განსხვავება განკაცებული ღვთის მსახურებასა და ადამიანის მოვალეობას შორის
თქვენ უნდა შეიცნოთ ღვთის საქმის ხილვები და აღიქვათ მისი საქმის ზოგადი მიმართულება. ეს არის პოზიტიური შესვლა. მას შემდეგ, რაც ზედმიწევნით დაეუფლები ხილვების ჭეშმარიტებას, შენი შესვლა უსაფრთხო იქნება; მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიცვლება ღვთის საქმე, შენი გული მტკიცე დარჩება, გექნება ნათელი ხილვები და მიზანი შენი შესვლისა და სწრაფვისთვის. ამგვარად, შენში არსებული მთელი გამოცდილება და ცოდნა გაღრმავდება და უფრო დეტალური გახდება. როდესაც მთლიანობაში აღიქვამ დიდ სურათს, ცხოვრების დანაკლისს აღარ განიცდი და არც გზას აცდები. თუ არ შეიცნობ საქმის ამ ნაბიჯებს, ყოველ ნაბიჯზე ზარალს ნახავ და არაერთ დღეზე მეტი დაგჭირდება მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვერც რამდენიმე კვირაში შეძლებ სწორ გზაზე დადგომას. განა ეს არ გამოიწვევს დაყოვნებას? ბევრი რამაა პოზიტიურ შესვლასა და პრაქტიკაში, რასაც თქვენ უნდა დაეუფლოთ. რაც შეეხება ღვთის საქმის ხილვებს, შენ უნდა აღიქვა შემდეგი პუნქტები: დაპყრობის საქმის მნიშვნელობა, სრულყოფილად ქცევის მომავალი გზა, რას უნდა მივაღწიოთ განსაცდელებისა და ტანჯვის გამოცდის გზით, განკითხვისა და გაკიცხვის მნიშვნელობა, სულიწმიდის საქმის პრინციპები, სრულყოფისა და დაპყრობის პრინციპები. ყოველივე ეს ხილვების ჭეშმარიტებას განეკუთვნება. დანარჩენი კი არის საქმის სამი ეტაპი კანონის ეპოქაში, მადლის ეპოქასა და სასუფევლის ეპოქაში, ასევე, მომავალი მოწმობა. ესენიც ხილვების ჭეშმარიტებაა და ისინი ყველაზე ფუნდამენტურია და, ასევე, გადამწყვეტი. ამჟამად იმდენი რამაა, რაშიც თქვენ უნდა შეხვიდეთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ, და ეს ყველაფერი ახლა უფრო მრავალშრიანი და დეტალურია. თუ შენ არ გაქვს ამ ჭეშმარიტებათა ცოდნა, ეს ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია შესვლისთვის. უმეტესწილად, ადამიანების ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ მეტისმეტად ზედაპირულია. მათ არ შეუძლიათ პრაქტიკაში გამოიყენონ გარკვეული ძირითადი ჭეშმარიტებები და არ იციან, როგორ მოაგვარონ უმნიშვნელო საკითხებიც კი. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას, არის მათი ამბოხებული ხასიათი და ის, რომ მათი ცოდნა დღევანდელი საქმის შესახებ მეტისმეტად ზედაპირული და ცალმხრივია. ამდენად, ადამიანების სრულყოფა არ არის ადვილი საქმე. შენ მეტისმეტად ურჩი ხარ და ზედმეტად ინარჩუნებ შენს ძველ თავს; არ შეგიძლია ჭეშმარიტების მხარეს დგომა და ყველაზე აშკარა ჭეშმარიტებების პრაქტიკაში გამოყენებაც არ ძალგიძს. ასეთი ადამიანები ვერ გადარჩებიან და ისინი არიან ის ადამიანები, ვინც არ დაუპყრიათ. თუ შენს შესვლას არ გააჩნია არც დეტალები და არც ამოცანები, ზრდა შენთან ნელა მოვა. თუ შენს შესვლაში არ არის რეალობის ნატამალი, მაშინ შენი სწრაფვა ამაო იქნება. თუ არ იცი ჭეშმარიტების არსი, უცვლელი დარჩები. ადამიანის სიცოცხლეში ზრდა და მისი ხასიათის ცვლილება მიიღწევა რეალობაში შესვლით და, უფრო მეტიც, დეტალური გამოცდილების მიღებით. თუ შესვლისას ბევრი დეტალური გამოცდილება გექნება და გექნება ბევრი რეალური ცოდნა და შესვლა, შენი ბუნება სწრაფად შეიცვლება. მაშინაც კი, თუ ამჟამად პრაქტიკა არ არის სრულად ნათელი, ღვთის საქმის ხილვები მაინც უნდა იყოს ნათელი. სხვაგვარად, ვერ შეძლებ შესვლას; შესვლა მხოლოდ ჭეშმარიტების ცოდნის მიღების შემდეგაა შესაძლებელი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სულიწმიდა მოგფენს ნათელს შენს გამოცდილებაში, მიიღებ ჭეშმარიტების უფრო ღრმა გაგებასა და უფრო ღრმა შესვლას. თქვენ უნდა შეიცნოთ ღვთის საქმე.
დასაწყისში, კაცობრიობის შექმნის შემდეგ, სწორედ ისრაელიანები იყვნენ ღვთის საქმის საფუძველი. მთელი ისრაელი იყო იეჰოვას დედამიწაზე მოქმედების ბაზა. იეჰოვას საქმე იყო ადამიანის გაძღოლა და დამწყემსვა კანონების დადგენის გზით, რათა ადამიანს შეძლებოდა ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება და იეჰოვასთვის დედამიწაზე ნორმალური თაყვანისცემა. კანონის ეპოქაში ღმერთი ადამიანისთვის არც ხილული იყო და არც ხელშესახები. ვინაიდან ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, სატანის მიერ პირველი გახრწნილი ადამიანების წარძღოლა, მათი სწავლება და დამწყემსვა იყო, მისი სიტყვები მხოლოდ კანონებს, დადგენილებებსა და ქცევის ნორმებს შეიცავდა და არა იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ადამიანს სიცოცხლით ამარაგებს. მისი ლიდერობის ქვეში ისრაელიანები არ იყვნენ სატანის მიერ ღრმად გახრწნილნი. კანონის საქმე იყო ხსნის საქმის მხოლოდ პირველი ეტაპი, ხსნის საქმის დასაწყისი და მას პრაქტიკულად არაფერი ჰქონდა საერთო ადამიანის სიცოცხლის ხასიათის ცვლილებასთან. ამიტომ, ხსნის საქმის დასაწყისში არ იყო საჭირო, რომ მას ისრაელში თავისი საქმისთვის ხორცი შეესხა. აი, რატომ დასჭირდა მას შუალედური საშუალება — იარაღი, რომლის მეშვეობითაც ადამიანთან ურთიერთობაში შევიდოდა. ამგვარად, შექმნილ არსებებს შორის გამოჩნდნენ ისინი, ვინც იეჰოვას სახელით საუბრობდნენ და მოქმედებდნენ; სწორედ ასე დაიწყეს ადამიანთა შორის მოღვაწეობა ძეებმა კაცისამ და წინასწარმეტყველებმა. ძეები კაცისანი იეჰოვას სახელით მოქმედებდნენ ადამიანთა შორის. იეჰოვას მიერ მათი „ძეებად კაცისად“ წოდება ნიშნავს, რომ ეს ადამიანები იეჰოვას სახელით აწესებდნენ კანონებს. ისინი ასევე იყვნენ მღვდლები ისრაელის ხალხში, მღვდლები, რომლებსაც იეჰოვა მფარველობდა და იცავდა და რომლებშიც იეჰოვას სული მოქმედებდა; ისინი იყვნენ ლიდერები ხალხში და პირდაპირ ემსახურებოდნენ იეჰოვას. მეორე მხრივ, წინასწარმეტყველები მოწოდებულნი იყვნენ, რომ იეჰოვას სახელით ესაუბრათ ყველა ქვეყნისა და ტომის ხალხთან. ისინი ასევე წინასწარმეტყველებდნენ იეჰოვას საქმის შესახებ. იქნებოდნენ ისინი ძენი კაცისანი თუ წინასწარმეტყველნი, ყველა მათგანი თავად იეჰოვას სულის მიერ იყო აღზრდილი და მათში იეჰოვას საქმე იყო. ადამიანთა შორის სწორედ ისინი წარმოადგენდნენ იეჰოვას პირდაპირ; ისინი თავიანთ საქმეს მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ იეჰოვას მიერ იყვნენ აღზრდილნი და არა იმიტომ, რომ იყვნენ ხორცი, რომელშიც თავად სულიწმიდა განკაცდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღვთის სახელით საუბრობდნენ და მოქმედებდნენ, კანონის ეპოქის ეს ძენი კაცისანი და წინასწარმეტყველნი არ იყვნენ განკაცებული ღვთის ხორცი. ღვთის საქმე მადლის ეპოქაში და უკანასკნელ ეტაპზე სწორედ ამის საპირისპირო იყო, რადგან ადამიანის ხსნისა და სამსჯავროს საქმე თავად განკაცებულმა ღმერთმა შეასრულა და, შესაბამისად, აღარ იყო საჭირო ხელახლა აღეზარდათ წინასწარმეტყველნი და ძენი კაცისა, რათა მისი სახელით ემოქმედათ. ადამიანის თვალში არ არსებობს არსებითი განსხვავება მათი საქმის არსსა და მეთოდს შორის. სწორედ ამ მიზეზით ადამიანები მუდმივად ურევენ განკაცებული ღვთის საქმეს წინასწარმეტყველთა და ძეთა კაცისათა საქმიანობაში. განკაცებული ღვთის გარეგნობა ძირითადად იგივე იყო, რაც წინასწარმეტყველთა და ძეთა კაცისა. მეტიც, განკაცებული ღმერთი წინასწარმეტყველებზე უფრო ნორმალური და პრაქტიკულიც კი იყო. აქედან გამომდინარე, ადამიანს არ ძალუძს მათ შორის განსხვავების დანახვა. ადამიანი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ გარეგნობაზე და საერთოდ არ იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ერთნაირად მოქმედებს და საუბრობს, მათ შორის არსებითი განსხვავებაა. ვინაიდან ადამიანის უნარი, განასხვაოს საგნები, მეტისმეტად სუსტია, მას არ შეუძლია მარტივი საკითხების გარჩევა, მით უმეტეს, ასეთი რთულის. როდესაც წინასწარმეტყველნი და სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანები საუბრობდნენ და მოქმედებდნენ, ეს იყო ადამიანის მოვალეობის შესრულება, ეს იყო შექმნილი არსების ფუნქციის შესრულება და ეს იყო ის, რაც ადამიანს უნდა გაეკეთებინა. თუმცა, განკაცებული ღვთის სიტყვები და საქმე მისი მსახურების აღსრულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნული ფორმა შექმნილი არსებისა იყო, მისი საქმე იყო არა ფუნქციის შესრულება, არამედ მისი მსახურების აღსრულება. ტერმინი „მოვალეობა“ გამოიყენება შექმნილ არსებებთან მიმართებაში, ხოლო „მსახურება“ — განკაცებული ღვთის ხორცთან მიმართებაში. მათ შორის არსებითი განსხვავებაა; ისინი ურთიერთშენაცვლებადი არ არიან. ადამიანის საქმე მხოლოდ მისი მოვალეობის შესრულებაა, ხოლო ღვთის საქმე არის მართვა და მისი მსახურების აღსრულება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოციქული იყო გამოყენებული სულიწმიდის მიერ და ბევრი წინასწარმეტყველი იყო მისით აღვსილი, მათი საქმე და სიტყვები მხოლოდ შექმნილი არსებების მოვალეობის შესრულებას ემსახურებოდა. მათმა წინასწარმეტყველებებმა შეიძლება გადააჭარბა კიდეც განკაცებული ღვთის მიერ გაცხადებულ სიცოცხლის გზას და მათი ადამიანობა შეიძლება აღემატებოდა განკაცებული ღვთისას, მაგრამ ისინი მაინც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და არა მსახურებას. ადამიანის მოვალეობა გულისხმობს ადამიანის ფუნქციას; ეს არის ის, რაც ადამიანისთვის მიღწევადია. თუმცა, განკაცებული ღვთის მიერ აღსრულებული მსახურება დაკავშირებულია მის მართვასთან და ეს ადამიანისთვის მიუღწეველია. განკაცებული ღმერთი საუბრობს, მოქმედებს თუ სასწაულებს ავლენს, ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს თავისი მართვის ფარგლებში და ასეთი საქმე ადამიანის მიერ მის ნაცვლად ვერ შესრულდება. ადამიანის საქმე მხოლოდ შექმნილი არსების მოვალეობის შესრულებაა ღვთის მართვის საქმის მოცემულ ეტაპზე. ღვთის მართვის გარეშე, ანუ თუ განკაცებული ღვთის მსახურება დაიკარგებოდა, შექმნილი არსების მოვალეობაც აზრს დაკარგავდა. ღვთის საქმე მისი მსახურების აღსრულებისას არის ადამიანის მართვა, ხოლო ადამიანის მიერ თავისი მოვალეობის შესრულება არის საკუთარი ვალდებულების აღსრულება შემოქმედის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება მსახურების აღსრულებად. ღვთის თანდაყოლილი რაობისთვის — მისი სულისთვის — ღვთის საქმე არის მისი მართვა, ხოლო განკაცებული ღვთისთვის, რომელსაც შექმნილი არსების გარეგნული ფორმა მოსავს, მისი საქმე მისი მსახურების აღსრულებაა. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეს ის, ეს მისი მსახურების აღსრულებაა; რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს, არის თავისი მაქსიმუმის გაღება ღვთის მართვის სფეროში და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ.
ადამიანის მიერ თავისი მოვალეობის შესრულება, სინამდვილეში, არის ყოველივე იმის განხორციელება, რაც ადამიანში ბუნებრივად არის ჩადებული, ანუ იმისა, რაც ადამიანისთვის თანდაყოლილად შესაძლებელია. სწორედ მაშინ არის მისი მოვალეობა აღსრულებული. რაც შეეხება ნაკლოვანებებს ადამიანის მსახურებაში, ისინი თანდათან მცირდება პროგრესული გამოცდილებისა და სამსჯავროს გავლის პროცესში; ისინი ხელს არ უშლის და გავლენას არ ახდენს ადამიანის მოვალეობაზე. ისინი, ვინც წყვეტენ მსახურებას ან ნებდებიან და უკან იხევენ იმის შიშით, რომ მათ მსახურებაში შეიძლება ნაკლოვანებები იყოს, ყველაზე მხდალნი არიან. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ გამოხატონ ის, რაც მსახურებისას უნდა გამოხატონ ან ვერ აღწევენ იმას, რაც მათთვის თანდაყოლილად შესაძლებელია და ამის ნაცვლად ზედაპირულად მოქმედებენ, მათ დაკარგეს ის ფუნქცია, რომელიც შექმნილ არსებას უნდა ჰქონდეს. ასეთ ადამიანებს „საშუალოებს“ უწოდებენ; ისინი უსარგებლო ნაგავი არიან. როგორ შეიძლება ასეთებს ეწოდოთ შექმნილი არსებები ჭეშმარიტი გაგებით? განა ისინი დამპალი საგნები არ არიან, რომლებიც გარედან ბრწყინავენ, შიგნიდან კი გახრწნილნი არიან? თუ პიროვნება საკუთარ თავს ღმერთს უწოდებს, თუმცა არ ძალუძს ღვთაებრივი არსის გამოხატვა, თავად ღვთის საქმის კეთება ან ღვთის წარმოდგენა, ის უდავოდ არ არის ღმერთი, რადგან მას არ გააჩნია ღვთის რაობა და მასში არ არსებობს ის, რისი მიღწევაც ღმერთს თანდაყოლილად შეუძლია. თუ ადამიანი კარგავს იმას, რაც მისთვის თანდაყოლილად მიღწევადია, ის ვეღარ ჩაითვლება ადამიანად და ის არ არის ღირსი, იდგეს როგორც შექმნილი არსება ან წარდგეს ღვთის წინაშე და ემსახუროს მას. მეტიც, ის არ არის ღირსი, მიიღოს ღვთის მადლი ან იყოს ღვთის მფარველობის, დაცვისა და სრულყოფის ქვეშ. ბევრი, ვინც დაკარგა ღვთის ნდობა, კარგავს ღვთის მადლსაც. მათ არათუ არ სძულთ თავიანთი ბოროტი საქმეები, არამედ ურცხვად ავრცელებენ იდეას, თითქოს ღვთის ჭეშმარიტი გზა არასწორია, ხოლო ამბოხებულნი ღვთის არსებობასაც კი უარყოფენ. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამგვარი ურჩობით არიან მოცულნი, ჰქონდეთ ღვთის მადლით ტკბობის უფლება? ისინი, ვინც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ძალიან ურჩნი არიან ღვთის მიმართ და ბევრი მართებთ მისი, თუმცა მაინც ბრუნდებიან და ღმერთს ლანძღავენ, თითქოს ის ცდებოდეს. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს სრულყოფის ღირსი? განა ეს არ არის განდევნისა და დასჯის წინაპირობა? ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ღვთის წინაშე, უკვე დამნაშავენი არიან ყველაზე საშინელ დანაშაულებში, რისთვისაც სიკვდილიც კი არ არის საკმარისი სასჯელი, თუმცა მათ მაინც ჰყოფნით თავხედობა, რომ ედავონ ღმერთს და შეეცადონ მასთან პაექრობას. რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების სრულყოფას? როდესაც ადამიანები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი უნდა გრძნობდნენ დანაშაულს და ვალს; მათ უნდა სძულდეთ თავიანთი სისუსტე და უსარგებლობა, თავიანთი ამბოხება და გახრწნილება და, კიდევ უფრო მეტიც, მათ ყველაფერი უნდა გაიღონ ღმერთისთვის, თავიანთი სიცოცხლეც კი. მხოლოდ მაშინ არიან ისინი შექმნილი არსებები, რომლებსაც ჭეშმარიტად უყვართ ღმერთი და მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან ღირსნი, დატკბნენ ღვთის კურთხევებითა და აღთქმებით და იყვნენ მის მიერ სრულყოფილნი. უმეტესობა თქვენგანი როგორ იქცევა? როგორ ეპყრობით ღმერთს, რომელიც თქვენ შორის ცხოვრობს? როგორ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა მის წინაშე? გააკეთეთ ყველაფერი, რაც გევალებოდათ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად? რა გაიღეთ მსხვერპლად? განა ბევრი არ მიგიღიათ ჩემგან? შეგიძლიათ, გაარჩიოთ? რამდენად ერთგულნი ხართ ჩემი? როგორ მემსახურეთ? და რას იტყვით ყოველივე იმაზე, რაც თქვენთვის მომიცია და გამიკეთებია? შეაფასეთ ეს ყველაფერი? ყველამ თუ განსაჯეთ და შეადარეთ ეს იმ მცირე სინდისს, რომელიც თქვენშია? ვისი ღირსი შეიძლება იყოს თქვენი სიტყვები და მოქმედებები? ნუთუ თქვენი ასეთი მცირედი მსხვერპლია ყოველივე იმის ღირსი, რაც მე თქვენთვის მიბოძებია? მე სხვა არჩევანი არ მაქვს და მთელი გულით თქვენი ერთგული ვარ, თქვენ კი ბოროტ განზრახვებს ატარებთ და ჩემ მიმართ გულგრილნი ხართ. აი, ეს არის მოვალეობა, რომელიც შეასრულეთ, ის მცირე ფუნქცია, რომელიც გასწიეთ. განა ასე არ არის? არ იცით, რომ სრულიად ვერ შეასრულეთ შექმნილი არსების მოვალეობა? როგორ შეიძლება ჩაითვალოთ შექმნილ არსებად? განა თქვენთვის ნათელი არ არის, რას გამოხატავთ და როგორ ცხოვრობთ? თქვენ ვერ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, მაგრამ ეძიებთ, მოიპოვოთ ღვთის მოთმინება და უხვი მადლი. ასეთი მადლი არ არის გამზადებული თქვენნაირი უსარგებლო და მდაბალი ადამიანებისთვის, არამედ მათთვის, ვინც არაფერს ითხოვს და სიხარულით სწირავს მსხვერპლს. თქვენნაირი ადამიანები, ასეთი „საშუალოები“, სრულიად უღირსნი არიან ზეციური მადლით ტკბობისა. მხოლოდ გაჭირვება და დაუსრულებელი სასჯელი იქნება თქვენი დღეების თანამგზავრი! თუ არ შეგიძლიათ, იყოთ ჩემი ერთგულნი, თქვენი ბედი ტანჯვა იქნება. თუ არ იქნებით ანგარიშვალდებულნი ჩემი სიტყვებისა და ჩემი საქმის წინაშე, თქვენი აღსასრული სასჯელი იქნება. მთელი მადლი, კურთხევები და სასუფევლის საოცარი ცხოვრება თქვენ არ შეგეხებათ. ეს არის დასასრული, რომელსაც იმსახურებთ და შედეგი თქვენივე ქმედებებისა! უვიცნი და ამპარტავანნი არა მხოლოდ არ აკეთებენ მაქსიმუმს და არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არამედ მადლის მისაღებად ხელს იწვდიან, თითქოს იმსახურებენ, რასაც ითხოვენ. და თუ ვერ იღებენ სასურველს, კიდევ უფრო ნაკლებად ერთგულნი ხდებიან. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები გონიერებად ჩაითვალონ? თქვენ სუსტი და გონიერებას მოკლებულნი ხართ, სრულიად უუნარო, შეასრულოთ ის მოვალეობა, რომელიც მართვის საქმის დროს უნდა შეგესრულებინათ. თქვენი ფასი უკვე დაეცა. ის, რომ ჩემი მადლის სანაცვლოს ვერ მიბრუნებთ, უკვე უკიდურესი ამბოხებაა, რაც საკმარისია თქვენ დასაგმობად და თქვენი სიმხდალის, უნიათობის, სიმდაბლისა და სიბინძურის დემონსტრირებისათვის. რა გაძლევთ უფლებას, ხელები გამოწვდილი გქონდეთ? ის, რომ არ შეგიძლიათ, მცირედი დახმარება გაუწიოთ ჩემს საქმეს, არ შეგიძლიათ იყოთ ერთგულნი და მყარად იდგეთ ჩემს დასამოწმებლად, თქვენი ბოროტმოქმედება და მარცხია, თქვენ კი ამის ნაცვლად თავს მესხმით, ჩემზე სიცრუეს ავრცელებთ და ჩივით, თითქოს უსამართლო ვარ. განა ეს არის თქვენი ერთგულება? განა ეს არის თქვენი სიყვარული? რა საქმის გაკეთება შეგიძლიათ ამის გარდა? რა წვლილი შეიტანეთ ყველა იმ საქმეში, რაც შესრულდა? რამდენი გაიღეთ? მე უკვე გამოვიჩინე დიდი მოთმინება იმით, რომ არ დაგადანაშაულეთ, თქვენ კი მაინც ურცხვად ეძებთ მიზეზებს და ჩუმად ჩივით ჩემზე. ადამიანობის მცირედი ნატამალი მაინც გაგაჩნიათ? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მოვალეობა გარყვნილია ბევრი ადამიანური აზრითა და წარმოდგენით, შენ უნდა შეასრულო შენი მოვალეობა და იყო ერთგული. ადამიანის საქმეში არსებული უწმინდურობა მისი სულიერი მონაცემების საკითხია, ხოლო თუ ადამიანი არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეს მის ურჩობაზე მიუთითებს. არ არსებობს კავშირი ადამიანის მოვალეობასა და იმას შორის, მიიღებს ის კურთხევას თუ უბედურება შეემთხვევა. მოვალეობა არის ის, რაც ადამიანმა უნდა აღასრულოს; ეს მისი ზეცით ბოძებული მოწოდებაა და მან ის უნდა შეასრულოს საზღაურის ძიების გარეშე, პირობებისა და მიზეზების გარეშე. მხოლოდ ამას შეიძლება ეწოდოს მოვალეობის შესრულება. კურთხევის მიღება ეხება იმ კურთხევებს, რომლებსაც ადამიანი იღებს, როდესაც ის სრულყოფილი ხდება სამსჯავროს გამოცდის შემდეგ. უბედურების შემთხვევა კი ეხება იმ სასჯელს, რომელსაც ადამიანი იღებს, როდესაც მისი ხასიათი არ იცვლება გაკიცხვისა და სამსჯავროს გავლის შემდეგ — ანუ, როდესაც ის არ ხდება სრულყოფილი. მაგრამ იმის მიუხედავად, მიიღებენ კურთხევას თუ უბედურება შეემთხვევათ, შექმნილმა არსებებმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, აკეთონ ის, რაც ევალებათ და ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ეს არის მინიმუმი, რაც ადამიანმა, რომელიც ღმერთს მიჰყვება, უნდა გააკეთოს. არ უნდა შეასრულო შენი მოვალეობა კურთხევის მიღების გულისთვის და არ უნდა თქვა უარი შენი მოვალეობის შესრულებაზე უბედურების შეხვედრის შიშით. ნება მომეცით, გითხრათ ერთი რამ: ადამიანის მიერ თავისი მოვალეობის შესრულება არის ის, რაც მან უნდა გააკეთოს და თუ ის არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეს მისი ამბოხებაა. სწორედ მოვალეობის შესრულების პროცესში იცვლება ადამიანი თანდათან და სწორედ ამ პროცესში ავლენს ის თავის ერთგულებას. ამდენად, რაც უფრო მეტად ასრულებ შენს მოვალეობას, მით მეტ ჭეშმარიტებას მოიპოვებ და მით უფრო პრაქტიკული გახდება შენი გამოხატულება. ისინი, ვინც მოვალეობას მხოლოდ მოჩვენებითად ასრულებენ და ჭეშმარიტებას არ ეძებენ, საბოლოოდ განიდევნებიან, რადგან ასეთი ადამიანები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ჭეშმარიტების პრაქტიკაში და არ იყენებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. ესენი არიან ისინი, რომლებიც უცვლელნი რჩებიან და რომელთაც უბედურება შეემთხვევათ. არა მხოლოდ მათი გამოხატულებაა უწმინდური, არამედ ყველაფერი, რასაც ისინი გამოხატავენ, ბოროტებაა.
მადლის ეპოქაში იესომაც ბევრი სიტყვა თქვა და დიდი საქმე აღასრულა. რით განსხვავდებოდა ის ესაიასგან? რით განსხვავდებოდა ის დანიელისგან? იყო ის წინასწარმეტყველი? რატომ ამბობენ, რომ ის არის ქრისტე? რა განსხვავებაა მათ შორის? ისინი ყველანი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიტყვებს ამბობდნენ და მათი სიტყვები ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირად ჩანდა. ისინი ყველანი ამბობდნენ სიტყვებს და ასრულებდნენ საქმეს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ და მსგავსადვე შეეძლო იესოსაც. რატომ არის ასე? აქ გამიჯვნა ხდება საქმის ბუნების საფუძველზე. ამ საკითხის გასარჩევად, შენ არ უნდა განიხილო ხორცის ბუნება და არც მათი სიტყვების სიღრმე თუ ზედაპირულობა. პირველ რიგში ყოველთვის უნდა განიხილო მათი საქმე და ის შედეგები, რასაც მათი საქმე ადამიანში იწვევს. იმ დროს წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამი წინასწარმეტყველებები არ აწვდიდა ადამიანს სიცოცხლეს; შთაგონებები, რომლებიც მიიღეს ესაიამ, დანიელმა და სხვებმა, იყო მხოლოდ წინასწარმეტყველებები და არა სიცოცხლის ჭეშმარიტი გზა. იეჰოვას პირდაპირი გამოცხადების გარეშე ვერავინ შეძლებდა იმ საქმის გაკეთებას, რაც მოკვდავთათვის შეუძლებელია. იესომაც ბევრი სიტყვა თქვა, მაგრამ ეს სიტყვები იყო სიცოცხლის ჭეშმარიტი გზა, რომლიდანაც ადამიანს შეეძლო გზის პოვნა პრაქტიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ, პირველ ყოვლისა, მას შეეძლო ადამიანის სიცოცხლით აღვსება, რადგან იესო თავად არის სიცოცხლე; მეორე, მას შეეძლო ადამიანის დამახინჯებული ასპექტების გამოსწორება; მესამე, მის საქმეს შეეძლო იეჰოვას საქმის გაგრძელება ეპოქის გასაგრძელებლად; მეოთხე, მას შეეძლო ადამიანში საჭიროებების აღქმა და გაგება, რა აკლია ადამიანს; მეხუთე, მას შეეძლო ახალი ეპოქის დაწყება და ძველის დასრულება. აი, რატომ ეწოდება მას ღმერთი და ქრისტე; ის არა მხოლოდ ესაიასგან, არამედ ყველა სხვა წინასწარმეტყველისგანაც განსხვავდება. შეადარეთ ესაია წინასწარმეტყველთა საქმეს. პირველი, მას არ შეეძლო ადამიანის სიცოცხლით აღვსება; მეორე, მას არ შეეძლო ახალი ეპოქის დამკვიდრება. ის მოქმედებდა იეჰოვას წინამძღოლობით და არა ახალი ეპოქის დასამკვიდრებლად. მესამე, სიტყვები, რომლებსაც ის ამბობდა, მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ის იღებდა გამოცხადებებს უშუალოდ ღვთის სულისგან და სხვები ვერ გაიგებდნენ მათ, მოსმენის შემთხვევაშიც კი. მხოლოდ ეს რამდენიმე გარემოებაა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ მისი სიტყვები სხვა არაფერი იყო, თუ არა წინასწარმეტყველებები, სხვა არაფერი, თუ არა იეჰოვას ნაცვლად შესრულებული საქმის ასპექტი. თუმცა, მას არ შეეძლო სრულად წარმოედგინა იეჰოვა. ის იყო იეჰოვას მსახური, ინსტრუმენტი იეჰოვას საქმეში. ის მხოლოდ რჯულის ეპოქაში და იეჰოვას მოქმედების ფარგლებში ასრულებდა საქმეს; მას არ უმოქმედია რჯულის ეპოქის მიღმა. იესოს საქმე კი განსხვავებული იყო. მან გადააჭარბა იეჰოვას საქმის ფარგლებს; ის მოქმედებდა როგორც განკაცებული ღმერთი და ეწამა ჯვარზე მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად. ეს ნიშნავს, რომ მან შეასრულა ახალი საქმე იეჰოვას მიერ შესრულებული საქმის მიღმა. ეს იყო ახალ ეპოქაში შესვლა. გარდა ამისა, მას შეეძლო ელაპარაკა იმაზე, რისი მიღწევაც ადამიანს არ შეეძლო. მისი საქმე იყო ღვთის მართვის ფარგლებში შესრულებული საქმე და მოიცავდა მთელ კაცობრიობას. ის არ მოქმედებდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანში და მისი საქმე არ იყო გამიზნული ადამიანთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის წარსაძღოლად. როგორ განკაცდა ღმერთი ადამიანად, როგორ მოხდა სულის გამოცხადება იმ დროს და როგორ ჩამოვიდა სული ადამიანზე საქმის განსახორციელებლად — ეს არის საკითხები, რომლებსაც ადამიანი ვერ ხედავს და ვერ ეხება. სრულიად შეუძლებელია, ეს ფაქტები გამოდგეს იმის დასამტკიცებლად, რომ ის განკაცებული ღმერთია. შესაბამისად, განსხვავების დანახვა მხოლოდ ღვთის სიტყვებსა და საქმეს შორის შეიძლება, რაც ადამიანისთვის ხელშესახებია. მხოლოდ ეს არის რეალური. ეს იმიტომ ხდება, რომ სულიერი საკითხები თქვენთვის უხილავია და მათ შესახებ ნათლად მხოლოდ თავად ღმერთმა იცის. ღვთის განკაცებულმა ხორცმაც კი არ იცის ყველაფერი. შენ მხოლოდ მის მიერ შესრულებული საქმით შეგიძლია დაადასტურო, არის თუ არა ის ღმერთი. მისი საქმიდან ჩანს, რომ, პირველი, მას შეუძლია გახსნას ახალი ეპოქა; მეორე, მას შეუძლია ადამიანის სიცოცხლით აღვსება და ადამიანისთვის იმ გზის ჩვენება, რომელსაც უნდა გაჰყვეს. ეს საკმარისია იმის დასადგენად, რომ ის თავად ღმერთია. მინიმუმ, საქმე, რომელსაც ის აკეთებს, სრულად წარმოადგენს ღვთის სულს და ასეთი საქმიდან ჩანს, რომ მასში ღვთის სულია. ვინაიდან განკაცებული ღვთის მიერ შესრულებული საქმე ძირითადად ახალი ეპოქის დამკვიდრებას, ახალი საქმის წარძღოლასა და ახალი სფეროს გახსნას გულისხმობდა, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ ის თავად ღმერთია. ეს განასხვავებს მას ესაიასგან, დანიელისა და სხვა დიდი წინასწარმეტყველებისგან. ესაია, დანიელი და სხვები იყვნენ მაღალი განათლებისა და კულტურის მქონე ადამიანთა კლასიდან. ისინი იყვნენ არაჩვეულებრივი ადამიანები იეჰოვას წინამძღოლობის ქვეშ. განკაცებული ღვთის ხორციც მცოდნე იყო და არ აკლდა გონიერება, მაგრამ მისი ადამიანობა განსაკუთრებულად ნორმალური იყო. ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი და შეუიარაღებელი თვალით მასში რაიმე განსაკუთრებული ადამიანობის დანახვა ან სხვებისგან განსხვავებულის შემჩნევა შეუძლებელი იყო. ის სრულიად არ იყო ზებუნებრივი ან უნიკალური და არ ფლობდა რაიმე უმაღლეს განათლებას, ცოდნას ან თეორიას. სიცოცხლე, რომელზეც ის საუბრობდა და გზა, რომლითაც მიუძღვოდა ხალხს, არ მიუღია თეორიით, ცოდნით, ცხოვრებისეული გამოცდილებით ან ოჯახური აღზრდით, არამედ ეს იყო სულის პირდაპირი საქმე, რაც განკაცებული ხორცის საქმეა. იმის გამო, რომ ადამიანს დიდი წარმოდგენები აქვს ღმერთზე და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს წარმოდგენები ზედმეტად ბევრ ბუნდოვან და ზებუნებრივ ელემენტს შეიცავს, ადამიანის თვალში ეს ნორმალური ღმერთი, ადამიანური სისუსტეებით, რომელსაც არ შეუძლია ნიშებისა და სასწაულების ქმნა, ნამდვილად არ არის ღმერთი. განა ეს არ არის ადამიანის მცდარი შეხედულებები? თუ განკაცებული ღვთის ხორცი არ იქნებოდა ნორმალური ადამიანი, მაშინ როგორ შეიძლებოდა ეთქვათ, რომ ის განკაცებული ხორცია? ხორციელი ყოფნა ნიშნავს იყო ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი. ის რომ ზებუნებრივი არსება ყოფილიყო, მაშინ არ იქნებოდა ხორციელი. იმის დასამტკიცებლად, რომ ის ხორციელია, განკაცებულ ღმერთს სჭირდებოდა ნორმალური ხორცის ფლობა. ეს უბრალოდ საჭირო იყო განკაცების მნიშვნელობის სისრულეში მოსაყვანად. თუმცა, ასე არ იყო წინასწარმეტყველთა და ძეთა კაცისათა შემთხვევაში. ისინი იყვნენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც სულიწმიდა იყენებდა; ადამიანთა თვალში მათი ადამიანობა განსაკუთრებულად დიადი იყო და ისინი ახორციელებდნენ ბევრ ისეთ ქმედებას, რაც აღემატებოდა ნორმალურ ადამიანობას. ამ მიზეზით, ადამიანი მათ ღმერთებად თვლიდა. ახლა თქვენ ეს ყველამ ნათლად უნდა გაიგოთ, რადგან ეს იყო საკითხი, რომელიც წარსულ ეპოქებში ყველა ადამიანს ყველაზე მარტივად აბნევდა. გარდა ამისა, განკაცება ყველაზე იდუმალი რამაა და განკაცებული ღმერთი ადამიანისთვის ყველაზე რთული მისაღებია. ის, რასაც მე ვამბობ, ხელს უწყობს თქვენი ფუნქციის შესრულებას და განკაცების საიდუმლოს გაგებას. ყოველივე ეს დაკავშირებულია ღვთის მართვასთან, ხილვებთან. თქვენ მიერ ამის გაგება უფრო სასარგებლო იქნება ხილვების ანუ ღვთის მართვის საქმის შესახებ ცოდნის მისაღებად. ამგვარად, თქვენ ასევე ბევრს გაიგებთ იმ მოვალეობის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტიპის ადამიანებმა უნდა შეასრულონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები პირდაპირ არ გიჩვენებთ გზას, ისინი მაინც დიდ დახმარებას გაგიწევთ შესვლისას, რადგან თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებას მეტად აკლია ხილვები და ეს გახდება მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომელიც ხელს შეუშლის თქვენს შესვლას. თუ თქვენ არ შეგეძლებათ ამ საკითხების გაგება, მაშინ არ გექნებათ მოტივაცია თქვენი შესვლისთვის. და როგორ შეიძლება ასეთმა სწრაფვამ მოგცეთ საშუალება, ჯეროვნად შეასრულოთ თქვენი მოვალეობა?