მხოლოდ ღვთის სიყვარულია ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა

დღეს, როდესაც თქვენ ღვთის სიყვარულსა და შემეცნებას ესწრაფვით, ერთი მხრივ, უნდა გაუძლოთ გაჭირვებასა და გამოწრთობას, მეორე მხრივ კი — უნდა გაიღოთ გარკვეული საფასური. არ არსებობს ღვთის სიყვარულზე დიდი გაკვეთილი. შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილი, რომელსაც ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე რწმენით სწავლობენ, სწორედ ის არის, თუ როგორ შეიყვარონ ღმერთი. ​რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გწამს ღმერთი, უნდა გიყვარდეს კიდეც იგი. თუ შენ მხოლოდ გწამს ღმერთი, მაგრამ არ გიყვარს იგი, არ მიგიღწევია მისი შემეცნებისთვის და არასოდეს გყვარებია იგი ჭეშმარიტი სიყვარულით, რომელიც შენი გულის სიღრმიდან მოდის, მაშინ შენი ღვთისადმი რწმენა ამაოა. თუ ღვთისადმი რწმენისას შენ არ გიყვარს იგი, მაშინ ამაოდ ცოცხლობ და მთელი შენი სიცოცხლე ყველაზე მდაბალია ყველა სიცოცხლეს შორის. თუ მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს გყვარებია ღმერთი და არასოდეს დაგიკმაყოფილებია იგი, მაშინ რა აზრი აქვს შენს სიცოცხლეს? და საერთოდ, რა აზრი აქვს შენს ღვთისადმი რწმენას? განა ეს ამაო ძალისხმევა არ არის? სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ადამიანებს სურთ სწამდეთ ღმერთი და უყვარდეთ იგი, მათ ამისთვის საფასური უნდა გაიღონ. ​იმის ნაცვლად, რომ გარეგნულად გარკვეული წესით მოქმედებას ესწრაფოდნენ, მათ გულის სიღრმეში ჭეშმარიტი წვდომა უნდა ეძიონ. თუ ენთუზიაზმით მღერი და ცეკვავ, მაგრამ არ შეგიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, განა შეიძლება ითქვას, რომ გიყვარს ღმერთი? ღვთის სიყვარული მოითხოვს, რომ ყველაფერში ეძიო ღვთის განზრახვა და როდესაც რამე შეგემთხვევა, ჩაუღრმავდე მას, რათა ჩასწვდე მის ჩანაფიქრს, გააცნობიერო, რა არის მისი ნება ამ საკითხში, რის მიღწევას გთხოვს იგი და როგორ უნდა მიაქციო მის განზრახვებს ყურადღება. მაგალითად, როდესაც რაიმე ისეთი ხდება, რაც შენგან ტანჯვის მოთმენას მოითხოვს, სწორედ მაშინ გმართებს, ჩაწვდე ღმერთის განზრახვებს და გაიაზრო, როგორ მიაქციო ყურადღება მის განზრახვებს. შენსავე თავს ნუ დააკმაყოფილებ: პირველ რიგში უარყავი საკუთარი თავი. ხორცზე უფრო უბადრუკი არაფერი არსებობს. შენ უნდა ეძიო ღვთის დაკმაყოფილება და შეასრულო შენი მოვალეობა. ასეთი ფიქრებით ღმერთი განსაკუთრებულად მოგანიჭებს ნათელს ამ საკითხში და შენი გულიც შვებას პოვებს. იქნება ეს დიდი თუ მცირე, როდესაც რამე შეგემთხვევა, უპირველესად საკუთარი თავი უნდა უარყო და ხორცი ყოველივეზე უმდაბლესად მიიჩნიო. რაც მეტად აკმაყოფილებ ხორცს, მით მეტ უფლებას აძლევს იგი საკუთარ თავს. თუ ამჯერად დაყვები მის ნებას, შემდეგში ის კიდევ უფრო მეტს მოგთხოვს. ამ პროცესის გაგრძელებასთან ერთად, ადამიანებს ხორცი კიდევ უფრო მეტად უყვარდებათ. ხორცს ყოველთვის აურაცხელი სურვილები აქვს. იგი მუდამ ითხოვს, რომ დააკმაყოფილო და ასიამოვნო იგი შინაგანად — იქნება ეს საკვებში, სამოსში, მრისხანების გამოვლენასა თუ საკუთარი სისუსტეებისა და სიზარმაცის ნებაზე მიშვებაში... რაც მეტად აკმაყოფილებ ხორცს, მით უფრო იზრდება მისი სურვილები და მით უფრო თავაშვებული ხდება იგი, სანამ საქმე იქამდე არ მივა, რომ ადამიანის ხორცში კიდევ უფრო ღრმა წარმოდგენები ისადგურებს. მაშინ იგი უჯანყდება ღმერთს, საკუთარ თავს განადიდებს და ეჭვქვეშ აყენებს ღვთის საქმეს. რაც მეტად აკმაყოფილებ ხორცს, მით უფრო იზრდება მისი სისუსტეები. მუდამ გეგონება, რომ არავინ იჩენს თანაგრძნობას შენი სისუსტეების მიმართ, მუდამ გწამს, რომ ღმერთი მეტისმეტად შორს წავიდა და იტყვი: „როგორ შეიძლება ღმერთი ასეთი მკაცრი იყოს? რატომ არ აძლევს იგი ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას?“ როდესაც ადამიანები ხორცს აკმაყოფილებენ და მას მეტისმეტად უფრთხილდებიან, ამით საკუთარ თავს ღუპავენ. თუკი ჭეშმარიტად გიყვარს ღმერთი და არ აკმაყოფილებ ხორცს, მაშინ დაინახავ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, სწორი და კარგია და რომ მისი წყევლა შენი ურჩობის მიმართ და შენი უსამართლობის განსჯა გამართლებულია. იქნება დრო, როდესაც ღმერთი გაგკიცხავს და გაგწვრთნის და შენს გამოსაწრთობად გარემოს შექმნის, რაც გაიძულებს მის წინაშე წარსდგე და შენ მუდამ იგრძნობ, რომ ის, რასაც ღმერთი აკეთებს, საოცარია. ამგვარად იგრძნობ, თითქოს ტკივილი არც ისე დიდია და რომ ღმერთი მშვენიერია. თუკი ხორცის სისუსტეებს აჰყვები და იტყვი, რომ ღმერთი მეტისმეტად შორს მიდის, მაშინ მუდამ იგრძნობ, რომ იტანჯები და მუდამ დამწუხრებული იქნები. ასევე ბუნდოვანი გახდება შენთვის ღვთის ყოველი საქმე და მოგეჩვენება, თითქოს ღმერთი საერთოდ არ თანაუგრძნობს ადამიანურ სისუსტეებს და არც მის გაჭირვებას აცნობიერებს. ამგვარად, მუდამ იგრძნობ თავს უბედურად და მარტოსულად, თითქოს დიდი უსამართლობა განიცადე და სწორედ ამ დროს დაიწყებ ჩივილს. რაც მეტად აჰყვები ხორცის სისუსტეებს ამგვარად, მით მეტად მოგეჩვენება, რომ ღმერთი მეტისმეტად შორს მიდის, სანამ მდგომარეობა ისე არ დამძიმდება, რომ უარყოფ ღვთის საქმეს, დაიწყებ ღმერთთან დაპირისპირებას და სრულიად ეურჩები მას. ამგვარად, უნდა აუჯანყდე ხორცს და არ აჰყვე მას: „ჩემი ქმარი (ცოლი), შვილები, პერსპექტივები, ქორწინება, ოჯახი — არცერთ მათგანს არ აქვს მნიშვნელობა! ჩემს გულში მხოლოდ ღმერთია და ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ ღმერთი ვასიმოვნო და არა ხორცი“. შენ უნდა გქონდეს ეს სიმტკიცე. თუკი მუდამ გექნება ასეთი სიმტკიცე, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტებას საქმედ აქცევ და საკუთარ თავს გვერდზე გადადებ, ამას მცირე ძალისხმევით შეძლებ. ამბობენ, რომ ერთხელ ერთმა გლეხმა გზაზე გაყინული გველი დაინახა. გლეხმა აიყვანა იგი, გულზე მიიხუტა და მას შემდეგ, რაც გველი გამოცოცხლდა, მან სასიკვდილოდ დაკბინა გლეხი. ადამიანის ხორცი გველს ჰგავს: მისი არსი ადამიანის სიცოცხლისათვის ზიანის მიყენებაა. როდესაც შენი ხორცი სრულიად თავის ნებაზე მიიშვებს, შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ხორცი სატანისგანაა. მასში მუდამ არის გადამეტებული სურვილები. ის მუდამ საკუთარ თავზე ფიქრობს, მუდამ სიმსუბუქეს ესწრაფვის და კომფორტში ნებივრობა სურს — ყოველგვარი შფოთვისა თუ გადაუდებლობის განცდის გარეშე, უქმობაში ჩაფლული. თუ მას ნებას მისცემ, ბოლოს სრულიად შთანგთქავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ახლა დაჰყვები მის ნებას, ის მომავალში უფრო მეტს მოგთხოვს. მას მუდამ აქვს გადამეტებული სურვილები და ახალ-ახალი მოთხოვნები. იგი ბოროტად იყენებს იმას, რომ შენ მის ნებას ჰყვები, რათა კიდევ უფრო მეტად შეგაყვაროს თავი და მის კომფორტში გაცხოვროს — თუკი მას ვერასოდეს სძლევ, საბოლოოდ საკუთარ თავს დაიღუპავ. მოიპოვებ თუ არა სიცოცხლეს ღვთის წინაშე და როგორი იქნება შენი საბოლოო ხვედრი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განახორციელებ პრაქტიკაში ხორცის წინააღმდეგ აჯანყებას. ღმერთმა გიხსნა, აგირჩია და წინასწარ განგამწესა, თუმცა, თუკი დღეს არ გსურს იგი დააკმაყოფილო, არ გსურს ჭეშმარიტება პრაქტიკად აქციო და არ გსურს საკუთარ ხორცს აუჯანყდე ღვთისადმი გულწრფელი სიყვარულით, საბოლოოდ საკუთარ თავს დაიღუპავ და ამგვარად უდიდეს ტანჯვას გამოსცდი. თუკი მუდამ ხორცის ნებას აჰყვები, სატანა თანდათანობით შთანგთქავს და დაგტოვებს სიცოცხლისა თუ სულის შეხების გარეშე, სანამ არ დადგება დღე, როდესაც შენს შინაგანს სრული სიბნელე მოიცავს. როდესაც სიბნელეში იცხოვრებ, სატანის ტყვე გახდები, გულში ღმერთი აღარ გეყოლება და იმ დროს უარყოფ ღვთის არსებობას და მიატოვებ მას. ამგვარად, თუ ადამიანებს სურთ ღმერთის შეყვარება, მათ ტკივილის საფასური უნდა გადაიხადონ და გაჭირვება აიტანონ. არ არის საჭირო გარეგნული გმინვა და გაჭირვება, მეტი კითხვა და აქეთ-იქით სირბილი, ამის ნაცვლად, მათ გვერდზე უნდა გადადონ ის, რაც მათშია: გადამეტებული ფიქრები, პირადი ინტერესები და საკუთარი გეგმები, წარმოდგენები და მიზნები. ეს არის ღვთის განზრახვა.

ღმერთის მიერ ადამიანების გარეგნული ხასიათის გასხვლა ასევე მისი საქმის ერთ-ერთი ნაწილია. მაგალითად, ადამიანთა გარეგნული, არანორმალური ადამიანობის ან მათი ცხოვრების წესისა და ჩვევების, მათი ქცევისა და ადათ-წესების, ისევე როგორც მათი გარეგნული პრაქტიკისა და მგზნებარების გასხვლა. მაგრამ, როდესაც იგი ადამიანებისგან ჭეშმარიტების საქმედ ქცევასა და მათი ხასიათის შეცვლას მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, მათში არსებული განზრახვები და წარმოდგენები იზღუდება. მხოლოდ შენი გარეგნული ხასიათის გასხვლა არ არის რთული; ეს იმას ჰგავს, გთხოვონ არ შეჭამო ის, რაც გიყვარს, რაც ადვილია. თუმცა ის, რაც შენს შინაგან წარმოდგენებს ეხება, ადვილად დასათმობი არ არის. ეს მოითხოვს ადამიანებისგან, რომ ხორცს აუჯანყდნენ, საფასური გადაიხადონ და ღვთის წინაშე დაიტანჯონ. ეს განსაკუთრებით ადამიანის განზრახვებს ეხება. ღვთისადმი რწმენის გაჩენის დღიდან ადამიანების გულში ბევრი არასწორი განზრახვა დაგროვდა. როდესაც ჭეშმარიტებას პრაქტიკად არ აქცევ, გგონია, რომ შენი ყოველი განზრახვა მართებულია, მაგრამ როგორც კი რამე შეგემთხვევა, დაინახავ, რომ შენში უამრავი არასწორი განზრახვაა. ამგვარად, როდესაც ღმერთი სრულყოფს ადამიანებს, იგი აიძულებს მათ გააცნობიერონ, რომ მათში ბევრია ისეთი წარმოდგენა, რომელიც ხელს უშლის ღვთის შეცნობას. როდესაც აცნობიერებ, რომ შენი განზრახვები მცდარია და თუკი შეძლებ, აღარ იმოქმედო შენი წარმოდგენებისა და განზრახვებისამებრ, შეძლებ ღვთის დამოწმებას და მტკიცედ დგომას შენს პოზიციაზე ყველაფერში, რაც კი შეგემთხვევა — ეს იმის დასტურია, რომ შენ აუჯანყდი ხორცს. როდესაც ხორცს უჯანყდები, შენში გარდაუვალი ბრძოლა გაჩაღდება. სატანა შეეცდება, ადამიანები აიძულოს მას გაჰყვნენ, შეეცდება, აიძულოს ისინი, მიჰყვნენ ხორცის წარმოდგენებს და დაიცვან ხორცის ინტერესები — მაგრამ ღვთის სიტყვები შიგნიდან მოჰფენს ნათელს და გაანათებს ადამიანებს, ხოლო ამ დროს შენზეა დამოკიდებული, ღმერთს გაჰყვები თუ სატანას. ღმერთი ადამიანებისგან ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას უპირველესად იმიტომ მოითხოვს, რომ მათში არსებული ის ფიქრები და წარმოდგენები გასხლას, რომლებიც ღვთის განზრახვებს არ შეესაბამება. სულიწმიდა ეხება ადამიანთა გულებს, ნათელს ჰფენს და ანათებს მათ. ამგვარად, ყოველი მოვლენის მიღმა ბრძოლა დგას: ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები ჭეშმარიტებას ან ღვთის სიყვარულს პრაქტიკაში ახორციელებენ, დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. მართალია, გარეგნულად მათ ხორცს ყველაფერი რიგზე შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გულის სიღრმეში, სინამდვილეში, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს და მხოლოდ ამ მძაფრი ბრძოლისა და უდიდესი დაფიქრების შემდეგ შეიძლება გადაწყდეს გამარჯვება ან დამარცხება. კაცმა არ იცის, გაიცინოს თუ იტიროს. რადგან ადამიანებში არსებული მრავალი განზრახვა მცდარია ან კიდევ იმიტომ, რომ ღვთის საქმის დიდი ნაწილი მათ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება, როდესაც ადამიანები ჭეშმარიტების პრაქტიკაში გატარებას დაიწყებენ, კულისებს მიღმა დიდი ბრძოლა იმართება. მას შემდეგ, რაც ამ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში განახორციელებენ, კულისებს მიღმა ადამიანები უამრავ მწარე ცრემლს ღვრიან, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ღმერთი დააკმაყოფილონ. სწორედ ამ ბრძოლის გამო გადიან ადამიანები ტანჯვასა და გამოწრთობას; ეს არის ჭეშმარიტი ტანჯვა. როდესაც ეს ბრძოლა გეწვევა, თუკი შეძლებ ჭეშმარიტად ღვთის მხარეს დადგე, შეძლებ, რომ ღმერთი დააკმაყოფილო. ჭეშმარიტების პრაქტიკაში გატარებისას, შინაგანი ტანჯვა გარდაუვალია. ჭეშმარიტების განხორციელებისას ადამიანის შინაგანი სამყარო სრულად მართებული რომ იყოს, მაშინ მას აღარ დასჭირდებოდა ღვთის მიერ სრულყოფა, აღარც ბრძოლა იარსებებდა და აღარც ტანჯვა იქნებოდა საჭირო. რადგან ადამიანებში ბევრია ისეთი რამ, რაც ღვთისთვის გამოსაყენებლად უვარგისია და რადგან მათში ჯერ კიდევ მძლავრობს ხორცის ურჩი ხასიათი, ადამიანებმა ხორცისადმი აჯანყების გაკვეთილი უფრო ღრმად უნდა შეისწავლონ. სწორედ ამას უწოდებს ღმერთი იმ ტანჯვას, რომლის გავლაც ადამიანს მასთან ერთად სთხოვა. როდესაც სირთულეებს წააწყდები, იჩქარე და ილოცე ღვთის მიმართ: „ო, ღმერთო! მსურს დაგაკმაყოფილო შენ, მსურს ბოლომდე გავუძლო ამ გაჭირვებას შენი გულის დასაკმაყოფილებლად და რაც უნდა დიდი დაბრკოლება შემხვდეს, მაინც უნდა დაგაკმაყოფილო. განზრახვებიმაშინაც კი, თუკი მთელი ჩემი სიცოცხლის დათმობა მომიწევს, მე მაინც უნდა დაგაკმაყოფილო!“ ამგვარი სიმტკიცით, როდესაც ასე ლოცულობ, შეძლებ მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ჭეშმარიტებას პრაქტიკაში განახორციელებენ, ყოველ ჯერზე, როდესაც გამოწრთობას გადიან, ყოველ ჯერზე, როდესაც გამოიცდებიან და ყოველ ჯერზე, როდესაც მათზე ღვთის საქმე ვლინდება, ადამიანებმა უკიდურესი ტკივილი უნდა დაითმინონ. ეს ყველაფერი ადამიანებისთვის გამოცდაა, ამიტომაც ყოველ მათგანში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის ის რეალური საფასური, რომელსაც ისინი იხდიან. ღვთის სიტყვების მეტი კითხვა და მეტი აქტიურობა ასევე ამ საფასურის ნაწილია. ეს არის ის, რაც ადამიანებმა უნდა აკეთონ, ეს მათი ვალია და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ, თუმცა ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა დათმონ ის, რაც დასათმობია. თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ რაც უნდა დიდი იყოს შენი გარეგნული ტანჯვა და რამდენიც უნდა იღვაწო, ყველაფერი ამაო იქნება! ანუ, მხოლოდ შენი შინაგანი ცვლილებები განსაზღვრავს იმას, აქვს თუ არა ფასი შენს გარეგნულ ტანჯვას. როდესაც შენი შინაგანი განწყობა შეიცვლება და ჭეშმარიტებას პრაქტიკაში განახორციელებ, მხოლოდ მაშინ დაიმსახურებს შენი ყოველი გარეგნული ტანჯვა ღვთის მოწონებას; მაგრამ თუ შენს შინაგან ხასიათში ცვლილება არ მომხდარა, მაშინ რაც არ უნდა დიდი ტანჯვა დაითმინო ან რამდენიც არ უნდა იღვაწო გარეგნულად, ღვთისგან მოწონებას ვერ ჰპოვებ — ტანჯვა კი, რომელიც ღვთის მიერ არ არის დადასტურებული, ამაოა. ამგვარად, ღვთის მიერ შენი გადახდილი საფასურის მოწონება განისაზღვრება იმით, მოხდა თუ არა შენში ცვლილება და იმით, განახორციელებ თუ არა ჭეშმარიტებას პრაქტიკაში და აუჯანყდები თუ არა საკუთარ განზრახვებსა და წარმოდგენებს, რათა მიაღწიო ღვთის განზრახვების შესრულებას, ღვთის შემეცნებასა და მისადმი ერთგულებას. რამდენიც უნდა იღვაწო, თუ არასოდეს გისწავლია საკუთარი განზრახვების წინააღმდეგ აჯანყება, არამედ მხოლოდ გარეგნულ საქმეებსა და გარეგნულ ენთუზიაზმს ესწრაფვი და არასოდეს აქცევ ყურადღებას შენს ცხოვრებას, მაშინ შენი ტანჯვა ამაო იქნება. თუკი გარკვეულ ვითარებაში რაიმეს თქმა გსურს, მაგრამ შინაგანად გრძნობ, რომ ამის თქმა არ იქნება მართებული, რომ ეს შენს და-ძმებს არ არგებს და შესაძლოა ატკინოს კიდეც მათ, მაშინ ამას არ იტყვი და ამჯობინებ, რომ შინაგანად დაიტანჯო, რადგან ეს სიტყვები ვერ დააკმაყოფილებს ღვთის განზრახვებს. ამ დროს შენს შიგნით ბრძოლა გაჩაღდება, მაგრამ შენ მზად იქნები, დაითმინო ტკივილი და დათმო ის, რაც გიყვარს. შენ მზად იქნები, გაუძლო ამ გაჭირვებას ღვთის საამებლად და მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ტკივილს იგრძნობ, შენ არ დაჰყვები ხორცის ნებას. ასე დაკმაყოფილდება ღვთის გული და შენც ჰპოვებ შინაგან ნუგეშს. ეს არის ჭეშმარიტად საფასურის გადახდა და სწორედ ესაა ღვთის მიერ სასურველი საფასური. თუკი ამგვარად იმოქმედებ, ღმერთი უეჭველად გაკურთხებს, მაგრამ თუკი ამას ვერ მიაღწევ, მაშინ რაც არ უნდა ბევრი გესმოდეს ან რაც არ უნდა კარგად მეტყველებდე, ყველაფერი ფუჭი იქნება! თუკი ღვთის სიყვარულის გზაზე შეძლებ, დადგე ღვთის მხარეს, როდესაც ის სატანას ებრძვის და არ მიუბრუნდები სატანას, მაშინ შენ მიაღწევ ღვთის სიყვარულს და მტკიცედ იდგები შენს მოწმობაში.

ღვთის მიერ ადამიანებზე შესრულებული საქმის ყოველი ნაბიჯი გარეგნულად ადამიანებს შორის ურთიერთქმედებად ჩანს, თითქოს ადამიანური განაწესითა თუ ადამიანური არევ-დარევის შედეგად გაჩნდა. მაგრამ საქმის ყოველი ნაბიჯის, ყოველი მოვლენის მიღმა დგას სატანის მიერ ღვთის წინაშე დადებული სანაძლეო და ის ადამიანებისგან მოითხოვს, რომ მტკიცედ იდგნენ ღვთისადმი თავიანთ მოწმობაში. აიღეთ, მაგალითად, როდესაც იობი გამოიცადა: კულისებს მიღმა სატანა ღმერთთან სანაძლეოს დებდა, ხოლო ის, რაც იობს დაემართა, ადამიანთა ქმედებები და ადამიანთაგან გამოწვეული არევ-დარევა იყო. საქმის ყოველი ნაბიჯის მიღმა, რომელსაც ღმერთი თქვენზე ასრულებს, დგას სატანის სანაძლეო ღმერთთან — მის მიღმა ბრძოლაა. მაგალითად, თუ შენს და-ძმებთან მიმართებით წინასწარგანწყობა გაქვს, გაგიჩნდება სიტყვები, რომელთა თქმაც მოგინდება — სიტყვები, რომელზეც გრძნობ, რომ შეიძლება მიუღებელი იყოს ღმერთისთვის. მაგრამ თუ მათ არ იტყვი, შინაგან დისკომფორტს იგრძნობ და სწორედ ამ მომენტში შენში ბრძოლა გაჩაღდება: „ვთქვა თუ არ ვთქვა?“ აი, ეს არის ბრძოლა. ამგვარად, ყველაფერში, რასაც კი აწყდები, ბრძოლაა და როდესაც შენში ბრძოლა მიმდინარეობს, შენი ნამდვილი თანამშრომლობისა და ნამდვილი ტანჯვის წყალობით, ღმერთი შენში მოქმედებს. საბოლოოდ, შენ შეძლებ, ეს საკითხი შინაგანად გვერდზე გადადო და ბრაზიც ბუნებრივად განელდება. სწორედ ასეთია ღმერთთან შენი თანამშრომლობის შედეგი. ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, მისი გულის სისხლის გარკვეულწილად გაღებას მოითხოვს. ნამდვილი ტანჯვის გარეშე ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ღმერთს. ისინი ახლოსაც კი ვერ მიდიან ღვთის კმაყოფილებასთან და მხოლოდ ფუჭ ლოზუნგებს ისვრიან! ეს ფუჭი ლოზუნგები ღმერთს დააკმაყოფილებს? როდესაც ღმერთი და სატანა სულიერ სამყაროში ერთმანეთს ებრძვიან, როგორ უნდა ასიამოვნო ღმერთს და როგორ უნდა იდგე მტკიცედ მისთვის შენს მოწმობაში? უნდა იცოდე, რომ ყველაფერი, რაც თავს გადაგხდება, დიდი განსაცდელია და დრო, როდესაც ღმერთს შენი მხრიდან მოწმობის გაცემა სჭირდება. გარედან ის შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ როდესაც ეს მოვლენები ხდება, სწორედ მაშინ ჩანს, გიყვარს თუ არა ღმერთი. თუ გიყვარს, შეძლებ მტკიცედ იდგე მისთვის შენს მოწმობაში, ხოლო თუ პრაქტიკაში არ განგიხორციელებია ღვთის სიყვარული, ეს აჩვენებს, რომ არ ხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებს, რომ ხარ ჭეშმარიტების გარეშე, სიცოცხლის გარეშე და რომ ბზე ხარ! ყველაფერში, რაც ადამიანებს თავს გადახდებათ, ღმერთს სჭირდება, რომ ისინი მტკიცედ იდგნენ მისადმი თავიანთ მოწმობაში. მართალია, ამ მომენტში შენს თავს რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და დიდ მოწმობასაც არ გასცემ, მაგრამ შენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა წვრილმანი ღვთისადმი მოწმობას უკავშირდება. თუ შეძლებ მოიპოვო შენი და-ძმების, ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფების აღტაცება, თუ ერთ დღეს არამორწმუნენი მოვლენ, აღფრთოვანდებიან ყველაფრით, რასაც აკეთებ და დაინახავენ, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, საოცრებაა, მაშინ შენ გაცემული გექნება მოწმობა. თუმცა არ გაგაჩნია წვდომა და შენი სულიერი მონაცემები მწირია, იმის წყალობით, რომ ღმერთი სრულგყოფს, შენ შეძლებ დააკმაყოფილო შეასრულოის და იფიქრო მის ზრახვებზე. ამით სხვებსაც დაანახებ, თუ რა დიდებულ საქმეს აღასრულებს ის ყველაზე მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებში. როდესაც ადამიანები შეიცნობენ ღმერთს, ხდებიან მძლეველნი სატანის წინაშე და ღვთისადმი უკიდურესად ერთგულნი, მაშინ სწორედ ამ ადამიანთა ჯგუფს აქვს ყველაზე მტკიცე ხასიათი და ეს არის უდიდესი მოწმობა. თუმცა არ ძალგიძს დიდი საქმეების შესრულება, შენ შეგიძლია დააკმაყოფილო ღმერთი. სხვებს არ შეუძლიათ გვერდზე გადადონ თავიანთი წარმოდგენები, შენ კი შეგიძლია; სხვებს არ შეუძლიათ ღვთისადმი მოწმობის გაცემა საკუთარ ნამდვილ გამოცდილებაში, შენ კი შეგიძლია გამოიყენო შენი ნამდვილი სულიერი სიმწიფე და მოქმედებები, რათა მიაგო ღმერთს სიყვარული და გასცე მისადმი ძლიერი მოწმობა. ეს არის ის, რაც სინამდვილეში ითვლება ღვთის სიყვარულად. თუ ამის უნარი არ შეგწევს, მაშინ შენ ვერ გასცემ მოწმობას ვერც შენი ოჯახის წევრებს შორის, ვერც შენს და-ძმებს შორის და ვერც მსოფლიოს ხალხის წინაშე. თუ სატანის წინაშე მოწმობის გაცემას ვერ შეძლებ, ის დაგცინებს, მასხრად აგიგდებს და თავის სათამაშოდ გაქცევს; იგი გამუდმებით მასხრად აგიგდებს და შენს გონებაში ქაოსს დათესავს. მომავალში შეიძლება დიდი განსაცდელი დაგატყდეს თავს — მაგრამ დღეს, თუ ღმერთი ჭეშმარიტი გულით გიყვარს და თუ, მიუხედავად მომავალი განსაცდელის სიდიდისა და იმისა, თუ რა გადაგხდება, შეძლებ მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში და შეძლებ დააკმაყოფილო ღმერთი მაშინ შენი გული დამშვიდდება და არ შეგეშინდება, რაოდენ დიდი განსაცდელიც არ უნდა შეგხვდეს მომავალში. თქვენ არ შეგიძლიათ იმის დანახვა, თუ რა მოხდება მომავალში, მხოლოდ დღევანდელ გარემოებებში შეგიძლიათ ღმერთი დააკმაყოფილოთ. თქვენ არ შეგიძლიათ დიდი საქმეების აღსრულება — თქვენი ყურადღება უნდა მიიმართოს იქითკენ, რომ დააკმაყოფილოთ ღმერთი მისი სიტყვების რეალურ ცხოვრებაში გამოცდით. თქვენ უნდა გასცეთ მტკიცე და ძლიერი მოწმობა და ამგვარად შეარცხვინოთ სატანა. მიუხედავად იმისა, რომ შენი ხორცი დაუკმაყოფილებელი დარჩება და დაიტანჯება, შენ ასიამოვნებ ღმერთს და შეარცხვენ სატანას. თუკი მუდამ ასე იმოქმედებ პრაქტიკაში, ღმერთი შენ წინაშე გზას განამზადებს. როდესაც ერთ დღეს დიდი განსაცდელი მოვა, სხვები დაეცემიან, შენ კი კვლავ შეძლებ მტკიცედ დგომას: იმ საფასურის გამო, რომელიც გადაიხადე, ღმერთი დაგიცავს, რათა მყარად იდგე და არ დაეცე. თუკი ჩვეულებრივ ვითარებაში შეძლებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას და დააკმაყოფილებ ღმერთს ჭეშმარიტად ღვთისმოყვარე გულით, მაშინ ღმერთი აუცილებლად დაგიცავს მომავალი განსაცდელების დროს. თუმცა უგუნური ხარ, არასრული სულიერი სიმწიფე და მწირი სულიერი მონაცემები გაქვს, ღმერთი მაინც არ იქნება შენ მიმართ მიკერძოებული. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორია შენი განზრახვები. ვთქვათ, დღეს შენ ახერხებ დააკმაყოფილო ღმერთი — ყურადღებას აქცევ მცირე წვრილმანებს და ყველაფერში აკმაყოფილებ მას — გაქვს ჭეშმარიტად ღვთისმოყვარე გული, შენს ნამდვილ გულს ღმერთს უძღვნი და მიუხედავად იმისა, რომ არის საკითხები, რომლებსაც ნათლად ვერ ხედავ, მაინც მოდიხარ ღვთის წინაშე, რათა შენი მიზნები გამოასწორო, ეძებო ღვთის განზრახვები და ყველაფერს აკეთებ მის დასაკმაყოფილებლად. თუნდაც შენმა და-ძმებმა უარგყონ, შენი გული მაინც აკმაყოფილებს ღმერთს და შენ აღარ ხარ დახარბებული ხორციელ სიამოვნებებს. თუკი მუდამ ასე იმოქმედებ პრაქტიკაში, დაცული იქნები, როდესაც დიდი განსაცდელი დაგატყდება თავს.

ადამიანის რა შინაგან მდგომარეობაზეა მიმართული განსაცდელები? ისინი მიმართულია ადამიანებში არსებული ამბოხებული ხასიათისკენ, რომელსაც არ შეუძლია ღმერთის დაკმაყოფილება. ადამიანებში ბევრი რამ არის უწმინდური და ბევრი რამ არის თვალთმაქცური, ამიტომ ღმერთი განსაცდელებს უვლენს მათ, რათა განწმინდოს ისინი. თუმცა, თუკი დღეს შეძლებ ღმერთის დაკმაყოფილებას, მაშინ მომავალი განსაცდელები შენთვის სრულყოფად იქცევა. თუკი დღეს ვერ შეძლებ ღმერთის დაკმაყოფილებას, მაშინ მომავალი განსაცდელები გაცდუნებს და უნებლიეთ დაეცემი. იმ დროს კი საკუთარ თავს ვეღარ უშველი, რადგან ფეხს ვერ უწყობ ღვთის საქმეს და არ გაგაჩნია რეალური სულიერი სიმწიფე. ამგვარად, თუ გსურს, რომ მომავალში შეძლო მტკიცედ დგომა, უკეთ დააკმაყოფილო ღმერთი და მიჰყვე მას ბოლომდე, დღესვე უნდა ჩაუყარო საფუძველი მტკიცე საძირკველს. შენ უნდა დააკმაყოფილო ღმერთის განზრახვები ყველაფერში ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებით და გაითვალისწინო მისი განზრახვები. თუკი მუდამ ასე იმოქმედებ პრაქტიკაში, შენში მტკიცე საძირკველი ჩაიყრება, ღმერთი თავად შთაგბერავს თავის მოყვარულ გულს და რწმენით აგავსებს. დადგება დღე, როცა განსაცდელი მართლაც დაგატყდება თავს. შესაძლოა იგემო ტკივილი, გარკვეულწილად შეწუხდე და ისეთი გამანადგურებელი მწუხარება იწვნიო, თითქოს მოკვდი — მაგრამ შენი სიყვარული ღვთისადმი არ შეიცვლება და კიდევ უფრო გაღრმავდება. ასეთია ღმერთის კურთხევა. თუკი დღეს შეძლებ მორჩილი გულით მიიღო ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს და აკეთებს, მაშინ უეჭველად იქნები ღვთისგან კურთხეული; იქნები ის, ვინც ღვთისგან კურთხევასა და მის აღთქმას მიიღებს. თუკი დღეს არ ივარჯიშებ პრაქტიკაში, მაშინ, როდესაც ერთ დღესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, არც რწმენა აღმოგაჩნდება და არც მოყვარული გული. იმ დროს განსაცდელი ცდუნებად იქცევა, შენ სატანის ცდუნების მორევში აღმოჩნდები და იქიდან თავის დასაღწევი გზა აღარ გექნება. დღეს შეიძლება მედგრად დახვდე პატარა განსაცდელს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს დიდი განსაცდელის წინაშეც ასევე მტკიცედ შეძლებ დგომას. ზოგიერთი ადამიანი ქედმაღალია და ფიქრობს, თითქოს უკვე ახლოსაა სრულყოფილებასთან. თუკი ასეთ დროს უფრო ღრმად არ ჩაიხედავ საკუთარ თავში და თვითკმაყოფილებას მიეცემი, მაშინ საფრთხეში აღმოჩნდები. დღეს ღმერთი დიდ განსაცდელებს არ გივლენს და ყველაფერი თითქოს რიგზეა, მაგრამ როდესაც იგი მართლა გამოგცდის, აღმოაჩენ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკლია — შენი სულიერი სიმწიფე მეტისმეტად არასრულია და არ ძალგიძს დიდი განსაცდელების გაძლება. თუკი ისეთივე დარჩები, როგორიც ხარ და ამ უმოქმედობის მდგომარეობიდან არ გამოხვალ, მაშინ, როდესაც განსაცდელი მოვა, აუცილებლად დაეცემი. თქვენ ხშირად უნდა დაუკვირდეთ, თუ რაოდენ არასრულია თქვენი სულიერი სიმწიფე, მხოლოდ ამ გზით შეძლებთ წინსვლას. თუკი მხოლოდ განსაცდელების დროს დაინახავ, რომ შენი სულიერი სიმწიფე ასე არასრულია, რომ შენი ნებისყოფა ასე სუსტია, რომ შენში რეალური ძალიან ცოტა რამაა და არ შეესაბამები ღვთის განზრახვებს — თუკი ყოველივე ამას მხოლოდ მაშინ გააცნობიერებ, უკვე ძალიან გვიან იქნება.

თუკი არ იცნობ ღვთის ხასიათს, მაშინ განსაცდელების დროს გარდაუვალად დაეცემი. ეს იმიტომ, რომ შენთვის უცნობია, თუ როგორ ხდის ღმერთი ადამიანებს სრულყოფილს ან რა საშუალებებით აღწევს ამას. როდესაც ღვთის განსაცდელები დაგატყდება თავს და ეს შენს წარმოდგენებს არ დაემთხვევა, სიმტკიცის შენარჩუნებას ვერ შეძლებ. ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული მისი მთლიანი ხასიათია და როდესაც ღვთის მთლიანი ხასიათი ცხადდება ადამიანებთან, რა მოაქვს ამას შენი ხორცისთვის? როდესაც ადამიანებს ღვთის სამართლიანი ხასიათი ეცხადებათ, მათი ხორცი გარდაუვალად იგემებს დიდ ტკივილს. თუკი არ იგემებ ამ ტკივილს, მაშინ ღმერთი ვერ შეძლებს შენს სრულყოფას და ვერც ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის მიძღვნას შეძლებ. თუკი ღმერთი სრულგყოფს, იგი აუცილებლად განგიცხადებს თავის მთლიან სამართლიან ხასიათს. სამყაროს გაჩენიდან დღემდე, ღმერთს არასოდეს განუცხადებია ადამიანისთვის თავისი მთლიანი ხასიათი. თუმცა, უკანასკნელ დღეებში იგი მას უცხადებს ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა და ამოირჩია. ადამიანების სრულყოფის გზით იგი აცხადებს თავის ხასიათს და სწორედ ამის მეშვეობით ხდის ადამიანთა ამ ჯგუფს სრულქმნილს. ასეთია ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანებისადმი. ღვთის ჭეშმარიტი სიყვარულის გამოცდა ადამიანისგან მოითხოვს უკიდურესი ტკივილის გაძლებასა და მაღალი საფასურის გადახდას. მხოლოდ მაშინ შეძლებს ღმერთი ადამიანთა საბოლოოდ მოპოვებას და მხოლოდ მაშინ შეძლებენ ისინი ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის დაბრუნებას; მხოლოდ მაშინ იქნება ღვთის გული კმაყოფილი. თუკი ადამიანებს სურთ, რომ ღმერთმა ისინი სრულყოფილნი გახადოს, თუკი სურთ, რომ მიჰყვნენ მის ნებას და ღმერთს სრულად მიუძღვნან ჭეშმარიტი სიყვარული, მაშინ მათ უნდა გაიარონ დიდი ტკივილი და მრავალი ტანჯვა თავიანთ გარემოებათა გამო, და ამგვარად გაიარონ ისეთი აგონია, თითქოს სიკვდილის პირას მივიდნენ, რაც საბოლოოდ აიძულებთ მათ, საკუთარი ჭეშმარიტი გული ღმერთს დაუბრუნონ. სწორედ ტანჯვისა და გამოწრთობის დროს ვლინდება ნამდვილად უყვარს თუ არა ადამიანს ღმერთი. ღვთის მიერ ადამიანთა სიყვარულის განწმენდა ასევე მხოლოდ ტანჯვისა და გამოწრთობის გზით მიიღწევა.

წინა: მხოლოდ მტკივნეული განსაცდელების გამოცდით შეგიძლია შეიცნო ღვთის მშვენიერება

შემდეგი: მოკლე საუბარი თემაზე „ათასწლოვანი სასუფევლის დრო დადგა“

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება