მხოლოდ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება ნიშნავს რეალობის ფლობას
ღვთის სიტყვების ხელთ პყრობა და ურცხვად განმარტება არ ნიშნავს, რომ რეალობას ფლობ; ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც წარმოგიდგენია. რეალობის ფლობა არ არის ის, რაზეც საუბრობ, არამედ ის, რასაც ცხოვრებაში გამოავლენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვები ხდება შენი ცხოვრება და ბუნებრივ გამოცხადებად იქცევა, შეიძლება ითქვას, რომ რეალობას ფლობ და მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოიპოვე ჭეშმარიტი გაგება და რეალური სულიერი სიმწიფე. მხოლოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მრავალი განსაცდელის გადატანის უნარი და ღვთის მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრება, არა მოჩვენებით, არამედ მისი ბუნებრივი გამოვლინებით, ითვლება რეალობის და ცხოვრების ჭეშმარიტ ფლობად. ნება მომეცით, გამოვიყენო მსახურთა სამსჯავროს მაგალითი, რომელიც ყველასთვის ნაცნობია: ნებისმიერს შეუძლია შემოგვთავაზოს ყველაზე ამაღლებული თეორიები მსახურების შემსრულებელთა შესახებ და ყველას აქვს ამ საკითხის მართებული გაგება; ისინი საუბრობენ ამის შესახებ და თითოეული გამოსვლა სჯობნის წინას, თითქოს ეს შეჯიბრი იყოს. თუმცა, თუ ადამიანს დიდი განსაცდელი არ გამოუვლია, მაშინ ძალიან რთულია იმის თქმა, რომ მას კარგი მოწმობა აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრებაში გამოვლენილი საქმეები ჯერ კიდევ ძალზე არასაკმარისია, სრულიად ეწინააღმდეგება მის გაგებას. შესაბამისად, ეს ჯერ კიდევ უნდა იქცეს ადამიანის რეალურ სულიერ სიმწიფედ და ეს ჯერ კიდევ არ არის ადამიანის ცხოვრება. იმის გამო, რომ ადამიანის გაგება რეალურ სიმწიფედ არ არის ქცეული, მისი სულიერი სიმწიფე კვლავ ქვიშაზე აშენებულ ციხესიმაგრეს ჰგავს, რომელიც ირყევა და ნგრევის პირასაა. ადამიანი ძალიან მცირე რეალობას ფლობს; თითქმის შეუძლებელია ადამიანში რაიმე რეალობის პოვნა. ადამიანის მიერ ბუნებრივად ძალიან მცირე რეალობა მჟღავნდება და მთელი ის რეალობა, რომლითაც ის ცხოვრობს, იძულებითია. აი მიზეზი, თუ რატომ ვამბობ, რომ ადამიანი არ ფლობს რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ირწმუნებიან, რომ მათი ღვთისმოყვარე გული არასდროს იცვლება, ისინი ასე ამბობენ უბრალოდ მანამ, სანამ რაიმე განსაცდელის წინაშე დადგებიან. როდესაც ისინი ერთ დღეს მოულოდნელად განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებიან, ის, რაზეც ისინი საუბრობენ, კვლავ ასცდება რეალობას და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ადამიანი რეალობას არ ფლობს. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ისეთ რამეს წააწყდები, რაც არ შეესაბამება შენს წარმოდგენებს და მოითხოვს საკუთარი თავის გვერდზე გადადებას, ეს ყველაფერი შენი განსაცდელია. ღვთის განზრახვის გამჟღავნებამდე ყველა გადის მკაცრ გამოცდას და უზარმაზარ განსაცდელს. შეგიძლია ჩასწვდე ამას? როდესაც ღმერთს სურს ადამიანების გამოცდა, იგი ყოველთვის აძლევს მათ არჩევანის გაკეთების საშუალებას, რეალური ჭეშმარიტების გამჟღავნებამდე. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ღმერთი ადამიანს განსაცდელში აგდებს, იგი არასდროს გეტყვის სიმართლეს; ეს არის გზა, რომლითაც ადამიანები გამოაშკარავდებიან. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ღმერთი ასრულებს თავის საქმეს, რათა დაინახოს, იცნობ თუ არა დღევანდელ ღმერთს და ასევე, ფლობ თუ არა რაიმე რეალობას. ნამდვილად გათავისუფლებული ხარ ეჭვებისგან ღვთის საქმესთან დაკავშირებით? შეძლებ კი ჭეშმარიტად მტკიცედ დადგე, როდესაც დიდი განსაცდელი დაგატყდება თავს? ვინ გაბედავს თქვას: „გარანტიას გაძლევ, რომ პრობლემები არ იქნება“? ვინ გაბედავს ამტკიცოს, რომ „სხვებს შეიძლება ეჭვი ეპარებოდათ, მე კი - არასდროს?“ ეს ისევეა, როგორც მაშინ, როდესაც პეტრე განსაცდელში აღმოჩნდა: ის ყოველთვის ბაქიაობდა, სანამ სიმართლე არ გამჟღავნდა. ეს არ არის მხოლოდ პეტრეს დამახასიათებელი ნაკლი; ეს არის უდიდესი სირთულე, რომლის წინაშეც ამჟამად ყველა ადამიანი დგას. თუ რამდენიმე ადგილს ვესტუმრები ან რამდენიმე და-ძმას მოვინახულებ, რათა ვნახო, როგორ გესმით ღვთის დღევანდელი საქმე, თქვენ ნამდვილად ბევრს იტყვით მასზე, თუ რა იცით და ისე, თითქოს არანაირი ეჭვი არ გეპარებათ. მე რომ შეგეკითხო: „ნამდვილად შეგიძლია დაადგინო, რომ დღევანდელ საქმეს თავად ღმერთი ასრულებს?“ „ყოველგვარი ეჭვის გარეშე?“ შენ აუცილებლად უპასუხებ: „ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ ეს ღვთის სულის მიერ შესრულებული საქმეა“. როგორც კი ამგვარად უპასუხებ, ეჭვის ნატამალიც კი აღარ დაგრჩება და საკმაოდ კმაყოფილიც კი იქნები, რადგან იფიქრებ, რომ რეალობა შეიძინე. ისინი, ვინც მიდრეკილნი არიან ამგვარი გაგებისაკენ, ნაკლებად ფლობენ რეალობას; რაც უფრო მეტად ფიქრობს ადამიანი, რომ მიაღწია ამას, მით უფრო ნაკლებად შეძლებს სიმტკიცის შენარჩუნებას განსაცდელის წინაშე. ვაი მათ, ვინც ამპარტავანნი და ქედმაღალნი არიან და ვაი მათ, ვისაც საკუთარი თავი არ შეუცნია; ასეთი ადამიანები ოსტატურად საუბრობენ, თუმცა ყველაზე ნაკლებ ძალუძთ თავიანთი სიტყვები საქმედ აქციონ. სირთულის უმცირესი ნიშნისთანავე ამ ადამიანებს ეჭვები უჩნდებათ და გონებაში თავის დანებების აზრი შეეპარებათ. ისინი არ ფლობენ რაიმე რეალობას; მათ უბრალოდ აქვთ თეორიები, რომლებიც რელიგიაზე მაღლა დგას და არ გააჩნიათ ღვთის მიერ ამჟამად მოთხოვნილი არანაირი რეალობა. ყველაზე მეტად მძაგს ისინი, ვინც მხოლოდ თეორიებზე საუბრობენ და რეალობას არ ფლობენ. ისინი სამუშაოს შესრულებისას ყველაზე ხმამაღლა ყვირიან, მაგრამ როგორც კი რეალობას წააწყდებიან, მაშინვე იშლებიან. განა ეს არ აჩვენებს, რომ ეს ადამიანები რეალობას არ ფლობენ? რაც არ უნდა მძვინვარე იყოს ქარი და ტალღები, თუ შეძლებ ფეხზე დგომას ეჭვის ნატამალის გარეშე და მტკიცედ დგომას და უარყოფისგან გათავისუფლებას, მაშინაც კი, როდესაც სხვა არავინაა დარჩენილი, მაშინ ჩაითვლები ჭეშმარიტი გაგების მქონედ და ჭეშმარიტად რეალობის მფლობელად. თუ ქარი საითაც დაუბერავს იქით მიტრიალდები, უმრავლესობას მიჰყვები და სხვათა სიტყვის თუთიყუშივით გამეორებას ისწავლი, მაშინ რაც არ უნდა მჭევრმეტყველი იყო, ეს არ იქნება იმის დასტური, რომ რეალობას ფლობ. ამიტომ, გირჩევ, ნაადრევად ნუ წამოიძახებ ცარიელ სიტყვებს. იცი, რას აპირებს ღმერთი? ნუ მოიქცევი ისე, როგორც მეორე პეტრე, თორემ შერცხვები და თავის აწევის უნარს დაკარგავ; ეს არავისთვის იქნება კარგი. ადამიანების უმეტესობას რეალური სულიერი სიმწიფე არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა დიდი საქმე გასწია, მან რეალობა არ დაატეხა თავს ადამიანებს; უფრო ზუსტად, მას არასდროს არავინ გაუკიცხავს პირადად. ზოგიერთი ადამიანი ასეთი განსაცდელის შედეგად გამოაშკარავდა, როდესაც მათი ცოდვილი ხელები სულ უფრო და უფრო შორს არის გაწვდილი და ფიქრობენ, რომ ადვილია ღმერთი გააცურო, რომ შეუძლიათ, რაც უნდათ ის აკეთონ. ვინაიდან ისინი ასეთ განსაცდელსაც კი ვერ უძლებენ, უფრო რთული განსაცდელი მათთვის გამორიცხულია, ისევე როგორც რეალობის ფლობა. განა ისინი უბრალოდ ღმერთის მოტყუებას არ ცდილობენ? რეალობის ფლობა არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება გაყალბდეს და არც რეალობაა ისეთი რამ, რის მიღწევაც მისი შეცნობით შეგიძლია. ეს დამოკიდებულია შენს რეალურ სულიერ სიმწიფეზე, ასევე, შეძლებ თუ არა ყველა განსაცდელის გაძლებას. გესმის?
ღმერთი ადამიანებისგან არ მოითხოვს უბრალოდ რეალობაზე საუბრის უნარს; ეს ძალიან ადვილი იქნებოდა, არა? მაშ, რატომ საუბრობს ღმერთი სიცოცხლეში შესვლაზე? რატომ საუბრობს ტრანსფორმაციაზე? თუ ადამიანებს მხოლოდ ფუჭი ლაპარაკი შეუძლიათ რეალობაზე, მაშინ შეუძლიათ მათ მიაღწიონ საკუთარი ხასიათის ტრანსფორმაციას? ჯგუფის წვრთნა, მათი სამეფოს კარგ ჯარისკაცებად ქცევისთვის არ ნიშნავს მათ ისეთ ადამიანებად ჩამოყალიბებას, რომელთაც მხოლოდ რეალობაზე საუბარი ან ტრაბახი შეუძლიათ; პირიქით, ეს ნიშნავს მათ ისეთ ადამიანებად ჩამოყალიბებას, რომელთაც ყოველთვის შეუძლიათ ღვთის სიტყვების ცხოვრებაში გამოვლენა, ურყევობის შენარჩუნება, მიუხედავად ნებისმიერი დაბრკოლებისა და ყოველთვის ღვთის სიტყვებით ცხოვრება და არა ამ მიწიერებაში დაბრუნება. ეს არის რეალობა, რომელზეც ღმერთი საუბრობს; ამას ითხოვს ღმერთი ადამიანისგან. ამრიგად, ნუ მიიჩნევ ღმერთის ნათქვამ რეალობას ზედმეტად მარტივად. სულიწმიდისგან მომდინარე უბრალო ნათელი არ ნიშნავს რეალობის ფლობას. ასეთი არ არის ადამიანის სულიერი სიმწიფე — ეს ღვთის მადლია, რომელშიც ადამიანს არაფრით შეაქვს წვლილი. თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიაროს პეტრეს ტანჯვა და უფრო მეტიც, ფლობდეს პეტრეს დიდებას, რომელსაც ის ცხოვრებაში გამოავლენს ღვთის საქმის მოპოვების შემდეგ. მხოლოდ ამას შეიძლება ეწოდოს რეალობა. არ იფიქრო, რომ რეალობას ფლობ მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე საუბარი შეგიძლია; ეს მცდარი წარმოდგენაა. ასეთი აზრები არ შეესაბამება ღვთის განზრახვებს და არანაირი რეალური მნიშვნელობა არ აქვს. მომავალში ასეთი რამ აღარ თქვა — ჩაახშე ასეთი გამონათქვამები! ყველა, ვისაც ღვთის სიტყვების აბსურდული გაგება აქვს, ურწმუნოა. მათ არ გააჩნიათ რაიმე რეალური ცოდნა, მით უფრო რაიმე რეალური სულიერი სიმწიფე; ისინი უმეცარი ხალხია, რომელთაც აკლიათ რეალობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ღვთის სიტყვების არსის მიღმა ცხოვრობენ ურწმუნოები არიან. ისინი, ვისაც ხალხი ურწმუნოდ მიიჩნევს, ღვთის თვალში მხეცები არიან, ხოლო ისინი, ვისაც ღმერთი ურწმუნოდ მიიჩნევს, ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ღვთის სიტყვებით არ ცხოვრობენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი, რომლებიც არ ფლობენ ღვთის სიტყვების რეალობას და ვერ ახერხებენ მისი სიტყვების ცხოვრებაში გამოვლენას, ურწმუნოები არიან. ღვთის სურვილია, რომ ყველამ ცხოვრებაში გამოავლინოს მისი სიტყვების რეალობა — ყველამ არა უბრალოდ ისაუბროს რეალობაზე, არამედ, უფრო მეტიც, შეძლოს მისი სიტყვების რეალობის ცხოვრებაში გამოვლენა. რეალობა, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, ძალიან ზედაპირულია; მას არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ვერ დააკმაყოფილებს ღვთის განზრახვებს. ეს ძალიან მდაბიურია და ხსენების ღირსიც კი არ არის. მას ძალიან ბევრი რამ აკლია და ღვთის მოთხოვნილ სტანდარტებს ძალიან ჩამორჩება. თითოეული თქვენგანი სერიოზულ შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს, რომელმა თქვენგანმა იცის უბრალოდ საკუთარი ცოდნის შესახებ საუბარი გზის მითითების გარეშე და ამასთან, თუ ვინ არის თქვენ შორის უსარგებლო ნაგავი. დაიმახსოვრე ეს ამიერიდან! ნუ ისაუბრებ ფუჭი ცოდნის შესახებ; ისაუბრე მხოლოდ პრაქტიკის გზისა და რეალობის შესახებ. რეალური ცოდნიდან რეალურ პრაქტიკაზე და შემდეგ პრაქტიკიდან რეალურ ცხოვრებაში გამოვლენაზე გადასვლა. ნუ წაუკითხავ სხვებს ლექციებს და ნუ ისაუბრებ ნამდვილ ცოდნაზე. თუ შენი გაგება გზაა, მაშინ დაე შენმა სიტყვებმა თავისუფლად განვლონ იგი; თუ ასე არ არის, მაშინ, გთხოვ, პირი მოკუმო და საუბარი შეწყვიტო! ის, რასაც შენ ამბობ, უსარგებლოა. გაგებაზე იმიტომ საუბრობ, რომ ღმერთს მოატყუო და სხვებს შენი შური გააღვივო. განა ეს არ არის შენი ამბიცია? განა განზრახ არ ეთამაშები სხვებს? არის ამაში რაიმე ღირებულება? თუ გაგებაზე მისი განცდის შემდეგ საუბრობ, შენ არ აღიქმები მკვეხარად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც ამპარტავან სიტყვებს აფრქვევს. შენს რეალურ გამოცდილებაში ბევრი რამ არის, რის გადალახვაც არ შეგიძლია და ვერ აუჯანყდები საკუთარ ხორცს; შენ ყოველთვის აკეთებ იმას, რაც გინდა, არასდროს აკმაყოფილებ ღვთის განზრახვებს — მაგრამ მაინც გყოფნის კადნიერება, თეორიულ გაგებაზე ისაუბრო. უსირცხვილო ხარ! შენ ჯერ კიდევ იმდენად თამამად საუბრობ ღვთის სიტყვების შენეულ გაგებაზე. რა თავხედი ხარ! ორატორობა და ტრაბახი შენი ბუნება გახდა და ამას შეეჩვიე. როდესაც საუბარი გსურს, ამას მარტივად აკეთებ, მაგრამ როდესაც საქმე პრაქტიკას ეხება, შენ მორთულობას მიმართავ. განა ეს სხვების მოტყუების გზა არ არის? შეიძლება შეძლო ადამიანების მოტყუება, მაგრამ ღმერთის მოტყუება შეუძლებელია. ადამიანებმა არ იციან და მათ არ აქვთ გამჭრიახობა, მაგრამ ღმერთი სერიოზულად უდგება ასეთ საკითხებს და არ დაგინდობს. შესაძლოა, შენმა და-ძმებმა დაგიჭირონ მხარი, შეაქონ შენი გაგება და აღფრთოვანდნენ შენით, მაგრამ თუ არ ფლობ რეალობას, სულიწმიდა არ დაგინდობს. შესაძლოა, პრაქტიკული ღმერთი არ დაეძებდეს შენს ნაკლოვანებებს, მაგრამ ღვთის სული უგულებელგყოფს და ამის ატანა საკმაოდ რთული იქნება შენთვის. გჯერა ამის? მეტად ისაუბრე პრაქტიკის რეალობაზე; დაგავიწყდა უკვე? მეტად ისაუბრე პრაქტიკულ გზებზე; დაგავიწყდა უკვე? „უფრო ნაკლები ამპარტავნული თეორიები და უსარგებლო, გაბერილი საუბრები შესთავაზე; უმჯობესია ახლავე დაიწყო პრაქტიკა.“ დაგავიწყდა ეს სიტყვები? საერთოდ არ გესმის? ნუთუ არ გაქვს წარმოდგენა ღვთის განზრახვების შესახებ?