წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (17)
პუნქტი მეთორმეტე: იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი (ნაწილი მეხუთე)
სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც არღვევენ და ხელს უშლიან ეკლესიის ცხოვრებას
IX. ნეგატივის ფრქვევა
დღეს ჩვენ ვაგრძელებთ თანაზიარებას წინამძღოლებისა და მუშაკების მეთორმეტე პასუხისმგებლობაზე: „იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.“ ეკლესიურ ცხოვრებაში წარმოქმნილ სხვადასხვა ჩაშლასა და არეულობასთან დაკავშირებით გასულ ჯერზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება მერვე საკითხზე — წარმოდგენების გავრცელებაზე — დღეს კი გვექნება თანაზიარება მეცხრეზე — ნეგატივის ფრქვევაზე. ნეგატივის ფრქვევა ასევე ისეთი რამ არის, რაც ხშირად ისმის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსად ამისა, ნეგატივის ფრქვევის ქმედებები ან განცხადებები ასევე უნდა შეიზღუდოს და შეჩერდეს, როდესაც ისინი ეკლესიურ ცხოვრებაში იჩენს თავს, რადგან ნეგატივის ფრქვევა არცერთი ადამიანისთვის არ არის შემაგონებელი; პირიქით, ის გავლენას ახდენს, აწუხებს და ზიანს აყენებს ადამიანებს. შესაბამისად, ნეგატივის ფრქვევა უარყოფითი რამ არის, რომელიც თავისი ბუნებით იმ სხვა ქცევების, ქმედებებისა და განცხადებების მსგავსია, რომლებიც არევ-დარევას იწვევს ეკლესიურ ცხოვრებაში; მას ასევე შეუძლია ადამიანების შეწუხება და უარყოფითი გავლენის მოხდენა. არავის შეუძლია სხვების დამოძღვრა ან მათთვის სარგებლის მოტანა ნეგატივის ფრქვევით; მას მხოლოდ საზიანო შედეგები მოაქვს და ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანების მიერ თავიანთი მოვალეობების ნორმალურ შესრულებაზე. ამგვარად, როდესაც ეკლესიაში ნეგატივის ფრქვევას აქვს ადგილი, ის მსგავსადვე უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს და არ წახალისდეს ან შემწყნარებლობა გამოვლინდეს მის მიმართ.
ა. რა არის ნეგატივის ფრქვევა
პირველ რიგში, მოდით, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გავიგოთ და გავარჩიოთ ნეგატივის ფრქვევა. როგორ უნდა გავარჩიოთ ნეგატივის ფრქვევა? ადამიანების რომელი გამონათქვამები და გამოვლინებები წარმოადგენს ნეგატივის ფრქვევას? უპირველეს ყოვლისა, ნეგატივი, რომელსაც ადამიანები აფრქვევენ, არ არის დადებითი, ეს არის უარყოფითი რამ, რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და წარმოშობილია მათი გახრწნილი ხასიათიდან. გახრწნილი ხასიათი იწვევს სირთულეებს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებასა და ღვთისადმი მორჩილებაში — და ამ სირთულეების გამო ადამიანებში ვლინდება ნეგატიური ფიქრები და სხვა უარყოფითი რა. ეს ყოველივე წარმოიშობა იმ კონტექსტში, როდესაც ისინი ცდილობენ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას; ეს არის ფიქრები და თვალსაზრისები, რომლებიც გავლენას ახდენს და აფერხებს ადამიანებს, როდესაც ისინი ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას ცდილობენ და წარმოადგენს სრულიად ნეგატიურ მოვლნებს. რაოდენ თანხვედრაშიც არ უნდა იყოს ადამიანის წარმოდგენებთან და რაოდენ გონივრულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ნეგატიური ფიქრები და თვალსაზრისები, ისინი არ მომდინარეობს ღვთის სიტყვების გაგებიდან, მით უმეტეს, არ წარმოადგენს ღვთის სიტყვების ემპირიულ ცოდნას. ნაცვლად ამისა, ისინი ადამიანის გონების ნაყოფია და სრულიად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. შესაბამისად, ისინი ნეგატივის, უარყოფითის გამოვლინებაა. იმ ადამიანების განზრახვა, რომლებიც ნეგატივს აფრქვევენ, არის ის, რომ იპოვონ მრავალი ობიექტური მიზეზი ჭეშმარიტების პრაქტიკაში განუხორციელებლობისთვის, რათა დაიმსახურონ სხვა ადამიანების თანაგრძნობა და გაგება. სხვადასხვა ხარისხით ეს ნეგატიური განცხადებები გავლენას ახდენს და ძირს უთხრის ადამიანების მიერ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების მხრივ გამოვლენის ინიციატივას და შეუძლია მრავალ ადამიანს ხელიც კი შეუშალოს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაში. ამ შედეგებისა და უარყოფითი გავლენის გამო ჩვენ მით უმეტეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ეს ნეგატიური რამეები როგორც უარყოფითი, ღვთის საწინააღმდეგო და ჭეშმარიტების მიმართ სრულიად მტრულად განწყობილი. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია ნეგატივის არსის დანახვა და ფიქრობს, რომ ხშირი ნეგატივი ნორმალურია და მას არ აქვს დიდი გავლენა ადამიანების მიერ ჭეშმარიტების ძიებაზე. აზროვნების ეს მიმართულება მცდარია; სინამდვილეში, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს და თუ ვინმეს ნეგატივი მისთვისვე აუტანელი გახდება, ამან შეიძლება ადვილად მიიყვანოს იგი ღალატამდე. ეს საშინელი შედეგი სხვა არაფრით არის გამოწვეული, თუ არა ნეგატივით. მაშ, როგორ უნდა გავარჩიოთ და გავიგოთ ნეგატივის ფრქვევა? მარტივად რომ ვთქვათ, ნეგატივის ფრქვევა ნიშნავს ადამიანთა შეცდომაში შეყვანას და მათთვის ხელის შეშლას ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაში; ეს არის რბილი ტაქტიკის, ერთი შეხედვით ნორმალური მეთოდების გამოყენება ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და მათ დასაბრკოლებლად. არის ეს მათთვის საზიანო? სინამდვილეში ეს მათთვის უკიდურესად დამაზიანებელია. ამრიგად, ნეგატივის ფრქვევა უარყოფითი რამ არის, ის დაგმობილია ღვთის მიერ; ეს არის ნეგატივის ფრქვევის ყველაზე მარტივი განმარტება. მაშ, ზუსტად რა არის ნეგატივის ფრქვევის უარყოფითი კომპონენტი? რა არის უარყოფითი და რას შეუძლია ადამიანებზე მავნე გავლენის მოხდენა, ეკლესიურ ცხოვრებაში არევ-დარევის შეტანა და მისი დაზიანება? რას მოიცავს ნეგატივი? თუ ადამიანებს აქვთ ღვთის სიტყვების წმინდა წვდომა, შეიცავს თუ არა მათ მიერ თანაზიარებული სიტყვები რაიმე ნეგატივს? თუ ადამიანებს აქვთ ჭეშმარიტი მორჩილების დამოკიდებულება ღვთის მიერ მათთვის მოწყობილი გარემოებების მიმართ, მაშინ შეიცავს თუ არა ამ გარემოებების შესახებ მათი ცოდნა რაიმე ნეგატივს? როდესაც ისინი ყველას უზიარებენ თავიანთ ემპირიულ ცოდნას, შეიცავს თუ არა ის რაიმე ნეგატივს? რა თქმა უნდა, არა. რაც შეეხება იმას, რაც ხდება ეკლესიაში ან მათ გარშემო, თუ ადამიანებს შეუძლიათ მისი ღვთისგან მიღება, აქვთ სწორი მიდგომა და შეუძლიათ ჰქონდეთ ძიებისა და მორჩილების დამოკიდებულება, მაშინ შეიცავს თუ არა მომხდარის შესახებ მათი ცოდნა, გაგება და გამოცდილება რაიმე ნეგატივს? (არა.) აბსოლუტურად არა. მაშ, ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ზუსტად რა არის ნეგატივიზმი? როგორ შეიძლება მისი გაგება? განა ნეგატივიზმი არ მოიცავს ამგვარი ბუნების გამოვლინებებს — ადამიანთა ურჩობას, უკმაყოფილებას, წყენასა და აღშფოთებას? ნეგატივიზმის უფრო სერიოზული შემთხვევები ასევე მოიცავს წინააღმდეგობას, დაუმორჩილებლობას და თავხედურ დაპირისპირებასაც კი. ისეთი გამონათქვამების გახმოვანება, რომლებიც ამ ელემენტებს შეიცავს, შეიძლება დახასიათდეს, როგორც ნეგატივის ფრქვევა. მაშ, ამ გამოვლინებებიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანი ნეგატივს აფრქვევს, არის თუ არა მის გულში რაიმე მორჩილება ღვთის მიმართ? რა თქმა უნდა, არა. არის თუ არა რაიმე მზაობა ხორცის წინააღმდეგ ასამბოხებლად და საკუთარი ნეგატივის მოსაგვარებლად? არა — იქ არაფერია წინააღმდეგობის, ურჩობისა და დაპირისპირების გარდა. თუ ადამიანების გულები სავსეა ამ ყველაფრით — თუ მათი გულებს ნეგატიური რამ დაეუფლა, მაშინ ეს წარმოშობს ღვთის მიმართ წინააღმდეგობას, ურჩობასა და დაუმორჩილებლობას. და თუ ეს ასეა, შეძლებენ კი ისინი კვლავაც ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას და ღვთისადმი მორჩილებას? ვერ შეძლებენ; ერთადერთი, რაც მოხდება, არის ის, რომ ისინი დაშორდებიან ღმერთს, გახდებიან უფრო ნეგატიურები და შესაძლოა ეჭვიც კი შეიტანონ, უარყონ და უღალატონ ღმერთს. განა ეს საშიში არ არის? ნებისმიერს, ვინც ხშირად ნეგატიურია, შეუძლია ნეგატივის ფრქვევა, ხოლო ნეგატივის ფრქვევა ნიშნავს ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევას და მის უარყოფას; შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ხშირად აფრქვევენ ნეგატივს, მიდრეკილნი არიან უღალატონ ღმერთს და მიატოვონ იგი ნებისმიერ დროსა თუ ადგილას.
სიტყვა „ნეგატივის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანი ნეგატიური ხდება, მისი განწყობა ძალიან დათრგუნულ მდგომარეობაში ვარდება და იგი ცუდ გუნებაზე დგება. მისი განწყობა სავსეა უარყოფითი ელემენტებით, მას აკლია აქტიური წინსვლისა და სწრაფვის დამოკიდებულება და პოზიტიური, აქტიური თანამშრომლობა და ძიება; უფრო მეტიც, იგი არ ავლენს ნებაყოფლობით მორჩილებას, ნაცვლად ამისა, აჩვენებს უკიდურესად სასოწარკვეთილ განწყობას. რას წარმოადგენს სასოწარკვეთილი განწყობა? წარმოადგენს თუ არა ის ადამიანობის დადებით ასპექტებს? წარმოადგენს თუ არა ის სინდისისა და გონების ქონას? წარმოადგენს თუ არა ის ღირსეულად ცხოვრებას, ადამიანობის ღირსებით ცხოვრებას? (არა.) თუ ის არ წარმოადგენს ამ დადებით რამეებს, მაშინ რას წარმოადგენს? შეუძლია თუ არა მას წარმოადგინოს ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენის ნაკლებობა, ისევე როგორც ჭეშმარიტების ძიებისა და აქტიური წინსვლის მონდომებისა და მტკიცე გადაწყვეტილების ნაკლებობა? შეუძლია თუ არა მას წარმოადგინოს ძლიერი უკმაყოფილება და საკუთარი ამჟამინდელი მდგომარეობისა და სირთულეების გაგების პრობლემა და აწმყოს ფაქტების მიღების სურვილის არქონა? შეუძლია თუ არა მას წარმოადგინოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის გული სავსეა ურჩობით, დაუმორჩილებლობის სურვილით და ამჟამინდელი მდგომარეობიდან თავის დაღწევისა და მისი შეცვლის სურვილით? (დიახ.) ეს არის ის მდგომარეობები, რომლებსაც ადამიანები ავლენენ, როდესაც ისინი ამჟამინდელ ვითარებას ნეგატივით ხვდებიან. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, როდესაც ადამიანები ნეგატიურები არიან, მათი უკმაყოფილება ამჟამინდელი ვითარებითა და იმით, რაც ღმერთმა მოაწყო, არ უტოლდება ისეთ მარტივ რამეს, როგორიცაა უბრალოდ გაუგებრობების ქონა, ვერგაგება, ვერწვდომა ან გამოცდილების მიღების შეუძლებლობა. ვერწვდომა შეიძლება იყოს სულიერი მონაცემების ან დროის საკითხი, რაც ადამიანობის ნორმალური გამოვლინებაა. გამოცდილების მიღების შეუძლებლობა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული ობიექტური მიზეზებით, მაგრამ ეს არ ითვლება უარყოფით რამეებად. ზოგიერთ ადამიანს ასევე არ შეუძლია გამოცდილების მიღება, მაგრამ როდესაც ისინი აწყდებიან ისეთ რამეებს, რაც არ ესმით ან რასაც ვერ სწვდებიან ან ისეთ რამეებს, რისი წვდომაც ან გამოცდაც არ შეუძლიათ, ლოცულობენ ღვთის მიმართ და ეძიებენ მის განზრახვებს, ელიან ღვთისგან გაცისკროვნებასა და განათებას და აქტიურად ეძიებენ და აქვთ თანაზიარება სხვებთან. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი განსხვავებულია; მათ არ აქვთ პრაქტიკის ეს გზები და არც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ. ნაცვლად იმისა, რომ დაელოდონ, ეძიონ ან იპოვონ ვინმე თანაზიარებისთვის, მათ გულებში უჩნდებათ გაუგებრობები, გრძნობენ, რომ მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც ისინი აწყდებიან, არ შეესაბამება მათ სურვილებს, მიდრეკილებებს ან ფანტაზიებს, რასაც მივყავართ დაუმორჩილებლობამდე, უკმაყოფილებამდე, წინააღმდეგობამდე, წუწუნამდე, ამბოხებამდე, თავხედურ დაპირისპირებამდე და სხვა მსგავს უარყოფით რამეებამდე. ამ უარყოფითი რამეების წარმოშობის შემდეგ, ისინი არაფრად აგდებენ მათ და არც ღვთის წინაშე წარდგებიან სალოცავად და დასაფიქრებლად, რათა შეიცნონ საკუთარი მდგომარეობა და გახრწნა. არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს ღვთის განზრახვების საძიებლად ან არ იყენებენ ღვთის სიტყვებს პრობლემების გადასაჭრელად, მით უმეტეს, არ ეძიებენ და არ აქვთ თანაზიარება სხვებთან. ნაცვლად ამისა, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ის, რისიც სჯერათ, სწორი და ზუსტია, გულში ურჩობასა და უკმაყოფილებას ინახავენ და ნეგატიურ ემოციებში რჩებიან გამომწყვდეულნი. როდესაც ამ ემოციებში არიან გამომწყვდეულნი, მათ შესაძლოა შეძლონ მათი გულში ჩაკვლა და ერთი-ორი დღე გაძლება, მაგრამ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მათ გონებაში მრავალი რამ წარმოიშობა, მათ შორის ადამიანური წარმოდგენები და ფანტაზიები, ადამიანური ეთიკა და მორალი, ადამიანური კულტურა, ტრადიციები, ცოდნა და ა.შ. იყენებენ ამ რამეებს იმ პრობლემების შესაფასებლად, გამოსათვლელად და გასაგებად, რომელთა წინაშეც დგანან, სრულიად ებმებიან სატანის მახეში, რაც წარმოშობს უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სხვადასხვა მდგომარეობას. ამ გახრწნილი მდგომარეობებიდან შემდეგ წარმოიშობა სხვადასხვა მცდარი იდეა და თვალსაზრისი და მათ გულებში ამ უარყოფითი რამეების გაკონტროლება უკვე შეუძლებელი ხდება. შემდეგ ეძებენ შესაძლებლობებს, რათა გადმოანთხიონ და აფრქვიონ ეს ყველაფერი. როდესაც მათი გულები სავსეა ნეგატივით, ამბობენ კი ისინი: „შიგნით სავსე ვარ უარყოფითი რამეებით; დაუფიქრებლად არ უნდა ვისაუბრო, რათა სხვები არ დავაზარალო. თუ საუბარი მომინდება და თავს ვერ შევიკავებ, კედელს დაველაპარაკები ან ისეთ რამეს ვეტყვი, რასაც ადამიანის ენა არ ესმის“? აქვთ კი იმდენი კეთილშობილება, რომ ასე მოიქცნენ? (არა.) მაშ, რას აკეთებენ ისინი? ეძებენ შესაძლებლობებს, რომ ჰყავდეთ აუდიტორია, რომელიც მიიღებს მათ ნეგატიურ თვალსაზრისებს, განცხადებებსა და ემოციებს და ამას იყენებენ თავიანთი გულებიდან სხვადასხვა ნეგატიური გრძნობის, როგორებიცაა უკმაყოფილება, დაუმორჩილებლობა და წყენა, გადმოსანთხევად. მათ სჯერათ, რომ ეკლესიურ ცხოვრების დრო საუკეთესო დროა ფრქვევისთვის და კარგი შემთხვევაა მათი ნეგატივის, უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის გადმოსანთხევად, რადგან იქ ბევრი მსმენელია და მათ სიტყვებს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვებზე, რათა ისინიც ნეგატიურები გახდნენ და ამან შეიძლება საზიანო შედეგები მოუტანოს ეკლესიის საქმეს. რა თქმა უნდა, მათ, ვინც ნეგატივს აფრქვევს, ზურგს უკანაც კი არ შეუძლიათ თავის შეკავება; მუდამ ანთხევენ თავიანთ ნეგატიურ საუბარს. როდესაც ბევრი ხალხი არ არის მათი ფრქვევის მოსასმენად, მათ ეს უინტერესოდ ეჩვენებათ, მაგრამ როდესაც ყველა ერთად იკრიბება, უფრო ენერგიულები ხდებიან. ნეგატივის მფრქვეველთა ემოციებიდან, მდგომარეობებიდან და სხვა ასპექტებიდან გამომდინარე, მათი მიზანი არ არის დაეხმარონ ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებაში, სინამდვილის დანახვაში, ღვთის შესახებ გაუგებრობების ან ეჭვების გაფანტვაში, საკუთარი თავისა და საკუთარი გახრწნილი არსის შეცნობაში ან მათი ამბოხებისა და გახრწნის პრობლემების მოგვარებაში, რათა ისინი არ აჯანყდნენ ღვთის წინააღმდეგ ან არ დაუპირისპირდნენ მას, არამედ დაემორჩილონ მას. მათი მიზნები არსებითად ორგვარია: ერთი მხრივ, აფრქვევენ ნეგატივს საკუთარი ემოციების გადმოსანთხევად; მეორე მხრივ, მათი მიზანია უფრო მეტი ადამიანის ჩათრევა ნეგატივში და მათთან ერთად ღვთის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევისა და თავხედური დაპირისპირების მახეში. შესაბამისად, ნეგატივის ფრქვევის ქმედება აბსოლუტურად უნდა შეჩერდეს ეკლესიურ ცხოვრებაში.
ბ. ნეგატივის ფრქვევის სხვადასხვა მდგომარეობა და გამოვლინება
1. ნეგატივის ფრქვევა, როდესაც უკმაყოფილებას გრძნობთ გათავისუფლების გამო
ნეგატიური ემოციები და გამოვლინებები ძირითადად ასეთია. მას შემდეგ, რაც ამაზე თანაზიარება მქონდა, ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა შეადარონ მათ და დაინახონ, რეალურ ცხოვრებაში მათი რომელი ქცევები, გამონათქვამები და მეთოდები წარმოადგენს ნეგატივის ფრქვევას და რა მდგომარეობები იწვევს მათ ნეგატივში ჩავარდნას, რასაც ნეგატივის ფრქვევამდე მივყავართ. მითხარით, ჩვეულებრივ გარემოებებში, რა სიტუაციები იწვევს ადამიანების ნეგატიურობას? როგორია ნეგატივიზმის გავრცელებული ფორმები? (როდესაც ვინმეს ათავისუფლებენ ან როდესაც მათ სხლავენ, მათ გულში შეიძლება გარკვეული ნეგატივი გაჩნდეს.) გათავისუფლება ერთი სცენარია, გასხვლა — მეორე. რატომ იწვევს გათავისუფლება ნეგატივს? (ზოგიერთ ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ, არ აქვს თვითშემეცნება და ფიქრობს, რომ სწორედ მათმა სტატუსმა გამოიწვია მათი დაცემა. შემდეგ ისინი ამბობენ: „რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მწარედ ეცემი“, რითაც გარკვეულ ნეგატიურ თვალსაზრისებს ახმოვანებენ. მათ არ აქვთ გათავისუფლების წმინდა წვდომა; ისინი თავიანთ გულებში ურჩები არიან.) მათ შიგნით არის დაუმორჩილებლობა და უკმაყოფილება, რაც ნეგატიური ემოციებია. წუწუნებენ კი ისინი? (დიახ. ისინი გრძნობენ, რომ გაუძლეს გასაჭირს და გაიღეს საფასური, მუდამ დაუღალავად შრომობდნენ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მიუღიათ და მაინც გაათავისუფლეს. ამიტომ ისინი ამბობენ: „რთულია იყო წინამძღოლი; ვინც წინამძღოლი ხდება, უიღბლოა. საბოლოოდ ყველას ათავისუფლებენ.“) ამ გამონათქვამების გავრცელება ნეგატივის ფრქვევაა. თუ ისინი მხოლოდ დაუმორჩილებლობასა და უკმაყოფილებას ავლენენ, მაგრამ არ ავრცელებენ მას, ეს ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ნეგატივის ფრქვევას. თუ დაუმორჩილებლობიდან და უკმაყოფილებიდან თანდათანობით წარმოიშობა წუწუნის განწყობა და ისინი არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ აქვთ სუსტი სულიერი მონაცემები და არ შეეძლოთ საქმის შესრულება და შემდეგ იწყებენ თავიანთი დამახინჯებული ლოგიკის მტკიცებას, კამათისას წარმოშობენ რა ყოველგვარ განცხადებას, თვალსაზრისს, საბაბს, მიზეზს, ახსნას, გამართლებას და ა.შ., მაშინ ამ ტიპის გამონათქვამების გაკეთება ნეგატივის ფრქვევის ტოლფასია. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი, რომელიც რეალური საქმის შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლეს, გულში დაუმორჩილებლობასა და უკმაყოფილებას ინახავს და არ გააჩნია არავითარი მორჩილება; ისინი მუდამ ფიქრობენ: „ვნახოთ, ვინ შეძლებს ჩემს ჩანაცვლებას წინამძღოლის პოზიციაზე. სხვები ჩემზე უკეთესები არ არიან; თუ მე არ შემიძლია საქმის შესრულება, ვერც ისინი შეძლებენ!“ რა იწვევს მათ ურჩობას? ისინი ფიქრობენ, რომ მათი სულიერი მონაცემები არ არის სუსტი და მათ ბევრი საქმე შეასრულეს, მაშ რატომ გაათავისუფლეს ისინი? ეს არის ცრუ წინამძღოლების შინაგანი ფიქრები. არ უფიქრდებიან და არ შეიცნობენ საკუთარ თავს, რათა დაინახონ, რეალურად შეასრულეს თუ არა რაიმე რეალური საქმე, რამდენი რეალური პრობლემა გადაჭრეს, ან არის თუ არა ფაქტი, რომ მათ ეკლესიის საქმის პარალიზება მოახდინეს. იშვიათად ითვალისწინებენ ამ რამეებს. არ ფიქრობენ, რომ პრობლემა იმაშია, რომ მათ აკლიათ ჭეშმარიტება-რეალობა და არ შეუძლიათ საგნების არსში წვდომა; ნაცვლად ამისა, სჯერათ, რომ რადგან ბევრი საქმე შეასრულეს, ისინი არ უნდა დახასიათდნენ, როგორც ცრუ წინამძღოლები. ეს არის მათი დაუმორჩილებლობისა და უკმაყოფილების მთავარი მიზეზი. მუდამ ფიქრობენ: „მე მრავალი წლის განმავლობაში ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, ყოველდღე ადრე ვდგებოდი და გვიანობამდე ვრჩებოდი, ვისთვის? ღმერთისადმი რწმენის შემდეგ, მე მივატოვე ჩემი ოჯახი, უარი ვთქვი ჩემს კარიერაზე და დაპატიმრებისა და ციხეში ჩასმის რისკის ფასადაც კი ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. რამდენი გასაჭირი ავიტანე! ახლა კი ამბობენ, რომ რეალური საქმე არ შემისრულებია და უბრალოდ მათავისუფლებენ — ეს ძალიან უსამართლოა! მაშინაც კი, თუ არაფრისთვის მიმიღწევია, მე ავიტანე გასაჭირი; თუ გასაჭირი არა, მაშინ დაღლილობა! ჩემი სულიერი მონაცემებითა და საქმეში საფასურის გაღების უნარით, თუ მეც კი მივიჩნევი სტანდარტის შეუსაბამოდ და მათავისუფლებენ, მაშინ ვფიქრობ, რომ თითქმის არ არსებობენ წინამძღოლები, რომლებიც სტანდარტის შესაბამისნი არიან!“ აფრქვევენ კი ისინი ნეგატივს ამ სიტყვების წარმოთქმით? არის კი მათ შორის ერთი წინადადება მაინც, რომელიც მორჩილებას გამოხატავს? არის კი ჭეშმარიტების ძიების სურვილის მცირედი მინიშნებაც კი? არის კი რაიმე თვითრეფლექსია, როგორიცაა: „ისინი ამბობენ, რომ ჩემი საქმე არ შეესაბამება სტანდარტს, მაშ ზუსტად რა მაკლია? რა რეალური საქმე არ შემისრულებია? ცრუ წინამძღოლის რა გამოვლინებებს ვაჩვენებ?“ დაფიქრებულან კი ისინი საკუთარ თავზე ამგვარად? (არა.) მაშ, რა ბუნებისაა ეს სიტყვები, რომლებსაც ისინი ამბობენ? წუწუნებენ ისინი? ამართლებენ საკუთარ თავს? რა არის მათი მიზანი საკუთარი თავის გამართლებისას? განა ეს არ არის ადამიანების თანაგრძნობისა და გაგების მოპოვება? განა არ სურთ, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს მათ დასაცავად, რათა იგლოვონ ის უსამართლობა, რომელიც მათ განიცადეს? (დიახ.) მაშინ ვის წინააღმდეგ გამოდიან ისინი კადნიერად? განა ისინი არ ეკამათებიან ღმერთს და თავხედურად არ უპირისპირდებიან მას? (დიახ.) მათი საუბარი არის ღვთის შესახებ წუწუნი, ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა. მათი გულები სავსეა წყენით, წინააღმდეგობითა და ამბოხებით. არა მხოლოდ ეს, არამედ ნეგატივის ფრქვევით, ისინი მიზნად ისახავენ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაუგოს მათ, თანაგრძნობა გამოუცხადოს და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს ნეგატივი მათ მსგავსად, რათა უფრო მეტ ადამიანს გაუღვივდეს წყენა, წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა ღვთის მიმართ, ან თავხედურად დაუპირისპირდეს მას, ზუსტად მათ მსგავსად. განა ისინი არ აფრქვევენ ნეგატივს ამ მიზნის მისაღწევად? მათი მიზანი უბრალოდ ის არის, რომ უფრო მეტ ადამიანს გააგებინონ საქმის ეგრეთ წოდებული სინამდვილე და სხვები დაარწმუნონ, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან, რომ ის, რაც მათ გააკეთეს, სწორი იყო, რომ ისინი არ უნდა გაეთავისუფლებინათ და რომ მათი გათავისუფლება შეცდომა იყო; მათ სურთ, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს მათ დასაცავად. ამის მეშვეობით, ისინი იმედოვნებენ, რომ აღიდგენენ საკუთარ ღირსებას, სტატუსს და რეპუტაციას. ყველა ცრუ წინამძღოლი და ანტიქრისტე, გათავისუფლების შემდეგ, ამგვარად აფრქვევს ნეგატივს ადამიანების თანაგრძნობის მოსაპოვებლად. არცერთ მათგანს არ შეუძლია დაფიქრდეს და შეიცნოს საკუთარი თავი, აღიაროს თავისი შეცდომები, ან გამოავლინოს ნამდვილი სინანული და მონანიება. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ჭეშმარიტება და საერთოდ არ იღებენ მას. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ისინი გამოაშკარავდებიან და განიდევნებიან, მათ არ შეუძლიათ შეიცნონ საკუთარი თავი ჭეშმარიტებისა და ღვთის სიტყვების მეშვეობით. არავის უნახავს, რომ მათ სინანული გამოეხატოთ ან ჰქონოდათ საკუთარი თავის ნამდვილი ცოდნა და არც არავის უნახავს, რომ მათ ჭეშმარიტი მონანიება გამოევლინოთ. როგორც ჩანს, ისინი ვერასოდეს იძენენ საკუთარი თავის ცოდნას და არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გათავისუფლება სრულიად მართებულია და სულაც არ არის უსამართლო. საკუთარ თავზე დაფიქრებისა და საკუთარი თავის ცოდნის სრული ნაკლებობის, ისევე როგორც ყოველგვარი სინანულის არქონის საფუძველზე, აშკარაა, რომ მათი ანტიქრისტეს ხასიათი მძიმეა და რომ მათ საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება.
ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი გათავისუფლების შემდეგ საერთოდ არ აღიარებს თავის შეცდომებს, არც ჭეშმარიტებას ეძიებს და არც უფიქრდება და შეიცნობს საკუთარ თავს. მათ არ გააჩნიათ მორჩილების მცირედი სურვილი ან დამოკიდებულება. ნაცვლად ამისა, მათ არასწორად ესმით ღმერთი და დრტვინავენ, რომ ღმერთი მათ უსამართლოდ ექცევა და ყველანაირად ცდილობენ იპოვონ სხვადასხვა საბაბი და მიზეზი საკუთარი თავის გასამართლებლად და დასაცავად. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს: „ადრე არასდროს მინდოდა წინამძღოლობა, რადგან ვიცოდი, რომ ეს რთული საქმე იყო. თუ კარგად აკეთებ, არ ჯილდოვდები, ხოლო თუ კარგად ვერ აკეთებ, განთავისუფლებენ და ცუდ სახელს იძენ, დები და ძმები უარყოფენ და სრულიად შერცხვენილი რჩები. ამის შემდეგ როგორღა უნდა გამოჩნდეს ადამიანი ხალხში? ახლა, როცა გამათავისუფლეს, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ წინამძღოლობა ან მუშაკობა ადვილი არ არის; ეს მძიმე და უმადური საქმეა!“ რას ნიშნავს განცხადება: „წინამძღოლობა ან მუშაკობა მძიმე და უმადური საქმეა“? არის კი აქ გადმოცემული ჭეშმარიტების ძიების რაიმე განზრახვა? განა ისე არ არის, რომ მათ შეიძულეს ის ფაქტი, რომ ღვთის სახლმა ისინი წინამძღოლებად ან მუშაკებად დაადგინა და ახლა ამგვარ განცხადებებს იყენებენ სხვების შეცდომაში შესაყვანად? (დიახ.) რა შედეგების მოტანა შეუძლია ამ განცხადებას? ადამიანთა უმეტესობის გონება, აზროვნება და ამ საკითხის მათეული წვდომა და გაგება ამ სიტყვების გავლენის ქვეშ მოექცევა და შეშფოთდება. ეს არის ის შედეგი, რაც ნეგატივის ფრქვევას მოაქვს ადამიანებისთვის. მაგალითად, თუ შენ არ ხარ წინამძღოლი და ამას მოისმენ, შეკრთები და იფიქრებ: „განა ასე არ არის! მე არ უნდა ამირჩიონ წინამძღოლად. თუ ამირჩევენ, სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ყოველგვარი მიზეზი და საბაბი, რომ უარი ვთქვა. ვიტყვი, რომ მაკლია სულიერი მონაცემები და არ შემიძლია საქმის შესრულება.“ ზოგიერთი, ვინც წინამძღოლია, ასევე ექცევა ამ განცხადების გავლენის ქვეშ და ფიქრობს: „რა საშინელებაა! მომავალში მეც იგივე შედეგის წინაშე აღმოვჩნდები, რის წინაშეც ისინი? თუ მოვლენები ასე განვითარდება, მე კატეგორიულ უარს ვამბობ წინამძღოლობაზე.“ აწუხებს თუ არა ადამიანებს ეს ნეგატიური ემოციები და ეს ნეგატიური განცხადება? ისინი აშკარად იწვევენ არევ-დარევას. სულ ერთია, როგორია ადამიანი, აქვს მას კარგი სულიერი მონაცემები თუ სუსტი, როდესაც ამ სიტყვებს ისმენს, უნებლიეთ პირველ რიგში მათ იღებს და ეს სიტყვები მათ გონებაში გაბატონებულ პოზიციას იკავებს და სხვადასხვა ხარისხით ახდენს მათზე გავლენას. რა არის ამ გავლენის ქვეშ მოქცევის შედეგები? ადამიანთა უმეტესობა ვერ შეძლებს სწორად მიუდგეს წინამძღოლობისა და წინამძღოლობიდან გათავისუფლების საკითხს და მათ არ ექნებათ მორჩილების დამოკიდებულება. ნაცვლად ამისა, მათ ექნებათ გული, რომელიც მუდამ არასწორად უგებს და უფრთხის ღმერთს, მათ გაუჩნდებათ ნეგატიური ემოციები ამ საკითხთან დაკავშირებით და იქნებიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი და შეშინებულნი, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრება. როდესაც ადამიანები ამგვარ ქცევებს ავლენენ, განა ისინი არ ვარდებიან სატანის ცდუნებაში და არ არიან შეცდომაში შეყვანილნი? აშკარაა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და შეაწუხეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ნეგატივს აფრქვევენ. რადგან ის, რასაც ნეგატივის მფრქვეველი ადამიანები აფრქვევენ, მომდინარეობს ადამიანების გახრწნილი ხასიათიდან და სატანისგან და რადგან ისინი არ წარმოადგენს ჭეშმარიტების გაგებას ან იმ ემპირიულ შეხედულებებს, რომლებიც მიიღება ღვთის მიერ მოწყობილი გარემოებებისადმი მორჩილებით, ისინი, ვინც მათ ისმენს, სხვადასხვა ხარისხით შეშფოთდებიან. ნეგატივი, რომელსაც ადამიანები აფრქვევენ, ყველაზე ახდენს გარკვეულ საზიანო, შემაშფოთებელ გავლენას. ზოგიერთი, ვინც აქტიურად ეძიებს ჭეშმარიტებას, ნაკლებად დაზარალდება. სხვები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ წინააღმდეგობის უნარი, უნებლიეთ შეშფოთდებიან და ღრმად დაზარალდებიან, თუნდაც იცოდნენ, რომ ეს სიტყვები მცდარია. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ღმერთი, როგორ ატარებს თანაზიარებას ამ საკითხზე, ან რა მოთხოვნები აქვს მას, ისინი უგულებელყოფენ ყოველივე ამას და ნაცვლად ამისა გონებაში იბეჭდავენ ნეგატივის მფრქვეველთა სიტყვებს, მუდამ აფრთხილებენ საკუთარ თავს, რომ არ მოადუნონ სიფხიზლე, თითქოს ეს ნეგატიური განცხადებები მათი დამცავი ქოლგა და ფარი იყოს. რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი, მათ არ შეუძლიათ უარი თქვან თავიანთ სიფრთხილესა და გაუგებრობებზე. ამ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესვლა ჭეშმარიტებაში ან ღვთის სიტყვებში და რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება-რეალობა, არ გააჩნიათ ამ ნეგატიური განცხადებების გარჩევის უნარი და არც მათ მიმართ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. საბოლოოდ ისინი ამ ნეგატიური განცხადებებით იბოჭებიან და იზღუდებიან და აღარ შეუძლიათ ღვთის სიტყვების მიღება. განა ისინი არ დაზარალდნენ ამით? რა ხარისხით დაზარალდნენ ისინი? მათ არ შეუძლიათ ღვთის სიტყვების მიღება ან გაგება, ნაცვლად ამისა, ისინი ადამიანთა მიერ გახმოვანებულ ნეგატიურ სიტყვებს, უკმაყოფილების, დაუმორჩილებლობისა და წუწუნის სიტყვებს დადებით რამეებად მიიჩნევენ, თვლიან მათ თავიანთ პირად დევიზად, რომელსაც გულთან ახლოს ინახავენ და იყენებენ მათ თავიანთი ცხოვრების წარსამართად, ღვთის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გასაწევად და მის სიტყვებთან დასაპირისპირებლად. განა ისინი არ გაებნენ სატანის მახეში? (დიახ.) ეს ადამიანები უნებლიეთ ებმებიან სატანის მახეში და სატანის მიერ არიან დატყვევებულნი. ნეგატიურ განცხადებებს, რომლებსაც ეს ადამიანები ახმოვანებენ ისეთ მარტივ საკითხზე, როგორიცაა თანამდებობიდან გათავისუფლება, მიუხედავად ამისა, უზარმაზარი გავლენა აქვს სხვებზე. ამას თავისი ძირეული მიზეზი აქვს: ისინი, ვინც იღებს ამ ნეგატიურ განცხადებებს, უკვე სავსენი იყვნენ წარმოდგენებითა და ფანტაზიებით — და გარკვეული გაუგებრობებითა და სიფრთხილითაც კი — წინამძღოლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაუგებრობები და სიფრთხილე სრულად არ იყო ჩამოყალიბებული მათ გონებაში, ამ ნეგატიური განცხადებების მოსმენის შემდეგ, ისინი უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ მათი სიფრთხილე და გაუგებრობები სწორია; ისინი გრძნობენ, რომ კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვთ დაიჯერონ, რომ წინამძღოლობას თან ახლავს დიდი უბედურება და არც ისე ბევრი კარგი რამ და რომ ისინი აბსოლუტურად არ უნდა გახდნენ წინამძღოლები ან მუშაკები, რათა თავიდან აიცილონ შეცდომების დაშვების გამო გათავისუფლება და უარყოფა. განა ისინი სრულიად არ არიან შეცდომაში შეყვანილნი და გავლენის ქვეშ მოქცეულნი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ნეგატივს აფრქვევენ? გათავისუფლებული ადამიანის მხოლოდ ნეგატიურ განცხადებებსაც კი, ისევე როგორც მათი დაუმორჩილებლობისა და უკმაყოფილების გრძნობებს, შეუძლია ადამიანებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გავლენისა და ზიანის მოტანა. რას ფიქრობთ — არის თუ არა სერიოზული პრობლემა ის, რომ ადამიანების მიერ გამოფრქვეული ნეგატიური ემოციები სავსეა სიკვდილის ატმოსფეროთი? (დიახ, სერიოზულია.) რატომ არის ეს ასე სერიოზული? იმიტომ, რომ ის სრულყოფილად ერგება ადამიანების ღრმად ფესვგადგმულ თავდაცვით პოზიციასა და გაუგებრობებს ღვთის მიმართ და ამავდროულად ასახავს ადამიანების მიერ ღვთის არასწორად გაგებისა და მასში ეჭვის შეტანის მდგომარეობებს ისევე, როგორც მათ შინაგან დამოკიდებულებას მის მიმართ. შესაბამისად, ნეგატივის მფრქვეველთა მიერ გავრცელებული განცხადებები პირდაპირ ურტყამს ადამიანების ყველაზე სუსტ წერტილში და ადამიანები სრულად იღებენ მათ, ისე სრულყოფილად ებმებიან სატანის მახეში, რომ თავის დაღწევა აღარ შეუძლიათ. კარგია ეს თუ ცუდი? (ცუდია.) რა არის ამის შედეგები? (ეს უბიძგებს ადამიანებს, უღალატონ ღმერთს.) (ეს უბიძგებს ადამიანებს, უფრთხოდნენ და არასწორად უგებდნენ ღმერთს, გულში დაშორდნენ ღმერთს, ნეგატიურად მიუდგნენ თავიანთ მოვალეობებს და შეეშინდეთ მნიშვნელოვანი დავალებების მიღების. ისინი კმაყოფილდებიან ჩვეულებრივი მოვალეობების შესრულებით და ამგვარად ხელიდან უშვებენ სრულყოფის მრავალ შესაძლებლობას.) შეუძლიათ თუ არა ასეთ ადამიანებს გადარჩენა? (არა.)
პავლემ ორი ათასი წლის წინ მრავალი თვალსაზრისი წამოაყენა და მრავალი წერილი დაწერა. ამ წერილებში მან მრავალი მცდარი შეხედულება გამოთქვა. რადგან ადამიანებს აკლიათ გარჩევის უნარი, ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში ბიბლიის მკითხველთა უმეტესობამ მიიღო პავლეს ფიქრები და თვალსაზრისები, ხოლო უფალი იესოს სიტყვები გვერდზე გადადო და არ მიიღო ჭეშმარიტებები ღვთისგან. შეუძლიათ თუ არა მათ, ვინც იღებს პავლეს ფიქრებსა და თვალსაზრისებს, წარდგნენ ღვთის წინაშე? შეუძლიათ თუ არა მათ მისი სიტყვების მიღება? (არა.) თუ მათ არ შეუძლიათ ღვთის სიტყვების მიღება, შეუძლიათ კი ღმერთს მოეპყრონ ისე, როგორც ღმერთს? (არა.) როდესაც ღმერთი მოვა და მათ წინაშე წარდგება, შეძლებენ კი ღვთის ამოცნობას? შეძლებენ კი მის მიღებას თავიანთ ღმერთად და უფლად? (არა.) რატომ არ შეუძლიათ? პავლეს მცდარმა ფიქრებმა და თვალსაზრისებმა აავსო ადამიანების გულები, შექმნა რა ყოველგვარი თეორია და გამონათქვამი. როდესაც ადამიანები იყენებენ ამ ყველაფერს ღვთის, მისი საქმის, მისი სიტყვების, მისი ხასიათისა და ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულების შესაფასებლად, ისინი აღარ არიან ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის გახრწნილი ადამიანები, არამედ უპირისპირდებიან ღმერთს, გულდასმით შეისწავლიან და აანალიზებენ მას და მტრულად განეწყობიან მის მიმართ. შეუძლია თუ არა ღმერთს ასეთი ადამიანების გადარჩენა? (არა.) თუ ღმერთი არ გადაარჩენს მათ, ექნებათ კი კვლავ ხსნის მიღების შესაძლებლობა? ღვთის წინასწარგანსაზღვრამ და გამორჩევამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, მაგრამ თუ ღვთის წინასწარგანსაზღვრისა და გამორჩევის შემდეგ ადამიანების მიერ არჩეული გზა პავლეს მიჰყვება, კვლავ იარსებებს კი ხსნის ეს შესაძლებლობა? ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე ღვთის მიერ ვიყავი წინასწარგანსაზღვრული და რჩეული, ამიტომ უკვე უსაფრთხო ზონაში ვარ. მე აუცილებლად გადავრჩები.“ არის კი ეს სიტყვები საფუძვლიანი? რას ნიშნავს იყო ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრული და რჩეული? ეს ნიშნავს, რომ შენ გახდი ხსნის კანდიდატი, მაგრამ გადარჩები თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ისწრაფვი და აირჩიე თუ არა სწორი გზა. ნუთუ ყველა კანდიდატი იქნება შერჩეული და გადარჩენილი საბოლოოდ? არა. მსგავსად ამისა, თუ ადამიანები იღებენ ისეთ გრძნობებს, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, უკმაყოფილება და წყენა ან იმ გამონათქვამებს, ფიქრებსა და თვალსაზრისებს, რომლებსაც გამოხატავენ ნეგატივის მფრქვეველნი და მათი გულები სავსეა და დაპყრობილია ამ უარყოფითი რამეებით, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უბრალოდ ოდნავ ეთანხმებიან მათ — ეს ნიშნავს, რომ ისინი სრულად იღებენ მათ და სურთ ამ რამეებით ცხოვრება. როდესაც ადამიანები ამ უარყოფითი რამეების მიხედვით ცხოვრობენ, რად იქცევა მათი ურთიერთობა ღმერთთან? ის მტრულ ურთიერთობად იქცევა. ეს არ არის ურთიერთობა შემოქმედსა და ქმნილებებს შორის, არც ურთიერთობა ღმერთსა და გახრწნილ კაცობრიობას შორის და მით უმეტეს, არ არის ურთიერთობა ღმერთსა და მათ შორის, ვინც ხსნას იღებს. ნაცვლად ამისა, ის იქცევა ურთიერთობად ღმერთსა და სატანას შორის, ღმერთსა და მის მტრებს შორის. ამგვარად, მიიღებენ თუ არა ადამიანები ხსნას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, უცნობი ხდება. გათავისუფლებულთა მიერ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები სავსეა საყვედურებით, გაუგებრობებით, გამართლებებითა და თავდაცვით; ისინი იმასაც კი ამბობენ, რაც შეცდომაში შეიყვანს და თავისკენ მიიზიდავს ადამიანებს. ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ, ადამიანებს უჩნდებათ გაუგებრობები და თავდაცვითი პოზიცია ღვთის მიმართ და გულში შორდებიან და უარყოფენ კიდეც მას. ამრიგად, როდესაც ასეთი ადამიანები ნეგატივს აფრქვევენ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეიზღუდონ და შეჩერდნენ. მათი უუნარობა, ღვთისგან მიიღონ ის სიტუაციები, რომლებსაც განიცდიან, ეძიონ ჭეშმარიტება და დაემორჩილონ ღმერთს, მათივე პრობლემაა და მათ არ უნდა მიეცეთ სხვებზე გავლენის მოხდენის უფლება. თუ მათ არ შეუძლიათ ამის მიღება, დაე, ნელ-ნელა მოინელონ და მოაგვარონ ის. მაგრამ თუ ისინი აფრქვევენ ნეგატივს და გავლენას ახდენენ და ხელს უშლიან სხვა ადამიანების ნორმალურ შესვლას, ისინი დროულად უნდა შეჩერდნენ და შეიზღუდონ. თუ მათი შეზღუდვა შეუძლებელია და ისინი აგრძელებენ ნეგატივის ფრქვევას ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და თავის მხარეზე გადასაბირებლად, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოიცილონ. მათ არ უნდა მიეცეთ ეკლესიურ ცხოვრებაში არევ-დარევის შეტანის გაგრძელების უფლება.
2. ნეგატივის ფრქვევა, როდესაც უარს ამბობთ გასხვლაზე
არსებობს კიდევ ერთი ვითარება, როდესაც ადამიანები მიდრეკილნი არიან ნეგატივის ფრქვევისკენ: როდესაც ისინი გასხვლის წინაშე დგებიან და ვერ იღბენ გასხვლასთან დაკავშირებულ სიტყვებს, მათ გულებში ისადგურებს ურჩობა, უკმაყოფილება და წყენა და ზოგჯერ თავს უსამართლოდ დაჩაგრულადაც კი გრძნობენ. მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ უსამართლობა გამოიჩინეს: „რატომ არ მაძლევენ უფლებას, ავხსნა ან განვმარტო ჩემი საქციელი? რატომ მსხლავენ განუწყვეტლივ?“ რა სახის ნეგატივს აფრქვევენ ჩვეულებრივ ასეთი ადამიანები? ისინი ასევე ეძებენ მიზეზებს საკუთარი თავის გასამართლებლად და დასაცავად. ნაცვლად იმისა, რომ გაანალიზონ, გამოასწორონ ან გამოისყიდონ თავიანთი შეცდომები, ისინი თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ და ამბობენ, თუ რატომ ვერ შეასრულეს რაღაც კარგად, რა იყო ამის მიზეზი, როგორი იყო ობიექტური ფაქტორები და პირობებიდა რომ ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. ისინი იყენებენ ამ საბაბს საკუთარი თავის გასამართლებლად და დასაცავად, რათა მიაღწიონ გასხვლაზე უარის თქმის მიზანს. ეს ადამიანები არ აღიარებენ, რომ გასხვლა სწორია და აანალიზებენ გასხვლის შემთხვევას ბევრ სხვა ადამიანთან ერთად და ცდილობენ, ყველას წინაშე ნათლად ახსნან ეს საკითხი. ისინი ასეთ მოსაზრებებსაც კი ავრცელებენ: „ამგვარი გასხვლა ადამიანებს მოვალეობების შესრულების სურვილს დაუკარგავს. აღარავის ენდომება თავისი მოვალეობების შესრულება. ხალხს აღარ ეცოდინება, როგორ მოიქცეს და აღარ ექნება პრაქტიკის გზა.“ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გარეგნულად თანაზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ გასხვლას, მაგრამ სინამდვილეში, ისინი იყენებენ თანაზიარებას საკუთარი თავის გასამართლებლად და დასაცავად, რითაც უფრო მეტ ადამიანს აჯერებენ, რომ ღვთის სახლი ადამიანებთან მოპყრობისას საერთოდ არ ითვალისწინებს მათ გრძნობებს და რომ მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გასხვლა გამოიწვიოს. ისინი, ვინც მიდრეკილნი არიან ნეგატივის ფრქვევისკენ, არასოდეს მიმართავენ თვითრეფლექსიას. მაშინაც კი, როდესაც გასხვლის წინაშე დგებიან, ისინი არ უფიქრდებიან თავიანთი შეცდომების ბუნებას ან იმას, თუ რამ გამოიწვია ისინი. ისინი არ კვეთენ ამ საკითხებს, არამედ მუდმივად თავის სიმართლეს ამტკიცებენ, ამართლებენ და იცავენ საკუთარ თავს. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს: „სანამ გამსხლავდნენ, ვგრძნობდი, რომ არსებობდა გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდი. მაგრამ როდესაც გამსხლეს, დავიბენი. აღარ ვიცი, როგორ განვახორციელო პრაქტიკაში ან როგორ მწამდეს ღმერთი და ვეღარ ვხედავ წინსვლის გზას.“ ისინი სხვებსაც ეუბნებიან: „თქვენ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გაგსხლან; ეს ისეთი მტკივნეულია, თითქოს კანის ფენას გაცლიან. არ გაჰყვეთ ჩემს ძველ გზას. შეხედეთ, რა დამემართა გასხვლის შემდეგ. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, არც წინ წასვლა შემიძლია და არც უკან; რასაც ვაკეთებ, ყველაფერი არასწორია!“ არის ეს სიტყვები სწორი? არის მათში რაიმე პრობლემა? (დიახ. ისინი ამართლებენ საკუთარ თავს და თავის სიმართლეს ამტკიცებენ, ამბობენ, რომ არაფერი დაუშავებიათ.) რა გზავნილი გადმოიცემა ამ გამართლებისა და საკუთარი სიმართლის მტკიცების მეშვეობით? (ისინი ამბობენ, რომ ღვთის სახლი ცდება, როდესაც ადამიანებს სხლავს.) ზოგიერთი ამბობს: „გასხვლამდე ვგრძნობდი, რომ მქონდა გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდი, მაგრამ გასხვლის შემდეგ აღარ ვიცი, რა გავაკეთო.“ რატომ ხდება ისე, რომ მათ არ იციან, რა გააკეთონ გასხვლის შემდეგ? რა არის ამის მიზეზი? (როდესაც გასხვლის წინაშე დგებიან, ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას და არ ცდილობენ საკუთარი თავის შეცნობას. ისინი გულში იტოვებენ გარკვეულ წარმოდგენებს და არ ეძიებენ ჭეშმარიტებას მათ მოსაგვარებლად. ეს მათ გზის გარეშე ტოვებს. ნაცვლად იმისა, რომ მიზეზი საკუთარ თავში ეძიონ, ისინი საპირისპიროს ამტკიცებენ, რომ სწორედ გასხვლამ დააკარგვინა მათ გზა.) განა ეს საპასუხო ბრალდება არ არის? ეს იმის თქმას ჰგავს: „ის, რაც მე გავაკეთე, პრინციპების შესაბამისი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ჩემი გასხვლა ნათელს ხდის, რომ შენ არ მაძლევ უფლებას, საქმეები პრინციპების მიხედვით ვაწარმოო. მაშ, როგორ უნდა განვახორციელო პრაქტიკაში მომავალში?“ სწორედ ამას გულისხმობენ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეებს ამბობენ. იღებენ ისინი გასხვლას? იღებენ ისინი იმ ფაქტს, რომ შეცდომები დაუშვეს? (არა.) განა ეს განცხადება სინამდვილეში იმას არ ნიშნავს, რომ მათ იციან, როგორ ჩაიდინონ დაუფიქრებლად ბოროტი საქმეები, მაგრამ როდესაც სხლავენ და სთხოვენ პრინციპების მიხედვით მოქმედებას, მათ არ იციან, რა გააკეთონ და იბნევიან? (დიახ.) მაშ, როგორ აკეთებდნენ ისინი საქმეებს მანამდე? როდესაც ვინმე გასხვლის წინაშე დგება, განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ ის პრინციპების მიხედვით არ მოქმედებდა? (დიახ.) ისინი დაუფიქრებლად სჩადიან ბოროტ საქმეებს, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ აკეთებენ საქმეებს პრინციპების ან ღვთის სახლის წესების მიხედვით, ამიტომაც იღებენ გასხვლას. გასხვლის მიზანია, მისცეს ადამიანებს ჭეშმარიტების ძიებისა და პრინციპების მიხედვით მოქმედების საშუალება, რათა თავიდან აიცილოს მათ მიერ ბოროტი საქმეების კვლავ დაუფიქრებლად ჩადენა. თუმცა, როდესაც გასხვლის წინაშე დგებიან, ეს ადამიანები ამბობენ, რომ აღარ იციან, როგორ იმოქმედონ ან როგორ განახორციელონ პრაქტიკაში — შეიცავს თუ არა ეს სიტყვები თვითშემეცნების რაიმე ელემენტს? (არა.) მათ არ აქვთ განზრახვა, შეიცნონ საკუთარი თავი ან ეძიონ ჭეშმარიტება. ნაცვლად ამისა, ისინი გულისხმობენ: „მე ადრე ძალიან კარგად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ გამსხალი, შენ აურიე ჩემი ფიქრები და დამაბნიე ჩემი მოვალეობებისადმი მიდგომაში. ახლა ჩემი აზროვნება არ არის ნორმალური და აღარ ვარ ისეთი მტკიცე ან თამამი, როგორც ადრე ვიყავი, აღარ ვარ ისეთი მამაცი და ეს ყველაფერი გასხვლის გამოა. მას შემდეგ, რაც გამსხლეს, ჩემი გული ღრმად დაიჭრა. ამიტომ, სხვებს უნდა ვუთხრა, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. მათ არ უნდა გამოავლინონ თავიანთი ნაკლოვანებები ან დაუშვან შეცდომა; თუ შეცდომას დაუშვებენ, მათ გასხლავენ და შემდეგ ისინი გახდებიან მშიშრები და დაკარგავენ იმ შემართებას, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ. მათი თამამი სული მნიშვნელოვნად დაჩლუნგდება და მათი ახალგაზრდული გამბედაობა და სურვილი, რომ ყველაფერი გაიღონ, გაქრება, რაც მათ აქცევს უსუსურებად, მშიშრებად, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ და გაუჩენს განცდას, რომ რასაც აკეთებენ, არაფერია სწორი. ისინი გულში ვეღარ იგრძნობენ ღვთის თანამყოფობას და იგრძნობენ, რომ სულ უფრო შორდებიან მას. ლოცვა და ღვთისადმი შეღაღადებაც კი თითქოს უპასუხოდ დარჩება. ისინი იგრძნობენ, რომ აღარ აქვთ იგივე სასიცოცხლო ძალა, ენთუზიაზმი და მშვენიერება და საკუთარ თავსაც კი აღარაფრად ჩააგდებენ.“ არის კი ეს გამოცდილების მქონე ადამიანის მიერ თანაზიარებული გულწრფელი სიტყვები? არის კი ისინი ნამდვილი? დამოძღვრავს კი ეს სიტყვები ადამიანებს ან რაიმე სარგებელი მოაქვს მათთვის? განა ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯება არ არის? (დიახ, ეს სიტყვები საკმაოდ აბსურდულია.) ისინი ამბობენ: „არ გამოყვეთ ჩემს კვალს და არ გაიმეოროთ ჩემი ძველი გზა! თქვენ ახლა ხედავთ, რომ საკმაოდ კარგად ვიქცევი, მაგრამ სინამდვილეში, იმ გასხვლის შემდეგ უბრალოდ შევშინდი და აღარ ვარ ისეთი თავისუფალი და ლაღი, როგორც ადრე ვიყავი.“ რა გავლენას ახდენს ეს სიტყვები მსმენელებზე? (ისინი ადამიანებს ღვთის მიმართ უფრო მეტ სიფრთხილეს უნერგავენ, რაც აიძულებს მათ, გასხვლის შიშით ფრთხილად იმოქმედონ.) მათ სწორედ ასეთი ნეგატიური გავლენა აქვთ. ამის მოსმენის შემდეგ ადამიანები იფიქრებენ: „ნამდვილად ასეა! ერთი მცირე უყურადღებობა და გასხვლას იღებ — ამის თავიდან აცილება შეუძლებელია! რატომ უნდა იყოს ღვთის სახლში მოვალეობების შესრულება ასეთი რთული? მუდმივად ჭეშმარიტება-პრინციპებზე საუბრობენ — ეს მართლაც ძალიან მომთხოვნია! განა არ შეიძლება უბრალოდ მარტივი, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრება? ეს არ არის მაღალი მოთხოვნა ან გადაჭარბებული იმედი, მაგრამ რატომ არის მისი მიღწევა ასეთი რთული? ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ არ გამსხლავენ. მე ძალიან მშიშარა ადამიანი ვარ; ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანები მიბღვერენ და ხმამაღლა მელაპარაკებიან, გული საგულედან მივარდება. მართლა რომ გასხვლის წინაშე აღმოვჩნდე და სიტყვები ასეთი მკაცრი იყოს, რომლებიც ფაქტებს გააშიშვლებენ, როგორ გავუმკლავდები ამას? განა ეს კოშმარებს არ გამიჩენს? ყველა ამბობს, რომ გასხვლა კარგია, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ეს ასეა. განა ის ადამიანი არ შეშინდა ამით? მეც რომ გავისხლებოდი, მეც შევშინდებოდი.“ განა ეს არ არის ის გავლენა, რომელსაც იწვევს იმ ადამიანთა სიტყვები, რომლებიც ნეგატივს აფრქვევენ? არის ეს გავლენა პოზიტიური თუ ნეგატიური? (ნეგატიური.) ამ ნეგატიურ განცხადებებს შეუძლია უდიდესი ზიანი მიაყენოს მათ, ვისაც ჭეშმარიტების ძიება სურს! მაშ, მითხარით, არიან თუ არა სატანის მსახურნი ისინი, ვინც ხშირად აფრქვევენ ნეგატივს და ავრცელებენ სიკვდილს? არიან თუ არა ისინი ადამიანები, რომლებიც ეკლესიის საქმეს არევ-დარევას უქმნიან? (დიახ.)
ზოგიერთი ადამიანი საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოქმედებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება. გასხვლის შემდეგ ისინი გრძნობენ, რომ მიუხედავად ასეთი მძიმე შრომისა და ფასის გადახდისა, ისინი მაინც გაისხლნენ, ამიტომ მათი გულები ურჩობით ივსება და ისინი არ იღებენ მხილებასა თუ ანალიზს. მიაჩნიათ, რომ ღმერთი უსამართლოა და ღვთის სახლი უსამართლოდ ექცევა მათ, რადგან ისეთი გამოსადეგი და ნიჭიერი ადამიანები, როგორებიც ისინი არიან, რომლებიც ამდენ ტანჯვას იტანენ და ასეთ მაღალ ფასს იხდიან, ღვთის სახლისგან დაუფასებელი რჩებიან და ისხვლებიან კიდეც. მათი ურჩობიდან იბადება საყვედურები და ისინი აფრქვევენ თავიანთ ნეგატივს: „როგორც ვხედავ, ღმერთის რწმენაზე რთული არაფერია; მართლაც რთულია გარკვეული კურთხევების მიღება და ცოტაოდენი მადლით ტკბობა. მე ასეთი მაღალი ფასი გადავიხადე, მაგრამ ერთი საქმის ცუდად შესრულებისთვის გამსხლეს. თუ ჩემნაირი ადამიანი არ არის ამ საქმისთვის შესაფერისი, სხვა ვინ შეიძლება იყოს? განა ღმერთი სამართლიანი არ არის? რატომ ხდება ისე, რომ მე არ შემიძლია მისი სამართლიანობის შეცნობა? როგორ არის ღვთის სამართლიანობა ასე შეუსაბამო ადამიანების წარმოდგენებთან?“ ისინი არ აანალიზებენ იმას, რაც გააკეთეს და რაც პრინციპებს ეწინააღმდეგება ან იმას, თუ როგორი გახრწნილი ხასიათი გამოავლინეს. მათ არა მხოლოდ სინანულის ან მორჩილების ნატამალიც კი არ გააჩნიათ, არამედ ღიად განიკითხავენ და წინააღმდეგობასაც კი სწევენ. მათი ასეთი განცხადების მოსმენის შემდეგ ადამიანთა უმეტესობა იწყებს მათდამი გარკვეულ თანაგრძნობას და მათი გავლენის ქვეშ ექცევა: „მართალია, არა? მათ ოცი წელია სწამთ ღმერთი და მაინც ასეთი გასხვლის წინაშე აღმოჩნდნენ. თუ ის, ვისაც ოცი წელია სწამს, შეიძლება ვერ გადარჩეს, მაშინ ჩვენნაირ ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლები იმედი აქვთ.“ განა ისინი არ მოიწამლნენ? როგორც კი ნეგატივი იფრქვევა, საწამლავი ითესება, როგორც ადამიანების გულებში ჩათესილი თესლი, რომელიც მათ გონებაში ფესვს იდგამს, აღმოცენდება, ჰყვავის და ნაყოფს იძლევა. შეუმჩნევლად, ისინი იწამლებიან და მათში ღვთის მიმართ წინააღმდეგობა და საყვედურები იბადება. როდესაც ეს ადამიანები ისხლებიან, ღვთის მიმართ ურჩნი ხდებიან და უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ მოექცა მათ ღვთის სახლი. მონანიებისა და დანაშაულის აღიარების დამოკიდებულების მიღების ნაცვლად, ისინი თავის სიმართლეს ამტკიცებენ, გამართლებას ეძებენ და თავს იცავენ. ისინი ყველგან ავრცელებენ იმას, თუ რამდენი გასაჭირი გადაიტანეს, რა საქმე შეასრულეს და რა მოვალეობები აღასრულეს თავიანთი რწმენის მრავალი წლის განმავლობაში და რომ ახლა ჯილდოს მიღების ნაცვლად, გასხვლის წინაშე დგანან. ისინი არა მხოლოდ ვერ აცნობიერებენ გასხვლის მეშვეობით საკუთარ გახრწნასა და დაშვებულ შეცდომებს, არამედ ავრცელებენ მოსაზრებას, რომ ის, თუ როგორ მოექცა მათ ღვთის სახლი, უსამართლო და არაგონივრულია, რომ მათ ასე არ უნდა მოპყრობოდნენ და თუ ასე ექცევიან, მაშინ ღმერთი არ არის სამართლიანი. მიზეზი, რის გამოც ისინი ამ ნეგატივს აფრქვევენ, არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ გასხვლის ან იმ ფაქტის მიღება, რომ შეცდომები დაუშვეს, მით უმეტეს არ იღებენ და არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მათ ზიანი მიაყენეს დებისა და ძმების სიცოცხლეში შესვლასა და ეკლესიის საქმეს. მათ მიაჩნიათ, რომ სწორად იმოქმედეს და რომ ღვთის სახლი შეცდა, როდესაც მან ისინი გასხლა. ნეგატივის ფრქვევით მათ სურთ უთხრან ხალხს, რომ ღვთის სახლი უსამართლოა ადამიანების მიმართ მოპყრობაში: როგორც კი ვინმე შეცდომას დაუშვებს, ღვთის სახლი ამას მის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებს, ჩაეჭიდება ამ საკითხს და დაუნდობლად გასხლავს მას, იქამდე, სანამ ის დამყოლი არ გახდება და არ იფიქრებს, რომ არავითარი წვლილი არ შეუტანია, სანამ აღარ ეყოლება ვინმე, ვინც მას კერპად გაიხდის, აღარ დააფასებს საკუთარ თავს და აღარ გაბედავს ღვთისგან ჯილდოს მოთხოვნას — მხოლოდ მაშინ მიაღწევს ღვთის სახლი თავის მიზანს. ამ ნეგატივის ფრქვევის მიზანია, უბიძგონ უფრო მეტ ადამიანს, გამოესარჩლოს მათ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს „საქმის ჭეშმარიტება“ და დაინახოს, თუ რამდენი ტანჯვა გადაიტანეს მათ ღმერთის რწმენის მრავალი წლის განმავლობაში, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათი წვლილი და რამდენად კვალიფიციურნი არიან ისინი და როგორი გამოცდილი მორწმუნეები არიან. ამით მათ სურთ, რომ სხვებიც მათ მხარეს დადგნენ, რათა ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა ღვთის სახლის წესებსა და იმ გასხვლას, რომელიც ღვთის სახლმა მათ მიმართ გამოიყენა. განა ეს თავისი ბუნებით ადამიანების საკუთარ მხარეზე გადაბირება არ არის? (დიახ.) ამგვარად, ნეგატივის ფრქვევის მიზანია ადამიანების საკუთარ მხარეზე გადაბირება და მათი შეცდომაში შეყვანა და ისინი ეკლესიის საქმეს არევ-დარევას უქმნიან, რათა თავიანთი წყენა გადმოანთხიონ. მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს საბოლოოდ ადამიანებზე მათი ნეგატივის ფრქვევა, ეფექტი და შედეგი ის არის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და აბრკოლებენ, რომ ისინი ზარალდებიან. ეს არ არის შემაგონებელი. ეს ნეგატიური გავლენაა.
როდესაც ადამიანები გასხვლის წინაშე დგებიან, ძირითადად სწორედ ამგვარ ნეგატივს აფრქვევენ. მათ არ შეუძლიათ გასხვლის მიღება, გულში უკმაყოფილონი და ურჩნი არიან და არ შეუძლიათ ამის ღვთისგან მიღება. მათი პირველი რეაქცია არ არის ის, რომ ეძიონ ჭეშმარიტება გასხვლასთან დაკავშირებით და მიმართონ თვითრეფლექსიას, შეიცნონ და გაანალიზონ საკუთარი თავი, რათა დაინახონ, კონკრეტულად რა დააშავეს, შეესაბამებოდა თუ არა მათი ქმედებები პრინციპებს, რატომ გასხლა ისინი ღვთის სახლმა და იყო თუ არა მათ მიმართ ასეთი მოპყრობა პირადი წყენით გამოწვეული, თუ სამართლიანი და გონივრული. მათი პირველი რეაქცია არ არის ამ ყველაფრის ძიება — ნაცვლად ამისა, მათი პირველი რეაქციაა დაეყრდნონ თავიანთ კვალიფიკაციას, გადატანილ გასაჭირსა და ღვთისათვის თავის გაღებას, რათა წინ აღუდგნენ გასხვლას. ამგვარად, ყველაფერი, რაც მათ გულში იბადება, აუცილებლად ნეგატიური იქნება და არაფერი ექნება პოზიტიური. ამიტომ, როდესაც ისინი თანაზიარებენ თავიანთ გრძნობებსა და გაგებაზე გასხვლის შემდეგ, ისინი უდავოდ აფრქვევენ ნეგატივს და ავრცელებენ წარმოდგენებს. ნეგატივის ფრქვევა და წარმოდგენების გავრცელება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს და არ უნდა მოხდეს მათი შეწყნარება და უგულებელყოფა. ეს ნეგატიური რამ დააბრკოლებს, არევ-დარევას გამოიწვევს და ზიანს მიაყენებს თითოეული ადამიანის სიცოცხლეში შესვლას. ის ვერ შეასრულებს პოზიტიურ როლს და მით უმეტეს, ვერ შთააგონებენ ადამიანებს ღვთისადმი ერთგულებას ან თავიანთი მოვალეობების ერთგულად შესრულებას. შესაბამისად, როდესაც ასეთი ადამიანები ნეგატივს აფრქვევენ, ისინი არღვევენ ეკლესიურ ცხოვრებას და უნდა შეიზღუდონ.
3. ნეგატივის ფრქვევა, როდესაც ადამიანის რეპუტაცია, სტატუსი და ინტერესები შელახულია
გათავისუფლების ან გასხვლის შემდეგ ნეგატივის ფრქვევის გარდა, ადამიანები კიდევ რა ვითარებაში აფრქვევენ ნეგატივს? (როდესაც ადამიანების ინტერესები ილახება და ისინი გრძნობენ, რომ იზარალეს.) (ზოგიერთი ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობებს, მაგრამ როდესაც ავად ხდებიან ან მათ ოჯახებს უბედურება ატყდებათ თავს, ისინი ამბობენ: „რა მივიღე ამდენი წლის განმავლობაში ღმერთის რწმენით?“) ნეგატივით სავსე ადამიანების გავრცელებული „ფრთიანი ფრაზაა“: „რა მივიღე მე?“ კიდევ რა ვითარებები არსებობს? (ზოგიერთი ადამიანი არა მხოლოდ ვერ აღწევს შედეგებს თავის მოვალეობებში, არამედ ხშირად უშვებს შეცდომებს, ამიტომ ისინი ამბობენ: „რატომ ჰფენს ღმერთი ნათელს სხვებს და არა მე? რატომ მისცა ღმერთმა მათ ასეთი კარგი სულიერი მონაცემები, მაშინ როცა ჩემი სულიერი მონაცემები ასეთი დაბალია?“ ნაცვლად იმისა, რომ მიმართონ თვითრეფლექსიას საკუთარ პრობლემებზე, ისინი პასუხისმგებლობას ღმერთს აკისრებენ და ამბობენ, რომ ღმერთმა არ მოჰფინა მათ ნათელი ან არ გაუძღვა მათ და შემდეგ განუწყვეტლივ წუწუნებენ ღმერთზე.) ისინი ამტკიცებენ, რომ ღმერთი უსამართლოა, კითხულობენ, რატომ ჰფენს იგი ნათელს და ანიჭებს მადლს სხვებს და არა მათ, ბუზღუნებენ იმაზე, თუ რატომ ვერ აღწევენ შედეგებს თავიანთ მოვალეობებში — ისინი წუწუნებენ. თქვენ მიერ მოყვანილი მაგალითები კარგია. კიდევ არის რამე? (ზოგიერთი ადამიანი წყენით ივსება, როდესაც მათი მოვალეობების კორექტირება ხდება, კითხულობენ, რატომ მოხდა ეს და ეჭვობენ, რომ წინამძღოლები და მუშაკები მათ ერჩიან და საქმეს ურთულებენ.) გრძნობენ თუ არა ისინი, რომ ღვთის სახლი მათ ზემოდან უყურებს? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ასრულებს რეალურ საქმეს, თავისუფლდება და განიდევნება და ისინი გრძნობენ, რომ მათი რეპუტაცია და სტატუსი შეილახა. თავიანთი უკმაყოფილების გადმოსანთხევად, ისინი მუდმივად ზურგს უკან წუწუნებენ: „მე ცოტა ხანია, რაცღმერთი მწამს, ჩემი წვდომის უნარი არ ვარგა და დაბალი სულიერი მონაცემები მაქვს. სხვებს ვერ ვედრები. თუ ამბობენ, რომ უნარი არ შემწევს, ესე იგი ასეა!“ ერთი შეხედვით, ისინი აღიარებენ თავიანთ ნაკლოვანებებს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული სიკეთენი, განუწყვეტლივ წუწუნებენ და ამბობენ ისეთ რამეებს, რათა მოიპოვონ ადამიანების თანაგრძნობა და აგრძნობინონ მათ, რომ ღვთის სახლი უსამართლოა. როგორც კი მათი ინტერესები ილახება, ისინი ხალისს კარგავენ და მუდმივად იმედოვნებენ, რომ აინაზღაურებენ დანაკარგს და მიიღებენ კომპენსაციას. თუ ასე არ ხდება, ისინი კარგავენ ღვთის რწმენას და აღარ იციან, როგორ სწამდეთ მისი და ამბობენ ასეთ რამეებს: „ადრე ვფიქრობდი, რომ ღმერთის რწმენა შესანიშნავი იყო და რომ ეკლესიაში წინამძღოლად ან მუშაკად ყოფნა აუცილებლად მომიტანდა დიდ კურთხევას. არასოდეს მოველოდი, რომ გამათავისუფლებდნენ და მომკვეთდნენ და სხვები უარმყოფდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ღვთის სახლში ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო! ყველა, ვისაც ღმერთი სწამს, აუცილებლად კარგი ადამიანი არ არის და ყველაფერი, რასაც ღვთის სახლი აკეთებს, არ წარმოადგენს ღმერთს ან სამართლიანობას.“ რა ბუნებას ატარებს ამგვარი განცხადებები? მათი სიტყვები, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად, თავდასხმას შეიცავს. ისინი გამოხატავენ განკითხვასა და წინააღმდეგობას. ერთი შეხედვით, თითქოს ისინი კონკრეტულ წინამძღოლს ან ეკლესიას ერჩიან, მაგრამ სინამდვილეში, თავიანთ გულებში ამ სიტყვებს ისინი ღვთის, მისი სიტყვების და მისი სახლის ადმინისტრაციული განკარგულებებისა და წესების წინააღმდეგ მიმართავენ. ისინი უბრალოდ თავიანთ წყენას ანთხევენ. რატომ ანთხევენ ისინი თავიანთ წყენას? ისინი გრძნობენ, რომ იზარალეს; გულში უსამართლობასა და უკმაყოფილებას გრძნობენ და სურთ, რაღაცები მოითხოვონ და კომპენსაცია მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანების მიერ გამოფრქვეული ნეგატივი უმეტესობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს, ეს საძაგელი სიტყვები ჰგავს აბეზარ ბუზებს ან ბაღლინჯოებს, რომლებიც ადამიანების გონებაში გარკვეულ არევ-დარევას იწვევენ. ადამიანთა უმეტესობა ამ სიტყვების მოსმენისას ზიზღსა და ანტიპათიას გრძნობს, მაგრამ გარდაუვლად გამოჩნდებიან მათი ჯურის ადამიანები, იგივე ხასიათის, არსისა და მიდრეკილებების მქონენი, რომლებიც მათსავით გახრწნილები არიან და რომლებიც მათგან გავლენის ქვეშ ექცევიან და წუხდებიან. ეს გარდაუვალია. უფრო მეტიც, ზოგიერთი მცირე სულიერი ზრდის მქონე ადამიანი, რომელსაც გარჩევის უნარი აკლია, შეიძლება შეწუხდეს ამ ნეგატიური განცხადებებით და მათ ღვთისადმი რწმენაზე გავლენა მოხდეს. ამ ადამიანებმა ისედაც არ იციან, ზუსტად რისთვის არის ღმერთის რწმენა, მათთვის ბუნდოვანია ხილვების ჭეშმარიტებები და მათი ჭეშმარიტების წვდომის უნარიც დაბალია. როდესაც ისინი ამ ნეგატიურ განცხადებებს ისმენენ, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ უნებლიეთ მიიღონ ისინი და ამგვარად მათი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ეს სიტყვები საწამლავია. ისინი ადვილად შეიძლება ჩაითესოს ადამიანების გულებში. როგორც კი ვინმე ამ ნეგატიურ განცხადებებს მიიღებს, როდესაც ღვთის სახლი მას მოვალეობის შესრულებას სთხოვს, ის გულგრილად პასუხობს. როდესაც ღვთის სახლი მას რაიმე საქმეში თანამშრომლობას სთხოვს, ის ნელთბილია. ის მხოლოდ მაშინ მოჰკიდებს ხელს საქმეს, თუ ამის ხასიათზეა; წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს იტყვის და მუდამ მოიყვანს ყოველგვარ მიზეზსა და საბაბს. სანამ ამ ნეგატიურ განცხადებებს მოისმენდა, მის ღვთისადმი რწმენაში ცოტაოდენი გულწრფელობა მაინც იყო და მოვალეობების შესრულებისას გარკვეულწილად პოზიტიური, პროაქტიული დამოკიდებულება ჰქონდა. მაგრამ ამ ნეგატიური განცხადებების მოსმენის შემდეგ, ის გულგრილი ხდება და დებისა და ძმების მიმართაც ცივდება. ის მათ მიმართ სიფრთხილეს იჩენს. როდესაც ეკლესია მას მოვალეობის შესრულებას ავალებს, ის მუდმივად თავს არიდებს და გამუდმებით უკუაგდებს მას, რითაც დიდ პასიურობას ავლენს. ადრე ის პუნქტუალურად ესწრებოდა შეკრებებს, მაგრამ ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ მისი დასწრება არარეგულარული ხდება — მოდის, როცა კარგ ხასიათზეა და არ მოდის, როცა არ არის. თუ სახლში რაიმე უსიამოვნო ხდება, წუხს, რომ შეიძლება რაიმე უბედურება დატრიალდეს, ამიტომ უფრო მეტ შეკრებას ესწრება და უფრო მეტს კითხულობს ღვთის სიტყვებს. თუ ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ აღფრთოვანებული, ბედნიერი და შეგულიანებულია, ცოტაოდენ ფულსაც კი სწირავს. მაგრამ როგორც კი სახლში სიმშვიდე დაისადგურებს, ის კვლავ წყვეტს შეკრებებზე დასწრებას. როდესაც დები და ძმები ცდილობენ მასთან თანაზიარებას მისი მხარდაჭერის იმედით, ის უარის სათქმელად საბაბს პოულობს; და როდესაც დები და ძმები მის სახლში მიდიან, კარს არ უღებს მაშინაც კი, როცა აშკარად სახლშია. რა ხდება აქ? ის ამ ნეგატიური განცხადებების გავლენის ქვეშ მოექცა — ის მოიწამლა და სჯერა, რომ ღმერთის მორწმუნეები არასანდონი არიან. თავდაპირველად, ის საკმაოდ ენდობოდა ამ ადამიანებს და როდესაც ღვთის სიტყვებს კითხულობდა, ფიქრობდა: „ეს ღვთის სიტყვებია, ეს ადამიანები ჩემი დები და -ძმები არიან, ეს ღვთის სახლია — რა მშვენიერია!“ მაგრამ მას შემდეგ, რაც მან მოისმინა გარკვეული ადამიანების მიერ გავრცელებული ნეგატიური განცხადებები, ის შეიცვალა. განა ის გავლენის ქვეშ არ მოექცა? განა მისი სიცოცხლეში შესვლა არ დაზარალდა? (დიახ.) ვინ მოახდინა მასზე გავლენა? იმ ადამიანებმა, რომლებიც ნეგატივს აფრქვევენ, ვინც ეს განცხადებები გააკეთა. თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ ჩაუყრია მყარი საფუძველი ჭეშმარიტ გზაზე ან არ უჭამია და არ დაულევია ღვთის სიტყვები იმ დონემდე, რომ ჭეშმარიტება გაიგოს, ის ადვილად შეიძლება მოექცეს ნეგატიური რამეების გავლენის ქვეშ. და განსაკუთრებით ისინი, ვისაც არ შესწევს ჭეშმარიტების წვდომის უნარი, არამედ უბრალოდ აკვირდებიან ტენდენციებს, აკვირდებიან სიტუაციას და უყურებენ ზედაპირულ მოვლენებს — ისინი კიდევ უფრო ადვილად ექცევიან ნეგატიური სიტყვების გავლენის ქვეშ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესმით, როგორ ამბობენ ადამიანები ისეთ მცდარ მოსაზრებებს, როგორიცაა: „ღვთის სახლი მაინცდამაინც სამართლიანი არ არის და ყველაფერი, რასაც ღვთის სახლი აკეთებს, არ არის პოზიტიური“, მათი სიფრთხილე კიდევ უფრო იზრდება. განცხადება, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება, ყოველთვის ადვილად არ მიიღება, მაგრამ ნეგატიური განცხადება, აბსურდული განცხადება, განცხადება, რომელიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება — მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ ადამიანების გულებში ფესვის გადგმა და მათი ამოძირკვა ადვილი არ არის. ადამიანებისთვის ასე რთულია ჭეშმარიტების მიღება და ასე ადვილია მცდარი მოსაზრებების მიღება!
ზოგიერთი ცუდი ადამიანობის მქონე პიროვნება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ პრესტიჟს, დიდებას, ხორციელ სიამოვნებას, პირად ქონებასა და ინტერესებს. როდესაც მათი რეპუტაცია, სტატუსი და უშუალო ინტერესები ზარალდება, ისინი არ იღებენ ამას ღვთისგან ან არ იღებენ იმ გარემოებას, რომელიც ღმერთმა მათთვის მოაწყო და არ შეუძლიათ ამ რამეების დათმობა და პირადი სარგებლისა და დანაკარგის უგულებელყოფა. ნაცვლად ამისა, ისინი იყენებენ სხვადასხვა შესაძლებლობას თავიანთი უკმაყოფილებისა და ურჩობის გამოსახატავად და ნეგატიური ემოციების გადმოსანთხევად, რის შედეგადაც ზოგიერთი ადამიანი დიდ ზიანს იღებს. ამიტომ, როდესაც ასეთი ადამიანები ნეგატივს აფრქვევენ, ეკლესიის წინამძღოლები პირველ რიგში დროულად უნდა გაერკვნენ სიტუაციაში და დროულად შეაჩერონ და შეზღუდონ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ეკლესიის წინამძღოლებმა ასევე პროაქტიულად უნდა ამხილონ ეს ადამიანები და დებთან და ძმებთან ითანაზიარონ იმაზე, თუ როგორ გაარჩიონ ისინი და რატომ ამბობენ ისინი ამ ნეგატიურ და აბსურდულ რამეებს, ასევე იმაზე, თუ როგორ მოეპყრონ და გაარჩიონ ეს სიტყვები, რათა თავიდან აიცილონ მათ მიერ შეცდომაში შეყვანა და მძიმე ზიანის მიღება. აუცილებელია ასეთი ადამიანების გარჩევისა და მათი არსის გაკვეთის უნარი, რათა თავი აარიდონ და უარყონ ისინი და აღარ შევიდნენ მათგან შეცდომაში. ეს არის ის საქმე, რომელიც ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა შეასრულონ. რა თქმა უნდა, თუ რიგითი დები და ძმები აღმოაჩენენ ასეთ ადამიანებს და გაარჩევენ მათ ადამიანურობა-არსებას, ისინიც შორს უნდა დაიჭირონ თავი მათგან. თუ შენ არ გაქვს წინააღმდეგობის გაწევის საკმარისი უნარი ან სულიერი ზრდა იმისათვის, რომ მხარი დაუჭირო, დაეხმარო და შეცვალო ისინი და გრძნობ, რომ არ შეგიძლია გაუძლო მათ ნეგატიურ განცხადებებსა და უკმაყოფილებისა და ურჩობის სიტყვებს, საუკეთესო მიდგომაა, შორს დაიჭირო თავი. თუ გრძნობ, რომ ძალიან ძლიერი ხარ, გაქვს გარკვეული სულიერი ზრდა და შეგიძლია გამოიჩინო გარჩევის უნარი და დარჩე შეურყეველი, ვინც არ უნდა თქვას რამე, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს მათ მიერ გამოფრქვეული ნეგატივი, ეს არ შეცვლის შენს რწმენას ღვთის მიმართ, რომ შეგიძლია გაარჩიო ასეთი ადამიანები და ასევე შეგიძლია ამხილო და შეაჩერო ისინი, როდესაც ნეგატივს აფრქვევენ — მაშინ არ გჭირდება ასეთი ადამიანებისთვის თავის არიდება ან მათგან თავის დაცვა. მაგრამ თუ გრძნობ, რომ არ გაქვს ასეთი სულიერი ზრდა, ასეთ ადამიანებთან მოპყრობის გზა და პრინციპი მათგან შორს ყოფნაა. ადვილი მისაღწევია ეს? (დიახ.) ზოგიერთი ამბობს: „შემიძლია შევიწყნარო ისინი, მოვითმინო და ვაპატიო მათ?“ ესეც მისაღებია და არ არის არასწორი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე გადამწყვეტი ან საუკეთესო პრაქტიკა. ვთქვათ, შენ ითმენ, იწყნარებ და უთმობ მათ და საბოლოოდ, შეცდომაში შეჰყავხარ და თავიანთ მხარეზე გიბირებენ. და დავუშვათ, რომ რაც არ უნდა გკვებავდეს და მხარს გიჭერდეს ღვთის სახლი, შენ ამას ვერ გრძნობ; ან როდესაც კითხულობ ღვთის სიტყვებს, ხშირად ექცევი მათი ფიქრებისა და განცხადებების გავლენის ქვეშ და როგორც კი გაიხსენებ მათ ნათქვამს, შენს გონებაზე გავლენა ხდება და ვეღარ აგრძელებ კითხვას. და როდესაც დები და ძმები თანაზიარებენ ჭეშმარიტების თავიანთ გაგებას — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანაზიარებენ ასეთი ადამიანების განცხადებების გარჩევაზე — შენ კვლავ ექცევი მათი სიტყვების გავლენის ქვეშ, რაც შენს გონებაში არევ-დარევას იწვევს. თუ ეს ასეა, მაშინ შორს უნდა დაიჭირო თავი ასეთი ადამიანებისგან. შენი შემწყნარებლობა და მოთმინება არაეფექტური იქნება და არ წარმოადგენს ასეთი ადამიანებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზას. ვთქვათ, შენი შემწყნარებლობა და მოთმინება არ არის შენიღბული, გარეგნული ქცევა, არამედ შენ ნამდვილად გაქვს საკმარისი სულიერი ზრდა ასეთ ადამიანებთან დასაპირისპირებლად. რასაც არ უნდა ამბობდნენ ისინი, თუნდაც ხმა არ ამოიღო, გულში მაინც შეგიძლია მათი გარჩევა; შეგიძლია გამოიჩინო მათ მიმართ შემწყნარებლობა და უგულებელყო ისინი, მაგრამ ნებისმიერი ნეგატიური სიტყვა ან ღვთის მიმართ გაუგებრობისა და წუწუნის გამომხატველი სიტყვები, რომლებსაც ისინი ამბობენ, ოდნავაც არ იმოქმედებს შენს ღვთისადმი რწმენაზე და არც შენი მოვალეობის შესრულების ერთგულებაზე ან ღვთისადმი შენს მორჩილებაზე მოახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში, შეგიძლია შეიწყნარო და მოითმინო ისინი. რა არის შემწყნარებლობისა და მოთმინების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპი? ზიანის არმიღება. უგულებელყავი ისინი, აცადე თქვან, რაც სურთ — ბოლოს და ბოლოს, ასეთი ადამიანები უბრალოდ უგუნური შფოთისთავები არიან და ურცხვად ჯიუტობენ. როგორც არ უნდა ითანაზიარო მათთან ჭეშმარიტება, ისინი არ მიიღებენ მას; ისინი ეშმაკებისა და სატანისგან არიან და მათთან თანაზიარება უსარგებლოა. ამიტომ, სანამ ღვთის სახლი მოიცილებს და გაუმკლავდება მათ, თუ გაქვს სულიერი ზრდა, რომ შეიწყნარო და მოითმინო ისინი ზიანის მიღების გარეშე, ეს საუკეთესოა. ჩვეულებრივ, იყენებთ თუ არა შემწყნარებლობისა და მოთმინების ამ პრინციპს? თქვენ ითმენთ ყველანაირ ადამიანს, მაგრამ ზოგჯერ არ ხართ ფრთხილად და ოდნავ შეცდომაში შედიხართ; შემდგომში აცნობიერებთ ამას, გრძნობთ, რომ ღვთის ვალში ხართ, ლოცულობთ ორიოდე დღე, გამოასწორებთ თქვენს მდგომარეობას და უფრო უახლოვდებით ღმერთს. უმეტესწილად, ნათლად ხედავთ, რომ ასეთი ადამიანები არ ვარგანან და რომ ისინი ეშმაკებისგან არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია მათთან ნორმალურად ურთიერთობა, შინაგანად დისტანცირებული ხარ და ზიზღს გრძნობ მათ მიმართ. რასაც არ უნდა ამბობდნენ ისინი ან რა ნეგატიურ განცხადებებსა და შეხედულებებსაც არ უნდა ახმოვანებდნენ, შენ ყურს არ უგდებ, უგულებელყოფ ამას და ფიქრობ: „თქვი, რაც გინდა. მე შემიძლია შენი გარჩევა. მე უბრალოდ არ ვურთიერთობ შენნაირ ადამიანებთან.“ არის თუ არა ეს ის პრინციპი, რომელსაც უმეტესწილად მიჰყვებით ასეთ საკითხებთან გამკლავებისას? ამის მიღწევაც არ არის ცუდი; ეს არ არის ადვილი და მოითხოვს ზოგიერთი ჭეშმარიტების გაგებასა და გარკვეული სულიერი ზრდის ქონას. თუ ამ დონის სულიერი ზრდაც კი არ გაქვს, მაშინ ვერ შეძლებ მტკიცედ დგომას და ვერ შეასრულებ შენს მოვალეობას ჯეროვნად.
4. ნეგატივის ფრქვევა, როდესაც ადამიანის მიერ კურთხევის მიღების სურვილი იმსხვრევა
ნეგატივის ფრქვევას კიდევ ერთი გამოვლინება აქვს. ზოგიერთი ამბობს: „ამდენი წელია ღმერთი მწამს და რა მივიღე?“ როდესაც ასეთი ადამიანები ნეგატივს აფრქვევენ, მათი მთავარი სათქმელია: „რა მივიღე?“ — რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არაფერი მიუღიათ. მათ სჯერათ, რომ როდესაც ღვთის რწმენა აქვთ ღვთის სახლიდან ან ღვთისგან რაიმე სარგებლის ან კურთხევის მიღება განსაკუთრებით რთულია და რომ ადამიანებმა უდიდესი სიყვარული უნდა გაიღონ, წარმოუდგენელი მოთმინება გამოიჩინონ და არ უნდა ელოდნენ მყისიერ შედეგებს. რაც შეეხება ღვთის სიტყვებს, რომლებიც ამხელს ადამიანებს, სხლავს, გამოწრთობს და განწმენდს მათ გახრწნილებისგან, მათ მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული, მაღალფარდოვანი რიტორიკაა, რომლის აბსოლუტური ნდობაც არ შეიძლება; ისინი ფიქრობენ, რომ თუ ღვთის სიტყვებს პრაქტიკაში განახორციელებენ, მართლაც დიდ ზარალს ნახავენ. ისინი ფიქრობენ, რომ სარგებლისა და უპირატესობების მოპოვება და საკუთარი მისწრაფებებისა და სურვილების განხორციელება ყოველთვის ყველაზე გადამწყვეტია, ხოლო ის, გამოიყენებენ თუ არა ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, სულაც არ არის მნიშვნელოვანი — მათ სჯერათ, რომ სანამ ბოროტებას არ სჩადიან, ეს საკმარისია და ეკლესიის მიერ არ იქნებიან მოკვეთილნი. რას გრძნობს ადამიანთა უმეტესობა ამ ნეგატიური სიტყვების მოსმენის შემდეგ? შინაგანად იწონებენ და ეთანხმებიან ამ სიტყვებს, თუ გარკვეულ ზიზღს გრძნობენ მათ მიმართ და ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები ეგოისტები, საძაგლები, ბოროტები და ბინძურები არიან და შეუძლიათ მათი ამოცნობა, მხილება და შეზღუდვა, რათა შეაჩერონ ისინი, რომ აღარ გაავრცელონ ნეგატივი და სიკვდილი? ადამიანთა უმეტესობა ზიზღს გრძნობს და გმობს ასეთ ნეგატიურ სიტყვებს, თუ შესაძლოა შეცდომაში იქნან შეყვანილნი მათ მიერ და თავადაც ნეგატიურები გახდნენ? ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვების მოსმენისა და იმის დანახვის შემდეგ, რომ თავად ხელცარიელია, ფიქრობს: „განა ასე არ არის! არც მე მიმიღია რამე. ღვთის სახლში მხოლოდ დღეში სამჯერ ვიკვებები, მუდმივად დაკავებული ვარ და სხვა მართლაც არაფერი მიმიღია.“ გაქვთ თუ არა ასეთი ფიქრები? გაქვთ თუ არა იგივე განცდა? ისინი, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, იტყვიან: „რას გულისხმობთ, რომ არაფერი მიგიღიათ? ჩვენ ღვთისგან იმდენი რამ მივიღეთ! უამრავი ჭეშმარიტება გავიგეთ!“ მაგრამ ზოგიერთი შეიძლება არ დაეთანხმოს მათ და თქვას: „არც ისე რეალისტურად ჟღერს იმის თქმა, რომ ჩვენ 'იმდენი რამ' მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ მცირეოდენი მადლი მივიღეთ, მოგვეცა ჩვენი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა, გავიგეთ ზოგიერთი მოძღვრება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარვმართოთ საკუთარი თავი, შევხვდით და გავიცანით მრავალი და-ძმა სხვადასხვა ადგილიდან და საკმაოდ გავიფართოვეთ თვალსაწიერი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მცირედი მივიღეთ.“ ამ კატეგორიებიდან რომელს მიეკუთვნებით? ყველა ამ კატეგორიაში მოიძებნებიან ადამიანები, არა? (დიახ.) ჩვენ ამას ორი კუთხით განვიხილავთ. პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება მათ თავს, ვისაც ღმერთი ყოველთვის მადლის მიღების მიზნით სწამს — სწამთ თუ არა მათ ღმერთი იმისთვის, რომ ეძიონ ჭეშმარიტების მოპოვება, რათა ხსნას მიაღწიონ? (არა, მათ კურთხევის მიღების მიზნით სწამთ.) მაშ, განა ღმერთმა მათ მცირე მადლი, მფარველობა, სიკეთე, ნათელის მოფენა და განათება მისცა? (ღმერთმა მათ ბევრი ასეთი რამ მისცა.) შეიძლება ითქვას, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ღმერთი სწამს, მიიღო ღვთის მფარველობა. არის თუ არა ღვთის მფარველობა კონკრეტული? არსებობს თუ არა ამის რეალური მაგალითები? რა სახის მფარველობა მიიღეს ადამიანებმა? (შედარებით აშკარა მაგალითია ის, რომ ღვთისადმი რწმენის შემდეგ ჩვენზე აღარ ახდენს გავლენას წუთისოფლის ბოროტი ტენდენციები. ჩვენ არ ვეცემით ზნეობრივად და არ ვისწრაფვით ისეთი ბოროტი საქმეებისკენ, როგორიცაა ღამის კლუბებში სიარული, მოწევა, სმა და ა.შ. სულ მცირე, ჩვენ არ ვერევით ამ საქმეებში და მჯერა, რომ ამ მხრივ საკმაოდ დაცულები ვართ.) ეს არის ძალიან ხელშესახები ასპექტი, რომლის დანახვა და პირადად განცდა ადამიანებს შეუძლიათ. წუთისოფლის ბოროტი ტენდენციების მიერ გავლენის ქვეშ მოქცევისა და შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილება, ადამიანურად ცხოვრება და ნორმალური ადამიანობის ფარგლებში ადამიანური მსგავსებით ცხოვრება — ეს არის ღვთის მფარველობის პრაქტიკული მაგალითი და მტკიცებულება. კიდევ არის რამე? (ბოროტი სულების მიერ შეწუხებისგან თავის არიდება და ღვთის მფარველობის ქვეშ ცხოვრების შესაძლებლობა.) ესეც პრაქტიკული მაგალითია. ჰქონია თუ არა ადამიანთა უმეტესობას ეს გამოცდილება? შეგიძლიათ თუ არა ჩაწვდეთ ამის მნიშვნელობას? ზოგიერთი ამბობს: „არც არამორწმუნეებს აწუხებს ბოროტი სულები. რამდენ არამორწმუნეს აწუხებს ბოროტი სულები?“ სწორია ეს განცხადება? გრძნობთ თუ არა, რომ ეს განცხადება ფაქტებს შეესაბამება? (ჩემი საკმაოდ ბევრი თანაკლასელი ყოფილა შეწუხებული ბოროტი სულების მიერ. ზოგიერთს ძილის დამბლა აწუხებს, სხვებს კი ხმები ესმით. მათ არ სწამთ ღმერთი და არ იციან, რა ხდება. ისინი ყველგან ეძებენ მკურნალობას, მაგრამ ამის განკურნება არ შეუძლიათ, ისინი შიშსა და ძრწოლაში ცხოვრობენ; ეს მტანჯველია. თუმცა, რადგან ბავშვობიდან მწამს ღმერთი, არასდროს ვყოფილვარ შეწუხებული და ასე არ დავტანჯულვარ. უმეტესწილად, ჩემი გული შედარებით მშვიდად და წყნარად არის.) ღვთის ჭეშმარიტ მორწმუნეებს ეს საზრუნავი არ აქვთ. ჩვენ არ ვღელავთ იმაზე, რომ ისტერიით დავავადდებით ან ბოროტი სულების მიერ ვიქნებით შეწუხებულნი ან შეპყრობილნი; ჩვენ არ გვეშინია, რადგან ღმერთი გვყავს. გარდა ამისა, რეალურ ცხოვრებაში არამორწმუნეები მუდმივად საუბრობენ სახეზე მკითხაობაზე, ფენ-შუისა და მარჩიელობაზე — დასავლეთში ასტროლოგიაც კი არსებობს. ზოგიერთი ადამიანი თაყვანს სცემს ცნობილ ბუდისტურ ქანდაკებებს, ბოროტ სულებსა და კერპებს, ზოგი კი — არა, მაგრამ მიუხედავად იმისა, სცემენ თუ არა თაყვანს, ისინი გარკვეულწილად მაინც განიცდიან ამ საგნების გავლენას და შეზღუდულნი არიან მათ მიერ. მაგალითად, სახლიდან გასვლამდე, მათ მცირედი მკითხაობა უნდა ჩაატარონ, რათა ნახონ, რომელი მიმართულებაა ხელსაყრელი და რომელი — არახელსაყრელი. მაღაზიის გახსნისას ისინი საზღვრავენ, დახლის რომელი პოზიცია მოიტანს ფულს და რომელი — არა, რა ნივთები უნდა განათავსონ მაღაზიაში და რომელ კერპებს უნდა სცენ თაყვანი სიმდიდრის მოსაზიდად და სად უნდა განათავსონ გარკვეული ნივთები, რათა თავიდან აიცილონ ფენ-შუის წესების დარღვევა. სხვა ადგილზე გადასვლისას, მათ უნდა განსაზღვრონ გადასვლისთვის ხელსაყრელი დრო, რათა უზრუნველყონ ოჯახის მომავალი კეთილდღეობა და თავიდან აიცილონ უბედურება და განსაზღვრონ, რომელი დროა არახელსაყრელი. მოსწავლეებიც კი განიცდიან ამ რწმენის გავლენას მისაღები გამოცდების ჩაბარებისას. გამოცდის დღეს ისინი თავს არიდებენ ისეთი სიტყვების თქმას, რომლებიც მარცხზე მიანიშნებს და ნაცვლად ამისა, უნდა წარმოთქვან ისეთი სიტყვები, როგორიცაა „წარმატება“ და „მიღწევა“. ცხოვრების თითოეული ასპექტი — ბავშვების სკოლაში სიარულიდან დაწყებული, მშობლების ყოველდღიური ცხოვრებით, ფულის შოვნით, სახლის გამოცვლით, სამსახურის ძიებით, ასევე შვილების ქორწინებით და ა.შ. დამთავრებული — განიცდის ეგრეთ წოდებული ფენ-შუისა და იღბლის, ისევე როგორც სხვა იდეების გავლენას. მაშ, როდესაც ადამიანები ამ საგნების გავლენას განიცდიან, რის მიერ იზღუდებიან ისინი? ისინი იზღუდებიან ბოროტი სულების მიერ; ყოველივე ამას ბოროტი სულები აკონტროლებენ. მაშინ რატომ სცემენ ადამიანები თაყვანს ამ ბოროტ სულებს? რატომ განიცდიან ისინი ამ საგნების გავლენას? ისეთი მარტივი საკითხისთვისაც კი, როგორიც გადასვლაა, რატომ უნდა იფიქრონ ადამიანებმა მუდმივად იმაზე, თუ რომელი დროა გადასასვლელად ხელსაყრელი და რომელი — არა, რისი გადატანაა ხელსაყრელი პირველ რიგში და რისი — არა? რატომ უწევთ მათ ყოველთვის ამ ყველაფრის გათვალისწინება? მათ უნდა გაითვალისწინონ ეს, რადგან თუ ასე არ მოიქცევიან, ბოროტი სულები იმოქმედებენ, დატანჯავენ და აწამებენ მათ. რას ხედავთ ამ საკითხებიდან? მთელი კაცობრიობა ბოროტთა კონტროლის ქვეშ ცხოვრობს. ვინ არიან ბოროტნი? უფრო დიდი ბოროტნი არიან სატანა და ეშმაკნი, ხოლო მცირენი — ბოროტი სულები სხვადასხვა ადგილას, ისინი, რომლებიც ადამიანთა სხვადასხვა რასას აკონტროლებენ. ადამიანის ცხოვრების თითოეული ასპექტი იზღუდება და კონტროლდება ამ ბოროტი სულების მიერ. სახლის მშენებლობის დროსაც კი, მთავარი კოჭის დამონტაჟებისას ადამიანები კიდებენ წითელ ნაჭერს და ისვრიან მაშხალებს იღბლის მოსაზიდად, ხოლო მშენებლები წითელ ტანსაცმელს ატარებენ ფინანსური კეთილდღეობის მოსატანად და უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ყოველივე ამის შესახებ არსებობს გარკვეული მოთხოვნები და გამონათქვამები, ისევე როგორც ტაბუები და მათ თავი უნდა აარიდონ ტაბუებს და მიჰყვნენ ამ გამონათქვამებს. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ხშირად აწყდება სირთულეებს და საქმეები შეუფერხებლად არ მისდით — კარგავენ სამსახურს, ცოლები ტოვებენ მათ და სახლში აღარაფერი რჩებათ. ისინი სახლისთვის აღებული იპოთეკური სესხის გადახდასაც კი ვერ ახერხებენ და თითქოს არაფერი გამოსდით. მათ არაფერი დაუშავებიათ, მაშ რატომ ემართებათ ეს ყველაფერი? სხვა გზა რომ არ აქვთ, ისინი მიმართავენ ცრუ ღმერთებისა და ბოროტი სულების თაყვანისცემას ან სასწრაფოდ ეძებენ ვინმეს, ვინც შეამოწმებს, რამდენად იცავენ ფენ-შუის წესებს იღბლის შესაცვლელად და ამის შემდეგ საქმეები თანდათანობით უკეთესობისკენ მიდის. ადრე მათ არ სწამდათ ამის, მაგრამ ახლა, როდესაც პრობლემები იჩენს თავს, ისინი გულწრფელად სცემენ თაყვანს ცრუ ღმერთებსა და ბოროტ სულებს და სანამ რამეს გააკეთებენ, აუცილებლად უნდა მიმართონ მკითხაობას ან მარჩიელობას. არის თუ არა ასეთი ცხოვრება დამღლელი? (დიახ.) ეს ნამდვილად დამღლელია! მიუხედავად იმისა, რომ სურთ, მათ არ შეუძლიათ თავისუფლად და მშვიდად ცხოვრება ან ამ გამონათქვამებისა და წესების შეზღუდვებისგან თავის დაღწევა. თუ ისინი დაარღვევენ ამ წესებს, ბოროტი სულები იმოქმედებენ და შეაწუხებენ მათ და ისინი იძულებით იქნებიან დამორჩილებულნი ამ ბოროტი სულების მიერ და ყოველდღიურად უნდა სცენ მათ თაყვანი, რათა მათმა ცხოვრებამ შეუფერხებლად ჩაიაროს. თუმცა, ისინი, ვისაც ღმერთი სწამს, არ არიან შეზღუდულნი ამ ფეოდალური ცრურწმენებით ან ბოროტი სულების მოქმედებებით. მათ შეუძლიათ გადავიდნენ სხვა სახლში ან წავიდნენ იქ, სადაც სურთ ისე, რომ არ მოუწიოთ რაიმე ტაბუსთვის თავის არიდება. მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტია მუდმივად ჩაგრავს და დევნის რელიგიურ მრწამსს. თუ მორწმუნეს აღარ შეუძლია ერთ ადგილას ცხოვრება, ის სწრაფად უნდა გადავიდეს იქედან — სჭირდება თუ არა მას ამისთვის ხელსაყრელი დღის ან საათის შერჩევა ან რამესთვის თაყვანისცემა? არა. ისინი ლოცულობენ ღვთის მიმართ და ღმერთი იცავს მათ. ყველაფერი ღვთის ხელშია — ისინი არ არიან შებოჭილნი ამ საგნებით. როდესაც სურთ რამის ჭამა ან სახლიდან გასვლა, სჭირდებათ თუ არა ალმანახის შემოწმება ან იმის ნახვა, არღვევს თუ არა ეს რაიმე ტაბუს? არა, ისინი ლოცულობენ ღვთის მიმართ და ყველაფერი ღვთის ხელშია. როდესაც ადამიანები ცხოვრობენ ღვთის მეუფებისა და ხელმწიფების ქვეშ ღვთის მფარველობითა და წინამძღოლობით, დიდი თუ მცირე ბოროტი სულები და არაწმიდა სულები შორს რჩებიან; ისინი ვერ ბედავენ იმოქმედონ მათზე, ვისაც ღმერთი სწამს. განა ეს ადამიანები დაცულნი არ არიან? განა ისინი თავისუფლად და მშვიდად არ ცხოვრობენ? (დიახ.) არის თუ არა ეს მადლი დიდი? (დიახ.) მიუხედავად იმისა, მოიპოვე თუ არა უკვე ჭეშმარიტება, სანამ ხარ ადამიანი, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი, შენ ხარ ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრული და რჩეული და როდესაც ღვთის წინაშე წარდგები, იგი ამგვარად გიცავს და გაძლევს ასეთი მადლით ტკბობის საშუალებას. რაოდენ უზარმაზარი მადლია ეს! შენი პირადი უსაფრთხოება და ყველა შენი გადაადგილება დაცული და უზრუნველყოფილია, ღმერთი იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე და იცავს მათ, ამიტომ არ გჭირდება ნერვიულობა. უმეტესწილად, ადამიანები არც კი ლოცულობენ ან შეგნებულად არ ფიქრობენ გულში: „ვილოცებ ღვთის მიმართ და ვთხოვ ღმერთს, დამიცვას. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ცუდი არაფერი მოხდება.“ ლოცვაც კი არ გჭირდება. სანამ გულში გაქვს მარტივი რწმენა, რომ „მე მწამს ღმერთი; ყველაფერი ღვთის ხელშია“, ღმერთი იმოქმედებს. ადამიანები ტკბებიან ღვთისგან მომდინარე ასეთი უზარმაზარი მადლით — განა ეს მცირედის მიღებაა? (ეს საკმაოდ ბევრის მიღებაა.) ღმერთი არის ერთადერთი უზენაესი წუთისოფელში. შენი სიცოცხლე და ყველაფერი, რასაც ფლობ, ღვთის ხელშია, ამ უზენაესის ხელშია, შენი გული თავს მშვიდად, მყარად და წყნარად გრძნობს და არაფერზე გჭირდება ნერვიულობა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ცოდნა გაქვს ღვთის შესახებ ან რამდენი ჭეშმარიტება გესმის, გულში შეგიძლია ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყო. ყველაფერი ღვთის ხელშია. თუ ღვთის მორწმუნეთ გულში ადგილი აქვთ მისთვის და ესმით ჭეშმარიტება, ბოროტი სულები ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, დაზიანებას ან მათთან მიახლოებას. შესაბამისად, მორწმუნეებს არ სჭირდებათ ამ ზედმეტ პროცესებში ჩართვა. ეს ისეთი უზარმაზარი მადლია — როგორღა შეგიძლია თქვა, რომ ღვთისადმი რწმენით არაფერი მიგიღია? განა სინდისი არ გაკლია? სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ იმის მტკიცება, რომ არაფერი მიუღია, ადამიანის უსინდისობაზე მეტყველებს და ადასტურებს, რომ მისი სინდისი სრულიად დამახინჯებულია; დანარჩენზე საუბარიც ზედმეტია.
ღმერთი უსასყიდლოდ ანიჭებს ადამიანებს ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს აწვდის რა თავის სიტყვებს ადამიანებს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. თუმცა ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ, რომ მათი სულიერი ზრდა ჯერ კიდევ უმწიფარია, ბევრი არაფერი ესმით ჭეშმარიტების შესახებ და არ შეუძლიათ ნათლად გამოხატონ ის მცირედიც კი, რასაც აცნობირებენ, მხოლოდ ის, რაც ღმერთმა მისცა მათ, ეს სითბო და სიყვარული — რაოდენ უზარმაზარი მადლია ეს! ღმერთმა ადამიანებს ყველაზე ძვირფასი საგნები მისცა; ადამიანებმა ღვთისგან მსოფლიოში ყველაზე ღირებული საგნები მიიღეს. მიუხედავად იმისა, იგრძენი თუ არა ეს, ღმერთმა უკვე მისცა ეს ადამიანს. რაზე უნდა იწუწუნონ კიდევ ადამიანებმა? არიან კი ისინი ამ საგნების მიღების ღირსნი? ღვთის მიერ რჩეულნი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან. შერჩეული და გამორჩეული ხარ ღვთის მიერ; მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი ხარ. როგორღა შეგიძლია თქვა, რომ არაფერი მიგიღია? ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი გახდი, რადგან ღმერთმა შეგარჩია და გამოგარჩია და შესაბამისად, ბოროტი სულები და არაწმიდა სულები ვერ ბედავენ შენთან მოახლოებას. ზოგიერთი კითხულობს: „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩემი სტატუსი და ვინაობა საპატიო გახდა?“ შეიძლება ამის თქმა? არ შეიძლება, რადგან ეს ყველაფერი ღვთის სიყვარულისა და ღვთის ქმედებების დამსახურებაა. ადამიანებმა იმდენი რამ მიიღეს! მხოლოდ ამ ცხოვრებაში ადამიანებმა იმდენი რამ მიიღეს; როგორ არიან ადამიანები საერთოდ იმის ღირსნი, რომ ეს ყველაფერი მიიღონ? ზოგიერთი, ვისაც ღმერთი სწამს, საერთოდ არ ეძიებს ჭეშმარიტებას და მაინც განუწყვეტლივ ამბობს: „რა მივიღე ღვთისადმი მრავალწლიანი რწმენით?“ განა თავად არ შეგიძლია ამის გამოთვლა? გულში იცი, გესმის თუ არა ჭეშმარიტება, რამდენად ნაკლები ბოროტება ჩაიდინე და მით უმეტეს, გულში იცი, რამდენი მადლით დატკბი. ამ საკითხებზე ნათელი წარმოდგენა რომ გქონდეს, არ იტყოდი ისეთ სიტყვებს, რომლებიც ასე მოკლებულია სინდისს. ზოგიერთი ასევე ამბობს: „ღვთის სახლი საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრითაც უზრუნველმყოფს.“ განა ეს ძალიან უმნიშვნელო არ არის ღვთის მადლსა და მფარველობასთან შედარებით? განა ეს ხსენებადაც კი არ ღირს? თუმცა, სინდისიერი ადამიანები გრძნობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ხსენებად არ ღირს, ის მაინც ღვთის მადლის ნაწილია. ღვთის მადლი განუსაზღვრელია; ღმერთმა იმდენი რამ მისცა ადამიანებს! რაც შეეხება ამ მატერიალურ საგნებს ღვთის გადმოსახედიდან, იგი მათ არც კი ითვლის.
ღვთის ქმედებების ერთი ასპექტი ადამიანთა დაცვაა, ხოლო მეორე — მათი ხსნის გზაზე გაძღოლა, რათა გადარჩენა შეძლონ. ადამიანები დატკბნენ ღვთის ამ განზრახვითა და მათდამი მისი სიყვარულით და ღმერთმა მათ უხვი მადლი მიანიჭა! გარდა ამისა, არსებობს რაღაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთმა მიანიჭა ადამიანებს, კერძოდ, სიტყვები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში, არცერთ ეპოქაში, არავის არასოდეს სმენია ან მიუღია. მიუხედავად იმისა, რამდენჯერ შექმნა ღმერთმა კაცობრიობა, მას არასოდეს შეუსრულებია ეს საქმე და არ უთქვამს ეს სიტყვები. ყველა საიდუმლოება, რომელიც კაცობრიობას უკავშირდება, ის, რისი ატანაც, გააზრებაც და გაგებაც ადამიანებს შეუძლიათ — ღმერთმა ყველაფერი გითხრათ. შეიძლება თუ არა ამ საიდუმლოებების, ამ ჭეშმარიტებების რაიმე რაოდენობით გაზომვა? მათი გაზომვა შეუძლებელია; ადამიანები მრავალი სიცოცხლის განმავლობაშიც ვერ ამოწურავენ მათით ტკბობას. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ღვთის ეს სიტყვები ადამიანთა არსებობის საძირკველია და მათ მარადიულად არსებობა შეუძლიათ. თუ მართლაც საკმარისად იღბლიანი ხარ, რომ გადარჩე და მარადიულად იცოცხლო, მაშინ ღვთის ამ სიტყვებსა და ჭეშმარიტებებს შეუძლიათ მარადიულად უზრუნველგყონ. რას ნიშნავს მარადისობა? ეს ნიშნავს დროით შეუზღუდავობას, ეს ნიშნავს უსაზღვრობას. თუ მას სიტყვასიტყვით განვმარტავთ, ეს ნიშნავს დასასრულის არქონას — მარადიულად ცხოვრებას, ისევე, როგორც თავად ღმერთი. ღვთის ამ სიტყვებსა და ჭეშმარიტებებს შეუძლიათ იარსებონ იმ დრომდე. „ის დრო“ არის დროის კონცეფცია და განმარტება, რომელიც ადამიანური ენით არის გამოხატული, მაგრამ სინამდვილეში ის განუსაზღვრელობას ნიშნავს. მითხარი, დიდია თუ არა ღვთის ამ სიტყვების ღირებულება? ის წარმოუდგენლად დიდია! თუ არ ისწრაფვი მათკენ, მაშინ ეს შენი დანაკარგია; ეს შენი სისულელეა. მაგრამ თუ ისწრაფვი მათკენ, ამ სიტყვებს შენთვის ისეთი ღირებულება აქვს, რომელიც ბევრად სცდება მხოლოდ ამ ცხოვრებას; ის მარადისობაში ვრცელდება. ისინი ყოველთვის ეფექტური და სასარგებლო იქნება შენთვის და მათ სამუდამოდ ექნებათ ღირებულება და მნიშვნელობა, მარადიულად უზრუნველგყოფენ რა შენ. თუ გესმის ეს სიტყვები, მოიპოვებ მათ და იცხოვრებ მათით, შეძლებ მარადიულად ცხოვრებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მარადიულად იცოცხლებ ისე, რომ სიკვდილს არ იგემებ. განა ეს არ არის ის, რაზეც ადამიანები ოცნებობენ? უამრავი ეპოქა გავა, უამრავი ადამიანი მოკვდება, მაგრამ შენ მაინც ცოცხალი დარჩები. რა საშუალებით დარჩები ცოცხალი? სწორედ ღვთის სიტყვების, ჭეშმარიტების მეშვეობით გექნება იმის უფლება, რომ ასე იცოცხლო. რას გააკეთებ ამ უწყვეტი სიცოცხლით? გაქვს ღვთიური დავალება, ღვთის წინამძღოლობა და ასევე გაქვს მისია. რა არის შენი მისია? შენ მიერ მისი სიტყვების ცხოვრებაში გამოვლენის მეშვეობით ღმერთს სურს, რომ განადიდო იგი და იყო მისი მოწმე. ეს არის ღვთის სიტყვების ღირებულება. იმ ჭეშმარიტებისა და სიტყვების ღირებულება და მნიშვნელობა, რომლებსაც ადამიანები ისმენენ, ეცნობიან და განიცდიან ამ ეპოქაში, მარადიულად იარსებებს. რატომ იარსებებენ ისინი მარადიულად? ღვთის ეს სიტყვები არ არის თეოლოგია, თეორია, ლოზუნგი ან რაიმე სახის ცოდნა, არამედ სიცოცხლის სიტყვებია. სანამ მოიპოვებ ამ სიტყვებს, იცხოვრებ მათით და იარსებებ მათით, ღმერთი ნებას დაგრთავს, განაგრძო სიცოცხლე და არ დაუშვებს შენს სიკვდილს. ანუ იგი არ გაგანადგურებს და არ წაგართმევს სიცოცხლეს — იგი მოგცემს სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას. განა ეს დიდი კურთხევა არ არის? (დიახ, დიდია.) ამ სიტყვების მეშვეობით ღმერთს სურს, რომ ამ ცხოვრებაში წინასწარ იგემო ეს კურთხევა და მოიპოვო იგი მომავალ საუკუნეში. ეს არის ღვთის აღთქმა. იმ უზარმაზარი აღთქმის გათვალისწინებით, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას მისცა, ბევრი მიიღეს ადამიანებმა? (დიახ.) ღმერთმა ასეთი დიდი აღთქმა დაუდო კაცობრიობას და ყველასთვის ცნობილი გახადა იგი. მან გითხრა ამის შესახებ და მოგცა საშუალება, მოხვიდე და უსასყიდლოდ მიიღო იგი. არ გჭირდება სიცოცხლის გაწირვა ან მთელი შენი ქონების დათმობა; მხოლოდ ღვთის სიტყვების მოსმენა და ღვთის მოთხოვნებისა და მისი განზრახვების შესაბამისად მოქმედება გჭირდება და შეძლებ ღვთისგან ამ აღთქმის მიღებას. განა ღმერთმა ბევრი არ მისცა კაცობრიობას? ამჟამად ამ აღთქმის მიღების გზაზე დგახარ: მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულად არ მიგიღია იგი, განა მცირედი მიიღე? თუ შევხედავთ იმ აღთქმას, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას მისცა, ადამიანებმა საკმაოდ ბევრი მიიღეს. მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს; მათ არაფერი დაუკარგავთ და არავითარი ზარალი არ განუცდიათ. მათ მხოლოდ მცირედი დრო დახარჯეს და მათმა ხორცმა შესაძლოა გარკვეული ჯაფა გადაიტანა. შესაძლოა მათ გაწირეს გარკვეული პირადი ოჯახური ბედნიერება, პირადი ხორციელი მისწრაფებები და სურვილები, უარი თქვეს საკუთარ ამბიციებზე, ინტერესებსა და წადილზე და ა.შ. თუმცა, ჭეშმარიტების გაგებასთან, ხსნის მიღწევასა და ღვთის აღთქმის მიღებასთან შედარებით, ყველა ეს პირადი პერსპექტივა, მიზანი და ამბიცია ხსენებადაც არ ღირს, რადგან მათ მხოლოდ ჯოჯოხეთში წაგიყვანს და ღმერთი არ მოგცემს თავის აღთქმას ამისთვის. პირიქით, როდესაც ადამიანები ხარჯავენ შეზღუდულ დროს, იხდიან საფასურს, რომლის გაღების სურვილი და უნარიც შესწევთ, საბოლოოდ ისინი იგებენ ჭეშმარიტებას და სწვდებიან გარკვეულ საიდუმლოებებს, საკუთარი თავის წარმართვის პრინციპებს, ყველა მოვლენისა და საგნის არსსა და ძირეულ მიზეზებს და ა.შ., რაც კაცობრიობისთვის ღვთის მიერ სამყაროს შექმნის დღიდან გაუგებარი იყო. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ისინი იძენენ გარკვეულ ცოდნას ღვთის შესახებ და უყალიბდებათ ღვთისმოშიშება. ყოველივე ამის მოპოვების შემდეგ, განა არ ღირს ასეთი საფასურის გადახდა? რა აქვთ საწუწუნო ადამიანებს? რატომ ამბობენ, რომ ღვთისადმი რწმენით არაფერს იღებენ? განა შენი სინდისი სრულიად არ გაიხრწნა? იმდენი რამ მიიღე და მაინც უკმაყოფილო ხარ. მეტი რაღა გინდა? კმაყოფილი იქნებოდი, პრეზიდენტი ან მილიარდერი რომ გამხდარიყავი? ღმერთს რომ ეს საგნები მოეცა შენთვის, მაშინ არ იქნებოდი ღვთის მიერ რჩეული. ღმერთს არ სურს ასეთი ადამიანების მოპოვება.
ადამიანები მუდმივად ამბობენ, რომ ღვთისადმი რწმენით არაფერი მიუღიათ, რაც აჩვენებს, რომ მათ აკლიათ სინდისი, არ გააჩნიათ ჭეშმარიტების წვდომის არავითარი უნარი, არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და უკიდურესად დაბალი ზნეობა აქვთ. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ წმინდა აღქმა იმისა, თუ რას აკეთებს ღმერთი, რას მოითხოვს ღმერთი ადამიანებისგან და რა უბოძა ღმერთმა ადამიანებს სხვა მრავალ საკითხთან ერთად. საბოლოოდ, როდესაც ხდება ისეთი რამ, რაც მათ მცირე უკმაყოფილებას იწვევს, მათში დაგროვილი უზარმაზარი ბრაზი მყისიერად ფეთქდება: „რა მივიღე ღვთისადმი რწმენით? ჩემი ხორცი ამდენი იტანჯა. მე ვასრულებდი ნებისმიერ მოვალეობას, რომელსაც ეკლესია მაკისრებდა. რაც არ უნდა რთული ან დამღლელი ყოფილიყო, არასდროს მიწუწუნია; რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო სირთულეები, არასდროს არაფერი მითქვამს. ღვთის სახლისთვის არასდროს წამიყენებია რაიმე მოთხოვნა. ჩემი უდიდესი სიყვარულითა და უდიდესი ერთგულებით, რა მივიღე? თუ მეც კი ვერაფერს ვიღებ, სხვებს კიდევ უფრო ნაკლები იმედი აქვთ, რომ რამეს მიიღებენ!“ ამის ქვეტექსტი ასეთია: „თქვენ არ გაგიღიათ იმდენი, რამდენიც მე, არ გადაგიხდიათ ის საფასური, რაც მე; თუ მეც კი არაფერი მიმიღია, თქვენ რისი მიღება შეგიძლიათ? ყველანი ფრთხილად უნდა იყოთ; ნუ იქნებით სულელები!“ განა ასეთ ადამიანებს არ აკლიათ სინდისი? უსინდისო ადამიანი ყოველთვის სულელურ და ჯიუტ სიტყვებს ამბობს. მათ არ შეუძლიათ ჩაწვდნენ ღვთის მიერ წარმოთქმულ უამრავ ჭეშმარიტებათაგან არცერთს ან მრავალ წმინდა და დადებით რამესა და განცხადებას, ნაცვლად ამისა, ისინი ჯიუტად ეჭიდებიან საკუთარ შეხედულებებს: „მე ვითმენ გასაჭირს და ვიხდი საფასურს ღვთისთვის, ამიტომ ღმერთმა უნდა მაკურთხოს და საშუალება მომცეს, სხვებზე მეტი მივიღო. თუ არა და ნეგატივს გადმოვანთხევ, ავფეთქდები, ლანძღვა-გინებას მოვყვები! რაც არ უნდა მინდოდეს, ღმერთმა უნდა მიბოძოს და თუ ამას ვერ მივიღებ, მაშინ ღმერთი არ არის სამართლიანი და ვიტყვი, რომ არაფერი მიმიღია — ეს არის წმინდა სიმართლის თქმა!“ განა მათ არ აკლიათ ადამიანობა? ადამიანობის არმქონე პირის სიტყვები ნამდვილად ვერ იქნება მყარი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭეშმარიტებასთან შესაბამისობაზე; ეს უკანასკნელი მათთვის ცოტა ზედმეტი მოთხოვნაა. სიტყვები, რომლებსაც ადამიანი ამბობს, უნდა იყოს ლეგიტიმური მოთხოვნები და განცხადებები და არა მრუდე ლოგიკა; ისინი მყარი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უსმენს ან ვინ აფასებს მათ. თუმცა, ცუდი ადამიანობის მქონე ხალხის სიტყვები და ქმედებები ვერ იქნება მყარი. როდესაც ისინი ისტერიკას აწყობენ და თავიანთ უკმაყოფილებას აფრქვევენ, ზოგიერთი ფიქრობს: „რატომ ამბობენ, რომ არაფერი მიუღიათ? შესაძლოა ღვთის სახლი რამენაირად უსამართლოდ მოექცა მათ? შესაძლოა ღვთის სახლის ზოგიერთი ქმედება არ შეესაბამება პრინციპებს და მათი სააშკარაოზე გამოტანა არ შეიძლება? ეს ადამიანი, როგორც წესი, საკმაოდ კარგად იტანს გასაჭირს და იხდის საფასურს, მაგრამ დღეს ასე სასტიკად აფეთქდა და ამბობს, რომ არაფერი მიუღია; როგორც ჩანს, მართლაც არაფერი მიუღია. განა ეს არ არის წესიერი ადამიანის წყობიდან გამოყვანა? აჯობებს, ფრთხილად ვიყო; აღარ უნდა ავიტანო ასეთი გასაჭირი ან გადავიხადო ისეთი საფასური, როგორც ადრე, ჩემი მოვალეობების შესრულებისას!“ სწორედ ასე ექცევა გავლენის ქვეშ ზოგიერთი დაბნეული (გონებაარეული) ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია გარჩევის უნარი.
მათთვის, ვინც ხშირად აფრქვევს ნეგატივს, თუ მართლაც აქვთ გამოსახატავი შეხედულებები ან იდეები, ჯერ მიეცი საუბრისა და საკუთარი შეხედულებების გამოაშკარავების საშუალება. ამის შემდეგ ყველასთვის გასაგები გახდება: „ისინი გრძნობენ, რომ მათ მიერ გადახდილი საფასური არ შეესაბამება იმას, რაც მიიღეს. ისინი გრძნობენ, რომ არავითარი სარგებელი არ მიუღიათ და იზარალეს, ამიტომ უკმაყოფილონი გახდნენ. ისინი ღმერთს უჩივიან, მასთან ვაჭრობის იმედი აქვთ და მადლსა და სარგებელს ითხოვენ!“ შეუძლია თუ არა რიგით ადამიანს ასეთი პირის გარჩევა მისი საუბრის მოსმენის შემდეგ? როგორც კი ყველა შეძლებს მის გარჩევას, უთხარი ამ ადამიანს: „დაასრულე საუბარი? თუ მეტი სათქმელი არაფერი გაქვს, გაჩუმდი, თორემ თავს შეირცხვენ. თუ შენი ბოროტი ბუნება ყველას წინაშე გამოაშკარავდება და დროულად არ მოითოკება, ეს საყოველთაო აღშფოთებას გამოიწვევს. როდესაც ყველა გამხელს და უარგყოფს, სინანული უკვე გვიანი იქნება.“ ამგვარად გააფრთხილე ის და ამით მას შეზღუდავ. ან ასევე შეგიძლია თქვა: „თუ გრძნობ, რომ იზარალე, არ არის აუცილებელი, ღმერთი გწამდეს. გრძნობ, რომ არაფერი მიგიღია, მაშ, კონკრეტულად რისი მიღება გსურს? თუ ეს გამდიდრება და ქონების დაგროვებაა ან მაღალი თანამდებობის დაკავება, მაშინ ვწუხვარ, მაგრამ ეს არ არის ის, რისი მიღებაც ადამიანს მხოლოდ სურვილის გამო შეუძლია; ეს ღვთის მიერ დადგენილი საკითხებია. ღვთის გამოჩინება და ადამიანის ხსნის მისი საქმე არ გულისხმობს ადამიანებისთვის ამ საგნების მიცემას. წადი იქ, სადაც მათ მიღებას შეძლებ; ღვთის სახლი წუთისოფელი არ არის, მას არ შეუძლია დააკმაყოფილოს ეშმაკნი და სატანები. აჯობებს, არ მოითხოვო მსგავსი რამ ღვთის სახლისგან და არც დებისა და ძმებისგან; თუ გაბედავ და ღმერთს სთხოვ ამ საგნებს, მაშინ შეურაცხყოფ მის ხასიათს და მის რისხვას გამოიწვევ. ეს იმიტომ, რომ ღმერთმა უამრავი მადლი მიანიჭა ადამიანებს და კიდევ უფრო მეტი ჭეშმარიტება მიჰმადლა, რათა ეს ყოველივე მათ ცხოვრებად იქცეს. ის, რომ ჭეშმარიტების მოპოვებას ძვირფასად არ მიიჩნევ, შენი სისულელე და უმეცრებაა.“ ყველა ამგვარად საყვედურობს და სხლავს მას. რას ფიქრობ ამ პრაქტიკაზე? ან შეგიძლია თქვა: „ღვთის სახლს არაფერი მართებს შენი. ღვთისათვის შენი თავის გაღება და შენი მოვალეობების აღსრულება სრულიად ნებაყოფლობითი იყო. იცი თუ არა, რამდენი მადლით დატკბი ღვთისგან მას შემდეგ, რაც მისი რწმენა და მოვალეობების აღსრულება დაიწყე? ოდნავი სინდისი მაინც რომ გქონდეს, არ უნდა ეუბნებოდე ღმერთს, რომ არაფერი მიგიღია; უნდა წარდგე ღვთის წინაშე და შეიცნო შენი პრობლემები. თუ მართლაც გწამს, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ჭეშმარიტებაა და მისი სიტყვები ჭეშმარიტებაა, მაშინ არ უნდა ამბობდე ამას; არ უნდა წუწუნებდე. შენი ამჟამინდელი დამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორიც ღვთის მორწმუნეს უნდა ჰქონდეს და არც ისეთი, როგორიც ჭეშმარიტების მაძიებელს უნდა ჰქონდეს. შენ აჯანყებას და ღმერთთან ძველი ანგარიშების გასწორებას ცდილობ! შენ ღმერთთან განშორებას და საბოლოო ანგარიშსწორებას ცდილობ! მაგრამ ღმერთს არაფერი მართებს შენი და არც ღვთის სახლს. თუ ღვთის სახლთან ანგარიშსწორებას აპირებ, მაშინ იჩქარე და დატოვე მისი სახლი. ნუ შეაწუხებ ღვთის სახლს, თორემ მის რისხვას გამოიწვევ და იგი განგგმირავს. ეს არ იქნება კარგი შედეგი. ოდნავი სინდისი ან გონება მაინც რომ გქონდეს, უნდა დამშვიდდე, რათა ილოცო და ეძიო, დაინახო, არის თუ არა რაიმე პრობლემა ღვთისადმი რწმენაში შენი მისწრაფების მიღმა თვალთახედვაში და არის თუ არა გზა, რომელზეც დგახარ, ის გზა, რომლის გავლასაც ღმერთი მოითხოვს შენგან. ამდენი არაგონივრული მოთხოვნა გაქვს ღვთის მიმართ, ასეთი დიდი ბრაზი; ეს მიუთითებს იმაზე, რომ შენს მისწრაფებაში რაღაც რიგზე არ არის. ასეთი ღრმა ბრაზი ერთ ან ორ დღეში არ დაგიგროვებია; ის დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. ან შესაძლოა, მას შემდეგ, რაც მისი რწმენა დაიწყე მცდარი შეხედულებით წარდგებოდი ღვთის წინაშე და რაც არ უნდა ეთქვა მას, უგრძნობი იყავი, რის შედეგადაც არავითარ სინანულს ან დავალებულობის გრძნობას არ განიცდი. შესაძლოა სწორედ ამან მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. აჯობებს, იჩქარო აღიარება და მონანიება; მონანიებისთვის ჯერ კიდევ არის დრო. თუ ასე არ მოიქცევი და განაგრძობ ბოროტების კეთებასა და ნეგატივის ფრქვევას, მაშინ ეშმაკად, ანტიქრისტედ იქცევი. როდესაც ღვთის სახლი მოგიცილებს, გადარჩენის შანსი აღარ გექნება — რაც ღვთის სახლის მიერ არის დაგმობილი, ღვთის მიერაც დაგმობილია. ჩვენ გაძლევთ ამ გაფრთხილებას იმის გათვალისწინებით, რომ ღვთისადმი რწმენის მრავალი წლის განმავლობაში გასაჭირის ატანისა და საფასურის გადახდის უნარი გამოავლინე. ჩვენ შანსს გაძლევთ. თუ ჯიუტად შენსას გაიტან და უარს იტყვი რჩევის მოსმენაზე და ღვთის სახლი გადაწყვეტს შენს მოცილებას, მაშინ აღარ იქნები ძმა ან და. გადარჩენის არავითარი იმედი აღარ გექნება. როდესაც ეს დრო დადგება, მართლაც არაფერი გექნება მიღებული. მერე აღარ ინანო. ახლა შენთვის ყველაზე გადამწყვეტია, შეცვალო შენი ფიქრები, შეხედულებები და შენი მისწრაფების მიმართულება. აღარ ეძიო მუდმივად რაღაცის მიღება. მოუსმინე ღვთის სიტყვებს; ნახე, ადამიანთა გახრწნილი ხასიათის ღვთისეული მხილებიდან რამდენზე შეგიძლია დაფიქრდე და შეიცნო საკუთარ თავში. გადაჭერი თუ არა ის პრობლემები, რომელთა ამოცნობაც საკუთარ თავში შეგიძლია, ის პრობლემები, რომლებსაც ნათლად ხედავ? გააცნობიერე თუ არა ღვთის მიმართ შენი ამბოხება? აღმოფხვერი ის? ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა დგახარ, არის ის, რომ ყოველთვის გსურს ღმერთთან ანგარიშსწორება — რა არის ეს პრობლემა? განა ეს არ არის პრობლემა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს? შენ ღმერთი ყოველთვის გარკვეული განზრახვით, გარიგების მიზნით გწამს; ყოველთვის გწყურია კურთხევის მიღება იმედოვნებ რა, რომ ძალისხმევას, თავის გაღებასა და ხორციელ ტანჯვას ცათა სასუფევლის კურთხევებში გაცვლი — განა ეს ყაჩაღის ლოგიკა არ არის? რატომ არ აკვირდები, როგორ ადამიანებს ანიჭებს ღმერთი კურთხევებს, როგორია ღვთის მოთხოვნები ადამიანების მიმართ, რა უთხრა ღმერთმა ადამიანებს და რას უნდა მიაღწიონ ადამიანებმა ღვთის აღთქმების მისაღებად? თუ მართლაც გწამს ღმერთი და მართლაც გსურს გადარჩენა, მაშინ ნუ ეცდები მუდმივად ღვთისგან რაღაცის მიღებას. უნდა დააკვირდე, ღვთის სიტყვების რა ნაწილი განახორციელე პრაქტიკაში, ხარ თუ არა ადამიანი, რომელიც მიჰყვება ღვთის სიტყვებს. ღვთის სიტყვების მიყოლა ნიშნავს ღვთის მოთხოვნებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად პრაქტიკაში განხორციელებასა და ცხოვრებას და არა უბრალოდ ხორციელად მცირედი ტანჯვის ატანასა და მცირე საფასურის გადახდას. შენი გახრწნილი ხასიათი მოუგვარებელია და ყველა იმ საფასურსა და გასაჭირს, რომელსაც იხდი და იტან, გარკვეული განზრახვები ახლავს თან. ღმერთი არ იწონებს ამას; მას არ სურს ასეთი საფასური. თუ ჯიუტად მოითხოვ ღმერთთან ანგარიშსწორებას, თუ ჯიუტად განაგრძობ ღმერთთან კამათსა და დაპირისპირებას, მაშინ შეურაცხყოფ მის ხასიათს და იგი ნებას მოგცემს, შენსას მიაღწიო და ჯოჯოხეთში ჩახვიდე დასასჯელად. ეს არის ბოროტების კეთების საზღაური. შენ განიცადე ტკბობა ღვთის მრავალი კურთხევითა და მადლით და მან მოგცა განსაკუთრებული მატერიალური პირობები. უკვე მიიღე ის, რაც უნდა მიგეღო — მეტი რაღა გინდა ღვთისგან?“ ამ სიტყვებზე თანაზიარება რომ გქონოდა, განა ოდნავი სინდისისა და გონების მქონე ადამიანის წუწუნის განწყობა ოდნავ არ ჩაცხრებოდა მათი მოსმენისას? არის თუ არა ეს წმინდა აღქმის სიტყვები, რომლებიც შეესაბამება ჭეშმარიტებას? (დიახ.) თუ ადამიანს აქვს ადამიანობა და გონება, მას შეუძლია მათი გაგება და მიღება. მხოლოდ ისინი, ვისაც არ გააჩნია ადამიანობა, ვისაც არ აქვს სინდისი და გონება იფიქრებენ, რომ ეს სიტყვები მათ მოტყუებას ემსახურება, რომ ეს მაღალფარდოვანი რიტორიკაა, რომელიც ნდობას არ იმსახურებს და რომ ისინი არ არის ისეთივე ხელშესახები სარგებლის მომტანი, როგორც ხილული მადლი ან მატერიალური კურთხევა. ამიტომ, სანამ ამ ხელშესახებ სარგებელს არ დაინახავენ, რასაც არ უნდა ამბობდე, უსარგებლოა; ისინი ამას არ მიიღებენ. შესაძლოა პირში არ შეგეწინააღმდეგონ, მაგრამ ზურგს უკან, გულში მაინც განაგრძობენ წინააღმდეგობის გაწევას, დროდადრო აფრქვევენ ნეგატივს, აჩვენებენ საკუთარ დამსახურებებს, ითვლიან მათ მიერ ატანილ გასაჭირს, ისევე როგორც იმას, თუ როგორ ექცევა მათ ღვთის სახლი, როგორ ითმენენ ღვთის სახლს — ისინი ყოველთვის ინახავენ ამ საგნებს გულში. რაც არ უნდა შეემთხვათ, სანამ არ მიიღებენ იმას, რაც სურთ, მათი მხეცური ბუნება თავს იჩენს, ისინი ბრაზით ფეთქდებიან, ააშკარავებენ თავიანთ სამარცხვინო ქცევას და აფრქვევენ ნეგატივს. უნდა ეცადო თუ არა კვლავ ასეთი ადამიანის დარწმუნებას? თუ მარტივი შეგონების შემდეგ ისინი კვლავ იმავე ხასიათს ავლენენ, მათი ძველი პრობლემები ბრუნდება და მათი ეშმაკური ბუნება კვლავ იჩენს თავს, რა უნდა გაკეთდეს? მაშინ შეზღუდვების დაწესების დროა. ნუ დაუტოვებ მათ მონანიების შანსს. ისინი დამპალ ხეს ჰგვანან, სრულიად გამოუსწორებელნი არიან; ისინი სულელი, ჯიუტი საცოდავები არიან. რა გაგებით არიან ისინი „სულელი, ჯიუტი საცოდავები“? იმ გაგებით, რომ არ იღებენ წმინდა გზას და რამე დადებითს. ნაცვლად ამისა, ისინი იზიარებენ მრუდე ლოგიკას, ერესებსა და მცდარ შეხედულებებს, ებღაუჭებიან რა საკუთარ შეხედულებებს ხელშესახები სარგებლის მიღების, უპირატესობის მოპოვებისა და ზარალის თავიდან აცილების შესახებ. როგორი თანაზიარებაც არ უნდა ჰქონდეს ღვთის სახლს ჭეშმარიტებაზე, ისინი ყოველთვის ამბობენ: „ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერს. ვის არ შეუძლია რამდენიმე კარგი სიტყვის თქმა? შენ რომ გეზარალა, ამას არ იტყოდი.“ ისინი ჯიუტად ებღაუჭებიან ასეთ შეხედულებებს და როდესაც რაიმე უსიამოვნო ხდება ან ზარალს ნახულობენ, გრძნობენ, რომ ღვთისადმი რწმენით არაფერი მიუღიათ და კვლავ აფრქვევენ ნეგატივს. უნდა მიეცეთ თუ არა მათ კიდევ ერთი შანსი? მეტი შანსი აღარ არის. თუ ისინი ჯეროვნად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ნაცვლად ამისა, სხვებს აწუხებენ, დაუყოვნებლივ შეაჩერე და შეზღუდე ისინი. ნუ მისცემ მათ თავისუფლად საუბრის უფლებას. თუ ისინი განაგრძობენ ნეგატივის გავრცელებასა და სხვების შეწუხებას, მეტი თავაზიანობა აღარ გამოიჩინო მათ მიმართ. დაუყოვნებლივ გაწმინდე ეკლესია მათგან. ეს ხომ არ ნიშნავს სიყვარულის ნაკლებობას? (არა.) ჭეშმარიტება მათ თანაზიარებაში დაწვრილებით აუხსნეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მისი მიღება, როგორც არ უნდა ჩატარდეს თანაზიარება — რაზე მიუთითებს ეს? გარეგნულად ეს ადამიანი ურწმუნოს ჰგავს, მაგრამ თავისი არსით ეშმაკია. ისინი ღვთის სახლში მოვიდნენ, რათა ღვთისგან მადლი და კურთხევა ითხოვონ, სარგებელი მიიღონ და არ მოისვენებენ, სანამ მათ არ მიიღებენ. თუ გარკვეული ხნით რწმენის შემდეგ მათ არავითარი სარგებელი არ მიუღიათ, მათი სატანური ხასიათი ამოიფრქვევა; ისინი გადმოანთხევენ თავიანთ უკმაყოფილებას ღვთის მიმართ, ჩაიდენენ ბოროტებას და გამოიწვევენ არეულობას. ეს არის ეშმაკი. ის მცირედი ტანჯვა და თავის გაღება, რაც მათ იტვირთეს, არსებითად არ წარმოადგენს ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებას. ეს წმინდა წყლის გარიგებაა, საკუთარი თავისთვის სარგებლისა და კურთხევის მიღების მიზნით. როდესაც რაღაც ემართებათ მათ, ვისაც ყოველთვის სურს რაღაცის მიღება ღვთისადმი რწმენით და ნეგატიურები და სუსტები არიან, ყოველთვის ამბობენ: „ღვთისადმი რწმენით არაფერი მიმიღია.“ შემდეგ, ისინი ნებდებიან და იწყებენ ყველაფერზე ხელის აღებას, შურისძიებას ეძიებენ და ხშირად აფრქვევენ ნეგატივს თავიანთი უკმაყოფილების გამომხატველი ემოციების გადმოსანთხევად. ჩვენ უკვე გვქონდა თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ასეთ ადამიანებს: მათ პრინციპების შესაბამისად უნდა მოვექცეთ. თუ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და იმის გარანტიის მიცემა, რომ მომავალში მეტ არეულობას აღარ გამოიწვევენ, შეიძლება მიეცეთ კიდევ ერთი შანსი, რომ დარჩნენ ეკლესიაში. თუ ისინი ყოველთვის ცდილობენ ეკლესიის საქმისა და ეკლესიური ცხოვრების არევასა და დაზიანებას, მაშინ განწმინდე ეკლესია მათგან. ეს კეთდება ეკლესიის საქმის დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა შეძლოს ეკლესიური ცხოვრებით შეუფერხებლად ცხოვრება. ეს გადაწყვეტილება მიიღება და ეს მეთოდი გამოიყენება ამ პრინციპზე დაყრდნობით. ეს მართებულია.
ეკლესიის ცხოვრებაში კიდევ ვინ არის მიდრეკილი ნეგატივის ფრქვევისკენ? ზოგიერთი ადამიანი თავის მოვალეობას უშედეგოდ ასრულებს და მუდამ უშვებს შეცდომებს; ისინი არ მიმართავენ თვითრეფლექსიას, არამედ მუდამ გრძნობენ, რომ ღმერთი არ არის სამართლიანი ან მიუკერძოებელი, რომ ღმერთი სხვებს ყოველთვის წყალობით ეპყრობა, მათ კი — არა, რომ ღმერთი მათ არ აფასებს და არასოდეს ჰფენს ნათელს; სწორედ ამიტომ, მათი მოვალეობის შესრულებას არასოდეს მოაქვს შედეგი და ისინი ვერასოდეს აღწევენ თავიანთ მიზანს — გამოირჩეოდნენ სხვებისგან და იყვნენ დაფასებულნი. მათ გულში ღვთის მიმართ საყვედურები უჩნდებათ და ამასთან ერთად, იწყებენ მათ მიმართ შურის, ზიზღისა და სიძულვილის განცდას, ვინც თავის მოვალეობას ერთგულად ასრულებს. როგორი ადამიანობა გააჩნიათ ასეთ ხალხს? განა ისინი ვიწრო აზროვნების მქონენი არ არიან? გარდა ამისა, განა მათ არ ესმით, თუ როგორ უნდა ეძიონ ჭეშმარიტება ღვთისადმი თავიანთ რწმენაში? მათ არ ესმით, რას ნიშნავს ღვთის რწმენა. მათ ჰგონიათ, რომ ღვთის რწმენა და მოვალეობის შესრულება ჰგავს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებას, სადაც მუდამ საჭიროა ქულებისა და რეიტინგების შედარება. ამიტომ, ისინი ამ ყოველივეს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. განა ასეთი არ არის მათი მდგომარეობა? პირველ რიგში, ჭეშმარიტების წვდომის გადმოსახედიდან, აქვთ კი ასეთ ადამიანებს სულიერი გაგება? არ აქვთ, და მათ არ ესმით, რას ნიშნავს ღვთის რწმენა და ჭეშმარიტების ძიება. ერთი მხრივ, ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სხვებს შორის საკუთარ რეიტინგს; მეორე მხრივ, ისინი მუდამ იყენებენ ქულების მინიჭების მეთოდს იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად ასრულებენ სხვები თავიანთ მოვალეობებს და რამდენად კარგად ასრულებენ თავად, თითქოს სკოლაში მოსწავლეებს აფასებდნენ, და ამ მეთოდით ზომავენ ადამიანების ღვთისადმი რწმენასა და მათი მოვალეობების შესრულებას. განა ამაში რაღაც არასწორი არ არის? გარდა ამისა, განა ის ძალისხმევა, რომლითაც ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ, არასწორი არ არის? განა ისინი თავიანთ მოვალეობებს სწავლისა და გამოცდების ჩაბარების მსგავსი ძალისხმევით არ ასრულებენ? (დიახ.) რატომ ვამბობთ ამას? ესმით კი ასეთ ადამიანებს, როგორ უნდა ეძიონ პრინციპები ღვთის რწმენისა და თავიანთი მოვალეობების შესრულებისას? შესწევთ კი მათ პრინციპების ძიების უნარი? ერთი მხრივ, მათ არ იციან, როგორ ეძიონ პრინციპები. როგორ უნდა კითხულობდნენ ადამიანები ღვთის სიტყვებს, როგორ უნდა ჰქონდეთ ჭეშმარიტების თანაზიარება და როგორ უნდა ასრულებდნენ ჯეროვნად თავიანთ მოვალეობებს — მათ არ ესმით ეს საკითხები და არც ადარდებთ ისინი. მათ მხოლოდ ის იციან, რომ უნდა იპოვონ პრინციპები და მათ შესაბამისად იმოქმედონ, მაგრამ არ ესმით, რას ადგენს პრინციპები, რას მოითხოვს ღმერთი ან როგორ მოქმედებენ სხვები პრინციპების მიხედვით. ისინი ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებენ. მეორე მხრივ, შეუძლიათ კი მათ მოვალეობის შესრულების შეფასება ღვთის იმ სტანდარტებზე დაყრდნობით, რომლებიც ზომავს, შეესაბამება თუ არა ადამიანთა მიერ მოვალეობის შესრულება სტანდარტს, და იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც იგი მოითხოვს ადამიანებისგან მოვალეობის შესრულებისას? შეუძლიათ კი მათ ამ საკითხების გაგება ღვთის სიტყვებიდან და დებისა და ძმების თანაზიარებიდან? პირველ რიგში, მათ არ ესმით ღვთის სიტყვები და არც მოვალეობის შესრულების საკითხები ესმით. მას შემდეგ, რაც ისინი იწყებენ ღვთის რწმენას და მოვალეობების შესრულებას, ასე ფიქრობენ: „როდესაც სკოლაში ვიყავი, ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე: თუკი მზად ხარ ბევრი იშრომო და მეტი ისწავლო, მაღალი ქულების მიღებას შეძლებ. ამიტომ, მეც ასე მოვიქცევი ღვთისადმი ჩემს რწმენასთან მიმართებაში. მეტს წავიკითხავ ღვთის სიტყვებს და მეტს ვილოცებ. სანამ სხვები საუბრობენ ან ჭამენ, მე საგალობლებს ვისწავლი და ღვთის სიტყვებს დავიმახსოვრებ. ასეთი ძალისხმევით ღმერთი აუცილებლად მაკურთხებს ჩემი მძიმე შრომის, სიბეჯითისა და გულმოდგინების გამო და ჩემი მოვალეობის შესრულება აუცილებლად ნაყოფიერი იქნება. დარწმუნებული ვარ, სხვებს შორის მაღალ ქულებს მივიღებ, დაფასებული ვიქნები და დავწინაურდები.“ თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ აღწევენ თავიანთ საწადელს: „რატომ ვარ მაინც სხვებზე ნაკლებად ეფექტური ჩემი მოვალეობის შესრულებისას? როდისმე როგორ დავწინაურდები ან როგორ გამომიყენებენ მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი აღარ არსებობს? მე ბუნებით პირველობისკენ მიდრეკილი დავიბადე, არ მსურს სხვებს ჩამოვრჩე. ასეთი ვიყავი სკოლაში და ასეთი ვარ ახლაც ღვთისადმი ჩემს რწმენაში. ვინც არ უნდა მაჯობოს, გადაწყვეტილი მაქვს, რომ მას ვაჯობო. არ მოვისვენებ, სანამ ამას არ გავაკეთებ!“ მათ სჯერათ, რომ სწორი მეთოდითა და მიდგომით — უბრალოდ, თუ დიდ ძალისხმევას ჩადებენ და მეტ ღვთის სიტყვას წაიკითხავენ და მეტ საგალობელს ისწავლიან, თავს აარიდებენ უქმადმეტყველებას, არ იზრუნებენ ჩაცმა-დახურვაზე, ნაკლებს დაიძინებენ, ნაკლებად გაერთობიან, დათრგუნავენ საკუთარ სხეულს და უარს იტყვიან ხორციელ სიამოვნებაზე — ისინი შეძლებენ ღვთის კურთხევის მიღებას და აუცილებლად მიაღწევენ შედეგებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის მათი მოლოდინებისგან განსხვავებულად ხდება: „რატომ ვუშვებ მაინც მუდამ შეცდომებს ჩემი მოვალეობის შესრულებისას და რატომ მაინც არ შემიძლია მისი ისე კარგად შესრულება, როგორც სხვებს? სხვები საქმეს სწრაფად და კარგად აკეთებენ, წინამძღოლი კი მათ ყოველთვის აქებს და აფასებს. მე ამდენი ტანჯვა და გასაჭირი გადავიტანე. რატომ მაინც ვერ ვაღწევ შედეგებს?“ ამაზე ფიქრისას, ისინი საბოლოოდ ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებენ: „თურმე ღმერთი უსამართლოა. ამდენი ხანია მწამს ღმერთი და მხოლოდ ახლა ვხედავ ამას! ღმერთი მოწყალეა იმის მიმართ, ვის მიმართაც სურს. მაშ, რატომ არ სურს მას ჩემ მიმართ იყოს მოწყალე? იმიტომ ხომ არა, რომ სულელი ვარ, რომ პირფერობა და მჭევრმეტყველება არ შემიძლია, რომ საზრიანი არ ვარ? თუ იმიტომ, რომ ზედმეტად ჩვეულებრივად გამოვიყურები და არცთუ ისე განათლებული ვარ? ეს ხომ ღვთის მიერ ჩემი გამოაშკარავებაა, არა? მე ღვთის ამდენი სიტყვა წავიკითხე — რატომ არ არის ღმერთი ჩემ მიმართ მოწყალე და ამის ნაცვლად რატომ მაშკარავებს?“ ამაზე ფიქრისას, ისინი ნეგატიურები ხდებიან: „აღარ მსურს ჩემი მოვალეობის შესრულება. მოვალეობის შესრულებისას ღმერთს არ ვუკურთხებივარ და მეტი წავიკითხე ღვთის სიტყვები, მაგრამ მას ჩემთვის ნათელი არ მოუფენია. ღვთის სიტყვებში ნათქვამია, რომ ღმერთი მოწყალეა იმის მიმართ, ვის მიმართაც სურს და წყალობას ავლენს იმის მიმართ, ვის მიმართაც ნებავს. მე არ ვარ ის, ვის მიმართაც ღმერთი წყალობას ავლენს ან მოწყალეა. რატომ უნდა დავითმინო ეს ტანჯვა?“ რაც უფრო მეტს ფიქრობენ, მით უფრო ნეგატიურები ხდებიან და მით უფრო ნაკლებად გრძნობენ, რომ წინსვლის გზა აქვთ. მათ წყენისგან სული ეხუთებათ და აღარ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება; ხოლო როდესაც მოვალეობას ასრულებენ, ამას მხოლოდ ფორმალურად აკეთებენ. როგორც არ უნდა ჰქონდეთ სხვებს პრინციპების შესახებ თანაზიარება, ეს მათამდე არ აღწევს. მათ არანაირი რეაქცია არ აქვთ. როდესაც ისინი ამგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან, აქვთ კი მათ რაიმე სიცოცხლეში შესვლა? აქვთ კი მათ რაიმე ერთგულება თავიანთი მოვალეობის შესრულებისას? აღარ და ის მცირეოდენი ძალისხმევა და სიბეჯითეც კი, რაც ოდესღაც ჰქონდათ, გამქრალია. მაშ, რა რჩება მათ გულებში? „უბრალოდ გზადაგზა დავაწყობ გეგმებს და ყველაფერს ისე მივიღებ, როგორც მოვა. ღმერთმა შეიძლება ნებისმიერ დღეს გამომააშკარავოს და განმდევნოს და ხელი ჩაიქნიოს ჩემზე. როდესაც დადგება დღე, როცა ჩემი მოვალეობის შესრულების ნებას აღარ დამრთავენ, აღარც შევასრულებ. ვიცი, რომ საკმარისად კარგი არ ვარ. ღმერთს შეიძლება ჯერ არ განვუდევნივარ, მაგრამ ვიცი, რომ არ მოვწონვარ. ეს მხოლოდ დროის ამბავია.“ მათ გულებში ასეთი ფიქრები და შეხედულებები ჩნდება და სხვებთან ურთირთობისას დროდადრო ასეთი ფრაზებიც წამოსცდებათ ხოლმე: „ყველამ განაგრძეთ ღვთისადმი გულწრფელად რწმენა. თქვენს რწმენასა და მოვალეობების შესრულებას აუცილებლად აკურთხებს ღმერთი. მე იმედი აღარ მაქვს. ჩემი გზის დასასრულს მივუახლოვდი. რაც არ უნდა ბეჯითი ან მშრომელი ვიყო, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ღმერთს ვინმე არ მოსწონს, მის მიერ გაღებულ არავითარ ძალისხმევას არ აქვს აზრი. ჩემს მოვალეობას ვასრულებ იმ ძალისხმევით, რაც შემიძლია; თუ ჩემი ძალისხმევა უშედეგოა, ამას ვერაფერს ვუშველი. შეუძლია კი ღმერთს აიძულოს ადამიანები, გააკეთონ ის, რაც მათ ძალებს აღემატება? ღმერთი ვერ აიძულებს თევზს, ხმელეთზე იცხოვროს!“ რაზეა აქ საუბარი? ქვეტექსტი ასეთია: „მე უბრალოდ ასეთი ვარ. როგორც არ უნდა მექცეოდეს ღმერთი, ჩემი დამოკიდებულება ასეთი იქნება.“ მითხარით, რატომ უნდა სურდეს ასეთი დამოკიდებულებისა და განზრახვის მქონე ადამიანს კვლავაც ღვთის კურთხევის მიღება? შეუძლია კი მათში ჩამოყალიბებულ ამ მდგომარეობასა და დამოკიდებულებას სხვებზე გავლენის მოხდენა? მათ მარტივად შეუძლიათ ნეგატიური და უარყოფითი გავლენის მოხდენა, რითაც სხვებს ნეგატიურობასა და სისუსტეში აგდებენ. განა ეს სხვების შეცდომაში შეყვანა და მათთვის ზიანის მიყენება არ არის? ასეთი ხარისხის ნეგატიურობის მქონე ადამიანები ეშმაკები არიან, განა ასე არ არის? ეშმაკებს არასოდეს უყვართ ჭეშმარიტება.
ზოგიერთი ადამიანი ვრცელი საუბრებით არ აფრქვევს თავის ნეგატივს; ისინი უბრალოდ რამდენიმე ფრაზას წარმოთქვამენ: „თქვენ ყველანი ჩემზე უკეთესები ხართ. თქვენ ყველანი დიდად კურთხეულნი ხართ. ჩემთვის იმედი აღარ არის. რაც არ უნდა ვეცადო, უსარგებლოა. ღვთის კურთხევების მიღების არავითარი იმედი არ მაქვს.“ მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები მარტივია და უპრობლემოდ ჩანს, და ისე ჟღერს, თითქოს ისინი საკუთარ თავს იკვლევენ, საკუთარ ქცევებს აანალიზებენ და იღებენ ისეთ ფაქტებს, როგორიცაა მათივე მწირი სულიერი მონაცემები და ნაკლოვანებები, სინამდვილეში ისინი ერთგვარ უხილავ ნეგატივს აფრქვევენ. ეს სიტყვები ატარებს სარკაზმსა და დაცინვას, ასევე წინააღმდეგობას და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად, ატარებს ღვთის მიმართ უკმაყოფილებას, ნეგატიურ და დათრგუნულ განწყობასთან ერთად. ეს ნეგატიური სიტყვები შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ ამ განწყობას, გადამდები დაავადების მსგავსად, სხვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ არ ამბობენ: „აღარ მსურს ჩემი მოვალეობების შესრულება, ხსნის არავითარი იმედი არ მაქვს და თქვენც ყველანი საფრთხეში ხართ“, ისინი აგზავნიან სიგნალს, რომელიც ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თუკი ამ პიროვნებას, მისი ძალისხმევის მიუხედავად, ხსნის არავითარი იმედი არ აქვს, მაშინ მათ, ვინც არ ცდილობს, იმედი კიდევ უფრო ნაკლებად ექნებათ. ამ სიგნალის გადაცემით, ისინი ყველას ეუბნებიან: „იმედი მნიშვნელოვანია. თუ ღმერთი არ გაძლევს იმედს, თუ ღმერთი არ გაკურთხებს, მაშინ რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინო, ყველაფერი ამაოა.“ მას შემდეგ, რაც ადამიანთა უმეტესობა იღებს ამ სიგნალს, მათი რწმენა ღვთისადმი სულის სიღრმეში უნებლიეთ ნელდება, და ის ერთგულება და გულწრფელობა, რომელიც მათ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას უნდა გამოავლინონ, საგრძნობლად მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ნეგატივს აფრქვევენ ადამიანების შეცდომაში შეყვანის ან თავის მხარეზე გადაბირების მკაფიო განზრახვის გარეშე, ეს ნეგატიური განწყობა სწრაფად მოქმედებს სხვებზე, აგრძნობინებს მათ კრიზისს და უქმნის განცდას, რომ მათი ძალისხმევა ფუჭად იკარგება; ეს აიძულებს ადამიანებს, იცხოვრონ თავიანთი გრძნობებით, გამოიყენონ გრძნობები ღმერთზე ვარაუდების გამოსათქმელად, და გააანალიზონ და გულდასმით შეისწავლონ ღვთის დამოკიდებულება და გულწრფელობა ადამიანების მიმართ ზედაპირულ მოვლენებზე დაყრდნობით. როდესაც ეს ნეგატიური განწყობა სხვებს გადაეცემათ, ისინი უნებლიეთ შორდებიან ღმერთს, არასწორად იგებენ და ეჭვქვეშ აყენებენ იმას, რაც ღმერთმა თქვა, და აღარ სჯერათ მისი სიტყვების. ამავდროულად, ისინი აღარ იჩენენ გულწრფელობას თავიანთი მოვალეობების მიმართ; მათ არ სურთ საფასურის გადახდა და არ სურთ რაიმე ერთგულების გამოვლენა. აი, ასეთია ამ ნეგატიური ფრაზების გავლენა ადამიანებზე. რა არის ამ გავლენის შედეგი? ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ადამიანები ვერ იღებენ შეგონებას, მით უმეტეს ვერ აღწევენ თვითშემეცნებას, ვერ აღმოაჩენენ თავიანთ ნაკლოვანებებს ან ვერ იძენენ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისა და პრინციპების მიხედვით თავიანთი მოვალეობების შესრულების უნარს — ისინი ვერ იღებენ ვერცერთ ამ დადებით შედეგს. ამის ნაცვლად, ეს გავლენა ადამიანებს უფრო ნეგატიურს ხდის, აფიქრებინებს ჭეშმარიტების ძიებაზე უარის თქმას და უკარგავს მოვალეობების შესრულების სიმტკიცეს. რატომ დაკარგეს მათ რწმენა? (ისინი გრძნობენ, რომ ხსნის არავითარი იმედი არ აქვთ.) სწორია, მიიღე ეს გზავნილი და გრძნობ, რომ ხსნის არავითარი იმედი არ გაქვს, ამიტომ არ გსურს ძალისხმევის გამოჩენა შენი მოვალეობის შესასრულებლად. ეს ქცევა აჩვენებს, რომ გულწრფელად არ ეძიებ ჭეშმარიტებას, არამედ მუდამ გრძნობებზე, განწყობებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით განსჯი, კმაყოფილია თუ არა ღმერთი შენით, გაქვს თუ არა ხსნის იმედი და იწონებს თუ არა ღმერთი შენ მიერ მოვალეობის შესრულებას. როდესაც ადამიანები ამ საკითხებს ვარაუდებზე დაყრდნობით განსჯიან, მათ არ აქვთ დიდი მოტივაცია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოსაყენებლად. რატომ ხდება ასე? შეუძლიათ კი ადამიანებს ღვთის ზუსტად განსჯა, როდესაც მას ვარაუდებზე დაყრდნობით განსჯიან? შეუძლიათ კი ადამიანებს ზუსტი ვარაუდების გამოთქმა ღვთის თითოეულ ფიქრსა და იდეაზე? (არა.) ადამიანების გონება სავსეა მზაკვრობით, გარიგებებით, ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიით, სატანის ლოგიკით და ა.შ. რა შედეგები მოაქვს ადამიანების მიერ ამ საკითხებზე დაყრდნობით ღმერთზე ვარაუდების გამოთქმას? ეს იწვევს ღვთისადმი ეჭვს, ღვთისგან დაშორებას და ღვთისადმი რწმენის სრულ დაკარგვასაც კი. როდესაც ადამიანი სრულად კარგავს ღვთისადმი რწმენას, მის გულში აუცილებლად გაჩნდება დიდი კითხვის ნიშანი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ღმერთი. იმ დროს, მისი, როგორც ღვთის მორწმუნის დრო დასრულდება — ის სრულიად დაღუპული იქნება. გარდა ამისა, სწორია კი ადამიანების მიერ ღმერთზე ვარაუდების გამოთქმა? არის კი ეს ის დამოკიდებულება, რომელიც ქმნილებას შემოქმედის მიმართ უნდა ჰქონდეს? ნათელია, რომ არა. ადამიანებმა არ უნდა გამოთქვან ვარაუდები ღმერთზე და არც ღვთის აზროვნებაზე ან ადამიანების მიმართ მის ფიქრებზე უნდა ივარაუდონ. ეს თავისთავად არასწორია; ადამიანებმა არასწორი პერსპექტივა და პოზიცია დაიკავეს.
ადამიანები ღმერთს არ უნდა ეპყრობოდნენ ვარაუდით, სპეკულაციით, ეჭვით ან უნდობლობით და არც ადამიანურ ფიქრებსა და შეხედულებებზე, ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიასა თუ აკადემიურ ცოდნაზე დაყრდნობით უნდა განსჯიდნენ მას. მაშ, როგორ უნდა ეპყრობოდნენ ადამიანები ღმერთს? პირველ რიგში, ადამიანებს უნდა სწამდეთ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. ღვთის მოთხოვნები ადამიანების მიმართ, მისი განზრახვები მათ მიმართ, მისი სიყვარული და სიძულვილი ადამიანების მიმართ და მისი განგებულება, ფიქრები და იდეები სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის და ა.შ., არ საჭიროებს შენს ვარაუდს; ამ საკითხებს ნათელი ახსნა და მკაფიო მნიშვნელობა აქვს ღვთის სიტყვებში. მხოლოდ უნდა გწამდეს, ეძიებდე და შემდეგ ღვთის სიტყვების შესაბამისად იყენებდე პრაქტიკაში — ეს ასე მარტივია. ღმერთი არ გთხოვს, გრძნობებზე დაყრდნობით განსაჯო, თუ რის გაკეთებას აპირებს ის შენთან დაკავშირებით ან როგორ გაფასებს. მაშასადამე, ფიქრობ, რომ ხსნის არავითარი იმედი არ გაქვს — ეს გრძნობაა თუ ფაქტი? ასე თქვა ღვთის სიტყვებმა? (არა.) მაშინ, რას ამბობს ღვთის სიტყვები? ღმერთი ეუბნება ადამიანებს, თუ როგორ უნდა ეძიონ ჭეშმარიტება გამოსავლის საპოვნელად და იპოვონ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების გზა, როდესაც რაიმე პრობლემას აწყდებიან ან გახრწნილ ხასიათს ავლენენ. ეს ერთ რამეს ადასტურებს: ჭეშმარიტებაა, რომ ღმერთს სურს ადამიანების გადარჩენა და მათი გახრწნილი ხასიათის შეცვლა; ღმერთი არ გატყუებს, და ეს ცარიელი სიტყვები არ არის. შენ ფიქრობ, რომ ხსნის არავითარი იმედი არ გაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი განწყობაა, გარკვეულ გარემოში წარმოქმნილი გრძნობა. შენი გრძნობები არ წარმოადგენს ღვთის წადილს ან განზრახვებს, მით უმეტეს მის ფიქრებს, და არც ჭეშმარიტებას წარმოადგენს. შესაბამისად, თუკი ამ გრძნობით ცხოვრობ, თუ ამ გრძნობაზე დაყრდნობით ღმერთზე ვარაუდებს გამოთქვამ და შენს გრძნობას ღვთის წადილის ჩასანაცვლებლად იყენებ, მაშინ ძალიან ცდები და სატანის მახეში ხარ გაბმული. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ სიტუაციაში? არ დაეყრდნოს გრძნობებს. ზოგიერთი ამბობს: „თუ გრძნობებს არ უნდა დავეყრდნოთ, მაშ რას უნდა დავეყრდნოთ?“ რამე შენეულზე დაყრდნობა უსარგებლოა; ადამიანური გრძნობები არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ვინ იცის, როგორ წარმოიქმნა შენი გრძნობა, სინამდვილეში საიდან მოვიდა ის — თუ ის სატანის მიერ შეცდომაში შეყვანის შედეგად წარმოიქმნა, მაშინ ეს პრობლემატურია. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა წარმოშობილიყო ეს გრძნობა, ის არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. რაც უფრო ძლიერია ადამიანის გრძნობები და ინტუიცია, მით უფრო მეტად სჭირდება მას ჭეშმარიტების ძიება, ღვთის წინაშე წარდგომა და თვითრეფლექსია. ადამიანური გრძნობები ერთია, ხოლო ფაქტები და ჭეშმარიტება — სრულიად სხვა. შეუძლია კი გრძნობებს მოგცეს ჭეშმარიტება? შეუძლია კი მათ გიჩვენოს პრაქტიკის გზა? არ შეუძლია. მხოლოდ ღვთის სიტყვებს, მხოლოდ ჭეშმარიტებას შეუძლია მოგცეს პრაქტიკის გზა, მოგიტანოს გარდატეხა და გიჩვენოს გამოსავალი. ამიტომ, ის, რაც შენ პრაქტიკაში უნდა განახორციელო, საკუთარი გრძნობების ძიება კი არ არის — შენი გრძნობები არ არის მნიშვნელოვანი. ის, რაც შენ უნდა გააკეთო, არის ღვთის წინაშე წარდგომა ჭეშმარიტების საძიებლად, რათა მისი სიტყვების მეშვეობით გაიგო ღვთის განზრახვები. რაც უფრო მეტად დაეყრდნობი შენს გრძნობებს, მით უფრო მეტად აღმოაჩენ, რომ წინსვლის გზა არ გაქვს, მით უფრო ღრმად ეფლობი ნეგატივში და მით უფრო მეტად გჯერა, რომ ღმერთი უსამართლოა, რომ ღმერთს არ უკურთხებიხარ. პირიქით, თუკი გვერდზე გადადებ ამ გრძნობებს ჭეშმარიტება-პრინციპების საძიებლად, რათა დაინახო, შენი მოვალეობის შესრულების პროცესში რომელმა ქმედებებმა დაარღვია ჭეშმარიტება-პრინციპები, რომელი ქმედებები შესრულდა შენი საკუთარი ნებით და სრულიად კავშირში არ არის ჭეშმარიტება-პრინციპებთან, მაშინ, ძიების პროცესში აღმოაჩენ, რომ ზედმეტად ბევრი საკუთარი ნება და ზედმეტად ბევრი წარმოდგენა გაქვს. მხოლოდ ამ მცირეოდენი გულმოდგინების გამოჩენით, ბევრ პრობლემას აღმოაჩენ: „მე ზედმეტად ურჩი, თავნება და ამპარტავანი ვარ! ისე კი არ არის, რომ ხსნის არავითარი იმედი არ მაქვს; ჩემი გრძნობები არაზუსტია. საქმე ისაა, რომ მე ღვთის სიტყვები სერიოზულად არ მივიღე და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად არ განვახორციელე პრაქტიკაში. მე მუდამ ვწუწუნებ, რომ ღმერთი არ მაკურთხებს, არ მიწინამძღოლებს და მიკერძოებულია, მაგრამ სინამდვილეში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჩემი მოვალეობის შესრულებისას ზედაპირული, თავნება და დაუფიქრებელი ვარ — ეს ჩემი ბრალია. ახლა გავაცნობიერე, რომ ღმერთი მიკერძოებას არ ავლენს. როდესაც ადამიანები არ ეძიებენ ჭეშმარიტებას ან არ წარდგებიან ღვთის წინაშე, ღმერთი უკვე კეთილია მათ მიმართ იმით, რომ არ ართმევს მათ მოვალეობის შესრულების კვალიფიკაციას; ღმერთი უკვე ძალიან შემწყნარებელია ამ მხრივ. მიუხედავად ამისა, მე მაინც წყენით ვიყავი სავსე, ღმერთს ვეწინააღმდეგებოდი და ვეკამათებოდი კიდეც. ადრე ვფიქრობდი, რომ საკმაოდ კარგი ვიყავი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ეს სულაც არ არის სიმართლე. რასაც ვაკეთებდი, პრინციპებზე არ იყო დაფუძნებული; ის, რომ ღმერთმა არ გამწვრთნა, მისი მადლი იყო — მან გაითვალისწინა ჩემი მცირე სულიერი ზრდა!“ ასეთი ძიების მეშვეობით, გაიგებ გარკვეულ ჭეშმარიტებებს და შეძლებ ინიციატივის აღებას, რათა აქტიურად განახორციელო პრაქტიკაში ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. ნაბიჯ-ნაბიჯ, იგრძნობ, რომ გაქვს გარკვეული პრინციპები საკუთარი თავის წარმართვასა და შენი მოვალეობის შესრულებაში. ამ დროს, განა გაცილებით მეტ სიმშვიდეს არ იგრძნობ სინდისში? „ადრე ვგრძნობდი, რომ ხსნის არავითარი იმედი არ მქონდა, მაგრამ ახლა რატომ ხდება ეს გრძნობა, ეს შეგნება სულ უფრო და უფრო სუსტი? როგორ შეიცვალა ეს მდგომარეობა? ადრე ვფიქრობდი, რომ იმედი არ მქონდა; განა ეს უბრალოდ ნეგატივი, წინააღმდეგობა და ღმერთთან ბრძოლა არ იყო? მეტისმეტად ურჩი ვიყავი!“ დამორჩილების შემდეგ, შენი მოვალეობის შესრულების პროცესში, შეუმჩნევლად დაიწყებ გარკვეული პრინციპების გაგებას და საკუთარ თავს სხვებს აღარ შეადარებ; მხოლოდ იმაზე გაამახვილებ ყურადღებას, თუ როგორ აირიდო თავიდან ზედაპირულობა და როგორ შეასრულო შენი მოვალეობები პრინციპების შესაბამისად. შეუმჩნევლად, აღარ იგრძნობ, რომ შენი გადარჩენა შეუძლებელია და აღარ იქნები გამომწყვდეული ამ ნეგატიურ მდგომარეობაში; შენს მოვალეობებს პრინციპების შესაბამისად შეასრულებ და იგრძნობ, რომ შენი ურთიერთობა ღმერთთან ნორმალური გახდა. როდესაც ეს გრძნობა გაგიჩნდება, იფიქრებ: „ღმერთს არ მივუტოვებივარ; შემიძლია ვიგრძნო ღვთის თანდასწრება, და შემიძლია ვიგრძნო ღვთის წინამძღოლობა და კურთხევები, როდესაც ჩემი მოვალეობების შესრულებისას ღმერთს ვეძიებ. საბოლოოდ ვგრძნობ, რომ ღმერთი სხვებსაც აკურთხებს და მეც მაკურთხებს, და რომ ღმერთი მიკერძოებას არ ავლენს; როგორც ჩანს, ხსნის იმედი ჯერ კიდევ მაქვს. თურმე, გზა, რომლითაც ადრე დავდიოდი, არასწორი იყო; ჩემი მოვალეობის შესრულებისას მუდამ მხოლოდ ფორმალურად ვმოქმედებდი, თვითნებურად ვმოქმედებდი და ბოროტმოქმედებას ჩავდიოდი, და თან ვფიქრობდი, რომ კარგად ვიყავი, ვცხოვრობდი ჩემს პატარა სამყაროში და საკუთარი თავით ვტკბებოდი. ახლა ვხედავ, რომ ასე მოქცევა დიდი შეცდომა იყო! რადგან მთლიანად ღმერთთან დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის მდგომარეობაში ვცხოვრობდი — გასაკვირი არ არის, რომ ღვთისგან ნათელი არ მომფენია. როგორ მომფენდა ნათელს ღმერთი, თუკი პრინციპების შესაბამისად არ ვმოქმედებდი?“ ხედავ, პრაქტიკაში განხორციელების ორი სრულიად განსხვავებული გზა, საკუთარ ფიქრებთან გამკლავების ორი სრულიად განსხვავებული გზა, საბოლოოდ განსხვავებულ შედეგებამდე მიდის.
ადამიანები ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში საკუთარი გრძნობებით ვერ იცხოვრებენ. ადამიანების გრძნობები მხოლოდ წარმავალი განწყობებია — აქვთ კი მათ რაიმე კავშირი მათ შედეგებთან? ფაქტებთან? (არა.) როდესაც ადამიანები შორდებიან ღმერთს, როცა მათი გონება მოცულია ღვთისადმი გაუცხოებით, წინააღმდეგობითა და ამბოხით, ისინი სრულიად კარგავენ ღვთის მფარველობას და მათ გულში უფლისთვის ადგილი აღარ რჩება.. როდესაც ადამიანები ამგვარ მდგომარეობაში არიან, მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი გრძნობებით იცხოვრონ. რომელიმე უმნიშვნელო ფიქრმა შეიძლება ისე ააფორიაქოთ, რომ მადა და მოსვნება დაუკარგოთ, სხვისმა დაუფიქრებელმა ნათქვამმა შეიძლება ეჭვებსა და დაბნეულობაში ჩააგდოთ, ერთმა კოშმარულმა სიზმარმაც კი შეიძლება ნეგატივით აღავსოთ და ღვთისადმი უნდობლობა გაუჩინოთ. როგორც კი ამგვარი მანკიერი წრე შეიკვრება, ადამიანები ასკვნიან, რომ მათთვის ყველაფერი დასრულდა, რომ მათ გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს, რომ ისინი ღმერთმა მიატოვა და რომ ღმერთი მათ აღარ გადაარჩენს. რაც უფრო მეტს ფიქრობენ ამგვარად და რაც უფრო მეტად აქვთ ასეთი გრძნობები, მით უფრო მეტად ეფლობიან ნეგატივში. რეალური მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ეს გრძნობები აქვთ, არის ის, რომ ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას ან არ ახორციელებენ პრაქტიკაში ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. როდესაც მათ რაღაც ემართებათ, ადამიანები არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, არ იყენებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში და მუდამ თავიანთი გზით მიდიან, ცხოვრობენ რა მხოლოდ საკუთარი მზაკვრული გონიერებით. ისინი ყოველდღე საკუთარ თავს სხვებს ადარებენ და მათ ეჯიბრებიან, შურთ და სძულთ ყველა, ვინც მათზე უკეთესი ჰგონიათ, და დასცინიან და აბუჩად იგდებენ ყველას, ვინც მათზე დაბლა მდგომად მიაჩნიათ; ცხოვრობენ სატანის ხასიათით, არ აკეთებენ საქმეებს ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად და უარს ამბობენ ვინმეს რჩევის მიღებაზე. ეს საბოლოოდ იწვევს მათში ყოველგვარი ილუზიის, ვარაუდისა და განსჯის ჩამოყალიბებას, და ისინი საკუთარ თავს მუდმივ შფოთვაში აგდებენ. და განა ისინი ამას არ იმსახურებენ? ასეთი მწარე ნაყოფი მხოლოდ თავად უნდა იგემონ — და ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. რა იწვევს ამ ყველაფერს? ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, არიან ზედმეტად ამპარტავნები და თვითმართლები, მუდამ საკუთარი იდეების მიხედვით მოქმედებენ, მუდამ თავს იწონებენ და საკუთარ თავს სხვებს ადარებენ, მუდამ ცდილობენ სხვებისგან გამოირჩეოდნენ, მუდამ უსაფუძვლო მოთხოვნებს უყენებენ ღმერთს და ა.შ. — ყოველივე ეს იწვევს იმას, რომ ადამიანები თანდათან შორდებიან ღმერთს, ეწინააღმდეგებიან ღმერთს და კვლავ და კვლავ არღვევენ ჭეშმარიტებას. საბოლოოდ, ისინი საკუთარ თავს სიბნელესა და ნეგატივში აგდებენ. და ასეთ დროს, ადამიანებს არ აქვთ თავიანთი ურჩობისა და წინააღმდეგობის ჭეშმარიტი გაგება, მით უმეტეს, შეუძლებელია მათთვის ამ საკითხებისადმი სწორი დამოკიდებულებით მიდგომა. ამის ნაცვლად, ისინი საყვედურობენ ღმერთს, არასწორად იგებენ ღმერთს და ვარაუდებს გამოთქვამენ მასზე. როდესაც ეს ხდება, ადამიანები საბოლოოდ აცნობიერებენ, რომ მათი გახრწნილება ძალიან ღრმაა და რომ ისინი მეტისმეტად პრობლემატურები არიან, ამიტომ ისინი ასკვნიან, რომ ღვთის მოწინააღმდეგეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, და უნებლიეთ ეფლობიან ნეგატივში, საიდანაც თავის დაღწევა არ შეუძლიათ. რისიც მათ სჯერათ, არის: „ღმერთი ზიზღით უარმყოფს, ღმერთს არ ვუნდივარ. მეტისმეტად ურჩი ვარ, ამას ვიმსახურებ, ღმერთი ნამდვილად აღარ გადამარჩენს.“ მათ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ფაქტებია. ისინი თავიანთ გულებში არსებულ ვარაუდებს ფაქტებად მიიჩნევენ. ვისაც არ უნდა ჰქონდეს მათთან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება, ამას არავითარი აზრი არ აქვს, ისინი არ იღებენ მას. ისინი ფიქრობენ: „ღმერთი არ მაკურთხებს, ის არ გადამარჩენს, მაშ, რა აზრი აქვს ღვთის რწმენას?“ როდესაც ღვთისადმი მათი რწმენის გზა ამ წერტილამდე მიდის, შესწევთ კი ადამიანებს რწმენის უნარი? არა. რატომ აღარ შეუძლიათ მათ გზის გაგრძელება? აქ ერთი ფაქტია. როდესაც ადამიანების ნეგატივი იმ წერტილს აღწევს, რომ მათი გულები სავსეა წინააღმდეგობითა და საყვედურებით და სურთ ერთხელ და სამუდამოდ გაწყვიტონ ურთიერთობა ღმერთთან, მაშინ ეს აღარ არის ისეთი მარტივი რამ, თითქოს მათ არ აქვთ ღვთისმოშიშება, არ ემორჩილებიან ღმერთს, არ უყვართ ჭეშმარიტება და არ იღებენ ჭეშმარიტებას. მაშ, რა არის ეს? თავიანთ გულებში, ისინი აქტიურად ირჩევენ ღვთის რწმენაზე უარის თქმას. ისინი სამარცხვინოდ მიიჩნევენ პასიურად ლოდინს, სანამ მათ განდევნიან, და ფიქრობენ, რომ საკუთარი ნებით წასვლა უფრო ღირსეულია; ამიტომ ისინი თავადვე ამბობენ უარს შანსზე და თავადვე უსვამენ წერტილს ყველაფერს. ისინი გმობენ ღვთის რწმენას და მას ცუდად რაცხავენ, გმობენ ჭეშმარიტებას, თითქოს მას არ შეეძლოს ადამიანის შეცვლა და გმობენ ღმერთს, როგორც უსამართლოს და საყვედურობენ მას იმის გამო, რომ არ იხსნა ისინი: „მე ისეთი ბეჯითი ვარ, სხვებზე გაცილებით მეტ გასაჭირს ვიტან და ყველასთან შედარებით გაცილებით დიდ საფასურს ვიხდი, ჩემს მოვალეობას გულწრფელად ვასრულებ და ღმერთს მაინც არ ვუკურთხებივარ. ახლა ნათლად ვხედავ, რომ ღმერთს არ მოვწონვარ, რომ ღმერთი ადამიანებს უთანასწოროდ ეპყრობა.“ მათ ჰყოფნით თავხედობა, რომ ღვთის მიმართ თავიანთი ეჭვები ღვთის გმობად და მის მიმართ მკრეხელობად აქციონ. როდესაც ეს ყველაფერი რეალობად იქცევა, შეუძლიათ კი მათ ღვთის რწმენის გზის გაგრძელება? რადგან ისინი უჯანყდებიან ღმერთს და ეწინააღმდეგებიან მას და საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას ან არ მიმართავენ თვითრეფლექსიას, ისინი იღუპებიან. განა უგუნურება არ არის, როდესაც ადამიანი საკუთარი ინიციატივით ტოვებს ღმერთს და შემდეგ წუწუნებს, რომ ღმერთი არ აკურთხებს მას ან არ ავლენს მის მიმართ მადლს? ყველა თავად ირჩევს საკუთარ გზას და თავადვე გადის მას; ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. სწორედ შენ აირჩიე ჩიხი, სწორედ შენ მიატოვე ღმერთი და უარყავი იგი. თავიდან ბოლომდე ღმერთს არასოდეს უთქვამს, რომ არ უნდიხარ, ან რომ ხელი ჩაიქნია შენზე, ან რომ უარს ამბობს შენს გადარჩენაზე; სწორედ შენ შემოსაზღვრე ღმერთი შენს ვარაუდებზე დაყრდნობით. თუკი ჭეშმარიტად გწამს ღმერთი, მაინც გწამს მისი მაშინაც კი, თუ მას არ უნდიხარ, მაინც გწამს მისი, განაგრძობ მისი სიტყვების კითხვას, კვლავაც იღებ ჭეშმარიტებას და ნორმალურად ასრულებ შენს მოვალეობებს მაშინაც კი, თუ მას ეზიზღები, მაშინ ვინ შეძლებს შენს შეზღუდვას ან შეჩერებას? განა ეს ყველაფერი შენს საკუთარ არჩევანსა და მისწრაფებებს არ ეხება? თავად არ გაქვს რწმენა და მაინც ღმერთს საყვედურობ; ეს უგუნურებაა. არ ინარჩუნებ ღმერთთან ურთიერთობას და დაჟინებით ცდილობ მის განადგურებას; როგორც კი ბზარი გაჩნდება, შესაძლებელია კი მისი აღდგენა? გატეხილი სარკის გამთელება რთულია და რომც გამთელდეს, ბზარი მაინც დარჩება. ახლა, როცა ურთიერთობა დაინგრა, ის ვეღარასოდეს დაუბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. ამიტომ, რწმენის გზაზე რა გარემოცვაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ ადამიანები, მათ უნდა ისწავლონ მორჩილება და ეძიონ ჭეშმარიტება — მხოლოდ მაშინ შეძლებენ მყარად დგომას. თუ გსურს ღმერთს გზის ბოლომდე მიჰყვე, გადამწყვეტია ჭეშმარიტების ძიება; მოვალეობების შესრულებისას თუ ნებისმიერი სხვა რამის კეთებისას ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება და მათი პრაქტიკაში განხორციელება და დანერგვა აუცილებელია, რადგან სწორედ ჭეშმარიტების გაგებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად პრაქტიკაში განხორციელების პროცესის მეშვეობით შეიცნობ ღმერთს, გაუგებ და ჩასწვდები მას და გაიგებ ღვთის განზრახვებს, რაც საშუალებას გაძლევს, მასთან თანხმობაში მოხვიდე და შეიცნო მისი არსი. თუკი ჭეშმარიტება-პრინციპებს პრაქტიკაში არ განახორციელებ და მხოლოდ საკუთარი ნების მიხედვით იმოქმედებ ან შეასრულებ შენს მოვალეობებს, ვერასოდეს ეზიარები ჭეშმარიტებას. რას ნიშნავს, ვერასოდეს ეზიარო ჭეშმარიტებას? ეს ნიშნავს, რომ ვერასოდეს ეზიარები ღვთის დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, მის მოთხოვნებს ან მის ფიქრებს; და კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეზიარო ღვთის ხასიათსა და არსს, რომელიც მის საქმეში ვლინდება. თუკი ვერ შეძლებ ღვთის საქმის ამ ფაქტებთან ზიარებას, შენი გაგება ღმერთზე სამუდამოდ შემოიფარგლება ადამიანური წარმოსახვებითა და წარმოდგენებით. ის დარჩება წარმოსახვებისა და წარმოდგენების სფეროში და ვერასოდეს მოვა შესაბამისობაში ღვთის არსსა და მის ჭეშმარიტ ხასიათთან. ამგვარად, ვერასოდეს მიაღწევ ღვთის ჭეშმარიტ შემეცნებას.
მოვალეობის შესრულების პროცესში ადამიანები ხშირად ხდებიან ნეგატიურნი და ურჩნი. თუ ისინი ჭეშმარიტების ძიებაში იქნებიან და ამ საკითხებთან გასამკლავებლად და მათ გადასაჭრელად, ჭეშმარიტების პრინციპებს გამოიყენებენ, მათი ნეგატიური ემოციები არ გადაიზრდება ჩივილში, წინააღმდეგობაში, დაუმორჩილებლობაში, მძაფრ პროტესტსა თუ ღვთის გმობაში. თუმცა, თუ ადამიანები ამ ყოველივეს მხოლოდ საკუთარი ეშმაკობით, ადამიანური თავშეკავებით, ადამიანური ძალისხმევით, გულმოდგინებით, სხეულის გაწვრთნითა და სხვა მსგავსი მიდგომებით უმკლავდებიან, მაშინ ადრე თუ გვიან, ეს ადამიანური წარმოდგენები, განსჯანი და ვარაუდები ღვთის მიმართ ჩივილად, დაუმორჩილებლობად, წინააღმდეგობად, მძაფრ პროტესტად და გმობადაც კი იქცევა. როდესაც ადამიანები ასეთ ნეგატიურ ემოციებში არიან გამომწყვდეულნი, მათში ადვილად იჩენს თავს ღვთის მიმართ ურჩობა, უკმაყოფილება და საჩივრები ისევე, როგორც სხვა მსგავსი გრძნობები თუ ფიქრები. როდესაც დროთა განმავლობაში ეს ფიქრები ადამიანებში გროვდება და ისინი მაინც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას ან არ იყენებენ ჭეშმარიტებას მათ მოსაგვარებლად, მათი ურჩობა, უკმაყოფილება და საჩივრები დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება; მათ განუვითარდებათ მეამბოხე განწყობა, როგორიცაა მოვალეობების ზედაპირულად შესრულება ან ეკლესიის საქმისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა და მისი ჩაშლა, სხვა ნეგატიურ ქცევებთან ერთად, რათა გამოხატონ თავიანთი ურჩობა და უკმაყოფილება და ამგვარად მიაღწიონ ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზანს. ზოგიერთი ადამიანი ანგრევს და დაბრკოლებას უქმნის სხვების მიერ მოვალეობის შესრულებას. მათი ქმედებების მიღმა არსებული აზრი ასეთია: „თუ მე არ შემიძლია ჩემი მოვალეობის შესრულება, ან თუ ღმერთი არ მაკურთხებს ჩემს მოვალეობაში, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ვერცერთმა თქვენგანმა ვერ შეძლოს საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება!“ და შემდეგ ისინი იწყებენ არევ-დარევის გამოწვევას. ზოგიერთი ადამიანი ამას სიტყვებით აკეთებს, ზოგი კი — გარკვეული ქმედებებით. რისი გაკეთება შეუძლიათ მათ, ვინც სხვებს თავიანთი ქმედებებით დაბრკოლებას უქმნის? მაგალითად, მათ შეიძლება განზრახ წაშალონ ფაილები სხვისი კომპიუტერიდან, რათა გავლენა მოახდინონ მათი მოვალეობის შედეგებზე, ან განზრახ შექმნან დაბრკოლება ონლაინ შეკრებებზე. ეს არის ეშმაკებისა და სატანების მიერ ადამიანებისთვის დაბრკოლების შექმნა. ადამიანებს არ ესმით: „როგორ შეუძლია ამხელა ასაკის ადამიანს ასეთი საძაგელი საქმეების კეთება? ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მოზარდი არ არის; როგორ შეუძლია კვლავაც ასეთი ოინების მოწყობა?“ სინამდვილეში, ოცდაათი, ორმოცი, ორმოცდაათი ან სამოცი წლის ადამიანებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება. ეს სხვადასხვაგვარი ქცევა წარმოუდგენელია; ეს არის არა სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანის ქმედებები, არამედ ეშმაკებისა და სატანების. როდესაც ხედავს, რომ სხვებზე გავლენას ვერ ახდენს და თავის მიზნებს ვერ აღწევს, ასეთი ადამიანი ნეგატივს აფრქვევს და არევ-დარევას იწვევს მაშინ, როდესაც ბევრი ხალხია შეკრებილი, ან შეკრებების დროს. როდესაც ის თავისი უკმაყოფილების გადმოთხევას ქმედებებით იწყებს, ვითარების გაკონტროლება უკვე რთულდება; მისი შეჩერება ძალიან ძნელია და თუ სიტუაცია განვითარებას განაგრძობს, ის მხოლოდ გამწვავდება და თავისი ბუნებით სულ უფრო სერიოზული გახდება. ის არა მხოლოდ თავიანთი ქმედებებით იწვევს არევ-დარევას, არამედ იყენებს სხვადასხვა საშუალებასა და მეთოდს, მიმართავს აგრესიულ და განმკითხველ სიტყვებს, რათა დაბრკოლება შეუქმნას სხვებს მოვალეობის შესრულებისას. მიუხედავად იმისა, მიაღწევს თუ არა თავის მიზნებს, ის გულში წინააღმდეგობას უწევს ღმერთს; არ კითხულობს ღვთის სიტყვებს, არ სწავლობს საგალობლებს და უარს ამბობს ღვთის სიტყვებთან ან ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი წიგნის წაკითხვაზე. რას აკეთს ის სახლში? კითხულობს რომანებს, უყურებს სერიალებს, სწავლობს კულინარიულ ტექნიკებს, მაკიაჟსა და ვარცხნილობებს... შეკრებების დროს მას არ აქვს თანაზიარება ღვთის სიტყვების თავისეულ გაგებაზე და არც იმაზე აქვს თანაზიარება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს გახრწნილი ხასიათი და გახრწნილების მხილება. როდესაც სხვებს აქვთ თანაზიარება, ის განზრახ იღებს ინიციატივას საუბრისას, აწყვეტინებს მოსაუბრეს, მიზანმიმართულად ცვლის თემას და ა.შ., მუდამ ამბობს ისეთ რამეებს, რაც ძირგამომთხრელი და არევ-დარევის გამომწვევია. რატომ იქცევა ის ასე? მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მას სჯერა, თითქოს ხსნის არავითარი იმედი აღარ აქვს, რაც აიძულებს, დანებდეს და დაუფიქრებლად იმოქმედოს; ის ცდილობს, იპოვოს რამდენიმე თანამოაზრე, სანამ მას ეკლესიიდან მოიცილებენ ან გარიცხავენ — თუ თავად ვერ მიიღებს კურთხევას, იზრუნებს იმაზე, რომ ვერც სხვებმა მიიღონ. რატომ ფიქრობს ის ასე? მას სჯერა, რომ ღმერთი, რომელიც სწამს, არ ჰგავს იმ ღმერთს, რომელიც თავდაპირველად წარმოედგინა; უფალს არ უყვარს ადამიანები ისე, როგორც მას წარმოედგინა და არც ისეთი სამართლიანია, და ის ნამდვილად არ ავლენს ადამიანების მიმართ ისეთ გულწრფელ სითბოს, როგორც მას წარმოედგინა. ღმერთს სხვები უყვარს, მაგრამ არა ის; ღმერთი სხვებს გადაარჩენს, მაგრამ არა მას. ახლა, როდესაც საკუთარი თავისთვის ვეღარავითარ იმედს ხედავს და გრძნობს, რომ ვერ გადარჩება, ის ნებდება და დაუფიქრებლად იწყებს მოქმედებას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის; მას ასევე სურს, სხვებმაც დაინახონ, რომ რადგან მისთვის აღარ არსებობს იმედი იმედი, ის არც სხვებისთვის არსებობს და ის მხოლოდ მაშინ კმაყოფილდება, როდესაც ყველას აიძულებს, უარი თქვან ღვთისადმი რწმენაზე და ჩამოშორდნენ მას. ამით მისი მიზანია: „თუ მე ვერ მივიღებ ცათა სასუფევლის კურთხევას, თქვენ არც კი იოცნებოთ მის მოპოვებაზე!“ რა საბრალოა ასეთი ადამიანი? განა ის ეშმაკი არ არის? ის არის ჯოჯოხეთისკენ მიმავალი ეშმაკი, რომელიც სხვებსაც უკრძალავს ღვთის რწმენასა და ცათა სასუფეველში შესვლას; ის პირდაპირ უფსრკულისკენ მიექანება! ნებისმიერი, ვისაც ოდნავი სინდისი და ღვთისმოშიში გული მაინც გააჩნია, ასე არ უნდა იქცეოდეს; თუ ის მართლაც ჩაიდენს დიდ ბოროტებას, გამოაშკარავდებადა იგრძნობენ, რომ იმედი აღარ აქვთ, ის მაინც შეეცდება სხვებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს, რათა მათ გულწრფელად იწამონ ღმერთი და მის მაგალითს არ მიჰყვნენ. მან შეიძლება თქვას: „მეტისმეტად სუსტი ვარ, ჩემი ხორციელი სურვილები ძლიერია და მეტისმეტად ვარ მოხიბლული ამ წუთისოფლით. ეს ჩემივე ბრალია; მე ამას ვიმსახურებ! თქვენ განაგრძეთ გულწრფელი რწმენა; ნუ მოექცევით ჩემი გავლენის ქვეშ. შეკრებების დროს მე ვიდარაჯებ და თუ დიდი წითელი დრაკონის პოლიცია სოფელში შემოვა, მე გაგაფრთხილებთ.“ ნებისმიერმა, ვისაც ოდნავი ადამიანობა მაინც გააჩნია, სულ მცირე, ეს მაინც უნდა გააკეთოს და დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას სხვებს ჭეშმარიტების ძიებაში. მაგრამ ისინი, ვისაც ადამიანობა არ გააჩნიათ, როდესაც საქმე მათ სასიკეთოდ არ მიდის, ან როდესაც ხედავენ, რომ დები და ძმები მათ ზემოდან უყურებენ და მათ შორდებიან, გრძნობენ, რომ ღმერთმა ისინი გამოააშკარავა და განდევნა, რომ მათ ხსნის არავითარი იმედი აღარ აქვთ. როდესაც ისინი ასეთ იდეებსა და ფიქრებს ატარებენ, ნებდებიან და დაუფიქრებლად იწყებენ მოქმედებას, აფრქვევენ ნეგატივს და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იწვევენ არევ-დარევას ეკლესიურ ცხოვრებაში. როგორი ადამიანები აკეთებენ ამას? განა ისინი ეშმაკები არ არიან? (დიახ.) უნდა გამოვიჩინოთ თუ არა თავაზიანობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეშმაკები არიან? (არა.) მაშ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს? შენ ამბობ: „შენ მოდიხარ შეკრებებზე, თუმცა არც ღვთის სიტყვებს კითხულობ და არც ჭეშმარიტებას იღებ. მაშ, რისთვის ხარ აქ? იმისთვის, რომ არევ-დარევა გამოიწვიო, არა? შენ ფიქრობ, რომ ხსნის არავითარი იმედი არ გაქვს; სინამდვილეში, არც ჩვენ ვგრძნობთ, რომ დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვისწრაფვით. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი მიუკერძოებელია, რომ ის სანდოა, რომ მისი გული წრფელია ადამიანების გადარჩენასთან მიმართებაში და რომ ის არ იცვლება. სანამ იმედის ნაპერწკალი მაინც არსებობს, ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ არ ვიქნებით მუდმივად ნეგატიურები და არ გვექნება ღვთის მიმართ არასწორი წარმოდგენა შენსავით. შენ ოცნებობ, თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია დაბრკოლება შეგვიქმნა ან უკან დაგვხიო! თუ შენ ჯიუტად განაგრძობ, კვლავაც ასე ირწმუნებ და ბოროტგანზრახულად მოისურვებ ჩვენთვის დაბრკოლების შექმნას, მაშინ ნუ დაგვადანაშაულებ, თუ შენ მიმართ უხეშები ვიქნებით. დღეიდან შენ მოცილებული ხარ; ეკლესიაში შენთვის ადგილი აღარ არის. ახლა კი დაიკარგე!“ განა ამგვარად არ გვარდება პრობლემა? ეს მარტივია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ის განდევნილია. ამის გაკეთება ასე მარტივია! რატომ უნდა მოგვარდეს ეს ასე? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანების ბუნება-არსება ვერ შეიცვლება; ისინი არ მიიღებენ ჭეშმარიტებას. ისინი ფიქრობენ, რომ ხსნის არავითარი იმედი არ აქვთ; ღმერთს ეს არ უთქვამს, არც დებსა და ძმებს, თუმცა ისინი მაინც სჩადიან ბოროტებას და ამგვარად იწვევენ არევ-დარევას. რას იზამენ ისინი, თუ ერთ დღეს მართლაც გარიცხავენ ბოროტების ჩადენისა და ეკლესიის საქმისთვის დაბრკოლების შექმნის გამო, ან თუ ღმერთი გაწვრთნის მათ იმის გამო, რომ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას? შეიძლება ისინი ღვთის მტრები გახდნენ, შეიძლება შურისძიება მოისურვონ? ეს ძალიან სავარაუდოა! კარგია, რომ ასეთი ადამიანები მანამ მჟღავნდებიან, სანამ რაიმე ბოროტმოქმედების ან დიდი ბოროტების ჩადენას შეძლებენ. ეს ღვთის ნახელავია; ღმერთმა გამოააშკარავა ისინი. ახლა მათი მოკვეთა ზუსტად დროულია; სხვა ადამიანებს ჯერ არავითარი ზარალი არ განუცდიათ. ამგვარად მოგვარება დროული და მართებულია; ყველა იძენს გარჩევის უნარს და ბოროტმოქმედებსაც სათანადოდ უმკლავდებიან. მათ თავიანთი როლი, როგორც ანტაგონისტებმა, უკვე შეასრულეს.
ძირითადად, ეს არის იმ ადამიანების სხვადასხვა მდგომარეობა და გამოვლინება, რომლებიც ნეგატივს აფრქვევენ. როდესაც მათი სურვილი, ესწრაფვოდნენ სტატუსს, დიდებასა და სარგებელს, არ სრულდება, როდესაც ღმერთი აკეთებს ისეთ რამეებს, რაც ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, ისეთ რამეებს, რაც მათ ინტერესებს ეხება, ისინი ებმებიან დაუმორჩილებლობისა და უკმაყოფილების გრძნობებში. და როდესაც მათში ეს გრძნობები იღვიძებს, მათი გონება იწყებს თავის მართლების, საბაბების, გამართლების, თავდაცვისა და სხვაგვარი უკმაყოფილო ფიქრების წარმოქმნას. ამ დროს ისინი არ განადიდებენ ღმერთს და არ ემორჩილებიან მას, და მით უმეტეს, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას საკუთარი თავის შესაცნობად; ნაცვლად ამისა, ისინი ებრძვიან ღმერთს თავიანთი წარმოდგენებით, ფანტაზიებით, ფიქრებით, თვალსაზრისებითა თუ იმპულსურობით. და როგორ ებრძვიან ისინი ღმერთს? ისინი ავრცელებენ თავიანთი დაუმორჩილებლობისა და უკმაყოფილების გრძნობებს, იყენებენ ამას, რათა თავიანთი ფიქრები და თვალსაზრისები ნათელი გახადონ ღვთისთვის, ცდილობენ აიძულონ ღმერთი, იმოქმედოს მათი ნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რათა დააკმაყოფილონ თავიანთი სურვილები; მხოლოდ მაშინ მშვიდდება მათი გრძნობები. კერძოდ, ღმერთი გამოხატავს მრავალ ჭეშმარიტებას ადამიანების განსასჯელად და გასაკიცხად, მათი გახრწნილი ხასიათის განსაწმენდად, სატანის გავლენისგან ადამიანების გადასარჩენად, და ვინ იცის, რამდენი ადამიანის ოცნება კურთხევის მიღებაზე შეწყდა ამ ჭეშმარიტებების გამო, დაიმსხვრა რა ცათა სასუფეველში ზეატაცების ფანტაზია, რომელსაც ისინი დღე და ღამე იმედოვნებდნენ. მათ სურთ, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა შეცვალონ ვითარება — მაგრამ ისინი უძლურნი არიან, მათ მხოლოდ ნეგატივითა და წყენით კატასტროფაში ჩაძირვა შეუძლიათ. ისინი ურჩნი არიან ყოველივე იმის მიმართ, რაც ღმერთმა განაგო, რადგან ის, რასაც ღმერთი აკეთებს, ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენებს, ინტერესებსა და აზროვნებას. კერძოდ, როდესაც ეკლესია ასრულებს გაწმენდის საქმეს და განდევნის მრავალ ადამიანს, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთი არ გადაარჩენს მათ, რომ მან ზიზღით უარყო ისინი, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან, და ამიტომ ისინი გაერთიანდებიან ღვთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად; ისინი უარყოფენ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, უარყოფენ ღვთის ვინაობასა და არსს, და უარყოფენ ღვთის სამართლიან ხასიათს. რა თქმა უნდა, ისინი ასევე უარყოფენ ყოველივეზე ღვთის მეუფების ფაქტს. და რა საშუალებებით უარყოფენ ისინი ამ ყველაფერს? მძაფრი პროტესტისა და წინააღმდეგობის გზით. ამის ქვეტექსტი ასეთია: „რასაც ღმერთი აკეთებს, ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენებს, და ამიტომ მე არ ვემორჩილები, მე არ მჯერა, რომ შენ ხარ ჭეშმარიტება. მე ვაპირებ შენ წინააღმდეგ მძაფრი პროტესტის გამოხატვას და გავავრცელებ ამ ყველაფერს ეკლესიაში და ხალხში! მე ვიტყვი იმას, რაც მინდა, და არ მაინტერესებს, რა შედეგები მოჰყვება ამას. მე მაქვს სიტყვის თავისუფლება; შენ ვერ გამაჩუმებ — მე ვიტყვი იმას, რაც მინდა. რისი გაკეთება შეგიძლია შენ?“ როდესაც ეს ადამიანები ჯიუტად გამოთქვამენ თავიანთ მცდარ ფიქრებსა და თვალსაზრისებს, საუბრობენ ისინი საკუთარ შემეცნებაზე? აქვთ მათ თანაზიარება ჭეშმარიტების შესახებ? აბსოლუტურად არა. ისინი ავრცელებენ ნეგატივს; ისინი ახმოვანებენ ერესსა და მცდარ შეხედულებებს. ისინი არ ცდილობენ შეიცნონ საკუთარი გახრწნილება ან ამხილონ იგი; ისინი არ ამხელენ იმ საქმეებს, რომლებიც ჩაიდინეს და რომლებიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, და არც იმ შეცდომებს ამხელენ, რომლებიც დაუშვეს. ნაცვლად ამისა, ისინი ყველანაირად ცდილობენ გაამართლონ და დაიცვან თავიანთი შეცდომები, რათა დაამტკიცონ, რომ მართლები არიან, და ამავდროულად ისინი ასევე აკეთებენ აბსურდულ დასკვნას და ახმოვანებენ ნეგატიურ და დამახინჯებულ თვალსაზრისებს ისევე, როგორც უკუღმართ არგუმენტებსა და ერესს. ეკლესიაში ღვთის რჩეულ ხალხზე ამის გავლენა არის მათი შეცდომაში შეყვანა და მათთვის დაბრკოლების შექმნა; ამან შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ნეგატივისა და დაბნეულობის მდგომარეობაშიც კი ჩააგდოს. ეს არის ყველა ის უარყოფითი შედეგი და არევ-დარევა, რომელსაც იწვევენ ნეგატივის მფრქვეველი ადამიანები. ამიტომ, ისინი, ვინც ნეგატივს აფრქვევენ, უნდა შეიზღუდონ, მათ საუბარსა და ქცევასთან ერთად — ისინი არ უნდა წაახალისონ ან ნება დართონ. ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მეთოდები და პრინციპები ამ ადამიანებთან გასამკლავებლად. ერთი მხრივ, დებმა და ძმებმა უნდა ამოიცნონ ეს ადამიანები და მათი ნეგატიური შენიშვნები. მეორე მხრივ, როდესაც ღვთის რჩეულ ხალხს აქვს გარჩევის უნარი, ეკლესიამ დაუყოვნებლივ უნდა მოიცილოს ან გარიცხოს ეს პირები ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოს მეტი ადამიანის გავლენის ქვეშ მოქცევა და მათთვის დაბრკოლების შექმნა. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება ნეგატივის ფრქვევის სხვადასხვა ასპექტის შესახებ.
გ. ნეგატივის მოგვარების პრინციპები და გზები
ადამიანებს გააჩნიათ სატანური ბუნება; ვინაიდან სატანური ხასიათით ცხოვრობენ, რთულია ნეგატიური მდგომარეობების თავიდან აცილება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს არ ესმის ჭეშმარიტება, ნეგატივი ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ყველას აქვს ნეგატივის მომენტები; ზოგს უფრო ხშირად, ზოგს — ნაკლებად, ზოგს უფრო ხანგრძლივად, ზოგს კი — ხანმოკლედ. ადამიანთა სულიერი ზრდა განსხვავებულია და შესაბამისად, განსხვავებულია მათი ნეგატიური მდგომარეობებიც. ისინი, ვისი სულიერი ზრდაც უფრო დიდია, მხოლოდ განსაცდელების წინაშე ხდებიან ოდნავ ნეგატიურები, ხოლო ისინი, ვისი სულიერი ზრდაც მცირეა და ჯერ კიდევ არ ესმით ჭეშმარიტება, ვერ არჩევენ, როდესაც სხვები ავრცელებენ გარკვეულ წარმოდგენებს ან საუბრობენ აბსურდს; შეიძლება შეშფოთდნენ, მოექცნენ გავლენის ქვეშ და გახდნენ ნეგატიურები. ნებისმიერმა წარმოქმნილმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ნეგატივი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებმა, რომლებიც ხსენებადაც არ ღირს. როგორ უნდა მოგვარდეს ხშირი ნეგატივის ეს პრობლემა? თუ ადამიანმა არ იცის, როგორ ეძიოს ჭეშმარიტება, როგორ ჭამოს და სვას ღვთის სიტყვები, ან ილოცოს ღვთის მიმართ, მაშინ ეს ძალიან პრობლემური ხდება; ის მხოლოდ დებისა და ძმების მხარდაჭერასა და დახმარებას შეიძლება დაეყრდნოს. თუ ვერავინ შეძლებს დახმარებას ან თუ ვერ მიიღებს დახმარებას, შეიძლება იმდენად ჩაეფლოს ნეგატიურობაში, რომ ვეღარ შეძლოს მისგან თავის დაღწევა და რწმენაც კი დაკარგოს. შეხედეთ, ძალიან საშიშია, როდესაც ადამიანს მუდმივად აქვს წარმოდგენები და ადვილად ხდება ნეგატიური. რაოდენ ბევრიც არ უნდა ჰქონდეთ ასეთ ადამიანებთან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება, ისინი არ იღებენ მას და მუდამ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათი საკუთარი წარმოდგენები და ფანტაზიები სწორია; ისინი უკიდურესად პრობლემური ადამიანები არიან. რაოდენ ნეგატიურიც არ უნდა იყო, გულში უნდა გესმოდეს, რომ წარმოდგენების ქონა არ ნიშნავს, თითქოს ისინი შეესაბამება ჭეშმარიტებას; ეს ნიშნავს, რომ აღქმაშია პრობლემა. თუ ოდნავი საღი აზრი შეგრჩენია, არ გაავრცელო ეს წარმოდგენები; ეს არის მინიმუმი, რაც ადამიანებმა უნდა დაიცვან. თუ გაქვს ოდნავ ღვთისმოშიში გული და შეგიძლია აღიარო, რომ ღვთის მიმდევარი ხარ, უნდა ეძიო ჭეშმარიტება წარმოდგენების მოსაგვარებლად, დაემორჩილო ჭეშმარიტებას და თავიდან აირიდო ჩაშლა და არეულობა. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია და ჯიუტად განაგრძობ წარმოდგენების გავრცელებას, მაშინ დაგიკარგავს გონიერება; გონებრივად არაჯანსაღი ხარ, დემონებით შეპყრობილი და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ. დემონების მიერ მართული, მაინც გამოთქვამ და ავრცელებ ამ წარმოდგენებს, რაც არ უნდა მოხდეს — ამას არაფერი ეშველება, ეს ბოროტი სულების ნახელავია. თუ გაქვს ოდნავი სინდისი და საღი აზრი, უნდა შეგეძლოს ამის გაკეთება: არ გაავრცელო წარმოდგენები და არ შეაწუხო და-ძმები. თუნდაც გახდე ნეგატიური, არ უნდა გააკეთო ისეთი რამეები, რაც ზიანს აყენებს დებსა და ძმებს; უბრალოდ ჯეროვნად უნდა შეასრულო მოვალეობა, სათანადოდ გააკეთო ის, რაც უნდა გააკეთო და დარწმუნდე, რომ სინდისი არ გქენჯნის — ეს არის საკუთარი თავის წარმართვის მინიმალური სტანდარტი. თუნდაც ზოგჯერ იყო ნეგატიური, მაგრამ არ გაგიკეთებია არაფერი საზღვრების გადასალახად, ღმერთი არ გამოეკიდება ნეგატივს. სანამ გაგაჩნია სინდისი და კეთილგონიერება, შეგიძლია ილოცო და მიენდო ღმერთს და ეძიო ჭეშმარიტება, საბოლოოდ გაიგებ ჭეშმარიტებას და შეიცვლები. თუ აწყდები მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა წინამძღოლის პოზიციიდან გათავისუფლება და მოკვეთა რეალური საქმის შეუსრულებლობის გამო, და გრძნობ, რომ ხსნის არავითარი იმედი აღარ არის და ხდები ნეგატიური — ზედმეტად ნეგატიური იმ დონემდე, რომ ვეღარ გამოკეთდები, გრძნობ თავს მსჯავრდადებულად და დაწყევლილად, და გიჩნდება ღვთის მიმართ გაუგებრობა და საჩივრები — რა უნდა გააკეთო? ამის მოგვარება ძალიან მარტივია: იპოვე ადამიანები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, რათა გქონდეს მათთან თანაზიარება და ეძიო მათთან ერთად და გადაუშალე გული ამ ადამიანებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, წარსდექი ღვთის წინაშე, რათა გულწრფელად ილოცო შენი ნეგატივისა და სისუსტეების შესახებ ისევე, როგორც იმ საკითხებზე, რაც არ გესმის და რისი დაძლევაც არ შეგიძლია, სათითაოდ — გქონდეს თანაზიარება ღმერთთან, არაფერი დაუმალო. თუ გაქვს ისეთი სათქმელი, რასაც სხვებთან ვერ ამბობ, კიდევ უფრო აუცილებელია, რომ წარდგე ღვთის წინაშე სალოცავად. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს: „განა ღმერთთან ამაზე საუბარი დაგმობას არ იწვევს?“ განა უკვე არ გაგიკეთებია ბევრი ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ღმერთს და იმსახურებს მის მსჯავრს? რატომ უნდა ინერვიულო კიდევ ამ ერთ რამეზე? ფიქრობ, რომ თუ არ ისაუბრებ ამაზე, ღმერთს არ ეცოდინება? ღმერთმა იცის ყველაფერი, რასაც ფიქრობ. ღიად უნდა გქონდეს თანაზიარება ღმერთთან, გადაუშალო გული და გულწრფელად წარუდგინო პრობლემები და მდგომარეობები მას. სისუსტე, ურჩობა და საჩივრებიც კი — ყველაფერი შეიძლება ითქვას ღმერთთან; თუნდაც გინდოდეს ემოციების გადმოთხევა, ეს მისაღებია — ღმერთი არ დაგდებს მსჯავრს ამის გამო. რატომ არ დებს ღმერთი მსჯავრს ამის გამო? ღმერთმა იცის ადამიანის სულიერი ზრდა; თუნდაც არ ესაუბრო მას, მან მაინც იცის სულიერი ზრდა. ღმერთთან საუბარი, ერთი მხრივ გაძლევს საშუალებას, გული გადაუშალო ღმერთს და იყო გულწრფელი მის წინაშე. მეორე მხრივ, ეს ასევე აჩვენებს მორჩილ დამოკიდებულებას ღვთის მიმართ; სულ მცირე, აძლევ ღმერთს იმის დანახვის საშუალებას, რომ გული არ არის დახურული მისთვის, უბრალოდ სუსტი ხარ, არ გაქვს საკმარისი სულიერი ზრდა ამ საკითხის დასაძლევად და სულ ეს არის. არ აპირებ წინააღმდეგობის გაწევას; დამოკიდებულება მორჩილებაა, უბრალოდ სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა და არ შეგიძლია ამ საკითხის ატანა. როდესაც სრულად უშლი გულს ღმერთს და შეგიძლია გაუზიარო მას შენი ყველაზე ღრმა ფიქრები, მიუხედავად იმისა, რომ რასაც ამბობთ, შეიძლება შეიცავდეს სისუსტეებსა და საჩივრებს — და, განსაკუთრებით, ბევრი ნეგატიური რამეს — ამაში ერთი რამ არის სწორი: აღიარებ, რომ გაგაჩნია გახრწნილი ხასიათი, აღიარებ, რომ ხარ ქმნილება, არ უარყოფ ღვთის, როგორც შემოქმედის, ვინაობას და არც იმას უარყოფ, რომ შენსა და ღმერთს შორის ურთიერთობა არის ქმნილებისა და შემოქმედის ურთიერთობა. ღმერთს ანდობ იმას, რისი დაძლევაც ყველაზე მეტად გიჭირს, რაც ყველაზე მეტად გასუსტებს, და ღმერთს უმხელ შენს ყველაზე ფარულ გრძნობებს — ეს აჩვენებს შენს დამოკიდებულებას. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ერთხელ ვილოცე ღვთის მიმართ და ამან არ მოაგვარა ჩემი ნეგატივი. მაინც ვერ ვძლევ მას.“ ამას მნიშვნელობა არ აქვს; უბრალოდ გულწრფელად უნდა ეძიო ჭეშმარიტება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი გესმის, ღმერთი თანდათან გაგაძლიერებს და აღარ იქნები ისეთი სუსტი, როგორიც თავიდან იყავი. რაოდენ დიდი სისუსტე და ნეგატივიც არ უნდა გქონდეს, ან რამდენი საჩივარი და ნეგატიური ემოციაც არ უნდა გაგაჩნდეს, ესაუბრე ღმერთს; ნუ მოექცევი ღმერთს ისე, როგორც უცხოს. ვისაც არ უნდა დაუმალო რამე, არაფერი დაუმალო ღმერთს, რადგან ღმერთი შენი ერთადერთი დასაყრდენია და ასევე შენი ერთადერთი ხსნაა. მხოლოდ ღვთის წინაშე წარდგომით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება; ადამიანებზე დაყრდნობა უსარგებლოა. ამრიგად, როდესაც ნეგატივსა და სისუსტეს აწყდებიან, ისინი, ვინც წარსდგებიან ღვთის წინაშე და მას მიენდობიან, ყველაზე გონიერნი არიან. მხოლოდ სულელი და ჯიუტი ადამიანები, როდესაც აწყდებიან მნიშვნელოვან და კრიტიკულ მოვლენებს და სჭირდებათ ღვთისთვის გულის გადაშლა, კიდევ უფრო შორდებიან და გაურბიან ღმერთს, და საკუთარ გონებაში ათასგვარ ფიქრს ატრიალებენ. და რა არის ამ ფიქრების შედეგი? მათი ნეგატივი და ჩივილი დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება, ხოლო დაუმორჩილებლობა — ღვთის მიმართ წინააღმდეგობასა და მძაფრ პროტესტში; ეს ადამიანები სრულიად შეურიგებელნი ხდებიან ღმერთთან და მათი ურთიერთობა ღმერთთან მთლიანად ინგრევა. თუმცა, როდესაც აწყდები ასეთ ნეგატივსა და სისუსტეს, თუ ირჩევ, რომ მაინც წარდგე ღვთის წინაშე ჭეშმარიტების საძიებლად, და ირჩევ, დაემორჩილო ღვთის წარმართვასა და განგებას, და იღებ ჭეშმარიტად მორჩილ დამოკიდებულებას, მაშინ, როცა ხედავს, რომ გულწრფელად გსურს მისი მორჩილება მაშინაც კი, როცა ნეგატიური და სუსტი ხარ, ღმერთს ეცოდინება, როგორ გაგიძღვეს და გამოგიყვანოს ნეგატიურობიდან და უძლურებიდან. ამ გამოცდილებების მიღების შემდეგ აღივსები ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენთ. იგრძნობ, რომ რა სირთულეებსაც არ უნდა წააწყდე, სანამ ეძიებ ღმერთს და დაელოდები მას, ის ისე გამოგიძებნის გამოსავალს, რომ ვერც კი გაიგებ, და დაგანახებს, რომ შენდაუნებურად ვითარება შეიცვალა - შენ აღარ ხარ სუსტი, არამედ გაძლიერდი და შენი რწმენაც ღვთის მიმართ გაიზარდა. როდესაც დაფიქრდები ამ მოვლენებზე, იგრძნობ, რა ბავშვური იყო შენი სისუსტე იმ დროს. სინამდვილეში, ადამიანები სწორედ ასეთი ბავშვურები არიან და ღვთის მხარდაჭერის გარეშე, ისინი ვერასოდეს დააღწევდნენ თავს თავიანთ ბავშვურობასა და უმეცრებას და ვერასოდეს მომწიფდებოდნენ. მხოლოდ ამ მოვლენების განცდის პროცესში ღვთის მეუფების თანდათანობითი მიღებითა და დამორჩილებით, ამ ფაქტებისადმი პოზიტიური და აქტიური მიდგომით, პრინციპებისა დაღვთის განზრახვების ძიებით, ღვთისგან გარიდებისა და დისტანცირების ნაცვლად მასთან დაახლოებითა და ურჩობის ნაცვლად სულ უფრო მეტი მორჩილების გამოვლენით —— მხოლოდ ამგვარი გამოცდილებით იზრდება და მწიფდება ადამიანის სიცოცხლე თანდათანობით, სანამ ის ზრდასრული ადამიანის სულიერ სიმწიფეს არ მიაღწევს.
როგორ უნდა მოვეპყროთ ნეგატიურ მდგომარეობებს და როგორ უნდა მოვაგვაროთ ისინი? ნეგატივი საშიში არ არის; მთავარია გონიერების ქონა. განა ადვილი არ არის სულელურად მოქცევა, როდესაც ადამიანი მუდმივად ნეგატიურია? როდესაც ადამიანი ნეგატიურია, ის მხოლოდ ჩივის ან ხელს იღებს საკუთარ თავზე, და საუბრობს და მოქმედებს ყოველგვარი გონიერების გარეშე — განა ეს არ მოქმედებს მისი მოვალეობის შესრულებაზე? თუ ადამიანს შეუძლია სასოწარკვეთას მიეცეს და ნეგატიურ მდგომარეობაში მოდუნდეს, განა ეს ღვთის ღალატი არ არის? მძიმე ნეგატივი ფსიქიკურ დაავადებას ჰგავს, ის გარკვეულწილად დემონებით შეპყრობას წააგავს; ეს გონიერების ნაკლებობაა. ის ფაქტი, რომ ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებას გამოსავლის საპოვნელად, ნამდვილად საშიშია. როდესაც ადამიანები ნეგატიურები არიან, თუ მათ არ გააჩნიათ ღვთისმოშიში გული, ისინი ადვილად დაკარგავენ საღ აზრს; ველგან გაავრცელებენ თავიანთ ნეგატივს, უკმაყოფილებასა და წარმოდგენებს. ეს არის ღვთისადმი განზრახ წინააღმდეგობის გაწევა და ძალიან ადვილად შეუძლია ეკლესიის საქმის ჩაშლა და არეულობის გამოწვევა, რისი შედეგიც მეტისმეტად საშინელია წარმოსადგენად, და ისინი ძალიან დიდი ალბათობით იქნებიან ღვთის მიერ ზიზღით უარყოფილნი. თუმცა, თუ ადამიანს თავის ნეგატივში შეუძლია ეძიოს ჭეშმარიტება, ინარჩუნებს ღვთისმოშიშ გულს, არ საუბრობს ნეგატიურად და არ ავრცელებს საკუთარ ნეგატივსა და წარმოდგენებს და ინარჩუნებს ღვთისადმი რწმენასა და მის მიმართ მორჩილ დამოკიდებულებას, ასეთი ადამიანი ადვილად გამოვა ნეგატივიდან. ყველას აქვს ნეგატივის მომენტები; ისინი უბრალოდ განსხვავდებიან ინტენსივობით, ხანგრძლივობითა და მიზეზებით. ზოგიერთი ადამიანი ზოგადად არ არის ნეგატიური, მაგრამ ასეთი ხდება, როდესაც რაიმეში მარცხს ან შეფერხებას აწყდება; სხვები შეიძლება გახდნენ ნეგატიურები უმნიშვნელო საკითხების გამო, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ სხვისი ნათქვამი, რაც მათ თავმოყვარეობას ლახავს. ზოგი კი ნეგატიური ხდება ოდნავ არასახარბიელო ვითარების გამო. ესმით ასეთ ადამიანებს, როგორ იცხოვრონ? აქვთ მათ გამჭრიახობა? გააჩნიათ მათ ნორმალური ადამიანის გონებრივი თვალსაწიერი და სულგრძელობა? არა. რა ვითარებაც არ უნდა იყოს, სანამ ადამიანი თავისი გახრწნილი ხასიათით ცხოვრობს, ის ხშირად ჩავარდება გარკვეულ ნეგატიურ მდგომარეობებში. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს ესმის ჭეშმარიტება და შეუძლია საგნების არსში წვდომა, მისი ნეგატიური მდგომარეობები სულ უფრო იშვიათი გახდება და მისი ნეგატივი თანდათან გაქრება მისი სულიერი ზრდის მატებასთან ერთად, და საბოლოოდ სრულიად გაქრება. მათ, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება და საერთოდ არ იღებს მას, ექნებათ სულ უფრო მეტი ნეგატიური ემოცია, ნეგატიური მდგომარეობა და ნეგატიური ფიქრი თუ დამოკიდებულება, რომლებიც დაგროვებასთან ერთად უფრო სერიოზული გახდება, და როგორც კი ეს ყველაფერი შთანთქავს მათ, ვეღარ გამოკეთდებიან, რაც ძალიან საშიშია. ამიტომ, ნეგატივის დროულად მოგვარება გადამწყვეტია. ნეგატივის მოსაგვარებლად ადამიანმა აქტიურად უნდა ეძიოს ჭეშმარიტება; ღვთის წინაშე სიმშვიდის შენარჩუნებით ღვთის სიტყვების კითხვა და მათზე ფიქრი გამოიწვევს ნათელის მოფენასა და განათებას, რაც ადამიანს მისცემს ჭეშმარიტების გაგებისა და ნეგატივის არსში წვდომის საშუალებას, და ამგვარად მოაგვარებს ნეგატივის პრობლემას. თუ კვლავაც ეჭიდები საკუთარ წარმოდგენებსა და მიზეზებს, მაშინ უკიდურესად სულელი ხარ და მოკვდები შენი სისულელისა და უმეცრების გამო. მიუხედავად ამისა, ნეგატივის მოგვარება უნდა იყოს აქტიური და არა პასიური. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ როდესაც ნეგატივი ჩნდება, უბრალოდ ყურადღება არ უნდა მიაქციოს მას; როდესაც კვლავ ბედნიერად იგრძნობს თავს, მისი ნეგატივი ბუნებრივად სიხარულად გადაიქცევა. ეს ფანტაზიაა; ჭეშმარიტების ძიებისა და მიღების გარეშე, ნეგატივი ავტომატურად არ გაქრება. თუნდაც დაივიწყო იგი და გულში ვერაფერი იგრძნო, ეს არ ნიშნავს, რომ შენი ნეგატივის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მოგვარდა. როგორც კი შესაბამისი ვითარება შეიქმნება, ის კვლავ იფეთქებს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ ადამიანი ჭკვიანია და აქვს გონიერება, ნეგატივის გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა ეძიოს ჭეშმარიტება და მის მოსაგვარებლად ჭეშმარიტების მიღების მეთოდი გამოიყენოს, რითაც ძირფესვიანად მოაგვარებს ნეგატივის პრობლემას. ყველა, ვინც ხშირად ნეგატიურია, ასეთია იმიტომ, რომ არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება. თუ არ მიიღებ ჭეშმარიტებას, ნეგატივი ეშმაკივით მოგეკვრება, მუდმივად ნეგატიურს გაგხდის, გაგიჩენს ღვთის მიმართ დაუმორჩილებლობის, უკმაყოფილებისა და წყენის გრძნობებს, სანამ არ აღმოაჩენ, რომ ეწინააღმდეგები, ებრძვი და მძაფრ პროტესტს გამოხატავ ღვთის მიმართ — სწორედ მაშინ მიაღწევ დასასრულს და შენი მახინჯი სახე გამოაშკარავდება. ადამიანები დაიწყებენ შენს მხილებას, გაკვეთასა და დახასიათებას, და მხოლოდ ახლა, მწარე რეალობის წინაშე მდგარს, წამოგივა ცრემლები; სწორედ ამ დროს დაეცემი და სასოწარკვეთილი დაიწყებ მკერდში მუშტების ცემას — უბრალოდ დაელოდე ღვთის სასჯელის მიღებას! ნეგატივი არა მხოლოდ ასუსტებს ადამიანებს, არამედ აიძულებს მათ, იწუწუნონ ღმერთზე, განსაჯონ ღმერთი, უარყონ ღმერთი და პირდაპირ ებრძოლონ და მძაფრი პროტესტი გამოხატონ ღვთის მიმართ. ამიტომ, თუ ვინმეს ნეგატივის მოგვარება შეფერხდება, როგორც კი ის ღვთისმგმობელ სიტყვებს გამოავლენს და ღვთის ხასიათს შეურაცხყოფს, შედეგები ძალიან მძიმე იქნება. თუ ერთი მოვლენის, ფრაზის ან ფიქრისა თუ თვალსაზრისის გამო ვარდები ნეგატივში და გიჩნდება საჩივარი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენი ხედვა ამ საკითხზე დამახინჯებულია და მცდარი წარმოდგენები და ფანტაზიები გაქვს მის შესახებ; შენი შეხედულებები ამ საკითხზე ნამდვილად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ამ დროს, უნდა ეძიო ჭეშმარიტება და სწორად თვალი გაუსწორო მას, შეეცადო რაც შეიძლება მალე გამოასწორო ეს მცდარი წარმოდგენები და იდეები, და არ დაუშვა, რომ ამ წარმოდგენებმა შეგბოჭოს და შეცდომაში შეგიყვანოს, რათა არ აღმოჩნდე ღვთის მიმართ დაუმორჩილებლობის, უკმაყოფილებისა და წყენის მდგომარეობაში. ნეგატივის დროულად მოგვარება გადამწყვეტია, და მისი სრულად მოგვარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნეგატივის მოსაგვარებლად საუკეთესო გზაა ჭეშმარიტების ძიება, ღვთის სიტყვების მეტად კითხვა და ღვთის წინაშე წარდგომა მისი ნათელის მოფენის საძიებლად. ზოგჯერ შეიძლება დროებით ვერ შეძლო შენი ფიქრებისა და თვალსაზრისების შეცვლა, მაგრამ სულ მცირე, უნდა იცოდე, რომ ცდები და რომ შენი ეს ფიქრები უკუღმართია. ამგვარად, მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ეს მცდარი ფიქრები და თვალსაზრისები გავლენას არ მოახდენს შენს ერთგულებაზე მოვალეობის შესრულებისას, გავლენას არ მოახდენს შენს ურთიერთობაზე ღმერთთან და გავლენას არ მოახდენს ღვთის წინაშე შენს წარდგომაზე გულის გადასაშლელად და სალოცავად — სულ მცირე, ეს არის ის შედეგი, რომელსაც უნდა მიაღწიო. როდესაც შთანთქმული ხარ ნეგატივით, ხარ ურჩი და უკმაყოფილო და გიჩნდება ჩივილი ღვთის მიმართ, მაგრამ არ გსურს ჭეშმარიტების ძიება მის მოსაგვარებლად, ფიქრობ, რომ შენი ურთიერთობა ღმერთთან ნორმალურია, მაშინ როცა სინამდვილეში შენი გული შორს არის ღვთისგან და აღარ გსურს მისი სიტყვების კითხვა ან ლოცვა, განა პრობლემა არ გამწვავდა? ამბობ: „რაოდენ ნეგატიურიც არ უნდა ვიყო, ჩემი მოვალეობის შესრულება არ შეფერხებულა და საქმე არ მიმიტოვებია. მე ერთგული ვარ!“ არის კი ეს სიტყვები მართებული? თუ ხშირად ხარ ნეგატიური, ეს არ არის მხოლოდ გახრწნილი ხასიათის საკითხი; არსებობს უფრო სერიოზული პრობლემები: გაქვს წარმოდგენები ღმერთზე, გაუგებრობა გაქვს მის მიმართ და ბარიერები შექმენი შენსა და ღმერთს შორის. თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას ამის მოსაგვარებლად, ეს ძალიან საშიშია. როგორ შეუძლია ადამიანს უზრუნველყოს თავისი მოვალეობის ბოლომდე ერთგულად და ზედაპირულობის გარეშე შესრულება, თუ ის ხშირად ნეგატიურია? შეიძლება თუ არა, ნეგატივი თავისით გაქრეს ან გაქარწყლდეს, თუ ის არ მოგვარდება? თუ ადამიანი დროულად არ ეძიებს ჭეშმარიტებას გამოსავლის საპოვნელად, ნეგატივი განაგრძობს განვითარებას და მხოლოდ გაუარესდება. მის მიერ გამოწვეული შედეგები მხოლოდ უფრო საზიანო გახდება. ის არასდროს განვითარდება დადებითი მიმართულებით და მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით გაძლიერდება. ამიტომ, როდესაც ნეგატივი ჩნდება, სწრაფად უნდა ეძიო ჭეშმარიტება მის მოსაგვარებლად; მხოლოდ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ შეძლო შენი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება. ნეგატივის მოგვარება გადამწყვეტია და მისი დაყოვნება დაუშვებელია!
26 ივნისი, 2021 წ.