პრაქტიკა (7)

თქვენი ადამიანობა მეტისმეტად არასრულყოფილია, თქვენი ცხოვრების წესი მეტისმეტად მდაბალი და ზნედაცემულია, არ გაგაჩნიათ ადამიანობა და წვდომის უნარი. სწორედ ამიტომ უნდა აღიჭურვოთ ნორმალური ადამიანობის თვისებებით. სინდისის, გონიერებისა და წვდომის უნარის ქონა; საუბრისა და მოვლენების შეფასების ცოდნა; სისუფთავეზე ზრუნვა; ნორმალური ადამიანური ბუნების გამოვლენა — ყოველივე ეს ნორმალური ადამიანობის შემეცნების მახასიათებლებია. როდესაც სათანადოდ იქცევით ამ საკითხებთან მიმართებაში, მაშინ თქვენი ადამიანურობა სტანდარტის შესაბამისად ჩაითვლება. ასევე უნდა აღიჭურვოთ სულიერი ცხოვრებისთვის. უნდა იცოდეთ დედამიწაზე აღსრულებული ღვთის მთელი საქმე და გამოცდილი გქონდეთ მისი სიტყვები. უნდა იცოდეთ, როგორ დაემორჩილოთ მის განგებულებას და როგორ შეასრულოთ ქმნილების მოვალეობა. ეს არის ის ორი ასპექტი, რომლებშიც დღეს უნდა შეხვიდეთ — მომზადება ადამიანური ცხოვრებისთვის და პრაქტიკა სულიერი ცხოვრებისთვის. ორივე მათგანი აუცილებელია.

ზოგიერთი ადამიანი უგუნურია: მათ მხოლოდ ის იციან, თუ როგორ აღიჭურვონ ადამიანობის მახასიათებლებით. მათ გარეგნობაში ნაკლს ვერ იპოვი; მათი ნათქვამი და საუბრის მანერა შესაფერისია, ხოლო მათი ჩაცმულობა მეტად ღირსეული და სათანადოა. მაგრამ შინაგანად ისინი ცარიელნი არიან; ისინი მხოლოდ ზედაპირულად ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ნორმალური ადამიანობა გააჩნიათ. არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუ რა ჭამონ, რა ჩაიცვან და რა თქვან. არიან ისეთებიც, რომლებიც მთლიანად ისეთ რამეებზე ფოკუსირდებიან, როგორიცაა იატაკის დაგვა, საწოლის გასწორება და ზოგადი სისუფთავე. შესაძლოა, ისინი კარგად იყვნენ გაწაფულნი ამ ყველაფერში, მაგრამ რომ სთხოვო, ისაუბრონ უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმის მათეულ ცოდნაზე, ან გაკიცხვასა და სამსჯავროზე, ან განსაცდელსა და გამოწრთობაზე, მათ უმცირესი გამოცდილებაც კი არ ექნებათ, რომ გაგიზიარონ. შეგიძლია ჰკითხო: „გაქვს თუ არა დედამიწაზე ღვთის უპირველესიძირითადი საქმის გაგება? რით განსხვავდება დღეს განკაცებული ღვთის საქმე იესოს საქმისგან? იეჰოვას საქმისგან? არიან თუ არა ისინი ერთი ღმერთი? მოვიდა იგი ამ ეპოქის დასასრულებლად თუ კაცობრიობის გადასარჩენად?“ მაგრამ ასეთ ადამიანებს ამ საკითხებზე სათქმელი არაფერი აქვთ. ზოგიერთები მშვენივრად იკაზმებიან: დები ყვავილებივით ლამაზად ირთვებიან, ძმები კი უფლისწულებივით ან მდიდარი ახალგაზრდა ფრანტებივით იცვამენ. ისინი მხოლოდ გარეგნულ მხარეზე — ჭამასა და ჩაცმაზე — ზრუნავენ; შინაგანად კი ღატაკნი არიან და ღვთის შესახებ უმცირესი ცოდნაც კი არ გააჩნიათ. რა აზრი შეიძლება ჰქონდეს ამას? არიან ისეთებიც, რომლებსაც ღარიბი მათხოვრებივით აცვიათ — ისინი ნამდვილად ჰგვანან აღმოსავლეთ აზიელ მონებს! ნუთუ მართლა არ გესმით, რას ვითხოვ თქვენგან? იქონიეთ თანაზიარება ერთმანეთში: სინამდვილეში რა შეიძინეთ? ღმერთი გწამდათ მთელი ამ წლების განმავლობაში და მაინც, ეს არის ყოველივე, რაც მოიმკეთ — უხერხულობას არ გრძნობთ? არ გრცხვენიათ? ჭეშმარიტ გზას ეძიებდით მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ დღეს თქვენი სულიერი ზრდა ბეღურისაზე დაბალია! შეხედეთ თქვენ შორის პრინცესებივით გამოწყობილთ, სურათებივით ლამაზად რომ მორთულხართ ტანსაცმლითა და მაკიაჟით და ერთმანეთს ედრებით — და რას ადარებთ? თქვენს სიამოვნებას? თქვენს მოთხოვნებს? გგონიათ, რომ მოდელების შესარჩევად მოვედი? სირცხვილი არ გაგაჩნიათ! სად არის თქვენი ცხოვრება? განა ის, რისკენაც ისწრაფვით, მხოლოდ თქვენივე გადაჭარბებული სურვილი არ არის? გგონია, რომ ასეთი ლამაზი ხარ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველგვარი ძვირფასი სამოსით იყო მორთული, განა მაინც ნეხვის გროვაში დაბადებული, მბორგავი მატლი არ ხარ? დღეს გაგიმართლა, რომ ტკბები ამ ზეციური კურთხევით არა შენი ლამაზი სახის გამო, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი გამონაკლისს უშვებს შენი ამაღლებით. ნუთუ ჯერ კიდევ გაურკვეველია, საიდან მოხვედი? სიცოცხლის ხსენებაზე პირს ხურავ და არაფერს ამბობ, ქანდაკებასავით დამუნჯებული, და მაინც გყოფნის კადნიერება, რომ გამოეწყო! მაინც გაქვს იმის სურვილი, რომ სახეზე ფერუმარილი და პუდრი წაისვა! და შეხედეთ თქვენ შორის ფრანტებს — ისინი უბრალოდ უხამსები არიან. ისინი მთელ დღეს უმიზნოდ ხეტიალში ატარებენ, სახეზე გულგრილი გამომეტყველებით — სადაც არ უნდა წავიდნენ, უმცირესი წესიერებაც კი არ აქვთ. აქვთ კი მათ ადამიანური მსგავსება? რას უთმობს თითოეული თქვენგანი, კაცი თუ ქალი, თავის ყურადღებას მთელი დღის განმავლობაში? იცი თუ არა, ვისზე ხარ დამოკიდებული საკუთარი თავის გამოსაკვებად? შეხედე შენს ტანსაცმელს, შეხედე, რა შეგრჩა ხელთ, მოისვი ხელი მუცელზე — რა ნაყოფი გამოიღო იმან, რომ შენთვის ყველაზე ძვირფასი გაიღე ამდენი წლის მანძილზე, რაც ღმერთი გწამს? კვლავ ფიქრობ უდარდელად ხეტიალზე, შენი მყრალი ხორციელი სხეულის შემკობაზე — ეს ყველაფერი უსარგებლოა! მოგეთხოვება, იყო ნორმალური ადამიანი, მაგრამ ახლა უბრალოდ არანორმალური კი არ ხარ, გადაგვარებული ხარ. როგორ ყოფნის ასეთ ადამიანს თავხედობა, წარდგეს ჩემ წინაშე? ასეთი ადამიანობით, პრანჭვითა და ხორციელი სხეულის გამოფენით, მუდამ ხორციელი ვნებებით ცხოვრებით — განა არ ხარ ბინძური დემონებისა და ბოროტი სულების შთამომავალი? მე არ მივცემ ასეთ ბინძურ დემონს უფლებას, დიდხანს იარსებოს! და ნუ იფიქრებ, რომ მე არ ვიცი, რას ფიქრობ გულში. შეიძლება არ აძლევდე გასაქანს ვნებასა და ხორციელ სხეულს, მაგრამ როგორ შეიძლება არ ვიცოდე ის ფიქრები, რომლებსაც გულით ატარებ? როგორ შეიძლება არ ვიცოდე ყველაფერი ის, რაც შენს თვალებს სურს? განა თქვენ, პრინცესებივით გამოწყობილნი ასე არ ილამაზებთ თავს, რათა თქვენი ხორციელი სხეული გამოფინოთ? რა სარგებელი მოაქვთ კაცებს თქვენთვის? შეუძლიათ კი მათ, ჭეშმარიტად გიხსნან ტანჯვის მორევიდან? რაც შეეხება თქვენ შორის ფრანტებს, ყველანი ისე იცვამთ, რომ ჯენტლმენებივით და წესიერად გამოიყურებოდეთ, მაგრამ განა ესეც არ არის გამიზნული იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოთ ელეგანტური გარეგნობით? ვისთვის აკეთებთ ამას? რა სარგებელი მოაქვთ ქალებს თქვენთვის? განა ისინი არ არიან თქვენი ცოდვის წყარო? ყველა თქვენგანს, კაცებსა და ქალებს, მრავალი სიტყვა გითხარით, მაგრამ მხოლოდ მცირედს დაემორჩილეთ. ყურები დახშული გაქვთ, თვალები დაბინდული და გულები გაქვავებული, იქამდეც კი, რომ თქვენი სხეულები მხოლოდ ვნებითაა შეპყრობილი და მისგან თავის დაღწევაც კი არ ძალგიძთ. ვის სურს თქვენთან, მატლებთან, ახლოს მოსვლა, რომლებიც სიბინძურესა და ჭუჭყში იკლაკნებით? არ დაგავიწყდეთ, რომ სხვა არაფერი ხართ, თუ არა ისინი, ვინც ნეხვის გროვიდან ამოვიყვანე, რომ თავდაპირველად არ გქონდათ ნორმალური ადამიანობა. რასაც ვითხოვ, არის ის ნორმალური ადამიანობა, რომელიც თავდაპირველად არ გქონდათ და არა ის, რომ გამოფინოთ ვნება ან თავისუფლება მისცეთ აყროლებულ ხორციელ სხეულს, რომელსაც ეშმაკები წვრთნიდნენ ამდენი წლის განმავლობაში. ასე რომ იკაზმებით, ნუთუ არ გეშინიათ, რომ უფრო ღრმად გაებმებით მახეში? განა არ იცით, რომ თავდაპირველად ცოდვისგან იყავით შობილნი? განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ავხორცობით არის სავსე? საქმე იქამდე მივიდა, რომ ვნება ტანსაცმლიდანაც კი გამოსჭვივის, რაც ავლენს თქვენი, როგორც ბინძური დემონების, აუტანლად მახინჯ გარეგნობას. განა ეს ყველაფერი თქვენზე უკეთ ვინმემ იცის? გულები, თვალები, ბაგეები — განა ყოველივე ეს ბინძურმა დემონებმა არ შებილწეს? განა ეს ნაწილები ბინძური არ არის? გგონიათ, რომ სანამ საქმით არ შესცოდავთ, ყველაზე წმინდები ხართ? გგონიათ, რომ მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობა დაფარავს ბინძურ სულებს? ეს არ გამოვა! გირჩევთ, იყოთ უფრო რეალისტურები, არ იყოთ მატყუარები და ყალბები და არ გამოაჩინოთ თქვენი მომხიბვლელობა. თქვენ ერთმანეთს უჩვენებთ საკუთარ ავხორცობას, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ საუკუნო ტანჯვასა და დაუნდობელ სასჯელს მიიღებთ! რა საჭიროა ერთმანეთისთვის თვალების ჟუჟუნი და რომანტიკაში გადაშვება? ეს არის თქვენი პატიოსნება? ეს არის თქვენი ურყევი სიმართლე? მძულს თქვენ შორის ისინი, ვინც ექიმბაშობასა და ჯადოქრობას ეწევა; მძულს ახალგაზრდა კაცები და ქალები თქვენ შორის, რომლებსაც საკუთარი ხორციელი სხეული უყვართ. უმჯობესია, მოთოკოთ თავი, რადგან ახლა მოგეთხოვებათ ნორმალური ადამიანობის ქონა და არ გეძლევათ საკუთარი ავხორცობის ჩვენების ნებართვა — თქვენ კი იყენებთ ყველა შესაძლებლობას, რადგან ხორციელი ბუნება მეტისმეტად ძლიერია, ხოლო ავხორცობა — მეტისმეტად დიდი!

შენი გარეგნული ადამიანური ცხოვრება ძალიან კარგადაა მოწყობილი, მაგრამ სათქმელი არაფერი გაქვს, როდესაც გთხოვენ, ისაუბრო სიცოცხლის შემეცნებაზე; ამ მხრივ ღატაკი ხარ. უნდა აღიჭურვო ჭეშმარიტებით! ადამიანური ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, ამიტომ შენი შინაგანი სიცოცხლეც უნდა შეიცვალოს; შეცვალე ფიქრები, გარდაქმენი შეხედულებები ღვთისადმი რწმენაზე, შეცვალე შინაგანი ცოდნა და აზროვნება და ღვთის შესახებ ცოდნა, როგორც ის შენს წარმოდგენებში არსებობს. გასხვლის, მხილებისა და სულიერი საზრდოობის წყალობით თანდათანობით შეცვალე ცოდნა საკუთარ თავზე, ადამიანურ ცხოვრებაზე და ღვთისადმი რწმენაზე, რათა ის უმწიკვლო გახდეს. ამგვარად, ადამიანში არსებული ფიქრები იცვლება, იცვლება ის, თუ როგორ უყურებს იგი მოვლენებს და იცვლება მისი გონებრივი მდგომარეობა. მხოლოდ ამას შეიძლება ეწოდოს სიცოცხლე-განწყობის ცვლილება. არ არის საჭირო, რომ ყოველი საათი ღვთის სიტყვების წიგნის ხელში ჭერასა და კითხვაში, ან ტანსაცმლის რეცხვასა და დასუფთავებაში გაატარო. რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანური ცხოვრება დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს — ეს მინიმუმია. გარდა ამისა, გარე საკითხების მოგვარებისას უნდა გამოიყენო გარკვეული გამჭრიახობა და გონიერება; მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აღჭურვილი იყო სიცოცხლის შესახებ ჭეშმარიტებებით. სიცოცხლისთვის მოზადებისას ყურადღება უნდა გაამახვილო ღვთის სიტყვების ჭამა-სმაზე, უნდა შეგეძლოს, ისაუბრო ღვთის შესახებ ცოდნაზე, ადამიანური ცხოვრების შესახებ შეხედულებებზე და განსაკუთრებით იმ საქმის ცოდნაზე, რომელიც ღმერთმა უკანასკნელ დღეებში აღასრულა. რადგან სიცოცხლეს ეძიებ, უნდა აღიჭურვო ამ ყველაფრით. როდესაც ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს, ისინი საკუთარ რეალურ მდგომარეობას უნდა დაუკავშირო. ანუ რეალური გამოცდილების მეშვეობით უნდა აღმოაჩინო ნაკლოვანებები და შემდეგ უნდა შეგეძლოს პრაქტიკის გზის პოვნა, არასწორი მოტივაციებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ ამბოხება. თუ ყოველთვის ძალისხმევას გამოიჩენ ამ კუთხით და მთელ გულს ჩადებ ამ საქმეებში, მაშინ გექნება გზა, რომელსაც გაჰყვები, არ იგრძნობ სიცარიელეს და ამგვარად შეძლებ ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. მხოლოდ მაშინ იქნები ადამიანი, რომელიც ატარებს ტვირთს საკუთარი სიცოცხლისთვის, რომელსაც აქვს რწმენა. რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანს ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ არ შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება? განა იმიტომ არა, რომ არ შეუძლიათ გადამწყვეტი საკითხების წვდომა? განა იმიტომ არა, რომ ზედაპირულები არიან, როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება? მიზეზი იმისა, რომ არ ძალუძთ გადამწყვეტ საკითხებში ჩაწვდომა და არ აქვთ პრაქტიკის გზა არის ის, რომ როდესაც კითხულობენ ღვთის სიტყვებს, ვერ აკავშირებენ საკუთარ მდგომარეობას მათთან და არც საკუთარი მდგომარეობის წვდომა შეუძლიათ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „როდესაც ვკითხულობ ღვთის სიტყვებს, მათ ვუკავშირებ საკუთარ მდგომარეობას და ვიცი, რომ ვარ გახრწნილი და სუსტი სულიერი მონაცემების მქონე, მაგრამ არ შემიძლია ღვთის განზრახვების დაკმაყოფილება“. მხოლოდ ზედაპირულად დაინახე; რეალობასთან დაკავშირებული უამრავი საკითხია, რომელიც შენ არ იცი: როგორ თქვა უარი ხორციელ სიამოვნებებზე, თვითმართლობაზე, როგორ შეცვალო საკუთარი თავი, როგორ შეხვიდე ამ ყველაფერში, როგორ გაიუმჯობესო სულიერი მონაცემები და რომელი ასპექტიდან დაიწყო. მხოლოდ რამდენიმე ზედაპირულ საკითხს სწვდები და ყველაფერი, რაც იცი, არის ის, რომ ნამდვილად ძალიან გახრწნილი ხარ. როდესაც ხვდები ძმებსა და დებს, საუბრობ შენს გახრწნილებაზე და ჩანს, თითქოს იცნობ საკუთარ თავს და ატარებ დიდ ტვირთს სიცოცხლისთვის. სინამდვილეში, გახრწნილი ხასიათი არ შეცვლილა, რაც ამტკიცებს, რომ არ გიპოვია პრაქტიკის გზა. თუ წინამძღოლობ ეკლესიას, უნდა შეგეძლოს ძმებისა და დების მდგომარეობაში ჩაწვდომა და მათთვის მითითების მიცემა. საკმარისი იქნება მხოლოდ იმის თქმა: „თქვენ ამბოხებულები და ჩამორჩენილები ხართ!“? უნდა დაასახელო კონკრეტული გამოვლინებები იმისა, თუ ზუსტად როგორ არიან ისინი ამბოხებულები და ჩამორჩენილები — სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა ისაუბრო მათ ამბოხებულ მდგომარეობებზე, ამბოხებულ ქცევებზე და სატანურ ხასიათზე — ისე, რომ სრულად აღიარონ. უნდა შეგეძლოს ფაქტებისა და მაგალითების მოყვანა პრობლემის ასახსნელად და ზუსტად თქმა, თუ როგორ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ამბოხებულ ქცევებს, პრაქტიკის გზის მითითებით — მხოლოდ მაშინ იქნება ეს დამაჯერებელი. მხოლოდ მათ, ვინც ასე იქცევა, შეუძლიათ სხვების წინამძღოლობა; მხოლოდ ისინი ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას.

ახლა მრავალი ჭეშმარიტება გეძლევა თანაზიარების მეშვეობით და უნდა შეაფასო ისინი. უნდა შეგეძლოს დაასკვნა, სულ რამდენი ჭეშმარიტება არსებობს. ის ასპექტები, რომლებიც ნორმალურ ადამიანობას უნდა გააჩნდეს, სიცოცხლე-განწყობის ცვლილების ძირითადი ასპექტები, ხილვების გაღრმავება და ის, თუ ეპოქებისა და თაობების განმავლობაში ადამიანთა რამდენი მცდარი გაგებისა და მოვლენების განცდის მცდარი გზის წვდომა შეგიძლია — უნდა შეგეძლოს ამ ყოვლივეს გარჩევა და მათი შემეცნება; მხოლოდ მაშინ იდგები სწორ გზაზე. რელიგიური ხალხი ბიბლიას ისე სცემს თაყვანს, თითქოს ის ღმერთი იყოს; კერძოდ, ისინი ახალი აღთქმის ოთხ სახარებას ისე უყურებენ, თითქოს ისინი იესოს ოთხი სხვადასხვა სახე იყოს და მათ ასევე აქვთ მამის, ძისა და სულიწმიდის სამების კონცეფცია. ეს ყველაფერი მეტად დამახინჯებულია და ყველამ უნდა შეძლოთ ამის არსში წვდომა; უფრო მეტიც, უნდა გქონდეთ განკაცებული ღვთის არსებისა და უკანასკნელი დღეების საქმის ცოდნა. ასევე არსებობს პრაქტიკის ის ძველი მეთოდები, პრაქტიკასთან დაკავშირებული ის აბსურდულობები და გადახრები — სულიერი ცხოვრება, სულიწმიდით აღვსება, ყველაფრის მოთმენა, რაც არ უნდა მოხდეს, ძალაუფლებისადმი მორჩილება — რომლებიც უნდა იცოდეთ; უნდა იცოდეთ, როგორ იყენებდნენ ადამიანები პრაქტიკაში ადრე და როგორ უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში დღეს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეკლესიებში; როგორ თქვან უარი თვითმართლობასა და ქედმაღლობაზე; როგორ უნდა იცხოვრონ ძმებმა და დებმა ერთმანეთის გვერდით; როგორ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობები სხვა ადამიანებთან და ღმერთთან; როგორ მიაღწიონ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას; რა უნდა გააჩნდეთ ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში; როგორ უნდა ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები; ღვთის რომელი სიტყვები ეხება ცოდნას, რომელი — ხილვებს და რომელი მათგანი უკავშირდება პრაქტიკის გზას — განა ამ ყველაფერზე არ თქმულა? ეს სიტყვები ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს და არავის მიმართ არანაირი მიკერძოება არ ვლინდება. დღეს უნდა განივითაროთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი და ნუ იქნებით სხვბზე დამოკიდებულნი. მომავალში, როდესაც არავინ იქნება თქვენი წინამძღოლი, გაგახსენდება ჩემი ეს სიტყვები. გასაჭირის დროს შეუძლებელი იქნება საეკლესიო ცხოვრების წარმართვა, ძმები და დები ვერ შეძლებენ ერთმანეთთან შეხვედრას, მათი უმეტესობა მარტო იცხოვრებს და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ადგილობრივ დებთან და ძმებთან შეძლებენ თანაზიარებას. თქვენი ამჟამინდელი სულიერი ზრდით უბრალოდ ვერ შეძლებთ მტკიცედ დგომას. გასაჭირის დროს ბევრს გაუჭირდება მტკიცედ დგომა. მხოლოდ ისინი, ვინც იციან სიცოცხლის გზა და აღჭურვილნი არიან საკმარისი ჭეშმარიტებით, შეძლებენ წინსვლის გაგრძელებას და თანდათანობით განწმენდისა და ტრანსფორმაციის მიღწევას. გასაჭირის გავლა ადვილი არ არის; თუ გგონია, რომ მათ რამდენიმე მოკლე დღეში გადალახავ, მაშინ შენი აზროვნება მეტისმეტად პრიმიტიულია! გგონია, რომ ბევრი მოძღვრების გაგებით შეძლებ მტკიცედ დგომას, მაგრამ ეს ასე არ არის! თუ არ შეიცნობ ღვთის სიტყვებში არსებულ არსებით საკითხებს, არ შეგიძლია ჭეშმარიტების გადამწყვეტი მახასიათებლების წვდომა და არ გაქვს პრაქტიკის გზა, მაშინ, როდესაც დრო მოვა და რაღაც შეგემთხვევა, დაბნეულობაში ჩავარდები. ვერ შეძლებ გაუძლო სატანის ცდუნებას, ვერც გამოწრთობის დაწყებას. თუ არ არის შენში ჭეშმარიტება და გაკლია ხილვები, მაშინ, როდესაც დრო მოვა, ვერ შეძლებ საკუთარი თავის შეკავებას დაცემისგან. დაკარგავ ყოველგვარ იმედს და იტყვი: „კარგი, თუ მაინც უნდა მოვკვდე, ბარემ ბოლომდე გავიკიცხო! გინდ გაკიცხვა იყოს და გინდ ცეცხლის ტბაში ჩაგდება, ასე იყოს — ყოველ დღეს ისე მივიღებ, როგორც მოვა!“ ასე იყო მსახურების შემსრულებელთა დროსაც: ზოგიერთს სჯეროდა, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მსახურების შემსრულებლები იყვნენ, ამიტომ აღარ ეძიებდნენ სიცოცხლეს. ისინი ეწეოდნენ და სვამდნენ, ხარბად ესწრაფვოდნენ ხორციელ სიამოვნებებს და აკეთებდნენ თითქმის ყველაფერს. ზოგიერთი უბრალოდ დაუბრუნდა წუთისოფელს სამუშაოდ. მძიმე გარემოც ასეთია; თუ ვერ შეძლებ მის დაძლევას, როგორც კი ოდნავ მოადუნებ საკუთარ თავზე კონტროლს, დაკარგავ ყოველგვარ იმედს. თუ ვერ შეძლებ სატანის გავლენის დაძლევას, სატანა ტყვედ ჩაგიგდებს, სანამ ამას გააცნობიერებ და კვლავ განადგურებისთვის გაგიმეტებს. ამიტომ, დღეს უნდა აღიჭურვო ჭეშმარიტებით; უნდა შეგეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება; და როდესაც კითხულობ ღვთის სიტყვებს, უნდა შეგეძლოს პრაქტიკის გზის ძიება. რომ არ ყოფილიყვნენ წინამძღოლები ან მუშაკები შენს მოსარწყავად და სამწყემსად, მაინც უნდა შეგეძლოს გზის პოვნა, რომელსაც გაჰყვები, საკუთარი ნაკლოვანებების პოვნა, იმ ჭეშმარიტებების პოვნა, რომლებითაც უნდა აღიჭურვო და პრაქტიკაში გამოიყენო. შეეძლო კი ღმერთს მუდმივად ხლებოდა ადამიანს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ? თავიანთი წარმოდგენების ფარგლებში, ზოგიერთ ადამიანს სჯერა: „ღმერთო, თუ ჩვენში შენს საქმეს გარკვეულ წერტილამდე არ შეასრულებ, მაშინ შენი საქმე არ შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, რადგან სატანა ბრალს დაგდებდა“. გეუბნები, როგორც კი დავასრულებ ჩემი სიტყვების თქმას, ჩემი საქმე წარმატებით იქნება დასრულებული. როგორც კი მეტი სათქმელი აღარ მექნება, ჩემი საქმე დასრულდება. ჩემი საქმის დასასრული იქნება სატანის დამარცხების მტკიცებულება და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის წარმატებით აღსრულდა და სატანისგან უბრალოდ არავითარი ბრალდება არ არსებობს. მაგრამ თუ ჩემი საქმის დასრულების დროისთვის თქვენში კვლავ არ იქნება ცვლილება, მაშინ თქვენნაირი ადამიანები ვერ გადარჩებიან და განიდევნებიან. მე არ აღვასრულებ იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე საჭიროა. დედამიწაზე ჩემს საქმეს მხოლოდ მაშინ არ დავასრულებ, როდესაც გარკვეულ დონემდე იქნები დაპყრობილი, გექნება ჭეშმარიტების ყველა ასპექტის შესახებ ნათელი ცოდნა, შენი სულიერი მონაცემები გაუმჯობესდება და შინაგანად და გარეგნულად მოწმობას გასცემ. ეს შეუძლებელი იქნებოდა! დღეს საქმე, რომელსაც თქვენზე აღვასრულებ, გამიზნულია იმისთვის, რომ შეგიძღვეთ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებაში; ეს არის ახალი ეპოქის დაწყებისა და კაცობრიობის ახალი ეპოქის ცხოვრებაში შეყვანის საქმე. თითოეული ეტაპი ამ საქმისა ხორციელდება და ვითარდება უშუალოდ თქვენ შორის: უშუალოდ მე გასწავლით და ხელით მიმყავხართ; გეუბნებით ყველაფერს, რაც არ გესმით, განიჭებთ ყველაფერს, რაც გაკლიათ. შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის მთელი ეს საქმე არის სიცოცხლის საზრდო, ასევე თქვენი წინამძღოლობა ნორმალური ადამიანობის ცხოვრებაში; ის კონკრეტულად გამიზნულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ამ ჯგუფის ადამიანთა სიცოცხლე უკანასკნელ დღეებში. ჩემთვის მთელი ეს საქმე გამიზნულია ძველი ეპოქის დასასრულებლად და ახლის დასაწყებად; რაც შეეხება სატანას, ხორცი შევისხი სწორედ იმისთვის, რომ დამემარცხებინა იგი. საქმე, რომელსაც ახლა აღვასრულებ თქვენ შორის, არის თქვენი ამჟამინდელი უზრუნველყოფა და დროული ხსნა, მაგრამ ამ რამდენიმე მოკლე წლის განმავლობაში გეტყვით ყველა ჭეშმარიტებას, გაჩვენებთ ცხოვრების მთელ გზას და მომავლის საქმესაც კი; ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მომავალში შეძლოთ მოვლენების ნორმალურად განცდა. ყველა ჩემი სიტყვა არის ჩემი ერთადერთი შეგონება თქვენდამი. არ ვიძლევი სხვა შეგონებას; დღეს ყველა სიტყვა, რომელსაც გეუბნებით, არის ჩემი შეგონება თქვენდამი, რადგან დღეს არ გაქვთ გამოცდილება მრავალი სიტყვისა, რომელსაც ვამბობ და არ გესმით მათი შინაგანი მნიშვნელობა. ერთ დღეს თქვენი განცდილი ზუსტად ისე წარიმართება, როგორც დღეს ვისაუბრე. ეს სიტყვები არის თქვენი დღევანდელი ხილვები და სწორედ მათ უნდა დაეყრდნოთ მომავალში; ისინი არის თქვენი დღევანდელი სიცოცხლის საზრდო და შეგონება მომავლისთვის და ამაზე უკეთესი შეგონება არ შეიძლება არსებობდეს. ეს იმიტომ, რომ დრო, რომელიც მაქვს დედამიწაზე საქმის აღსასრულებლად, არ არის ისეთივე ხანგრძლივი, როგორც დრო, რომელიც გაქვთ ჩემი სიტყვების გამოსაცდელად; მე უბრალოდ აღვასრულებ ჩემს საქმეს, მაშინ როცა თქვენ ეძიებთ სიცოცხლეს, პროცესს, რომელიც მოიცავს სიცოცხლის ხანგრძლივ მოგზაურობას. მხოლოდ მრავალი რამის განცდის შემდეგ შეძლებთ სრულად მოიპოვოთ სიცოცხლის გზა; მხოლოდ მაშინ შეძლებთ ჩაწვდეთ იმ სიტყვების შინაგან მნიშვნელობას, რომლებსაც დღეს ვამბობ. ყველას გაქვთ ჩემი სიტყვები ხელთ, თითოეულმა მიიღო ჩემი ყველა დავალება და დაგავალეთ ყველაფერი, რაც უნდა დამევალებინა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი ეფექტი იქნა მიღწეული, საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვების საქმე დასრულდება, ღვთის ნება აღსრულებული იქნება. ისე არ არის, როგორც წარმოგიდგენია, რომ გარკვეულ დონემდე უნდა შეიცვალო; ღმერთი არ მოქმედებს შენი წარმოდგენების მიხედვით.

სიცოხლეში ადამიანები ვერ აღწევენ ზრდას მხოლოდ რამდენიმე დღეში. ყოველდღე რომც ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები, ეს არ არის საკმარისი. მათ უნდა გაიარონ ზრდის პერიოდი სიცოცხლის განმავლობაში. ეს აუცილებელი პროცესია. ადამიანების დღევანდელი სულიერი მონაცემების გათვალისწინებით რის მიღწევა ძალუძთ მათ? ღმერთი მოქმედებს ადამიანების საჭიროებების მიხედვით და აყენებს შესაბამის მოთხოვნებს მათი თანდაყოლილი სულიერი მონაცემების საფუძველზე. დავუშვათ, ეს საქმე რომ განხორციელებულიყო მაღალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანთა ჯგუფში: წარმოთქმული სიტყვები ბევრად უფრო ამაღლებული იქნებოდა, ვიდრე თქვენთვის ნათქვამი სიტყვები, ხილვებიც უფრო ამაღლებული იქნებოდა და ჭეშმარიტებანიც — ბევრად უფრო ამაღლებული. ზოგიერთი სიტყვა უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო, უფრო მეტად ასაზრდოებდა ადამიანთა სიცოცხლეს, უფრო მეტად შეძლებდა საიდუმლოებების გაცხადებას. ასეთ ადამიანებს შორის საუბრისას, ღმერთი ასაზრდოვებდა მათ საჭიროებების მიხედვით. მოთხოვნები, რომლებიც დღეს თქვენს წინაშეა წაყენებული, შეიძლება ჩაითვალოს უდიდეს მოთხოვნებად თქვენთვის; ეს საქმე რომ უფრო მაღალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებზე აღსრულებულიყო, მაშინ მოთხოვნები კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ღვთის მთელი საქმე სრულდება ადამიანთა თანდაყოლილი სულიერი მონაცემების მიხედვით. დღეს ადამიანები მაქსიმალურად შეცვლილნი და დამორჩილებულნი არიან; ნუ გამოიყენებთ საკუთარ წარმოდგენებს საქმის ამ ეტაპის შედეგების გასაზომად. ნათლად უნდა გესმოდეთ, სინამდვილეშ რას წარმოადგენთ და არ უნდა გქონდეთ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. თავდაპირველად არცერთი თქვენგანი არ იყო ადამიანი, რომელიც ეძიებდა სიცოცხლეს. ქუჩაში მოხეტიალე მათხოვრები იყავით. ღმერთს რომ თქვენზე ემოქმედა იმ დონემდე, როგორც წარმოგიდგენიათ, რომ ყველანი მიწაზე დამხობილიყავით და სრულად გეღიარებინათ, თითქოს დიდი ხილვა ნახეთ — ეს შეუძლებელი იქნებოდა! იმიტომ, რომ მას, ვისაც არ უნახავს ღვთის სასწაულები, ყოველივეს ვერ იჯერებს, რასაც ვამბობ — გულდასმით რომც გამოიკვლიოთ ჩემი სიტყვები, მაინც არ დაიჯერებდით მათ სრულად. ეს არის ადამიანის ბუნება. ისინი, ვინც ეძიებენ ჭეშმარიტებას, განიცდიან გარკვეულ ცვლილებებს, ხოლო მათი რწმენა, ვინც არ ეძიებს ჭეშმარიტებას, შემცირდება და შეიძლება გაქრეს კიდეც. ყველაზე დიდი სირთულე თქვენთან დაკავშირებით არის ის, რომ რომ არ შეგიძლიათ სრულად ირწმუნოთ ღვთის სიტყვების აღსრულების ხილვის გარეშე და ვერ ეგუებით, თუ მის სასწაულებს ვერ ხედავთ. ასეთი რამის დანახვის გარეშე ვინ შეძლებს იყოს სრულიად ერთგული ღვთისა? და ამიტომ ვამბობ, რომ ის, რისიც გწამთ, არ არის ღმერთი, არამედ სასწაულები. ახლა საფუძვლიანად ვისაუბრე ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტზე; თითოეული მათგანი სრულია და მათ შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. იხილეთ ისინი და ახლა პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ. დღეს გიჩვენებ გზას და მომავალში თავად უნდა გამოიყენო ის პრაქტიკაში. სიტყვები, რომლებსაც ახლა ვამბობ, უყენებს მოთხოვნებს ადამიანებს მათი რეალური გარემოებების საფუძველზე და ვმოქმედებ მათი საჭიროებებისა და მათი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით. პრაქტიკული ღმერთი მოვიდა დედამიწაზე პრაქტიკული საქმის აღსასრულებლად, რათა აღასრულოს საქმე ადამიანების რეალური გარემოებებისა და საჭიროებების მიხედვით. ის არ არის არაგონივრული. როდესაც ღმერთი მოქმედებს, ის არ აიძულებს ადამიანებს. მაგალითად, დაქორწინდები თუ არა, უნდა ეფუძნებოდეს შენი გარემოებების რეალობას; ჭეშმარიტება ნათლად გეთქვა და არ გზღუდავ. ზოგიერთი ადამიანის ოჯახი ისე ჩაგრავს მათ, რომ არ შეუძლიათ ღმერთის ირწმუნონ, თუ არ დაქორწინდებიან. ამგვარად, ქორწინება სინამდვილეში სასარგებლოა მათთვის. სხვათათვის ქორწინებას არ მოაქვს სარგებელი, არამედ აკარგვინებს იმას, რაც ერთ დროს ჰქონდათ. შენი შემთხვევა უნდა განისაზღვროს შენი რეალური გარემოებებითა და შენივე ურყევი ნებით. აქ არ ვარ იმისთვის, რომ გამოვიგონო წესები და პირობები, რომლებითაც მოთხოვნებს წაგიყენებთ. მრავალი ადამიანი მუდმივად გაიძახის: „ღმერთი პრაქტიკულია; მისი საქმე დაფუძნებულია რეალობაზე და ჩვენი გარემოებების რეალობაზე“ — მაგრამ იცი კი, ზუსტად რა მხრივ არის ის პრაქტიკული? გეყოფათ ცარიელი სიტყვები! ღვთის საქმე პრაქტიკულია და დაფუძნებულია რეალობაზე; მას არ გააჩნია წესები, პირიქით, ის სრულიად თავისუფალია, ყოველივე ეს გაცხადებული და გამჟღავნებულია. რა არის ამ რამდენიმე პრინციპის კონკრეტული დეტალები? შეგიძლია თქვა, ღვთის საქმის რომელი ნაწილებია ასეთი? დეტალურად უნდა ისაუბრო, უნდა გაგაჩნდეს რამდენიმე სახის გამოცდილებითი დამოწმება და ძალიან ნათლად უნდა გესმოდეს ღვთის საქმის ეს მახასიათებელი — უნდა იცოდე ის და მხოლოდ მაშინ გექნება უფლება, თქვა ეს სიტყვები. შეძლებდი პასუხის გაცემას, ვინმეს რომ ეკითხა: „რა საქმე აღასრულა განკაცებულმა ღმერთმა დედამიწაზე უკანასკნელ დღეებში? რატომ უწოდებთ მას პრაქტიკულ ღმერთს? რას მოიცავს აქ სიტყვა „პრაქტიკული“? შეგიძლია ისაუბრო მის პრაქტიკულ საქმეზე, იმაზე, თუ კონკრეტულად რას მოიცავს იგი? იესო არის განკაცებული ღმერთი და დღევანდელი ღმერთიც განკაცებული ღმერთია: მაშ, რა განსხვავებაა მათ შორის? და რა არის მსგავსება? რა საქმე შეასრულა თითოეულმა მათგანმა?“ ეს ყველაფერი მოწმობის გაცემას ეხება! ნუ იქნები დაბნეული ამ საკითხებთან დაკავშირებით. არიან სხვებიც, რომლებიც ამბობენ: „ღვთის დღევანდელი საქმე პრაქტიკულია. ის არასოდეს არის სასწაულებისა და საკვირველებების გამოვლენა“. ნუთუ ის მართლა არ ახდენს სასწაულებსა და საკვირველებებს? დარწმუნებული ხარ? იცი, სინამდვილეში რა არის ჩემი საქმე? შეიძლება ითქვას, რომ ის არ ახდენს სასწაულებსა და საოცრებებს, მაგრამ განა საქმე, რომელსაც ის ასრულებს და სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, სასწაულები არ არის? შეიძლება ითქვას, რომ ის არ ახდენს სასწაულებსა და საკვირველებებს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აიხსნება ეს და ვისკენ არის მიმართული. ის ეკლესიაში მისვლის გარეშე ჩასწვდა ადამიანის მდგომარეობის არსს და ისე, რომ საუბრის გარდა სხვა საქმე არ შეუსრულებია, მან ადამიანები წინსვლისკენ წაახალისა — განა ეს სასწაულები არ არის? მხოლოდ სიტყვებით მან დაიპყრო ადამიანები და ადამიანები სიხარულით მიჰყვებიან პერსპექტივებისა და იმედების გარეშე — განა ესეც სასწაული არ არის? როდესაც ის საუბრობს, მისი სიტყვები ადამიანებს გარკვეულ ატმოსფეროს უქმნის: თუ ისინი არ გრძნობენ სიხარულს, მაშინ გრძნობენ სევდას, თუ ისინი არ ექვემდებარებიან გამოწრთობას, მაშინ ექვემდებარებიან გაკიცხვას. მხოლოდ რამდენიმე მწვავე სიტყვით მოუვლენს ადამიანებს გაკიცხვას— განა ეს ზებუნებრივი არ არის? შეეძლოთ ადამიანებს ასეთი რამის გაკეთება? მთელი ის წლები კითხულობდი ბიბლიას, მაგრამ არაფერი გესმოდა და ვერაფრის არსში ვერ წვდებოდი; არ ძალგიძდა, უარი ჩამოშორებოდირწმენის იმ მოძველებულ, ტრადიციულ გზებს და არ გქონდა საშუალება გაგეგო, სინამდვილეში რა ხდება ბიბლიასთან დაკავშირებით. თუმცა ღმერთს შეუძლია ამის არსში წვდომა — განა ეს ზებუნებრივი არ არის? დედამიწაზე მოსვლისას ღმერთში ზებუნებრივი რომ არაფერი ყოფილიყო, შეძლებდა ის თქვენს დაპყრობას? მისი ღვთაებრივი საკვირველთმოქმედების გარეშე, რომელი თქვენგანი დარწმუნდებოდა ამაში? თქვენს თვალში ისე ჩანს, თითქოს ნორმალური ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს თქვენთან ერთად, ვიღაც, ვისაც აქვს ვისაც ჩვეულებრივი, რიგითი ნორმალური ადამიანობის მქონე პირი, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ღვთაებრიობაა მოქმედებაში. ეს არ არის ნორმალური ადამიანობის მოქმედება, ეს არის ღვთაებრიობა, ეს არის თავად ღმერთი; უბრალოდ, ის საქმეს ნორმალური ადამიანობის მეშვეობით ასრულებს. ამგვარად, მისი საქმე ნორმალურიც არის და ზებუნებრივიც. საქმე, რომელსაც ის აღასრულებს, არ შეუძლია შეასრულოს ადამიანმა; და რადგან მისი შესრულება არ შეუძლიათ ნორმალურ ადამიანებს, მას აღასრულებს არაჩვეულებრივი პიროვნება. მაგრამ ეს არაჩვეულებრივობა ღვთაებრიობაა. ისე კი არ არის, რომ ადამიანობაა არაჩვეულებრივი, არამედ ღვთაებრიობა განსხვავდება ადამიანობისგან. ადამიანი, რომელსაც სულიწმიდა იყენებს, ასევე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანობისაა, მაგრამ მას არ შეუძლია ამ საქმის შესრულება. სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება. შეიძლება თქვა: „ღმერთი არ არის ზებუნებრივი ღმერთი; ის არაფერ ზებუნებრივს არ აკეთებს. ჩვენი ღმერთი სიტყვებს პრაქტიკულად ამბობს. ის მოდის ეკლესიაში, რათა საქმე პრაქტიკულად შეასრულოს. ყოველდღე ის გვესაუბრება პირისპირ და პირისპირ მიუთითებს ჩვენს მდგომარეობებზე — ჩვენი ღმერთი პრაქტიკულია! ის ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ყველაფერი მასში სრულიად ნორმალურია. გარეგნულად არაფერი განასხვავებს მას, როგორც ღმერთს. არის შემთხვევებიც კი, როდესაც ის ბრაზდება და ჩვენ ვხედავთ მისი რისხვის დიდებულებას; ზოგჯერ ის იღიმის და ჩვენ ვაკვირდებით მის მომღიმარ გამომეტყველებას. ის არის თავად ღმერთი ფორმითა და სახით, შექმნილი ხორცისა და სისხლისგან, რომელიც პრაქტიკულია“. როდესაც ასე მოწმობ, ეს არასრული მოწმობაა. რა დახმარებას გაუწევს ეს სხვებს? თუ არ შეგიძლია დაამოწმო თავად ღვთის საქმის რეალური ისტორია და არსი, მაშინ შენი „მოწმობა“ არ არის ამ სახელის ღირსი!

ღვთის დამოწმება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს საუბარს ღვთის საქმის შენეულ ცოდნაზე, იმაზე, თუ როგორ იპყრობს ღმერთი ადამიანებს, როგორ იხსნის ის ადამიანებს, როგორ ცვლის ის ადამიანებს; ეს ნიშნავს საუბარს იმაზე, თუ როგორ მიუძღვის ის ადამიანებს ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად, აძლევს მათ საშუალებას, რომ დაიპყროს, სრულყოს და იხსნას ისინი. მოწმობის გაცემა ნიშნავს საუბარს მის საქმეზე და ყოველივეზე, რაც განგიცდია. მხოლოდ მის საქმეს შეუძლია მისი წარმოდგენა და მხოლოდ მის საქმეს შეუძლია მისი საჯაროდ სრულად გამოცხადება; მისი საქმე მოწმობს მასზე. მისი საქმე და გამონათქვამები პირდაპირ წარმოადგენს სულს; საქმე, რომელსაც ის აღასრულებს, ხორციელდება სულის მიერ და სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, წარმოითქმის სულის მიერ. უბრალოდ, ეს ყველაფერი გამოიხატება განკაცებული ღვთის მეშვეობით. სინამდვილეში, ისინი სულის გამოხატულებებია. მთელი საქმე, რომელსაც ის აღასრულებს და ყველა სიტყვა, რომელსაც ის ამბობს, წარმოადგენს მის არსს. ხორცით შემოსვისა და ადამიანთა შორის მოსვლის შემდეგ ღმერთს რომ არ ესაუბრა ან არ არ აღესრულებინა საქმე და შემდეგ ეთხოვა თქვენთვის, შეგეცნოთ მისი პრაქტიკულობა, მისი ნორმალურობა და მისი ყოვლისშემძლეობა, შეძლებდი ამას? შეძლებდი იმის გაგებას, თუ რა არის სულის არსი? შეძლებდი იმის გაგებას, თუ რა არის მისი ხორციელი სხეულის თვისებები? მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გამოსცადეთ მისი საქმის თითოეული ეტაპი, ის გთხოვთ, რომ დაამოწმოთ მისთვის. ასეთი გამოცდილება რომ არ გქონოდათ, მაშინ ის არ მოითხოვდა, რომ მოწმობა გაგეცათ. ამგვარად, როდესაც მოწმობ ღმერთზე, შენ მხოლოდ მისი ნორმალური ადამიანობის გარეგნულ საბურველზე კი არ მოწმობ, არამედ იმ საქმეზე, რომელსაც ის აღასრულებს და იმ გზაზე, რომლითაც ის მიგიძღვის; შენ მოწმობ იმაზე, თუ როგორ დაგიპყრო მან და რა ასპექტებში გაგხადა სრულქმნილი. ეს არის ის მოწმობა, რომელიც უნდა გასცე. დავუშვათ, სადაც არ უნდა წახვიდე, გაიძახი: „ჩვენი ღმერთი მოვიდა საქმის აღსასრულებლად და მისი საქმე ნამდვილად პრაქტიკულია! მან მოგვაქცია ზებუნებრივი ქმედებების გარეშე, ყოველგვარი სასწაულებისა და საოცრებების გარეშე!“ სხვები გკითხავენ: „რას გულისხმობ, როდესაც ამბობ, რომ ის არ ახდენს სასწაულებსა და საოცრებებს? როგორ შეეძლო შენი დაპყრობა სასწაულებისა და საოცრებების მოხდენის გარეშე?“ და ამბობ: „ის საუბრობს და ყოველგვარი საოცრებებისა თუ სასწაულების ჩვენების გარეშე დაგვიპყრო. მისმა საქმემ დაგვიპყრო“. საბოლოო ჯამში, არ შეგიძლია თქვა რაიმე არსებითი და არ შეგიძლია ისაუბრო კონკრეტულ დეტალებზე. არის ეს მოწმობა? როდესაც განკაცებული ღმერთი იპყრობს ადამიანებს, სწორედ ღვთაებრიობაში მისი საუბარი იპყრობს მათ. მის ადამიანობას არ შეუძლია ამის მიღწევა; ეს არ არის ის, რისი მიღწევაც ნებისმიერ მოკვდავს შეუძლია და ნორმალურ ადამიანთა შორის ყველაზე მაღალი სულიერი მონაცემების მქონეებსაც კი არ ძალუძთ ეს, რადგან მისი ღვთაებრიობა ნებისმიერ ქმნილებაზე მაღლა დგას. ეს არაჩვეულებრივია ადამიანებისთვის; შემოქმედი, საბოლოო ჯამში, ნებისმიერ ქმნილებაზე მაღლა დგას. ქმნილებები ვერ იქნებიან შემოქმედზე მაღლა; მასზე მაღლა რომ ყოფილიყავი, ის ვერ შეძლებდა შენს დაპყრობას და მას მხოლოდ იმიტომ შეუძლია შენი დაპყრობა, რომ შენზე მაღლა დგას. ის, ვისაც შეუძლია მთელი კაცობრიობის დაპყრობა, არის შემოქმედი და მის გარდა არავის ძალუძს ამ საქმის აღსრულება. ეს არის მოწმობა — ეს არის ის მოწმობა, რომელიც უნდა გასცე. გამოსცადე გაკიცხვის, სამსჯავროს, გამოწრთობის, განსაცდელების, წარუმატებლობებისა და გასაჭირის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა და დაპყრობილი ხარ; უარყავი ხორციელი სხეულის პერსპექტივები, პირადი მოტივაციები და ხორცის პირადი ინტერესები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის სიტყვებმა სრულად დაიპყრო გული. მიუხედავად იმისა, რომ არ გაზრდილხარ სიცოცხლეში იმდენად, რამდენადაც ის მოითხოვს, იცი ეს ყველაფერი და სრულად აღიარებ იმას, რასაც ის აკეთებს. ეს არის მოწმობა — პრაქტიკული მოწმობა! ის მოვიდა სამსჯავროსა და გაკიცხვის საქმის აღსასრულებლად, რათა დაიპყროს ადამიანი; მაგრამ ის ასევე მოვიდა თავისი საქმის დასასრულებლად, ეპოქის დასასრულებლად და დასკვნითი საქმის აღსასრულებლად — მთელი ეპოქის დასასრულებლად, მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, კაცობრიობის ცოდვისგან დასახსნელად და მის მიერ შექმნილი კაცობრიობის სრულად მოსაპოვებლად. უნდა დაამოწმო ეს ყოველივე. ამდენი რამ გამოსცადე ღვთის საქმეში, იხილე ის საკუთარი თვალებით და პირადად განიცადე; საბოლოოდ ისე არ მოხდეს, რომ ვერ შეძლო დაკისრებული დანიშნულების შესრულება. რა სამწუხარო იქნებოდა ეს! მომავალში, როდესაც სახარება გავრცელდება, უნდა შეგეძლოს ისაუბრო საკუთარ ცოდნაზე, დაამოწმო ყველაფერი, რაც მოიპოვე გულით და არ დაიშურო ძალისხმევა. ეს არის ის, რასაც ქმნილებამ უნდა მიაღწიოს. კონკრეტულად რა არის ღვთის საქმის ამ ეტაპის მნიშვნელობა? რა არის მისი ეფექტი? მისი რა ნაწილი განხორციელდა ადამიანებში? რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა? როდესაც შეძლებთ საფუძვლიანად ახსნათ მთელი ის საქმე, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა აღასრულა დედამიწაზე მოსვლის შემდეგ, მაშინ თქვენი მოწმობა სრული იქნება. როდესაც შეძლებ საფუძვლიანად ახსნა ეს ხუთი რამ: მისი საქმის მნიშვნელობა; მისი შინაარსი; მისი არსი; ხასიათი, რომელსაც ის წარმოადგენს; და მისი პრინციპები, მაშინ ეს დაამტკიცებს, რომ ძალგიძს ღმერთზე მოწმობის გაცემა, რომ ჭეშმარიტად ფლობ ცოდნას. ჩემი მოთხოვნები თქვენდამი არ არის ძალიან მაღალი და მიღწევადია ყველასთვის, ვინც ჭეშმარიტი გულით ეძიებს. თუ გაქვს ურყევი ნება, იყო ღვთის ერთ-ერთი მოწმე, უნდა გესმოდეს, რა სძულს ღმერთს და რა უყვარს ღმერთს. გამოსცადე მისი საქმის დიდი ნაწილი; ამ საქმის მეშვეობით, უნდა შეიცნო მისი ხასიათი, გაიგო მისი განზრახვები და მისი მოთხოვნები კაცობრიობის მიმართ და გამოიყენო ეს ცოდნა მასზე მოწმობის გასაცემად და მოვალეობის შესასრულებლად. შეიძლება მხოლოდ თქვა: „ჩვენ ვიცნობთ ღმერთს. მისი სამსჯავრო და გაკიცხვა ძალიან მკაცრია. მისი სიტყვები ძალიან მკაცრია; ის არის სამართლიანი და დიდებული და არავის შეუძლია მისი შეურაცხყოფა“, მაგრამ საბოლოო ჯამში, აწვდის თუ არა ეს სიტყვები ადამიანს საზრდოს? რა გავლენას ახდენს ის ადამიანებზე? ნამდვილად იცი, რომ სამსჯავროსა და გაკიცხვის ეს საქმე ყველაზე სასარგებლოა შენთვის? ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა ამხელს ამბოხებასა და გახრწნას, განა ასე არ არის? მათ შეუძლიათ განწმინდონ და განდევნონ ის ბინძური და გახრწნილი ელემენტები შენში, განა ასე არ არის? რომ არ ყოფილიყო სამსჯავრო და გაკიცხვა, რა მოგივიდოდა? სინამდვილეში აღიარებ თუ არა იმ ფაქტს, რომ სატანამ ყველაზე ღრმა დონემდე გაგხრწნა? დღეს უნდა აღიჭურვოთ ამ ყველაფრით და კარგად გაიაზროთ ისინი.

დღევანდელ დღეს ღვთის რწმენა არ არის ის რწმენა, რომელიც წარმოგიდგენიათ — რომ საკმარისია ღვთის სიტყვების კითხვა, ლოცვა, სიმღერა, ცეკვა, მოვალეობის შესრულება და ნორმალური ადამიანური ცხოვრებით ცხოვრება. ნუთუ რწმენა მართლა ასეთი მარტივი შეიძლება იყოს? მთავარია შედეგები. საქმე არ ეხება იმას, თუ რამდენ ქმედებას ასრულებ; არამედიმას, თუ კონკრეტულად როგორ შეგიძლია მიაღწიო საუკეთესო შედეგებს. შეიძლება შეგეძლოს ღვთის სიტყვების მოშველიება და ცოდნის ნაწილის გადმოცემა, მაგრამ როდესაც მათ გვერდზე დებ, სათქმელი არაფერი გაქვს. ეს აჩვენებს, რომ შეგიძლია მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების თქმა, მაგრამ არ გაქვს ის ცოდნა, რომელიც გამოცდილებიდან მოდის. დღეს არ გამოვა, თუ ვერ შეძლებ გადამწყვეტი საკითხების წვდომას — ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეალობაში შესასვლელად! დაიწყე საკუთარი თავის ასე გაწვრთნა: პირველ რიგში, წაიკითხე ღვთის სიტყვები; კარგად გაეცანი მათში არსებულ სულიერ ტერმინებს; იპოვე მათში არსებული საკვანძო ხილვები, ამოიცანი ის ნაწილები, რომლებიც პრაქტიკას ეხება და შეკრიბე ეს ელემენტები სათითაოდ და შეიტანე ისინი გამოცდილებაში, რათა შეხვიდე მასში. ეს არის ის გადამწყვეტი საკითხები, რომლებსაც უნდა ჩაწვდე. ღვთის სიტყვების ჭამა-სმისას ყველაზე გადამწყვეტი პრაქტიკა არის ეს: ღვთის სიტყვების ერთი თავის წაკითხვის შემდეგ უნდა შეგეძლოს ხილვებთან დაკავშირებული საკვანძო ნაწილების პოვნა და ასევე უნდა შეგეძლოს იმ საკვანძო ნაწილების პოვნა, რომლებიც პრაქტიკას უკავშირდება; გამოიყენე ხილვები საფუძვლად და გამოიყენე პრაქტიკა გზამკვლევად ცხოვრებაში. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გაკლიადა რაც შენი ყველაზე დიდი სირთულეა; იშვიათად აქცევ მათ ყურადღებას. ზოგადად, ყველა თქვენგანი შემდეგ მდგომარეობაში იმყოფება: ზარმაცები ხართ, არ ისწრაფვით წინსვლისკენ, არ გსურთ რაიმე პირადი მსხვერპლის გაღება, ან პასიურად ელოდებით — ზოგიერთი თქვენგანი წუწუნებს კიდეც — არ გესმით ღვთის საქმის მიზნები და მნიშვნელობა და გიჭირთ ჭეშმარიტების ძიება. ასეთი ადამიანები ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და საბოლოოდ განიდევნებიან. მათ შორის ვერავინ გახდება სრულქმნილი და ვერავინ გადარჩება. თუ ადამიანებს არ აქვთ მცირედი ურყევი ნება მაინც, რომლითაც წინააღმდეგობას გაუწევენ სატანის ძალებს, მაშინ მათი საშველი აღარ არის!

ახლა კი ის, თუ რამდენად შედეგიანი იყო თქვენი სწრაფვა, ფასდება იმით, თუ რას ფლობთ თქვენ ამჟამად. სწორედ ამით განისაზღვრება შედეგი; სხვაგვარად რომ ვთქვათ, შედეგი ვლინდება იმ მსხვერპლისა და საქმეების საფუძველზე, რომლებიც გაიღეთ და შეასრულეთ. შედეგი შეიძლება გამოვლინდეს ძიებით, რწმენითა და იმით, რაც გაგიკეთებიათ. თქვენ შორის ბევრია ისეთი, ვისი გადარჩენაც უკვე შეუძლებელია, რადგან დღეს ადამიანთა შედეგების გამოვლენის დღეა და ჩემს საქმესთან მიმართებაში უგუნური არ ვიქნები; მომავალ ეპოქაში არ შევიყვან მათ, ვისი ხსნაც სრულიად შეუძლებელია. დადგება დრო, როდესაც ჩემი საქმე დასრულდება. არ აღვასრულებ საქმეს იმ მყრალ, უსულო გვამებზე, რომელთა გადარჩენაც საერთოდ შეუძლებელია; ახლა ადამიანის ხსნის უკანასკნელი დღეებია და უსარგებლო საქმეს არ აღვასრულებ. ნუ დრტვინავ ცისა და ქვეყნის წინაშე — სამყაროს აღსასრული ახლოვდება, ეს გარდაუვალია. საქმე აქამდე მივიდა და როგორც ადამიანს, არაფერი ძალგიძს მათ შესაჩერებლად; არ შეგიძლია მოვლენების სურვილისამებრ შეცვლა. გუშინ არ გადაიხადე საფასური ჭეშმარიტების საძიებლად და არ იყავი თავდადებული; დღეს დრო დადგა, შენი გადარჩენა შეუძლებელია; ხვალ კი განიდევნები და ხსნისთვის არავითარი შანსი აღარ იარსებებს. მიუხედავად იმისა, რომ კეთილი და ლმობიერი ვარ და ძალ-ღონეს არ ვიშურებ შენს გადასარჩენად, თუ თავად არ იბრძვი და არ ზრუნავ საკუთარ თავზე, ჩემთან რა კავშირშია ეს? ისინი, ვინც მხოლოდ ხორციელ სხეულზე ფიქრობენ და კომფორტით ტკბებიან; ვისაც თითქოს სწამს, მაგრამ სინამდვილეში არ სწამს; ვინც ექიმბაშობასა და ჯადოქრობას ეწევა; ვინც აღვირახსნილი და ზნედაცემულია; ვინც იპარავს იეჰოვას შესაწირავებსა და მის კუთვნილებას; ვისაც ქრთამი უყვარს; ვინც ფუჭად ოცნებობს ზეცაში ამაღლებაზე; ვინც მედიდური და ქედმაღალია და მხოლოდ პირადი დიდებისა და სარგებლისთვის იბრძვის; ვინც თავხედურ სიტყვებს ავრცელებს; ვინც თავად ღმერთს გმობს; ვინც მხოლოდ თავად ღმერთს განიკითხავს და ცილს სწამებს; ვინც დაჯგუფებებს ქმნის და დამოუკიდებლობას ეძიებს; ვინც საკუთარ თავს ღმერთზე მეტად განადიდებს; ის ქარაფშუტა ახალგაზრდა, შუახნის და ხანდაზმული კაცები და ქალები, რომლებიც გარყვნილებაში არიან გაბმულნი; ის კაცები და ქალები, რომლებიც ტკბებიან პირადი დიდებითა და სარგებლით და სხვებს შორის პირად სტატუსს ეძიებენ; ის მოუნანიებელი ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან გამომწყვდეულნი — განა ყველა ისინი გადარჩენის შესაძლებლობას მოკლებულნი არ არიან? გარყვნილება, ცოდვილობა, ექიმბაშობა, ჯადოქრობა, მკრეხელური და თავხედური სიტყვები — ყოველივე ეს მძვინვარებს თქვენ შორის; ჭეშმარიტება და სიცოცხლის სიტყვები ფეხქვეშ ითელება, ხოლო წმინდა სიტყვები იბილწება თქვენ შორის. თქვენ, წარმართნო, სიბინძურითა და ამბოხებით სავსენო! როგორი იქნება თქვენი შედეგი? როგორ აქვთ სიცოცხლის გაგრძელების თავხედობა მათ, ვისაც ხორცი უყვარს, ვინც ხორციელი მაცდუნებლობით ჯადოქრობს და გარყვნილ ცოდვაშია გაბმული! განა არ იცი, რომ თქვენნაირი ადამიანები გადარჩენის შესაძლებლობას მოკლებული მატლები არიან? რა გაძლევს იმის უფლებას, რომ ესა თუ ის მოითხოვო? დღემდე უმცირესი ცვლილებაც კი არ მომხდარა მათში, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება და მხოლოდ ხორცი უყვარს — როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების გადარჩენა? ისინი, ვისაც არ უყვარს სიცოცხლის გზა, ვინც არ განადიდებს ღმერთს და არ მოწმობს მასზე, ვინც საკუთარი სტატუსისთვის ინტრიგებს ხლართავს, ვინც საკუთარ თავს განადიდებს — განა დღესაც იგივენი არ არიან? რა ფასი აქვს მათ გადარჩენას? გადარჩები თუ არა, არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამხელა გამოცდილება გაქვს ან რამდენი წელია მუშაობ და მით უმეტეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი დამსახურება დააგროვე. არამედ, ეს დამოკიდებულია იმაზე, გამოიღო თუ არა ნაყოფი შენმა ძიებამ. უნდა იცოდე, რომ გადარჩენილები არიან ის „ხეები“, რომლებიც ნაყოფს ისხამენ და არა ის ხეები, რომლებსაც ხშირი ფოთლები და უხვი ყვავილები აქვს, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა. მრავალი წელიც რომ გქონდეს გატარებული ქუჩებში ხეტიალში, რა მნიშვნელობა აქვს ამას? სად არის შენი მოწმობა? გაცილებით ნაკლებად გაქვს ღვთისმოშიში გული, ვიდრე თავმოყვარე გული, რომელიც ვნებიანი სურვილებითაა შეპყრობილი — განა ასეთი ადამიანი გადაგვარებული არ არის? როგორ შეიძლება ისინი იყვნენ გადარჩენის ნიმუში და ეტალონი? შენი ბუნება გამოუსწორებელია, მეტისმეტი ამბოხება გაგაჩნია, გამოუსყიდველი ხარ! განა ასეთი ადამიანები არ განიდევნებიან? განა ჩემი საქმის დასრულების დრო შენი უკანასკნელი დღის დადგომის დრო არ არის? ამდენი საქმე აღვასრულე და ამდენი სიტყვა ვთქვი თქვენ შორის — აქედან რამდენმა შეაღწია ჭეშმარიტად თქვენს ყურებში? რამდენ მათგანს დაემორჩილეთ ოდესმე? როდესაც ჩემი საქმე დასრულდება, ეს იქნება დრო, როდესაც შეწყვეტ ჩემს წინააღმდეგ წასვლას, როდესაც შეწყვეტ ჩემს წინააღმდეგ დგომას. სანამ ვმუშაობ, მუდმივად ჩემს წინააღმდეგ მოქმედებთ; არასოდეს ასრულებთ ჩემს სიტყვებს. მე ჩემს საქმეს ვასრულებ, შენ კი შენ „საქმეს“ აკეთებ და შენს პატარა სამეფოს ქმნი. მელიებისა და ძაღლების ხროვა ხართ, ჩემს წინააღმდეგ მოქმედების გარდა არაფერს აკეთებთ! მუდმივად ცდილობთ, თქვენს კალთაში მოიქციოთ ისინი, ვინც განუყოფელ სიყვარულს გთავაზობთ — სად არის თქვენი ღვთისმოშიში გულები? ყოველივე, რასაც აკეთებთ, მზაკვრულია! არ გაგაჩნიათ მორჩილება ან შიში და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, მზაკვრული და მკრეხელურია! შეიძლება ასეთი ადამიანების გადარჩენა? სექსუალურად უზნეო და გარყვნილ კაცებს ყოველთვის სურთ კეკლუცი მეძავების მიზიდვა საკუთარი სიამოვნებისთვის. მე ნამდვილად არ გადავარჩენ ასეთ სექსუალურად უზნეო დემონებს. სასტიკად მძულხართ, ბინძურო დემონებო; თქვენი გარყვნილება და კეკლუცობა ჯოჯოხეთში ჩაგაგდებთ. რა გაქვთ სათქმელი საკუთარი თავის გასამართლებლად? თქვენ, ბინძურო დემონებო და ბოროტო სულებო, ამაზრზენები ხართ! გულისამრევები ხართ! როგორ შეიძლება ასეთი ნაგვის გადარჩენა? შეიძლება თუ არა ცოდვაში გაბმულთა გადარჩენა? დღეს თქვენს გულებს არ იზიდავს ეს ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე. პირიქით, მათ იზიდავს ცოდვა, ფული, სტატუსისკენ, დიდება, სარგებელი, ხორციელი სიამოვნებები, სიმპატიური კაცები და კეკლუცი ქალები. როგორ გხდით ეს ჩემს სასუფეველში შესვლის ღირსად? თქვენი იმიჯი ღვთისაზე დიდიც კია, თქვენი სტატუსი ღვთისაზე მაღალია, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს ავტორიტეტზე ადამიანებს შორის — სინამდვილეში კერპებად იქეცით, რომლებსაც ადამიანები თაყვანს სცემენ. განა თითოეული თქვენგანი მთავარანგელოზად არ იქცა? როდესაც ადამიანთა შედეგები გამოვლინდება, რაც ასევე იმ დროს მოხდება, როდესაც ხსნის საქმე დასასრულს მიუახლოვდება, თქვენ შორის ბევრი იქნება გვამი, რომელიც ვერ გადარჩება და უნდა მოიკვეთოს. ხსნის საქმის განმავლობაში კეთილი და კარგი ვარ ყველა ადამიანის მიმართ. როდესაც საქმე დასრულდება, სხვადასხვა ტიპის ადამიანთა შედეგები გამოვლინდება და იმ დროს აღარ ვიქნები კეთილი და კარგი, რადგან ადამიანთა შედეგები გამოვლენილი იქნება და თითოეული დახარისხებული იქნება თავისი გვარისამებრ და აღარ ექნება აზრი ხსნის საქმის გაგრძელებას უბრალოდ იმიტომ, რომ ხსნის ეპოქა გასული იქნება; ხოლო რაც წარსულს ჩაბარდა, აღარასოდეს დაბრუნდება.

წინა: პრაქტიკა (6)

შემდეგი: პრაქტიკა (8)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება