მაცხოვარი უკვე დაბრუნდა „თეთრ ღრუბელზე“
რამდენიმე ათასწლეულია, რაც ადამიანი მაცხოვრის მოსვლის ხილვას ელის. ადამიანი ათასწლეულების მანძილზე ესწრაფოდა ეხილა, როგორ ჩამოდის მაცხოვარი იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრებული და პირადად ეცხადება მათ, ვინც ათასწლეულების განმავლობაში ელოდა მას იმედითა და მონატრებით. ადამიანს ასევე სწყუროდა მაცხოვრის დაბრუნება და მასთან კვლავ გაერთიანება; ანუ, ელოდა მაცხოვარ იესოს, რომელიც ათასობით წლის მანძილზე იყო ადამიანებს დაცილებული, რათა იგი დაბრუნებულიყო და კვლავ აღესრულებინა გამოსყიდვის ის საქმე, რომელიც ებრაელებს შორის გასწია; რათა ყოფილიყო მოწყალე და მოსიყვარულე ადამიანის მიმართ, მიეტევებინა ადამიანის ცოდვები, ეტვირთა ისინი და ეტვირთა ადამიანის ყოველი გადაცდომა, რათა ეხსნა იგი ცოდვისგან. ადამიანი ელის, რომ მაცხოვარი იესო იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო — საყვარელი, კეთილი და პატივსაცემი მხსნელი, რომელიც არასოდეს ბრაზდება ადამიანზე და არასოდეს საყვედურობს მას, არამედ მიუტევებს და თავის თავზე აიღებს ადამიანის ყველა ცოდვას და, წინანდებურად, ჯვარზეც კი ეცმება მისთვის. მას შემდეგ, რაც იესო წავიდა, მოწაფეები, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ, ისევე როგორც ყველა წმინდანი, ვინც მისი სახელით გადარჩა, სულმოუთქმელად ნატრობდა მას და მოელოდა მის გამოცხადებას. ყველანი, ვინც მადლის ეპოქაში იესო ქრისტეს მადლით გადარჩნენ, მოუთმენლად ელიან უკანასკნელ დღეებში იმ ნეტარებით აღსავსე დღეს, როდესაც მაცხოვარი იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრებული ჩამოვა, რათა ურიცხვი ხალხის წინაშე გამოჩინდეს. რა თქმა უნდა, ეს არის იმ ადამიანების საერთო სურვილიც, რომლებიც დღეს იღებენ მაცხოვარი იესოს სახელს. სამყაროს ყოველი ბინადარი, ვინც უწყის მაცხოვარ იესოს მიერ ბოძებული ხსნის შესახებ, სულმოუთქმელად ელის იესო ქრისტეს ანაზდეულ მოსვლას, რათა აღსრულდეს მისივე სიტყვები, დედამიწაზე ყოფნისას რომ წარმოთქვა: „ისევე მოვალ, როგორც წავედი“. ადამიანს სწამს, რომ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრებული დაბრუნდა ზეცაში, რათა თავისი ადგილი დაემკვიდრებინა უზენაესის მარჯვნივ. ანალოგიურად, იესო კვლავ ჩამოვა თეთრ ღრუბელზე ამხედრებული (ეს ღრუბელი მიანიშნებს იმავე ღრუბელს, რომლითაც იგი ზეცად ამაღლდა) მათ შორის, ვინც ათასწლეულების მანძილზე სულმოუთქმელად ნატრობდა მას; იგი ებრაულ ხატსა და სამოსს ატარებს. მათთან გამოჩინების შემდეგ, იგი უბოძებს მათ საზრდოს და გადმოუღვრის ცოცხალ წყალს, იცხოვრებს ადამიანებს შორის, მადლითა და გულმოწყალებით აღვსილი, ცხადად და რეალურად. ყველა მსგავსი წარმოდგენა მხოლოდ ის არის, რაც ადამიანებს სწამთ. თუმცა, მაცხოვარ იესოს ეს არ გაუკეთებია; ის, რაც მან მოიმოქმედა, სრულიად ეწინააღმდეგებოდა ადამიანთა წარმოდგენებს. იგი არ გამოჩენილა მათ შორის, ვინც ასე სულმოუთქმელად ელოდა მის დაბრუნებას და არც ურიცხვი ხალხის წინაშე გამოჩინებულა თეთრ ღრუბელზე ამხედრებული. იგი უკვე მოვიდა, თუმცა ადამიანი მას არ იცნობს და კვლავ უმეცრებაში რჩება. ადამიანი მას უბრალოდ, უსაგნოდ მოელის მან არც კი უწყის, რომ იგი უკვე დაეშვა თეთრ ღრუბელზე ამხედრებული (ეს თეთრი ღრუბელი თავად მისი სული, მისი სიტყვები, მისი სრული ხასიათი და მისი ყოველივეა), იგი უკვე იმყოფება იმ გამარჯვებულთა შორის, რომელთაც თავადვე სრულქმნის უკანასკნელ დღეებში. როგორ უნდა სცოდნოდა ადამიანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მაცხოვარი იესო აღსავსეა კაცთმოყვარეობითა და სიყვარულით, იგი ვერანაირად ვერ იმოქმედებდა იმ „ტაძრებში“, რომლებიც სიბინძურით არის სავსე და არაწმიდა სულებითაა დასახლებული? მართალია, ადამიანი მოელის მის მობრძანებას, მაგრამ როგორ შეეძლო იგი გამოცხადებოდა მათ, ვინც უსამართლოთა ხორცს ჭამს, მათ სისხლს სვამს და მათსავე სამოსს ატარებს, მათ, ვისაც სწამთ მისი, თუმცა არ იცნობენ მას და გამუდმებით ცდილობენ მისგან რაღაცის გამოძალვას? ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რომ მაცხოვარი იესო აღსავსეა გულმოწყალებით, ზღვარგადასული წყალობით და რომ იგი არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, რომელიც სავსეა გამოხსნით. მაგრამ ადამიანმა არ იცის, რომ იგი თავად ღმერთია, რომელიც არის განსახიერება სამართლიანობისა და დიდებულებისა, რისხვისა და განკითხვისა. ის არის ხელმწიფების მპყრობელი და უზენაესი ღირსებით აღმატებული. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დაუოკებელი სურვილით ელის და ესწრაფვის გამომსყიდველის დაბრუნებას და მისი ლოცვები „ზეცასაც“ კი აღძრავს, მაცხოვარი იესო არ გამოჩინდება მათ წინაშე, ვისაც სწამთ მისი, მაგრამ არ იცნობენ მას.
„იეჰოვა“ არის სახელი, რომელიც ისრაელში ჩემი მოღვაწეობისას მივიღე; იგი ნიშნავს ისრაელიანთა (ღვთის რჩეული ხალხის) ღმერთს, რომელსაც ძალუძს ადამიანისთვის წყალობის მინიჭებაც და დაწყევლაც, რომელიც წარმართავს ადამიანის ცხოვრებას. ღმერთს, რომელიც ფლობს დიდ ძალას და აღსავსეა სიბრძნით. „იესო“ არის ემანუელი, რაც ნიშნავს გულმოწყალებითა და წყალობით აღსავსე ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, რომელიც გამოისყიდის ადამიანს. მან აღასრულა მადლის ეპოქის საქმე და იგი განასახიერებს კიდეც მადლის ეპოქას. მას ძალუძს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაწილი ღვთის მართვის გეგმისა. ესე იგი, მხოლოდ იეჰოვაა ისრაელის რჩეული ხალხის ღმერთი — აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი, მოსეს ღმერთი და სრულიად ისრაელიანთა ღმერთი. ამგვარად, წინამდებარე ჟამს, იუდეველთა გარდა, ყოველი ისრაელელი თაყვანს სცემს იეჰოვას. ისინი სამსხვერპლოზე აღავლენენ მისთვის შესაწირავს და მღვდელმსახურთა სამოსით შემოსილნი, ტაძარში მსახურებენ მას. მათი სასოება იეჰოვას ხელახალი გამოცხადებაა. მხოლოდ იესოა კაცობრიობის გამომსყიდველი და იგია ის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, რომელმაც ადამიანთა მოდგმა ცოდვისაგან გამოისყიდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელი იესო მადლის ეპოქიდან მომდინარეობს და იგი სწორედ მადლის ეპოქაში აღსრულებული გამოსყიდვის საქმის შედეგად დამკვიდრდა. სახელი იესო იმისთვის დამკვიდრდა, რომ მადლის ეპოქის ადამიანთათვის ხელახლა შობისა და გადარჩენის შესაძლებლობა მიეცა. იგი არის საკუთრივ გამოსყიდვის სახელი მთელი კაცობრიობისთვის. ამგვარად, სახელი იესო განასახიერებს გამოსყიდვის საქმეს და მიანიშნებს მადლის ეპოქაზე. სახელი იეჰოვა არის საკუთრივ ისრაელიანთათვის განკუთვნილი სახელი, მათთვის, ვინც სჯულის ქვეშ ცხოვრობდა. ყოველი ეპოქისა და საქმის თითოეული ეტაპისათვის ჩემი სახელი უსაფუძვლო როდია, არამედ მას წარმომადგენლობითი მნიშვნელობა აკისრია: თითოეული სახელი თითოეულ ეპოქას განასახიერებს. „იეჰოვა“ რჯულის ეპოქას განასახიერებს. ეს არის ის საპატიო სახელი, რომლითაც ისრაელიანნი მოიხსენიებდნენ მათ მიერ თაყვანცემულ ღმერთს. „იესო“ მადლის ეპოქას განასახიერებს და იგი მადლის ეპოქაში ყველა გამოსყიდული ადამიანის ღმერთის სახელია. თუკი ადამიანი უკანასკნელ დღეებში კვლავაც მაცხოვარი იესოს მოსვლას ინატრებს და კვლავაც იმ სახით დაელოდება მას, რომელიც იუდეაში ჰქონდა, მაშინ ღვთის მართვის მთელი ექვსი ათასწლიანი გეგმა გამოსყიდვის ეპოქაში შეჩერდებოდა და წინ ვეღარ წაიწეოდა. უფრო მეტიც, უკანასკნელი დღეები არასოდეს დადგებოდა და ეს ეპოქაც ვერასდროს ჰპოვებდა თავის აღსასრულს. ეს იმიტომ, რომ მაცხოვარი იესო მხოლოდ კაცობრიობის გამოსასყიდად და გადასარჩენად მოვიდა. სახელი იესო მხოლოდ მადლის ეპოქის ცოდვილთა გამო შევირქვი, თუმცა ეს არ არის ის სახელი, რომლითაც სრულიად კაცობრიობას აღსასრულამდე მივიყვან. თუმცა იეჰოვა, იესო და მესია — ყოველი მათგანი ჩემს სულს განასახიერებს, ეს სახელები მხოლოდ ჩემი მართვის გეგმის სხვადასხვა ეპოქას აღნიშნავს და არ გამომხატავს მე ჩემს სისრულეში. სახელებს, რომლებითაც დედამიწაზე მყოფი ადამიანები მიწოდებენ, არ შეუძლია სრულად გამოხატოს ჩემი მთელი ხასიათი და ყოველივე ის, რაც მე ვარ. ეს არის მხოლოდ სხვადასხვა სახელი, რომლებითაც სხვადასხვა ეპოქაში ვიწოდები. ამრიგად, როდესაც დადგება უკანასკნელი ჟამი — საბოლოო ეპოქა — ჩემი სახელი კვლავ შეიცვლება. აღარ მეწოდება იეჰოვა, არც იესო და მით უმეტეს, არც მესია — არამედ მეწოდება თავად ყოვლისშემძლე და ძლევამოსილი ღმერთი და სწორედ ამ სახელით მივიყვან მთელ ეპოქას დასასრულამდე. ოდესღაც იეჰოვა მეწოდებოდა, ხალხი მესიის სახელითაც მიცნობდა და იყო დრო, როცა სიყვარულითა და მოწიწებით მაცხოვარ იესოს მიხმობდნენ. დღეს მე აღარც ის იეჰოვა ვარ და აღარც იესო, რომელსაც ხალხი წარსულ დროში იცნობდა. არამედ მე ვარ ღმერთი, რომელიც უკანასკნელ დღეებში დაბრუნდა — ღმერთი, რომელიც ამ ეპოქას აღსასრულამდე მიიყვანს. მე ვარ თავად ღმერთი, რომელიც აღმოცენდება ქვეყნის კიდიდან, ჩემი სრულქმნილი ბუნებით განმსჭვალული, ძალაუფლებით, ღირსებითა და დიდებულებით აღსავსე. ხალხს არასოდეს ჰქონია კავშირი ჩემთან, ისინი არასოდეს მიცნობდნენ და მუდამ უმეცარნი იყვნენ ჩემი ხასიათის მიმართ. სამყაროს დასაბამიდან დღემდე არავის ვუხილავვარ. ეს არის ღმერთი, რომელიც უკანასკნელ დღეებში ეცხადება ადამიანებს, თუმცა დაფარული რჩება მათ შორის. იგი მკვიდრობს ადამიანთა შორის, ჭეშმარიტი და რეალური, როგორც მცხუნვარე მზე და მოგიზგიზე ალი, ძალით აღვსილი და ხელმწიფებით აღსავსე. არ დარჩება არცერთი ადამიანი თუ საგანი, რომელიც არ განიკითხება ჩემი სიტყვებით, და არცერთი ადამიანი თუ საგანი, რომელიც არ განიწმინდება ცეცხლის ალით. საბოლოოდ, უთვალავი ერი ჩემი სიტყვების წყალობით იკურთხება და ჩემივე სიტყვების გამო იქცევა ნამსხვრევებად. ამგვარად, უკანასკნელ დღეებში ყველა იხილავს, რომ მე ვარ დაბრუნებული მაცხოვარი და მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც დაიპყრობს მთელ კაცობრიობას. და ყოველი იხილავს, რომ ოდესღაც კაცობრიობის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი ვიყავი, არამედ იმად, რომ უკანასკნელ დღეებში მე გავხდი მცხუნვარე მზის ალი, რომელიც ყოველივეს ბუგავს, და სამართლიანობის მზე, რომელიც ყოველივეს ააშკარავებს. ეს არის ჩემი საქმე უკანასკნელ დღეებში. მე ვიღებ ამ სახელს და ვიმოსები ამგვარი ხასიათით, რათა ყველამ იხილოს, რომ ვარ სამართლიანი ღმერთი, მცხუნვარე მზე და მოგიზგიზე ალი, რათა ყველამ თაყვანი მცეს მე, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იხილონ ჩემი ნამდვილი სახე: მე არ ვარ მხოლოდ ისრაელიანთა ღმერთი და არც მხოლოდ გამომსყიდველი, არამედ მე ვარ ყოველი ქმნილების ღმერთი მთელ ცასა და დედამიწაზე, ყოველთა ზღვათა შინა.
იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვარი უკანასკნელ დღეებში მოვიდოდა და კვლავ იესო ერქმეოდა, კვლავ იუდეაში დაიბადებოდა და თავის საქმესაც იქ აღასრულებდა, ეს იმის დამამტკიცებელი იქნებოდა, რომ მე მხოლოდ ისრაელის ხალხი შევქმენი და მხოლოდ ისინი გამოვისყიდე, წარმართებთან კი არანაირი კავშირი არ მაქვს. განა ეს არ ეწინააღმდეგება ჩემს სიტყვებს: „მე ვარ უფალი, რომელმაც შექმნა ცანი, ქვეყანა და ყოველივე“? მე დავტოვე იუდეა და ჩემს საქმეს წარმართთა შორის ვაკეთებ, რადგან მე მხოლოდ ისრაელის ხალხის ღმერთი კი არ ვარ, არამედ ყველა ქმნილების ღმერთი. უკანასკნელ დღეებში მე წარმართთა შორის გამოვჩნდები, რადგან მე არა მხოლოდ იეჰოვა ვარ — ისრაელის ხალხის ღმერთი, არამედ, მეტიც, მე ვარ წარმართებს შორის ყველა ჩემი რჩეული ხალხის შემოქმედი. მე არა მხოლოდ ისრაელი, ეგვიპტე და ლიბანი შევქმენი, არამედ ისრაელის მიღმა არსებული ყველა წარმართი ერი. ამის გამო, მე ვარ ყოველი ქმნილების უფალი. მე ისრაელი მხოლოდ ჩემი საქმის საწყის წერტილად გამოვიყენე, იუდეა და გალილეა კი ჩემი გამოსყიდვის საქმის საყრდენებად ვაქციე, ახლა კი წარმართ ერს ვიყენებ იმ ბაზად, საიდანაც მთელ ეპოქას დავასრულებ. მე ისრაელში ჩემი საქმის ორი ეტაპი განვახორციელე (ეს ორი ეტაპი იყო რჯულის ეპოქა და მადლის ეპოქა), ხოლო შემდეგი ორი ეტაპი (მადლის ეპოქა და სასუფევლის ეპოქა) ისრაელის საზღვრებს გარეთ, მთელ ქვეყნიერებაზე განვაგრძე. წარმართ ერებში მე განვახორციელებ დაპყრობის საქმეს და ამგვარად დავასრულებ ეპოქას. თუ ადამიანი მუდამ იესო ქრისტეს მიწოდებს, მაგრამ არ იცის, რომ უკანასკნელ დღეებში ახალი ეპოქა დავიწყე და ახალ საქმეს შევუდექი, და თუ ადამიანი აკვიატებულად განაგრძობს მაცხოვარ იესოს მოსვლის ლოდინს, მაშინ მე ასეთ ხალხს მათ ვუწოდებ, ვისაც ჩემი არ სწამს. ისინი არ მიცნობენ მე და თავს მორწმუნეებად ასაღებენ. განა იხილავდნენ ასეთი ადამიანები ზეციდან მოვლინებულ მაცხოვარ იესოს? რასაც ისინი ელიან, ჩემი მობრძანება კი არა, იუდეველთა მეფის მოსვლაა. ისინი არ ესწრაფვიან ჩემ მიერ ამ ბინძური, ძველი სამყაროს განადგურებას, არამედ იესოს მეორედ მოსვლას ნატრობენ, რათა გამოსყიდულნი იქნენ. ისინი მოელიან, რომ იესო კიდევ ერთხელ გამოისყიდის მთელ კაცობრიობას ამ შებღალული და უსამართლო მიწისგან. როგორ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს გახდნენ ისინი, ვინც ჩემს საქმეს უკანასკნელ დღეებში დაასრულებენ? ადამიანური წადილი ვერ აღასრულებს ჩემს ნებას და ვერ აღასრულებს ჩემს საქმეს, ვინაიდან ადამიანი მხოლოდ ჩემს უწინდელ საქმეებს სცემს პატივს და მათ გულში იკრავს. მან არ იცის, რომ მე ვარ თავად ღმერთი, რომელიც მუდამ ახალია და არასოდეს — ძველი, და მხოლოდ ის იცის, რომ მე ვარ იეჰოვა და იესო და წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ მე ვარ ის, ვინც უკანასკნელ დღეებში კაცობრიობას აღსასრულამდე მიიყვანს. ყველაფერი, რისკენაც ადამიანი მიილტვის და რაც მან იცის, მხოლოდ მისივე წარმოდგენებიდან მომდინარეობს და არის მხოლოდ ის, რისი დანახვაც მას საკუთარი თვალით შეუძლია. ეს ყველაფერი არათუ არ შეესაბამება ჩემს საქმეს, არამედ მასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩემი საქმე ადამიანთა წარმოდგენების მიხედვით რომ წარმართულიყო, მაშინ როდისღა დასრულდებოდა იგი? როდის შევიდოდა კაცობრიობა განსვენებაში? და როგორ შევძლებდი მეშვიდე დღეში, შაბათში შესვლას? მე ჩემი გეგმისა და ჩემი მიზნის შესაბამისად ვმოქმედებ და არა ადამიანის ზრახვების მიხედვით.