გზა… (3)
ცხოვრებაში ყოველთვის მოხარული ვარ, რომ ჩემი გონება და სხეული მთლიანად ღმერთს მივუძღვნა. მხოლოდ მაშინ არის ჩემი სინდისი სუფთა და მეტ-ნაკლებად მშვიდი. ადამიანმა, როგორც სიცოცხლის მაძიებელმა, პირველ რიგში მთელი გული ღმერთს უნდა მიუძღვნას; ეს აუცილებელი წინაპირობაა. ვისურვებდი, რომ ჩემმა ძმებმა და დებმა ჩემთან ერთად ილოცონ ღვთის მიმართ: „ღმერთო! დაე, შენმა სულმა ზეცაში მიმადლოს წყალობა ადამიანებს დედამიწაზე, რათა ჩემი გული მთლიანად შენსკენ მოიქცეს, ჩემს სულს შეეხო, რათა ვიხილო შენი სათნოება ჩემს გულსა და გონებაში და რათა ამქვეყნად მყოფნი კურთხეულნი იყვნენ შენი მშვენიერების ხილვით. ღმერთო! დაე, შენი სული კვლავაც შეეხოს ჩვენს სულებს, რათა ჩვენი სიყვარული იყოს მარადიული და უცვლელი!“ თითოეულ ჩვენგანში ღმერთი პირველ რიგში ჩვენს გულებს გამოსცდის — და როგორც კი ჩვენს გულებს მას გადავუშლით, იგი იწყებს ჩვენი სულების აღძვრას. მხოლოდ ჩვენს სულებში შეგვიძლია ვიხილოთ ღვთის მშვენიერება, უზენაესობა და სიდიადე. ეს არის გზა, რომელსაც სულიწმიდა გადის ადამიანებში. გიცხოვრია ოდესმე ასეთი ცხოვრებით? გამოგიცდია სულიწმიდის ცხოვრება? შეხებია შენს სულს ღმერთი გინახავს, როგორ მოქმედებს სულიწმიდა ადამიანებში? სრულად მიაქციე შენი გული ღვთისკენ? როდესაც მთელ გულს ღმერთს უძღვნი, შეგიძლია უშუალოდ გამოსცადო სულიწმიდის ცხოვრება და მისი საქმე მუდმივად გაცხადდება შენთვის. იმ დროს გახდები ის, ვისაც სულიწმიდა იყენებს. გსურს გახდე ასეთი ადამიანი? მახსოვს, როდესაც პირველად შემეხო სულიწმიდა და ჩემი გული ღმერთს მივუძღვენი, როგორ დავემხე მის წინაშე და შევღაღადე: „ღმერთო! შენ ამიხილე თვალები და მომეცი შენი ხსნის შეცნობის საშუალება. მსურს ჩემი გული მთლიანად შენ მოგიძღვნა და მხოლოდ იმას გთხოვ, რომ შენი ნება აღსრულდეს, მხოლოდ ის მსურს, რომ ჩემმა გულმა შენი მოწონება დაიმსახუროს შენს წინაშე და მხოლოდ შენი ნების მიყოლას ვითხოვ.“ ეს ლოცვა ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი იყო; ძალიან ვიყავი შეძრული და მწარედ ვქვითინებდი ღვთის წინაშე. ეს იყო ჩემი პირველი წარმატებული ლოცვა ღვთის წინაშე, როგორც გადარჩენილი ადამიანისა და ეს იყო ჩემი გულის პირველი სურვილი. ამის შემდეგ ხშირად მეხებოდა სულიწმიდა. გქონია ასეთი გამოცდილება? როგორ მოქმედებდა სულიწმიდა შენში? ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად, ეს გამოცდილება აქვს ყველას, ვინც ღვთის სიყვარულს ეძიებს — უბრალოდ, მათ ავიწყდებათ. თუ ვინმე ამბობს, რომ არ ჰქონია ასეთი გამოცდილება, ეს ამტკიცებს, რომ ის ჯერ კიდევ არ არის გადარჩენილი და რჩება სატანის ბატონობის ქვეშ. სულიწმიდის საქმე, რომელიც საერთოა ყველა ჩვენგანისთვის, არის გზა, რომელსაც ის გადის და ეს ასევე არის გზა, რომელსაც გადიან ისინი, ვისაც სწამს ღმერთი და ეძიებს მას. საქმის პირველი ნაბიჯი, რომელსაც სულიწმიდა ასრულებს ადამიანებში, არის მათი სულების შეხება, რის შემდეგაც ისინი იწყებენ ღვთის სიყვარულს და სიცოცხლის ძიებას და ყველა, ვინც ამ გზით დადის, სულიწმიდის საფარველქვეშაა. ეს არის ღვთის საქმის დინამიკა არა მხოლოდ კონტინენტურ ჩინეთში, არამედ მთელ სამყაროში. იგი ასე მოქმედებს ყველა ადამიანში. თუ ვინმე არასოდეს აღძრულა, ეს ამტკიცებს, რომ ის აღდგენის ნაკადის მიღმა არის. ჩემს გულში განუწყვეტლივ ვლოცულობ ღვთის მიმართ; ვთხოვ, რომ ის შეეხოს ყველა ადამიანს, რათა მზის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანი აღიძრას მის მიერ და გაიაროს ეს გზა. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უმნიშვნელო თხოვნა ჩემგან ღვთის მიმართ, მაგრამ მჯერა, რომ იგი ამას გააკეთებს. ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩემი ძმა და და ილოცებს ამისთვის, რათა ღვთის ნება აღსრულდეს და მისი საქმე მალე დასრულდეს, რათა მისმა სულმა ზეცაში განისვენოს. ეს არის ჩემი მცირე იმედი.
მჯერა, რომ რადგან ღმერთმა შეძლო თავისი საქმის აღსრულება დემონების ერთ ციხესიმაგრეში, მას ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება სამყაროში არსებულ უთვალავ სხვა ციხესიმაგრეშიც. ჩვენ, უკანასკნელი ეპოქის ადამიანები, აუცილებლად ვიხილავთ იმ დღეს, როდესაც ღმერთი დიდებას მოიპოვებს. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: „ის, ვინც ბოლომდე მიჰყვება, აუცილებლად გადარჩება.“ არავის შეუძლია ღვთის ჩანაცვლება მისი საქმის ამ ეტაპზე — მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია ამ საქმის შესრულება, რადგან საქმის ეს ეტაპი არაჩვეულებრივია, ეს არის დაპყრობის საქმის ეტაპი — და ადამიანებს არ შესწევთ სხვა ადამიანების დაპყრობის უნარი. ადამიანთა დაპყრობა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ღმერთი საკუთარი პირით საუბრობს და საკუთარი ხელით მოქმედებს. მთელ სამყაროში, ღმერთი იყენებს დიდი წითელი დრაკონის ქვეყანას, როგორც საცდელ პოლიგონს, რის შემდეგაც იგი შეუდგება ამ საქმეს მთელ სამყაროში. ამგვარად, იგი აღასრულებს კიდევ უფრო დიდ საქმეს მთელ სამყაროში და ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს ღვთის დაპყრობის საქმე. ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანმა უნდა მიიღოს საქმის ეს ეტაპი. ეს არის გზა, რომელიც უნდა გაიარონ — მას ვერავინ გაექცევა. მზად ხარ მიიღო ის, რაც ღმერთმა მოგანდო? ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სულიწმიდის დავალების მიღება რაღაც დიდებულია. როგორც ვხედავ, ეს არის უდიდესი დავალება, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმები და დები ჩემთან ერთად იშრომებენ და მიიღებენ ამ დავალებას ღვთისგან, რათა ღმერთმა მოიპოვოს დიდება მთელ სამყაროში და უზენაეს საუფლოში და ჩვენი ცხოვრება არ იყოს ამაო. რაღაც უნდა გავაკეთოთ ღვთისთვის ან ფიცი დავდოთ. თუ ადამიანები არ ისწრაფვიან რაიმე მიზნისკენ ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში, მაშინ მათი ცხოვრება ფუჭი იქნება და როდესაც მათი სიკვდილის ჟამი მოვა, ისინი იხილავენ მხოლოდ ლურჯ ცასა და მტვრიან მიწას. არის რაიმე აზრი ასეთ ცხოვრებაში? თუ სიცოცხლეშივე შეგიძლია შეასრულო ღვთის მოთხოვნები, განა ეს მშვენიერი არ არის? რატომ იქმნი ყოველთვის პრობლემებს და რატომ ხარ ყოველთვის ასეთი მოღუშული? მიგიღია რაიმე ღვთისგან ასეთი ქცევით? და შეუძლია ღმერთს რაიმეს მიღება შენგან? ღვთისადმი ჩემს ფიცში იყო მხოლოდ ჩემი გულით დაპირება; არ ვცდილობდი მის გაბრიყვებას სიტყვებით. არასოდეს გავაკეთებდი ასეთ რამეს — მხოლოდ ის მსურს, რომ ვანუგეშო ღმერთი, რომელიც მიყვარს ჩემი გულით, რათა მისმა სულმა ზეცაში ნუგეში ჰპოვოს. გული შეიძლება ძვირფასი იყოს, მაგრამ სიყვარული უფრო ფასეულია. ჩემს გულში არსებულ ყველაზე ძვირფას სიყვარულს ღმერთს მივუძღვნიდი, რათა დატკბეს იმ ყველაზე მშვენიერი რამით, რაც გამაჩნია; ვიმედოვნებ, რომ იგი კმაყოფილი დარჩება იმ სიყვარულით, რომელსაც მას ვწირავ. მზად ხარ, შენი სიყვარული ღმერთს მიუძღვნა, რათა მან დააფასოს იგი? მზად ხარ, ეს შენი არსებობის საფუძვლად აქციო? ჩემს გამოცდილებაში დავინახე, რომ რაც უფრო მეტ სიყვარულს ვუძღვნი ღმერთს, მით მეტ სიხარულს ვპოულობ ცხოვრებაში; უფრო მეტიც, ჩემს ძალას საზღვარი არ აქვს და მზად ვარ, მთელი ჩემი სხეული და გონება შევწირო და მუდმივად მაქვს განცდა, რომ არ ძალმიძს ღმერთი საკმარისად მიყვარდეს. მაშ, შენი სიყვარული უმნიშვნელო სიყვარულია, თუ ის უსაზღვრო და განუზომელია? თუ ჭეშმარიტად გსურს ღვთის სიყვარული, ყოველთვის გექნება მეტი სიყვარული, რომ მას დაუბრუნო — და თუ ეს ასეა, რომელ ადამიანს ან საგანს შეუძლია წინ აღუდგეს შენს სიყვარულს ღვთის მიმართ?
ღვთისთვის თითოეული ადამიანის სიყვარული ძვირფასია. ყველას მიმართ, ვისაც იგი უყვარს, მისი კურთხევა ორმაგდება, რადგან ადამიანის სიყვარულის მოპოვება ასე რთულია და ის იმდენად მცირეა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს. სამყაროში ღმერთი ცდილობდა ეთხოვა ადამიანებისთვის, რომ საპასუხოდ ჰყვარებოდათ იგი, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში დღემდე მხოლოდ რამდენიმემ — ერთმა მუჭა ხალხმა — დაუბრუნა მას ჭეშმარიტი სიყვარული. რამდენადაც მახსოვს, პეტრე ერთ-ერთი მათგანი იყო, მაგრამ მანაც კი თავისი სრული სიყვარული ღმერთს მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მიუძღვნა მას შემდეგ, რაც იესო პირადად უძღვებოდა მას, რითაც თავისი ცხოვრება დაასრულა. ამგვარად, ამ საზარელ პირობებში, ღმერთმა შეამცირა თავისი საქმის მასშტაბი სამყაროში და გამოიყენა დიდი წითელი დრაკონის ქვეყანა, როგორც საჩვენებელი ადგილი და მთელი თავისი ენერგია და მისთვის ყველაზე ძვირფასი ერთ ადგილას მოაქცია, რათა თავისი საქმე უფრო ეფექტური გაეხადა და მეტი სარგებელი მოეტანა თავისი მოწმობისთვის. სწორედ ამ ორი პირობის საფუძველზე გადაიტანა ღმერთმა მთელი სამყაროს საქმე კონტინენტურ ჩინეთში მყოფ ამ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე დაბალი სულიერი მონაცემები ჰქონდათ, და დაიწყო თავისი სიყვარულით სავსე დაპყრობის საქმე. და მას შემდეგ, რაც იგი ყველას შეაყვარებს თავს, იგი განახორციელებს თავისი საქმის მომდევნო ნაბიჯს. ეს არის ღვთის გეგმა. ამგვარად აღწევს მისი საქმე უდიდეს ეფექტს. მისი საქმის მასშტაბს აქვს როგორც ძირითადი ბირთვი, ასევე შეზღუდვები. ნათელია, რაოდენ დიდი ფასი გადაიხადა ღმერთმა და რამდენი მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ დახარჯა ჩვენზე თავისი საქმის აღსრულებისას; მხოლოდ ამის წყალობით დადგა ჩვენი დღე. ეს ჩვენი კურთხევაა. შესაბამისად, ის, რაც არ შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს, არის ის, რომ დასავლელებს შურთ ჩვენი კარგ ადგილას დაბადება, თუმცა ჩვენს თავს მდაბიოებად მივიჩნევთ. განა ეს არ არის ღვთის მიერ ჩვენი ამაღლება? დიდი წითელი დრაკონის შთამომავლებს, რომლებსაც ყოველთვის ფეხქვეშ თელავდნენ, დასავლელები განსაკუთრებული თვალით უყურებენ — ეს ჭეშმარიტად ჩვენი კურთხევაა. როდესაც ამაზე ვფიქრობ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, განვიმსჭვალები ღვთის სითბოთი, მისი სიძვირფასითა და სიახლოვით. ეს აჩვენებს, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, შეუთავსებელია ადამიანურ წარმოდგენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი დაწყევლილია; იგი არ არის შეზღუდული კანონით და მან განზრახ გადაიტანა თავისი საქმის ცენტრი დედამიწის ამ ნაწილში. სწორედ ამიტომ ვარ კმაყოფილი, ამიტომ ვგრძნობ თავს განუზომლად ბედნიერად. როგორც ის, ვინც წამყვან როლს ასრულებს საქმეში ისევე, როგორც მღვდელმთავრები ისრაელიანთა შორის, მე შემიძლია უშუალოდ განვახორციელო სულის საქმე და ვემსახურო ღვთის სულს; ეს ჩემი კურთხევაა. ვინ გაბედავდა ასეთი რამის წარმოდგენას? მაგრამ დღეს, ეს მოულოდნელად დაგვატყდა თავს. ეს ჭეშმარიტად უზარმაზარი სიხარულია, რომელიც ჩვენს ზეიმს იმსახურებს. ვიმედოვნებ, რომ ღმერთი კვლავაც გვაკურთხებს და აგვამაღლებს, რათა ჩვენ, ვინც ამ სანაგვეზე ვცხოვრობთ, ღმერთმა დიდად გამოგვიყენოს და ამგვარად გადავუხადოთ მას სიყვარულისთვის.
გზა, რომელსაც ახლა მივყვები, არის ღვთის სიყვარულის სანაცვლოდ მიგების გზა, თუმცა მუდმივად მაქვს განცდა, რომ ეს არ არის ღვთის განზრახვა და არც ის გზაა, რომლითაც უნდა ვიარო. ღვთის მიერ დიდად გამოყენება — ეს არის ღვთის განზრახვა და სულიწმიდის გზა. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გზაა, რადგან დიდი ხნის წინ დავუდე ღმერთს ჩემი აღთქმა. მსურს, რომ მან წარმმართოს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავადგე იმ გზას, რომლითაც უნდა ვიარო და რაც შეიძლება მალე შევასრულო ღვთის განზრახვა. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ სხვები, მჯერა, რომ ღვთის ნების მიყოლა უმნიშვნელოვანესია. ჩემს ცხოვრებაში არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი და არავის შეუძლია წამართვას ეს უფლება. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა და შესაძლოა არიან ისეთებიც, ვისაც არ შეუძლია ამის გაგება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს წინაშე თავი უნდა ვიმართლო. მე გავივლი იმ გზას, რომელიც უნდა გავიარო — რადგან შევიცანი გზა, უნდა გავაგრძელო სვლა და უკან არ დავიხევ. ამგვარად, ვუბრუნდები ამ სიტყვებს: მე გადავწყვიტე ღვთის ნებას მივყვე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმები და დები ცუდად არ იფიქრებენ ჩემზე! მთლიანობაში, როგორც პირადად მე ვხედავ, სხვა ადამიანებს შეუძლიათ თქვან ის, რაც სურთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ღვთის ნების მიყოლა ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ ამაში არ უნდა ვიყო შეზღუდული. ღვთის ნების მიყოლა არასოდეს შეიძლება იყოს არასწორი! და ეს არ არის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება! მჯერა, რომ ღმერთმა დაინახა ჩემი გული! მაშ, როგორ უნდა გაიგო ეს? მზად ხარ, თავი შესწირო ღმერთს? მზად ხარ, ღმერთმა გამოგიყენოს? არის თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღე, ღვთის ნების მიყოლისთვის? ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმები და დები შეძლებენ მცირედი დახმარების მიღებას ჩემი სიტყვებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შეხედულებებში არაფერია ღრმა, მე მაინც გიზიარებთ მათ, რათა შევძლოთ ჩვენი ყველაზე იდუმალი გრძნობების გაზიარება, ყოველგვარი ბარიერების გარეშე ჩვენს შორის და რათა ღმერთი სამუდამოდ იყოს ჩვენთან. ეს სიტყვები ჩემი გულიდან მოდის. კარგი! ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც დღეს ჩემი გულიდან მსურდა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმები და დები კვლავაც იშრომებენ და ვიმედოვნებ, რომ ღვთის სული ყოველთვის იზრუნებს ჩვენზე!