გზა... (7)

ჩვენს რეალურ გამოცდილებაში ვხედავთ, რომ თავად ღმერთმა ბევრჯერ გვიჩვენა გამოსავალი, რათა ჩვენი სავალი გზა უფრო მტკიცე და რეალური ყოფილიყო. რადგან ეს არის ის გზა, რომელიც ღმერთმა ათასი ეპოქის წინ გაგვიხსნა და რომელიც ათიათასობით წლის შემდეგ ჩვენს თაობას გადმოეცა. ამგვარად, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვაგრძელებთ ჩვენი წინამორბედების გზას, რომლებმაც ის ბოლომდე ვერ გაიარეს. ჩვენ ვართ ღვთის რჩეულნი, რათა მისი დასკვნითი ეტაპი გავიაროთ. ამიტომ ეს გზა ღმერთმა საგანგებოდ ჩვენთვის მოამზადა და კურთხეულნი ვიქნებით თუ გასაჭირს განვიცდით; ამ გზის გავლა სხვას არავის შეუძლია. ნება მიბოძეთ, ამას ჩემი საკუთარი შეხედულებაც დავუმატო: არ იფიქრო სხვაგან გაქცევის მცდელობაზე ან სხვა გზის პოვნაზე, ნუ ესწრაფვი ხარბად სტატუსს და ნუ შეეცდები საკუთარი სამეფოს შექმნას — ეს ყველაფერი ფანტაზიებია. შეიძლება, მიკერძოებული იყო ჩემი სიტყვების მიმართ, ასეთ შემთხვევაში გირჩევ, თავი დააღწიო ამგვარ გონებადაბინდულობას. აჯობებს, ამაზე კარგად დაფიქრდე; ნუ ბრძენობ და ნუ იტყვი უარს იმაზე, რაც შენთვისვეა სასიკეთო. ინანებ ამას, როგორც კი ღვთის გეგმა აღსრულდება. იმას ვამბობ, რომ როდესაც ღვთის სასუფეველი მოვა, დედამიწაზე თითოეული ქვეყანა ნამსხვრევებად იქცევა. იმ დროს დაინახავ, რომ შენი საკუთარი გეგმებიც გაცამტვერებულა. ისინი, ვინც განიკიცხება, ყველა გასანადგურებელ სამიზნეს წარმოადგენს, და ამით ღმერთი სრულად გამოავლენს თავის ხასიათს. ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხუთი თითივით ვიცი, თავს ვალდებულად ვთვლი, გითხრა, რათა შემდეგ არ დამდო ბრალი. ის, რომ ჩვენ დღემდე შევძელით ამ გზაზე სიარული, ღვთის მიერ იყო წინასწარ განსაზღვრული, ამიტომ, ნურც იმას იფიქრებ, რომ განსაკუთრებული ვინმე ხარ, და ნურც იმას, რომ უიღბლო ხარ — ნურავინ გამოიტანს ნაჩქარევ დასკვნებს ღვთის ამჟამინდელ საქმესთან დაკავშირებით, რათა „ნამსხვრევებად არ იქცე“. ნათელი მომეფინა ღვთის საქმისგან: რაც არ უნდა მოხდეს, ღმერთი სრულყოფს ადამიანთა ამ ჯგუფს, მისი საქმე აღარასოდეს შეიცვლება და ის მიიყვანს ადამიანთა ამ ჯგუფს გზის ბოლომდე და დაასრულებს თავის საქმეს დედამიწაზე. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. ადამიანთა უმეტესობას უყვარს „შორს მიმავალი მიზნების დასახვა“; მათ მადას საზღვარი არ აქვს. არცერთ მათგანს არ ესმის ღვთის დღევანდელი მყისიერი განზრახვა, და ამიტომ ყველა გაქცევაზე ფიქრობს. ისინი გაქცეულ ცხენებს ჰგვანან, რომლებსაც მხოლოდ უდაბნოში ხეტიალი სურთ; ცოტას თუ აქვს განზრახული ქანაანის კეთილ მიწაზე დამკვიდრება, რათა ეძიოს ადამიანური ცხოვრების გზა. თუ ადამიანები, რომლებიც შევიდნენ ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არ ტკბებიან ამით, მეტი რაღა სურთ? სიმართლე რომ ვთქვათ, ქანაანის ამ მადლიანი მიწის მიღმა მხოლოდ უდაბნოა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა მიაღწიეს განსასვენებელს, თავიანთ მოვალეობას მაინც ვერ უერთგულეს; განა ისინი უბრალოდ მეძავნი არ არიან? თუ დაკარგავ აქ ღვთის მიერ სრულყოფის შესაძლებლობას, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინანებ ამას და შენს გოდებას საზღვარი არ ექნება. დაემსგავსები მოსეს, რომელიც მზერით სწვდებოდა ქანაანის მიწას, მაგრამ მისი სიკეთით ვერ იხარა, ხელცარიელი, სინანულით აღსავსე აღესრულა — განა ეს სამარცხვინოდ არ გეჩვენება? განა უხერხული არ არის, როცა სხვები დაგცინიან? ნუთუ გსურს, რომ სხვებმა დაგამცირონ? განა საკუთარი თავისთვის საუკეთესო არ გინდა? არ გსურს, იყო პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ღმერთი სრულყოფს? ნუთუ მართლა არავითარი სიმტკიცე არ გაგაჩნია? არ გსურს სხვა გზებით სიარული; ნუთუ არც იმ გზით სიარული გსურს, რომელიც ღმერთმა დაგიდგინა? ბედავ ზეცის ნების წინააღმდეგ წასვლას? რაც არ უნდა დიდი იყოს შენი „ოსტატობა“, მართლა შეგიძლია ზეცის შეურაცხყოფა? ვფიქრობ, სჯობს შევეცადოთ, საკუთარი თავი სათანადოდ შევიცნოთ. ღვთის ერთ სიტყვას შეუძლია, შეცვალოს ცა და დედამიწა; მაშ, რა არის ერთი უბადრუკი პატარა ადამიანი ღვთის თვალში?

ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ რაც უფრო მეტად უპირისპირდები ღმერთს, მით უფრო მეტად ავლენს იგი თავის დიდებულ ხასიათს და მით უფრო მკაცრი იქნება ის გაკიცხვა, რომელსაც შენთვის „იმეტებს“; რაც უფრო მეტად დაემორჩილები მას, მით უფრო მეტად ეყვარები და დაგიცავს. ღვთის ხასიათი დასასჯელ იარაღს ჰგავს: თუ დაემორჩილები, უსაფრთხოდ და უვნებლად იქნები; როდესაც არ ემორჩილები — როდესაც ყოველთვის ცდილობ თავის გამოჩენას და ყოველთვის ეშმაკობ — ღვთის ხასიათი მყისიერად იცვლება. ის ჰგავს მზეს ღრუბლიან დღეს, დაგემალება და თავის რისხვას გაჩვენებს. ასევე, მისი ხასიათი ჰგავს ივნისის ამინდს, როდესაც ცა კარგა მანძილზე მოწმენდილია და ტალღები მხოლოდ მსუბუქად არხევს წყლის ზედაპირს, სანამ დინება მოულოდნელად არ აჩქარდება და წყალი ბობოქარ ტალღებად არ იქცევა. ბედავ, იყო ასეთი დაუფიქრებელი ღვთის ამგვარი ხასიათის წინაშე? ძმებო და დებო, თქვენი გამოცდილებით უმეტესობას გინახავთ, რომ როდესაც სულიწმიდა დღის შუქზე მოქმედებს, თქვენ რწმენით ხართ სავსე — მაგრამ შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ღვთის სული გტოვებთ და თქვენ ისე იტანჯებით, რომ ღამით არ გძინავთ, ეძებთ იმ მიმართულებას, საითაც მისი სული გაუჩინარდა. რასაც უნდა აკეთებდეთ, ვერ პოულობთ, სად წავიდა მისი სული — მაგრამ შემდეგ სრულიად მოულოდნელად ის კვლავ გეცხადებათ, და თქვენ ისეთივე აღფრთოვანებულნი ხართ, როგორც პეტრე, როდესაც მან მოულოდნელად კვლავ იხილა თავისი უფალი იესო, ისე აღფრთოვანებულნი, რომ ლამის იყვიროთ. მართლა დაგავიწყდა ეს, ამდენჯერ განცდის შემდეგ? უფალი იესო ქრისტე, რომელიც განკაცდა, რომელიც ჯვარს აცვეს და შემდეგ მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა, ყოველთვის დაფარულია შენთვის გარკვეული დროით, და შემდეგ ის გარკვეული დროით გეცხადება. ის გეცხადება შენი სამართლიანობის გამო; ის ბრაზდება და გშორდება შენი ცოდვების გამო, მაშ, რატომ არ უხმობ მას უფრო ხშირად? არ იცოდი, რომ სულთმოფენობის შემდეგ უფალ იესო ქრისტეს სხვა ღვთიური მისია აქვს დედამიწაზე? შენ მხოლოდ ის ფაქტი იცი, რომ უფალი იესო ქრისტე განკაცდა, მოვიდა დედამიწაზე და ჯვარს აცვეს. არასოდეს იცოდი, რომ იესომ, რომლისაც ადრე გწამდა, დიდი ხნის წინ მიანდო საქმე სხვას და რომ მისი საქმე დიდი ხნის წინ დასრულდა, ამიტომ უფალ იესო ქრისტეს სული კვლავ მოვიდა დედამიწაზე ხორციელი სახით, რათა საქმის სხვა ნაწილი აღასრულოს. აქ ერთი რამ მინდა ჩავამატო — მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამჟამად ამ სულიერ ნაკადში ხართ, ვიტყოდი, რომ თქვენ შორის ცოტას თუ სჯერა, რომ ეს პიროვნება სწორედ ისაა, ვინც უფალმა იესო ქრისტემ მოგავლინათ. თქვენ მხოლოდ მისით ტკბობა იცით; არ აღიარებთ, რომ ღვთის სული კვლავ მოვიდა დედამიწაზე და რომ დღევანდელი ღმერთი არის ათასობით წლის წინანდელი იესო ქრისტე. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა თქვენგანი დახუჭული თვალებით დადის — უბრალოდ სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, იმასვე სჯერდებით — და ამას სერიოზულად საერთოდ არ ეკიდებით. ამგვარად, თქვენ სიტყვიერად გწამთ იესო, მაგრამ ბედავთ და აშკარად ეწინააღმდეგებით მას, ვისზეც ღმერთი დღეს მოწმობს. განა სულელები არ ხართ? დღევანდელი ღმერთი თქვენს შეცდომებს არ იმახსოვრებს, ის არ გგმობთ. ამბობთ, რომ გწამთ იესო; მაშ, შეგარჩენდათ ამას თქვენი უფალი იესო ქრისტე? გგონიათ, რომ ღმერთი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ბოღმა გადმოანთხიოთ, იცრუოთ და მოიტყუოთ? როდესაც თქვენი უფალი იესო ქრისტე კვლავ გამოაჩენს თავს, ის განსაზღვრავს, სამართლიანი ხარ თუ ბოროტი იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევი ახლა. ადამიანთა უმეტესობას უყალიბდება წარმოდგენები იმაზე, რასაც მე ვუწოდებ „ჩემს ძმებსა და დებს“ და სჯერათ, რომ ღვთის მიერ საქმის აღსრულების საშუალებები შეიცვლება. განა ასეთი ადამიანები სიკვდილს არ ეძიებენ? შეუძლია ღმერთს, დაამოწმოს სატანა, როგორც თავად ღმერთი? ამით განა არ გმობ ღმერთს? გჯერა, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს თავად ღმერთი? ჭეშმარიტად რომ გცოდნოდა, მაშინ არავითარი წარმოდგენა არ გექნებოდა. ბიბლიაში არის შემდეგი მონაკვეთი: ყოველივე ღვთისთვის არის და ყოველივე ღვთისგან არს. ის მრავალ ძეს მიიყვანს დიდებამდე; ის არის ჩვენი წინამძღოლი... ამიტომ არ ერიდება მას, რომ ძმები გვიწოდოს. შეიძლება, ადვილად შეგიძლია ამ სიტყვების ზეპირად წარმოთქმა, მაგრამ არ გესმის, რას ნიშნავს ისინი სინამდვილეში. განა დახუჭული თვალებით არ გწამს ღმერთი?

მჯერა, რომ ჩვენი თაობა კურთხეულია იმით, რომ შეუძლია, გააგრძელოს ის გზა, რომლის ბოლომდე გავლა ვერ შეძლეს წინა თაობებმა და იხილოს რამდენიმე ათასი წლის წინანდელი ღვთის ხელახლა გამოჩინება — ღვთისა, რომელიც ჩვენ შორისაა და უხვად არის ყოველივეში. ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ამ გზას გაივლიდი — გაქვს კი ამის უნარი? ამ გზას უშუალოდ სულიწმიდა წარმართავს, მას წარმართავს უფალ იესო ქრისტეს შვიდგზის გაძლიერებული სული და ეს არის გზა, რომელიც დღევანდელმა ღმერთმა გაგიხსნა. ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდი, რომ რამდენიმე ათასი წლის წინანდელი იესო კვლავ გამოჩინდებოდა შენ წინაშე. განა არ გრძნობ კმაყოფილებას? ვის ძალუძს ღვთის წინაშე პირისპირ წარდგომა? ხშირად ვლოცულობ, რომ ჩვენმა ჯგუფმა მიიღოს მეტი კურთხევა ღვთისგან, რათა ღმერთმა კეთილგანწყობით შემოგვხედოს და მოგვიპოვოს, მაგრამ ასევე მრავალჯერ დამიღვრია მწარე ცრემლები ჩვენ გამო, შევთხოვდი ღმერთს, რომ ნათელი მოეფინა ჩვენთვის, რათა გვეხილა უფრო დიდი გაცხადებები. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, ღმერთს ზედაპირულად მოეპყრონ და არასოდეს აქვთ სიმტკიცე, ან რომ ისინი ითვალისწინებენ ხორცს, ან იბრძვიან დიდებისა და სარგებლისთვის, რათა თავიანთი დროშა აღმართონ, როგორ შეიძლება არ ვგრძნობდე დიდ ტკივილს გულში? როგორ შეიძლება, ადამიანები იყვნენ ასეთი უგრძნობნი? ნუთუ ჩემს საქმეს მართლა არავითარი შედეგი არ მოჰყოლია? შენი შვილები რომ ამბოხებულნი და უპატივცემულონი ყოფილიყვნენ შენ მიმართ, სინდისი რომ არ ჰქონოდათ, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ეზრუნათ და არასოდეს გაეთვალისწინებინათ შენი გული და გაზრდილებს სახლიდან რომ გაეგდე, რას იგრძნობდი იმ მომენტში? განა ცრემლები არ წამოგივიდოდა სახეზე, როდესაც გაიხსენებდი შენთვის ყველაზე ძვირფასს, რაც მათ აღზრდას შეალიე? ამიტომ უთვალავჯერ მივმართე ლოცვით ღმერთს და ვუთხარი: „ძვირფასო ღმერთო! მხოლოდ შენ იცი, ვატარებ თუ არა ტვირთს შენი საქმისთვის. სადაც ჩემი ქმედებები არ შეესაბამება შენს განზრახვებს, მწვრთნი, სრულმყოფ და გაგების უნარს მაძლევ. ჩემი ერთადერთი თხოვნა შენდამი ისაა, რომ კიდევ უფრო მეტად აღძრა ეს ადამიანები, რათა მალე მოიპოვო დიდება, და ისინი შენ მიერ იქნენ მოპოვებულნი, რათა შენი საქმე შეესაბამებოდეს შენს განზრახვებს და შენი გეგმა მალე დასრულდეს“. ღმერთს არ სურს ადამიანების დაპყრობა გაკიცხვის გზით, მას არ სურს, ყოველთვის თავის ჭკუაზე ატაროს ადამიანები. მას სურს, რომ ადამიანები დაემორჩილონ მის სიტყვებსა და საქმეს დისციპლინირებულად და ამით შეასრულონ მისი განზრახვანი. მაგრამ ადამიანებს არ აქვთ სირცხვილის გრძნობა და მუდმივად ეურჩებიან მას. მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი იქნება, ვიპოვოთ მისი დაკმაყოფილების ყველაზე მარტივი გზა ანუ დავემორჩილოთ მის ყველა განკარგულებას. თუ მართლაც შეძლებ ამ წერტილამდე მისვლას, სრულყოფილი იქნები. განა ეს არ არის მარტივი და სასიხარულო? იარე იმ გზით, რომლითაც უნდა იარო; ყურადღება არ მიაქციო სხვების ნათქვამს და ზედმეტად ნუ იფიქრებ. შენი მომავალი და შენი ბედი შენს ხელშია? ყოველთვის ცდილობ გაქცევას, გსურს ამქვეყნიური გზით სიარული — მაგრამ რატომ არ ძალგიძს თავის დაღწევა? რატომ არის, რომ მრავალი წლის განმავლობაში გზაჯვარედინზე მერყეობ და შემდეგ საბოლოოდ კვლავ ამ გზას ირჩევ? მრავალი წლის ხეტიალის შემდეგ რატომ დაბრუნდი ახლა ამ სახლში შენი ნების საწინააღმდეგოდ? შენზეა ეს დამოკიდებული? თქვენ, ვინც ამ ნაკადში ხართ მოქცეული, თუ არ გჯერათ ჩემი, მაშინ მოისმინეთ ეს: თუ წასვლას გეგმავ, ნახე, თუ მოგცემს ღმერთი ამის ნებას, ნახე, როგორ შეგეხება სულიწმიდა — თავად გამოსცადე ეს. გულწრფელად რომ ვთქვათ, გასაჭირიც რომ განიცადო, ის ამ ნაკადში უნდა განიცადო; ასეა თუ ისე, სირთულეებს მაინც გადაიტან, ამიტომ დღეს აქ უნდა განიცადო ეს და სხვაგან არ წახვიდე. გასაგებია ეს შენთვის? სად წახვიდოდი? ეს არის ღვთის ადმინისტრაციული განკარგულება. გგონია, რომ ღვთის მიერ ადამიანთა ამ ჯგუფის არჩევას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს? თავის დღევანდელი საქმის აღსრულებისას ღმერთი ადვილად არ ბრაზდება — მაგრამ თუ ადამიანები შეეცდებიან მისი გეგმის ჩაშლას, მისი სახე მყისიერად იცვლება, მოიქუფრება; ამიტომ, გირჩევ, დამშვიდდე და მისცე ღმერთს შენი წარმართვისა და განგების საშუალება და ნება დართო მას, რომ სრულგქმნას. მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები, ვინც ამას აკეთებს.

წინა: გზა... (6)

შემდეგი: გზა... (8)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება