ისინი, ვინც სრულქმნილნი უნდა გახდნენ, გამოწრთობას უნდა დაექვემდებარონ
ღვთისადმი რწმენაში, შენ უნდა დაემორჩილო ღმერთს, ჭეშმარიტება პრაქტიკაში განახორციელო და შენი ყველა მოვალეობა აღასრულო. გარდა ამისა, უნდა გესმოდეს ის, რაც უნდა გამოცადო. თუ შენ მხოლოდ გასხვლას, წვრთნას და განსჯას განიცდი, თუ შენ მხოლოდ ტკბები ღმერთით, მაგრამ ვერ გრძნობ, როდის გწვრთნის ან გამოსწორების მიზნით როდის გსხლავს იგი - ეს მიუღებელია. შესაძლოა, გამოწრთობის ამ ეტაპზე შენ მტკიცედ დგახარ, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი; შენ კვლავაც წინსვლა უნდა განაგრძო. ღვთის სიყვარულის გაკვეთილი დაუსრულებელია; ის არასდროს დასრულდება. ადამიანები ღვთისადმი რწმენას რაღაც მეტისმეტად მარტივ რამედ მიიჩნევენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას რეალურად გამოცდიან, ხვდებიან, რომ ღვთისადმი რწმენა არც ისე მარტივია, როგორც მათ წარმოუდგენიათ. როდესაც ღმერთი ადამიანის გამოსაწრთობად მუშაობს, ადამიანი იტანჯება. რაც უფრო დიდია ადამიანის გამოწრთობა, მით უფრო დიდი იქნება მისი ღვთისმოყვარე გული და მით მეტად გამოვლინდება მასში ღვთის ძალა. და პირიქით, რაც უფრო ნაკლებ გამოწრთობას გადის ადამიანი, მით უფრო არასრული იქნება მისი ღვთისმოყვარე გული და მით ნაკლებად გამოვლინდება მასში ღვთის ძალა. რაც უფრო დიდია ადამიანის გამოწრთობა და ტკივილი და რაც უფრო მეტ ტანჯვას განიცდის იგი, მით უფრო ღრმავდება მისი სიყვარული ღვთისადმი, მით უფრო წრფელი ხდება მისი რწმენა და მით უფრო სრულყოფილია მისი ღვთის შემეცნება. შენს გამოცდილებაში თავად დაინახავ, რომ მათ, ვინც დიდ გამოწრთობასა და ტანჯვას გადის, ვისაც ბევრს სხლავენ და წვრთნიან, ღვთისადმი ღრმა სიყვარული და მისი უფრო საფუძვლიანი და ამომწურავი შემეცნება გააჩნიათ. მათ კი, ვისაც გასხვლა არ გამოუცდიათ, მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ. მათ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ: „ღმერთი ისეთი კეთილია, იგი ადამიანებს მადლს აძლევს, რათა მისით ტკბებოდნენ“. მხოლოდ მათ ძალუძთ ღვთის ჭეშმარიტ შემეცნებაზე საუბარი, ვისაც გასხვლა და წვრთნა საკუთარ თავზე გამოუცდია. ამგვარად, რაც უფრო საკვირველია ადამიანში ღვთის საქმე, მით უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია იგი. რაც უფრო მიუწვდომელია ის შენთვის და რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება შენს წარმოდგენებს, მით უფრო მეტად ძალუძს ღვთის საქმეს, დაგიმორჩილოს, მოგიპოვოს და სრულგყოს. რაოდენ დიდია ღვთის საქმის მნიშვნელობა! ღმერთს ადამიანი ასე რომ არ გამოეწვრთნა და ამ მეთოდით არ ემოქმედა, მაშინ მისი საქმე უშედეგო და უმნიშვნელო იქნებოდა. წარსულში ითქვა, რომ უკანასკნელ დღეებში ღმერთი გამოარჩევდა და მოიპოვებდა ადამიანთა ამ ჯგუფს და მათ სრულყოფდა; ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო დიდია საქმე, რომელსაც იგი თქვენში აღასრულებს, მით უფრო ღრმა და წმინდაა თქვენი სიყვარული ღვთისადმი. რაც უფრო დიდია ღვთის საქმე, მით უფრო მეტად ძალუძს ადამიანს ჩასწვდეს მის სიბრძნეს და მით უფრო ღრმავდება მისი შემეცნება ღვთის შესახებ. უკანასკნელი დღეების ჟამს დასრულდება ღვთის განგების ექვსიათასწლიანი გეგმა. ნუთუ მართლა ასე ადვილად შეიძლება ის დასრულდეს? მას შემდეგ, რაც იგი კაცობრიობას დაიმორჩილებს, ნუთუ მისი საქმე ამით ამოიწურება? განა შეიძლება ყველაფერი ასე უბრალო იყოს? ადამიანებს მართლაც ჰგონიათ, რომ ეს ადვილია, თუმცა ის, რასაც ღმერთი აღასრულებს, სულაც არ გახლავთ ასე ხელაღებით გადასაწყვეტი. ღვთის მიერ შესრულებული საქმის ყოველი ნაწილი ადამიანისთვის მიუწვდომელია. შენ რომ შეგძლებოდა ამას ჩაწვდომოდი, მაშინ ღვთის საქმე ყოველგვარ აზრსა და ღირებულებას დაკარგავდა. ღვთის მიერ აღსრულებული საქმე მიუწვდომელია; ის სრულიად ეწინააღმდეგება შენს წარმოდგენებს და რაც უფრო შეუთავსებელია იგი შენს შეხედულებებთან, მით უფრო მეტად ჩანს, თუ რაოდენ დიდია ღვთის საქმის მნიშვნელობა. ეს საქმე შენს წარმოდგენებს რომ შეესაბამებოდეს, მაშინ მას აზრი არ ექნებოდა. დღეს შენ გრძნობ, რომ ღვთის საქმე მეტად საკვირველია და რაც უფრო საკვირველად გეჩვენება იგი, მით უფრო მეტად რწმუნდები, რომ ღმერთი შეუცნობელია და ხედავ, თუ რაოდენ დიადია მისი საქმენი. მას მხოლოდ ზედაპირული და ზერელე სამუშაო რომ შეესრულებინა ადამიანის დასამორჩილებლად და შემდეგ სხვა არაფერი გაეკეთებინა, მაშინ ადამიანი ვერასოდეს იხილავდა ღვთის საქმის სიდიადეს. მართალია, ახლა მცირე გამოწრთობას გადიხარ, მაგრამ ეს უდიდესი სარგებლის მომტანია შენი სულიერი ზრდისთვის. ამგვარად, თქვენთვის უაღრესად აუცილებელია ასეთი განსაცდელის გავლა. დღეს მცირე გამოწრთობას გადიხარ, მაგრამ მოგვიანებით ჭეშმარიტად შეძლებ ღვთის საქმეთა ხილვას და საბოლოოდ იტყვი: „რაოდენ საკვირველია ღვთის საქმენი! ეს სიტყვები შენს გულში აღმოცენდება. მას შემდეგ, რაც ღვთის მიერ გამოწრთობა იგემეს (მსახურთა გამოცდა და სასჯელის ჟამი), ზოგიერთმა საბოლოოდ თქვა: „ღვთისადმი რწმენა მართლაც ძნელია!“ ის ფაქტი, რომ მათ სიტყვები „მართლაც ძნელია“ გამოიყენეს, აჩვენებს, რომ ღვთის საქმენი მიუწვდომელია, რომ მის საქმეს უდიდესი მნიშვნელობა და ფასი აქვს და რომ მისი შრომა ადამიანისთვის მეტად დასაფასებელია. ამდენი საქმე რომ აღმესრულებინა და შენ მცირედი შემეცნებაც კი არ გქონოდა, განა ჩემს შრომას კვლავ ექნებოდა ფასი? ეს გაიძულებს თქვა: „ღვთისმსახურება მართლაც ძნელია, ღვთის საქმენი რაოდენ საკვირველია და ღმერთი ჭეშმარიტად ბრძენია! ღმერთი ისეთი მშვენიერია!“ თუ გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ ასეთი სიტყვების თქმა შეგეძლება, ეს იმის დასტური იქნება, რომ შენში ღვთის საქმე აღსრულდა.დადგება დღე, როცა უცხოეთში იქადაგებ და ვინმე გკითხავს: „როგორ მიდის შენი რწმენის საქმე?“ შენ კი უპასუხებ: „ღვთის საქმენი რაოდენ საკვირველია!“ ისინი იგრძნობენ, რომ შენი სიტყვები პრაქტიკული გამოცდილებიდან მომდინარეობს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი დამოწმება. შენ იტყვი, რომ ღვთის საქმე სავსეა სიბრძნით, ხოლო იმ საქმემ, რაც მან შენში აღასრულა, ჭეშმარიტად დაგარწმუნა და შენი გული დაიმორჩილა. შენ ყოველთვის გეყვარება იგი, რადგან ის ბევრად მეტის ღირსია, ვიდრე კაცობრიობის სიყვარული! თუ ამ ყოველივეზე საუბარი შეგეძლება, მაშინ ადამიანთა გულებსაც აამოძრავებ. ეს ყველაფერი ღვთის დამოწმებაა. თუ შეძლებ მედგარი დამოწმებით ხალხს ცრემლი მოჰგვარო, ეს იმის დასტური იქნება, რომ ჭეშმარიტად გიყვარს ღმერთი, რადგან ძალგიძს ღვთისადმი სიყვარულის დამოწმება და შენი მეშვეობით ღვთის საქმენი ცხადი ხდება. შენი დამოწმებით სხვებიც დაიწყებენ ღვთის საქმის ძიებასა და გამოცდას და ნებისმიერ გარემოში, რომელშიც აღმოჩნდებიან, შეძლებენ მტკიცედ დგომას. მხოლოდ ასეთი დამოწმებაა ჭეშმარიტი და სწორედ ეს მოგეთხოვება ახლა. შენ უნდა დაინახო, რომ ღვთის საქმე უაღრესად ფასეულია და ადამიანთაგან დაფასებას იმსახურებს, რომ ღმერთი მეტად ძვირფასი და ყოვლისმომცველია; მას ძალუძს არა მხოლოდ საუბარი, არამედ ადამიანთა განკითხვაც, მათი გულების გამოწრთობა, მათთვის ნეტარების მინიჭება, მათი მოპოვება, დაპყრობა და სრულყოფა. საკუთარი გამოცდილებით დაინახავ, რომ ღმერთი მეტად საყვარელია. მაშ, რამდენად გიყვარს ღმერთი ახლა? განა შეგიძლია, ყოველივე ეს მთელი გულით წარმოთქვა? როდესაც ამ სიტყვების თქმას გულის სიღრმიდან შეძლებ, მაშინ შეძლებ დამოწმებასაც. როგორც კი შენი გამოცდილება ამ დონეს მიაღწევს, შენ შეძლებ ღვთის დამოწმებას და ამის უფლებამოსილებაც გექნება. თუ შენი გამოცდილებით ამ დონეს ვერ მიაღწევ, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან შორს იქნები. ბუნებრივია, რომ გამოწრთობის პროცესში ადამიანებმა სისუსტე გამოავლინონ, მაგრამ გამოწრთობის შემდეგ შენ უნდა შეძლო და თქვა: „რაოდენ ბრძენია ღმერთი თავის საქმეში!“ თუ ამ სიტყვების არსს პრაქტიკულად ჩაწვდები, მაშინ მათ შენს გულში ძვირფას განძად შეინახავ და შენს გამოცდილებასაც ფასი დაედება.
რისკენ უნდა ისწრაფოდე ახლა? ძალგიძს თუ არა, რომ მოწმედ დაუდგე ღვთის საქმეს, შეგიძლია თუ არა, იქცე ღვთის მოწმობად და მის გამოვლინებად და ხარ თუ არა მზად, რომ მან თავისი მიზნებისთვის გამოგიყენოს — აი, ეს არის ის, რისკენაც უნდა ისწრაფოდე. სინამდვილეში, რაოდენ დიდი საქმე აღასრულა ღმერთმა შენში? რამდენი იხილე და რამდენი შეიცანი? რაოდენ დიდი გამოცდილება შეიძინე და რა იგემე? მიუხედავად იმისა, გამოგცადა ღმერთმა, გაგსხლა თუ გაგწვრთნა, მისი მოქმედებანი და მისი საქმე შენზე აღსრულდა. მაგრამ, როგორც ღვთისმორწმუნეს და ადამიანს, ვისაც სურს, რომ ღვთის მიერ სრულყოფილ იქნას, ძალგიძს თუ არა, შენს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოწმედ დაუდგე ღვთის საქმეს? შეგიძლია თუ არა, რომ შენი პრაქტიკული გამოცდილებით იცხოვრო ღვთის სიტყვის თანახმად? ძალგიძს თუ არა, რომ შენივე პრაქტიკული გამოცდილებით სხვებსაც შეეწიო და მთელი შენი სიცოცხლე ღვთის საქმის დამოწმებას მიუძღვნა? ღვთის საქმის დასამოწმებლად შენს გამოცდილებას, შემეცნებასა და იმ საფასურს უნდა დაეყრდნო, რომელიც გადაიხადე. მხოლოდ ასე შეგიძლია მისი განზრახვების დაკმაყოფილება. ხარ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც ღვთის საქმეს მოწმედ უდგება? გაქვს თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული? თუ შენ ძალგიძს, რომ მოწმედ დაუდგე მის სახელს და, მით უმეტეს, მის საქმეს, და თუ შეგიძლია, იცხოვრო იმ ხატებით, რომელსაც იგი თავისი ხალხისგან მოითხოვს, მაშინ შენ ხარ ღვთის მოწმე. მაინც როგორ უდგები მოწმედ ღმერთს? თუ შენ ესწრაფვი და გწადია, რომ იცხოვრო ღვთის სიტყვის თანახმად და შენივე პირით დაამოწმო იგი, რათა ადამიანებმა შეიცნონ მისი საქმე და იხილონ მისი მოქმედებანი — თუ ჭეშმარიტად ამისკენ ისწრაფვი, მაშინ ღმერთი სრულგყოფს შენ. თუ შენი ერთადერთი სწრაფვა მხოლოდ ღვთის მიერ სრულყოფა და საბოლოოდ კურთხევის მიღებაა, მაშინ შენი რწმენა ღვთისადმი არ არის წრფელი. შენ უნდა ისწრაფოდე იმისკენ, თუ როგორ იხილო ღვთის საქმენი რეალურ ცხოვრებაში, როგორ დააკმაყოფილო ის, როდესაც თავის განზრახვებს გაგიცხადებს; უნდა ისწრაფოდე იმისკენ, თუ როგორ აღიარო მისი საკვირველება და სიბრძნე და როგორ დაუდგე მოწმედ იმას, თუ როგორ გწვრთნის და გსხლავს იგი. ყოველივე ეს არის ის, რაზეც ახლა უნდა დაფიქრდე. თუ შენი ღვთისმოყვარე გული მხოლოდ იმას ესწრაფვის, რომ ღვთის მიერ შენი სრულყოფის შემდეგ დიდება მოიხვეჭო, მაშინ ეს მაინც არასაკმარისია და ვერ აკმაყოფილებს ღვთის მოთხოვნებს. შენ უნდა შეგეძლოს, რომ მოწმედ დაუდგე ღვთის საქმეს, აღასრულო მისი მოთხოვნები და პრაქტიკულად გამოსცადო ის საქმე, რასაც იგი ადამიანებში აღასრულებს. იქნება ეს ტკივილი, ცრემლი თუ სევდა — ყოველივე ეს პრაქტიკულად უნდა გამოსცადო. ეს ყველაფერი იმისთვისაა მოცემული, რომ ჩამოგაყალიბოს, როგორც ღვთის მოწმე. მაინც რა გაიძულებს ახლა, რომ იტანჯო და ისწრაფოდე სრულყოფისაკენ? შენი დღევანდელი ტანჯვა ჭეშმარიტად ღვთის სიყვარულისა და მისი დამოწმებისთვისაა? თუ ეს ხორციელი კურთხევის, შენი მომავალი პერსპექტივებისა და ხვედრის გამოა? შენი ყველა განზრახვა, მოტივაცია და მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვი, უნდა განიწმინდოს და შენივე ნება არ უნდა წარმართავდეს მათ. თუ ერთი ადამიანი სრულყოფისკენ კურთხევის მისაღებად და ძალაუფლების მოსაპოვებლად ისწრაფვის, ხოლო მეორე — ღვთის დაკმაყოფილებისთვის და მისი საქმის პრაქტიკულად დასამოწმებლად, სწრაფვის ამ ორი გზიდან რომელს აირჩევდი? პირველს თუ აირჩევდი, მაშინ კვლავაც მეტისმეტად შორს იქნებოდი ღვთის სტანდარტებისგან. ერთხელ ვთქვი, რომ ჩემი საქმენი აშკარა გახდებოდა მთელი სამყაროსთვის და რომ მე ვიმეფებდი სამყაროში. მეორე მხრივ, თქვენ მოგანდოთ, რომ წახვიდეთ და მოწმედ დაუდგეთ ღვთის საქმეს და არა ის, რომ მეფეებად იქცეთ და მთელი სამყაროს წინაშე წარსდგეთ. დაე, ღვთის საქმენმა აღავსოს კოსმოსი და ცის სამყარო. დაე, ყველამ იხილოს ისინი და აღიაროს. ეს სიტყვები თავად ღმერთზეა ნათქვამი, ხოლო ის, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ, ღვთის დამოწმებაა. რაოდენ იცნობ ღმერთს ახლა? რამდენად ძალგიძს, რომ მოწმედ დაუდგე მას? რა არის ადამიანის სრულყოფის ღვთიური მიზანი? მას შემდეგ, რაც შეიცნობ ღვთის განზრახვებს, როგორ უნდა გამოხატო მისდამი გულმოდგინება? თუ შენ გსურს, რომ სრულყოფილ იქნე და შენი ცხოვრებით დაამოწმო ღვთის საქმე, თუ გაქვს ეს მამოძრავებელი ძალა, მაშინ შეუძლებელი არაფერია. ის, რაც ადამიანებს ახლა სჭირდებათ, რწმენაა. თუ გაქვს ეს მამოძრავებელი ძალა, მაშინ ადვილად დათმობ ყოველგვარ უარყოფითს, პასიურობას, სიზარმაცესა და ხორციელ ზრახვებს, ამქვეყნიურ ფილოსოფიას, ურჩ განწყობას, გრძნობებს და ასე შემდეგ.
განსაცდელთა დროს ხალხისთვის ნორმალურია სისუსტის გამოვლენა და შინაგანი ნეგატივი, ღვთის განზრახვათა გაუგებლობა ან პრაქტიკის გზაზე სიცხადის ნაკლებობა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთის საქმისადმი რწმენა უნდა გქონდეს და იობის მსგავსად არ უარყო ღმერთი. თუმცა იობი სუსტი იყო და საკუთარი დაბადების დღე დაწყევლა, მან ის არ უარყო, რომ ყოველივე, რაც ადამიანს დაბადების შემდეგ გააჩნია, იეჰოვასგან არის ბოძებული და ასევე, იეჰოვაა ის, ვინც მას კვლავ წაიღებს. რა განსაცდელიც არ უნდა გამოევლო, მან ეს რწმენა შეინარჩუნა. შენს გამოცდილებაში, რა გამოწრთობაც არ უნდა განვლო ღვთის სიტყვით, საერთო ჯამში, ღმერთს შენი რწმენა და ღვთისმოყვარე გული სურს. ამგვარი საქმით იგი სრულყოფს ადამიანთა რწმენას, სიყვარულსა და მტკიცე ნებას. ღმერთი ასრულებს ადამიანთა სრულყოფის საქმეს, მათ არ ძალუძთ მისი დანახვა და არც მასთან შეხება; ასეთ ვითარებაში კი რწმენაა საჭირო. როდესაც რაღაც შეუიარაღებელი თვალით უხილავია, რწმენაა საჭირო. როდესაც საკუთარ წარმოდგენებს ვერ თმობ, რწმენაა საჭირო. როდესაც ღვთის საქმეში სიცხადე გაკლია, საჭიროა, რომ გქონდეს რწმენა, რომ დაიკავო მტკიცე პოზიცია და მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში. როდესაც იობმა ამ ეტაპს მიაღწია, ღმერთი გამოეცხადა და დაელაპარაკა მას. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებ ღვთის ხილვას, როცა რწმენა გექნება. როდესაც რწმენა გაქვს, ღმერთი სრულგყოფს, ხოლო თუ რწმენა არ გაგაჩნია, იგი ამას ვერ შეძლებს. ღმერთი მოგმადლებს ყოველივეს, რის მიღებასაც ესწრაფვი. თუ რწმენა არ გაქვს, ვერც სრულყოფილი იქნები და ვერც ღვთის საქმეებს იხილავ, მით უმეტეს — მის ყოვლისშემძლობას. როდესაც რეალურ გამოცდილებაში გექნება რწმენა, რათა იხილო მისი საქმენი, ღმერთი გამოგეცხადება, შიგნიდან მოგფენს ნათელს და წინამძღოლობას გაგიწევს. ამ რწმენის გარეშე ღმერთი ამას ვერ შეძლებს. თუ ღვთის იმედი დაკარგე, როგორღა შეძლებ მისი საქმის გამოცდას? ამიტომ, მხოლოდ მაშინ, როდესაც გწამს და ღმერთში ეჭვი არ შეგაქვს, როცა მისი ჭეშმარიტი რწმენა გაქვს, მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს იგი — ნათელს მოგანიჭებს და გაგანათებს შენივე გამოცდილების მეშვეობით და მხოლოდ მაშინ შეძლებ მისი საქმეების ხილვას. ყოველივე ეს რწმენით მიიღწევა. რწმენა მხოლოდ გამოწრთობისას იბადება, მის გარეშე კი ვერ განვითარდება. რას ნიშნავს რწმენა? რწმენა არის უტყუარი და წრფელი გული, რომელიც ადამიანს მაშინ მართებს, როცა რაიმეს დანახვა ან შეხება არ ძალუძს; როდესაც ღვთის საქმე ადამიანურ ზრახვებს არ ეთანხმება ან მის აღქმას აღემატება. სწორედ ამ რწმენაზე ვსაუბრობ. ადამიანებს რწმენა ტანჯვისა და გამოწრთობის ჟამს სჭირდებათ, რადგან გამოწრთობა და რწმენა განუყოფელია. თუ ღვთის მოქმედებისა და გარემოებების მიუხედავად, მაინც ძალგიძს ცხოვრებისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა, ღვთის საქმისა და მისი ქმედებების შემეცნება და ჭეშმარიტებისამებრ მოქმედება — ეს არის ჭეშმარიტი რწმენა და იმის დასტური, რომ ღვთისადმი ნდობა არ დაგიკარგავს. თუ გამოწრთობის ჟამს კვლავაც შეუპოვრად ისწრაფვი ჭეშმარიტებისკენ, ჭეშმარიტად გიყვარს ღმერთი და მასში ეჭვი არ გეპარება; თუ მისი ნებისმიერი მოქმედებისას მაინც ჭეშმარიტებას აღასრულებ მის დასაკმაყოფილებლად, გულის სიღრმეში მის განზრახვებს ეძიებ და მათდამი გულმოდგინებას იჩენ — სწორედ ეს არის ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა. წარსულში, როდესაც ღმერთი მეფობას აღგითქვამდა, გიყვარდა იგი, ხოლო როცა აშკარად გეცხადებოდა, მიჰყვებოდი მას. ახლა კი, როდესაც ღმერთი დაფარულია და ვერ ხედავ, როცა განსაცდელი მოგევლინა — ამ დროს კარგავ ღვთის იმედს? ამიტომ, ყოველთვის უნდა ისწრაფოდე ცხოვრებისკენ და ღვთის განზრახვათა შესრულებისკენ. სწორედ ამას ეწოდება უტყუარი რწმენა და ეს არის სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი და მშვენიერი გამოვლინება.
წარსულში ყველანი ღვთის წინაშე მოდიოდით აღთქმის დასადებად და ამბობდით: „სხვამ რომც არ შეიყვაროს ღმერთი, მე მაინც მეყვარება იგი“. ახლა კი გამოწრთობის ჟამი დაგიდგა და რადგან ეს შენს ზრახვებს არ ეთანხმება, ღვთისადმი რწმენას კარგავ. განა ეს არის გულწრფელი სიყვარული? იობის საქმეთა შესახებ მრავალჯერ წაგიკითხავს, ნუთუ დაივიწყე ისინი? ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ რწმენიდან იბადება. ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული სწორედ იმ გამოწრთობით ყალიბდება, რომელსაც გადიხარ. შენს პრაქტიკულ გამოცდილებაში სწორედ შენი რწმენის წყალობით შეგიძლია გაითვალისწინო ღვთის განზრახვები, საკუთარი ხორცის წინააღმდეგ აჯანყდე და ცხოვრებისკენ ისწრაფო — სწორედ ეს მოეთხოვება ადამიანს. თუ ასე მოიქცევი, იხილავ ღვთის საქმეებს, მაგრამ თუ რწმენა დაგაკლდება, ვერც მის ქმედებებს დაინახავ და ვერც მის საქმეს გამოსცდი. თუ გსურს, რომ ღმერთმა გამოგიყენოს და სრულგყოს, მაშინ ჭეშმარიტების ყველა ასპექტს უნდა ფლობდე: ტანჯვისთვის მზაობას, რწმენას, მოთმინებას, მორჩილებას და უნარს, რომ ეძიო ჭეშმარიტება და ჩასწვდე ღვთის განზრახვებს; შეგეძლოს მისი მწუხარებისა და საგულდაგულო ძალისხმევების გათვალისწინება და სხვა. ადამიანის სრულყოფა იოლი არ არის და ყოველი გამოწრთობა, რომელსაც გადიხარ, შენს რწმენასა და სიყვარულს მოითხოვს. თუ გსურს, რომ ღმერთმა სრულგყოს, მხოლოდ აქეთ-იქით სირბილი ან საკუთარი თავის ღვთისთვის გაღება საკმარისი არ არის. ბევრი რამ მოგეთხოვება, რომ ღვთის მიერ სრულქმნილ ადამიანად იქცე. ტანჯვის პირისპირ უნდა შეგეძლოს ხორციელ ზრახვებზე უარის თქმა და ღვთის მიმართ დრტვინვისგან თავის შეკავება. როდესაც ღმერთი სახეს გარიდებს, უნდა გეყოს რწმენა, რომ მიჰყვე მას და შეინარჩუნო უწინდელი სიყვარული ისე, რომ არც შეირყე და არც განელდე. რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, უნდა მიენდო მის ნებას, რათა ისე განაგოს ყველაფერი, როგორც თავად ისურვებს, და უმჯობესია საკუთარ ხორცს სწყევლიდე, ვიდრე მის მიმართ გამოთქვამდე უკმაყოფილებას. განსაცდელების ჟამს, მზად უნდა იყო, რომ დათმო ის, რაც გიყვარს, გაუძლო ამ ტკივილს და მწარედ იტირო კიდეც ღვთის დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული და რწმენა. რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს შენი სულიერი სიმწიფე, პირველ რიგში, უნდა ფლობდე ტანჯვისთვის მზაობასა და ჭეშმარიტ რწმენას; ასევე უნდა გქონდეს ხორციელ ზრახვებთან ბრძოლის მტკიცე ნება. მაშინაც კი, თუ ეს ტანჯვასა და პირად ინტერესთა დათმობას ნიშნავს, მაინც ღვთის განზრახვები უნდა შეასრულო. გარდა ამისა, გულში სინანულის განცდა უნდა გქონდეს იმის გამო, რომ წარსულში ვერ შეძელი ღვთის დაკმაყოფილება. არცერთი ეს თვისება არ უნდა გაკლდეს — სწორედ მათი მეშვეობით სრულგყოფს ღმერთი. თუ ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებ, მაშინ შეუძლებელია სრულყოფილი იქმნე.
ღვთის მსახურს მხოლოდ ის კი არ უნდა მართებდეს, რომ მისთვის ტანჯვა შეეძლოს, არამედ უნდა ესმოდეს, რომ ღვთისადმი რწმენის მიზანი ღვთის სიყვარულისკენ სწრაფვაა. ღმერთი მხოლოდ შენს გამოსაწრთობად და სატანჯველად კი არ გიყენებს, არამედ იმისთვის, რომ შეიცნო მისი საქმენი, ჩასწვდე ადამიანური სიცოცხლის ჭეშმარიტ არსს და, რაც მთავარია, გააცნობიერო, რომ ღვთის მსახურება იოლი საქმე არ არის. ღვთის საქმის გამოცდა არა მადლით ტკბობა, არამედ უფრო მეტად ღვთის სიყვარულისთვის ტანჯვაა. რაკი ღვთის მადლით ხარობ, მისი გაკიცხვითაც უნდა ხარობდე; ყოველივე ეს უნდა გამოსცადო. თუ შეძლებ გამოსცადო ღვთის მიერ ნათლის მონიჭება და, ამავდროულად, გასხვლა და განსჯა, მაშინ შენი გამოცდილება სრულყოფილი იქნება. ღმერთმა შენზე სამსჯავროს საქმე აღასრულა და ასევე აღასრულა შენზე გაკიცხვის საქმე. ღვთის სიტყვამ გაგსხლა, თუმცა ამავე დროს ნათელი მოგფინა და გაგანათა. როდესაც ნეგატიური და სუსტი ხარ, ღმერთი მაინც ზრუნავს შენზე. ყოველივე ეს გასწავლის რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ღვთის წარმართვითა და განგებით ხდება. შეიძლება ფიქრობდე, რომ ღვთისადმი რწმენა მხოლოდ ტანჯვაა, ან მისთვის ბევრი რამის კეთება, ან სულაც ხორციელი სიმშვიდე — როცა ყველაფერი შეფერხების გარეშე მიდის და თავს ლაღად და უზრუნველად გრძნობ. არცერთი მათგანი არ უნდა იყოს ადამიანის მიზანი ღვთისადმი რწმენისას. თუ ამ მიზნებით გწამს, მაშინ შენი შეხედულება მცდარია და შეუძლებელია სრულყოფილი იქმნე. ღვთის საქმენი, მისი სამართლიანი ხასიათი, მისი სიბრძნე, მისი სიტყვები, მისი საკვირველება და მიუწვდომლობა — აი, რა უნდა შეიცნოს ადამიანმა. ამ შემეცნებით უნდა განიწმინდო გული პირადი მოთხოვნებისგან, იმედებისა და წარმოდგენებისგან. მხოლოდ ამ ყველაფრის უკუგდებით შეძლებ დააკმაყოფილო ღვთის მიერ წაყენებული პირობები. მხოლოდ ამგვარად ეზიარები ჭეშმარიტ ცხოვრებას და მხოლოდ ასე დააკმაყოფილებ ღმერთს. ღვთისადმი რწმენის მიზანი მისი დაკმაყოფილება და მის მიერ მოთხოვნილი განწყობით ცხოვრებაა, რათა უღირსი ადამიანების მეშვეობით მისი საქმენი და დიდება გამოვლინდეს. სწორედ ეს არის მართებული შეხედულება ღვთისადმი რწმენაზე და ეს არის მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდე. შენი შეხედულება ღვთის რწმენისადმი უნდა გამოსწორდეს და უნდა ესწრაფოდე ღვთის სიტყვათა გათავისებას. უნდა ჭამდე და სვამდე ღვთის სიტყვებს და შეგეძლოს ჭეშმარიტებით ცხოვრება; განსაკუთრებით კი უნდა ხედავდე მის რეალურ საქმეებს, მის საკვირველ მოქმედებებს მთელ სამყაროში და ასევე იმ პრაქტიკულ საქმეს, რომელსაც იგი ხორციელად აღასრულებს. საკუთარი ნამდვილი გამოცდილებით უნდა შეგეძლოს შეიგრძნო, თუ როგორ მოქმედებს შენზე ღმერთი და როგორია მისი განზრახვები შენ მიმართ. ყოველივე ამის მიზანი კი ის არის, რომ განიწმინდო შენი გახრწნილი, სატანური ხასიათისგან. როდესაც განიწმინდები ყოველივე უწმინდურისა და უსამართლოსგან, უკუაგდებ მცდარ განზრახვებს და შეიძენ ღვთისადმი ჭეშმარიტ რწმენას — მხოლოდ მაშინ შეძლებ ჭეშმარიტად შეიყვარო ღმერთი. ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მასზე დაფუძნებული რწმენით არის შესაძლებელი. შესაძლებელია ღვთისადმი სიყვარულის მიღწევა მისადმი რწმენის გარეშე? რაკი ღმერთი გწამს, ამ საკითხში ბუნდოვანი წარმოდგენები არ უნდა გქონდეს. ზოგიერთს ძალ-ღონე ემატება, როგორც კი დაინახავს, რომ ღვთისადმი რწმენას კურთხევა მოაქვს, მაგრამ ენერგიას კარგავს, როგორც კი მიხვდება, რომ გამოწრთობისთვის ტანჯვაა საჭირო. განა ეს არის ღვთისადმი რწმენა? საბოლოოდ, შენი რწმენით ღვთის წინაშე სრულ და უპირობო მორჩილებას უნდა მიაღწიო. ღმერთის გწამს, მაგრამ მაინც გაქვს მისდამი მოთხოვნები, გაქვს მრავალი რელიგიური წარმოდგენა, რომელთაც ვერ ელევი და პირადი ინტერესები, რომელთაც ვერ თმობ; კვლავაც ეძიებ ხორციელ კურთხევას და გსურს, ღმერთმა შენი ხორცი და სული იხსნას — ყოველივე ეს იმ ადამიანის ქცევაა, ვისაც მცდარი შეხედულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ ადამიანებს სწამთ ღმერთის, ისინი არ ესწრაფვიან თავიანთი განწყობის შეცვლასა და ღვთის შეცნობას, არამედ მხოლოდ ხორციელ ინტერესებს ეძიებენ. თქვენ შორის ბევრს ისეთი რწმენა აქვს, რომელიც რელიგიურ მრწამსს მიეკუთვნება; ეს არ არის ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა. ღვთისადმი რწმენისას ადამიანს უნდა ჰქონდეს გული, რომელიც მზად არის მისთვის სატანჯველად და თავგანწირვის მტკიცე ნება. თუ ადამიანები ამ ორ პირობას არ აკმაყოფილებენ, მათი რწმენა ფუჭია და ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი განწყობის შეცვლას. მხოლოდ ის ადამიანები არიან ღვთის ჭეშმარიტი მორწმუნენი, ვინც ნამდვილად ესწრაფვის ჭეშმარიტებას, ღვთის შეცნობასა და სულიერ განახლებას.
როდესაც განსაცდელი მოგევლინება, როგორ გამოიყენებ ღვთის სიტყვას მის დასაძლევად? უარყოფითად განეწყობი თუ პოზიტიური კუთხით დაინახავ ღვთის მიერ ადამიანის განსაცდელსა და გამოწრთობას? რას შეიძენ ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელითა და გამოწრთობით? გაიზრდება ღვთისადმი შენი სიყვარული? როდესაც გამოწრთობას გადიხარ, შეძლებ იობის განსაცდელის მაგალითის გამოყენებას და იმ საქმის გულმოდგინედ მიყოლას, რომელსაც ღმერთი შენში აღასრულებს? იობის განსაცდელის მეშვეობით, ხედავ, როგორ ცდის ღმერთი ადამიანს? როგორი შთაგონება შეიძლება მოგცეს იობის გამოცდამ? იქნები მზად, რომ გამოწრთობის ჟამს მტკიცედ იდგე ღვთის მოწმედ, თუ კომფორტულ გარემოში ხორცის დაკმაყოფილებას ამჯობინებ? სინამდვილეში, როგორია შენი შეხედულება ღვთისადმი რწმენაზე? ეს მართლაც მისთვისაა და არა ხორცისთვის? გაქვს თუ არა კონკრეტული მიზანი, რომლისკენაც შენს ძიებაში ისწრაფვი? გსურს თუ არა გამოწრთობის გავლა, რათა ღმერთმა სრულგყოს, თუ გირჩევნია, რომ ღვთისგან განიკიცხო და დაიწყევლო? სინამდვილეში, როგორია შენი შეხედულება ღვთის მოწმედ დგომის საკითხზე? რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა გარკვეულ გარემოებებში, რომ ღვთის ჭეშმარიტი მოწმენი იყვნენ? რაკი პრაქტიკულმა ღმერთმა ასე ბევრი რამ გაგიცხადა შენზე აღსრულებული თავისი პრაქტიკული საქმით, რატომ გიჩნდება მუდამ წასვლის ფიქრი? განა ღვთისადმი შენი რწმენა ღვთის გამოა? უმეტესი თქვენგანისთვის რწმენა საკუთარი თავისთვის გაკეთებული გათვლის ნაწილია, პირადი სარგებლის მისაღწევად. ძალიან ცოტას სწამს ღმერთი თავად ღვთის გამო. განა ეს ამბოხება არ არის?
გამოწრთობის საქმის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა რწმენის სრულყოფაა. საბოლოო ჯამში, ამით მიღწეული შედეგი ის არის, რომ: გსურს წასვლა, მაგრამ, ამავე დროს, არ შეგიძლია; ზოგიერთს კვლავ შესწევს რწმენის ძალა მაშინაც კი, როდესაც იმედის ნატამალიც აღარ გააჩნია; და ადამიანებს აღარავითარი იმედი აღარ აქვთ საკუთარი მომავლის მიმართ. მხოლოდ ამ დროს დასრულდება ღვთის მიერ ადამიანის გამოწრთობა. თუ ადამიანებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ყოფნის ზღვრამდე და არ უგემიათ სიკვდილი, მაშინ მათი გამოწრთობა არ დასრულდება. ისინიც კი, ვინც მსახურების შემსრულებელთა საფეხურზე იმყოფებოდნენ, არ ყოფილან ბოლომდე გამოწრთობილნი. იობმა გამოწრთობის უმაღლესი ზღვარი განვლო და მას დასაყრდენი აღარაფერი გააჩნდა. ადამიანები სწორედ ამ ნიშნულამდე უნდა გამოიწვრთნან — იქამდე, სადაც მათ იმედის ნატამალიც აღარ ექნებათ და აღარც რაიმე საყრდენი დარჩებათ. მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი გამოწრთობა. მსახურების შემსრულებელთა პერიოდში, თუ შენი გული მუდამ მდუმარედ იყო ღვთის წინაშე და რაც არ უნდა მოემოქმედა მას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი განზრახვები შენ მიმართ, შენ მუდამ ემორჩილებოდი მის განგებას, მაშინ გზის დასასრულს შეიცნობდი ყოველივე იმას, რაც ღმერთმა აღასრულა. როდესაც იობის განსაცდელს გადიხარ, შენ, ამავდროულად, პეტრეს განსაცდელსაც გადიხარ. როდესაც იობი გამოიცადა, იგი მტკიცედ იდგა თავის მოწმობაში და, საბოლოოდ, იეჰოვა გამოეცხადა მას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაც იგი მტკიცედ დადგა თავის მოწმობაში, გახდა ღირსი, რომ ეხილა ღვთის სახე. რატომ არის ნათქვამი: „ვემალები უწმინდურთა მიწას, მაგრამ ვეცხადები წმინდა სასუფეველს“? ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც განიწმინდები და მტკიცედ იდგები შენს მოწმობაში, გექნება იმის ღირსება, რომ იხილო ღვთის სახე. თუ შენს მოწმობაში მტკიცედ ვერ დგახარ, არ გაგაჩნია მისი ხილვის ღირსება. თუ უკან იხევ ან გამოწრთობის პირისპირ ღვთის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამ და ამგვარად ვერ დგახარ მტკიცედ, როგორც მისი მოწმე, არამედ სატანის დასაცინი ხდები, მაშინ ღმერთი არ გამოგეცხადება. თუ იობის მსგავსი იქნები, რომელიც განსაცდელების დროს საკუთარ ხორცს წყევლიდა, მაგრამ ღმერთზე არ დაუჩივლია და თუ შეძლებ, რომ გძულდეს საკუთარი ხორცი ისე, რომ არც დაიჩივლო და არც შენი სიტყვებით შესცოდო, მაშინ შენ მტკიცედ იდგები მის მოწმობაში. როდესაც გამოწრთობის გარკვეულ საფეხურს გაივლი და შეძლებ იობივით იყო — სრულიად მორჩილი ღვთის წინაშე, ყოველგვარი პირადი მოთხოვნებისა თუ საკუთარი წარმოდგენების გარეშე, მაშინ ღმერთი გამოგეცხადება. ახლა ღმერთი იმიტომ არ გეცხადება, რომ ძალიან ბევრი საკუთარი წარმოდგენა, პირადი წინასწარგანწყობა, ეგოისტური ფიქრი, ინდივიდუალური მოთხოვნა და ხორციელი ინტერესი გაქვს და შენ არ ხარ მისი სახის ხილვის ღირსი. ღმერთი რომ იხილო, შენივე წარმოდგენებით განსჯიდი მას და, ამგვარად, კვლავ ჯვარზე გააკრავდი. თუ მრავალი ისეთი რამ შეგემთხვევა, რაც შენს წარმოდგენებს არ ეხამება, შენ კი მაინც შეძლებ მათ უკუგდებას და ამგვარად ღვთის საქმეთა შემეცნებას; და თუ გამოწრთობის ჟამს შენს ღვთისმოყვარე გულს გამოავლენ, ეს არის მტკიცედ დგომა შენს მოწმობაში. თუ შენს სახლში მშვიდობაა, ხორციელი კომფორტით ტკბები, არავინ გდევნის და ეკლესიაში და-ძმანი გემორჩილებიან, განა შეძლებ შენი ღვთისმოყვარე გულის გამოვლენას? განა ძალუძს ამგვარ ვითარებას შენი გამოწრთობა? მხოლოდ გამოწრთობისას ვლინდება შენი ღვთისმოყვარე გული და მხოლოდ იმ მოვლენათა მეშვეობით იქმნები სრულყოფილი, რომლებიც შენს წარმოდგენებს არ ეხამება. მრავალი ნეგატიური მოვლენის მსახურებითა და სატანის ყოველგვარი გამოვლინების — მისი ქმედებების, ბრალდებების, შფოთისა და შეცდომაში შეყვანის გამოყენებით — ღმერთი ნათლად გაჩვენებს სატანის მახინჯ სახეს და ამით სრულყოფს შენს უნარს, განასხვაო სატანა, რათა შეიძულო და აღუდგე მას.
შენი მრავალი წარუმატებლობა, სისუსტე და ნეგატივი შეიძლება ითქვას, რომ ღვთის განსაცდელია, რამეთუ ყოველივე ღვთისგან მოდის და ყოველი მოვლენა მის ხელთაა. მიუხედავად იმისა, მარცხდები, სუსტდები თუ ფერხდები, ყოველივე ღმერთზეა დამოკიდებული და მის ნებას ექვემდებარება. ღვთის თვალთახედვით, ეს შენი გამოცდაა, ხოლო თუ ამას ვერ შეიცნობ, იგი საცდურად იქცევა. არსებობს ორი მდგომარეობა, რომელიც ადამიანმა უნდა განასხვაოს: ერთი სულიწმიდისგან მომდინარეობს, მეორის სავარაუდო წყარო კი სატანაა. პირველია მდგომარეობა, როდესაც სულიწმიდა ნათელს მოგფენს და გაგანათებს და საშუალებას გაძლევს, შეიცნო საკუთარი თავი, შეიძულო იგი, ინანო და შესძლო ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლენა და მტკიცედ განიზრახო მისი დაკმაყოფილება. მეორეა მდგომარეობა, როდესაც შეიცნობ საკუთარ თავს, თუმცა ნეგატიური და სუსტი ხარ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ღვთისმიერი გამოწრთობაც და სატანისეული საცდურიც. თუ აცნობიერებ, რომ ეს ღვთის მიერ შენი ხსნაა და გრძნობ, რომ ახლა მისი დიდი ვალი გაქვს — და რომ ამიერიდან ეცდები გამოსწორებას, შეწყვეტ ასეთ გახრწნილებაში ცხოვრებას და სათანადოდ მიჰყვები ღვთის სიტყვების ჭამასა და სმას — და თუ ყოველთვის მიიჩნევ, რომ არაფრად ვარგიხარ და გაქვს სწრაფვის მტკიცე სურვილი, მაშინ ეს ღვთის გამოცდაა. ტანჯვის დასრულების შემდეგ, როდესაც კვლავ წინსვლას დაიწყებ, ღმერთი კვლავაც წარგიძღვება, ნათელს მოგფენს, გაგანათებს და გამოგკვებავს. ხოლო თუ ამას ვერ შეიცნობ და ნეგატივით აღივსები, თუკი უბრალოდ სასოწარკვეთას მიეცემი, ეს ნიშნავს, რომ სატანის საცდური მოგევლინა. როდესაც იობი განსაცდელს გადიოდა, ღმერთი და სატანა ერთმანეთს ეცილებოდნენ და ღმერთმა ნება დართო ბოროტს, ეტანჯა იგი. თუმცა იობს ღმერთი სცდიდა, მასთან სინამდვილეში სატანა მივიდა. სატანისთვის ეს იობის ცდუნება იყო, მაგრამ იობი ღვთის მხარეს დადგა. ასე რომ არ ყოფილიყო, იობი საცდურში ჩავარდებოდა. როგორც კი ადამიანები საცდურში ვარდებიან, ისინი საფრთხის წინაშე დგებიან. შეიძლება ითქვას, რომ გამოწრთობის პროცესი ღვთისგან მოვლენილი გამოცდაა, თუმცა, თუ შესაბამის მდგომარეობაში არ ხარ, იგი სატანისეულ საცდურად იქცევა. თუ ხილვებში მკაფიოდ ვერ ერკვევი, სატანა დაგადანაშაულებს და დაგიბინდავს აღქმას. მანამ, სანამ ამას გააცნობიერებ, საცდურში აღმოჩნდები.
თუ არ გამოცდი ღვთის საქმეს, მაშინ ვერასოდეს შეძლებ სრულყოფილ იქმნე. შენს გამოცდილებაში დეტალებსაც უნდა ჩაუღრმავდე. მაგალითად, რა გიბიძგებს მცდარი წარმოდგენებისა და ზედმეტი მოტივებისკენ და რა სახის შესაფერისი პრაქტიკა გაქვს ამ პრობლემების მოსაგვარებლად? თუკი ძალგიძს ღვთის საქმის გამოცდა, ეს ნიშნავს, რომ სულიერი სიმწიფე გაქვს. თუ მხოლოდ გარეგნული შემართება გაგაჩნია, ეს არ არის ნამდვილი სულიერი სიმწიფე და ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ შეძლებ მტკიცედ დგომას. მხოლოდ მაშინ, როცა შეძლებთ ღვთის საქმის გამოცდას, მის განცდასა და მასზე ფიქრს ნებისმიერ დროსა და ადგილას; როდესაც მწყემსთაგან დამოუკიდებლად, ღმერთზე მინდობით იცხოვრებთ და იხილავთ მის პრაქტიკულ ქმედებებს — მხოლოდ მაშინ აღსრულდება ღვთის განზრახვა. ამჟამად უმრავლესობამ არ იცის, როგორ შეიძინოს გამოცდილება, ხოლო რაიმე საკითხთან შეჯახებისას არ უწყიან, როგორ მოაგვარონ იგი; მათ არ შესწევთ უნარი, გამოსცადონ ღვთის საქმე და არ შეუძლიათ სულიერი ცხოვრებით ცხოვრება. შენ კი ღვთის სიტყვა და მისი საქმე შენს პრაქტიკულ ცხოვრებაში უნდა გადაიტანო.
ზოგჯერ ღმერთი ისეთ გრძნობას გიგზავნის, რომელიც შინაგან ნეტარებასა და ღვთის მყოფობას გაკარგვინებს, ისე, რომ წყვდიადში ინთქმები. ეს ერთგვარი გამოწრთობაა. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს ჰკიდებ, მარცხს განიცდი ან გადაულახავ დაბრკოლებას აწყდები. ეს ღვთის წვრთნაა. ზოგჯერ, როდესაც ისეთ რამეს სჩადი, რაც ღვთისადმი ურჩობა და წინააღმდეგობაა, შესაძლოა, ეს სხვამ არავინ იცოდეს, მაგრამ ღმერთმა უწყის. იგი ასე იოლად არ გაგიშვებს და აუცილებლად გაგწვრთნის. სულიწმიდის მოქმედება ძალზედ დეტალურია. იგი დიდი სიცხადით სწვდება ადამიანის ყოველ სიტყვასა და საქმეს, ყოველ ნაბიჯსა და მოქმედებას, ყოველ ფიქრსა და ჩანაფიქრს, რათა ადამიანებმა ყოველივე ეს შინაგანად გააცნობიერონ. ერთხელ გააკეთებ რამეს და ხელი მოგეცარება, მეორედაც სცდი და კვლავ მარცხდები — ასე, თანდათანობით ჩასწვდები სულიწმიდის საქმეს. მრავალგზის წვრთნის შედეგად კი გეცოდინება, რა უნდა მოიმოქმედო, რომ შენი ნაბიჯები ღვთის განზრახვას შეესაბამებოდეს და რა ეწინააღმდეგება მას. საბოლოოდ, შენში სულიწმიდის წინამძღოლობაზე მართებული პასუხები გექნება. ზოგჯერ ეურჩები და შინაგანად ღვთისგან მხილებული იქნები. ყოველივე ეს ღვთის წვრთნის შედეგია. თუ არ გაუფრთხილდები ღვთის სიტყვას და მის საქმეს აგდებულად მოეკიდები, მაშინ იგი ყურადღებას აღარ მოგაქცევს. რაც უფრო სერიოზულად აღიქვამ ღვთის სიტყვებს, მით მეტად მოგანიჭებს ნათელს იგი. ამჟამად ეკლესიაში არიან ისეთებიც, ვისი რწმენაც ბუნდოვანი და არეულია; ისინი ბევრ შეუფერებელ საქმეს სჩადიან და წესრიგის გარეშე მოქმედებენ, ამიტომაც მათში სულიწმიდის მოქმედება მკაფიოდ არ ჩანს. ზოგიერთი, ფულის შოვნის მიზნით, ღალატობს საკუთარ მოწოდებას და ბიზნესში მიდის, რის გამოც ისინი არ იწრთობიან; ამგვარი ხალხი კიდევ უფრო დიდ საფრთხეშია. მათ არა მხოლოდ ახლა არ აქვთ სულიწმიდის მოქმედება, არამედ მომავალშიც რთული იქნება მათი სრულყოფა. ბევრ ადამიანში არც სულიწმიდის მოქმედება ჩანს და არც ღვთის წვრთნა. ესენი არიან ისინი, ვინც ვერ წვდებიან ღვთის განზრახვას და არ უწყიან მისი საქმე. ისინი, ვინც მტკიცედ დგანან გამოწრთობის ჟამს და მიჰყვებიან ღმერთს, მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს იგი; და უკიდურეს შემთხვევაში მაინც არ ტოვებენ მას, ან პეტრეს მიღწევის თუნდაც 0,1 პროცენტს აღწევენ — კარგად იქცევიან, თუმცა მათ არავითარი ფასი არ გააჩნიათ იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთმა ისინი თავისი საქმისთვის გამოიყენოს. ბევრი ადამიანი სწრაფად იგებს ყველაფერს, ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული გააჩნია და პეტრეს დონესაც კი აჭარბებს; მათზე ღმერთი სრულყოფის საქმეს აღასრულებს. ასეთ ადამიანებთან მოდის წვრთნა და ნათლის მოფენა და თუ მათში არის ისეთი რამ, რაც ღვთის განზრახვას არ შეესაბამება, მათ ძალუძთ, მყისიერად მოიშორონ ის. ამგვარი ხალხი ოქროა, ვერცხლი და პატიოსანი თვალი — მათი ფასი უზომოდ მაღალია! თუკი ღმერთმა მრავალგვარი საქმე აღასრულა, შენ კი კვლავინდებურად ქვიშასა თუ ქვას ჰგავხარ, მაშინ შენ არავითარი ფასი არ გაგაჩნია!
ღვთის საქმე დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში საკვირველი და მიუწვდომელია. იგი სრულყოფს ადამიანთა ერთ ჯგუფს, ზოგიერთებს კი განდევნის, რამეთუ ეკლესიაში ყოველგვარი ხალხია — არიან ჭეშმარიტების მოყვარულნი და ისინიც, ვისაც არ უყვარს ის; არიან ღვთის საქმის განმცდელნი და ისინიც, ვინც მას ვერ განიცდის; არიან თავიანთი მოვალეობის შემსრულებელნი და ისინიც, ვინც მას არ ასრულებს; არიან ღვთის მოწმენი და ისინიც, ვინც არ ამოწმებს მას; მათ შორის ნაწილი ურწმუნო და ბოროტია, და ისინი აუცილებლად განიდევნებიან. თუკი ნათლად არ უწყი ღვთის საქმე, მაშინ ნეგატიური იქნები, რამეთუ ღვთის საქმის დანახვა მხოლოდ მცირედთა შორის არის შესაძლებელი. ამ დროს გამოაშკარავდება, ვის უყვარს ღმერთი ჭეშმარიტად და ვის — არა. მათში, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, სულიწმიდა მოქმედებს, ხოლო ისინი, ვისაც იგი ჭეშმარიტად არ უყვარს, მისი საქმის ყოველ ნაბიჯზე გამოაშკარავდებიან. ისინი განდევნილთა შორის აღმოჩნდებიან. ეს ადამიანები დაპყრობის საქმის მსვლელობისას გამოვლინდებიან; მათ სრულყოფას არავითარი ღირებულება არ აქვს. ვინც სრულყოფილ იქნა, ისინი სრულად ღმერთმა მოიპოვა და მათ ძალუძთ ღვთის სიყვარული ისე, როგორც პეტრეს. მათ, ვინც მხოლოდ დაპყრობილ იქნენ, არ გააჩნიათ თვითმომდინარე სიყვარული; მათი სიყვარული პასიურია და ისინი იძულებულნი არიან, უყვარდეთ ღმერთი. თვითმომდინარე სიყვარული პრაქტიკული გამოცდილებით შეძენილი წვდომის შედეგად ყალიბდება; იგი მოიცავს ადამიანის გულს და მას ღვთისადმი ნებაყოფლობით ერთგულს ხდის; ღვთის სიტყვები მათ საძირკვლად იქცევა და მათ ძალუძთ ღვთის გულისთვის ტანჯვის დათმენა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს იმ ადამიანთა თვისებაა, ვინც ღვთის მიერ სრულყოფილ იქნა. თუკი მხოლოდ დაპყრობას ესწრაფვი, მაშინ ღვთის მოწმე ვერ იქნები; ღმერთს ადამიანთა ხსნის მიზნისთვის მხოლოდ მათი დაპყრობით რომ მიეღწია, მაშინ მსახურობის შემსრულებელთა ეტაპითვე დასრულდებოდა ეს საქმე. თუმცა, ადამიანთა დაპყრობა ღვთის საბოლოო მიზანი არ არის; მისი მიზანი ადამიანთა სრულყოფაა. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ამ საფეხურს დაპყრობის საქმე ვუწოდოთ, ვთქვათ, რომ ეს არის სრულყოფისა და განდევნის საქმე. ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის სრულად დაპყრობილი და სწორედ მათი დაპყრობის პროცესში მოხდება ადამიანთა ერთი ჯგუფის სრულყოფა. ეს ორი საქმე ერთდროულად ხორციელდება. ის, რომ ადამიანები არ განდგომილან საქმის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიც კი, აჩვენებს, რომ დაპყრობის მიზანი მიღწეულია — ეს დაპყრობის უტყუარი ფაქტია. გამოწრთობა დაპყრობისთვის კი არა, არამედ სრულყოფისთვისაა საჭირო. გამოწრთობის გარეშე ადამიანთა სრულყოფა შეუძლებელია. ამრიგად, გამოწრთობა ჭეშმარიტად ფასდაუდებელია! დღეს ადამიანთა ერთი ჯგუფი სრულყოფას გადის და ღვთის მიერ მოიპოვება. ზემოხსენებული ათი კურთხევა ყველა მათკენ არის მიმართული, ვინც სრულყოფილ იქნა. ყველაფერი, რაც დედამიწაზე მათი სახის შეცვლას ეხება, სწორედ სრულყოფილთათვის არის გამიზნული. ხოლო მათ, ვინც სრულყოფილნი არ გამხდარან, არ შესწევთ ღირსება, რომ ღვთის აღთქმანი მიიღონ.