მხოლოდ გამოწრთობის გზით შეიძლება ეზიაროს ადამიანი ჭეშმარიტ სიყვარულს
თქვენ ყველანი გამოცდისა და გამოწრთობის შუაგულში ხართ. როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი გამოწრთობისას? გამოწრთობის გზის გავლის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ, ჭეშმარიტი ლოცვა აღავლინონ ღვთისადმი, ხოლო უშუალოდ გამოწრთობის დროს მათ შეუძლიათ, იხილონ, თუ რაოდენ დიდია მათი ნაკლოვანება. რაც უფრო მეტად იწრთობი, მით მეტად შეგიძლია, წინ აღუდგე ხორციელებას. რაც უფრო მეტად გამოიწრთობა ადამიანი, მით უფრო ძლიერდება მისი სიყვარული ღვთისდმი. ეს არის ის, რაც უნდა გესმოდეთ. რატომ უნდა გამოიწრთოს ადამიანი? რა შედეგის მიღწევას ისახავს ეს მიზნად? რა მნიშვნელობა აქვს ღვთის მიერ ადამიანის გამოწრთობის საქმეს? თუ შენ ჭეშმარიტად ეძიებ ღმერთს, მაშინ მის მიერ გამოწრთობის გარკვეულწილად განცდის შემდეგ იგრძნობ, რომ ეს უკიდურესად კარგია და უაღრესად აუცილებელია. როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი გამოწრთობის დროს? ღვთისადმი სიყვარულის მტკიცე გადაწყვეტილებით მისი გამოწრთობის მისაღებად: გამოწრთობის დროს შინაგანად იტანჯები, თითქოს დანას ატრიალებდნენ შენს გულში, მაგრამ მაინც მზად ხარ, ღმერთს სათნო უყო შენი ღმერთის მოყვარული გულით და არ გსურს იზრუნო ხორცზე. აი, რას ნიშნავს ღმერთისადმი სიყვარულის პრაქტიკულად განხორციელება. შინაგანად გტკივა და შენი ტანჯვა გარკვეულ ზღვარს აღწევს, მაგრამ მაინც მზად ხარ ღმერთის წინაშე წარსდგე და ილოცო ამ სიტყვებით: „ო, ღმერთო! ვერ მიგატოვებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემში სიბნელეა, მე მაინც მსურს, შენთვის სათნო ვიყო. შენ იცი ჩემი გული და დაე, ჩემში ჩაიდოს კიდევ უფრო მეტი სიყვარული შენდამი.” ეს არის პრაქტიკა გამოწრთობის დროს. თუ ღმერთის მოყვარულ გულს საფუძვლად გამოიყენებ, გამოწრთობას შეუძლია, უფრო მეტად დაგაახლოოს ღმერთთან და მასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. რადგან შენ ღმერთისა გწამს, შენი გული მას უნდა ჩააბარო. თუ გულს ღმერთს შესწირავ და მას გადაუშლი, მაშინ გამოწრთობის დროს ვერ შეძლებ ღვთის უარყოფას ან მის მიტოვებას. ამგვარად შენი ურთიერთობა ღმერთთან გახდება უფრო ახლო და უფრო ნორმალურიც კი, ხოლო შენი თანაზიარება ღმერთთან სულ უფრო ხშირი იქნება. თუ ყოველთვის ასეთ პრაქტიკას მიჰყვები, უფრო მეტ დროს გაატარებ ღმერთის ნათელში და უფრო მეტ დროს – მისი სიტყვებით წარმართვისას. ასევე სულ უფრო მეტი და მეტი რამ შეიცვლება შენს ხასიათში და შენი ცოდნა დღითიდღე გაიზრდება. ოდეს დადგება დღე, როცა ღვთის განსაცდელი მოულოდნელად დაგატყდება თავს, შენ არა მხოლოდ ღვთის მხარეს დგომას შეძლებ, არამედ ასევე შეძლებ ღვთისთვის მოწმობასაც. მაშინ შენ იქნები იობის მსგავსი და პეტრეს მსგავსი. ღვთისთვის მოწმობის შემდეგ ჭეშმარიტად შეიყვარებ მას და მოხარული იქნები, შენი სიცოცხლე გაიღო მისთვის; შენ იქნები ღვთის მოწმე და იქნები ის, ვინც ღმერთს უყვარს. სიყვარული, რომელმაც გამოწრთობა გაიარა, ძლიერია და არა მყიფე. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ მოგივლენს ღმერთი განსაცდელს, შენ შეძლებ, უკუაგდო შენი საზრუნავი იმაზე, იცოცხლებ თუ მოკვდები, სიხარულით დატოვო ყველაფერი ღმერთისათვის და სიხარულით აიტანო ნებისმიერი რამ მისთვის. ამგვარად, შენი სიყვარული წმინდა იქნება და შენს რწმენას რეალობა ექნება. მხოლოდ მაშინ გახდები ის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთს და ვინც ჭეშმარიტად სრულყოფილ იქნა ღმერთის მიერ.
თუ ადამიანები სატანის გავლენის ქვეშ ექცევიან, მაშინ მათში ღმერთის სიყვარული აღარ არის და მათი უწინდელი ხედვები, სიყვარული და გადაწყვეტილებაც ქრება. ადამიანები გრძნობდნენ ხოლმე, რომ ღმერთისათვის უნდა წამებულიყვნენ, მაგრამ დღეს მათ ეს სირცხვილად მიაჩნიათ და პრეტენზიებიც არ ელევათ. ეს სატანის საქმეა, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი სატანის ძალაუფლების ქვეშ მოექცა. თუ ასეთ მდგომარეობას წააწყდები, უნდა ილოცო და რაც შეიძლება სწრაფად შეცვალო იგი. ეს დაგიცავს სატანის შემოტევებისგან. სწორედ მძიმე გამოწრთობის დროს ხდება ისე, რომ ადამიანი ადვილად ექცევა სატანის გავლენის ქვეშ. მაშ, როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი ასეთი გამოწრთობის დროს? შენ უნდა მოუხმო გამბედაობას, გული ღმერთს გადაუშალო და შენი დროის უკანასკნელი წუთიც კი მას მიუძღვნა. როგორადაც უნდა გამოგაწრთოს ღმერთმა, შენ თვითონ უნდა შეძლო ჭეშმარიტების პრაქტიკად დანერგვა, რათა სათნო ჰყო ღმერთის განზრახვები და თვითონ იკისრო ღვთისა და მასთან თანაზიარების ძიება. ასეთ დროს რაც უფრო პასიური იქნები, მით უფრო ნეგატიური გახდები და რეგრესიც მით უფრო ადვილი იქნება. როდესაც შენი ფუნქციის შესრულება გიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად ვერ ასრულებ, მაინც აკეთებ ყველაფერს, რაც შეგიძლია და ამას მხოლოდ ღვთის მოყვარული გულით აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან სხვები — იტყვიან თუ არა, რომ კარგად გააკეთე ან ცუდად — შენი განზრახვა მაინც სწორია და შენ თვითმართალი არ ხარ, რადგან ღვთისთვის მოქმედებ. როდესაც სხვებს არასწორად ესმის შენი, შეგიძლია ღმერთს მიმართო და ილოცო: „ო ღმერთო! არ ვითხოვ, რომ სხვებმა შემიწყნარონ ან კარგად მომექცნენ, არც იმას ვითხოვ, რომ მათ გამიგონ ან დამეთანხმონ. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ გულით შევძლო შენი სიყვარული, რომ გულში სიმშვიდე მქონდეს და ჩემი სინდისი სუფთა იყოს. არ ვითხოვ, რომ სხვებმა შემაქონ ან მაღლა დამაყენონ. მხოლოდ იმას ვეძებ, რომ გულით სათნო გყო. ჩემს როლს ვასრულებ იმით, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და მიუხედავად იმისა, რომ სულელი ვარ, უგუნური, მცირედ შემძლე და ბრმა, ვიცი, რომ შენ მშვენიერი ხარ, და მზად ვარ, ყველაფერი, რაც კი გამაჩნია, შენ მოგიძღვნა.” როგორც კი ასე ილოცებ, შენი ღვთის მოყვარული გული წარმოჩინდება და გულში ბევრად მეტ შვებას იგრძნობ. სწორედ ამას ეწოდება ღვთის სიყვარულის პრაქტიკად ქცევა. გამოცდილების გზაზე ორჯერ დამარცხდები და ერთხელ გაიმარჯვებ ან ხუთჯერ დამარცხდები და ორჯერ გაიმარჯვებ. ასეთი გამოცდილებისას სწორედ დამარცხების დროს შეძლებ დაინახო ღვთის სიყვარული და აღმოაჩინო, რა გაკლია. როდესაც შემდეგ კვლავ აღმოჩნდები ასეთ სიტუაციებში, უნდა გააფრთხილო საკუთარი თავი, შეანელო ნაბიჯები და უფრო ხშირად ილოცო. თანდათანობით განივითარებ უნარს, ასეთ ვითარებებში გაიმარჯვო. როდესაც ეს მოხდება, შენი ლოცვები უფრო ეფექტური იქნება. როცა დაინახავ, რომ ამჯერად წარმატებას მიაღწიე, შინაგანად სიხარულს იგრძნობ; და როცა ილოცებ, შეძლებ, იგრძნო ღმერთი და მიხვდები, რომ სულიწმიდის მყოფობას არ მიუტოვებიხარ, მხოლოდ მაშინ შეიცნობ ღვთის საქმეს შენში. თუ ასე ივარჯიშებ, შენს გამოცდილებაში გზაც გაჩნდება. თუ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ დანერგავ, მაშინ შენში სულიწმიდა აღარ იქნება. ხოლო თუ ჭეშმარიტებას პრაქტიკად აქცევ მაშინ, როცა რეალურ სიტუაციებს შეხვდები, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად გეტკინება, ამის შემდეგ სულიწმიდა შენთან იქნება, ლოცვისას იგრძნობ ღმერთის მყოფობას, გექნება ძალა, რომ ღვთის სიტყვები პრაქტიკაში განახორციელო და როდესაც ძმებთან და დებთან თანაზიარებაში იქნები, სინდისი არაფრით დაგიმძიმდება და შინაგანად მშვიდობას იგრძნობ და ამგვარად შეძლებ, დღის სინათლეზე გამოიტანო ის ყველაფერი, რაც გაგიკეთებია. მიუხედავად იმისა, რას იტყვიან სხვები, შენ შეძლებ, ნორმალური ურთიერთობა იქონიო ღმერთთან. სხვები არ შეგზღუდავენ, ყველაფერზე მაღლა დადგები და ამით წარმოაჩენ, რომ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელება ნამდვილად შედეგიანია.
რაც უფრო მეტად გამოწრთობს ღმერთი ადამიანებს, მით უფრო შეძლებენ ადამიანების გულები ღმერთის სიყვარულს. ტანჯვა მათ გულებში მათ სიცოცხლეს წაადგება. ის მათ უფრო მეტად აძლევს უნარს, მშვიდად იყვნენ ღმერთის წინაშე, ჰქონდეთ უფრო ახლო ურთიერთობა ღმერთთან და მეტად შეძლონ მისი უსაზღვრო სიყვარულისა და მისი უდიდესი ხსნის უკეთ დანახვა. პეტრემ ასჯერ მაინც გამოსცადა გამოწრთობა და იობმა რამდენიმეჯერ გაიარა გამოცდა. თუკი გსურთ, სრულქმნილნი იყოთ ღმერთის მიერ, თქვენც უნდა გაიაროთ ასობით გამოწრთობა, უნდა განვლოთ მთელი ეს პროცესი და დაეყრდნოთ ამ ეტაპს და მხოლოდ მაშინ შეძლებთ ღვთისთვის სათნო ჰყოთ მისი განზრახვები და სრულქმნილნი შეიქნეთ ღვთის მიერ. გამოწრთობა საუკეთესო საშუალებაა, რომლითაც ღმერთი სრულჰყოფს ადამიანებს. მხოლოდ გამოწრთობისა და მწარე გამოცდის მეშვეობით ჩნდება ადამიანებში ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისადმი. ტანჯვის გარეშე ადამიანებს არ და ვერ ექნებათ ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. თუ მათ გამოცდას არ გაუძლეს, თუ ისინი ჭეშმარიტ გამოწრთობას არ გაივლიან, მათი გულები სულ მუდამ მიღმა იხეტიალებენ. როდესაც გარკვეულ ეტაპამდე გაივლი გამოწრთობის პროცესს, დაინახავ საკუთარ სისუსტეებსა და სიძნელეებს. დაინახავ, რამდენად ბევრი გაკლია და რამდენ თავსდატეხილ სირთულეს ვერ უმკლავდები, და დაინახავ, რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილხარ ამბოხებული. მხოლოდ გამოცდის დროს შეუძლიათ ადამიანებს, ჭეშმარიტად შეიცნონ თავიანთი რეალური მდგომარეობა; სწორედ გამოცდას აქვს ყველაზე მეტად შეუძლია სრულქმნას ადამიანი.
თავისი ცხოვრების განმავლობაში პეტრემ ასჯერ მაინც გამოსცადა გამოწრთობა და მრავალი მტკივნეული გამოცდა გადაიტანა. სწორედ ეს გამოწრთობა გახდა მისი ღმერთისადმი უზენაესი სიყვარულის საფუძველი და მისი მთელი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის, რომ მას შეეძლო ღვთისადმი ასეთი უზენაესი სიყვარული ჰქონოდა, ერთის მხრივ, განპირობებული იყო მისი გადაწყვეტილებით, რომ ღმერთი ჰყვარებოდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის გამოწრთობა და ტანჯვა, რომელიც მან გადაიტანა. ეს ტანჯვა გახდა მისი გზამკვლევი ღმერთისადმი სიყვარულის გზაზე და იქცა იმად, რაც მისთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო. თუ ადამიანები ღმერთისადმი სიყვარულის გზაზე გამოწრთობის ტკივილს არ განიცდიან, მაშინ მათი სიყვარული სავსეა უწმინდურებითა და საკუთარი არჩევანით. ასეთი სიყვარული სავსეა სატანისეული იდეებით და საფუძვლიანად ვერ შეძლებს ღმერთის ნების სათნოდ ყოფას. ღმერთისადმი სიყვარულის გადაწყვეტილება არ არის იგივე, რაც ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები გულში ფიქრობენ, თითქოს ყველაფერს ღმერთის სიყვარულისა და მისთვის სათნოდ ყოფისთვის აკეთებენ და თითქოს ეს ღმერთისთვისაა და თავისუფალია ადამიანური აზრებისაგან, როდესაც ღმერთისადმი ასეთი სიყვარულის პრაქტიკა მის წინაშე წარსდგება, ის მას არც ამტკიცებს და არც აკურთხებს. თუნდაც ადამიანებმა სრულად გაიგონ და შეიცნონ ყველა ჭეშმარიტება, მაინც შეუძლებელია ითქვას, რომ ეს არის ნიშანი ღვთისადმი სიყვარულისა. ასევე ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად უყვართ ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭეშმარიტება შეიძლება შეცნობილ იქნას გამოწრთობის გაუვლელადაც, ადამიანები ამ ჭეშმარიტებებს პრაქტიკაში ვერ განახორციელებენ. მხოლოდ გამოწრთობის დროს შეუძლიათ ადამიანებს გაიგონ ამ ჭეშმარიტებების ნამდვილი მნიშვნელობა და მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მათ, ნამდვილად დააფასონ მათი შინაგანი საზრისი. იმ დროს, როცა ისინი ამ ჭეშმარიტებებს კვლავ პრაქტიკად აქცევენ, ამისი გაკეთება შეუძლიათ ზუსტად და ღვთის ნების შესაბამისად. ამ დროს მათ პრაქტიკაში მათი იდეები მცირდება, მათი ადამიანური გახრწნილება იკლებს და ადამიანური გრძნობები ცოტავდება. მხოლოდ მაშინ არის მათი პრაქტიკა ღვთისადმი სიყვარულის ჭეშმარიტი გამოვლინება. ღვთისადმი სიყვარულის ჭეშმარიტების შედეგი ვერ მიიღწევა მხოლოდ სიტყვიერად წარმოთქმული ცოდნით ან გონებრივი სურვილით და არც მხოლოდ ამ ჭეშმარიტების გაგებით. ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანებმა გადაიხადონ ფასი, რომ გამოწრთობის დროს დიდი ტანჯვა გადაიტანონ, მხოლოდ მაშინ გახდება მათი სიყვარული სუფთა და ღვთის განზრახვების შესაბამისი. მისი მოთხოვნისას, რომ ადამიანს უყვარდეს იგი, ღმერთი არ ითხოვს, რომ კაცს ღმერთი უყვარდეს ვნებით ან საკუთარი ნებით. მხოლოდ ერთგულებითა და მისდამი მსახურებისას ჭეშმარიტების გამოყენებით შეუძლია ადამიანს ღვთის ნამდვილი სიყვარული. მაგრამ ადამიანი ცხოვრობს გახრწნილებაში და ამიტომ არ ძალუძს ჭეშმარიტებითა და ერთგულებით ემსახუროს ღმერთს. ის ან ზედმეტად ემოციურია ღმერთის მიმართ ან ძალიან ცივი და გულგრილი. მას ან უკიდურესად უყვარს ღმერთი, ან უკიდურესად სძულს იგი. ისინი, ვინც გახრწნილებაში ცხოვრობენ, ყოველთვის ამ ორ უკიდურესობას შორის არიან, ყოველთვის საკუთარი ნების მიხედვით ცხოვრობენ და მაინც სჯერათ, რომ მართლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამას კვლავ და კვლავ ვახსენებ, ადამიანები ვერ ახერხებენ ამას სერიოზულად მოეკიდონ. მათ არ ძალუძთ, სრულად გაიგონ მისი მნიშვნელობა და ამიტომ ცხოვრობენ თვითმოტყუების რწმენაში, ღვთისადმი სიყვარულის იმ ილუზიაში, რომელიც მათ საკუთარ ნებაზეა დამყარებული. ისტორიის განმავლობაში კაცობრიობის განვითარებისა და ეპოქების ცვლის კვალად ღმერთის მოთხოვნები ადამიანის მიმართ სულ უფრო იზრდებოდა და იგი განუხრელად მოითხოვდა, რომ ადამიანს მისთვის მთლიანად მიეძღვნა თავი. მაგრამ ადამიანის ცოდნა ღმერთის შესახებ სულ უფრო ბუნდოვანი და აბსტრაქტული ხდებოდა და იმავდროულად ადამიანის სიყვარული ღმერთისადმი სულ უფრო დაუწმენდელი გახდა. ადამიანის მდგომარეობა და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ღვთის განზრახვებს, რადგან ადამიანი სატანის მიერ სულ უფრო მეტად იხრწნება. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ღმერთმა აკეთოს ხსნის უფრო მეტი, უფრო დიდი საქმე. ადამიანი სულ უფრო მომთხოვნი ხდება ღვთის მიმართ, ხოლო მისი სიყვარული ღვთის მიმართ სულ უფრო მცირდება. ადამიანები ცხოვრობენ ურჩობაში ჭეშმარიტების გარეშე ისეთი ცხოვრებით, რომელიც ადამიანურობას მოკლებულია. მათ არა მხოლოდ ღვთისადმი მცირედი სიყვარულიც კი არ აქვთ, არამედ სავსენი არიან ამბოხითა და წინააღმდეგობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიქრობენ, თითქოს უკვე აქვთ ღვთისადმი უმაღლესი სიყვარული და რომ მის მიმართ ამაზე მეტი კეთილგანწყობის ქონა მათთვის შეუძლებელი იქნებოდა, ღმერთს არ სჯერა ეს. მისთვის სრულიად ნათელია, რამდენად შებღალულია ადამიანის სიყვარული მის მიმართ და მას არასოდეს შეუცვლია თავისი აზრი ადამიანზე მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი მას ეპირფერებოდა, და არც ადამიანის თავდადების გამო დაუბრუნებია მისთვის კეთილგანწყობა. ადამიანისგან განსხვავებით, ღმერთს შეუძლია გარჩევა: მან იცის, ვინ უყვარს მას ნამდვილად და ვინ — არა. იმის ნაცვლად, რომ ადამიანის წამიერი ემოციებით აღიგზნოს და საკუთარი თავი დაკარგოს, ის ადამიანს მისი არსისა და ქცევების მიხედვით ეპყრობა. ღმერთი, ბოლოს და ბოლოს, ღმერთია და მას თავისი ღირსება და თავისი ხედვა აქვს. ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, ადამიანია და ღმერთი ვერ მოიხიბლება იმით, როდესაც ადამიანის სიყვარული ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. პირიქით, იგი ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, სათანადოდ ეკიდება.
ადამიანის მდგომარეობისა და ღვთისადმი მისი დამოკიდებულების წინაშე უფალმა ახალი საქმე შეასრულა, რომელმაც ადამიანს საშუალება მისცა, დაუფლებოდა როგორც ცოდნას, ისე მისდამი მორჩილებას, და როგორც სიყვარულს, ისე მოწმობის მიცემას. ამიტომ ადამიანმა უნდა გამოსცადოს ღვთის მიერ მისი გამოწრთობა, ასევე მისი განსჯა და გასხვლა. ამის გარეშე ადამიანი ვერასოდეს შეიცნობს ღმერთს და ვერასოდეს შეძლებს მის ჭეშმარიტად შეყვარებას და მის დამოწმებას. ღვთის მიერ კაცის გამოწრთობა არ ხდება მხოლოდ ცალმხრივი შედეგისთის, არამედ იგი მრავალმხრივ შედეგზეა მიმართული. ღმერთი გამოწრთობის საქმეს აღასრულებს მათში, ვისაც სურს ჭეშმარიტების ძიება, რათა მათი გადაწყვეტილება და სიყვარული უფლის მიერ სრულიქმნას. მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს და ღმერთს გულით ესწრაფვის, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი და უფრო დიდად დამხმარე, ვიდრე ასეთი გამოწრთობა. ღვთის ხასიათი ასე ადვილად გასაგები და შესაცნობი არ არის ადამიანისთვის, რადგან ღმერთი, ბოლოს და ბოლოს, ღმერთია. საბოლოოდ, შეუძლებელია, რომ ღმერთს იგივე იგივე ხასიათი ჰქონდეს, რაც ადამიანს. ამიტომ ადამიანისთვის ადვილი არ არის მისი ხასიათის გაგება. ჭეშმარიტება ადამიანს ბუნებრივად არ ეკუთვნის და მათთვის, ვინც სატანის მიერ არის გახრწნილი, მისი გაგება ადვილი არ არის. ადამიანი ჭეშმარიტებას მოკლებულია და ასევე მოკლებულია მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ჭეშმარიტება პრაქტიკად დაამკვიდროს და თუ ის არ იტანჯება და არ გამოიწვრთნება ან არ განისჯება, მისი გადაწყვეტილება ვერასოდეს გახდება სრულყოფილი. ყველა ადამიანისთვის გამოწრთობა უკიდურესად მტკივნეულია და მისი მიღება ძალიან ძნელია — მაგრამ სწორედ გამოწრთობის დროს უმჟღავნებს ღმერთი ადამიანს თავის სამართლიან ბუნებას, აცნობს თავის მოთხოვნებს და მოჰფენს მას მეტ ნათელს და უფრო პრაქტიკულად გასხლავს მას. ფაქტებსა და ჭეშმარიტებას შორის შედარებით ადამიანი იძენს უფრო მეტ ცოდნას საკუთარი თავისა და ჭეშმარიტების შესახებ, უფრო მეტ წვდომას ღმერთის განზრახვებში და ამრიგად ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ჰქონდეს უფრო ჭეშმარიტი და უფრო წმინდა სიყვარული ღვთისადმი. ასეთია უფლის მიზნები გამოწრთობის საქმის შესრულებისას. მთელ საქმეს, რომელსაც ღმერთი ასრულებს ადამიანში, თავისი მიზნები და მნიშვნელობა აქვს. ღმერთი არ აკეთებს საზრისს მოკლებულ საქმეს და არც ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც კაცს სარგებელს არ მოუტანს. გამოწრთობა არ ნიშნავს ღვთისგან ადამიანების მოშორებას და არც იმას, რომ ისინი ჯოჯოხეთში დაინთქან. პირიქით, ეს ნიშნავს ადამიანის ხასიათის შეცვლას გამოწრთობის დროს, მისი განზრახვების შეცვლას, ძველი შეხედულებების შეცვლას, ღვთისადმი მისი სიყვარულის შეცვლას და მთელი მისი ცხოვრებისეული გზის შეცვლას. გამოწრთობა არის ადამიანის რეალური გამოცდა და ერთგვარი პრაქტიკული გაწვრთნა და მხოლოდ გამოწრთობის დროს შეუძლია მის სიყვარულს თავისი ნამდვილი ფუნქციის შესრულება.