სახარების გავრცელების საქმიანობა ადამიანის გადარჩენის საქმიანობაც არის

ყველა ადამიანმა უნდა გაიგოს დედამიწაზე ჩემი საქმიანობის მიზნები, ანუ ის, თუ რისი მიღწევა მსურს საბოლოოდ და რა დონეს უნდა მივაღწიო მის დასრულებამდე. თუ დღემდე ჩემთან ერთად სიარულის შემდეგ ადამიანებს არ ესმით, რას ემსახურება ჩემი საქმიანობა, განა ამაოდ არ უვლიათ ჩემთან ერთად? თუ ადამიანები მომყვებიან, მათ უნდა იცოდნენ ჩემი განზრახვები. მე ათასობით წელია ვსაქმიანობ დედამიწაზე და დღემდე ასე ვაგრძელებ ჩემი საქმის აღსრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა ბევრ პროექტს მოიცავს, მისი მიზანი უცვლელი რჩება; მაგალითად, თუმცაღა მე სავსე ვარ ადამიანის განსასჯელითა და გაკიცხვით, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, მაინც მისი გადარჩენისკენაა მიმართული, ასევე ჩემი სახარების უკეთ გავრცელებისა და ჩემი საქმიანობის შემდგომი გაფართოებისკენ ყველა წარმართ ერს შორის, მას შემდეგ, რაც ადამიანს სრულქმნილს გახდის. ამიტომ დღეს, როცა ბევრი ადამიანი დიდი ხანია სასოწარკვეთილებაშია ჩაძირული, მე მაინც ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელიც უნდა აღვასრულო ადამიანის განსასჯელად და გასაკიცხად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს, ყელშიც ამოუვიდათ ის, რასაც ვამბობ და არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩემი საქმიანობით დაინტერესდნენ, მე მაინც აღვასრულებ ჩემს მოვალეობას, რადგან ჩემი საქმიანობის მიზანი უცვლელი რჩება და ჩემი თავდაპირველი გეგმა არ ჩაიშლება. ჩემი სამჯავროს მიზანია, ადამიანს ჩემდამი დამორჩილების საშუალება მისცეს, ჩემი გაკიცხვის მიზანი კი — ადამიანს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალება მისცეს. თუმცა ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი მართვისთვისაა, მე არასოდეს გამიკეთებია ისეთი რამ, რაც ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა; რამეთუ მსურს, ისრაელის მიღმა მყოფი ყველა ერი ისეთივე მორჩილი გავხადო, როგორებიც ისრაელელები არიან, ვაქციო ისინი ნამდვილ ადამიანებად, რათა ფეხი მოვიკიდო ისრაელის გარეთ არსებულ მიწებზე. ეს არის ჩემი მართვა; ეს არის ჩემი საქმიანობა წარმართ ერებს შორის. ახლაც კი, ბევრ ადამიანს კვლავ არ ესმის ჩემი მართვა, რადგან მათ არ ადარდებთ მსგავსი რამ და ამის ნაცვლად საკუთარ მომავალსა და დანიშნულებაზე ზრუნავენ. მიუხედავად იმისა, თუ რას ვამბობ, ადამიანები გულგრილნი რჩებიან ჩემი საქმიანობის მიმართ და მის ნაცვლად მთელი გულით საკუთარ მომავალ დანიშნულებაზე არიან ფოკუსირებულნი. თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდება, როგორ გავრცელდება ჩემი საქმიანობა? როგორ ვიქადაგებ ჩემს სახარებას მთელ მსოფლიოში? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ჩემი საქმე გავრცელდება, მე დაგფანტავთ და ისევე გგვემთ თქვენ, როგორც იეჰოვამ გვემა ისრაელის თითოეული ტომი. ყოველივე ეს გაკეთდება იმისათვის, რომ ჩემი სახარება მთელ დედამიწაზე გავრცელდეს, რათა ჩემი საქმე წარმართ ერებამდე მივიდეს, რითაც ჩემი სახელი განდიდდება როგორც დიდებში, ისე ბავშვებში და, რათა ჩემი წმინდა სახელი განადიდოს ყველა ეთნოსისა და ერის ხალხმა. ამ უკანასკნელ ჟამს, ამაღლდეს ჩემი სახელი წარმართ ხალხებში, იხილონ ჩემი საქმიანობა წარმართმა ერებმა, ჩემი საქმიანობის გამო მიწოდონ მე ყოვლისშემძლე და დაე, მალე ახდეს ჩემი სიტყვები. მე ყველა ადამიანს გავაგებინებ, რომ არა მხოლოდ ისრაელიანთა ღმერთი ვარ, არამედ ყველა წარმართი ერისა, იმ ხალხებისაც კი, რომლებიც დავწყევლე. მე დავანახებ ყველას, რომ მე ვარ ყოველი ქმნილების ღმერთი. ეს არის ჩემი უდიდესი საქმე, ჩემი ბოლო ჟამის სამუშაო გეგმის მიზანი და ერთადერთი საქმე, რომლის შესრულებაც მსურს უკანასკნელ დღეებში.

მხოლოდ უკანასკნელ დღეებში ხდება ადამიანისთვის სრულად გაცხადებული ის საქმიანობა, რომელსაც მე ათასწლეულების განმავლობაში ვმართავდი. მხოლოდ ახლა გავუმხილე ადამიანს ჩემი მართვის სრული საიდუმლო და ადამიანმა ახლა შეიტყო ჩემი საქმიანობის მიზანი, უფრო მეტიც, ჩასწვდა ყველა ჩემს საიდუმლოს. მე უკვე ვუთხარი ადამიანს ყველაფერი იმ დანიშნულების შესახებ, რომელიც მას აღელვებს. მე უკვე გავუნდე ადამიანს ყველა ჩემი საიდუმლო, რომელიც 5900-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო დაფარული. ვინ არის იეჰოვა? ვინ არის მესია? ვინ არის იესო? თქვენ უნდა იცოდეთ ყოველივე ეს. ჩემი საქმიანობა ამ სახელების გარშემო ბრუნავს. ამას ჩაწვდით? როგორ უნდა იქნას გამოცხადებული ჩემი წმინდა სახელი? როგორ უნდა იქნას ნაქადაგები ჩემი სახელი ნებისმიერ ერში, რომელიც ჩემი რომელიმე სახელით მიხმობდა? ჩემი საქმიანობა ვრცელდება და მე მას განვავრცობ ყველა ერში. რაკი ჩემმა საქმიანობამ თქვენამდე მოასწრო, მე დაგგვემთ თქვენ ისევე, როგორც იეჰოვამ დაგვემა დავითის სახლის მწყემსები ისრაელში, რაც გამოიწვევს თქვენს გაფანტვას ყველა ერში. რამეთუ უკანასკნელ დღეებში მე გავაცამტვერებ თითოეულ ქვეყანას და იქაურ ხალხს ხელახლა გადავანაწილებ მსოფლიოში. როდესაც კვლავ დავბრუნდები, ყველა ქვეყანა უკვე დაყოფილი იქნება ჩემი მწველი ალის მიერ დადგენილი საზღვრების მიხედვით. ამ დროს მე კვლავ გამოვეცხადები კაცობრიობას, როგორც მცხუნვარე მზე და ღიად ვუჩვენებ მათ ჩემს თავს წმინდა ხატების სახით, რომელიც მათ მანამდე არასოდეს უნახავთ. ვივლი მირიად ერს შორის ისევე, როგორც მე, იეჰოვა, ოდესღაც დავდიოდი ებრაულ ტომებს შორის. ამიერიდან მე ვუხელმძღვანელებ კაცობრიობის ცხოვრებას დედამიწაზე და ისინი ნამდვილად დაინახავენ, რომ ჩემი დიდება მათ ზემოთაა და რომ ღრუბლის სვეტი ცაში წინ მიუძღვის მათ ცხოვრებაში, რამეთუ მე გამოვჩნდები წმინდა ადგილებში. ადამიანი იხილავს ჩემი სიმართლის დღეს და ასევე, ჩემი დიდების გამოჩენას. ეს არის დრო, როდესაც მე ვიმეფებ მთელ დედამიწაზე და ჩემს მრავალ ძეს დიდებაში შევაბიჯებინებ. ადამიანები ქედს მოიხრიან მთელ დედამიწაზე და ჩემი კარავი მყარად აღიმართება ადამიანებს შორის, აგებული ჩემი დღევანდელი საქმიანობის კლდეზე. თითოეული ადამიანი მე მომემსახურება ტაძარშიც. საკურთხეველი, რომელიც სიბინძურით და სისაძაგლითაა დაფარული, დაიმსხვრევა და ხელახლა აშენდება ჩემ მიერ. ახალშობილი ბატკნები და ხბოები ამ წმინდა საკურთხეველზე მრავლად იქნებიან დასვენებულნი. მე დავანგრევ დღევანდელ ტაძარს და აუცილებლად ავაშენებ ახალს. ტაძარი, რომელიც ახლა დგას და რომელიც სავსეა საძაგელი ხალხით, ჩამოიქცევა, ხოლო ის, რომელსაც მე ავაშენებ, ჩემი ერთგული მსახურებით გაივსება. ისინი კვლავ აღდგებიან და მომემსახურებიან ჩემი ტაძრის დიდების შენარჩუნებისთვის. თქვენ ნამდვილად იხილავთ დღეს, როდესაც დიდებას მოვიპოვებ, ისევე როგორც დღეს, როდესაც დავანგრევ ტაძარს და ავაშენებ ახალს. თქვენ ასევე ნამდვილად იხილავთ ადამიანებს შორის ჩემი კარვის მოსვლის დღეს. როგორც დავამსხვრევ ტაძარს, ისევე მოვიტან ჩემს კარავს ადამიანებს შორის, ისევე, როგორც ისინი ხედავენ ჩემს გარდამოსვლას. მას შემდეგ, რაც თითოეულ ქვეყანას მტვრად ვაქცევ, მათ ხელახლა შევკრებ, რის შემდეგაც ავაშენებ ჩემს ტაძარს და დავაფუძნებ ჩემს საკურთხეველს. ასე შეძლებს თითოეული ადამიანი, შემომწიროს მსხვერპლი, მომემსახუროს ჩემს ტაძარში და გამოხატოს თავისი ერთგულება ჩემი საქმიანობისადმი წარმართთა ერებში. ისინი იქნებიან როგორც დღევანდელი ისრაელიანები, შემოსილნი სამღვდელო სამოსითა და ბრწყინვალე გვირგვინებით, ჩემი, იეჰოვას დიდებით მათ შორის და ჩემი დიდებულებით მათ ზემოთ, ზეცაში. ჩემი საქმიანობა წარმართთა ერებშიც ასეთივე იქნება. როგორც იყო ჩემი საქმიანობა ისრაელში, ისევე იქნება ჩემი საქმე წარმართთა ერებშიც, რადგან მე განვავრცობ ჩემს საქმიანობას ისრაელში და გავაფართოებ მას წარმართთა ერებამდე.

სწორედ ახლაა დრო, როდესაც ჩემი სული დიდ საქმეს აღასრულებს და დრო, როდესაც მე ვიწყებ ჩემს საქმიანობას წარმართთა ერებს შორის. უფრო მეტიც, ეს არის დრო, როდესაც მე ვახდენ ყველა ქმნილების კლასიფიკაციას და თითოეულ მათგანს შესაბამის კატეგორიაში ვათავსებ, რათა ჩემი საქმიანობა უფრო სწრაფად წარვმართო და მეტად შევძლო შედეგების მიღწევა. ამრიგად, რასაც თქვენგან ვითხოვ, კვლავაც არის ის, რომ მთელი თქვენი არსება ჩემს საქმიანობას მიუძღვნათ და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ნათლად განასხვავოთ და სიზუსტით დაინახოთ ის, რაც მე თქვენში აღვასრულე, დახარჯეთ მთელი თქვენი ენერგია, რათა ჩემმა საქმიანობამ დიდ შედეგებს მიაღწიოს. აი, რა უნდა გესმოდეთ: ნუ ეცილებით ერთმანეთს, ნუ ეძებ სათადარიგო გეგმებს და ნუ ეძიებ ხორციელ კომფორტს, რათა თავიდან აიცილო ჩემი საქმიანობის დაყოვნება და შენივე დიდებული მომავლის შეფერხება. ეს ქმედება, შენი დაცვის ნაცვლად, მხოლოდ დაღუპვას მოგიტანს. განა ეს შენი მხრიდან სისულელე არ იქნებოდა? ის, რითაც დღეს თავს ინებივრებ, სწორედ ისაა, რაც შენს მომავალს ღუპავს, ხოლო ტკივილი, რომელსაც დღეს უძლებ, სწორედ ისაა, რაც გიცავს. ეს ნათლად უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რათა არ გახდე იმ ცდუნებათა მსხვერპლი, რომელთაგან თავის დაღწევაც გაგიჭირდება, და რათა თავიდან აიცილო ჩამოწოლილ ნისლში შემთხვევით შებიჯება, საიდანაც მზეს ვეღარასოდეს იპოვი. როდესაც ჩამოწოლილი ნისლი გაიფანტება, დიდი დღის სამსჯავროს წინაშე აღმოჩნდები. იმ დროისთვის, ჩემი დღეები უკვე მოახლოებული იქნება კაცობრიობისთვის. როგორ დააღწევ თავს ჩემს სამსჯავროს? როგორ შეძლებ მზის მცხუნვარე სიცხის გაძლებას? როდესაც ადამიანს ჩემს სიუხვეს ვანიჭებ, იგი მას გულში კი არ იკრავს, არამედ გვერდზე ისვრის იქ, სადაც მას ვერავინ შეამჩნევს. როდესაც ჩემი დღე დადგება, ადამიანი ვეღარ შეძლებს ჩემი სიუხვის აღმოჩენას ან ის მწარე სიმართლის სიტყვები, რომელიც დიდი ხნის წინ ვუთხარი. იგი ატირდება და იგოდებს, რადგან დაკარგა სინათლის ბრწყინვალება და სიბნელეში ჩაეფლო. ის, რასაც დღეს ხედავთ, მხოლოდ ჩემი პირის ბასრი მახვილია. თქვენ არ გინახავთ კვერთხი ჩემს ხელში და არც ალი, რომლითაც მე ვწვავ ადამიანს. აი, რატომ ხართ კვლავ ქედმაღალნი და თავშეუკავებელნი ჩემ წინაშე და რატომ მებრძვით კვლავ ჩემსავე სახლში, როდესაც ადამიანური ენით ეცილებით იმას, რაც ჩემი პირით ვთქვი. ადამიანს არ ეშინია ჩემი და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აგრძელებს ჩემდამი მტრობას, ის მაინც სრულიად უშიშარი რჩება. თქვენი ბაგეები და კბილები უსამართლობას ღაღადებენ. თქვენი სიტყვები და საქმეები ჰგავს იმ გველისას, რომელმაც ევა აცდუნა. თქვენ ერთმანეთისგან ითხოვთ თვალს თვალის წილ და კბილს კბილის წილ, და ჩემ წინაშე იბრძვით, რათა მოიპოვოთ მდგომარეობა, დიდება და გამორჩენა, თუმცა არ იცით, რომ მე ფარულად ვადევნებ თვალს თქვენს სიტყვებსა და საქმეებს. სანამ ჩემს ხედვის არეში მოხვდებოდით, მე უკვე ჩავწვდი თქვენი გულების სიღრმეს ადამიანს ყოველთვის სურს, დააღწიოს თავი ჩემს ხელს და დაემალოს ჩემს გამომცდელ მზერას, მაგრამ მე არასოდეს ავრიდებივარ მის სიტყვებსა თუ საქმეებს. პირიქით, მე განზრახ ვუშვებ ამ სიტყვებსა და საქმეებს ჩემს თვალწინ, რათა განვკიცხო ადამიანის უსამართლობა და აღვასრულო სამსჯავრო მის ამბოხებაზე. ამგვარად, ადამიანის ფარული სიტყვები და საქმეები ყოველთვის ჩემი სამსჯავრო საყდრის წინაშე რჩება და ჩემი სამსჯავრო არასოდეს განშორებია ადამიანს, რადგან მისი ამბოხება მეტისმეტია. ჩემი საქმეა, ცეცხლში დავწვა და განვწმინდო ადამიანის ყველა ის სიტყვა და საქმე, რომელიც ჩემი სულის წინაშე ითქვა და აღესრულა. ამგვარად,[ა] როდესაც მე დავტოვებ დედამიწას, ადამიანები კვლავ შეინარჩუნებენ ჩემ მიმართ ერთგულებას და კვლავ შეძლებენ ჩემი საქმიანობისადმი ისე მოქცევას, როგორც ჩემი წმინდა მსახურნი მემსახურებიან. ეს საშუალებას მისცემს ჩემს საქმიანობას დედამიწაზე, გაგრძელდეს მის დასრულებამდე.

სქოლიო:

ა. ორიგინალი ტექსტი არ შეიცავს ფრაზას „ამგვარად“.

წინა: მაცხოვარი უკვე დაბრუნდა „თეთრ ღრუბელზე“

შემდეგი: ხსნის ეპოქის მსახურების რეალური ისტორია

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება