წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (2)
მოდით, პირველ რიგში გადავხედოთ ჩვენი წინა შეკრების თანაზიარების ძირითად შინაარსს. (გასულ ჯერზე თქვენ ჩამოთვალეთ წინამძღოლებისა და მუშაკების თხუთმეტი პასუხისმგებლობა და ძირითადად პირველ ორზე გქონდათ თანაზიარება: ხალხის წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და მათი გაგებისკენ, რათა შევიდნენ ღვთის სიტყვის რეალობაში; თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა და მათ რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის გადაჭრა. ამ ორ პუნქტზე დაყრდნობით, თქვენ გაკვეთეთ ცრუ წინამძღოლების შესაბამისი გამოვლინებები.) ოდესმე თუ გიფიქრიათ, ამ ორი პასუხისმგებლობიდან რომლის შესრულებას შეძლებდით წინამძღოლი რომ ყოფილიყავით? ბევრი ადამიანი მუდმივად გრძნობს, რომ გააჩნია გარკვეული სულიერი მონაცემები, გონიერება და ტვირთის შეგრძნება და, შესაბამისად, სურს იბრძოლოს წინამძღოლობისთვის და არ უნდა იყოს რიგითი მიმდევარი. ამიტომ, პირველ რიგში დააკვირდი, შეგიძლია თუ არა ამ ორი პასუხისმგებლობის შესრულება,რომლის შესრულების უკეთესი უნარი გაქვს და რომლის საკუთარ თავზე აღება შეგიძლია. მოდით, ჯერ ნუ ვისაუბრებთ იმაზე, გაქვს თუ არა წინამძღოლობისთვის საჭირო სულიერი მონაცემები ან ფლობ თუ არა მუშაობის ამ უნარს, ან ტვირთის შეგრძნებას, და, პირველ რიგში, ვნახოთ, შეგიძლია თუ არა ამ ორი პასუხისმგებლობის კარგად შესრულება. ოდესმე თუ გიფიქრიათ ამ კითხვაზე? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მე არ ვგეგმავ წინამძღოლობას, მაშ, რატომ უნდა ვიფიქრო ამაზე? მე უბრალოდ ჩემი საქმე უნდა ვაკეთო კარგად — ეს კითხვა მე არ მეხება. ამ ცხოვრებაში არასდროს მენდომება წინამძღოლობა და წინამძღოლის თუ მუშაკის პასუხისმგებლობების აღება, ამიტომ არასდროს დამჭირდება ასეთ კითხვებზე დაფიქრება.“ არის ეს განცხადება სწორი? (არა.) თუნდაც არ გსურდეს წინამძღოლობა, განა მაინც არ უნდა იცოდე, რამდენად კარგად ასრულებს შენი წინამძღოლი ამ ორ პასუხისმგებლობას, შეასრულა თუ არა მან თავისი პასუხისმგებლობები, გააჩნია თუ არა მას მოთხოვნილი სულიერი მონაცემები, უნარები და ტვირთის შეგრძნება და აკმაყოფილებს თუ არა ის ამ ორ მოთხოვნას? თუ შენ არ გესმის ან არ შეგიძლია ამ საკითხების არსს ჩასწვდე და ისინი უფსკრულისკენ მიგიძღვებიან, მიხვდები კი ამას? თუ უბრალოდ დაბნეული მიჰყვები მათ და გონებაარეული ხარ, თუ არ იცი, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან, ან რომ მათ შეცდომაში შეჰყავხარ ან არ იცი სად მიჰყავხარ, მაშინ საფრთხეში აღმოჩნდები. რადგან შენ არ გესმის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების ფარგლები და არ გაგაჩნია ცრუ წინამძღოლების გარჩევის უნარი, შენ დაბნეული გაჰყვები მათ და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გთხოვენ, ისე, რომ არ გეცოდინება, შეესაბამება თუ არა მათი თანაზიარება ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებას ან არის თუ არა ის რეალობა. შენ იფიქრებ, რომ რადგან ისინი ენთუზიაზმით არიან სავსენი, ფაციფუცობენ, თავდაუზოგავად შრომობენ დილიდან საღამომდე და შეუძლიათ საფასურის გადახდა და რადგან, როდესაც ვინმე გასაჭირშია, ისინი დახმარების ხელს უწვდიან და უყურადღებოდ არ ტოვებენ მას, ისინი აკმაყოფილებენ წინამძღოლის სტანდარტს. შენ არ იცი, რომ ცრუ წინამძღოლებს არ შესწევთ ღვთის სიტყვებში ჩაწვდომის უნარი, რომ რამდენი ხანიც არ უნდა იმუშაონ, ისინი ვერ გაიგებენ ღვთის განზრახვებს და არ ეცოდინებათ, რა არის ღვთის მოთხოვნები, ისინი იმის გარჩევასაც კი ვერ შეძლებენ, რა არის მოძღვრებები და რა არის ჭეშმარიტება-რეალობა, მათ არ ეცოდინებათ, როგორ ჩასწვდნენ ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას წმინდად, და არც ის ეცოდინებათ, როგორ ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები — ეს აშკარას ხდის იმას, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან. ცრუ წინამძღოლები ვერავითარ შედეგს ვერ აღწევენ თავიანთ საქმეში. მათ ექნებათ თანაზიარება და ფორმალურად შეასრულებენ მოვალეობას, მაგრამ მათთვის გაურკვეველი იქნება, რა მდგომარეობაში ხარ, რა სირთულეების წინაშე დგახარ და რეალურად გადაიჭრა თუ არა ისინი, და შენ თავადაც არ გეცოდინება ეს ყველაფერი. გარეგნულად, ისინი წაიკითხავენ ღვთის სიტყვებს და შენთან ექნებათ თანაზიარება ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ შენ მაინც მცდარ მდგომარეობაში იცხოვრებ ყოველგვარი შემობრუნების გარეშე. რა სირთულეებსაც არ უნდა წააწყდე, ისინი ისე მოიქცევიან, თითქოს ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს, მაგრამ შენი არცერთი სირთულე არ გადაიჭრება მათი თანაზიარებით ან დახმარებით და პრობლემები კვლავ იარსებებს. აკმაყოფილებს თუ არა ასეთი წინამძღოლი სტანდარტს? (არა.) მაშ, რა ჭეშმარიტებები უნდა გესმოდეს ამ საკითხების გასარჩევად? შენ უნდა გესმოდეს, ასრულებენ თუ არა წინამძღოლები და მუშაკები თითოეულ დავალებას და აგვარებენ თუ არა თითოეულ პრობლემას ღვთის სიტყვების მოთხოვნების შესაბამისად, არის თუ არა მათი ყოველი სიტყვა პრაქტიკული და შეესაბამება თუ არა ის ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებას. გარდა ამისა, შენ უნდა გესმოდეს, როდესაც სხვადასხვა სირთულის წინაშე დგახარ, პრობლემების გადაჭრის მათი მიდგომა გეხმარება თუ არა ღვთის სიტყვების გაგებასა და პრაქტიკის გზის პოვნაში, თუ ისინი მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევენ, ლოზუნგებს გაიძახიან ან შეგაგონებენ. ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს უყვარს ადამიანების დახმარება შეგონებით, ზოგს — მოტივაციით, სხვებს კი — მხილებით, დადანაშაულებითა და გასხვლით. რა მეთოდიც არ უნდა გამოიყენონ მათ, თუ მას ნამდვილად შეუძლია შენი წარმართვა ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად, შენი რეალური სირთულეების გადასაჭრელად, და გაგებინებს, რა არის ღვთის განზრახვები და ამით საშუალებას გაძლევს შეიცნო საკუთარი თავი და იპოვო პრაქტიკის გზა, მაშინ, როდესაც მომავალში მსგავსი სიტუაციების წინაშე აღმოჩნდები, შენ გექნება გზა, რომელსაც უნდა მიჰყვე. ამიტომ, ყველაზე საბაზისო სტანდარტი იმის გასაზომად, აკმაყოფილებს თუ არა წინამძღოლი ან მუშაკი სტანდარტს არის ის, შეუძლიათ თუ არა მათ ჭეშმარიტების გამოყენება ადამიანების პრობლემებისა და სირთულეების გადასაჭრელად, რაც მათ საშუალებას მისცემს გაიგონ ჭეშმარიტება და იპოვონ პრაქტიკის გზა.
გასულ ჯერზე ჩვენ მეტ-ნაკლებად გვქონდა თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების პირველ და მეორე პასუხისმგებლობებზე და გავაანალიზეთ ცრუ წინამძღოლების გარკვეული გამოვლინებები ამ ორ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში. მათი ძირითადი გამოვლინებებია ღვთის სიტყვების ზედაპირული და ზერელე წვდომა და ჭეშმარიტების გაუგებრობა. ცხადია, რომ, შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ სხვების წარმართვა ღვთის სიტყვების გასაგებად და მისი განზრახვების აღსაქმელად. როდესაც ადამიანები სირთულეებს აწყდებიან, ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წარმართონ ეს ადამიანები ჭეშმარიტების გასაგებად და რეალობაში შესასვლელად, რათა მათ ჰქონდეთ გზა, რომელსაც გაჰყვებიან და ვერც იმას ახერხებენ, რომ დააფიქრონ ისინი და დაეხმარონ, შეიცნონ საკუთარი თავი სხვადასხვა სირთულის დროს და ამავდროულად გადაჭრან ეს სირთულეები. ამიტომ დღეს, მოდით, პირველ რიგში ვიქონიოთ თანაზიარება იმაზე, თუ რა არის სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სირთულეები და რა სხვადასხვა გავრცელებული სირთულე არსებობს სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებსაც ადამიანები ხშირად აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოდით, გავაკეთოთ ამ საკითხების კონკრეტული შეჯამება. საჭიროებს თუ არა ეს თანაზიარებას? (დიახ.) თქვენ ახლა გარკვეულწილად დაინტერესებული ხართ სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული ამ თემებით, ასე არ არის? როდესაც პირველად მქონდა თქვენთან ურთიერთობა და გესაუბრებოდით, მიუხედავად იმისა, თუ რა ითქვა, თქვენ იყავით გაშეშებულნი და გულგრილნი, უმოქმედონი და ნელა რეაგირებდით. ჩანდა, თითქოს არაფერი გესმოდათ და არ გაგაჩნდათ არავითარი სულიერი ზრდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლეში შესვლაზე. ახლა, როდესაც ვსაუბრობთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ადამიანის სიცოცხლე-განწყობის შეცვლას, თქვენი უმეტესობა შედარებით დაინტერესებულია ამ თემით და აქვს მასზე გარკვეული რეაქცია. ეს დადებითი მოვლენაა. თქვენ რომ არ ასრულებდეთ თქვენს მოვალეობებს, შეძლებდით ამის მიღწევას? (არა, ვერ შევძლებდით.) ეს ღვთის მადლია; ეს ყველაფერი მისი წყალობის დამსახურებაა.
პუნქტი მეორე: თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა და მათ რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის გადაჭრა (ნაწილი მეორე)
სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული რვა ტიპის სირთულე
I. საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები
რაც შეეხება სიცოცხლეში შესვლის სირთულეებს, მოდით, პირველ რიგში, უფრო ფართოდ შევხედოთ საკუთარი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. როდესაც შენ აწყდები პრობლემებს შენი მოვალეობების შესრულებისას, რომლებიც მოიცავს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას და არ შეგიძლია საქმეების პრინციპების მიხედვით წარმართვა, განა ეს არ არის სირთულე სიცოცხლეში შესვლისას? (დიახ, არის.) მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სხვადასხვა მდგომარეობა, იდეა, თვალსაზრისი და აზროვნების გარკვეული არასწორი გზები, რომლებიც წარმოიშობა საკუთარი მოვალეობების შესრულებისას. მაშ, რა კონკრეტული სირთულეები არსებობს ამ მხრივ? მაგალითად, მუდმივი მცდელობა იყო ზედაპირული, ცბიერი და იზარმაცო საკუთარი მოვალეობების შესრულებისას — განა ეს არ არის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება და მჟღავნდება მოვალეობების შესრულების დროს? ასევე არის საკუთარი სათანადო საქმის უგულებელყოფა და მუდმივად საკუთარი თავის სხვებთან შედარება მოვალეობის შესრულებისას, იმ ადგილის სათამაშო მოედნად ან ბრძოლის ველად მიჩნევა, სადაც ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს და მოვალეობის შესრულებისას მუდმივად „ეტალონის“ პოვნაზე ფიქრი, გულში იმის თქმა: „ვნახავ, ვინ არის ჩემზე უკეთესი და ვის შეუძლია ჩემი საბრძოლო სულისკვეთების გამოწვევა, შემდეგ კი შევეჯიბრები მათ, ვეპაექრები და შევადარებ ჩემს თავს მათ, რათა ვნახო, ვინ მიაღწევს უკეთეს შედეგებს და უფრო მაღალ ეფექტურობას თავისი მოვალეობის შესრულებისას და ვინ უკეთესად მოიგებს ადამიანთა გულებს.“ შემდეგ არის საკუთარი მოვალეობის შესრულების პრინციპების გაგება, მაგრამ მათი დაცვის სურვილის არქონა, ან ღვთის სიტყვების ჭეშმარიტების, ან ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედების სურვილის არქონა და ყოველთვის იმის არჩევა, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულება პირადი უპირატესობებით შეზავდეს, იმის თქმა: „მე ასე მიყვარს ამის კეთება, მე ისე მიყვარს ამის კეთება. მე მზად ვარ ასე გავაკეთო, მე მინდა ისე გავაკეთო.“ ეს არის თვითნებობა, მუდმივად საკუთარი ნების მიყოლის სურვილი და საკუთარი სურვილების მიხედვით ისე მოქმედება, როგორც თავად სურს, ღვთის სახლის ყველა მოთხოვნის უგულებელყოფა და სწორი გზიდან გადახვევის არჩევა. განა ეს არ არის ის რეალური გამოვლინებები, რომლებსაც ადამიანთა უმეტესობა ავლენს თავისი მოვალეობების შესრულებისას? ცხადია, ყველა ეს საკითხი მოიცავს სირთულეებს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას. დაამატეთ ამათ. (საკუთარი მოვალეობის შესრულებისას სხვებთან ჰარმონიულად თანამშრომლობის უუნარობა და მუდმივად საკუთარი კანონებით მოქმედება.) ესეც სირთულედ ითვლება. საკუთარი მოვალეობის შესრულებისას სხვებთან ჰარმონიულად თანამშრომლობის უუნარობა და მუდმივად საკუთარი კანონებით მოქმედებისა და გადამწყვეტი სიტყვის თქმის სურვილი. პრობლემების წინაშე დგომისას საკუთარი თავის დამდაბლების, რჩევის ძიებისა და სხვების მოსაზრებების მოსმენის სურვილი, მაგრამ ამის პრაქტიკაში განხორციელების უუნარობა და დისკომფორტის შეგრძნება, როდესაც ადამიანი ცდილობს ამის პრაქტიკაში განხორციელებას — ეს პრობლემაა. (მოვალეობის შესრულებისას მუდმივად საკუთარი ინტერესების დაცვა, ეგოისტობა და სიმდაბლე და პრობლემის წარმოშობისას მისი გადაჭრის გზის ცოდნა, თუმცა იმის განცდა, რომ ეს მას არ ეხება. წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღების შიში და და, შესაბამისად, წინ ნაბიჯის გადადგმის გაუბედაობა.) პრობლემის დანახვისას მისი მოუგვარებლობა, საკუთარ თავთან დაუკავშირებლად მიჩნევა და უგულებელყოფა — ესეც საკუთარი მოვალეობის ერთგულების გარეშე შესრულებად ითვლება. მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა შენ პასუხისმგებელი დავალებაზე, თუ შენ შეგიძლია პრობლემის არსს ჩაწვდე და გადაჭრა ის, შენ უნდა შეასრულო ეს პასუხისმგებლობა. ეს არის შენი მოვალეობა და საქმე, რომელიც შენ გეკისრება. თუ ზედამხედველს შეუძლია მისი გადაჭრა, შენ შეგიძლია თავი დაანებო მას, მაგრამ თუ არ შეუძლია, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი და გადაჭრა იგი. ნუ დაყოფ საკითხებს იმის მიხედვით, თუ ვისი პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება ისინი — ეს ღვთისადმი ორგულობაა. კიდევ რამე? (საკუთარი მოვალეობის შესრულებისას საქმის საკეთებლად საკუთარ გონიერებასა და ნიჭზე დაყრდნობა და ჭეშმარიტების ძიების უგულებელყოფა.) ბევრი ადამიანია ასეთი. ისინი მუდმივად ფიქრობენ, რომ ფლობენ გონიერებასა და სულიერ მონაცემებს, და გულგრილნი არიან ყველაფრის მიმართ, რაც მათ თავს ხდება. ისინი საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ნების მიხედვით, რის შედეგადაც არ შეუძლიათ არცერთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. ეს ყველაფერი ის სირთულეებია, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან თავიანთი მოვალეობების შესრულებისას.
II. საკუთარ პერსპექტივასა და ბედისწერასთან მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხები
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი საკუთარ პერსპექტივასა და ბედისწერას, რომელიც სიცოცხლეში შესვლას უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანი მზად არის, გაიღოს საფასური, თუკი გადარჩენის იმედი აქვს, ხოლო ნეგატიური ხდება თუ ფიქრობს, რომ იმედი აღარ არსებობს. თუ ღვთის სახლი მათ არ წაახალისებს და არ განავითარებს, მათ არ სურთ საფასურის გაღება და თავიანთ მოვალეობებს მხოლოდ ფორმალურად, პასუხისმგებლობის აღების გარეშე ასრულებენ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი მუდმივად ფიქრობენ საკუთარ პერსპექტივასა და ბედისწერაზე და საკუთარ თავს ეკითხებიან: „ნამდვილად მექნება კარგი საბოლოო სამყოფელი? არის თუ არა ნახსენები ღვთის აღთქმებში, როგორი იქნება ჩემნაირი ადამიანის პერსპექტივა და საბოლოო სამყოფელი?“ თუ ისინი ზუსტ პასუხს ვერ პოულობენ, მათ არავითარი საქმის კეთების ენთუზიაზმი არ აქვთ. თუ ღვთის სახლი ახდენს მათ წახალისებას და განვითარებას, ისინი ენერგიით ივსებიან და ყველაფერში, რასაც აკეთებენ, განსაკუთრებით პროაქტიულები არიან. თუმცა, თუ ისინი თავიანთ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებენ და მათ ათავისუფლებენ, ისინი მყისიერად ნეგატიურები ხდებიან, თმობენ თავიანთ მოვალეობას და კარგავენ ყოველგვარ იმედს. როდესაც გასხვლის წინაშე დგებიან ისინი ფიქრობენ: „ნუთუ ღმერთს აღარ მოვწონვარ? თუ ასეა, მას ეს უფრო ადრე უნდა ეთქვა, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეშალა ჩემთვის წუთისოფლისკენ სწრაფვაში!“ თუ მათ ათავისუფლებენ, ისინი ფიქრობენ: „განა ზემოდან არ მიყურებენ? ვინ განაცხადა ჩემ შესახებ? მოკვეთილი ვარ? თუ ასეა, ეს უფრო ადრე უნდა ეთქვათ!“ გარდა ამისა, მათი გულები სავსეა გარიგებებით, მოთხოვნებითა და ღვთის მიმართ არაგონივრული თხოვნებით. რასაც არ უნდა ავალებდეს მათ ეკლესია, ისინი ამის კეთების წინაპირობად მიიჩნევენ კარგი პერსპექტივისა და კარგი ბედისწერის ქონას, ღვთის კურთხევებთან ერთად. სულ მცირე, კეთილი გამომეტყველებითა და დამოკიდებულებით მოპყრობა და აღიარება არის მათი წინაპირობა მიღებისა და დამორჩილებისთვის. განა ეს არ არის იმის გამოვლინებები, თუ როგორ ეპყრობიან ისინი საკუთარ პერსპექტივასა და ბედისწერას? დაამატეთ ამათ. (თუ მოვალეობების შესრულებისას წარმოიშობა გადახრები ან პრობლემები და ისინი ისხვლებიან, ისინი ჩივიან ღმერთზე და ფრთხილობენ მის მიმართ. მათ ეშინიათ გამოაშკარავებისა და მოკვეთის და მუდმივად იტოვებენ უკან დასახევ გზას.) გამოაშკარავებისა და მოკვეთის შიში და საკუთარი თავისთვის უკან დასახევი გზის მუდმივად დატოვება — ესეც არის იმის გამოვლინებები, თუ როგორ ეპყრობიან ისინი საკუთარ პერსპექტივასა და ბედისწერას. (როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ღვთის მხილებისა და დახასიათების სიტყვები მას შეესაბამება, ან როდესაც ის დგას გასხვლის წინაშე და რცხვენია, ის ასკვნის, რომ არის გონებაარეული, ეშმაკი და სატანა, და რომ არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება. ის წყვეტს, რომ არ აქვს გადარჩენის იმედი და ხდება ნეგატიური.) როდესაც საქმე ეხება მათ პერსპექტივასა და ბედისწერას, ადამიანებს არ შეუძლიათ სრულად თქვან უარი საკუთარ განზრახვებსა და სურვილებზე. ისინი მუდმივად მიიჩნევენ მათ ყველაზე მნიშვნელოვნად და შესაბამისად ესწრაფვიან მათ, მიიჩნევენ რა მათ მამოძრავებელ ძალად და წინაპირობად ყველაფრისთვის, რასაც ესწრაფვიან. როდესაც ისინი დგანან სამსჯავროს, გაკიცხვის, განსაცდელის, გამოწრთობის ან გამოაშკარავების წინაშე, ან აწყდებიან სახიფათო ვითარებებს, ისინი მყისიერად ფიქრობენ: „ღმერთს აღარ ვუნდივარ? ზიზღით უარმყოფს ის? ტონი, რომლითაც ის მესაუბრება, ასეთი მკაცრია; განა არ სურს ჩემი გადარჩენა? ჩემი მოკვეთა სურს? თუ ჩემი მოკვეთა სურს, ეს რაც შეიძლება მალე უნდა თქვას, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, რათა ხელი არ შემიშალოს წუთისოფლისკენ სწრაფვაში.“ ეს მათში იწვევს ნეგატიურობას, წინააღმდეგობას, დაპირისპირებასა და მოდუნებას. ეს არის ზოგიერთი მდგომარეობა და გამოვლინება, რომელიც მოიცავს იმას, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები საკუთარ პერსპექტივასა და ბედისწერას. ეს არის მნიშვნელოვანი სირთულე, რომელიც უკავშირდება სიცოცხლეში შესვლას.
III. ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები
მოდით, შევხედოთ სხვა ასპექტს — ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. ესეც არის სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სირთულე. ის, თუ როგორ ეპყრობი ადამიანებს, რომლებიც არ მოგწონს, ადამიანებს, რომელთა მოსაზრებებიც შენისგან განსხვავდება, შენთვის ნაცნობ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებთანაც ოჯახური ურთიერთობა გაკავშირებს ან რომლებმაც სიკეთე გიჩვენეს, და ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გაძლევენ დროულ გაფრთხილებებს, გეუბნებიან ჭეშმარიტ სიტყვებს და გეხმარებიან, და შეგიძლია თუ არა თითოეულ ადამიანს სამართლიანად მოეპყრო, ამასთანავე, ის, თუ როგორ მოქმედებ პრაქტიკაში, როდესაც სხვა ადამიანებთან დავა წარმოიშობა, ისევე, როგორც თქვენ შორის წარმოშობილი ეჭვიანობა და კონფლიქტები, და შენი უუნარობა, გქონდეს ჰარმონიული ურთიერთობა, ან თუნდაც ჰარმონიულად ითანამშრომლო შენი მოვალეობების შესრულების პროცესში — ეს არის ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ზოგიერთი მდგომარეობა და გამოვლინება. არის კიდევ სხვა რამ? (ადამიანთა მაამებლად ყოფნა და სხვა ადამიანის პრობლემების აღმოჩენისას ხმის ამოღების გაუბედაობა, მათი წყენინების შიშით.) ეს არის მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც ადამიანს სხვების წყენინების ეშინია. (ასევე, ის, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი წინამძღოლებსა და მუშაკებს, და მათ, ვისაც ძალაუფლება და სტატუსი აქვთ.) ის, თუ როგორ ეპყრობი წინამძღოლებსა და მუშაკებს, ან ძალაუფლებისა და სტატუსის მქონე ადამიანებს — პირფერობითა და მლიქვნელობით, თუ მათდამი სწორი მოპყრობით — ეს არის იმის კონკრეტული გამოვლინება, თუ როგორ უმკლავდები მათ, ვისაც ძალაუფლება და გავლენა აქვს. ეს არის მეტ-ნაკლებად ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეები.
IV. ადამიანურ გრძნობებთან დაკავშირებული საკითხები
მოდით, ცოტა ვისაუბროთ ადამიანურ გრძნობებზე. რა საკითხები უკავშირდება გრძნობებს? პირველი არის ის, თუ როგორ აფასებ შენი ოჯახის წევრებს და როგორ უდგები მათ ქმედებებს. აქ „მათი ქმედებები“ ბუნებრივია მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც ისინი ჩაშლიან და არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის საქმეში, როდესაც ზურგს უკან განიკითხავენ ადამიანებს, როდესაც ერთვებიან ურწმუნოთა ზოგიერთ პრაქტიკაში და ა.შ. შეგიძლია თუ არა ამ საკითხებს მიუდგე მიუკერძოებლად? როდესაც აუცილებელია, რომ დაწერო შენი ოჯახის წევრების შეფასება, შეგიძლია თუ არა ამის გაკეთება ობიექტურად და მიუკერძოებლად, საკუთარი გრძნობების გვერდზე გადადებით? ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ ეპყრობი შენი ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, გიჩნდება თუ არა გრძნობები მათ მიმართ, ვისთანაც კარგად ეწყობი ან ვინც წარსულში დაგეხმარა? შეგიძლია თუ არა მათი ქმედებებისა და საქციელის ობიექტურად, მიუკერძოებლად და ზუსტად დანახვა? თუ ისინი ჩაშლიან და არევ-დარევას გამოიწვევენ ეკლესიის საქმეში, შეძლებ თუ არა მათ შესახებ ოპერატიულად განცხადებას ან მათ მხილებას მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეიტყობ? ასევე, გაკავშირებს თუ არა გრძნობები მათთან, ვინც შედარებით ახლოსაა შენთან ან ვინც შენს მსგავს ინტერესებს იზიარებს? გაქვს თუ არა მათი ქმედებებისა და საქციელის მიუკერძოებელი და ობიექტური შეფასება, დახასიათება და მათთან გამკლავების გზა? დავუშვათ, რომ ამ ადამიანებს, რომლებთანაც სენტიმენტალური კავშირი გაქვს, ეკლესია პრინციპების მიხედვით ეპყრობა და ამის შედეგი არ შეესაბამება შენს საკუთარ წარმოდგენებს — როგორ მიუდგებოდი ამას? შეძლებდი დამორჩილებას? ფარულად კვლავ გააგრძელებდი მათთან კავშირს, შეცდომაში შეგიყვანდნენ ისინი და წაგაქეზებდნენ კიდეც, რომ მათთვის საბაბი მოგეძებნა, გაგემართლებინა და დაგეცვა ისინი? დაეხმარებოდი და თავს გაწირავდი მათთვის, ვინც დაგეხმარა, ჭეშმარიტება-პრინციპების უგულებელყოფითა და ღვთის სახლის ინტერესების იგნორირებით? განა ეს სხვადასხვა საკითხი გრძნობებს არ უკავშირდება? ზოგიერთი ამბობს: „განა გრძნობები მხოლოდ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს არ უკავშირდება? განა გრძნობების არეალი მხოლოდ შენი მშობლებით, და-ძმებითა და ოჯახის სხვა წევრებით არ შემოიფარგლება?“ არა, გრძნობები ადამიანთა ფართო წრეს მოიცავს. თავი რომ დავანებოთ საკუთარი ოჯახის წევრების მიუკერძოებლად შეფასებას — ზოგიერთ ადამიანს თავისი კარგი მეგობრებისა და ძმაკაცების მიუკერძოებლად შეფასებაც კი არ შეუძლია, და ისინი ფაქტებს ამახინჯებენ, როდესაც ამ ადამიანებზე საუბრობენ. მაგალითად, თუ მათი ძმაკაცი არ აკეთებს თავის სათანადო საქმეს და მოვალეობის შესრულებისას მუდმივად ერთვება უპატიოსნო და ბოროტ პრაქტიკებში, ისინი მას დაახასიათებენ როგორც საკმაოდ გართობის მოყვარულს და იტყვიან, რომ მისი ადამიანობა მოუმწიფებელია და ჯერ კიდევ არ არის სტაბილური. განა არ არის გრძნობები ამ სიტყვებში? ეს არის გრძნობებით დატვირთული სიტყვების საუბარი. თუ ვინმე, ვისთანაც არავითარი კავშირი არ აქვთ, არ აკეთებს თავის სათანადო საქმეს და ერთვება უპატიოსნო და ბოროტ პრაქტიკებში, ისინი მასზე უფრო მკაცრად ისაუბრებენ და შესაძლოა დაგმონ კიდეც იგი. განა ეს არ არის გრძნობებზე დაფუძნებული საუბრისა და მოქმედების გამოვლინება? არიან თუ არა მიუკერძოებელნი ადამიანები, რომლებიც თავიანთი გრძნობებით ცხოვრობენ? არიან ისინი პატიოსნები? (არა.) რა სჭირთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი გრძნობების მიხედვით საუბრობენ? რატომ არ შეუძლიათ სხვებს სამართლიანად მოეპყრონ? რატომ არ შეუძლიათ ჭეშმარიტება-პრინციპებზე დაფუძნებით საუბარი? ადამიანები, რომლებიც ორპირნი არიან და არასდროს აფუძნებენ თავიანთ სიტყვებს ფაქტებზე, ბოროტები არიან. მიუკერძოებლობის დაკარგვა საუბრისას, მუდამ საკუთარი გრძნობების მიხედვითა და საკუთარი თავისთვის ლაპარაკი და არა ჭეშმარიტების პრინციპების თანახმად, ღვთის სახლის საქმეზე ფიქრის ნაცვლად მხოლოდ პირადი გრძნობების, სახელის, გამორჩენისა და სტატუსის დაცვა — ეს არის ანტიქრისტეს ხასიათი. სწორედ ასე საუბრობენ ანტიქრისტეები; ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, ბოროტი, დამაბრკოლებელი და ჩამშლელია. ადამიანები, რომლებიც ხორცის სურვილებსა და ინტერესებში ცხოვრობენ, თავიანთ გრძნობებში ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებიც თავიანთი გრძნობებით ცხოვრობენ, არიან ისინი, ვინც საერთოდ არ იღებენ ან პრაქტიკაში არ იყენებენ ჭეშმარიტებას. მათ, ვინც გრძნობებზე დაფუძნებით საუბრობს და მოქმედებს, საერთოდ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა. თუ ასეთი ადამიანები წინამძღოლები გახდებიან, ისინი უდავოდ ცრუ წინამძღოლები ან ანტიქრისტეები იქნებიან. მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება, არამედ შესაძლოა სხვადასხვა ბოროტ საქმეშიც ჩაერთონ. ისინი აუცილებლად იქნებიან მოკვეთილნი და დასჯილნი.
V. ხორციელი კომფორტის ხარბად სწრაფვასთან დაკავშირებული საკითხები
ხორციელი კომფორტისკენ ხარბად სწრაფვა ასევე სერიოზული საკითხია. რას ფიქრობთ თქვენ, რა არის ხორციელი კომფორტისკენ ხარბად სწრაფვის ზოგიერთი გამოვლინება? რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ იქიდან, რაც თქვენს საკუთარ გამოცდილებაში გინახავთ? ითვლება თუ არა სტატუსის სიკეთეებით ტკბობა? (დიახ.) კიდევ რამე? (მოვალეობების შესრულებისას რთული დავალებების ნაცვლად მარტივის არჩევა და მუდმივად მსუბუქი საქმის არჩევის სურვილი.) მოვალეობის შესრულებისას ადამიანები მუდმივად ირჩევენ მსუბუქ საქმეს, საქმეს, რომელიც არ არის დამღლელი და რომელიც არ მოიცავს გარეთ, უამინდობაში ყოფნას. ეს არის მარტივი სამუშაოების არჩევა და რთულისთვის თავის არიდება, და ეს არის ხორციელი კომფორტისკენ ხარბად სწრაფვის გამოვლინება. კიდევ რა? (მუდმივი წუწუნი, როდესაც მათი მოვალეობა ოდნავ რთულია, ოდნავ დამღლელია, როდესაც ის საფასურის გაღებას მოითხოვს.) (საჭმელ-სასმელზე, ჩაცმულობასა და ხორციელ სიამოვნებებზე გადაჭარბებული ზრუნვა.) ეს ყველაფერი ხორციელი კომფორტის ხარბად სწრაფვის გამოვლინებებია. როდესაც ასეთი ადამიანი ხედავს, რომ დავალება ზედმეტად შრომატევადი ან სარისკოა, ის მას სხვას აკისრებს; თავად კი მხოლოდ მსუბუქ საქმეს აკეთებს და იმიზეზებს, რომ აქვს სუსტი სულიერი მონაცემები, რომ არ გააჩნია მუშაობის უნარი და არ შეუძლია ამ დავალების საკუთარ თავზე აღება — მაშინ, როდესაც სინამდვილეში, ეს იმიტომ ხდება, რომ ის ხარბად ესწრაფვის ხორციელ კომფორტს. მათ არ სურთ ტანჯვა, მიუხედავად იმისა, თუ რა საქმეს აკეთებენ ან რა მოვალეობას ასრულებენ. თუ მათ ეტყვიან, რომ საქმის დასრულების შემდეგ საჭმელად მოშუშული ღორის ხორცი ექნებათ, ისინი ამას ძალიან სწრაფად და ეფექტურად აკეთებენ, და არ დაგჭირდებათ მათი დაჩქარება, იძულება ან მათზე თვალყურის დევნება; მაგრამ თუ მათთვის საჭმელად მოშუშული ღორის ხორცი არ არის და თავიანთი მოვალეობის შესრულება ზეგანაკვეთურად უწევთ, ისინი აჭიანურებენ საქმეს და პოულობენ ყოველგვარ მიზეზსა და საბაბს მის გადასადებად, და ცოტა ხნით მუშაობის შემდეგ ამბობენ: „თავბრუ მეხვევა, ფეხი დამიბუჟდა, ძალიან გადავიღალე! სხეულის ყველა ნაწილი მტკივა, შეიძლება ცოტა ხნით დავისვენო?“ რა არის აქ პრობლემა? ისინი ხარბად ესწრაფვიან ხორციელ კომფორტს. ასევე, როდესაც ისინი ასრულებენ მოვალეობას, მუდმივად წუწუნებენ სირთულეებზე და არ სურთ რაიმე ძალისხმევის გაღება, და როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ, ისვენებენ, უაზროდ ლაყბობენ ან ერთვებიან დასვენებასა და გართობაში. და როდესაც საქმე იმატებს და ეს არღვევს მათი ცხოვრების რიტმსა და რუტინას, ისინი უბედურნი და უკმაყოფილონი არიან ამით. ისინი ბუზღუნებენ და წუწუნებენ, და ზედაპირულები ხდებიან თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. განა ეს არ არის ხორციელი კომფორტის ხარბად სწრაფვა? მაგალითად, ფიგურის შესანარჩუნებლად, ზოგიერთი ქალი ყოველდღიურად, დადგენილ დროს ვარჯიშობს და სილამაზისთვის იძინებს. თუმცა, როგორც კი საქმე იმატებს და ეს რუტინა ირღვევა, ისინი უკმაყოფილონი ხდებიან და ამბობენ: „ეს არ ვარგა; ამ საქმის კეთება ძალიან აფერხებს ყველაფერს. ვერ დავუშვებ, რომ ამან გავლენა მოახდინოს ჩემს პირად საქმეებზე. ყურადღებას არ მივაქცევ არავის, ვინც ჩემს დაჩქარებას შეეცდება; ჩემს საკუთარ ტემპს მივყვები. როდესაც იოგას დროა, იოგას გავაკეთებ. როდესაც სილამაზისთვის ძილის დროა, დავიძინებ. ამ ყველაფრის კეთებას ისევე გავაგრძელებ, როგორც ადრე. მე არ ვარ ისეთი სულელი და შრომისმოყვარე, როგორც თქვენ ყველანი. რამდენიმე წელიწადში თქვენ ყველანი მოხუც, შეუხედავ ქალებად გადაიქცევით, სხეული გაგიფუჭდებათ და აღარ იქნებით გამხდრები. არავის მოუნდება თქვენი ყურება და ცხოვრებაში არავითარი თავდაჯერებულობა არ გექნებათ.“ საკუთარი ხორციელი სიამოვნების დაკმაყოფილების გულისთვის, სილამაზისთვის, სხვებისთვის თავის მოსაწონებლად და მეტი თავდაჯერებულობით ცხოვრებისთვის, ისინი არ თმობენ ხორციელ სიამოვნებებსა და სურვილებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაკავებულნი არიან მოვალეობების შესრულებით. ეს არის ხორციელი კომფორტით ტკბობა. ზოგიერთი ამბობს: „ღმერთი წუხს და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ღვთის განზრახვები.“ მაგრამ ეს ქალები ამბობენ: „მე არ მინახავს, რომ ღმერთი წუხს; მე კარგად ვარ, სანამ თავად არ ვწუხვარ. თუ მე გავითვალისწინებ ღვთის განზრახვებს, ვინ გაითვალისწინებს ჩემსას?“ აქვთ თუ არა ასეთ ქალებს რაიმე ადამიანობა? განა ისინი ეშმაკები არ არიან? ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებისთვისაც, რაც არ უნდა დატვირთული და გადაუდებელი იყოს მათი საქმე, ეს გავლენას არ მოახდენს იმაზე, თუ როგორ იცვამენ და რას ატარებენ. ისინი ყოველდღიურად საათებს ხარჯავენ მაკიაჟზე და საკუთარი მისამართივით ნათლად ახსოვთ, რა ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან ყოველდღე, რათა შეუხამონ გარკვეულ ფეხსაცმელს, და როდის უნდა გაიკეთონ სილამაზის პროცედურები და მასაჟები, ისე, რომ საერთოდ არ იბნევიან ამ საკითხებში. თუმცა, რაც შეეხება იმას, თუ ჭეშმარიტების რა ნაწილი ესმით მათ, რომელი ჭეშმარიტებები ჯერ კიდევ არ ესმით ან რომელში არ შესულან, რომელ საქმეებს უდგებიან კვლავ ზედაპირულად და ერთგულების გარეშე, როგორი გახრწნილი ხასიათი გამოავლინეს, და ჭეშმარიტებასთან დაკავშირებულ სხვა მსგავს საკითხებს, რომლებიც სიცოცხლეში შესვლას მოიცავს, მათ საერთოდ არაფერი იციან ამ ყველაფრის შესახებ. როდესაც ამის შესახებ ეკითხებიან, ისინი სრულიად უმეცარნი არიან. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ხორციელ სიამოვნებებს, ჭამას, სმასა და გართობასთან დაკავშირებულ თემებს, მათ შეუძლიათ დაუსრულებლად ილაყბონ, მათი შეჩერება შეუძლებელია. რაც არ უნდა დატვირთული იყოს ეკლესიის საქმე ან რაც არ უნდა დაკავებულნი იყვნენ თავიანთი მოვალეობებით, მათი ცხოვრების რუტინა და ჩვეული მდგომარეობა არასდროს ირღვევა. როდესაც საქმე ეხება მათი ხორციელი ცხოვრების ნებისმიერ მცირე დეტალს, ისინი არასდროს არიან უყურადღებონი, ისინი სრულყოფილად აგვარებენ ამ საკითხებს და ძალიან მკაცრნი და სერიოზულნი არიან ამ მხრივ. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ღვთის სახლის საქმეს, რაც არ უნდა დიდი იყოს საკითხი და თუნდაც ის და-ძმების უსაფრთხოებას ეხებოდეს, ისინი მას უყურადღებოდ უდგებიან. ისინი არც კი ზრუნავენ იმ საკითხებზე, რომლებიც მოიცავს ღვთიურ მისიას ან იმ მოვალეობას, რომელიც უნდა შეასრულონ. ისინი საერთოდ არ იღებენ პასუხისმგებლობას. განა ეს არ არის ხორციელი კომფორტით ტკბობა? არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც ხორციელი კომფორტით ტკბებიან, შესაფერისნი მოვალეობის შესასრულებლად? როგორც კი ვინმე წამოჭრის მოვალეობის შესრულების თემას ან საუბრობს საფასურის გაღებასა და გასაჭირის ატანაზე, ისინი მუდმივად თავს აქნევენ. მათ ძალიან ბევრი სირთულე აქვთ, მუდმივად წუწუნებენ და ნეგატიურად არიან განწყობილნი. ასეთი ადამიანები უსარგებლონი არიან, ისინი არ არიან კვალიფიციურნი თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად და უნდა იყვნენ მოკვეთილნი. რაც შეეხება ხორციელი კომფორტის ხარბად სწრაფვას, ჩვენ აქ დავასრულებთ ამ საკითხის განხილვას.
VI. საკუთარი თავის შეცნობასთან დაკავშირებული სირთულეები
საკუთარი თავის შეცნობა სიცოცხლეში შესვლის ყველაზე გადამწყვეტი ასპექტია. მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის, რადგან მათ არ უყვართ ჭეშმარიტება და არ ესწრაფვიან მას, საკუთარი თავის შეცნობა უდიდეს სირთულედ იქცევა. ამიტომ, უეჭველია, რომ მათ, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, არ შეუძლიათ ჭეშმარიტად შეიცნონ საკუთარი თავი. რა ასპექტები არსებობს საკუთარი თავის შეცნობაში? პირველი არის იმის ცოდნა, თუ როგორი გახრწნილი ხასიათი ვლინდება ადამიანის საუბარსა და ქმედებებში. ზოგჯერ ეს არის ამპარტავნება, სხვა დროს — მზაკვრობა, ან, შესაძლოა, ბოროტება, შეუვალობა, ან ღალატი და ა.შ. ამის გარდა, როდესაც ადამიანს რამე შეემთხვევა, მან უნდა გამოიკვლიოს საკუთარი თავი, რათა დაინახოს, აქვს თუ არა რაიმე განზრახვა ან მოტივი, რომელიც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. მან ასევე უნდა გამოიკვლიოს, არის თუ არა რაიმე მის საუბარში ან ქმედებებში, რაც ეწინააღმდეგება ან უჯანყდება ღმერთს. კერძოდ, მან უნდა გამოიკვლიოს, აქვს თუ არა ტვირთის შეგრძნება და არის თუ არა ერთგული თავისი მოვალეობის მიმართ, გულწრფელად იღებს თუ არა თავს ღვთისათვის, და არის თუ არა მის ქმედებებში გარიგება ან ზედაპირულობა. საკუთარი თავის შეცნობა ასევე ნიშნავს იმის ცოდნას, აქვს თუ არა ადამიანს წარმოდგენები და ფანტაზიები, გადაჭარბებული მოთხოვნები, ან გაუგებრობები და წყენა ღვთის მიმართ, და აქვს თუ არა დამორჩილების სურვილი. ეს ნიშნავს იმის ცოდნას, შეუძლია თუ არა ადამიანს ეძიოს ჭეშმარიტება, მიიღოს ღვთისგან და ჰქონდეს ღვთისადმი მორჩილი გული, როდესაც უდგება იმ ვითარებებს, ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებსაც ის წარმართავს და განაგებს. ეს ნიშნავს იმის ცოდნას, აქვს თუ არა ადამიანს სინდისი და გონება და არის თუ არა ჭეშმარიტების მოყვარული. ეს ნიშნავს იმის ცოდნას, ემორჩილება თუ არა ადამიანი, თუ ცდილობს კამათს, როდესაც მას რამე შეემთხვევა, და ეყრდნობა თუ არა წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, თუ ჭეშმარიტების ძიებას ამ საკითხებისადმი მიდგომისას. ეს ყველაფერი საკუთარი თავის შეცნობის სფეროა. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, უყვარს თუ არა მას ჭეშმარიტება და აქვს თუ არა ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, სხვადასხვა ვითარებისა და ადამიანების, მოვლენებისა და საგნებისადმი თავისი დამოკიდებულების ფონზე. თუ ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავისი გახრწნილი ხასიათი და დაინახოს, თუ რაოდენ დიდი ამბოხი აქვს ღვთის მიმართ, მაშინ ის გაზრდილა. გარდა ამისა, როდესაც საქმე ეხება ღმერთთან დამოკიდებულებას, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, გააჩნია თუ არა მას საკუთარი წარმოდგენები, შიში თუ მორჩილება ღვთის სახელისა და მისი განკაცების მიმართ, და განსაკუთრებით, როგორია მისი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი. ადამიანმა ასევე უნდა იცოდეს თავისი ნაკლოვანებები, თავისი სულიერი ზრდა და აქვს თუ არა ჭეშმარიტება-რეალობა, ასევე, არის თუ არა მისი სწრაფვა და გზა, რომელსაც ის მიუყვება, სწორი და ღვთის განზრახვების შესაბამისი. ეს ყველაფერი ის არის, რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ. რომ შევაჯამოთ, საკუთარი თავის შეცნობის სხვადასხვა ასპექტი ძირითადად შემდეგისგან შედგება: იმის ცოდნა, მაღალია თუ დაბალი ადამიანის სულიერი მონაცემები, საკუთარი ხასიათის ცოდნა, საკუთარ ქმედებებში არსებული განზრახვებისა და მოტივების ცოდნა, გახრწნილი ხასიათისა და ბუნება-არსების ცოდნა, რომელსაც ადამიანი ავლენს, საკუთარი სურვილებისა და სწრაფვის ცოდნა, იმ გზის ცოდნა, რომელსაც ადამიანი მიუყვება, საგნებისადმი საკუთარი შეხედულებების ცოდნა, ცხოვრებისეული ხედვისა და ღირებულებების ცოდნა, და ღვთისა და ჭეშმარიტებისადმი საკუთარი დამოკიდებულების ცოდნა. საკუთარი თავის შეცნობა ძირითადად ამ ასპექტებისგან შედგება.
VII. ხალხის სხვადასხვაგვარი გამოვლინებები ღვთისადმი მოპყრობისას
სიცოცხლეში შესვლის შესახებ შინაარსის შემდეგი ნაწილი ეხება ხალხის სხვადასხვაგვარ გამოვლინებებს ღვთისადმი მოპყრობისას. მაგალითად, ღმერთის შესახებ წარმოდგენების ქონა, მის მიმართ გაუგებრობების ჩამოყალიბება და მის მიმართ ფრთხილად ყოფნა, მისდამი არაგონივრული მოთხოვნების წამოყენება, მუდმივად მისგან თავის არიდების სურვილი, მის მიერ ნათქვამი სიტყვების არმოწონება და მუდმივად მისი გულდასმით შესწავლის მცდელობა. ასევე არის ღვთის ყოვლისშემძლეობის არსში წვდომის ან აღიარების უუნარობა, ისევე როგორც მუდმივი ეჭვი ღვთის მეუფების, განგებისა და ხელმწიფებისადმი და ამ საკითხების შესახებ ცოდნის სრული უქონლობა. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი არა მხოლოდ არ გაურბის ან არ უარყოფს იმ ცილისწამებასა და მკრეხელობას, რომელსაც ურწმუნონი და ეს წუთისოფელი ღვთის წინააღმდეგ აღავლენენ, არამედ, პირიქით, ჩნდება სურვილი, იკითხოს, არის თუ არა ეს სიმართლე ან რეალური ფაქტი. განა ეს არ არის ღმერთში ეჭვის შეტანა? ამ გამოვლინებების გარდა, კიდევ რა არის? (ღმერთში ეჭვის შეტანა და ღმერთის გამოცდა.) (ღმერთისთვის თავის მოწონების მცდელობა.) (ღვთის გულდასმითი შესწავლის მიღების სურვილის არქონა.) არის ღვთის გულდასმითი შესწავლის მიღების სურვილის არქონა და ამავდროულად დაეჭვება, რომ ღმერთს შეუძლია ადამიანების გულის სიღრმეების გულდასმით შესწავლა. (ასევე არის ღმერთისადმი წინააღმდეგობა.) ესეც გამოვლინებაა — ღმერთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მის წინააღმდეგ აყალმაყალის ატეხვა. არის ღმერთისადმი, მასთან საუბრისა და ურთიერთობისადმი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოყენება. კიდევ რამე? (ღმერთისადმი ზედაპირულობა და მისი მოტყუება.) (ღმერთზე წუწუნი.) არის საკითხების წინაშე დგომისას ყოველთვის დაუმორჩილებლობა და ჭეშმარიტების ძიება სურვილის უქონლობა, და მუდმივად საკუთარი თავის სასარგებლოდ კამათი და წუწუნი. (ასევე არის ღმერთის განკითხვა და გმობა.) (ღმერთთან სტატუსისთვის ბრძოლა.) (ღმერთთან ვაჭრობა და მისი გამოყენება.) (ღმერთის უარყოფა, განდგომა და ღალატი.) ეს ყველაფერი არსებითი საკითხებია; ეს არის სხვადასხვა მდგომარეობა და გახრწნილი ხასიათი, რომლებიც ადამიანებში ღვთისადმი დამოკიდებულებისას ვლინდება. ეს არის ძირითადად იმის სხვადასხვა გამოვლინებები, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ღმერთს.
VIII. ხალხის დამოკიდებულებები და სხვადასხვაგვარი გამოვლინებები ჭეშმარიტებასთან მიმართებაში
სიცოცხლეში შესვლის საკითხის კიდევ ერთი ასპექტია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ჭეშმარიტების მიმართ. რა სახის გამოვლინებებს ვხვდებით ამ მხრივ? ზოგი ჭეშმარიტებას მხოლოდ თეორიად ან ლოზუნგად მიიჩნევს, ზოგი მას წესად იყენებს, ზოგი კი ეკლესიის ხარჯზე საცხოვრებლად და სტატუსით მიღებული სარგებლით ტკბობისთვის. გთხოვთ, დაამატეთ. (ჭეშმარიტების, როგორც სულიერი საზრდოს აღქმა.) არსებობს ჭეშმარიტების, როგორც სულიერი საზრდოს გამოყენება საკუთარი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. (ჭეშმარიტების მიუღებლობა და მისდამი სიძულვილი.) ეს არის დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ. (ფიქრი, რომ ღვთის სიტყვები სხვების სამხილებლად არის განკუთვნილი, რომ ისინი შენთან კავშირში არ არის და საკუთარი თავის ჭეშმარიტების ბატონ-პატრონად მიჩნევა.) თქვენ საკმაოდ ზუსტად აღწერეთ ეს გამოვლინება. ამგვარი გამოვლინების მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ ღვთის მიერ ნათქვამი ყველა ჭეშმარიტება ესმით და რომ ადამიანის ის გახრწნილი ხასიათი და არსი, რომელსაც ღმერთი ამხელს, სხვებს ეხებათ და არა მათ. ისინი თავს ჭეშმარიტების ბატონ-პატრონებად წარმოაჩენენ და ხშირად ღვთის სიტყვით სხვებს ჭკუას ასწავლიან. ისე იქცევიან, თითქოს თავად კი არ იყვნენ გახრწნილნი, არამედ ჭეშმარიტების ცოცხალ განსახიერებასა და მის მქადაგებლებს წარმოადგენდნენ. რა ნაგავია ეს ხალხი? მათ ჭეშმარიტების განსახიერება სურთ — განა პავლეს არ ჰგვანან? პავლე უარყოფდა, რომ უფალი იესო იყო ქრისტე და ღმერთი; მას თავად სურდა ყოფილიყო ქრისტე და ღვთის ძე. ეს ადამიანები პავლეს ჰგვანან, ისინი მისივე მოდგმისანი, ანტიქრისტეები არიან. სხვა რამეც ხომ არ არის? (ღვთის სიტყვის მიღება ჩვეულებრივი მოკვდავის ნათქვამად და არა პრაქტიკაში გამოსაყენებელ ჭეშმარიტებად; ღვთის სიტყვებისადმი უპატივცემულო და ზერელე დამოკიდებულება.) როდესაც ღვთის სიტყვას აღსასრულებელ ჭეშმარიტებად კი არ მიიჩნევენ, არამედ მასში მხოლოდ ადამიანურ ნათქვამს ხედავენ — ეს ერთია. (ღვთის სიტყვის დაკავშირება არამორწმუნეთა ფილოსოფიურ თეორიებთან.) ასევე ხდება ღვთის სიტყვის დაკავშირება ფილოსოფიასთან, მისი გამოყენება ლამაზ დეკორაციად ან ცარიელ სიტყვებად, მაშინ როდესაც ცნობილი ადამიანების ფრაზებს ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, ხოლო ცოდნა, ტრადიციული კულტურა და წეს-ჩვეულებები ჭეშმარიტების რანგში აჰყავთ და მათით ღვთის სიტყვას ანაცვლებენ. ამგვარი გამოვლინების მქონე ადამიანები დაუღალავად ლაპარაკობენ ჭეშმარიტების აღსრულების, ღვთის სიტყვების დამოწმებისა და გავრცელების სურვილზე კონკრეტულ სიტუაციებში, მაგრამ გულში მაინც სეკულარული სამყაროს ცნობილი და დიდებული ადამიანებით არიან აღფრთოვანებულნი. ისინი ძველი სუნის დინასტიის დროინდელ ბაო გონგსაც კი ეპირფერებიან და ამბობენ: „ის მართლაც მკაცრი და სამართლიანი მოსამართლე იყო. მას არასოდეს გამოუტანია უსამართლო განაჩენი, მისი ხელით არასოდეს დაშვებულა მართლმსაჯულების შეცდომა და არცერთი სული არ დაზარალებულა მისი ჯალათის მახვილით!“ განა ეს ცნობილი ადამიანისა და ბრძენისადმი პირფერობა და თაყვანისცემა არ არის? ცნობილი ადამიანების სიტყვებისა და საქმეების ჭეშმარიტებად გასაღება ჭეშმარიტების ცილისწამება და გმობაა! ეკლესიაში ასეთი ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ ჭეშმარიტების აღსრულებისა და ღვთის სიტყვების გავრცელების სურვილზე, მაგრამ ის, რასაც გულში ფიქრობენ და ჩვეულებრივ ამბობენ, მხოლოდ ხალხური გამონათქვამები და ანდაზებია, რომელთაც ძალიან გაწაფულად და თავისუფლად წარმოთქვამენ. ეს ყველაფერი მუდამ პირზე აკერიათ და ძალიან ადვილად აფრქვევენ. მათ არასოდეს დასცდენიათ სიტყვა ღვთის სიტყვების ემპირიულ ცოდნაზე, მით უმეტეს, არასოდეს უთქვამთ, ღვთის რომელი სიტყვაა მათი მოქმედებისა და ქცევის კრიტერიუმი თუ საფუძველი. მათგან მხოლოდ ისეთ მცდარ შეხედულებებს მოისმენ, როგორებიცაა: ,,კაცი სადაც წავა, სახელს იქ დატოვებს, როგორც ბატი — თავის ყივილს, სადაც კი გადაიფრენსო;“ „სიკვდილით დასჯა მხოლოდ თავების დაგორებააო;“ „საცოდავ ხალხში ყოველთვის არის რაღაც საძრახისიო;“ „ყოველთვის დაიტოვე უკან დასახევი გზა;“ „თუ არაფრისთვის მიმიღწევია, გაჭირვება მაინც გადავიტანე, თუ გაჭირვება არა — დაღლილობა მაინცო;“ ,,ჭაში ნუ ჩააფურთხებ, საიდანაც წყალი უნდა დალიო“, „ერთი დასაჯე და ათასს ჭკუა ასწავლეო“, „ახალი ცოცხი კარგად გვისო“ — და სხვა მრავალი. რასაც ისინი ამბობენ, არაფერი არ არის ჭეშმარიტება. ზოგიერთი თანამედროვე პოეტების ლექსებს იზეპირებს და მათ ღვთის სახლის ვიდეოების კომენტარებშიც კი აქვეყნებს. განა ეს სულიერი გაგების ნაკლებობის გამოვლინება არ არის? არის ეს სიტყვები ჭეშმარიტება? აქვთ მათ რაიმე კავშირი ჭეშმარიტებასთან? ზოგი ხშირად ამბობს ისეთ რამეებს, როგორიცაა: „შენს ზემოთ, სამი ფუტის სიმაღლეზე ღმერთიაო“ და „სიკეთესა და ბოროტებას სამაგიერო ბოლოს მაინც მიეზღვება, ეს მხოლოდ დროის საკითხიაო.“ არის ეს ნათქვამი ჭეშმარიტება? (არა.) საიდან მოდის იგი? არის ის ღვთის სიტყვებში? ისინი ბუდისტური კულტურიდან მოდის და ღვთის რწმენასთან საერთო არაფერი აქვთ. ამის მიუხედავად, ადამიანები ხშირად ცდილობენ, ისინი ჭეშმარიტების დონემდე აიყვანონ; ეს სულიერი გაგების ნაკლებობის გამოვლინებაა. ზოგს აქვს მცირეოდენი სიმტკიცე, რომ თავი გაიღოს ღვთისთვის და ამბობს: „ღვთის სახლმა დამაწინაურა, ღმერთმა აღმამაღლა, ამიტომ უნდა ვუერთგულო ნათქვამს — „კეთილშობილი ადამიანი სიცოცხლეს შესწირავს მას, ვისაც მისი ესმისო.“ შენ არ ხარ კეთილშობილი და ღმერთს არ უთხოვია შენთვის სიცოცხლის გაწირვა. აუცილებელია მოვალეობის შესრულებისას ასეთი მძაფრი მამაცობის გრძნობა გქონდეს? ახლა, როცა ცოცხალი ხარ, შენი მოვალეობის შესრულებაც კი არ შეგიძლია და განა არსებობს იმის იმედი, რომ ამას სიკვდილის შემდეგ შეძლებ? მაშინ როგორ შეასრულებ შენს მოვალეობებს? სხვები ამბობენ: „ბუნებით ერთგული, მამაცი და ემოციური ადამიანი ვარ. მზად ვარ, ჩემი მეგობრებისთვის ყველაფერი სასწორზე დავდო. იგივეა ღმერთთან მიმართებაშიც: „რადგან ღმერთმა ამირჩია, დამაწინაურა და ამამაღლა, მე უნდა გადავუხადო მადლობა მისი მოწყალებისთვის. მე აუცილებლად დავდებ ყველაფერს სასწორზე ღვთისთვის, სიკვდილამდეც კი!“ ეს არის ჭეშმარიტება? (არა.) ღმერთმა ამდენი სიტყვა თქვა, მათ კი რატომ ერთიც არ დაიხსომეს? ყოველთვის, რაზეც ისინი თანაზიარებას მართავენ, მხოლოდ ესაა: „სხვა რამის თქმა საჭირო აღარ არის. კეთილშობილი ადამიანი სიცოცხლეს შესწირავს მას, ვისაც მისი ესმის, მეგობრებისთვის კი ყველაფერი სასწორზე უნდა დადო და ერთგული იყო.“ მათ ფრაზის „ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხე“ წარმოთქმაც კი არ შეუძლიათ. ამდენი წლის განმავლობაში ქადაგებების მოსმენისა და ღვთის სიტყვების კითხვის შემდეგ მათ არცერთი ჭეშმარიტება არ იციან და ორიოდე სულიერი ტერმინის თქმაც კი არ შეუძლიათ — ასეთია ჭეშმარიტების მათი შინაგანი გაგება და განმარტება. მითხარით, განა ეს საცოდაობა არ არის? განა სასაცილო არ არის? განა ეს სულიერი წვდომის უქონლობის გამოვლინება არ არის? ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ, მათ არ ესმით ჭეშმარიტება და არ იციან, რა არის იგი, თუმცა თავხედურად იყენებენ იმ ეშმაკისეულ, აბსურდულ, უაზრო და მეტად სასაცილო სიტყვებს ჭეშმარიტების ჩასანაცვლებლად. არა მხოლოდ მათი შინაგანი აზროვნება და აღქმაა ასეთი, არამედ ისინი მუდმივად ავრცელებენ და ასწავლიან ამას სხვებსაც, რათა სხვებსაც მათნაირი აღქმა ჩამოუყალიბდეთ. განა ეს გარკვეულწილად არ ატარებს ჩაშლისა და არეულობის შეტანის ხასიათს? როგორც ჩანს, ეს ხალხი, ვისაც ჭეშმარიტება არ ესმის და სულიერი წვდომა აკლია, საშიშია. მათ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ ჩაშალონ საქმე, არეულობა შეიტანონ და სასაცილო თუ აბსურდული რამ ჩაიდინონ. კიდევ რა სხვა გამოვლინებები არსებობს იმისა, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ჭეშმარიტებას? (ჭეშმარიტების აბუჩად აგდება, მხოლოდ იმის მიღება, რაც საკუთარ წარმოდგენებს შეესაბამება და იმის უარყოფა და პრაქტიკაში განხორციელებაზე უარის თქმა, რაც მათ არ ემთხვევა.) მხოლოდ იმის აღიარება და შესრულება, რაც საკუთარ შეხედულებებში ჯდება და იმის სრულიად უარყოფა და დაგმობა, რაც მათ ეწინააღმდეგება — ეს არის დამოკიდებულება. (იმის დაუჯერებლობა, რომ ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანის გახრწნილი ხასიათის გამოსწორება ან მისი შეცვლა.) ჭეშმარიტების უარყოფა ან მისი ურწმუნობა ასევე დამოკიდებულებაა. კიდევ ერთი გამოვლინება ის არის, რომ ადამიანის დამოკიდებულება და თვალსაზრისი ჭეშმარიტების მიმართ იცვლება მისი განწყობის, გარემოსა და ემოციების შესაბამისად. ასეთი ადამიანები, როდესაც ერთ დღეს თავს კარგად გრძნობენ და ამაღლებულ გუნებაზე არიან, ფიქრობენ: „ჭეშმარიტება შესანიშნავია! ჭეშმარიტება ყოველივე დადებითის რეალობაა, ყველაზე ღირსეული რამ, რაც ადამიანებმა უნდა განახორციელონ და გაავრცელონ.“ როდესაც ცუდ გუნებაზე არიან, ფიქრობენ: „რა არის ჭეშმარიტება? რა სარგებელი მოაქვს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას? განა მას შეუძლია ფული მოგიტანოს? რისი შეცვლა შეუძლია ჭეშმარიტებას? რა მოხდება, თუ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში განახორციელებ? არ განვახორციელებ — რა მნიშვნელობა აქვს?“ მათი დემონური ბუნება ვლინდება. ეს გამოვლინებები არის ის განწყობები და სხვადასხვა მდგომარეობები, რომლებსაც ადამიანები ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულებაში ავლენენ. სხვა რა კონკრეტული გამოვლინებებია? (როცა ღვთის სიტყვას არა როგორც ჭეშმარიტებას ან სიცოცხლეს, არამედ როგორც საკვლევ მასალას ისე ჩხრეკენ და აანალიზებენ.) ეს არის ღვთის სიტყვისადმი მეცნიერული მიდგომა, როცა ადამიანი მუდმივად საკუთარი ცოდნის პრიზმიდან აანალიზებს და ჩხრეკს ჭეშმარიტებას, ნაცვლად იმისა, რომ მას მორჩილებით დაეთანხმოს და მიიღოს იგი. ეს მეტ-ნაკლებად არის ჭეშმარიტებისადმი ადამიანთა დამოკიდებულებაში არსებული ის სირთულეები, რომელთა განსაზღვრა და შემაჯამებელ პუნქტებად ჩამოყალიბება შეიძლება.
სიცოცხლეში შესვლის სირთულეების შესახებ ჩვენს მასალაში სულ რვა ასპექტია წარმოდგენილი და. ესენია ის ძირითადი სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლეში შესვლასთან და ხსნის მიღწევასთან. ამ რვა ასპექტის ფარგლებში ადამიანების მიერ გამოვლენილი მდგომარეობები და განწყობები სრულადაა მხილებული ღვთის სიტყვებში. ღმერთმა წაუყენა მოთხოვნები ადამიანებს და მიუთითა მათ პრაქტიკის გზა. თუკი ადამიანები გულმოდგინედ მოეკიდებიან ღვთის სიტყვებს, სერიოზულად მოეკიდებიან და ისწრაფვიან მათკენ და საკუთარ სიცოცხლეში შესვლაზე პასუხისმგებლობას აიღებენ, მაშინ ღვთის სიტყვებში იპოვიან შესაბამის ჭეშმარიტებებს ამ რვა ტიპის პრობლემის გადასაჭრელად და თითოეული მათგანისთვის პრაქტიკის გზებსაც აღმოაჩენენ. არცერთი მათგანი არ წარმოადგენს გადაუჭრელ გამოწვევას ან რაიმე სახის საიდუმლოს. მაგრამ, თუ საკუთარ სიცოცხლეში შესვლაზე პასუხისმგებლობას საერთოდ არ გრძნობ და არც ჭეშმარიტებისკენ თუ საკუთარი ხასიათის შეცვლისკენ ისწრაფვი, მაშინ ღვთის სიტყვა, რაც არ უნდა მკაფიო და სრულყოფილი იყოს, შენთვის მხოლოდ უსულო ტექსტად და მოძღვრებად დარჩება. თუ ჭეშმარიტებისკენ არ ისწრაფვი და მას არ აღასრულებ, მაშინ ნებისმიერი პრობლემის წინაშე უძლური დარჩები, გამოსავალს ვერ იპოვი და ხსნის მოპოვება ძალიან გაგიჭირდება. ალბათ, შენ სამუდამოდ მუშაკის სტადიაზე დარჩები; შესაძლოა, სამუდამოდ დარჩე იმ სტადიაზე, როდესაც ვერ შეძლებ ხსნის მოპოვებას და იქნები ღვთის მიერ უარყოფილი და განდევნილი.
ცრუ წინამძღოლების საქმის უარყოფითი ზეგავლენა და შედეგები
როდესაც საქმე ეხება ყველა იმ სირთულეს, რომელსაც ადამიანები სიცოცხლეში შესვლისას აწყდებიან, რას აკეთებენ ცრუ წინამძღოლები? როდესაც ადამიანები აწყდებიან ნებისმიერ მდგომარეობას, რომელიც ამ რვა ტიპის სირთულიდან ერთ-ერთში შედის, შეუძლიათ თუ არა ცრუ წინამძღოლებს ამის ამოცნობა და ღვთის სიტყვებისა თუ საკუთარი ემპირიული ცოდნის გამოყენება ამ ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად? სამწუხაროდ, როდესაც ადამიანები სირთულეებს აწყდებიან, ეს ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ზედაპირული ძალისხმევით შემოიფარგლებიან და პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ ზერელე, მიზანს აცდენილ და უადგილო შენიშვნებს იძლევიან, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო მათ ხასიათთან და რეალურ სირთულეებთან. მაგალითად, ცრუ წინამძღოლები ხშირად ამბობენ: „შენ უბრალოდ არ გიყვარს ჭეშმარიტება!“ ამგვარად ცდილობენ ისინი ადამიანთა ნამდვილი პრობლემების მოგვარებასა და მათი არსის განსაზღვრას. მათ არ შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს, პასუხები იპოვონ ღვთის სიტყვებში თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე ან მდგომარეობაზე და ვერც ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებით აგვარებენ მას. ამის ნაცვლად, ისინი ან აბსტრაქტული და უადგილო მოძღვრებებით შემოიფარგლებიან, ან პრობლემაზე იციკლებიან, ბუზს სპილოდ აქცევენ და ადამიანს ყოველგვარ იმედს უსპობენ ისე, რომ სინანულის შესაძლებლობასაც არ აძლევენ. სინამდვილეში, თუ ვინმეს შესწევს უნარი, ჩასწვდეს ღვთის სიტყვებს და სულიერი გაგება გააჩნია, იგი შეძლებს ღვთის სიტყვაში იპოვოს ამ რვა ასპექტის მხილება; ეს სულაც არ არის რთული. თუმცა, იმის გამო, რომ ცრუ წინამძღოლებს აკლიათ სულიერი წვდომა, აქვთ დაბალი სულიერი მონაცემები და არ გააჩნიათ გაგების უნარი, რასაც ემატება ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ენთუზიასტია, მოქმედებისკენ დაუფიქრებლად ისწრაფვის, თვალთმაქცობს და სულიერ ადამიანად მოაქვს თავი, მათ სხვების პრობლემების გადაჭრა საერთოდ არ შეუძლიათ. იმ მრავალფეროვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ, ცრუ წინამძღოლები ასეთ დარიგებას აძლევენ მათ: „ღვთის საქმე უკვე ამ ეტაპზეა, შენ კი კვლავინდებურად ეჭვიანობითა და სხვებთან დავით ხარ დაკავებული? ამის დრო გაქვს? ამაზე ჩხუბს რა აზრი აქვს? განა არ შეგიძლია ჩხუბის გარეშე გაძლო?“ „ღვთის საქმე ასე შორს წავიდა, შენ კი ისევ ასეთი სენტიმენტალური ხარ და ვერაფერს თმობ. ადრე თუ გვიან, ეს გრძნობები დაგღუპავს!“ „ღვთის ასე შორს წავიდა, შენ კი ისევ ასე ზრუნავ საჭმელსა და ჩასაცმელზე? განა არ შეგიძლია ერთი კაბის გარეშე გაძლო? განა თავს ვერ გაიტან ერთი წყვილი ტყავის ფეხსაცმლის ყიდვის გარეშე? მეტი უნდა იფიქრო ღვთის სიტყვებსა და შენს მოვალეობაზე!“ როდესაც რამე შეგემთხვევა, მეტი ილოცე ღვთის წინაშე. რასაც უნდა გადააწყდე, არსებობს ერთი გაკვეთილი: „ისწავლო ღვთისადმი მორჩილება და ჩაწვდე მის მეუფებასა და განგებას.“ განა შეუძლია ამ რჩევას რეალური პრობლემების გადაჭრა? სრულიადაც არა. თორემ ასე გეტყვიან: ადამიანები ღრმად არიან გახრწნილნი სატანის მიერ. განა გრძნობების აყოლით ღმერთს არ უპირისპირდები? განა იმით, რომ საკუთარ თავს არ იცნობ, ღმერთს არ ეურჩები?“ რა პრობლემაც უნდა იდგეს დღის წესრიგში, ცრუ წინამძღოლებმა არ იციან, როგორ იქონიონ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, რათა გააანალიზონ ადამიანის არსი ან მდგომარეობა; მათ არ შეუძლიათ იმის დანახვა, თუ როგორ წარმოიშობა ადამიანთა მდგომარეობები და შემდეგ, ამ მდგომარეობებზე დაყრდნობით, არ შეუძლიათ ჭეშმარიტებაზე თანაზიარება პრობლემების გადასაჭრელად, სათანადო დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევა. ამის ნაცვლად, ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ: „შეიყვარე ღმერთი! ბეჯითად შეასრულე შენი მოვალეობები, უნდა იყო ღვთის ერთგული და პრობლემების დროს მეტი ილოცე! ყველაფერი ღვთის მეუფებასა და განგებაშია. ყველაფერი ღვთის ხელთაა! თუ ჭეშმარიტებას არ ეძებ, არაფერი გამოვა. მეტი უნდა იკითხო ღვთის სიტყვები. ღვთის სიტყვებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ ადამიანებს უბრალოდ არ უყვართ ჭეშმარიტება!“ „კატასტროფები გარდაუვალია, ყოველივეს დასასრული ახლოსაა და ღვთის საქმე დასასრულს უახლოვდება, შენ კი არ შფოთავ. რამდენი დღე დარჩა ადამიანს? ღვთის სამეფო უკვე მოახლოვდა!“ ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ამ მიზანს აცდენილ გამონათქვამებს წარმოთქვამენ, ისინი არასდროს აანალიზებენ და არ განიხილავენ სხვადასხვა პრობლემას კონკრეტულად და არ სთავაზობენ ადამიანებს რეალურ დახმარებას ან მხარდაჭერას. ან ისინი ადამიანებს ღვთის სიტყვებიდან რამდენიმე ნაწყვეტს უძებნიან წასაკითხად, ან მათ მოსაშორებლად სრულიად უადგილო რჩევებს აძლევენ. რა ხდება საბოლოოდ? ცრუ წინამძღოლების მავნე ზეგავლენით, ადამიანებმა არა მხოლოდ არ იციან საკუთარი გახრწნილი ხასიათის შესახებ, მათ ისიც არ უწყიან, როგორია მათი ზნეობა, როგორი ადამიანები არიან და რა ბუნება-არსებას ფლობენ; მათთვის გაურკვეველია, როგორია მათი სულიერი მონაცემები, აქვთ თუ არა გაგების უნარი, ან რა გზას ადგანან. ისინი კვლავაც ებღაუჭებიან ამქვეყნიურ და მოდურ საგნებს, რომლებიც უყვართ და რასაც გულით აფასებენ და არავინ ეხმარება მათ ამ ყოველივეს გაგებაში, გარჩევასა და გაანალიზებაში. ეს არის ცრუ წინამძღოლების მუშაობის შედეგები. როდესაც პრობლემები წარმოიშობა, ისინი ან სასტიკად ესხმიან თავს ადამიანებს, თვითნებურად გმობენ და ცრუ ბრალდებებს უყენებენ მათ, ან აძლევენ მიზანს აცდენილ რჩევებსა და გაკვეთილებს, ან ღვთის სიტყვებს იყენებენ ძალდატანებითი და არაზუსტი შედარებებისთვის. მსმენელები ფიქრობენ: „თითქოს მესმის, მაგრამ თან ვერც ვიგებ — თითქოს ჩავწვდი მათ ნათქვამს, მაგრამ თან ვერც ჩავწვდი. რატომ ხდება ასე? ყველაფერი, რასაც წინამძღოლი ამბობს, სწორია, მაგრამ რატომ ვერ ვიშორებ ამ პრობლემას გულიდან? რატომ ვერ ვპოულობ ამ სირთულის გადაჭრის გზას? რატომ ვფიქრობ კვლავ ასე და რატომ მინდა ამის გაკეთება? რატომ ვერ ვიგებ, სად არის პრობლემის არსი და საფუძველი? წინამძღოლი ამბობს, რომ არ მიყვარს ჭეშმარიტება და მეც ვაღიარებ ამას, მაგრამ რატომ ვერ გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან?“ გამოიღეს ამ წინამძღოლებმა რაიმე შედეგი? მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუბრობდნენ და მუშაობდნენ, ეს ყველაფერი ერთი დიდი ქაოსია და ის შედეგი არ მოჰყოლია, რაც უნდა მოჰყოლოდა. მათ არ მისცეს ადამიანებს საშუალება, ჩაწვდომოდნენ ღვთის განზრახვებს, შეედარებინათ საკუთარი თავი ღვთის სიტყვებისთვის, ზუსტად გაეგოთ თავიანთი მდგომარეობა ან გადაეჭრათ საკუთარი სირთულეები. რაც შეეხება იმ გამოუსწორებელ, უსირცხვილო ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას, როდესაც ესმით, როგორ შეაგონებენ მათ ეს წინამძღოლები მონდომებითა და მოთმინებით, მათში ეს უკიდურეს ზიზღს იწვევს. ამავდროულად, ისინი ამ წინამძღოლების სიტყვებს იმეორებენ — როგორც კი წინამძღოლები პირველ ნაწილს დაასრულებენ, ეს ხალხი მაშინვე აგრძელებს მეორეს და მალევე კარგავენ მოთმინებას: „ნუღარ აგრძელებ. უკვე ყველაფერი გავიგე, რასაც ამბობ. თუ ასე გააგრძელებ, ღებინების შეგრძნება დამეუფლება და გული ამერევა!“ წინამძღოლები აგრძელებენ: „შენ უბრალოდ არ გიყვარს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება რომ გიყვარდეს, ყველაფერს გაიგებდი, რასაც ვამბობ.“ ისინი კი პასუხობენ: „მიყვარს თუ არა ჭეშმარიტება, შენ ეს სიტყვები იმდენჯერ გაიმეორე, რომ მათში ახალი არაფერია და მათი მოსმენით დავიღალე!“ ცრუ წინამძღოლები ასე მოქმედებენ, ისინი მკაცრად იცავენ წესებს, ებღაუჭებიან გარკვეულ ფრაზებს და სრულიად ვერ ახერხებენ ადამიანების რეალური სირთულეების გადაჭრას. თუ ვინმეს ღვთის მიმართ წარმოდგენები აქვს, ცრუ წინამძღოლები ამბობენ, რომ ეს ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. თუ ვინმეს ცუდი ადამიანობა გააჩნია, არ შეუძლია ხალხთან საერთო ენის გამონახვა და აკლია ნორმალური ადამიანთაშორისი ურთიერთობები, ცრუ წინამძღოლები ამბობენ, რომ დამნაშავე ორივე მხარეა, ორივეს ჭკუას ასწავლიან, ბრალს ორივეს სდებენ და ეუბნებიან: „აი, ასე, ახლა ორივე მხარე თანაბარ მდგომარეობაში ხართ. ჩვენს ქმედებებში სამართლიანები და გონიერები უნდა ვიყოთ, ყველას თანასწორად და მიუკერძოებლად უნდა ვეპყრობოდეთ. ვინც გონივრულად საუბრობს, მას ჭეშმარიტება უყვარს, ხოლო მათ, ვინც უსაფუძვლოდ ლაპარაკობს, ხმა უნდა გაკმინდონ, მომავალში ნაკლები ილაპარაკონ და მეტი აკეთონ. ვინც სწორს ამბობს, სწორედ მას უნდა მოვუსმინოთ მეტად.“ განა ეს პრობლემის გადაჭრაა? განა ეს საქმის კეთებაა? განა ეს ბავშვების დაშოშმინებასა და ხალხის მოტყუებას არ ჰგავს? ცრუ წინამძღოლები შეიძლება ისე ჩანდნენ, თითქოს ძალიან დაკავებულნი არიან, მაგრამ მათ არავის პრობლემების გადაჭრა არ შეუძლიათ. რამდენად ეფექტიანია მათი მუშაობა? ის უსარგებლო და აბსურდულია! ეს არამორწმუნეთა ქმედებებია.
ღვთის რწმენის გამოცდილების განმავლობაში, ადამიანები ხშირად აწყდებიან გარკვეულ სირთულეებს და ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ არცერთი მათგანის გადაჭრა. ცრუ წინამძღოლებს ისეთი აშკარა სირთულეების გადაჭრაც კი არ შეუძლიათ, რომელთა გამოსწორებაც სულ რამდენიმე სიტყვითაა შესაძლებელი. ამის ნაცვლად, ისინი ამ საკითხების გარშემო დიდ აურზაურს ტეხენ და ყოველ წვრილმანს დიდ პრობლემად აქცევენ. ზოგი არ არის ბოროტი, უბრალოდ, ადამიანობის მხრივ, ცოტა თავაზიანობა აკლია, ელემენტარული ზრდილობის წესები არ იცის და რამდენადმე უღირსად იქცევა. ცრუ წინამძღოლები ამ უმნიშვნელო წვრილმანებს დიდ ამბად აქცევენ და დებსა და ძმებს მათ განხილვას, კრიტიკასა და მხილებას აიძულებენ; ყოველივე ამის მიზანია, ამ ადამიანებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ, რათა მათ აღარ გაბედონ ასე მოქცევა. განა ეს აუცილებელია? განა ეს პრობლემების გადაჭრის გზაა? განა ეს ჭეშმარიტების გამოყენებაა საკითხების მოსაგვარებლად? (არა.) სანამ ვინმეს ადამიანობაში სერიოზული ხარვეზები არ არის, ის არ არის ბოროტი და შეუძლია გულწრფელად გაიღოს თავი, მაშინ, იმ პირობებში, როცა ის მზად არის მისაღებად, სრულიად საკმარისია მასზე მუშაობის გაგრძელება, შეხსენება, დახმარება, თანაზიარება და მხარდაჭერა. თუ ადამიანები მუდმივად ასე იქცევიან, მაშინ მათ ზნეობასთან დაკავშირებული პრობლემა ან ბოროტი ხასიათი აქვთ და ამ შემთხვევაში მკაცრი გასხვლა და წვრთნაა საჭირო. თუ ისინი უარს იტყვიან ამის მიღებაზე, მათი მოვალეობა ან უნდა შეჩერდეს, ან ისინი უნდა მოიკვეთონ. ცრუ წინამძღოლები ამას ვერ ხედავენ და არც ასე მოიქცევიან. როდესაც ასეთ ბოროტ ადამიანებს ხვდებიან, მათ დებად და ძმებად თვლიან. დახმარებასა და მხარდაჭერას სთავაზობენ. განა ეს საქმის კეთებაა? განა ეს ჭეშმარიტებით საკითხთა გადაჭრაა? (არა.) ცრუ წინამძღოლების მუშაობა აბსურდული, ბავშვური და სასაცილოა და მასში არაფერი შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ყველაფერში, რასაც ისინი აკეთებენ, ჩანს, რომ ერისკაცები არიან, აკლიათ სულიერი გაგება და პრინციპების გარეშე, დაუფიქრებლად მოქმედებენ. ანალოგიურად, მათ არ შეუძლიათ ჩაწვდნენ ან ზუსტად აღიქვან ის სხვადასხვა სირთულეები, რომლებსაც ადამიანები სიცოცხლეში შესვლისას აწყდებიან. შესაბამისად, მათი მცდელობები პრობლემების გადასაჭრელად წარმოუდგენლად მოუხერხებელი, სულელური და ერისკაცისთვის დამახასიათებელია. ისინი კი, ვინც მათ დახმარებას იღებენ, თავს უხერხულად და დათრგუნულად გრძნობენ. დროთა განმავლობაში ზოგიერთი რწმენასაც კი კარგავს და ამბობს: „წინამძღოლმა ამდენჯერ იქონია ჩემთან თანაზიარება, მაშ, რატომ არ შევიცვალე? რატომ მიბრუნდება ძველი მდგომარეობა? ნუთუ ჩემი ადამიანობა განსაკუთრებით ცუდია და გადარჩენა არ მიწერია?“ ზოგიერთი დაეჭვებულიც კი ამბობს: „ჩემს სულს რამე ხომ არ სჭირს? ჩემში ბოროტი სულები ხომ არ მოქმედებენ? ღმერთი აღარ აპირებს ჩემს გადარჩენას? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიმედოდ ვარ?“ ეს არის ცრუ წინამძღოლების მიერ შესრულებული საქმის შედეგები. თავიანთ საქმიანობაში ისინი ერთმანეთში ურევენ სხვადასხვა საკითხს და მოქმედებენ სასაცილოდ, აბსურდულად, უგუნურად და მოუხერხებლად, რაც საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ზოგიერთი ადამიანის მრავალგვარი სირთულე, ვინც გულწრფელად ესწრაფვის ჭეშმარიტებას, დროულად ვერ გვარდება. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებში ნეგატივიზმისა და სისუსტის გაჩენას იწვევს, ასევე გარკვეულ წარმოდგენებსა და გაუგებრობებს ღმერთისა და მისი საქმის მიმართ. ისინი ამბობენ: „ღვთის ამდენი სიტყვა წავიკითხე, მაშ, ჩემი პრობლემა რატომ არ გვარდება? ნუთუ ღვთის სიტყვებს მართლაც შეუძლია ადამიანების გადარჩენა და გარდასახვა?“ მათ გულებში ეჭვი ისადგურებს და დაბნეულობის ტყვეობაში ექცევიან. ამიტომ, როდესაც ცრუ წინამძღოლები საქმეს ასრულებენ, ისინი ბევრ დადებით შედეგს ვერ აღწევენ, სამაგიეროდ, საკმაოდ ბევრ ნეგატიურ მოვლენას უდებენ სათავეს. მათი საქმიანობა არა მხოლოდ ვერ ახერხებს ადამიანებში ღმერთის შესახებ არსებული წარმოდგენების, ეჭვებისა და მსჯელობების გაფანტვას, არამედ, პირიქით, ზრდის მათ გაუგებრობებსა და სიფრთხილეს ღვთის მიმართ. რწმენაში გატარებული მრავალი წლის შემდეგაც კი, ამ ადამიანების პრობლემები მოუგვარებელი რჩება. იმ დროს, როდესაც ცრუ წინამძღოლებს ისინი შეცდომაში შეჰყავთ და არასწორ გზაზე აყენებენ, ღმერთის მიმართ მათი გაუგებრობები და სიფრთხილე კიდევ უფრო ღრმავდება. თუ საქმე ასეა, განა შეუძლიათ მათ სიცოცხლეში შესვლას მიაღწიონ?
ცრუ წინამძღოლების წარმოდგენამ ისეთ დადებით საკითხებზე, როგორიცაა ჭეშმარიტება და ადამიანის ხასიათის ცვლილება, შეიძლება გავლენა მოახდინოს მრავალი ადამიანის თვალსაზრისსა და დამოკიდებულებაზე დადებითი რაღაცების მიმართ. ის, რომ ცრუ წინამძღოლები არაფერს აკეთებენ, ერთია, მაგრამ როგორც კი საქმის შესრულებას შეუდგებიან, გადაცდომები იჩენს თავს და საზიანო შედეგები დგება. ამ ეკლესიებში არასწორი ატმოსფერო იქმნება, ანუ ხშირად ვრცელდება მცდარი და აბსურდული გამონათქვამები. იქ მყოფ ადამიანებს არ ესმით ის სულიერი ტერმინები, რომლებიც ხშირად გვხვდება ღვთის სიტყვებში და არც მათი გამოყენება იციან, მაშინ როცა ამ ცრუ წინამძღოლების მიერ ხშირად წარმოთქმული ე.წ. სულიერი ტერმინები და გამონათქვამები ფართოდ ვრცელდება მთელს ეკლესიაში. ამ ყველაფრის გავლენა ადამიანებზე მცირე არ არის: ისინი არა მხოლოდ ვერ ეხმარებიან ხალხს ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების უფრო პრაქტიკულ და ზუსტ შემეცნებაში ან ვერ აძლევენ საშუალებას, ღვთის სიტყვებში იპოვონ პრაქტიკაში განხორციელების ზუსტი გზა, არამედ პირიქით, აიძულებენ ადამიანებს, ჰქონდეთ ჭეშმარიტების უფრო დამახინჯებული, თეორიული და დოქტრინული გაგება და ამავდროულად, უფრო ბუნდოვანს ხდიან მათთვის პრაქტიკულ გზას. ამგვარად, ცრუ წინამძღოლები ადამიანებს ხედვას უხშობენ და გავლენას ახდენენ მათ მიერ ჭეშმარიტების წმინდა აღქმაზე. რა გავლენას ახდენენ ცრუ წინამძღოლები ამგვარი ქმედებებით? რა როლს ასრულებენ ისინი? მათი დახასიათება, როგორც ჩამშლელებისა და ხელის შემშლელებისა, შესაძლოა გარკვეულწილად გადაჭარბებული იყოს, მაგრამ მათთვის აქეთ-იქით მოფუსფუსე მასხარების წოდება სრულიადაც არ არის გაზვიადებული. როდესაც საქმის ეს ეტაპი ახალი დაწყებული მქონდა, რამდენიმე ადამიანს შევხვდი. მათ საუბარს ვუსმენდი, როცა ერთ-ერთმა ვიღაცის მდგომარეობა იკითხა და მეორემ მოულოდნელად წამოისროლა ფრაზა: „ფერფლად იქცაო. როცა ვიკითხე: „ფერფლად იქცა? ეს რას ნიშნავს-მეთქი?“ მათ მიპასუხეს: „ფერფლად ქცევა ნიშნავს, რომ ადამიანი გაათავისუფლეს და, შესაძლოა, რწმენაც კი მიატოვაო. ვთქვი: ეს საკმაოდ სასტიკი ტერმინია — ის ადამიანს არანაირ გამოსავალს არ უტოვებს. განა მე ოდესმე მითქვამს ასეთი რამ? როგორ მოხდა, რომ ამ ტერმინის შესახებ არაფერი ვიცოდი? მე არასოდეს დამიხასიათებია ვინმე ამგვარად და არც ის მითქვამს, რომ თუ ვინმე მოვალეობის შესრულებას წყვეტს ან ღმერთს განეშორება, ის ფერფლად იქცა. საიდან გაჩნდა ეს ტერმინი? მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ფრაზა ერთმა ხანდაზმულმა მორწმუნემ, ძველმა პედანტმა დაამკვიდრა. ის ძალიან განათლებული იყო, დიდი ხნის განმავლობაში სწამდა ღმერთის და დიდი სტაჟიც ჰქონდა. როდესაც მან ეს ფრაზა წარმოთქვა, იმ დაბნეულმა ადამიანებმა გამჭრიახობა არ გამოიჩინეს, მისგან ისწავლეს და ეს პოპულარულ გამოთქმად იქცა. თქვენი აზრით, ეს ფრაზა სწორია? აქვს მას რაიმე საფუძველი? არის ის ზუსტი? (არა, არ არის ზუსტი.) როგორ უნდა მოვეპყროთ მას? უნდა დავუშვათ მისი არსებობა ეკლესიაში? (არა, არ უნდა დავუშვათ.) ის უნდა ვამხილოთ, გავაკრიტიკოთ და ძირეულად აღმოვფხვრათ. შემდგომში, კრიტიკისა და ანალიზის მეშვეობით, ამ გზააბნეულმა ადამიანებმა მისი თქმა ვეღარ გაბედეს, თუმცა რამდენიმე არაინფორმირებული პიროვნება მას, შესაძლოა, კვლავ ფარულად იყენებდეს. შესაძლოა ამ ხალხს ჰგონია, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული სულიერი გამოთქმაა, რომელიც ავტორიტეტულმა პირმა თქვა და მიაჩნიათ, რომ ის კვლავ უნდა გამოიყენონ. გააკეთეს თქვენმა წინამძღოლებმა მსგავსი რამ? იქონია ამან უარყოფითი გავლენა თქვენს სიცოცხლეში შესვლაზე, ხასიათის ცვლილებაზე ან იმ გზაზე, რომელსაც ადგახართ? (წარსულში, სახარების ქადაგებისას, ერთმა ცრუ წინამძღოლმა თქვა: „ღმერთი განკითხვისა და გაკიცხვის მეშვეობით გვიპყრობს, ამიტომ, როდესაც რელიგიურ ხალხს ვუქადაგებთ, მკაცრი ტონით უნდა ველაპარაკოთ და ჭკუა ვასწავლოთ; მხოლოდ ასე შეიძლება მათი დაპყრობა.) ეს ნათქვამი შეიძლება გონივრულად ჟღერდეს, მაგრამ შეესაბამება ის ჭეშმარიტება-პრინციპებს? განა ღმერთმა დაავალა ადამიანებს ასე მოქცევა? ნუთუ ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „როდესაც სახარებას ფართოდ ქადაგებთ, უნდა აღსდგეთ და რკინის კვერთხით მართოთ ხალხი, გამოიყენოთ განკითხვა და სასჯელი სახარების ფართოდ გასავრცელებლადო?“ (არა.) მაშ, საიდან გაჩნდა ეს გამონათქვამი? აშკარაა, რომ ეს არის სულიერ გაგებას მოკლებული ცრუ წინამძღოლის თავში მომწიფებული თეორია. ზედაპირულად ეს ნათქვამი შეიძლება უპრობლემოდ მოგვეჩვენოს: „მთელმა კაცობრიობამ უნდა გაიაროს ღვთის განკითხვა და გაკიცხვა. თუკი ისინი ვერ მიიღებენ ამას პირდაპირ ღვთის სიტყვებიდან, განა არ შეუძლიათ მიიღონ არაპირდაპირ? ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ ეს არის ის შედეგი, რასაც ღვთის სიტყვები უნდა აღწევდეს — მთელი კაცობრიობის დამორჩილება. განა მათთვის უკეთესი არ იქნება, რომ ეს რაც შეიძლება მალე მიიღონ? ვიდრე ღმერთი იმოქმედებს, ჩვენ ამ პრევენციულ ზომას მივმართავთ, რათა ადამიანებს ერთგვარი იმუნიტეტი გამოუმუშავდეთ. შემდეგ კი, როცა ღმერთი მათ ჭეშმარიტად განსჯის და გაკიცხავს, ეს ხალხი აღარ აჯანყდება, აღარ შეეწინააღმდეგება და აღარ უღალატებს ღმერთს. ეს ღმერთს გულისტკივილს ააცილებს თავიდან. განა ეს კარგი არ არის?“ ზედაპირულად თითოეული წინადადება სწორი ჩანს და დოქტრინული თვალსაზრისით ლოგიკურადაც მოჩანს. თუმცა, განა არის ეს ჭეშმარიტება-პრინციპი? რა დებულებები აქვს ღვთის სახლს სახარების ქადაგებასთან დაკავშირებით? მოითხოვს ის ადამიანებისგან ასე მოქცევას? (არა.) მაშასადამე, ეს თეორია მცდარია, ხოლო მისი წამომყენებელი კი — ცრუ წინამძღოლი.
ცრუ წინამძღოლები ხშირად იკეთებენ სულიერების ნიღაბს და წარმოთქვამენ ზოგიერთ დამაჯერებელ, თუმცა მცდარ აზრს, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და გზა აუბნიონ. თუმცა ეს მცდარი შეხედულებები ზედაპირულად შეიძლება უწყინრად ჟღერდეს, ისინი დამღუპველ გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაში შესვლაზე. ისინი აბრკოლებენ, გზას უბნევენ და ხელს უშლიან მათ ჭეშმარიტების ძიების გზაზე სიარულში. ამ ფსევდო-სულიერი სიტყვების გამო ზოგ ადამიანს ღვთის სიტყვების მიმართ ეჭვი და წინააღმდეგობის გრძნობა უჩნდება. მათში იბადება მცდარი წარმოდგენები, ღვთისადმი არასწორი დამოკიდებულება თუ სიფრთხილე, რაც საბოლოოდ ღმერთთან დაშორებით მთავრდება. აი, ამგვარი გავლენა აქვს ცრუ წინამძღოლების ფსევდო-სულიერ გამონათქვამებს ადამიანებზე. როდესაც ეკლესიის წევრები ცრუ წინამძღოლის გავლენის ქვეშ ექცევიან და გზა ებნევათ, ეს ეკლესია რელიგიად იქცევა — ისევე, როგორც ქრისტიანობა ან კათოლიციზმი, სადაც ადამიანები მხოლოდ ადამიანურ გამონათქვამებსა და მოძღვრებებს იცავენ. ყველანი პავლეს მოძღვრებას სცემენ თაყვანს და იქამდეც კი მიდიან, რომ უფალი იესოს სიტყვების ნაცვლად მის სიტყვებს იყენებენ, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის გზას მიჰყვნენ. შედეგად, ისინი ყველანი თვალთმაქც ფარისევლებად და ანტიქრისტეებად იქცევიან. ამგვარად, ისინი დაწყევლილნი და განკვეთილნი არიან ღვთის მიერ. პავლეს მსგავსად, ცრუ წინამძღოლები საკუთარ თავს განადიდებენ, საკუთარ თავზე მოწმობენ, ადამიანებს გზას უბნევენ და აშფოთებენ. მათ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და რელიგიურ რიტუალებში რთავენ, რის გამოც ამ ხალხის რწმენა ჩვეულებრივი რელიგიური ადამიანების რწმენას ემსგავსება, ეს კი აფერხებს მათ შესვლას ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე. ცრუ წინამძღოლები მუდმივად აბნევენ და აწუხებენ ხალხს, ეს ადამიანები კი, თავის მხრივ, უამრავ ფსევდო-სულიერ თეორიასა და გამონათქვამს წარმოშობენ. ეს თეორიები, გამონათქვამები და პრაქტიკა რადიკალურად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და მასთან საერთო არაფერი აქვთ. თუმცა, მაშინ როცა ცრუ წინამძღოლები ხალხს გზას უბნევენ და აცთუნებენ, ისინი ამ ყოველივეს დადებით მოვლენად და ჭეშმარიტებად მიიჩნევენ. მათ შეცდომით სწამთ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა და ფიქრობენ, რომ თუკი გულში ამის სჯერათ, შეუძლიათ ამაზე მჭევრმეტყველურად საუბარი და თუკი ამას ყველა იზიარებს, ესე იგი მათ ჭეშმარიტება მოიპოვეს. ამგვარი შეხედულებებითა და თვალსაზრისით გზააბნეულნი, ადამიანები არა მხოლოდ ჭეშმარიტების წვდომას ვეღარ ახერხებენ, არამედ ღვთის სიტყვის პრაქტიკაში გამოყენება და გამოცდაც აღარ შეუძლიათ, ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლაზე კი საუბარიც ზედმეტია. პირიქით, ისინი სულ უფრო მეტად შორდებიან ღვთის სიტყვებს და კიდევ უფრო მეტად — ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. ფურცელზე იმ სიტყვებში, რომლებსაც ცრუ წინამძღოლები ამბობენ და იმ ლოზუნგებში, რომლებსაც ისინი გაჰყვირიან, ცუდი არაფერია — ისინი სრულიად მართებულია. მაშ, რატომაა, რომ მათ საერთოდ არანაირი შედეგი არ მოაქვთ? ეს იმიტომ ხდება, რომ ის, რაც ცრუ წინამძღოლებს ესმით და გაანალიზებული აქვთ, ძალიან ზედაპირულია. ეს ყველაფერი მხოლოდ მოძღვრებების ერთობლიობაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ღვთის სიტყვაში არსებულ ჭეშმარიტება-რეალობასთან, ღვთის მოთხოვნებსა თუ მის განზრახვებთან. სინამდვილეში, ყველა ის მოძღვრება, რომელსაც ცრუ წინამძღოლები ქადაგებენ, ძალიან შორს არის ჭეშმარიტება-რეალობისგან — უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ საერთო არაფერი აქვთ არც ჭეშმარიტებასთან და არც ღვთის სიტყვებთან. მაშ, როდესაც ცრუ წინამძღოლები ხშირად აფრქვევენ ამ სიტყვებსა და მოძღვრებებს, რასთან არის ეს დაკავშირებული? რატომ არის, რომ მათ არასდროს შეუძლიათ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა? ეს პირდაპირ კავშირშია ცრუ წინამძღოლების სულიერ მონაცემებთან. სრულიად აშკარაა, რომ ცრუ წინამძღოლებს სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ და ჭეშმარიტების წვდომის უნარი აკლიათ. რა ხნის განმავლობაშიც არ უნდა სწამდეთ მათ ღმერთი, ისინი ვერ გაიგებენ ჭეშმარიტებას და ვერ ექნებათ სიცოცხლეში შესვლა. ასევე შეიძლება ითქვას, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს მათი მორწმუნეობიდან, მათთვის მაინც არ იქნება ადვილი ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. თუ ცრუ წინამძღოლს არ გადააყენებენ და თავის პოსტზე დატოვებენ, რა შედეგები მოჰყვება ამას? მისი წინამძღოლობა სულ უფრო მეტ ადამიანს ჩაითრევს რელიგიურ რიტუალებსა და წესებში, სიტყვებსა და მოძღვრებებში, ბუნდოვან წარმოდგენებსა და ფანტაზიებში. ანტიქრისტეებისგან განსხვავებით, ცრუ წინამძღოლებს ხალხი არ მიჰყავთ საკუთარ თავთან ან სატანასთან, მაგრამ თუ მათ არ შეუძლიათ ღვთის რჩეული ხალხის შეყვანა ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება-რეალობაში, შეძლებს ღვთის რჩეული ხალხი მისი ხსნის მოპოვებას? შეძლებენ ისინი ღვთის მიერ სრულყოფას? რა თქმა უნდა, არა. თუ ღვთის რჩეული ხალხი ვერ შედის ჭეშმარიტება-რეალობაში, განა ისინი კვლავ სატანის ძალაუფლების ქვეშ არ რჩებიან? განა ისინი კვლავ სატანის ხელში მყოფი დაცემული ადამიანები არ არიან? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცრუ წინამძღოლების ხელში დაიღუპებიან? სწორედ ამიტომ, ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების მუშაობის შედეგები არსებითად ერთნაირია. ვერცერთი მათგანი ვერ აიძულებს ღვთის რჩეულ ხალხს, გაიგოს ჭეშმარიტება, შევიდეს რეალობაში და მიაღწიოს ხსნას. ორივე მათგანი ვნებს ღვთის რჩეულ ხალხს და დაღუპვამდე მიჰყავს ისინი. შედეგები ზუსტად იგივეა.
რა არის ცრუ წინამძღოლების ზოგიერთი მწვალებლობა და მცდარი შეხედულება? მოგვიანებით ეს თავად განიხილეთ. ამ დავალებას თქვენ გიტოვებთ, რათა ვნახო, შეძლებთ თუ არა მათ გარჩევას. თქვენ გარშემო მყოფ წინამძღოლებს თუ უთქვამთ ოდესმე ისეთი სიტყვები, რომლებიც სულიერად ჟღერს ან ადამიანურ გრძნობებს შეესაბამება და ზედაპირულად სწორი და ჭეშმარიტებასთან თანხვედრაში მყოფი ჩანს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს შენს სიცოცხლეში შესვლას და ვერ აგვარებს შენს რეალურ პრობლემებს? თუ ამ სიტყვებს ვერ არჩევ, მეტიც, ძვირფასად მიგაჩნია, გულში იდებ და ნებას რთავ, რომ მუდმივად გმართონ, გიხელმძღვანელონ და შენს ფიქრებსა თუ ქცევაზე გავლენა იქონიონ, განა ამას საკმაოდ მძიმე შედეგები არ მოჰყვება? (დიახ.) მაშინ აუცილებელია, ჩასწვდეთ ამ პრობლემების არსს, რათა დაადგინოთ, რომელი მწვალებლობები და მცდარი შეხედულებები იწვევს ადამიანების იმ დონემდე დაცემას, რომ მათმა რწმენამ რელიგიური სახე მიიღოს, რაც საბოლოოდ ღვთისადმი წინააღმდეგობასა და მის მიერ მათ უარყოფას განაპირობებს. მაგალითად, დავუშვათ, ვიღაც ამბობს: „ნუ ეცდები წინამძღოლობას. თუ წინამძღოლად გახდომის შემდეგ გადაგაყენებენ ან ჩამოგაშორებენ და ჩვეულებრივ მორწმუნედ დარჩენის შანსიც კი აღარ გექნება.” განა ასეთი საუბარი ცრუ წინამძღოლების მწვალებლობა და მცდარი შეხედულება არ არის? (დიახ.) ასეა? ცრუ წინამძღოლების მწვალებლობები და მცდარი შეხედულებები ანტიქრისტეების შეხედულებებისგან უნდა განასხვაოთ; ერთმანეთში ნუ აურევთ მათ. რას ნიშნავს, როცა ვინმე ასეთ რამეს ამბობს? რა მოტივაციაა შენიღბული ამ სიტყვებში? არის მათში რაიმე ფარული და მზაკვრული? აშკარაა, რომ ეს სიტყვები შეიცავს ხრიკს ხალხის მოსატყუებლად. ისინი გულისხმობენ, რომ სხვები არ უნდა ისწრაფვოდნენწინამძღოლობისკენ, რადგან ეს კარგად არ დასრულდება. მათი მიზანია, ადამიანებს წინამძღოლობის სურვილი დაუკარგონ. ასე მათ ავტორიტეტსა და მდგომარეობას საფრთხეს ვერავინ შეუქმნის, რაც მათ საშუალებას მისცემს, მუდმივად და მშვიდად დარჩნენ წინამძღოლებად. ამავდროულად, ისინი ხალხს ეუბნებიან: „აი, ასე ეპყრობა ღვთის სახლი წინამძღოლებსა და მუშაკებს; როცა დასჭირდები, დაგაწინაურებს, ხოლო როცა აღარ დასჭირდები, ყველაზე დაბალ საფეხურზე ჩამოგაგდებს და შანსსაც არ დაგიტოვებს, რომ უბრალო მორწმუნედ მაინც დარჩე.” რა არის ამ სიტყვების ბუნება? (ღვთის გმობა.) როგორი ადამიანი ამბობს ღვთის მგმობელ სიტყვებს? (ანტიქრისტე.) ამ სიტყვებში ორი ბოროტი განზრახვა იმალება, რომლებსაც ორგვარი შედეგი მოჰყვება: ერთი ისაა, რომ სხვებს სტატუსისთვის ბრძოლას კატეგორიულად უკრძალავენ, რითაც საკუთარ მდგომარეობას ინარჩუნებენ; მეორე კი ისაა, რომ გაიძულებენ, ღმერთი არასწორად აღიქვა, აღარ გწამდეს მისი და ამის ნაცვლად მათი გჯეროდეს. ეს ანტიქრისტეს ყველაზე აშკარა სახეა. ეტყობა, აღქმის უნარი არ გაგაჩნიათ; მსგავსი მაგალითები ადრეც განმიხილავს. თქვენ არა მარტო უყურადღებონი ხართ და სუსტი მეხსიერება გაქვთ, არამედ გაგების უნარიც გაკლიათ. თქვენ ასეთი აშკარა ანტიქრისტეს გარჩევაც კი არ შეგიძლიათ. განა იტყოდნენ ცრუ წინამძღოლები ასეთ რამეს? განა ისინი შეგნებულად და აშკარად შეიყვანდნენ ხალხს შეცდომაში და გაუწევდნენ წინააღმდეგობას ღმერთს? (არა.) მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ცრუ წინამძღოლების ნათქვამსა და საქმეში პრობლემა თითქოს არ ჩანს, მათ საქმიანობას აკლია პრინციპულობა და ვერ აღწევს შედეგებს. ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ადამიანების არცერთი პრობლემის მოგვარება, მათი დაყენება ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე ან მათი მიყვანა ღმერთთან. ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, მართებულია, საქმეს საერთოდ არ აკლებენ ხელს, შემართებითა და მონდომებით გამოირჩევიან და გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აქვთ რწმენა, სიმტკიცე და მზადყოფნა, რომ აიტანონ გაჭირვება და გადაიხადონ საფასური. გარდა ამისა, ისინი ავლენენ საოცარ ამტანობას ყოველგვარი დაღლილობისა და სირთულის მიმართ. უბრალოდ, მათი სულიერი მონაცემები და გაგების უნარი მწირია და ჭეშმარიტებაზე ზუსტი წარმოდგენა არ გააჩნიათ. რა ხერხს მიმართავენ ისინი გაგების უნარის ამ ნაკლებობისას? ამ პრობლემის გადასაჭრელად ისინი იყენებენ წესებსა და მოძღვრებებს ისევე, როგორც იმ სულიერ თეორიებს, რომლებზეც ხშირად საუბრობენ. მათი წინამძღოლობით გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ ხალხში იჩენს თავს ყოველგვარი მოძღვრებები, წესები და გარეგნული პრაქტიკა. ადამიანები მიჰყვებიან ამ მოძღვრებებს, წესებსა და პრაქტიკას და სჯერათ, რომ ჭეშმარიტებას ახორციელებენ და ჭეშმარიტება-რეალობაში შედიან, სინამდვილეში კი ისინი ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ჭეშმარიტება-რეალობისგან! როდესაც ადამიანების გულები ამ ყველაფრით ივსება, მათით იმართება და მათი გავლენის ქვეშ ექცევა, მდგომარეობის გამოსწორება რთულდება. თითოეული მათგანი სათითაოდ უნდა იქნას გაანალიზებული და დანაწევრებული, რათა ადამიანები ხალხი მათ ჩასწვდეს. ამიტომ ადამიანებს უნდა განუმარტოთ, რა არის ჭეშმარიტება, მოძღვრებები, ლოზუნგები და რეგულაციები და რა იგულისხმება ჭეშმარიტების მართებულ წვდომაში, სწორ ნათქვამსა და ჭეშმარიტება-პრინციპებში. საჭიროა თითოეული ამ საკითხის ცალ-ცალკე გადაჭრა, თორემ შედარებით წესიერი, კანონმორჩილი და სულიერების მაძიებელი ადამიანები ცრუ წინამძღოლებისგან შეცდებიან და დაიღუპებიან. შესაძლოა ეს ხალხი მორწმუნე ჩანდეს, სირთულეებს არ უშინდებოდეს, საფასურს იხდიდეს და პრობლემების დროს ლოცულობდეს, მაგრამ, რელიგიური ადამიანებივით, როდესაც ღმერთი ხელახლა მოვა, მას ვერავინ ამოიცნობს, ვერავინ მიხვდება, რომ ღმერთი კვლავაც ახალ საქმეს ასრულებს და ყველა მას გაუწევს წინააღმდეგობას. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ცრუ წინამძღოლებმა და ანტიქრისტეებმა ისინი შეცდომაში შეიყვანეს — მათ ღვთისადმი მრავალი გულწრფელი მორწმუნე დააზიანეს და დაღუპეს.
ცრუ წინამძღოლები მხოლოდ სიტყვებითა და მოძღვრებებით საუბრობენ — რასაც ისინი ხალხს აგებინებენ, მხოლოდ მოძღვრებაა და არა ჭეშმარიტება, ხოლო რასაც ადამიანებს აჩვენებენ, მხოლოდ ცრუ სულიერებაა. რა შედეგები მოჰყვება სიტყვებითა და მოძღვრებებით საუბარს? ცრუ სულიერება, ცრუ გაგება, ცრუ ცოდნა, ცრუ პრაქტიკა და ცრუ მორჩილება — ეს ყველაფერი სიცრუეა. როგორ ჩნდება ეს „სიყალბე”? მას იწვევს ცრუ წინამძღოლების მიერ ჭეშმარიტების დამახინჯებული, ცალმხრივი და ზედაპირული გაგება და ის ფაქტი, რომ ისინი სრულიად ვერ სწვდებიან ჭეშმარიტების არსს. ცრუ წინამძღოლებს ხალხისთვის უამრავი წესი, სიტყვა და მოძღვრება მოაქვთ, გარკვეულ სლოგანებსა და თეორიებთან ერთად. ამ ხალხს საერთოდ არ ესმის ღვთის ნამდვილი განზრახვები და როდესაც მრავალგვარ კომპლექსურ ვითარებაში ხვდებიან, არ იციან, როგორ მართონ ისინი, როგორ იმოქმედონ ან როგორ ამოიცნონ ღვთის განზრახვა. განა შეძლებენ ასეთი ადამიანები ღმერთთან მისვლას? განა შეძლებენ მის მიღებასა და წინააღმდეგობის შეწყვეტას? ვერა. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განიხილოთ ცრუ წინამძღოლების მწვალებლობები და მცდარი მოსაზრებები, რათა მათი ამოცნობის უნარი შეიძინოთ. მათი განხილვისას აუცილებელია მათი გამიჯვნა იმ მცდარი შეხედულებებისგან, რომლებსაც ანტიქრისტეები ხალხის შესაცდენად იყენებენ. რაც შეეხება წინამძღოლებისა და მუშაკების მეორე მოვალეობას — თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა და მათ რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის გადაჭრა — აქ დავასრულებთ ჩვენს თანაზიარებას ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა პრაქტიკისა და მათთან დაკავშირებული საკითხების არსის გარჩევის შესახებ.
პუნქტი მესამე: იმ ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება, რომლებიც უნდა იქნას გაგებული თითოეული მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად (ნაწილი პირველი)
ცრუ წინამძღოლებს მხოლოდ სიტყვებითა და მოძღვრებებით ლაპარაკი შეუძლიათ ხალხის შესაგონებლად
შემდეგ გვექნება თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების მესამე პასუხისმგებლობაზე — იმ ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება, რომლებიც უნდა იქნას გაგებული თითოეული მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საქმე და სწორედ ამ პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით ჩავატარებთ თანაზიარებას და გავარჩევთ ცრუ წინამძღოლების გამოვლინებებს. წინამძღოლის თუ მუშაკის შესაძლებლობა, ნათელი თანაზიარება ჩაატაროს იმ ჭეშმარიტება-პრინციპებზე, რაც ხალხს მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება, ყველაზე კარგად მოწმობს მათში ჭეშმარიტება-რეალობის არსებობას. სწორედ ეს განსაზღვრავს, ძალუძთ თუ არა მათ რეალური საქმის ჯეროვნად კეთება. ახლა კი განვიხილოთ, როგორ უდგებიან ამ სამუშაოს ცრუ წინამძღოლები. ცრუ წინამძღოლების ერთ-ერთი თვისებაა ის, რომ მათ არ ძალუძთ სიღრმისეულად ახსნან ან ნათელი მოჰფინონ ჭეშმარიტება-პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებს. როდესაც ვინმე მათ მიმართავს, ისინი მხოლოდ ფუჭი სიტყვებითა და მოძღვრებებით შემოიფარგლებიან. იმ პრობლემების წინაშე, რომლებიც გადაჭრას ითხოვს, ისინი ხშირად ასე პასუხობენ: „თქვენ ყველანი ამ საქმის მცოდნეები ხართ. თუ სირთულეებს აწყდებით, თავადვე უნდა გამონახოთ გამოსავალი. მე ნუ მომმართავთ; ამ საკითხში განსწავლული არ ვარ და არაფერი გამეგება. ეს საქმე თქვენ თვითონვე მოაგვარეთ.” ზოგმა შეიძლება ასეთი პასუხი გასცეს: „ჩვენ იმიტომ მოგმართავთ, რომ პრობლემის მოგვარება არ ძალგვიძს; თავად რომ შეგვძლებოდა, არც გკითხავდით. ჩვენთვის გაუგებარია ეს პრობლემა, რომელიც ჭეშმარიტება-პრინციპებთანაა დაკავშირებული.” ცრუ წინამძღოლები ასე პასუხობენ: „განა უკვე არ გითხარი პრინციპები? ჯეროვნად შეასრულე შენი მოვალეობები და ნუ გამოიწვევ არეულობას ან ჩაშლას. კიდევ რაზე მეკითხები? მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევ! ღვთის სიტყვები უკვე ნათქვამია: პრიორიტეტი მიანიჭეთ ღვთის სახლის ინტერესებს.” ეს ხალხი სრულიად დაბნეული რჩება და ფიქრობს: „ეს არ არის პრობლემის გადაჭრა!” ასე უდგებიან ცრუ წინამძღოლები სამუშაოს. ისინი მხოლოდ ზედაპირულად ათვალიერებენ ყველაფერს, ფორმალურად მოქმედებენ და პრობლემებს არასდროს აგვარებენ. რა საკითხიც არ უნდა დააყენოს ადამიანმა, ცრუ წინამძღოლები მიუთითებენ, რომ ჭეშმარიტება თავადვე ეძებონ. ისინი ხშირად მიმართავენ ხალხს კითხვებით: „რაიმე სირთულე ხომ არ გაქვს? როგორ მიმდინარეობს შენი სიცოცხლეში შესვლა? შენს მოვალეობებს დაუდევრად ხომ არ უდგები?” ხალხი ასე პასუხობს: „ხანდახან საქმეს დაუდევრად ვაკეთებ, მაგრამ ლოცვის საშუალებით ამას ვაგვარებ და უკეთესობისკენ ვიცვლები, თუმცა ჩემი მოვალეობის ჭეშმარიტება-პრინციპები მაინც არ მესმის.” ცრუ წინამძღოლები კი მიუგებენ: „განა წინა შეხვედრაზე არ გქონდა თანაზიარება ამ კონკრეტულ პრინციპებზე? ღვთის სიტყვებიდანაც კი წაგიკითხე რამდენიმე ნაწყვეტი. განა აქამდე უკვე არ უნდა გცოდნოდა?” სინამდვილეში, მათ მთელი მოძღვრება გათავისებული აქვთ, თუმცა პრობლემების გადაჭრას მაინც ვერ ახერხებენ. ცრუ წინამძღოლები კი მრავალმნიშვნელოვანი სიტყვებითაც კი ისვრიან: „რატომ ვერ აგვარებ ამ პრობლემას? უბრალოდ, ღვთის სიტყვებს არ ჩაღრმავებიხარ ჯეროვნად. მეტი ილოცე, მეტი იკითხე ღვთის სიტყვა და ყველა შენი სირთულე თავისთავად მოგვარდება. უნდა ისწავლოთ ერთობლივი განხილვა და გზების ერთად ძიება, ასე თქვენი პრობლემები ადრე თუ გვიან გადაიჭრება. პროფესიულ საკითხებზე კი ნუ მომმართავთ. ჩემი მოვალეობა სამუშაოს შემოწმებაა. ჩემი საქმე გავაკეთე, დანარჩენი კი სპეციფიკური პროფესიული საკითხებია, რაშიც ვერ ვერკვევი.” ცრუ წინამძღოლები ხშირად იყენებენ ისეთ მიზეზებსა და თავის გასამართლებელ საბაბებს, როგორიცაა: „არ მესმის, ეს არასდროს მისწავლია, ექსპერტი არ ვარ,” რათა ადამიანები თავიდან მოიშორონ და კითხვებს თავი აარიდონ. ისინი შესაძლოა საკმაოდ თავმდაბლადაც გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს ამჟღავნებს სერიოზულ პრობლემას ცრუ წინამძღოლებთან დაკავშირებით — მათ საერთოდ არ ესმით გარკვეულ დავალებებში არსებული პროფესიულ ცოდნასთან დაკავშირებული საკითხები, თავს უმწეოდ გრძნობენ და უკიდურესად უხერხულ და დაბნეულ მდგომარეობაში ჩნდებიან. რას აკეთებენ ისინი ამ დროს? მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ შეკრებების დროს ყველასთან თანაზიარებისთვის ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთს მოუყარონ თავი და გარკვეულ მოძღვრებებზე ისაუბრონ ხალხის შესაგონებლად. წინამძღოლებმა, რომლებსაც მცირედი სიკეთე მაინც გააჩნიათ, შესაძლოა გამოხატონ მზრუნველობა ადამიანების მიმართ და დროდადრო ჰკითხონ: „ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში რაიმე სირთულეს ხომ არ შეხვედრიხართ? გაქვთ თუ არა საკმარისი ტანსაცმელი? ხომ არავინ იქცევა თქვენ შორის ცუდად?” თუ ყველა იტყვის, რომ მსგავსი პრობლემები არ აქვთ, ისინი პასუხობენ: „მაშინ ყველაფერი რიგზეა. განაგრძეთ მუშაობა, მე სხვა საქმეებს უნდა მივხედო;” და სასწრაფოდ მიდიან, რადგან ეშინიათ, ვინმემ ისეთი კითხვები არ დასვას, რომელთა მოგვარებაც მათ მოუწევთ, რაც მათ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. აი, ასე მუშაობენ ცრუ წინამძღოლები — მათ არ შეუძლიათ არცერთი რეალური პრობლემის გადაჭრა. როგორ შეძლებენ ისინი ეკლესიის საქმის ეფექტურად წარმართვას? შედეგად, დაგროვილი გადაუჭრელი საკითხები საბოლოოდ აფერხებს ეკლესიის მუშაობას. ეს არის ცრუ წინამძღოლების მუშაობის სტილის თვალსაჩინო მახასიათებელი და გამოვლინება.
საქმიანობისას ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ქადაგებით არიან გატაცებულნი. მათ ყველაზე მეტად სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევა უყვართ, ასევე სიტყვებით ადამიანების შეგონება და ნუგეშისცემა, რადგან ჰგონიათ, რომ თუკი ხალხს მოვალეობების შესრულებისას ენერგიით აღავსებენ და დაასაქმებენ, ეს მათ მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, ცრუ წინამძღოლები დიდი მონდომებით ზრუნავენ თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე. ისინი ხშირად ეკითხებიან ხალხს, ხომ არ აწყდებიან რაიმე სირთულეს ამ მხრივ და თუ ვინმეს ნამდვილად აქვს პრობლემა, მზად არიან მათ მოგვარებაში დაეხმარონ. ისინი მართლაც ძალიან არიან დაკავებულნი ამ საერთო საქმეებით, ზოგჯერ ჭამაც კი ავიწყდებათ, ხშირად გვიანობამდე მუშაობენ და ადრე დგებიან. მათი ასეთი დაკავებულობისა და თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, რატომ რჩება გადაუჭრელი ეკლესიის საქმეში არსებული პრობლემები და ის სირთულეები, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი მოვალეობების შესრულებისას აწყდება? ეს იმიტომ ხდება, რომ ცრუ წინამძღოლებს არასდროს შეუძლიათ მკაფიოდ განმარტონ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტება-პრინციპები. სიტყვები, მოძღვრებები და შეგონებები, რომლებსაც ისინი წარმოთქვამენ, სრულიად უშედეგოა და რეალურ საკითხებს საერთოდ ვერ აგვარებს. იმის მიუხედავად, თუ რამდენს ლაპარაკობენ ან რამდენად დაკავებულები და დაქანცულები არიან, ეკლესიის საქმე წინ არ მიდის. თუმცა გარეგნულად ყველა ასრულებს თავის მოვალეობას, ისინი დიდ რეალურ შედეგს ვერ აღწევენ, რადგან ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება ან ჭეშმარიტების გამოყენება რეალური პრობლემების მოსაგვარებლად — შესაბამისად, მათ არ ძალუძთ მრავალი იმ საკითხის გადაჭრა, რომელიც მოვალეობების შესრულებისას იჩენს თავს. მაგალითად, ერთხელ ღვთის სახლს ღვთის სიტყვების წიგნების დაბეჭდვა დასჭირდა და წინამძღოლს ამ დავალებაზე პასუხისმგებელი ორი პირი უნდა შეერჩია. როგორია ადამიანების შერჩევის სტანდარტები? მათი ადამიანობა შედარებით კარგი უნდა იყოს, ისინი უნდა იყვნენ საიმედონი და რისკზე წასვლა შეეძლოთ. მას შემდეგ, რაც ადამიანები შეირჩნენ, წინამძღოლმა მათ უთხრა: „დღეს თქვენ ორივე იმიტომ მოგიხმეთ, რომ ერთი საქმე მოგანდოთ: ღვთის სახლს აქვს წიგნი, რომელიც უნდა დაიბეჭდოს; თქვენ უნდა იპოვოთ სტამბა და მას შემდეგ, რაც ყველა ეგზემპლარი დაიბეჭდება, ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაურიგოთ ღვთის რჩეულ ხალხს, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ ღვთის სიტყვების ჭამა და სმა. გაქვთ თუ არა მტკიცე განზრახვა ამ დავალების შესასრულებლად? ხართ თუ არა მზად, აიღოთ საკუთარ თავზე ეს ტვირთი და ეს რისკი?” ორივე მათგანს სწამდა, რომ ეს ღმერთის მიერ მათი აღზევება იყო, ამიტომ დათანხმდნენ. წინამძღოლმა კი ჰკითხა: „გაქვთ თუ არა მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ღვთის დავალება შეასრულოთ? ხართ თუ არა მზად ფიცის დასადებად?” მათ ფიცი დადეს და თქვეს: „თუ ვერ შევასრულებთ ღვთის დავალებას, ამ საქმეს ჩავაფლავებთ და ამით ღვთის სახლის საქმეს ზიანს მივაყენებთ, მაშინ დაგვეცეს მეხი და ცამ დასჭექოს ჩვენს თავზე. ამინ!” წინამძღოლმა უთხრა: „ასევე, ჭეშმარიტებაზე უნდა გვქონდეს თანაზიარება. ახლა, როცა ამ საქმეს აკეთებთ, ბიზნესს ეწევით? გთხოვენ, რომ დაქირავებულ თანამშრომლებად იმუშაოთ?” მათ უპასუხეს: „არა, ეს ჩვენი მოვალეობაა.” წინამძღოლმა მიუგო: „რადგან ეს თქვენი მოვალეობაა, ვალდებულნი ხართ ღვთის სიყვარულს უპასუხოთ. უფალს გული არ უნდა ატკინოთ და არ უნდა ანერვიულოთ. მარტო რისკისთვის მზადყოფნა არ კმარა, საჭიროა მოვალეობის ერთგულად აღსრულება. დაბრკოლებების დროს მეტი ლოცვა და ერთმანეთთან მოლაპარაკება გმართებთ. ნუ გამოიჩენთ თავნებობას და ნუ იმოქმედებთ მხოლოდ საკუთარი ჭკუით. რატომ დაგაკავშირეთ თქვენ ორნი, რომ ერთმანეთთან გეთანამშრომლათ? იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი ერთად განიხილოთ, რაც საქმის კეთებას გაგიმარტივებთ. თუ ვერ თანხმდებით, ილოცეთ. თითოეულმა გვერდზე უნდა გადადოთ საკუთარი აზრი და მხოლოდ მაშინ იმოქმედოთ, როცა საერთო გადაწყვეტილებამდე მიხვალთ. იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს წარმატებით დაასრულებთ!” საბოლოოდ, ამ წინამძღოლმა იპოვა ღვთის სიტყვების მონაკვეთი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შესრულდეს მოვალეობა ჯეროვნად და სამივემ რამდენჯერმე წაიკითხა იგი ლოცვით. ამით საქმე მათზე მინდობილად ჩაითვალა, წინამძღოლის პასუხისმგებლობა კი — შესრულებულად. როგორი იყო წინამძღოლის მიერ ამ სამუშაოს შესრულების ხარისხი? წინამძღოლი საკმაოდ კმაყოფილი დარჩა ისევე, როგორც ის ორი პიროვნება. გვერდიდან მაყურებლებმა კი აღნიშნეს: „ამ წინამძღოლმა ნამდვილად იცის, როგორ მიუდგეს საქმეს, მისი საუბარი თანმიმდევრული და დასაბუთებულია, საქმეს კი ეტაპობრივად აკეთებს. ჯერ საქმე იმ ორს გადააბარა, მერე მათი აზრები და თვალსაზრისი სწორი მიმართულებით წარმართა, ბოლოს კი მკაცრად დაელაპარაკა, დააფიცა და პირობა დაადებინა. მან ეს საქმე მართლაც გეგმაზომიერად შეასრულა და ნამდვილად შეეფერება წინამძღოლის წოდებას — გამოცდილიც არის და პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს.” ბოლოს წინამძღოლმა დამოძღვრა ისინი: იცოდეთ, წიგნების ბეჭდვა იოლი საქმე როდია, ამას ყველა ვერ შეეჭიდება. ეს სამუშაო ჩემგან ან ეკლესიისგან კი არ დაგკისრებიათ, ეს ღვთის მიერ მოცემული დავალებაა. იმედები არ უნდა გაუწბილოთ. თუ ამ საქმეს თავს წარმატებით გაართმევთ, თქვენი სულიერი ცხოვრება წინ წაიწევს და რეალობას ეზიარებით.” თეორიული თვალსაზრისით, ამ ნათქვამში პრინციპული შეცდომა არ იყო. ეს სიტყვები მეტ-ნაკლებად მართებულად შეიძლება მივიჩნიოთ. მოდით, განვიხილოთ ეს შემთხვევა და დავინახოთ, რაში გამოიხატა ამ წინამძღოლის „სიცრუე.” განა მისცა მან რაიმე ინსტრუქცია სხვადასხვა ისეთ დეტალურ საკითხზე, როგორიცაა ამ საქმის პროფესიული და ტექნიკური მხარე? განა ჰქონდა თანაზიარება კონკრეტულ ჭეშმარიტება-პრინციპებზე ან აუცილებელ სტანდარტებზე? (არა). მათ მხოლოდ ფუჭი და უშინაარსო სიტყვები წარმოთქვეს — სიტყვები, რომლებსაც ადამიანთა უმეტესობა ხშირად ამბობს და რომლებსაც არავითარი წონა არ გააჩნია. რადგან წინამძღოლი პირადად საუბრობდა და მითითებებს იძლეოდა, ხალხმა ეს სიტყვები ჩვეულებრივზე უფრო მნიშვნელოვნად აღიქვა, თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო სრულიად უადგილო საუბარი, რომელსაც წიგნების ბეჭდვასთან დაკავშირებული რეალური პრობლემების მოგვარებაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. მაშ, რა კონკრეტულ საკითხებს მოიცავს წიგნის ბეჭდვა? ჩვენ უნდა განვიხილოთ ისინი და ვნახოთ, იყო თუ არა ამ წინამძღოლის მიერ შესრულებული სამუშაო ცრუ წინამძღოლისთვის დამახასიათებელი ქმედება.
პირველ რიგში, წიგნების ბეჭდვა მოიცავს დაკაბადონებას, შემდეგ ტექსტის კორექტურას, სარჩევისა და ძირითადი ტექსტის ფორმატირებას, ასევე ქაღალდის სისქეს, ფერსა და ხარისხს. აგრეთვე ყდის მასალას, უნდა იყოს რბილი თუ მყარი, და ყდის დიზაინს, ფერს, ორნამენტსა და შრიფტს. ბოლოს კი აკინძვას — წებოთი თუ ძაფით. ყოველივე ეს წიგნის ბეჭდვის ფარგლებს განეკუთვნება. განა იმსჯელა წინამძღოლმა რომელიმე მათგანზე? (არა). მეორე საკითხია სტამბის შერჩევა: რამდენად თანამედროვეა საბეჭდი და ასაკინძი დანადგარები, როგორია ბეჭდვისა და აკინძვის ხარისხი, როგორია ფასები — განა ყოველივე ამაზე არ უნდა გაეცა მითითებები და განემარტა პრინციპები თუ მოთხოვნები? წინამძღოლს რომ ეთქვა: „ამაში ვერ ვერკვევი და რაც იქნება, იქნებაო,” განა ვარგისი წინამძღოლი იქნებოდა? განა ჩაანაცვლებს მისი ფუჭი ლაპარაკი წიგნის ბეჭდვის იმ მრავალ დეტალს, რომლებსაც ცოდნა სჭირდება? (არა). მიუხედავად ამისა, ამ ცრუ წინამძღოლს ეგონა, რომ საქმეს თავი გაართვეს, ფიქრობდა: „იმდენი ჭეშმარიტება ვუქადაგე და ყველა პრინციპი ჩავუნერგე, წესით, ყველაფერი უნდა ესმოდეთო!” სწორედ ეს „უნდა” არის ცრუ წინამძღოლის ლოგიკა და პრობლემების „გადაჭრის” ხერხი. საბოლოო ჯამში, როცა წიგნები მზად იყო, აღმოჩნდა, რომ ქაღალდის ცუდი ხარისხისა და სისქის გამო, ნაბეჭდი მეორე მხარესაც გამოდიოდა, რის გამოც ხანდაზმულებსა და ცუდი მხედველობის მქონეებს კითხვა ძალიან უჭირდათ. გარდა ამისა, პრობლემა შეიქმნა აკინძვისას — ის, თუ რამდენად ხარისხიანად არის წიგნი აკინძული, პირდაპირ განსაზღვრავს მის გამძლეობასა და საერთო იერსახეს. რადგან წინამძღოლს მითითებები არ მიუცია, ხოლო მათ, ვინც ამ საქმეს ასრულებდა, აკლდათ პრინციპები და გამოცდილება და უპასუხისმგებლოდ ვაჭრობდნენ ფასზე, სტამბამ სამუშაო უხარისხოდ შეასრულა და წაგებაზე რომ არ წასულიყო, მდარე მასალები გამოიყენა. საბოლოოდ, როდესაც წიგნები და-ძმებს დაურიგდათ, ორ თვეში დაშლა დაიწყო. ყდები და ფურცლები ცვიოდა, რამაც მთელი სამუშაო წყალში ჩაყარა. ვისი პასუხისმგებლობა იყო ეს? პასუხისმგებლობის საკითხი რომ დამდგარიყო, პირდაპირი ბრალი წიგნის ბეჭდვაზე პასუხისმგებელ ამ ორ ადამიანს მიუძღოდა, ირიბი კი — ცრუ წინამძღოლს. ცრუ წინამძღოლს თავის გასამართლებელი საბაბიც კი ჰქონდა: „საქმის წარუმატებლობას მე ნუ დამაბრალებთ; მეც არაფერი გამეგება ამის! წიგნები არასდროს დამიბეჭდავს და არც სტამბა მაქვს. საიდან უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი?” გამოდგება ეს თავის გასამართლებელ საბაბად? როგორც წინამძღოლს, ეს საქმე შენი პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის. იმის მიუხედავად, სამუშაო პროფესიას, უნარებს, გარკვეულ ცოდნას თუ ჭეშმარიტებას ეხება, შენგან არ მოითხოვება მისი თითოეული ნაწილის ცოდნა, მაგრამ თუ გამოიჩინე ძალისხმევა, რომ გესწავლა ის, რაც არ იცოდი? თუ შეასრულე შენი მოვალეობები სერიოზულად და კეთილსინდისიერად? ზოგიერთმა შესაძლოა თქვას: „მინდა ჩემი პასუხისმგებლობა შევასრულო, მაგრამ მეც არაფერი გამეგება ამის. რაც არ უნდა ვეცადო სწავლას, უბრალოდ არ გამომდის!” ეს ნიშნავს, რომ შენ, როგორც წინამძღოლი, სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ. შენ ნამდვილი ცრუ წინამძღოლი ხარ. და-ძმებმა წიგნების დაბალი ხარისხის გამო გარკვეული უკმაყოფილება გამოხატეს და თქვეს: „მართალია, ეს წიგნები ჩვენ ფული არ დაგვჯდომია, მაგრამ ხარისხი ძალიან დაბალია! როგორ შეასრულა ამ წინამძღოლმა თავისი საქმე? როგორ გაუძღვა ამ სამუშაოს?“ როდესაც წინამძღოლმა ეს მოისმინა, ასე უპასუხა: „განა შეგიძლიათ მე დამაბრალოთ ეს? სტამბა ჩემი არ არის და საბოლოო სიტყვაც ჩემზე არ იყო. გარდა ამისა, განა ეს ღვთის სახლისთვის ფულის დაზოგვა არ არის? განა შეცდომაა ღვთის სახლისთვის ფულის დაზოგვა?” წინამძღოლის სიტყვები მართებული იყო, მას შეცდომა არ დაუშვია. მას არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება სჭირდებოდა. თუმცა, არსებობდა ერთი პრობლემა: წიგნების ბეჭდვაზე დახარჯული თანხა წყალში გადაიყარა. და-ძმებისთვის დარიგებულ წიგნებს ორ თვეში ფურცლები დასცვივდა და დაშლა დაიწყო. ვის უნდა ეტვირთა შედეგები? განა ეს წინამძღოლის პასუხისმგებლობა არ იყო? ეს შენი საქმიანობის პერიოდში მოხდა, შენი წინამძღოლობისას და განა პასუხისმგებლობა შენზე არ მოდის? ეს შენი ბრალია და პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებ! ზოგიერთმა შესაძლოა უგუნურადაც კი თქვას: „ეს საქმე ადრე არასდროს გამიკეთებია. განა იმ საქმეში, რომელიც არასდროს მიკეთებია, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს?” მხოლოდ ამ განცხადების საფუძველზეც კი, შენ არ ხან შენი საქმის შესაფერისი და გათავისუფლებული უნდა იქნე. შენ არ ხარ წინამძღოლობისთვის დაბადებული; შენ ნამდვილი ცრუ წინამძღოლი ხარ. როცა ბევრს და ლამაზად ლაპარაკობ, მაგრამ რეალურ საქმეს არ აკეთებ — სწორედ ეს არის ცრუ წინამძღოლის ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი.
ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს არ შეუძლია არცერთი რეალური საქმის ხარისხიანად და საფუძვლიანად შესრულება. ისინი მხოლოდ ზედაპირული საკითხებით შემოიფარგლებიან და ჰგონიათ, რომ ამით წინამძღოლის სტანდარტს პასუხობენ, რომ შეუცვლელნი არიან და ხშირად ამბობენ კიდეც: „ეკლესიაში ყველაფერზე მე უნდა ვინერვიულო და ყველა პრობლემა მე უნდა მოვაგვარო. განა შეუძლია ეკლესიას ჩემ გარეშე არსებობა? თქვენთვის შეკრებები რომ არ ჩამეტარებინა, განა დაფანტულ ქვიშასავით არ დაიბნეოდით? თვალყური რომ არ მიმედევნებინა და არ დავხმარებოდი ფილმების წარმოების პროცესს, განა მუდმივად არ გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ მას? განა შეძლებდა ფილმების წარმოება შეუფერხებლად გაგრძელებას? თუნდაც ჰიმნების შექმნის საქმეში ჩაუხედავი ვიყო, ხშირად რომ არ მოვსულიყავი თქვენი მუშაობის შესამოწმებლად, გეზი რომ არ მომეცა და შეკრებები არ მომეწყო, განა შეძლებდით ამ ჰიმნების შექმნას? რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ ყველაფერში გასარკვევად?” ეს სიტყვები შეიძლება გონივრულად და მართებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, როგორ მიმდინარეობს ამ ცრუ წინამძღოლების მიერ ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სხვადასხვა პროფესიული საქმიანობა? შეუძლიათ მათ ნათლად ჩაატარონ თანაზიარება ჭეშმარიტება-პრინციპებზე? (არა). ერთხელ, ფილმების გადამღებმა ჯგუფმა სამოსის ფერების საკითხზე რჩევა იკითხა. მათ რამდენიმე კადრი გადაიღეს. კადრებში ფონი და ადამიანები განსხვავდებოდნენ, მაგრამ სამოსის ფერები, ძირითადად, ერთ ფერთა გამაში იყო — ყველა მიწისფერი, ნაცრისფერი და ყვითელი იყო. მე ვიკითხე: „რა ხდება? რატომ აცვიათ ეს ფერები?” მათ მიპასუხეს, რომ ეს ფერები განზრახ შეირჩა და დიდი წვალებითა და ძალისხმევით ბაზრობაზე ძლივს მოიძიეს. მე ვუთხარი: „რატომ შეარჩიეთ ეს ფერები? განა ზემდგომმა მოგცათ ამის მითითება? განა ზემდგომმა არ დაგავალათ, რომ ფერების მრავალფეროვნება ყოფილიყო და ისინი ამაღლებული და შესაფერისი ყოფილიყო? როგორ მიიღეთ ასეთი შედეგი?” ბოლოს, გამოკითხვის შემდეგ, ზოგიერთმა თქვა: „სხვა ფერები არ ჩანს საკმარისად ამაღლებული და შესაფერისი, ან ისეთი, როგორსაც ღვთის მორწმუნეები, ან წმინდანები ატარებენ. მხოლოდ ეს ფერთა გამა ჰგავს იმას, რაც მორწმუნეებმა უნდა ატარონ. ასე რომ, ყველამ გაიზიარა მოსაზრება, რომ ამგვარი ფერის სამოსის ტარება ყველაზე მეტად ადიდებს ღმერთს და საუკეთესოდ წარმოაჩენს ღვთის სახლის ხატებას.” მე ვუთხარი: „მე არასდროს მითქვამს თქვენთვის, რომ ასეთი ფერის სამოსი გეტარებინათ. უამრავი ამაღლებული და შესაფერისი ფერი არსებობს. დაფიქრდით, რა მშვენიერია ცისარტყელა, რომელიც ღმერთმა კაცობრიობასთან დადებული აღთქმის ნიშნად დაამკვიდრა. წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი — ყველა ფერია წარმოდგენილი, გარდა იმ ფერებისა, რომლებიც თქვენ გაცვიათ. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს ფერები?” განა გასწია მათმა წინამძღოლმა კონკრეტული სამუშაო ამ საკითხების შესამოწმებლად? ვიტყოდი, რომ ნამდვილად არა. წინამძღოლს რომ წმინდა გაგება ჰქონოდა და ჭეშმარიტება თუ ღვთის მოთხოვნები ნამდვილად სცოდნოდა, ფილმების გადამღები ჯგუფის წევრები ასეთ სამოსს არ შეარჩევდნენ და არც ზემდგომთან მოუწევდათ ამაზე კონსულტაციის გავლა. სამოსის საკითხი უფრო დაბალ დონეზეც შეიძლებოდა მოგვარებულიყო, მაგრამ ცრუ წინამძღოლს ამის უნარი არ შესწევდა. ამის ნაცვლად, მან ურცხვად მიმართა ზემდგომს ამ თხოვნით. განა არ უნდა დაისაჯოს ასეთი ადამიანი? ამ ცრუ წინამძღოლმა უმარტივესი პრობლემაც კი ვერ მოაგვარა — რაშია მისი სარგებელი? შენ უბრალოდ უსარგებლო ნივთი ხარ! ღვთის განდიდება და დამოწმება დაგავალეს, შენ კი პირიქით, სახელი გაუტეხე მას. განა არ აცხადებ, რომ ბევრი რამ იცი? განა არ შეგიძლია ცოდნითა და მოძღვრებებით ლაპარაკი? აბა, რატომ ვერ გამოიყენე მთელი ეს თეორიები საქმეში? როგორ შეძელი, რომ სამოსის საკითხიც კი ვერ მოაგვარე და ვერ გადაამოწმე? გქონდა თუ არა ისეთი გავლენა, როგორიც წინამძღოლს შეეფერება? შეასრულე ის მოვალეობები, რომლებიც წინამძღოლს ეკისრება? ეს არის ცრუ წინამძღოლის გამოვლინება. ნებისმიერ კონკრეტულ დავალებაში ცრუ წინამძღოლებს პრინციპების გაგება აკლიათ. მათ არ შესწევთ უნარი, დროულად გამოასწორონ და გადაჭრან ჭეშმარიტების დამახინჯებული გაგებით გამოწვეული პრობლემები და ადამიანებს სწორი მიმართულება და გზა დაანახონ. ცრუ წინამძღოლები მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს ისვრიან, სკანდირებენ ლოზუნგებს, მაგრამ არანაირი კონკრეტული საქმის კეთება არ შეუძლიათ.
ცრუ წინამძღოლები არ აკეთებენ რეალურ საქმეს და არც საკუთარი ჯეროვანი საქმისკენ მიილტვიან
ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს არავითარი კონკრეტული სამუშაოს შესრულება არ შეუძლია, თუმცა ზოგად, უმნიშვნელო საქმეებს აგვარებენ და ჰგონიათ, რომ ესაა კონკრეტული სამუშაო და ეს მათ მოვალეობებში შედის. მეტიც, ისინი ამ საქმეებს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან, დიდ ძალისხმევას ხარჯავენ და მათ საკმაოდ კარგადაც ასრულებენ. მაგალითად, ეკლესიაში იყო ერთი ადამიანი, რომელიც ადრე კონდიტერად მუშაობდა. ერთ დღეს მან თავისი კეთილი გულით გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ნამცხვრები გამოეცხო და ამისთვის მზადებაც დაიწყო ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი. მან წინამძღოლებს ჰკითხა, ნებადართული იყო თუ არა ეს, მათ კი უპასუხეს: „მიდი, გააკეთე. თუ გემრიელი გამოვა, ღმერთს შევთავაზებთ, თუ არა და ყველანი ერთად შევჭამთო.“ მან მიიღო წინამძღოლების ნებართვა, რამაც ეს საქმე კანონიერად და მართებულად აქცია, ამიტომ სწრაფად მოუყარა თავი ინგრედიენტებს და ერთი პარტია გამოაცხო; თან ამბობდა: „არ ვიცი, გემრიელი გამოვა თუ არა ან მოეწონება თუ არა ღმერთს და მის გემოვნებას თუ დააკმაყოფილებსო.“ წინამძღოლებმა მიუგეს: „არა უშავს. ჩვენი დროისა და ჯანმრთელობის ფასად ცოტას გავრისკავთ ღვთისთვის. ჯერ ჩვენ დავაგემოვნებთ და ღვთის ნაცვლად შევამოწმებთ. თუ მართლა არ იქნება გემრიელი და ღმერთს მაინც ვთხოვთ მათ ჭამას, ის გაღიზიანდება და ძალიან გაწბილებული დარჩება. ამიტომ, როგორც წინამძღოლებს, ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს საკითხი შევამოწმოთ. ეს არის კონკრეტული სამუშაოს შესრულება.“ ამის შემდეგ ჯგუფის ყველა ხელმძღვანელმა, ვისაც კი ცოტათი მაინც ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა, ნამცხვრები დააგემოვნა. დაგემოვნების შემდეგ კი შეაფასეს: „ამ პარტიისთვის ღუმელი ზედმეტად ცხელი იყო, მაღალმა ტემპერატურამ ნამცხვარი გამოაშრო და ცოტა მწარე გემოც დაჰკრავს. ეს არ გამოდგება! საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, სხვა პარტია გამოვაცხოთ და ხელახლა შევამოწმოთო!“ ამ პარტიის დაგემოვნების შემდეგ მათ თქვეს: „ეს უკვე ისეთია, როგორიც უნდა იყოს. კარაქის არომატიც აქვს, კვერცხის გემოც და სეზამიც. ნამდვილად შეეფერება კონდიტერის ნამუშევარს! რადგან ამდენია და ღმერთი მარტო ვერ შეჭამს ამ ყველაფერს, ათი-ოცი ცალი პატარა ქილაში ჩავაწყოთ და ღმერთს დასაგემოვნებლად შევთავაზოთ. თუ ღმერთს მოეწონება, შემდეგ უფრო დიდი პარტიებით გამოვაცხოთ.“ მათ მე გადმომცეს ქილა და ორიოდე ცალი გავსინჯე. ვიფიქრე, რომ როგორც სიახლეს, არა უშავდა, მაგრამ ძირითად საკვებად არ გამოდგებოდა, ამიტომ მათი ჭამა შევწყვიტე. ზოგიერთს ისიც კი ეგონა, რომ ეს ნამცხვრები ღვთის სახლის წევრის მიერ იყო შინ დამზადებული სიყვარულით, ერთგულებითა და მოკრძალებით აღსავსე და დიდ მნიშვნელობას ატარებდა მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ნორმალური გემო ჰქონდა. მოგვიანებით ნამცხვრების ქილა უკან დავაბრუნე. მე არ მაინტერესებს ასეთი რამეები და არც მათი ჭამა მსურს. გარდა ამისა, თუ ნამცხვარი მომინდება, შემიძლია ბაზარში სხვადასხვა გემოსი და სხვადასხვა ქვეყნის ნაწარმი ვიყიდო დიდი თანხის დახარჯვის გარეშე. შემდეგ მათ ვუთხარი: ვაფასებ ამ შემოთავაზებას, მაგრამ გთხოვთ, ჩემთვის მეტს ნუღარ დაამზადებთ. მე მათ არ შევჭამ, თუ მომინდება, თავადვე ვიყიდი. საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ დაამზადეთ, როცა გთხოვთ; თუ არ გეტყვით, მათი ხელახლა გამოცხობა საჭირო არ არის.“ განა ეს საკმარისად მარტივი გასაგები არ იყო? თუ ისინი ზრდილობიანები და მორჩილები იქნებოდნენ, დაიმახსოვრებდნენ ჩემს სიტყვებს და აღარ გამოაცხობდნენ. როდესაც ღმერთი ამბობს, კი ნიშნავს კის, არა ნიშნავს არას, ხოლო „ნუ გააკეთებთ“ ნიშნავს „ნუ გააკეთებთ“. მიუხედავად ამისა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მათ კიდევ გამომიგზავნეს ორი ქილა ნამცხვარი. მე მათ ვუთხარი: „განა არ გითხარით, აღარ დაამზადოთ-მეთქი?“ მათ მიპასუხეს: „ესენი წინასგან განსხვავდება“. მე მივუგე: „სხვანაირიც რომ იყოს, მაინც ნამცხვარია. საერთოდ არ არის საჭირო ნამცხვრების გამოცხობა. მე უბრალოდ თავაზიანობის გამო არ ვამბობ — თუ მომინდება, თავად შეგატყობინებთ. ადამიანური ენა არ გესმით? აღარ დაამზადოთ“. განა გასაგები არ არის ეს სიტყვები? (დიახ). თუმცა, რატომ ხდებოდა ისე, რომ ადამიანს, რომელიც აცხობდა ეს მუდამ ავიწყდებოდა? მისი წინამძღოლები რომ გაეკონტროლებინათ ის, აქტიურად არ ეთანამშრომლათ მასთან, არ წაეხალისებინათ და დროულად შეეზღუდათ, ნუთუ ის მაინც გაბედავდა ნამცხვრების გამოცხობას? ყოველ შემთხვევაში, ასე თამამად და თავხედურად ნამდვილად აღარ მოიქცეოდა. მაშ, რა როლი ითამაშეს წინამძღოლებმა ამ სიტუაციაში? ისინი ყველა დეტალს აკონტროლებდნენ, ყველაფერში ცხვირს ჰყოფდნენ და ჩემ ნაცვლად ამოწმებდნენ ყველაფერს. იმდენად „მოსიყვარულენი“ იყვნენ, რომ სიტყვებით ვერ აღწერ. განა ეს ის სამუშაოა, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ? ღვთის სახლის საქმიანობის პრინციპებში ამის გაკეთების შესახებ არანაირი მითითება არ არსებობდა და არც მე დამივალებია მათთვის ეს საქმე. ეს თავად ადამიანების ინიციატივა იყო, მე არ მითხოვია. მაშ, რატომ მოეკიდნენ ეს წინამძღოლები ამ საქმეს ასეთი ენთუზიაზმით? ეს არის ცრუ წინამძღოლების გამოვლინება: არ აკეთებენ იმას, რაც მათი საქმეა. ეკლესიაში უამრავი ამოცანა იყო, რომელთაც მეთვალყურეობა, შემოწმება და მათგან წახალისება სჭირდებოდა, უამრავი რეალური პრობლემა, რომელთა გადაჭრაც ჭეშმარიტებაზე მათი თანაზიარებით უნდა მომხდარიყო, თუმცა მათ ეს სამუშაო საერთოდ არ შეუსრულებიათ. ამის ნაცვლად, იმდენად უსაქმურად იყვნენ, რომ სამზარეულოში ჩემთვის ნამცხვრებს აგემოვნებდნენ. ამ საკითხში ისინი საკმაოდ სერიოზულები იყვნენ და დიდი ძალისხმევაც გასწიეს. განა ასე არ იქცევიან ცრუ წინამძღოლები? განა ეს უკვე ძალიან ამაზრზენი არ არის? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს საკითხი კვლავ წამოტივტივდებოდა. ადამიანს, რომელიც ნამცხვრებს აცხობდა, ისევ მოუნდა ჩემთვის მათი დამზადება. მე კონკრეტულად ვუთხარი ერთ-ერთ წინამძღოლს: „წადი და მოაგვარე ეს. ყველაფერი მკაფიოდ უნდა აუხსნა. თუ ისევ იმავეს გააკეთებს, პასუხს შენ მოგთხოვ!“ ეკლესიაში იმდენი საქმეა, რომ ნებისმიერი დავალება მათ კარგა ხნით დააკავებდა. რატომ იყვნენ ასე უსაქმოდ? აქ იმისთვის იყვნენ, რომ ეჭამათ თუ ფუჭი საუბრებით დაკავებულიყვნენ? აქ ასეთი რამეების ადგილი არ არის. ამის შემდეგ ამ საკითხზე მეტი აღარაფერი მსმენია. მას შემდეგ, რაც ეს მითითება გავეცი, წინამძღოლს არავითარი ანგარიში არ წარმოუდგენია. ყოველ შემთხვევაში, ის პატარა ნამცხვრები მეტად აღარავის გამოუგზავნია, რაც ნამდვილი შვება იყო. ამ ინციდენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წინამძღოლები თავიანთ საქმეს არ აკეთებდნენ? (დიახ). ეს საკითხი არც ისე სერიოზულია; არსებობს ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებიც.
ხშირად ვსტუმრობ ხოლმე სხვადასხვა ეკლესიას სიტუაციის გასაცნობად, წინამძღოლებთან შესახვედრად, სამუშაო მითითებების მისაცემად და გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად. ზოგჯერ ამ ეკლესიებში სადილობა მიწევს, რაც ბადებს კითხვას — ვინ მოამზადებს კერძს. წინამძღოლები იმდენად „პასუხისმგებლიანები“ აღმოჩნდნენ, რომ შეარჩიეს ადამიანი, ვინც ამბობდა, მზარეული ვარო. მე ვუთხარი: „მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ის მზარეული; მთავარი ისაა, რომ უბრალო საკვები მირჩევნია. მიყვარს ინგრედიენტების ნამდვილი გემოს შეგრძნება. საჭმელი არ უნდა იყოს ზედმეტად მარილიანი, ცხიმიანი ან გამაღიზიანებელი. ზამთარში თბილი კერძები მჭირდება. ასევე, საკვები კარგად უნდა იყოს მოხარშული ან შემწვარი, არ უნდა იყოს უმი და ადვილად მოსანელებელი უნდა იყოს.“ განა მკაფიოდ არ გადმოვეცი ეს პრინციპები? განა ძნელი მისაღწევი იყო? მათი დამახსოვრებაც ადვილი იყო და შესრულებაც. დიასახლისს, რომელიც სამი-ხუთი წლის განმავლობაში ამზადებდა საჭმელს, შეეძლო ამ პრინციპების გაგება და მათი შესრულება. ამიტომ, ჩემი კერძის მოსამზადებლად მზარეულის ძებნა სავალდებულო არ იყო. ვინმე ისეთიც კმაროდა, ვისაც სახლის პირობებში საჭმლის კეთება შეეძლო. თუმცა, ეს წინამძღოლები იმდენად „მოსიყვარულენი“ იყვნენ, რომ ჩემი მასპინძლობისას სადილის მოსამზადებლად მაინცდამაინც „მზარეულის“ პოვნას ცდილობდნენ. სანამ მზარეული ოფიციალურად დაიწყებდა ჩემთვის კერძების მომზადებას, წინამძღოლებს ყველაფერი უნდა შეემოწმებინათ. როგორ გააკეთეს ეს? მათ მზარეულს დამფლინგები და სოუსიანი ატრია მოამზადებინეს, ასევე რამდენიმე კერძი შეაწვევინეს. ყველა წინამძღოლმა და სხვადასხვა ჯგუფის ხელმძღვანელმა დააგემოვნა თითოეული კერძი და მიიჩნიეს, რომ კერძები საკმაოდ კარგი იყო. საბოლოოდ, მათ მზარეულს სთხოვეს, ჩემთვის საჭმლის მომზადების საქმე ეტვირთა. წინამძღოლების მიერ ჩატარებულ დეგუსტაციას და ამ საქმის ბუნებას რომ თავი დავანებოთ, ჯერ თავად მზარეულის მომზადებულ საჭმელზე ვისაუბროთ. პირველად რომ მივედი, მზარეულმა რამდენიმე კერძი შეწვა და ყველა საკმაოდ კმაყოფილი დარჩა. მეორედ მზარეულმა დამფლინგები მოამზადა. პირველივე რომ გავსინჯე, ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო — ცოტა ცხარე აღმოჩნდა. ირგვლივ მყოფებმაც თქვეს, დამფლინგები ცოტა ცხარეაო და იგრძნეს, რომ ენა უსივდებოდათ. თუმცა, რადგან სხვა მთავარი კერძი არ იყო, მომიწია მათი ჭამა მიუხედავად იმისა, რომ ცხარე იყო. გულსართში წიწაკა არ ჩანდა, ამიტომ ყურადღება არ მივაქციე, რამ გამოიწვია სიცხარე და სადილი დავასრულე. შედეგად, იმავე საღამოს ორგანიზმმა ალერგიული რეაქცია მომცა. მთელ ტანზე სხვადასხვა ადგილას შეუჩერებელი ქავილი დამეწყო, სისხლის წამოსვლამდე ვიქავებდი, რომ ცოტათი შვება მეგრძნო. სამი დღე მექავებოდა, სანამ ეს შეგრძნება თანდათან არ გამიქრა. ამ ალერგიული რეაქციის შემდეგ მივხვდი, რომ დამფლინგებში ნამდვილად იყო წიწაკა დამატებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცხარე არ იქნებოდა. მე კი გავაფრთხილე, რომ არ გამოეყენებინათ ისეთი ცხარე ინგრედიენტები, როგორიცაა წიწაკა, რადგან მასზე ალერგია მქონდა. თუმცა, საკუთარი გემოვნების დასაკმაყოფილებლად მათ იმდენი წიწაკა დაამატეს, რომ ნორმას გადააჭარბეს. იმ დამფლინგების ჭამისას სიმწარის შეგრძნება ძალიან ძლიერი იყო. მზარეულმა პროპორციების დაცვაც კი ვერ შეძლო და იმდენი წიწაკა უქნა, რომ ადამიანს ალერგიული რეაქცია მისცემოდა. მოგვიანებით მას ვუთხარი: „აღარასდროს გამოიყენო მსგავსი ცხარე ინგრედიენტები. მასზე ალერგია მჭირს. თუ მართლა შეგრჩენია ადამიანობა, მეორედ აღარ გააკეთო ეს. როცა შენთვის ამზადებ, არ ჩავერევი იმაში, თუ რას მიირთმევ. თუმცა, თუ ჩემთვის ამზადებ, მაშინ არაფერი დაამატო. დაიცავი ჩემი მოთხოვნილი სტანდარტები.“ შეძლო მან ამის გაკეთება? განა წინამძღოლებს არ უნდა ემოქმედათ? სამწუხაროდ, ყურადღება არავის მიუქცევია და მათ არ შეასრულეს ის საქმე, რაც ევალებოდათ. ერთხელ, როდესაც მზარეული ისევ აპირებდა კერძის მომზადებას, მან წიწაკა აიღო დასამატებლად, თუმცა იქვე მყოფმა ადამიანმა დაინახა და შეაჩერა. მკაცრი მეთვალყურეობის წყალობით მან ვეღარ შეძლო მისი დამატება. თუ წინამძღოლებს ასეთი მცირე პრობლემის მოგვარებაც კი არ შეეძლოთ, მაშინ რაღას შეძლებდნენ? როდესაც მზარეული საჭმელს აკეთებდა, ისინი მეტისმეტად დიდ ენთუზიაზმს იჩენდნენ მის გასასინჯად. რამდენიმე ადამიანი მიდიოდა დასაგემოვნებლად. ეს ხომ უბრალო, ოჯახური კერძი იყო, რატომ იყო დაგემოვნება საჭირო? განა ყველანი კულინარიის ექსპერტები ხართ? განა წინამძღოლებად გახდომისთანავე ყველაფერს ჩაწვდით? გესმით ჯანმრთელობის პრინციპები? განა ღვთის სახლმა დაგავალათ ამის გაკეთება? როდის მოგანდეთ ან დაგავალეთ ჩემ ნაცვლად საჭმლის გასინჯვა? მეტისმეტად გაკლიათ საღი აზრი, სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გაგაჩნიათ! ვისაც მცირედი სირცხვილის გრძნობა მაინც გააჩნია, ასეთ აშკარა, ამაზრზენ და უგუნურ საქციელს არ ჩაიდენდა. ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს სირცხვილი საერთოდ არ აქვთ — მათ ჩემ ნაცვლად გასინჯეს საჭმელი! თქვენ არცერთ პრინციპს არ იცავთ და არ ასრულებთ, რაც მე გითხარით. რასაც კარგი გემო აქვს თქვენთვის და რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება, მზარეულს იმის მომზადებას სთხოვთ. განა ეს ჩემთვის საჭმლის მომზადებაა? განა ეს თქვენთვის მომზადება არ არის? განა ასე იქცევიან წინამძღოლები? ყოველ შესაძლებლობას იყენებთ სათქვენოდ, ეძებთ ხვრელებს და ცდილობთ ჩემი გულის მოგებას — თუ ჩემი გულის მოგება გსურთ, ნუ მავნებთ! განა ეს სათნოების ნაკლებობა არ არის? განა ეს უმართებულო განზრახვების ქონა არ არის? ისინი ურცხვები არიან და ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ, თუმცა მაინც ჰგონიათ, რომ ძალიან ერთგულები არიან! განა ყოველივე ეს, რასაც ისინი აკეთებდნენ, იყო ის, რაც წინამძღოლს ნამდვილად მართებს? (არა). მათ არცერთ საქციელს არ გააჩნდა სტანდარტი. მათ ისიც კი არ იცოდნენ, რომელი საკვებია ჯანსაღი და რომელი — არა, თუმცა მაინც ეგონათ, რომ შეეძლოთ აქ მოსვლა და ჩემთვის ჯანმრთელობისა და კვების ექსპერტების როლის თამაში! ვინ დაგიწესათ, რომ ჩემთვის საჭმლის მომზადებისას შემოწმება უნდა ჩაატაროთ? განა ეკლესიას აქვს ასეთი წესი? განა ღვთის სახლმა გასცა ასეთი განკარგულება? ეკლესიის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში ამდენი ხარვეზი გაჩნდა, ამდენ ადამიანს ჰქონდა ღმერთის შესახებ არასწორი წარმოდგენა და ჭეშმარიტება საერთოდ არ ესმოდათ, თქვენ კი ამ საკითხებს ყურადღება არ მიაქციეთ. ამის ნაცვლად, მთელი ძალისხმევა ისეთ მცირე სფეროს მოახმარეთ, როგორიცაა სამზარეულო და ასე „ასრულებდით“ თქვენს მოვალეობას. თქვენ ნამდვილი ცრუ წინამძღოლები და თვალთმაქცები ხართ! პირდაპირ ჩემ თვალწინ ამოწმებდით ყველაფერს — რა გაიგეთ ამით? განა მე დამეკითხეთ? თქვენს აზრებს გამოხატავდით თუ ჩემსას? თუ ჩემს აზრს გამოხატავდით და მე მთხოვეთ მისი გახმოვანება, მაშინ თქვენი საქციელი მართებული იქნებოდა. ეს თქვენი პასუხისმგებლობა იქნებოდა. მაგრამ თუ საკუთარ აზრს გამოხატავდით და არა ჩემსას და თან სხვებს აიძულებდით, რომ მოესმინათ და მიეღოთ იგი, როგორია ამ საქციელის ბუნება? მითხარით, განა ეს არ აღმიძრავდა ზიზღს? მე იქვე ვიყავი, მათ კი ერთი სიტყვითაც არ უკითხავთ, რას ვჭამ ან რა მოთხოვნები მაქვს — უბრალოდ, ჩემი დასტურის გარეშე იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ზურგს უკან თვითნებურად გასცემდნენ ბრძანებებს. ჩემს წარმოდგენას ცდილობდნენ? ეს სხვა არაფერია, თუ არა ცრუ წინამძღოლების თვითნებობა, რომლებიც სულიერებას იბრალებენ, ვითომ ღვთის საქმეზე ზრუნავენ და ჭეშმარიტება იციან, საქმით კი მხოლოდ ფარისევლობენ. განა არ გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს? განა ეს უკვე მეტისმეტად ამაზრზენი და გულისამრევი არ არის? (დიახ). გამოიტანეთ აქედან რაიმე დასკვნა? რაიმე გაკვეთილი თუ ისწავლეთ ამ შემთხვევიდან? თითოეული ეს საკითხი წინაზე მეტად გულისამრევია, თუმცა არის კიდევ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად ამაზრზენია.
ამ ზამთარს ერთმა კეთილმა ადამიანმა ბატის ბუმბულის „ლამაზი“ ქურთუკი მიყიდა. ამ ქურთუკის სილამაზე მის ფერში ან სტილში კი არ გამოიხატებოდა, არამედ მის მაღალ ფასსა და განსაკუთრებულ ხარისხში. ეს ძვირფასი ნივთი იყო. არამორწმუნეებში ასეთი გამოთქმა არსებობს: „ათასობით კილომეტრიდან გამოგზავნილი ბატის ბუმბული — საჩუქარი შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ გრძნობაა ღრმაო“. ეს ქურთუკი არა მხოლოდ დიდ გრძნობას იტევდა, არამედ ნამდვილად ძალიან ძვირიც ღირდა. სანამ ქურთუკს ვნახავდი, უკვე მსმენოდა, რომ ლამაზი და წითელი ფერის იყო, კარგი დიზაინი ჰქონდა და ხარისხიანი ნაჭრისგან იყო შეკერილი. ამის შესახებ უკვე მსმენოდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ზოგს ეს ნივთი უკვე ნანახი ჰქონდა — ანუ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე ნახა იგი, დაახლოებით გაზომა, ახლოდან შეათვალიერა და ამბობდნენ: „ამ ბრენდს ვიცნობო,“ „ფერი კარგია, ძალიან ლამაზიაო!“ „შენ რომ ნახავ, მერე მე მომიტანე დასათვალიერებლადო“ და ასე გავრცელდა ეს ამბავი. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდა იმას, რომ ამ ამბავს ჩემს ყურამდე მოეღწია და მის შესახებ ცოტა რამ შემეტყო. პრობლემას ხედავთ? ისე, რომ ქურთუკი ჯერ ნანახიც არ მქონდა, იგი უკვე უამრავმა ადამიანმა ნახა, ხელიდან ხელში გადაატარა და საჩვენებლადაც კი გამოიყენა. ნუთუ ეს არ არის პრობლემა? შეუძლიათ ადამიანებს ჩემი ნივთების უნებართვოდ დათვალიერება, შეხება ან მათი გამოფენა? (არა). ვისი ნივთების შეხება ან დათვალიერება შეუძლიათ ადამიანებს ასე თავისუფლად? (ეს არავის მოეწონებოდა და არც არავინ უნდა გააკეთოს). მაშ, განა ჩემი ნივთები კიდევ უფრო მეტად ხელშეუხებელი არ უნდა იყოს? ზოგი ამბობს: „რატომ უნდა იყოს ხელშეუხებელი? შენ ხომ საჯარო პირი ხარ. განა ცნობილი ადამიანებისა და ვარსკვლავების პირადი ცხოვრება ყოველთვის საჯარო არ ხდება? სად ვარჯიშობენ, სად იტარებენ კოსმეტიკურ პროცედურებს, ვისთან მეგობრობენ, რომელი ბრენდის სამოსს ატარებენ — განა ეს ყველაფერი არ საჯაროვდება? რატომ არ უნდა გასაჯაროვდეს შენიც?“ მე ცნობილი ადამიანი ვარ? არ ვარ ცნობილი ადამიანი და არც შენ ხარ ჩემი გულშემატკივარი. ვინ ხარ შენ? შენ ჩვეულებრივი ადამიანი, შექმნილი არსება და გახრწნილი მოკვდავი ხარ. ვინ ვარ მე? (ღმერთი). მე არ ვარ საჯარო პირი. არ ვარ ვალდებული, ყველაფერი გაგიმჟღავნო, ყველაფერზე ანგარიში ჩაგაბარო ან ყველაფრის შესახებ საქმის კურსში ჩაგაყენო. მაშ, რატომ ეხები იმას, რაც მე მეკუთვნის? განა ასეთი საქციელი ამაზრზენი არ არის? განა მე დაგავალე, რომ დაგეთვალიერებინა და შეგემოწმებინა ეს ჩემი ნივთი? არა. თუმცა ზოგიერთმა გაბედა მისი აღება, ასე თავხედურად დათვალიერება და ხელიდან ხელში გადაცემაც კი. ვინ მოგცა მისი გადაცემის უფლება? განა ეს შენი მოვალეობაა? თუ ღმერთის არ გწამს, მაშინ ჩვენ ერთმანეთისთვის უცხონი ვართ. ღმერთის რომ გწამს მხოლოდ იმიტომ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ არ ვიცი, როგორია შენი ოჯახი, ყოველდღიური ცხოვრება ან ფინანსური მდგომარეობა და არც მაინტერესებს ამის ცოდნა. განა ახლოს ვართ? მე არ ვარ შენი საუკეთესო მეგობარი, ძმაკაცი ან ამხანაგი. ჩვენ არ ვართ შინაურები და იმ დონემდე არ მივსულვართ, რომ ჩემი ყველაფერი შენთვის ხელმისაწვდომი იყოს დასათვალიერებლად. შენ ნებას დამრთავდი, რომ შენს ნივთებში მექექა და ისინი ყველას დასანახად და შესახებად გამომეფინა? ბაზრიდან სახლში რამე რომ მოგაქვს, ისიც კი რამდენჯერმე უნდა გაირეცხოს დეზინფექციისთვის! განა ამაზრზენი არ არის ის, რასაც სხვები ასე უდიერად ეხებიან? გავიწყდება, რომ გარეშე პირი ხარ? ვინ დაგავალა ჩემი ქურთუკის შემოწმება? განა გენდობი? დაიბანე კი ხელები, სანამ ჩემს ქურთუკს ასე დაუფიქრებლად შეეხებოდი? განა შენგან გული არ ამერევა? გესმის ეს კარგად? რატომ ხარ ასე უნამუსო? საერთოდ აღარ შეგრჩა გონიერება! უკვე რამდენიმე წელია, რაც ღმერთის გწამს და ამდენი ქადაგება მოისმინე. როგორ მოხდა, რომ სულ ცოტა გონიერებაც კი არ შეგრჩა? ღვთის კუთვნილი შესაწირის თვითნებურად გახსნა, მისი ტანსაცმლისა და ნივთების უდიერად შეხება — ეს რა სახის პრობლემაა? როდესაც ვხედავ, რომ ამ ნივთების შეფუთვა გახსნილი და გადაგდებულია, როგორ შეიძლება არ განვრისხდე? ეს ყველაფერი ჩემში ზიზღს იწვევს და ასეთი ადამიანები მძულს. მათი დანახვა აღარ მსურს და მით უმეტეს, არ მინდა ურთიერთობა მქონდეს მათთან, ვინც ღორებსა და ძაღლებზე უარესია! გახსოვდეს, ყოველ ადამიანს აქვს თავისი ღირსება, მე კი — მით უმეტეს. ნუ ჩაერევი იმაში, რაც მე მეკუთვნის, თორემ შეგიზიზღებ და შეგიძულებ!
ზედაპირულად თუ შევხედავთ, შეიძლება ცრუ წინამძღოლები დიდ ბოროტებას არ სჩადიოდნენ ან აშკარა მოღალატე ბოროტმოქმედებად არ ჩანდნენ. თუმცა, მათში ყველაზე საძულველი ის არის, რომ ხედავენ, რეალური საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ არ აკეთებენ. კარგად იციან, რომ პრობლემების გადაჭრა არ შეუძლიათ, მაგრამ ჭეშმარიტებას არ ეძებენ. ხედავენ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც არეულობას თესავენ, მაგრამ მათ არ უმკლავდებიან და ამის ნაცვლად, მხოლოდ გარეგნულ, საერთო საქმეებს აგვარებენ. ისინი ფხიზლად ადევნებენ თვალს და მკაცრად აკონტროლებენ მეორეხარისხოვან საკითხებსა და წვრილმანებს, მაგრამ არაფერს აკეთებენ ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის და არც ჭეშმარიტება-პრინციპების საწინააღმდეგო სხვადასხვა საკითხი ადარდებთ. ამის ნაცვლად, ისინი ისეთ საქმეს აკეთებენ, რომელსაც ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს. ესენი არიან ნამდვილი ცრუ წინამძღოლები. ცრუ წინამძღოლებმა საერთოდ არ იციან ჭეშმარიტების ის პრინციპები, რომლებიც საეკლესიო სამუშაოს სხვადასხვა ასპექტს უკავშირდება. თუ მათ წინამძღოლებისა და მუშაკების პრინციპებითა და სტანდარტებით შევაფასებთ, ცრუ წინამძღოლები უგუნურები და სულელები არიან. რა სერიოზული პრობლემებიც უნდა წარმოიქმნას ეკლესიის მუშაობაში, ცრუ წინამძღოლები მათ ვერც ამჩნევენ და ვერც აგვარებენ, მაშინაც კი, თუ ეს ყველაფერი პირდაპირ მათ ცხვირწინ ხდება. ამიტომ ზემდგომებს თავად უწევთ მოსვლა და ამ პრობლემების გადაჭრა. განა ეს ადამიანები ცრუ წინამძღოლები არ არიან? (დიახ). ისინი ნამდვილად ცრუ წინამძღოლები არიან. მაგალითად, ეკლესიის ტექსტობრივ მუშაობაში, რომელი წიგნები უნდა გასწორდეს და რომელი უნდა ითარგმნოს — ეს ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანებია. არსებობს თუ არა პრინციპები წიგნების გასწორებასა და თარგმნასთან დაკავშირებით? ამ სამუშაოს ნამდვილად აქვს პრინციპები, იგი მთლიანად პრინციპებზეა დაფუძნებული და მას ნამდვილად სჭირდება კონკრეტული თანაზიარება და ხელმძღვანელობა, მაგრამ ცრუ წინამძღოლებს ამ სამუშაოს შესრულება არ შეუძლიათ. როდესაც და-ძმებს თავიანთი მოვალეობების შესრულებით დაკავებულებს ხედავენ, ფარისევლურად ამბობენ: „ტექსტობრივი და მთარგმნელობითი სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენ მთელი გული უნდა ჩადოთ ამ საქმის კარგად შესრულებაში, მე კი ნებისმიერ წამოჭრილ საკითხს მოგიგვარებთ.“ როდესაც ვინმე რეალურად სვამს საკითხს, ეს ცრუ წინამძღოლები ამბობენ: „მე ეს საქმე არ მესმის. უცხო ენების თარგმნაში ჩაუხედავი ვარ. ილოცეთ ღვთის წინაშე და მას სთხოვეთ შეწევნა.“ როდესაც ვინმე სხვა საკითხს წამოჭრის და კითხულობს: „გარკვეული ენებისთვის შესაფერისი მთარგმნელები ვერ ვიპოვეთ, როგორ მოვიქცეთ?“ ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „მე ამ საქმეში ჩაუხედავი ვარ. თქვენ თვითონ მოაგვარეთ.“ განა ამის თქმით პრობლემა მოგვარდება? ისინი პოულობენ მიზეზს და მალავენ იმ ფაქტს, რომ თავიანთ საქმეს არ აკეთებენ, როცა ამბობენ: „მე ჩაუხედავი ვარ; ეს პროფესია არ მესმისო“ და ამგვარად თავს არიდებენ იმ პრობლემას, რომელიც თავად უნდა გადაეჭრათ. სწორედ ასე მუშაობენ ცრუ წინამძღოლები. როდესაც ვინმე კითხვას სვამს, ცრუ წინამძღოლები ამბობენ: „ილოცეთ ღმერთის წინაშე და მისგან ეძიეთ პასუხი; მე ეს პროფესია არ მესმის, თქვენ კი გესმით.“ ეს შეიძლება თავმდაბლობად მოგეჩვენოთ, რადგან ისინი აღიარებენ საკუთარ უუნარობასა და იმას, რომ ეს პროფესია არ ესმით, მაგრამ სინამდვილეში მათ საერთოდ არ შეუძლიათ წინამძღოლობის სამუშაოს შესრულება. რა თქმა უნდა, წინამძღოლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყველა სახის პროფესია უნდა ესმოდეს, მაგრამ მან ნათლად უნდა გააზიაროს პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ჭეშმარიტება-პრინციპები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროფესიას ეხება ეს პრობლემები. სანამ ადამიანებს ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები, პრობლემების მოგვარება შესაბამისად არის შესაძლებელი. ცრუ წინამძღოლები იმ მიზეზით, რომ „მე ამ საქმეში ჩაუხედავი ვარ და ეს პროფესია არ მესმისო,“ თავს არიდებენ პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ჭეშმარიტება-პრინციპებზე თანაზიარებას. ეს არ არის რეალური სამუშაოს შესრულება. თუ ცრუ წინამძღოლები მუდმივად იყენებენ ფრაზას — „მე ამ საქმეში ჩაუხედავი ვარ; ეს პროფესია არ მესმის,“ რათა პრობლემების გადაჭრას თავი აარიდონ, მაშინ ისინი წინამძღოლობის სამუშაოსთვის შეუფერებელნი არიან. საუკეთესო, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, გადადგომა და ადგილის სხვისთვის დათმობაა. მაგრამ აქვთ კი ცრუ წინამძღოლებს ამდენი გონიერება? შეძლებენ კი გადადგომას? ვერა. ისინი იმასაც კი ფიქრობენ: „რატომ ამბობენ, რომ არაფერს ვაკეთებ? ყოველდღე შეკრებებს ვატარებ, ისეთი დაკავებული ვარ, რომ ჭამასაც ვერ ვასწრებ დროულად და ძილიც მაკლდება. ვინ ამბობს, რომ პრობლემები არ გვარდება? შეკრებებს და თანაზიარებას ვატარებ მათთან და ღვთის სიტყვის მონაკვეთებს ვპოულობ მათთვის.“ დავუშვათ, მათ ჰკითხავ: ვიღაცამ თქვა, რომ ზოგიერთი ენისთვის შესაფერის მთარგმნელებს ვერ პოულობენ. როგორ გადაჭერი ეს კონკრეტული პრობლემა? ისინი გიპასუხებენ: „მათ ვუთხარი, რომ ამ პროფესიის არაფერი გამეგება და ვთხოვე, თავად ემსჯელათ და მოეგვარებინათ.“ შენ კი კვლავ ჰკითხავ: „ეს პრობლემა შესაწირის ხარჯვასა და ეკლესიის მუშაობის წინსვლას ეხება. მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, მათ შენი ხელმძღვანელობა და პრობლემის მოსაგვარებლად ჭეშმარიტება-პრინციპების პოვნა სჭირდებათ. შეასრულე ეს?“ ისინი გიპასუხებენ: „როგორ არა? არცერთი საქმე არ დამიყოვნებია. თუ იმ ენაზე სათარგმნად არავინ გვყავს, მაშინ სხვა ენაზე თარგმნონ!“ ხედავ, ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ რეალური სამუშაოს შესრულება და მაინც უამრავ მიზეზს იგონებენ თავის გასამართლებლად. ეს მართლაც უნამუსობა და საზიზღრობაა! შენი შესაძლებლობები იმდენად მწირია, არცერთი პროფესიის არაფერი გაგეგება და თითოეულ პროფესიულ სამუშაოსთან დაკავშირებული ჭეშმარიტება-პრინციპებიც არ გესმის — რა აზრი აქვს შენს წინამძღოლობას? უბრალოდ სულელი და უვარგისი ხარ! რადგან არავითარი რეალური სამუშაოს შესრულება არ შეგიძლია, რატომღა იკავებ ეკლესიის წინამძღოლის პოსტს? უბრალოდ ყოველგვარ გონიერებას ხარ მოკლებული. რადგან თვითშემეცნება გაკლია, ღვთის რჩეული ხალხის უკუკავშირს უნდა მოუსმინო და შეაფასო, აკმაყოფილებ თუ არა წინამძღოლის სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, ცრუ წინამძღოლები ამაზე არასდროს ფიქრობენ. იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეფერხდა ეკლესიის მუშაობა და რაოდენ დიდი ზიანი მიადგა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას მათი წინამძღოლობის მრავალი წლის განმავლობაში, მათ ეს საერთოდ არ ადარდებთ. ეს არის ნამდვილი ცრუ წინამძღოლების მახინჯი სახე.
დაფიქრდი, როგორ უძღვებიან წინამძღოლები და მუშაკები თავიანთ საქმეს — შეესაბამება ეს იმას, რაც ახლახან გითხარი? არიან ისეთები, რომლებიც რეალურ სამუშაოს არ ასრულებენ და შეგიძლია თუ არა მათი ცრუ წინამძღოლებად ამოცნობა? თუ მათ ცრუ წინამძღოლებად მიიჩნევ, დღეიდან მათ აღარ უნდა მოეპყრო, როგორც წინამძღოლებს; მათ ისე უნდა მოეპყრო, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ეს არის პრაქტიკის მართებული პრინციპი. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ნიშნავს ეს მათ დისკრიმინაციას, დამცირებას ან გარიყვას იმის გამო, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან?“ არა, ეს ამას არ ნიშნავს. მათ არ შეუძლიათ რეალური სამუშაოს შესრულება. მათ მხოლოდ ზოგიერთი სიტყვისა და მოძღვრების, ასევე ფუჭი სიტყვების თქმა შეუძლიათ, რათა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და თავიდან მოგიცილონ. ეს გეუბნება ერთ ფაქტს: ისინი არ არიან შენი წინამძღოლები. არ გჭირდება მათგან მითითებების მიღება რაიმე პრობლემასა თუ სირთულეზე, რომელსაც მუშაობისას წააწყდები. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გვერდი აუაროთ მათ, შეატყობინოთ ამის შესახებ ზემდგომებს და მათთან გაიაროთ კონსულტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ და გადაჭრათ ესა თუ ის საკითხი. მე გასწავლეთ პრაქტიკის გზა, მაგრამ ის, თუ როგორ იმოქმედებთ, თქვენზეა დამოკიდებული. არასოდეს მითქვამს, რომ ყველა წინამძღოლი ღვთის მიერ არის წინასწარ განსაზღვრული, რომ აუცილებლად უნდა უსმინოთ და დაემორჩილოთ მათ და რომ მაშინაც კი უნდა უსმინოთ, როცა ხედავთ, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან. ეს არასოდეს მითქვამს. ახლა რაზეც გვაქვს თანაზიარება, არის ის, თუ როგორ ამოვიცნოთ ცრუ წინამძღოლები. როდესაც ვინმეს ცრუ წინამძღოლად მიიჩნევ, შეგიძლია მიიღო და დაემორჩილო იმას, რასაც ის ამბობს, თუ ეს სწორია და ჭეშმარიტებას შეესაბამება. თუმცა, თუ მას პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, პასუხისმგებლობას თავს არიდებს, ცდილობს თავიდან მოგიცილოს და ამით მუშაობის წინსვლას აფერხებს, მაშინ მისი წინამძღოლობის მიღება არ გევალება. თუ თავად შეძლებთ პრინციპების გაგებას, მაშინ მათ შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. თუ ვერ იგებთ, ეჭვი გეპარებათ ან არ ხართ დარწმუნებული პრინციპებში, მაშინ უნდა ეძიოთ ჭეშმარიტება და ერთმანეთთან იმსჯელოთ პრობლემის მოსაგვარებლად. თუ მსჯელობის შემდეგაც ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებას, შეატყობინეთ პრობლემის შესახებ ზემდგომებს და მათთან გაიარეთ კონსულტაცია. ეს ყველაფერი პრობლემების გადაჭრის კარგი გზებია — არ არსებობს სირთულე, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია.
მოდით, აქ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი თანაზიარება. ნახვამდის!
16 იანვარი, 2021 წ.