განკაცების საიდუმლო (3)

როდესაც ღმერთი თავის საქმეს ახორციელებს, ის იმისთვის კი არ მოდის, რომ რაიმეს შენებაში ან მოძრაობებში ჩაებას, არამედ საკუთარი მსახურების აღსასრულებლად. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ხორციელად მოევლინება სამყაროს, ეს ხდება მხოლოდ საქმის გარკვეული ეტაპის შესასრულებლად და ახალი ეპოქის დასაწყებად. ახლა დადგა სასუფევლის ეპოქა და სასუფევლის წვრთნაც დაიწყო. ამ ეტაპის საქმე არ არის ადამიანის საქმე და არც ადამიანის გარკვეულ დონემდე მიყვანას ისახავს მიზნად; მისი მიზანი მხოლოდ ღმერთის საქმის ერთი ნაწილის დასრულებაა. რასაც ის აკეთებს, არ არის ადამიანის საქმე, ის არ მდგომარეობს გარკვეული შედეგის მიღწევაში ადამიანზე ზემოქმედებით, ვიდრე დედამიწას დატოვებს; ის მდგომარეობს მისი მსახურების შესრულებაში და იმ საქმის დასრულებაში, რაც მას მართებს — ანუ, ჯეროვნად წარმართოს თავისი საქმე დედამიწაზე და ამით მოიპოვოს დიდება. განკაცებული ღმერთის საქმე სრულიად განსხვავდება იმ ადამიანების საქმისგან, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს. როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის თავისი საქმის საკეთებლად, ის მხოლოდ საკუთარი მსახურების აღსრულებაზეა კონცენტრირებული. ყველა სხვა საკითხს, რაც მის მსახურებას არ უკავშირდება, ის თითქმის არ ეხება და მათზე თვალსაც კი ხუჭავს. ის უბრალოდ აკეთებს იმას, რაც უნდა აკეთოს და ყველაზე ნაკლებად ის აინტერესებს, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. მისი საქმე მხოლოდ იმ ეპოქაზე და მსახურებაზეა მიმართული, რომელიც მან უნდა აღასრულოს, თითქოს ყველა სხვა საკითხი მისი ინტერესის სფეროს მიღმა იყოს. ის არ ცდილობს დააგროვოს მეტი ზოგადი ცოდნა ადამიანთა შორის ცხოვრებაზე, არც სოციალურ უნარებს ეუფლება და არც იმით აღიჭურვება, რაც ადამიანისთვისაა გასაგები. ყველაფერი, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, მას საერთოდ არ ეხება; ის უბრალოდ თავის მოვალეობას ასრულებს. ამიტომ, ადამიანის თვალში განკაცებულ ღმერთი არ არის სრულყოფილი, რადგან ის ყურადღებას არ აქცევს იმას, რაც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და არც ესმის ასეთი საკითხები. ცხოვრებისეული ელემენტარული ცოდნა, ისევე როგორც საზოგადოებაში ქცევის წესები თუ წუთისოფელთან ურთიერთობის პრინციპები, მასთან კავშირში არ არის. მიუხედავად ამისა, შენ განკაცებულ ღმერთში ვერავითარ უჩვეულოს ვერ იგრძნობ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ადამიანობა მხოლოდ ნორმალური ადამიანის სიცოცხლესა და მისი ტვინის ნორმალურ აზროვნებას უზრუნველყოფს, რაც მას სწორისა და არასწორის გარჩევის უნარს აძლევს. თუმცა, ის არ არის აღჭურვილი სხვა არაფრით, რაც მხოლოდ ადამიანს (ქმნილებას) გააჩნია. ღმერთი განკაცდება მხოლოდ საკუთარი მსახურების შესასრულებლად. მისი საქმე მიმართულია მთელი ეპოქისკენ და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ადგილისკენ — ის მთელ სამყაროს მოიცავს. ეს არის მისი საქმის მიმართულება და პრინციპი, რომლითაც ის ხელმძღვანელობს. ამას ვერავინ შეცვლის და ადამიანი ამაში ვერ ჩაერევა. ყოველი განკაცებისას ღმერთს იმ ეპოქის შესაფერისი საქმე მოაქვს. მას არ აქვს განზრახული ადამიანთა გვერდით ოცი, ოცდაათი, ორმოცი ან თუნდაც სამოცდაათი ან ოთხმოცი წელი იცხოვროს იმისთვის, რომ მათ ის უკეთ გაიგონ ან ჩაწვდნენ მას. ამის საჭიროება არ არსებობს! ეს ვერაფრით გააღრმავებდა ადამიანის ცოდნას ღმერთის თანდაყოლილი ხასიათის შესახებ; პირიქით, ეს მხოლოდ გაამრავლებდა მათ წარმოდგენებს და აზრებს და მათ უფრო მეტად დააძველებდა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა გაიგოთ, რაში მდგომარეობს განკაცებული ღმერთის საქმე. ნუთუ ვერ გაიგეთ ჩემი სიტყვები: „მე იმისთვის კი არ მოვედი, რომ ნორმალური ადამიანის ცხოვრება გამომეცადა”? ნუთუ დაგავიწყდათ ნათქვამი: „ღმერთი დედამიწაზე იმისთვის არ მოდის, რომ ნორმალური ადამიანის ცხოვრებით იცხოვროს”? თქვენ არ გესმით ღვთის განკაცების მიზანი და არც იმ სიტყვების აზრი იცით: „როგორ შეიძლებოდა ღმერთი დედამიწაზე ქმნილების ცხოვრების გამოსაცდელად მოსულიყო?” ღმერთი დედამიწაზე მხოლოდ თავისი საქმის დასასრულებლად მოდის, ამიტომ მისი აქ ყოფნა ხანმოკლეა. ის დედამიწაზე იმისთვის არ მოდის, რომ ღვთის სულმა მისი ხორციელი სხეული რაღაც „ზეადამიანად“ ჩამოაყალიბოს, რომელიც ეკლესიას გაუძღვება. როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, ეს არის სიტყვის ხორცშესხმა. ადამიანი კი ვერ ხვდება მის საქმეს და ნაძალადევად მიაწერს მას თვისებებს. უნდა გააცნობიეროთ, რომ ღმერთი არის ხორცშესხმული სიტყვა და არა სხეული, რომელიც სულმა „გამოზარდა“, რათა დროებით ღმერთის როლი შეასრულოს. თავად ღმერთი არ არის აღზრდისა თუ კულტივირების პროდუქტი; ის არის სიტყვა, რომელსაც ხორცი შეესხა და დღეს ოფიციალურად ასრულებს თავის საქმეს თქვენ შორის. თქვენ ყველამ იცით და აღიარებთ, რომ ღმერთის განკაცება უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ისე იქცევით, თითქოს გესმოდეთ ეს. თქვენ საერთოდ ვერ წვდებით მისი განკაცების არსსა და მნიშვნელობას და მხოლოდ სხვებს ჰბაძავთ დაზეპირებული ფრაზების გამეორებით. ნუთუ გგონია, რომ განკაცებული ღმერთი ისეთია, როგორსაც შენ წარმოიდგენ?

ღმერთი განკაცდება მხოლოდ ეპოქის გასაძღოლად და ახალი საქმის დასაწყებად. ეს აუცილებლად უნდა გაიგოთ. ეს სრულიად განსხვავდება ადამიანის ფუნქციისგან და მათი ერთად ხსენებაც კი არ შეიძლება. ადამიანს სჭირდება ხანგრძლივი აღზრდა და სრულყოფა, ვიდრე მას საქმისთვის გამოიყენებენ და მისგან განსაკუთრებით მაღალი ზნეობრივი თვისებები მოითხოვება. ადამიანს არა მხოლოდ ნორმალური ადამიანურობის გონიერების შენარჩუნება მართებს, არამედ მან უფრო მეტად უნდა გაითავისოს ის პრინციპები და წესები, რომლებიც სხვებთან ურთიერთობისას მის ქცევას წარმართავს. მეტიც, ის უნდა დაეუფლოს ადამიანურ სიბრძნესა და ეთიკას. აი, რით უნდა იყოს ადამიანი აღჭურვილი. თუმცა, ეს ასე არ არის განკაცებული ღმერთისთვის, რადგან მისი საქმე არც ადამიანს წარმოადგენს და არც ადამიანის მიერ სრულდება; ეს არის მისი არსების პირდაპირი გამოხატვა და იმ მსახურების უშუალო აღსრულება, რაც მას მართებს. (ბუნებრივია, ის თავის საქმეს შესაბამის დროს აკეთებს და არა შემთხვევით — ის მაშინ იწყება, როცა მისი მსახურების აღსრულების დრო დგება.) ის არ მონაწილეობს ადამიანის ცხოვრებაში ან ადამიანის საქმიანობაში; მისი ადამიანურობა არ არის ამით აღჭურვილი (თუმცა ეს მის საქმეს ხელს არ უშლის). ის უბრალოდ ასრულებს თავის მსახურებას, როცა ამის დრო დგება; მიუხედავად მისი სტატუსისა ის უბრალოდ აგრძელებს თავისი საქმის შესრულებას. რაც არ უნდა იცოდეს ადამიანმა მის შესახებ და რა აზრიც არ უნდა ჰქონდეს მასზე, მისი საქმე სრულიად უცვლელი რჩება. მაგალითად, როდესაც იესო თავის საქმეს აკეთებდა, არავინ იცოდა ზუსტად ვინ იყო ის, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა თავის მოღვაწეობას. ამას ხელი არ შეუშლია მისი მსახურების შესრულებაში. ამიტომ, მან თავიდანვე არ აღიარა და არ გამოაცხადა თავისი ვინაობა და უბრალოდ სთხოვა ხალხს, გაჰყოლოდნენ მას. ეს არა მხოლოდ ღვთის თავმდაბლობა იყო, არამედ იმის გამოხატულებაც, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი ხორციელად. მას მხოლოდ ასე შეეძლო მუშაობა, რადგან ადამიანს არ ჰქონდა უნარი, ის შეუიარაღებელი თვალით ეცნო. და კაცს რომც ეცნო ის, მაინც ვერ დაეხმარებოდა მის საქმეში. გარდა ამისა, ის იმისთვის კი არ განკაცებულა, რომ ადამიანებს მისი სხეული გაეცნოთ, არამედ საქმის გასაკეთებლად და მისი მსახურების შესასრულებლად. სწორედ ამიტომ არ ანიჭებდა ის მნიშვნელობას თავისი ვინაობის გამჟღავნებას. როდესაც მან მთელი თავისი საქმე დაასრულა, მისი სტატუსი და ვინაობა ადამიანებისთვის თავისთავად გახდა ნათელი. განკაცებული ღმერთი დუმს და არასოდეს აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს. ის ყურადღებას არ აქცევს ადამიანს ან იმას, თუ როგორ მიჰყვებიან მას; ის უბრალოდ მიიწევს წინ თავისი მსახურების შესასრულებლად. მის საქმეს წინ ვერავინ დაუდგება. როდესაც დადგება დრო საქმის დასრულებისა, ის უცილობლად დასრულდება და ამას ვერავინ შეცვლის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის საქმეს დაასრულებს და განეშორება კაცობრიობას, მიხვდება ადამიანი მის ნამოქმედარს, თუმცა მაინც არა სრულყოფილად. ადამიანს დიდი დრო დასჭირდება ბოლომდე გასაცნობიერებლად, თუ რა განზრახვებით ასრულებდა იგი თავდაპირველად თავის საქმეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განკაცებული ღმერთის ეპოქა ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი შედგება იმ საქმისგან, რომელსაც თავად განკაცებული ღმერთი ასრულებს და იმ სიტყვებისგან, რომლებსაც თავად განკაცებული ღმერთი წარმოთქვამს. როგორც კი მისი ხორციელი მსახურება აღსრულდება, საქმის მეორე ნაწილი იმ ადამიანებმა უნდა შეასრულონ, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს. სწორედ მაშინ უნდა შეასრულოს ადამიანმა თავისი ფუნქცია, რადგან ღმერთმა გზა უკვე გაკაფა და ადამიანმა ამ გზაზე თავად უნდა იაროს. განკაცებული ღმერთი ასრულებს საქმის ერთ ნაწილს, შემდეგ კი ამ საქმეს სულიწმიდა და მისი რჩეულები აგრძელებენ. ამიტომ, ადამიანმა უნდა იცოდეს, რას მოიცავს განკაცებული ღმერთის საქმე ამ ეტაპზე და მას ზუსტად უნდა ესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღმერთის განკაცებას და რა საქმე უნდა შეასრულოს მან და არ წაუყენოს ღმერთს მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანებს უყენებენ. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის შეცდომა, მისი წარმოდგენა და მეამბოხეობა.

ღმერთი იმისთვის არ განკაცდება, რომ ადამიანმა მისი სხეული გაიცნოს ან დაინახოს განსხვავება ღმერთის სხეულსა და ადამიანის სხეულს შორის. ის არც თქვენი დაკვირვების უნარის გასაწვრთნელად მოსულა და, მით უმეტეს, არც იმისთვის, რომ მისი განკაცებული სხეულის თაყვანისცემით დიდება მოიპოვოს. ზემოხსენებულიდან არცერთი არ არის ღმერთის განკაცების მიზანი. ის არც ადამიანის დასაგმობად მოსულა, არც მის განზრახ გამოსავლენად და არც მისი ცხოვრების გასართულებლად. აქედან არცერთი არ არის ღმერთის განზრახვა. ღმერთის ყოველი განკაცება შესასრულებელი საქმის ფორმის გარდაუვალი აუცილებლობითაა გამოწვეული. ის ამას თავისი დიადი საქმისთვის და უდიდესი მართვისთვის აკეთებს და არა იმ მიზეზების გამო, რასაც ადამიანი წარმოიდგენს. ღმერთი დედამიწაზე მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ამას მისი საქმე მოითხოვს. ის აქ დასათვალიერებლად კი არ მოდის, არამედ თავისი მოვალეობის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში რატომ აიღებდა საკუთარ თავზე ასეთ მძიმე ტვირთს და რატომ ჩაიგდებდა თავს ასეთ დიდ საფრთხეში ამ საქმის აღსასრულებლად? ღმერთის განკაცება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს გარდაუვალია და ამას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ იმისთვის რომ მოსულიყო, რომ ხალხს ის დაენახა და თვალსაწიერი გაეფართოებინა, აბსოლუტური დარწმუნებით, ის არასოდეს მოვიდოდა ხალხთან ასე იოლად. ის დედამიწაზე მოდის თავისი მართვისთვის და უფრო დიადი საქმისთვის და იმისათვის, რომ მეტი ადამიანი მოიპოვოს. ის მოდის ეპოქის წარსადგენად, მოდის სატანის დასამარცხებლად და ხორცს ისხამს, რათა დაამარცხოს სატანა. უფრო მეტიც, ის მოდის იმისათვის, რომ მთელი კაცობრიობა წარმართოს მათი ცხოვრების გზაზე. ეს ყველაფერი მის მართვას ეხება და მთელი სამყაროს საქმეს ეხება. თუკი ღმერთი მხოლოდ იმისთვის განკაცდა, რომ ადამიანებს მისი ხორცი შეეცნოთ და თვალი აეხილათ, მაშინ რატომ არ მოივლიდა იგი ყველა ერს? განა ეს უაღრესად მარტივი საქმე არ იქნებოდა? მაგრამ მან ეს არ გააკეთა, სამაგიეროდ, მან აირჩია შესაფერისი ადგილი დასასახლებლად და იმ საქმის დასაწყებად, რომელიც უნდა შეესრულებინა. მხოლოდ ამ სხეულსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის წარმოადგენს მთელს ეპოქას და ასევე ასრულებს მთელი ეპოქის საქმეს; ის ასრულებს წინა ეპოქას და ახალ ეპოქას აძლევს დასაბამს. ეს ყველაფერი, რაც ღმერთის მართვას ეხება — ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, და ეს ყველაფერი არის იმ სამუშაოს ერთი ეტაპის მნიშვნელობა, რომლის შესასრულებლადაც ღმერთი დედამიწაზე მოდის. იესო როცა მოევლინა დედამიწას, მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა და გარკვეული საქმე შეასრულა; ის არ ჩარეულა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმის დასრულებისთანავე წავიდა. დღეს, როცა მე დავასრულებ საუბარს და გადმოგცემთ ჩემს სიტყვებს, ჩემი მოღვაწეობის ეს ეტაპი დასრულდება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება თქვენი ცხოვრება. მომავალში იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების მიხედვით გააგრძელებენ მოღვაწეობას; სწორედ მაშინ დაიწყება ადამიანის საქმე და მშენებლობა. მაგრამ, ამჟამად, ღმერთი თავის საქმეს მხოლოდ თავისი მსახურების შესასრულებლად და თავისი საქმის ერთი ეტაპის დასასრულებლად აკეთებს. ღმერთი ადამიანისგან განსხვავებულად მოქმედებს. ადამიანს უყვარს შეკრებები, ფორუმები და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცერემონიებს, ღმერთს კი ყველაზე მეტად სწორედ ადამიანთა ეს საკრებულოები და შეკრებები სძულს. ღმერთი ადამიანს ყოველგვარი ფორმალობის გარეშე ესაუბრება; ეს არის ღვთის საქმე, რომელიც სრულიად თავისუფალია და თქვენც გათავისუფლებთ. მე მძულს თქვენთან ერთად შეკრება და ვერ ვეგუები თქვენს ასეთ მოწესრიგებულ ცხოვრებას. ყველაზე მეტად წესები მძულს — ისინი ზღუდავენ ადამიანს იმ დონემდე, რომ მას განძრევისაც კი ეშინია, ეშინია საუბრის, სიმღერის და მხოლოდ გაშტერებული გიყურებს. მე მძულს თქვენი შეკრების წესი და დიდი ყრილობები. მე უბრალოდ უარს ვამბობ თქვენთან ერთად ასე ყოფნაზე, რადგან ცხოვრების ეს წესი ადამიანს თავს დატყვევებულად აგრძნობინებს; თქვენ ზედმეტად ბევრ ცერემონიასა და წესს იცავთ. ხალხის წინამძღოლობის უფლება რომ მოგცეთ, ხალხს წესების ლაბირინთში შეიყვანდით, საიდანაც ისინი ვეღარასოდეს დააღწევდნენ თავს. თავისუფლების ნაცვლად, რელიგიური ატმოსფერო უფრო დამძიმდებოდა და ადამიანური წეს-ჩვეულებები მხოლოდ გამრავლდებოდა. ზოგიერთი ადამიანი კრებებზე დაუღალავად საუბრობს, ზოგი კი ათობით დღე ქადაგებს შეუჩერებლად. ეს ყველაფერი დიდ კრებებად და ადამიანთა შეხვედრებად ითვლება; მათ არაფერი აქვთ საერთო ჭამა-სმასთან, სიამოვნებასთან ან სულის განთავისუფლებასთან. ეს მხოლოდ კრებებია! თქვენი სამუშაო შეხვედრები და ყრილობები ჩემთვის საძაგელია და არასოდეს დავინტერესებულვარ მათით. ჩემი მუშაობის პრინციპი ასეთია: მე არ მსურს ქადაგება ყრილობებზე, არ მსურს საჯარო გამოსვლები და მით უმეტეს — თქვენი შეკრება მრავალდღიან სპეციალურ კონფერენციებზე. ჩემთვის მისაღები არ არის, რომ თქვენ ყველანი თავაზიანად და წესიერად ისხდეთ შეკრებაზე; მეზიზღება თქვენი ხილვა ნებისმიერი ცერემონიის ფარგლებში და მით უმეტეს, უარს ვამბობ თქვენს ასეთ ცერემონიაში მონაწილეობაზე. რაც უფრო მეტად აკეთებთ ამას, მით უფრო ამაზრზენად მიმაჩნია ეს. ოდნავადაც არ მაინტერესებს თქვენი ეს ცერემონიები და წეს-ჩვეულებები; რაც არ უნდა კარგად შეასრულოთ ისინი, ყველა მათგანი ამაზრზენად მიმაჩნია. საქმე იმაში არ არის, რომ თქვენი ცერემონიები შეუფერებელია ან ძალიან დაბალი დონისაა; საქმე იმაშია, რომ მძულს თქვენი ცხოვრების წესი და ვერ ვეგუები მას. თქვენ საერთოდ არ გესმით ის საქმე, რისი გაკეთებაც მსურს. როდესაც იესო მოღვაწეობდა, ქადაგების შემდეგ ის გაიყვანდა ხოლმე თავის მოწაფეებს ქალაქგარეთ და იქ ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ უნდა გაეგოთ. ის ხშირად ასე მუშაობდა. ხალხმრავალ ადგილებში ის იშვიათად მოქმედებდა. იმის შესაბამისად, რასაც თქვენ მისგან ითხოვთ, განკაცებულ ღმერთს ნორმალური ადამიანის ცხოვრება არ უნდა ჰქონდეს; ის სულ უნდა მუშაობდეს — მიუხედავად იმისა ზის, დგას, თუ დადის, სულ უნდა ლაპარაკობდეს. ის მუდმივად უნდა მუშაობდეს და არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, უნდა ჩერდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უგულებელყოფს თავის პასუხისმგებლობას. განა ადამიანის ეს მოთხოვნები გონივრულია? სად არის თქვენი პატიოსნება? ზედმეტს ხომ არ ითხოვთ? ნუთუ ჩემი შემოწმება გჭირდებათ მუშაობისას? ნუთუ ჩემი ზედამხედველობა გსურთ, თუ როგორ ვასრულებ ჩემს მსახურებას? მე კარგად ვიცი, რა და როდის უნდა გავაკეთო; სხვების ჩარევა საჭირო არ არის. შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ჩემი საქმე უკვე სრულდება. აიღეთ, მაგალითად, იესოს სიტყვები ოთხ სახარებაში: განა ისინიც შეზღუდული არ იყო? იმ დროს, როდესაც იესო სინაგოგაში შევიდა და იქადაგა, მან მაქსიმუმ რამდენიმე წუთში დაასრულა ქადაგება, შემდეგ კი თავისი მოწაფეები ნავში აიყვანა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა იქაურობა. საუკეთესო შემთხვევაში, ხალხი სინაგოგაში ერთმანეთში განიხილავდა მის ნათქვამს, მაგრამ იესო ამაში აღარ მონაწილეობდა. ღმერთი აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მას მართებს და მეტს არაფერს. ახლა ბევრს უნდა, რომ მე მეტი ვილაპარაკო, სულ ცოტა დღეში რამდენიმე საათი. თქვენი აზრით, ღმერთი აღარ არის ღმერთი, თუ არ ლაპარაკობს; გგონიათ, რომ მხოლოდ ის არის ღმერთი, ვინც ბევრს საუბრობს. ბრმები ხართ! პირუტყვები! უმეცრები, რომლებსაც არავითარი საღი აზრი არ გააჩნიათ! ზედმეტად ბევრი წარმოდგენა გაქვთ! თქვენი მოთხოვნები ყოველგვარ ზღვარს სცდება! არაადამიანურად იქცევით! საერთოდ არ გესმით, ვინ არის ღმერთი! გგონიათ, რომ ყველა ორატორი ღმერთია და ვინც სიტყვებით გამარაგებთ, ის არის თქვენი მამა. მითხარით, თქვენ ყველას, თქვენი კარგად ჩამოყალიბებული ნაკვთებითა და უჩვეულო გარეგნობით, ოდნავ თუ შეგრჩათ გონიერება? იცით თუ არა ზეციური მზე? თითოეული თქვენგანი ხარბ და კორუმპირებულ ჩინოვნიკს ჰგავს — როგორ უნდა დაინახოთ საღი აზრი? როგორ უნდა გაარჩიოთ სწორი და არასწორი? მე ბევრი რამ მოგეცით, მაგრამ რამდენმა თქვენგანმა დააფასა ეს? ვინ ფლობს ამას სრულად? თქვენ არც კი იცით, ვინ გახსნა ის გზა, რომელზეც დღეს დადიხართ, და მაინც აგრძელებთ ჩემ მიმართ უაზრო და აბსურდული მოთხოვნების წაყენებას. ნუთუ სირცხვილისგან არ წითლდებით? განა საკმარისი არ გითხარით? განა საკმარისი არ გავაკეთე? თქვენგან ვინ აფასებს ჩემს სიტყვებს, როგორც საგანძურს? ჩემს წინაშე პირფერობთ, ზურგს უკან კი იტყუებით! თქვენი ქმედებები მეტისმეტად საძაგელია და ისინი ჩემში ზიზღს იწვევს! ვიცი, რომ ჩემგან ლაპარაკსა და მუშაობას მხოლოდ იმიტომ ითხოვთ, რომ თვალსაწიერი გაიფართოვოთ და ინტერესი დაიკმაყოფილოთ, და არა თქვენი ცხოვრების შესაცვლელად. ამდენი გესაუბრეთ — თქვენი ცხოვრება დიდი ხნის წინ უნდა შეცვლილიყო. რატომ უბრუნდებით ისევ ძველ მდგომარეობას? ნუთუ ჩემი სიტყვები მოგპარეს და თქვენამდე ვერ მოაღწია? სიმართლე გითხრათ, მე აღარ მსურს საუბარი თქვენნაირ გადაგვარებულებთან — ეს ამაოა! არ მინდა ფუჭი შრომა! თქვენ მხოლოდ თქვენი თვალსაწიერის გაფართოება ან თვალებით ტკბობა გსურთ და არა სიცოცხლის მოპოვება! საკუთარ თავს ატყუებთ! გეკითხებით, რამდენად განახორციელეთ ის, რაზეც პირისპირ გესაუბრეთ? თქვენ მხოლოდ ხრიკებს იყენებთ სხვების მოსატყუებლად! მე მძულს ისინი, ვინც აქ მხოლოდ მაყურებლის როლშია და ვისაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს. თუ აქ ჭეშმარიტების საძიებლად არ ხართ და სიმართლის წყურვილი არ გამოძრავებთ, მაშინ ჩემი სიძულვილის ობიექტები ხართ! ვიცი, რომ მისმენთ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის ან სიხარბის გამო. თქვენ არც ჭეშმარიტების არსებობის ძიებაზე ზრუნავთ და არც სიცოცხლეში შესასვლელი სწორი გზის კვლევაზე ფიქრობთ. ეს მოთხოვნები უბრალოდ არ გაგაჩნიათ. თქვენთვის ღმერთი მხოლოდ სათამაშოა, რომელსაც აკვირდებით და აღგაფრთოვანებთ. ცხოვრების ძიების ჟინი არ გაქვთ, მაგრამ ცნობისმოყვარეობა — თავზე საყრელი! ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრების წესის ახსნა ჰაერთან საუბრის ტოლფასია; სჯობს, საერთოდ არ ვილაპარაკო! გეტყვით ერთ რამეს: თუ მხოლოდ თქვენს გულში არსებული სიცარიელის ამოვსება გსურთ, ნუ მოხვალთ ჩემთან! თქვენ სიცოცხლის მოპოვებაზე უნდა იფიქროთ! ნუ იტყუებთ თავს! უმჯობესი იქნება, თუ ცნობისმოყვარეობას სიცოცხლისკენ სწრაფვის საფუძვლად არ გახდით და ჩემთან საუბრის თხოვნის საბაბად არ გამოიყენებთ. ეს მხოლოდ ხრიკებია, რომლებსაც საკმაოდ კარგად ფლობთ! კიდევ ერთხელ გეკითხებით: რამდენად შეასრულეთ სინამდვილეში ის ყოველივე, რაში შესვლაც გთხოვეთ? გაიგეთ ყველაფერი, რაც გითხარით? შეძელით იმის პრაქტიკაში განხორციელება, რაზეც გესაუბრეთ?

ყოველი ეპოქის საქმეს თავად ღმერთი იწყებს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი მოქმედების წესი, ის აქ იმისთვის არ მოდის, რომ მოძრაობა დაიწყოს, კონფერენციები ჩაატაროს ან ორგანიზაციები შექმნას თქვენთვის. ის მოდის მხოლოდ იმისთვის, რომ აკეთოს ის, რაც მას მართებს. მის საქმეს ვერცერთი ადამიანი ვერ შებოჭავს. ის ისე მოქმედებს, როგორც სურს; მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს მასზე ადამიანი, ის მხოლოდ თავისი საქმითაა დაკავებული. სამყაროს შექმნიდან დღემდე მოღვაწეობის სამი ეტაპი იყო; იეჰოვადან იესომდე, რჯულის ეპოქიდან მადლის ეპოქამდე — ღმერთს არასოდეს მოუწვევია კონფერენციები ადამიანებისთვის და არც კაცობრიობა შეუგროვებია გლობალურ შეხვედრებზე თავისი საქმის გასავრცელებლად. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, არის საქმის დასაწყისი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, რითაც ის ახალ ეპოქას უდებს სათავეს და მიმართავს კაცობრიობას ცხოვრების წესისკენ. კონფერენციები და დღესასწაულების აღსანიშნავად ხალხის შეგროვება ადამიანის საქმეა. ღმერთი არ იცავს დღესასწაულებს და უფრო მეტიც — ისინი მისთვის საძაგელია. ის არ ატარებს კონფერენციებს და უფრო მეტიც, მას სძულს ისინი. ახლა მაინც უნდა გესმოდეს ზუსტად, რას წარმოადგენს განკაცებული ღმერთის საქმე!

წინა: განკაცების საიდუმლო (2)

შემდეგი: განკაცების საიდუმლო (4)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება