რელიგიური მსახურება უნდა განახლდეს
სამყაროში თავისი საქმის დაწყებისთანავე, ღმერთმა ბევრი ადამიანი, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი განამზადა თავისი მსახურებისთვის, რათა მისი ნება აღსრულდეს და სამყაროში შეუფერხებლად შესრულდეს მისი საქმე. ღვთის მიზანი სწორედ ეს არის მაშინ, როცა იმ ადამიანებს ირჩევს, ვინც მას უნდა ემსახუროს. ვინც ღმერთს ემსახურება, ყველამ უნდა შეიმეცნოს მისი ეს განზრახვა. ღვთის ამ საქმის მეშვეობით ადამიანი გაცილებით ნათლად აღიქვამს, თუ როგორი ბრძენი და ყოვლისშემძლეა იგი და ასევე ხედავს მისი საქმის პრინციპებს დედამიწაზე. სინამდვილეში, ღმერთი დედამიწაზე მოვიდა იმისთვის, რათა თავისი საქმე აღასრულოს და ადამიანებს დაუკავშირდეს. ამგვარად, ადამიანები უფრო ცხადად და ნათლად შეიმეცნებენ მის საქმეებს. დღეს კი თქვენ, ადამიანთა ამ ნაწილს, გაქვთ ბედნიერება, ემსახუროთ პრაქტიკულ ღმერთს. ეს განუზომელი კურთხევაა თქვენთვის — ჭეშმარიტად იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა განგადიდათ. როცა არჩევს ადამიანს, რომელიც მას უნდა ემსახუროს, ღმერთი მუდამ საკუთარი პრინციპებით მოქმედებს. სრულიად მცდარია ადამიანების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანი მანამ უნდა ემსახუროს ღმერთს, სანამ ამისი სურვილი აქვს. დღეს თქვენთვის ცხადია, რომ ყველა, ვინც ღვთის წინაშე მსახურობს, ამას მხოლოდ ღვთის წინამძღოლობით სჩადის, მათზე სულიწმიდა მოქმედებს და არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან. ეს ყოველივე მინიმალურ პირობებს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, ღმერთს ემსახუროს.
ღვთის მსახურება ადვილი საქმე არ არის. ის, ვისი გახრწნილი ხასიათიც არ იცვლება, ღვთის მსახურებას ვერასოდეს შეძლებს. თუ შენი ხასიათი არ განსჯილა და არ გაკიცხულა ღვთის სიტყვის საშუალებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ სატანას განასახიერებს. ეს კი იმას ადასტურებს, რომ ღმერთს მხოლოდ შენი კეთილი განზრახვით ემსახურები, ხოლო ეს მსახურება შენს სატანურ ბუნებაზეა დამყარებული. შენ ემსახურები ღმერთს შენი თანდაყოლილი ზნეობისა და სურვილების მიხედვით. ამას გარდა, ერთთავად გგონია, რომ ის, რაც შენ გსურს, ღვთისთვისაც სათნოა, ხოლო ის, რაც არ გინდა, ღმერთსაც სძაგს; თავიდან ბოლომდე იმ გადაწყვეტილებების მიხედვით მოქმედებ, რასაც თავად იღებ. შეიძლება თუ არა, ამას ღვთის მსახურება ვუწოდოთ? საბოლოოდ, შენს სიცოცხლე-განწყობაში მცირეზე მცირე ცვლილებაც კი არ მოხდება; არამედ, ასეთი მსახურება კიდევ უფრო ჯიუტს გაგხდის, რის გამოც შენი გახრწნილი ბუნება უფრო ღრმა ფესვებს გაიდგამს. ამის გამო შენ ჩამოაყალიბებ ღვთის მსახურების წესებს, რომლებიც ძირითადად დამყარებული იქნება შენს ზნეობასა და იმ გამოცდილებაზე, რაც შენივე ნებაზე დაფუძნებული მსახურების შედეგად გაქვს შეძენილი. ასეთია ის გამოცდილება და გაკვეთილები, რასაც გადის ადამიანი. ადამიანური ფილოსოფია ამქვეყნიურ საქმეებთან გასამკლავებლად ასეთია. ასეთ ადამიანებად შეიძლება მივიჩნიოთ ფარისევლები და რელიგიური მესვეურები. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ გამოფხიზლდებიან და არ მოინანიებენ ამ ყოველივეს, უკანასკნელ დღეებში აუცილებლად იქცევიან ცრუ ქრისტეებად და ანტიქრისტეეებად, რომლებიც ადამიანებს თავგზას აურევენ. ცრუ ქრისტეები და ანტიქრისტეები, რომელთა მოსვლაც ნაწინასწარმეტყველებია, სწორედ ასეთი ხალხისგან აღმოცენდება. თუ ისინი, ვინც ღმერთს ემსახურებიან, საკუთარ ზნეობას აჰყვებიან და საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედებენ, მუდამ იმ საშიშროების წინაშე იქნებიან, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იქნან განკვეთილნი. ისინი, ვინც ღვთის მსახურების მრავალწლიან გამოცდილებას იმისთვის იყენებენ, რომ სხვებს თავი მოაწონონ, ჭკუა დაარიგონ და შეზღუდონ იმისთვის, რომ თვითონ მათზე მაღლა დადგნენ — და ისინი, ვინც არასოდეს მოინანიებს და არ აღიარებს საკუთარ ცოდვებს, ვინც არ თმობს საკუთარი მდგომარეობით მიღებულ უპირატესობებს — ღვთის წინაშე დაეცემიან. ისინი პავლეს ჰგვანან, საკუთარი წოდებით ქედმაღლობენ და საკუთარი დამსახურებით იქადნებიან. ასეთ ადამიანებს ღმერთი არ სრულყოფს. ასეთი მსახურება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის საქმის ჩამშლელია. ადამიანებს ყველაფერ ძველთან დამშვიდობება უჭირთ. ისინი ერთთავად წარსულზე ფიქრსა და გარდასულ დროს ებღაუჭებიან. ეს კი მათთვის დიდი დაბრკოლებაა მსახურების თვალსაზრისით. თუ არ განაგდებ, ეს ყოველივე ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ღმერთი ამას ოდნავადაც კი არ მოგიწონებს, თუნდაც ფეხები დაიმტვრიო სირბილით ან შრომით წელში გაწყდე, თუნდაც მთელი შენი მსახურების დროს ღმერთს შეეწირო. არამედ პირიქით: გეტყვის, რომ ბოროტმოქმედი ხარ.
ამიერიდან, ღმერთი წესისამებრ სრულყოფს მათ, ვისაც არ გააჩნია რელიგიური წინასწარგანწყობები, სურს, დათმოს თავისი ძველი მე და წრფელი გულით მორჩილობდეს ღმერთს. იგი სრულყოფს მათ, ვისაც ღვთის სიტყვა სწყურია. ეს ადამიანები უნდა წამოდგნენ და ღმერთს ემსახურონ. თავად ღმერთში უსასრულო სიუხვე და უსაზღვრო სიბრძნეა. მისი გასაოცარი საქმეები და ძვირფასი სიტყვა კიდევ უფრო მეტი ადამიანის ნეტარების საწინდარია. ამჟამად, მას, ვისაც რელიგიური წინასწარგანწყობები გააჩნია, უპირატესობას იჩემებს და მას, ვისაც საკუთარი თავის დათმობა არ შეუძლია, ამ სიახლეების შემეცნება უჭირს. სულიწმიდას ასეთი ადამიანების სრულყოფის საშუალება არ აქვს. თუ ადამიანს არ გააჩნია მორჩილების მტკიცე ნება და ღვთის სიტყვა არ სწყურია, ამ სიახლეს ვერ შეიმეცნებს; ის მხოლოდ და მხოლოდ სულ უფრო მეტად აჯანყდება, მეტ და მეტ ცბიერებას შეიძენს და საბოლოოდ, მცდარ გზას დაადგება. ახორციელებს რა, თავის საქმეებს, ღმერთი აღამაღლებს სულ უფრო მეტ ადამიანს, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს იგი და შეუძლია ახალი ნათლის მიღება, ხოლო სრულიად განაგდებს რელიგიის იმ მესვეურებს, რომლებიც საკუთარ უპირატესობას ეყრდნობიან; ღმერთს ერთი ადამიანიც კი არ სურს ისეთი, ვინც ჯიუტად ეწინააღმდეგება ცვლილებას. გსურს, შეუერთდე იმ ადამიანთა რიცხვს? როგორ ემსახურები მას — ისე, როგორც შენ გირჩევნია თუ ისე, როგორც ღმერთი მოითხოვს? ეს ისაა, რასაც შენ თვითონ უნდა მიხვდე. რელიგიის მესვეური ხარ თუ ახალშობილი ჩვილი, რომელიც ღმერთმა სრულყო? რამდენად მოსაწონია სულიწმიდასთვის შენი მსახურება ღვთისადმი? შენი მსახურებიდან რა არის ისეთი, რასაც ღმერთი არც კი დაიმახსოვრებს? რამდენად დიდი ცვლილება მოხდა შენს ცხოვრებაში მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა ღმერთს ემსახურებოდი? ყოველივე ეს ნათელია შენთვის? თუ ჭეშმარიტად გწამს, მაშინ შენ დათმობ შენს ძველ შეხედულებებს რელიგიაზე და უკეთესად, ახლებურად ემსახურები ღმერთს. წამოდექი, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ძველმა შეხედულებებმა რელიგიაზე შესაძლოა ადამიანის მთელი ცხოვრება ფუჭად გაანიავოს. ადამიანის გამოცდილებამ შესაძლოა უბიძგოს მას, მოწყდეს ღმერთს და ყველაფერი საკუთარი შეხედულებისამებრ აკეთოს. თუ ასეთ რაღაცებს არ დათმობ, ის შენი სიცოცხლის განმავლობაში წინ დაგხვდება და სულიერ ზრდაში დაგაბრკოლებს. ღმერთი მარად სრულყოფს იმათ, ვინც მას ემსახურება და ძნელად თუ განაგდებს მათ. თუ შენ ჭეშმარიტად დაეთანხმები ღვთის სიტყვისეულ სამსჯავროსა და წვრთნას, თუ შეძლებ, დათმო შენი ძველი რელიგიური წეს-ჩვეულებები და დადგენილებები, თუკი შეწყვეტ ძველ შეხედულებათა გამოყენებას ღვთის დღევანდელი, ახლებური სიტყვის საზომად, მხოლოდ მაშინ გექნება მომავალი. ხოლო თუ ძველ ცხოვრებას ვერ თმობ და ისევ საუნჯედ მიიჩნევ, მაშინ, ვერ გადარჩები. ღმერთი ასეთ ადამიანებს არ მოხედავს. თუ ნამდვილად გსურს სრულყოფა, მაშინ თავიდან ბოლომდე უნდა დათმო ყველაფერი ძველი. მაშინაც კი, თუ რასაც ადრე აკეთებდი, სწორი და ღვთისთვის სათნო საქმე იყო, მაინც უნდა შეძლო, უკუაგდო და ხელი გაუშვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სულიწმიდის საქმე იყო და უშუალოდ მის მიერ ხორციელდებოდა, დღეს მაინც უნდა უკუაგდო. მასზე ჩაბღაუჭება არ შეიძლება. ღმერთი სწორედ ამას მოითხოვს. ყველაფერი უნდა განახლდეს. თავისი საქმისა და სიტყვის მიხედვით, ღმერთი არასოდეს აქცევს ყურადღებას იმას, რაც უკვე ჩავლილია. არ ჩხრეკს ძველ ალმანახს; ღმერთი ის ღმერთია, რომელიც მუდამ სიახლეს განასახიერებს და არასოდეს ეხება რამე ძველს; იგი საკუთარ სიტყვასაც კი არ ებღაუჭება, რომელიც წარსულში დარჩა. ეს იმას ადასტურებს, რომ ღმერთი დოგმებსა და წესებს არ ემორჩილება. ჰოდა, თუკი შენ, ადამიანი, მუდამ წარსულს ებღაუჭები, თუ უარს ამბობ მის უკუგდებაზე და ყველაფრისადმი ბრმა, წინასწარ შემუშავებული დამოკიდებულება გაქვს მაშინ, როცა ღმერთს ყოველივე ძველი უკუგდებული აქვს, განა შენი სიტყვები და ქმედებანი ღვთის საქმეს არ აბრკოლებს? განა ეს ღვთისადმი წინააღმდეგობას არ ნიშნავს? ნუთუ გსურს, რომ ამ ძველი შეხედულებების გამო მთელი შენი ცხოვრება აირიოს და დაინგრეს? ეს ძველი შეხედულებები ისეთ ადამიანად გაქცევს, რომელიც ღვთის საქმეს აბრკოლებს - განა გსურს, ასეთი იყო? თუ არა, სასწრაფოდ შეწყვიტე იმის კეთება, რასაც აკეთებ. მოიხედე და ყველაფერი თავიდან დაიწყე. მაშინ ღმერთი შენს წარსულს აღარ გაიხსენებს.