წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (1)

რატომ არის აუცილებელი ცრუ წინამძღოლთა გარჩევა

მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინებაზე საუბარი დავასრულეთ, დღეს ახალ თემას მიმოვიხილავთ — ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინება. ღმერთისადმი რწმენის ამ წლების განმავლობაში, თქვენ შეხვედრიხართ ცრუ წინამძღოლების ყოველგვარ გამოვლინებასა და პრაქტიკას. იმ პროცესში, როდესაც ღვთის სახლი ყველა დონის ცრუ წინამძღოლს ათავისუფლებს, ადამიანთა უმეტესობა მეტ-ნაკლებად იძენს გამჭრიახობას ცრუ წინამძღოლების შესახებ; ანუ, უმეტესობას უკვე აქვს მცირე წარმოდგენა ცრუ წინამძღოლების ზოგიერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი წვდომა ან რამდენადაც არ უნდა გესმოდეთ ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, ეს მაინც არ არის საკმარისად სისტემური და კონკრეტული. ეკლესიაში არჩევნების დროს ბევრს არ ესმის წინამძღოლის არჩევის პრინციპები, არ იციან, როგორი ადამიანი უნდა აირჩიონ წინამძღოლად და როგორი პიროვნება შეძლებს, როგორც წინამძღოლმა, ძმები და დები ღვთის სიტყვის რეალობაში შეიყვანოს და შეესაბამებოდეს წინამძღოლის სტანდარტებს. მათ ამ საკითხებზე არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა და არც ბოლომდე გარკვეულან მათში. არსებობენ ისეთი დაბნეული და უგუნური ადამიანებიც, რომლებიც არჩევნებისას განგებ ირჩევენ ცრუ წინამძღოლებს, ისინი მხარს უჭერენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ჰგავს ცრუ წინამძღოლს, და ამავდროულად, ვერ ამჩნევენ მას, ვინც მართლაც კვალიფიციურია, შესწევს წინამძღოლობის უნარი და გააჩნია წინამძღოლისთვის დამახასიათებელი სულიერი მონაცემები და ადამიანობა. ისინი, ვისაც არსებითად არ გააჩნიათ წინამძღოლისთვის საჭირო სულიერი მონაცემები და ადამიანობა, თანამდებობაზე მათი გარეგნული ენთუზიაზმის ან ზოგიერთი კეთილი საქციელის გამო ირჩევიან; მათ ირჩევენ იმის გამო, რომ ისინი შეესაბამებიან ადამიანების წარმოდგენებს „კარგ“ პიროვნებაზე, ხოლო ისინი, ვინც სინამდვილეში ფლობენ წინამძღოლობისთვის აუცილებელ ყველა თვისებას, არასოდეს აირჩევიან. ისინი, ვინც ყურადღების ცენტრში ყოფნას ლამობენ და ენთუზიაზმით იხარჯებიან — თუმცა მუშაობის არავითარი უნარი არ გააჩნიათ — მუდამ ყველგან ჩანან, განსაკუთრებულად აქტიურობენ და ხალხის უმეტესობას ჰგონია, რომ ასეთი პირი კვალიფიციურია და სწორედ ის უნდა აირჩიონ. შედეგი ის არის, რომ ასეთი ადამიანების არჩევის შემდეგ მათ არავითარი საქმის შესრულება არ შეუძლიათ. მათ ზემდგომის სამუშაო მითითებების შესრულებაც კი არ შეუძლიათ და არც ის იციან, ეს როგორ გააკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდამ ასეთი ენთუზიაზმით ფაციფუცობენ, მათი წინამძღოლობის გარკვეული პერიოდის შემდეგ ეკლესიის არცერთ საქმეში არც წინსვლა და არც რაიმე გაუმჯობესება შეინიშნება. ხშირად ისეთი ვითარებაც კი იქმნება, როდესაც ბოროტი ადამიანების მხრიდან ხელის შეშლისა თუ ძალაუფლების მიტაცების გამო ეკლესიის საქმე არეულია, ადამიანები კი — დაქსაქსულები. აი, ასეთ შედეგებს იმკის ცრუ წინამძღოლების საქმე. ცრუ წინამძღოლის არჩევის შემდეგ არა მხოლოდ და-ძმების სიცოცხლეში შესვლა განიცდის გავლენასა და ზიანს, არამედ ამავდროულად ეკლესიის საქმის სხვადასხვა მხარეზეც უარყოფითად აისახება, რის გამოც სახარების გავრცელების საქმე ვერ მიმდინარეობს შეუფერხებლად ან ეფექტურად. ეს ნაწილობრივ თავად ცრუ წინამძღოლის მიერ გამოწვეული პრობლემაა, თუმცა ნაწილობრივ მათაც ეხება, ვინც ისინი აირჩია. თუ შენ არ გესმის ჭეშმარიტების პრინციპები, არ გაქვს გამჭრიახობა, ხარ ბრმა და არ შეგიძლია ადამიანების ნამდვილი ბუნების დანახვა, რის გამოც საბოლოოდ ცრუ წინამძღოლს ირჩევ, ამით არა მხოლოდ საკუთარ თავსა და სხვებს აზიანებ, არამედ ეკლესიის საქმეც ზარალდება. ეს არის ის გავლენა და ზიანი, რასაც ცრუ წინამძღოლები ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლასა და ეკლესიის საქმეს აყენებენ. ამიტომ, ჩვენ უნდა განვასხვავოთ და ჩამოვთვალოთ ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინება. ამის საფუძველზე კი მე დაგანახებთ, თუ როგორი ქცევა უნდა ჰქონდეს სტანდარტების შესაბამის წინამძღოლს, რა საქმე უნდა აკეთოს მან და ზუსტად რას მოიცავს მისი პასუხისმგებლობის სფერო. ცრუ წინამძღოლების ამოცნობის საკითხი უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ის ეხება ეკლესიის საქმე, ღვთის თითოეული რჩეული შვილის სიცოცხლეში შესვლას და, განსაკუთრებით, იმას, თუ როგორ სრულდება თითოეული მოვალეობა. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „არც არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ და არც იმის ამბიცია ან სურვილი მაქვს, რომ წინამძღოლი ან მუშაკი ვიყო. ​მე თვითშეგნება მაქვს და ჩემთვის საკმარისია უბრალო მორწმუნე ვიყო, ამიტომ ჭეშმარიტება-პრინციპის ეს მხარე მე არ მეხება. თუკი რამის მოსმენა მომინდება, საკუთარ სიცოცხლეში შესვლისა და გადარჩენის შესახებ მოვისმენ.“ ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინება და მასთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები ჩემს სიცოცხლეში შესვლას არ ეხება, ამიტომ არც მათი მოსმენა მჭირდება, ან შემიძლია უყურადღებოდ და ზერელედ მოვუსმინო და ეს პროცესი ისე გავიარო, რომ გულთან ახლოს არ მივიტანო. არის ეს კარგი დამოკიდებულება? (არა, არ არის.) სხვები ამბობენ: „მე არავითარი ამბიცია არ მაქვს და არც წინამძღოლობა მსურს. ბავშვობიდანვე არასდროს მქონია განზრახული, რომ თანამდებობის პირი ვყოფილიყავი ან სხვებისგან გამოვრჩეულიყავი, მე უბრალოდ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანად ყოფნა მომწონს. ღმერთისადმი რწმენის პირველივე მომენტიდან მსურდა ვყოფილიყავი მიმდევარი. მიყვარს სხვების ბრძანებების შესრულება და ვაკეთებ ყველაფერს, რასაც მთხოვენ. რა მარტივია ასეთ ადამიანად ყოფნა! მე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვისაც არ სურს ნერვიულობა ან ზედმეტი ტვირთის ტარება, ამიტომ არც ამ ყველაფრის მოსმენა მჭირდება და არც მინდა.“ არის ეს შეხედულება სწორი? (არ არის სწორი.) რა არის მასში არასწორი? (თუმცა მათ არ სურთ წინამძღოლობა, თუ არ ეცოდინებათ ჭეშმარიტების ეს ასპექტი და ვერ შეძლებენ ცრუ წინამძღოლების ამოცნობას, მაშინ, არჩევნების დროს, დიდია ალბათობა, რომ ცრუ წინამძღოლი აირჩიონ, რაც ზიანს მიაყენებს ეკლესიის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას.) ეს ერთი ასპექტია. კიდევ სხვა რამე? (ცრუ წინამძღოლების პრობლემა თითოეულ ჩვენგანში არსებობს და საკუთარი თავი უნდა შევამოწმოთ, დავფიქრდეთ და შევიცნოთ საკუთარი თავი.) (თუ ვერ შევძლებთ ცრუ წინამძღოლების ამოცნობას, ვერც კი გავიგებთ, როდის შეგვიყვანენ ისინი შეცდომაში და ამით ჩვენივე სიცოცხლე დაზარალდება.) (ასეთი შეხედულება ჭეშმარიტების არძიების გამოვლინებაა. ღვთის სახლში წინამძღოლობა სულაც არ არის იგივე, რაც ამბიციურობა და წუთისოფელში თანამდებობის პირობის სურვილი. წინამძღოლობა ნიშნავს ჭეშმარიტების უკეთ ძიებას, ეკლესიის საქმის ტვირთის ტარებას და ღვთის განზრახვების გათვალისწინებას. ეს არის სწრაფვა ჭეშმარიტებისკენ.) (როგორც ღვთის რჩეულ ხალხს, ჩვენ გვაკისრია ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ განვაცხადოთ ცრუ წინამძღოლების შესახებ. თუ ვერ შევძლებთ ცრუ წინამძღოლების ამოცნობას, შესაძლოა რომელიმე მათგანს ძალაუფლება ჩავუგდოთ ხელში და ამით ეკლესიის საქმე დავაზარალოთ.) რამდენი ასპექტია ეს? (ხუთი ასპექტი.) ამ ხუთი ასპექტიდან თითოეული სწორი და საკმაოდ ზუსტია. იმ ტიპის ადამიანის შეხედულებაზე დაყრდნობით, რომელიც ახლახან ვახსენე, ამ პრობლემის არსის გაანალიზებისას, ძირითადად, ეს ხუთი ასპექტი იკვეთება. იმის მიუხედავად, გსურს თუ არა წინამძღოლობა, როგორც ღვთის ერთ-ერთ რჩეულს, გმართებს ზედამხედველის როლის შესრულება წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ. ღვთის სახლი შენი სახლიცაა, წინამძღოლი კი პატარა შინამოსამსახურესავითაა. თუ ისინი საქმეს კარგად ვერ წარმართავენ, ეს შენზეც მოახდენს გავლენას და შენც დაგაზარალებს, ამიტომ გაკისრია პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ზედამხედველობა გაუწიო მათ მიერ მთელი საქმის შესრულებას.

წინამძღოლთა და მუშაკთა თხუთმეტი პასუხისმგებლობის მიმოხილვა

ცრუ წინამძღოლების ამოცნობა რთული არ არის, რადგან ასეთი ადამიანები ეკლესიაში იშვიათობას არ წარმოადგენენ. ისინი იქიდან მოყოლებული არსებობენ, რაც ეკლესიის წინამძღოლები და ეკლესიის საქმე არსებობს. მათ სულიერ მონაცემებსა და გაგების უნარს, ზნეობასა და მათ მიერ არჩეულ გზას მრავალი კონკრეტული გამოვლინება აქვს. სანამ ამ კონკრეტულ გამოვლინებებს განვიხილავდეთ, ჯერ უნდა გვესმოდეს, რაში მდგომარეობს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა და ძირითადად რა სახის კონკრეტულ საქმეს მოიცავს იგი. მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლია ამ კონკრეტული საქმის კარგად კეთება, არიან წინამძღოლებისა და მუშაკების სტანდარტის შესაბამისი; ისინი კი, ვისაც ამ საქმის კეთება არ შეუძლია, ცრუ წინამძღოლები არიან. შესაძლოა ადამიანთა უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის ცრუ წინამძღოლების ამოცნობა, ვერ სწვდება ძირითად პრინციპებს და არ იცის, რომელი ასპექტებია ყველაზე გადამწყვეტი ამოსაცნობად. დღეს, მოდით, ჯერ სისტემატურად ვიქონიოთ თანაზიარება იმაზე, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა და სათითაოდ ჩამოვთვალოთ ისინი, რათა ყველასთვის ნათელი იყოს. მას შემდეგ, რაც ამ პრინციპებს ჩაწვდები, წინამძღოლის ან მუშაკის ხელახლა არჩევისას გექნება ზუსტი სტანდარტები, რომლითაც განსაზღვრავ, თუ როგორ უნდა აირჩიო ისინი და ვინ არის ზუსტად ის შესაფერისი პირი, რომელიც უნდა აირჩეს. მაშ ასე, მოდით, პირველ რიგში ჩამოვთვალოთ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები.

ლიდერთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები:

1. ხალხის წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და მათი გაგებისკენ, რათა შევიდნენ ღვთის სიტყვის რეალობაში.

2. თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა და მათ რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის გადაჭრა.

3. იმ ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება, რომლებიც უნდა იქნას გაგებული თითოეული მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად.

4. სხვადასხვა საქმის ზედამხედველებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პერსონალის მდგომარეობის თვალყურის დევნება, და, საჭიროებისამებრ, მათი დავალებების დროული კორექტირება ან მათი დათხოვნა თანამდებობიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ან შემცირებული შეუფერებელი ადამიანების გამოყენებით გამოწვეული დანაკარგები, და გარანტირებული იყოს საქმის ეფექტიანობა და შეუფერხებელი წინსვლა.

5. თითოეული საქმის მიმდინარეობისა და სტატუსის მუდმივი ცოდნა და ინფორმაციის ფლობა; პრობლემების ოპერატიული გადაჭრის, გადაცდომების გასწორებისა და საქმეში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის უნარი, რათა პროგრესმა შეუფერხებლად ჩაიაროს.

6. ყოველგვარი კვალიფიციური ტალანტის ხელშეწყობა და კულტივირება, რათა ყველა ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა გაიწვრთნას და რაც შეიძლება მალე შევიდეს ჭეშმარიტება-რეალობაში.

7. სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად განაწილება და გამოყენება, მათი ადამიანურობისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, ისე, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული.

8. სამუშაოში წარმოშობილი დაბნეულობისა და სირთულეების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება და მათი გადაჭრის გზების ძიება.

9. ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განკარგულებების ზუსტი ინფორმირება, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და თვალყურის დევნება.

10. ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების (წიგნები, სხვადასხვა აღჭურვილობა, მარცვლეული და ა.შ.) სათანადო დაცვა და გონივრული განაწილება და დაზიანებისა და დანაკარგების შემცირების მიზნით რეგულარული შემოწმების, მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ჩატარება; ასევე, ბოროტი ადამიანების მიერ მათი მითვისების თავიდან აცილება.

11. შესაწირავების სისტემატური რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვისათვის ისეთი სანდო ადამიანების შერჩევა, რომელთა ადამიანობაც სტანდარტებს შეესაბამება; შემოსავლისა და გასავლის რეგულარული განხილვა და შემოწმება, რათა დროულად გამოვლინდეს გაფლანგვის, დანაკარგის ან არაგონივრული ხარჯვის შემთხვევები — მსგავს ქმედებებს უნდა დაესვას წერტილი და მოთხოვნილ იქნეს გონივრული კომპენსაცია; გარდა ამისა, ნებისმიერი საშუალებით აღიკვეთოს ბოროტი ადამიანების მიერ შესაწირავების ხელში ჩაგდება და მითვისება.

12. იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.

13. ღვთის რჩეული ხალხის დაცვა ანტიქრისტეების მხრიდან შეწუხებისგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან; მათი მომზადება, რათა შეძლონ ანტიქრისტეების ამოცნობა და მათზე გულწრფელად უარის თქმა.

14. ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.

15. ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა, მათი გარესამყაროს ჩარევისგან დაფარვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად წარიმართოს.

წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები სულ თხუთმეტ პუნქტად შეჯამდა და ჩვენ მათ საფუძველზე გვექნება თანაზიარება. მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ ამ თხუთმეტი პუნქტიდან თითოეული დავალება. პირველი სამი პუნქტი ეხება ადამიანების მიერ ჭეშმარიტების გაგებასა და სიცოცხლეში შესვლის საკითხს. ეს არის ყველაზე საბაზისო საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ და ის ერთ-ერთ მთავარ კატეგორიას წარმოადგენს. როგორც წინამძღოლს ან მუშაკს, სულ მცირე, უნდა შეგეძლოს ამ დავალებების შესრულება, უნდა გაგაჩნდეს ამგვარი სულიერი მონაცემები, გქონდეს ამგვარი ტვირთი და შეგეძლოს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ეს არის ის ელემენტარული თვისებები, რაც უნდა გაგაჩნდეს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეძლონ ღვთის სიტყვების თანაზიარება, მათში მოქმედების გზის პოვნა, ადამიანების წინამძღოლობა ღვთის სიტყვების გასაგებად და მათი წარმართვა, რათა გამოსცადონ და შევიდნენ ღვთის სიტყვებში რეალურ ცხოვრებაში. მათ უნდა შეძლონ ამ სიტყვების რეალურ ცხოვრებაში დანერგვა და მათი გამოყენება სხვადასხვა პრობლემისა თუ სირთულის გადასაჭრელად, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურობაში ან მოვალეობის შესრულების პროცესში. თუ ღვთის რჩეულ ხალხს აქვს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც წინამძღოლს ან მუშაკს ევალება, მაგრამ წინამძღოლს ან მუშაკს არ შეუძლია ჭეშმარიტების გამოყენება ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ ასეთი წინამძღოლი ან მუშაკი უსარგებლოა და მას ყველაზე ელემენტარული საქმის შესრულებაც კი არ შეუძლია. ამგვარი წინამძღოლი ან მუშაკი არ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მეოთხე და მეხუთე პუნქტები ეხება ეკლესიის საქმის სხვადასხვა სფეროს და ამ სფეროების ზედამხედველებს. თუ წინამძღოლები და მუშაკები სათანადო ზედამხედველობას არ გაუწევენ ხელმძღვანელებს, მაშინ ეკლესიის საქმე შესაძლოა არეულობამ მოიცვას ან ბოროტმა ადამიანებმა შეაფერხონ. ეს გავლენას მოახდენს საქმის ეფექტურობასა და წინსვლაზე, თავად საქმე კი შესაძლოა პარალიზებულიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ, მეოთხე და მეხუთე დავალებები ასევე წარმოადგენს იმ საქმეს, რომელიც სტანდარტის შესაბამისმა წინამძღოლმა კარგად უნდა შეასრულოს. მეექვსე და მეშვიდე პუნქტები ეხება სხვადასხვა ტიპის ადამიანების დაწინაურების, კულტივირებისა და გამოყენების საკითხებს. ადამიანების გამოყენების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული მათგანის შესაძლებლობები საუკეთესოდ იქნას გამოყენებული. ყველა ტიპის ადამიანს შეუძლია საკუთარი მოვალეობის შესრულება, თუკი მათი ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია და მათ შეუძლიათ ღვთის სახლის მიერ დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილება. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტიპის ადამიანს უნდა მიეცეს შესაბამისი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა; არ არის საჭირო თევზს ხმელეთზე ცხოვრება აიძულო, ან კუს რბოლა მოსთხოვო — საკმარისია, ადამიანი საქმისთვის შესაფერისი იყოს, შეძლოს მისი კარგად შესრულება და იყოს კომპეტენტური. გარდა ამისა, ზოგიერთი დავალება მოიცავს ტექნიკურ და პროფესიულ ასპექტებს. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ამის ნიჭი, თუმცა რეალურად არ ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში და არც შესაბამისი პრინციპები ესმოდეს. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ღვთის სახლში დაწინაურებისა და კულტივირების სტანდარტს, უნდა გაჩნდეს შანსი, მოხდეს მათი დაწინაურება და კულტივირება, რათა მათ სწავლა შეძლონ. ამგვარად, ღვთის სახლში არსებულ სხვადასხვა დავალებას კიდევ უფრო მეტი შესაფერისი ადამიანი შეასრულებს და ეკლესიაში აღარ იქნება ვაკანსიები, როდესაც სხვადასხვა საქმისთვის ადამიანები გახდება საჭირო. ეს არის ადამიანების დაწინაურება-კულტივირებისა და მათი გამოყენების ორი ასპექტის საკითხი. მოდით, განვიხილოთ მერვე და მეცხრე პუნქტები: ეს ორი პუნქტი ეხება იმ დამოკიდებულებას, რომლითაც წინამძღოლები და მუშაკები ეკიდებიან საქმეს, კერძოდ, შეუძლიათ თუ არა მოვალეობების შესრულება, გააჩნიათ თუ არა ერთგულება და აქვთ თუ არა უნარი, რომ კარგად შეასრულონ ღვთის მოთხოვნები და ღვთის სახლის განკარგულებები, აგრეთვე საქმის შესრულებისას გაუმკლავდნენ სირთულეებს. მეათე და მეთერთმეტე პუნქტები ეხება ღვთის სახლში არსებული შესაწირავებისა და ყოველგვარი ქონებისადმი მოპყრობის პრინციპებს. ერთი მხრივ, ეს ორი პუნქტი ადამიანის სულიერ მონაცემებსა და მუშაობის უნარს ეხება, მეორე მხრივ კი — ადამიანობის საკითხებს. კერძოდ, გააჩნია თუ არა ადამიანს ერთგულება და შეუძლია თუ არა საკუთარი მოვალეობების შესრულება. ახლა განვიხილოთ მეთორმეტე, მეცამეტე და მეთოთხმეტე პუნქტები, რომლებიც ეხება ეკლესიაში წარმოქმნილ ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევას — მაგალითად, როდესაც ვინმე ხელს უშლის, აფერხებს და არღვევს ეკლესიის ნორმალურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული საკითხია ანტიქრისტეების ან სხვა იმგვარი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც უნდა ჩამოშორდნენ საქმეს ან განიდევნონ ეკლესიიდან. იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ამგვარ ადამიანებს და რა პრინციპებით, ასევე შედის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის სფეროში. პრობლემების დროულად გამოვლენა, დარღვევებისა და არეულობის აღკვეთა და მათი მოგვარება და გადაჭრა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ეკლესიის საქმისა და ეკლესიის ცხოვრების მშვიდობიანი მიმდინარეობა — სწორედ ამ საკითხებს ეხება ეს სამი პუნქტი. ბოლო პუნქტი ეხება ყველა სახის მნიშვნელოვანი მომუშავე პერსონალის პირადი უსაფრთხოების საკითხს, ისევე როგორც იმას, თუ რამდენად არის გარანტირებული ყოველგვარი მნიშვნელოვანი საქმის შესრულების უსაფრთხოება. საქმის წინსვლა შესაძლებელია მაშინ, როდესაც პერსონალი უსაფრთხოდ არის, მაგრამ თუ პერსონალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ან ფარული საფრთხეები იჩენს თავს, მაშინ სათუო ხდება, გაგრძელდება თუ არა თავად საქმე. მოდით, გადავხედოთ და ვნახოთ, სულ რამდენი ძირითადი კატეგორიაა. პირველი, მეორე და მესამე პუნქტები პირველ კატეგორიას განეკუთვნება: ადამიანის სიცოცხლეში შესვლა. მეოთხე და მეხუთე პუნქტები მეორე კატეგორიას განეკუთვნება: ეკლესიის საქმის სხვადასხვა სფერო და ამ სფეროების ზედამხედველები. მეექვსე და მეშვიდე პუნქტები მესამე კატეგორიას განეკუთვნება: სხვადასხვა ტიპის ადამიანების გამოყენება, კულტივირება და დაწინაურება. მერვე და მეცხრე პუნქტები მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება: ღვთის სახლის საქმის განკარგულებები და სირთულეები საქმის შესრულებისას. მეათე და მეთერთმეტე პუნქტები მეხუთე კატეგორიას განეკუთვნება: ღვთის სახლის შესაწირავები და ქონება. მეთორმეტე, მეცამეტე და მეთოთხმეტე პუნქტები მეექვსე კატეგორიას განეკუთვნება: ეკლესიაში წარმოქმნილი გამონაკლისი შემთხვევები. მეთხუთმეტე პუნქტი მეშვიდე კატეგორიას განეკუთვნება: ეკლესიის მნიშვნელოვანი საქმე და პერსონალის უსაფრთხოება. სულ შვიდი კატეგორიაა, რომელიც თხუთმეტ პუნქტს აერთიანებს. ეს შვიდი კატეგორია წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის სფეროში შედის და მათი საქმის განუყოფელი ნაწილია. როგორც წინამძღოლის ან მუშაკის საქმის უმთავრესი ამოცანები, ეს შვიდი კატეგორია წარმოადგენს იმ მოთხოვნათა ერთობლიობას, რომელთაც ღვთის სახლი უყენებს მათ. თუ გვსურს განვსაზღვროთ, შეუძლია თუ არა წინამძღოლს საქმის კარგად შესრულება, აქვს თუ არა მას მუშაობის უნარი, გააჩნია თუ არა წინამძღოლისთვის საჭირო სულიერი მონაცემები და შეესაბამება თუ არა იგი დადგენილ სტანდარტს, სწორედ ეს შვიდი კატეგორია უნდა გამოვიყენოთ საზომად. ამის გააზრების შემდეგ, ამ შვიდი ძირითადი კატეგორიის საფუძველზე სათითაოდ განვიხილავთ და გავაანალიზებთ ცრუ წინამძღოლების გამოვლინებებსა და კონკრეტულ ქმედებებს, აგრეთვე იმას, თუ რა ჩაიდინეს მათ წინამძღოლობისას, რაც ამტკიცებს, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან და არა სტანდარტის შესაბამისნი. როდესაც შეფასება ამ შვიდი კატეგორიის მიხედვით ხდება, მტკიცებულებები დამაჯერებელია, თავად მიდგომა კი — შედარებით სამართლიანი და გონივრული. მითხარით, სათითაოდ განვიხილოთ ეს შვიდი კატეგორია თუ თხუთმეტივე პუნქტი? რომელი გზა სჯობს? (ამ თხუთმეტი პუნქტის სათითაოდ განხილვა.) ეს თქვენს პრეფერენციებს შეესაბამება — რაც უფრო დეტალური იქნება, მით უკეთესი, არა? შემდეგ ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინების განხილვას.

პუნქტი პირველი: ხალხის წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და მათი გაგებისკენ, რათა შევიდნენ ღვთის სიტყვის რეალობაში

ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ სულიერი მონაცემები და უნარი ღვთის სიტყვების ჩასაწვდომად

ვინ არის ცრუ წინამძღოლი? რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია რეალური საქმის კეთება და რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობებს, როგორც წინამძღოლი. ისინი არ ასრულებენ არავითარ რეალურ ან კრიტიკულ საქმეს; მხოლოდ ზოგად საქმეებსა და ზედაპირულ დავალებებს აქცევენ ყურადღებას — ისეთ რამეებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო სიცოცხლეში შესვლასთან ან ჭეშმარიტებასთან. რაოდენ ბევრიც არ უნდა აკეთონ ასეთი საქმე, მის შესრულებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომ ხასიათდებიან ასეთი წინამძღოლები, როგორც ცრუ წინამძღოლები. მაშ, როგორ უნდა ამოვიცნოთ ცრუ წინამძღოლი? მოდით, დავიწყოთ განხილვა. პირველ რიგში, ნათელი უნდა იყოს, რომ წინამძღოლის ან მუშაკის უპირველესი პასუხისმგებლობაა, გაუძღვეს სხვებს ღვთის სიტყვის ჭამასა და სმაში და ისე გაუზიაროს მათ ჭეშმარიტება, რომ სხვებმა შეძლონ მისი გაგება და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის შესამოწმებლად წინამძღოლი ჭეშმარიტია თუ ცრუ. დააკვირდით, შეუძლიათ თუ არა მათ სხვების გაძღოლა ღვთის სიტყვის ჭამასა და სმაში, ჭეშმარიტების გაგებაში და შეუძლიათ თუ არა ჭეშმარიტების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი იმის შესამოწმებლად, თუ როგორია წინამძღოლის ან მუშაკის სულიერი მონაცემები, რამდენად შეუძლია მას ღვთის სიტყვის წვდომა და ძალუძს თუ არა ღვთის რჩეული ხალხის გაძღოლა ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად. თუ წინამძღოლს ან მუშაკს შეუძლია ღვთის სიტყვის წმინდად აღქმა და ჭეშმარიტების გაგება, მან ღვთის სიტყვის შესაბამისად უნდა გააქარწყლოს ის წარმოდგენები და ფანტაზიები, რომლებიც ადამიანებს ღვთისადმი რწმენის შესახებ გააჩნიათ და დაეხმაროს მათ ღვთის საქმის პრაქტიკულობის გააზრებაში. მათ ასევე უნდა გადაჭრან ღვთის რჩეული ხალხის წინაშე არსებული რეალური სირთულეები მისი სიტყვის შესაბამისად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რწმენაში არსებულ მცდარ შეხედულებებს ან გაუგებრობებს მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. მათ ასევე უნდა გამოიყენონ ღვთის სიტყვა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ადამიანებს სხვადასხვა განსაცდელისა და გასაჭირის დროს უჩნდებათ; მათ უნდა შეეძლოთ ღვთის რჩეული ხალხის გაძღოლა ჭეშმარიტების გასაგებად, პრაქტიკაში გამოსაყენებლად და მისი სიტყვის რეალობაში შესასვლელად. ამავდროულად, მათ ღვთის სიტყვაში მხილებული გახრწნილი მდგომარეობების საფუძველზე უნდა გააანალიზონ ადამიანთა სხვადასხვა გახრწნილი ხასიათი, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა დაინახოს, რომელი მათგანი შეესაბამება მათ საკუთარ მდგომარეობას, ჩაწვდნენ საკუთარ თავს, შეიძულონ სატანა და განუდგნენ მას. ამგვარად, ღვთის რჩეული ხალხი შეძლებს მტკიცედ იდგეს თავის მოწმობაში, დაამარცხოს სატანა და განადიდოს ღმერთი ყოველგვარი განსაცდელის დროს. ეს არის სწორედ ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. ეს არის ეკლესიის ყველაზე საბაზისო, კრიტიკული და არსებითი საქმე. თუ წინამძღოლებად მომსახურე ადამიანებს აქვთ ღვთის სიტყვის წვდომის უნარი და ჭეშმარიტების გაგების სულიერი მონაცემები, ისინი არა მხოლოდ შეძლებენ ღვთის სიტყვის გაგებასა და მის რეალობაში შესვლას, არამედ შეძლებენ დაეხმარონ მათ, ვისაც წინამძღოლობენ, რათა მათაც გაიგონ ღვთის სიტყვა და შევიდნენ მის რეალობაში. მაგრამ ღვთის სიტყვის წვდომისა და ჭეშმარიტების გაგების სულიერი მონაცემები სწორედ ის არის, რაც ცრუ წინამძღოლებს აკლიათ. მათ არ ესმით ღვთის სიტყვები და არ იციან ის გახრწნილი ხასიათი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა ვითარებაში ავლენენ და რომელიც ღვთის სიტყვებშია მხილებული. მათ არ ესმით, თუ რომელი მდგომარეობები შობს ღვთისადმი წინააღმდეგობას, ჩივილსა და ღალატს. ცრუ წინამძღოლებს არ შესწევთ უნარი, დაუკვირდნენ საკუთარ თავს ან ღვთის სიტყვა საკუთარ მდგომარეობას დაუკავშირონ, მათ მხოლოდ მცირეოდენი მოძღვრება და რამდენიმე წესი ესმით ღვთის სიტყვის პირდაპირი, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან. როდესაც ისინი სხვებს ესაუბრებიან, მხოლოდ ღვთის სიტყვებს ციტირებენ და შემდეგ მათ სიტყვასიტყვით მნიშვნელობას განმარტავენ და ამით მათ ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტებას უზიარებენ სხვებს და რეალურ სამუშაოს ასრულებენ. თუ ვინმეს შეუძლია ისევე წაიკითხოს და წარმოთქვას ღვთის სიტყვები, როგორც ისინი აკეთებენ, მათ ეგონებათ, რომ ეს ადამიანი ჭეშმარიტების მოყვარული და მცოდნეა. ცრუ წინამძღოლს მხოლოდ ღვთის სიტყვების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა ესმის; მას ფუნდამენტურად არ ესმის ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება და, შესაბამისად, არ შეუძლია ისაუბროს მათ შესახებ თავისი გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით. ცრუ წინამძღოლებს არ შესწევთ უნარი, ჩაწვდნენ ღვთის სიტყვებს. მათ მხოლოდ სიტყვების ზედაპირული მნიშვნელობის გაგება შეუძლიათ, თუმცა სჯერათ, რომ სწორედ ეს არის მის სიტყვებზე წვდომა და ჭეშმარიტების გაგება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი მუდამ ღვთის სიტყვების სიტყვასიტყვით მნიშვნელობას განმარტავენ სხვების დასარიგებლად და დასახმარებლად. მათ სჯერათ, რომ ამით საქმეს ასრულებენ და ხალხს ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და მათ რეალობაში შესვლისკენ მიუძღვებიან. სინამდვილე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცრუ წინამძღოლები ხშირად ამგვარად უზიარებენ სხვებს ღვთის სიტყვებს, მათ არ შეუძლიათ უმცირესი რეალური პრობლემის გადაჭრაც კი, ღვთის რჩეული ხალხი კი მისი სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებისა და გამოცდის უნარის გარეშე რჩება. იმის მიუხედავად, თუ რამდენად ხშირად ესწრებიან ისინი შეკრებებს ან რამდენს ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, მათ მაინც არ ესმით ჭეშმარიტება, არ შესულან სიცოცხლეში და არცერთ მათგანს არ შეუძლია ისაუბროს თავის გამოცდილებით ცოდნაზე. მაშინაც კი, როდესაც ეკლესიაში ჩნდებიან ბოროტი ადამიანები ან ურწმუნოები, რომლებიც არეულობას თესავენ, ვერავინ ახერხებს მათ ამოცნობას. როდესაც ცრუ წინამძღოლი ხედავს ურწმუნოს ან ბოროტ ადამიანს, რომელიც არეულობას თესავს, ის არ იჩენს გამჭრიახობას, არამედ მათზე სიყვარულსა და შეგონებებს განავრცობს. სხვებს კი მათ მიმართ შემწყნარებლობისა და მოთმინებისკენ მოუწოდებს და ამგვარად ხელს უწყობს ამ ადამიანებს, განაგრძონ ეკლესიაში დამაბრკოლებელი საქმე. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ საეკლესიო საქმის თითოეული პუნქტი სრულიად უნაყოფო რჩება. ეს არის ცრუ წინამძღოლის მიერ რეალური საქმის შეუსრულებლობის შედეგი. ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, რაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა. როდესაც ისინი საუბრობენ, მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევენ და ყველაფერი, რის პრაქტიკაში გამოყენებასაც სხვებს ავალებენ, მხოლოდ მათთვის მოძღვრებები და წესებია. მაგალითისთვის, როდესაც ვინმეს ღმერთის მიმართ არასწორი წარმოდგენა უყალიბდება, ცრუ წინამძღოლები მას ეტყვიან: „ღვთის სიტყვებში ეს ყველაფერი უკვე ნათქვამია: რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, ეს ადამიანის გადარჩენაა, ეს სიყვარულია. შეხედე, რა ნათელი, რა მკაფიოა მისი სიტყვები. როგორღა შეგიძლია კვლავაც არასწორად გესმოდეს მისი?“ აი, როგორია ის დარიგებები, რომლებსაც ცრუ წინამძღოლები აძლევენ ხალხს. ისინი სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევენ, რათა ხალხი შეაგონონ, შეზღუდონ და აიძულონ, დაიცვან წესები. ეს მცირედითაც კი არ არის ეფექტური და ამ მიდგომას არცერთი პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. ცრუ წინამძღოლებს ხალხის წარმართვა მხოლოდ სიტყვებითა და მოძღვრებებით შეუძლიათ, რაც ამ ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მოძღვრებებზე საუბრის უნარი ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას ნიშნავს. თუმცა, როდესაც ისინი სირთულეს აწყდებიან, არ იციან, როგორ გამოიყენონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში, არ გააჩნიათ გზა და ყველა ის სიტყვა თუ მოძღვრება, რომელიც მათ ესმოდათ, უსარგებლო ხდება. რას აჩვენებს ეს? ეს აჩვენებს, რომ მოძღვრებების გაგება სრულიად უსარგებლოა და არავითარი ღირებულება არ გააჩნია. ერთადერთი, რაც ცრუ წინამძღოლებს ესმით, მხოლოდ მოძღვრებაა. მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება პრობლემების გადასაჭრელად. მათ ქმედებებს არ გააჩნია პრინციპები და თავიანთ ცხოვრებაში ისინი უბრალოდ მიჰყვებიან გარკვეულ წესებს, რომლებიც მათთვის მისაღებია. ასეთი ადამიანები არ ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას. სწორედ ამიტომ, როდესაც ცრუ წინამძღოლები მიუძღვებიან ხალხს, რათა მათ ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები, ამას არავითარი ჭეშმარიტი შედეგი არ მოაქვს. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ხალხს ღვთის სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობა გააგებინონ, მაგრამ არ ძალუძთ დაეხმარონ მათ ღვთის სიტყვებიდან ნათლის მოფენაში ან იმის გაგებაში, თუ როგორი გახრწნილი ხასიათი გააჩნიათ. ცრუ წინამძღოლებს არ ესმით, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ადამიანები ან როგორი ხასიათის არსს ავლენენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში; მათ არ იციან, ღვთის რომელი სიტყვები უნდა იქნას გამოყენებული ამ მცდარი მდგომარეობებისა და გახრწნილი ხასიათის გამოსასწორებლად, რა არის ნათქვამი მათ შესახებ ღვთის სიტყვებში, რა არის ღვთის სიტყვების მოთხოვნები და პრინციპები, ან მათში არსებული ჭეშმარიტებები. ცრუ წინამძღოლებს ამ ჭეშმარიტება-რეალობათაგან არაფერი გაეგებათ. ისინი ხალხს მხოლოდ ასე ურჩევენ: „მეტი ჭამეთ და სვით ღვთის სიტყვები. მათში ჭეშმარიტებაა. როდესაც უფრო მეტს წაიკითხავთ მის სიტყვებს, მაშინ გაიგებთ. თუ ზოგიერთი მათგანი არ გესმის, უბრალოდ მეტი ილოცე, ეძიე და მათზე მეტი იფიქრე“. აი, ასე არიგებენ ისინი ხალხს, მაგრამ ამით პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. სულ ერთია, ვინ წააწყდება პრობლემას და ვინ მივა მათთან რჩევის საკითხავად — ისინი ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებიან. ამის შემდეგ ასეთი ადამიანები კვლავაც ვერ შეიცნობენ საკუთარ თავს და კვლავაც არ ესმით ჭეშმარიტება. ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი რეალური პრობლემის გადაჭრას ან იმის გაგებას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ღვთის სიტყვები პრაქტიკაში. ისინი უბრალოდ ჩაეჭიდებიან ღვთის სიტყვების პირდაპირ მნიშვნელობასა და წესებს. როდესაც საქმე ეხება ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების ჭეშმარიტება-პრინციპებს ან იმას, თუ რომელ რეალობებში უნდა შევიდნენ, მათ კვლავ არაფერი ესმით. ეს არის ცრუ წინამძღოლების მუშაობის საბოლოო სურათი: არცერთი რეალური შედეგი.

ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს, რომ შეიმოსონ მოკრძალებულად და ღირსეულად, ისე, როგორც შეჰფერის წმინდანის ღირსებას. „მოკრძალებულად და ღირსეულად, ისე, როგორც შეჰფერის წმინდანის ღირსებას“ — სულ რვა სიტყვაა, მაგრამ გესმით კი, რას ნიშნავს ისინი? (ჩვენ ყველამ ვიცით მოძღვრების დონეზე, რომ ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს, შეიმოსონ მოკრძალებულად და ღირსეულად, ისე, როგორც შეჰფერის წმინდანის ღირსებას, მაგრამ როდესაც ვიმოსებით, არ ვიცით, როგორ გავზომოთ, რა არის მოკრძალებული ან ღირსეული.) ეს ეხება იმ პრობლემას, არის თუ არა ჭეშმარიტება გაგებული. თუ ამის გაზომვა არ შეგიძლიათ, ეს იმას ამტკიცებს, რომ თქვენ არ გესმით ღვთის სიტყვები. მაშ, რას ნიშნავს ღვთის სიტყვების გაგება? ეს ნიშნავს იმ კრიტერიუმების გაგებას მოკრძალებისა და ღირსების შესახებ, რომლებზეც ღმერთი საუბრობს, ან, უფრო კონკრეტულად, სამოსის ფერისა და სტილის გაგებას. რომელი ფერები და სტილია მოკრძალებული და ღირსეული? ვისაც ჭეშმარიტების წვდომის უნარი შესწევს, მათ იციან, რა არის მოკრძალებული და ღირსეული და რა — უცნაური. თუმცა ზოგიერთი სამოსი მოკრძალებული და ღირსეულია, მათ მოძველებული სტილი აქვთ. ღმერთს არ მოსწონს მოძველებული საგნები და ის არ სთხოვს ადამიანებს წარსულის სტილის მიბაძვას ან თვალთმაქც ფარისევლებად ქცევას. ღვთის სიტყვებში მოკრძალება და ღირსება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ჰქონდეს ნორმალური ადამიანური იერი, გამოიყურებოდეს კეთილშობილურად, ელეგანტურად და დახვეწილად. ღმერთი არ სთხოვს ადამიანებს უცნაური სამოსის ტარებას და არც ღარიბულად დაკონკილ სიარულს, არამედ ის მოითხოვს, რომ ადამიანები შეიმოსონ მოკრძალებულად და ღირსეულად, ისე, როგორც შეჰფერის წმინდანის ღირსებას. ეს არის ნორმალური ადამიანების შემეცნება. მაგრამ ამის მოსმენის შემდეგ ერთი ცრუ წინამძღოლი აენთო და თქვა: „ღვთის სიტყვები გვაძლევს ჩარჩოს, თუ როგორ ჩავიცვათ. „მოკრძალებულად და ღირსეულად, ისე, როგორც შეჰფერის წმინდანის ღირსებას“ — თუ ჩვენ დავიცავთ ამ რვა სიტყვას, ამით ღმერთს განვადიდებთ, მას სირცხვილს არ მოვუტანთ და არამორწმუნეთა შორის მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები ვიქნებით“. მაშ, რა არის მოკრძალებული და ღირსეული? ეს ნიშნავს, რომ შენი საუბარი და მოქმედება უნდა გამოხატავდეს ადამიანურ იერსახეს და უნდა ფლობდე წმინდანის ღირსებას. როდესაც წმინდანებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, ჩვენს გონებაში უძველესი დროის წმინდანები წარმოგვიდგება. თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს წმინდანის ღირსება, მაშინ უნდა მივბაძოთ ძველი წმინდანების სტილს, მაგრამ თუ შენ ძველებური სამოსით ივლი, ხალხი იფიქრებს, რომ გიჟი ხარ. ეს არ შეესაბამება ღმერთის განდიდების პრინციპს, თუმცა წმინდანების მიერ უახლესი წარსულის სამოსის გარკვეული კვალი უნდა არსებობდეს, რომლის მოძიებაც შეგვიძლია. რამდენიმე ათეული წლის წინ სოციალური გარემო უკეთესი იყო. ხალხი უფრო მარტივი იყო და უფრო კონსერვატიულად და შესაფერისად იცვამდა. თუ ამ სტანდარტის მიხედვით ჩაიცვამთ, მაშინ იქნებით მოკრძალებული და ღირსეული და გექნებათ წმინდანის შესაფერისი იერი. ეს არის პრაქტიკის გზა.“ როდესაც გაიგო, რომ 1970-იან და 1980-იან წლებში ადამიანები თეთრ პერანგებსა და ლურჯ შარვლებს ატარებდნენ, მან და-ძმებს უთხრა: „მე ვიხილე ნათელი ღვთის სიტყვებში. 70-იან და 80-იან წლებში ადამიანები საკმაოდ შესაფერისად და მარტივად იცვამდნენ. ვერ ვიტყოდით, რომ ისინი დიდებულნი იყვნენ, მაგრამ ეს უფრო მეტად შეესაბამება ღვთის სიტყვის მოთხოვნებს, ამიტომ ჩვენ ამ სტანდარტის მიხედვით ჩავიცვამთ“. წინამძღოლმა თავად დაიწყო ასეთი სამოსის ტარება, ყველამ ჩათვალა, რომ ის კარგად გამოიყურებოდა, საკმაოდ ღირსეულად და მარტივად. წინამძღოლმა თქვა: „ღმერთმა თქვა, რომ არ უნდა ვატაროთ უცნაური სამოსი. პირველ რიგში, პერანგზე ღილები ყელამდე უნდა იყოს შეკრული და მანჟეტებზეც ყველა ღილი დამაგრებული უნდა იყოს. მაჯები არ უნდა ჩანდეს, პერანგი შარვალში უნდა იყოს ჩაკეცილი და ყველაფერი მჭიდროდ უნდა იყოს დაფარული, გულმკერდი ან ზურგი შიშველი არ უნდა გქონდეთ. ნახეთ, რა მოკრძალებული და ღირსეულია! განა ეს არ არის მოკრძალებული და ღირსეული და განა არ შეესაბამება ეს წმინდანის შესაფერის იერს, როგორც ამას ღმერთი მოითხოვს? წინამძღოლს განსაკუთრებით სიამოვნებდა ის სამოსი, რომელიც იმ მომენტში ეცვა და ამავდროულად სხვებისგანაც მოითხოვდა: „თქვენი ტანსაცმელი ზედმეტად თანამედროვეა, ზედმეტად მოდური. მას სირცხვილი მოაქვს ღმერთისთვის და ეს მას არ მოსწონს. ყველამ იჩქარეთ და ჩაიცვით ის, რაც მე მაცვია, იყავით ზუსტად ჩემნაირები!“ ხალხი, ვისაც გარჩევის უნარი არ ჰქონდა, მიჰყვა ამ მაგალითს, იპოვა და ჩაიცვა ეგრეთ წოდებული მოკრძალებული და ღირსეული სამოსი, რომელიც შეესაბამებოდა წმინდანის შესაფერის იერს, და უმეტესობამ ჩათვალა კიდეც, რომ ეს კარგი იყო. თუმცა ზოგიერთის გულში ამ ძველმოდურმა რაღაცებმა ზიზღი გამოიწვია; ისინი გრძნობდნენ, რომ ასე მოქცევა შეუფერებელი იყო და ღვთის სიტყვების ასეთი გაგება დამახინჯებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს არ შეეძლოთ მკაფიოდ ეთქვათ, მართებული იყო თუ არა წინამძღოლის მორჩილება და ვერ ბედავდნენ საბოლოო დასკვნების გამოტანას, ისინი მაინც ემხრობოდნენ მოსაზრებას, რომ ბრმად არ უნდა გაჰყოლოდნენ ბრბოს. მათ სჯეროდათ, რომ ის, რასაც წინამძღოლი ამბობდა, არ იყო სრულიად სწორი და არ მიჰყვებოდნენ მას. მხოლოდ ის სულელები, ის ადამიანები, რომლებსაც ღვთის სიტყვების წვდომის უნარი აკლიათ, თავად არ კითხულობდნენ ღვთის სიტყვებს, მიჰყვებოდნენ ყველაფერს, რასაც ცრუ წინამძღოლი ამბობდა და აკეთებდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეუბნებოდნენ. ისინი მიჰყვებოდნენ ცრუ წინამძღოლს, ბაძავდნენ მას და გარეთ გასვლისას მის მსგავსად იცვამდნენ. როდესაც ხალხმრავალ ადგილებში გადიოდნენ, დიდ კმაყოფილებას გრძნობდნენ და ფიქრობდნენ: „ჩვენ ყოვლისშემძლე ღმერთი გვწამს და ჩემს ჩაცმულობაში წმინდანის ასეთი შესაფერისი იერია. თქვენ რა გაცვიათ? რა აჭრელებულია, რა თანამედროვეა, რა ბოროტებაა! ჩვენ შემოგვხედეთ, ჩვენ არაფერს ვაჩენთ!“ მათ ეგონათ, რომ საოცარნი იყვნენ. ცრუ წინამძღოლმა არა მხოლოდ ვერ გააცნობიერა, რომ ეს ღვთის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია იყო, არამედ სინამდვილეში ეგონა, რომ ღვთის სიტყვებს პრაქტიკაში ახორციელებდა და მათ რეალობაში შედიოდა. ეს არის ცრუ წინამძღოლების დამახასიათებელი ხელწერა. ღვთის იმ მოთხოვნების მიმართაც კი, რომლებიც ადამიანისთვის ყველაზე მარტივი და ადვილად გასაგებია, ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტად ჩაწვდნენ იმას, თუ რას გულისხმობს ღვთის სიტყვები, როგორია მათი სავალდებულო სტანდარტები ან პრინციპები. შეუძლიათ კი მათ მაშინ გაიგონ, რას ამბობს ღმერთი კაცობრიობის გახრწნილ ხასიათზე ან ადამიანის ყოველგვარ მდგომარეობაზე? შეუძლიათ მათ მაშინ ზუსტად იცოდნენ, რა არის აქ ჭეშმარიტება? რა თქმა უნდა, არა.

ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ ღვთის სიტყვების წვდომის უნარი. მათ მხოლოდ ღვთის სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობიდან იციან, თუ რა თქვა ღმერთმა, მაგრამ არ ესმით, რა ჭეშმარიტებებს გამოხატავს ღვთის სიტყვები, რას მოითხოვს ღმერთი ადამიანებისგან ან რა ჭეშმარიტება-პრინციპები უნდა ესმოდეთ ადამიანებს. ამიტომ, როდესაც ისინი თანაზიარებენ ღვთის სიტყვების შესახებ, მხოლოდ სიტყვასიტყვით განმარტავენ მათ და ადამიანებს აძლევენ გარკვეულ წესებს, გარკვეულ მითითებებს შესასრულებლად, რათა ამით დაამტკიცონ, რომ მათაც ესმით ღვთის სიტყვები და შეასრულეს საქმე. ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს ისიც კი ჰგონია, რომ ღვთის სიტყვები უკვე ნათელია, უბრალოდ ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ მათ ჭამა-სმას ან არ იჩენენ ძალისხმევას. რადგან ხედავენ, რომ ყველას ხელში უჭირავს ღვთის სიტყვების წიგნები, ისინი ზედმეტ საქმედ მიიჩნევენ ადამიანების წარმართვას ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ. შესაბამისად, როდესაც ისინი შეკრებებზე ან მოვალეობების შესრულებისას პრობლემებს აწყდებიან, ადამიანებს მხოლოდ ღვთის სიტყვების შერჩეულ მონაკვეთებს უგზავნიან და ეუბნებიან: „წაიკითხეთ ღვთის სიტყვების ეს მონაკვეთი“; „წაიკითხეთ ღვთის სიტყვების ის მონაკვეთი“; ან „ღვთის სიტყვები ამას ამბობს ამ ასპექტზე და იმას — იმ ასპექტზე“. ისინი ადამიანებს მხოლოდ ღვთის სიტყვების შერჩეულ მონაკვეთებს უგზავნიან და დამარწმუნებელი ტონით მოუწოდებენ მათ ღვთის სიტყვების წაკითხვისკენ. სჯერათ, რომ სწორედ ასე უნდა წარმართონ ადამიანები ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ და რომ ამით ისინი ასრულებენ წინამძღოლის პასუხისმგებლობას. ამ სიტყვების ნახვის შემდეგ ადამიანები ამბობენ: „მეც წამიკითხავს ღვთის ეს სიტყვები; განა ზედმეტი არ არის, რომ შენ მიგროვებ ამ სიტყვებს?“ თუმცა, ცრუ წინამძღოლები ფიქრობენ: „მე რომ არ გამოგიგზავნო, შენ ვერ იპოვი, რომელ თავში ან რომელ გვერდზეა ეს სიტყვები. შენ ისიც კი არ იცი, რა კონტექსტში თქვა ღმერთმა ეს სიტყვები. როგორც წინამძღოლმა, მე უნდა ავიღო ეს პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გამოგიგზავნო ღვთის სიტყვები.“ ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი, სიყვარულის მოზღვავებისას, დღეში ათიდან ოცამდე ღვთის სიტყვების მონაკვეთსაც კი უგზავნის ადამიანს, რათა დაამტკიცოს თავისი ერთგულება საქმისადმი და თავისი მონდომება, რომ შეიყვანოს ადამიანები ღვთის სიტყვების რეალობაში. ღვთის ეს სიტყვები ეგზავნებათ ადამიანებს, მაგრამ გვარდება კი მათი პრობლემები? ასრულებენ კი ისინი იმ როლს, რომელიც წინამძღოლმა უნდა შეასრულოს? ხშირად ისინი არ ასრულებენ ამ როლს, რადგან ადამიანებს თავად რომ შეეძლოთ ამ სიტყვების გაგება, მათ წინამძღოლი აღარ დასჭირდებოდათ. ღვთის სიტყვების ის მონაკვეთები, რომლებსაც ცრუ წინამძღოლები აგზავნიან, სინამდვილეში კარგად არის ცნობილი მათთვის, ვინც ხშირად კითხულობს ღვთის სიტყვებს, მაგრამ რა აკლიათ ადამიანებს? რა არის მათი სირთულეები და პრობლემები? საქმე ისაა, რომ როდესაც საკითხი ამ ჭეშმარიტებებს ეხება, სირთულეების წინაშე აღმოჩენისას ადამიანებს არ შეუძლიათ ამ პრობლემების არსის დანახვა, არ იციან საიდან დაიწყონ მათი გადაჭრა და არ იციან, როგორ შევიდნენ ამ ჭეშმარიტებებში — და ეს არც ცრუ წინამძღოლებმა იციან. მაშ, შეასრულეს კი მათ თავიანთი პასუხისმგებლობა ამ საკითხში? არიან კი ისინი კომპეტენტურნი წინამძღოლობის საქმეში? ნათელია, რომ მათ არ შეუსრულებიათ ეს პასუხისმგებლობა. მაგალითად, როდესაც ადამიანები ღვთის სიტყვებში პატიოსან ადამიანად ყოფნის შესახებ კითხულობენ, ცრუ წინამძღოლი, რადგან არ იცის, როგორ ჭამოს და სვას ღვთის სიტყვები და აკლია ჭეშმარიტების წვდომისა და გაგების სულიერი მონაცემები, იტყოდა: „ღვთის მოთხოვნები არ არის მაღალი. ღმერთი გვთხოვს, ვიყოთ პატიოსანი ადამიანები, ხოლო პატიოსნება სიმართლის თქმას ნიშნავს. განა ღვთის სიტყვებში ყველაფერი არ არის ნათქვამი: „თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; არა, არა“ (მათე 5:37)? რაოდენ ნათელია ღვთის სიტყვები! უბრალოდ თქვი ის, რასაც გულში ფიქრობ; რა მარტივია ეს! რატომ არ შეგიძლია ამის გაკეთება? ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა, ჩვენ ის პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ. მისი პრაქტიკაში გამოუყენებლობა ამბოხებაა, და განა ღმერთი იხსნის მათ, ვინც მის წინააღმდეგ ამბოხდება? არა, არ იხსნის.“ ამის მოსმენის შემდეგ ადამიანები პასუხობენ: „ყველაფერი, რასაც ამბობ, სწორია, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით, როგორ ვიყოთ პატიოსანი ადამიანები. რადგან ხშირად ტყუილის თქმა უნებლიეა, ან ეს არის ის, რასაც ადამიანი მაშინ აკეთებს, როდესაც სხვა არჩევანი არ აქვს და ამის უკან მიზეზი იმალება. როგორ უნდა მოგვარდეს ეს?“ რას იტყოდა ცრუ წინამძღოლი? „განა ამის მოგვარება ადვილი არ არის? განა ღვთის სიტყვებმა ეს ნათელი არ გახადა? პატიოსან ადამიანად ყოფნა ბავშვად ყოფნას ჰგავს; რა მარტივია ეს! რამდენი წლისაც არ უნდა იყო, განა არ შეგიძლია უბრალოდ ბავშვივით მოიქცე? უბრალოდ შეხედე, როგორ იქცევიან ბავშვები.“ მსმენელი კი ფიქრობს: „ბავშვის ძირითადი ქცევებია გულუბრყვილობა და სიცოცხლით სავსეობა, ხტუნვა, მოუმწიფებლობა და ბევრი რამის გაუგებლობა. რადგან წინამძღოლმა ასე თქვა, მაშინ მეც ასე მოვიქცევი.“ მეორე დღეს, ამ ოცდაათი ან ორმოცი წლის ადამიანმა თმა ორ პატარა ნაწნავად შეიკრა, ვარდისფერი თმისსამაგრი და სარჭები გაიკეთა, ვარდისფერი პერანგი, ფეხსაცმელი და წინდები ჩაიცვა და მთლიანად ვარდისფრებში გამოეწყო. ამის დანახვაზე წინამძღოლი ამბობს: „სწორია! იარე უფრო ბავშვივით, ხტუნვა-ხტუნვით. ილაპარაკე უფრო უმანკოდ, ბავშვივით, ბოროტებისგან დაცლილი თვალებითა და ღიმილით სახეზე — განა ეს ბავშვის მანერებთან დაბრუნება არ არის? ეს არის პატიოსანი ადამიანის ქცევა!“ წინამძღოლი საკმაოდ კმაყოფილია, სხვები კი ამას სულელურ, არანორმალურ ქცევად მიიჩნევენ. ამ ცრუ წინამძღოლმა არა მხოლოდ ვერ გადაჭრა პრობლემა, არამედ საერთოდ არ იცოდა, როგორ ეძია ჭეშმარიტება-პრინციპები, რითაც ადამიანები აბსურდულობის გზაზე დააყენა. პატიოსან ადამიანად ყოფნის ყველაზე მარტივი ჭეშმარიტების შემთხვევაშიც კი, ცრუ წინამძღოლმა არ იცის, როგორ ჩაწვდეს მას სწორად და წმინდად, მიმართავს წესების ბრმად გამოყენებას და იმდენად უკუღმართად იგებს მას, რომ მსმენელში ზიზღს იწვევს. აი, რას აკეთებენ ცრუ წინამძღოლები.

ცრუ წინამძღოლები ღვთის სიტყვებს ყოველგვარი გზით სწვდებიან და სხვადასხვა უცნაურ და ექსცენტრულ შეხედულებებს აყალიბებენ. ისინი ასევე აფრიალებენ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებისა და მიყოლის დროშას და სხვებისგან მოითხოვენ, მიიღონ და დაემორჩილონ მათეულ წვდომას. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ცრუ წინამძღოლების მსგავს ადამიანებს ხშირად ღვთის სიტყვების ზედაპირული და უკუღმართი წვდომა აქვთ. სულიერი ტერმინით რომ განვსაზღვროთ, ვიტყოდით, რომ მათ „არ გააჩნიათ სულიერი გაგება“. ღვთის სიტყვების მათეული წვდომა არა მხოლოდ უკუღმართია, არამედ ისინი ხშირად სხვებისგანაც მოითხოვენ, მათ მსგავსად მიჰყვნენ ამ უკუღმართ მოძღვრებებსა და წესებს. ამავდროულად, ისინი თავიანთ უკუღმართ წვდომას იყენებენ მათ საგმობად, ვისაც ჭეშმარიტების წმინდა წვდომა გააჩნია. ეს ცრუ წინამძღოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი გაგება, ანტიქრისტეების მსგავსად არ იკვლევენ და არ აანალიზებენ ღვთის სიტყვებს. გარედან ისე ჩანს, თითქოს ისინი ღვთის სიტყვებს ჭამა-სმისა და მიღების მორჩილი დამოკიდებულებით უდგებიან. თუმცა, მათი მწირი სულიერი მონაცემებისა და ღვთის სიტყვების წვდომის უუნარობის გამო, ისინი ღვთის სიტყვებს ისე ეპყრობიან, როგორც სახელმძღვანელოს და სჯერათ, რომ ღვთის სიტყვები მიჰყვება ლოგიკას: „ერთს მიმატებული ერთი უდრის ორს, ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს“. მათ არ იციან, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, და ღვთის სიტყვების რეალობაში შესასვლელად ადამიანს უნდა ესმოდეს, თუ რას გულისხმობს ღვთის სიტყვებში გამოხატული ჭეშმარიტებები და რა არის ის სხვადასხვა მდგომარეობა და შინაარსი, რომლებსაც ეს ჭეშმარიტებები მოიცავს. როდესაც სხვები ღვთის სიტყვებს ძალიან კონკრეტულად და პრაქტიკულად სწვდებიან, ისინი ამას ზედაპირულად და მოსმენის უღირსად მიიჩნევენ და ამბობენ: „მე ეს ყველაფერი მესმის, ყველაფერი ვიცი. ის, რაზეც საუბრობ, უკვე ნათლად არის ახსნილი ღვთის სიტყვებში, რატომ გჭირდება ამის თქმა?“ სინამდვილეში, მათ არ იციან, რომ ის, რასაც სხვები განიხილავენ, ღვთის სიტყვებში არსებულ ჭეშმარიტებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ შინაარსს მოიცავს. რადგან ამ ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ სულიერი გაგება და არ შესწევთ ღვთის სიტყვების წვდომის უნარი, მათ ჰგონიათ, რომ ყველა ჭეშმარიტება მეტ-ნაკლებად ერთნაირია და არ არსებობს კონკრეტული განსხვავებები იმ საკითხებს შორის, რომლებსაც ჭეშმარიტებები ეხება. მათ სჯერათ, რომ მიუხედავად ამ საკითხებზე დაუსრულებელი საუბრისა, არსებითად ყველა მათგანი ერთი და იგივე პრობლემაა. ეს რწმენა სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს და განწირავს ასეთ ადამიანებს, რომ ვერასოდეს გაიგონ ჭეშმარიტება.

ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ხალხის შეყვანა ჭეშმარიტება-რეალობაში

ამჟამად არსებობენ კარგი სულიერი მონაცემებისა და წვდომის უნარის მქონე ადამიანები, რომლებმაც უკვე შეიძინეს გარკვეული გამოცდილება და შევიდნენ ღვთის ძირითად სიტყვებში და გააჩნიათ გარკვეული ჭეშმარიტება-რეალობა, მაგრამ მათ სჭირდებათ მეტად კონკრეტული მითითებები და წინამძღოლობა, რათა მათი შესვლა უფრო დახვეწილი და დეტალური იყოს. მხოლოდ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით, თუ რას გულისხმობს ჭეშმარიტების კონკრეტული დეტალები ან რატომ საუბრობენ მათზე ამგვარად; ჰგონიათ, რომ ეს საქმის ზედმეტად გართულება ან სიტყვებით თამაშია. მათ არ ესმით და არ იციან, როგორ ჩაწვდნენ ან გამოსცადონ სხვადასხვა ასპექტი, რომლებსაც ჭეშმარიტება მოიცავს. ამიტომ, ის, რისი გაკეთებაც მათ წინამძღოლად გახდომის შემდეგ შეუძლიათ, მხოლოდ ის არის, რომ წარმართონ ადამიანები ღვთის იმ სიტყვების ჭამა-სმისკენ, რომლებთან მიმართებაშიც ხშირად თანაზიარებენ, შემდეგ ისაუბრონ გარკვეულ მოძღვრებებზე და მივიდნენ წესების დაცვის ზოგიერთ პრაქტიკულ მეთოდამდე. ხოლო ის, რასაც ადამიანები მათგან იღებენ, მხოლოდ ზედაპირული სულიერი ტერმინები და ხშირად წარმოთქმული სიტყვები, მოძღვრებები, წესები და ლოზუნგებია. ახალმოქცეულთათვის ცრუ წინამძღოლების ქადაგებები შესაძლოა ძლივს იყოს საკმარისი ერთი ან ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ერთი-ორი წლის შემდეგ, ისინი, ვინც უკვე გაიგეს გარკვეული ჭეშმარიტებები, დაიწყებენ ცრუ წინამძღოლების განცხადებებისა და მიდგომების ამოცნობას. რაც შეეხება მათ, ვისაც ფუნდამენტურად აკლია წვდომის უნარი, როგორც არ უნდა იქადაგონ ცრუ წინამძღოლებმა, ისინი ვერაფერს გრძნობენ, არ გააჩნიათ შეგნება და ვერ ხვდებიან, რომ ის, რასაც ეს წინამძღოლები ქადაგებენ, მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებებია და რომ ის, რაც მათ ესმით, მხოლოდ ფუჭი თეორიები, ლოზუნგები და წესებია, რომლებიც საერთოდ არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ამ გამოვლინებებზე დაყრდნობით, შეუძლიათ კი ცრუ წინამძღოლებს შეასრულონ პასუხისმგებლობა, რომ „წარმართონ ხალხი ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და მათი გაგებისკენ, რათა შევიდნენ ღვთის სიტყვების რეალობაში”? შეუძლიათ კი მათ ამ როლის შესრულება? შეუძლიათ კი მათ თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულება? (არა.) რატომ არ შეუძლიათ? რა არის მთავარი პრობლემა? (ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ სულიერი გაგება და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების წვდომა.) მათ არ გააჩნიათ სულიერი გაგება და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების წვდომა, თუმცა მაინც სურთ სხვების წინამძღოლობა — ეს აბსოლუტურად შეუძლებელია! იმის მოლოდინი, რომ ცრუ წინამძღოლები წარმართავენ ადამიანებს ღვთის სიტყვების გასაგებად და ღვთის სიტყვების რეალობაში შესასვლელად, იგივეა, რაც წყლის ნაყვის მცდელობა — ეს არ მოხდება! ავიღოთ, მაგალითად, პატიოსან ადამიანად ყოფნა: ღვთის სიტყვები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია, ეს მხოლოდ რამდენიმე წინადადებაა და არ არის რთული. ნებისმიერმა, ვისაც მცირედი განათლება მაინც აქვს, იცის, რას ნიშნავს ეს სიტყვები. მაგრამ ცრუ წინამძღოლები, რათა დაამტკიცონ, რომ შესწევთ საქმის კეთების უნარი და შეუძლიათ ადამიანების წინამძღოლობა, ღვთის სიტყვების საფუძველზე ასე განავრცობენ: „რა მნიშვნელობა აქვს ღვთის მოთხოვნას, რომ ადამიანები იყვნენ პატიოსნები? ის, რომ პატიოსანი ადამიანი არის ის, ვინც ღმერთს უყვარს. არამორწმუნეები არ არიან პატიოსნები, ისინი არ ამბობენ სიმართლეს და რასაც ამბობენ, ყველაფერი ტყუილი და მაცდური სიტყვებია. მთელი სამყარო სიცრუის ერთი დიდი სამეფოა. ამიტომ, პირველი, რასაც ღმერთი მოითხოვს დღეს თავისი მოსვლისას, არის ის, რომ ადამიანები იყვნენ პატიოსნები. თუ შენ არ ხარ პატიოსანი ადამიანი, ღმერთს არ ეყვარები. თუ შენ არ ხარ პატიოსანი ადამიანი, ვერ გადარჩები და ვერც სამეფოში შეხვალ. თუ შენ არ ხარ პატიოსანი ადამიანი, ვერ შეძლებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას და აუცილებლად მზაკვარი ადამიანი ხარ. თუ შენ არ ხარ პატიოსანი ადამიანი, არ შეესაბამები ქმნილების სტანდარტს.” ახლა თუ გესმით, როგორ უნდა იყოთ პატიოსანი ადამიანი? (არა.) ამდენი საუბრის შემდეგ ეს მაინც არ არის ნათელი. ახალმოქცეულები ამის მოსმენისას გრძნობენ, რომ ეს სიტყვები შესანიშნავია, ისეთი რამ, რაც რელიგიაში ყოფნის ოცი ან ოცდაათი წლის განმავლობაში არ სმენიათ. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს: „ეს სიტყვები ძლიერია, თითოეული წინადადება იმსახურებს „ამინ”-ს. ეს ქადაგება მართლაც კარგია, ეს ნამდვილად სასუფევლის ეპოქის ქადაგებაა!” შემდეგ ცრუ წინამძღოლები აგრძელებენ: „ღმერთი გვთხოვს, ვიყოთ პატიოსანი ადამიანები, მაშ, ვართ კი ჩვენ პატიოსანი ადამიანები?” ზოგიერთი ამაზე ფიქრობს: „რადგან ღმერთი გვთხოვს, ვიყოთ პატიოსანი ადამიანები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ პატიოსანი ადამიანები.” ზოგიერთი დუმს და ფიქრობს: „მე საკუთარ თავს საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანად მივიჩნევ. არასდროს ვჩხუბობ სხვებთან და ბიზნესის კეთებისას ვერ ვბედავ ვინმეს მოტყუებას. ზოგჯერ, თუ მცირე სარგებელს მივიღებ, ღამით დაძინებაც კი მიჭირს. ვარ თუ არა პატიოსანი ადამიანი? ვფიქრობ, რომ გულუბრყვილო ადამიანი ვარ და განა ეს იგივეს არ ნიშნავს, რასაც პატიოსან ადამიანად ყოფნა?” სხვები ამბობენ: „მე არ შემიძლია ტყუილის თქმა. სახე მიწითლდება, როდესაც რაიმე სიცრუეს ვამბობ. ამიტომ აუცილებლად პატიოსანი ადამიანი ვარ, არა? შემდეგ ცრუ წინამძღოლები ამატებენ: „იმის მიუხედავად, ხარ თუ არა პატიოსანი ადამიანი, რადგან ღვთის სიტყვა გვთხოვს, ვიყოთ პატიოსნები, შენთვის აუცილებელია იყო პატიოსანი ადამიანი. თუ ღვთის სიტყვების მიხედვით მოიქცევი, პატიოსანი ადამიანი ხარ. ამით თავისუფლდები მზაკვრობისგან, სატანის ბნელი გავლენის ბორკილებისგან. როგორც კი პატიოსანი ადამიანი გახდები, შეხვალ ჭეშმარიტება-რეალობაში, შეძლებ შენი მოვალეობების შესრულებას და ღმერთისადმი მორჩილებას.” ახლა თუ გესმით, როგორ უნდა იყოთ პატიოსანი ადამიანი? (არა.) თუმცა, ზოგიერთები აღფრთოვანებულნი არიან: „ეს სიტყვები ძლიერია. ამინ! თითოეული წინადადება სწორია. არცერთი მათგანი პირდაპირ ღვთის სიტყვებიდან არ მომდინარეობს, თუმცა ყველაფერი ღვთის სიტყვებიდან არის გაგებული. ეს წვდომა ფანტასტიკურია! რატომ არ შემიძლია მე ასე წვდომა? როგორც ჩანს, ეს წინამძღოლი ნამდვილად იმსახურებს ამ წოდებას, ის მართლაც წინამძღოლობისთვის არის შექმნილი!” სულიერი მონაცემებისა და გამჭრიახობის მქონე ადამიანები ამის მოსმენის შემდეგ ფიქრობენ: „შენ არ აგიხსნია, რა არის პატიოსანი ადამიანი. ზუსტად რას გულისხმობს პატიოსან ადამიანად ყოფნა?” ცრუ წინამძღოლები აგრძელებენ: „პატიოსან ადამიანად ყოფნა ნიშნავს, რომ არ იცრუო. მაგალითად, თუ შენ წარსულში სიძვა ჩაგიდენია, მაშინ შენ ლოცულობ ღვთის წინაშე და აღიარებ, რამდენჯერ გააკეთე ეს და ვისთან ერთად. თუ შენ გრძნობ, რომ არ შეგიძლია ღმერთის დანახვა ან მასთან შეხება, მაშინ ეს წინამძღოლთან უნდა აღიარო და ყველაფერი ნათელი გახადო. გულწრფელი აღიარება პატიოსან ადამიანად ყოფნის ყველაზე ძირითადი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ეს ნიშნავს გულის გადაშლას, იმას, რომ არაფერში არ აურიო სიყალბე, რას ფიქრობ ნებისმიერ რამეზე, რა განზრახვები გაქვს, რა გახრწნილებას ავლენ, ვინ გძულს ან ვინ დაწყევლე გულში, ვისი ზიანის მიყენება ან ვის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა გსურს — ეს ყველაფერი უნდა აღიარო ამ ადამიანებთან. ამის გაკეთებით შენ ხდები ღია და გულწრფელი და ცხოვრობ ნათელში. აი, რას ნიშნავს პატიოსან ადამიანად ყოფნა. პატიოსანმა ადამიანმა უარი უნდა თქვას თავის ეგოზე. მას უნდა შეეძლოს თავისი გულის ყველაზე ბოროტი და ბნელი ნაწილების ჩვენება და გაკვეთა.” ამის მოსმენის შემდეგ, ახლა თუ გესმით, როგორ უნდა იყოთ პატიოსანი ადამიანი? (კვლავ არა.) მოსმენის შემდეგაც კი, ადამიანი მხოლოდ მოძღვრებებს იგებს და არა კონკრეტულ პრაქტიკას. ღვთის სიტყვების ასეთი წვდომით, ცრუ წინამძღოლები ადამიანებს ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ ამგვარად წარმართავენ და ამგვარადვე თანაზიარებენ. ჰგონიათ, რომ მათ ყველაზე უკეთ ესმით ღვთის სიტყვები, გააჩნიათ ღვთის სიტყვების წვდომის უნარი და შეუძლიათ ადამიანების შეყვანა ღვთის სიტყვების რეალობაში. სინამდვილეში, ის, რასაც ისინი იგებენ და რაზეც თანაზიარებენ, მხოლოდ მოძღვრებები და ლოზუნგებია, რაც არავითარ დახმარებას არ უწევს მათ, ვისაც ჭეშმარიტება-რეალობის ძიება და ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება სურს. თუმცა, ცრუ წინამძღოლებს მაინც სჯერათ, რომ მათ წვდომის დიდი უნარი გააჩნიათ, აქვთ უნიკალური ხედვა ღვთის სიტყვებზე და აღემატებიან ჩვეულებრივ ადამიანებს. ისინი დადიან და ქადაგებენ ამ მოძღვრებებსა და ლოზუნგებს, სხვებსაც კი ადარებენ საკუთარ თავს, ხშირად იყენებენ ამ მოძღვრებებსა და ლოზუნგებს სიტყვიერ კამათში ჩასაბმელად და ადამიანების დასარიგებლად, გასასხლავად, განსასჯელად და დასაგმობად. მათ ჰგონიათ, რომ ამის გაკეთებით ისინი ასრულებენ საქმეს, შემოაქვთ ღვთის სიტყვები რეალურ ცხოვრებაში და იყენებენ ღვთის სიტყვებს. განა ეს პრობლემური საკითხი არ არის? ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ღვთის სიტყვების გაგება, მათ არ შეუძლიათ ადამიანების შეყვანა ღვთის სიტყვების რეალობაში. ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მათ მხოლოდ გარკვეულ სიტყვებსა და მოძღვრებებზე თანაზიარება შეუძლიათ და მაინც დადიან, ქადაგებენ და თავს იწონებენ მათით. სინამდვილეში კი, მათ არ ესმით ღვთის სიტყვებში არსებული არცერთი ჭეშმარიტება. მაგალითად, მათ არ ესმით ზოგიერთი მსგავსი სულიერი ტერმინი ან მსგავსი გამოთქმა, არც მათ შორის არსებული განსხვავებები იციან და არც ის, თუ როგორ მოარგონ ისინი რეალურ სიტუაციებს. გარდა იმისა, რომ იცავენ წესებს და აფრქვევენ სიტყვებსა და მოძღვრებებს, მათ აკლიათ ღვთის სიტყვების ჭეშმარიტი წვდომა და ჭეშმარიტად არ იყენებენ მათ პრაქტიკაში. ამიტომ, ნათელია, რომ თავად ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება და არც იმის უნარი შესწევთ, რომ წარმართონ ადამიანები ღვთის სიტყვების გასაგებად და ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად. ჩვენ ეს პატიოსან ადამიანად ყოფნის მაგალითით ვაჩვენეთ. ცრუ წინამძღოლები, რადგან არ იციან, როგორ აღიქვან პატიოსან ადამიანად ყოფნის ჭეშმარიტება, მიმართავენ სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევას და ლოზუნგების ქადაგებას, რითაც შეცდომაში შეჰყავთ ის უგუნური და დაბნეული ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი გაგება და მათ გზააბნეულებს ტოვებენ. ამ სიტყვებისა და მოძღვრებების მოსმენის შემდეგ, ისინი განსაკუთრებულად აღმერთებენ ცრუ წინამძღოლებს და რამდენიმე წლის განმავლობაში მათი მიყოლის შემდეგ საბოლოოდ ყველაზე ელემენტარული ჭეშმარიტებებიც კი არ ესმით და მათში არავითარი შესვლა არ გააჩნიათ. ამ საკითხთან მიმართებით ჩვენს თანაზიარებას აქ დავასრულებთ.

პუნქტი მეორე: თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა და მათ რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის გადაჭრა (ნაწილი პირველი)

ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის განჭვრეტა

წინამძღოლებისა და მუშაკების მეორე პასუხისმგებლობაა თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა და მათ რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის გადაჭრა. როგორ ასრულებენ ცრუ წინამძღოლები ამ საქმეს? არიან კი ისინი კომპეტენტურნი ამ ამოცანისთვის? მოდით, გავაანალიზოთ ეს საკითხი. თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა — რის საფუძველზე მიიღწევა ეს? ეს მიიღწევა ღვთის იმ სიტყვების გაგების საფუძველზე, რომელიც ამხელს სხვადასხვა ადამიანის გახრწნილ ხასიათსა და არსს. სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობის ჩასაწვდომად, ადამიანს ჯერ უნდა ესმოდეს ღვთის ის სიტყვები, რომლებიც ამხელს ადამიანთა სხვადასხვა მდგომარეობას, გახრწნილ ხასიათსა და გახრწნილ არსს, და უნდა შეეძლოს მათი საკუთარ თავთან დაკავშირება. ღვთის მიერ მხილებული ხასიათის ტიპი მიუთითებს იმაზე, თუ როგორია ეს ხალხი, როგორია მათი ადამიანობა, როგორი გამოვლინებები და გამოაშკარავებები აქვთ მათ, და როგორია მათი დამოკიდებულება ღმერთის, ღვთის სიტყვებისა და საკუთარი მოვალეობის მიმართ. ეს მდგომარეობები უნდა შეესაბამებოდეს ღვთის სიტყვებს, ხოლო ამის გაკეთებით ადამიანი შეძლებს სხვადასხვა პიროვნების მდგომარეობის წვდომას. ამიტომ, სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობის ცოდნა, პირველ რიგში, მიიღწევა ღვთის სიტყვების გაგებისა და მათი წვდომის უნარის საფუძველზე. ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ ღვთის სიტყვების წვდომის უნარი, მაშ, შეუძლიათ კი მათ გაიგონ ღვთის სიტყვებით მხილებული რთული ჭეშმარიტებები სხვადასხვა ტიპის ადამიანების შესახებ, ისევე როგორც ის სხვადასხვა მდგომარეობა და მხილებული გახრწნილი არსი? (არა.) მათ არ ესმით, არ იციან აქ არსებული კავშირები და არ იციან მასთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები. რადგან მათ არ გააჩნიათ ღვთის სიტყვების წვდომის უნარი, სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობის წვდომა — ეს მეტად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი — ძალიან პრობლემური და რთული ამოცანაა ცრუ წინამძღოლებისთვის.

როგორ სწვდებიან ცრუ წინამძღოლები სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობას? ისინი ფიქრობენ: „ეს ადამიანი ენთუზიაზმით არის სავსე, ის — წვრილმანებზეა ორიენტირებული, ამას — გამოპრანჭვა უყვარს, იმას — მცირე რწმენა აქვს...“ ისინი მხოლოდ ამ ზედაპირულ მოვლენებს უყურებენ, მაგრამ სინამდვილეში როგორია ვინმეს დამოკიდებულება ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების მიმართ და როგორია სინამდვილეში მათი ბუნება-არსება, მათ არ იციან. მაგალითად, ვიღაცას აქვს ნამდვილი რწმენა და ენერგიულად ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ მისი ოჯახური სირთულეები და პრობლემები გავლენას ახდენს მისი მოვალეობების შედეგებზე. ცრუ წინამძღოლები, ამის დანახვისას, უსამართლოდ მიაკერებენ მას იარლიყს და იტყვიან: „ეს ადამიანი ურწმუნოა. მას არ შეუძლია ოჯახისგან გათავისუფლება. ის მუდამ თავის შვილებზე ფიქრობს. სახლში დანაზოგი აქვს, მაგრამ არ სწირავს მას. ამიტომ ეს ადამიანი ძალიან პრობლემურია და მომავალში მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის მისი გამოყენება არ შეიძლება.“ სინამდვილეში, ამ ადამიანის პრობლემა არ არის სერიოზული. ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ მან ღმერთი მხოლოდ მცირე ხნის წინ ირწმუნა და ჭეშმარიტების ზედაპირული გაგება აქვს, რის გამოც ბევრი რამის დანახვა არ შეუძლია. მან არ იცის, როგორ მოექცეს თავის ოჯახსა და შვილებს ან როგორ განკარგოს თავისი ქონება. ის ჯერ კიდევ ლოცვისა და ძიების პერიოდშია და ჯერ არ უპოვია პრაქტიკის ზუსტი პრინციპები და მეთოდები. მას აქვს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც ოჯახურ პრობლემებსა და სირთულეებს აწყდება, დროებით ოდნავ სუსტდება და არც ისე აქტიურია თავისი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა, მას შეუძლია ეკლესიის მიერ დაკისრებული საქმის გულმოდგინედ შესრულება, რისი გაკეთებაც ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია. მისი სულიერი მონაცემების, ადამიანობისა და ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის კარგი ადამიანია. მაგრამ ცრუ წინამძღოლები ამას ასე არ უყურებენ, რადგან მათ არ ესმით ღვთის სიტყვები და არ იციან, როგორ გამოიყენონ ღვთის სიტყვები სტანდარტად იმის გასაზომად, თუ როგორია ვინმეს ბუნება-არსება, ან ის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი იმყოფება, მისი ბუნება-არსების ბრალია თუ დროებითი სისუსტის, თუ ეს სულიერი ზრდის პრობლემაა. მათ არ შეუძლიათ ამ ყველაფრის გაზომვა. სირთულეები, რომლებსაც ამ ტიპის ადამიანი აწყდება, არის ის, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება და სიცოცხლეში შესვლას უკავშირდება — შეუძლიათ კი ცრუ წინამძღოლებს ამგვარი საკითხების მოგვარება? შეუძლიათ კი მათ ამ ადამიანების სირთულეების გადაჭრა? (არა.) რადგან ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ზუსტად ჩაწვდნენ სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობას და არ შეუძლიათ ზუსტად გაარჩიონ სხვადასხვა ადამიანის ბუნება-არსების ავკარგიანობა, მათ ასევე არ შეუძლიათ სხვადასხვა ადამიანის სირთულეებისა და პრობლემების ზუსტად გადაჭრა. პირიქით, ისინი კულტივირების მთავარ სამიზნეებად მიიჩნევენ მათ, ვისაც მხოლოდ ენთუზიაზმზე დაყრდნობით შეუძლია იმოქმედოს, თავი გადადოს, გაუძლოს გაჭირვებას და გადაიხადოს საფასური, მაგრამ აქვს მწირი სულიერი მონაცემები და აკლია წვდომის უნარი, და როდესაც ეს ადამიანები სირთულეებს აწყდებიან, ისინი ამ სირთულეების გადასაჭრელად თანაზიარებენ. მაგრამ მათთვის, ვისაც ნამდვილად აქვს სულიერი მონაცემები და კარგი ადამიანობა, როდესაც ისინი სირთულეებს აწყდებიან და ოდნავ სუსტდებიან, როგორ წყვეტენ და უდგებიან მათ ცრუ წინამძღოლები? როდესაც ეს ადამიანები სირთულეების წინაშე დგანან და სინამდვილეში მხოლოდ ოდნავ არიან დასუსტებულნი, სიტუაციის მიხედვით, მათ უნდა დაუჭირონ მხარი და დაეხმარონ; ადამიანმა მათ ღვთის განზრახვები უნდა გაუზიაროს — ისინი სრულად არ უნდა ჩამოწერონ და მით უმეტეს, იარლიყი არ უნდა მიაკერონ. მაგრამ როგორ წყვეტენ ცრუ წინამძღოლები ასეთი ადამიანების სირთულეებს? ისინი ამბობენ: „ღვთის საქმემ უკვე მიაღწია ასეთ ეტაპს, შენ კი კვლავ შენს ქმარს, შენს შვილებს ეჭიდები; შენს შვილებს უნივერსიტეტშიც კი აგზავნი და მათ პერსპექტივებზე ზრუნავ. რადგან კატასტროფები სულ უფრო მძიმდება, არის კიდევ რაიმე პერსპექტივა ამ სამყაროში? საკუთარ სიცოცხლეზეც კი ვერ ზრუნავ, როგორ შეგიძლია იზრუნო ამ ყველაფერზე? ღვთის საქმე თითქმის დასრულებულია, რაოდენ მცირე დროა დარჩენილი! თუ მთლიანად არ გაიღებ თავს, შეიძლება კი კვლავ გეწოდოს ქმნილება? ხარ კი საერთოდ ადამიანი?“ ნუთუ მართლა ამაში მდგომარეობს ამ ადამიანების სირთულეები? (არა.) მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები ოდნავ სუსტდებიან სირთულეების წინაშე, მხოლოდ მათი მცირე სულიერი ზრდაა, და არა ის, რომ მათ არ უყვართ ჭეშმარიტება ან არ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება. ამიტომ, რასაც ცრუ წინამძღოლები ამბობენ, არ შეესაბამება მათ მდგომარეობას. ეს აშკარად იარლიყის უსამართლოდ მიკერების შემთხვევაა, როდესაც ვერ სწვდებიან მათი მდგომარეობის არსს ან მთავარ ასპექტს, ვერ სწვდებიან იმას, თუ რას ფიქრობენ ისინი სინამდვილეში, როგორი ადამიანები არიან და როგორ უნდა გაუწიონ მათ წინამძღოლობა და დახმარება სირთულეების გადასაჭრელად. ცრუ წინამძღოლებმა არ იციან, როგორ გადაჭრან ეს პრობლემები. მაშ, როგორ უნდა მოგვარდეს ასეთი საკითხები, როდესაც ის წარმოიქმნება? შეგიძლია თქვა: „საკითხი, რომლის წინაშეც დგახარ, არის პრობლემა, რომელსაც ბევრი ადამიანი აწყდება. ისინი, ვისაც ნამდვილად შეუძლია ოჯახის უკან მოტოვება და ღვთისთვის მთელი გულით თავის გაღება, იმპულსურად არ მოქმედებენ, არამედ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ერთი მხრივ, მათ გაიგეს საკმარისი ჭეშმარიტება და ნამდვილად აქვთ გადაწყვეტილი ოჯახისგან გათავისუფლება, ღვთის სახლში მთელი გულით თავის გაღება, და შეუძლიათ გარანტია მოგცენ, რომ მოგვიანებით არ ინანებენ — მათ ეს ყველაფერი კარგად აქვთ გააზრებული. გარდა ამისა, ამ პერიოდში ისინი ასევე ლოცულობენ ღვთის წინაშე მომზადებისთვის და წინსვლის გზის გასახსნელად, ამავდროულად აგრძელებენ ჭეშმარიტებით აღჭურვას, რაც საშუალებას აძლევთ, გაიგონ მეტი ჭეშმარიტება და ჰქონდეთ მეტი რწმენა, რათა გვერდზე გადადონ ყველაფერი და მთელი გულით გაიღონ თავი ღვთისთვის. ამას სჭირდება დრო, ლოცვა და, რა თქმა უნდა, ღვთის წინამძღოლობა და განგებულება. თუ გაქვს ეს გადაწყვეტილება, ნუ იღელვებ. ილოცე ღვთის წინაშე და მშვიდად დაელოდე, ღმერთი კი, ყველაფერს განაგებს შენთვის. თუ შენი ლოცვები და გადაწყვეტილება შეესაბამება ღვთის განზრახვებს და მიიღებს ღვთის მოწონებას, თუ მზად ხარ და მორჩილებას გამოიჩენ იმის მიუხედავად, თუ რას მოიმოქმედებს ღმერთი და არ იგრძნობ სინანულს, მაშინ ღმერთი აუცილებლად გაგიხსნის გზას. ამ პერიოდში ის, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ, არის მომზადება და ლოდინი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, არის ჭეშმარიტებით აღჭურვა, ღვთის განზრახვების გაგება და იმის დაშვება, რომ მათი სულიერი სიმწიფე თანდათანობით გაიზარდოს. როდესაც ღმერთი სხვადასხვა გარემოებას ქმნის, თუ შეგიძლია აირჩიო ღვთის მეუფებისა და განგებულებისადმი მორჩილება ყოველგვარი წუწუნის გარეშე, ეს ნიშნავს სულიერი სიმწიფის ქონას — რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი ან როგორც არ უნდა განაგებდეს, შენ შეძლებ დამორჩილებას.“ რას ფიქრობთ ამგვარ წინამძღოლობაზე? (კარგია.) ერთი მხრივ, შენ ასრულებ შენს პასუხისმგებლობას, ეხმარები ადამიანებს ღვთის განზრახვების გაგებაში, ამავდროულად, შენ არ აიძულებ მათ თავიანთ შესაძლებლობებზე მეტის გაკეთებას, არამედ ეპყრობი მათ თავიანთი რეალური სიტუაციის შესაბამისად. განა ეს არ არის პრობლემების გადაჭრა ღვთის სიტყვებით? განა ეს არ არის იმ სირთულეების გადაჭრა, რომლებსაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში აწყდებიან, მათი მდგომარეობის საფუძველზე? (დიახ.)

თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ზოგიერთნი მუდამ ზედაპირულნი არიან და არავითარ პასუხისმგებლობას არ იჩენენ; ისინი ყოველთვის ქედმაღლურად იქცევიან, არიან ამპარტავანნი, თვითმართალნი და სხვებთან თანამშრომლობის უნარი არ შესწევთ, რითაც ზიანი მოაქვთ ეკლესიის საქმიანობისთვის ისე, რომ სინდისის ქენჯნასაც კი არ გრძნობენ. ასეთი ვითარების დანახვისას ცრუ წინამძღოლი იწყებს ამ საკითხის მოგვარებასა და გადაჭრას და ამბობს: „ეს ადამიანი ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც ჩანს, მისი ჩამნაცვლებელი შესაფერისი პირი არ გვყავს, ამიტომ მასთან თანაზიარება უნდა გვქონდეს, რათა მისი სირთულეები გადავჭრათ”“. თანაზიარებისას ცრუ წინამძღოლი აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ სურს თავისი მოვალეობის შესრულება. მას სურს ამქვეყნიური საგნებისკენ სწრაფვა, კარიერით ფულის შოვნა და კარგად ცხოვრება, ხოლო მოვალეობის შესრულების იძულებას ზედმეტ მოთხოვნად მიიჩნევს]. ის გრძნობს, რომ ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება ყოველდღიურ დაკავებულობას ნიშნავს, რაც არა მხოლოდ ანგრევს მის პირად ოჯახურ ცხოვრებას, არამედ შეუძლებელს ხდის ოჯახის წევრებთან ურთიერთობების შენარჩუნებას და თუ მოვალეობის შესრულებისას პრინციპებს დაარღვევს, გასხვლის ატანა მოუწევს. მისთვის ასეთი ცხოვრება მეტისმეტად მწარეა და არ სურს ასე ცხოვრება. საკითხი ნათელია: მისი ქცევა მიუთითებს, რომ ის ურწმუნოა. მაგრამ როგორ უმკლავდება ამას ცრუ წინამძღოლი? ცრუ წინამძღოლი ფიქრობს: „ეს ადამიანი ნიჭიერია არამორწმუნეთა შორის; ასეთის პოვნა ადვილი არ არის. მისი მდგომარეობა პრობლემური გახდა; სასწრაფოდ უნდა გადავდო ჩემს ხელთ არსებული ყველაზე გადაუდებელი საქმე და მასთან თანაზიარება მქონდეს, რათა ამის გადაჭრაში დავეხმარო. როგორ გადავჭრა ეს? ღვთის სიტყვები ყველაზე ძლევამოსილია; ჯერ ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთს წავუკითხავ, რათა მოვალეობის შესრულებისადმი მისი უხალისობა აღმოვფხვრა”. ცრუ წინამძღოლი ეუბნება მას: „ახლა, როცა უბედურებები დაიწყო, ადამიანებს აღარ შეუძლიათ კარგად ცხოვრება. შენ კვლავ გსურს კარიერით ფულის შოვნა და უბრალო ოჯახური ცხოვრებით ცხოვრება, მაგრამ მალე მთელი სამყარო ქაოსში მოექცევა და უბრალო ოჯახები აღარ იარსებებს. განა არ შეგიძლია ამ ყველაფრის არსს ჩასწვდე? შენ მეტი უნდა ილოცო ღვთის მიმართ. ღვთისადმი ლოცვა რწმენას შეგმატებს. შენ ასევე მეტად უნდა ჭამო და სვა ღვთის სიტყვები. ღვთის სიტყვის რამდენჯერმე ჭამისა და სმის შემდეგ შენი პრობლემა გადაიჭრება”. შემდეგ ის პოულობს ღვთის სიტყვების ხუთ ან ათ მონაკვეთს, რათა წაუკითხოს და თანაზიარება ჰქონდეს მასთან. ის ადამიანი პასუხობს: „საკმარისია თანაზიარება. მე მესმის ღვთის ყველა ეს სიტყვა; მე შენზე განათლებული ვარ. თავს ნუ იწონებ”. მთელი დღის თანაზიარების მიუხედავად არაფერი გადაჭრილა. ცრუ წინამძღოლი გულში ფიქრობს: „ამდენი წელია ეკლესიის საქმეს ვაკეთებ, არ მჯერა, რომ შენი პრობლემის გადაჭრა არ შემიძლია”. საღამოს ის სასწრაფოდ აგრძელებს თანაზიარებას: „შენ უნდა გიყვარდეს ღმერთი და თაყვანს სცემდე მას! შენ გაქვს იმედი, რომ გახდები სტანდარტის შესაბამისი ქმნილება. ამ მოვალეობის მიღება ადვილი არ არის; შენ უნდა დააფასო ეს შესაძლებლობა, რადგან თუ მას ხელიდან გაუშვებ, სხვა ასეთი შანსი აღარ მოგეცემა. როდესაც შენი სულიერი მონაცემები და პირობები ასეთი კარგია, განა დასანანი არ იქნება, რომ შენი მოვალეობა არ შეასრულო? შენი ნიჭის მქონე ადამიანი ღვთის სახლში უნდა დაწინაურდეს და უნდა გამოიყენონ; შენ აქ დიდი პერსპექტივები გაქვს!” ის ადამიანი ამბობს: „შეწყვიტე საუბარი. თუ მოვალეობას ძალით შემასრულებინებ, ჩემი დამოკიდებულება იგივე დარჩება. თუ ამის უფლებას არ მომცემ, დაუყოვნებლივ წავალ. ისე არ არის, თითქოს აქ დარჩენას გეხვეწებოდე!” ცრუ წინამძღოლი ყველა სიტყვას ამოწურავს, მაგრამ ვერ ახერხებს ამ ადამიანის დარწმუნებას ან მისი პრობლემის გადაჭრას. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მას არ შეუძლია ჩასწვდეს, თუ რა არის ამ ადამიანის არსებითი პრობლემა. ეს ადამიანი მოვალეობის შესრულებისას ზედაპირულია როცა მოესურვება; თაღლითობს, როცა მოესურვება და უბრალოდ ფორმალურად მოქმედებს, თუკი ასე სურს. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეს, ის უპასუხისმგებლოა. მას არ სურს მცირედი დამატებითი ძალისხმევის გაღება ან რამდენიმე ზედმეტი სიტყვის თქმა ზოგიერთი საკითხის გადასაჭრელად, რადგან ამას დამღლელად და შემაწუხებლად მიიჩნევს. მან ნათლად იცის, როგორ შეასრულოს თავისი მოვალეობა ისე, რომ სტანდარტის შესაბამისი იყოს და როგორ მოიქცეს მართებულად, მაგრამ არ სურს ამის პრაქტიკაში განხორციელება. და მაინც, ის აგრძელებს ღვთის სახლში მოვალეობის შესრულებას. რა არის ამ სიტუაციის ბუნება? რა პრობლემას ვაწყდებით აქ? (ის მოვიდა კურთხევების მიღებისა და გარიგებების დადების განზრახვით.) ის ასეთი იმედით მოვიდა; ასეთ ადამიანებს ოპორტუნისტებად იცნობენ. ის ამბობს: „გავიგე, რომ სამყარო მალე დასრულდება, აპოკალიფსი გვიახლოვდება, ამიტომ სამსახურში სიარული აღარ მჭირდება; ისედაც საკმარისი ფული ვიშოვე. სჯობს ღვთის სახლში მოვიდე ეკლესიის ხარჯზე საცხოვრებლად და საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, რათა მოგვიანებით კურთხევების მიღების იმედი მქონდეს”. მოვალეობის შესრულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და განზრახვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი რწმენა ღმერთისადმი ოპორტუნისტულია. ის ღვთის სახლში ეკლესიის ხარჯზე საცხოვრებლად მოვიდა და არა ჭეშმარიტი რწმენით. მოვალეობის შესრულებისას მისი დამოკიდებულება განსაკუთრებით უგულებელმყოფელია. მისი გამოყენებისთვის ეკლესიას უწევს მისი შეგულიანება და მასთან მოლაპარაკება, და მაინც, ის საქმეს კარგად ვერ ასრულებს. შეუძლია კი ადამიანს, რომელსაც სინდისიც კი არ გააჩნია, ჭეშმარიტად შეასრულოს თავისი მოვალეობა? ის მხოლოდ ოპორტუნიზმითა და მუქთამჭამელობით არის დაკავებული, ის ურწმუნოა. თუ შევხედავთ ამ საკითხის ორი ასპექტის ბუნებას, მისი გადაჭრის მცდელობისას, ჩასწვდა კი ცრუ წინამძღოლი მის არსს? (არა.) რადგან ვერ დაინახა საკითხის არსი, ის კვლავ მიიჩნევდა ამ ადამიანს ჭეშმარიტ მორწმუნედ, რომელსაც უბრალოდ აკლდა ჭეშმარიტების გაგება, ჰქონდა არასრული სულიერი სიმწიფე, დროებით სუსტი იყო და მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამ პერსპექტივებიდან გამომდინარე ის შეეცადა თანაზიარებასა და დახმარებას, მაგრამ პასუხად მიიღო: „შეწყვიტე საუბარი. ეგ მოძღვრებები, რომლებზეც შენ საუბრობ, უსარგებლოა. მე ეს ყველაფერი ვიცი, შენზე მეტი მესმის. სინამდვილეში რამდენი მოძღვრება გესმის შენ? რამდენად განათლებული ხარ? მე იმაზე მეტი წიგნი მაქვს წაკითხული, ვიდრე შენ — სადილი ნაჭამი!” მისი ბუნება გამოაშკარავდა, არა? ცრუ წინამძღოლს კვლავ სჯერა, რომ საქმეს აკეთებს და ვერ აცნობიერებს, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში ურწმუნოა. როდესაც ურწმუნოები ღვთის სახლში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მათი შრომაც კი არ არის სტანდარტის შესაბამისი. უნდა დავტოვოთ ასეთი ადამიანები? (არა.) ამიტომ, ღვთის სახლში ამგვარ ადამიანთან მოპყრობის პრინციპი ასეთია: თუ მას შეუძლია და სურს შრომა, დაიტოვეთ ის; თუ არ სურს, სწრაფად მოიცილეთ ის, დარჩენის დაძალებისა და შეგონების გარეშე. იცის თუ არა ცრუ წინამძღოლმა ეს პრინციპი? არა, არ იცის. ის მკვდრებს ისე ექცევა, თითქოს ცოცხლები იყვნენ, აჭმევს და ასმევს მათ; განა ეს სისულელე არ არის? ცრუ წინამძღოლები სწორედ ასეთ სისულელეებს სჩადიან.

ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ იმ სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც ხალხი სიცოცხლეში შესვლის პროცესში აწყდება

სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა ადამიანი ავლენს განსხვავებულ მდგომარეობასა და გამოვლინებას, ცრუ წინამძღოლები მუდამ ვერ სწვდებიან ამ გამოვლინებების არსს და არ შეუძლიათ მათგან წარმოშობილი პრობლემების გადაჭრა. რადგან მათ არ ესმით ჭეშმარიტება, ისინი მცდარ იარლიყებს აკრავენ და თვითნებურად და უკუღმართად მოქმედებენ. ისინი დროებით სუსტ ან დროდადრო ნეგატიურ ადამიანებს ურწმუნოებად და ღვთის მოღალატეებად მიიჩნევენ. ამავდროულად, ის ურწმუნონი, რომლებიც ზედაპირულად ფლობენ გარკვეულ ნიჭს და რომლებსაც შეუძლიათ მარტივი საქმის კეთება და გარკვეული ძალისხმევის გაღება, მხარდასაჭერ ძირითად ობიექტებად მიიჩნევიან. ამ ადამიანებს რცხვენიათ პირდაპირ განაცხადონ თავიანთი მოვალეობის შესრულებისადმი უხალისობის შესახებ, თუმცა ცრუ წინამძღოლები ვერ სწვდებიან ამის არსს და დაჟინებით ცდილობენ მათ დარწმუნებას, რომ დარჩნენ. ცრუ წინამძღოლები სისულელეების ჩადენის მეტს არაფერს აკეთებენ; ბოროტი ადამიანები ეკლესიაში შფოთს თესავენ, თუმცა ისინი ამაზე თვალს ხუჭავენ და საკითხს არ აგვარებენ. განა ეს თვითნებური და უკუღმართი ქმედება არ არის? საიდან მოდის ცრუ წინამძღოლების ეს თვითნებური და უკუღმართი ქმედება? მათ არ შესწევთ უნარი, ჩასწვდნენ ღვთის სიტყვებს და არ ესმით ჭეშმარიტება, ამიტომ, როდესაც სხვადასხვა სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებიან, ისინი მიმართავენ მათთვის გასაგებ ყველაზე ზედაპირულ მოძღვრებებს და გამუდმებით იყენებენ მათ ისე, რომ ეს მხოლოდ ჩაშლასა და არეულობას იწვევს. ხშირად ისინი არა მხოლოდ ვერ აგვარებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც ადამიანები სიცოცხლეში შესვლისას აწყდებიან და არა მხოლოდ ვერ ეხმარებიან ადამიანებს სისუსტიდან სიძლიერისკენ გადასვლაში, არამედ იწვევენ ადამიანებში ღმერთის მიმართ წარმოდგენებისა და გაუგებრობების გაჩენას და აფიქრებინებენ მათ, რომ ეკლესია ცდილობს მათ გადმობირებას მათი მსახურების გამოსაყენებლად, თითქოს, ღვთის სახლს ნიჭიერი ადამიანები აკლია და შესაფერისი ხალხის პოვნა არ შეუძლია. ეს არის ის უარყოფითი გავლენა, რომელსაც ცრუ წინამძღოლების საქმე იწვევს. რატომ ხდება ასე? (ცრუ წინამძღოლებს არ შესწევთ უნარი ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას, მათ არ ესმით ჭეშმარიტება და როდესაც გარკვეულ ვითარებებს აწყდებიან, ისინი მხოლოდ წესებს იყენებენ.) მათ არ შესწევთ უნარი ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას, მათ მხოლოდ ზოგიერთი გაქვავებული სიტყვისა და გამონათქვამის დაზეპირება შეუძლიათ. მათ აკლიათ ჭეშმარიტების რეალური ემპირიული გაგება და შეცნობა. ამრიგად, როდესაც საბოლოოდ პრობლემები იჩენს თავს, მათ მხოლოდ რამდენიმე მშრალი ფრაზის თქმა შეუძლიათ: „გიყვარდეს ღმერთი”; „იყავი პატიოსანი”; „გამოიჩინე მორჩილება სიტუაციების წინაშე”; „ჯეროვნად შეასრულე შენი მოვალეობა”; „შენ უნდა იყო ერთგული”; „შენ უნდა აჯანყდე ხორცის წინააღმდეგ”; „შენ უნდა გაიღო თავი ღვთისათვის”. ისინი იყენებენ ამ ცარიელ მოძღვრებებს, ლოზუნგებსა და გამონათქვამებს საკუთარი თავის შესამკობად და ასევე ასწავლიან მათ სხვებს იმ იმედით, რომ გავლენას მოახდენენ და დადებით შედეგს გამოიღებენ მათზე — მაგრამ ეს არავითარ შედეგს არ აღწევს და არაფერს ცვლის. ამიტომ, ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ რაიმე საქმის შესრულება. რადგან მათ არც კი შეუძლიათ იმ სირთულეების გადაჭრა, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი სიცოცხლეში შესვლისას აწყდება, მაშინ როგორღა შეუძლიათ ეკლესიის ჯეროვნად წინამძღოლობა?

როდესაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა სირთულეს აწყდებიან და არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ მათ ან როგორ განახორციელონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში, მათამ საკითხების გადასაჭრელად ღვთის სიტყვებში უნდა ეძიონ ჭეშმარიტება. თუ მცირე სულიერი სიმწიფის მქონე ადამიანმა არ იცის, როგორ ეძიოს ჭეშმარიტება ღვთის სიტყვებში ან როგორ იპოვოს ღვთის შესაბამისი სიტყვები, მაშინ მან უნდა მოძებნოს ისინი, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, რათა ჰქონდეს მათთან თანაზიარება საკითხის გადასაჭრელად და ამავდროულად გაიწვრთნას იმაში, თუ როგორ იპოვოს ღვთის შესაბამისი სიტყვები და როგორ ჩასწვდეს ჭეშმარიტებას. ეს ნიშნავს ღვთის სიტყვებში იმის პოვნას, თუ რა არის პრინციპები და ღვთის მიერ მოთხოვნილი სტანდარტები, როგორ განსაზღვრავს ღმერთი ამ საკითხს, რას მოითხოვს მასთან დაკავშირებით და არის თუ არა ახსნილი რაიმე კონკრეტული დეტალი. თუ ღვთის სიტყვები ამ თემაზე გარკვეულწილად მარტივია და მხოლოდ პრინციპებს ასახავს დეტალური მაგალითების მოყვანის გარეშე, მაშინ შენ უნდა ისწავლო დაფიქრება. თუ დაფიქრებით ვერ ახერხებ ამის გაგებას, მოძებნე მეტი ადამიანი თანაზიარებისთვის, ეზიარე შეკრებებზე, და მოვალეობის შესრულების პროცესში ეძიე და გამოიკვლიე, რათა მოგეფინოს ნათელი და განათება და ამგვარად თანდათანობით შეიცნო, თუ რა არის მოცემული საკითხის არსი. საბოლოოდ, ღვთის სიტყვების პრინციპების შესაბამისად შესვლა ამ სირთულეების გადაჭრის გზაა. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ზარმაცია და არასოდეს შესწევს ძალა, შეასრულოს თავისი მოვალეობა; მაგრამ ახსენე ჭამა, სმა და გართობა, ის მაშინვე გამოცოცხლდება და ენერგიით აივსება, თითქოს უცებ სული ჩაედგა. როგორ ჭრიან ცრუ წინამძღოლები ასეთ საკითხებს? მათაც აქვთ მეთოდი: მეტი დავალების მიცემა ასეთი ადამიანებისთვის, რათა უსაქმოდ ყოფნის დრო არ დაუტოვონ. შეუძლია ამ მიდგომას პრობლემის გადაჭრა? ზოგიერთ ადამიანს მცირეოდენი დაკისრებული საქმის კეთებაც კი ეზარება; მას მხოლოდ მუქთამჭამელობა სურს და ფიქრობს, რომ საუკეთესოა, საერთოდ არაფერი აკეთოს! რა პრობლემა აქვთ უკიდურესად ზარმაც ადამიანებს? ეს უკავშირდება მათ ბუნებასა და არსს, იმას, უყვართ თუ არა დადებითი საგნები და ასევე მათ უპირატესობებსაპრეფერენციებსა და მისწრაფებებს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირესულიერი მონაცემები; თუ ისინი უბრალოდ რიგითი მიმდევრები არიან და არავითარი ტვირთი არ აკისრიათ, მათ არ აქვთ ენერგია თავიანთი საქმის გასაკეთებლად და მასში ინტერესს ვერ პოულობენ. თუმცა, თუ მათი სულიერი მონაცემებისა და იმ მოვალეობის შესაბამისად, რომლის შესრულებაც შეუძლიათ, მათ დაეკისრებათ ზედამხედველის ტვირთი, მიენიჭებათ რაიმე წოდება და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები, მათი ინტერესი საქმის მიმართ იღვიძებს. ზოგჯერ, როდესაც ისინი თავიანთ საქმეში უპასუხისმგებლონი ხდებიან ან ზარმაცდებიან, შეიძლება გაისხლან; სხვა დროს კი, შეიძლება მიეცეთ გარკვეული წახალისება და შექება. ამგვარად, ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახელზე ზრუნავენ და რომლებსაც უყვართ სტატუსი და სიამოვნებთ პირფერობა, იღებენ ენერგიას თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად. როდესაც ისინი მოდუნებაზე ფიქრობენ, გულში ამბობენ: „სტატუსის გულისთვის, იმ ტვირთის გამო, რომელსაც ვატარებ, საქმე კარგად უნდა შევასრულო”. ამგვარად, ასეთი ადამიანების სიზარმაცე შეიძლება ნაწილობრივ გადაიჭრას. როდესაც ცრუ წინამძღოლები აწყდებიან ადამიანობასთან დაკავშირებულ ამგვარ საკითხებს ან სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებულ მდგომარეობებს, რომლებიც მოვალეობის შესრულების პროცესში იჩენს თავს, მათთვის ამის გადაჭრა ძალიან რთული და გამოწვევებით სავსეა. მათ არ იციან, როგორ გადაჭრან ეს მდგომარეობები და პრობლემები ან ღვთის რომელი სიტყვები გამოიყენონ მიზანმიმართული გადაჭრისთვის. უმეტესწილად, მათი მიდგომაა ადამიანების დარწმუნება ან შეგულიანება, რომ საქმე კარგად გააკეთონ. თუ დარწმუნება და შეგულიანება არ ამართლებს, ისინი ბრაზდებიან და სხლავენ მათ. თუ გასხვლა არ ამართლებს, ისინი კითხულობენ ღვთის მკაცრი სიტყვების რამდენიმე მონაკვეთს, როგორც გაფრთხილებას, რათა ხალხს დაანახონ, რომ გამოსწორება მართებთ. თუ ესეც არ იძლევა შედეგს, მათი უკანასკნელი გამოსავალია ვინმეს დანიშვნა მათზე ზედამხედველობისა და მართვისთვის. მათ განკარგულებაში მხოლოდ ეს რამდენიმე ხერხია და თუ ეს ხერხებიც არ ამართლებს, სხვა გზა აღარ რჩებათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თავიანთ საქმეში რა პრობლემის წინაშეც არ უნდა დადგნენ ცრუ წინამძღოლები, მათ არ შეუძლიათ პრობლემის არსს ჩასწვდნენ, უჭირთ სხვადასხვა ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობებისა და გარემო პირობების გაგება, და მით უმეტეს ვერ ხედავენ, სად არის პრობლემის ფესვი ან საიდან უნდა დაიწყონ მისი ყველაზე მართებულად გადაჭრა. მათ არ გააჩნიათ პრობლემების მოგვარების ეს პრინციპები და მეთოდები, ამიტომ ცრუ წინამძღოლების საქმეს არ შეუძლია სხვადასხვა რეალური საკითხის გადაჭრა. მათ მხოლოდ ზოგიერთი მოძღვრების ქადაგება, ლოზუნგების ძახილი, ზოგიერთი წესის მიყოლა და ფორმალურად მოქმედება შეუძლიათ. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ კომპეტენტურნი ეკლესიის წინამძღოლობის საქმეში? რამდენიც არ უნდა ივარჯიშონ ან კიდევ რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ, ისინი ვერ იქნებიან კომპეტენტურნი ეკლესიის წინამძღოლობის საქმეში. შეგხვედრიათ თუ არა თქვენ ამის მაგალითები? (ჩვენს ეკლესიაში იყო ერთი ადამიანი, რომელიც მასპინძლობის მოვალეობას ასრულებდა და მუდამ განმკითხველ და შეურაცხმყოფელ შენიშვნებს აკეთებდა, რაც გავლენას ახდენდა ჩვენ მიერ მოვალეობის შესრულებაზე და იწვევდა ჩაშლასა და არეულობას. მას შემდეგ, რაც ეს წინამძღოლს ვაცნობეთ, ის მხოლოდ დაჟინებით მოითხოვდა, რომ შეგვეცნო საკუთარი თავი და დავმორჩილებოდით ღვთის მიერ მოწყობილ გარემოს, ისე, რომ არ გადაუჭრია რეალური პრობლემა, რამაც ეკლესიის საქმე დააზარალა. პრობლემა მხოლოდ წინამძღოლობის შეცვლის შემდეგ გადაიჭრა.) ეს ცრუ წინამძღოლების ტიპური გამოვლინებაა. ეს არის ცრუ წინამძღოლის გავრცელებული სახეობა: ისინი, ვინც ბოროტ ადამიანთან ან ანტიქრისტესთან შეხვედრისას ვერ ახერხებენ მათ ამოცნობას და სხვებს ეუბნებიან, რომ იყვნენ მომთმენნი და შემწყნარებელნი, ისწავლონ ამ გამოცდილებიდან და დაემორჩილონ ბოროტ ადამიანს ან ანტიქრისტეს. ისინი არ არჩევენ ანტიქრისტეებს ან ბოროტ ადამიანებს და არც არაფერს მოიმოქმედებენ მათ წინააღმდეგ. ანტიქრისტეების გამოვლინების გზების შესახებ ამდენი თანაზიარების შემდეგ, ყველას, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, ახლა უკვე უნდა შეეძლოს რამდენიმე მათგანის ამოცნობა. მაგრამ შეუძლიათ კი ისეთ ადამიანებს, როგორებიც ცრუ წინამძღოლები არიან, დაინახონ, თუ როგორ შეესაბამება ეს თანაზიარება ანტიქრისტეს გამოვლინებებს? შეუძლიათ მათ ანტიქრისტეების ამოცნობა? (არა.) და რა მოსდევს ანტიქრისტეების ამოცნობის მიმართ მათ უუნარობას? შესაძლებელია, რომ ანტიქრისტემ მათ ძალაუფლება წაართვას, რომ მათ ანტიქრისტეს ეკლესიის გაკონტროლების უფლება მისცენ და, საბოლოოდ, არაფერი მოიმოქმედონ, როდესაც ანტიქრისტე დამოუკიდებელ სამეფოს დააარსებს. თუ მათ არ შეუძლიათ ანტიქრისტეს ამოცნობა, მათ არანაირად არ ძალუძთ მოეპყრონ ანტიქრისტეს, როგორც თავიანთ მტერს, ამხილონ, გაარჩიონ და უარყონ იგი. თუ მათ არ შეუძლიათ ანტიქრისტეს ამოცნობა, დიდი ალბათობით, ისინი ანტიქრისტეს ისე მოეპყრობიან, როგორც ძმას ან დას, მოთმინებითა და შემწყნარებლობით, რაც იწვევს ანტიქრისტეს ძალაუფლებაში მოსვლას ეკლესიაში და მის გაკონტროლებას. ასე რომ, ანტიქრისტეების ამოცნობის უუნარობის შედეგები სერიოზული და წარმოუდგენლად სავალალოა. ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება. მათ არ შეუძლიათ სხვადასხვა სახის ადამიანის არსის ამოცნობა. ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებენ, არის სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგება, წესების გამოყენება, ყველას მიმართ სიყვარულის გამოჩენა და ყველასთვის მონანიების საშუალებისა და შანსის მიცემა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. განა ეს რელიგიური სამღვდელოების მანერა არ არის? განა ეს ფარისევლების მანერა არ არის? ცრუ წინამძღოლები, როდესაც ანტიქრისტეებს აწყდებიან, ჩვეულებრივ ირჩევენ კომპრომისზე წასვლას და დათმობას, და პოულობენ საბაბს ან მიზეზს იმის სამტკიცებლად, რომ ეს სხვების მიმართ სიყვარულით მოპყრობაა. მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ვიღაც პრობლემურია და ანტიქრისტეა, ისინი ვერც დაპირისპირებას ბედავენ და არც იმის გამბედაობა აქვთ, რომ ამოიცნონ და ამხილონ იგი; სწორედ ამას აკეთებენ ცრუ წინამძღოლები. მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთმა ძმამ და დამ უკვე ამოიცნო, რომ ეს ადამიანი ბოროტია ან ანტიქრისტეა, ცრუ წინამძღოლები მაინც იტყვიან: „ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანების განსჯა ან მათი მსუბუქად დაგმობა. ეს ადამიანი ასეთი ენთუზიაზმით იხარჯება და ასე მზადაა საფასურის გადასახდელად — ის არ არის ანტიქრისტე ან ბოროტი ადამიანი. მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე რამდენიმე მკაცრ სიტყვას ამბობს, ეს მას ბოროტად არ აქცევს, ასე არ არის?”“ ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ დაინახონ ადამიანების არსი, და ვერც ანტიქრისტეების ქმედებების შედეგებს ხედავენ. ისინი კვლავაც სიყვარულს, შემწყნარებლობასა და მოთმინებას იჩენენ ანტიქრისტეების მიმართ და მოუწოდებენ კიდეც ანტიქრისტეებს, დაფიქრდნენ, შეიცნონ საკუთარი თავი და ჭეშმარიტად მოინანიონ. როგორც არ უნდა ეცადოს ანტიქრისტე საკუთარი თავის შეცნობას, შეუძლია კი მის ბუნებას შეცვლა? შეუძლია მას ჭეშმარიტად შეიცნოს საკუთარი თავი? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეები ზედაპირულად თითქოს ტოვებენ ზოგიერთ რამეს და ოდნავ იხარჯებიან, შინაგანად ისინი ამბიციებსა და გრანდიოზულ გეგმებს ატარებენ. მიზეზი, რის გამოც ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ამოიცნონ, რომ ასეთი ადამიანები ანტიქრისტეები არიან, არის ის, რომ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება და არც სხვადასხვა ტიპის ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ ჩასწვდნენ სხვადასხვა ადამიანის ბუნება-არსებას და არც ის იციან, როგორ მოეპყრონ ან გაუმკლავდნენ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. როდესაც ხედავენ, რომ სხვები ამხელენ ანტიქრისტეებს, ისინი ვერ ბედავენ შეერთებას და კიდევ უფრო მეტად ეშინიათ ანტიქრისტეების წინააღმდეგ ზომების მიღების, რადგან ეშინიათ შურისძიებისა, თუ ანტიქრისტეებს შეურაცხყოფენ. მათი მიდგომა ანტიქრისტეების მიმართ მხოლოდ მოძღვრებების ქადაგებითა და შეგონებებით შემოიფარგლება. გარდა იმისა, რომ არ შეუძლიათ ბოროტი ადამიანებისა და ანტიქრისტეების ამოცნობა, ცრუ წინამძღოლებს ასევე არ შეუძლიათ ღვთის რჩეულ ხალხს შორის არსებული სხვადასხვა საკითხის გადაჭრა. ეს ამტკიცებს, რომ ცრუ წინამძღოლებს საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება. მათ არ შესწევთ უნარი გადაჭრან რეალური პრობლემები და არანაირად არ შეუძლიათ ღვთის რჩეული ხალხის ჭეშმარიტება-რეალობაში შეყვანა. რაც არ უნდა თქვან ან გააკეთონ ცრუ წინამძღოლებმა, შენ ვერ გაიგონებ სულიწმიდის ნათელის მოფენით შთაგონებულ სინათლის სიტყვებს და, მით უმეტეს, ვერ დაინახავ, რომ ისინი ფლობენ რაიმე ჭეშმარიტება-რეალობას. ამიტომ, ცრუ წინამძღოლებს არ მოაქვთ არავითარი სარგებელი ან დახმარება ადამიანების სიცოცხლეში შესვლის კუთხით. ის მცირე საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, მოიცავს სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგებას, ლოზუნგების ძახილსა და ფორმალურად მოქმედებას. ისინი სრულიად ვერ ასრულებენ იმ როლს, რომელიც წინამძღოლს უნდა ეკისროს.

დღეისათვის ჩვენი თანაზიარება ამით სრულდება. ნახვამდის!

2021 წლის 9 იანვარი

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (2)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება