წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (3)

პუნქტი მესამე: იმ ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება, რომლებიც უნდა იქნას გაგებული თითოეული მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად (ნაწილი მეორე)

წინა შეხვედრაზე ჩვენ დამატებითი თანაზიარება გვქონდა წინამძღოლებისა და მუშაკების მეორე პასუხისმგებლობაზე, ვისაუბრეთ სიცოცხლეში შესვლის სირთულეებზე და ვამხილეთ ცრუ წინამძღოლთა გარკვეული ქმედებები და გამოვლინებები. შემდეგ ჩვენ განვიხილეთ წინამძღოლებისა და მუშაკების მესამე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი —იმ ჭეშმარიტება-პრინციპების შესახებ თანაზიარება, რომლებიც თითოეული მოვალეობის სათანადოდ შესასრულებლად უნდა იყოს გაგებული— და ვამხილეთ და გავაანალიზეთ, თუ სად ვლინდება ცრუ წინამძღოლთა სიყალბე ამ საკითხებისადმი მათი დამოკიდებულების, ქმედებებისა და გამოვლინებების მეშვეობით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოვლინებები იმისა, თუ როგორ ვერ ასრულებენ ცრუ წინამძღოლები თავიანთ მოვალეობებს. გთხოვთ, ჩამოთვალოთ ეს საკითხები. (ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა ღვთის სიტყვების წიგნების ბეჭდვას. იმ ცრუ წინამძღოლს კონკრეტული საქმე არ გაუკეთებია, ის მხოლოდ ფუჭად ქადაგებდა მოძღვრებებს. ის, ასევე, არც ჭეშმარიტება-პრინციპებზე ჩატარებულ თანაზიარებას უთმობდა დიდ დროს და არც ოდნავი რეალური საქმე გაუკეთებია.) ამ საკითხში იმ ცრუ წინამძღოლს რეალური საქმე არ შეუსრულებია, მან ვერ შეასრულა თავისი, როგორც წინამძღოლისა და მუშაკის მოვალეობები და ნათლად არ გაუზიარებია პროფესიული მოთხოვნები, კონკრეტული პრინციპები და საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები. მან მხოლოდ რამდენიმე ლოზუნგი წამოიყვირა, რამდენიმე ფუჭი სიტყვა თქვა და ჩათვალა, რომ საქმე კარგად შეასრულა. კიდევ რაზე ვიმსჯელეთ? (ასევე იყო ღმერთისთვის თბილი ქურთუკის ყიდვის შემთხვევა.) რა პრობლემა გამოავლინა ამ შემთხვევამ ცრუ წინამძღოლებთან დაკავშირებით? (მან გამოააშკარავა, რომ ცრუ წინამძღოლები რეალურ საქმეს არ აკეთებენ და მათ სრულიად აკლიათ ადამიანობა და გონიერება.) როდესაც ვიღაცამ ჩემთვის სამოსი იყიდა, იმ წინამძღოლებმა მისი შემოწმება დაიწყეს — განა ეს არის იმ საქმის ნაწილი, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? (არა, არ არის.) მათ გააკეთეს ის, რაც არ ევალებოდათ — რაშია აქ პრობლემა? (მათ თავიანთ ნამდვილ საქმეს არ მიხედეს.) ეს ცრუ წინამძღოლების ერთ-ერთი გამოვლინებაა. პირველ რიგში, ამან გამოააშკარავა, რომ ცრუ წინამძღოლები თავიანთ პირდაპირ მოვალეობას არ ასრულებენ, მეორე მხრივ კი გამოაჩინა, რომ მათ აკლიათ გონიერება და მხოლოდ ისეთ ამაზრზენ რამეებს აკეთებენ, რაც გონიერებასა და ადამიანობას მოკლებულია. თქვენ მხოლოდ მაგალითებს იმახსოვრებთ, თუმცა არ შეგიძლიათ ჩასწვდეთ იმ საკითხებს, რომლებსაც ეს მაგალითები ხსნის, ან იმ პრობლემათა არსს, რომელთა გარჩევასაც ისინი ემსახურება. კიდევ რა მაგალითები მოვიყვანე იმის შესახებ, რომ ცრუ წინამძღოლები თავიანთ პირდაპირ მოვალეობას არ ასრულებენ? (იყო საკონდიტრო ნაწარმის მცხობელის შემთხვევა, რომელიც ღმერთისთვის სულ ნამცხვრებს აცხობდა. ღმერთმა აუკრძალა ამის კეთება, თუმცა წინამძღოლები და მუშაკები მაინც არ უშლიდნენ მას ხელს და თავადაც მიირთმევდნენ ამ ნამცხვრებს.) რა ნაკლოვანებები წარმოაჩინა ამ შემთხვევამ ცრუ წინამძღოლებში? (ის, რომ ისინი საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებენ, არ აკეთებენ საჭირო საქმეს და იმას ებღაუჭებიან, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ.) პირველ რიგში, ამან აჩვენა, რომ ცრუ წინამძღოლები თავიანთ საქმეს არ აკეთებენ და არ ესმით, რა არის მათი საქმიანობის არსი და მიზანი. გარდა ამისა, ცრუ წინამძღოლებს სერიოზული პრობლემა აქვთ. რა არის ეს? (ისინი არ ემორჩილებიან ღვთის სიტყვებს და არ ასრულებენ სამუშაოს ღვთის მოთხოვნების შესაბამისად.) კიდევ სურს ვინმეს რამის დამატება? (ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს სულიერნი არიან და ღვთის ტვირთს იზიარებენ, სინამდვილეში კი მხოლოდ თავნებობენ და ბოროტებას სჩადიან.) ეს მათი კიდევ ერთი პრობლემაა. სხვა ვინმეს თუ გაქვთ რამე სათქმელი? (სანამ რამეს მოიმოქმედებენ, ისინი არ ცდილობენ ჩაწვდნენ ღვთის მოთხოვნებს; ამის ნაცვლად, ღვთის ნებას საკუთარი წარმოსახვებით ანაცვლებენ.) ეს გონიერების ნაკლებობის კატეგორიას განეკუთვნება. რომელიმეს გაქვთ რამე სათქმელი? (ის დამოკიდებულება, რომელიც ცრუ წინამძღოლებმა ღვთისთვის ტანსაცმლის შეძენის მიმართ გამოავლინეს, მათში ნორმალური ადამიანობის ნაკლებობაზე მეტყველებს.) ნორმალური ადამიანობის რომელი ასპექტი აკლიათ მათ? მათ არ ესმით ქცევის წესები და არ გააჩნიათ ზრდილობა. განა ასე არ არის? (დიახ.) სინამდვილეში, ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მეორეხარისხოვანია; რა არის მთავარი პრობლემა? როგორც კი ეს ადამიანები წინამძღოლები ხდებიან, მათ საკუთარი სტატუსითა და განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბობა სურთ და კომფორტს ესწრაფვიან. მაგალითად, მათ რამდენიმე ნამცხვრის დაგემოვნება უნდათ და როგორც კი შეამჩნევენ, რომ ვინმე კარგად ამზადებს, მაშინვე იმ ადამიანის ნახელავის გასინჯვაზე ფიქრობენ, რათა საკუთარი ჟინი მოიკლან. ისედაც გულისამრევია, რომ ისინი საკუთარ საქმეს არ აკეთებენ და რეალურ სამუშაოს თავს არიდებენ, მაგრამ ამას ემატება ისიც, რომ კომფორტს ეშურებიან და ნაყროვანების სიამოვნებას არიან დახარბებულნი. ისინი ღმერთისთვის განკუთვნილი კერძების გასინჯვისა და შემოწმების საბაბს იყენებენ, რათა საკუთარი გაუმაძღარი სურვილები დაიკმაყოფილონ და თავიანთი სტატუსით მინიჭებული პრივილეგიებით ისარგებლონ. ეს ყველაფერი ცრუ წინამძღოლების გამოვლინებებია. თუმცა ეს გამოვლინებები არ შეიძლება ჩაითვალოს ბოროტებად ან უკეთურებად, როდესაც მათ ანტიქრისტეთა ხასიათ-არსს ვადარებთ, ცრუ წინამძღოლთა ადამიანობა საკმარისია იმისთვის, რომ ხალხში ზიზღი გამოიწვიოს. ზნეობის თვალსაზრისით, მათ სინდისი და გონიერება აკლიათ; მათი ადამიანობა საკმაოდ მდაბალი და ბინძურია, ხოლო მათი პატიოსნება — უდაბლესი. ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ ცრუ წინამძღოლებს რეალური საქმის კეთება არ შეუძლიათ. ეს ფაქტია.

ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ საქმის შესრულების პრინციპებთან თანაზიარება

დღეს ჩვენ გავაგრძელებთ ცრუ წინამძღოლთა სხვადასხვა გამოვლინების მხილებას, წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობებზე დაყრდნობით. ცრუ წინამძღოლებს, როგორც წესი, არ შესწევთ ძალა, ეკლესიის მნიშვნელოვან და კრიტიკულ საქმეს გაუძღვნენ. ისინი მხოლოდ მარტივ, ზოგად საქმეებს აგვარებენ. მათ საქმიანობას არ აქვს გადამწყვეტი ან კრიტიკული მნიშვნელობა მთლიანად ეკლესიის საქმიანობისთვის და არც რაიმე რეალური შედეგები მოაქვს. მათი თანაზიარება, არსებითად, მხოლოდ რამდენიმე ბანალურ და ყოველდღიურ თემას მოიცავს. ეს ყველაფერი ხშირად გამეორებული სიტყვები და მოძღვრებებია, რომლებიც უკიდურესად ცარიელი, ზედაპირული და დეტალებს მოკლებულია. მათი თანაზიარება მხოლოდ იმას შეიცავს, რისი გაგებაც ადამიანებს ტექსტის სიტყვასიტყვით წაკითხვითაც შეუძლიათ. ამ ცრუ წინამძღოლებს საერთოდ არ შეუძლიათ იმ რეალური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ღვთის რჩეულ ხალხს სიცოცხლეში შესვლისას აქვთ. განსაკუთრებით კი, მათ კიდევ უფრო ნაკლებად ძალუძთ ადამიანთა წარმოდგენების, წარმოსახვებისა და გახრწნილი ხასიათის გამოვლინებების აღმოფხვრა. მთავარი ის არის, რომ ცრუ წინამძღოლებს უბრალოდ არ შეუძლიათ იტვირთონ ღვთის სახლის მიერ ორგანიზებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეები, როგორებიცაა სახარებისეული საქმე, კინოწარმოების საქმე ან ტექსტებზე მუშაობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პროფესიულ ცოდნასთან დაკავშირებულ სამუშაოს ეხება, თუმცა ცრუ წინამძღოლებმა შეიძლება ნათლად იციან, რომ ამ სფეროებში არაპროფესიონალები არიან, ისინი არც მათ შესწავლას ცდილობენ და არც იკვლევენ და მით უმეტეს, არ შეუძლიათ სხვებს კონკრეტული მიმართულება მისცენ ან მათთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა გადაჭრან. და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უსირცხვილოდ მართავენ შეკრებებს, დაუსრულებლად საუბრობენ ფუჭ თეორიებზე და მოძღვრებებსა და ფრაზებს იმეორებენ. ცრუ წინამძღოლებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათ არ შეუძლიათ ამგვარი სამუშაოს შესრულება, თუმცა მაინც ექსპერტებად მოაქვთ თავი, ქედმაღლურად იქცევიან და ყოველთვის მაღალფარდოვან მოძღვრებებს იყენებენ სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად. მათ არ შეუძლიათ ვინმეს კითხვებს უპასუხონ, თუმცა მაინც პოულობენ საბაბსა და მიზეზს სხვების გასაკიცხად. ეკითხებიან მათ, თუ რატომ არ ეუფლებიან პროფესიას, რატომ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და რატომ არ შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გადაჭრა. ეს ცრუ წინამძღოლები, რომლებიც ამ სფეროებში არაპროფესიონალები არიან და არავითარი პრობლემის გადაჭრა არ შეუძლიათ, მაინც მაღალფარდოვნად მოძღვრავენ სხვებს. გარეგნულად სხვებს ისე აჩვენებენ, თითქოს ძალიან დაკავებულები არიან, თითქოს ბევრი საქმის გაკეთება შეუძლიათ და ძალიან უნარიანები არიან, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენენ. აშკარაა, რომ ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება, თუმცა მაინც ენთუზიაზმით ფუსფუსებენ და შეკრებებზე მუდამ ერთსა და იმავე ბანალურ ფრაზებს იმეორებენ, ოღონდ ისე, რომ ერთი რეალური პრობლემის გადაჭრაც კი არ ძალუძთ. ხალხს ეს ძალიან ბეზრდება და აქედან ვერანაირ სულიერ დარიგებას ვერ იღებს. ამგვარი მუშაობა უკიდურესად არაეფექტურია და მას არანაირი შედეგი არ მოაქვს. აი, ასე მუშაობენ ცრუ წინამძღოლები და ამის გამო ეკლესიის საქმე ფერხდება. თუმცა ცრუ წინამძღოლებს მაინც ჰგონიათ, რომ დიდებულ საქმეს აკეთებენ და ძალიან უნარიანები არიან, მაშინ როცა, სინამდვილეში, მათ ეკლესიის მუშაობის არცერთი ასპექტი არ შეუსრულებიათ ჯეროვნად. მათ არ იციან, არიან თუ არა სტანდარტის შესაბამისი ის წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც მათ პასუხისმგებლობაში შედიან; არც ის უწყიან, შეუძლიათ თუ არა სხვადასხვა გუნდის წინამძღოლებსა და ზედამხედველებს თავიანთი საქმის გაძღოლა; ისინი არც იმით ინტერესდებიან და არც იმას კითხულობენ, წამოიჭრა თუ არა პრობლემები დებისა და ძმების მიერ მოვალეობების შესრულებისას. მოკლედ რომ ვთქვათ, ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ თავიანთ საქმიანობაში წამოჭრილი რაიმე პრობლემის გადაჭრა, თუმცა მაინც ენერგიულად საქმიანობენ. სხვების თვალში, ცრუ წინამძღოლებს შესწევთ უნარი გაუძლონ გაჭირვებას, მზად არიან გაიღონ გარკვეული საფასური და ყოველდღე დაუღალავად ფუსფუსებენ. სადილობისას სპეციალური მიწვევა სჭირდებათ, დასაძინებლად კი შუაღამისას მიდიან. თუმცა მათი შრომის ნაყოფი მაინც მინიმალურია. ზედაპირული დაკვირვებით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა საქმე კეთდება და ყველა თავდაუზოგავად შრომობს, თუმცა საკითხის სიღრმისეული შესწავლა და სამუშაოს გულდაგულ შემოწმება ნამდვილ სურათს წარმოაჩენს. საქმიანობის თითოეული პუნქტი, რომელიც მათ პასუხისმგებლობაში შედის, სრული ქაოსია; მასში საერთოდ არ არსებობს სტრუქტურა ან წესრიგი. ყველა საქმეში ხარვეზებია, ზოგან კი სერიოზული ჩავარდნებიც კი შეინიშნება. ამ პრობლემების წარმოშობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები და საკუთარი შეხედულებების, წარმოსახვებისა და ენთუზიაზმის საფუძველზე მოქმედებენ. ცრუ წინამძღოლები არასოდეს თანაზიარებენ ჭეშმარიტება-პრინციპებზე და არც პრობლემების გადასაჭრელად ეძიებენ ოდესმე ჭეშმარიტებას. აშკარაა, რომ მათ სულიერი წვდომა აკლიათ და არ შეუძლიათ წინამძღოლური სამუშაოს შესრულება. მათ მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების რახარუხი შეუძლიათ, ჭეშმარიტებისა კი საერთოდ არაფერი გაეგებათ, თუმცა მაინც თავს ისე აჩვენებენ, თითქოს რამე იციან და ცდილობენ, თავი ექსპერტებად გაასაღონ. სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებენ, მხოლოდ ფორმალობისთვის კეთდება. როდესაც პრობლემა წარმოიქმნება, ისინი ბრმად იყენებენ წესებს მის მოსაგვარებლად. ისინი უმისამართოდ იხარჯებიან და შრომობენ ყოველგვარი რეალური შედეგის გარეშე. იმის გამო, რომ ამ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები, მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევენ და სხვებს წესების დაცვისკენ მოუწოდებენ, ეკლესიის მუშაობის თითოეული პუნქტის პროგრესი ფერხდება და ნათელი შედეგები არ მიიღწევა. ყველაზე აშკარა შედეგი იმისა, რომ ცრუ წინამძღოლი გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობს, არის ის, რომ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ჭეშმარიტების გაგება. მათ არ იციან, როგორ ამოიცნონ, როდესაც ვინმე გარყვნილებას ავლენს ან მცდარი შეხედულებები უყალიბდება და, რა თქმა უნდა, არ ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებიც მოვალეობის შესრულებისას უნდა დაიცვან. ისინი, ვინც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ისინიც, ვინც არ ასრულებენ, ყველანი დუნენი, თავაშვებულნი და უდისციპლინონი არიან და გაფანტული ქვიშასავით უწესრიგოდ იფანტებიან. მათი უმეტესობა შეიძლება ფლობდეს რამდენიმე სიტყვასა და მოძღვრებას, მაგრამ მოვალეობის შესრულებისას მხოლოდ წესებს იცავენ. მათ არ იციან, როგორ ეძიონ ჭეშმარიტება პრობლემების გადასაჭრელად. ვინაიდან თავად ცრუ წინამძღოლებმა არ იციან, როგორ ეძიონ ჭეშმარიტება პრობლემების გადასაჭრელად, როგორღა შეძლებენ სხვებს გაუძღვნენ ამისკენ? რაც არ უნდა დაემართოთ სხვებს, ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ამგვარი მოწოდებებით შემოიფარგლებიან: „ღვთის ნება უნდა გავითვალისწინოთ!“, „საკუთარი საქმის მიმართ ერთგულება უნდა გამოვიჩინოთ!“, „როდესაც რაიმე სირთულეს ვაწყდებით, უნდა ვიცოდეთ ლოცვა და ჭეშმარიტება-პრინციპების ძიება!“ ცრუ წინამძღოლები ხშირად გაჰყვირიან ამ ლოზუნგებსა და მოძღვრებებს, თუმცა ამას საერთოდ არავითარი შედეგი არ მოაქვს. მათი მოსმენის შემდეგ ხალხს მაინც არ ესმის, რა არის ჭეშმარიტება-პრინციპები და მათ არ გააჩნიათ პრაქტიკული გზა. გარეგნულად, როცა რაიმე ხდება, ადამიანები ლოცულობენ და ცდილობენ, საქმისადმი ერთგულება გამოიჩინონ, მაგრამ მათ წარმოდგენა არ აქვთ, კონკრეტულად რა არის საჭირო ერთგულებისთვის, როგორ ილოცონ ღვთის განზრახვების ამოსაცნობად ან როგორ ეძიონ გამოსავალი პრობლემის გაჩენისას, რომ ჭეშმარიტება-პრინციპებში გაერკვნენ. როდესაც ადამიანები ცრუ წინამძღოლებს ეკითხებიან, ისინი ასე პასუხობენ: „როდესაც რაიმე შეგემთხვევა, მეტი იკითხე ღვთის სიტყვა, მეტი ილოცე და მეტი თანაზიარება იქონიე ჭეშმარიტებაზე.“ ხალხის კითხვაზე — რა პრინციპებს ეფუძნება ეს საქმე? — ისინი ასე პასუხობენ: „ღვთის სიტყვაში პროფესიულ საკითხებზე არაფერი წერია, მე კი საქმის ამ მხარეს საერთოდ არ ვიცნობ. თუ გსურთ გაერკვეთ, თავად გამოიკვლიეთ — მე ნუ მეკითხებით. მე თქვენ ჭეშმარიტების გაგებაში გიწევთ წინამძღოლობას და არა პროფესიულ საკითხებში.“ ცრუ წინამძღოლები მსგავს სიტყვებს კითხვებისგან თავის დასაღწევად იყენებენ. შედეგად კი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას საკუთარი მოვალეობის შესრულების დიდი სურვილი და ენთუზიაზმი აქვს, მათ არ იციან, როგორ იმოქმედონ ჭეშმარიტება-პრინციპებზე დაყრდნობით და არც ის უწყიან, როგორ დაიცვან ეს პრინციპები მოვალეობების შესრულებისას. თუ გადავხედავთ ცრუ წინამძღოლების პასუხისმგებლობის სფეროში შემავალი სამუშაოს თითოეული პუნქტის შედეგებს, ადამიანთა უმეტესობა საქმის კეთებისას საკუთარ ცოდნას, განათლებასა და ნიჭს ეყრდნობა. მათ წარმოდგენა არ აქვთ ღვთის ზუსტ მოთხოვნებზე, საქმის კეთების საფუძვლებზე ან იმაზე, თუ როგორ გახდნენ ღვთის ჭეშმარიტი მოწმენი და როგორ იქადაგონ სახარება უფრო ნაყოფიერად, რათა ღვთის მაძიებელმა ადამიანებმა მისი ხმა შეიმეცნონ, სწორი გზა იპოვონ და დროულად დაუბრუნდნენ მას. რატომაა, რომ მათ ეს საკითხები არ იციან? ეს პირდაპირ კავშირშია ცრუ წინამძღოლების მარცხთან, შეასრულონ ნამდვილი სამუშაო. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თავად ცრუ წინამძღოლებმა არ იციან, რა არის ჭეშმარიტება-პრინციპები ან რა პრინციპები უნდა გაიგონ და დაიცვან ადამიანებმა. ისინი პრინციპების გარეშე მოქმედებენ და არასოდეს მიუძღვიან ხალხს მოვალეობის შესრულებისას პრაქტიკული პრინციპებისა და გზების ძიებისკენ. როდესაც ცრუ წინამძღოლი პრობლემას აწყდება, მას დამოუკიდებლად ვერ აგვარებს, არც სხვებთან ერთად მსჯელობს და ეძიებს გამოსავალს, რის გამოც საქმიანობისას თითოეული დავალების ხელახალი შესრულება ხშირად უწევს. ეს არა მხოლოდ ფინანსური და მატერიალური რესურსების ფლანგვაა, არამედ ადამიანების ენერგიისა და დროისაც. მსგავსი შედეგები პირდაპირ კავშირშია ცრუ წინამძღოლების ძალიან დაბალ სულიერ მონაცემებთან და უპასუხისმგებლობასთან. მართალია, შესაძლოა ვერ ვამტკიცოთ, რომ ცრუ წინამძღოლები განზრახ სჩადიან ბოროტებას და იწვევენ არეულობას, შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავიანთ საქმიანობაში საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს და ყოველთვის საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მოქმედებენ. ეს უდავოა. იმის გამო, რომ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები და არც სხვებისთვის მათი ნათლად გაზიარება შეუძლიათ, ისინი ადამიანებს სრულ თავისუფლებას აძლევენ, რომ საკუთარი ნება-სურვილისამებრ იმოქმედონ. ეს შემთხვევით გზას უხსნის ზოგიერთ პასუხისმგებელ პირს თვითნებობისა და თავნებობისკენ, რის გამოც ისინი საქმეს საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართავენ და მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც მათთვისაა სასურველი. შედეგად, არა მხოლოდ რეალური შედეგებია მწირი, არამედ ეკლესიის საქმიანობაც ქაოსში იძირება. როდესაც ცრუ წინამძღოლს ათავისუფლებენ, ის არა მხოლოდ არ უფიქრდება საკუთარ თავს და არ სურს საკუთარი თავის შეცნობა, არამედ სოფიზმს მიმართავს, საკუთარ თავს ამართლებს, ჭეშმარიტებას მცირედითაც კი არ იღებს და სინანულის სურვილი საერთოდ არ გააჩნია. ​ისინი შეიძლება კიდევ ერთი შანსის მიცემასაც კი იხვეწებოდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ საქმეს თავს აუცილებლად წარმატებით გაართმევენ. თქვენ თუ გჯერათ მათი? მათ საკუთარი თავის შესახებ საერთოდ არაფერი იციან და არც ჭეშმარიტებას იღებენ. შესწევთ კი მათ ამის შემდეგ გზის შეცვლის უნარი? მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა, ამიტომ, განა შეძლებენ საქმის კარგად კეთებას? განა ეს შესაძლებელია? ამჯერად საქმეს თავი ვერ გაართვეს — განა შეძლებენ მის კარგად შესრულებას, კიდევ ერთი შანსი რომ მიეცეთ? ეს შეუძლებელია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ცრუ წინამძღოლებს მუშაობის უნარი არ შესწევთ. ხანდახან შეიძლება ბევრს შრომობდნენ და ძალიან დაკავებულებიც იყვნენ, მაგრამ ეს ბრმა ფუსფუსია და მას ნაყოფი არ გამოაქვს. ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ცრუ წინამძღოლებს ძალიან დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ, საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება და არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება. ეს სამუშაოში ბევრი პრობლემის წარმოშობას იწვევს, თუმცა მათ არ შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა ჭეშმარიტებაზე თანაზიარებით და მხოლოდ რამდენიმე ცარიელ მოძღვრებას იყენებენ, რათა ხალხს წესების დაცვისკენ მოუწოდონ, რის შედეგადაც საქმეს აფუჭებენ და მას სრულ ქაოსში ტოვებენ. აი, როგორია ცრუ წინამძღოლების მუშაობის სტილი და შედეგები, რომლებიც ამას მოჰყვება. ყველა წინამძღოლისა და მუშაკისთვის ეს გაფრთხილება უნდა იყოს.

ეკლესიაში არსებული სხვადასხვა არადამაკმაყოფილებელი საკითხი პირდაპირ კავშირშია ცრუ წინამძღოლებთან — ეს გარდაუვალი პრობლემაა. ამ ცრუ წინამძღოლებს ჭეშმარიტების წვდომის უნარი აკლიათ, თუმცა ჰგონიათ, რომ ყველაფერი ესმით და ყველაფერს ხვდებიან, შემდეგ კი საკუთარი წარმოსახვებისა და წარმოდგენების საფუძველზე მოქმედებენ. ისინი არასოდეს ეძიებენ ჭეშმარიტებას იმისთვის, რომ შეავსონ ცოდნის ნაკლებობა ჭეშმარიტება-პრინციპების ან ღვთის მიერ დადგენილი სტანდარტების შესახებ. ბევრ წინამძღოლთან და მუშაკთან მქონია ურთიერთობა და მათ ხშირად ვხვდები. როცა ვხვდებით, ვეკითხები: „რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ? თუ გაქვთ ჩამოწერილი ის სირთულეები, რაც საქმეში იჩენს თავს? არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებასაც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ?“ როდესაც საუბარს ვამთავრებ, ისინი გაშტერებულები მიყურებენ და ეჭვი გაუელვებთ: „ჩვენ წინამძღოლები ვართ; განა შეიძლება პრობლემა გვქონდეს? რაიმე პრობლემა რომ გვქონდეს, განა ეკლესიის საქმიანობა დიდი ხნის წინ არ გაჩერდებოდა? ეს რა კითხვაა? ​ჩვენ ვისმენთ ქადაგებებს, გვაქვს თანაზიარება და ღვთის სიტყვა მუდამ ჩვენთანაა. ეკლესიას ამდენი წინამძღოლი ვუდგავართ სათავეში და შენ მაინც რატომ შფოთავ? ამ კითხვის დასმით აშკარად სათანადოდ არ გვაფასებ. როგორ შეიძლება პრობლემები გვქონდეს? პრობლემები რომ გვქონდეს, წინამძღოლები არ ვიქნებოდით. შენი შეკითხვა ძალიან უადგილოა!“ ყოველთვის, როცა ვეკითხები, აქვთ თუ არა რაიმე სირთულე, ისინი ასეთ მდგომარეობაში არიან — თითოეული მათგანი გაოგნებისა და გონებაჩლუნგობის განსახიერებაა. ეკლესიის მუშაობის სხვადასხვა სფეროში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ამ ადამიანებს მათი დანახვა ან აღმოჩენა უბრალოდ არ შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ წამოჭრან საკითხები, რომლებიც ეხება პიროვნულ სიცოცხლეში შესვლას ან საქმეში არსებული ისეთი პრობლემები, რომლებიც ჭეშმარიტება-პრინციპებთანაა დაკავშირებული. რადგან მათ არ შეუძლიათ ამ საკითხების წამოჭრა, ვეკითხები: „როგორ მიმდინარეობს ღვთის სიტყვების თარგმნის პროცესი? იცი, რამდენი ენა უნდა ითარგმნოს ამჟამად? რომელი ენები უნდა ითარგმნოს ჯერ და რომელი მოგვიანებით? რამდენი ეგზემპლარი უნდა დაიბეჭდოს ღვთის სიტყვისა კონკრეტულ ენებზე?“ ისინი მპასუხობენ: „ოჰ, ითარგმნება.“ მე ვეკითხები: „რა ეტაპზეა თარგმანი? არის რაიმე სირთულე?“ ისინი მპასუხობენ: „არ ვიცი, უნდა წავიდე და ვიკითხო.“ მიწევს მათთვის ამ საკითხების შესახებ კითხვა, თუმცა პასუხები მაინც არ იციან. მაშ, რას აკეთებდნენ ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში? მე ვეკითხები: „მოაგვარე ის საკითხები, რომელთა შესახებაც დებმა და ძმებმა გასულ ჯერზე იკითხეს?“ ისინი მპასუხობენ: „მათთან შეკრება ჩავატარე — მთელი დღის განმავლობაში ვხვდებოდი.“ მე ვეკითხები: „მოგვარდა საკითხები შეკრების შემდეგ? ისინი მპასუხობენ: იმას გულისხმობ, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდა, კიდევ ერთი შეკრება უნდა ჩავატაროთ?“ მე ვეუბნები: „იმას კი არ გეკითხები, ჩაატარე თუ არა შეკრება, არამედ იმას, მოგვარდა თუ არა პროფესიული საკითხები. ეს ხალხი თუ ერკვევა პრინციპებში? თავიანთი მოვალეობების შესრულებისას რაიმე პრინციპი ხომ არ დაურღვევიათ? თუ აღმოაჩინე რაიმე პრობლემა?“ ისინი მპასუხობენ: „ოჰ, პრობლემები? მოვაგვარე. დებს და ძმებს შეკრება ჩავუტარე.“ შეიძლება ამ საუბრის გაგრძელება? (არა, არ შეიძლება.) განა ამ საუბრის მოსმენა არ გაბრაზებთ? (დიახ.) როგორები არიან ეს წინამძღოლები? განა ესენი უბრალოდ ფსევდოსულიერი რეგვენები არ არიან? მათ არ გააჩნიათ წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის დამახასიათებელი სულიერი მონაცემები. ისინი ბრმები არიან, არ იციან, როგორ აკეთონ საქმე და ყველა კითხვაზე მპასუხობენ — „არ ვიცი,“ ხოლო როდესაც კითხვების დასმას განაგრძობ, გეუბნებიან: „რაც არის, არის, მე შეკრება მაინც ჩავატარე, თავი დავანებოთ ამას!“ გააკეთეს ამ წინამძღოლებმა ნამდვილი საქმე? შეესაბამებიან ისინი წინამძღოლის სტანდარტებს? (არა.) ესენი ცრუ წინამძღოლები არიან. მოგწონთ ასეთი წინამძღოლები? თუ ასეთ წინამძღოლებს წააწყდებით, როგორ უნდა მოიქცეთ? ზოგიერთი წინამძღოლი, როდესაც დებსა და ძმებს ხვდება, ამბობს: „მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემები გაქვთ დღეს, მოდით, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, როგორ შევასრულოთ მოვალეობები ჯეროვნად.“ მაშინ ზოგიერთი ამბობს: „ჩვენი მოვალეობის შესრულებისას პროფესიულ ტექნიკასთან დაკავშირებულ პრობლემას წავაწყდით: უნდა გამოვიყენოთ ის პროფესიული ტექნიკა, რომელიც პოპულარულია არამორწმუნეებში?“ განა ეს ის პრობლემა არ არის, რომელიც წინამძღოლებმა უნდა გადაჭრან? თუ ზოგიერთი საკითხი დებსა და ძმებს შორის ურთიერთობით ვერ გვარდება, მათ მოსაგვარებლად საქმეში წინამძღოლები უნდა ჩაერიონ — ეს უშუალოდ წინამძღოლთა მოვალეობას ეხება. რას აკეთებენ ცრუ წინამძღოლები, როდესაც ამ პრობლემებს აწყდებიან? ისინი ამბობენ: „ეს პროფესიული საკითხია; ეს თქვენი პრობლემაა, მე რა შუაში ვარ? ამ საკითხზე თანაზიარება თავად იქონიეთ, მანამდე კი მე თქვენთვის შეკრებას ჩავატარებ. დღევანდელ შეკრებაზე ჩვენ ჰარმონიულ თანამშრომლობაზე გვექნება თანაზიარება. შეკითხვა, რომელიც ახლა დასვით, სწორედ ჰარმონიულ თანამშრომლობას უკავშირდება. თქვენ უნდა შეგეძლოთ საკითხების განხილვა, ერთმანეთთან თანაზიარება და მეტი კვლევის ჩატარება. არავინ უნდა იყოს თავდაჯერებული და ყველამ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც უმრავლესობა დაუჭერს მხარს — განა ეს ჰარმონიული თანამშრომლობის საკითხი არ არის? ჩანს, რომ არ იცით, როგორ ითანამშრომლოთ ჰარმონიულად ან როგორ განიხილოთ პრობლემები მათი წარმოშობისას. თქვენ ყოველი პრობლემის შესახებ მე მეკითხებით. რისთვის მეკითხებით? განა მე მესმის ეს საკითხები? მე რომ მესმოდეს, თქვენ ხომ აღარაფერი დაგრჩებოდათ გასაკეთებელი? ყველაფერზე მე მეკითხებით. განა ეს ის პრობლემაა, რომელიც მე უნდა მოვაგვარო? მე მხოლოდ ჭეშმარიტებაზე თანაზიარება მევალება; პროფესიული საკითხები კი თავად მოაგვარეთ. მე რა საქმე მაქვს მათთან? ყოველ შემთხვევაში, მე უკვე მქონდა თქვენთან თანაზიარება და გითხარით, რომ ჰარმონიულად ითანამშრომლოთ — თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ნუ შეასრულებთ ამ მოვალეობას. მე თანაზიარება დავასრულე; წადით და პრობლემა თავად მოაგვარეთ.“ განა იციან ამ წინამძღოლებმა პრობლემების გადაჭრა? (არა, არ იციან.) მიუხედავად იმისა, რომ ეს არ შეუძლიათ, თავი ძალიან მართალნი ჰგონიათ და მოვალეობისგან თავის არიდებაში გაწაფულნი არიან. გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს მათ თავიანთი საქმე შეასრულეს, ადგილზეც მივიდნენ შესამოწმებლად და არც მოვალეობას არიდებენ თავს. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ნამდვილი საქმის კეთება ან ნამდვილი პრობლემების გადაჭრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან. შეგიძლიათ ამგვარი ცრუ წინამძღოლის ამოცნობა? ნებისმიერი პრობლემის წინაშე დადგომისას მათ არ შეუძლიათ შესაბამის ჭეშმარიტებაზე თანაზიარება: ისინი მხოლოდ ცარიელ მოძღვრებებსა და თეორიებს ქადაგებენ, რომელთაც მეტად ამაღლებულად და ღრმააზროვნად წარმოაჩენენ ხოლმე. ადამიანები კი, მათი მოსმენის შემდეგ, ჭეშმარიტებას ვერც იგებენ და, ამასთანავე, თავს დაბნეულად და გზააბნეულად გრძნობენ. ასე აკეთებენ წინამძღოლები საქმეს.

მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საჭირო ჭეშმარიტება-პრინციპებზე თანაზიარებისას ცრუ წინამძღოლები სრულად მჟღავნდებიან. მათ არ შეუძლიათ თანაზიარება ჭეშმარიტება-პრინციპებზე, ან ხალხის წინამძღოლობა, რათა მათ დაიცვან და პრაქტიკაში განახორციელონ ჭეშმარიტება-პრინციპები მოვალეობის შესრულებისას, ან მიიყვანონ ისინი ჭეშმარიტება-რეალობის გაგებამდე და მასში შესვლამდე — მათ არ შეუძლიათ იმ მოვალეობების შესრულება, რაც წინამძღოლებს მართებთ. ეს ყველაფერი არ არის; მათ ასევე არ შესწევთ უნარი, მუდმივად ფლობდნენ ინფორმაციას სხვადასხვა სფეროს ზედამხედველებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პირების მდგომარეობის შესახებ, ხოლო თუ გარკვეულწილად ფლობენ კიდეც ამ ინფორმაციას, იგი არაზუსტია. ეს დიდ შეფერხებებსა და ზიანს აყენებს საქმის სხვადასხვა სფეროს. ეს არის ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინება, რომლებსაც დღეს ვამხელთ წინამძღოლებისა და მუშაკების მეოთხე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

პუნქტი მეოთხე: სხვადასხვა საქმის ზედამხედველებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პერსონალის მდგომარეობის თვალყურის დევნება, და, საჭიროებისამებრ, მათი დავალებების დროული კორექტირება ან მათი დათხოვნა თანამდებობიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ან შემცირებული შეუფერებელი ადამიანების გამოყენებით გამოწვეული დანაკარგები, და გარანტირებული იყოს საქმის ეფექტიანობა და შეუფერხებელი წინსვლა

წინამძღოლები და მუშაკები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას სხვადასხვა საქმის ზედამხედველების მდგომარეობის შესახებ

რა არის წინამძღოლებისა და მუშაკების მეოთხე პასუხისმგებლობა? („სხვადასხვა საქმის ზედამხედველებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პერსონალის მდგომარეობის თვალყურის დევნება, და, საჭიროებისამებრ, მათი დავალებების დროული კორექტირება ან მათი დათხოვნა თანამდებობიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ან შემცირებული შეუფერებელი ადამიანების გამოყენებით გამოწვეული დანაკარგები, და გარანტირებული იყოს საქმის ეფექტიანობა და შეუფერხებელი წინსვლა.“) სწორედ ასეა, ეს არის მინიმალური სტანდარტი, რომლის შესრულებაც წინამძღოლებსა და მუშაკებს მუშაობის პროცესში მართებთ. ყველაფერი ნათელია თქვენთვის წინამძღოლებისა და მუშაკების ძირითადი მოვალეობების შესახებ ამ მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით? წინამძღოლებსა და მუშაკებს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა სფეროს ზედამხედველებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პირების შესახებ. სხვადასხვა სფეროს ზედამხედველებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პირების მდგომარეობის გააზრება წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობის ფარგლებში შედის. მაშ, ვინ არიან ეს პირები? პირველ რიგში, ესენი არიან ეკლესიის წინამძღოლები, მათ მოჰყვებიან გუნდის ზედამხედველები და სხვადასხვა ჯგუფის წინამძღოლები. განა გადამწყვეტი და უდიდესი მნიშვნელობის არ არის იმის გაგება და გააზრება, ფლობენ თუ არა სხვადასხვა სფეროს ზედამხედველები და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პირები ჭეშმარიტება-რეალობას, არიან თუ არა პრინციპულნი თავიანთ ქმედებებში და შეუძლიათ თუ არა ეკლესიის საქმის კარგად კეთება? თუ წინამძღოლები და მუშაკები საფუძვლიანად გაიაზრებენ სხვადასხვა სფეროს ძირითადი ზედამხედველების გარემოებებს და კადრების შესაბამის კორექტირებას მოახდენენ, ეს იგივეა, რაც მათ მიერ თითოეული სამუშაო პუნქტის ჯეროვანი შემოწმება და ეს მათი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესრულების ტოლფასია. თუ ამ პირებთან დაკავშირებით სწორი კორექტირება არ მოხდება და პრობლემა წარმოიშობა, ეს დიდ გავლენას მოახდენს ეკლესიის მუშაობაზე. თუ ეს პირები კარგი ადამიანობით გამოირჩევიან, ღვთისადმი რწმენის საფუძველი გააჩნიათ, პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და შეუძლიათ ჭეშმარიტების ძიება პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ მათთვის სამუშაოს მინდობა ბევრ სირთულეს აგაცილებთ თავიდან და, რაც მთავარია, საქმის შეუფერხებელ წინსვლას შეუწყობს ხელს. მაგრამ თუ სხვადასხვა გუნდის ზედამხედველები არ არიან სანდონი, აქვთ ცუდი ადამიანობა, არ გამოირჩევიან კარგი ყოფაქცევით და ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ ახორციელებენ, და, ამასთანავე, მიდრეკილნი არიან გარკვეული ხელის შეშლისა და არევ-დარევის გამოწვევისკენ, მაშინ ეს გავლენას მოახდენს როგორც იმ საქმეზე, რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, ისე იმ დებისა და ძმების სიცოცხლეში შესვლაზე, რომელთაც ისინი წინამძღოლობენ. რა თქმა უნდა, ეს გავლენა შეიძლება იყოს დიდი ან მცირე. თუ ზედამხედველები უბრალოდ უგულებელყოფენ საკუთარ მოვალეობებს და სათანადოდ არ გაუძღვებიან საქმეს, ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს საქმიანობისას. პროგრესი ცოტა შენელდება, შესრულებული საქმე კი ცოტა ნაკლებად ეფექტიანი გახდება. თუმცა, თუ ისინი ანტიქრისტეები არიან, პრობლემა სერიოზული იქნება: ეს აღარ იქნება მხოლოდ საქმის ნაკლები ეფექტიანობის ან შედეგიანობის საკითხი — ისინი არეულობას შეიტანენ და დააზიანებენ ეკლესიის იმ საქმეს, რომელზეც პასუხისმგებელნი არიან, რაც მძიმე ზიანს გამოიწვევს. ამრიგად, სხვადასხვა სფეროს ზედამხედველებისა და მნიშვნელოვან საქმეებზე პასუხისმგებელი პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მუდმივი ფლობა, ხოლო იმის აღმოჩენისას, რომ ვინმე რეალურ საქმეს არ აკეთებს, მათი დროული ჩანაცვლება ან გათავისუფლება — ეს ის ვალდებულებაა, რომელსაც წინამძღოლები და მუშაკები თავიდან ვერ აიცილებენ; ეს მეტად სერიოზული და მნიშვნელოვანი სამუშაოა. თუ წინამძღოლები და მუშაკები დროულად გაეცნობიან სხვადასხვა სფეროს ზედამხედველებისა და მნიშვნელოვან საქმეებზე პასუხისმგებელი პირების ზნეობას, მათ დამოკიდებულებას ჭეშმარიტებისა და მოვალეობებისადმი, ასევე მათ მდგომარეობასა და საქმიანობას თითოეულ პერიოდსა და ეტაპზე, და ვითარების მიხედვით დროულად მოახდენენ მათ ჩანაცვლებას ან სათანადო ზომებს მიიღებენ, მაშინ საქმე მყარად და მუდმივად წინ წავა. ამის საპირისპიროდ, თუ ეს ადამიანები თავაშვებულად სჩადიან ბოროტებას და არ ასრულებენ რეალურ სამუშაოს ეკლესიაში, წინამძღოლები და მუშაკები კი ვერ ახერხებენ ამის დროულად შემჩნევასა და სათანადო ჩანაცვლებას, არამედ იცდიან, სანამ უამრავი სერიოზული პრობლემა არ იჩენს თავს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკლესიის მუშაობას, და მხოლოდ ამის შემდეგ ცდილობენ მათთან გამკლავებას, ცვლილებების შეტანას, ვითარების გამოსწორებასა და გადარჩენას, მაშინ ასეთი წინამძღოლები და მუშაკები არაფრის მაქნისები არიან. ისინი ნამდვილი ცრუ წინამძღოლები არიან, რომლებიც უნდა გაათავისუფლონ და მოკვეთონ.

ახლახან ჩვენ ვრცელი თანაზიარება გვქონდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ზედამხედველთა რეალური მდგომარეობისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ცოდნა და გაგება; გამოვიყენეთ ეს რეალური პირობები იმის შესაფასებლად, შეასრულეს თუ არა წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავიანთი მოვალეობები და ვამხილეთ მათი ის გამოვლინებები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან, რითაც გავაანალიზეთ ცრუ წინამძღოლების არსი. როდესაც ეკლესიის მუშაობაში სერიოზული პრობლემები იჩენს თავს, ცრუ წინამძღოლები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. მათ არ შეუძლიათ ამ საკითხების დროულად აღმოჩენა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ოპერატიულად მოგვარებასა და გადაჭრაზე. ეს იწვევს საკითხების გაჭიანურებას, რაც, თავის მხრივ, აყოვნებს და აზიანებს ეკლესიის მუშაობას და შესაძლოა ეკლესიის საქმიანობის პარალიზება ან არეულობა გამოიწვიოს. მხოლოდ მაშინ ხდება, რომ ცრუ წინამძღოლები უხალისოდ მიდიან ეკლესიის მუშაობის ადგილზე ვითარების დასაკვირვებლად, თუმცა მაინც ვერ პოულობენ შესაბამის ან მართებულ გზებს პრობლემების გადასაჭრელად და, საბოლოო ჯამში, მათ უბრალოდ მოუგვარებელს ტოვებენ. ეს არის ცრუ წინამძღოლების ძირითადი გამოვლინება.

სხვადასხვა საქმის ზედამხედველების შერჩევის სტანდარტები

არის თუ არა ხალხის უმრავლესობისთვის მეტ-ნაკლებად ნათელი ის სტანდარტები, რომლებითაც სხვადასხვა საქმის ზედამხედველები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა შეირჩნენ? მაგალითად, უპირველესად რა თვისებებს უნდა ფლობდეს ხელოვნების სფეროს ზედამხედველი? (ის უნდა ფლობდეს პროფესიულ უნარებს ამ სფეროში და შეეძლოს სამუშაოს საკუთარ თავზე აღება). პროფესიული უნარების ქონა ერთ-ერთი თეორიაა. მაშ, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროფესიული უნარები? მოდით, განვმარტოთ ეს. თუ ვინმეს ხატვა სიამოვნებს და ხელოვნების ნიმუშის შექმნითაა დაინტერესებული, მაგრამ ეს მისი პროფესია არ არის, ამ სფეროში ცოდნა არ გააჩნია და უბრალოდ მოსწონს იგი, მართებულია ასეთი ადამიანის არჩევა ხელოვნების გუნდის ზედამხედველად? (არა, ეს არამართებულია). ზოგი ამბობს: „თუ მათ ხელოვნების ნიმუშების შექმნა მოსწონთ, შეძლებენ საქმის კეთებას და ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლიან.“ სწორია ეს მოსაზრება? (არა). აქ არსებობს ერთი გამონაკლისი: თუ ხელოვნების გუნდში სხვა არავინ ფლობს ამ პროფესიას, ეს ადამიანი კი სხვებზე ოდნავ მეტად ერკვევა და მათზე სწრაფად სწავლობს. იქნებოდა თუ არა მისი არჩევა შედარებით მართებული ასეთ შემთხვევაში? (დიახ.) ამ სცენარის გარდა, დავუშვათ, რომ ხელოვნების ნიმუშის შექმნაში ჩართულ ყველა პირს შორის მხოლოდ ეს ერთი ადამიანი არ ფლობს ამ პროფესიას, მაგრამ მას ირჩევენ იმიტომ, რომ ესმის ჭეშმარიტება და მოსწონს ხელოვნება — არის ეს მართებული? (არა, არ არის.) რატომ არ არის ეს მართებული? იმიტომ, რომ ის არ არის პირველი ან ერთადერთი არჩევანი. მაშინ როგორ უნდა შეირჩეს ამ ტიპის ზედამხედველი? ის მათ შორის უნდა შეირჩეს, ვინც ამ პროფესიაში ყველაზე მეტად დახელოვნებული და გამოცდილია. ანუ, ზედამხედველი უნდა იყოს ექსპერტი, რომელიც ფლობს როგორც პროფესიულ უნარებს, ისე მუშაობის უნარს — არ აირჩიოთ დილეტანტი. ეს ერთი ასპექტია. გარდა ამისა, მას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს გათავისებული, გააჩნდეს სულიერი წვდომა და შეეძლოს ჭეშმარიტების გაგება. ასევე, მინიმუმ, ღვთისადმი რწმენის საფუძველი მაინც უნდა ჰქონდეს. ძირითადი პრინციპები ასეთია: პირველი, მას უნდა ჰქონდეთ მუშაობის უნარი; მეორე, უნდა ესმოდეს პროფესია; და მესამე, უნდა გააჩნდეს სულიერი გაგების უნარი და შეეძლოს ჭეშმარიტების წვდომა. გამოიყენეთ ეს სამი კრიტერიუმი სხვადასხვა საქმის ზედამხედველების შესარჩევად.

ცრუ წინამძღოლების გამოვლინებები სხვადასხვა საქმის ზედამხედველებთან დაკავშირებით

სხვადასხვა კონკრეტული საქმის ზედამხედველების შერჩევის შემდეგ, წინამძღოლები და მუშაკები უბრალოდ გვერდზე არ უნდა გადგნენ უმოქმედოდ. მათ ასევე უნდა ასწავლონ და ამ ზედამხედველების კულტივირება მოახდინონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დაინახონ, შეუძლიათ თუ არა მათ მიერ არჩეულ პირებს რეალურად იტვირთონ საქმე და ის სწორ კალაპოტში ჩააყენონ. ეს იგულისხმება მათი მოვალეობების შესრულებაში. ვთქვათ, შერჩევის დროს ხედავ, რომ კანდიდატები ერკვევიან თავიანთ პროფესიაში, აქვთ მუშაობის უნარი, გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გრძნობენ, გააჩნიათ სულიერი წვდომა და ჭეშმარიტების გაგების უნარი და ფიქრობ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, რადგან ისინი ამ მხრივ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს და ეუბნები: „შეგიძლიათ მუშაობა დაიწყოთ; მე ყველა პრინციპი აგიხსენით. ამიერიდან კი თავად აკეთეთ ის, რასაც ღვთის სახლი გკარნახობთ.“ არის ეს საქმის კეთების მისაღები გზა? ნიშნავს თუ არა ზედამხედველების დანიშვნა იმას, რომ შეგიძლიათ ყველაფერი ასე დატოვოთ? (არა, არ ნიშნავს). მაშინ რა უნდა გაკეთდეს? დავუშვათ, წინამძღოლი კვირაში ორჯერ ხვდება ზედამხედველებს, მათთან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებას მართავს და ამით შემოიფარგლება, რადგან სჯერა, რომ რაკი ეს ზედამხედველები პროაქტიულნი და სანდონი არიან და სხვისი ნათქვამის გაგება ძალუძთ, ისინი შეძლებენ ჭეშმარიტების შესაბამისად მოქმედებას. ეს წინამძღოლი ფიქრობს, რომ არ სჭირდება იმის გამოკვლევა ან კონტროლი, თუ კონკრეტულად როგორ ასრულებენ ეს ზედამხედველები თავიანთ სამუშაოს, თანამშრომლობენ თუ არა სხვებთან ჰარმონიულად, დაეუფლნენ თუ არა პროფესიულ უნარებს ამ პერიოდის განმავლობაში ან რამდენად შეასრულეს ღვთის სახლის მიერ მათთვის დავალებული საქმე. არის ეს ის გზა, რომლითაც წინამძღოლმა და მუშაკმა საქმე უნდა მართონ? (არა, არ არის). სწორედ ასე ასრულებენ თავიანთ სამუშაოს ცრუ წინამძღოლები. ისინი ცდილობენ, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოაგვარონ. ნიშნავენ ზედამხედველებს, რამდენიმე წევრისგან შემდგარ გუნდს აყალიბებენ და შემდეგ ეუბნებიან: „დაიწყეთ მუშაობა. თუ რაიმე აღჭურვილობა დაგჭირდებათ, შემატყობინეთ და ღვთის სახლი შეიძენს მას თქვენთვის. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე სირთულეს წააწყდებით ან რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, ნუ მოგერიდებათ მათი თქმა და ღვთის სახლი ყოველთვის მოგიგვარებთ მათ. თუ არავითარი სირთულე არ გაქვთ, მაშინ თქვენს საქმეზე ფოკუსირდით. ნუ გამოიწვევთ ჩაშლასა და არეულობას და ნუ დაიწყებთ მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევას.“ ცრუ წინამძღოლები განაწესებენ ამ ადამიანებს ერთად სამუშაოდ და ფიქრობენ, რომ სანამ მათ საჭმელი, სასმელი და თავშესაფარი აქვთ, ეს საკმარისია და მათზე ზრუნვა აღარ არის საჭირო. როდესაც ზემდგომი კითხულობს: „რამდენი ხანი გავიდა ამ სამუშაოსთვის ზედამხედველების შერჩევიდან? როგორ მიდის საქმე?“ ისინი პასუხობენ: „ექვსი თვე გავიდა. მათთვის, დაახლოებით, ათი შეკრება ჩავატარეთ, როგორც ჩანს, კარგ განწყობაზე არიან და საქმეც კეთდება.“ როდესაც ზემდგომი კითხულობს: „როგორია ზედამხედველების მუშაობის უნარი?“ ისინი ამბობენ: „არა უშავს, როცა ვარჩევდით, საუკეთესოები იყვნენ.“ ზემდგომი ეკითხება: „და ახლა როგორები არიან? შეუძლიათ რეალური საქმის კეთება?“ ისინი კი პასუხობენ: „მათთვის შეკრება ჩავატარეო.“ ზემდგომი პასუხობს: „მე არ მიკითხავს, ჩაატარე თუ არა შეკრება; ვიკითხე, როგორ მიდის მათი საქმე-მეთქი.“ ისინი ამბობენ: „ალბათ კარგად, მათზე ცუდი არავის არაფერი უთქვამს.“ ზემდგომი კი მიუგებს: „ის, რომ მათზე ცუდს არავინ ამბობს, სტანდარტი არ არის. შენ უნდა დააკვირდე, როგორია მათი მუშაობის უნარი და პროფესიული ცოდნა, აქვთ თუ არა სულიერი წვდომა და აკეთებენ თუ არა რეალურ საქმეს.“ ისინი ასე პასუხობენ: „შერჩევის დროს კარგად გამოიყურებოდნენ. ამ დეტალებით კარგა ხანია აღარ დავინტერესებულვარ. თუ გაინტერესებს, კიდევ ერთხელ ვიკითხავ“. აი, როგორ მუშაობენ ცრუ წინამძღოლები. ისინი დაუსრულებელ შეკრებებსა და თანაზიარებებს მართავენ მათთან, ვინც მათ დაქვემდებარებაშია, მაგრამ როდესაც საქმე ზემდგომებს ეხება, ისინი თავს არიდებენ პირდაპირ პასუხებს და მხოლოდ ზედაპირული რეაგირებით შემოიფარგლებიან. მათი საუკეთესო ზედაპირული პასუხია: „მე მათთვის შეკრება ჩავატარე. გასულ ჯერზე სამუშაოს შესახებ საკმაოდ დეტალურად ვიკითხე.“ აი, ასე პასუხობენ ისინი ზემდგომებს. აკეთებენ კი ეს ცრუ წინამძღოლები რეალურ საქმეს? გამოავლინეს მათ რეალური პრობლემები? გადაჭრეს ისინი? ზედამხედველების დანიშვნის შემდეგ, ცრუ წინამძღოლებმა სრულიად არ იციან, შეასრულეს თუ არა ზედამხედველებმა თავიანთი მოვალეობები ან იყვნენ თუ არა ერთგულნი, როგორ სრულდება სამუშაო, კარგია თუ ცუდია შედეგები, რას ამბობენ დები და ძმები მათ შესახებ ან არსებობენ თუ არა ამ საქმისთვის უფრო შესაფერისი პირები. რატომ არაფერი იციან მათ ამის შესახებ? იმიტომ, რომ ისინი არ აკეთებენ რეალურ საქმეს, მხოლოდ ფუჭი საქმიანობით კავდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მუდმივი კონტროლი და შემოწმება ზედმეტია და ფიქრობენ, რომ ეს ამ ზედამხედველებისადმი უნდობლობის გამოხატვა იქნებოდა. მათ წარმოდგენაში, შეკრებების ჩატარება მოვალეობის შესრულება და ერთგულების გამოვლენაა. სწორედ ეს არის ძირითადი გამოვლინება იმისა, რომ ცრუ წინამძღოლები ნამდვილ საქმეს არ აკეთებენ.

I. როგორ ეპყრობიან ცრუ წინამძღოლები ზედამხედველებს, რომლებიც არ აკეთებენ რეალურ საქმეს

ცრუ წინამძღოლები თვალს ხუჭავენ ეკლესიაში სხვადასხვა საქმეზე პასუხისმგებელზედამხედველთა წინაშე არსებულ სხვადასხვა გარემოებაზე; მათ არ აქვთ წარმოდგენა ამ ვითარებაზე, არ იკვლევენ, არ მართავენ და არ აგვარებენ მათ. რა კონკრეტული გარემოებები შეიძლება არსებობდეს ზედამხედველებთან დაკავშირებით? პირველი ისაა, როდესაც ზედამხედველებს არ აქვთ გათავისებული პასუხისმგებლობა, მხოლოდ ჭამა-სმაზე და გართობაზე ფიქრობენ, საკუთარ საქმეს კი ჯეროვნად არ უძღვებიან და არც რეალურ სამუშაოს ასრულებენ. განა ეს სერიოზული პრობლემა არ არის? (დიახ.) ზოგიერთ ადამიანს აქვს მუშაობის უნარი, კარგად ფლობს პროფესიას და საუკეთესოა თავის საქმეში. ისინი ენამოსწრებულნი და გონიერნი არიან და თუ დავალების გამეორებას სთხოვთ, სიტყვა-სიტყვით შეძლებენ ამას, იმდენად ჭკვიანები არიან. ყველასგან საკმაოდ კარგ შეფასებებს იღებენ და უკვე დიდი ხანია, რაც მორწმუნეები არიან. შესაბამისად, მათ ზედამხედველებად ირჩევენ. თუმცა, არავინ იცის, რამდენად პრაგმატულები არიან ეს ადამიანები, შეუძლიათ თუ არა საფასურის გადახდა ან ძალუძთ თუ არა ნამდვილი საქმის კეთება. რადგან ხალხმა ისინი აირჩია, თავდაპირველად მათ აწინაურებენ გამოსაცდელი ვადით, რათა მოხდეს მათი კულტივირება და გამოყენება. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირკვევა, რომ პროფესიული უნარებისა და გამოცდილების მიუხედავად, ისინი გაუძღომელნი და ზარმაცნი არიან და არ სურთ საფასურის გადახდა. მუშაობას მაშინვე თავს ანებებენ, როგორც კი საქმე ოდნავ დამღლელი ხდება და არ უნდათ ყურადღება მიაქციონ მათ, ვისაც პრობლემები ან სირთულეები აქვთ და მათ ხელმძღვანელობას საჭიროებენ. დილით, თვალის გახელისთანავე გაიფიქრებენ: „დღეს რა უნდა ვჭამო? უკვე რამდენი დღეა სამზარეულოში ჩაშუშული ღორის ხორცი არ მოუმზადებიათ.“ ჩვეულებრივ, ისინი სხვებს ყოველთვის ეუბნებიან: „ჩემს მშობლიურ მხარეში საუცხოო სასუსნავები იციან; ყოველ დღესასწაულზე გარეთ გავდიოდით მათ საჭმელად. სკოლაში სწავლისას შაბათ-კვირას გვიანობამდე მეძინა, მერე კი პირდაპირ საჭმელად მივდიოდი, ისე რომ პირის დაბანასა და თმის დავარცხნაზეც არ ვიწუხებდი თავს. შუადღისას კი, პიჟამოებში გამოწყობილი, სახლში ვიდეოთამაშებს ვთამაშობდი, ზოგჯერ მეორე დილის ხუთ საათამდეც კი. ახლა კი, ღვთის სახლში მუშაობამ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანა და, როგორც ზედამხედველს, გარკვეული საქმეების კეთება მიწევს. ნახეთ, ყველას როგორი კარგი ცხოვრება გაქვთ. თქვენ არ გიწევთ ამ საფასურის გადახდა. მე კი, როგორც ზედამხედველმა, გასაჭირს უნდა გავუძლო.“ ამას კი ამბობენ, მაგრამ განა წინააღმდეგობას უწევენ ხორცს? განა იხდიან საფასურს? ისინი სულ ჩივიან და არანაირი სურვილი არ აქვთ, რაიმე ნამდვილი სამუშაო შეასრულონ. მხოლოდ მაშინ ინძრევიან, როცა უბიძგებენ, ზედამხედველობის გარეშე კი ყველაფერს ზედაპირულად აკეთებენ. მოვალეობის შესრულებისას ისინი მოდუნებულინი და უდისციპლინონი არიან, ხშირად ეშმაკობენ, თავს არიდებენ საქმეს და პასუხისმგებლობის ნატამალი არ გააჩნიათ. როდესაც ისინი პროფესიულ პრობლემებს ამჩნევენ, სხვებს მათ გამოსწორებაში არ ეხმარებიან და უხარიათ კიდეც, როცა ყველა მათსავით ზედაპირულად მოქმედებს. მათ არ სურთ, რომ ვინმემ საქმე სერიოზულად მიიღოს. ზოგიერთი ზედამხედველი იმ მცირე დავალებებს, რაც ხელთ აქვს, ზერელედ და ფორმალურად ასრულებს, შემდეგ კი დაუსრულებლად იწყებს სატელევიზიო სერიალების ყურებას. რა არის მათი მხრიდან სერიალების დაუსრულებლად ყურების მიზეზი? „ჩემი დავალებები შევასრულე; მე ღვთის სახლის ხარჯზე არ ვცხოვრობ. უბრალოდ მოდუნება მჭირდება, რომ გონება დავასვენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დავიღლები და ეფექტიანად ვეღარ ვიმუშავებ. მაცადეთ, ცოტა ხანს დავისვენო და ჩემი საქმიანობის ეფექტიანობა გავაუმჯობესო.“ ისინი ღამის ორ ან სამ საათამდე აგრძელებენ სერიალების ყურებას. მეორე დღეს, დილის რვა საათზე, როცა ყველას უკვე ნასაუზმევი აქვს და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ამ ზედამხედველებს ჯერ კიდევ სძინავთ და მაშინაც კი არ დგებიან საწოლიდან, როცა მზე უკვე ზენიტშია. მოგვიანებით, უხალისოდ დგებიან, ზანტად მოათრევენ თავიანთ ზარმაც სხეულს, იზმორებიან, ამთქნარებენ და როდესაც ხედავენ, რომ სხვებმა უკვე დაიწყეს მუშაობა, ეშინიათ, მათი სიზარმაცე არ შეამჩნიონ და თავის მართლებას იწყებენ: „წუხელ ძალიან გვიანობამდე შემოვრჩი საქმეს, ზედმეტად ბევრი რამ მქონდა გასაკეთებელი, სამუშაო დატვირთვა ძალიან დიდი იყო. ცოტა დავიღალე. წუხელ სიზმარშიც კი ვნახე, თითქოს რაღაც საქმეში პრობლემა შეიქმნა. ამ დილით რომ გავიღვიძე, ხელები ისე მედო, თითქოს კომპიუტერზე ვბეჭდავდი. გონება სულ დამიბინდდა და დღეს ნაშუადღევს აუცილებლად უნდა წავუძინო.“ ასე გვიან დგებიან და შუადღისასაც ძილი სჭირდებათ — განა ღორებად არ იქცნენ? ისინი აშკარად აკლებდნენ საქმეს, თუმცა მაინც პოულობენ მიზეზებს საკუთარი თავის გასამართლებლად და დასაცავად, ამტკიცებენ, თითქოს იმის გამო არიან დაღლილები, რომ გვიანობამდე ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. აშკარაა, რომ ისინი დაუსრულებლად უყურებდნენ სერიალებს, ხორციელ კომფორტს ეძლეოდნენ და თავაშვებულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლოს, სხვების მოსატყუებლად, ლამაზად შეფუთულ მიზეზსაც კი პოულობენ. განა ეს საკუთარი საქმისადმი გულგრილობა არ არის? (დიახ, არის). ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მუშაობის უნარი და პროფესიული ჩვევები, მაგრამ შეესაბამებიან კი ისინი ზედამხედველების სტანდარტს? ცხადია, არა. ისინი არ არიან გამოსადეგნი ზედამხედველის პოზიციისთვის, რადგან ზედმეტად ზარმაცნი არიან, ხორციელ კომფორტს ეძლევიან, გაუძღომელნი არიან ჭამაში, ძილსა და გართობაში და არ შეუძლიათ ზედამხედველის მოვალეობის საკუთარ თავზე აღება თუ შესრულება.

ზოგიერთი ქალი ხშირად ინტერნეტით ათვალიერებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, კოსმეტიკასა და საკვებს, ხოლო როდესაც ამას მორჩებიან, დაუსრულებლად იწყებენ სერიალების ყურებას. ხალხი ეუბნება: „რატომ უყურებ სერიალებს, როცა სამუშაო არ დაგისრულებია? მეტიც, სხვებს ჯერ კიდევ ამდენი პრობლემა აქვთ. როგორც ზედამხედველმა, შენ მათ ხელმძღვანელობა უნდა გაუწიო. რატომ არ ასრულებ შენს მოვალეობებს?“ ეს ქალები პასუხობენ: „სერიალების გადაბმულად ყურებაც ჩემი სამუშაოს ნაწილია. საჭიროა ღვთის სახლისთვის ვიდეოებისა და ფილმების შექმნა და ამ სერიალებიდან უნდა მივღო შთაგონება!“ განა ეს სიცრუე არ არის? თუ ამ პროფესიით ხარ დაკავებული, შთაგონებისთვის დროდადრო სერიალების ყურება მისაღებია, მაგრამ განა დღე და ღამე მათი ყურება შთაგონების ძიებაა? განა ეს თვალთმაქცობა არ არის? (დიახ, არის). ყველამ იცის, სინამდვილეში რაც ხდება, ამიტომ მსგავსი რამის თქმა საკუთარი ღირსებისა და პატიოსნების შელახვაა. ზოგიერთს უკვე ჩვევად აქვს ქცეული ვიდეოთამაშები და ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ზედამხედველებად არჩევის შემდეგ, განა არ უნდა შეეცვალათ ეს ცუდი ჩვევები და მანკიერებები? (დიახ). თუკი არ ძალგიძს მათ წინააღმდეგ წასვლა, მაშინ, როცა ზედამხედველად გირჩევენ, უნდა თქვა: „მე ვერ შევძლებ ამ საქმის საკუთარ თავზე აღებას. ვიდეოთამაშებზე ვარ დამოკიდებული. როცა ვთამაშობ, ყველაფერი მავიწყდება და ვერავინ შეძლებს ჩემს შეფერხებას ან ადგილიდან დაძვრას. თუ მე ამირჩევთ, ეს ნამდვილად შეაფერხებს საქმეს. ამიტომ, იმოქმედეთ სწრაფად და ნუ დამნიშნავთ ზედამხედველად.“ თუ ამას წინასწარ არ განაცხადებ და როდესაც აგირჩევენ, ნასიამოვნები და ამაყი იქნები, დააფასებ ამ სტატუსს, მაგრამ ზედამხედველის პოზიციაზე ყოფნისას მაინც განაგრძობ ვიდეოთამაშებით თავის შექცევას ისე, როგორც მანამდე აკეთებდი, ეს უადგილოა და ნამდვილად დააბრკოლებს სამუშაოს.

ზოგიერთ ზედამხედველს გარკვეული მავნე ჩვევები აქვს. როდესაც დები და ძმები მათ ირჩევენ, ზოგს არ ესმის მათი მდგომარეობა, სხვებს კი სჯერათ, რომ ამ პიროვნებებს შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დაიხარჯონ ღვთისთვის და ფიქრობენ, რომ ახალგაზრდების ცუდი ჩვევები და მანკიერებები ასაკთან ერთად და ჭეშმარიტების თანდათანობითი წვდომით, შესაძლოა, შეიცვალოს. ბევრი ადამიანი სწორედ ამგვარი განწყობითა და ხედვით ხელმძღვანელობს, როდესაც ამ პიროვნებებს ზედამხედველებად ირჩევს. არჩევის შემდეგ ისინი ასრულებენ გარკვეულ სამუშაოს, თუმცა დიდხანს ვერ უძლებენ, ნეგატიურები ხდებიან და ფიქრობენ: „ზედამხედველობა სულაც არ ყოფილა ადვილი. ადრე უნდა ავდგე, გვიანობამდე დავრჩე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სხვებზე მეტი უნდა ვაკეთო და მეტად დავაკვირდე ყველაფერს. ასევე, მეტი სანერვიულო მაქვს და მეტ დროსა და ენერგიას ვხარჯავ. ეს სამუშაო მძიმეა; ზედმეტად დამღლელია!“ შესაბამისად, ისინი სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობენ. თუ პასუხისმგებლობის ტვირთი არ გაქვს გათავისებული, ზედამხედველის საქმეს ვერ შეასრულებ. თუ საქმეს გულთან ახლოს მიიტან, მზად იქნები საქმეზე იდარდო და მაშინაც კი, თუ სხვებზე ცოტა მეტად დაიღლები, არ იგრძნობ, რომ იტანჯები. დასვენების დროსაც კი იმაზე იფიქრებ: „როგორ ჩაიარა დღევანდელმა სამუშაომ?“ თუ მოულოდნელად გაგახსენდება საკითხი, რომელიც გადაუჭრელი დარჩა, ვერ დაიძინებ. როცა საქმე გულთან ახლოს მიგაქვს, მუდამ მასზე ზრუნავ და აღარც ჭამა გახსოვს და აღარც დასვენება. თუ ზედამხედველებს ძალიან მცირე პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, მათი მცირედი ენთუზიაზმი მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს და დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი ვეღარ გაუძლებს ამას. ფიქრობენ: „ეს საქმე ძალიან დამღლელია. როგორ გავერთო და ცოტა ხნით განვიტვირთო? მოდი, ვიდეოთამაშებს ვითამაშებ.“ მცირე ხნით კარგად მუშაობენ, მაგრამ მოულოდნელად კვლავ ვიდეოთამაშების ჟინი უვლით. ერთხელ თუ დაიწყეს, ვეღარ ჩერდებიან. თამაშის პროცესში ის მცირე პასუხისმგებლობის ტვირთიც ქრება, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ისევე როგორც საკუთარი თავის გაღების ენთუზიაზმი, სიმტკიცე და მოვალეობის შესრულებისადმი დადებითი განწყობა. როდესაც ვინმე რამეს ეკითხებათ, მოთმინებას კარგავენ. ისინი ან სხლავენ ადამიანებს, ან ჭკუას ასწავლიან და დაცინვით მიმართავენ, ან საქმეს ზედაპირულად აკეთებენ და მოვალეობას შუა გზაზე ტოვებენ. განა პრობლემა არ არის ამ ზედამხედველებთან დაკავშირებით? (დიახ). დღის განმავლობაში გაბრუებულები ძლივს ახერხებენ მუშაობას, ღამღამობით კი, მალულად, ვიდეოთამაშებს უზიან და მთელ ღამეებს თეთრად ათენებენ. თავიდან, ამის გამო სრულიად მშვიდად არიან და ფიქრობენ: „დღისით საქმე არ შემიფერხებია. ყველაფერი გავაკეთე, რაც მევალებოდა. ყველა პრობლემა გადავჭერი, რაზეც სხვებმა მომმართეს. თუ ღამეებს გავათენებ და დროს ვიდეოთამაშებს დავუთმობ, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც ერთგულად ვასრულებ ჩემს საქმეს?“ შედეგად, როგორც კი ვიდეოთამაშებს ჩართავენ, ვეღარ ჩერდებიან და არავის უსმენენ. მართალია, ეს სხვებს მოსვენებას არ უკარგავს და არც სამუშაო გარემოს არღვევს, მაგრამ შეუძლიათ კი ასეთ ზედამხედველებს კვლავ იტვირთონ თავიანთი საქმე? შეძლებენ ამის კარგად შესრულებას? (არა). რატომ? ისინი ხშირად მთელ ღამეებს თამაშში ათენებენ, დღისით კი მუშაობა უწევთ — რამხელა ენერგია შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს? განა იქნება მათი მუშაობის ეფექტიანობა მაღალი, თუკი ასე არიან ვიდეოთამაშებზე მიჯაჭვულნი? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, ასეთი ზედამხედველები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და საერთოდ ვერ უძღვებიან სამუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ პროფესიული უნარები და გარკვეული სულიერი მონაცემები, მათ გართობა უყვართ და საკუთარ საქმეს ჯეროვნად არ აკეთებენ. განა არ უნდა გადაყენდნენ ეს ზედამხედველები? თუ მათ არ დაითხოვენ, საქმე შეფერხდება. ზოგი ამბობს: „თუ მათ დავითხოვთ, სხვას ისეთს ვერავის ვიპოვით, ვისაც მათი მსგავსი პროფესიული უნარები ექნება. უნდა დავტოვოთ ამ საქმეზე — მათ მაინც შეუძლიათ მუშაობა, მაშინაც კი, თუ ვიდეოთამაშებით ერთობიან.“ სწორია ეს მოსაზრება? (არა, არ არის). ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად ორ რამეზე იყოს ფოკუსირებული; ადამიანის ენერგია შეზღუდულია. თუკი შენი ენერგიის დიდ ნაწილს გართობაზე ხარჯავ, საქმისადმი შენი ერთგულება დაზარალდება, მოვალეობის შესრულების ეფექტიანობა კი საგრძნობლად შემცირდება. ეს მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. მაშინაც კი, თუ ადამიანი მთელ გულსა და ენერგიას დებს თავის მოვალეობაში, შედეგები აუცილებლად ასი პროცენტით სტანდარტების შესაბამისი ვერ იქნება. მით უფრო გაუარესდება მდგომარეობა, თუ გულსა და ენერგიის დიდ ნაწილს გართობას დაუთმობ — მოვალეობის შესასრულებლად აღარც ძალა დაგრჩება და აღარც ფიქრი, რაც შენი საქმის ეფექტიანობაზე აისახება. იმის თქმა, რომ ეს თქვენს მუშაობაზე აისახება, რბილი ნათქვამია; სინამდვილეში, მოვალეობის შესრულების ეფექტიანობა სერიოზულად დაზარალდება. თუ ასეთი ზედამხედველები გამოვლინდებიან, მათი სამსახურეობრივი მოვალეობები დაუყოვნებლივ უნდა გადაიხედოს და ისინი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ, რადგან მათ უკვე ხაზი გადაესვათ. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ მათი მუშაობა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს — მათ უკვე აღარ შესწევთ ძალა, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და საქმის მსვლელობაზე რაიმე დადებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ამიტომ, მათ ნაცვლად ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მონდომებული და პასუხისმგებლიანია, თუნდაც შედარებით ნაკლები პროფესიული უნარები ჰქონდეს, უკეთესი არჩევანი იქნება.

ახლახან გვქონდა თანაზიარება სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე, რომლებიც ჭამას, ძილსა და გართობას არიან დახარბებულნი. არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი. თავდაპირველად, როდესაც ზედამხედველებს ირჩევენ, ასეთი ადამიანი ყოველმხრივ შესაფერისად მიიჩნევა ამ როლისთვის და დები და ძმები ყველანი მზად არიან, რომ ის აირჩიონ. ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი კარგი ადამიანობით გამოირჩევა, არის მონდომებული და თავისი საქმის პროფესიონალი. ასევე მიიჩნევენ, რომ ის გუნდში ყოველმხრივ საუკეთესო და ძლიერია, რაც მას ზედამხედველის პოზიციისთვის აშკარა კანდიდატად აქცევს. თუმცა, არჩევიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ამ ადამიანს ხშირად ეწყება თვლემა, შეკრებების დროსაც კი. როდესაც სხვები ელაპარაკებიან, ის მუდამ დაბნეულია და კითხვებზე შეუსაბამო პასუხებს სცემს. ის ადრე ასეთი არ იყო, მაშ, რატომ ჩანს ისე, თითქოს უცებ სულ სხვა ადამიანად იქცა? მოგვიანებით, ვიღაც შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ამ ზედამხედველის საუბარი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ისე ჟღერს, თითქოს მათ რომანტიკული ურთიერთობა აქვთ. ჩნდება ეჭვი, მართლა ხომ არ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი. რაც უფრო აშკარა ხდება ეს ამბავი, ზედამხედველი მით უფრო დაბნეული და გონებაგაფანტული ხდება. როდესაც მას რამეს ეკითხებიან ან რაიმეზე ესაუბრებიან, მისი რეაქცია აღარ არის ისეთი სწრაფი, როგორიც ადრე იყო, მისი ნათქვამი კი აღარ ჟღერს ისე ნათლად და გასაგებად, როგორც ოდესღაც. ის სულ უფრო ნაკლებად აკეთებს იმ საქმეს, რაც ზედამხედველს ევალება და მოვალეობის შესრულებისას ენთუზიაზმიც სულ უფრო მეტად აკლდება. თითქოს სხვა ადამიანად იქცა; იმაზე მეტად არის დაინტერესებულნი საკუთარი ჩაცმულობითა და გარეგნობით, ვიდრე ადრე. აქ აშკარად რაღაც პრობლემაა. ადრე, როდესაც ბევრი საქმე ჰქონდა, იშვიათად ბანაობდა, ახლა კი პირს დღეში ორჯერ იბანს, ყოველ ხელსაყრელ მომენტში თმას ივარცხნის, სარკეში იყურება და სხვებს გამუდმებით ეკითხება: „როგორ ფიქრობთ, ბოლო დროს კანი უფრო გამითეთრდა თუ გამიმუქდა? რატომ მეჩვენება, რომ გამიმუქდა?“ ხალხი პასუხობს: „როგორ შეიძლება შენნაირი ზედამხედველი ასეთ არასერიოზულ თემებზე ლაპარაკობდეს — რა მნიშვნელობა აქვს, კანი გაგითეთრდა თუ გაგიმუქდა?“ ისინი მუდმივად ასეთ უმნიშვნელო საკითხებზე საუბრობენ და საქმის საკეთებელი გუნება-განწყობა აღარ აქვთ. როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდებათ, მაშინვე იწყებენ საუბარს ტანსაცმელზე, ქალებზე, კაცებზე, სიყვარულსა და იმაზე, თუ ვინ როგორ მეუღლეს აირჩევდა, თუმცა არასოდეს განიხილავენ, რა პრობლემებია საქმესთან მიმართებაში ან როგორ უნდა გადაჭრან ისინი. განა ეს პრობლემა არ არის? შეუძლიათ მათ კვლავ მუშაობა? (არა, არ შეუძლიათ). მათი აზროვნება შეიცვალა და მოვალეობის შესრულებაზე აღარ ფიქრობენ. ამის ნაცვლად, მთელი დღე იმაზე ფიქრობენ, როგორ გააბან რომანტიკული ურთიერთობები, როგორ ჩაიცვან და როგორ მიიზიდონ საპირისპირო სქესი. არამორწმუნეებში არსებობს ასეთი ფრაზა: „სიყვარულში ჩაძირვა.“ განა ეს სიყვარულია? არა, ეს ღრმა ორმოა! მასში ერთხელ თუ ჩაიძირე, უკან ვეღარ ამოხვალ. არიან ასეთი ადამიანები მათ შორის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს? (დიახ). მართალია, ღვთის სახლი ხელს არ უშლის ადამიანებს პარტნიორის ძიებაში, მაგრამ თუ ისინი ამით ეკლესიის ცხოვრებას არღვევენ და საქმეს აზარალებენ, ასეთი ხალხისგან განწმენდაა საჭირო. ეს წყვილები ცალკე უნდა წავიდნენ, პაემნებზე იარონ და სხვებს ხელი არ შეუშალონ. თუკი შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა და გადაწყვიტე, რომ არ ჩაება რომანტიკულ ურთიერთობებში, მაშინ მთელი ყურადღება ღვთის მსახურებაზე გადაიტანე. თუ რომანტიკულ ურთიერთობებში ჩაები და საქმის კეთების სურვილი აღარ გაქვს, მაშინ ზედამხედველის მოვალეობა აღარ უნდა შეასრულო და ღვთის სახლი ამ პოზიციაზე სხვა ადამიანს აირჩევს. ღვთის სახლის საქმე არ უნდა შეფერხდეს ან შენმა რომანტიკულმა ურთიერთობამ მასზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. საქმე უნდა გაგრძელდეს. როგორ შეიძლება ის გაგრძელდეს? სხვა ზედამხედველის შერჩევით, რომელიც არ არის ჩაბმული რომანტიკულ ურთიერთობებში, ფლობს ძლიერ პროფესიულ უნარებს და შეუძლია საქმის გაძღოლა, რათა მას გადააბარო შენი სამუშაო. ღვთის სახლი ყოველთვის ასე მოქმედებს და ეს პრინციპი უცვლელია. ზოგიერთი ზედამხედველი ამბობს: „ჩემი რომანტიკული ურთიერთობა საქმეს ხელს არ უშლის, ნება მომეცით, კვლავაც მე ვუხელმძღვანელო პროცესს.“ შეიძლება თუ არა ამ სიტყვების ნდობა? (არა, არ შეიძლება). რატომ არ შეიძლება მათი ნდობა? იმიტომ, რომ ფაქტები ყველასთვის თვალსაჩინოა! როდესაც ადამიანი რომანტიკულ ურთიერთობაშია, ის მხოლოდ თავის პარტნიორზე ფიქრობს და მისი გული ამ ამბებითაა დაკავებული, ამიტომ შეკრებების დროს ხშირად ძილი ერევა და მოვალეობების შესრულება აღარ შეუძლია. ამიტომ, ის, თუ როგორ ეპყრობა ღვთის სახლი ასეთ პირებს, მართებულია და პრინციპებს შეესაბამება. ღვთის სახლი არ გიკრძალავს ვინმესთან შეხვედრას და არც პაემნებზე სიარულის თავისუფლებას გართმევს. შეგიძლია შენი სურვილისამებრ ხვდებოდე ვინმეს: ეს შენი არჩევანია, ოღონდ ისე მოიქეცი, რომ მერე სინანულმა არ შეგაწუხოს და ცრემლები არ ღვარო. ზოგიერთი ზედამხედველი რომანტიკული ურთიერთობის გამო დაითხოვეს. ზოგი კითხულობს: „ნუთუ ადამიანს აღარ აქვს უფლება სწამდეს ღმერთის, თუკი მას რომანტიკული ურთიერთობა აქვს?“ ღვთის სახლს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. განა ღვთის სახლი უარყოფს ან რიცხავს ყველას, ვინც რომანტიკულ ურთიერთობაშია? (არა). თუ შენ რომანტიკულ ურთიერთობაში ხარ, მაშინ ვერ იქნები ზედამხედველი, წინამძღოლი ან მუშაკი და თუ შენს მოვალეობებს ერთგულად არ ასრულებ, მაშინ უნდა დატოვო ეკლესია, როგორც სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელმა. უთქვამს ვინმეს, რომ ღვთის რწმენის უფლება აღარ გაქვს ან რომ გაგრიცხავენ? გამოუტანია ვინმეს განაჩენი, რომ შენი გადარჩენა შეუძლებელია ან რომ დაიწყევლები? (არა). ღვთის სახლს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. ღვთის სახლი საერთოდ არ ერევა შენს პირად არჩევანში და არ ზღუდავს შენს თავისუფლებას; ის არანაირ თავისუფლებას არ გართმევს — პირიქით, თავისუფლებას გაძლევს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ასეთ ზედამხედველს, ღვთის სახლის პრინციპი მათ მიმართ არის მათი დათხოვნა და მათ ნაცვლად შესაფერისი ადამიანის პოვნა. თუ ისინი ვარგისნი არიან მოვალეობის შესასრულებლად, შეიძლება მათი დატოვება. თუ არა, მათ დაითხოვენ. არავითარ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ლანძღვას ან დამცირებას ადგილი არ ექნება. ეს არ არის სამარცხვინო ამბავი; ეს სრულიად ნორმალურია. ასე რომ, როდესაც ზოგიერთს რომანტიკული ურთიერთობების გამო ათავისუფლებენ თანამდებობიდან ან ჩვეულებრივ ეკლესიებში გზავნიან, განა ეს სამარცხვინოა? ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ მოვალეობის შესრულებისას ერთგულება აკლიათ, რომ სიმართლე არ აინტერესებთ და საკუთარ სიცოცხლეში შესვლაზე არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. ამგვარი ზედამხედველი თავის საქმეს ჯეროვნად არ უძღვება — ის მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებზეა ფოკუსირებული, რაც აფერხებს ეკლესიის საქმიანობას და უკვე იმოქმედა კიდეც მისი მუშაობის პროგრესზე — განა ეს სერიოზული პრობლემა არ არის? (დიახ). შესაბამისად, ასეთი ზედამხედველის თანამდებობაზე დატოვება მიზანშეწონილი არ არის და ის პოზიციიდან უნდა გადადგეს. ზოგი ამბობს: „მათი გათავისუფლება ცოტა ნაჩქარევი ხომ არ არის?“ თუ მათი რომანტიკული ურთიერთობის დაწყებიდან დათხოვნამდე მხოლოდ ერთი ან ორი დღეა გასული, ეს შეიძლება ნაჩქარევად ჩაითვალოს. მაგრამ თუ სამიდან ხუთ თვემდეა გასული, განა ეს მაინც ნაჩქარევად ჩაითვლება? (არა.) ზომები ისედაც საკმარისად ნელა იქნა მიღებული, საქმე კი უკვე ძალიან შეფერხდა, როგორ შეიძლება ამის გამო არ შფოთავდეთ? განა ეს პრობლემა არ არის? (დიახ, არის.)

ცრუ წინამძღოლები არასოდეს სვამენ კითხვებს იმ ზედამხედველების შესახებ, რომლებიც რეალურ საქმეს არ აკეთებენ ან თავიანთ მოვალეობებს არ ასრულებენ. მათ ჰგონიათ, რომ საკმარისია მხოლოდ ზედამხედველის შერჩევა და ამით საქმე მთავრდება, შემდეგ კი ზედამხედველი საქმესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავად მოაგვარებს. ასე რომ, ცრუ წინამძღოლები მხოლოდ დროდადრო ატარებენ შეკრებებს, არ ზედამხედველობენ საქმეს, არ ინტერესდებიან მისი მიმდინარეობის შესახებ და ისე იქცევიან, თითქოს ეს მათ საერთოდ არ ეხებათ. თუ ვინმე ზედამხედველთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ განაცხადებს, ცრუ წინამძღოლი უპასუხებს: „ეს მხოლოდ მცირე პრობლემაა, არა უშავს. თქვენ თვითონ მოაგვარეთ. მე ნუ მეკითხებით.“ ადამიანი, რომელმაც პრობლემის შესახებ განაცხადა, კი ამბობს: „ის ზედამხედველი ზარმაცი და ღორმუცელაა. მხოლოდ ჭამასა და გართობაზე ფიქრობს, თავად კი ძალიან უქნარაა. მას არ სურს თავისი მოვალეობის შესრულებისას მცირე გაჭირვების ატანაც კი, მუდამ მზაკვრულად აჭიანურებს საქმეს და იგონებს მიზეზებს, რათა საქმეს თავი აარიდოს და პასუხისმგებლობას გაექცეს. ზედამხედველობის პოზიციისთვის შესაფერისი არ არის.“ ცრუ წინამძღოლი მიუგებს: „როდესაც ის ზედამხედველად შეირჩა, შესანიშნავი იყო. ის, რასაც ამბობ, სიმართლე არ არის, ან კიდეც რომ იყოს, ეს მხოლოდ დროებითი გამოვლინებაა.“ ცრუ წინამძღოლი არ ეცდება ზედამხედველის მდგომარეობის შესახებ მეტი შეიტყოს; ნაცვლად ამისა, ამ ზედამხედველთან დაკავშირებულ საკითხს თავისი წარსული შთაბეჭდილებების საფუძველზე განსჯის და განაჩენს ისე გამოუტანს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ განაცხადებს ზედამხედველთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ცრუ წინამძღოლი მათ უგულებელყოფს. ზედამხედველი რეალურ საქმეს არ აკეთებს და ეკლესიის მუშაობა თითქმის შეჩერებულია, მაგრამ ცრუ წინამძღოლს ეს არ ადარდებს, თითქოს ეს მას საერთოდ არ ეხება. საკმარისად გულისამრევია ის ფაქტი, რომ როდესაც ვინმე ზედამხედველის პრობლემების შესახებ ატყობინებს, ისინი ამაზე თვალს ხუჭავენ. მაგრამ რა არის ყველაზე მეტად საძულველი? როდესაც ადამიანები ზედამხედველთან დაკავშირებულ მართლაც სერიოზული პრობლემების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, ისინი კი არ ცდილობენ ამის მოგვარებას და ათასგვარ მიზეზსაც კი იგონებენ: „მე ვიცნობ ამ ზედამხედველს, მას ჭეშმარიტად სწამს ღმერთის, მას არასოდეს ექნება რაიმე პრობლემა. მცირე პრობლემაც რომ ჰქონდეთ, ღმერთი დაიცავს და გაწვრთნის მათ. თუ რაიმე შეცდომას დაუშვებენ, ეს მათსა და ღმერთს შორისაა — ჩვენ ამაზე არ უნდა ვიდარდოთ.“ ცრუ წინამძღოლები ამგვარად, საკუთარი წარმოდგენებისა და წარმოსახვების შესაბამისად მოქმედებენ. ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ჭეშმარიტება ესმით და რწმენა გააჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ არეულობას თესავენ ეკლესიის საქმეში — ეკლესიის მუშაობა შეიძლება გაჩერდეს კიდეც, ისინი კი კვლავაც ისე მოიქცევიან, თითქოს ამის შესახებ არაფერი იციან. განა ცრუ წინამძღოლები ზედმეტად არ გვანან ბიუროკრატებს? მათ არც თავად შესწევთ რეალური საქმის შესრულების უნარი და არც გუნდის წინამძღოლებისა თუ ზედამხედველების საქმიანობის მიმართ იჩენენ გულმოდგინებას — ისინი არც აკონტროლებენ ამ საქმეს და არც მისით ინტერესდებიან. მათი შეხედულება ადამიანებზე მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვებს ეფუძნება. როდესაც ხედავენ, რომ ვინმე გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად მუშაობს, ჰგონიათ, რომ ეს ადამიანი მუდამ ასეთი კარგი იქნება და არ შეიცვლება. მათ არ სჯერათ არავისი, ვინც ამ პიროვნებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიუთითებს და არ უსმენენ მათ, ვინც ამ ადამიანის შესახებ აფრთხილებს. ფიქრობთ, რომ ცრუ წინამძღოლები სულელები არიან? ისინი სულელები და უგუნურნი არიან. რა აქცევს მათ სულელებად? ისინი უდარდელად ენდობიან ადამიანს და სჯერათ, რომ რადგან ამ პიროვნებამ არჩევისას ფიცი დადო, გადაწყვეტილება მიიღო და აცრემლებული ლოცულობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საიმედოა და საქმის გაძღოლისას მასთან არავითარი პრობლემა არ წარმოიშობა. ცრუ წინამძღოლები არ იცნობენ ადამიანთა ბუნებას; მათ არაფერი იციან გახრწნილი კაცობრიობის რეალური მდგომარეობის შესახებ. ისინი ამბობენ: „როგორ შეიძლება ადამიანი უარესობისკენ შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ზედამხედველად შეირჩევა? როგორ შეიძლება, რომ ვინმემ, ვინც ასეთი მონდომებული და საიმედო ჩანს, თავი აარიდოს საქმეს? ის ამას არ იზამდა, არა? მას ხომ დიდი პატიოსნება გააჩნია.“ იმის გამო, რომ ცრუ წინამძღოლები ზედმეტად ენდობიან საკუთარ წარმოსახვებსა და გრძნობებს, საბოლოოდ უუნარონი ხდებიან, დროულად გადაჭრან ეკლესიის საქმესთან დაკავშირებით წარმოქმნილი მრავალი პრობლემა და ხელს უშლის მათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ შესაბამისი ზედამხედველი და მოახდინონ მისი მოვალეობების კორექტირება. ისინი ნამდვილი ცრუ წინამძღოლები არიან. და მაინც, რაშია აქ პრობლემა? აქვს თუ არა ცრუ წინამძღოლების მიდგომას თავიანთი საქმისადმი რაიმე კავშირი ზედაპირულობასთან? ერთი მხრივ, ისინი ხედავენ, რომ დიდი წითელი დრაკონი გააფთრებით აპატიმრებს ღვთის რჩეულ ხალხს, ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, საქმის სათავეში ვინმეს შემთხვევით ნიშნავენ და სჯერათ, რომ ეს პრობლემას გადაჭრის, თვითონ კი ამ საკითხს ყურადღებას აღარ აქცევენ. გულში რას ფიქრობენ? „გარემო ძალიან მტრულია, სადმე ცოტა ხნით უნდა დავიმალო.“ განა ეს ხორციელი კომფორტის ხარბად სწრაფვა არ არის? მეორე მხრივ, ცრუ წინამძღოლებს ერთი ფატალური ნაკლი აქვთ: ისინი საკუთარ წარმოსახვებზე დაყრდნობით ადამიანებს ნაჩქარევად ენდობიან. და ეს ჭეშმარიტების გაუგებლობით არის გამოწვეული, განა ასე არ არის? როგორ ამხელს ღვთის სიტყვა გახრწნილი კაცობრიობის არსს? რატომ უნდა ენდონ ისინი ადამიანებს, რომელთაც თავად ღმერთიც კი არ ენდობა? ცრუ წინამძღოლები მეტისმეტად ამპარტავანნი და თვითმართალნი არიან, ხომ ასეა? ისინი ასე ფიქრობენ: „მე არ შემეძლო ამ ადამიანის არასწორად შეფასება, იმ პიროვნებასთან მიმართებაში, რომელიც შესაფერისად მივიჩნიე, არავითარი პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ის ნამდვილად არ არის ისეთი ვინმე, ვინც ჭამა-სმასა და გართობას ხარბად ესწრაფვის ან ვისაც კომფორტი უყვარს და მძიმე შრომა სძულს. ის აბსოლუტურად საიმედო და სანდოა. ის არ შეიცვლება; ასე თუ მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით შევცდი, არა?“ ეს როგორი ლოგიკაა? შენ რა, ექსპერტი ხარ? რენტგენული ხედვა გაქვს? ამ განსაკუთრებულ უნარს ფლობ? შეიძლება ადამიანთან ერთად ერთი ან ორი წელი იცხოვრო, მაგრამ შეძლებდი დაგენახა, ვინ არის ის სინამდვილეში, შესაფერისი გარემოს გარეშე, რომელიც მის ბუნება-არსებას ბოლომდე გააშიშვლებს? ღმერთს რომ არ გამოევლინა ის, მის გვერდით სამი ან ხუთი წელიც რომ გეცხოვრა, მაინც გაგიჭირდებოდა იმის დანახვა, თუ როგორი ბუნება-არსება აქვს მას. მით უმეტეს, რამდენად მართალია ეს მაშინ, როდესაც მას იშვიათად ხედავ და მასთან იშვიათად ხარ? ცრუ წინამძღოლები უდარდელად ენდობიან ადამიანს დროებითი შთაბეჭდილების ან სხვისი დადებითი შეფასების საფუძველზე და ბედავენ, ასეთ პიროვნებას ეკლესიის საქმე მიანდონ. განა ამით უკიდურეს სიბრმავეს არ იჩენენ? განა გაუაზრებლად არ მოქმედებენ? და როდესაც ასე მოქმედებენ, განა ცრუ წინამძღოლები უკიდურესად უპასუხისმგებლონი არ არიან? ზემდგომი წინამძღოლები და მუშაკები მათ ეკითხებიან: „შეამოწმე იმ ზედამხედველის მუშაობა? როგორია მისი ხასიათი და სულიერი მონაცემები? არის თუ არა პასუხისმგებლიანი თავის საქმესთან მიმართებაში? შეუძლია ამ საქმის გაძღოლა?“ ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „რა თქმა უნდა, შეუძლია! როდესაც ის შეირჩა, ფიცი დადო და გადაწყვეტილება მიიღო. მისი წერილობითი ფიცი ჯერ კიდევ მაქვს. მან უნდა შეძლოს ამ საქმის გაძღოლა.“ რას ფიქრობთ ცრუ წინამძღოლის სიტყვებზე? მას სჯერა, რომ რადგან ამ ადამიანმა თავისი ერთგულების დასადასტურებლად ფიცი დადო, ის აუცილებლად შეძლებს ამის შესრულებას. შეესაბამება ეს განცხადება სიმართლეს? დღესდღეობით რამდენი ადამიანი ახერხებს სინამდვილეში თავისი ფიცის შესრულებას? რამდენი პატიოსანი ადამიანია ისეთი, ვინც საქმეს საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით ასრულებს? მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადამიანი ფიცს დებს, არ ნიშნავს, რომ მას ნამდვილად შეუძლია მისი ბოლომდე მიყვანა. დავუშვათ, მას ეკითხები: „შეგიძლია გარანტია მოგვცე, რომ ზედამხედველი არ შეიცვლება? შეგიძლია გარანტია მოგვცე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად იმსახურებს? როდესაც ღმერთს ადამიანთა გამოაშკარავება სურს, მან სხვადასხვაგვარი გარემო უნდა შექმნას მათ გამოსაცდელად. რა საფუძველზე ამბობ, რომ ის საიმედოა? გამოიკვლიე ის?“ ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „ამის საჭიროება არ არსებობს. დებმა და ძმებმა ყველამ თქვეს, რომ ის საიმედოა.“ ეს განცხადებაც არასწორია. განა ადამიანი მართლა კარგია მხოლოდ იმიტომ, რომ დები და ძმები ასე ამბობენ? განა ყველა და და ძმა ფლობს ჭეშმარიტებას? განა ყველას შეუძლია საგნის არსში წვდომა? განა ყველა და და ძმა იცნობს ამ ადამიანს? ეს განცხადება კიდევ უფრო ამაზრზენია! სინამდვილეში, ეს პიროვნება დიდი ხანია მხილებულია. მან დაკარგა სულიწმიდის მოქმედება და უკვე გამოაშკარავდა მისი ისეთი მდაბალი თვისებები, როგორიცაა სიამისკენ მიდრეკილება და შრომის სიძულვილი, ღორობა და სიზარმაცე, ასევე, საკუთარი საქმისადმი გულგრილობა. გარდა ცრუ წინამძღოლებისა, რომელთაც ჯერ კიდევ წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე, ყველამ დიდი ხანია დაინახა მისი ნამდვილი სახე — მხოლოდ ცრუ წინამძღოლები ენდობიან მას ასე ძალიან. რა სარგებელი მოაქვთ ამ ცრუ წინამძღოლებს? განა ისინი არაფრისმაქნისები არ არიან? არსებობს ისეთი შემთხვევებიც კი, როდესაც ზემდგომნი გარკვეული ზედამხედველების სხვადასხვა გამოვლინების შესახებ ადგილზე გამოკვლევისა და გამოკითხვის შედეგად იგებენ, წინამძღოლებმა კი კვლავაც აბსოლუტურად არაფერი იციან. ნუთუ ეს არ არის პრობლემა? ისინი ნამდვილი ცრუ წინამძღოლები არიან. ნამდვილ საქმეს არ აკეთებენ, მხოლოდ ფუჭი ბიუროკრატიით არიან დაკავებულნი; ჰგვანან უფროსებს, რომლებიც ყველაფერს სხვებს აბარებენ — ცოტას წაიმუშავებენ, მერე კი ამის ხარჯზე ცხოვრობენ და ფიქრობენ, რომ გართობის უფლება აქვთ, მაშინაც კი, როცა საქმე უკან მიდის, თითსაც არ ატოკებენ დასახმარებლად. რა უფლება გაქვს, სტატუსით მონიჭებული სიკეთეებით ისარგებლო? ეს მართლაც უსინდისობაა! ცრუ წინამძღოლები მუშაობისას არასოდეს ამოწმებენ არავითარ საქმეს, არ ინტერესდებიან მისი მიმდინარეობით და, რა თქმა უნდა, არ იკვლევენ სხვადასხვა გუნდის ზედამხედველების მდგომარეობას. ისინი მხოლოდ საქმეს ანაწილებენ, ზედამხედველებს ნიშნავენ და ჰგონიათ, რომ ამით ყველაფერი დაასრულეს, რომ მათი საქმე ერთხელ და სამუდამოდ შესრულებულია. მათ სჯერათ: რადგან ამ საქმეს სხვა უძღვება, მე აღარ მეხება. შემიძლია დავისვენო. განა ეს საქმის კეთებაა? ეჭვგარეშეა, ნებისმიერი, ვინც ასე მუშაობს, ცრუ წინამძღოლია — ცრუ წინამძღოლი, რომელიც აფერხებს ეკლესიის მუშაობას და ზიანს აყენებს ღვთის რჩეულ ხალხს.

ცრუ წინამძღოლები არასოდეს კითხულობენ და არ ადევნებენ თვალყურს სხვადასხვა გუნდის ზედამხედველების სამუშაო ვითარებას. ისინი, ასევე, არ კითხულობენ, არ ადევნებენ თვალყურს და არ ფლობენ ინფორმაციას სხვადასხვა გუნდის ზედამხედველებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პერსონალის სიცოცხლეში შესვლის შესახებ; ასევე, ეკლესიის საქმესთან, საკუთარ მოვალეობებთან, ღვთის რწმენასთან, ჭეშმარიტებასა და თავად ღვთის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ. მათ არ იციან, განიცადეს თუ არა ამ პიროვნებებმა რაიმე სახის ცვლილება ან ზრდა, არც სამუშაო პროცესში არსებული სხვადასხვა პრობლემის შესახებ სმენიათ რამე; კერძოდ, მათთვის უცნობია, რა გავლენა იქონია საქმის შესრულების სხვადასხვა ეტაპზე დაშვებულმა შეცდომებმა და გადახრებმა ეკლესიის საქმიანობასა და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე ან გამოსწორდა თუ არა ოდესმე ეს შეცდომები და გადახრები. მათ ამ ყოველივეს შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. თუ მათ არაფერი იციან ამ დეტალური გარემოებების შესახებ, ნებისმიერი პრობლემის წარმოშობისას ისინი პასიურნი ხდებიან. თუმცა, ცრუ წინამძღოლები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას საერთოდ არ იწუხებენ თავს ამ დეტალურ საკითხებში გარკვევით. მათ სწამთ, რომ სხვადასხვა გუნდის ზედამხედველების განწესებისა და დავალებების გადანაწილების შემდეგ მათი საქმე დასრულებულია — ეს სამუშაოს კარგად შესრულებად ითვლება, ხოლო თუ სხვა პრობლემები წარმოიშობა, ეს მათ აღარ ეხებათ. რადგან ცრუ წინამძღოლები ვერ ახერხებენ ზედამხედველობა გაუწიონ, მითითებები მისცენ და თვალყური ადევნონ სხვადასხვა გუნდის ზედამხედველებს და არ ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს ამ სფეროებში, ეს იწვევს ეკლესიის საქმის არევას. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობებისადმი გულგრილი და დაუდევარი დამოკიდებულება. ღმერთს შეუძლია ადამიანის გულის სიღრმეების დანახვა; ეს ის უნარია, რომელიც ადამიანებს არ გააჩნიათ. ამიტომ, საქმის შესრულებისას ადამიანები უფრო ბეჯითნი და ყურადღებიანნი უნდა იყვნენ, რეგულარულად მივიდნენ სამუშაო ადგილზე, რათა თვალი ადევნონ, ზედამხედველობა გაუწიონ და წარმართონ პროცესი ეკლესიის საქმის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად. აშკარაა, რომ ცრუ წინამძღოლები სრულიად უპასუხისმგებლონი არიან თავიანთ საქმესთან მიმართებაში და არასოდეს უწევენ ზედამხედველობას, არც აკონტროლებენ და არც წარმართავენ სხვადასხვა დავალებას. შედეგად, ზოგიერთმა ზედამხედველმა არ იცის, როგორ გადაჭრას მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემა და რჩება თავის თანამდებობაზე იმის მიუხედავად, რომ საქმის გასაკეთებლად საჭირო კომპეტენცია საერთოდ არ გააჩნია. საბოლოოდ, საქმე გამუდმებით ფერხდება და სრული ქაოსი იქმნება. ეს არის შედეგი იმისა, რომ ცრუ წინამძღოლები არ კითხულობენ, არ ზედამხედველობენ და არ ადევნებენ თვალყურს ზედამხედველებს; ეს შედეგი მთლიანად გამოწვეულია ცრუ წინამძღოლების მხრიდან პასუხისმგებლობის უგულებელყოფით. იმის გამო, რომ ცრუ წინამძღოლები არ ამოწმებენ, არ ადევნებენ თვალყურს და არ კითხულობენ საქმის ვითარებას, ვერ ახერხებენ ვითარებაში დროულად გარკვევას და მათ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, აკეთებენ თუ არა ზედამხედველები რეალურ საქმესრეალურ საქმეს, როგორ მიიწევს საქმე წინ და გამოიღო თუ არა მან რეალური შედეგი. როდესაც მათ ეკითხებიან, თუ რით არიან დაკავებულნი ზედამხედველები ან რა კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ, ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „არ ვიცი, მაგრამ ისინი ყველა შეკრებას ესწრებიან და ყოველთვის, როცა მათ საქმეზე ვესაუბრები, არავითარ პრობლემასა თუ სირთულეს არ ახსენებენ.“ ცრუ წინამძღოლები ფიქრობენ, რომ თუ ზედამხედველები სამუშაოს თავს არ ანებებენ და საჭიროებისას ყოველთვის ხელმისაწვდომნი არიან, მათთან ყველაფერი რიგზეა. სწორედ ასე მუშაობენ ცრუ წინამძღოლები. განა ეს არ არის სიცრუის გამოვლინება? განა ეს საკუთარი პასუხისმგებლობის შეუსრულებლობა არ არის? ეს არის პასუხისმგებლობის სერიოზული უგულებელყოფა! თავიანთ საქმეში ცრუ წინამძღოლები მხოლოდ გარეგნულ მხარეზე არიან ორიენტირებულნი და რეალურ შედეგებს არ ეძებენ. ერთი შეხედვით, ისინი ხშირად მართავენ შეკრებებს და ჩვეულებრივ სხვა ადამიანებზე უფრო დაკავებულები ჩანან. თუმცა, უცნობი რჩება, სინამდვილეში რა პრობლემები გადაჭრეს მათ, რა კონკრეტული დავალებები შეასრულეს ჯეროვნად და რა შედეგებს მიაღწიეს. ვერავინ იძლევა მკაფიო პასუხს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ვერც თავად ცრუ წინამძღოლები. მაგრამ ერთი რამ ცხადია: მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემები აქვთ ადამიანებს სამუშაო ადგილზე, ეს ცრუ წინამძღოლები არსად ჩანან; არავის უნახავს ისინი სამუშაო პროცესში ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად. მაშ, რას აკეთებენ ცრუ წინამძღოლები მთელი დღის განმავლობაში? რა პრობლემებს აგვარებს მათი შეკრებები? არავინ იცის დანამდვილებით, ხოლო დაგროვილი, მოუგვარებელი საკითხების მთელი გროვა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც მათი სამუშაო მოწმდება. გარეგნულად, ცრუ წინამძღოლები მართლაც ძალიან დაკავებულები ჩანან — ისინი „უამრავ საქმეს აგვარებენ.“ მაგრამ, როცა მათი საქმიანობის შედეგებს აკვირდებიან, ყველაფერი არეულ-დარეულია; ეს არის ქაოსი, რომელშიც ღირებული არაფერია და აშკარად ჩანს, რომ ამ ცრუ წინამძღოლებს რეალური საქმე საერთოდ არ შეუსრულებიათ. მიუხედავად უამრავი მოუგვარებელი რეალური პრობლემისა, რაც მათ დატოვეს, ცრუ წინამძღოლებს სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ და საკუთარ თავს არაფერში ადანაშაულებენ. მეტიც, ისინი ძალიან კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით და ფიქრობენ, რომ საკმაოდ კარგები არიან; ისინი ჭეშმარიტად მოკლებულნი არიან გონიერებას. ამგვარი ადამიანები არ იმსახურებენ, რომ ეკლესიაში წინამძღოლები ან მუშაკები იყვნენ.

იმგვარი ზედამხედველი, რომლის შესახებაც ახლახან გვქონდა თანაზიარება, იცნობს თავის პროფესიას და ფლობს სამუშაო უნარებს, თუმცა უბრალოდ არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, მთელ დღეებს ჭამასა და გართობაში ატარებს, ნაცვლად იმისა, რომ თავის საქმეს მიხედოს ან რაიმე რეალური სამუშაო შეასრულოს. ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ამგვარი ზედამხედველების სამსახურებრივი მოვალეობების დროულად კორექტირება ან მათი განთავისუფლება, რაც ხელს უშლის საქმის ნორმალურ მიმდინარეობას. განა ეს ცრუ წინამძღოლების ბრალი არ არის? მიუხედავად იმისა, რომ ცრუ წინამძღოლები ამაზე უშუალოდ პასუხისმგებელნი არ არიან, მათი მხრიდან მოვალეობის უგულებელყოფა და ზედამხედველის როლის შეუსრულებლობა მათ არაპირდაპირ აკისრებს პასუხისმგებლობას იმ ზარალზე, რომელიც საქმეს მიადგა. ეს ცრუ წინამძღოლები არ ასრულებენ ზედამხედველის მოვალეობას, უგულებელყოფენ თავიანთ პასუხისმგებლობებს, რაც, საბოლოო ჯამში, ზარალს აყენებს ეკლესიის საქმეს. ზოგჯერ საქმე საერთოდ ჩრდება და არეულობა იქმნება იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი ზედამხედველი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგბლობას, შეამოწმებს ყველაფერს, გააკონტროლებს პროცესს და სამუშაოს წინსვლას უზრუნველყოფს. კადრების არასწორი გამოყენება საქმისთვის სწორედ ასეთი ზარალის მომტანი იქნება. მართალია, ამგვარ ზედამხედველს გარკვეული სულიერი მონაცემები აქვს და პროფესიაში ცოტათი ერკვევა, მაგრამ თავის საქმეს ჯეროვნად არ უძღვება, ხშირად საკუთარი გზით მიდის და სწორ გზას არ ადგას. მაშინაც კი, თუ ცრუ წინამძღოლებს ესმით, რომ ვიღაცამ ამგვარ ზედამხედველთან დაკავშირებული პრობლემა შეატყობინა, ისინი არ იძიებენ ამ საკითხს და არ აგვარებენ მას დროულად, რაც, საბოლოო ჯამში, ეკლესიის საქმიანობის შეფერხებასა და გაჩერებას იწვევს. განა ეს ცრუ წინამძღოლების უპასუხისმგებლობით არ არის გამოწვეული? ისინი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებასაც კი ცდილობენ და აცხადებენ, თითქოს ვერ გაიგეს ზედამხედველის მდგომარეობა, თითქოს სულელები და უცოდინრები იყვნენ; ჰგონიათ, რომ ამის თქმით ყველაფერი დასრულდება და პასუხისმგებლობის აღება არ მოუწევთ. თავიანთ საქმეში ცრუ წინამძღოლები ყოველთვის ზედაპირულად მოქმედებენ. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები პრობლემების შესახებ ატყობინებენ, ისინი არც კი კითხულობენ ამის შესახებ და არ აგვარებენ მათ, ხოლო როცა საქმე ცუდად მიდის, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობენ. ეს ცრუ წინამძღოლების ერთი გამოვლინებაა.

II. როგორ ექცევიან ცრუ წინამძღოლები დაბალი სულიერი მონაცემებისა და სამუშაო უნარების არმქონე ზედამხედველებს

ცრუ წინამძღოლების საქმიანობისას წარმოქმნილი სირთულეები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება — არის სხვა მდგომარეობაც, როცა ზედამხედველებს დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ, არ გააჩნიათ მუშაობის უნარი და ვერ უმკლავდებიან დაკისრებულ მოვალეობას. ასეთ შემთხვევებშიც, ცრუ წინამძღოლები ვერ ახერხებენ საკითხის დროულად გამოკვლევასა და მოგვარებას. რატომ ხდება ასე? ცრუ წინამძღოლებს მუშაობის უნარი აკლიათ, დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ და არ გააჩნიათ სულიერი წვდომა. ისინი არასოდეს ინტერესდებიან და არ იჩენენ ინიციატივას, რომ დასვან კითხვები სხვადასხვა გუნდის ზედამხედველების სულიერი მონაცემების, მათი მხრიდან საქმის გაძღოლის უნარისა თუ მათი სამუშაო გარემოებების შესახებ. მათ არ შეუძლიათ იმ ზედამხედველების ამოცნობა, რომლებსაც დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ და საქმეს ვერ უმკლავდებიან და არც არაფერი იციან ამის შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ როგორც კი ადამიანი ზედამხედველის როლს ირგებს, იგი ამ პოსტზე დიდხანს რჩება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი ის მრავალგვარ ბოროტებას ჩაიდენს, საერთო აღშფოთებას გამოიწვევს და მას დები და ძმები გადააყენებენ ან თუ ვინმე მის პრობლემებზე ზემდგომებს შეატყობინებს და ზემდგომები მას პირდაპირ დაითხოვენ. ​სხვა შემთხვევაში, ცრუ წინამძღოლები მას პოსტიდან არასდროს გაათავისუფლებენ. მათ სჯერათ, რომ რაკი დებმა და ძმებმა ის ადამიანი კარგად დაახასიათეს და აირჩიეს, საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს. ცრუ წინამძღოლები ყოველთვის წარმოდგენებსა და მსჯელობებს ეყრდნობიან, როდესაც განსაზღვრავენ, შეუძლია თუ არა ვინმეს მუშაობა და არის თუ არა ის შესაფერისი ზედამხედველის როლისთვის. მაგალითად, იყო ცეკვის გუნდის ზედამხედველი, რომელმაც არ იცოდა ცეკვა და არ ესმოდა ცეკვების შერჩევის პრინციპები. ცეკვის ქორეოგრაფიული დადგმისას მან არ იცოდა, თანამედროვე სტილი აერჩია თუ კლასიკური. ზუსტად რომ ვთქვათ, მას ცეკვის შესახებ არავითარი ცოდნა არ გააჩნდა. მაგრამ ცრუ წინამძღოლმა ეს ვერ შეამჩნია. მან ეს ადამიანი ზედამხედველად იმიტომ აირჩია, რომ იგი ენთუზიაზმით იყო სავსე და ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდა. ჩათვალა, რომ მას ყველაფერი ესმოდა და ნება დართო, დებისა და ძმებისთვის ეხელმძღვანელა. მოგვიანებით, ცრუ წინამძღოლს აღარ შეუმოწმებია მისი საქმიანობა, არ დაჰკვირვებია მის მუშაობას და არც იმით დაინტერესებულა, თუ რამდენად კარგად უძღვებოდა იგი დებსა და ძმებს, პროფესიონალი იყო თუ უბრალოდ მოყვარული, რამდენად მართებული იყო ის, რასაც ასწავლიდა ან შეესაბამებოდა თუ არა ეს ღვთის სახლის მოთხოვნებს. მან არც იცოდა ეს ყოველივე და არც არავისთვის უკითხავს. შედეგად, ყველა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ისე, რომ არანაირი შედეგი არ მიუღიათ, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ცრუ წინამძღოლის მიერ შერჩეულმა ზედამხედველმა ცეკვა საერთოდ არ იცოდა, თუმცა თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ექსპერტი იყო და სხვებს მითითებებს აძლევდა. განა ამან არ შეაფერხა საქმე? თუმცა ცრუ წინამძღოლმა ვერ შეძლო ამ პრობლემის ამოცნობა და მაინც სჯეროდა, რომ ის კარგად მუშაობდა. ცრუ წინამძღოლების გონებაში, ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, თუკი მას გაბედულება ჰყოფნის და არ ეშინია ლაპარაკის, მოქმედებისა და საქმის საკუთარ თავზე აღების, ეს იმის დამამტკიცებელია, რომ მას შესაბამისი სულიერი მონაცემები აქვს და შეუძლია საქმის გაძღოლა; ხოლო თუ ის ამ ყველაფერს ვერ ბედავს, ეს ნიშნავს, რომ მისი სულიერი მონაცემები არ არის საკმარისი ამ საქმის შესასრულებლად. ზოგიერთი ადამიანი უგუნურია ან თავზეხელაღებული და ფეთქებადი, ვისაც ნებისმიერ საქმეზე ხელის მოკიდების თავხედობა ჰყოფნის. ამ ადამიანებმა არ იციან, აქვთ თუ არა სათანადო სულიერი მონაცემები ან შეუძლიათ თუ არა საქმის გაძღოლა, თუმცა მაინც ბედავენ, რომ ზედამხედველები გახდნენ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ამ როლს ირგებენ, საქმე საერთოდ არ მიიწევს წინ და რა სამუშაოსაც არ უნდა ასრულებდნენ, არ გააჩნიათ არც მკაფიო მიმართულება, არც ნაბიჯები და არც სწორი იდეები. ნებისმიერს შეუძლია გამოთქვას რაიმე აზრი, მათ კი არ ეცოდინებათ, სწორია ის თუ მცდარი. თუ ერთი ადამიანი იტყვის, საქმე ასე გავაკეთოთო, პასუხობენ, რომ ეს კარგია, ხოლო თუ სხვა იტყვის, სხვანაირად მოვიქცეთო, ამაზეც ამბობენ, რომ ესეც კარგია. როდესაც საქმე იქამდე მიდის, თუ რომელი მიდგომა გამოიყენონ სინამდვილეში, ისინი ყველას აძლევენ აზრის გამოთქმის უფლებას და ვისი ხმაც ყველაზე მაღალია, მისი იდეები ხორციელდება. ამგვარ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ სულიერი მონაცემები, არაფერი ესმით სიღრმისეულად და უბრალოდ აფუჭებენ საქმეს, თუმცა ცრუ წინამძღოლები მაინც ვერ ხვდებიან, თუ სინამდვილეში ვინ არიან ასეთი ზედამხედველები. ზოგი ამბობს: „ამ ზედამხედველს ძალიან დაბალი სულიერი მონაცემები აქვს; იგი სასწრაფოდ უნდა გადავაყენოთ!“ თუმცა ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „მე ვესაუბრე მას და მითხრა, რომ მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს. მოდით, კიდევ ერთი შანსი მივცეთ“. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე? განა ამას სულელი არ იტყოდა? რა არის ამ ნათქვამში არასწორი? (საქმე ის კი არ არის, სურს თუ არა მას თავისი წვლილის შეტანა; მას არ გააჩნია სულიერი მონაცემები და უბრალოდ არ შეუძლია ამ საქმის გაძღოლა.) ასეა, საკითხი იმაში არ მდგომარეობს, აქვს თუ არა მას ამის გაკეთების სურვილი, საქმე ისაა, რომ მას მეტისმეტად დაბალი სულიერი მონაცემები აქვს და არ იცის, როგორ გააკეთოს ეს — სწორედ ესაა პრობლემის არსი. ამიტომაცაა საჭირო, რომ წინამძღოლებს ჰქონდეთ გონიერება და შეეძლოთ ადამიანთა შეფასება, რათა დაინახონ, ფლობენ თუ არა ეს ზედამხედველები აუცილებელ სულიერ მონაცემებს. ამიტომაცაა საჭირო, რომ წინამძღოლებმა ისინი ყოველმხრივ შეაფასონ მათი საუბრისა და თანაზიარების საფუძველზე, დააკვირდნენ, მოქმედებენ თუ არა ჩვეულებრივ შესაბამისი სტრუქტურის, თანმიმდევრული მეთოდებისა და ნაბიჯების დაცვით და გაითვალისწინონ დებისა და ძმების უკუკავშირი. თუ მათი სულიერი მონაცემები მეტისმეტად დაბალია და არ გააჩნიათ საქმის შესრულებისთვის საჭირო უნარი, თუ ყველაფერს აფუჭებენ, რასაც კი ხელს მოჰკიდებენ და სრულიად უსარგებლონი არიან, მაშინ ასეთი ზედამხედველები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

იყო ერთი ფერმის ზედამხედველი, რომელმაც მთელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არია. მან არ იცოდა, რომელი კულტურა რომელ ნაკვეთზე უნდა დაეთესა ან რომელი მიწა იყო ბოსტნეულისთვის შესაფერისი. ის არც სხვებთან ეძებდა გამოსავალს და არც მათთან ჰქონია თანაზიარება — არ იცოდა, როგორ უნდა ჰქონოდა თანაზიარება ამ საკითხებზე, ამიტომ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედა. მან კულტურები ისე დათესა, როგორც მოესურვა, ხოლო ღვთის სახლის პრინციპები სრულიად დაივიწყა. შედეგად, მან თითოეულ ნაკვეთზე თესვა ქაოტურად წარმართა: ის კულტურები, რომლებიც მცირე რაოდენობით უნდა დაეთესა, დიდი რაოდენობით დათესა, ხოლო ისინი, რომლებიც დიდი რაოდენობით უნდა დაეთესა — მცირე რაოდენობით. როდესაც ზემდგომმა იგი გასხლა, მაინც ურჩობდა და თვლიდა, რომ კულტურების ამგვარად დათესვაში ცუდი არაფერი იყო. მითხარით, განა ძალიან ძნელი არ არის ასეთ ზედამხედველებთან მუშაობა? მას არ ესმოდა, როგორ წარემართა საქმეები ღვთის სახლის მიერ დადგენილი პრინციპების საფუძველზე ან ის, რომ მარცვლეულისა და ბოსტნეულის ნაკვეთების რაოდენობა იმ ადამიანთა რაოდენობის მიხედვით უნდა განესაზღვრა, რომლებიც სრულ განაკვეთზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ეკლესიაში. მან ამის ნაცვლად საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვიტა, ზოგიერთი კულტურა მეტი დაეთესა, ზოგი კი — ნაკლები და სჯეროდა, რომ ეს სრულიად მართებული იყო. საბოლოოდ, მან ყველაფერი არეულ-დარეულად დათესა. ცოტა ხანში კი ყლორტებიც გამოჩნდა. ზოგიერთი მათგანი გაყვითლდა და სასუქი დასჭირდა, თუმცა მან არ იცოდა, რა რაოდენობით ან როდის უნდა შეეტანა იგი. ზოგიერთ კულტურას მავნებლები შეესია, მან კი არ უწყოდა, გამოეყენებინა თუ არა პესტიციდები. ზოგი მათ გამოყენებას ურჩევდა, ზოგი კი — პირიქით, რის გამოც იგი დაიბნა და ვეღარ გაეგო, როგორ მოქცეულიყო პესტიციდებთან დაკავშირებით. ასე, გაურკვევლობაში მიაღწია მან მოსავლის აღების ჟამამდე. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა დრო სჭირდებოდა თითოეულ მცენარეს გაზრდისთვის ან როდის იქნებოდა ისინი მოსავლისთვის მზად. ამის გამო, ნაადრევად მოწეული მარცვალი მკვახე აღმოჩნდა, გვიან მოწეული კი ძირს ჩამოცვივდა. ბოლოს, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსავალი მაინც აიღეს, მარცვლეული დააბინავეს და წლის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მეტ-ნაკლებად დასრულდა. როგორ გაართვა თავი ფერმის ზედამხედველმა საკუთარ საქმეს? (მან ყველაფერი არია.) რატომ იყო ეს ყველაფერი ასეთი არეულ-დარეული? იპოვეთ ამ პრობლემის ძირეული მიზეზი. (მისი სულიერი მონაცემები უკიდურესად დაბალია.) ამ ზედამხედველს მეტისმეტად დაბალი სულიერი მონაცემები აქვს! როდესაც ის გარკვეული საკითხების წინაშე დგებოდა, ზუსტ დასკვნებს ვერ აკეთებდა, ვერ პოულობდა პრინციპებს და არ გააჩნდა საქმის გაძღოლის გზა ან მეთოდი. ამან განაპირობა ის, რომ ისეთ მარტივ დავალებასაც კი, როგორიც კულტურების დათესვაა, წარმოუდგენლად უსისტემოდ მიუდგა და ეს სამუშაო სრულ ქაოსად აქცია. რა არის დაბალი სულიერი მონაცემების მთავარი გამოვლინება? (ზუსტი განსჯის უნარის უქონლობა და პრინციპების პოვნის შეუძლებლობა.) განა ეს სიტყვები კრიტიკული არ არის? დაიმახსოვრებთ ამას? როდესაც ადამიანი რაიმე საკითხის წინაშე დგება, ზუსტი განსჯის უნარის უქონლობა და პრინციპების მიგნების შეუძლებლობა უკიდურესად დაბალ სულიერ მონაცემებზე მიუთითებს. რაც უფრო მეტ რჩევასა და მინიშნებას აძლევდნენ სხვები, მით უფრო იბნეოდა ეს ზედამხედველი. ფიქრობდა, ნეტავ მხოლოდ ერთი მითითება მქონდეს, რომელსაც კანონივით დავიცავდიო; ეს ყველაფერს გაამარტივებდა და აღარც ფიქრი ან განსჯის უნარის გამოყენება დასჭირდებოდა. მას ეშინოდა, როდესაც რამდენიმე ადამიანი აძლევდა რჩევებს, რადგან მათი მოსმენისას აღარ იცოდა, როგორ ემოქმედა. სინამდვილეში კი, გონიერ ადამიანებს, რომელთაც კარგი სულიერი მონაცემები აქვთ, სულაც არ ეშინიათ სხვების მოსაზრებების. მათ მიაჩნიათ, რომ რაც მეტი წინადადებაა, მით უფრო მართებული იქნება მათი გადაწყვეტილება და შეცდომის დაშვების შანსიც დაიკლებს. ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ გონიერება ან სულიერი მონაცემები, აფრთხობთ განსხვავებული აზრები და მრავალი ადამიანისგან მიღებული რჩევები; ისინი საგონებელში ვარდებიან, როდესაც ბევრი წყაროდან იღებენ დარიგებას. განა ფერმის ზედამხედველს, რომელიც ახლახან ვახსენე, უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემები არ ჰქონდა? განა ის არ იყო შეუფერებელი ამ საქმისთვის? (დიახ.) ზოგიერთი დავობს: „იქნებ მას მანამდე არასდროს უმუშავია ფერმაში. შენ დაჟინებით მოითხოვდი, რომ მას სამეურნეო სამუშაოები შეესრულებინა — განა ეს იგივე არ არის, თევზს ხმელეთზე ცხოვრება მოსთხოვო?“ სასოფლო-სამეურნეო გამოცდილების არქონა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიწათმოქმედება არ შეუძლია? ვის აქვს მიწათმოქმედების თანდაყოლილი უნარი? ნუთუ ფერმერები ამ ნიჭით იბადებიან? (არა.) ყოფილა შემთხვევა, როცა გამოუცდელ ფერმერს, რომელმაც არ იცოდა მიწის დამუშავება, პირველი დათესვისას მოსავალი ვერ აეღო, საკვები მარცვლეულის გარეშე დარჩენილიყო და მთელი წელი ეშიმშილა? ხდება ასეთი რამ? (არა.) ეს მართლა ასე რომ ხდებოდეს, სტიქიური უბედურების ბრალი იქნებოდა და არა ადამიანის შეცდომის. მსგავსი სიტუაციები უკიდურესად იშვიათია! ფერმერები თავს მიწათმოქმედებით ირჩენენ და ისინიც კი, ვინც მხოლოდ ერთი ან ორი წელია, რაც ამ საქმეს ეწევიან, სწავლობენ მის კეთებას. ადამიანებს, რომლებსაც კარგი სულიერი მონაცემები აქვთ, მიწიდან ცოტა მეტი მოსავლის მოწევა შეუძლიათ, ხოლო მათ, ვისაც დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ — შედარებით ნაკლების. მეტიც, დღევანდელ პირობებში, როცა ინფორმაცია ასე ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია, გონიერ ადამიანს ეს ცოდნა სრულიად ჰყოფნის მართებული დასკვნებისა და გადაწყვეტილებების გამოსატანად. რაც უფრო ვრცელი და ზუსტია ინფორმაცია, მით უფრო მართებული ხდება მათი განსჯა და გადაწყვეტილებები, ხოლო შეცდომების რაოდენობა მცირდება. თუმცა, დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა; რაც მეტია ინფორმაცია, მით უფრო მეტად იბნევიან ისინი. საბოლოოდ, ყოველი ნაბიჯი მათთვის დიდ წვალებად და უკიდურეს სირთულედ იქცევა. მიწათმოქმედება დროსთან შეჯიბრია; ის არ გამოვა, თუ მეტისმეტად ადრე იმოქმედებ ან მეტისმეტად დააგვიანებ. თუ დააგვიანებ და ხელსაყრელ დროს გაუშვებ, ეს საბოლოო მოსავალზე აისახება. ამ სამეურნეო საქმიანობის შესრულებისას ეს ზედამხედველი სრულიად დაიბნა, დროის დინება მას მოსვენებას არ აძლევდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმა იძულებით უწევდა. თუმცა ის მაინც ახერხებდა ყოველი ეტაპის როგორღაც გავლას, ეს მისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა და ბოლოს მაინც ყველაფერი არია. მსგავს პიროვნებებს მეტისმეტად დაბალი სულიერი მონაცემები გააჩნიათ!

ადამიანები, რომლებსაც უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ, ერთადერთ, უბრალო დავალებასაც კი ვერ ასრულებენ ჯეროვნად. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდონ ხელი, ყველაფერს აფუჭებენ და ქაოსს ქმნიან. თუ ამ ზედამხედველების წინამძღოლებს კარგი სულიერი მონაცემები აქვთ და საკუთარი პასუხისმგებლობის შესრულება შეუძლიათ, მათ ძალუძთ დაინახონ ეს ყოველივე. ისინი უნდა დაეხმარონ დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ზედამხედველებს ხელმძღვანელობით, სტანდარტიზაციითა და შემოწმებით. თუმცა, ცრუ წინამძღოლები ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას. მათ ასევე არ შესწევთ იმის უნარი, გააკეთონ ის, რასაც ზედამხედველები ვერ აუდიან, და როდესაც ზედამხედველებს საქმის შესრულება უჭირთ ან ყოყმანობენ და გაუბედავად გრძნობენ თავს საქმეში, ცრუ წინამძღოლები მათთან ერთად მერყეობენ. მათ ისიც კი არ იციან, როგორ მიდის ზედამხედველების საქმე, რა ეტაპზე არიან, რა სირთულეები წარმოიშვა ან რა სახის გაურკვევლობაში იმყოფებიან ისინი. როდესაც ვიღაცამ იმ წინამძღოლს მიწათმოქმედების შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა: „მე წინამძღოლი ვარ, მიწათმოქმედება მე არ მეხება.“ მათ მიუგეს: „შენ წინამძღოლი ხარ და რა არის იმაში ცუდი, მიწათმოქმედების შესახებ რომ გეკითხებით? ეს სამუშაო შენი პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის.“ მან თქვა: „ცოტა მადროვე და გავარკვევ შენთვის.“ კითხვის შემდეგ კი უპასუხა: „ამჟამად კარტოფილს ვრგავთ.“ მათ ჰკითხეს: „რამდენ კარტოფილს რგავთ?“ მან მიუგო: „ეგ არ მიკითხავს, წავალ და გადაგიმოწმებ.“ კიდევ ერთხელ კითხვის შემდეგ მან უპასუხა: „ორი აკრი დავთესეთ.“ მათ ჰკითხეს: „რა ჯიშის კარტოფილი დათესეთ? არის თუ არა ის მიწის ნაკვეთი კარტოფილის დასათესად გამოსადეგი? გამოიყენეთ თუ არა სასუქი თესვისას? რა სიღრმეზე დაითესა კარტოფილის თესლი?“ მას ამ კითხვებიდან არცერთზე ჰქონდა პასუხი. შენ ეს ყველაფერი არ იცი, მაგრამ არც ინტერესდები მათით და არც ვინმეს ეძებ საკითხავად — განა ეს საქმეს არ აფერხებს? საერთოდ ხარ კი წინამძღოლი? რას აკეთებ, როგორც წინამძღოლი? თუ ამ უბრალო საქმეშიც კი ვერ უწევ ხალხს წინამძღოლობას, მაშინ რატომღა გქვია წინამძღოლი? მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველის სულიერი მონაცემები ასეთი დაბალი იყო, ამ ცრუ წინამძღოლმა ეს ვერ შეამჩნია, ხოლო როდესაც ჰკითხეს, როგორი სულიერი მონაცემები ჰქონდა ზედამხედველს, როგორ მიდიოდა საქმე და იყო თუ არა მოსავალი გარანტირებული, მას სჯეროდა: „არ არის საჭირო ამ საკითხებით დაინტერესება; მიწათმოქმედება ხომ ასეთი მარტივი საქმეა! ჩვენ ხომ უკვე დავთესეთ კულტურები? როგორ შეიძლება, რომ მოსავალი არ იყოს?“ ის არაფერზე დაფიქრებულა, არაფრით დაინტერესებულა და მას საერთოდ არ გააჩნდა გონიერება. როგორი წინამძღოლი იყო ეს? (ცრუ წინამძღოლი.) ნებისმიერი საქმის წინაშე ზედამხედველი ისეთივე უგზო-უკვლოდ დაბნეული იყო, როგორც თავმოკვეთილი ქათამი. მან არ იცოდა, ვისთვის ეკითხა, როგორ მოეძია ინფორმაცია ან რომელი მხარე აერჩია, როდესაც სხვადასხვა წყარო უამრავ განსხვავებულ იდეას სთავაზობდა. ეს წინამძღოლი კი საერთოდ არ დაინტერესებულა ამ გარემოებებით. მან ჩათვალა, რომ რაკი საქმე ამ პიროვნებას გადააბარა, თავად აღარაფერზე უნდა ეზრუნა. თქვენი აზრით, ზედამხედველის ასეთი დაბალი სულიერი მონაცემები მოახდენდა გავლენას სამუშაოს შედეგებზე? (დიახ.) მაშინ რა უნდა გაეკეთებინა წინამძღოლს ამ პრობლემის გადასაჭრელად? ამ საკითხის მოკვლევით და გარემოებების ირიბი გამორკვევით, მის გარშემო მომხდარი მოვლენებისა და იმ სეზონის მოსავლის დათესვის პროცესის შესწავლით, მას უნდა აღმოეჩინა, რომ ზედამხედველი უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემების პიროვნება იყო და მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მრავალწლიანი მიწათმოქმედების მიუხედავად, მას საკუთარი გამოცდილებიდან ვერანაირი ცოდნა ვერ შეეძინა — იმ დროისთვის მან ისიც კი არ იცოდა დანამდვილებით, როგორ დაეთესა მოსავალი. წინამძღოლისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ მას დაბალი სულიერი მონაცემები ჰქონდა, საქმეს ვერ აუდიოდა და ასეთი ადამიანი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა! მას უნდა გამოეკვლია, ვინ იქნებოდა შესაფერისი ზედამხედველი, ვის შეეძლო ამ საქმის საკუთარ თავზე აღება და მისი ჯეროვნად შესრულება, რითაც უზრუნველყოფდა, რომ ღვთის სახლის საქმე არ დაზარალებულიყო. განა ჰქონდა ცრუ წინამძღოლს ასეთი აზროვნება? ხედავდა ის ამ პრობლემებს? (არა.) მისი გონება და თვალები დაბრმავებული იყო; ის სრულიად ბრმა იყო. ეს არის ცრუ წინამძღოლების გამოვლინება. როდესაც საქმე დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებს ეხება, მათ არ იციან, როგორ გაუწიონ მათ წინამძღოლობა საქმეში, არ იციან, როგორ დაეხმარონ მათ შემოწმების გზით ან როგორ გადაჭრან ოპერატიულად მათი სირთულეები; და მათ, რა თქმა უნდა, არც ის უწყიან, რომ დაბალი მონაცემების მქონე პიროვნებას არ შეუძლია საქმის საკუთარ თავზე აღება და იგი სასწრაფოდ უნდა ჩანაცვლდეს შესაფერისი ადამიანით. ცრუ წინამძღოლები ამ დავალებებიდან არცერთს არ ასრულებენ. მათ ეს არ ძალუძთ და ამ ყველაფერს ვერ ხედავენ. განა ისინი ბრმები არ არიან? ზოგიერთი ამბობს: „შესაძლოა, სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. რატომ სთხოვ მათ გამუდმებით, რომ ყურადღება მიაქციონ ამ უმნიშვნელო, მეორეხარისხოვან დავალებებს?“ ეს ის დავალებებია, რომლებიც წინამძღოლებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ. როგორ შეიძლება ისინი მეორეხარისხოვნად ჩაითვალოს? ეს საკითხები წინამძღოლის პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის — განა სწორი იქნებოდა მათი უგულებელყოფა? ასეთ შემთხვევაში, ეს პასუხისმგებლობის შეუსრულებლობა იქნებოდა. სირთულეები და პრობლემები საქმეში ყოველდღიურად წარმოიშობა წინამძღოლების ცხვირწინ და ხალხიც მათზე ყოველდღე საუბრობს. თუმცა, ცრუ წინამძღოლების თვალებიც და გონებაც დაბრმავებულია. მათ არ შეუძლიათ დაინახონ, იგრძნონ ან აღიქვან, რომ ეს პრობლემებია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ ვერც აგვარებენ. იმ ცრუ წინამძღოლმა ვერ შეძლო აღმოეჩინა, რომ ზედამხედველს უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემები ჰქონდა. მან ასევე ვერ შეამჩნია სხვადასხვა პრობლემა, რომელიც მის საქმეში წარმოიშვა. ეს ზედამხედველი ვერ უმკლავდებოდა საკითხებს და როდესაც რაიმე ხდებოდა, ისე უწესრიგოდ მოქმედებდა, როგორც ჭიანჭველები ცხელ ტაფაზე. ის პრინციპების გარეშე მოქმედებდა და საქმე არეულობამდე მიჰყავდა, ცრუ წინამძღოლმა კი ვერც ეს დაინახა და ვერც ვერაფერი შენიშნა. არსებობს ერთი პრინციპი, თუ როგორ ასრულებენ ცრუ წინამძღოლები თავიანთ საქმეს: მათ მიაჩნიათ, რომ რაკი თითოეულ დავალებაზე პასუხისმგებელი პირი დანიშნეს, საქმე უკვე გაკეთებულია. მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი ზედამხედველის სულიერი მონაცემები, შეუძლია თუ არა მას საქმის კარგად შესრულება ან რამდენი პრობლემა იჩენს თავს მუშაობისას, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათ საერთოდ არ ეხებათ. შეუძლია ასეთ წინამძღოლს საქმის კეთება? ესმის მას, როგორ უნდა იმუშაოს? (არა.) თუ არ გესმის, როგორ იმუშაო, მაშინ რატომ იკავებ წინამძღოლის ადგილს? თუ ამის მიუხედავად მაინც წინამძღოლად მსახურობ, მაშინ შენ ცრუ წინამძღოლი ხარ. ცრუ წინამძღოლები ვერც დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ხალხის გამოვლინებებს ამჩნევენ და ვერც იმ სირთულეებს ხედავენ, რაც საქმის კეთებისას წარმოიშობა. მათი გული უკიდურესად გაქვავებულია. განა მათი თვალებიცა და გონებაც დაბრმავებული არ არის? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ისინი არ არიან ბრმები. შენ მუდამ ცილს სწამებ და აუგად მოიხსენიებ მათ.“ ამ ზედამხედველის პრობლემები იმდენად მძიმე იყო; ის ცრუ წინამძღოლი ყოველდღე მის გვერდით ცხოვრობდა და ყველაფერს ხედავდა და ესმოდა, რაც ხდებოდა. მაშინ როგორ ვერ შეძლო იმის აღმოჩენა ან გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი პრობლემას წარმოადგენდა? რატომ არ მოაგვარა და არ გადაჭრა ეს საკითხები? ან მისი თვალები და გონება დაბრმავებული არ იყო? იყო ეს პრობლემა სერიოზული? (დიახ, იყო.) ეს ცრუ წინამძღოლების კიდევ ერთი გამოვლინებაა — გონებრივი და თვალთახედვის სიბრმავე.

როდესაც საქმეს დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს აბარებ, მისი ჩვეული საუბრით, სამუშაოს განხილვისას გამოვლენილი დამოკიდებულებითა და თვალსაზრისით, ასევე დავალებების შესრულების მანერით ხვდები, რომ მისი სულიერი მონაცემები მეტისმეტად დაბალია, მისი აზროვნება ქაოტურია, ყველაფერს გარკვეული სიბრმავითა და დაუფიქრებლობით უდგება და არავითარი მიზანი არ გააჩნია. იმის დასადგენად, რომ ამ ადამიანს უკიდურესად დაბალია სულიერი მონაცემები აქვს, მისი მოქმედების სტილის დანახვაც საკმარისია. განა ამისთვის მასზე ხანგრძლივი დაკვირვება გჭირდებათ? არა, არ გჭირდებათ. მაგრამ ცრუ წინამძღოლებს ერთი დამღუპველი თვისება აქვთ: ფიქრობენ, რაკი ესა და ეს პიროვნება ამდენი ხანია მუშაობს და თავი არ დაუნებებია, თანაც არავის უთქვამს, რომ რამე დააშავა, საქმე ჩაშალა ან არია, ან უარყოფითად განეწყო, ან იზარმაცა, ესე იგი მას მუშაობა კიდევ შეუძლია. მათ არ იციან, როგორ განსაჯონ ადამიანის სულიერი მონაცემები ან მისი უნარი, კარგად შეასრულოს სამუშაო, მისი საუბრის, საკითხებისადმი დამოკიდებულებისა და თვალსაზრისის, ან საქმის კეთების მანერის საფუძველზე. მათ არ გააჩნიათ ეს ცნობიერება; ისინი უგრძნობნი არიან ამ საკითხის მიმართ და ყოველგვარი აღქმა აკლიათ. მათ ერთი თვალსაზრისი გააჩნიათ: სანამ ადამიანი უქმად არ არის, ყველაფერი რიგზეა და საქმე წინ მიდის. როგორ გგონიათ, შეძლებს თუ არა ისეთი წინამძღოლი საქმის კარგად კეთებას, რომელსაც ასეთი შეხედულება აქვს? შესწევს მას ამის უნარი? (არა.) ასეთი პიროვნებისთვის წინამძღოლობის მინდობა საქმეს ჩაშლიდა, ასე არ არის? როდესაც ადამიანი ჭამა-სმასა და გართობას ხარბად ესწრაფვის და თავის მოვალეობებს უგულებელყოფს, ცრუ წინამძღოლები არ იწუხებენ თავს ამის გამოკვლევით ან მოგვარებით. მათ არ შეუძლიათ დაინახონ, როგორია ადამიანის სულიერი მონაცემები ან ზნეობა — კარგი თუ ცუდი — მიუხედავად იმისა, თუ რა დროის განმავლობაში აქვთ მასთან ურთიერთობა. ასეთ წინამძღოლებს განა გააჩნიათ წინამძღოლისთვის დამახასიათებელი სამუშაო უნარები? (არა.) ესენი ცრუ წინამძღოლები არიან. ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ გაარჩიონ, აქვს თუ არა ადამიანს კარგი სულიერი მონაცემები და მათ არ შესწევთ ძალა, შეასრულონ ეს კონკრეტული დავალებები. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათი სამუშაოს ნაწილი არ არის. განა ეს საკუთარი პასუხისმგებლობის ღალატი არ არის? როგორ გგონიათ, ვის შეუძლია საქმის გაძღოლა: დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს თუ მას, ვისაც გარკვეული სულიერი მონაცემები აქვს? (მას, ვისაც გარკვეული სულიერი მონაცემები აქვს.) აქედან გამომდინარე, პიროვნების სულიერი მონაცემებისა და მისი კომპეტენტურობის შეფასება ის საკითხია, რომელზეც წინამძღოლები და მუშაკები უნდა ზრუნავდნენ და რომელსაც კარგად უნდა ფლობდნენ. ეს, ასევე, არის დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. მაგრამ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით, რომ ეს მათი საქმის შემადგენელი ნაწილია, მათ არ გააჩნიათ ეს ცნობიერება და არ შეუძლიათ თავიანთი პასუხისმგებლობის ამ ნაწილის შესრულება. სწორედ აქ ვლინდება ცრუ წინამძღოლების მხრიდან მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება და ეს, ასევე, იმის გამოვლინებაა, რომ ისინი საქმეს არ შეესაბამებიან. ეს არის მეორე ტიპის სიტუაცია: ზედამხედველებს აქვთ დაბალი სულიერი მონაცემები, აკლიათ მუშაობის უნარი და არ შეუძლიათ საქმის საკუთარ თავზე აღება, რაც მათ სულიერ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემაა. ამ ვითარებაში, ცრუ წინამძღოლები ასევე ვერ ასრულებენ წინამძღოლის როლს და არ შეუძლიათ დროულად გაანთავისუფლონ დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ზედამხედველები.

III. როგორ ექცევიან ცრუ წინამძღოლები ზედამხედველებს, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ და ხელს უშლიან ეკლესიის საქმიანობას

მესამე ტიპის სიტუაცია კი ეხება ზედამხედველებს, რომლებიც ტანჯავენ და ზღუდავენ სხვებს, რითაც ხელს უშლიან ეკლესიის მუშაობას. პირველი სიტუაცია, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, იყო შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ზედამხედველი, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით კარგი სულიერი მონაცემები აქვთ და შეუძლიათ საქმის საკუთარ თავზე აღება, სამუშაოს სერიოზულად არ ეკიდებიან, მხოლოდ ზერელედ მოქმედებენ, ცრუ წინამძღოლები კი ამას ვერ ხვდებიან და მათ დროულად არ ათავისუფლებენ. მეორე სიტუაცია ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ზოგიერთ ზედამხედველს დაბალი სულიერი მონაცემები აქვს და არ შეუძლია საქმის საკუთარ თავზე აღება, თუმცა ცრუ წინამძღოლები ვერ ამჩნევენ ამას ან მათ დროულად არ ცვლიან. მესამე სიტუაცია ეხება ზედამხედველებს, რომლებიც, იმის მიუხედავად, კარგი სულიერი მონაცემები აქვთ თუ ცუდი, თავიანთ პირდაპირ მოვალეობებს არ ასრულებენ, მხოლოდ სხვებს ტანჯავენ და ზღუდავენ, რითაც ეკლესიის მუშაობას აფერხებენ. ზედამხედველებად შერჩევისს დღიდანვე, ეს ზედამხედველები არც თავიანთი სფეროს შესწავლას ცდილობენ, არც ჭეშმარიტება-პრინციპებს ეძიებენ და, რა თქმა უნდა, არც სხვებს ეხმარებიან თავიანთი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაში. ამის ნაცვლად, ყოველ შესაძლებლობაზე ვიღაცას ამოიჩემებენ, სხვებს კი დასცინიან და აბუჩად იგდებენ; როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, თავს იწონებენ და რასაც უნდა აკეთებდნენ, არასოდეს დგანან მიწაზე მყარად. ერთ დღეს ადამიანებს ეუბნებიან, რომ საქმე ერთი გზით გააკეთონ, მეორე დღეს კი სულ სხვაგვარად მოქცევისკენ მოუწოდებენ. ისინი გამუდმებით ახალ-ახალ ხრიკებს იგონებენ, რადგან მუდმივად ცდილობენ, გამოირჩეოდნენ. ეს ყოველივე ადამიანებს შფოთვის მდგომარეობაში აგდებს. ყოველთვის, როცა ისინი საუბრობენ, ზოგიერთი გრძნობს, როგორ უთრთის გული. როდესაც ყველას დაიმორჩილებენ და აიძულებენ, რომ მათი ეშინოდეთ და ემორჩილებოდნენ, ისინი აღფრთოვანებას გრძნობენ. იმის მიუხედავად, არიან ისინი ცრუ წინამძღოლები თუ ანტიქრისტეები და მიუხედავად იმისა, ფლობენ თუ არა ძალაუფლებას, ამგვარი ადამიანები არღვევენ ეკლესიის სიმშვიდეს. არა მხოლოდ რეალური საქმის კეთება ან მოვალეობის ნორმალურად შესრულება არ შეუძლიათ, არამედ შუღლს თესავენ და ადამიანებს შორის კონფლიქტებს იწვევენ, რითაც ეკლესიის ცხოვრებას აფერხებენ. არა მხოლოდ სხვებს ვერ ეხმარებიან ჭეშმარიტების გაგებაში, არამედ ხშირად განსჯიან და გმობენ ადამიანებს, აიძულებენ მათ, რომ ყველაფერში დაემორჩილონ და იმდენად ზღუდავენ, რომ მათ აღარ იციან, როგორ მოიქცნენ მართებულად. განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცხოვრობენ, ადამიანებს არ შეუძლიათ ცოტა ადრე ან გვიან დაიძინონ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი იძულებულნი არიან, ამ ხალხის სახის გამომეტყველებას უყურონ, რაც ცხოვრებას უკიდურესად დამღლელს ხდის. თუ ასეთი ადამიანები ზედამხედველები გახდებიან, ყველას გაუჭირდება. თუ მათთან გულწრფელად ისაუბრებ და მათ პრობლემებს გამოააშკარავებ, იტყვიან, რომ შენ განზრახ ილაშქრებ მათ წინააღმდეგ და მათ მხილებას ცდილობ. თუ მათ პრობლემებზე არ დაელაპარაკები, იტყვიან, რომ მათ ზემოდან უყურებ. თუ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდები და მათ რჩევას მისცემ, ისინი დაუმორჩილებლობას გამოიჩენენ, იტყვიან, რომ მათ თავს ესხმი და ამპარტავანს გიწოდებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ უნდა აკეთებდე, მათთვის ყველაფერი მიუღებელი იქნება. ისინი მუდამ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დატანჯონ ადამიანები და ისე ბოჭავენ მათ, რომ ხელ-ფეხი შეკრული აქვთ და ჰგონიათ, რასაც აკეთებენ, არაფერია სწორი. ასეთი ზედამხედველები ხელს უშლიან ეკლესიის საქმეს.

ცრუ წინამძღოლები დახელოვნებულნი არიან ზედაპირულ საქმეში, მაგრამ ნამდვილ საქმეს არასოდეს აკეთებენ. ისინი არ მიდიან სხვადასხვა პროფესიული სამუშაოს შესამოწმებლად, ზედამხედველობისთვის ან სამართავად. არც იმას არკვევენ დროულად, თუ რა ხდება სხვადასხვა გუნდში, როგორ მიმდინარეობს მუშაობა, რა პრობლემები არსებობს, არიან თუ არა გუნდის ზედამხედველები თავიანთ საქმეში კომპეტენტურნი და რას ამბობენ ან როგორ აფასებენ დები და ძმები ამ ზედამხედველებს. ისინი არ ამოწმებენ, იზღუდება თუ არა ვინმე გუნდის წინამძღოლების ან ზედამხედველების მიერ, ითვალისწინებენ თუ არა ადამიანების მართებულ წინადადებებს, ხომ არ ხდება ნიჭიერი ან ჭეშმარიტების მაძიებელი პირების დათრგუნვა ან გარიყვა, ხომ არ ჩაგრავენ გულუბრყვილო ადამიანებს, ხომ არ დევნიან, უსწორდებიან ან რიცხავენ მათ, ვინც ცრუ წინამძღოლებს ამხილებს, არიან თუ არა გუნდის წინამძღოლები ან ზედამხედველები ბოროტი ადამიანები და იტანჯება თუ არა ვინმე. თუ ცრუ წინამძღოლები არ ასრულებენ ამგვარ კონკრეტულ სამუშაოს, ისინი უნდა გაათავისუფლონ. ვთქვათ, მაგალითად, ვინმე ატყობინებს ცრუ წინამძღოლს, რომ არსებობს ზედამხედველი, რომელიც ხშირად ზღუდავს და თრგუნავს ადამიანებს. ამ ზედამხედველმა რაღაცები არასწორად გააკეთა, მაგრამ დებსა და ძმებს არ აძლევს უფლებას, რაიმე რჩევა მისცენ, მეტიც, იგი გამართლებისა და თავდაცვისთვის მიზეზებს ეძებს და საკუთარ შეცდომებს არასოდეს აღიარებს. განა ასეთი ზედამხედველი დაუყოვნებლივ არ უნდა გაათავისუფლონ? ეს ის პრობლემებია, რომლებიც წინამძღოლებმა დროულად უნდა მოაგვარონ. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი მათ მიერ დანიშნულ ზედამხედველებს მხილების საშუალებას არ აძლევს, იმის მიუხედავად, თუ რა პრობლემები წარმოიშვება მათ საქმეში. ისინი არც იმის ნებას რთავენ ხალხს, რომ მათ შესახებ ზემდგომებს შეატყობინონ — მეტიც, ადამიანებს ეუბნებიან, რომ მორჩილება ისწავლონ. თუ ვინმე მაინც ამხელს ზედამხედველის პრობლემებს, ეს ცრუ წინამძღოლები ცდილობენ მის დაცვას ან რეალური ფაქტების მიჩქმალვას და ამბობენ: „ეს ზედამხედველის სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული პრობლემაა. სრულიად ნორმალურია, რომ მას ამპარტავანი ხასიათი ჰქონდეს — ყველა, ვისაც მცირეოდენი ნიჭი მაინც გააჩნია, ამპარტავანია. ეს არაფერია, უბრალოდ მცირე თანაზიარება მჭირდება მასთან.“ ამ თანაზიარების შემდეგ ზედამხედველი საკუთარ პოზიციას გამოხატავს და ამბობს: „ვაღიარებ, რომ ამპარტავანი ვარ. ვაღიარებ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ჩემი პატივმოყვარეობა, სიამაყე და სტატუსი მაღელვებს და სხვების რჩევებს არ ვიღებ. თუმცა სხვა ადამიანები ამ პროფესიაში ვერ ერკვევიან, ისინი ხშირად უსარგებლო წინადადებებს გვთავაზობენ, ასე რომ, არსებობს მიზეზი, რის გამოც მათ არ ვუსმენ.“ ცრუ წინამძღოლები არ ცდილობენ ვითარების საფუძვლიანად შესწავლას, ისინი არ ინტერესდებიან ზედამხედველის მუშაობის შედეგებით და მით უმეტეს იმით, თუ როგორია მისი ადამიანობა, ხასიათი და მისწრაფებები. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, საკითხების არასათანადოდ შეფასებაა და ამბობენ: „ამის შესახებ მაცნობეს, ამიტომ თვალს გადევნებ. კიდევ ერთ შანსს გაძლევ.“ მათი საუბრის დასრულებისას ზედამხედველი აცხადებს, რომ სურს მონანიება, თუმცა ცრუ წინამძღოლებს სრულიად არ აინტერესებთ, რეალურად მოინანიებს ის თუ უბრალოდ მათ მოტყუებას ცდილობს. თუ ვინმე ამ საკითხზე კითხვებს სვამს, ცრუ წინამძღოლები ამბობენ: „მე უკვე ვესაუბრე მათ და ღვთის სიტყვების მრავალი მონაკვეთი გავუზიარე. ისინი მზად არიან მოსანანიებლად და პრობლემაც უკვე მოგვარებულია.“ როდესაც ის პიროვნება ეკითხება: „როგორია ამ ზედამხედველის ადამიანობა? არის ისეთი ადამიანი, ვინც ჭეშმარიტებას იღებს? შანსი კი მიეცი, მაგრამ შეძლებს ის გულწრფელად მონანიებასა და შეცვლას?“ ცრუ წინამძღოლები, რომელთაც არ შესწევთ ამის დანახვის უნარი, პასუხობენ: „მე ჯერ კიდევ ვაკვირდები მათ.“ ის პიროვნება კი მიუგებს: „რამდენი ხანია, რაც აკვირდები? რაიმე დასკვნამდე თუ მიხვედი?“ ცრუ წინამძღოლები მიუგებენ: „უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ არავითარ დასკვნამდე არ მივსულვარ.“ თუ ექვს თვეზე მეტი დაკვირვების შემდეგ არავითარი შედეგი არ აქვთ, მუშაობის რა ეფექტურობაზეა საუბარი? ცრუ წინამძღოლებს სჯერათ, რომ ზედამხედველთან ერთი გასაუბრება ეფექტურია და პრობლემას აგვარებს. რამდენად მართებულია ეს მოსაზრება? მათ ჰგონიათ, რომ როდესაც ვინმეს დაელაპარაკებიან, ეს ადამიანი აუცილებლად შეიცვლება და თუ ვინმე დაჰპირდებათ, აღარ გაიმეორებს ამას; ისინი ამას ყოველგვარი ეჭვის გარეშე იჯერებენ, აღარაფერს კითხულობენ და აღარც იმას ამოწმებენ, თუ რა ხდება სინამდვილეში. თუკი ამ საკითხს არავინ წამოჭრის, მათ შეიძლება ექვსი თვის განმავლობაშიც კი არ შეიწუხონ თავი საქმის შესწავლით ან მასზე შემდგომი თვალყურის დევნებით. ცრუ წინამძღოლები ვერც კი ამჩნვენ, რომეს ზედამხედველი საქმეს აფუჭებს და ყველაფერს ურევს. მათ არ შესწევთ უნარი, გამოიცნონ, როგორ ატყუებს და აბითურებს მათ ეს ზედამხედველი. უფრო საძულველი კი ის არის, რომ როდესაც ვინმე ზედამხედველის პრობლემების შესახებ ატყობინებს, ცრუ წინამძღოლები ამას უგულებელყოფენ და სინამდვილეში არ იკვლევენ, არსებობს თუ არა ეს პრობლემები ან შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რასაც მათ ატყობინებენ. ისინი ამ პრობლემებს არც კი განიხილავენ — მათ მართლაც ზედმეტად სჯერათ საკუთარი თავის! რა პრობლემებიც უნდა წარმოიშვას ეკლესიის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ წინამძღოლები მათ მოსაგვარებლად თითსაც არ გაანძრევენ; ისინი თვლიან, რომ ეს მათ საერთოდ არ ეხებათ. ცრუ წინამძღოლების რეაქცია ამ პრობლემებზე უკიდურესად დუნეა, ისინი ზომებს ძალიან ნელა იღებენ, გამუდმებით თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და ხალხს კვლავ და კვლავ აძლევენ მონანიების შანსს, თითქოს ის შანსები, რომლებსაც ისინი ადამიანებს აძლევენ, ასეთი ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყოს, თითქოს მათ ამ ადამიანთა ბედის შეცვლა შეეძლოთ. ცრუ წინამძღოლებმა არ იციან, როგორ ამოიცნონ ადამიანის ბუნება-არსება იმის მიხედვით, თუ რა ვლინდება მათში, ან როგორ განსაჯონ ადამიანის გზა მისი ბუნება-არსებიდან გამომდინარე, ან დაინახონ, არის თუ არა პიროვნება შესაფერისი ზედამხედველის პოზიციისთვის ან წინამძღოლის სამუშაოსთვის იმ გზის საფუძველზე, რომელსაც ის ადგას. მათ არ შესწევთ უნარი, მოვლენებს ამ კუთხით შეხედონ. ცრუ წინამძღოლებს თავიანთ საქმესთან მიმართებაში მხოლოდ ორი რამის კეთება შეუძლიათ: პირველი, გამოიძახონ ადამიანები გასაუბრებისთვის და ეს ყველაფერი ფორმალობისთვის გააკეთონ; მეორე, შანსი მისცენ ხალხის, ასიამოვნონ სხვებს და არავის აწყენინონ.ასრულებენ ისინი ნამდვილ საქმეს? აშკარაა, რომ არა. თუმცა ცრუ წინამძღოლებს სჯერათ, რომ ვინმესთან გასაუბრება ნამდვილი საქმეა. ისინი ამ საუბრებს ძალიან ფასეულად და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ხოლო იმ ცარიელ სიტყვებსა და მოძღვრებებს, რომლებსაც აფრქვევენ, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ ჰგონიათ, რომ ამ საუბრებით გადაჭრეს სერიოზული პრობლემები და ნამდვილი სამუშაო შეასრულეს. მათ არ იციან, რატომ სჯის და კიცხავს ღმერთი ადამიანებს, რატომ სხლავს მათ, ან რატომ სცდის და გამოწრთობს. მათ არ იციან, რომ მხოლოდ ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანის გახრწნილი ხასიათის შეცვლა. ისინი ასე უკიდურესად ამარტივებენ ღვთის საქმეს და ღვთის მიერ კაცობრიობის ხსნას! მათ სჯერათ, რომ რამდენიმე სიტყვისა და მოძღვრების წარმოთქმა ღვთის საქმის ჩანაცვლებაა და რომ მას ადამიანის გახრწნილების პრობლემის მოგვარება შეუძლია. განა ეს ცრუ წინამძღოლების სისულელე და უგუნურება არ არის? ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობის ნატამალიც კი, მაშ, რატომ არიან ასეთი თავდაჯერებულები? განა რამდენიმე მოძღვრების ფრქვევა აიძულებს ადამიანებს საკუთარი თავის შეცნობას? განა ეს მისცემთ მათ საშუალებას, განთავისუფლდნენ თავიანთი გახრწნილი ხასიათისგან? როგორ შეიძლება ეს ცრუ წინამძღოლები ასეთი უმეცრები და გულუბრყვილოები იყვნენ? განა ადამიანის მცდარი პრაქტიკისა და გახრწნილი ქცევის გამოსწორება მართლაც ასე მარტივია? ნუთუ ადამიანის მანკიერი მიდრეკილებების საკითხი ასე იოლად მოსაგვარებელია? ცრუ წინამძღოლები ძალიან უგუნურები და ზედაპირულები არიან! ღმერთი მხოლოდ ერთ მეთოდს არ იყენებს ადამიანის გახრწნილების პრობლემის გადასაჭრელად. იგი მრავალ ხერხს მიმართავს და სხვადასხვაგვარ გარემოს ქმნის ადამიანების გამოსააშკარავებლად, განსაწმენდად და სრულყოფისთვის. ამის საპირისპიროდ, ცრუ წინამძღოლები სამუშაოს უკიდურესად ერთფეროვნად და ზედაპირულად ასრულებენ: ისინი ადამიანებს სასაუბროდ იხმობენ, მათ აზროვნებაზე გავლენის მოსახდენად მცირე რჩევა-დარიგებებს აძლევენ, ცოტას დამოძღვრავენ და ჰგონიათ, რომ ამით რეალურ სამუშაოს ასრულებენ. განა ეს ზედაპირული არ არის? და რა საკითხი იმალება ამ ზედაპირულობის მიღმა? განა ეს გულუბრყვილობა არ არის? ცრუ წინამძღოლები უკიდურესად გულუბრყვილოები არიან და ადამიანებსა თუ მოვლენებსაც წარმოუდგენლად გულუბრყვილოდ აღიქვამენ. ადამიანის გახრწნილი ხასიათის შეცვლაზე რთული არაფერია — მგელი კანს იცვლის, ზნეს კი არაო. ცრუ წინამძღოლებს კი ამ პრობლემის არსის დანახვა საერთოდ არ შეუძლიათ. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ეკლესიაში ისეთ ზედამხედველებს, რომლებიც გამუდმებით იწვევენ არეულობას, ყოველთვის ზღუდავენ და ტანჯავენ ხალხს, ცრუ წინამძღოლები სხვა არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ესაუბრებიან მათ, რამდენიმე სიტყვით სხლავენ და ამით ყველაფერი მთავრდება. ისინი არ ჩქარობენ მათთვის მოვალეობების შეცვლას ან მათ განთავისუფლებას. ცრუ წინამძღოლების ეს მიდგომა უზარმაზარ ზიანს აყენებს ეკლესიის მუშაობას და ხშირად იწვევს საქმის შეფერხებას, დაგვიანებასა და დაზიანებას. ზოგიერთი ბოროტი ადამიანის მიერ გამოწვეული არეულობის გამო ეკლესიის საქმიანობა ვეღარ ვითარდება ნორმალურად, შეუფერხებლად და ეფექტურად — ეს ყველაფერი კი იმ მძიმე შედეგების ბრალია, რომლებიც ცრუ წინამძღოლების გრძნობებზე დაყრდნობით მოქმედებას, ჭეშმარიტება-პრინციპების დარღვევასა და არასწორი ადამიანების გამოყენებას მოჰყვება. გარეგნულად ცრუ წინამძღოლები განზრახ არ სჩადიან უამრავ ბოროტებას და არც ყველაფერს საკუთარი ნება-სურვილით აკეთებენ და საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოებს არ აარსებენ, როგორც ამას ანტიქრისტეები სჩადიან. თუმცა ცრუ წინამძღოლებს არ შესწევთ უნარი, ოპერატიულად გადაჭრან ეკლესიის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემა, ხოლო როდესაც სხვადასხვა გუნდის ზედამხედველებთან დაკავშირებით იჩენს თავს სირთულეები და ეს ზედამხედველები ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, ცრუ წინამძღოლები ვერ ახერხებენ მათთვის სამუშაო დავალებების დროულად შეცვლას ან მათ განთავისუფლებას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ეკლესიის საქმიანობას. ეს ყველაფერი კი ცრუ წინამძღოლების მიერ პასუხისმგებლობის უგულებელყოფით არის გამოწვეული. განა ძალიან საძულველნი არ არიან ცრუ წინამძღოლები? (დიახ).

IV. როგორ ექცევიან ცრუ წინამძღოლები ზედამხედველებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამუშაო განაწესებს და ყველაფერს საკუთარი გზით აკეთებენ

ცრუ წინამძღოლებს არ შესწევთ უნარი, ოპერატიულად აღკვეთონ ეკლესიაში მომხდარი ბოროტი საქმეები, როგორიცაა ზედამხედველების მიერ სხვების ტანჯვა, მათი შეზღუდვა და ეკლესიის მუშაობისთვის ხელის შეშლა. ანალოგიურად, როდესაც ზოგიერთი ზედამხედველი ღვთის სახლის სამუშაო განაწესს ეწინააღმდეგება და ყველაფერს თავისებურად აკეთებს, ცრუ წინამძღოლები ვერ პოულობენ შესაბამის გადაწყვეტილებებს ამ პრობლემების დროულად მოსაგვარებლად. ეს იწვევს დანაკარგებს ეკლესიის მუშაობაში და ზიანს აყენებს ღვთის სახლის მატერიალურ თუ ფინანსურ რესურსებს. ცრუ წინამძღოლები გულუბრყვილონი და ზედაპირულნი არიან, მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება და განსაკუთრებით არ ძალუძთ ადამიანების ბუნება-არსების ამოცნობა. შედეგად, ისინი ხშირად საქმეს ზედაპირულად ასრულებენ, ყველაფერს ფორმალურად აკეთებენ, წესებს მიჰყვებიან და ლოზუნგებს გაჰყვირიან, მაგრამ არ მიდიან ადგილზე საქმის შესამოწმებლად, არ აკვირდებიან და არ გამოკითხავენ თითოეულ ზედამხედველს, ან დროულად არ ინტერესდებიან, თუ რა გააკეთეს ამ ზედამხედველებმა, როგორია მათი მოქმედების პრინციპები და რა შედეგები მოჰყვება ამ ყოველივეს. შედეგად, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, სინამდვილეში ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც იყენებენ და რა გააკეთეს მათ. ამიტომ, როდესაც ეს ზედამხედველები ფარულად ეწინააღმდეგებიან ღვთის სახლის სამუშაო განაწესს და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ, ცრუ წინამძღოლებმა არა მხოლოდ არაფერი იციან ამის შესახებ, არამედ მათ დაცვასაც კი ცდილობენ. თუნდაც სმენოდეთ ამის შესახებ, ისინი საქმეს არ იკვლევენ და მასზე დროულად არ რეაგირებენ. ცრუ წინამძღოლები, ერთი მხრივ, არაკომპეტენტურები არიან თავიანთ საქმეში, მეორე მხრივ კი — გულგრილად ეკიდებიან საკუთარ მოვალეობებს. მოდით, მოვიყვანოთ მაგალითი. ერთმა წინამძღოლმა სხვა გუნდიდან გარიცხული პიროვნება მცენარეების მოშენების სპეციალისტად შეარჩია. მან არ გადაამოწმა, ჰქონდა თუ არა ამ პიროვნებას შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა, შეძლებდა თუ არა საქმის კარგად შესრულებას ან ჰქონდა თუ არა სერიოზული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. მას შემდეგ კი, რაც ამპიროვნებას ეს როლი დაეკისრა, ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვა და უთხრა: „მიდი, დაიწყე ბოსტნეულის დარგვა. თესლები შენ თვითონ შეარჩიე, დახარჯულ ნებისმიერ თანხას კი მე დაგიმტკიცებ. უბრალოდ აკეთე ეს საქმე ისე, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ!“ წინამძღოლმა ეს უთხრა და ამ ზედამხედველმაც დაიწყო საქმის კეთება ისე, როგორც თავად მიაჩნდა საჭიროდ. მისი პირველი დავალება თესლების შერჩევა იყო. როდესაც ინტერნეტში გადაამოწმა, აღმოაჩინა: „ბოსტნეულის უამრავი სხვადასხვა ჯიში არსებობს — ეს ვრცელი სამყარო სავსეა უჩვეულო რამეებით! თესლების შერჩევა საკმაოდ სახალისოა. ადრე ეს საქმე არასდროს გამიკეთებია და არ ვიცოდი, თუ ასე დავინტერესდებოდი. რადგან ასე ძალიან მაინტერესებს, მთელ ძალისხმევას ჩავდებ! ჯერ პომიდვრის თესლების განყოფილება გახსნა და უბრალოდ გაოცდა. იქ იყო ყველანაირი ჯიში და ზომა, ფერების მხრივ კი — წითლები, ყვითლები და მწვანეები. ერთი სახეობა ჭრელიც კი იყო — მსგავსი არაფერი ენახა და ამან მართლაც გაუფართოვა თვალსაწიერი! მაგრამ როგორ უნდა აერჩია სწორი თესლები? მან გადაწყვიტა, თითოეული ჯიშიდან ცოტ-ცოტა დაეთესა, განსაკუთრებით კი ის მრავალფერიანი სახეობა, რომელიც ასე უნიკალურად გამოიყურებოდა. ზედამხედველმა შეარჩია სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფორმის პომიდვრის 10-ზე მეტი ჯიში. პომიდვრის თესლების არჩევას მალე ბადრიჯნის ჯიშების შერჩევაც მოჰყვა. ჩვეულებრივ, ადამიანები იისფერ გრძელ ბადრიჯანს ან თეთრ ბადრიჯანს მიირთმევენ, მაგრამ მან გაიფიქრა: „ბადრიჯანი მხოლოდ ამ ორი სახეობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. არსებობს მწვანე, ზოლიანი, გრძელი, მრგვალი და ოვალური ჯიშები. თითოეული სახეობიდან ცოტ-ცოტას ავირჩევ, რათა ყველამ გაიფართოვოს თვალსაწიერი და ყველანაირი განსხვავებული ბადრიჯანი გასინჯოს. როგორც ზედამხედველი, ნახეთ, როგორი დახელოვნებული და გაბედული ვარ თესლების შერჩევაში, როგორ ვზრუნავ და ვითვალისწინებ დებისა და ძმების ინტერესებს, რათა ყველას გემოვნება დავაკმაყოფილო.“ შემდეგ მან ხახვის თესლები შეარჩია. ადგილობრივად ხახვის სულ 14 ჯიში არსებობდა, მან კი ყველა მათგანი ამოარჩია და, როცა დაასრულა, კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა. განა ეს ზედამხედველი „გაბედულია“? სხვა ვინ გაბედავდა ამდენი სახეობის შერჩევას? მოგვიანებით, ამ საკითხის განხილვა განვაგრძე და ერთმა ადამიანმა ისიც კი თქვა: „ადგილობრივად მხოლოდ 14 ჯიში კი არ არსებობს, კიდევ რამდენიმეა, რომლებიც მას არ აურჩევიაო!“ მას იმის თქმა უნდოდა, რომ 14 სახეობა არც ისე ბევრია და რადგან ზედამხედველმა სხვა ჯიშებიც არ აიღო, მას ცუდი არაფერი ჩაუდენიაო. განა გონებაჩლუნგი არ არის ის, ვინც ეს თქვა? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებაჩლუნგია, არ ესმის ადამიანური ენა და ვერ ხვდება, რატომ განვიხილავდი ამ საკითხს ასე დაწვრილებით. ხახვის თესლების შერჩევის შემდეგ, ზედამხედველმა კარტოფილის სულ მცირე რვა ჯიშიც ამოარჩია. რა იყო მისი მიზანი ამდენი სახეობის შერჩევისას? ის, რომ ყველასთვის თვალსაწიერი გაეფართოებინა და მათთვის სხვადასხვა გემოები გაესინჯებინა. ზედამხედველს მიაჩნდა, რომ თესლების შერჩევა დებისა და ძმების კეთილდღეობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. რას ფიქრობთ მის მოტივაციაზე? არის თუ არა ყველას ინტერესებზე ზრუნვისა და ყველასთვის მსახურების სურვილით მოქმედება ის პრინციპი, რომელსაც ღვთის სახლი მოითხოვს? (არა). მაშინ, როგორია ღვთის სახლის პრინციპი თესლების შერჩევისას? ნუ დარგავთ უცნაურ და იშვიათ ჯიშებს, რომლებსაც ჩვეულებრივ არ მივირთმევთ. რაც შეეხება იმ ჯიშებს, რომლებიც ხშირად გამოიყენება, თუ ისინი ადრე არ დაგვითესავს და არ ვიცით, რამდენად შეეფერება ადგილობრივ ნიადაგსა და კლიმატს, შეარჩიეთ ერთი ან ორი ჯიში, მაქსიმუმ, სამი ან ოთხი. პირველ რიგში, ისინი უნდა შეეფერებოდეს ადგილობრივ ნიადაგსა და კლიმატს; მეორეც, ადვილი მოსავლელი უნდა იყოს და არ უნდა იყოს მიდრეკილი დაავადებებისა და მავნებლებისკენ; მესამე, მომავალი წლისთვის თესლს უნდა იძლეოდეს; და ბოლოს, კარგი მოსავალი უნდა მოჰქონდეს. თუ გემრიელია, მაგრამ მცირე მოსავალს იძლევა, მაშინ ის გამოსადეგი არ არის. თესლების შერჩევის ამ შემთხვევიდან გამომდინარე, მოქმედებდა ეს ზედამხედველი პრინციპების შესაბამისად? ეძიებდა ის? იყო მორჩილი? გამოიჩინა ყურადღება ღვთის სახლის მიმართ? მოქმედებდა ის იმ განწყობით, რომელიც მოვალეობის შესრულებისას უნდა ჰქონოდა? (არა.) აშკარაა, რომ ის თავნებობდა და ცუდ საქმეებს სჩადიოდა, აშკარად ეწინააღმდეგებოდა ღვთის სახლის სამუშაო განაწესს და ყველაფერს თავისებურად აკეთებდა! მან ამგვარად გაანიავა ღვთის შესაწირავი საკუთარი ცნობისმოყვარეობისა და გართობის სურვილის დასაკმაყოფილებლად და ასეთ მნიშვნელოვან დავალებას თამაშივით მოეპყრო, მისმა ცრუ წინამძღოლმა კი ნება დართო, ეკეთებინა ის, რაც მოესურვებოდა, ყოველგვარი გამოკითხვისა თუ ჩარევის გარეშე. როდესაც მას ჰკითხეს: „იმ ზედამხედველმა, რომელიც შენ შეარჩიე, რეალურად გააკეთა რაიმე საქმე? როგორი იყო შედეგები? თუ გაუწიე მას დახმარება თესლების შერჩევისას და თუ გადაამოწმე მისი გადაწყვეტილებები?“ მას ამ საკითხებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მხოლოდ თქვა: „თესლები უკვე დაითესა; ჩვენ ვიყავით ადგილზე, დათესვის პროცესში.“ სხვა საკითხები მას არ აინტერესებდა. როგორ გამოვლინდა ბოლოს ამ ზედამხედველის პრობლემა? მან მარწყვი დარგო, შესაბამისი ტექნიკური მითითებების მიხედვით კი, პირველ წელს მარწყვის ნერგებს ნაყოფი არ უნდა გამოასხმევინო და ყველა ყვავილი უნდა მოაცილო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე წელს ნაყოფი საერთოდ არ იქნება, პირველ წელს კი, ნაყოფიც რომ გამოიღოს, ძალიან მომცრო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა ეს ზედამხედველს უთხრეს, მან ყური არ ათხოვა. მისი არგუმენტი ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც, პირველ წელს მარწყვის ნერგების პოლიეთილენის პარკით დაფარვა და ნაყოფის გამოღება დასაშვები იყო. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ნერგებმა სხვადასხვაგვარი დეფორმირებული, წვრილი და თესლებით დაფარული მარწყვი გამოიღო — ზოგი მჟავე, ზოგი ტკბილი და ზოგიც უგემური — ყველანაირი შეგხვდებოდათ. პრობლემა ასე სერიოზულად გამწვავდა, თუმცა იქაურმა ცრუ წინამძღოლებმა ის სრულიად უგულებელყვეს. რატომ? იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, ამ მარწყვს მაინც ვერ შეჭამდნენ და ამიტომ ამ საკითხის იგნორირება არჩიეს. განა ის, რომ რაღაცას ვერ შეჭამენ, ნიშნავს, რომ ამაზე არ უნდა იზრუნონ? რაც შეეხება კარტოფილსა და ხახვს, რომლებსაც მიირთმევდნენ — მათზე თუ ზრუნავდნენ? არცერთ ამ ცრუ წინამძღოლს ეს არ ადარდებდა; ისინი უბრალოდ უყურებდნენ, როგორ იქცეოდა ზედამხედველი საკუთარი ნება-სურვილისამებრ. ერთ დღეს მათ ვესტუმრე და ვიღაცამ მაცნობა, რომ სალათის ფურცლები გადაბერდა და თუ მალე არ აიღებდნენ, მათ ვეღარავინ შეჭამდა და გაფუჭდებოდა. თუმცა ზედამხედველი მის დატოვებას მოითხოვდა; ამბობდა, მოსავალს თუ ავიღებთ, სხვა ბოსტნეული უნდა დავრგოთ, რაც ზედმეტი საზრუნავიაო. მიუხედავად იმისა, რომ ცრუ წინამძღოლებმა იცოდნენ ამის შესახებ, არაფერი მოუმოქმედებიათ. საბოლოოდ, ზემდგომებს მოუწიათ მათთვის ბრძანების გაცემა, რომ სასწრაფოდ აეღოთ სალათის ფურცლები და მდგომარეობა გამოესწორებინათ. სხვა შემთხვევაში, სალათის ფურცლებს მიწა ეკავა და საზაფხულო ბოსტნეულის დარგვას შეაფერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ასეთი სერიოზული პრობლემა წარმოიშვა, არცერთ ცრუ წინამძღოლს არაფერი მოუმოქმედებია, რადგან ძალიან ეშინოდათ ვინმეს წყენინების. რადგან ზედამხედველი ცრუ წინამძღოლმა დააწინაურა, დაწინაურების შემდეგ კი მისი სამუშაო არასდროს შეუმოწმებია, ნებას რთავდა თავისუფლად ემოქმედა, მხარს უჭერდა და ზურგს უმაგრებდა, სხვა წინამძღოლები კი ჩარევას ვერ ბედავდნენ და მათთან ერთხმად მოქმედებდნენ, საბოლოოდ ამდენი პრობლემა წარმოიშვა. ეს არის სამუშაო, რომელსაც ეს წინამძღოლები ასრულებდნენ. განა შეიძლება მათ კვლავ ეწოდოთ წინამძღოლები? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სერიოზული შემთხვევა პირდაპირ მათ ცხვირწინ ხდებოდა, მათ ვერც კი გააცნობიერეს, რომ ეს პრობლემა იყო, მის მოგვარებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. განა ესენი ცრუ წინამძღოლები არ არიან? (დიახ, არიან). ერთი მხრივ, ისინი ადამიანთა მაამებელნი იყვნენ და სხვების წყენინების ეშინოდათ. მეორე მხრივ, მათ არ იცოდნენ, რამდენად სერიოზული იყო პრობლემა, აკლდათ სწორი მსჯელობის უნარი, ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს საერთოდ პრობლემა იყო და არც ის უწყოდნენ, რომ ეს საქმე მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა. განა უსარგებლოები და მუქთამჭამელები არ არიან? განა ეს პასუხისმგებლობისადმი გულგრილი დამოკიდებულება არ არის? (დიახ). ეს მეოთხე შემთხვევაა: როდესაც ზედამხედველები ღვთის სახლის სამუშაო განაწესს ეწინააღმდეგებიან და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. წარმოვადგინეთ მაგალითი, რომელიც ამხილებს ცრუ წინამძღოლების მხრიდან პასუხისმგებლობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას და ნათელს ჰფენს ცრუ წინამძღოლთა ბუნება-არსებას.

V. როგორ ექცევიან ცრუ წინამძღოლები ზედამხედველებს, რომლებიც ანტიქრისტენი არიან და ამყარებენ დამოუკიდებელ სამეფოებს

კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ზედამხედველები უპირისპირდებიან თავიანთ ზემდგომებს და დამოუკიდებელ სამეფოებს ქმნიან — ასეთი ზედამხედველები ანტიქრისტენი არიან. ცრუ წინამძღოლებს არ შესწევთ უნარი, შეასრულონ ზედამხედველის როლი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ზედამხედველთა დაბალი სულიერი მონაცემები, მათი ცუდი ადამიანობა ან მათი თვითნებობა და საქმის გაფუჭება. ისინი ასევე ვერ ახერხებენ დროულად შეამოწმონ და იკითხონ, თუ რა სამუშაოს ასრულებენ ამგვარი ზედამხედველები და რა პრობლემები აქვთ მათ, რათა დაადგინონ მათი შესაფერისობა. ანალოგიურად, ცრუ წინამძღოლებს კიდევ უფრო ნაკლებად შესწევთ უნარი, ბოლომდე დაინახონ ანტიქრისტეთა ბუნება-არსება, რომლებიც ბოროტი და სასტიკი ადამიანები არიან. არა მხოლოდ არ შესწევთ უნარი, ბოლომდე დაინახონ ეს ყოველივე, არამედ, ამავდროულად, გარკვეულწილად ეშინიათ კიდეც ამ ხალხის, თავს უმწეოდ და უძლურად გრძნობენ, რაც ხშირად იმით მთავრდება, რომ ანტიქრისტეებს ისინი თავის ჭკუაზე დაჰყავთ. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი? ანტიქრისტეებმა შესაძლოა ცრუ წინამძღოლების სამუშაო სფეროებში კლანები ჩამოაყალიბონ, საკუთარი ძალები შემოიკრიბონ და დამოუკიდებელი სამეფოები დააარსონ. საბოლოოდ კი, მათ შესაძლოა ხელში ჩაიგდონ მართვის სადავეები, თავად დაიწყონ გადაწყვეტილებების მიღება, ცრუ წინამძღოლები კი მარიონეტებად აქციონ. ეს ცრუ წინამძღოლები რატომღაც ვერ ამჩნევენ იმას, რასაც ანტიქრისტეები წყვეტენ და იციან და ამ ყველაფრის შესახებ სრულ სიბნელეში არიან. ისინი მომხდარს მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, რაც რაღაც შეემთხვევათ და ვინმე ამას შეატყობინებს, თუმცა მაშინ უკვე გვიანია. ცრუ წინამძღოლები იმასაც კი ეკითხებიან ანტიქრისტეებს, თუ რატომ არ ჩააყენეს ისინი საქმის კურსში, რაზეც პასუხად იღებენ: „შენთვის თქმას რა აზრი ჰქონდა? შენ მაინც ვერაფერზე იღებ გადაწყვეტილებას, ამიტომ ამის შენთან განხილვა საჭირო არ იყო, გადაწყვეტილება თავად მივიღეთ. შენთვის რომც გვეთქვა, აუცილებლად დაგვეთანხმებოდი. რა აზრი უნდა გქონოდა?“ ასეთ საკითხებში ცრუ წინამძღოლები უმწეონი არიან. თუ შენ არ შეგიძლია ამ ანტიქრისტეების ამოცნობა, შეჩერება ან მათთან გამკლავება, მაშინ ზემდგომებს უნდა აცნობო მათ შესახებ, მაგრამ ამასაც კი ვერ ბედავ — განა მუქთამჭამელი არ ხარ? (დიახ). როდესაც ასეთი საკითხების წინაშე დგებიან, ეს დიდი მუქთამჭამელები ჩემთან მოდიან, ცრემლებს ღვრიან, წუწუნებენ და ჩივიან: „ჩემი ბრალი არ არის; ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. იმას, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არა, ჩემთან კავშირი არ აქვს, რადგან საქმის კეთებისას არც საქმის კურსში ჩავუყენებივარ და არც არაფერი უთქვამთ ჩემთვის.“ რას გულისხმობენ ამით? (პასუხისმგებლობას გაურბიან.) როგორც წინამძღოლმა, შენ უნდა იცოდე და აკონტროლებდე ამ საკითხებს. თუ ანტიქრისტეები საქმის კურსში არ გაყენებენ, შენ თავად რატომ არ მიდიხარ და არ კითხულობ? როგორც წინამძღოლმა, შენ უნდა დაგეგმო, უხელმძღვანელო და მიიღო გადაწყვეტილება ყველა საკითხზე. თუ ისინი არაფერს გატყობინებენ, ყველაფერს თავად წყვეტენ და შემდეგ მხოლოდ ანგარიშფაქტურებს გიგზავნიან ხელმოსაწერად, განა ეს შენი უფლებამოსილების მიტაცება არ არის? როდესაც ცრუ წინამძღოლები აწყდებიან ანტიქრისტეებს, რომლებიც ეკლესიის მუშაობას ხელს უშლიან, ისინი საგონებელში ვარდებიან; მგლის წინაშე მდგარი სულელებივით უმწეონი არიან და უმოქმედოდ უყურებენ, როგორ ხდებიან მარიონეტები და როგორ ართმევენ მათ ძალაუფლებას. ამასთან დაკავშირებით ერთი რამის გაკეთებაც კი არ შეუძლიათ — როგორი უსარგებლო და საცოდავი ხალხია! მათ არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, არ ძალუძთ ანტიქრისტეების ამოცნობა ან მხილება და, მით უმეტეს, ვერ აჩერებენ მათ ბოროტი საქმეების ჩადენისას. ამავდროულად, ისინი ამ პრობლემების შესახებ ზემდგომებსაც არ ატყობინებენ. განა ესენი მუქთამჭამელები არ არიან? რა აზრი აქვს შენს წინამძღოლად არჩევას? ანტიქრისტეები თავნებობენ და ბოროტებას სჩადიან, აშკარად ფლანგავენ შესაწირავს, ქმნიან დაჯგუფებებს, რომლებსაც თავადვე უდგანან სათავეში და ეკლესიის შიგნით დამოუკიდებელ სამეფოებს აარსებენ. შენ კი საერთოდ ვერ ახერხებ მათ ზედამხედველობას, მხილებას, შეჩერებას ან მათთან გამკლავებას, თუმცა მაინც ჩემთან მოდიხარ საწუწუნოდ. როგორი წინამძღოლი ხარ? შენ მართლაც მუქთამჭამელი ხარ! რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ანტიქრისტეების მეთაურობით შექმნილი ეს ბანდები ფარულად მართავენ მსჯელობას და შემდეგ გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებენ. ისინი წინამძღოლებს საქმის კურსში ყოფნის უფლებასაც კი არ აძლევენ, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაწყვეტილების მიღების უფლებაზე. ისინი პირდაპირ უგულებელყოფენ წინამძღოლებს, მთელ ძალაუფლებას თავად იღებენ ხელში და ყველაფერს ერთპიროვნულად განაგებენ. რას აკეთებენ ამ დროს ის წინამძღოლები, რომლებსაც მათი მართვა ევალებათ? ისინი სრულიად ვერ ახერხებენ ამ სამუშაოს შემოწმებას, ზედამხედველობას, მართვას ან მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას. საბოლოოდ, საქმე იქამდე მიდის, რომ ანტიქრისტეები ეუფლებიან ყველაფერს და მათზე ბატონობენ. განა ეს პრობლემა ცრუ წინამძღოლების საქმიანობიდან არ გამომდინარეობს? რა არის ამ პრობლემის არსი? საიდან იღებს ის სათავეს? ეს იქიდან მოდის, რომ ცრუ წინამძღოლებს დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ, აკლიათ მუშაობის უნარი, ანტიქრისტეები კი მათ საერთოდ არაფრად აგდებენ. ანტიქრისტეები ფიქრობენ: „რისი გაკეთება შეგიძლია შენ, როგორც წინამძღოლს? მაინც არ მოგისმენ და კვლავაც შენი გვერდის ავლით ვიმოქმედებ. ამას თუ ზემდგომებს შეატყობინებ, მერე ნახე შენი ტანჯვა!“ ცრუ წინამძღოლები ვერ ბედავენ ასეთი საკითხების შეტყობინებას. მათ არა მხოლოდ მუშაობის უნარი აკლიათ, არამედ არც იმის სიმამაცე შესწევთ, რომ პრინციპები დაიცვან. მათ ადამიანების განაწყენების ეშინიათ და სრულიად არ გააჩნიათ ერთგულება — განა ეს სერიოზული პრობლემა არ არის? რაიმე სულიერი მონაცემები მაინც რომ გააჩნდეთ და ჭეშმარიტებაში ერკვეოდნენ, დაინახავდნენ, რომ ეს ხალხი ცუდია და იტყოდნენ: „მარტო მათ მხილებას ვერ ვბედავ, ამიტომ რამდენიმე დასა და ძმასთან ერთად ვიმსჯელებ, რომლებიც უფრო მეტად ისწრაფვიან და ესმით ჭეშმარიტება, რათა ეს საკითხები მოვაგვაროთ“. თუ მათთან მსჯელობის შემდეგაც ვერ გავუმკლავდებით ანტიქრისტეებს, მაშინ პრობლემის შესახებ ზემდგომებს შევატყობინებ და ნებას დავრთავ მათ, თავად მოაგვარონ ეს ყველაფერი. სხვა არაფერი შემიძლია, მაგრამ პირველ რიგში ღვთის სახლის ინტერესები უნდა დავიცვა. ის ხარვეზები და პრობლემები, რომლებიც გამოვააშკარავე, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.“ განა ეს არ არის პრობლემის მოგვარების გზა? განა ესეც არ ჩაითვლება მოვალეობის შესრულებად? ამის გაკეთება რომ შეგეძლოს, მაშინ ზემდგომები აღარ იტყვიან, რომ დაბალი სულიერი მონაცემები გაქვს და მუშაობის უნარი გაკლია. თუმცა, რადგან პრობლემების შესახებ ზემდგომებისთვის შეტყობინებაც კი არ შეგიძლია, შენ მუქთამჭამელად და ცრუ წინამძღოლად ითვლები. არა მხოლოდ დაბალი სულიერი მონაცემები გაქვს და მუშაობის უნარი გაკლია, არამედ იმის რწმენა და სიმამაცეც კი არ გაგაჩნია, რომ ღმერთს მიენდო ანტიქრისტეების მხილებასა და მათთან ბრძოლაში. განა მუქთამჭამელი არ ხარ? ნუთუ საცოდავნი არიან ისინი, ვისაც ანტიქრისტეებმა ძალაუფლება წაართვეს? შეიძლება საბრალოდ გამოიყურებოდნენ; მათ არაფერი დაუშავებიათ და მუშაობისას ძალიან ფრთხილობენ, რადგან ძალიან ეშინიათ შეცდომების დაშვების, მხილების და იმის, რომ დებმა და ძმებმა მათ ზიზღით შეხედონ. თუმცა, საქმე იქამდე მიდის, რომ პირდაპირ მათ თვალწინ ანტიქრისტეები ყველაფერს ეუფლებიან. მათი ნათქვამი არაფერს ნიშნავს და მათ ყოფნა-არყოფნასაც აზრი ეკარგება. ზედაპირულად შეიძლება საბრალოდ ჩანდნენ, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ საძულველნი არიან. მითხარი, შეუძლია ღვთის სახლს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებსაც ადამიანები ვერ აგვარებენ? უნდა შეატყობინონ თუ არა ადამიანებმა პრობლემების შესახებ ზემდგომებს? (დიახ, უნდა შეატყობინონ.) ღვთის სახლში არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია და ღვთის სიტყვებს ნებისმიერი საკითხის გადაჭრა შეუძლია. გაქვს კი ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა? თუ ეს მცირედი რწმენაც კი არ გაგაჩნია, როგორ ხარ შესაფერისი იმისთვის, რომ წინამძღოლი იყო? განა უსარგებლო და საცოდავი არ ხარ? აქ საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ცრუ წინამძღოლი ხარ, არამედ ღვთისადმი ელემენტარული რწმენაც კი არ გაგაჩნია. შენ ურწმუნო ხარ და არ იმსახურებ წინამძღოლობას!

რაც შეეხება წინამძღოლებისა და მუშაკების მეოთხე პასუხისმგებლობას, ჩვენ ჩამოვთვალეთ ხუთი სიტუაცია იმის გამოსააშკარავებლად, თუ როგორ უდგებიან ცრუ წინამძღოლები სხვადასხვა სამუშაოსა და ზედამხედველებს. ამ ხუთ სიტუაციაზე დაყრდნობით, ჩვენ გავაანალიზეთ ცრუ წინამძღოლების უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემების, უნიათობისა და რეალური საქმის კეთების უუნარობის სხვადასხვა გამოვლინება. ამგვარი თანაზიარების შემდეგ, უფრო ნათლად ხედავთ, როგორ ამოიცნოთ ცრუ წინამძღოლები? (დიახ). კეთილი, დღეისთვის აქ დავასრულოთ ჩვენი თანაზიარება. ნახვამდის!

2021 წლის 23 იანვარი.

წინა: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (2)

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (9)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება