; შეძლებ ყოველგვარი სირთულის დაძლევასა და ყოველ ცდუნებაზე გამარჯვებას და იხილავ, რომ აღარაფერი წარმოადგენს შენთვის დაბრკოლებას. ეს კი გაგათავისუფლებს და სულიერ თავისუფლებას მოგანიჭებს. იმ ჟამს შენ ჭეშმარიტად დატკბები ღვთის სიყვარულით, და მისი ნამდვილი სიყვარული გადმოვა შენზე. ღმერთი აკურთხებს მათ, ვისაც აქვს ხილვა, ვისაც აქვს ჭეშმარიტება, ვისაც აქვს ცოდნა და ვისაც გულწრფელად უყვარს იგი. თუ ადამიანს სურს ღვთის სიყვარული იხილოს, მან უნდა აღასრულოს ჭეშმარიტება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ უნდა ჰქონდეთ მზადყოფნა, დაითმინონ ტკივილი და უარი თქვან იმაზე, რაც უყვართ, რათა დააკმაყოფილონ ღმერთი და თვალებში ცრემლის მიუხედავად, მაინც შეძლონ, და ღვთის გული დააკმაყოფილონ. ამგვარად, ღმერთი აუცილებლად გაკურთხებს და თუ ასეთ გაჭირვებას მოითმენ, ამას აუცილებლად მოჰყვება სულიწმიდის საქმე. რეალურ ცხოვრებაში და ღვთის სიტყვის პირადი შემეცნებით, ადამიანები შეძლებენ შეიმეცნონ ღვთის მშვენიერება, და მხოლოდ ღვთის სიყვარულის განცდის შემდეგ შეუძლიათ მათ გულწრფელად შეიყვარონ იგი.
ვისაც ღმერთი უყვარს, მას ჭეშმარიტებაც უყვარს და რაც მეტად ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, მით მეტად იძენენ მას; ამ გზით, მეტად იგემებენ ღვთის სიყვარულს; და რაც მეტად ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, მით მეტ კურთხევას მიიღებენ ღვთისგან. თუ ყოველთვის ამგვარად განახორციელებ პრაქტიკას, ღვთის სიყვარული თანდათან აგიხელს თვალს, როგორც პეტრემ შეიცნო ღმერთი: პეტრე ამბობდა, რომ ღმერთს არა მხოლოდ ცის, მიწისა და ყოველივეს შესაქმნელად აქვს სიბრძნე, არამედ, უფრო მეტიც, მას ასევე აქვს სიბრძნე, რათა ადამიანებში პრაქტიკული საქმე აკეთოს. პეტრე ამბობდა, რომ იგი ღირსია ადამიანთა სიყვარულისა არა მხოლოდ იმისათვის, რომ შექმნა ცა და მიწა და ყოველივე, არამედ იმიტომაც, რომ ძალუძს ადამიანის შექმნა, მისი ხსნა, მისი სრულყოფა და კაცობრიობისთვის თავისი სიყვარულის მინიჭება. პეტრე ასევე ამბობდა, რომ მასში მრავალი რამ არის ისეთი, რაც ადამიანის სიყვარულს იმსახურებს. და მიმართა პეტრემ იესოს: „მხოლოდ ცის, მიწის და ყოველივეს შექმნა როდია მიზეზი, რის გამოც გეკუთვნის ჩვენი სიყვარული. შენში კიდევ მეტია ის, რაც სიყვარულს იმსახურებს. შენ მოქმედებ და მოძრაობ რეალობაში, შენი სული ეხება ჩემს სულს; შენ მმოძღვრავ მე, მამხილებ — და ამით კიდევ უფრო მეტად იმსახურებ ადამიანთა სიყვარულს. თუ გსურს იხილო და განიცადო ღვთის სიყვარული, იგი უნდა ეძიო რეალურ ცხოვრებაში და სურვილი გქონდეს, უარი თქვა ხორციელ ვნებებზე. უნდა მიიღო გადაწყვეტილება. იყავი მტკიცე განზრახვაში, რომელიც ყოველი საქმით აკმაყოფილებს ღმერთს; განეშორეთ სიზარმაცესა და ხორციელ ტკბობას; ნუ იცხოვრებ მხოლოდ ხორცისათვის, არამედ იცხოვრე ღმერთისთვის. შესაძლოა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებ სრულად ღმერთს. ეს იმის ნიშანია, რომ ღვთის განზრახვა ჯერ სრულად არ შეგიცვნია. ამიტომ მომავალში, თუნდაც მეტი ძალისხმევა დაგჭირდეს, ეცადე, დააკმაყოფილო ღმერთი და არ დაიკმაყოფილო ხორციელი ნება. ამ გზით გამოცდილი მიხვალ ღვთის შეცნობამდე. შენ დაინახავ, რომ ღმერთს შეუძლია შექმნას ცა, მიწა და ყოველივე; რომ ის განკაცდა, რათა ადამიანებმა შეძლონ მისი რეალურად ხილვა და მასთან რეალურად ურთიერთობა; შენ დაინახავ, რომ მას შეუძლია ადამიანებს შორის სიარული და რომ მის სულს შეუძლია გახადოს ადამიანები სრულყოფილნი რეალურ ცხოვრებაში, მისცეს მათ საშუალება, იხილონ მისი მშვენიერება და გამოცადონ მისი დისციპლინა, მისი გვემა და მისი კურთხევები. თუ ყოველთვის ასეთ გამოცდილებას მიიღებ, რეალურ ცხოვრებაში ღმერთთან განუყოფელი იქნები, და თუ ოდესმე შენი ურთიერთობა ღმერთთან ნორმალური აღარ იქნება, შეძლებ იგრძნო საყვედური და სინანული. როცა ღმერთთან შენი ურთიერთობა ნორმალური იქნება, ვერასდროს წარმოიდგენ მისგან განშორებას; და თუ ერთ დღეს ღმერთი გეტყვის, რომ დაგტოვებს, გული შიშით აგევსება და განაცხადებ, რომ უღმერთოდ ცხოვრებას სიკვდილი გირჩევნია. როგორც კი ამას იგრძნობ, მიხვდები, რომ აღარ ძალგიძს მისგან განშორება; ამგვარად გექნება საფუძველი და ჭეშმარიტად იგემებ ღვთის სიყვარულს.
ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ სურთ ღმერთი იყოს მათი სიცოცხლე, თუმცა მათი გამოცდილება ჯერ კიდევ შორსაა ამ მდგომარეობისგან. შენ მხოლოდ იმას ამბობ, რომ ღმერთი შენი სიცოცხლეა, რომ იგი ყოველდღე წარგიძღვება, რომ ყოველდღე სვამ და ჭამ ღვთის სიტყვებს და ყოველდღე ლოცულობ მის წინაშე და ამგვარად, იგი შენი სიცოცხლე გახდა. ვინც ამას ამბობს, მათი ცოდნა ზედაპირულია. ბევრ ადამიანში არ არის საძირკველი; მათში დათესილია ღვთის სიტყვა, მაგრამ ჯერ არ აღმოცენებულა და მით უმეტეს ნაყოფი არ გამოუღია. რამდენად ღრმაა შენი სულიერი გამოცდილება დღეს? მხოლოდ ახლა, მას შემდეგ, რაც ღმერთმა გაიძულა აქამდე მოსულიყავი, გრძნობ, რომ მისგან წასვლა აღარ შეგიძლია. დადგება დღე, როცა შენი გამოცდილება გარკვეულ წერტილს მიაღწევს და ღმერთმა რომც გაიძულოს წასვლა, შენ ამას ვერ შეძლებ. მუდამ გექნება გრძნობა, რომ ვერ იარსებებ შენში მყოფი ღმერთის გარეშე; შეიძლება განეშორო მეუღლესა თუ შვილებს, ოჯახს, დედასა თუ მამას და ხორციელ სიამოვნებებსაც, მაგრამ ღმერთის გარეშე ყოფნა შეუძლებელი გახდება შენთვის. ღმერთის გარეშე ყოფნა სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასი იქნება; შენ ვერ შეძლებ სიცოცხლეს ღმერთის გარეშე. როცა სულიერი გამოცდილებით ამ ეტაპამდე მიხვალ, მაშინ შენი რწმენა ღვთის მიმართ მიაღწევს ჭეშმარიტ საზომს. ამგვარად, ღმერთი გახდება შენი სიცოცხლე, იგი გახდება შენი არსებობის საძირკველი. შენ ვეღარასოდეს შეძლებ ღმერთის მიტოვებას. როდესაც ასეთ გამოცდილებას შეიძენ, შენ ჭეშმარიტად დატკბები ღვთის სიყვარულით და როცა ღმერთთან საკმარისად ახლო ურთიერთობა გექნება, იგი გახდება შენი სიცოცხლე და შენი სიყვარული. იმ დროს შენ ილოცებ და იტყვი: „ჰოი, ღმერთო! არ ძალმიძს შენგან განშორება. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე. ყოვლის გარეშე შემიძლია ყოფნა — ხოლო შენ გარეშე ცხოვრება არ ძალმიძს“. აი, ეს არის ადამიანის ნამდვილი სულიერი სიმწიფე; ეს არის ჭეშმარიტი სიცოცხლე. მაგრამ ზოგნი აქამდე იძულებით მოვიდნენ: ისინი აგრძელებენ გზას, სურთ თუ არა, და შინაგანად მუდამ გრძნობენ თავს ვითარცა ჩიხში მოქცეულნი. შენ ისე უნდა გამოსცადო, რომ ღმერთი გახდეს შენი სიცოცხლე; ისე, რომ ღმერთი შენი გულიდან რომ ამოეშალათ, ეს სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასი ყოფილიყო. ღმერთი უნდა იყოს შენი სიცოცხლე და შენ არ უნდა შეგეძლოს მისი მიტოვება. ამგვარად, შენ ჭეშმარიტად შეიძენ ღვთის პრაქტიკულ გამოცდილებას და ამ დროს, როცა შეიყვარებ ღმერთს, ეს იქნება ჭეშმარიტი სიყვარული — ერთადერთი და უბიწო. დადგება დღე, როცა შენი გამოცდილება ისეთ ზღვარს მიაღწევს, რომ როდესაც ილოცებ და დაიწყებ ღვთის სიტყვების ჭამასა და სმას, ვეღარ შეძლებ შენში ღმერთის მიტოვებას და რომც გინდოდეს, მას ვეღარ დაივიწყებ. ღმერთი გახდება შენი სიცოცხლე; შენ შეიძლება დაივიწყო სამყარო, დაივიწყო შენი ცოლი, ქმარი თუ შვილები, მაგრამ გაგიჭირდება ღმერთის დავიწყება — ეს შეუძლებელი იქნება. ეს არის შენი ჭეშმარიტი სიცოცხლე და შენი ნამდვილი სიყვარული ღვთისადმი. როდესაც ადამიანების მიერ ღმერთის სიყვარული გარკვეულ წერტილს მიაღწევს, სხვა აღარაფერი იქნება ღმერთისადმი სიყვარულის ტოლფასი; მათთვის ღმერთის სიყვარული უპირველესი ხდება. ამ გზით, შენ შეძლებ დათმო ყველაფერი და მზად იქნები, ნებაყოფლობით მიიღო ღმერთისგან ყოველგვარი გასხვლა. რაჟამს ღვთის მიმართ შენი სიყვარული ყველა სხვა სიყვარულს გადააჭარბებს, მაშინ იცხოვრებ რეალობასა და ღვთის სიყვარულსა შინა.
როგორც კი ღმერთი იქცევა ადამიანთა შინაგან სიცოცხლედ, ისინი ვეღარ შეძლებენ ღმერთის მიტოვებას. განა ეს არ არის ღვთის მოქმედება? ამაზე დიდი მოწმობა აღარ არსებობს. ღმერთმა გარკვეულ წერტილამდე იმუშავა; მან თქვა, რომ ადამიანებმა უნდა იმსახურონ, გაიკიცხონ ან მოკვდნენ და ადამიანებს უკან არ დაუხევიათ, რაც აჩვენებს, რომ ისინი ღმერთმა დაიპყრო. ვისაც ჭეშმარიტება აქვს, ის არის, ვინც თავის რეალურ გამოცდილებაში მტკიცედ დგას მოწმობაში, მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, დგას ღმერთის მხარეს და უკან არასოდეს იხევს; ვისაც შეუძლია ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, ვისაც ღმერთი უყვარს და როდესაც რაღაც გადახდება, შეუძლია სრულად დაემორჩილოს ღმერთს და დაემორჩილოს მას სიკვდილამდე. რეალურ ცხოვრებაში შენი პრაქტიკაში განხორციელება და გამოვლენები ღვთის დამოწმებაა, ისინი ადამიანის ცხოვრებაში გამოვლენა და ღვთის დამოწმებაა, და ეს ჭეშმარიტად ღვთის სიყვარულით ტკბობაა; როდესაც აქამდე განიცდი, მიღწეული იქნება სათანადო შედეგი. შენ ფლობ ჭეშმარიტების ცხოვრებაში რეალურ გამოვლენას და შენს ყოველ ქმედებას სხვები აღტაცებით შესცქერიან. შენი ჩაცმულობა და გარეგნობა შეუმჩნეველია, მაგრამ შენ ცხოვრებაში უმაღლეს ღვთისმოსაობას ავლენ; როდესაც ღვთის სიტყვების შესახებ თანაზიარება გაქვს, ის წინამძღოლობას გიწევს და ნათელს გფენს. შენ შეგიძლია შენი სიტყვებით გადმოსცე ღვთის განზრახვები, გქონდეს რეალობის თანაზიარება და ბევრი რამ გესმის სულით მსახურების შესახებ. შენ საუბრობ ღირსეულად, ხარ წესიერი და მართალი, არაკონფლიქტური და თავდაჭერილი, შეგიძლია დაემორჩილო ღვთის მოწყობას და მტკიცედ იდგე მოწმობაში, როდესაც რაიმე გადაგხდება და ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებ სიმშვიდესა და ხარ შემდგარი. ამგვარმა ადამიანმა ჭეშმარიტად შეიცნო ღვთის სიყვარული. ზოგიერთი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ შუახნის ადამიანივით იქცევა; ისინი მომწიფებულნი არიან, ფლობენ ჭეშმარიტებას და სხვები მათით აღტაცებულნი არიან — სწორედ ასეთი ადამიანები ფლობენ მოწმობას და წარმოადგენენ ღვთის გამოვლინებას. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ისინი გარკვეულ წერტილამდე მიაღწევენ გამოცდილებაში, მათ შინაგანად ექნებათ ღვთის წვდომა და მათი გარეგნული ხასიათიც დასტაბილურდება. ბევრია ისეთი, ვინც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ ახორციელებს და მტკიცედ არ დგას მოწმობაში. ასეთ ადამიანებში არ არის არც ღვთის სიყვარული და არც ღვთისადმი მოწმობა; ისინი არიან ის ადამიანები, რომელნიც ყველაზე მეტად სძულს ღმერთს. ისინი შეკრებებზე კითხულობენ ღვთის სიტყვებს, მაგრამ რასაც ცხოვრებაში ავლენენ, არის სატანა და ეს არის ღმერთის შეურაცხყოფა, ღმერთის ძაგება და ღმერთის გმობა. ასეთ ადამიანებში ღვთის სიყვარულის არავითარი ნიშანი არ ჩანს და მათში სულიწმინდის საქმე საერთოდ არ არის. ასე რომ, ადამიანების სიტყვები და მოქმედებები სატანას წარმოადგენს. თუ შენი გული მუდმივად მშვიდად არის ღმერთის წინაშე და ყოველთვის ყურადღებას აქცევ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს შენს ირგვლივ, თუ ითვალისწინებ ღვთის ტვირთს და მუდამ გაქვს ღვთისმოშიში გული, მაშინ ღმერთი ხშირად მოგფენს ნათელს შინაგანად. ეკლესიაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც „ზედამხედველები“ არიან: ისინი მიზნად ისახავენ, თვალი ადევნონ სხვათა ნაკლოვანებებს, შემდეგ კი გადმოიღონ მათგან და მიბაძონ მათ. მათ არ შეუძლიათ გარჩევა, მათ არ სძულთ ცოდვა და არც სიძულვილს ან ზიზღს გრძნობენ სატანისეული საგნების მიმართ. ასეთი ადამიანები სავსენი არიან სატანისეული საგნებით და საბოლოოდ ისინი ღმერთის მიერ სრულიად იქნებიან მიტოვებულნი. შენი გული მუდამ ღვთისმოშიში უნდა იყოს, შენი სიტყვები და მოქმედებები უნდა იყოს ზომიერი და არასოდეს უნდა ისურვო ღმერთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი გულისტკენა. არასოდეს უნდა ისურვო, რომ ღმერთის შრომა შენში ფუჭი აღმოჩნდეს ან დაუშვა, რომ მთელმა შენმა გადატანილმა გაჭირვებამ და ყველაფერმა, რაც პრაქტიკაში განახორციელე, ამაოდ ჩაიაროს. მზად უნდა იყო, რომ მომავალ გზაზე უფრო ბევრს იშრომებ და უფრო მეტად შეიყვარებ ღმერთს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც საფუძვლად ხედვა აქვთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეძიებენ წინსვლას.
თუ ადამიანებს სწამთ ღმერთის და ღვთისმოშიში გულით განიცდიან ღმერთის სიტყვებს, მაშინ ასეთ ადამიანებში შეიძლება დაინახო ღმერთის ხსნა და ღმერთის სიყვარული. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ღმერთის დამოწმება; ისინი ცხოვრებაში ავლენენ ჭეშმარიტებას და რაზეც ისინი მოწმობენ, ასევე არის ჭეშმარიტება, ის, რაც ღმერთი არის და ღმერთის ხასიათი. ისინი ღმერთის სიყვარულში ცხოვრობენ და მათ ნანახი აქვთ ღმერთის სიყვარული. თუ ადამიანებს სურთ ღმერთის სიყვარული, მათ უნდა განიცადონ და იხილონ ღმერთის მშვენიერება; მხოლოდ მაშინ შეიძლება მათში აღიძრას ღვთისმოყვარე გული და გული, რომელიც თავდადებით გაიღებს თავს ღმერთისთვის. ღმერთი ადამიანებს თავის სიყვარულს სიტყვების ან წარმოსახვის მეშვეობით არ აიძულებს და იგი არც ძალას ატანს ადამიანებს, რომ მათ იგი შეიყვარონ. არამედ ადამიანს აძლევს თავისუფალ ნებას, თავად შეიყვაროს იგი და როცა კაცი მის საქმეებსა და სიტყვებში ხედავს ღვთის კეთილშობილებასა და სილამაზეს, მაშინ ბუნებრივად მკვიდრდება მის გულში ღვთის სიყვარული. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ადამიანს ღვთისადმი ჭეშმარიტი დამოწმება. ადამიანი ღმერთს არ შეიყვარებს სხვისი შეგონებით და არც წამიერი ემოციის ზემოქმედებით. მათ უყვართ ღმერთი, რადგან იხილეს მისი მშვენიერება; იხილეს, რომ მასში იმდენი რამაა ადამიანთა სიყვარულის ღირსი, რადგან იხილეს ღმერთის ხსნა, სიბრძნე და საკვირველებანი — რის შედეგადაც, ისინი ჭეშმარიტად ადიდებენ ღმერთს, ჭეშმარიტად ელტვიან მას და მათში ისეთი ვნება იღვიძებს, რომ ღმერთის შეძენის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ. მიზეზი, რის გამოც ისინი, ვინც ჭეშმარიტად მოწმობენ ღმერთს, ამის ხმამაღლა გაკეთებას ახერხებენ, არის ის, რომ მათი მოწმობა ეყრდნობა ღმერთის ჭეშმარიტი შემეცნებისა და მისდამი ჭეშმარიტი ლტოლვის საფუძველს. ამგვარი მოწმობა არ გაიცემა ემოციური იმპულსის მიხედვით, არამედ ღმერთის შემეცნებისა და მისი ხასიათის მიხედვით. რადგან მათ შეიცნეს ღმერთი, ისინი გრძნობენ, რომ ნამდვილად უნდა დაუმოწმონ ღმერთს და ყველა მას, ვინც ელტვის ღმერთს, შეაცნობინონ ღმერთი და გააგებინონ ღმერთის მშვენიერება და მისი პრაქტიკულობა. როგორც ადამიანთა სიყვარული ღმერთისადმი, მათი მოწმობაც სპონტანურად იბადება; იგი რეალურია და ღრმა აზრსა და ღირებულებას ატარებს. იგი არ არის პასიური, არც ცარიელი და უსარგებლო სიტყვა. მიზეზი, რის გამოც მხოლოდ მათ აქვთ ცხოვრებაში ყველაზე მეტი ღირებულება და აზრი, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი და მიზეზი, რის გამოც მხოლოდ მათ სწამთ ჭეშმარიტად ღმერთის, არის ის, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ ღმერთის ნათელში და შეუძლიათ იცხოვრონ ღმერთის შრომისა და მართვისათვის. ვინაიდან ისინი არ მკვიდრობენ ბნელში, არამედ ნათელში; მათი არსებობა არ არის ფუჭი და უმნიშვნელო, არამედ ღვთის მიერ კურთხეული. მხოლოდ მათ, ვისაც უყვარს ღმერთი, შეუძლიათ მოწმობა ღმერთზე; მხოლოდ ისინი არიან ღმერთის მოწმეები, მხოლოდ ისინი არიან ღმერთის მიერ კურთხეულნი და მხოლოდ მათ შეუძლიათ ღმერთის აღთქმების მიღება. ისინი, ვისაც უყვარს ღმერთი, ღმერთის ახლობლები არიან; ისინი ღმერთის მიერ საყვარელი ადამიანები არიან და მათ შეუძლიათ კურთხევებით ტკბობა ღმერთთან ერთად. მხოლოდ ასეთი ადამიანები იცხოვრებენ მარადიულად და მხოლოდ ისინი იცხოვრებენ უკუნისამდე ღმერთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ. ღმერთი არის ის, ვინც ადამიანებს უნდა უყვარდეს და იგი ყოველი ადამიანის სიყვარულის ღირსია, მაგრამ ყველა ადამიანს არ შესწევს ღმერთის სიყვარულის უნარი და ყველა ადამიანს არ შეუძლია მოწმობა ღმერთზე და ღმერთთან ერთად ძალაუფლების ფლობა. ვინაიდან მათ ძალუძთ ღმერთზე მოწმობა და მთელი თავისი ძალისხმევის ღვთის საქმისთვის მიძღვნა, მათ, ვისაც ჭეშმარიტად უყვართ ღმერთი, შეუძლიათ თავისუფლად იარონ ყველგან ცისქვეშეთში და ვერავინ გაბედავს მათთვის წინააღმდეგობის გაწევას; მათ შეუძლიათ ფლობდნენ ძალაუფლებას დედამიწაზე და მართავდნენ ღვთის მთელ ხალხს. ამ ადამიანებმა მსოფლიოს ყოველი კუთხიდან მოიყარეს თავი. ისინი არიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ და სხვადასხვა ფერის კანი აქვთ, მაგრამ მათი არსებობის მნიშვნელობა ერთია; ყველას ღვთისმოყვარე გული აქვს, ყველა ერთსა და იმავე მოწმობას გასცემს და ყველას ერთი და იგივე სიმტკიცე და ერთი და იგივე სურვილი აქვს. ღვთის მოყვარულთ შეუძლიათ თავისუფლად იარონ ქვეყნიერებაზე, ხოლო მათ, ვინც მოწმობს ღმერთზე, შეუძლიათ იმოგზაურონ მთელ სამყაროში. ეს ადამიანები ღმერთს უყვარს, ისინი ღმერთის მიერ კურთხეულნი არიან და ისინი მარადიულად იცხოვრებენ მის ნათელში.