წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (16)

პუნქტი მეთორმეტე: იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი (ნაწილი მეოთხე)

სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც არღვევენ და ხელს უშლიან ეკლესიის ცხოვრებას

VIII. წარმოდგენების გავრცელება

ა. წარმოდგენების გავრცელების გამოვლინებები

დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას წინამძღოლებისა და მუშაკების მეთორმეტე პასუხისმგებლობის შესახებ: „იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.“ რაც შეეხება ეკლესიურ ცხოვრებაში წარმოქმნილ ჩაშლისა და არეულობის სხვადასხვა საკითხს, ჩვენ თერთმეტი მათგანი ჩამოვთვალეთ. გასულ ჯერზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება მეშვიდე საკითხზე: ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებაში მონაწილეობა. დღეს ჩვენ გვექნება თანაზიარება მერვე საკითხზე: წარმოდგენების გავრცელება. წარმოდგენების გავრცელება ასევე ხშირად ხდება ეკლესიურ ცხოვრებაში. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას, ღმერთს საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვაზე დაყრდნობით ირწმუნებს და ხშირად ავრცელებს გარკვეულ წარმოდგენებს ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობის შესატანად. ეკლესიამ უნდა შეზღუდოს ეს ქცევა და გადაჭრას იგი ეკლესიურ ცხოვრებაში ჭეშმარიტების თანაზიარების გზით. პირდაპირი გაგებით, ნებისმიერს შეუძლია დაინახოს, რომ წარმოდგენების გავრცელება არ არის მართებული ქცევა, რომ ეს არის არა დადებითი, არამედ ნეგატიური მოვლენა. შესაბამისად, ის უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს ეკლესიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ადამიანები ავრცელებენ წარმოდგენებს, რა მოტივებიც არ უნდა ამოძრავებდეთ მათ, განზრახ ავრცელებენ ამ წარმოდგენებს თუ უნებლიეთ, თუკი ისინი წარმოდგენებს ავრცელებენ, ეს ჩაშლის და არევს ეკლესიურ ცხოვრებას, რაც საზიანო გავლენას იქონიებს. ამიტომ, ეს საკითხი ასი პროცენტით უნდა შეიზღუდოს. ნებისმიერი კუთხით წარმოდგენების გავრცელებამ შეუძლებელია დადებითი როლი ითამაშოს ადამიანების მიერ ჭეშმარიტების ძიებაზე, ღვთის შეცნობის ძიებასა თუ მათ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლაზე. მას შეუძლია მხოლოდ ხელი შეუშალოს და დააზიანოს ეს ყოველივე. ამრიგად, როდესაც ვინმე ეკლესიურ ცხოვრებაში წარმოდგენებს ავრცელებს, ყველამ — ეკლესიის წინამძღოლებმაც და დებმა და ძმებმაც — უნდა გამოიჩინოს გამჭრიახობა ამ საკითხის მიმართ და დაუყოვნებლივ იმოქმედოს ამ ადამიანის შესაჩერებლად და შესაზღუდად ნაცვლად იმისა, რომ ბრმად შეიწყნაროს მის მიერ წარმოდგენების გავრცელება სხვების შეცდომაში შესაყვანად და დასაბრკოლებლად. მოდით, ჯერ ვიქონიოთ თანაზიარება იმაზე, თუ როგორი სიტყვები წარმოადგენს წარმოდგენების გავრცელებას. ამგვარი გამჭრიახობით ადამიანებს შეეძლებათ ზუსტად განსაზღვრონ, რა არის წარმოდგენების გავრცელება და ასევე ზუსტად შეაჩერონ და შეზღუდონ იგი, ნაცვლად იმისა, რომ უგულებელყონ და გულგრილად მოეკიდონ მას.

1. ღმერთის შესახებ წარმოდგენების გავრცელება

წარმოდგენები, რომლებიც ვრცელდება, მიზანმიმართულია. პირველ რიგში, უნდა დავინახოთ, ვისკენ არის ისინი მიმართული და რა წარმოდგენები ვრცელდება. ამის გაგება დაგეხმარებათ იცოდეთ, ადამიანების მიერ ნათქვამი რომელი განცხადებები და მათ მიერ გავრცელებული რომელი შეხედულებები წარმოადგენს წარმოდგენებს. იმის ცოდნა, თუ რომელი სიტყვებია ადამიანთა წარმოდგენები და რომელი ქმედებები წარმოადგენს წარმოდგენების გავრცელებას, საშუალებას მისცემს ხალხს, უფრო ზუსტად და მეტი შესაბამისობით შეზღუდონ წარმოდგენების გავრცელება. უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენების ყველაზე სერიოზული გავრცელება მოიცავს ადამიანთა იდეებსა და ღვთის შესახებ არასწორ გაგებას. ეს არის მთავარი კატეგორია. ღვთის ვინაობის, ღვთის არსის, ღვთის ხასიათის, ღვთის სიტყვების, ღვთის საქმისა და ღვთის არსებობის შესახებ არარეალური შეხედულებებისა და განცხადებების გავრცელება — ყოველივე ეს წარმოდგენების გავრცელებას წარმოადგენს. ეს ზოგადი განცხადებაა; კონკრეტულად კი, როგორი განცხადებები წარმოადგენს წარმოდგენების გავრცელებას? ღვთის შესახებ არასწორი გაგების, ღვთის განსჯისა და დაგმობის და ღვთის მიმართ გმობის გავრცელებაც კი — ყოველივე ეს წარმოდგენების გავრცელებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ღვთის შესახებ ისეთი გაგების გავრცელება, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, და ისეთი განცხადებებისა და არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელება, რომლებიც არ შეესაბამება ღვთის ვინაობასა და არსს, წარმოდგენების გავრცელებაა. მაგალითად, ეკლესიურ ცხოვრებაში ზოგიერთი ადამიანი ხშირად საუბრობს ღვთის ვინაობასა და ღვთის არსზე. მათ არ გააჩნიათ ღვთის ვინაობისა და არსის ჭეშმარიტი გაგება. ისინი ხშირად ეჭვობენ და გულში არასწორად იგებენ ღმერთს, არ შეუძლიათ, დაემორჩილონ იმ საცხოვრებელ გარემოსა და მოვალეობების შესასრულებელ გარემოს, რომელსაც ღმერთი უწყობს მათ და სხვა მრავალს. შემდეგ ისინი ავრცელებენ ღვთის შესახებ თავიანთ არასწორ გაგებასა და იდეებს იმის თაობაზე, რომ არ ესმით ღმერთის. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იდეები არ ეხება შექმნილი არსების გადმოსახედიდან ღვთის მეუფებისა და განგებულების მიღებასა და დამორჩილებას, არამედ სავსეა პირადი ცრურწმენებით, არასწორი გაგებით, განსჯითა და დაგმობითაც კი. ამის მოსმენის შემდეგ სხვა ადამიანებს უყალიბდებათ ღვთის შესახებ არასწორი გაგება და მის მიმართ უნდობლობა, რითაც კარგავენ ღვთისადმი ჭეშმარიტ რწმენას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭეშმარიტ მორჩილებაზე.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ღვთისადმი რწმენას მშვიდობა და სიხარული უნდა მოჰქონდეს, და თუ ისინი გარკვეული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებიან, მხოლოდ ღმერთს უნდა შეევედრონ, და ღმერთი შეისმენს მათ თხოვნას, მიანიჭებს მათ მადლსა და კურთხევას და უზრუნველყოფს, რომ მათთვის ყველაფერმა მშვიდობიანად და შეუფერხებლად ჩაიაროს. ღვთისადმი მათი რწმენის მიზანია მადლის ძიება, კურთხევის მოპოვება და მშვიდობითა და ბედნიერებით ტკბობა. სწორედ ამ შეხედულებების გამო ტოვებენ ისინი თავიანთ ოჯახებს ან ანებებენ თავს სამსახურს, რათა ღვთისთვის დაიხარჯონ და, შეუძლიათ, გაუძლონ გასაჭირს და გაიღონ საფასური. მათ სჯერათ, რომ თუკი ისინი ტოვებენ ყველაფერს, ღვთისთვის იხარჯებიან, უძლებენ გასაჭირს და გულმოდგინედ შრომობენ, ავლენენ რა განსაკუთრებულ ქცევას, ისინი მოიპოვებენ ღვთის კურთხევასა და კეთილგანწყობას, და რა სირთულეებსაც არ უნდა წააწყდნენ, თუკი ისინი ღმერთს ევედრებიან, იგი გადაჭრის მათ პრობლემებს და ყველაფერში გზას გაუკვალავს. ეს არის ის შეხედულება, რომელსაც იზიარებს ღვთის მორწმუნე ადამიანთა უმეტესობა. ადამიანები გრძნობენ, რომ ეს შეხედულება ლეგიტიმური და სწორია. ბევრი ადამიანის უნარი, წლების განმავლობაში შეინარჩუნოს ღვთისადმი რწმენა ისე, რომ არ თქვას მასზე უარი, პირდაპირ კავშირშია ამ შეხედულებასთან. ისინი ფიქრობენ: „მე ამდენად გავიღე თავი ღვთისთვის, ჩემი ქცევა ასეთი კარგი იყო და არავითარი ბოროტი საქმე არ ჩამიდენია; ღმერთი აუცილებლად მაკურთხებს. რადგან ბევრი ვიტანჯე და დიდი საფასური გავიღე თითოეული დავალებისთვის, ყველაფერს ღვთის სიტყვებისა და მოთხოვნების შესაბამისად ვაკეთებდი ისე, რომ შეცდომა არ დამიშვია, ღმერთმა უნდა მაკურთხოს; მან უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიაროს ჩემთვის, რომ ხშირად მქონდეს მშვიდობა და სიხარული გულში და ვტკბებოდე ღვთის თანდასწრებით.“ განა ეს ადამიანური წარმოდგენა და წარმოსახვა არ არის? ადამიანური გადმოსახედიდან, ხალხი ტკბება ღვთის მადლით და იღებს სარგებელს, ამიტომ ლოგიკურია ამისთვის ცოტაოდენი ტანჯვის ატანა და ღირს ამ ტანჯვის გაცვლა ღვთის კურთხევაზე. ეს არის ღმერთთან გარიგების მენტალიტეტი. თუმცა, ჭეშმარიტების გადმოსახედიდან და ღვთის გადმოსახედიდან, ეს ფუნდამენტურად არ შეესაბამება ღვთის საქმის პრინციპებს და არც იმ სტანდარტებს, რომლებსაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს. ეს მთლიანად ფუჭი ილუზიაა, წმინდად ადამიანური წარმოდგენა და წარმოსახვა ღვთისადმი რწმენის შესახებ. მიუხედავად იმისა, მოიცავს ეს ღმერთთან გარიგებას თუ მისგან რაიმეს მოთხოვნას ან ადამიანურ წარმოდგენებსა და წარმოსახვას, ნებისმიერ შემთხვევაში, არცერთი მათგანი არ შეესაბამება ღვთის მოთხოვნებს და არც ადამიანთა კურთხევის ღვთიურ პრინციპებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს. კერძოდ, ეს გარიგებაზე დაფუძნებული აზრი და შეხედულება შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს, მაგრამ ადამიანები ამას ვერ აცნობიერებენ. როდესაც ის, რასაც ღმერთი აკეთებს, არ შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს, მათ გულებში მალევე უჩნდებათ პრეტენზიები და მცდარი შეხედულებები მის მიმართ. ისინი თავს დაჩაგრულადაც კი გრძნობენ და შემდეგ იწყებენ ღმერთთან კამათს და, შესაძლოა, განსაჯონ და დაგმონ კიდეც იგი. მიუხედავად იმისა, თუ რა წარმოდგენები და მცდარი შეხედულებები უყალიბდებათ ადამიანებს ღვთის გადმოსახედიდან, ღმერთი არასდროს მოქმედებს ან ეპყრობა ვინმეს ადამიანური წარმოდგენების ან სურვილების შესაბამისად. ღმერთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სურს, თავისივე გზით და საკუთარი ხასიათი-არსის საფუძველზე. მას გააჩნია პრინციპები, როგორ მოეპყროს თითოეულ ადამიანს. არაფერი, რასაც იგი თითოეული ადამიანის მიმართ აკეთებს, არ ეფუძნება ადამიანურ წარმოდგენებს, წარმოსახვას ან უპირატესობებს — ეს არის ღვთის საქმის ის ასპექტი, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ადამიანურ წარმოდგენებს. როდესაც ღმერთი ადამიანებისთვის ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენებსა და წარმოსახვას, მათ გულებში უყალიბდებათ წარმოდგენები, განსჯა და დაგმობა ღვთის მიმართ და შესაძლოა უარყონ კიდეც იგი. შეუძლია კი მაშინ ღმერთს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? აბსოლუტურად არა. ღმერთი არასოდეს შეცვლის თავისი მოქმედების გზასა და სურვილებს ადამიანური წარმოდგენების შესაბამისად. მაშინ ვინ უნდა შეიცვალოს? ადამიანები. ადამიანებმა უნდა უარყონ თავიანთი წარმოდგენები, მიიღონ და გამოსცადონ ღვთის მიერ მოწყობილი გარემოებები და დაემორჩილონ მათ და ეძიონ ჭეშმარიტება საკუთარი წარმოდგენების გადასაჭრელად ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნამოქმედარი თავიანთი წარმოდგენებით გაზომონ იმის დასანახად, არის თუ არა ის სწორი. როდესაც ადამიანები ჯიუტად ებღაუჭებიან თავიანთ წარმოდგენებს, მათ უყალიბდებათ წინააღმდეგობა ღვთის მიმართ — ეს ბუნებრივად ხდება. რა არის ამ წინააღმდგობის საფუძველი? ის მდგომარეობს იმაში, რომ ის, რასაც ადამიანები ჩვეულებრივ ატარებენ გულში, უდავოდ მათი წარმოდგენები და წარმოსახვაა და არა ჭეშმარიტება. შესაბამისად, როდესაც ღვთის საქმე არ შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებს, ადამიანებს შეუძლიათ წინ აღუდგნენ ღმერთს და განსაჯონ იგი. ეს ამტკიცებს იმას, რომ ადამიანებს ფუნდამენტურად აკლიათ ღვთისადმი მორჩილება, მათი გახრწნილი ხასიათი შორს არის განწმენდისგან და ისინი არსებითად თავიანთი გახრწნილი ხასიათის მიხედვით ცხოვრობენ. ისინი ჯერ კიდევ წარმოუდგენლად შორს არიან ხსნის მოპოვებისგან.

როდესაც ადამიანებს გულში ჩამოუყალიბდებათ წარმოდგენები ღვთის შესახებ და წინააღმდეგობა მის მიმართ, ისინი, ვისაც მცირედი სინდისი მაინც გააჩნიათ, უხალისოდ მიიღებენ იმას, რასაც ღმერთი აკეთებს და შეეცდებიან შეერწყან ღვთის მიერ მოწყობილ გარემოს და მიიღონ მისი მეუფება ადამიანებზე. რამდენი წარმოდგენის უარყოფა შეუძლიათ ადამიანებს და რა დონეზე, ნაწილობრივ დამოკიდებულია მათ სულიერ მონაცემებზე და ნაწილობრივ იმაზე, იღებენ თუ არა ისინი ჭეშმარიტებას, და არიან თუ არა ჭეშმარიტების მოყვარულნი. ზოგიერთი ადამიანი აქტიურად ხვდება ღვთის მიერ მოწყობილ გარემოებებს ღვთის სიტყვების კითხვით, ძიებით, თანაზიარებითა და ფიქრით. ისინი თანდათანობით იძენენ გარკვეულ გაგებას ყველაფერზე ღვთის მეუფების შესახებ და ამით ზრდიან თავიანთ მორჩილებასა და რწმენას. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი, რა გარემოშიც არ უნდა აღმოჩნდეს, არ ეძიებს ჭეშმარიტებას. ნაცვლად ამისა, ისინი აფასებენ ყველა გარემოს, რომელსაც ღმერთი წარმართავს და განაგებს, თავიანთი წარმოდგენების, წარმოსახვისა და იმის საფუძველზე, მოაქვს თუ არა მას სარგებელი მათთვის. მათი მოსაზრებები ყოველთვის საკუთარი ინტერესების გარშემო ტრიალებს; მათთვის ყოველთვის ისაა მთავარი, თუ რამხელა სარგებლის მიღება შეუძლიათ, რამდენად შეიძლება დაკმაყოფილდეს მათი ინტერესები მატერიალური ნივთების, ფულისა და ხორციელი ტკბობის თვალსაზრისით და ისინი ყოველთვის იღებენ გადაწყვეტილებებს და ეპყრობიან ყველაფერს, რასაც ღმერთი განაგებს, ამ ფაქტორებზე დაყრდნობით. საბოლოოდ, ბევრი ტვინის ჭყლეტის შემდეგ, ისინი ირჩევენ არა ღვთის მიერ შექმნილი გარემოსადმი დამორჩილებას, არამედ მისგან გაქცევასა და თავის არიდებას. წინააღმდეგობის, უარყოფისა და თავის არიდების გამო, ისინი შორდებიან ღვთის სიტყვებს, ხელიდან უშვებენ სიცოცხლის გამოცდილებას და განიცდიან დანაკარგს, რითაც ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ საკუთარი გულებისთვის. რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ასეთ გარემოებებს, მით უფრო მეტ და დიდ ტანჯვას იტანენ. როდესაც ასეთი ვითარება იქმნება, ის მცირედი რწმენაც კი, რომელიც მათ ღვთის მიმართ აქვთ, საბოლოოდ ნადგურდება. ამ მომენტში, წარმოდგენები, რომლებიც ბატონობენ მათ გულებში, ერთიანად ამოტივტივდება: „მე ამდენი ხანია ვიხარჯებოდი ღვთისთვის, მაგრამ არ ველოდი, რომ ღმერთი ასე მომექცეოდა. ღმერთი უსამართლოა, მას არ უყვარს ადამიანები! ღმერთმა თქვა, რომ ისინი, ვინც გულწრფელად იხარჯებიან მისთვის, აუცილებლად მიიღებენ დიდ კურთხევას. მე გულწრფელად დავიხარჯე ღვთისთვის, მივატოვე ჩემი ოჯახი და კარიერა, გავუძელი გასაჭირს და ბევრი ვიშრომე — ღვთისგან დიდი კურთხევა რატომ არ მივიღე? სად არის ღმერთის კურთხევა? რატომ ვერ ვგრძნობ ან ვერ ვხედავ მათ? რატომ ეპყრობა ღმერთი ადამიანებს უსამართლოდ? რატომ არ ასრულებს ღმერთი თავის სიტყვას? ხალხი ამბობს, რომ ღმერთი ერთგულია, მაგრამ მე რატომ ვერ ვგრძნობ ამას? ყველაფერი სხვა რომ გვერდზე გადავდოთ, მხოლოდ ამ გარემოში, საერთოდ არ მიგრძვნია, რომ ღმერთი ერთგულია!“. რადგან ადამიანებს აქვთ წარმოდგენები, ისინი ადვილად ტყუვდებიან და შეცდომაში შედიან მათ გამო. მაშინაც კი, როდესაც ღმერთი ქმნის გარემოებებს ადამიანთა ხასიათის ცვლილებისა და მათი სიცოცხლეში ზრდისთვის, მათ უჭირთ ამის მიღება და არასწორად ესმით ღმერთის. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არ არის ღვთის კურთხევა და რომ ღმერთს ისინი არ მოსწონს. მათ სჯერათ, რომ გულწრფელად გაიღეს თავი ღვთისთვის, მაგრამ ღმერთმა არ შეასრულა თავისი დანაპირები. ეს ადამიანები, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ასე ადვილად მჟღავნდებიან რაღაც მცირე გარემოებით გამოწვეული ერთი უბრალო განსაცდელით. როდესაც ისინი მჟღავნდებიან, საბოლოოდ ამბობენ იმას, რისი თქმაც ყველაზე მეტად სურდათ: „ღმერთი არ არის სამართლიანი. ღმერთი არ არის ერთგული ღმერთი. ღვთის სიტყვები იშვიათად სრულდება. ღმერთმა თქვა: „ღმერთი რასაც ამბობს, იმას გულისხმობს, რასაც ამბობს, ის აღსრულდება და რასაც აკეთებს, მარადიულად იარსებებს.“ სად არის ამ სიტყვების აღსრულება? რატომ ვერ ვხედავ ან ვერ ვგრძნობ ამას? შეხედეთ ამა და ამა ადამიანს: მას შემდეგ, რაც ღმერთი ირწმუნა, მას არ მიუტოვებია ყველაფერი და არც იმდენად დახარჯულა ღვთისთვის, რამდენადაც მე და არც იმდენი შეუწირავს, რამდენიც მე. მაგრამ მისი შვილები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოხვდნენ, მისი ქმარი დააწინაურეს, მათი ბიზნესი ყვავის და მათი მოსავალიც კი სხვებისაზე მეტია. და მე რა მივიღე? მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს!“ ეს სიტყვები ამ ადამიანების ჭეშმარიტი ფიქრებია, მათი დევიზია. ისინი სავსენი არიან ამ წარმოდგენებით, სავსენი არიან ამ აბსურდული ფიქრებითა და შეხედულებებით და მუდამ სარგებლისა და გარიგებების ძიებაში არიან. აი, ასე ესმით და აღიქვამენ ისინი ღვთის საქმესა და მის საგულდაგულო ძალისხმევას, აი, ასე ეპყრობიან ისინი ამ ყველაფერს. შესაბამისად, იმ გარემოებებში, რომლებსაც ღმერთი საგულდაგულოდ ქმნის კვლავ და კვლავ, ისინი მუდმივად ზომავენ და არასწორად ესმით ღმერთის თავიანთი წარმოდგენებით და განუწყვეტლივ მარცხდებიან და ბრკოლდებიან. უფრო მეტიც, ისინი მუდმივად ცდილობენ დაადასტურონ, რომ მათი წარმოდგენები სწორია. როდესაც მათ სჯერათ, რომ ეს წარმოდგენები დადასტურებულია და საკმარისი მტკიცებულებაა მათთვის, რათა თვითნებურად შეაფასონ, განსაჯონ და დაგმონ ღმერთი, ისინი იწყებენ წარმოდგენების გავრცელებას, რადგან მათი გულები სავსეა ღვთის შესახებ წარმოდგენებით. რა არის გარეული ამ წარმოდგენებში? ეს არის საყვედურები, უკმაყოფილება და წყენა. როდესაც ისინი სავსენი არიან ამ ყველაფრით, ეძებენ შესაძლებლობებს, რომ ნეგატივი აფრქვიონ. მათ იმედი აქვთ, რომ იპოვიან ხალხს, ვინც მოუსმენს იმ „უსამართლობებს“, რომლებსაც ისინი წააწყდნენ; მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი ამ ადამიანებს გაუზიარონ და მოუყვნენ იმ ეგრეთ წოდებული უსამართლო მოპყრობის შესახებ, რომელიც მათ „განიცადეს“. აი, ასე ჩნდება ამ ადამიანთა მიერ გავრცელებული წარმოდგენები ეკლესიურ ცხოვრებაში, აი, ასე იბადება ასეთი წარმოდგენები. ამ ადამიანების გულები სავსეა წყენით, დაუმორჩილებლობითა და უკმაყოფილებით, ასევე ღვთის არასწორი აღქმითა და საყვედურებით და ღვთის განსჯითა და დაგმობითაც კი, რაც საბოლოოდ იწვევს იმას, რომ მათი გულები გმობით ივსება. მათ ეშინიათ, რომ ვერ მიიღებენ კურთხევას და ამის გამო არ სურთ წასვლა, ამიტომ ისინი ხალხში ავრცელებენ ღვთის შესახებ თავიანთ არასწორ გაგებასა და მის მიმართ უკმაყოფილებას და კიდევ უფრო მეტად ავრცელებენ თავიანთ მსჯავრს, ღვთის გმობასა და მკრეხელობას. რას გმობენ ისინი? ისინი გმობენ ღმერთს და ამბობენ, რომ იგი უსამართლოა მათ მიმართ და არ აძლევს მათ შესაბამის საზღაურს იმისთვის, რაც მათ გააკეთეს. ისინი განიკითხავენ ღმერთს იმის გამო, რომ მან არ მიანიჭა მათ მადლი და დიდი კურთხევა მათი შესაწირავისა და მსხვერპლის გაღების შემდეგ. მათ არ მიუღიათ ღვთისგან ის ხორციელი მოთხოვნილებები — მატერიალური ნივთები, ფული და ა.შ. — რომელთა მიღების იმედიც ჰქონდათ, რითაც მათი გულები საყვედურებითა და წყენით ივსება. წარმოდგენების გავრცელებასთან მიმართებაში მათი მიზანი, ერთი მხრივ, არის ნეგატივის ფრქვევა და შურისძიება, რითაც აღწევენ ფსიქოლოგიური წონასწორობის განცდას; და მეორე მხრივ, მეტი ადამიანის წაქეზება, რათა მათაც ჩამოუყალიბდეთ არასწორი გაგება და წარმოდგენები ღვთის შესახებ, რითაც უბიძგებენ ამ ადამიანებს, მათსავით გამოიჩინონ უნდობლობა ღვთის მიმართ. თუ მეტი ადამიანი იტყვის: „ჩვენ აღარასოდეს ვირწმუნებთ ღმერთს“, ისინი შინაგანად კმაყოფილებას იგრძნობენ. ეს არის მათი წარმოდგენების გავრცელების მიზანი და ძირითადი მიზეზი.

რა არის იმ ადამიანების დევიზი, რომლებიც წარმოდგენებს ავრცელებენ? რა არის ის ფრაზა, რომელსაც ისინი ხშირად იმეორებენ? მას შემდეგ, რაც განიცდიან გარკვეულ მოვლენებს და ვერ იღებენ სასურველ სარგებელს, ისინი განუწყვეტლივ ეუბნებიან საკუთარ თავს: „მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს“. ამის თქმის შემდეგაც კი, ისინი არ გრძნობენ, რომ შეიმსუბუქეს სიძულვილი ან მიაღწიეს თავიანთ მიზანს. როდესაც ისინი ესწრებიან შეკრებებს, რაზეც არ უნდა ჰქონდეთ სხვებს თანაზიარება, მათ არ შეუძლიათ ამის მიღება. მათ კვლავ უნდა თქვან ეს ფრაზა, გაიმეორონ ის რამდენჯერმე, ათჯერ მეტჯერაც კი. „მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს“ — განა ეს ფრაზა არ არის სავსე მნიშვნელობით? მის უკან ისტორია დგას. რას წარმოადგენს მათი „რწმენა“? სწამდათ თუ არა მათ ღმერთი მანამდე? იყო თუ არა მათი წინა რწმენა ჭეშმარიტი რწმენა? მოიცავდა თუ არა ის მორჩილებას, რომელიც შექმნილ არსებას უნდა ჰქონდეს? (არა.) სულაც არა. ისინი სავსენი არიან ღვთის შესახებ წარმოდგენებითა და წარმოსახვით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი სავსენი არიან ღვთის მიმართ მოთხოვნებითა და თხოვნებით, ყოველგვარი მორჩილების გარეშე. რას ნიშნავს მათი „რწმენა“? „მე მწამს, რომ ღმერთი არის ის, ვინც ხელმწიფებს ცაზე, მიწასა და ყოველივეზე. მე მწამს, რომ ღმერთს შეუძლია დამიცვას სხვების მხრიდან ჩაგვრისგან. მე მწამს, რომ ღმერთს შეუძლია მომცეს ხორციელი კომფორტით ტკბობის, კარგი, აყვავებული ცხოვრებით ცხოვრების საშუალება და უზრუნველყოს, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად და სასიამოვნოდ ჩაიაროს ჩემთვის. მე მწამს, რომ ღმერთს შეუძლია შემიშვას ცათა სასუფეველში და მივიღო დიდი კურთხევა, მოვიპოვო ასმაგად ამ ცხოვრებაში და მარადიული სიცოცხლე მომავალ საუკუნეში!“ არის ეს რწმენა? ამ „რწმენაში“ მორჩილების ნატამალიც კი არ არის და არცერთი მათგანი არ შეესაბამება ადამიანების მიმართ ღვთის მოთხოვნებს. ეს რწმენა წმინდად პირადი სარგებლის პერსპექტივიდან მომდინარეობს. ღმერთი გამოხატავს ჭეშმარიტებას და მუშაობს ადამიანებზე. როდის უთქვამს ღმერთს, რომ იგი მისცემს ადამიანებს ბედნიერი ცხოვრების, სხვებზე მაღლა დგომის ან აყვავებისა და წარმატების საშუალებას, უსაზღვრო პერსპექტივებით? (არასოდეს.) მაშ, რატომ მიიჩნევენ ისინი საკუთარ „რწმენას“ ასე ძვირფასად? ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ აღარასოდეს ირწმუნებენ ღმერთს. ღირს კი მათი რწმენა რამედ? იღებს თუ არა მას ღმერთი? მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობის ნატამალი, ღვთისადმი მორჩილების ნატამალი, მხოლოდ სურთ მიიღონ კურთხევები, სარგებელი და უპირატესობები ღვთისგან და ამას ღვთის რწმენას უწოდებენ. განა ეს ღვთის გმობა არ არის? ამგვარი ადამიანები სავსენი არიან წარმოდგენებით და შეპყრობილნი არიან კურთხევების მიღების განზრახვით. ისინი საერთოდ არ განიცდიან ღვთის საქმეს და არ იყენებენ ღვთის სიტყვებს პრაქტიკაში. ყველაფრის მიზანი და მოტივი, რასაც ისინი აკეთებენ, მთლიანად საკუთარი ხორცის სარგებლისთვისაა. ისინი კარგად გრძნობენ თავს და თავიანთ ეგრეთ წოდებულ ღვთისადმი რწმენას განსაკუთრებულად ძვირფასად მიიჩნევენ. თუ შენი ღვთისადმი რწმენა ასეთი ძვირფასი და კეთილშობილურია, მაშინ რატომ არ შეგიძლია, როდესაც ღმერთი რაიმე მცირე გარემოს აწყობს შენთვის, გაიგო მისგან ჭეშმარიტება ან მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში? რა ხდება აქ? როდესაც ღმერთი ცდის შენს რწმენას, რას უბრუნებ ღმერთს? შესაძლებელია, რომ ის არასწორი გაგება, საყვედურები და წინააღმდეგობა, რომლებსაც ღმერთს უბრუნებ, იყოს ის, რაც მას სურს? შეესაბამება თუ არა ეს ჭეშმარიტებას? ნათელია, რომ არა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ ღიად გაავრცელონ წარმოდგენები ეკლესიაში, ერთ რამეს ამტკიცებს: ისინი არ იცნობენ ღმერთს და კიდევ უფრო მეტად არ სწამთ, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე — ღმერთი, რომელიც მათ სწამთ, უბრალოდ არ არსებობს. როდესაც ეს ადამიანები ღიად ავრცელებენ წარმოდგენებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ და მიიზიდონ მეტი ადამიანი, რომ შეუერთდნენ მათ ღვთისადმი წინააღმდეგობაში, მის დაგმობასა და მკრეხელობაში, ისინი გაუცნობიერებლად საჯაროდ აცხადებენ, რომ აღარ არიან ღვთის მიმდევრები, აღარ არიან მორწმუნეები და აღარ არიან შექმნილი არსებები შემოქმედის მეუფების ქვეშ. წარმოდგენები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, არ არის უბრალო იდეები ან განცხადებები; პირიქით, მათ უკვე ააგეს გადაულახავი ბარიერი ღვთის წინააღმდეგ თავიანთ გულებში და გადაწყვიტეს, რომ ადამიანური წარმოდგენებისა და წარმოსახვის გამოყენება ღმერთთან მიმართებაში, ღმერთთან ურთიერთობის წარმართვაში და ღვთის სიტყვებისა და ღვთის საქმისადმი დამოკიდებულებაში სწორია და ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა იმოქმედონ. როდესაც ასეთი ადამიანები ღიად ავრცელებენ წარმოდგენებს ეკლესიის ცხოვრებაში, უნდა შეიზღუდონ თუ არა ისინი? თუ, მათი მცირე სულიერი ზრდისა და სუსტი საძირკვლის გათვალისწინებით, უნდა მიეცეთ თავისუფლება გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და საკმარისი დრო და სივრცე მოსანანიებლად? რა არის მართებული მოქმედება? (მათი შეჩერება და შეზღუდვა მართებულია.) რატომ არის მათი შეჩერება და შეზღუდვა მართებული? ზოგიერთი ამბობს: „თუ შეზღუდავ მათ და არ მისცემ თავისუფლად საუბრის საშუალებას და ისინი შეწყვეტენ რწმენას და შეკრებებზე დასწრებას, განა ეს არ დააზარალებს მათ? ეს ხომ ძალიან სამწუხარო იქნება! განა ღმერთს არ ურჩევნია ყველა ადამიანის გადარჩენა, ვიდრე ერთი ადამიანის დაღუპვა? ერთი დაკარგული ცხვარიც კი უნდა მოიძებნოს — დაკარგული ცხვრის მოსაძებნად გაწეული ამდენი ძალისხმევის შემდეგ, ნუთუ ის დაუშვებს, რომ ის კვლავ დაიკარგოს?“ სწორია ეს სიტყვები? (არა.) რატომ არ არის ისინი სწორი? (რადგან ასეთ ადამიანებს გულწრფელად არ სწამთ ღმერთი; მათ ღმერთი მხოლოდ კურთხევების მიღების იმედით სწამთ და მათი რწმენა შერეულია მინარევებით.) ვის არ აქვს გარკვეული მინარევები შერეული ღვთისადმი რწმენაში? განა არ გაქვს? არის ეს საფუძვლიანი მიზეზი? დაფიქრდით ასეთი ადამიანების განცხადებაზე: „მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს“. როგორი სიტყვებია ეს? არის რაიმე განსხვავება ამასა და ურწმუნოების, ეშმაკებისა და სატანის გმობას შორის? (არა.) რაზე მიანიშნებს ეს განცხადება? „მე აღარ მაქვს ღმერთის რწმენა. წარსულში მთელი გულით მწამდა და მივყვებოდი ღმერთს, მაგრამ ღმერთმა არ მაკურთხა. ნაცვლად ამისა, მან მომიწყო ისეთი გარემოებები, რომ გაერთულებინა ჩემთვის საქმე და ვდაბრკოლებულიყავი. რასაც ღმერთი ამბობს, საერთოდ არ ემთხვევა იმას, რასაც აკეთებს, ამიტომ მე ვეღარ ვბედავ ღმერთის რწმენას! ადრე ისეთი სულელი ვიყავი. მე მივატოვე ყველაფერი, გავიღე თავი და ამდენი გასაჭირი ავიტანე ღმერთისთვის, მაგრამ ვერ დავინახე ღმერთის მფარველობა, როდესაც დიდი წითელი დრაკონი მაპატიმრებდა და მდევნიდა. ჩემი ოჯახის საქმიანობაც არ მიდიოდა ისე კარგად, როგორც სხვების, არ მიშოვია იმდენი ფული, რამდენიც სხვებმა და ჩემი მშობლები კვლავ ავადმყოფობდნენ. ამდენი წლის განმავლობაში ღვთისადმი რწმენით არაფერი მიმიღია. განა ღმერთმა არ თქვა, რომ დიდად აკურთხებდა ადამიანებს? რა კურთხევა მივიღე ღვთისგან? ღმერთის სიტყვები საერთოდ არ ახდა, ამიტომ მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს!“ განცხადება „მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს!“ იმდენ რამეს შეიცავს. ის სავსეა საყვედურებით, უკმაყოფილებითა და ღვთის მიმართ არასწორი გაგებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც მათ აიტანეს გასაჭირი და დაიხარჯნენ ფუჭი ილუზიების მენტალიტეტით, ღმერთმა არ მიანიჭა მათ კურთხევა მათი მოთხოვნების შესაბამისად და არც აუნაზღაურა ან დააჯილდოვა ისინი თავიანთი წარმოდგენებისა და წარმოსახვის მიხედვით, ამიტომ ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ და ღვთის მიმართ წყენით აივსნენ და სწორედ ასეთ ვითარებაში წარმოთქვეს ეს წინადადება. ეს წინადადება არსაიდან არ მოსულა; იმ დროისთვის, როცა მათ ეს თქვეს, უკვე გამოვლენილი ჰქონდათ მრავალი ქცევა და გამოვლინება და უკვე გამჟღავნებულნი იყვნენ. რა არის პრობლემა ასეთი ადამიანების ღმერთთან ურთიერთობაში? რა არის ყველაზე დიდი საკითხი მათ ღმერთთან ურთიერთობაში? ის, რომ მათ არასოდეს მიუჩნევიათ საკუთარი თავი შექმნილ არსებად და არასოდეს მიუჩნევიათ ღმერთი შემოქმედად, რომელსაც ოდნავ მაინც უნდა სცენ თაყვანი. ღვთისადმი რწმენის დასაწყისიდანვე ისინი ღმერთს ეპყრობოდნენ როგორც ფულის ხეს, საგანძურს; ისინი მას მიიჩნევდნენ ბოდჰისატვად, რომელიც იხსნიდა მათ ტანჯვისა და უბედურებისგან და საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ბოდჰისატვას, ამ კერპის მიმდევრად. მათ ეგონათ, რომ ღვთისადმი რწმენა ბუდას რწმენას ჰგავდა, სადაც მხოლოდ ვეგეტარიანული საკვების მიღებით, წმინდა წერილების წაკითხვით და ხშირად საკმევლის კმევითა და მუხლმოდრეკით შეეძლოთ მიეღოთ ის, რაც სურდათ. ამრიგად, ყველა ის ისტორია, რომელიც განვითარდა მას შემდეგ, რაც მათ ღმერთი ირწმუნეს, მოხდა მათი წარმოდგენებისა და წარმოსახვის სფეროში. მათ არ გამოუვლენიათ არცერთი ის გამოვლინება, რომელიც ახასიათებს შექმნილ არსებას, რომელიც იღებს ჭეშმარიტებას შემოქმედისგან და არც ის მორჩილება გამოუვლენიათ, რომელიც შექმნილ არსებას უნდა ჰქონდეს შემოქმედის მიმართ; იყო მხოლოდ უწყვეტი მოთხოვნები, უწყვეტი გათვლები და განუწყვეტელი თხოვნები. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გამოიწვია მათი ღმერთთან ურთიერთობის რღვევა. ამგვარი ურთიერთობა გარიგებაზეა დაფუძნებული და არასოდეს იქნება მტკიცე; მხოლოდ დროის საკითხია, როდის გამჟღავნდებიან ასეთი ადამიანები. მაშინაც კი, თუ ისინი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობენ, არ ავრცელებენ წარმოდგენებს და ზოგჯერ აქვთ თანაზიარება იმაზე, თუ როგორ მიუძღოდა მათ ღმერთი, როგორ აკურთხა ისინი ღმერთმა, რითი დატკბნენ და ა.შ., უმეტესობა იმისა, რაზეც ისინი საუბრობენ, ეხება მადლს, სიამოვნებასა და ხორციელ სარგებელს, რომელიც მათ ღვთისგან მიიღეს. ეს საუბრები სრულიად არ არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან და ღვთისადმი მორჩილებასთან და მათ სრულიად აკლიათ ჭეშმარიტება-რეალობა. როდესაც გარემოებები ხელსაყრელია, ისინი ავლენენ ღვთისადმი რწმენასა და სიყვარულს და შემწყნარებლობასა და მოთმინებას სხვა ადამიანების მიმართ და ეს ყველაფერი ერთი მიზნის მისაღწევად ხდება: მოიპოვონ ღვთის ყველა კურთხევა. როდესაც ღმერთი ართმევს მათ მადლს, სარგებელსა და მატერიალურ უპირატესობებს, რომლებითაც ისინი ტკბებოდნენ, მათი წარმოდგენები მჟღავნდება. ეს ადამიანები, რომლებსაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ და პრიორიტეტს ანიჭებენ პირად სარგებელს, რისხვით ინთებიან, როგორც კი ვერ იღებენ იმას, რაც სურთ; ისინი იწყებენ წარმოდგენების გავრცელებას ღვთის მიმართ უკმაყოფილების გამოსახატავად და ამავდროულად ცდილობენ მიიზიდონ მეტი ადამიანი, რათა თანაგრძნობა გამოუცხადონ მათ და მიიღონ მათი წარმოდგენები ღვთის შესახებ. უნდა შეჩერდნენ და შეიზღუდონ თუ არა ასეთი ადამიანები? (დიახ.) თემები, ფიქრები და შეხედულებები, რომლებზეც ისინი თანაზიარებენ, არ ასახავს ჭეშმარიტების წმინდა აღქმას და არც ეხმარება ადამიანებს ღვთისადმი დამორჩილებასა და მის მიმართ ჭეშმარიტი რწმენის ქონაში. ნაცვლად ამისა, ისინი აშორებენ ადამიანებს ღმერთს, იწვევენ არასწორ გაგებას, უნდობლობას და ღვთის უარყოფასაც კი და უბიძგებენ მათ, ვინც უსმენს ამ ადამიანთა მიერ გავრცელებულ წარმოდგენებს, ჩუმად გააფრთხილონ საკუთარი თავი: „მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს“, ზუსტად მათ მსგავსად. ეს არის ის არეულობა, რომელსაც ასეთი ადამიანების მიერ გავრცელებული წარმოდგენები იწვევს სხვებში.

2. ღვთის სიტყვისა და საქმის შესახებ წარმოდგენების გავრცელება

ეს ადამიანები, რომლებიც წარმოდგენებს ავრცელებენ, საკუთარ წარმოდგენებს იყენებენ ღვთის სიტყვების, ღვთის საქმის, ასევე ღვთის არსისა და ღვთის ხასიათის შესაფასებლად. მათ სწამთ ღმერთი თავიანთი წარმოდგენების ფარგლებში, აღიქვამენ ღმერთს თავიანთი წარმოდგენებით და აკვირდებიან და გულდასმით იკვლევენ ღვთის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, ღვთის მიერ შესრულებულ ყოველ საქმეს და ღვთის მიერ შექმნილ ყოველ გარემოებას თავიანთი წარმოდგენების ფარგლებში. როდესაც ღვთის ქმედებები მათ წარმოდგენებს შეესაბამება, ისინი ხმამაღლა განადიდებენ ღმერთს და ამბობენ, რომ ღმერთი სამართლიანია, ღმერთი ერთგულია და ღმერთი წმინდაა. ხოლო როდესაც ღვთის ქმედებები არ შეესაბამება მათ წარმოდგენებს, მათი ინტერესები სერიოზულად ზარალდება და დიდ ტკივილს განიცდიან; ისინი გამოდიან, რათა უარყონ ღვთის ნათქვამი სიტყვები და მის მიერ შესრულებული საქმე; ისინი წარმოდგენებსაც კი ავრცელებენ, რათა წააქეზონ უფრო მეტი ადამიანი, რომ არასწორად გაუგონ ღმერთს და უფრთხოდნენ მას, და ამბობენ: „ ასე იოლად ნუ იწამებთ ღვთის სიტყვებს და ნუ იჩქარებთ მათ პრაქტიკაში გამოყენებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვინმე გამოგიყენებთ და ზარალს ნახავთ, ამაზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს “ და ასე შემდეგ. მაგალითად, ღმერთი ამბობს: „თქვენ შორის, ვინც გულწრფელად დაიხარჯება ჩემთვის, ჩემგან აუცილებლად მიიღებს დიდ კურთხევას“ — განა ეს სიტყვები ჭეშმარიტება არ არის? ეს სიტყვები ასი პროცენტით ჭეშმარიტებაა. ისინი არ შეიცავს არავითარ დაუფიქრებლობასა თუ სიცრუეს. ეს არ არის ტყუილი ან მაღალფარდოვანი იდეები, მით უმეტეს, ისინი არ წარმოადგენს რაიმე სახის სულიერ თეორიას — ეს ჭეშმარიტებაა. რა არის ამ ჭეშმარიტების გამომხატველი სიტყვების არსი? ის, რომ გულწრფელი უნდა იყო, როდესაც ღვთისათვის იღებ თავს. რას ნიშნავს „გულწრფელი“? მზადყოფნასა და უწმინდურების გარეშე ყოფნას; როდესაც არ ხარ მოტივირებული ფულითა თუ დიდებით და, მით უმეტეს, საკუთარი განზრახვებით, სურვილებითა და მიზნებით. თავს იღებ არა იმიტომ, რომ გაიძულებენ ან იმიტომ, რომ წაგაქეზეს, დაგიყოლიეს ან ჩაგითრიეს, არამედ ეს შენი შინაგანიდან მოდის, ნებაყოფლობით; იგი სინდისისა და გონიერებისგან იშობა. აი, რას ნიშნავს იყო გულწრფელი. ღვთისათვის თავის გაღების მზადყოფნის თვალსაზრისით, სწორედ ამას ნიშნავს გულწრფელობა. მაშ, როგორ ვლინდება გულწრფელობა პრაქტიკული თვალსაზრისით, როდესაც ღვთისათვის იღებ თავს? არ ეწევი სიყალბესა თუ თაღლითობას, არ მიმართავ ეშმაკობას საქმისთვის თავის არიდების მიზნით და არ აკეთებ საქმეს ზედაპირულად; მთელ შენს გულსა და გონებას უძღვნი, აკეთებ ყველაფერს, რაც შეგიძლია და ა.შ. — აქ იმდენი დეტალია, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლით! მოკლედ რომ ვთქვათ, გულწრფელობა მოიცავს ჭეშმარიტება-პრინციპებს. ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნების მიღმა არსებობს სტანდარტი და პრინციპი. ზოგიერთი ამბობს: „თუ მე ჩემს გულწრფელობასა და მთელ ჩემს მწირ დანაზოგს გავიღებ ღვთის რწმენაში, მივიღებ კი მეტს? თუ მეტის მიღება შემიძლია, მაშინ ღირს ყველაფრის გაღება!“ გაღების შემდეგ ისინი ხედავენ, რომ ღმერთს არ უკურთხებია ისინი და ფიქრობენ ამაზე: „შესაძლოა, საკმარისი არ გამიღია, ამიტომ მეტს გავიღებ. წავალ და სახარებას ვიქადაგებ“. როდესაც სახარების ქადაგებისას სირთულეებს აწყდებიან, ისინი ლოცულობენ. ზოგჯერ, როდესაც საჭმელს იკლებენ და კარგად არ სძინავთ, მაინც განაგრძობენ ლოცვას. ისინი ფიქრობენ: „ღმერთმა თქვა, რომ ისინი, ვინც გულწრფელად დაიხარჯებიან ღვთისთვის, აუცილებლად მიიღებენ დიდ კურთხევას. შესაძლოა, ჩემი გულწრფელობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, ამიტომ მეტს ვილოცებ“. ლოცვის მეშვეობით ისინი რწმენას იძენენ და მცირედი გასაჭირის ატანა არ ადარდებთ. ისინი მართლაც იწყებენ სახარების ქადაგებიდან გარკვეული შედეგების დანახვას და ფიქრობენ: „ახლა მე მაქვს გარკვეული გულწრფელობა. შინისაკენ ვიჩქარებ, რათა ვნახო, გაუმჯობესდა თუ არა ჩემი ოჯახის ცხოვრება, გამოჯანმრთელდა თუ არა ჩემი შვილი და შეუფერხებლად მიდის თუ არა ოჯახის საქმე — არის თუ არა კურთხევა ღვთისგან“. არის კი ეს ღვთისათვის გულწრფელად დახარჯვა? (არა.) რა არის ეს? (გარიგება.) ეს ღმერთთან გარიგების დადებაა. ისინი იყენებენ საკუთარ მეთოდებსა და იმას, რასაც თავიანთ წარმოდგენებზე დაყრდნობით „გულწრფელობად“ მიიჩნევენ, რათა აკეთონ ის, რაც სურთ და ამით მიიღონ ის, რაც სწადიათ. ისინი განუწყვეტლივ იყენებენ მათ მიერ გაგებულ „გულწრფელობას“, რათა გადაამოწმონ ღვთის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები; მუდმივად იკვლევენ, თუ რის გაკეთებას აპირებს ღმერთი, რა გაუკეთებია და რა არ გაუკეთებია მას, და მუდმივად ვარაუდობენ იმის შესახებ, აკურთხებს თუ არა მათ ღმერთი და აპირებს თუ არა მათ დიდად კურთხევას. ისინი განუწყვეტლივ ანგარიშობენ, თუ რა გაიღეს და რამდენი უნდა მიიღონ, მისცა თუ არა ღმერთმა მათ ეს და აღსრულდა თუ არა ღვთის სიტყვები. ისინი განუწყვეტლივ ეძებენ ფაქტებს, რომლებითაც შეძლებენ ღვთის ნათქვამის გამოცდას. როდესაც ღვთისთვის იხარჯებიან, ყოველთვის სურთ გადაამოწმონ, ჭეშმარიტია თუ არა ღვთის სიტყვები. მათი მიზანია დაინახონ, ღვთისთვის რომ დაიხარჯებიან, სანაცვლოდ ღვთის კურთხევას თუ მიიღებენ. ისინი მუდმივად ცდიან ღმერთს, ყოველთვის სურთ დაინახონ ღვთის კურთხევა საკუთარ თავზე, რათა დაადასტურონ მისი სიტყვები. როდესაც აღმოაჩენენ, რომ ღვთის სიტყვები ისე ადვილად არ სრულდება, როგორც წარმოედგინათ და რთულია ღვთის სიტყვების ჭეშმარიტების დადასტურება, მათი წარმოდგენები ღვთის შესახებ კიდევ უფრო მწვავდება. ამავდროულად, მტკიცედ იჯერებენ, რომ ღვთის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა აუცილებლად ჭეშმარიტება არ არის. როდესაც ეს გულში აქვთ დაფარული, ისინი იწყებენ ღმერთში ეჭვის შეტანასა და მის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და ხშირად უყალიბდებათ წარმოდგენები მის შესახებ. დროდადრო ეს ადამიანები, რომელთა გულებიც სავსეა წარმოდგენებით, ეკლესიურ ცხოვრებასა და დებთან და ძმებთან ურთიერთობისას ავლენენ ზოგიერთ წარმოდგენას ღვთის შესახებ. მათ უყალიბდებათ წარმოდგენები ღვთის სიტყვების შესახებ და ისინი ასევე იყენებენ თავიანთ წარმოდგენებს ღვთის საქმის შესაფასებლად. როდესაც ღვთის საქმე მუდმივად არ შეესაბამება მათ წარმოდგენებს და სრულიად ეწინააღმდეგება მათ მოლოდინებს, ისინი ავრცელებენ თავიანთ წარმოდგენებს, რათა გადმოანთხიონ ღვთის მიმართ თავიანთი უკმაყოფილება. მაგალითად, ღმერთი ამბობს, რომ მისი საქმე დასასრულს უახლოვდება და ადამიანებმა ყველაფერი უნდა მიატოვონ, რათა გაჰყვნენ ღმერთს და დაიხარჯონ მისთვის, ითანამშრომლონ ღვთის საქმესთან და აღარ ეძიონ ამქვეყნიური პერსპექტივები, ჰარმონიული ოჯახი და სხვა მსგავსი რამეები. ამ სიტყვების თქმის შემდეგ ღმერთი კვლავ განაგრძობს ბევრი საქმის კეთებას. გადის სამი, ხუთი, შვიდი ან რვა წელი და ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ ღვთის საქმე კვლავაც სტაბილურად მიმდინარეობს და არ ჩანს იმის ნიშნები, რომ მისი საქმე სრულდება ან რომ დიდი კატასტროფები კარსაა მომდგარი და მორწმუნეებმა უკვე შეაფარეს თავი. ისინი, ვინც საკუთარ წარმოდგენებს იყენებს ღვთის საქმის შესაფასებლად, მოუთმენლად ელიან ღვთის საქმის სწრაფად დასრულებას, რათა მორწმუნეებმა ღვთის საოცარი კურთხევები გაიზიარონ. მაგრამ ღმერთი ასე არ მოქმედებს; იგი ამ საქმეს ადამიანური წარმოდგენებისა და ფანტაზიების მიხედვით არ ასრულებს. ისინი, ვისაც მოცდა არ შეუძლია, მოსვენებას კარგავენ და ეჭვები უჩნდებათ, და ამბობენ: „განა ღვთის საქმე უკვე არ უახლოვდება დასასრულს? განა მალე არ უნდა დასრულდეს? განა ღმერთმა არ თქვა, რომ დიდი კატასტროფები კარსაა მომდგარი? რატომ აღასრულებს ღვთის სახლი კვლავ ამდენ საქმეს? ზუსტად როდის დასრულდება ღვთის საქმე? როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?“ ამ ადამიანებს ოდნავადაც არ აინტერესებთ ჭეშმარიტება ან ღვთის მოთხოვნები. მათ არ აინტერესებთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, ღვთისადმი დამორჩილება ან სატანის გავლენისგან თავის დაღწევა ხსნის მოსაპოვებლად. ისინი მხოლოდ და განსაკუთრებით ისეთი რამეებით არიან დაინტერესებულნი, როგორებიცაა: როდის დასრულდება ღვთის საქმე, როგორი იქნება მათი შედეგი - სიცოცხლე თუ სიკვდილი, როდის შეძლებენ სასუფეველში შესვლას კურთხევით დასატკბობად და როგორი იქნება სასუფევლის მშვენიერი სცენები. სწორედ ეს არის მათი უდიდესი საზრუნავი. ამიტომ, მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითმენენ და ხედავენ, რომ ცა და მიწა უცვლელი რჩება და მსოფლიოს ქვეყნები ჩვეულებრივად განაგრძობენ არსებობას, ისინი ამბობენ: „როდის ახდება ღვთის ეს სიტყვები? უკვე რამდენიმე წელია ველოდები — რატომ ჯერ კიდევ არ ახდა? მართლა შეიძლება ღმერთის სიტყვები ახდეს? ასრულებს თუ არა ღმერთი თავის სიტყვას?“ და ამგვარად, ეს ადამიანები კარგავენ მოთმინებას, მოსვენება ეკარგებათ და იწყებენ შესაძლებლობების ძიებას, რათა დაუბრუნდნენ წუთისოფელს და საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ.

ღვთის საქმე და ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც ღმერთი გამოხატავს, ყოველთვის აღემატება ადამიანურ ფანტაზიებს და ყოველთვის სცდება ადამიანურ წარმოდგენებს. რაც არ უნდა ეცადონ ადამიანები, მათ არ ძალუძთ მათში ჩაწვდომა ან მათი შეფასება. მათ ზუსტად არ იციან, როგორია ღვთის საქმის მეთოდები ან რა მიზნების მიღწევას ისახავს იგი, ამიტომ, საბოლოოდ, ზოგიერთი ადამიანი იწყებს ეჭვის შეტანას: „მართლა არსებობს ღმერთი? ზუსტად სად არის ღმერთი? ღმერთი განუწყვეტლივ გამოხატავს ჭეშმარიტებებს, მაგრამ განა ზედმეტად ბევრს არ გამოხატავს? განა ღმერთმა არ თქვა, რომ თავის სასუფეველში შეგვიყვანდა? როდის შევძლებთ ცათა სასუფეველში შესვლას? რატომ ჯერ კიდევ არ ახდა ან არ შესრულდა ეს ყველაფერი? ზუსტად კიდევ რამდენი წელი დასჭირდება ამას? მუდმივად ამბობენ, რომ ღვთის დღე მოახლოებულია, მაგრამ ეს „მოახლოებული“ უკვე წლებია ისმის — რატომ არის ის ასე შორს და როგორც ჩანს, ბოლო არ უჩანს?“ ისინი არა მხოლოდ ასე ფიქრობენ, არამედ ამ ეჭვებს ყველგან ავრცელებენ. რაზე მიანიშნებს ეს პრობლემა? რატომ არის, რომ ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ, მათ მაინც საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება? რატომ იყენებენ ისინი ყოველთვის ადამიანურ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს ღვთის საქმის შემოსასაზღვრად? რატომ არ შეუძლიათ ამ ყველაფერს ღვთის სიტყვების მიხედვით შეხედონ? შეუძლიათ კი მათ დაადასტურონ ღვთის არსებობა და განსაზღვრონ ხსნისკენ მიმავალი გზა ღვთის სიტყვების მეშვეობით? ესმით კი მათ, რომ ღვთის მიერ ნათქვამი ეს ყოველი სიტყვა და ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, ადამიანთა გადასარჩენადაა? ესმით კი მათ, რომ მხოლოდ ჭეშმარიტების მოპოვებითა და ხსნის მიღწევით შეუძლიათ ადამიანებს მიიღონ ყველა ის კურთხევა, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას აღუთქვა? მათი ნათქვამიდან და იმ წარმოდგენებიდან, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, ნათელია, რომ მათ ფუნდამენტურად არ ესმით, ზუსტად რას აკეთებს ღმერთი, ან ზუსტად რა არის ღვთის მიერ ამხელა საქმის შესრულებისა და ამდენი სიტყვის თქმის მიზანი. ისინი უბრალოდ ურწმუნოები არიან! ამდენი წლის განმავლობაში ქადაგებების მოსმენისა და ღვთის სახლში ამდენი წლის განმავლობაში უმიზნოდ ყოფნის შემდეგ რა მოიპოვეს მათ? მათ ისიც კი არ დაუდასტურებიათ, არსებობს თუ არა ღმერთი და ამაზე კონკრეტული პასუხი არ გააჩნიათ. რა როლს ასრულებენ ისინი ეკლესიაში? მას შემდეგ, რაც გარკვეული დროის განმავლობაში იშრომეს და კურთხევა ვერ მიიღეს, ისინი უსინდისოდ ავრცელებენ წარმოდგენებს, რათა სხვები შეცდომაში შეიყვანონ და დააბრკოლონ. ის, რასაც ისინი დაუფიქრებლად ამბობენ, ღვთისა და მისი საქმის წინააღმდეგ მიმართული განკითხვაა. ზოგიერთი მათგანი ამბობს: „ადრე ვფიქრობდი, რომ ღვთის საქმე სამ-ხუთ წელიწადში დასრულდებოდა; არ ველოდი, რომ ათი წლის გასვლის შემდეგაც ჯერ კიდევ არ იქნებოდა დასრულებული. როდის დასრულდება ეს საქმე? მუდმივად იწერება სამოწმეო სტატიები; განუწყვეტლივ იქმნება საგალობლების შესრულების ვიდეოები და ფილმები; სახარება განუწყვეტლივ იქადაგება — როდის დასრულდება ეს?“ ისინი სხვებსაც კი ეკითხებიან: „განა თქვენც ასე არ ფიქრობთ? რასაც არ უნდა ფიქრობდეთ, მე ასე ვფიქრობ. პატიოსანი ადამიანი ვარ; ვამბობ იმას, რაც გულში მაქვს, ზოგიერთი ადამიანისგან განსხვავებით, რომლებიც არ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და ყველაფერს გულში იკლავენ.“ რა „პატიოსნები“ არიან, ყველაფრის თქმას ბედავენ! უარესიც, ისინი ამბობენ: „თუ ღმერთის საქმე მალე არ დასრულდება, უბრალოდ წავალ, სამსახურს ვიშოვი, ფულს გამოვიმუშავებ და ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ღვთის რწმენა მქონდა, ხელიდან გავუშვი ამდენი კარგი საჭმელი, ამდენი სასიამოვნო ადგილი, ამდენი მატერიალური სიამოვნება! ღვთის რწმენა რომ არ მქონოდა, ვიცხოვრებდი სასახლეში, მეყოლებოდა მანქანა და შესაძლოა, მსოფლიოსთვის რამდენჯერმეც კი შემომევლო გასული წლების განმავლობაში. წარსულს რომ ვიხსენებ, ღვთის რწმენის გარეშე ცხოვრება საკმაოდ კარგი იყო; საკმაოდ ბედნიერი ვიყავი. მართალია, ცოტა სიცარიელე იყო, მაგრამ შემეძლო ხორციელი სიამოვნებებით დავმტკბარიყავი, კარგად მეჭამა და მესვა და მეკეთებინა ის, რაც მსურდა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ღმერთის რწმენის ამ წლების განმავლობაში, მე ამდენი ვიტანჯე და საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი ვიყავი! მიუხედავად იმისა, რომ ცოტაოდენი ჭეშმარიტება მოვიპოვე და გულში თავს ოდნავ უფრო დაცულად ვგრძნობ, ეს ჭეშმარიტებები ვერ შეცვლის იმ ხორციელ სიამოვნებებს! გარდა ამისა, ღვთის საქმე არასოდეს სრულდება და ღმერთი არასოდეს ეცხადება ადამიანებს, ამიტომ თავს ვერასოდეს ვგრძნობ ჭეშმარიტად დაცულად. ამბობენ, რომ ჭეშმარიტების გაგებასა და მოპოვებას მშვიდობა და სიხარული მოაქვს, მაგრამ რა სარგებელი აქვს მშვიდობასა და სიხარულს? მე მაინც არ განვიცდი ხორციელ სიამოვნებას!“ ამ ფიქრებმა მათ გონებაში უთვალავჯერ გაიელვა და მათ ეს საკუთარ თავს მრავალჯერ გაუმეორეს. როდესაც სჯერათ, რომ მათ წარმოდგენებს საკმარისი გამართლება აქვს მყარად დასადგომად და გრძნობენ, რომ დრო მოვიდა და საკმარისად კვალიფიციურნი არიან ღვთის საქმეში ნაკლის მოსაძებნად, ისინი თავს ვერ იკავებენ ზემოთ ციტირებული გამონათქვამებისა და წარმოდგენების გავრცელებისგან. ისინი ავრცელებენ თავიანთ უკმაყოფილებას ღვთის მიმართ, ასევე თავიანთ წარმოდგენებსა და გაუგებრობებს ღვთის საქმის შესახებ და ცდილობენ უფრო მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში, რათა მათაც არასწორად აღიქვან ღმერთი და ღვთის საქმე. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ფარული მოტივები ამოძრავებთდა სურთ ხელი შეუშალონ უფრო მეტ ადამიანს, ღვთისთვის დაიხარჯონ და სურთ, რომ მათ მიატოვონ თავიანთი ამჟამინდელი მოვალეობები და უარყონ ღმერთი; თუ ეკლესია დაიშლებოდა, მათთვის ეს ყველაზე კარგი იქნებოდა. რა არის მათი მიზანი? „თუ მე არ შემიძლია კურთხევის მიღება, არცერთ თქვენგანს არ უნდა ჰქონდეს ამის იმედი. ყველაფერს აგიწეწავთ, რათა არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს ჭეშმარიტების ან ღვთის მიერ აღთქმული კურთხევის მიღების იმედი!“ რადგან კურთხევის მიღების იმედს ვერ ხედავენ, ისინი კარგავენ მოთმინებას, რომ კიდევ დაელოდონ. თავად ვერ იღებენ კურთხევას და არც ის სურთ, რომ სხვებმა მიიღონ. ამიტომ, როდესაც ისინი წარმოდგენებს ავრცელებენ, ერთი მხრივ, ისინი გადმოანთხევენ თავიანთ უკმაყოფილებას, ჩივიან, რომ ღვთის საქმეში არაფერი შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს და რომ ღვთის მოქმედების მეთოდი არ ითვალისწინებს ადამიანთა გრძნობებს. ამავდროულად, მათ სურთ შეცდომაში შეიყვანონ და ჩაითრიონ უფრო მეტი ადამიანი, რათა მათაც მცდარი შეხედულებები ჰქონდეთ ღვთის შესახებ და იწუწუნონ მასზე, შეექმნათ წარმოდგენები ღვთის შესახებ და დაკარგონ მისი რწმენა. მათ სურთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მიატოვოს ღმერთი მის შესახებ არსებული მცდარი შეხედულებებისა და წარმოდგენების გამო, ზუსტად ისე, როგორც თავად მოიქცნენ.

ბ. როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოდგენებს ავრცელებენ

რა შედეგები მოჰყვება, როდესაც ეკლესიაში ვინმე ავრცელებს წარმოდგენებსა და ღვთის მიმართ უკმაყოფილებას? ახდენს თუ არა ეს პირდაპირ გავლენას ეკლესიური ცხოვრების შედეგებზე? არევ-დარევა შეაქვს თუ არა ამას ეკლესიის ნორმალურ ცხოვრებაში და ხელს უშლის თუ არა ეკლესიის საქმეს? (დიახ.) ეს გავლენას ახდენს ადამიანების ღვთისადმი რწმენაზე და აფერხებს მათ უნარს, ნორმალურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. შესაბამისად, ისინი, ვინც წარმოდგენებს ავრცელებენ, უნდა შეიზღუდონ. მაშინაც კი, თუ ისინი მხოლოდ იშვიათად ახსენებენ მსგავს რამეებს, საჭიროა მათი შეზღუდვა და ამოცნობა; უნდა დავინახოთ, როგორი ადამიანობა აქვთ, მათი მხრიდან წარმოდგენების გავრცელება დროებითი ნეგატიური მდგომარეობითა და სისუსტით არის გამოწვეული, თუ ეს მათი ბუნება-არსების პრობლემაა — თუ ისინი გამუდმებით არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და განზრახ ავრცელებენ წარმოდგენებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ მეტი ადამიანი, ხელი შეუშალონ ეკლესიურ ცხოვრებას და დააზიანონ იგი. თუ ეს მხოლოდ დროებითი ნეგატიური მდგომარეობა და სისუსტეა, საკმარისია მათი მხარდაჭერა და დახმარება ჭეშმარიტების თანაზიარების მეშვეობით. მაგრამ თუ ისინი არ ითვალისწინებენ რჩევას და განაგრძობენ წარმოდგენების გავრცელებასა და ეკლესიური ცხოვრებისთვის ხელის შეშლას — და სხვებსაც კი უბიძგებენ ნეგატიურობისა და სისუსტისკენ, რაც გავლენას ახდენს მათი მოვალეობების ნორმალურად შესრულების უნარზე — მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სატანის მსახურნი არიან და პრინციპების თანახმად უნდა მოვიცილოთ. რატომ არ უნდა მივცეთ მათ კიდევ ერთი შანსი? როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა ასეთი ადამიანები ურწმუნოები? (დიახ.) როგორიც არ უნდა იყოს მათი ადამიანობა, ასეთი ხალხი ურწმუნოა. ურწმუნოები ხორბალში ჩათესილ ღვარძლს ჰგვანან — ისინი უნდა ამოიძირკვონ. თუ ისინი მხოლოდ ურწმუნოთა ზოგიერთ გამოვლინებას ავლენენ და ეკლესიის ცხოვრებაში არეულობა არ შეუტანიათ და კვლავაც შეუძლიათ იყვნენ ეკლესიის მეგობრები და ემსახურონ მას, მაშინ მათ შეიძლება არ შევეხოთ. მაგრამ ისინი, ვინც გამუდმებით ავრცელებენ წარმოდგენებს, ყოველთვის ურწმუნოთა შეხედულებებსა და შენიშვნებს გამოხატავენ. ისინი ამას უბრალოდ არ ამბობენ; მათი მიზანია წააქეზონ, შეცდომაში შეიყვანონ და მიიზიდონ მეტი ადამიანი, რათა ისინი ღმერთს ჩამოაშორონ. მათი განზრახვა ასეთია: „თუ კურთხევას ვერ მივიღებ, აღარ ვიწამებ. არცერთ თქვენგანს არ უნდა ჰქონდეს კურთხევის მიღების იმედი და არც თქვენ უნდა გწამდეთ! თუ თქვენ რწმენას შეინარჩუნებთ, რა მოხდება, თუ ბოლომდე მიჰყვებით და ერთ დღესაც კურთხევას მიიღებთ — განა ეს რთულ მდგომარეობაში არ ჩამაგდებს? როგორ შევძლებ მაშინ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას? ასე არ გამოვა. სამომავლო სინანულის თავიდან ასაცილებლად, მე ხელს შეგიშლით თქვენ და შევარყევ თქვენს რწმენას, გაიძულებთ, ჩამოშორდეთ ღმერთს, უღალატოთ ღმერთს და ჩემთან ერთად დატოვოთ ეკლესია — ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება.“ აი, ეს არის მათი მიზანი. განა არ უნდა მოვიცილოთ ასეთი ურწმუნოები? (დიახ.) ისინი უნდა მოვიცილოთ. თუ ზოგიერთი ურწმუნო რწმენას მიატოვებს, ეკლესია უბრალოდ ჩამოართმევს მათ ღვთის სიტყვების წიგნებს და სიიდან ამოშლის. არსებობენ სხვა ურწმუნოებიც, რომლებსაც აქვთ გარკვეული დადებითი გრძნობები ღმერთისადმი რწმენისა და მორწმუნეების მიმართ. ისინი ეკლესიაში დადებით როლს არ ასრულებენ; უბრალოდ, დროდადრო ეხმარებიან, როგორც ეკლესიის მეგობრები. ასეთი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ აქვთ ჭეშმარიტების თანაზიარება, არ ავრცელებენ წარმოდგენებს და არეულობა შეაქვთ ეკლესიურ ცხოვრებაში. სანამ მათ შეუძლიათ მცირედი მსახურების აღსრულება, უნდა მიეცეთ ეკლესიაში დარჩენის უფლება და მათი მოცილება საჭირო არ არის. თუმცა, იმ ურწმუნოთა მიმართ, რომლებიც გამუდმებით ავრცელებენ წარმოდგენებს, არავითარი წყალობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ისინი ავრცელებენ თავიანთ წარმოდგენებსა და ღვთის შესახებ არასწორ შეხედულებებს, რითაც ხელს უშლიან ეკლესიურ ცხოვრებას და იწვევენ ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არეულობას. ეს ურწმუნოები სატანის მსახურნი არიან. მათ აქვთ წარმოდგენები; თუმცა, ისინი არა მხოლოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას მათ გადასაჭრელად, არამედ ავრცელებენ კიდეც თავიანთ წარმოდგენებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ღვთის რჩეული ხალხი. ისინი ღალატობენ ღმერთს და სურთ, რომ რამდენიმე სხვაც თან გაიყოლონ დასაღუპად. სწორედ ამგვარი განზრახვებით უშლიან ისინი ხელს ეკლესიის საქმეს. შეუძლია ღმერთს მათი პატიება? არა, ისინი არ უნდა დავინდოთ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ მათ შეზღუდვასა თუ იზოლირებაზე; ეკლესია უნდა გაიწმინდოს მათგან და ისინი სამუდამოდ უნდა ამოიშალონ სიიდან ყოველგვარი შემწყნარებლობის გარეშე!

ეკლესიაში ზოგიერთი ადამიანი არასოდეს ეძიებს ჭეშმარიტებას და არასოდეს ესმის, როგორ მოქმედებს ღმერთი ადამიანების გადასარჩენად. გარკვეული მოვლენების განცდის შემდეგ, მათ უყალიბდებათ არასწორი შეხედულებები, წინააღმდეგობა და ჩივილი ღვთის მიმართ; ზოგიერთი რამ, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ, წარმოდგენების გავრცელებას ემსახურება. წარმოდგენები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, არ არის მხოლოდ გადახრა ღვთის სიტყვებისა და საქმის წვდომაში ან ღვთის შესახებ არასწორი შეხედულება. ზოგიერთი მათგანი უფრო სერიოზულია და პირდაპირ უარყოფს, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა — ისინი საფუძვლიანად განსჯიან და გმობენ ღმერთს. სხვა წარმოდგენები კი, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, ღიად ესხმის თავს და გმობს ღმერთს. ისინი არ კვეთენ საკუთარ გახრწნასა და ამბოხებას და არ ცდილობენ შეიცნონ იგი მორჩილი გულით, არ დგანან ქმნილების ან ღვთის მიმდევრის პოზიციაზე, არც ჭეშმარიტებას იღებენ და არც ღვთის საქმის საკუთარ გაგებასა და მისი განზრახვების წვდომაზე ეწევიან თანაზიარებას. წარმოდგენები, რომლებსაც ისინი გამოხატავენ, ზუსტად საპირისპიროა ამ დადებითი გაგებისა. როდესაც სხვები ისმენენ მათ წარმოდგენებს, ისინი ვერ იძენენ ღვთის შემეცნებას, არც ჭეშმარიტი რწმენა უყალიბდებათ და რა თქმა უნდა, არც მათი ღმერთისადმი რწმენა იზრდება. ნაცვლად ამისა, მათი ღმერთისადმი რწმენა ბუნდოვანი ხდება, მცირდება ან სრულიად იკარგება. ამავდროულად, ღვთის საქმის ხილვა მათთვის ბუნდოვანი ხდება. რაც უფრო მეტს უსმენს ხალხი მათ მიერ გავრცელებულ წარმოდგენებს, მით უფრო ერევათ გონება, იქამდეც კი, რომ ვეღარ ხვდებიან, რატომ უნდა სწამდეთ ღმერთი და ეჭვი ეპარებათ ღვთის არსებობაში. არის თუ არა ღვთის სიტყვები ჭეშმარიტება, შეუძლია თუ არა ღვთის სიტყვებსა და საქმეს ადამიანების განწმენდა და გადარჩენა და სხვა მსგავსი საკითხები — ეს ყველაფერი მათთვის ბუნდოვანი და საეჭვო ხდება. როდესაც ადამიანები ისმენენ ასეთი პირების მიერ გავრცელებულ წარმოდგენებსა და გაუგებრობებს, ისინი იწყებენ ეჭვის შეტანას და ღვთის მიმართ სიფრთხილის გამოჩენას; ისინი იწყებენ საკუთარ გულებში ღვთის შემოსაზღვრას, უყალიბდებათ არასწორი შეხედულებები და ჩივილი ღვთის მიმართ და შინაგანად ღმერთსაც კი შორდებიან. ეს ძალიან პრობლემურია. როგორც კი მათ უჩნდებათ ეს ნეგატიური ფიქრები, შეხედულებები, გეგმები და ზრახვები, ნათელი ხდება, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაცია და შენიშვნები არ შეესაბამება ნორმალური ადამიანობის მოთხოვნილებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭეშმარიტებაზე — ასი პროცენტით ცხადია, რომ ისინი სატანისგან მოდის. მიუხედავად წარმოდგენების გამავრცელებელთა განზრახვებისა თუ მოტივებისა, მიუხედავად იმისა, განზრახ ავრცელებენ ისინი მცდარ შეხედულებებსა და საფუძველს მოკლებულ ხმებს თუ უნებლიეთ, სანამ ისინი საზიანო გავლენას ახდენენ ეკლესიაზე, ისინი უნდა შეიზღუდონ. რა თქმა უნდა, თუ ასეთ ადამიანებს ეკლესიური ცხოვრების მიღმა გამოავლენენ და ამოიცნობენ, ისინი ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ და შეიზღუდონ. თუ მას, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, შეუძლია გამოიყენოს ღვთის სიტყვები ან საკუთარი გაგება, რათა გააბათილოს და ამხილოს ისინი, ვინც მსგავს რამეებს ავრცელებს და დაეხმაროს დებსა და ძმებს მათ ამოცნობაში, ეს კიდევ უკეთესია. ეს სატანის წინააღმდეგ ბრძოლაა. თუ გაკლია სულიერი სიმწიფე, უნდა ისწავლო მათი ამოცნობა და შორს დაიჭირო თავი მათგან. თუ გაქვს სულიერი სიმწიფე, უნდა ამხილო ისინი. ბედავთ თუ არა თქვენ ამის გაკეთებას? იცით თუ არა, როგორ გააკეთოთ ეს? ეს ყველაზე მეტად აშკარავებს, აქვს თუ არა ადამიანს ჭეშმარიტება-რეალობა. როდესაც ზოგიერთი ახალმოქცეული ისმენს წარმოდგენებსა და გაუგებრობებს, რომლებსაც ასეთი ადამიანები ღვთის შესახებ ავრცელებენ, ისინი შოკირებულნი არიან და ამბობენ: „როგორ შეუძლია ღვთის მორწმუნეს ასე საუბარი?“ თუ პრინციპების არმქონე ადამიანები მოისმენენ ამ წარმოდგენებსა და მცდარ შეხედულებებს, გახდებიან თუ არა ისინი ნეგატიურები და სუსტები? მიიღებენ თუ არა ისინი ამ მცდარ შეხედულებებს? შევლენ თუ არა შეცდომაში და დატოვებენ თუ არა ეკლესიას? ეს ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც ვინმე, ვინც წარმოდგენებს ავრცელებს ამბობს: „მე აღარასოდეს ვირწმუნებ ღმერთს“, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ის ამის თქმისას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მან სრულიად დაკარგა ღვთისადმი რწმენა და ურწმუნოა. მიუხედავად ასეთი სიტყვების გავრცელების მიზნისა, შეგიძლია თუ არა რაიმე სულიერი სარგებლის მიღება მათი მოსმენით? (არა.) როდესაც სუსტი ხარ და ამ სიტყვებს ისმენ, შეიძლება იგრძნო: „ეს ადამიანი იზიარებს ჩემს ტკივილს; როდესაც ის თავის წარმოდგენებზე საუბრობს, თითქოს ჩემს უღრმეს ფიქრებს ახმოვანებს.“ თუმცა, თუ რწმენის მქონე ადამიანი მოისმენს ამ სიტყვებს, ის იფიქრებს: „ეს აღმაშფოთებელი ურჩობაა! როგორ შეიძლება ასეთი სიტყვების თქმა? განა ეს ღვთის გმობა არ არის? მე ვერ გავბედავდი ასეთი რამეების თქმას, რადგან ეს შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს!“ ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ ამ წარმოდგენების გავრცელება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს იდეები დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და უკვე გაიდგა ფესვები მათ გულში. თუ ასეთი იდეები ახლა იწყებს ფორმირებას და ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაშია და სრულად არ ჩამოყალიბებულა წარმოდგენებად, სანამ ადამიანი მათ სიტყვიერად არ გამოხატავს და სხვებს შეცდომაში არ შეიყვანს ან არ შეაწუხებს, ეს იმას მიუთითებს, რომ მას მცირედი გონიერება გააჩნია; მას შეუძლია ენის გაკონტროლება და ამგვარად თავიდან აიცილებს მოცილების შედეგს. მაგრამ თუ ისინი ხმამაღლა საუბრობენ და არევ-დარევა შეაქვთ ეკლესიის ცხოვრებაში, მაშინ მათ მიმართ მეტი თავაზიანობის გამოჩენა აღარ შეიძლება; ისინი უნდა ვამხილოთ და მოვიცილოთ. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ჭეშმარიტება და აკლიათ ჭეშმარიტების წვდომის უნარი, მიდრეკილნი არიან ხშირად შეიქმნან წარმოდგენები. თუმცა, ისინი, ვინც ხშირად კითხულობენ ღვთის სიტყვებს და აქვთ წვდომის უნარი, ეძიებენ ჭეშმარიტებას თავიანთი წარმოდგენების გადასაჭრელად, თუნდაც ისინი წარმოიშვას. ისინი, ვინც ხშირად ავრცელებენ წარმოდგენებს, ღვთის საქმის მიერ გამოაშკარავებულნი და მოკვეთილნი არიან; ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, ისინი ყველანი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და სძულთ ჭეშმარიტება. ეს ყოველგვარ ეჭვს გარეშეა.

სხვადასხვა ქვეყნისა და ადგილის ეკლესიურ ცხოვრებაში წარმოდგენების გავრცელების პრობლემა ნამდვილად არსებობს, რადგან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ჭეშმარიტება, ყველგან არიან. მათ, ვინც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ვინც ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ, ვინც ეძებენ ხორციელ სიამოვნებას ისევე, როგორც ურწმუნონი, ბოროტმოქმედნი და სხვანი, რადგან არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ყოველთვის აქვთ წარმოდგენები ღვთის სიტყვებისა და განკაცებული ღვთის შესახებ. მათი გულები სავსეა წარმოდგენებით, ღვთის შესახებ ფანტაზიებითა და მის მიმართ მოთხოვნებით და მათ არ შეუძლიათ წმინდად აღიქვან და გაიგონ ღვთის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა; ისინი მათ მხოლოდ საკუთარი წარმოდგენების, პრეფერენციებისა და პირადი სარგებლისა თუ დანაკარგის საფუძველზე იგებენ. მათი გულები სავსეა ღვთის მიმართ სხვადასხვა წარმოდგენით, ფანტაზიითა და არაგონივრული მოთხოვნით, ასევე ღვთის შესახებ სხვადასხვა გაუგებრობით, განკითხვით და ა.შ. შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის წარმოდგენების გავრცელება ბუნებრივია — ამაში ახალი არაფერია. სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, წარმოდგენების გავრცელება დროდადრო მოხდება და ეს ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია. როდესაც ღვთის ნათქვამი სიტყვა ან აღსრულებული საქმე არ შეესაბამება მათ წარმოდგენებსა და სურვილებს და როდესაც ეს აზიანებს მათ ინტერესებს, ისინი რისხდებიან და იწყებენ ხმის ამოღებას საკუთარი ინტერესების დასაცავად და უპირისპირდებიან ღმერთსა და მის საქმეს. ეს ადამიანები ყოველთვის უპირისპირდებიან ჭეშმარიტებასა და ღმერთს, აანალიზებენ და გულდასმით იკვლევენ ღვთის სიტყვებს, ღვთის ხასიათს და ღვთის საქმეს. ისინი განუწყვეტლივ იკვლევენ და ამოწმებენ ღვთის სიტყვებისა და საქმის სისწორეს და ასევე სურთ გადაამოწმონ, შეესაბამება თუ არა ღვთის განკაცებული ხორცი ღვთის ვინაობასა და სტატუსს. გადამოწმების პროცესში მათ ძალიან უჭირთ ზუსტი პასუხების მიღება; მათ თვალში ღვთის სიტყვების აღსრულება და განხორციელებაც კი მეტსმეტად რთული ჩანს. შესაბამისად, მათ ბევრი რამ აქვთ სათქმელი წარმოდგენების გავრცელებისას. ისინი ავრცელებენ თავიანთ წარმოდგენებს დროის, ადგილისა თუ კონტექსტის მიუხედავად. როდესაც ისინი რაიმე ფორმით უკმაყოფილებას გრძნობენ ღვთის მიმართ, ისინი ყველაფერს თავიანთი წარმოდგენებით ზომავენ. თუ ღვთის სიტყვები და საქმე არ შეესაბამება მათ წარმოდგენებს, ისინი სწრაფად გამოხატავენ თავიანთ წარმოდგენებს. ჩვენ ამგვარ გამოხატვას განვსაზღვრავთ, როგორც გავრცელებას. რატომ ეწოდება ამას „გავრცელება“? რადგან იმას, რასაც ისინი გამოხატავენ, არ აქვს დადებითი გავლენა ღვთის რჩეულ ხალხზე, ეკლესიის ცხოვრებაზე ან ღვთის სახლის საქმეზე. ნაცვლად ამისა, ისინი მხოლოდ იწვევენ არევ-დარევას, ჩაშლასა და ზიანს. შესაბამისად, ზუსტია ასეთი შენიშვნების გამოთქმას ვუწოდოთ „გავრცელება“.

მას შემდეგ, რაც შეიძენ გარკვეულ საბაზისო გამჭრიახობას წარმოდგენების გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით უნდა გაანალიზო და გაარჩიო ადამიანთა სხვადასხვა მცდარი წარმოდგენა და შენიშვნა, შემდეგ კი ღვთის სახლის წესების შესაბამისად მოაგვარო და გადაჭრა ისინი. რა თქმა უნდა, წინამძღოლებსა და მუშაკებს აკისრიათ მოუხსნელი პასუხისმგებლობა ასეთი საკითხების გადასაჭრელად. ამავდროულად, ამ თანაზიარების მოსმენის შემდეგ, ღვთის რჩეულ ხალხსაც აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ამხილოს და გაანალიზოს იმ ადამიანთა ქმედება, რომლებიც ავრცელებენ წარმოდგენებს ისევე, როგორც მათი სიტყვები და ქმედებები. თუ არ გყოფნის გამბედაობა მათ შესაჩერებლად ან შესაზღუდად, შეგიძლია მათთან თანაზიარება და კამათი ღვთის სიტყვებსა და იმ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, რომელიც გესმის. რა არის ასეთი კამათის მიზანი? მიზანი ისაა, რომ მათ, ვისაც მცირე სულიერი სიმწიფე აქვთ და არ ესმით ჭეშმარიტება, კამათის მოსმენის შემდეგ გააცნობიერონ, ვისი სიტყვები შეესაბამება ჭეშმარიტებას, ნაცვლად იმისა, რომ დაიბნენ და შეცდომაში შევიდნენ ზოგიერთი ადამიანის მიერ გავრცელებული წარმოდგენებითა და მცდარი შეხედულებებით. ეს სასარგებლოა ღვთის რჩეული ხალხისთვის და ეკლესიის ცხოვრებისთვის. როდესაც აღმოჩნდება, რომ ვინმე ამბობს სიტყვებს, რომლებიც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას — იქნება ეს ადამიანური წარმოდგენები თუ მცდარი შეხედულებები — უნდა გაიმართოს კამათი. ასეთი კამათი შემაგონებელია ადამიანთათვის. სულ მცირე, ამ კამათის მოსმენის შემდეგ, მის თვითმხილველებს შეუძლიათ ნათლად დაინახონ, რომ წარმოდგენების გამავრცელებელთა სიტყვები ნამდვილად წარმოდგენებია და შეუძლიათ გაიგონ, ამ წარმოდგენების რომელი ასპექტები არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, რა არის ამ წარმოდგენების არსი, რატომ არ შეესაბამება ისინი ჭეშმარიტებას, რატომ განისაზღვრება ისინი წარმოდგენებად, რატომ უნდა შეიზღუდონ მათი გამავრცელებელი ადამიანები და ა.შ. — მათ უყალიბდებათ ზუსტი ხედვა ამ საკითხებზე, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომაში შევიდნენ და დაბნეულობის გამო სხვების სათამაშოდ იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების მიერ გავრცელებულმა წარმოდგენებმა შეიძლება გარკვეული არევ-დარევა და ზიანი მოუტანოს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლასა და ეკლესიურ ცხოვრებას, ამ ყველაფრის განცდა ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის ცუდი. სულ მცირე, ეს მათ საშუალებას აძლევს, გაიზარდონ გამჭრიახობაში, დაინახონ, როგორია წარმოდგენების გამავრცელებელთა ნამდვილი სახე, თუ როგორ ხასიათს ამჟღავნებენ ისინი წარმოდგენების გავრცელებისას და განსხვავება მათ მიერ გავრცელებულ წარმოდგენებსა და ჭეშმარიტებას შორის. ერთი მხრივ, ადამიანები შეძლებენ ამ შენიშვნების გარჩევას და მათ მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებას. მეორე მხრივ, ისინი ასევე გამოიჩენენ გარკვეულ გამჭრიახობას ასეთი ადამიანების მიმართ და ეცოდინებათ, როგორი სიტყვებით საუბრობენ ურწმუნონი, ისინი, ვინც საერთოდ არ ფლობენ ჭეშმარიტებას და ხშირად აქვთ წარმოდგენები ღვთის შესახებ და ეცოდინებათ, რომ მათი რწმენა არ არის ჭეშმარიტი — სულ მცირე, ადამიანებს შეუძლიათ ამგვარი გამჭრიახობის შეძენა. რა თქმა უნდა, თუ ჯერ არ წაწყდომიხარ ამ პრობლემებს, არ ილოცო დაუფიქრებლად და არ თქვა: „ო, ღმერთო, გთხოვ, მომიწყვე ისეთი გარემო, რომ დავინახო, რას ნიშნავს „ადამიანთა მიერ გავრცელებული წარმოდგენები.“ წარმოდგენების გავრცელების ყურება თამაში არ არის და ამან შეიძლება ადვილად შეგიყვანოს შეცდომაში. და როდესაც ეს მოვლენები მართლაც მოხდება, მათ სწორად უნდა მიუდგე. არ მისცე მათ უფლება, შეუმჩნევლად ჩაიაროს და ნურც თავს აარიდებ მათ. თვალი გაუსწორე მათ და სერიოზული და მკაცრი დამოკიდებულებით მიუდექი თითოეულ გარემოს, რომელიც ღმერთმა შენთვის შექმნა. სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. როდესაც წააწყდები ვინმეს, ვინც წარმოდგენებს ავრცელებს, უნდა ისწავლო ღვთისადმი ლოცვა: „ო, ღმერთო, გთხოვ, იყავი ჩემთან, ნათელი მომფინე და წარმმართე, რათა შევძლო ამ სიტყვებისა და ამ ტიპის ადამიანის ამოცნობა და ასევე მომეცი უნარი, გავაცნობიერო, მაქვს თუ არა ჩემში ამ ადამიანების რომელიმე წარმოდგენა.“ შემდეგ, ლოცვის დასრულებისთანავე, წადი და განიცადე ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ასევე იქნება ის დრო, როდესაც გამოიცდები იმაში, თუ რამდენად გესმის ჭეშმარიტება ნამდვილად და რამდენად დიდია შენი სულიერი სიმწიფე. როდესაც ვინმე წარმოდგენებს ავრცელებს, თუ მათ უსმენ და არავითარი შინაგანი რეაქცია ან ფიქრი არ გიჩნდება, და ნაცვლად ამისა, რადიოსავით ხარ — იღებ ნებისმიერ წარმოდგენას, რომელსაც ისინი გამოხატავენ და ავრცელებენ, ყოველგვარი წინააღმდეგობის ან მათი უარყოფის უნარის გარეშე, და მით უმეტეს, მათი ამოცნობის უნარის გარეშე — განა ეს ძალიან პრობლემური არ არის? ზოგიერთი ადამიანი, როდესაც ისმენს, რომ ვინმე წარმოდგენებს გამოხატავს, გულში გრძნობს, რომ ნათქვამი არასწორია და სურს ამ ადამიანთან თანაზიარება და კამათი, მაგრამ არ იცის, როგორ გამოხატოს საკუთარი თავი სათანადოდ ან როგორ უნდა ამხილოს და გაკვეთოს ეს ადამიანი. მათ ასევე ეშინიათ, რომ თუ ვერ შეძლებენ ეფექტურად შეპასუხებას, სახეზე წამოჭარხლდებიან და როდესაც საბოლოოდ დამარცხდებიან, თავს შეიცხვენენ და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. თუმცა, მათ ასევე არ სურთ ამის უბრალოდ კამათის გარეშე დატოვება და ფიქრობენ: „ბევრი ქადაგება მოვისმინე და საკმაოდ ბევრი რამ მესმის, მაშ, რატომ არ მყოფნის სიტყვები მათ გასაბათილებლად? არ მაქვს წარმოდგენები ღვთის შესახებ და მაქვს ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა; მაშ, რატომ არ შემიძლია ყველაფრის ნათლად ახსნა ახლა, როდესაც მათი მცდარი შეხედულებების გაბათილების დროა?“ ისინი უყურებენ, როგორ საუბრობს წარმოდგენების გამავრცელებელი სულ უფრო და უფრო მეტს, მისი სიტყვები კი სულ უფრო აღმაშფოთებელი და საძულველი ხდება, მაგრამ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ მათი გაბათილება ან გაანალიზება და არ შესწევთ ძალა, წინ აღუდგნენ და ამხილონ ისინი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ შეჩერებაზე, რაც მათ შინაგანად უკიდურეს შფოთვასა და წუხილს ჰგვრის. მხოლოდ ამ მომენტში აცნობიერებენ ისინი, რომ მათი სულიერი სიმწიფე მეტისმეტად მცირეა და ხედავენ, რომ მათი ჭეშმარიტების გაგება ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა სრულ და სწორ თვალსაზრისად, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტული ფრაზები, სინათლისა და იდეების გაფანტული ნამცეცებია, და სულაც არ წარმოადგენს ჭეშმარიტების ნამდვილ ცოდნას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ადამიანი წარმოდგენებს ავრცელებს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, და რომ ის ურწმუნოა; მათ სურთ მათი მხილება და მათი შეხედულებების გაბათილება, უბრალოდ ამის გასაკეთებლად შესაფერისი და ძლიერი სიტყვები არ ჰყოფნით. მათ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ: „ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია; ეს უნდა მიიღო. ღმერთი წმინდა და სრულყოფილია; ის სულაც არ არის ისეთი, როგორც ამბობ. ღმერთი განაგებს ყოველივეს და ადამიანები ქმნილებები არიან. ისინი უნდა დაემორჩილონ ღმერთს. ღვთისადმი მორჩილებით ადამიანები არაფერს კარგავენ.“ მათ მხოლოდ ამ ზედაპირული თეორიების გახმოვანება შეუძლიათ, რომლებიც საერთოდ ვერ სწვდება მთავარ არსს. ამ განსაკუთრებული მოვლენის განცდის შემდეგ, ისინი აცნობიერებენ, რომ მათი სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა და ფიქრობენ: „რატომ ვარ ასეთი უუნარო? ჩვეულებრივ, შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო დიად მოძღვრებებზე საკმაოდ მჭევრმეტყველად; შეკრებაზე ერთი საათის განმავლობაში უპრობლემოდ შემიძლია საუბარი და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შემიძლია სამიდან ხუთ გვერდამდე ქადაგების ჩანაწერების დაწერა და ამ მხრივ თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ. მაგრამ როდესაც ვდგავარ ისეთი ადამიანის წინაშე, რომელიც ასე ავრცელებს წარმოდგენებს, ასე განსჯის და გმობს ღმერთს, რატომ არ მაქვს სიფხიზლე, რატომ არ მაქვს რეაქცია? რატომ არ შემიძლია ძლიერი მხილება და გაბათილება?“ რას აღმოაჩენენ ისინი აქედან? განა იმას არ აცნობიერებენ, რომ არ ესმით ჭეშმარიტება? ეს გაცნობიერება კარგია თუ ცუდი? (კარგია.) საბოლოოდ, ისინი აღმოაჩენენ თავიანთ რეალურ სულიერ ზრდას. რომ არ წაწყდომოდნენ ვინმეს, ვინც წარმოდგენებს ავრცელებს, შესაძლოა კვლავ ეფიქრათ, რომ აქვთ სულიერი სიმწიფე, ესმით ჭეშმარიტება, აქვთ გამჭრიახობა, შეუძლიათ ყველაფრის დანახვა, შეუძლიათ სხვადასხვა სულიერი მოძღვრების ქადაგება და შეუძლიათ მცირედი თანაზიარება ყველა ჭეშმარიტებაზე დიდი ოსტატობით. თუმცა, როდესაც დგანან იმ ადამიანის წინაშე, ვინც წარმოდგენებს ავრცელებს, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ეს არასწორია, ისინი უმწეონი არიან, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და საბოლოოდ მარცხდებიან. არის თუ არა ეს სამარცხვინო? არის თუ არა ეს სასახელო საქმე? (არა.) მაშ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს? თუ არ გაქვს შესაფერისი სიტყვები მათთან საკამათოდ და ასევე გსურს თავიდან აირიდო უხერხულობა და მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში, რათა სრულად შეარცხვინო და დაამარცხო სატანა, რა უნდა გააკეთო? მე გასწავლით ეფექტურ მეთოდს: თუ ხედავ, რომ ისინი დაუსრულებლად ავრცელებენ წარმოდგენებს, ადამიანთა უმეტესობას კი აკლია გამჭრიახობა და მათ გავლენის ქვეშ ექცევა, შენ კი არ შეგიძლია მათი სიტყვიერად დამარცხება, მაშინ დროა, იმოქმედო გადამჭრელად; დაარტყი ხელი მაგიდას და თქვი: „მოკეტე! რაზე საუბრობ? შეიძლება ვერ გაჯობო კამათში, მაგრამ ვიცი, რომ ურწმუნო ხარ! შეხედე, რას ამბობ; არის კი ერთი სიტყვა მაინც, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება? ამდენი წელი ტკბებოდი ღვთის მადლით — ოდესმე გითქვამს ერთი სიტყვა მაინც ღვთის სადიდებლად ან დასამოწმებლად? შენ ღვთის მიმართ საყვედურები გაქვს; თუ ამის თავი გაქვს, წადი პირდაპირ მესამე ცაში და უშუალოდ ღმერთს ელაპარაკე. შეწყვიტე აქ არევ-დარევის გამოწვევა. ახლა ოფიციალურად გიბრძანებ, დაიკარგო აქედან!“ გაბედავდით ამის თქმას? არის თუ არა ეს სიფიცხე? (არა, არ არის.) ეს სატანისთვის გამოწვევის გამოცხადებაა. სწორედ ასე მოიქეცით. უთხარით მათ: „დაიკარგე, შე ურწმუნოვ! ტყუილუბრალოდ დატკბი ამდენი ღვთის მადლით, შე უსინდისო არამზადავ; შენ არ ხარ ღირსი, გერქვას ადამიანი!“ მხოლოდ ორი სიტყვა: „დაიკარგე აქედან!“ როგორია? ეს ძლიერია, მაგრამ მისი დაუფიქრებლად გამოყენება არ შეიძლება. ეს არ უნდა უთხრათ რწმენაში ახალმოსულ დებსა და ძმებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ესმით ჭეშმარიტება, მაგრამ ურწმუნოებსა და სატანის მსახურებს შეგიძლიათ დაუნდობლად უბრძანოთ: „ეს ღვთის სახლია, ჭეშმარიტი დებისა და ძმების სახლი, მათი სახლი, ვინც ღმერთს მიჰყვება. ეს არ არის ეშმაკებისა და სატანების სახლი. ეშმაკები და სატანები აქ არ გვჭირდება. შენ ეშმაკი და სატანა ხარ, ამიტომ დაიკარგე აქედან!“ არის თუ არა ეს მართებული? (დიახ.) ეს არ არის საუკეთესო მეთოდი; უბრალოდ, რადგან თქვენი სულიერი სიმწიფე მცირეა, რადგან არ გაქვთ საკმარისი სულიერი სიმწიფე სატანასთან საბრძოლველად, ამიტომ გასწავლით ამ მეთოდს. სინამდვილეში, ეს არ არის იდეალური. იდეალური მეთოდი ისაა, რომ — თუ გესმით ბევრი ჭეშმარიტება და გაქვთ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა და ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება — შეგეძლოთ მათი გაბათილება, და ისე საფუძვლიანად გააბათილოთ ისინი, რომ სრულად შერცხვნენ, რათა საბოლოოდ ყველას უთხრან: „არ შემიძლია რწმენის შენარჩუნება; მეტისმეტად მრცხვენია, რომ თვალი გაგისწოროთ. მე ეშმაკი და სატანა ვარ; თავად დავტოვებ ეკლესიას.“ რადგან ახლა არ გაქვთ ეს უნარი, მათ, ვინც ხშირად ავრცელებს წარმოდგენებს, ისე უნდა მოექცეთ, როგორც მე გასწავლეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოექცეთ მათ, ვინც ხშირად ავრცელებს წარმოდგენებს ეკლესიაში? შეგიძლიათ ახლა ამოიცნოთ ისინი, ვინც წარმოდგენებს ავრცელებს ხალხის შეცდომაში შესაყვანად? (დიახ.) რა არის წარმოდგენების გამავრცელებელი საუბრის ძირითადი ტიპები? ერთი ტიპი მიმართულია ღვთის სიტყვების წინააღმდეგ, მეორე — ღვთის საქმის წინააღმდეგ და კიდევ ერთი — ღვთის ხასიათისა და არსის წინააღმდეგ. ამ ტიპის საუბრები მერყეობს მსუბუქიდან — ღვთის შესახებ ფანტაზიებიდან და არასწორი ინტერპრეტაციებიდან — მძიმემდე, როგორიცაა ღვთის განსჯა, დაგმობა და გმობა. გარდა ამისა, არსებობს ადამიანების ნეგატიური და წინააღმდეგობის გამწევი შენიშვნები — რომლებიც გამოხატავს მათ ჩივილს, წინააღმდეგობასა და უკმაყოფილებას ღვთის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვები, რომლებიც წარმოდგენებს ავრცელებს, თავისი ბუნებით ღვთისადმი წინააღმდეგობას, მის განსჯას, დაგმობასა და გმობას წარმოადგენს და შედეგი, რომელსაც ისინი იწვევს, არის ის, რომ ადამიანებს უჩნდებათ ეჭვი და სიფრთხილე ღვთის მიმართ, არასწორად იგებენ და შორდებიან მას და უარყოფენ კიდეც მას. მათი ამოცნობა მარტივი უნდა იყოს.

გ. წარმოდგენების მოგვარების პრინციპები და გზები

წარმოდგენების გავრცელებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც თანაზიარებას საჭიროებს. ზოგიერთი ამბობს: „როდესაც საქმე წარმოდგენების გავრცელებას ეხება, ეკლესიის ცხოვრებაში პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ მხილება და ანალიზი და შევზღუდოთ იგი. თუმცა, ღვთისადმი რწმენის პროცესში გარდაუვალია, რომ სხვადასხვა წარმოდგენა გაგვიჩნდეს; ეს ჩვენს კონტროლს მიღმაა. მაშ, როდესაც საქმე წარმოდგენებს ეხება, პრაქტიკის რა გზას უნდა მივყვეთ, რათა ზუსტად განვახორციელოთ იგი პრაქტიკაში და არ გამოვიწვიოთ ჩაშლა და არეულობა ეკლესიის ცხოვრებაში, არ მოვახდინოთ უარყოფითი გავლენა სხვებზე ან ზიანი არ მივაყენოთ სხვა ადამიანების სიცოცხლეს? როგორ უნდა მოვიქცეთ მართებულად?“ განა ფაქტი არ არის, რომ ადამიანებს წარმოდგენები აქვთ? განა ეს გარდაუვალი არ არის? (დიახ.) ზოგიერთი ამბობს: „წარმოდგენები მხოლოდ მათ უჩნდებათ, ვინც არ ეძიებს ჭეშმარიტებას“. არის ეს მტკიცება სწორი? ის მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. მათ, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, განსაკუთრებულ სიტუაციებთან შეჯახებისას, შესაძლოა დროდადრო ასევე გაუჩნდეთ წარმოდგენები ღვთის შესახებ რადგან, სანამ ადამიანები გაიგებენ ჭეშმარიტებასა და ღვთის განზრახვებს და სანამ ღმერთს შეიცნობენ, მათ გაუჩნდებათ გარკვეული წარმოდგენები ღვთის სიტყვებისა და საქმის შესახებ. ეს წარმოდგენები ადამიანის მცდარი აზრებია, რომლებიც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ზოგიერთი წარმოდგენა შესაძლოა შეესაბამებოდეს მორალს, ფილოსოფიას, ტრადიციულ კულტურას, ეთიკურ თეორიებს და ა.შ. და ერთი შეხედვით, ეს აზრები შესაძლოა სწორიც ჩანდეს. თუმცა, ისინი უბრალოდ არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და ეწინააღმდეგება მას. ეს ფაქტია. როგორ უნდა გაუსწორონ ადამიანებმა თვალი ამ წარმოდგენებს? სანამ ადამიანები ჭეშმარიტების ძიებას დაიწყებენ, მათ უკვე აქვთ მრავალი წარმოდგენა; ეს თანდაყოლილი წარმოდგენებია. ჭეშმარიტების ძიების პროცესში ცვალებადი გარემოსა და სხვადასხვა ვითარების გამო, მათში საკმაოდ ბევრი ახალი წარმოდგენა წარმოიშობა; ეს შეძენილი წარმოდგენებია. ორივე ტიპის წარმოდგენა არის ის, რასაც ადამიანები უნდა დაუპირისპირდნენ ღმერთისადმი რწმენის გზაზე. მაშ, არსებობს თუ არა წარმოდგენების მოგვარების გამოსავალი? არსებობს თუ არა პრაქტიკის გზა? ზოგიერთი ამბობს: „ამის მოგვარება მარტივია. ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს თანდაყოლილ წარმოდგენებს; არ არის საჭირო მათ ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჭეშმარიტების ძიების პროცესში, ჭეშმარიტების გაგებასთან ერთად, ეს წარმოდგენები თანდათანობით მოგვარდება და აღმოიფხვრება. რაც შეეხება შეძენილ წარმოდგენებს, მათ მოსაგვარებლად ღმერთს ვენდობით და არც მათგან ვართ შებოჭილნი. შესაბამისად, დღემდე, ჩვენს გულებში არ ჩამოყალიბებულა ისეთი წარმოდგენები, რომლებიც ღვთისადმი წინააღმდეგობამდე, მის დაგმობამდე ან გმობამდე მიგვიყვანდა“. როგორია პრაქტიკის ეს მეთოდი, წარმოდგენებთან გამკლავებისა და მათი მოგვარების ეს გზა? შეუძლია მას წარმოდგენების მოგვარება? აქვს თუ არა მას ნაკლოვანებები? არის თუ არა წარმოდგენებისადმი ეს დამოკიდებულება პროაქტიული და დადებითი? (არა.) აქვს თუ არა ამ დამოკიდებულებას რაიმე დადებითი გავლენა ადამიანებზე? თუ იყენებ პასიურ მეთოდს, რომლითაც უგულებელყოფ ამ წარმოდგენებს, ინახავ მათ გულის ყველაზე დაფარულ კუნჭულებში, ახშობ მათ და ლოცულობ ყოველ ჯერზე, როცა ისინი თავს იჩენს, შემდეგ კი მიიჩნევ მათ მოგვარებულად, ზუსტად ისევე უმკლავდები მათ, როდესაც კვლავ ჩნდება და შემდგომში აღარ ფიქრობ მათზე და ისე იქცევი, თითქოს ისინი პრობლემას არ წარმოადგენს და გჯერა: „ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთი, რომელიც მწამს, კვლავაც ჩემი ღმერთია, მე კვლავაც ღვთის ქმნილება ვარ და ღმერთი კვლავაც ჩემი შემოქმედია; ეს არ შეცვლილა“ — არის კი ეს წარმოდგენების მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა? მოაქვს ამას დადებითი შედეგი? მოაგვარებს თუ არა ამ სახის პრაქტიკა წარმოდგენებს ძირფესვიანად? ცხადია, ვერა. რაოდენ დიდი თუ მცირე ან რაოდენ ბევრი თუ ცოტაც არ უნდა იყოს ეს წარმოდგენები, სანამ ისინი ადამიანთა გულებში არსებობს, მათ ექნება გარკვეული უარყოფითი გავლენა მათ სიცოცხლეში შესვლასა და ღმერთთან ურთიერთობაზე და გამოიწვევს არეულობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები სუსტები არიან; როდესაც ისინი ხვდებიან გარემოში, რომლის დაძლევაც არ ძალუძთ; როდესაც არ ესმით ღვთის განზრახვები, არ გააჩნიათ პრაქტიკის გზა და არ იციან, როგორ ასიამოვნონ ღმერთს და როდესაც გრძნობენ, რომ ხსნის იმედი აღარ აქვთ, ეს წარმოდგენები სწრაფად იჩენს თავს მათში, ეუფლება მათ ფიქრებს, აიკავებს მათ გულს და შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ დარჩენა-წასვლაზეც კი და გავლენა მოახდინოს მათ მიერ არჩეულ გზაზე. შესაძლოა არსებობდეს წარმოდგენა, რომელიც არასდროს განაღვლებდა და რომელსაც არასდროს მოუხდენია შენზე გავლენა ან არ დაუცემიხარ — ყოველთვის გჯეროდა, რომ მისი ბატონი იყავი და მისი გაკონტროლება შეგეძლო — მაგრამ გარკვეული მარცხის, გათავისუფლების ან მოკვეთის ან ღვთისგან მკაცრი წვრთნისა და გვემის განცდის შემდეგ ან თუნდაც მაშინ, როდესაც გრძნობ, თითქოს უძირო უფსკრულში გადაიჩეხე, იმ დროს ეს წარმოდგენა შენთვის აღარ არის უბრალო დანამატი. რომც უგულებელყო იგი, მას შეუძლია შეაწუხოს და შეცდომაში შეიყვანოს შენი ფიქრები, დაეუფლოს კიდეც შენს ფიქრებსა და შეხედულებებს, ღვთისადმი შენს დამოკიდებულებასა და ღვთისადმი შენს რწმენას. თუ არ გაგაჩნია პრაქტიკის მართებული მეთოდი ან პრინციპი ამ წარმოდგენებთან გასამკლავებლად ან თუ არ გაქვს მათი ნათელი გაგება, ეს წარმოდგენები პერიოდულად იმოქმედებს შენს სიცოცხლეში შესვლაზე ან შენს მყისიერ არჩევანზე. მათ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ღმერთთან შენს ურთიერთობასა და ღვთისადმი შენს დამოკიდებულებაზეც კი. ამრიგად, როდესაც ნებისმიერ ვითარებაში წარმოშობილი სხვადასხვა წარმოდგენის წინაშე დგება ადამიანი, როგორი დამოკიდებულება და მეთოდი უნდა გამოიყენოს მან მათთან დასაპირისპირებლად და გასამკლავებლად, რათა თავიდან აიცილონ ზიანი და მიაღწიონ დადებით შედეგს? ეს არის კითხვა, რომლის შესახებაც ნათლად უნდა ვიქონიოთ თანაზიარება.

ხორციელად მცხოვრებ ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება და თავისუფალი აზრები. მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი განათლებულნი, როგორია მათი სულიერი მონაცემები ან რა სქესისანი არიან, სანამ ადამიანებს გააჩნიათ აზრები, მათ გაუჩნდებათ წარმოდგენები. თუ წარმოდგენა სძლევს შენს გახრწნილ ხასიათს, ამ წარმოდგენის გამო ღმერთს შეეწინააღმდეგები. შესაბამისად, ადამიანებში წარმოდგენების არსებობის ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. წარმოდგენები მხოლოდ მათ არ უჩნდებათ, ვინც წარმოდგენებს ავრცელებს. უბრალოდ, ისინი ავრცელებენ თავიანთ წარმოდგენებს, თავხედურად უპირისპირდებიან ღმერთს და ავრცელებენ მის შესახებ სხვადასხვა შეხედულებასა და განკითხვას. მაგრამ ნუთუ ასეა, რომ მათ, ვინც არ ავრცელებს წარმოდგენებს, ისინი საერთოდ არ გააჩნიათ? ყველას აქვს წარმოდგენები; ეს ფაქტია. განსხვავება ისაა, რომ მათ, ვინც განზრახ ავრცელებს წარმოდგენებს, აქვთ ისეთი ბუნება-არსება, რომელიც თანდაყოლილად ზიზღითაა განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ. რადგან ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას და სჯერათ კიდეც, რომ მათი წარმოდგენები სწორია და სრულად შეესაბამება ჭეშმარიტებას, თუ მათი წარმოდგენები ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ისინი ირჩევენ თავიანთი წარმოდგენების მიღებას და არა ჭეშმარიტებისას. სწორედ აქ მარცხდებიან ისინი და ამიტომაც იზღუდებიან და განიკითხებიან. მაშ, რატომ არ განიკითხებიან ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები, როდესაც მათ წარმოდგენები უჩნდებათ? ეს იმიტომ ხდება, რომ მათი უმეტესობა საუბრობს და მოქმედებს გონივრულად და გულში იცის, რომ ადამიანური წარმოდგენები არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და მცდარია; მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლიათ თავიანთი წარმოდგენების მყისიერად მოგვარება, მათ აქვთ სურვილი, უარყონ ისინი. როდესაც ისინი ირჩევენ ჭეშმარიტების მიღებას, მათი შინაგანი წარმოდგენები ჭეშმარიტებით ნაცვლდება და გვარდება; ისინი თმობენ თავიანთ წარმოდგენებს და მათზე აღარ ახდენს გავლენას, აღარ ზღუდავს და აღარ ეუფლება ეს წარმოდგენები. ამგვარად, ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ წარმოდგენები, არ ავრცელებენ მათ. მათ კვლავაც შეუძლიათ ნორმალურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, ნორმალურად გაჰყვნენ ღმერთს, მიიღონ ღვთის სიტყვები და ღვთის საქმე, დაემორჩილონ ღვთის მეუფებასა და განგებას და დაემორჩილონ ღვთის ხსნას. ისინი ყოველთვის აღიარებენ, რომ ქმნილებები არიან, ღმერთი კი — შემოქმედი. რა წარმოდგენებიც არ უნდა ჰქონდეთ გულში, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან, შეინარჩუნონ ურთიერთობა ქმნილებასა და შემოქმედს შორის, არ მიატოვონ თავიანთი მოვალეობები, არ უარყონ ღვთის სახელი და მათი რწმენა ღმერთისადმი უცვლელი დარჩეს. მიუხედავად ამისა, თუ წარმოდგენები ვერასოდეს მოგვარდება, მათ მაინც შეუძლია ადამიანების დაღუპვა და მათი განადგურებამდე. შესაბამისად, ჩვენ მაინც გვჭირდება თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ გავუსწოროთ თვალი და მოვაგვაროთ წარმოდგენები საუკეთესოდ.

როგორ ფიქრობთ, რისი მოგვარებაა უფრო მარტივი: იმ თანდაყოლილი წარმოდგენების, რომლებიც ადამიანებს ღმერთის რწმენამდე ჰქონდათ, თუ იმ წარმოდგენების, რომლებიც ადამიანებს ღმერთის რწმენის შემდეგ, განსაკუთრებულ გარემოსა და ვითარებაში უჩნდებათ? (თანდაყოლილი წარმოდგენების მოგვარება უფრო მარტივია.) ის ფანტაზიები და წარმოდგენები, რომლებიც ადამიანებს ღმერთის შესახებ მისი რწმენის დაწყებისას აქვთ, უფრო მარტივად გვარდება, ხოლო ის წარმოდგენები, რომლებიც მათ ღმერთის რწმენის შემდეგ, ღვთის საქმის გამოცდისას უჩნდებათ, არც ისე ადვილი მოსაგვარებელია — ეს თეორიული მტკიცებაა, მაგრამ საბოლოოდ ის არ შეესაბამება ფაქტებს. რას ნიშნავს „თეორიული“? ეს ნიშნავს, რომ ამგვარი დასკვნები ადამიანების მიერ ფილოსოფიისა და ლოგიკის საფუძველზეა გამოტანილი. მას შემდეგ, რაც ადამიანები იწყებენ ღმერთის რწმენას და იგებენ ჭეშმარიტებას ხილვების შესახებ, მათი ზოგიერთი წარმოდგენის უკუგდება და მოგვარება ხდება. სინამდვილეში, ეს მოგვარება მხოლოდ მოძღვრების დონეზე მიიღწევა. თითქოსდა ეს წარმოდგენები მოგვარდა, მაგრამ მრავალი წარმოდგენა, რომელიც ღვთის გზაზე მავალ ადამიანებს უჩნდებათ, მათ თანდაყოლილ წარმოდგენებთანაა დაკავშირებული. თეორიულად, ამ ორი ტიპის წარმოდგენიდან თანდაყოლილი წარმოდგენების მოგვარება უფრო მარტივია, მაგრამ ფაქტობრივად, სანამ ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და დადებითი ფასეულობების სიყვარული, სანამ ისინი ჭეშმარიტების გაგებას მიაღწევენ, ორივე ტიპის წარმოდგენის მოგვარება მარტივია. მაგალითად, ზოგიერთი თქვენგანი ამბობს, რომ თანდაყოლილი წარმოდგენების მოგვარება უფრო მარტივია, მაგრამ შესაძლოა შეხვდეთ გამრუდებული აღქმის მქონე ადამიანებს, რომლებიც ძალიან ჯიუტები არიან და უმნიშვნელო დეტალებზე იციკლებიან, რომლებიც იქექებიან ბიბლიაში, სულიერ კლასიკასა და ბიბლიის განმმარტებელთა შრომებში; ეს ადამიანები გიმეორებენ იმას, რასაც პოულობენ და როგორც არ უნდა თანაზიარებდე ჭეშმარიტებაზე, ისინი არ იღებენ მას. მათ არ შეუძლიათ წმინდა ქადაგებების, ჭეშმარიტების ან სწორი სიტყვების მიღება; როდესაც უსმენენ, ისინი არ ითავისებენ ამ ყველაფერს. ერთი მხრივ, პრობლემა მათ წვდომის უნარშია; მეორე მხრივ, მათ არ უყვართ დადებითი ფასეულობები ან ჭეშმარიტება, ნაცვლად ამისა, უყვართ სიჯიუტე და უმნიშვნელო დეტალებზე ჩაციკვლა, სიტყვებით თამაში და მოსწონთ თეორიები და თეოლოგია. შეუძლიათ ასეთ ადამიანებს თავიანთი წარმოდგენების დათმობა? (არა.) ფაქტებიდან, ასეთი ადამიანების ხასიათიდან და პრეფერენციებიდან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება. ადამიანების თავდაპირველი წარმოდგენები სინამდვილეში ძალიან ზედაპირული და არაღრმაა, მათი მოგვარებაძალიან მარტივია. თუ ადამიანს აქვს საღი აზრი და ნორმალური წვდომის უნარი, როდესაც მასთან ერთად ხილვებთან დაკავშირებულ ჭეშმარიტებაზე თანაზიარებ, თუკი გაიგებს მას, მარტივად შეძლებს თავისი წარმოდგენების დათმობას. მაგრამ არსებობს ადამიანთა ერთი ტიპი, რომელსაც არ აქვს საღი აზრი, არ შეუძლია ჭეშმარიტების წვდომა და არ იღებს ჭეშმარიტებას. შეუძლიათ ასეთ ადამიანებს თავიანთი წარმოდგენების დათმობა? (არა.) შესაბამისად, ასეთი ადამიანების წარმოდგენების მოგვარება რთულია. თუ ადამიანს აქვს საღი გონება და შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, მაშინ რა წარმოდგენებიც არ უნდა გაუჩნდეს ღვთის შესახებ მისი რწმენის შემდეგ და რა გარემოსა თუ ვითარებაშიც არ უნდა წარმოიშვას ეს წარმოდგენები, ადამიანი არ ეკამათება ღმერთს. ის ამბობს: „მე ადამიანი ვარ, მაქვს გახრწნილი ხასიათი, ჩემი აზროვნება და ქმედებები შესაძლოა მცდარი იყოს. ღმერთი ჭეშმარიტებაა, ღმერთი არასოდეს ცდება. რაოდენ გონივრულიც არ უნდა იყოს ჩემი აზრები, ისინი მაინც ადამიანური აზრებია, ადამიანისგან მომდინარეობს და არ არის ჭეშმარიტება. თუ ისინი ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვებს ან ჭეშმარიტებას, მაშინ ეს აზრები, რაოდენ გონივრულიც არ უნდა იყოს, მცდარია“. შესაძლოა ამჟამად ზუსტად არ იცოდეს, თუ რაშია ეს წარმოდგენები მცდარი; მაშ, როგორ მოქმედებს? ის პრაქტიკაში ავლენს მორჩილებას, არ არის ჯიუტი, არ იციკლება გარკვეულ დეტალებზე და თმობს ამ საკითხს, რადგან სჯერა, რომ ერთ დღეს ღმერთი გააცხადებს მას. ვინმე ეკითხება მას: „და რა მოხდება, თუ ღმერთი არ გააცხადებს მას?“ ის პასუხობს: „მაშინ სამუდამოდ დავემორჩილები. ღმერთი არასოდეს ცდება და რასაც ღმერთი აკეთებს, არასოდეს არის მცდარი. თუ ღვთის ქმედება არ შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებს, ეს ნიშნავს არა იმას, რომ ღმერთი ცდება, არამედ იმას, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მისი წვდომა ან გაგება. შესაბამისად, ის, რაც ადამიანებმა ყველაზე მეტად უნდა აკეთონ, არის ის, რომ არ გამოიკვლიონ, არ ჩაიციკლონ თავიანთ წარმოდგენებზე და არ გამოიყენონ თავიანთი წარმოდგენები ღმერთში ნაკლის საპოვნელად, არ აქციონ თავიანთი წარმოდგენები მიზეზად და საბაბად იმისა, რომ არ დაემორჩილონ ღმერთს და წინ აღუდგნენ მას“. აი, ასე ეპყრობა ის თავის წარმოდგენებს. არის თუ არა ამ სახის პრაქტიკა ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება? ეს ნამდვილად ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაა. როდესაც ადამიანს წარმოდგენები უჩნდება, ის არ ადარებს ღმერთს ამ წარმოდგენებს და არ იყენებს მათ ღვთის გამოსაკვლევად, რათა გადაამოწმოს, ჭეშმარიტია თუ არა ღმერთი ან არსებობს თუ არა იგი. ნაცვლად ამისა, ის თმობს თავის წარმოდგენებს და ესწრაფვის ჭეშმარიტების მიღებასა და ღვთის შეცნობას. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალით ცდილობს ღვთის შეცნობას, მაინც ვერ შეიცნობს მას. რას აკეთებს ამ დროს? მაინც ემორჩილება. ის ამბობს: „ღმერთი არასოდეს ცდება. ღმერთი ყოველთვის ღმერთია. ღმერთი არის ის, ვინც გამოხატავს ჭეშმარიტებას. ღმერთი ჭეშმარიტების წყაროა“. ამ წარმოდგენებთან გამკლავებისას, ის, პირველ რიგში, ღმერთს ღვთის ადგილას აყენებს, საკუთარ თავს კი — ქმნილების ადგილას. შესაბამისად, თუნდაც არ ჰქონდეს უარყოფილი ან მოგვარებული თავისი წარმოდგენები, ღვთისადმი მისი მორჩილი დამოკიდებულება არ იცვლება. ეს დამოკიდებულება იცავს მას და საშუალებას აძლევს, დარჩეს ღვთის მიერ აღიარებულ ქმნილებად მის წინაშე. მაშ, მარტივია თუ არა ასეთი ადამიანების წარმოდგენების მოგვარება? (დიახ.) როგორ მიიღწევა ეს? დავუშვათ, რაიმე ვითარებასთან შეჯახებისას მან ასე ისაუბრა: „იმის თქმა, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ჭეშმარიტებაა და სწორია, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და არ შეუძლია შეცდომების დაშვება — განა ეს მცდარი არ არის? მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ღმერთს არ შეუძლია შეცდომების დაშვებაო, ეს მხოლოდ თეორიული მტკიცებაა. სინამდვილეში, არის რაღაცები, რასაც ღმერთი აკეთებს, რაც უგულოა და არ შეესაბამება ადამიანურ გრძნობებს. ვფიქრობ, ეს საკითხი მთლად სწორი არ არის. იმის მიმართ, რაც მთლად სწორი არ არის, არ მჭირდება მორჩილება ან მისი მიღება, არა? მიუხედავად იმისა, რომ არ ვუარყოფ ღვთის სახელს ან მის ვინაობას, იმ წარმოდგენებმა, რომლებიც ახლა გამიჩნდა, მომცა მეტი გამჭრიახობა და ღვთის უკეთესი გაგება — ღმერთიც აკეთებს ზოგიერთ რამეს არასწორად და არის მომენტები, როდესაც ის შეცდომებს უშვებს. ასე რომ, ამიერიდან აღარ დავიჯერებ, როდესაც იტყვიან, რომ ღმერთი სამართლიანი, სრულყოფილი და წმინდაა. ამ განცხადებებს პატარა კითხვის ნიშანს დავუსვამ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი შემოქმედია და შემიძლია მივიღო მისი მეუფება, მომავალში შერჩევითად უნდა მივიღო ყველაფერი და არ შემიძლია დაბნეულად და ბრმად დამორჩილება. და რა მოხდება, თუ არასწორად დავემორჩილები? განა არ დავზარალდები? არ შემიძლია ვიყო ადამიანი, რომელიც სულელურად ემორჩილება“. თუ ის ასეთი დამოკიდებულებით ეპყრობა წარმოდგენებსა და ღმერთს, შეუძლია მარტივად დათმოს თავისი წარმოდგენები? არის თუ არა პრაქტიკის ეს სახეობა ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება? (არა.) განა მასსა და ღმერთს შორის ურთიერთობა პრობლემური არ გახდა? განა ის მუდმივად არ იკვლევს ღმერთს? ღმერთი მისი გამოკვლევის ობიექტად იქცა და არა უზენაესად, რომელიც განაგებს მის ბედს. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს, რომ შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ მყოფი ქმნილებაა, რასაც ის აკეთებს, არ არის ქმნილების მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულება. ის არ ეპყრობა შემოქმედს ქმნილების თავდაპირველი პოზიციიდან, არამედ უპირისპირდება შემოქმედს, იკვლევს შემოქმედს და აანალიზებს შემოქმედის ქმედებებსა და საქციელს და საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს, დაემორჩილოს თუ არა მას და მიიღოს იგი. არის თუ არა ეს დამოკიდებულება და პრაქტიკის გზა იმის გამოვლინება, რაც ჭეშმარიტების მიმღებ ადამიანს უნდა ჰქონდეს? შეიძლება თუ არა მისი წარმოდგენების მოგვარება? (არა, მათი მოგვარება შეუძლებელია.) ისინი არასოდეს მოგვარდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი ურთიერთობა ღმერთთან დამახინჯდა. ეს არ არის ნორმალური ურთიერთობა, ეს არ არის ურთიერთობა ქმნილებასა და შემოქმედს შორის. ის ღმერთს გამოკვლევის ობიექტად ეპყრობა და მუდმივად იკვლევს მას. ის იღებს იმას, რასაც სწორად და კარგად მიიჩნევს, მაგრამ შინაგანად ეწინააღმდეგება და ებრძვის ღმერთს იმის გამო, რაც არ შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს ან ადამიანურ პრეფერენციებს და შორდება ღმერთს. არის კი ასეთი ადამიანი ის, ვინც იღებს ჭეშმარიტებას? ზედაპირულად, ყოველგვარი ინციდენტისა და ღვთის შესახებ წარმოდგენების გარეშე, მას შეუძლია დაემორჩილოს იმ სიტყვებს, რომლებსაც ღმერთი ამბობს. მაგრამ როგორც კი წარმოდგენები უჩნდება, მისი მორჩილება ქრება; ის არსად ჩანს და მისი პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელია. რა ხდება აქ? ცხადია, რომ ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში იყენებენ. ისინი არ იღებენ ღმერთს, როგორც ჭეშმარიტების წყაროს ან თავად ჭეშმარიტებას. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იღებენ ჭეშმარიტებას, რთულია თავიანთი წარმოდგენების დათმობა ან მოგვარება, მიუხედავად იმისა, თუ როდის წარმოიშობა ეს წარმოდგენები.

ზემოთქმული თანაზიარების შინაარსიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რომელი ტიპის წარმოდგენის მოგვარება უფრო მარტივია? გააჩნია ვითარებას. მათთვის, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, ვისაც აქვს გონება და მართალი ადამიანები არიან, მათი წარმოდგენების მოგვარება მარტივია, მიუხედავად იმისა, თუ როდის წარმოიშობა. მათთვის, ვისაც არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, მათი წარმოდგენების მოგვარება რთულია, მიუხედავად იმისა, თუ როდის წარმოიშობა. ზოგიერთ ადამიანს ღმერთი ოცი ან ოცდაათი წელია სწამს და ახლაც კი რასაც ამბობენ, არაფერი არ შეესაბამება ჭეშმარიტებას; ეს მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებანი და ადამიანური წარმოდგენებია. მათ საერთოდ არ ესმით არანაირი ჭეშმარიტება — შეუძლიათ კი დათმონ თავიანთი წარმოდგენები, როდესაც წარმოიშობა? ამის თქმა რთულია. თუ არ იღებენ ჭეშმარიტებას, ვერ შეძლებენ თავიანთი წარმოდგენების დათმობას. გარდაუვალია, რომ ადამიანებს წარმოდგენები ჰქონდეთ. ყველას გონებას ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოშვას სხვადასხვა წარმოდგენა, იქნება ეს თანდაყოლილი თუ შეძენილი. ყველას გულში არის წარმოდგენები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია სწამთ ღმერთი. მაშ, რა უნდა გაკეთდეს? ნუთუ ეს პრობლემა უბრალოდ გადაუჭრელია? მისი მოგვარება შესაძლებელია; არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ. ეს პრინციპები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ასეთ ვითარებებს აწყდები, იმოქმედე ამ პრინციპების მიხედვით. გარკვეული დროის განმავლობაში პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ დაინახავ შედეგებს და შეხვალ ჭეშმარიტება-რეალობაში. როდესაც წარმოდგენები წარმოიშობა, რა წარმოდგენაც არ უნდა იყოს ის, პირველ რიგში, გულში დაუკვირდი და გააანალიზე, არის თუ არა ეს აზროვნება სწორი. თუ ნათლად გრძნობ, რომ ეს აზროვნება მცდარი და უკუღმართია და რომ ის გმობს ღმერთს, მაშინ დაუყოვნებლივ ილოცე, სთხოვე ღმერთს, ნათელი მოგფინოს და გაგიძღვეს, რათა შეიცნო ამ პრობლემის არსი და ამის შემდეგ, შეკრებაზე განიხილე შენი მოსაზრება. სანამ ცოდნას იძენ და გამოცდილებას აგროვებ, ფოკუსირდი შენი წარმოდგენების მოგვარებაზე. თუ ამგვარად პრაქტიკაში გამოყენება არ მოიტანს თვალსაჩინო შედეგებს, ჭეშმარიტების ამ ასპექტის შესახებ თანაზიარება უნდა იქონიო მასთან, ვისაც ესმის ჭეშმარიტება და შეეცადო, მიიღო დახმარება სხვებისგან და გამოსავალი ღვთის სიტყვებში იპოვო. ღვთის სიტყვებისა და შენი გამოცდილების მეშვეობით, თანდათანობით დაადასტურებ, რომ ღვთის სიტყვები სწორია და დიდ შედეგებს მიაღწევ საკუთარი წარმოდგენების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. ღვთისგან ასეთი სიტყვებისა და საქმის მიღებითა და გამოცდით, საბოლოოდ გაიგებ ღვთის განზრახვებს და გექნება გარკვეული ცოდნა ღვთის ხასიათის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემს, დათმო და მოაგვარო შენი წარმოდგენები. აღარ გაუგებ ღმერთს არასწორად და აღარ დაიცავ თავს მისგან და აღარც არაგონივრულ მოთხოვნებს წამოაყენებ. ეს ეხება მარტივად მოსაგვარებელ წარმოდგენებს. მაგრამ არსებობს წარმოდგენის სხვა ტიპი, რომლის გაგება და მოგვარებაც ადამიანებისთვის რთულია. რთულად მოსაგვარებელი წარმოდგენებისთვის არსებობს ერთი პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვა: არ გამოხატო ან არ გაავრცელო, რადგან ასეთი წარმოდგენების გამოხატვას სხვებისთვის სიკეთე არ მოაქვს; ეს ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფაქტია. თუ გესმის წარმოდგენების გავრცელების ბუნება და შედეგები, უმჯობესია, თავად აწონ-დაწონო ის ნათლად და თავი შეიკავო დაუფიქრებლად საუბრისგან. თუ იტყვი: „ეკლესიაში სიტყვების გულში ჩაკვლა საშინელებაა; ვგრძნობ, თითქოს ვსკდები“, მაინც უნდა დაფიქრდე, არის თუ არა ამ წარმოდგენების გავრცელება ნამდვილად სასარგებლო ღვთის რჩეული ხალხისთვის. თუ ეს არ არის სასარგებლო და შეუძლია სხვებს გაუჩინოს წარმოდგენები ღმერთის შესახებ ან თუნდაც აიძულოს ისინი, წინ აღუდგნენ და განიკითხონ ღმერთი, განა ზიანს არ აყენებ ღვთის რჩეულ ხალხს? ზიანს აყენებ ადამიანებს. ეს არაფრით განსხვავდება ჭირის გავრცელებისგან. თუკი ნამდვილად გაგაჩნია საღი აზრი, გერჩივნოს თავად აიტანო ტკივილი, ვიდრე გაავრცელო წარმოდგენები და ზიანი მიაყენო სხვებს. თუმცა, თუ სიტყვების გულში ჩაკვლა მტანჯველია, უნდა ილოცო ღვთის მიმართ. თუ პრობლემა გადაიჭრება, განა ეს კარგი არ არის? თუ შენი წარმოდგენებით განიკითხავ და არასწორად უგებ ღმერთს მაშინაც კი, როდესაც მის მიმართ ლოცულობ, მაშინ მხოლოდ შარში იგდებ თავს. ღვთის მიმართ ასე უნდა ილოცო: „ღმერთო, მე მაქვს ეს აზრები და მინდა მათი განდევნა, მაგრამ არ შემიძლია. გთხოვ, გამწვრთენი, გამომააშკარავე სხვადასხვა გარემოს მეშვეობით და დამანახე, რომ ჩემი წარმოდგენები მცდარია. როგორც არ უნდა გამწვრთნა, მზად ვარ, მივიღო ეს“. ეს განწყობა სწორია. ამ განწყობით ღვთის მიმართ ლოცვის შემდეგ, განა შვებას არ იგრძნობ? თუ განაგრძობ ლოცვასა და ძიებას, მიიღებ ღვთისგან ნათელის მოფენასა და განათებას, გაიგებ ღვთის განზრახვებს და შენი გული გაბრწყინდება, აღარ იგრძნობ თავს დათრგუნულად. განა მაშინ პრობლემა არ გადაიჭრება? შენი წარმოდგენები, წინააღმდეგობა და ამბოხება ღვთის მიმართ მეტწილად გაქრება; სულ მცირე, აღარ იგრძნობ მათი გამოხატვის საჭიროებას. თუ ეს მაინც არ გაამართლებს და პრობლემა ბოლომდე არ გადაიჭრება, იპოვე გამოცდილების მქონე ვინმე, რათა დაგეხმაროს შენი წარმოდგენების მოგვარებაში. სთხოვე მათ, იპოვონ ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთი, რომლებიც დაკავშირებულია შენს წარმოდგენებთან და წაიკითხე ის ათჯერ ან ასჯერ. შესაძლოა შენი წარმოდგენები ძირფესვიანად მოგვარდეს. ზოგიერთმა შესაძლოა თქვას: „თუ დებთან და ძმებთან შეკრებაზე გამოვხატავ წარმოდგენებს, ეს წარმოდგენების გავრცელება იქნება, ამიტომ ამის გაკეთება არ შემიძლია. მაგრამ მათი გულში ჩაკვლა საშინელებაა. შემიძლია მათ შესახებ ჩემს ოჯახს ვესაუბრო?“ თუ შენი ოჯახის წევრებიც რწმენაში დანი და ძმანი არიან, ამ წარმოდგენების გამოთქმა მათაც შეაწუხებს. არის ეს მართებული? (არა.) თუ იმას, რასაც ამბობ, ექნება უარყოფითი გავლენა სხვებზე, ზიანს მიაყენებს და შეცდომაში შეიყვანს მათ, კატეგორიულად არ უნდა თქვა ეს. ნაცვლად ამისა, ილოცე ღვთის მიმართ საკითხის გადასაჭრელად. თუკი ლოცულობ და ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს ერთგული გულით, გულით, რომელსაც შია და სწყურია სამართლიანობა, შენი წარმოდგენები შეიძლება მოგვარდეს. ღვთის სიტყვები შეიცავს ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებას; მას შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, შეგიძლია თუ არა ჭეშმარიტების მიღება და გაქვს თუ არა ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების სურვილი და შეგიძლია თუ არა საკუთარი წარმოდგენების დათმობა. თუ გჯერა, რომ ღვთის სიტყვები შეიცავს ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებას, უნდა ილოცო ღვთის მიმართ და ეძიო ჭეშმარიტება პრობლემების გადასაჭრელად, როდესაც ისინი წარმოიშობა. თუ გარკვეული დროით ლოცვის შემდეგ, მაინც არ გრძნობ ღვთისგან ნათელის მოფენას და არ მიგიღია ღვთისგან მკაფიო სიტყვები იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთო, მაგრამ გაუცნობიერებლად შენი წარმოდგენები შინაგანად აღარ ახდენს გავლენას, აღარ აწუხებს შენს ცხოვრებას, თანდათანობით ქრება, აღარ მოქმედებს ღმერთთან ნორმალურ ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა, აღარ აფერხებს მოვალეობის შესრულებას, მაშინ განა ეს წარმოდგენა ძირითადად არ მოგვარდა? (დიახ.) ეს არის პრაქტიკის გზა.

მათ, ვისაც არ ესმით ჭეშმარიტება, პირველ რიგში უნდა ახსოვდეთ, რომ როდესაც წარმოდგენები უჩნდებათ, მათ მოსაგვარებლად ჭეშმარიტება უნდა ეძიონ. მათ არასოდეს უნდა გაავრცელონ ისინი ან დაუფიქრებლად ისაუბრონ და თქვან: „მე სიტყვის თავისუფლება მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი პირია; შემიძლია ვთქვა ის, რაც მსურს, ვისთანაც მსურს და ნებისმიერ ვითარებაში, სადაც მსურს.“ ამგვარად საუბარი არასწორია. ზოგიერთმა კარგმა ან სწორმა სიტყვამ წარმოთქმისას სხვებს შესაძლოა სარგებელი არ მოუტანოს, მაგრამ იმ სიტყვებმა, რომლებიც წარმოდგენებს ან სატანის ცდუნებებს წარმოადგენს, წარმოთქმისას შესაძლოა განუსაზღვრელი შედეგები გამოიწვიოს. ამ შედეგებიდან გამომდინარე, თუ გაქვს წარმოდგენა, რომლის გამოხატვასაც დაჟინებით მოითხოვ და გრძნობ, რომ ამის გაკეთება სიამოვნებას განიჭებს და გაბედნიერებს, შენი ქმედებები ბოროტ საქმეებად უნდა განისაზღვროს და ღმერთი მათ შენს საწინააღმდეგოდ აღრიცხავს. რატომ აღირიცხება ისინი შენს საწინააღმდეგოდ? შენ გითხრეს მრავალი დადებითი მეთოდის, გზისა და პრაქტიკის პრინციპის შესახებ, მაგრამ არ აირჩიე ისინი; ნაცვლად ამისა, აირჩიე გზა, რომელსაც ადამიანებისთვის ზიანი მოაქვს — ეს ხომ განზრახ გააკეთე? მაშ, გადაჭარბებულია შენს ქმედებებს ბოროტი საქმეები ვუწოდოთ? (არა.) შენ შეგიძლია თავად სრულად გადაჭრა ეს საკითხი გამოცდილების, ღვთისადმი ლოცვისა და ძიების მეშვეობით ნაცვლად იმისა, რომ შენი წარმოდგენებით სხვა შეაწუხო და შეცდომაშ შეიყვანო. ეს არის ის გზა, რომელიც სინდისის მქონე გონიერმა ადამიანმა უნდა აირჩიოს. მაშ, რატომ არ ირჩევ ამ გზას? რატომ ირჩევ ისეთ გზას, რომელიც სხვებს აზიანებს და ტკივილს აყენებს? განა სატანაც ასე არ მოიქცეოდა? ბოროტმოქმედები სჩადიან ისეთ რამეებს, რაც სხვებსაც აზიანებს და საკუთარ თავსაც. თუ შენც ასე იქცევი, სძულს ეს ღმერთს? (დიახ.) მაშინაც კი, თუ ღმერთი არ დაგმობს შენს წარმოდგენებს, შენ თავად უნდა ეძიო ჭეშმარიტება შენი წარმოდგენების გადასაჭრელად და უნდა გქონდეს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების გზა. თუ წარმოდგენებთან გამკლავების შენი გზა მათი გავრცელებაა, რათა განზრახ შეიყვანო შეცდომაში და დააზიანო სხვები, რითაც იწვევ ეკლესიური ცხოვრების, დებისა და ძმების სიცოცხლეში შესვლისა და მათი ნორმალური მდგომარეობის არევ-დარევას, მაშინ შენი ქმედებები ბოროტი საქმეებია. ასეთ ვითარებასთან შეჯახებისას, რა არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანმა? ადამიანობის მქონე პიროვნება, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს, არ აირჩევს ისეთ გზას, რომელიც სხვებს შეცდომაში შეიყვანს და დააზიანებს; ის აირჩევს პროაქტიული, დადებითი პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებასა და დაცვას, წარდგება ღვთის წინაშე, რათა ილოცოს და ეძიოს ჭეშმარიტება და სთხოვს ღმერთს დახმარებას საკითხის გადასაჭრელად. ზოგიერთი ამბობს: „როდესაც ღმერთს დახმარებას ვთხოვ, ყოველთვის ვგრძნობ, რომ მისი დახმარება ხელშესახები და ხილული არ არის. შემიძლია თუ არა, ნაცვლად ამისა, ადამიანებისგან ვითხოვო დახმარება?“ დიახ, შენ შეგიძლია აირჩიო ვინმე, ვისაც შენზე უკეთ ესმის ჭეშმარიტება და შენზე მეტი სულიერი სიმწიფე აქვს; ვინმე, ვისზეც გჯერა, რომ შეძლებს შენი პრობლემის გადაჭრას ისე, რომ არ შეწუხდება და შენი წარმოდგენების გავლენით არ დასუსტდება; ვინმე, ვისაც მსგავსი საკითხები გამოუცდია და შეუძლია გითხრას, როგორ გადაჭრა ისინი — ეს გზაც შესაფერისია. თუ შენ აირჩევ ვინმეს, ვინც ჩვეულებრივ საკმაოდ დაბნეულია და არაფრის არსის დანახვა არ შეუძლია და ამ საკითხის მოსმენისთანავე მყისიერად აურზაურს ტეხს, სურს წარმოდგენები ყველგან გაავრცელოს, არეულობა გამოიწვიოს და რწმენის მიტოვება მოინდომოს — მაშინ შენი ქმედებებით უნებლიეთ არევ-დარევას გამოიწვევ ეკლესიურ ცხოვრებაში. განა მაშინ შენი ქმედებები ბოროტ საქმეებად არ განისაზღვრება? (დიახ.) შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე წარმოდგენებს, უნდა იყო ფრთხილი და წინდახედული, არ უნდა იმოქმედო დაბნეულად ან დაუფიქრებლად და აბსოლუტურად არ უნდა მიიჩნიო წარმოდგენები ჭეშმარიტებად — რაც არ უნდა სწორი იყოს ადამიანური ფიქრები, ისინი ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს. ამგვარად, შენ ბევრად უფრო მშვიდად იგრძნობ თავს და შენი წარმოდგენები ვერავითარ პრობლემას ვერ გამოიწვევს. წარმოდგენების ქონაში საშიში არაფერია — თუკი ჭეშმარიტებას ეძიებ, ისინი საბოლოოდ გადაიჭრება. ზოგიერთი ამბობს: „მაგრამ წარმოდგენების გადაჭრა ადვილი არ არის.“ ზოგიერთი წარმოდგენის გადაჭრა მართლაც რთულია, მაშ, რა უნდა გაკეთდეს? ეს მარტივია. ზოგიერთი წარმოდგენა ზოგიერთი ადამიანის ფიქრებსა და გონებაში არასოდეს გადაიჭრება. ეს უკვე ფაქტია, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს წარმოდგენის გადაჭრა, ის მაინც არ არის ჭეშმარიტება. თუკი ამ საკითხს გაიგებ, პრობლემასთან გამკლავება მარტივია. აქ არის ერთი ფაქტი, რომელიც თქვენ უნდა გითხრათ: ღმერთი არ მოითხოვს, რომ ყველას სრულად ესმოდეს ან ნათლად სწვდებოდეს ყველაფერს, რასაც იგი აკეთებს; იგი არ მოითხოვს, რომ ყველამ იცოდეს მასში არსებული ჭეშმარიტება ან ის, თუ რატომ მოქმედებს იგი ამა თუ იმ გზით. ეს არ არის ის, რაც ღმერთს სურს; იგი არ ითხოვს ადამიანებისგან ამ სტანდარტებს. თუ შენი სულიერი მონაცემები საკმარისად კარგია, გაგების ნებისმიერი დონე, რომელსაც მიაღწევ, კარგია — უბრალოდ, მაქსიმალურად ეცადე. თუ არ შეგიძლია გაგება, ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც შენი გამოცდილება მუდმივად უფრო და უფრო გაღრმავდება და მეტ გამოცდილებას დააგროვებ, ჭეშმარიტების შენი გაგებაც თანდათან გაღრმავდება და შენი წარმოდგენები შემცირდება. თუმცა, ადამიანთა უმეტესობას არ შესწევს უნარი, ჩაწვდეს ზოგიერთ განსაკუთრებულ საკითხს და არასოდეს ესმის ისინი. აიძულებს თუ არა ღმერთი მათ ამ საკითხების გაგებას? არა; ღმერთი მათში გაგებას ძალდატანებით არ ნერგავს. მაგალითად, ღვთის მიერ შექმნილ ყოველივეს შორის მრავალი საიდუმლოებაა, რომელთა ცოდნაც ადამიანებს სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ. თუმცა, ღვთის სიტყვებსა და საქმეში, იგი მხოლოდ ჭეშმარიტების გამოხატვაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა განწმინდოს და გადაარჩინოს ადამიანები. იგი იშვიათად ახსენებს სხვა საკითხებს და მაშინაც კი, როდესაც დროდადრო აკეთებს ამას, მხოლოდ მოკლედ საუბრობს; ღმერთი არასოდეს უხსნის ამ საკითხებს ადამიანებს ვრცლად. რატომ არა? იმიტომ, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ ამ საკითხების გაგება. იმ საქმეში, რომელსაც ღმერთი ადამიანებზე აღასრულებს, ერთი მხრივ, იგი ავლენს თავის ხასიათი-არსს; მეორე მხრივ, ღმერთს აქვს თავისი ფიქრები, თავისი გეგმები, მის მიერ აღსრულებული საქმეების წყაროები და მიზნები, ის გზები და მეთოდები, რომლებსაც იგი სხვადასხვა ადამიანზე მუშაობისას იყენებს, ის გზები და მეთოდები, თუ როგორ ხელმწიფებს იგი ყოველივეზე და ა.შ. ღმერთს არასოდეს უთქვამს, რომ ადამიანებს უნდა ესმოდეთ და შევიდნენ ყველა ჭეშმარიტებაში, რათა გადარჩენილად ჩაითვალონ. ეს იმიტომ, რომ ღმერთი მეტისმეტად ყოვლისშემძლეა! მისი მოქმედების, საუბრის, მუშაობისა და ყოველივეზე ხელმწიფების გზები ბუნებრივად ავლენს მის ხასიათს, არსს, ვინაობას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ბუნებრივად ავლენს იმას, რაც მას აქვს და რაც იგი არის, იგი არ ითხოვს ადამიანებისგან, რომ მათ ყველაფერი ესმოდეთ ან სწვდებოდნენ. ეს იმიტომ, რომ ღმერთი ყოველთვის ღმერთი იქნება და იგი ყოვლისშემძლეა, მაშინ როცა შექმნილი კაცობრიობა უმნიშვნელოა და სრულიად მოკლებულია ძალას; ადამიანსა და ღმერთს შორის უზარმაზარი უფსკრულია! შესაბამისად, სრულიად ნორმალურია, რომ ადამიანებს ღმერთის შესახებ გარკვეული წარმოდგენები და ფანტაზიები უჩნდებათ. ღმერთს ეს გულთან ახლოს არ მიაქვს, მაგრამ ყოველთვის ასე სერიოზულად აღიქვამ ამას და ჯიუტად იციკლები მასზე. ეს მიდგომა არ გაამართლებს. თუ ხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს და მაღალი სულიერი მონაცემები გააჩნია, თუკი გესმის ჭეშმარიტება და გაქვს ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება, ეს წარმოდგენები და ფანტაზიები ბუნებრივად გადაიჭრება. თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას და, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ეწევა შენთან ჭეშმარიტების თანაზიარებას, არ იღებ მას და ყოველთვის საკუთარ წარმოდგენებს ეჭიდები, რა იქნება ამის შედეგი? შედეგი ის იქნება, რომ სიცოცხლის დასასრულსაც რომ მიაღწიო ან იმ მომენტს, როდესაც ღვთის საქმე სრულად დასრულდება, ვერ მოიპოვებ ჭეშმარიტებას, არამედ შენი წარმოდგენები და ფანტაზიები სიკვდილამდე მიგიყვანს. ღვთის სულიერი სხეულის გამოჩენაც რომ იხილო, მაინც ვერ შეძლებ ღვთის შესახებ შენი წარმოდგენებისა და ფანტაზიების მოგვარებას. განა ღმერთი გეტყოდა ყველა ფაქტს და იმას, თუ რა არის ჭეშმარიტი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეგიძლია ამ წარმოდგენების გადაჭრა? ერთი მხრივ, მისთვის ამის გაკეთება აუცილებელი არ არის; მეორე მხრივ, არსებობს ფაქტი, რომ ადამიანის ტვინსა და გონებას არ გააჩნია ის უზარმაზარი ტევადობა, რაც ამ ყველაფრის მისაღებადაა საჭირო. საქმე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს, აღემატება ადამიანურ ფანტაზიას და აღემატება ყოველივეს. ყოველივესთან შედარებით, ადამიანები სანაპიროზე არსებული ქვიშის მარცვალს გვანან. ეს აღწერა ახლოსაა ფაქტებთან და შეიძლება შესაფერისად ჩაითვალოს. ღმერთს რომც სურდეს შენთვის ყველაფრის თქმა, გაქვს კი იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი დაიტიო? ზოგიერთი ამბობს: „რატომ არ შემიძლია ყველაფრის დატევა? ღმერთს მეტი რომ ეთქვა, მეტის გაგებასა და მოპოვებას შევძლებდი. ამ შემთხვევაში, მე კეთილგანწყობას დავიმსახურებდი!“ ეს ფუჭი ოცნებაა; ზედმეტად აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს. სინამდვილეში ყველაფერი ასე არ არის. ღვთის თვალში, ის, რასაც იგი გეუბნება, ძალიან მარტივი და ცხადია; ეს ისეთი რამეებია, რისი წვდომაც ადამიანებს შეუძლიათ. სინამდვილეში არსებობს მრავალი რამ, რაზეც ღმერთს არ უსაუბრია, რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ მათი წვდომა. შესაბამისად, სრულიად ნორმალურია, რომ შენი ზოგიერთი წარმოდგენა საბოლოოდ ვერ გადაიჭრება. იმას, რისი გაგებაც ღმერთს სჭირდება შენგან და რისი თქმაც სურს შენთვის ან რისი ატანაც და წვდომაც შეგიძლია, გაიგებ. რაც შეეხება იმას, რისი ატანაც ან წვდომაც არ შეგიძლია, რისი არსის დანახვაც შენს ხორციელ თვალებს არ ძალუძს, ღმერთმა რომც გითხრას ისინი, ეს უსარგებლო და ძალისხმევის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. შედეგად, ღმერთი არ გეუბნება ამას. ასეთ წარმოდგენებთან დაკავშირებით, სიკვდილის ჟამს ან ღვთის საქმის დასრულების ჟამსაც რომ არ გესმოდეს ისინი, რაზე მოახდენს ეს გავლენას? მოახდენს ეს გავლენას ღვთისადმი შენს მორჩილებაზე? მოახდენს ეს გავლენას შენ მიერ ქმნილების როლის მორგებაზე? მოახდენს ეს გავლენას შენ მიერ ღვთის ვინაობისა და არსის შეცნობაზე? თუ არცერთი ეს გზა არ მოახდენს შენზ გავლენას გავლენა, მაშინ გადარჩენილი იქნები. მაშ, საჭიროებს თუ არა ამგვარი წარმოდგენა კვლავაც გადაჭრას? არა. ეს არის წარმოდგენის ბოლო სახეობა, ისეთი, რომელიც სიკვდილის პირასაც კი ვერ მოგვარდება. ზოგიერთი ამბობს: „ო, ღმერთო, მე ჯერ კიდევ არ მესმის ეს საქმე, რომელიც შენ აღასრულე, ეს სიტყვები, რომლებიც შენ თქვი და ეს გარემოება, რომელიც შენ მოაწყვე. შეგიძლია მითხრა სანამ მოვკვდები, რათა მშვიდად განვისვენო?“ ღმერთი უგულებელყოფს ასეთ თხოვნებს. შეგიძლია მშვიდად წახვიდე; სულიერ სამყაროში ყველაფერს გაიგებ.

ღმერთს ადამიანთა გადარჩენის საკუთარი სტანდარტი აქვს; ის არ ეფუძნება იმას, თუ რამდენად კარგად მოაგვარე შენი წარმოდგენები ან რამდენი მათგანი უარყავი. ნაცვლად ამისა, ის ეფუძნება იმას, თუ რამდენად ღვთისმოშიში ხარ და რამდენად ემორჩილები მას, ჭეშმარიტად გეშინია და ემორჩილები მას თუ არა. ყველაფერში, რასაც ღმერთი აკეთებს, არის აზრი და მიუხედავად იმისა, ადვილი მისაღებია ეს შენთვის თუ რთული და სავარაუდოდ წარმოდგენებს იწვევს შენში, ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთის ვინაობა ამის შედეგად არ იცვლება; იგი ყოველთვის შემოქმედი იქნება, შენ კი ყოველთვის ქმნილება იქნები. თუ შეგიძლია, არ იყო შეზღუდული არცერთი წარმოდგენით და მაინც შეინარჩუნო ღმერთთან ქმნილებისა და შემოქმედის ურთიერთობა, მაშინ ღვთის ჭეშმარიტი ქმნილება ხარ. თუ შეგიძლია, არ მოექცე გავლენის ქვეშ ან არ შეწუხდე არცერთი წარმოდგენით და გულწრფელად, გულის სიღრმიდან შეგიძლია ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილება და თუ, მიუხედავად იმისა, ჭეშმარიტების შენი გაგება ღრმაა თუ ზედაპირული, შეგიძლია წარმოდგენები გვერდზე გადადო და არ იყო მათგან შებოჭილი და გწამდეს მხოლოდ ის, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე, რომ ღმერთი სამუდამოდ ღმერთი იქნება და რომ რასაც ღმერთი აკეთებს, არასოდეს არის მცდარი, მაშინ შეგიძლია გადარჩე. სინამდვილეში, თითოეული ადამიანის სულიერი სიმწიფე შეზღუდულია. რამდენი რამ შეიძლება ჩაეტიოს ადამიანთა ტვინში? შეუძლიათ კი მათ ღვთის წვდომა? ეს ფუჭი ოცნებაა! ნუ დაგავიწყდებათ: ადამიანები ღვთის წინაშე ყოველთვის ჩვილები იქნებიან. თუ ფიქრობ, რომ ჭკვიანი ხარ, თუ მუდამ ცდილობ ჭკუა იხმარო და ყველაფერი ამოხსნა და ფიქრობ: „თუ არ შემიძლია ამის გაგება, მაშინ ვერ გაღიარებ ჩემს ღმერთად, ვერ მიგიღებ ჩემს ღმერთად, ვერ გაღიარებ შემოქმედად. თუ არ გადაჭრი ჩემს წარმოდგენებს, ტყუილად ოცნებობ, თუ ფიქრობ, რომ გაღიარებ ღმერთად, რომ მივიღებ შენს ხელმწიფებას და რომ დაგემორჩილები,“ — მაშინ საქმე ცუდადაა. რატომ? ღმერთი არ დაგიწყებს კამათს ასეთ რამეებზე. ადამიანის მიმართ იგი ყოველთვის ასეთი იქნება: თუ არ იღებ, რომ ღმერთი შენი ღმერთია, იგი არ მიიღებს, რომ მისი ერთ-ერთი ქმნილება ხარ. როდესაც ღმერთი არ იღებს, რომ მისი ერთ-ერთი ქმნილება ხარ, მის მიმართ შენი დამოკიდებულების შედეგად იცვლება შენი ურთიერთობა ღმერთთან. თუ არ შეგიძლია დაემორჩილო ღმერთს, მიიღო ღვთის ვინაობა და არსი და ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, შეიცვლება შენი ვინაობა. ხარ კი კვლავაც ქმნილება? ღმერთი არ გაღიარებს; კამათს აზრი არ აქვს. და თუ არ ხარ ქმნილება და ღმერთს არ სჭირდები, გაქვს კი კვლავაც ხსნის იმედი? (არა.) რატომ არ მიგიჩნევს ღმერთი ქმნილებად? არ შეგიძლია იმ პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც ქმნილებამ უნდა შეასრულოს და არ ეპყრობი შემოქმედს ქმნილების პოზიციიდან. მაშ, როგორ მოგექცევა ღმერთი? როგორ შემოგხედავს იგი? ღმერთი შემოგხედავს არა, როგორც სტანდარტის შესაბამის ქმნილებას, არამედ როგორც გადაგვარებულს, ეშმაკსა და სატანას. განა არ ფიქრობდი, რომ ჭკვიანი იყავი? როგორ მოხდა, რომ საკუთარი თავი ეშმაკად და სატანად აქციე? ეს არ არის ჭკვიანური, ეს სისულელეა. რის გაგებაში ეხმარება ეს სიტყვები ადამიანებს? იმის, რომ ადამიანებმა ღვთის წინაშე თავიანთი ადგილი უნდა იცოდნენ. მაშინაც კი, თუ შენი წარმოდგენებისთვის მიზეზი გაქვს, ნუ იფიქრებ, რომ ჭეშმარიტებას ფლობ და რომ გაქვს იმის საფუძველი, ღმერთს შეეწინააღმდეგო და შემოსაზღვრო იგი. რასაც არ უნდა აკეთებდე, ასე ნუ მოიქცევი. როგორც კი დაკარგავ ქმნილების ვინაობას, განადგურდები — ეს ხუმრობა არ არის. სწორედ იმიტომ, რომ როდესაც ადამიანებს წარმოდგენები უჩნდებათ, ისინი სხვადასხვა მიდგომას იყენებენ და სხვადასხვა გამოსავალს ირჩევენ, შედეგები სრულიად განსხვავებულია.

გაქვთ თუ არა პრინციპები იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედოთ წარმოდგენებთან დაკავშირებით? გიცავთ თუ არა ეს პრინციპები, რათა სათანადოდ წარმართოთ საკუთარი თავი, როგორც ქმნილებებმა? კარგია ეს გზა? (დიახ.) მაშინ შეაჯამეთ იგი. (თუ ეს შედარებით ადვილად მოსაგვარებელი წარმოდგენაა, უნდა ვილოცოთ და ვეძიოთ, რათა ღვთის სიტყვებიდან ვიპოვოთ ჭეშმარიტება, რომელიც გაანალიზებს ამ ტიპის წარმოდგენას და ასევე შეგვიძლია თანაზიარება გვქონდეს დებთან და ძმებთან, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება; ამგვარად, ჩვენ შევძლებთ წარმოდგენის მცდარი ასპექტების არსის დანახვას და ამით მის გადაჭრას. ასევე არსებობს ზოგიერთი წარმოდგენა, რომლის გადაჭრაც ადვილი არ არის, მაგრამ მასზე არ უნდა ჩავიციკლოთ. უნდა გვქონდეს ჭეშმარიტების მიღებისა და ღვთისადმი მორჩილების დამოკიდებულება, ვიცოდეთ, რომ ქმნილებები ვართ და რომ რასაც ღმერთი აკეთებს, ნამდვილად სწორია და უბრალოდ ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ ეს. გვესმის თუ არა, არ უნდა გავავრცელოთ წარმოდგენები. უნდა ვისწავლოთ ღვთისადმი ხშირად ლოცვა და ძიება და თანდათანობით ეს წარმოდგენებიც შეიძლება გადაიჭრას. მესამე ვითარება ისაა, რომ ზოგიერთი წარმოდგენა საბოლოოდ შეიძლება გადაუჭრელი დარჩეს. ასეთ შემთხვევებში თუკი არ ვართ შებოჭილნი ამ წარმოდგენებით და არ ვავრცელებთ მათ, ყველაფერი რიგზეა. მაშინაც კი, თუ ეს წარმოდგენები საბოლოოდ არ გადაიჭრება, თუკი არ ჩავეჭიდებით მათ და არ ჩავიდენთ ბოროტებას მათ გამო, ღმერთი არ დაგვგმობს და ეს არ მოახდენს გავლენას ჩვენს ხსნაზე.) სულ რამდენი პრინციპია? (სამი.) სულ სამი პრინციპია. ყველა მათგანი ჩაინიშნეთ, არა? როგორც კი გაიგებთ ჭეშმარიტებას და ჩაწვდებით პრინციპებს, თქვენი წარმოდგენები ბუნებრივად მოგვარდება. არ უნდა მისცე წარმოდგენებს უფლება, დაგაბრკოლონ ან ფეხი დაგიდონ; შეძლებისდაგვარად მოაგვარე ის წარმოდგენები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია, ხოლო მათ, რომლებიც დროებით გადაუჭრელია, სულ მცირე, ნუ მისცემ უფლებას, გავლენა მოახდინონ შენზე. მათ არ უნდა შეაფერხონ მოვალეობის შესრულება და არც ღმერთთან ურთიერთობაზე უნდა მოახდინონ გავლენა. შენი მთავარი ამოცანაა, რომ სულ მცირე, არ გაავრცელო წარმოდგენები, არ ჩაიდინო ბოროტება, არ გამოიწვიო ჩაშლა და არევ-დარევა და არ იმოქმედო, როგორც სატანის მსახურმა ან სატანის იარაღმა. თუ, მიუხედავად იმისა, რამდენ ძალისხმევას იჩენ, ზოგიერთი წარმოდგენა მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება გადაიჭრას და არა საფუძვლიანად, მაშინ უბრალოდ უგულებელყავი ისინი. ნუ მისცემ წარმოდგენებს უფლებას, გავლენა მოახდინონ ჭეშმარიტების ძიებაზე ან სიცოცხლეში შესვლაზე. დაეუფლე ამ პრინციპებს და ნორმალურ ვითარებაში დაცული იქნები. თუ ხარ ის, ვინც იღებს ჭეშმარიტებას, უყვარს დადებითი რამ, არ არის ბოროტმოქმედი, არ სურს ჩაშლისა და არევ-დარევის გამოწვევა და განზრახ არ იწვევს ჩაშლასა და არევ-დარევას, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ აწყდები წარმოდგენების გაჩენის საკითხს, ძირითადად დაცული იქნები. პრაქტიკის ყველაზე ელემენტარული პრინციპი ასეთია: თუ ჩნდება წარმოდგენა, რომლის მოგვარებაც რთულია, ნუ იჩქარებ ამ წარმოდგენის საფუძველზე მოქმედებას. პირველ რიგში, დაელოდე და ეძიე ჭეშმარიტება მის გადასაჭრელად და გწამდეს, რომ რასაც ღმერთი აკეთებს, არ შეიძლება მცდარი იყოს. დაიმახსოვრე ეს პრინციპი. გარდა ამისა, გვერდზე არ გადადო მოვალეობა და არ მისცე წარმოდგენას უფლება, გავლენა მოახდინოს მოვალეობის შესრულებაზე. თუ წარმოდგენები გაგიჩნდება და იფიქრებ: „ამ მოვალეობას უბრალოდ ზედაპირულად შევასრულებ; ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომ შენთვის კარგად არ შევასრულებ საქმეს!“ — ეს არ ვარგა. როგორც კი შენი დამოკიდებულება ნეგატიური და ზედაპირული გახდება, საქმე რთულდება; ეს შენში წარმოდგენების ამოქმედებაა. როდესაც შენში წარმოდგენები ამოქმედდება და გავლენას მოახდენს მოვალეობის შესრულებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ღმერთთან შენმა ურთიერთობამ სინამდვილეში უკვე განიცადა ცვლილება. ზოგიერთ წარმოდგენას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვალეობის შესრულებაზე, რაც სერიოზული პრობლემაა და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. სხვა წარმოდგენები არ ახდენს გავლენას მოვალეობის შესრულებაზე ან ღმერთთან ურთიერთობაზე, ამიტომ ისინი არ წარმოადგენს მთავარ პრობლემებს. თუ გაჩენილ წარმოდგენებს შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვალეობის შესრულებაზე, დაგაეჭვოს ღმერთში, გაიძულოს, არ შეასრულო მოვალეობა გულმოდგინედ — და გაფიქრებინოს კიდეც, რომ მოვალეობის შეუსრულებლობას არავითარი შედეგი არ მოჰყვება — და აღარ გქონდეს არავითარი შიში ან ღვთისმოშიში გული, ეს სახიფათოა. ეს ნიშნავს, რომ ცდუნებაში ჩავარდები და სატანის მიერ მოტყუებული და დატყვევებული აღმოჩნდები. შენი დამოკიდებულება წარმოდგენების მიმართ და გაკეთებული არჩევანი გადამწყვეტია; მიუხედავად იმისა, შეიძლება თუ არა წარმოდგენების გადაჭრა და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ხარისხით შეიძლება მათი გადაჭრა, შენსა და ღმერთს შორის ნორმალური ურთიერთობა არ უნდა შეიცვალოს. ერთი მხრივ, უნდა შეგეძლოს დაემორჩილო ყველა გარემოებას, რომელიც ღვთის მიერ არის წარმართული და განგებული და დაადასტურო, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, სწორი და მნიშვნელოვანია და ეს ცოდნა და ჭეშმარიტების ეს ასპექტი შენთვის არასოდეს უნდა შეიცვალოს. მეორე მხრივ, გვერდზე არ უნდა გადადო ის მოვალეობა, რომელიც ღმერთმა დაგაკისრა, არ უნდა მოიხსნა ეს ტვირთი. თუ შინაგანად ან გარეგნულად არ გაქვს ღვთის მიმართ წინააღმდეგობა, დაპირისპირება ან ამბოხება, ღმერთი მხოლოდ შენს მორჩილებას დაინახავს და იმას, რომ შენ ელი. შესაძლოა კვლავ გქონდეს წარმოდგენები, მაგრამ ღმერთი ვერ ხედავს შენს ამბოხებას. რადგან შენში არ არის ამბოხება და წინააღმდეგობა, ღმერთი კვლავ მიგიჩნევს თავის ერთ-ერთ ქმნილებად. ამის საპირისპიროდ, თუ შენი გული სავსეა საყვედურებითა და ურჩობით, ეძებ შურისძიების შესაძლებლობას და არ გსურს მოვალეობის შესრულება, ნაცვლად ამისა, გსურს მისი ტვირთისგან გათავისუფლება — იქამდეც კი, რომ შენს გულში ღვთის მიმართ ყოველგვარი საყვედურია და მოვალეობის შესრულების პროცესში ურჩობისა და წყენის გარკვეული გამოვლინებები მჟღავნდება — მაშინ, ამ დროს, ღმერთთან შენმა ურთიერთობამ უკვე განიცადა უდიდესი ცვლილება. უკვე შეიცვალე პოზიცია, როგორც ქმნილებამ; აღარ ხარ ქმნილება, არამედ გახდი ეშმაკებისა და სატანის იარაღი — და ამიტომ ღმერთი არავითარ სიკეთეს არ გამოიჩენს შენ მიმართ. როდესაც ვინმე ამ წერტილამდე მიდის, ის სახიფათო ტერიტორიას უახლოვდება. ღმერთმა არაფერიც რომ არ მოიმოქმედოს, ისინი ვერ შეძლებენ ეკლესიაში მტკიცედ დგომას. ამიტომ, ყველაფერში, რასაც აკეთებენ — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა წარმოდგენების გადაჭრა — ადამიანები უნდა უფრთხილდნენ ისეთი რამეების კეთებას, რაც შეურაცხყოფს ღმერთს ან რასაც ღმერთი გმობს ან რაც სხვებს ტკივილს აყენებს ან აზიანებს. ეს არის პრინციპი.

ადამიანების მიერ ღვთის შესახებ წარმოდგენების ქონის პრობლემა მცირე საკითხი არ არის! ადამიანებისთვის გადამწყვეტია ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას ამ ურთიერთობაზე, ადამიანების წარმოდგენებია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანების წარმოდგენები ღმერთის შესახებ გადაიჭრება, შეიძლება ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება. ამჟამად ბევრ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რამდენი წელია სწამთ ღმერთი, თუმცა შესაძლოა შეეძლოთ ტანჯვის ატანა და საფასურის გადახდა მოვალეობების შესრულებისას, მაინც, მთელი ამ დროის განმავლობაში, მათი წარმოდგენები სრულად ვერ გადაიჭრება. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ღმერთთან მათ ურთიერთობაზე და პირდაპირ აისახება ღვთისადმი მათ სიყვარულსა და მისდამი მორჩილებაზე. ამიტომ რა წარმოდგენებიც არ უნდა გაუჩნდეთ ადამიანებს ღმერთის შესახებ, ეს სერიოზული საკითხია, რომელიც არ უნდა იქნას უგულებელყოფილი. წარმოდგენები კედელივითაა; ისინი წყვეტენ ადამიანების ურთიერთობებს ღმერთთან, რის გამოც ისინი აღარ არიან დაკავშირებულნი ღვთის ხსნის საქმესთან. ამრიგად, ადამიანების მიერ ღვთის შესახებ წარმოდგენების ქონა ძალიან სერიოზული საკითხია, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება! თუ ადამიანებს აქვთ წარმოდგენები და არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ ეძიონ ჭეშმარიტება და გადაჭრან ისინი, ამან შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ნეგატიურობა, ღვთისადმი წინააღმდეგობა და მის მიმართ მტრობაც კი. შეუძლიათ კი მათ მაშინ ჭეშმარიტების მიღება? მათი სიცოცხლეში შესვლა შეჩერდება. ღვთის საქმის განცდის გზა უსწორმასწორო და დაბრკოლებებით სავსეა. რადგან ადამიანებს აქვთ გახრწნილი ხასიათი, მათ შეუძლიათ მრავალი შემოვლითი გზით სიარული და შესაძლოა ნებისმიერ ვითარებაში წარმოდგენები ჩამოუყალიბდეთ. თუ ეს წარმოდგენები არ გადაიჭრება ჭეშმარიტების ძიებით, ადამიანები შეიძლება აჯანყდნენ ღვთის წინააღმდეგ და შეეწინააღმდეგონ მას და იარონ მის მიმართ მტრობის გზით. როგორც კი ადამიანები ანტიქრისტეთა გზას დაადგებიან, როგორ ფიქრობთ, რჩებათ მათ ხსნის შანსი? ამ ეტაპზე საქმის გამოსწორება ადვილი აღარ არის და შანსი აღარ დარჩება. ამიტომ, სანამ ღმერთი უარგყოფდეს, როგორც თავის ქმნილებას, უნდა ისწავლო, როგორ იყო ღვთის ქმნილება. ნუ შეეცდები შემოქმედის გულდასმით შესწავლას ან ნუ შეეცდები გაარკვიო, როგორ დაამტკიცო და დაადასტურო, რომ ღმერთი, რომელიც გწამს, შემოქმედია. ეს არ არის შენი ვალდებულება ან პასუხისმგებლობა. ის, რაზეც ყოველდღე უნდა ფიქრობდე და გულში განსჯიდე, არის ის, თუ როგორ შეასრულო მოვალეობები და გახდე სტანდარტის შესაბამისი ქმნილება, ნაცვლად იმისა, რომ ამტკიცო, არის თუ არა ღმერთი შემოქმედი, არის თუ არა იგი ნამდვილად ღმერთი ან გულდასმით იკვლევდე იმას, რაც ღმერთმა გააკეთა და არის თუ არა მისი ქმედებები სწორი. ეს არ არის ის, რასაც გულდასმით უნდა იკვლევდე.

19 ივნისი, 2021 წ.

წინა: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (15)

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (17)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება