უნდა იცოდე, რომ პრაქტიკული ღმერთი თავად ღმერთია
რა უნდა იცოდე პრაქტიკული ღმერთის შესახებ? სული, პიროვნება და სიტყვა შეადგენს თავად პრაქტიკულ ღმერთს და ეს არის თავად პრაქტიკული ღმერთის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. თუ შენ მხოლოდ პიროვნებას იცნობ — თუ იცი მისი ჩვევები და ხასიათი, — მაგრამ არ იცი სულის საქმე, ან რას აკეთებს სული ხორცში, და თუ მხოლოდ სულსა და სიტყვას აქცევ ყურადღებას და მხოლოდ სულის წინაშე ლოცულობ, მაგრამ არ იცი ღმერთის სულის საქმე პრაქტიკულ ღმერთში, მაშინ ეს იმას ამტკიცებს, რომ შენ ჯერ კიდევ არ იცნობ პრაქტიკულ ღმერთს. პრაქტიკული ღმერთის შემეცნება მოიცავს მისი სიტყვების ცოდნასა და გამოცდას, სულიწმიდის საქმის წესებისა და პრინციპების აღქმას და იმის გაგებას, თუ როგორ მუშაობს სულიწმიდა ხორცში. ეს ასევე მოიცავს იმის ცოდნას, რომ ღმერთის ყოველი მოქმედება ხორცში იმართება სულის მიერ და რომ სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, სულის პირდაპირი გამოხატულებაა. ამგვარად, პრაქტიკული ღმერთის შესაცნობად უპირატესია იცოდე, როგორ ასრულებს საქმეს ღმერთი ადამიანური გაგებით და როგორც ღვთაება; ეს, თავის მხრივ, ეხება სულის გამოხატულებებს, რომლებთანაც ყველა ადამიანია დაკავშირებული.
როგორია სულის გამოხატულების ასპექტები? ზოგჯერ ღმერთი აღასრულებს საქმეს ადამიანურად, ზოგჯერ კი - როგორც ღვთაება — თუმცა ორივე შემთხვევაში ყველაფერს სული განაგებს. როგორიც არის სული ადამიანებში, ისეთია მათი გარეგნული გამოხატულებაც. სული აღასრულებს საქმეს ჩვეულებრივად, თუმცა სულის მიერ მისი წარმართვა ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილია მისი ადამიანური საქმე, ხოლო მეორე — მისი საქმე ღვთაების მეშვეობით. ეს შენ ნათლად უნდა იცოდე. სულის საქმე იცვლება გარემოებების მიხედვით: როდესაც საჭიროა მისი ადამიანური საქმე, სული წარმართავს ამ ადამიანურ საქმეს, ხოლო როდესაც საჭიროა მისი ღვთაებრივი საქმე, ღვთაებრიობა პირდაპირ ვლინდება მის შესასრულებლად. რადგან ღმერთი აღასრულებს საქმეს ხორციელად და ვლინდება ხორციელად, ის აღასრულებს საქმე ადამიანურადაც და ღვთაებრივადაც. მისი ადამიანური საქმე წარმართულია სულის მიერ და სრულდება ადამიანთა ხორციელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა ხელი შეუწყოს მათ ურთიერთობას ღმერთთან, მისცეს მათ საშუალება იხილონ ღვთის პრაქტიკულობა და ჩვეულებრიობა და დაინახონ, რომ ღვთის სული მოვიდა ხორციელად, არის ადამიანთა შორის, ცხოვრობს მათთან ერთად და ურთიერთობს მათთან. მისი როგორც ღვთაების საქმე სრულდება ადამიანთა სიცოცხლის უზრუნველსაყოფად და ყოველივეში მათი პოზიტიური მხრიდან წარსამართად, ადამიანთა ხასიათის შესაცვლელად და მათთვის იმის საშუალების მისაცემად, რომ ჭეშმარიტად იხილონ სულის ხორციელად გამოცხადება. ძირითადად, ადამიანის სიცოცხლეში სულიერი ზრდა მიიღწევა პირდაპირ ღმერთის ღვთაებრივი საქმისა და სიტყვების მეშვეობით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები მიიღებენ ღმერთის ღვთაებრივ საქმეს, შეძლებენ ისინი საკუთარი ხასიათის შეცვლას და მხოლოდ მაშინ დანაყრდება მათი სული; მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას დაემატება ადამიანური საქმე — ღვთის მწყემსვა, მხარდაჭერა და ადამიანური უზრუნველყოფა — იქნება ღვთის საქმის შედეგები სრულად მიღწეული. თავად პრაქტიკული ღმერთი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, საქმეს ასრულებს როგორც ადამიანი, ისე როგორც ღვთაება. პრაქტიკული ღვთის გამოცხადების მეშვეობით მიიღწევა მისი ჩვეულებრივი ადამიანური საქმე და ცხოვრება და მისი სრულიად ღვთაებრივი საქმე. მისი ადამიანურობა და ღვთაებრიობა გაერთიანებულია და ორივეს საქმე სრულდება სიტყვების მეშვეობით; იქნება ეს ადამიანის თუ ღვთაების სახით, ის წარმოთქვამს სიტყვებს. როდესაც ღმერთი საქმეს აღასრულებს როგორც ადამიანი, ის საუბრობს ადამიანურ ენაზე, რათა ადამიანებმა შეძლონ მასთან ურთიერთობა და მისი გაგება. მისი სიტყვები წარმოითქმის მარტივად და ადვილად გასაგებია ისე, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის; განურჩევლად იმისა, ფლობენ ადამიანები ცოდნას თუ ნაკლებად განათლებულნი არიან, ყველას შეუძლია მიიღოს ღვთის სიტყვები. ღმერთის ღვთაებრივი საქმე ასევე ხორციელდება სიტყვების მეშვეობით, თუმცა ის აღსავსეა მადლით, აღსავსეა სიცოცხლით, დაუზიანებელია ადამიანური აზრებით, არ მოიცავს ადამიანურ ცრურწმენებს და არ ექვემდებარება ადამიანურ შეზღუდვებს, თავისუფალია ყოველგვარი ჩვეულებრივი ადამიანური შეზღუდვისგან; ის ხორციელდება ხორციელად, მაგრამ სულის პირდაპირი გამოხატულებაა. თუ ადამიანები მხოლოდ ღმერთის ადამიანურად აღსრულებულ საქმეს მიიღებენ, მაშინ ისინი საკუთარ თავს გარკვეულ ფარგლებში მოაქცევენ და დასჭირდებათ მუდმივი განწმენდა და დისციპლინის დაცვა მათში თუნდაც მცირე ცვლილების მოსახდენად. თუმცა, სულიწმიდის საქმისა თუ თანდასწრების გარეშე, ისინი ყოველთვის დაუბრუნდებიან თავიანთ ძველ ცხოვრების წესს; მხოლოდ ღვთაების საქმით შეიძლება ამ სნეულებებისა და ნაკლოვანებების გამოსწორება და მხოლოდ მაშინ შეიძლება ადამიანების სრულყოფა. ხანგრძლივი განწმენდის ნაცვლად საჭიროა პოზიტიური უზრუნველყოფა, სიტყვების გამოყენება ყველა ნაკლოვანების საკომპენსაციოდ, სიტყვების გამოყენება ადამიანის ყოველი მდგომარეობის გამოსამჟღავნებლად, სიტყვების გამოყენება მათი ცხოვრების, მათი ყოველი გამონათქვამისა და ყოველი მოქმედების წარსამართად, მათი განზრახვებისა და მოტივაციების გამოსააშკარავებლად. ეს არის პრაქტიკული ღმერთის პრაქტიკული საქმე. ამგვარად, პრაქტიკული ღმერთის მიმართ შენი დამოკიდებულებისას, შენ დაუყოვნებლივ უნდა დაემორჩილო მის ადამიანურობას, აღიარო და მიიღო ის, და, გარდა ამისა, უნდა მიიღო და დაემორჩილო მის ღვთაებრივ საქმესა და სიტყვებს. ღვთის ხორციელად გამოჩინება ნიშნავს, რომ ღმერთის სულის მთელი საქმე და სიტყვები სრულდება მისი ჩვეულებრივი ადამიანურობით და მისი განსხეულებული ხორცის მეშვეობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთის სული ერთდროულად წარმართავს მის ადამიანურ საქმეს და ახორციელებს ღვთაებრივ საქმეს ხორცში, ხოლო განკაცებულ ღმერთში შენ შეგიძლია დაინახო როგორც ღმერთის ადამიანური საქმე, ისე მისი სრულიად ღვთაებრივი საქმე. ეს არის პრაქტიკული ღმერთის ხორციელი გამოჩინების რეალური მნიშვნელობა. თუ შენ ამას ნათლად დაინახავ, შეძლებ ღმერთის ყველა სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებას; შენ აღარ მიანიჭებ გადაჭარბებულ მნიშვნელობას მისი როგორც ღვთაების საქმეს და აღარ უგულებელყოფ მის ადამიანურ საქმეს, არ გადავარდები უკიდურესობებში და არ გადაუხვევ დადგენილ გზას. მთლიანობაში, პრაქტიკული ღმერთის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ადამიაურობა და მისი ღვთაებრივი საქმე, სულის მიერ წარმართული, გამოიხატება მისი ხორცის მეშვეობით, რათა ადამიანებმა დაინახონ, რომ ის არის მკაფიო და ცოცხალი, რეალური და ჭეშმარიტი.
ღმერთის სულის ადამიანურობას აქვს გარდამავალი ფაზები. ადამიანურობის სრულყოფით, ის საშუალებას აძლევს თავის ადამიანურობას მიიღოს სულის მითითებები, რის შემდეგაც მის ადამიანურობას შეუძლიათ ეკლესიების უზრუნველყოფა და მწყემსვა. ეს ღმერთის ჩვეულებრივი საქმის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ამგვარად, თუ შენ ნათლად დაინახავ ღმერთის ადამიანური საქმის პრინციპებს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გქონდეს მცდარი წარმოდგენები ღმერთის ადამიანური საქმის შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთის სული არ შეიძლება ცდებოდეს. ის მართალია და შეუმცდარია; ის არაფერს აკეთებს არასწორად. ღვთაებრივი საქმე ღმერთის განზრახვების პირდაპირი გამოხატულებაა, ადამიანურობის მხრიდან ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე. ის არ აღწევს სრულყოფას, არამედ პირდაპირ მომდინარეობს სულისგან. თუმცა, ის ფაქტი, რომ მას როგორც ღვთაებას შეუძლია საქმის აღსრულება, განპირობებულია მისი ჩვეულებრივი ადამიანურობით; მასში არ არის არაფერი ზებუნებრივი და ჩანს, რომ მას ჩვეულებრივი პიროვნება ასრულებს. ღმერთი ზეციდან დედამიწაზე მოვიდა უპირატესად იმისათვის, რომ გამოეხატა ღვთის სიტყვები ხორცის მეშვეობით, რათა დაესრულებინა ღვთის სულის საქმე ხორცის საშუალებით.
დღეს ადამიანების ცოდნა პრაქტიკული ღმერთის შესახებ კვლავაც მეტისმეტად ცალმხრივია, ხოლო მათი გაგება განკაცების მნიშვნელობის შესახებ — კვლავაც მეტისმეტად მწირი. ღმერთის ხორცის მეშვეობით, ადამიანები მისი საქმისა და სიტყვების საშუალებით ხედავენ, რომ ღმერთის სული ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და ის ძალიან მდიდარია. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთის მოწმობა საბოლოოდ ღმერთის სულისგან მოდის: რას აკეთებს ღმერთი ხორცში, რა პრინციპებით ასრულებს საქმეს, რას აკეთებს ადამიანურობით და რას აკეთებს ღვთაებრიობით. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამის ცოდნა. დღეს შენ შეგიძლია თაყვანი სცე ამ პიროვნებას, მაშინ როცა არსობრივად შენ თაყვანს სცემ სულს და ეს არის სულ მცირე, რასაც ადამიანებმა უნდა მიაღწიონ განკაცებული ღმერთის შემეცნებაში: სულის არსის შეცნობა ხორცის მეშვეობით, სულის ღვთაებრივი და ადამიანური საქმის შეცნობა ხორცში, სულის ყველა სიტყვისა და გამონათქვამის მიღება ხორცში და იმის დანახვა, თუ როგორ წარმართავს ღმერთის სული ხორცს და როგორ ამჟღავნებს თავის ძალას ხორცში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხორცის მეშვეობით შეიცნობს ზეციერ სულს; თავად პრაქტიკული ღმერთის გამოჩენამ ადამიანებს შორის გაფანტა ბუნდოვანი ღმერთი ადამიანთა წარმოდგენებში. ადამიანების მიერ თავად პრაქტიკული ღმერთის თაყვანისცემამ გაზარდა მათი მორჩილება ღვთისადმი, ხოლო ღვთის სულის ხორციელად აღსრულებული ღვთაებრივი და ადამიანური საქმის მეშვეობით ადამიანი იღებს გამოცხადებას და რჩევა-დარიგებებს და მიიღწევა ცვლილებები ადამიანის ცხოვრებისეულ განწყობაში. ეს არის სულის ხორცში მოსვლის რეალური მნიშვნელობა, რომლის მთავარი მიზანია, რომ ადამიანებმა შეძლონ ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთზე დაყრდნობა და ღმერთის შემეცნებამდე მისვლა.
ძირითადად, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს პრაქტიკული ღმერთის მიმართ? რა იცი განკაცების, სიტყვის ხორცში გამოჩენის, ღმერთის ხორციელად გამოჩინების, პრაქტიკული ღმერთის საქმეების შესახებ? რა არის დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემები? განკაცება, სიტყვის ხორცში მოსვლა და ღმერთის ხორციელად გამოჩინება — ეს ყოველივე ის საკითხებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გაგებული. თქვენ თანდათანობით უნდა მიხვიდეთ ამ საკითხების გაგებამდე და გქონდეთ მათი ნათელი ცოდნა თქვენს სიცოცხლის გამოცდილებაში, თქვენი სულიერი სიმწიფისა და ეპოქის შესაბამისად. ადამიანების მიერ ღვთის სიტყვების გამოცდის პროცესი არის მათი მხრიდან ღვთის სიტყვების ხორცში გამოჩინების შეცნობის პროცესი. რაც უფრო მეტად ცდიან ადამიანები ღმერთის სიტყვებს, მით მეტად შეიცნობენ ღმერთის სულს; ღმერთის სიტყვების გამოცდის მეშვეობით ადამიანები წვდებიან სულის საქმის პრინციპებს და შეიცნობენ თავად პრაქტიკულ ღმერთს. სინამდვილეში, როდესაც ღმერთი სრულყოფს ადამიანებს და მოიპოვებს მათ, ის მათ აცნობს პრაქტიკული ღმერთის საქმეებს; ის იყენებს პრაქტიკული ღმერთის საქმეს, რათა ადამიანებს აჩვენოს განკაცების რეალური მნიშვნელობა და დაანახვოს, რომ ღმერთის სული ნამდვილად გამოეცხადა ადამიანს. როდესაც ღმერთი მოიპოვებს და სრულყოფს ადამიანებს, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკული ღმერთის გამოხატულებებმა დაიპყრო ისინი და რომ პრაქტიკული ღმერთის სიტყვების მეშვეობით ისინი გარდაიქმნენ; მისი სიცოცხლე ჩაიღვარა მათში და აავსო ისინი იმით, რაც ის არის (იქნება ეს ის, რაც ის არის თავის ადამიანურობაში, თუ ის, რაც ის არის თავის ღვთაებრიობაში), აავსო ისინი მისი სიტყვების არსით და აიძულა ადამიანები, ეცხოვრათ მისი სიტყვებით. როდესაც ღმერთი მოიპოვებს ადამიანებს, ის ამას აკეთებს უპირატესად, პრაქტიკული ღმერთის სიტყვებისა და გამონათქვამების გამოყენებით, რათა ამოძირკვოს ადამიანთა ნაკლოვანებები, განსაჯოს და ამხილოს მათი ურჩი ხასიათი, მისცეს მათ ის, რაც სჭირდებათ და აჩვენოს, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანებთან. უმნიშვნელოვანესი კი ისაა, რომ პრაქტიკული ღმერთის მიერ შესრულებული საქმე არის თითოეული ადამიანის ხსნა სატანის გავლენისგან, მათი გამოყვანა უწმინდური მიწიდან და მათი გახრწნილი ხასიათის გაცამტვერება. პრაქტიკული ღმერთის მიერ მოპოვების ყველაზე ღრმა მნიშვნელობა არის ის, რომ შეძლო ჩვეულებრივი ადამიანურობით ცხოვრება, სადაც პრაქტიკული ღმერთი არის ნიმუში და მოდელი; შეძლო მოქმედება პრაქტიკული ღმერთის სიტყვებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ყოველგვარი გადახრისა თუ აცდენის გარეშე; იმოქმედო იმის მიხედვით, რასაც ის ამბობს, და შეძლო იმის მიღწევა, რასაც ის ითხოვს. ამგვარად, შენ მოპოვებული იქნები ღვთის მიერ. როდესაც მოპოვებული ხარ ღვთის მიერ, შენ მხოლოდ სულიწმიდის საქმეს კი არ იღებ; უმთავრესად, შეგიძლია სიცოცხლეში განახორციელო პრაქტიკული ღმერთის მოთხოვნები. მხოლოდ სულიწმიდის საქმის დაუფლება არ ნიშნავს, რომ შენ გაქვს სიცოცხლე. მთავარი ისაა, შეგიძლია თუ არა იმოქმედო პრაქტიკული ღმერთის შენდამი მოთხოვნების შესაბამისად, რაც განსაზღვრავს იმას, შეძლებს თუ არა ღმერთი შენს მოპოვებას. ეს არის პრაქტიკული ღმერთის ხორციელად აღსრულებული საქმის უდიდესი მნიშვნელობა. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მოიპოვებს ადამიანთა ჯგუფს ხორცში ჭეშმარიტი და რეალური გამოჩინებით, იმით, რომ არის მკაფიო და ცოცხალი, ხილული ადამიანებისთვის, რეალურად ასრულებს სულის საქმეს ხორცში და ადამიანებისთვის ხორცშივე გვევლინება ნიმუშად. ღმერთის ხორციელად მოსვლა უპირატესად მიზნად ისახავს იმას, რომ ადამიანებმა დაინახონ ღვთის პრაქტიკული საქმეები, მატერიალიზდეს უსხეულო სული ხორცში და ადამიანებს მიეცეთ მისი დანახვისა და შეხების საშუალება. ამგვარად, ისინი, ვინც მის მიერ იქნებიან სრულყოფილნი, იცხოვრებენ მისი ნების შესაბამისად, იქნებიან მის მიერ მოპოვებულნი და იმოქმედებენ მისი განზრახვების შესაბამისად. ღმერთს მხოლოდ ზეციდან რომ ელაპარაკა და რეალურად არ მოსულიყო დედამიწაზე, მაშინ ადამიანები კვლავაც ვერ შეძლებდნენ ღმერთის შეცნობას; ისინი მხოლოდ ცარიელი თეორიის გამოყენებით შეძლებდნენ ღმერთის საქმეების ქადაგებას და არ ექნებოდათ ღმერთის სიტყვები, როგორც რეალობა. ღმერთი მიწაზე მოვიდა უპირატესად იმისთვის, რომ იყოს ნიმუში და მოდელი მათთვის, ვინც უნდა მოიპოვოს; მხოლოდ ასე შეუძლიათ ადამიანებს რეალურად შეიცნონ ღმერთი, შეეხონ მას, დაინახონ იგი და მხოლოდ მაშინ შეიძლება ჭეშმარიტად იქნენ ისინი ღმერთის მიერ მოპოვებულნი.