მხოლოდ მტკივნეული განსაცდელების გამოცდით შეგიძლია შეიცნო ღვთის მშვენიერება

სინამდვილეში რამდენად გიყვარს ღმერთი დღეს? და სინამდვილეში რამდენი იცი ყოველივე იმის შესახებ, რაც ღმერთმა შენში მოიმოქმედა? აი, ეს არის ის გაკვეთილები, რომლებიც უნდა ისწავლო. როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, ყოველივე, რაც მან ადამიანში მოიმოქმედა და რისი დანახვის საშუალებაც ადამიანს მისცა, იმისთვისაა, რომ ადამიანს უყვარდეს იგი და ჭეშმარიტად შეიცნოს იგი. ის, რომ ადამიანს შეუძლია იტანჯოს ღმერთისთვის და შეძლო აქამდე მოსვლა, ერთი მხრივ, ღვთის სიყვარულის დამსახურებაა, ხოლო მეორე მხრივ — ღვთის ხსნისა; კიდევ უფრო მეტად კი, ეს არის იმ გაკიცხვის საქმისა და განკითხვის შედეგი, რომელიც ღმერთმა ადამიანში განახორციელა. თუ არ გაგაჩნიათ ღვთის განკითხვა, გაკიცხვა და განსაცდელები, და თუ ღმერთს არ დაუშვია თქვენი ტანჯვა, მაშინ, სრული გულწრფელობით რომ ვთქვათ, თქვენ ჭეშმარიტად ვერ შეიყვარებთ ღმერთს. რაც უფრო დიდია ღვთის საქმე ადამიანში და რაც უფრო დიდია ადამიანის ტანჯვა, მით უფრო მეტად ვლინდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის საქმე და მით უფრო მეტად ძალუძს ადამიანის გულს, ჭეშმარიტად შეიყვაროს ღმერთი. როგორ მიიღწევა ღვთისადმი სიყვარულის გაკვეთილი? ტანჯვისა და გამოწრთობის გარეშე, მტკივნეული განსაცდელების გარეშე — და კიდევ, თუ ყველაფერი, რასაც ღმერთი ადამიანს მისცემდა, მხოლოდ მადლი, სიყვარულით აღსავსე სიკეთე და წყალობა იქნებოდა — შეძლებდი იმ ზღვრამდე მისვლას, რომ ჭეშმარიტად შეგყვარებოდა ღმერთი? ერთი მხრივ, ღვთის განსაცდელების დროს ადამიანი შეიცნობს საკუთარ ნაკლოვანებებს და ხედავს, რომ იგი უმნიშვნელო, საზიზღარი და მდაბალია, რომ მას არაფერი გააჩნია და თავადაც არაფერია; მეორე მხრივ კი, განსაცდელების დროს ღმერთი ადამიანს გარკვეულ გარემოებებს უწყობს, რათა მათში ადამიანმა უკეთ შეძლოს ღვთის მშვენიერების განცდა. თუმცა ტკივილი დიდია და ზოგჯერ გადაულახავიც — აღწევს რა დამანგრეველი მწუხარების დონესაც კი — მისი გამოცდის შემდეგ ადამიანი ხედავს, თუ რამდენად მშვენიერია ღვთის საქმე მასში და მხოლოდ ამ საფუძველზე იბადება ადამიანში ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. დღეს ადამიანი ხედავს, რომ მხოლოდ ღვთის მადლით, სიყვარულითა და წყალობით იგი ვერ შეძლებს ჭეშმარიტად შეიცნოს საკუთარი თავი და, მით უმეტეს, ვერ შეძლებს შეიცნოს ადამიანის რაობა. მხოლოდ ღვთის მიერ გამოწრთობისა და განკითხვის მეშვეობით და უშუალოდ გამოწრთობის პროცესში შეუძლია ადამიანს შეიცნოს საკუთარი ნაკლოვანებები და გააცნობიეროს, რომ მას არაფერი გააჩნია. ამგვარად, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი აგებულია ღვთის მიერ გამოწრთობისა და განკითხვის საფუძველზე. თუ შენ მხოლოდ ღვთის მადლით ტკბები, გაქვს მშვიდი ოჯახური ცხოვრება ან მატერიალური კურთხევა, მაშინ შენ არ მოგიპოვებია ღმერთი და შენი რწმენა ღვთისადმი ვერ ჩაითვლება წარმატებულად. ღმერთმა უკვე განახორციელა ხორცში მადლის საქმის ერთი ეტაპი და ადამიანს უკვე მიანიჭა მატერიალური კურთხევანი, თუმცა მხოლოდ მადლით, სიყვარულითა და წყალობით ადამიანი ვერ გახდება სრულყოფილი. ​თავის გამოცდილებაში ადამიანი გარკვეულწილად ეხება ღვთის სიყვარულს და ხედავს ღვთის სიყვარულსა და წყალობას, თუმცა დროის გარკვეული პერიოდის გამოცდის შემდეგ იგი ხედავს, რომ ღვთის მადლს, მის სიყვარულსა და წყალობას არ შეუძლია გახადოს ადამიანი სრულყოფილი, არ შეუძლია ამხილოს ის, რაც გახრწნილია ადამიანში და არ შეუძლია გაათავისუფლოს ადამიანი მისი გახრწნილი ხასიათისგან, ან სრულყოს მისი სიყვარული და რწმენა. ღვთის მადლის საქმე ერთი პერიოდის საქმე იყო და ადამიანს არ შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ ღვთის მადლით ტკბობას, რათა შეიცნოს ღმერთი.

რა საშუალებებით ხორციელდება ღვთის მიერ ადამიანის სრულყოფა? ეს ხორციელდება მისი სამართლიანი ხასიათის მეშვეობით. ღვთის ხასიათი უმთავრესად შედგება სამართლიანობისგან, რისხვისგან, დიდებულებისგან, განკითხვისა და წყევლისგან, და ის ადამიანს სრულყოფს უმთავრესად თავისი განკითხვის მეშვეობით. ზოგიერთ ადამიანს არ ესმის და კითხულობს, რატომ ხდება, რომ ღმერთს მხოლოდ განკითხვისა და წყევლის მეშვეობით შეუძლია ადამიანის სრულყოფა. ისინი ამბობენ: „ღმერთს რომ დაეწყევლა ადამიანი, განა ადამიანი არ მოკვდებოდა? „ღმერთს რომ ადამიანი განეკითხა, განა იგი არ დაისჯებოდა? მაშინ როგორღაა შესაძლებელი, რომ ის მაინც სრულყოფილი გახდეს?“ ასეთია იმ ადამიანების სიტყვები, რომლებმაც არ იციან ღვთის საქმე. რასაც ღმერთი წყევლის, ეს ადამიანის ურჩობაა, ხოლო რასაც იგი განიკითხავს, ადამიანის ცოდვებია. თუმცა იგი მკაცრად მეტყველებს და სრულიად არ ინდობს ადამიანის გრძნობებს, თუმცა იგი აშიშვლებს ყოველივეს, რაც ადამიანშია და მრისხანე სიტყვებით ამხელს იმას, რაც ადამიანის არსშია, ამგვარი განკითხვის მეშვეობით იგი ადამიანს აძლევს ღრმა ცოდნას ხორციელი მატერიის შესახებ და ამგვარად, ადამიანი მორჩილებს ღმერთს. ადამიანის ხორციელი ბუნება ცოდვისა და სატანისგანაა, იგი ურჩია და ღვთის გაკიცხვის ობიექტს წარმოადგენს. ამრიგად, რათა ადამიანმა საკუთარი თავი შეიცნოს, მას ღვთის განკითხვის სიტყვები უნდა მოევლინოს და გამოყენებულ უნდა იქნას ყოველგვარი გამოწრთობა; მხოლოდ მაშინ იქნება ღვთის საქმე შედეგიანი.

ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რომ მან უკვე განკვეთა ადამიანის ხორციელი ბუნება. მაშ, განა ეს სიტყვები წყევლის სიტყვები არ არის? ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები აშიშვლებს ადამიანის ჭეშმარიტ სახეს, და ამგვარი მხილების მეშვეობით იგი განიკითხება. როდესაც იგი ხედავს, რომ არ ძალუძს ღვთის განზრახვების დაკმაყოფილება, შინაგანად გრძნობს მწუხარებასა და სინანულს, გრძნობს, რომ იმდენად დავალებულია ღვთისგან, რომ ვერ სწვდება მის განზრახვებს. არის შემთხვევები, როდესაც სულიწმიდა შინაგანად გწვრთნის და ეს წვრთნა ღვთის განკითხვისგან მომდინარეობს. არის შემთხვევები, როდესაც ღმერთი გსაყვედურობს და გარიდებს თავის სახეს, როდესაც იგი ყურადღებას არ გაქცევს და არ მოქმედებს შენში, უხმოდ გკიცხავს, რათა გამოგწრთოს. ადამიანში ღვთის საქმე უმთავრესად მისი სამართლიანი ხასიათის გამოსავლენად სრულდება. რა მოწმობას გასცემს ადამიანი საბოლოოდ ღვთის წინაშე? ადამიანი მოწმობს, რომ ღმერთი არის სამართლიანი ღმერთი, რომ მისი ხასიათი არის სამართლიანობა, რისხვა, გაკიცხვა და განკითხვა; ადამიანი მოწმობს ღვთის სამართლიან ხასიათს. ღვთის სამართლიანი ხასიათის გამოსავლენად იგი იყენებს განკითხვას, რათა გახადოს ადამიანი სრულყოფილი. მან შეიყვარა ადამიანი და იხსნა იგი, მაგრამ რამდენი რამ არის დატეული მის სიყვარულში? განკითხვა, დიდებულება, რისხვა და წყევლა. თუმცა ღმერთმა წარსულში დაწყევლა ადამიანი, მას იგი სრულად არ ჩაუგდია უძირო უფსკრულში, არამედ გამოიყენა ეს საშუალება ადამიანის რწმენის გამოსაწრთობად. მას არ მოუკლავს ადამიანი, არამედ იმოქმედა იმისთვის, რომ იგი სრულყოფილი გაეხადა. ხორცის სუბსტანცია ისაა, რაც სატანისგანაა, ღმერთმა ეს სრულიად მართებულად თქვა, თუმცა ღვთის მიერ აღსრულებული ფაქტები არ დასრულებულა მისი სიტყვებისამებრ. ის გწყევლის იმისთვის, რომ შეიყვარო იგი და რომ შეიცნო ხორცის სუბსტანცია. იგი გკიცხავს იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს, რათა დაგანახოს შენი ნაკლოვანებები და გაგაგებინოს ადამიანის სრული უღირსობა. ამგვარად, ღვთის წყევლა, მისი განკითხვა, მისი დიდებულება და რისხვა — ეს ყოველივე იმისთვისაა, რომ ადამიანი სრულყოფილი გახდეს. ყველაფერი, რასაც ღმერთი დღეს აკეთებს და ის სამართლიანი ხასიათი, რომელსაც იგი თქვენ მეშვეობით ავლენს — ეს ყოველივე იმისთვისაა, რომ ადამიანი სრულყოფილი გახდეს. ასეთია ღვთის სიყვარული.

ადამიანის ტრადიციული წარმოდგენებით, მას სჯერა, რომ ღვთის სიყვარული არის მისი მადლი, მოწყალება და თანაგრძნობა ადამიანის სუსტი მხარეების მიმართ. თუმცა ეს ყოველივე ასევე ღვთის სიყვარულია, ის ზედმეტად ცალმხრივია და არ წარმოადგენს იმ მთავარ საშუალებებს, რომლითაც ღმერთი ადამიანს სრულყოფს. ზოგიერთი ადამიანი ღვთისადმი რწმენას ავადმყოფობის გამო იწყებს. ეს ავადმყოფობა ღვთის მადლია შენთვის; მის გარეშე ღმერთს არ იწამებდი, ხოლო ღმერთი რომ არ გერწმუნა, აქამდე ვერ მოაღწევდი — ამგვარად, ეს მადლიც კი ღვთის სიყვარულია. იესოსადმი რწმენის ჟამს, ადამიანები ბევრ რამეს აკეთებდნენ ისეთს, რაც ღვთისთვის სათნო არ იყო, რადგან მათ არ ესმოდათ ჭეშმარიტება. მიუხედავად ამისა, ღმერთი სიყვარულით და მოწყალებით აღსავსეა და მან აქამდე მოიყვანა ადამიანი. თუმცა ადამიანს არაფერი გაეგება, ღმერთი მაინც აძლევს მას ნებას, მიჰყვეს მას და, მეტიც, მან ადამიანი დღევანდელ დღემდე მოიყვანა. განა ეს არ არის ღვთის სიყვარული? ის, რაც ღვთის ხასიათში ვლინდება, ღვთის სიყვარულია — ეს აბსოლუტური სიმართლეა! როდესაც ეკლესიის მშენებლობამ თავის მწვერვალს მიაღწია, ღმერთმა გადადგა ნაბიჯი მსახურების შემსრულებლების სამუშაოს შესასრულებლად და ადამიანი უძირო უფსკრულში ჩააგდო. მსახურების შემსრულებლების პერიოდის სიტყვები სავსე იყო წყევლით: შენი ხორცის წყევლით, შენი გახრწნილი სატანური ხასიათის წყევლით და ყოველივე იმის წყევლით, რაც შენში არ შეესაბამებოდა ღვთის განზრახვებს. იმ ეტაპზე ღვთის მიერ შესრულებული სამუშაო გამოვლინდა როგორც სიდიადე, რის შემდეგაც მალევე ღმერთმა განახორციელა გაკიცხვის სამუშაოს საფეხური და დადგა სიკვდილის სამსჯავრო. ასეთ სამუშაოში ადამიანმა დაინახა ღვთის რისხვა, სიდიადე, განკითხვა და გაკიცხვა, თუმცა მან ასევე დაინახა ღვთის მადლი, მისი სიყვარული და მისი მოწყალება. ყველაფერი, რაც ღმერთმა მოიმოქმედა და ყოველივე, რაც მის ხასიათში გამოვლინდა, იყო ღვთის სიყვარული ადამიანისადმი; და ყოველივე, რაც ღმერთმა გააკეთა, სავსებით პასუხობდა ადამიანის საჭიროებებს. ეს ყოველივე მან იმისთვის მოიმოქმედა, რომ ადამიანი სრულყოფილი გაეხადა და მას მისი სულიერი სიმწიფის შესაბამისად მიაგო. ღმერთს ეს რომ არ გაეკეთებინა, ადამიანი ვერ შეძლებდა ღვთის წინაშე წარდგომას და არავითარი საშუალება არ ექნებოდა, შეეცნო ღვთის ჭეშმარიტი სახე. ​იმ დროიდან, როდესაც ადამიანმა პირველად დაიწყო ღვთისადმი რწმენა დღემდე, ღმერთი თანდათანობით უზრუნველყოფდა ადამიანს მისი სულიერი სიმწიფის შესაბამისად, რათა ადამიანს შინაგანად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცნო იგი. მხოლოდ დღევანდელ დღემდე მოსვლის შემდეგ აცნობიერებს ადამიანი, თუ რამდენად საკვირველია ღვთის განკითხვა. მსახურების შემსრულებელთა საქმის ეტაპი იყო დაწყევლის საქმის პირველი შემთხვევა სამყაროს გაჩენიდან დღემდე. ადამიანი უძირო უფსკრულში იქნა დაწყევლილი. ღმერთს ეს რომ არ გაეკეთებინა, დღეს ადამიანს არ ექნებოდა ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება. მხოლოდ ღვთის წყევლის მეშვეობით შეეჯახა ადამიანი უშუალოდ მის ხასიათს. ადამიანი მსახურების შემსრულებელთა განსაცდელის მეშვეობით იქნა მხილებული. მან დაინახა, რომ მისი ერთგულება არასაკმარისი იყო, მისი სულიერი სიმწიფე — მეტისმეტად არასრული, რომ მას არ შესწევდა უნარი, აღესრულებინა ღვთის განზრახვები და რომ მისი მტკიცება, თითქოს ყოველთვის აკმაყოფილებდა ღმერთს, სხვა არაფერი იყო, თუ არა ცარიელი სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა დაწყევლა ადამიანი მსახურების შემსრულებელთა საქმის ეტაპზე, ახლა რომ გადავხედავთ, ღვთის საქმის ის ეტაპი საკვირველი იყო: მან დიდი გარდამტეხი მომენტი მოიტანა ადამიანისთვის და გამოიწვია უდიდესი ცვლილება მის სიცოცხლე-განწყობაში. მსახურების შემსრულებელთა საქმის პერიოდამდე ადამიანს არაფერი გაეგებოდა სიცოცხლის ძიების, ღვთისადმი რწმენის მნიშვნელობისა თუ ღვთის საქმის სიბრძნის შესახებ. მას ასევე არ ესმოდა, რომ ღმერთს თავისი საქმის აღსრულებისას შეუძლია ადამიანი გამოსცადოს. მსახურების შემსრულებელთა საქმის პერიოდიდან დღემდე, ადამიანი ხედავს, თუ რამდენად საკვირველია ღვთის საქმე — იგი ადამიანისთვის მიუწვდომელია. ადამიანს არ ძალუძს საკუთარი გონებით წარმოიდგინოს, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი. იგი ასევე ხედავს, თუ რამდენად არასრულია მისი სულიერი სიმწიფე და რომ მასში მეტისმეტი ურჩობაა. როდესაც ღმერთმა დაწყევლა ადამიანი, ეს გარკვეული შედეგის მისაღწევად გააკეთა და იგი სიკვდილით არ დასაჯა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაწყევლა ადამიანი, ეს სიტყვების მეშვეობით გააკეთა და მისი წყევლა სინამდვილეში არ დასტეხია თავს ადამიანს, რადგან ის, რაც ღმერთმა დაწყევლა, ადამიანის ურჩობა იყო. ამგვარად, მისი წყევლის სიტყვებიც კი იმისთვის წარმოითქვა, რომ ადამიანი სრულყოფილი გამხდარიყო. იქნება ეს ღვთის მიერ ადამიანის განკითხვა თუ მისი დაწყევლა, ორივე სრულყოფილს ხდის ადამიანს: ორივე იმისთვის სრულდება, რომ სრულყოფილი გახდეს ის, რაც უწმინდურია ადამიანში. ამ საშუალებით ადამიანი გამოიწრთობა, ხოლო ის, რაც ადამიანში ნაკლოვანია, სრულყოფილი ხდება მისი სიტყვებისა და საქმის მეშვეობით. ღვთის საქმის ყოველი ნაბიჯი — იქნება ეს მკაცრი სიტყვები, განკითხვა თუ გაკიცხვა — ადამიანს სრულყოფს და აბსოლუტურად მართებულია. საუკუნეთა განმავლობაში ღმერთს არასოდეს შეუსრულებია ამგვარი საქმე. დღეს ის თქვენში მოქმედებს და თავის სიბრძნეს გაფასებინებთ. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად გარკვეული ტკივილი განიცადეთ, თქვენი გულები მუდამ მყარად და მშვიდად არის. თქვენი კურთხევაა, რომ გაქვთ შესაძლებლობა, დატკბეთ ღვთის საქმის ამ ეტაპით. იმის მიუხედავად, თუ რის მოპოვებას შეძლებთ მომავალში, ხედავთ, რომ ღვთის მთელი დღევანდელი საქმე თქვენში სიყვარულია. თუ ადამიანი არ განიცდის ღვთის განკითხვასა და გამოწრთობას, მისი ქმედებები და ენთუზიაზმი მუდამ ზედაპირული დარჩება, ხოლო მისი ხასიათი კი — უცვლელი. ითვლება თუ არა ეს ღვთის მიერ მოპოვებად? დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანში ჯერ კიდევ ბევრია ამპარტავნება, მისი ხასიათი ბევრად უფრო მტკიცე და სტაბილურია, ვიდრე ადრე. ღვთის მიერ შენი გასხვლა შენსავე გადასარჩენად ხდება და მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში შეიძლება გარკვეული ტკივილი იგრძნო, მოვა დღე, როდესაც შენს ხასიათში ცვლილება მოხდება. იმ დროს შენ უკან მოიხედავ და დაინახავ, თუ რამდენად ბრძნულია ღვთის საქმე, და სწორედ მაშინ შეძლებ, ჭეშმარიტად ჩაწვდე ღვთის განზრახვებს. დღეს არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ ესმით ღვთის განზრახვები, თუმცა ეს მაინცდამაინც რეალისტური არ არის. სინამდვილეში ისინი სიცრუეს ამბობენ, რადგან ამჟამად მათ ჯერ კიდევ არ შეუცნიათ, ღვთის განზრახვა ადამიანის გადარჩენაა თუ მისი დაწყევლა. შესაძლოა, ახლა ამას ნათლად ვერ ხედავდე, მაგრამ დადგება დღე, როდესაც იხილავ, რომ ღვთის მიერ დიდების მოპოვების ჟამი დადგა; დაინახავ, რამდენად აზრიანია ღვთის სიყვარული, რათა შეიცნო ადამიანური ცხოვრება და შენმა ხორცმა ღვთის სიყვარულის სამყაროში იარსებოს, რათა შენი სული განთავისუფლდეს, შენი ცხოვრება აღივსოს სიხარულით და მუდამ ახლოს იყო ღმერთთან და მას მიაპყრო მზერა. იმ დროს შენ ჭეშმარიტად შეიცნობ, თუ რამდენად ძვირფასია ღვთის დღევანდელი საქმე.

დღეს ადამიანთა უმეტესობას არ გააჩნია ეს შემეცნება. ისინი მიიჩნევენ, რომ ტანჯვას არავითარი ღირებულება არ გააჩნია, რომ სამყარო მათ უარყოფს, მათი ოჯახური ცხოვრება მღელვარეა, ისინი ღვთისთვის მოსაწონნი არ არიან, და მათი პერსპექტივები პირქუშია. ზოგიერთ ადამიანს სიკვდილიც კი უნდა, როდესაც მათი ტანჯვა გარკვეულ ზღვარს სცილდება. ეს არ არის ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. ასეთი ადამიანები ლაჩრები არიან, მათ არ გააჩნიათ შეუპოვრობა, ისინი სულმოკლე და უნიათონი არიან! ღმერთს სწყურია, რომ ადამიანს უყვარდეს იგი, მაგრამ რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ღმერთი, მით უფრო დიდია მისი ტანჯვა და რაც უფრო მეტად უყვარს იგი, მით უფრო დიდია მისი განსაცდელები. თუ შენ გიყვარს ის, მაშინ ყოველგვარი ტანჯვა დაგატყდება თავს, ხოლო თუ არ გიყვარს, მაშინ, შესაძლოა, ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართოს და შენ გარშემოც სიმშვიდე იყოს. როდესაც შენ გიყვარს ღმერთი, მუდამ იგრძნობ, რომ შენ გარშემო ბევრი რამ გადაულახავია. რადგან შენი სულიერი სიმწიფე მეტისმეტად მცირეა, შენ გამოიწრთობი და ვერ შეძლებ ღვთის დაკმაყოფილებას, მუდამ იგრძნობ, რომ ღვთის განზრახვები მეტისმეტად ამაღლებულია და ადამიანისთვის მიუწვდომელი. ამ ყოველივეს გამო შენ გამოიწრთობი, რადგან შენში ბევრი სისუსტეა და რადგან მრავალმხრივ უძლური ხარ ღვთის განზრახვების შესასრულებლად, შენ შინაგანად გამოიწრთობი. თუმცა, ნათლად უნდა დაინახოთ, რომ განწმენდა მხოლოდ გამოწრთობის გზით მიიღწევა. ამგვარად, ამ უკანასკნელ დღეებში თქვენ ღვთისთვის უნდა დაამოწმოთ. რაოდენ დიდიც უნდა იყოს თქვენი ტანჯვა, ბოლომდე უნდა იაროთ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც კი ერთგულნი უნდა იყოთ ღვთისა და თავი მიანდოთ ღვთის წარმართვასა და განგებას; მხოლოდ ეს არის ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და მხოლოდ ეს არის მტკიცე და მჭექარე დამოწმება. როდესაც სატანა გაცთუნებს, უნდა თქვა: „ჩემი გული ღმერთს ეკუთვნის და ღმერთმა უკვე მომიპოვა. მე ვერ დაგაკმაყოფილებ შენ — მე ყველაფერი უნდა გავიღო ღვთის დასაკმაყოფილებლად“. რაც უფრო მეტად აკმაყოფილებ ღმერთს, მით მეტად გაკურთხებს იგი და მით უფრო იზრდება შენი სიყვარულის ძალა ღვთისადმი. ასევე, გემატება რწმენა და სიმტკიცე და გრძნობ, რომ არაფერია იმაზე ღირსეული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ღვთის სიყვარულში გატარებული ცხოვრება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა მხოლოდ უნდა შეიყვაროს ღმერთი, რათა ყოველგვარი მწუხარებისგან განთავისუფლდეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მომენტები, როდესაც შენი ხორციელი ბუნება სუსტია და მრავალი რეალური საზოგადოებრივი თუ პირადი პრობლემა გაწევს, თუ ამ დროს ჭეშმარიტად მიენდობი ღმერთს, მაშინ შენს სულში ნუგეშს ჰპოვებ, იგრძნობ სიმტკიცეს და გექნება ის, რასაც დაეყრდნობი. ამგვარად, შენ შეძლებ მრავალი გარემოების გადალახვას და აღარ დაუწყებ ღმერთს საყვედურის თქმას განცდილი ტანჯვის გამო. ამის ნაცვლად, გაგიჩნდება სურვილი იგალობო, იცეკვო და ილოცო, შეიკრიბო სხვებთან ერთად და იქონიო თანაზიარება, იფიქრო ღმერთზე; და იგრძნობ, რომ ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი შენს გარშემო, რაც ღვთის მიერ არის მოწყობილი, მართებული და შესაფერისია. თუ შენ არ გიყვარს ღმერთი, ყველაფერი, რასაც ხედავ, მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელი იქნება შენთვის და ვერაფერი მოჰგვრის შენს თვალს სიამოვნებას. ვერ იქნები სულიერად თავისუფალი, არამედ იქნები დათრგუნული, შენი გული მუდამ საყვედურს ეტყვის ღმერთს და მუდამ იგრძნობ, რომ მეტისმეტ ტანჯვას განიცდი და ეს ყოველივე უსამართლოა. თუ შენ არ ესწრაფვი პირად ბედნიერებას, არამედ იმას, რომ დააკმაყოფილო ღმერთი და არ მისცე სატანას შენი დადანაშაულების საბაბი, მაშინ ასეთი სწრაფვა მოგცემს დიდ ძალას ღვთის შესაყვარებლად. ადამიანს ძალუძს ცხოვრებაში გაატაროს ყოველი სიტყვა, რაც ღმერთს უთქვამს და ყოველივეთი, რასაც ის აკეთებს, შეიძლება ღმერთი დააკმაყოფილოს — სწორედ ეს არის სინამდვილის ფლობა. ღვთის დაკმაყოფილებისთვის სწრაფვა ნიშნავს, შენი ღვთისმოყვარე გული გამოიყენო მისი სიტყვების საქმედ ქცევისთვის, ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როცა სხვები უძალოდ არიან, შენში მაინც ცოცხლობს ღვთისმოყვარე გული და გულის სიღრმიდან გწყურია ღმერთი და გენატრება იგი. ეს არის რეალური სულიერი სიმწიფე. შენი სულიერი სიმწიფე სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ფლობ ღვთისმოყვარე გულს: შეძლებ თუ არა მტკიცედ დგომას განსაცდელის ჟამს; აღმოჩნდები თუ არა სუსტი, როდესაც გარკვეული გარემოებები დაგატყდება თავს; და შეძლებ თუ არა საკუთარი პოზიციის დაცვას მაშინაც კი, როცა და-ძმები ზურგს შეგაქცევენ. მოვლენების განვითარება ნათლად აჩვენებს, თუ როგორია სინამდვილეში შენი ღვთისმოყვარე გული. ღვთის საქმის დიდ ნაწილში ჩანს, რომ ღმერთს მართლაც უყვარს ადამიანი, თუმცა ადამიანის სულიერი თვალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გახსნილი და მას არ ძალუძს ნათლად დაინახოს ღვთის მრავალი საქმე და მისი განზრახვები, ისევე როგორც ის მრავალი რამ, რაც ღმერთში მშვენიერია. ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისადმი მეტისმეტად მცირეა. ამდენი ხნის განმავლობაში გწამდა ღმერთის და დღეს ღმერთმა უკან დასახევი ყოველი გზა ჩაგიკეტა. სიმართლე რომ ითქვას, შენ სხვა არჩევანი არ გაქვს, გარდა იმისა, რომ მართალ გზას გაჰყვე; და სწორედ ღვთის მკაცრი სამსჯავრო და უზენაესი ხსნაა ის, რაც ამ მართალ გზაზე გაყენებს. ადამიანი მხოლოდ გაჭირვებისა და გამოწრთობის გამოვლის შემდეგ შეიცნობს, რომ ღმერთი მშვენიერია. იმის გათვალისწინებით, რაც დღემდე გამოიარე, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა უკვე შეიცნო ღვთის მშვენიერების ნაწილი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რადგან ადამიანს ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია. ადამიანმა უფრო მეტად უნდა გამოცადოს ღვთის საკვირველი მოქმედება და ის გამოწრთობა, რომელიც ყოველი იმ ტანჯვის თანმდევია, რასაც ღმერთი მათთვის განამზადებს. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ადამიანის სიცოცხლე-განწყობის შეცვლა.

წინა: ისინი, ვინც სრულქმნილნი უნდა გახდნენ, გამოწრთობას უნდა დაექვემდებარონ

შემდეგი: მხოლოდ ღვთის სიყვარულია ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება