პრაქტიკა (8)

თქვენ ჯერ კიდევ არ გესმით ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტი და თქვენს პრაქტიკაში ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი დამახინჯებაა; ბევრი მიმართულებით კვლავ თქვენი წარმოდგენებითა და ფანტაზიებით ცხოვრობთ და არასოდეს ძალგიძთ პრაქტიკის პრინციპების წვდომა. შესაბამისად, კვლავ აუცილებელია ადამიანების სწორ გზაზე დაყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ თავიანთი ადამიანური და სულიერი ცხოვრების დარეგულირება, ეცოდინებათ, როგორ განახორციელონ პრაქტიკა ორივე ასპექტში და აღარ დასჭირდებათ ხშირი მხარდაჭერა ან წინამძღოლობა. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე. და მომავალში წინამძღოლი რომც არ გყავდეთ, მაინც შეძლებთ დამოუკიდებლად გამოცდილების მიღებას. დღესდღეობით თუ ჩასწვდებით ჭეშმარიტების რომელი ასპექტებია გადამწყვეტი და რომელი — არა, მომავალში შეძლებთ რეალობაში შესვლას. დღეს თქვენ სწორ გზაზე გაყენებენ, რაც საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ მრავალი ჭეშმარიტება, ხოლო მომავალში შეძლებთ უფრო ღრმად შესვლას. შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც ახლა ადამიანებს ასწავლიან, ყველაზე წმინდა გზაა. დღეს თქვენ სწორი გზისკენ მიგიძღვებიან — და როდესაც ერთ დღესაც აღარავინ გეყოლებათ წინამძღოლად, იმოქმედებთ და უფრო წინ წახვალთ ამ ყველაზე წმინდა გზაზე. დღეს ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორი პრაქტიკაა სწორი და რომელი — ნორმიდან გადახრილი. ამ ყოველივეს გაგების შემდეგ, მომავალში მათი გამოცდილება უფრო გაღრმავდება. დღეს თქვენს პრაქტიკაში არსებული წარმოდგენები, ფანტაზიები და გადახრები სწორდება და პრაქტიკისა და შესვლის გზა გეცხადებათ თქვენ, რის შემდეგაც საქმის ეს ეტაპი დასრულდება და თქვენ დაიწყებთ იმ გზით სიარულს, რომლითაც თქვენ, ადამიანებმა, უნდა იაროთ. მაშინ ჩემი საქმე დასრულდება და იმ მომენტიდან მოყოლებული თქვენ მე ვეღარ მიხილავთ. დღეს თქვენი სულიერი სიმწიფე ჯერ კიდევ მწირია. მრავალი სირთულე ადამიანის ბუნება-არსებიდან მომდინარეობს; ასევე არსებობს ღრმად ფესვგადგმული საკითხები, რაც ჯერ კიდევ არ არის ამოძირკვული. თქვენ არ გესმით ადამიანების ბუნება-არსების უფრო წვრილმანი დეტალები და კვლავ გჭირდებათ, რომ მე მიგითითოთ მათზე; სხვაგვარად ვერ შეძლებდით მათ ამოცნობას. გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ის საკითხები გამოაშკარავდება, რომლებიც ძვალსა და რბილში გაქვთ გამჯდარი, სწორედ ამას ეწოდება გაკიცხვა და სამსჯავრო. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი საქმე საფუძვლიანად და სრულად აღესრულება, დავასრულებ მას. რაც უფრო ღრმად გამოაშკარავდება თქვენი გახრწნილი არსი, მით მეტი ცოდნა გექნებათ და ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება თქვენს მიერ მომავალში დამოწმებისა და სრულყოფისთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც გაკიცხვისა და სამსჯავროს საქმე საფუძვლიანად აღესრულება, იქნება ჩემი საქმე დასრულებული და თქვენ შემიცნობთ მე ჩემი გაკიცხვისა და სამსჯავროს მეშვეობით. თქვენ შეიცნობთ არა მხოლოდ ჩემს ხასიათსა და სამართლიანობას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეიცნობთ ჩემს მიერ მოვლენილ გაკიცხვასა და სამსჯავროს. თქვენ შორის მრავალს აქვს დიდი წარმოდგენები ჩემი საქმის სიახლისა და დეტალიზაციის დონის შესახებ. მიუხედავად ამისა, უნდა დაინახოთ, რომ ჩემი საქმე ახალი და დეტალურია და რომ მე გასწავლით პრაქტიკის განხორციელებას პირისპირ, ხელიხელჩაკიდებულებს. მხოლოდ ეს არის სასარგებლო თქვენი პრაქტიკისთვის და იმისთვის, რომ მომავალში მტკიცედ დგომა შეძლოთ; სხვაგვარად იქნებოდით შემოდგომის ფოთლებივით — დამჭკნარნი, გაყვითლებულნი და გამხმარნი, ყოველგვარი ღირებულების გარეშე. უნდა იცოდეთ, რომ მე ყველაფერი ვიცი თქვენი გულებისა და სულების შესახებ; და უნდა იცოდეთ, რომ საქმე, რომელსაც მე აღვასრულებ და სიტყვები, რომლებსაც მე წარმოვთვამ, უდიდესი სინატიფით გამოირჩევა. თქვენი ხასიათისა და სულიერი მონაცემების საფუძველზე სწორედ ასე უნდა გეპყრობოდნენ. მხოლოდ ამგვარად გახდება უფრო ნათელი თქვენი ცოდნა ჩემი გაკიცხვისა და სამსჯავროს შესახებ, და დღეს თუ არა, ხვალ მაინც გეცოდინებათ. ნებისმიერი ქმნილება დაეცემა ჩემი გაკიცხვისა და სამსჯავროს სიტყვების წინაშე, რადგან მე არ შევიწყნარებ არავის წინააღმდეგობას ჩემ მიმართ.

თქვენ ყველას უნდა შეგეძლოთ საკუთარი ცხოვრების გონივრულად დარეგულირება. თითოეული დღე შეგიძლიათ ისე დაგეგმოთ, როგორც გსურთ; თავისუფალნი ხართ, აკეთოთ ის, რაც გენებებათ; შეგიძლიათ წაიკითხოთ ღვთის სიტყვები, მოუსმინოთ საგალობლებს ან ქადაგებებს და იქონიოთ თანაზიარება, ან გააკეთოთ სულიერი პრაქტიკის ჩანაწერები; და თუ ეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაწეროთ საგალობლები. განა ყოველივე ეს არ წარმოადგენს შესაფერის ცხოვრებას? ეს ყოველივე უნდა შეადგენდეს ადამიანურ ცხოვრებას. ადამიანები ბუნებრივად უნდა მოქმედებდნენ. როდესაც ისინი სარგებელს მიიღებენ როგორც თავიანთი ნორმალური ადამიანობიდან, ისე სულიერი ცხოვრებიდან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი ნორმალურ ცხოვრებაში შევიდნენ. დღეს არა მხოლოდ ადამიანობის თვალსაზრისით გაკლია გამჭრიახობა და არ გაგაჩნია გონიერება. ასევე არსებობს მრავალი ხილვა, რომლებიც ადამიანებმა უნდა იცოდნენ და რომლებითაც უნდა აღიჭურვონ. რა გაკვეთილიც არ უნდა მიიღო, ის უნდა ისწავლო; უნდა შეგეძლოს გარემოსთან ადაპტირება. განათლების დონის ამაღლება ხანგრძლივად უნდა ხდებოდეს, რათა მან ნაყოფი გამოიღოს. არსებობს გარკვეული რამეები, რითაც უნდა აღიჭურვო ნორმალური, ადამიანური ცხოვრებისთვის და ასევე უნდა დაეუფლო შენს სიცოცხლეში შესვლას. დღეს გაიგე ღვთის მრავალი სიტყვა — რომლებსაც ახლა ხელახლა კითხულობ — რომლებიც იმ დროს არ გესმოდა და შენი გული უფრო მშვიდი და მტკიცე გახდა. ესეც ის შედეგებია, რომლებიც მოიპოვე. რომელ დღესაც არ უნდა ჭამდე და სვამდე ღვთის სიტყვებს და გაგიჩნდეს მცირეოდენი გაგება, შეგიძლია თავისუფლად იქონიო თანაზიარება ძმებთან და დებთან. განა ეს არ არის ის ცხოვრება, რომელიც უნდა გქონდეს? ზოგჯერ გარკვეული კითხვები წამოიჭრება, ან რაიმე თემაზე ფიქრობ და ეს უფრო გამჭრიახს გხდის, მეტ წვდომასა და სიბრძნეს გაძლევს, რაც საშუალებას გაძლევს, გაიგო გარკვეული ჭეშმარიტებები — და განა ეს არ არის ის, რასაც დღეს ნახსენები სულიერი ცხოვრება მოიცავს? მიუღებელია სულიერი ცხოვრების მხოლოდ ერთი ასპექტის პრაქტიკაში განხორციელება; ღვთის სიტყვების ჭამა და სმა, ლოცვა და საგალობლების სიმღერა — ყოველივე ეს სულიერ ცხოვრებას შეადგენს და როდესაც გაქვს სულიერი ცხოვრება, ასევე უნდა გქონდეს ნორმალური ადამიანობის ცხოვრება. დიდი ნაწილი იმისა, რაც დღეს ითქვა, ემსახურება იმას, რომ ადამიანები აღიჭურვონ გონიერებითა და გამჭრიახობით, რათა მათ ჰქონდეთ ნორმალური ადამიანობის ცხოვრება. რას ნიშნავს გამჭრიახობის ქონა; რას ნიშნავს ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ქონა; როგორ უნდა ურთიერთობდე ადამიანებთან — ამ ყველაფრით უნდა აღიჭურვო ღვთის სიტყვების ჭამისა და სმის მეშვეობით, და ის, რაც შენგან მოითხოვება, მიღწევადია ნორმალური ადამიანობის გზით. აღიჭურვე იმით, რითაც უნდა აღიჭურვო და ნუ გადახვალ საზღვრებს; ზოგიერთი ადამიანი იყენებს ყოველგვარ სიტყვასა და ლექსიკას და ამით ისინი თავს იწონებენ. სხვები კი ყველანაირ წიგნს კითხულობენ. სწორედ ეს ნიშნავს ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებას. ისინი სწავლობენ და ბაძავენ წუთისოფლის ეგრეთ წოდებული დიადი ფიგურების ბიოგრაფიებსა და ციტატებს და კითხულობენ პორნოგრაფიულ წიგნებს — ეს კიდევ უფრო სასაცილოა! ასეთმა ადამიანებმა არ იციან სიცოცხლეში შესვლის გზა და მით უმეტეს არ იციან ღვთის დღევანდელი საქმე. მათ ისიც კი არ იციან, როგორ გაატარონ თითოეული დღე. ასეთია მათი ცხოვრების სიცარიელე! ისინი სრულიად უმეცარნი არიან იმასთან მიმართებაში, თუ რაში უნდა შევიდნენ. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, არის სხვებთან საუბარი და ლაპარაკი, თითქოს საუბარი ანაცვლებდეს მათ შესვლას. განა სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ? ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, როგორ იცხოვრონ, და რომლებსაც არ ესმით ადამიანური ცხოვრება; ისინი თავიანთ დღეებს საკვებით მუცლის ამოყორვასა და უაზრო საქმეების კეთებაში ატარებენ — რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? მინახავს, რომ მრავალი ადამიანის შემთხვევაში მუშაობის, ჭამისა და ჩაცმის გარდა, მათი ძვირფასი დრო სხვა უაზრო რამეებს ეთმობა იქნება ეს მხიარული საუბარი, გართობა და სისულელეების კეთება, ჭორაობა თუ მთელი დღის ძილში გატარება. არის ეს წმინდანის ცხოვრება? არის ეს ნორმალური ადამიანის ცხოვრება? შეუძლია კი ასეთ ცხოვრებას შენი სრულყოფა, როდესაც ის მდაბალი, ჩამორჩენილი და უდისციპლინოა? ნუთუ ასე გსურს, რომ ტყუილუბრალოდ დაუთმო საკუთარი თავი სატანას? როდესაც ადამიანების ცხოვრება მარტივია და ტანჯვას არ განიცდიან, მათ არ შესწევთ გამოცდილების მიღების უნარი. კომფორტულ გარემოში ადამიანები ადვილად იხრწნებიან — მაგრამ არახელსაყრელი გარემო გაიძულებს, უფრო დაჟინებით ილოცო, და ისე მოქმედებს, რომ ვერ ბედავ ღვთის მიტოვებას. რაც უფრო მარტივი და მოსაწყენია ადამიანების ცხოვრება, მით უფრო გრძნობენ, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს, და ისიც კი მიაჩნიათ, რომ სიკვდილი სჯობს. აი, ასეთი გახრწნილია ადამიანების ხორციელი სხეული; ისინი სარგებელს მხოლოდ მაშინ იღებენ, თუ განსაცდელს გადიან.

იესოს საქმის ის ეტაპი იუდეასა და გალილეაში აღესრულა და წარმართებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. საქმე, რომელსაც ის აღასრულებდა, უაღრესად გასაიდუმლოებული იყო და ისრაელის გარდა არცერთმა ერმა არ იცოდა მის შესახებ. მხოლოდ მაშინ, როდესაც იესომ დაასრულა თავისი საქმე და ამან აჟიოტაჟი გამოიწვია, შეიტყვეს ადამიანებმა ამის შესახებ; იმ დროს ის უკვე წასული იყო. იესო მოვიდა საქმის ერთი ეტაპის აღსასრულებლად, მან მოაქცია ადამიანები და დაასრულა საქმის ეტაპი. ღვთის საქმის რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს საუბარი, მრავალნი მიჰყვებიან მას. მხოლოდ ღმერთის მიერ რომ აღსრულებულიყო, ეს უაზრობა იქნებოდა; უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან ღმერთს, სანამ ის ბოლომდე არ მიიყვანს საქმის ამ ეტაპს. მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ღვთის საქმე აღსრულდება, ადამიანები იწყებენ ღვთის მიერ დავალებული საქმის განხორციელებას და მხოლოდ მაშინ ვრცელდება ღვთის საქმე. ღმერთი მხოლოდ ახალი ეპოქის დაწყების საქმეს ასრულებს; საქმეს, რომელიც გრძელდება, ადამიანები ასრულებენ. შესაბამისად, დღევანდელი საქმე დიდხანს არ გასტანს; ჩემი ცხოვრება ადამიანთან ერთად დიდხანს არ გაგრძელდება. მე მხოლოდ აღვასრულებ ჩემს საქმეს და გავალებთ თქვენ, შეასრულოთ თქვენი მოვალეობა, რათა ეს საქმე და სახარება რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს წარმართებსა და სხვა ერებს შორის — მხოლოდ ასე შეძლებთ თქვენი, როგორც ადამიანების, მოვალეობის შესრულებას. დღევანდელი დრო ყველაზე ძვირფასია. თუ უგულებელყოფ მას, სულელი ხარ; თუ ამ გარემოში ჭამ და სვამ ამ სიტყვებს განიცდი ამ საქმეს და მაინც არ მიგიღია ჭეშმარიტების ძიების იოტისოდენა გადაწყვეტილებაც კი ან ოდნავადაც ვერ გრძნობ ტვირთს, მაშინ რა ეშველება შენს მომავალს? განა შენნაირი ადამიანი არ უნდა მოიკვეთოს?

წინა: პრაქტიკა (7)

შემდეგი: იმსახურეთ ისე, როგორც ისრაელიანები მსახურობდნენ

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება